შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნების მჭერი (2)


12-08-2015, 21:37
ნანახია 3 766

პანიკაში ჩავარდნილმა ვერც კი გაიაზრა, თუ რას ნიშნავდა ცხოველის ეს ქმედება. იგი სულაც არ აპირებდა გოგონასთვის რამის დაშავებას, მით უმეტეს, რომ თავისი პატრონი უახლოვდებოდა უკნიდან. დეას მალე წაუვიდოდა გული, რომ არა ძაღლის პატრონი, რომელმაც ცხოველს ყელზე მობმულ რგოლში ჩაავლო ხელი და უკან დაქაჩა. ჯავახიას მხრებმა თავისუფლება იგრძნო, მუხლებმა კი სისუსტე და გოგონა მიწაზე დავარდა.

***

ძაღლი მანქანაში შეკეტეს. მერეღა მივიდნენ ნატო და უცნობი დეასთან და წამოაყენეს. მუხლები უკანკალებდა და გახშირებით სუნთქავდა.
-როგორ ხარ? - ჰკითხა ანერვიულებულმა ნატომ და სახეზე ჩამოშლილი თმა ყურს უკან გადაუწია.
-არამიშავს. - ამოიკნავლა დეამ.
ღრმად ჩაისუნთა და ძაღლის პატრონს შეხედა. მანქანის ფარების შუქზე, კარგად გაარჩია მამაკაცის სახე. „ფორმიანი“ - გაიფიქრა ჯავახიამ. დარწმუნებული იყო, რომ ის უცნობი გახლდათ, ეკლესიაში რომ ნახა. ოღონდ ამჯერად ფორმა აღარ ეცვა. სწრაფად მოაშორა მზერა, რომ მიხვდა საკმარისზე მეტხანს უყურებდა მას და კაბა შეისწორა.
-ბოდიშს გიხდით ძაღლის გამო. - სამარისებულ სიჩუმეში კაცის ბოხი ხმა გაისმა. დეამ სუსტად გაიღიმა და მხრებში გასწორდა. თითქოს გადაუარა ნერვიულობამ და უკეთ გრძნობდა თავს. მზად იყო გზა გაეგრძელებინა.
-არაუშავს. ჩემი ბრალია, არ უნდა გავქცეულიყავი, მაგრამ ძალიან მეშინია ძაღლების და... - სწრაფად უთხრა და კიდევ ერთხელ შეხედა. სახე მოღრუბვლოდა მამაკაცს.
-წავედით? - დეას გადახედა ნატომ.
-კი,კი. კარგად იყავით. - უცნობს მიუბრუნდა დეა და ხელის დაქნევით დაემშვიდობა.
-წაგიყვანთ მე, თუ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ იქნებით, თანაც, მგონი ერთი გზა გვაქვს. - ფიქრებიდან გამოერკვა კაცი და გოგონებს დაუძახა.
-არა, არ არის საჭირო. დიდი მადლობა. - უპასუხა ნატომ. დეამ გულში დალოცა მეგობარი, მან რომ უპასუხა და თვითონ არ დასჭირდა ხმის ამოღება. ჯერ კიდევ არ გადაევლო ნერივიულობას ბოლომდე და იცოდა, რომ ხმა აუკანკალდებოდა.
-ძალიან გვიანია. - არ შეეპუა მამაკაცი და მათკენ დაიძრა, შორიდან რომ არ ელაპარაკათ.
-მერე რა, ეს ხომ ქალაქი არაა, ვინმემ რომ რამე დაგვიშავოს. - გაეცინა ნატოს.
-ჰმ. არც ჩემი ძაღლია ადამიანი, მაგრამ თქვენს მეგობარს კი ძალიან შეეშინდა. - წარბები შეკრა კაცმა და ზევიდან დააჩერდა გოგოებს.
-კარგი, რა გაეწყობა. წამოვალთ. - დასთანხმდა ბოლოს. ძალიან ეზარებოდა ფეხით სიარული და ასეთ შანსს ხელიდან ვერ გაუშვებდა, პირველი უარი კი ზრდილობის იყო. აბა იმერელი რის იმერელია, როდის იყო პირველივე შემოთავაზებაზე დასთანხმებულიყვნენ რამეს.
დეამ კი უჩქმიტა ერთი მაგრად ნატოს, ძალიანაც არ უნდოდა ახლა იმ მანქანაში ჩაჯდომა, სადაც უშველებელი ძაღლი იყო და მასთან ერთად მგზავრობა, მაგრამ ვეღარაფერს გახდა. ნატოს მუწია ძაღლის გვერდით მოკალათება, დეა კი წინა სავარძელზე დაჯდა - მძღოლის გვერდით. რამდენჯერმე ჩუმად გააპარა უცნობისკენ მზერა, თუ უცნობი ეწოდებოდა კიდევ მას. მართალია, სახელიც კი არ იცოდა მისი, მაგრამ მეორედ შეხვდა უკვე.
უხმოდ მგზავრობდნენ. ნატო ძაღლს ეფერებოდა და შიგადაშიგ რაღაცას წამოიყვირებდა ხოლმე.
-რა ჰქვია თქვენს ძაღლს? - სიჩუმე დაარღვია ბოლოს.
-კიბა.
-კიბა? -წამოიძახა გაკვირვებულმა. - პირველად მესმის ეს სახელი.
კაცს აღარაფერი უთქვამს. მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა, სოფელში რომ შედიოდნენ.
-თქვენი აღსაზრდელი როგორაა? ისევ გაბრაზებთ? - ტუჩის კუთხე ჩატეხა და ოდნავ გაღიმებულმა დეას შეხედა. არ ელოდა გოგონა, თუ საერთოდ ჰკითხავდა მასზე და თავიდან დაიბნა, ვერ მოისაზრა პასუხი რომ უნდა გაეცა.
-აჰ, რავიცი, კარგად. ტაქტიკა შევცვალე. - ღიმილით უპასუხა ჯავახიამ.
-ჰო?! ძალიან კარგი. - მგონი თავისთვის უფრო ჩაილაპარაკა კაცმა, ვიდრე დეას გასაგონად.
თავიანთ სახლთან მისულებმა გააჩერებინეს მანქანა. მადლობა გადაუხადეს და ჩამოვიდნენ. ნატო აღფრთოვანებას ვერ მალავდა, პატრონიც კარგი ვინმეა, მაგრამ ძაღლი სულ მთლად საყვარელიაო.
„ჰმ, უკვე მეორედ შევხვდი და მისი სახელი მაინც არ ვიცი. ნეტავ, აქაურია?“, ნატოს საუბარს ყურადღებას არ აქცევდა ჯავახია, ფიქრებში იყო გართული. ცოტა გაოცებულიც კი იყო მამაკაცის თავაზიანობით, ოფიციალური მიმართვით და კიდევ.. მისი დუმილით.
„აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის შევხვდი მისნაირ პიროვნებას. საერთოდ არაა მომაბეზრებელი ტიპი, არადა რამდენი მის ადგილას უკვე მასთან ლაპარაკის სურვილსაც დაგიკარგავდა“.
-შენ რა, არ მისმენ? - გაკვირვებულმა და ნაწყენმა წამოიძახა ნატომ.
-ჰო..ისა..არა. - დარცხვენბილმა ჩაილაპარაკა.
-ჰმ, კარგი. ღამემშვიდობისა. - სწრაფად დაემშვიდობა მეგობარი და თავისი ეზოს ჭიშკარი შეაღო.
რამდენიმე წუთს იდგა გახევებული დეა გზაში. ვერ გამოერკვა, თუ რა ხდებოდა.
„ნეტავ, ეწყინა რამე?“ - ტუჩი მოიკვნიტა და ნატოს სახლს გახედა. უნდოდა შესულიყო მასთან და ეკითხა, თუ რა მოხდა, მაგრამ გადაიფიქრა. ეზო გადაკვეთა და ფრთხილად შეაღო სახლის კარი. შუქი აანთო მისაღებში. ნინელის ოთახიდან სინათლე გამოდიოდა.
„ეძინოს რა, ეძინოს“. - ბუტბუტებდა თავისთვის და ნელ-ნელა მიიპარებოდა მეორე სართულზე ასასვლელი კიბეებისკენ.
-დეა! - მოესმა ნინელის ხმა.
უპპს! გაბრაზებულია?!
-დიახ. - ყოყმანით უპასუხა და კიბის პირველ საფეხურზე ასულმა უკან დაიხია.
-აქ მოდი! - მკაცრ ტონს ინარჩუნებდა ქალი.
კედელზე დაკიდებულ პატარა სარკეში შეათვალიერა თავისი თავი გოგონამ. გაწეწილი თმა ჩამოივარცხნა და სახეზე დაისვა ხელი. არ უნდოდა ნინელის გაღიზიანება ან ეჭვი გამოეწვია.
-ვინ მოგიყვანა? - ისე ჰკითხა ქალმა, რომ საბას ტანსაცმელის დაკეცვა არ შეუწყვეტია.
-ამ..არვიცი. - მხრები აიჩეჩა დეამ.
-არ იცი?- თვალები გაუფართოვდა ქალს. ჯავახიამ თითები ერთმანეთში ახლართა, არ უნდა ეთქვა ეს, ახლა მართლა დაეჭვდა ქალი.
-დიახ. ნატო იცნობდა, მე - არა. - უცებ გამოასწორა სიტუაცია. ნინელიმ სათვალე, რომელიც რამდენიმე წამის წინ მოიხსნა, ისევ გაიკეთა. ალბათ, დაუჯერა დეას.
-კარგი. ღამე მშვიდობისა. - ცივად დაემშვიდობა ქალი.

ძილის წინ კიდევ გაახსენდა ის შიში, ძაღლის სიახლოვისას რომ განიცადა და ვერ დაიძინა. დიდხანს უყურებდა ღია ფანჯრიდან ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას.
მთვარე ისევ არსად ჩანდა.

***
ისევ ის მცხუნვარე, მზიანი დღეები და გადაყვითლებული მინდვრები. ყველაფრის ხალისი დაკარგვოდა ხალხს. პარასკევი იყო. 13 ივლისი.
დილიდანვე უხასიათოდ იყო დეა. მართალია,საბა ისე ძალიან აღარ ეჯიუტებოდა, როგორც ადრე, მაგრამ დილით გაჭირვეულდა და არაფრით შეჭამა საჭმელი. ბებიამისი გაგიჟდა ლამის. რაღაც სჭირს უეჭველიო, იძახდა. აბა ჩემი სასახელო აჯაფსანდალი რა დასაწუნებელიაო. დეას და საბას ეცონებოდათ. ბადრიჟანს მოხარშვა აკლდა, მარილი კი საკმარისზე მეტი კიარა, კიდევ უფრო მეტი ჰქონდა. თავმოყვარე ცხოველიც კი არ შეჭამდა იმ საჭმელს.
ნინელი გადაირია. აყვირდა. ჯავახიას ნერვები მოეშალა მის ღრიალზე. საბას ხელი დაავლო და მაღაზიაში მივდივართო, ეზოში გასულმა დაუძახა.
სიცილით გაუყვნენ გზას. მაღაზია არც თუ ისე შორს იყო მათი სახლიდან. ღიმილით ესალმებოდა დეა გზაში შემხვედრ მეზობლებს. ბევრს არ იცნობდა, მაგრამ ზრდილობის საკითხი იყო, თანაც ნინელის ეტყოდნენ, შენი შვილიშვილის ძიძა არ გვკადრულობსო და მთელი ამბები.
-დეა! დეა! - ნაცნობი ხმა შემოესმა უკნიდან და მისკენ მიბრუნდა. ირმა იყო, ქოშინით მორბოდა ჯავახიასკენ.
-დილამშვიდობისა. - ამოიქშინა გოგონამ. -როგორ ხართ? - ღიმილით გადახედა სახემოჭყანულ საბას, რომელსაც ქუდის დაფარება დავიწყებოდა და მზე თვალებში აჭყიტებდა.
-არაგვიშავს, შენ როგორ ხარ?
-მე კარგად. გუშინ მშვიდობით დაბრუნდით?
-ვიღაცის ძაღლმა რომ შემაშინა, მაგას თუ არ ჩავთვლით, სერთო ჯამში კი.
-ძაღლმა როგორ შეგაშინა, გოგო, ნუ გადამრიე. - დასაცინა ირმამ. -მოკლედ, რისი თქმა მინდოდა ახლა, საღამოს ჩემთან გეპატიჟები. ჩემი დის დაბადების დღეა და სუფრას ვაკეთებთ. უცხო არავინ იქნება, ნუ გაქვს ასეთი სახე, მხოლოდ უბნელები იქნებიან.
-რავიცი, ვნახოთ.. გააჩნია როგორ ხასიათზე ვიქნები. - სახეზე ღიმილმა გადაურბინა დეას.
-შენს ხასიათზე ვერ ვივლი მე! გელოდები იცოდე და აუცილებლად მოდი. -სწრაფად მიაძახა ირმამ და ისევ სახლისკენ გაიქცა.
უხმოდ გავლეს დარჩენილი გზა მაღაზიამდე. ნაყინი და ჩიფსები იყიდეს. დამშეულები იყვნენ და სულაც არ უნდოდათ ნაყინით დანაყრება, მაგრამ ნინელის გაკეთებული აჯაფსანდალის ჭამას, ისევ ეს ერჩივნათ, ან თუნდაც შიმშილი.
სახლში მისულმა საბას გასაბერი აუზი წყლით გაავსო და რადგან საკმაოდ დიდი იყო, თვითონაც ჩაწვა. რა ექნა, ცხელოდა ძალიან და სულაც არ სურდა, რომ მთელი ზაფხული სიცხეში სულის ამოხუთვამდე მისული ყოფილიყო. თანაც აუზი სახლის უკან გაშალეს, არავის რომ არ დაენახა და დეასაც სირცხვილის პრობლემა მოეხსნა. ბავშვივით ეთამაშებოდა აღსაზრდელს. ერთმანეთს აწვალებდნენ, ხან ერთი შეასხამდა წყალს სახეში, ხან მეორე. მერე ჩაყვინტავდნენ, რომელი უფრო დიდხანს გაჩერდება წყალშიო. კარგად გაერთნენ. ნინელი ფანჯრიდან უყურებდა მოკისკისე დეასა და საბას, თვითონაც იღიმოდა. ეს კი საოცარი რამ გახლდათ. საოცარი და იშვიათზე იშვიათი მოვლენა. შეიძლება ვერც შეხვედროდით ადამიანს, ქალის ღიმილი რომ დანახული ჰქონოდა.
აუზიდან ამოსულმა სარაფანი გადაიცვა, საბა პირსახოცში გაახვია და მის ოტახში აიყვანა. სასიამოვნოდ დაღლილს, არც გაუპროტესტებია რომ აძინებდნენ. ცოტა ხანში კი ორივეს პატარა გაფრინდაშვილის საწოლში ეძინა. ჯავახიას სველი ტანსაცმელი ტანზე შეაშრა.

***
სწრაფად გაიარა ირმას სახლის წინ, არ უნდოდა მისი ოჯახის წევრებს რომ შეემჩნიათ, რადგან ამ შემთხვევაში მაღაზიამდე მიღწევას ვერ მოახერხებდა, არადა ხელცრიელი ხომ ვერ მივიდოდა. ბოლოს და ბოლოს, დაბადების დღე ჰქონდა ბავშვს.
სოფლის მაღაზიაში ვერაფერს ნახავდით ისეთს, სასურველი რომ იქნებოდა 14 წლის გოგოსთვის, მაგრამ რამე ხომ მაინც უნდა ეყიდა. ბოლოს კედლის საათი იყიდა. წითელი იყო და სხვა რაღავებთან შედარებით უფრო უნდა მოსწონებოდა იუბილარს. ლამაზ პარკში ჩადო და მალევე მიაღწია ირმას სახლამდე. ეზოში რამდენიმე კაცს მოეყარა თავი. ესაა უცხო არავინ იქნებაო?! უხერხულად გრძნობდა თავს დეა, მაგრამ რადგან მათ სახლამდე მივიდა, ახლა უხერხული იქნებოდა უკან გაბრუნება. ძლივს მიაწვდინა ხმა ირმას დედას და გარეთ გამოვიდნენ. მიკითხვა-მიკითხვის შემდეგ, იუბილარს მიულოცა, საათი აჩუქა და ბოლოს უკვე გაშლილ სუფრასთან დასვეს ჯავახია. ირმას დის, ნესტანის მეგობრები ჩანდნენ მხოლოდ და მხოლოდ ოთახში. გულზე მოეშვა, ამათთან კიდე არაუშავდა რა, ბავშვები იყვნენ. თავისმა მეგობარმა დეასთან სალაპარაკოდ ვერ მოიცალა, წინ და უკან დარბოდა და ცხელ-ცხელ კერძებს ამატებდა სუფრას. ეცინებოდა ჯავახიას, წამაუწუმ უმეორებდა აქამდე მილიონჯერ გაგონლ ფრაზას: „ვის ოჯახშიც შენ შეხვალ,არ ეშველებაო?!“, ირმაც სიცილით დაუკრავდა ხოლმე თავს, აბა ჩემს უეკეთესს ვის იპოვნის, ვინც არ უნდა იყოსო.
რამდენიმე შეემატა კიდევ სუფრას. ნატო და თამთა რომ მოვიდნენ. სიხარულით ტაში შემოკრა. ბოლოს ოჯახის წევრებიც მიუსხდნენ სუფრას და ქეიფი გაჩაღდა.
მორცხვად იჯდა დეა, მიუხედავად იმისა, რომ გვერდით მეგობრები ესხდნენ. მაინც უცხოდ გრძნობდა თავს ამ ოჯახში, მით უმეტეს, რომ ირმას ნათესავებიც მოსულიყვნენ, რომლებსაც ნამდვილად არ იცნობდა.
სხვა რა უნდოდათ და კონიაკის ბოთლი დაიდგეს წინ. თქვენი ხმა არ გავიგო, ყველა დალევთ იცოდეთო, - განაცხადა ირმამ ხმამაღლა და ჭიქები შეავსო. უცხო იფიქრებდა ალბათ, ლოთები არიან ეს ახალგაზრდა გოგოებიო, მაგრამ სინამდვილეში ასე სულაც არ იყო.
„ნაადრევი და ზომიერი ყველაფერი კარგიაო“ - სიცილით ჩაუკრა თვალი გოგოებს ირმას ბებიამ და მათაც აღრაფერი აბრკოლებდათ.
„ბოლომდე, ბოლომდე“ -ამხნევებდნენ დეას მეგობრები და მასაც სხვა გზა აღარ ჰქონდა, ბოლომდე ჩაცალა კონიაკით სავსე ჭიქა. მერე ამოიხვნეშა. ხვდებოდა, რომ კიდევ ცოტას თუ დალევდა, სერიოზულად დათვრებოდა, მერე კი სახლში იყო წასასვლელი, იქ ნინელი დახვდებოდა...
ოპ,ოპ. კიდევ დალევა ცუდი კი არა საშინელი აზრი იქნებოდა, მაგრამ გოგოები მაინც არ ეშვებოდნენ.
კარები ხმაურით შემოაღეს და ყველა ხმის მიმართულებით გაიხედა. ოთახში ორი მაღალი ფიგურა შემოვიდა. დეას ნაპირში იჯდა, ამიტომ კარგად ვერ ხედავდა სილუეტებს. დიდად არც აინტერესებდა. გემრიელად მიირთმევდა ირმას დედის გაკეთებულ ნამცხვარს. ხმაურით შეეგებნენ სუფრასთან მსხდომებიც. ოჯახის უფროსობა ფეხზე წამოიშალა და ადგილები გაათავისუფლეს მოსულთათვის. დიასახლისმა ორი თეფში მოიტანა და ცარიელ ადგილას დადო, დეასა და მისი მეგობრების წინ. სუფრასთან რომ დასხდნენ, მერე დაინახა სტუმრები. ერთს არ იცნობდა, მეორე კი ის ფორმიანი იყო, ჯერ რომ ეკლესიაში შეხვდა და მერე მისმა ძაღლმა დააფეთა.
ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ამის გახსენებაზე. ისევ სტრესში იყო იმ ამბის მერე. ნატომ გაკვირვებულმა გადახედა ჯავახიას, როგორც ჩანს, არც ის ელოდა მამაკაცის აქ გამოჩენას.
-ესენი ჩემი დის მეგობრები არიან: თამთა, ნატო და დეა. - ნაცნობი უცნობის გვერდით მყოფმა გააცნო გოგონები.
მიხვდნენ, რომ ის მეორე ირმას ძმა იყო.
-ეს ჩემი თანამშრომელი და მეგობარია. - თავი გადააქნია ირმას ძმამ.
-თარაშ ჯაყელი. - თავის დაკვრით გაეცნო გოგოებს უცნობი, აწ ხსენებული თარაშ ჯაყელი.
თარაში?! ნატოს და თამთას გაეღიმათ, ეს კი თავშეკავებულ სიცილს უფრო ჰგავდა. ალბათ, სახელზე, აბა სხვა რა იყო სასაცილო?!
-სახელი „თარაში“ მხოლოდ წიგნში მაქვს წაკითხული. ალბათ, თქვენს მშობლებს მოსწონდათ თარაშ ემხვარი?! - სასმელმა გაბედულობა შემატა დეას და მამაკაცს გამოელაპარაკა. თარაშს გაეღიმა, თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
-ჩემს მშობლებზე მეტად ბებია-ბაბუა იყვნენ მისით მოხიბლულები. - მამაკაცის ხმის ტემბრმა ჰაერი გაკვეთა და სასიამოვნოდ მოელამუნა ჯავახიას სმენას.
გადაწყვიტა, რომ მეტს არ დალევთა, თორემ ეშინოდა რამე სისულელე არ წამოსცდენობა სიმთვრალის დროს. რისიც მერე შერცხვებოდა. მტკიცე უარი განაცხადა კიდევ ერთ ჭიქა სასმელზე და ნამცხვარს მიუბრუნდა.
-შენს მეგობარს რომ აცნობ დეას, განა შენ გიცნობს? - სიცილით ჰკითხა ირმამ თავის ძმას. - დეა, ჩემი ძმა - თემური, თემო. როგორც გინდოდეს, ისე დაუძახე.
დეამ საპასუხოდ მხოლოდ ოდნავ ასწია თავი და გაიღიმა. მერე ისევ თავის თეფშს მიუბრუნდა. ეუხერხულებოდა უცხო ხალხთან თავისუფლად ლაპარაკი.
ირმას ოჯახის წევრები დალევას აძალებდნენ ჯაყელს. აბა იმერმელი რის იმერლები არიან?! თავის დაფასებაც უყვართ და დაძალებაც იციან, თუ მართლა სურთ სტუმარს გაუმასპინძლდნენ, თუ არა და ერთი-ორი შეთავაზება ზრდილობის გულისთვის და ეგაა.
თარაშიც მტკიცე უარზე იდგა. დალევის მოყვარული არ გახლავართო. მერე, რომ არ მოეშვნენ, იუბილარი დალოცა და მეტი აღარც დაულევია.
„ვაიმე, რა სირცხვილია. კაცმა დალევაზე უარი თქვა, ერთი ჭიქა ძლივს დაალევინეს და მე რა კარგი მსმელივით ჩავცალე ეს ჭიქები?!“ - ფიქრობდა დეა ჯაყელის ქმედებებზე დაკვირვების დროს.
შავი მაისური ეცვა კაცს, რომელიც ისედაც შავ თმასა და თვალებს კიდევ უფრო მკეთრ სიშავეს სძენდა. ყურადღებით აკვირდებოდა ჯავახია მას, თუმცა შერჩენოდა საღი აზრი და ხვდებოდა, რომ უზრდელობა იყო ეს, მით უმეტეს, თუ შეამჩნევდა სხვა, თვითონ თარაში რომ საერთოდ. სირცხვილით მიწაში ჩაძვრებოდა მერე ალბათ.
„თარაში, თარაში... რა უცნაურია, არ მეგონა კიდევ თუ ვინმეს ერქმეოდა ეს სახელი. გამსახურდიას გავლენა რომ უნდა ყოფილიყო, ამაში ორი აზრი არ არის. აბა ისე საიდან მოაფიქრდებოდათ?! თარაშ ჯაყელი - რა კარგად ჟღერს. თან, რა კარგი ვინმეა.“ - დეამ საკუთარი თავი რომ გამოიჭირა მასზე ფიქრებში, სახეზე წამოწითლდა და სკამზე მოიბუზა. მერე დახუთულობის გამო, შეუძლოდ იგრძნო თავი, თანაც, ალბათ სასმელმა თავისი ქნა და ეზოში გასვლა დააპირა.
-ცუდად ხარ, შვილო? - ფეხზე წამოდგა ირმას დედა და გარეთ გაჰყვა.
-არა, უბრალოდ ძალიან დამცხა. - გამამხნევებლად გაუღიმა ჯავახიამ. მარწუხებივით უჭერდა მხარზე მოხვეული ხელები და ერთი სული ჰქონდა როდის გაუშვებდა ქალი.
-კარგი, თუ რამე დაგჭირდეს, დაგვიძახე. ანდაც.. ვეტყვი რომელიმეს და გამოვა.
-არა, არაა საჭირო. მარტო ყოფნა მირჩევნია. - ძლივს ამოღერღა.
ის-ის იყო ქალი სახლში შებრუნდა, დეამ აბაზანის კარს მოკრა თვალი, რომელიც აივანზე იყო. სწრაფად მივიდა და შეიხედა, შვებით ამოისუნთქა უნიტაზიც რომ დაინახა, კარი საიმედოდ ჩაკეტა და გული აერია.
შვება იგრძნო. უნიტაზი ჩარეცხა. წყალი გამოივლო პირში და აშკარად უკეთ მყოფი გავიდა ეზოში. ხის ჩრდილში დაჯდა, მიწაზე. თავი ხეს მიაყრდნო და თვალები დახუჭა.
საღამო იყო და ისე ძალიან აღარ ცხელოდა, როგორც დღის საათებში. სიო ოდნავ უბერავდა. სახეზე ჩამოშლილი თმა შეიკრა და თავი უკან გადასწია, ყელზე რომ ეგრძნო სიგრილე. მალევე გადაუარა ცუდად ყოფნამ და სახლში შებრუნდა. აღარ ესიამოვნა ოთახში დაგუბებული მძიმე ჰაერი, ოფლის სუნად რომ გაჟღენთილიყო, მაგრამ რაღას იზამდა. ეუხერხულებოდა წასვლა, თავისი მეგობრები კი როდის მოიფიქრებდნენ წავლას, ღმერთი უწყიდა.
-რა გაფითრებული ხარ, გოგო, რა იყო. - უკმაყოფილოდ შეათვალიერა ირმამ.
-შენ მაინც დამანებე თავი, ნინელი არ მყოფნის თუ?! - უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები და მისკენ მომზირალ თარაშს გაუღიმა.
-რას უპაჭუნებ თვალებს, მოგეწონა? - მოგუდული სიცილით ჩასჩურჩულა მეგობარმა და მხარი გაჰკრა.
-რას ბოდავ. - თვალები დაუქაჩა დეამ და ფეხზე უჩქმიტა.
-მოდი ახლა ჩვენს სტუმრებს დავლოცავ. პატარებო, ჩემი ნესტანის კლასელებო, ირმას მეგობრებო და თემოს ამხანაგო, თქვენ დაგლოცავთ, შვილებო. გაიხარეთ, იბედნიერეთ და იდღეგრძელეთ! - ომახიანად საუბრობდა ირმას მამა, ჩაფსკვნილი, ღიპიანი და ულვაშიანი კაცი. - ჯერ რომ სწავლა-განათლებაა მთავარი, იცით თქვენ ეს, მერე კარგი ბედი და იღბალი, ჩემო კარგებო. აბა ისე როგორ, რა არის ადამიანის სიცოცხლე, თუ შთამომავლობა არ დატოვა?! ვიცი მე თქვენი ამბავი, არ მოგწონთ ახალგაზრდებს ოჯახის შექმნა, ვითომ მერე კარიერას ვეღარ მივხედავო, მაგრამ არა! მთავარია ოჯახი, ეს დაიმახსოვრეთ! რა თავში სახლელად გინდათ კარგი სამსახური და ხელფასი, თუ ვინმეს არ მოახმარეთ? ა, აგერ, ჩემი შვილი, თემური, ვერაფრით გადავაწყვეტინე ცოლის მოყვანა. არადა 29 წლისაა, სახუმარო ასაკიც აღარ არის ეს. თუნდაც შენ, თარაშ, სიცილს გირჩევნოდეს დაოჯახებაზე იფიქრო, აღარ ხართ თქვენ ბავშვები. თქვენი ტოლი რომ ვიყავი, თემური და ირმა მყავდა უკვე. ნესტანი კი სიბერის ნახელავია. - სიცილით დაამატა ლოყებწითელმა კაცმა. - ძალიან კი გამიგრძელდა სიტყვა. ასე რომ, ჩემო შვილებო, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! იცოდეთ საყვარელი ადამაინის დაფასება და სამშობლო გიყვარდეთ, სამშობლო! - შეძახილით დაასრულა მართლაც რომ გრძელი სიტყვა და ყანწი დაცალა.
სიცილის ტალღამ გადაუარა სუფრასთან მსხდომებს. თარაში და თემური სერიოზული სახით ისხდნენ, გოგონები კი გულიანად იცინოდნენ.
-სულაც არ ყოფილა თქვენთვის ეს თემა სახუმარო. - სიცილს ვერ იკავებდა დეა და ისევ სიმთვრალე ალაპარაკებდა.
-ასე ფიქრობ? - წარბები ასწია ჯაყელმა და თვალი გაუსწორა. წამით შეცვა ჯავახია, მაგრამ მერე ისევ გაიღიმა და თავი დაუქნია.
-ჩაიარა ამათმა მატარებელმა დიდი ხნის წინ. - სიცილით იჭაჭებოდა ირმა. ძმას მხარზე ხელი დაჰკრა და შესცინა. თემოს გაცინება მოახერხეს, თარაში კი კვლავ სერიოზული გამომეტყველებით აკვირდებოდა მომცინარ გოგონებს.
-არაფერია აქ ასეთი სასაცილო. ანეგდოტი მოყვა თუ რა. - მხრები აიჩეჩა ბოლოს, მათ გაჩუმებას რომ საშველი არ დაადგა და წყალი მოსვა.
-დეას წამყვანი არავინაა, კი მოუწევს რამდენიმე წელში თქვენს ამპლუაში ყოფნა და იგივე ბედის გაზიარება, რაც თქვენ. - გულიანად იცინოდა ირმა. მუჭებით იწმენდდა ცრემლებს, სულს მოითქვამდა და მერე ისევ თავიდან იწყებდა.
-რატომ ვითომ? - დაეჭყანა ჯავახია. არ ესიამოვნა უცხოებთან რომ ეს თქვა მეგობარმა. მართალია, იხუმრა, მაგრამ მაინც.
-რა იყო, გენაცვალე, სახე კი ნუ ჩამოგტირის. გიჯობს ახლავე შეეგუო შენს ბედს. - არ წყვეტდა ირმა ლაპარაკს.
-კარგი ახლა, გეყოს. - თვალები დაუბრიალა ძმამ და ირმაც წამში გაჩუმდა.
ცოტა ხანი კიდევ დაჰყვეს სუფრასთან, ამ პერიოდში კი დეას საშუალება ჰქონდა კვლად შეეთვლიერებინა მამაკაცი. წარბშეკრული იჯდა. არაფრისთვის დაუკარებია პირი. მხოლოდ წყალს სვამდა ხოლმე ხშირ ხშირად. იდაყვებით მაგიდას იყო დაყრდნობილი, მარცხენა ხელი მომუშტული ჰქონდა, მარჯვენა კი მასზე შემოხვეული.
ეღიმებოდა ჯავახიას, თუმცა თვითონაც არ იცოდა რაზე.
თარაშის მზერას რომ იგრძნობდა, ყველანაირად ცდილობდა თავი ისე მოეჩვენებინა, ვითომ მას არ უყურებდა. მგონი სულაც არ გამოსდიოდა ეს, რადგან მამაკაცს გულწრფელად ეღიმებოდა დეას ბავშვურ საქციელზე.
დიდ ხანს აღარ გაჩერებულან. ირმას ძმამ წაიყვანა გოგონები სახლში, ოღონდ თარაშის მანქანით, თვითონ კი რატომ არ წამოვიდა არ იცოდნენ.
საკმაოდ დაბინდებულიყო, ამას კი ჯავახიას ნასვამობა ემატებოდა. სახლში შესვლის წინ, სახეზე ცივი წყალი შეისხა ცოტა რომ გამოფხიზლებულიყო. ძალიან კი ეწყინა ნინელის რომ არ ეძინა, მაგრამ რაღას იზამდა. ქალმა დაუძახა. დეამ ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და ფეხაკრეფით გაემართა მისი ოთახისკენ. იგივე მეორდებოდა, რაც მეზობელ სოფელში წასვლის შემდეგ.
-ისევ იმან მოგიყვანა? - სათვალე მოიხსნა ნინელიმ და დაკვირვებით შეათვალიერა.
-არა, ირმას ძმა იყო, თემური. - აუღელვებლად უპასუხა. არ უნდოდა ქალს რომ გაეგო, ნასვამი რომ იყო.
-კარგი ბიჭია თემური. რას იტყვი? - გამომცდელად შეხედა.
-დღეს გავიცანი. ვერაფერს გეტყვით. მაგრამ ცუდი რატომ უნდა იყოს აბა, კარგი ოჯახის შვილია. - ზუსტად ის უპასუხა, რისი მოსმენაც გაეხარდებოდა ნინელის. ქალს კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
-ხშირად იარე ხოლმე მათთან სტუმრად, არ ვარ წინააღმდეგი. - ღიმილით დაამატა ბოლოს, რაც მეტად საკვირველი იყო ჯავახიასთვის. ერთი ის, რომ ქალმა სხვაგან სიარულის ნება დართო, თანაც ხშირად იარეო და მეორე ის, რომ ქალმა გაიღიმა.
სასწაულებიც ხდება. თურმე.
თავის დაკვრით დაემშვიდობა და ოთახში წავიდა. დაღლილობისგან თვალები ეხუჭებოდა. ასე ადრე როდის დაიძინა ბოლოს აღარც ახსოვდა. თვალებმილულულმა ააფუმფულა ბალიში და დაამთქნარა.
დაესიზმრა, რომ სოფლის წყაროზე იყო თარაშთან ერთად. რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. ისეთი შეგრძნება ჰქონდა სიზმარში, თითქოს რაღაც მოხდა, რადგან მხოლოდ ის და ჯაყელი ჩანდნენ. მუდამ ხალმრავლობით გამორჩეული წყარო კი ახლა უჩვეულოდ დაცარიელებული იყო. თუმცა მშვიდად გრძნობდა დეა თავს, რადგან მამაკაცთან ერთად იყო.

_________
კარგები ხართ ძალიან!
სურათზე დეა ჯავახიაა.



№1  offline წევრი მარიგ

მომეწონა თან ძალიან <3

 


№2  offline წევრი მთვარეული

რაც კაია კაია :D
ძალიან ძალიან კარგად წერ!
და აბა შენ იცი ძალიანაც ნუ დააგვიანებ :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent