შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომა - გრძნობების ტყვეობაში


22-07-2015, 16:21
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 2 993

სახლში მისული პირდაპირ ოთახში ავედი. არ მინდოდა არც ბატონი გიას და მით უმეტეს არც ჰარუს ნახვა. მეშინოდა, რომ თავს გავცემდი და ბიჭი ჩემს თვალებში წაიკითხავდა ყველაფერს. ბატონი გიასი კი უბრალოდ მერიდებოდა. საბედნიეროდ არც ერთს არაფერი არ უთქვამს. მამაკაცი მადლობელი იყო იმისათვის, რომ მისი ძმისშვილი უნივერსიტეტში დადიოდა, „ადამიანურად“ გამოიყურებოდა და მხიარულად ატარებდა სტუდენტურ დღეებს. ჰარუმ კი ჩემდა გასაკვირად იმაზე კარგად გამიცნო, ვიდრე მე მინდოდა და უკვე ხვდებოდა სად უნდა მოეთხოვა ჩემთვის პასუხები და სად მომშვებოდა. ამას კი ძალიან ვაფასებდი!
შემდეგი რამდენიმე დღე ძალიან მიჭირდა. შეძლებისდაგვარად ვუთვალთვალებდი ხარზიანს, მაგრამ არ მინდოდა მასთან შეხვედრა და ეს ძალიან ართულებდა ჩემს მისიას, რადგან ვცდილობდი თავი შორს დამეჭირა მისგან. ახლოს მისვლა, მასთან საუბარს ნიშნავდა, მე კი ჯერ არ ვიყავი მზად ამისათვის.
ოთხშაბათი დღე იყო. ნიკას ოფისის წინ ვიდექი და ველოდი როდის მოვიდოდა მისი ახალი ბიზნეს პარტნიორი შეხვედრაზე. ამის შესახებ ბიჭის დაცვისაგან გავიგე ბარში. დაცვა საერთოდ ძალიან საიმედო ინფორმაციის წყაროა. უბრალოდ უნდა იცოდე სად უყვართ მოდუნება და დროის გაყვანა. უკეთესი იქნებოდა ხარზიანის ოფისში შევპარულიყავი და მის კაბინეტთან მეთვალთვალა და წვიმაში არ დავსველებულიყავი და არ გავყინულიყავი გარეთ, მაგრამ სიამაყე და სირცხვილის გრძნობა კარგი მრჩეველები არ გამოდგნენ.
წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც ნიკას მცველებიდან ორი გამოვიდა შენობიდან და ძალიან შემეშინდა, როდესაც პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდნენ. აქეთ-იქიდან ამომიდგნენ და ძალით შემიყვანეს ოფისში.
ალბათ ძალიან კომიკურად გამოვიყურებოდი სველი, სიცივისაგან გალურჯებული ტუჩებით, გაბურძგნული და მოჩხუბარი, რადგან ჩემს დანახვაზე ნიკას სიცილი აუტყდა.
-რა გაცინებს?- ვკითხე გაბრაზებულმა და თვალები დავხარე. დიდი ხანია ასე არაკომფორტულად თავი არ მიგრძვნია. კიდევ კარგი მისი დაცვის ბიჭები მაშინვე გავიდნენ კაბინეტიდან.
-რატომ ხარ ყოველთვის ასეთი უხეში?- მკითხა ბიჭმა.
-რატომ მპასუხობ ყოველთვის კითხვაზე კითხვით?- ამაყად ავხედე ჩემს მწვალებელს და ვკითხე ისე.
-ასე უფრო მარტივია სულელური კითხვების იგნორირება,- არც დაფიქრებულა ისე მიპასუხა, მერე კი ხელის კვრით მაიძულა დივანზე დაჯდომა.
-რატომღაც საერთოდ არ მიკვირს,- შევუღრინე მე.
ბიჭმა ჩემი სიტყვები ამჯერად საერთოდ უკომენტაროდ დატოვა და მობილური ამოიღო. ვიღაცას დაურეკა, რომელმაც რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა.
-ჩემი სპორტულები მომიტანე მანქანიდან.
-...
-ჯაბა, ხომ იცი, არ მიყვარს როდესაც ორიჯერ მიწევს ერთი და იგივეს გამეორება.
-...
პასუხი მოისმინა და მაშინვე გათიშა ტელეფონი. ანუ დადებითი პასუხი მიიღო, რადგან მე შემომხედა და რატომღაც სახე გაუნათდა. რამდენიმე წუთი ასე ჩუმად ვუყურებდით ერთმანეთს. კარის გაღების ხმამ ცოტა შემაკრთო. კაბინეტში ჯაბა შემოვიდა და უკმაყოფილო სახით გაუწოდა ბიჭს პარკი. მე არც კი შევუმჩნევივარ.
-აი, შენი სპორტულები. არ გგონია, რომ სპორტისათვის შეუფერებელი დრო და ამინდია?
-არ გგონია, რომ შენი ტონია შეუფერებელი?- ისევ კითხვაზე კითხვით უპასუხა ნიკამ.
-ო, შენ ყველას ასე ელაპარაკები!- ჩამეცინა მე და ამით მივიქციე ჯაბას ყურადღება.
-აქ რას აკეთებს?- გაუკვირდა ბიჭს ჩემი დანახვა.
-ზის. შეგიძლია წახვიდე,- უთხრა ცოტა ცივად ნიკამ, მერე კი მე გამომიწოდა სპორტულები.
მე კითხვით სავსე მზერა შევანათე.
-გამოიცვალე, მთელი იატაკი დამისველე,- მითხრა და თვალი ჩამიკრა.
-არც ვიფიქრებ!- არ ვუღალატე ჩემს თავს და მის წინააღმდეგ წავედი.
-ჩემით გამოგიცვალო?- მკითხა სერიოზულად.
დამთხვეული! ავადმყოფი!
-შებრუნდი!- გამოვტაცე ხელიდან ტანსაცმელი და თვალები დავუბრიალე.
-რა არ მინახავს?- გაუკვირდა ნიკას. მადლობა უთხრას თავის სიმაღლეს, თორემ სიამოვნებით წამოვარტყამდი თავში ხელს ამ უაზრო გამონათქვამისათვის.
-რაზე საუბრობთ?- დაიბნა ჯაბა.
-არ შებრუნდებით?- ვიკითხე მე გაბრაზებულმა.
-ნიკა, კლიენტი მოვიდა, უნდა წავიდეთ,- ჩაახველა ჯაბამ. ბიჭი დაბნეული იყო და ვერაფერს ვერ ხვდებოდა.
-ახლავე წამოვალ, მძღოლს დავურეკავ მხოლოდ.
-რატომ?- ბიჭი კიდევ უფრო დაიბნა.
-ჩვენი წვიმის ფერია სახლში რომ წაიყვანოს,- ჩემდა გასაოცრად აუხსნა ნიკამ.
ამის მერე ბიჭები კაბინეტიდან გავიდნენ. მე ჩავიცვი და გავყევი კართან მომლოდინე დაცვას. არც გამკვირვებია, როდესაც უკითხავად მიმიყვანეს ბატონი გიას სახლთან.
ყველაზე ცუდი კი წინ მელოდა. იმდენად დაბნეული ვიყავი ნიკას ყურადღებით, სხვანაირად მის ქცევას ვერც დავარქმევ, რომ არც მიფიქრია, რომ ვინმე მაინც დამინახავდა და ამიტომაც დაუფიქრებლად გადმოვედი მანქანიდან. ჩემი ქცევის სისულელეს მივხვდი მაშინ, როდესაც ჰარუს გაოცებულ მზერას წავაწყდი.
ჯანდაბა!
ნიკას დაცვის წევრებს დავემშვიდობე (მაინც რატომ ვარ ასეთი ზრდილობიანი სულელი?) და ჰარუსკენ წავედი. მისი მზერისაგან გამაჟრჟოლა.
-ვინაა?- მკითხა ბიჭმა ცივად.
-არ იცნობ,- ვუთხარი შეძლებისდაგვარად მშვიდად.
-მაინც?
-ნიკოლოზ ხარზიანი.
-რა ურთიერთობა გაქვს ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ბიზნესმენთან? რომელსაც არც თუ ისე სუფთა სახელი აქვს გაცნობიერებულთათვის, სხვათა შორის,- შესანიშნავია, ანუ იცის ვინცაა. საინტერესოა საიდან იცის ჰარუმ ამდენი.
-გრძელი ისტორიაა,- იქნებ ამან მიშველოს? ამით ხშირად იშორებენ თავიდან მომაბეზრებელ დამკითხველებს.
-არა უშავს, დროც ბევრი გვაქვს. დღეს ბიძაჩემი არ მოვა. ქალაქგარეთაა, მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავს,- აიჩეჩა მხრები ჰარუმ და თავით კარისაკენ მანიშნა.
ანუ წინ გრძელი ღამე გველის.
წამით დავფიქრდი და მივხვდი, რომ არ მინდოდა ბიჭისათვის რაიმე დამემალა. სჯობდა მასაც სცოდნოდა ყველაფერი. ან დამეხმარება, ან ვაიძულებ გაჩუმდეს. რაიმეს მოვიფიქრებ. მთავარია, რომ ტყუილების თქმა აღარ მინდა. ოღონდ ჰარუსთან არა!
-ჩემს ოთახში ავიდეთ,- ვუთხარი მშვიდად და წინ წავედი. უხმოდ გამომყვა უკან.
მას მერე რაც ოთახში ავედით, მე ნებართვა ავიღე და აბაზანაში გავედი. უფრო მოხერხებული ტანსაცმელი ჩავიცვი, ცივი წყლით გავგრილდი და დავბრუნდი ოთახში.
ჰარუ მაგიდაზე იჯდა და ხელში ფილოსოფიის წიგნს ათამაშებდა.
-მზად ხარ?- მკითხა და გამიღიმა.
მე თავი დავუქნიე და საწოლზე დავჯექი.
-მოემზადე, იმისათვის რომ ყველაფერს მიხვდე, ძალიან შორიდან უნდა დავიწყო მოყოლა,- ბიჭმა მხოლოდ თავი დამიქნია.
-ყველაფერი იმ ღამეს დაიწყო, როდესაც მამა სამსახურიდან დაბრუნდა და თქვა, რომ ჯარის მეგობარს, მამუკა ხარზიანს შეხვდა...
არ ვიცი რამდენი ხანი დამჭირდა მოსაყოლად, მაგრამ მოვუყევი ყველაფერი. არ დამიმალავს ტკივილი, რომელიც შიგნიდან მღრღნიდა, არ დამიმალავს ის მცირედი სიხარული, რაც იშვიათად, მაგრამ მაინც იყო ჩემს ცხოვრებაში. მის წინ ბოლომდე გავიხსენი და არ დავიტოვე არანაირი ფარი, რომლის უკანაც დავიმალებოდი. ჩემი გული გადავუხსენი და ჩემამდე ისე ახლოს მოვუშვი, როგორც არავინ აქამდე.
და მიუხედავად ამ გულახდილობისა, იყო რაღაც, რაც ვერ გავუმხილე. ის, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა და ჩემი უცნაური გრძნობების შესახებ, რომლებსაც ჩემში ნიკა იწვევდა. ეს იყო ის, რაც არ მინდოდა ვინმეს მაინც სცოდნოდა. ეს მხოლოდ ჩემთვის იყო, რადგან ეს გრძნობები მამაჩემზე მეტად მაშინებდა და დედაჩემის ღალატზე მეტად მტკიოდა.
როდესაც თხრობა დავასრულე, ჰარუ ადგა, ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა. მერე კი უბრალოდ ლოგინზე გადაწვა და მეც თან წამიყოლა. ასე აღმოვჩნდი მის მკერდზე მიხუტებული. იმ წუთას ძალიან მჭირდებოდა სითბო და იმის შეგრძნება, რომ ვიღაცას ვჭირდები, ამიტომ წინააღმდეგობა არ გამიწევია. ასევე ჩამეძინა და არც გამღვიძებია მთელი ღამის განმავლობაში. პირველად მეძინა კოშმარების გარეშე.
მეორე დილას გამოძინებულს გამეღვიძა.
-დილა მშვიდობისა, მძინარე მზეთუნახავო,- თავზე მაკოცა ჰარუმ.
-დილა მშვიდობისა,- ვუთხარი მე და თვალები დავხუჭე მაგრად. ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავდა და არც დავიჯერებდი მომენტის რეალობას, რომ არა ბიჭის ხელების სითბო.
-ადგომის დროა,- მიჯიკა ოდნავ,- უნივერსიტეტში გვაგვიანდება.
-მე ვერ წამოვალ,- ვუთხარი და ავხედე. მზის სხივმა მომჭრა თვალი და ვერ დავინახე ბიჭის რეაქცია. მხოლოდ ვიგრძენი როგორ დაიჭიმა მისი სხეული. უცნაურია, გუშინ როგორი ცუდი ამინდი იყო, დღეს კი მზე კაშკაშებს. ზუსტად ისე, როგორც ჩემი განწყობა. თავს არაჩვეულებრივად მხნედ ვგრძნობდი.
-ის უნდა ნახო?- მკითხა ჰარუმ ყრუდ.
-კი,- დავუქნიე თავი. ჯერ კიდევ ვერ ვხედავდი მისი სახის გამომეტყველებას.
-მე გჭირდები?- მკითხა უკვე მშვიდად.
-ახლა არ შეგაწუხებ, მაგრამ ჰარუ,- ხელით შევეხე ლოყაზე,- ხომ ხვდები, რომ აუცილებლად მოვა დრო, როდესაც უშენოდ ვერაფერს გავაკეთებ? იქნები მაშინ ჩემს მხარეს? შემიძლია შენი იმედი მქონდეს?
ვხვდებოდი, რომ უკანასკნელი ეგოისტივით ვიქცეოდი, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. მარტო მე ვერაფერს გავაკეთებდი. უნდა მყოლოდა ვინმე, ვისი იმედიც მექნებოდა და თუ ფიზიკურად ვერა, მორალურად მაინც დამჭირდებოდა მხარში დგომა.
-რა თქმა უნდა,- ბიჭი დაიხარა და ამჯერად ნაზად შეეხო ჩემს ბაგეებს,- მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. რაც არ უნდა დაგჭირდეს, შეუძლებელს შევძლებ და დაგეხმარები. ერთი იცოდე, ახლა იმიტომ არ ვერევი, რომ ვგრძნობ არც ისე სერიოზულადაა საქმე. მაგრამ როგორც კი ვიგრძნობ, რომ დაშვებულ საზღვარს გადააბიჯებს ხარზიანი, საქმეში მე ჩავერევი და ჩემებურად გავუსწორდები ყველას, ვინც შენ გული გატკინა.
გაოცებული ვუყურებდი ჰარუს და გული საშინლად მიცემდა. პირველად ვიგრძენი რას ნიშნავს, როდესაც გიცავენ, როდესაც მარტო არ ხარ და ვიღაცას სჭირდები. ვიღაცისთვის სულ ერთი არაა შენი ბედი. მხოლოდ კესო მიცავდა აქამდე, ახლა კი... ჰარუ! მადლოერება მახრჩობდა და არ ვიცოდი რა მეთქვა.
-კატო, ერთ რამეს დამპირდი,- ბიჭი ჩემსკენ დაიხარა და მზის შუქი დაფარა. ამჯერად კარგად ვხედავდი მის თვალებს, რომლებმაც დამატყვევეს,- ყოველთვის ყველაფერს დეტალურად მომიყვები. არასოდეს მეტყვი ტყუილს. დამპირდი.
მე ხმის ამოღება ვერ შევძელი, ამიტომ მხოლოდ თავი დავუქნიე.
-კარგი გოგო,- გაეცინა ბიჭს და წამოდგა,- მე უნივერსიტეტში მივდივარ,- მითხრა და ჩემი ოთახი დატოვა.
დავრჩი მარტო, საკუთარ აზრებთან და გულთან, რომელიც ისე ცემდა, თითქოს ამოხტომას ლამობდა საგულედან. დრო მჭირდებოდა რათა გავრკვეულიყავი ჩემს გრძნობებში ჰარუს და ნიკას მიმართ. ჰარუსთან თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ის ლამაზი იყო, თბილი და მის გვერდით დაცული ვარ, აი ნიკა კი... ის სულ სხვანაირია, ცივი, უხეში, მასთან მუდამ დაძაბული ვარ, მაგრამ რატომ მიზიდავს ასე? ნუთუ გამოთქმა, რომ გოგოებს ცუდი ბიჭები მოსწონთ, მართალია? საკუთარი გრძნობების ტყვეობაში აღმოვჩნდი და არ ვიცი რა უნდა ჩემს გულს...
რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვიწექი, მერე კი წამოვხტი და სარკეში ჩავიხედე:
-ჰარუ, ვიცი გგონია, რომ ეს თამაშია და სერიოზულად არ აღიქვამ ჩემს საქციელს, მაგრამ დაგიმტკიცებ, რომ დაცვა არ მჭირდება და არც ისე სუსტი ვარ. მეც შემიძლია პასუხი ვაგებინო დამნაშავეებს, ვინც მე და ჩემი დაიკო ასე გაგვწირა. აი ნახავ!
ამ სიტყვების მერე გავემზადე და ხარზიანის ოფისთან მივედი. ვიცოდი, რომ ასე თუ ისე მაინც დამინახავდა, ამიტომაც თავი არ შევიწუხე დამალვით და კორპორაციის წინ, სკვერში სკამზე ჩამოვჯექი. დიდხანს მომიწია უსაქმურად ჯდომა, ამიტომ უკვე ლოდინისაგან დაღლილმა გარშემო ხალხის თვალიერება დავიწყე. სამუშაო და სასწავლო დღე იყო, ამიტომაც ხალხი ძალიან ცოტა იყო. ჩემგან მარცხნივ ახალგაზრდა დედა ასეირნებდა ჩვილს. ცოტა მოშორებით გოგონა და ბიჭი ისხდნენ და თბილად საუბრობდნენ, აშკარა იყო, რომ სკოლის მოსწავლეები იყვნენ და გაკვეთილებს აცდენდნენ. სკვერის შემოსასვლელში კი მამაკაცი იდგა. შავი შარვალი და მაისური ეცვა, სახეზე კი სამედიცინო ნიღაბი ჰქონდა აფარებული. ეს აქსესუარი ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა, თავს ასე იცავენ ვირუსებისაგან სკოლის მოსწავლეები, სტუდებტები, ფეხმძიმე დედები და მოხუცები, მაგრამ პირველად ვნახე მამაკაცზე. თან ძალიან საეჭვოდ იდგა, ნიკას ოფისის კარს არ აცილებდა მზერას. ნეტავ ეჭვიანი ქმარია? ან იქნებ ვინმეს საყვარელი. პფფ, უსაქმურობა სულ გამაგიჟებს მე. წიგნი მაინც უნდა წამომეღო.
ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც კორპორაციის კარი გაიღო და იქიდან ნიკა გამოვიდა რამდენიმე მამაკაცის თანხლებით. ისინი ღიმილით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. მძღოლმა მაშინვე გააჩერა მანქანა მათ წინ. ნიკას სტუმრები მანქანაში ჩასხდნენ და სწორედ მაშინ დავინახე როგორ წავიდა ნიღბიანი მამაკაცი მისკენ. და მაშინ, როდესაც ზურგის შექცევას ვაპირებდი, დავინახე როგორ ამოიღო უცნობმა დანა.
„არა! ოღონდ ნიკა არა!“
მხოლოდ ეს გავიფიქრე და მისკენ გავიქეცი. თითქოს შენელებული კადრებით ვხედავდი ყველაფერს.
აი, დანა ასწია უცნობმა, რათა ნიკასთვის დაერტყა. ხელი მოვკიდე, მოულოდნელობისაგან შეხტა და ჩემსკენ შემობრუნდა, მაგრამ დარტყმა ვეღარ გააჩერა და ვიგრძენი როგორ გამიჭრა კანი დანამ.
ალბათ ჰარუ გაბრაზდება როდესაც გაიგებს, რომ მივატოვე.
„არ გამიბრაზდე, ჰარუ“ - არ ვიცი ხმამაღლა ვთქვი, თუ გავიფიქრე...
მერე კი ყველაფერი გათეთრდა...



№1  offline წევრი Annee

კარგი ხაარ!!! მალე დადე რა ოღონდ! :(( <3

 


№2  offline წევრი HeeChul-ah

ხვალ დავდებ შემდეგ თავს. მადლობა რომ გახსოვთ და კითხულობთ
--------------------
Nico nico nii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent