შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვისფერი [1]


14-07-2015, 20:13
ავტორი რაც გიყვარს
ნანახია 1 726

1 თავი .

უზარმაზარი შენობის მძიმე, შუშის კარი გაჭირვებით შეაღო და ცხვირი მაშინვე აუწვა კედლებში გამჯდარი მედიკამენტების სუნმა. გრძელი კიდურები უღონოდ ჩამოყარა ქვემოთ და ქუთუთოები ძალიან ძლიერად დააჭირა ერთმანეთს. საკუთარ თავს აიძულა, რომ გარშემო მომხდარი არაფერი არ აღექვა და არ გაეაზრებინა. მოახერხა ... ყურებში წუილი გაძლიერდა და მიმღებში შეკრებილი პაციენტების ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ნაცნობების მოთქმა-გოდება თითქოს გადაფარა. მზერა დაებინდა და ვეღარც მათ ჩაწითლებულ თვალებს, დახოკილ პირისახესა და აკანკალებულ კიდურებს ჰკიდა თვალი. ესიამოვნა ... გამოსახულებები გაშავდა და გარემო სასიამოვნო ბურუსში ჩაიძირა. სახე დაეწმინდა, რამდენიმე წამის წინანდელი არეულობა თვალის დახამხამებაში გაქრა და დამშვიდდა. მზერაში სიცივე ჩაუდა. გაყინული თვალები იატაკს გაუშტერა და ყურადღება უზარმაზარ, გამჭვირვალე ფილებში არეკლილ საკუთარ გამოსახულებაზე გადაიტანა. შეეძლო დაეფიცა, რომ არ ესმოდა ... არც მიმღებში ატეხილი წივილ-კივილი სწვდებოდა მის ყურთასმენას და არც ტკივილისგან სახედამაჭული პაციენტების სასოწარკვეთილი ტირილი. ნინა გაიყინა. მის გარშემო ისევ წამოიმართა "გრძნობაგაუმტარი" გალავანი და ისიც დამშვიდდა, ვეღარაფერი განიცადა. გრძნობების კონტროლი არასდროს უჭირდა, საკუთარ თავს არ აძლევდა უფლებას, რომ სხვების მდგომარეობა გულთან ახლოს მიეშვა და მასაც სტკენოდა. ნინა "არ" გრძნობდა, "არ" განიცდიდა და "არ" თანაუგრძნობდა. სევდიანი ნაკვთები ჰქონდა პირველს, თითქოს გაგრძნობინებდა, რომ შენთან იყო, შენი ესმოდა, მაგრამ ახედავდით თუ არა მის ცივ, ლურჯ ისირებს, იფიქრებდით, რომ ასეთი თვალების პატრონს ,ალბათ, არავინ და არაფერი უყვარდა... ყოველთვის მოჰქონდა ცივი, სუსხიანი აურა ნინას და დიდ, ლურჯ თვალებში ვერასდროს შენიშნავდით რაღაც თანაგრძნობისმაგვარს. ქუჩაში წაქცეულს წამოაყენებდა, მაგრამ არ შეებრალებოდა ... წამოაყენებდა იმიტომ, რომ ასე უნდა მოქცეულიყო და ეს უნდა გაეკეთებინა, მაგრამ არ თანაუგრნობდა. მხოლოდ ერთხელ შეანათებდა გაყინულ თვალებს და გაუყვებოდა მერე, საკუთარ გზას.
-ნინა?! - მის ყურთასმენას ნაცნობი, მამაკაცის გადაღლილი, აშკარად ნანერვიულები ხმის ტემბრი მისწვდა და მისკენ მიმავალი, თეთრ ხალათში გამოწყობილი ნათლია დალანდა თუ არა, მთელი სხეულით შებრუნდა წელში ოდნავ მოხრილი მამაკაცისკენ - ნინა, მგონი მელანდები! - წამოიყვირა ექიმმა და აღარც დაუყოვნებია, მონატრებული ნათლული ერთი მარტივი მოძრაობით მოიქცია უზარმაზარ მკლავებში. გახარებული ჩანდა მამაკაცი, თვალებში სხივი ჩასდგომოდა და ისეთი თბილი მზერით დაშტერებოდა გოგონას, ნინა მიხვდა, ასე მარტივად რომ ვერ დაუსხლტებოდა ხელიდან კარგა ხნის უნახავ ნათლიას.
-როგორ ხარ, ნათლია?! - იკითხა სასხვათაშორისოდ და მზერა ხალხით სავსე მიმღებს მოავლო. ეს კაცი ძალიან უყვარდა, მაგრამ ახლა არ ჰქონდა მასთან საუბრისა და გულის გადაშლის განწყობა. უნდოდა მამა ენახა და იქაურობას სწრაფად გასცლოდა. არ გაუღიმია ნინას, საერთოდ არ ეცინებოდა და ვერც იმას ხვდებოდა, რატომ უცინოდა ნათლია ასე უმიზეზოდ.
-მე კარგად ვარ, ქალბატონო, იმდენი ხანია თვალით არ მინახიხარ, რომ თითქმის დამავიწყდა როგორი ხარ! - ხმის ტემბრს მხიარულების ნოტები შეჰმატა კაცმა და გოგონას თვალებში ჩააშტერდა. წააწყდა თუ არა ნინას ირისებს, სხეულში უჩვეულო სიცივემ დაუარა. ისევ ისეთი იყო პირველი, ისეთივე მშვიდი და უგრძნობი - მამას ელოდები, ხომ?! - ეცადა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა და გულდაწყვეტა სახეზე არ ასახვოდა. მას არ შეეძლო ნინასავით ეკონტროლებინა თითოეული გრძნობა. აფსოლიტურად გამჭვირვალე იყო მამაკაცი, რასაც განიცდიდა, ის ნათლად ესახებოდა ფერმკრთალ სახეზე. რამდენჯერ უნატრია ნათლულის შინაგანი სამყარო. უფრო თავისუფლად შეძლებდა საკუთარი მოვალეობის შესრულებას და თითოეულ ხელიდან გამოცლილ პაციენტსაც არ განიცდიდა ალბათ, ასე მძაფრად.
-ხო, სამზე დამიბარა, მაგრამ არსად ჩანს. - ისევ უინტერესოდ მოათვალიერა ნინამ უზარმაზარი საავადმყოფოს პირველი სართული ... ნათლიამისს წამიერად ეგონა, რომ გოგონა აქ მოვალეობის მოხდის მიზნით იყო მოსული და ოდნავაც არ დარდობდა საკუთარ ჯანმრთელობაზე.
-კახა ოპერაციაზეა, მე შესვენება მაქვს, კაფეტერიაში დავსხდეთ, ყავა დავლიოთ და ვისაუბროთ, მამაშენიც გათავისუფლდება მალე, ალბათ. - ნატრობდა მამაკაცი, რომ ნინას უარი არ ეთქვა და კაფეტერიაში შეჰყოლოდა, ძალიან უნდოდა ჰქონოდა გოგონასთან საუბრის საშუალება. წინასწარ პროგნოზს ვერ აკეთებდა, არ იცოდა დათქნხმდებოდა თუ არა ნინა, ვერც სახეზე ატყობდა ვერაფერს და მითუმეტეს, ვერც მის თვალებში ამოიკითხავდით რაიმეს. ბევრი არ უფიქრია პირველს, მიმღებშო ლოდინი ძალიან ღლიდა, ამიტომ ულაპარაკოდ აედევნა მისი გადაწყვეტილებით სახეგაბრწყინებულ ნათლიას. იცოდა, მამაკაცთან საუბარი რომ მოუწევდა და ეს ფაქტი საერთოდ არ ხიბლავდა, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა. ხალხი ყოველთვის ცდილობდა მის შინაგან სამყაროსთან მიახლოვებას, მასში ჩახედვას ... ნინას კი სწორედ ეს უქმნიდა ყველაზე დიდ დისკომფორტს. მსგავსი სახის პრობლემა, მხოლოდ და მხოლოდ მეგობრებთან ეხსნებოდა, იმტომ, რომ ყველამ შესანიშნავად იცოდა პირველის ხასიათი ... არც მასში ზედმეტად ჩახედვას ცდილობდა არავინ და არც ძალის დატანებას.
-კაპუჩინოს ხომ დალევ, ნინა?! - მაგიდასთან, კომფორტულად მოკალათებულ გოგონას ღიმილით გამოსძახა მამაკაცმა და მიიღო თუ არა დადებითი პასუხი, ყავის ჭიქებით ხელში გამოემართა მაგიდისკენ. ნატრობდა პირველი, რომ კახას ოპერაცია მალე დაემთავრებინა და მასაც მისცემოდა აქაურობის დატოვების საშუალება.
რამდენიმე წამში, მაგიდასთან მოკალათებული ნინა ულაპარაკოდ შეექცეოდა მისთვის განკუთვნილ კაპუჩინოს და ხედავდა, დროდადრო როგორ ცდილობდა მამაკაცი საუბრის წამოწყებას, მერე გადაიფიქრებდა და ისევ ხურავდა სასაუბროდ გახსნილ პირს.
-ხომ არ ღელავ?! - თვალები დააწვრილა ექიმმა და ნათლული შემფასებლური მზერით შეათვალიერა. პასუხი წინასწარ იცოდა .. არ განიცდიდა პირველი.
-არ ვღელავ. - მიიღო მოსალოდნელი პასუხი და კიდევ ერთხელ გაუცრუვდა ძლივს შეკოწიწებული იმედები. იმედები, რომლებიც ნინას მისთვის არ მიუცია. კოპებშეკრულმა დააყრდნო ნიკაპი გადაჯვარედინებულ თითებს და ყავის ჭიქას ისე ჩააშტერდა, პირველს ეგონა, რომ ნათლიამისი მკითხაობას აპირებდა.
-ოპერაციას საუკეთესო ქირურგები ჩაგიტარებენ, კახამ ექიმები თვითონ შეგირჩია. - შეიშმუშნა მამაკაცი - ოჯახის წევრების მკურნალობის უფლება არ გვაქვს, თორემ აუცილებლად ავიღებდით ოპერაციას საკუთარ თავზე, თუმცა, საშიში ახლაც არაფერია ...
-არ მეშინია, ნათლია. - დამაიმედებლად დაუქნია თავი ნინამ და ყავა მოსვა. უკვე მერამდენედ ამბობდა, რომ არ ეშინოდა, არ ნერვიულობდა, არ ღელავდა. მსგავსი შეკითხვა კიდევ ერთხელ რომ დაესვა მამაკაცს, ალბათ დაუფიქრებლად დატოვებდა იქაურობას პირველი.
-ვიცი, ნინა, ძალიან რთულია შენს ასაკში იმ აზრთან შეგუება, რომ შვილი არასდროს გეყოლება, მაგრამ დამიჯერე, ამასაც შეეჩვევი. - შუბლი ნერვიულად მოისრია ექიმმა და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა. თავდასხმა მოსალოდნელი იყო და ამას არც უარყოფდა.
-ამ თემაზე საუბარი არ მინდა, ნათლია, საშვილოსნოს ამომაჭრიან და მორჩება. - იმდენად უდარდელად ჩაილაპარაკა პირველმა, რომ კაცს ტვინში სისხლი ჩაექცა. ასე არ შეიძლებოდა, ასეთი არ უნდა ყოფილიყო ნინა, უნდა სტკენოდა, 19 წლის გოგონას უნდა განეცადა ის ამბავი, რომ დედა ვერასდროს გახდებოდა. ძალიან მოუნდა კაცს, რომ ნინასთვის "რაღაც" ოპერაცია ჩაეტარებინა, ისეთი, გრძნობებს რომ გამოიწვევდა ამ კაფანდარა გოგონაში და ისეთს გახდიდა, როგორიც რეალურად უნდა ყოფილიყო.
-ისევ ისეთი ხარ, ნინა. - იმხელა იმედგაცრუება იგრძნობოდა მამაკაცის ჩახლეჩილ, გაბზარულ ხმაში, რომ პირველმა ოდნავ შემკრთალმა ააგლიჯა მზერა მაგიდას და ნათლიას შეანათა - ისევ ისეთი ცივი. - ჩაიბურტყუნა უფრო თავისთვის, ვიდნე ნინას გასაგონად და კისერზე ნერვიულად მოიჭირა ორივე ხელი.
-ალბათ ეს დამანათლე, ნათლია. - იმდენად ცინიკური ეჩვენა ნინას ხმა, რომ სხეული ერთიანად აეწვა და მზერა დაუბინდა. უჩვეულო რამ იგრძნო მამაკაცმა, თითქოს დასრულდა, თითქოს აღარაფერს ჰქონდა აზრი და ამ უცნაური გრძნობით გატრუნული, ერთიანად გაიყინა. ნინა ეტკინა, მისი უშვილობა და გათიშული ემოციები ეტკინა - წავალ, მამა ალბათ უკვე გამოვიდოდა. - ადგილიდან ფრთხილად წამოდნა პირველი, მოღუშულ ნათლიას ლოყაზე დასამშვიდობებლად აკოცა და სხეულის ჰარმონიული რხევით დატოვა კაფეტერია. საუბარს აზრი აღარ ჰქონდა, დიალოგი აუცილებლად მივიდოდა ჩხუბამდე, ამიტომ იქაურობა უდაოდ დროულად დატოვა. აფსოლიტურად გასაგები იყო ნათლიამისის პოზიცია, მაგრამ საერთოდ არ სიამოვნებდა, როცა ვიღაც ასე გამალებით უფათურებდა ხელებს სულში, თუნდაც ეს "ვიღაც" ყველაზე საყვარელი ადამიანი ყოფილიყო. ისე ექცეოდნენ, თითქოს მისი ბრალი იყო, თითქოს მას არ უნდოდა, რომ ეგრძნო ...
გასული არ გახლდათ, კარებში მამას შეეფეთა და გაუხარდა, კიდევ დიდხანს რომ არ მოუწევდა საავადმყოფოში ყურყუტი. გახარებული ჩანდა კახა და ნინა უსიტყვოდ მიხვდა, ოპერაციამ შესანიშნავად რომ ჩაიარა. თითქმის ყოველდღე ესმოდა ღამის სამ საათზე შემოღებული კარის ხმა და საკუთარ საწოლში გატრუნული ნინაც იმ წამსვე იმუხტებოდა დედაბითი, ან უარყოფითი ემოციებით. ვერ ხვდებოდა საიდან, მაგრამ შემოდგამდა თუ არა ფერხს მამამისი, მაშინვე ხვდებოდა პირველი, როგორ ჩაიარა მთელმა დღემ.
-ჩემს კაბინეტში შევიდეთ მა, დეტალები გავარკვიოთ. - სახეგაბრწყინებულმა გაუღიმა ქალიშვილს, წვრილ მაჯაში ჩაავლო თლილი თითები და საკუთარ კაბინეტში, სავარძელზე ჩამოაჯინა გოგონა. შვილთან საუბარი ყოველთვის ძალიან უადვილდებოდა, შეგუებული იყო მის შინაგან სამყაროს, ხასიათს, შეგრძნებებს .. და არასდროს ცდილობდა იმაზე მეტის გაგებას, ვიდრე იცოდა - ოპერაცია ორ დღეში დაინიშნა, დილით, 11 საათზე მოვალთ, მოგამზადებენ და 1 საათზე დაიწყებენ. ოპერაციას მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ქირურგი ჩაგიტარებს, რეზიდენტებთან ერთად. - მამაკაცის ტონით თუ ვისმჯელებდით, აშკარად ეამაყებოდა ის ადამიანი, ვის ხელშიც ვარდებოდა პირველი.
-იმედია არ მომკლავს, ეს ჩვენი საუკეთესო ქირურგი. - გაეცინა ნინას და თავის უკმაყოფილო ქნევით დასწვდა კახას სამუშაო მაგიდაზე ჩამოდებულ წყლის ჭიქას. ძალიან უნდოდა, ოპერაცია მამამისს ჩაეტარებინა, მაგრამ სამწუხაროდ, არც იცოდა ვის ხელში ვარდებოდა და საერთოდ, რა ელოდა წინ.
-25 წლისაა და იმდენი მოახერხა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქირურგია. შენს ოპერაციას ჩემი თხოვნით ატარებს. ანდრია ბურდული, გაგონილიც გექნება ალბათ. ვიცი, რომ არ ნერვიულობ, მაგრამ მაინც გეტყვი, სანერვიულო არაფერია! - გლუვ კანზე ღიმილით ჩამოუსვა ხელი ნინას და განწყობა უფრო მეტად აუმაღლდა. უმცროსი ქალიშვილი გახლდათ ის, ვინც მუდმივად სჭირდებოდა. ნინა იყო სხვა განზომილება, მიუხედავად იმისა, რომ შვილებს , რა თქმა უნდა , არ არჩევდა ..
-კარგი. - სწრაფად დასერიოზულდა გოგონა და ფეხზე წამოდგა - ხომ იცი, როგორც შევთანხმდით, თამთამ და დედამ არაფერი არ უნდა გაიგონ. - იცოდა, ამის სასტიკი წინააღმდეგი რომ იყო კახა და ბოლომდე დარწმუნებული არ იყო იმაში, შეუნახავდა თუ არა მამა საიდუმლოს.
-მე ყველაფერი ვიცი, ნინა. - გაბზარული, მოკანკალე ხმის გაგონებისა, ელდანაცემმა შეატრიალა თავი და კარში გაჩხერილ დას რომ ჰკიდა თვალი, სიცივემ თხემიდან ტერფამდე დაუარა. თამთა იდგა, კოპებშეკრული და მიტკლისფერი. დას კიდევ აიტანდა, მაგრამ დედამისს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაეგო ოპერაციის ამბავი - შენი და მამას საუბარი მოვისმინე გუშინ ღამით და არ მესმის, ასეთ რამეს როგორ მალავთ. - აშკარად აღელვებული ჩანდა უფროსი და. ნერვიულად ხლართავდა თითებს ერთმანეთში და ისე ჩაშტერებოდა ნინას გაყინულ თვალებს, თითქოს იქიდან ცდილობდაო რაღაცის ამოკითხვას, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერაფერი ამოიკითხა. გუშინდელი ღამე თეთრად გაათენა ... როგორია, ასე მოულოდნელად გაიგო, რომ შენს დას რაღაც წანაზარდი აქვს ორგანიზმში და საქმე იმ დონემდეა მისული, რომ საშვილოსნო სასწრაფოდ უნდა ამოკვეთონ. შინაგანად დაიშალა თამთა, მაგრამ ნინას, რატომღაც ნერვიულობის კვალიც არ ეტყობოდა საოცრად ლამაზ, ოდნავ სევდიან ნაკვთებზე.
კახა ულაპარაკოდ მიხვდა, რომ გოგონები მარტო უნდა დაეტოვებინა ... საავადმყოფოს მძიმე ჰაერი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში და კაბინეტი დატოვა.
-ლიკას არაფერს ეტყვი. - მკაცრი იყო ნინას ხმა. უფროსს შეაჟრჟოლა და ათრთოლებული კიდურები ზურგს უკან დამალა. ლიკას უნდა სცოდნოდა, ამის სრული უფლება ჰქონდა ქალს და ამას ორივე შესანიშნავად ხვდებოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ასე მარტივად ვერ დაითანხმებდა ნინას.
-უფლება აქვს იცოდეს, რომ შვილიშვილი არასდროს ეყოლება! - ხმა გაებზარა თამთას და ერთიანად წაშლილი სახე ნინას გაყინულ თვალებს აარიდა. მზერა კედელზე ამოჩემებულ, შავ წერტილს გაუშტერა და კიდევ ერთხელ დაეშალა ორგანიზმი ნაკუწებად. ეს არ იყო ნორმალური, ნინა ამას არ იმსახურებდა!
-შენ რა, შინაბერობას აპირებ?! - გულწრფელად გაეცინა უმცროსს - თამთა, შენ მშვენივრად იცი ლიკას ხასიათი, ატეხავს ისტერიკებს და მიიღებს ინფაქტს. როცა დრო მოვა აუცილებლად გაიგებს, მაგრამ ახლა არა. - საერთოდ არ უნდოდა ნინას, რომ კარში გაჩხერილი, შეშინებული და უფრო მეტად დაეფრთხო, შეძლებისდაგვარად გაუღიმა და აიძულა, მისთვის თვალებში ჩაეხედა.
-ჩემთვის მაინც უნდა გეთქვა, ნინა. - კნავილს უფრო წააგავდა თამთას ხმა, ვიდრე მის ჩვეულ, მუდმივად საკუთარ თავში დარწმუნებულ ტემბრს, მტკივნეულად ეკუმშებოდა გული და გრძნობდა, როგორ უჭირდა მედიკამენტების სუნით გაჯერებული, მძიმე ჰაერის ფილტვებში ჩაშვება. წააწყდა თუ არა თამთა დის მუქ ლურჯ ირისებს, ისევ შეაჟრჟოლა და სახე კიდევ ერთხელ გაატრიალა - რატომ არ გესმის, რომ ჩემი უმცროს და ხარ და შენზე ვღელავ?!
-მესმის, მაგრამ არ მინდა იმაზე იდარდო, რასაც აღარაფერი ეშველება. - სიმკაცრე შეემატა უმცროსი დის ხავერდოვან ხმის ტემბრს. თამთას ძალიან მოუნდა, რომ ყველაფერი დედამისისთვის მოეყოლა, გულში ჩაკვროდა ლიკას და ოდნავი შვება მაინც ეგრძნო. ნინა მკაცრი ხმა არ აძლევდა მოდუნების შაშუალებას ...
-იმას მაინც თუ ხვდები, რომ რისკი დიდია?! - ძალიან ეცადა, უმცროსი დისთვის რაიმე სუსტი წერტილი მოეძებნა და გადაწყვიტა, ოპერაციის დროს არსებული რისკით მაინც აეღელვებინა ნინა, მაგრამ აშკარად მას უფრო შეეშინდა, ვიდრე უმცროსს. ისევ ისეთი იყო პირველი, ისეთივე ცივი და უემოციო ...
-რისკი ნებისმიერი ოპერაციის დროს არსებობს, თამთა.
-რომ მოკვდე, ნინა?! - მწყობრიდან გამოვიდა უფროსი - გამაგებინე, სისხლდენა რომ დაგეწყოს და რაიმე რომ დაგემართოს?! რატომ არ გესმის, რომ ეს სახუმარო საქმე არაა .. იცი რას ნიშნავს „სიკვდილი“, ნინა?! - ტონს აგრძნობლად უწევდა თამთა და აღარც მისი კიდურების კანკალი რჩებოდა უმცროსს შეუმჩნეველი - გამაგებინე, იცი ამ სიტყვის მნიშვნელობა?! - გონება დაებინდა გოგონას, ვერ იაზრებდა რას როშავდა და იმის მაგივრად, რომ ნინაში აღეძრა რაიმე ემოცია, პირიქით, საკუთარ თავს აშინებდა უფრო მეტად. იმ წამს ინატრა კიდეც დის შინაგანი სამყარო ჰქონოდა, ძალიან მოუნდა, თავი ისე მშვიდად ეგრძნო და არაფერი შეემჩნია, როგორც ამას ნინა აკეთებდა. ყელში გაჩხერილი, ცრემლების გორგალი გაჭირვებით დააბრუნა უკან და აკანკალებული თითები კისერზე მოიჭირა.
-სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა. - მშვიდად, აუღელვებლად, ჩვეული, ჰარმონიული ხმის ამოილაპარაკა უმცროსმა და ეცადა, დის სახეზე გამოხატული, უამრავი ემოცია ერთმანეთისგან გაერჩია. თამთა გაფითრდა ... არ შეეძლო, ქვის გული არ ჰქონია, ამდენის ატანა უბრალოდ არ შეეძლო. ქვედა ტუჩზე ისე ძლიერად იკბინა, სისხლი წასკდა და სახეზე ხელები აიფარა. მწყობრიდან გამოვიდა ... ნინას სიტყვები თითოეულ უჯრედში, ორგანიზმის ყველა კუთხე კუნჭულში ჩაულაგდა და გონებამ განგაშის ზარს შემოჰკრა. ეს არ იყო ნორმალური, ეს არაფერში არ ეწერა, ნინას უგულობას არ ჰქონდა საზღვარი.
-ყოველდღე ხედავ, როგორი გადაღლილი, დაქანცული მოდის მამა სახლში, ან გაბრწყინებული სახით, თუ პაციენტს რამით დაეხმარება და ვიღაცის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის, ან კი სახეწაშლილი და თვალებჩამქრალი, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ხელიდან გამოეცლება, საოპერაციო მაგიდაზე დაეღუპება და ყველაფერი დასრულდება. ნინა, აქ მოდიხარ, ხედავ, რა მდგომარეობაშია თითოეული პაციენტის მშობელი დედა, ცოლი, ან ქმარი, ან თუნდაც მეგობარი ... ხედავ, როგორ იღუპება ძვლის კიბოსგან 7 წლის გოგონა ... როგორ უკეთებენ მორფს 10 წლის ბავშვს ... როგორ აჭრიან ფეხს 17 წლის ბიჭს, რომლის ოცნებაც ფეხბურთელობაა და პალატის კუთხეში, ჩაჩუტული ბურთი მიუგდია. ხედავ, როგორ შემოჰყავთ მიმღებში დასახიჩრებული მამაკაცი, რომლის ამოცნობაც თითქმის შეუძლებელია ... და ნინა, შენ ფიქრობ, რომ სიკვდილის გზა ვარდისფერი გზაა, არა?! - საკუთარ თავს არ ჰგავდა თამთა და ნინას შეეძლო დაეფიცა, რომ უფროსი და ამ მდგომარეობაში არასდროს ენახა. ასე არასდროს გამოუყვანია მწყობრიდან, მიუხედავად იმისა, რომ კრიზისული პერიოდები საკმაოდ ხშირად ჰქონდათ. უმცროსი მიხვდა, ეს ოთახი რომ არ დაეტოვებია, აუცილებლად გახდებოდა დის „ნიანგის“ ცრემლების მომსწრე. არაფერი უთქვამს ნინას, არანაირი სანუგეშო სიტყვა, თბილი მზერა, მსგავსი არაფერი .. ულაპარაკოდ დაავლო ხელი კუთხეში მიგდებულ ჩანთას და სწრაფად დააღწია თავი სულისშემძვრელ ჩახუთულობას. ნინა არ იყო ეჩვეული ცრემლიან თამთას ... გოგონა სულ იღიმოდა, ხუმრობდა, გრძნობდა ყველაფერს, უყვარდა ყველა, თანაუგრძნობდა ყველას. თამთა იყო ისეთი შვილი, როგორსაც იმსახურებდა კახასა და ლიკას წყვილი. ოჯახი გახლდათ ზედმეტად თბილი და მზრუნველი ... მსგავს, აფსოლიტურ იდილიაში მურმანის ეკალივით ამოსულიყო ნინა, რომელიც ღმერთმა იცის, საიდან და როგორ ჩამოყალიბდა ისეთ ადამიანად, როგორიც იყო.

888

შუაღამისას, კედელზე უაზროდ მიშტერებულმა, ძილგატეხილმა ნინამ გარკვევით გაიგონა როგორ გაიღო სახლის უზარმაზარი, რკინის კარი და კახამ ფრთხილი ნაბიჯებით შემოაბიჯა სახლში. ნინას ლაპარაკი მოუნდა, ძალიან ... წამიერად მოენატრა მამა და ისეთი სისწრაფით წამოიჭრა საწოლიდან, რომ თავბრუ დაეხვა და კუთხეში ჩამოჯდა. იცოდა, ახლა უკვე დარწმუნებული იყო იმაში, რომ კახა მხარს დაუჭერდა და დროებით მაინც არაფერს ეტყოდა ლიკას. ფრთხილად გავიდა ნინა სამზარეულოში და სკამზე ჩამომჯდარ, მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ მამას ჰკიდა თვალი. მამაკაცს არ ჰქონდა მიტლისფერი, წაშლილი სახე, რის მიხედვითაც პირველი მიხვდა, რომ დღემ მხვერპლის გარეშე ჩაიარა.
-არ გძინავს,მა?! - დალანდა თუ არა კარში სასაცილოდ გაჩხერილი, უმცროსი ქალივილი, ბაგე ოდნავ გაეხსნა და სახე გაებადრა. გულის სიღრმეში ძალიან უნდოდა, რომ ნინა ოთახიდან გამოსულიყო და მასთან საუბრის საშუალება მისცემოდა.
-ვერ დავიძინე. - გაუღიმა პირველმა და მამას პირისპირ ჩამოუჯდა. მამაკაცი მომთხოვნი მზერით თუ ვიმსჯელებდით, აშკარად ლამობდა მასთან საუბარს და იმ მომენტში, ნინასაც უსაზღვროდ სჭირდებოდა ლაპარაკი - დღემ როგორ ჩაიარა?!
-შესანიშნავად, თუ შენი და შენი დის საუბარს არ ჩავთვლით, რომელიც მთელმა საავადმყოფომ მოისმინა და კიდევ იმას, რომ შენს წასვლას მოყვა თამთას გულამოსკვნილი ტირილი. - აუღელვებლად ამოილაპარაკა მამაკაცმა და წყალი მოსვა. ნინა მიხვდა, რომ კახა არ ბრაზობდა.
-ანუ, ყველამ გაიგო როგორ შეადარა გალაკტიონმა სიკვდილის გზა ვარდისფერ გზას და როგორ გავიმეორე მისი სიტყვები მე. - ოდნავ შეიშმუშნა ნინა და ატკივებულ ფილტვებში ჰაერი ღრმად ჩაუშვა. კახა უღიმოდა, აფსოლიტურად გაურკვეველი ემოციები იწვევდა მის ფერმკრთალ სახეზე ღიმილს.
-არაჩვეულებრივად იცი, რომ შენი განსხვავებული შინაგანი სამყარო უარყოფით ემოციებს აღვიძებს. - აფსოლიტური სიმართლე უთხრა კახამ და ნინას, რა თქმა უნდა, არ გაკვირვებია - ვერ შეგისწავლე, ნინა, 19წელია ჩემი შვილი ხარ და ვერაფერი გაგიგე. - მამაკაცის გულწრფელობამ გააღიმა უმცროსი პირველი - ხალხს ეხმარები, მაგრამ არ თანაუგრძნობ ... წაქცეულს წამოაყენებ, მაგრამ არ შეგებრალება ... მაინტერესებს ნინა, მართლა მაინტერესებს რა გიტრიალებს გონებაში, რაზე ფიქრობ, რას გრძნობ. არ ხარ გამჭვირვალე, არ გესახება ემოციები სახეზე, შენი თვალები არ არის სულის სარკე ნინა და ხალხს არ ესმის. მინდა, რომ გრძნობდე, მინდა, რომ უშვილობას განიცდიდე, სხვის ტკივილს შენად აღიქვამდე და დარდობდე.
-ვერ ვგრძნობ. - კბილებს შორის გამოსცრა პირველს - საკუთარ თავს ვაიძულებ, რომ არ განვიცადო. შემიძლია, რომ სადღაც, გულის კუნჭულში აღძრული თანაგრძნობა იქვე ჩავკლა და ისეთად დავრჩე, როგორიც ვარ. - აუღელვებლად საუბრობდა გოგონა და კახასაც უფრო ძლიერად ულაწუნებდა სახეში რეალობა - მინდა ისეთი ოპერაცია გავიკეთო, რაც ამ უნარს დამაკარგვინებს. - საკუთარი ფიქრების აფსურდულობამ გააცინა და მერე, ისევ დასერიოზულდა - მინდა, რომ ვიდარდო და საკუთარი უშვილობა მეტკინოს. გავიზრდები და არ იარსებებს ადამიანი, ვისთვისაც მე ვიქნები "დედა". მაგრამ არ მადარდებს ... მინდა განვიცდიდე, მაგრამ "არ" განვიცდი. ასეთად დავიბადე და საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ. - იმაზე გულწრფელი იყო ნინა, ვიდრე ოდესმე და კახა ხვდებოდა, რომ ეს არ იყო მისი ქალიშვილის ბრალი. არ ჰქონდა აზრი საუბარს, ახსნა-განმარტებებს, იმიტომ, რომ გოგონა ისედაც ულაპარაკოდ ხვდებოდა ყველაფერს. ნინას უნდა ეგრძნო, უნდა განეცადა, უნდა ჰქონოდა რაიმე ადამიანური და გვერდით უნდა ჰყოლოდნენ ადამიანები, რომლებიც არ ჩაუძვრებოდნენ სულში, არ აიძულებდნენ ... რომლების გააზრებული, თუ უნებლიე საქციელებით, მასში გამიწვევდნენ რაღაც ადამიანურს.
დაქანცულმა კახამ, სახე შვილის გრილ თმაში ჩარგო, შუბლზე ხმაურიანად აკოცა და აუჩქარებელი ნაბიჯებით გაემართა საკუთარი საძინებლისკენ. პირველი არ გატოკებულა, ცივი ზღვისფერები საკუთარი თითებისთვის გაეშტერებინა ... ნინას უნდა განეცადა, უნდა ეგრძნო და გულთან უნდა მიეტანა. გამოიღვიძებდა თუ არა მასში სულ მცირე, უმნიშვნელო შეგრძნება თანაგრძნობის, მაშინვე იღვიძებდნენ უცნაური ფერმენტები, რომლებიც გრძნობებს არ აძლევდნენ გაღვივების საშუალებას. ისევ ეყინებოდა თვალები და ისევ უცივდებოდა მზერა.
და მაინც, ნინას უნდა ეგრძნო . . .

-----------

გამარჯობა, ბავშვებო.
მოკლედ, პირველ რიგში მადლობა მათ, ვინც წაიკითხა. ახლა რაც შეეხება ისტორიას, ვიცი, რომ საოცრად უარყოფითია "ნინა" და ისიც ვიცი, რომ დადებით ემოციებს თქვენში არ აღძრავს და რა თქმა უნდა, ეს პერსონაჟი არც ჩემთანაა ახლოს, მაგრამ ისტორიის მიზანი ზუსტად ეს არის, რომ რაღაცნაირად შევცვალო და მოკლედ, დანარჩენს ნელ-ნელა იხილავთ.
ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ არც ისე უაყოფითად აღიქვამთ ნინას.



№1  offline წევრი პირველი

"პირველი" ყოველთვის განსაკუთრებულად მახარებს. love ჰოო, ახლა რაც შეეხება ქალბატონ ნინას, რთული ადამიანია ძალიან no მე ზოგადად ასეთი სხვანაირი პერონაჟები ყოველთვის უფრო მეტად მხიბლავს და მაინტრიგებს, ამიტომ უუუუუდიდესი სიამოვნებით ველოდები ამ ყველანაირად გამართულ ისტორიას!

 


№2  offline წევრი Drama Queen

Amaze nerviulobdi gogo?! Gagglijo shuaze modi aq! :D nina? Romor momewona shen ar ici! Da sulac ar migrdzvnia misdi antipatia, piriqit zedmetadac ki chamivarda gulshi eg aisbergi :D <3 aba shen ici, warmatebebi <3

 


№3  offline წევრი ლილიანა7

უფ, რა მაგარი და რა სასწაულია. love

 


№4  offline წევრი MIMI10

chemo gogoooooooo, ra dzalian magari xar ici?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent