შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამო, გავიქცეთ [სრულად]


8-09-2015, 13:57
ავტორი სანდრა
ნანახია 4 089

ჩემი ხარ, ჩემში ხარ
სიგარეტს მოუკიდა.
ფეხები ფანჯრის რაფაზე შემოდო და დაფიქრდა.
ყველაფერს ახლა იწყებდა და უკვე ბეზრდებოდა.
***
როცა გიწოდებენ „კარგს“ უნდა შეეგუო და როცა გიწოდებენ „ცუდს“ უნდა დაუმტკიცო, რომ ცდებიან. ასე იქცევიან ნორმალური ადამიანები. მე, ალბათ, ნორმალურებში აღარც ვეწერე. მთელი უბანი „ცუდ გოგოდ“ მრაცხავდა და მეც მეტ მიზეზს ვაძლევდი, რომ დაეძახათ. გგონიათ მომწონდა? – არა! უბრალოდ, ასეა... როცა ცდილობ მარტომ ჩამოხსნა თეატრის ფარდა, ერთხელ არაფერი, მეორედაც, მაგრამ მესამედ უკვე გიჭირს და გბეზრდება. მეც აი ასე, უბრალოდ, მომბეზრდა.
ჰოდა ავდექი და მეტი მიზეზი მივეცი გონდაკარგულ ხალხს, რომ მეტად გაგიჟებულიყვნენ ჩემით – ჩემზე.
***
ხატვა მიყვარდა. მგონი, ყველასა და ყველაფერზე მეტად. გამომდიოდა კიდეც. ავიღებდი ხოლმე ფუნჯსა და ფურცლებს, ნახევრად შიშველი გავდიოდი აივანზე (მნიშვნელობა არ აქვს ზამთარი იყო თუ ზაფხული), ჩავრთავდი მძიმე როკს და ვაყრუებდი უბანსა და შემოგარენს. ალბათ, ეს მიზეზი ტოპ სამეულში ჰქონდათ გაკრული მეზობლებს, უბნელებს, მაგრამ გითხარით უკვე, რომ არ მადარდებდა.
***
ერთხელ ვიდეოც გადამიღეს და სოც. ქსელი ააჭრელეს. ეგონათ ვიდარდებდი. შეცდნენ.
ზამთარში, ახალი წლების შემდგომ პერიოდში, როცა თოვლი ათეთრებდა გარემოს, მე ვიდექი აივანზე, ნახევრად შიშველი, ვუსმენდი როკს და ვხატავდი არანორმალურს.
იქნებდა მართლა პარანოიკი ვიყავი... ვინ იცის.
ვიდეომ ჩემი „გაპოპულარება“ გამოიწვია. ქუჩაში მცნობდნენ. ყველაზე მეტად ის მაკვირვებდა, რომ ბებოები ჩამივლიდნენ ხოლმე და „ვაი შენს დედასო“ მამკობდნენ.
ნეტავ სცოდნოდათ, რომ ვაის ვერასდროს იტყოდა დედაჩემი და ვუის თქმას არასდროს მოისურვებდა მამაჩემი.
***
რობოტი ვიყავი.
უმეგობრო, უსიცოცხლო.
ჭამაც კი რომ მეზარებოდა.
ასეთი ვიყავი და წამით არასდროს გამჩენია სურვილი შევცვლილიყავი.
***
არავინ მიღებდა ასეთს... არავინ.
და მერე ყველაფერი შეიცვალა.
***
სამსახურიდან გადაღლილი მოვედი. არქიტექტორად ვმუშაობდი და ამ დღეს ბევრი სამუშაო მქონდა. საერთო ბინების ქსელს ვაპროექტებდი. მთელი ტერიტორია ჩემი სანახავი გახდა, თითქოს მარტო მე ვყოლოდით არქიტექტორი:)
მაცივარი რომ გამოვხსენი, მაშინღა გავაცნობიერე, რომ მაღაზიაში გადაბმულად რამდენიმე დღე არ შევსულვარ და არც გემოვნებით ამომივსია კუჭი. ამ გადაღლილზე რამის მომზადებაც მეზარებოდა, ამიტომ ჩავიცვი, საფულე ავიღე და სახლიდან გამოვედი.
ჩემი უბნის ბოლოში, ერთი კარგი კაფე იყო. გვიანობამდე მუშაობდნენ და რასაც აკეთებდნენ, ყველაფერს მთელი სულითა და გულით. ალბათ, ეს იყო მიზეზი იმის, რომ თბილისის „ნაღები საზოგადოებაც“ კი აქ დადიოდა. და ეს უკანასკნელი კი იმის მიზეზი იყო, რომ მე იშვიათად შევდიოდი ზემოთ ხსენებულ კაფეში.
სადარბაზოდან გამოსვლას მოჰყვა წყვილი თვალები. მეზობლების თვალებს ვგრძნობდი, ესენი კი არ იყვნენ ჩემი უბნის ჭორბიუროს თვალები, აშკარად სხვები მიყურებდნენ. ჰოდა მეც მარჯვნივ მივატრიალე თავი. ინტუიციამ არ მიღალატა, რამდენიმე ბიჭს ხის ჩრდილისთვის შეეფარებინა თავი და იქიდან ზვერავდნენ ტერიტორიას. ჩემს მეზობლებს არ ჰგავდნენ ან მე არ დავინტერესებულვარ სამეზობლო სიახლეებით დიდი ხნის მანძილზე და რაღაცები გამოვტოვე:).
მწველ თვალებს შევუბღვირე და გზა გავაგრძელე.
***
კაფის საყვარელ კუთხეში ადგილი თავისუფალი დამიხვდა. კმაყოფილს ჩამეღიმა და იქით წავედი.
გრძელსა და რბილ სკამზე ჩამოვჯექი და უკითხავად შემოვდე ფანჯრის რაფაზე ფეხები. სიგარეტს მოვუკიდე. მწველი მზერები აქეთ–იქიდან დავაიგნორე და ღრმა ნაფაზი დავარტყი.
–უკაცრავად! – გოგოს წკრიალა ხმაზე მარცხნივ მივატრიალე თავი და ჩემზე რამდენიმე წლით უმცროს გოგონას შევუბღვირე. – ფეხები ჩამოწიეთ თუ შეიძლება, – მორიდებული სიმკაცრით მიმითითა.
–პრობლემას გიქმნით? – არ დავინდე მე.
–ეთიკის თემაა, – გამიღიმა უხერხულად. – თორე რა პრობლემები უნდა შემიქმნათ.
–ჰოდა გაცუნცულდი მაგარი ყავა მომიტანე, სულ ერთია რომელი და ტკბილი ნამცხვარი გექნებათ რამე, – ვუთხარი და თავი ფანჯრისკენ მივატრიალე.
რამდენი ხალხი ირეოდა ამ პატარა უბანში, მიკვირდა. ანდა ამ ელიტას აქ ამოსვლა თუ არ ეზარებოდათ ნეტა.
ფეხის ხმა გავიგე და, ვინაიდან და რადგანაც ოფიციანტის მეტს არავის ველოდი, მიუტრიალებლად ვუთხარი:
–დადე და ავიღებ.
–შეიძლება დავჯდე? – მამაკაცის ბოხი ხმის გაგონებაზე ინტერესით მივიხედე მარცხნივ.
მაღალსა და სიმპათიურ მამაკაცს მოჩვენებითად გავუღიმე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. სიგარეტის ნამწვს ადგილი მივუჩინე და ფეხები ჩამოვიღე რაფიდან.
–ჩვევა? – ინტერესით იკითხა.
–ჩვევა, – მოკლედ მოვუჭერი და ოფიციანტს ხელიდან ყავა გამოვგლიჯე.
ლამის მეც გადავისხი და სიმპათიურ მამაკაცსაც გადავასხი ადუღებული ყავა.
–მეც ყავას დავლევ, – სანამ რამეს იკითხავდა წკრიალა ხმის პატრონი ოფიციანტი, მანამ დაასწრო მამაკაცმა.
–გეტყობა ამ უბნელი არ ხარ, – ახლა მე დავინტერესდი მისით. თანაც იდიოტურ დუმილსა და გაუგებრობას ვერ ვიტანდი. რატომ უნდა გაჩუმდე, როცა ათას თემაზე შეგიძლია ისაუბრო? – მარტოობით დასატკბობად ღამეც საკმარისზე მეტია.
–უკვე ვარ, – თვალი ჩამიკრა.
ყავა პირისკენ გავიქანე და სახე დავმანჭე. ენა დამეწვა და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მომაჭრეს და აღარ მაქვსო.
თვალები გავახილე და მამაკაცის ირონია–ნარევ ღიმილს შევუბღვირე.
–მომიღწევია შენამდეც, – გამეცინა რამოდენიმე წუთის შემდეგ.
–მართალი ხარ, – იღიმოდა ის.
–თუმცა ვერ ვიტყვი, რომ გიჟი ხარ, – მხრები აიჩეჩა, – უბრალოდ ძალიან გიჟი ხარ!
გაეცინა.
გამეცინა.
–რას იზავ?! – თვალები ავარიდე.
–ვერაფერს, – რიტორიკულ შეკითხვას უპასუხა.
–არ მიკითხავს, – გამეცინა.
–ვიცი, – მოკლედ მომიჭრა მან და ჩემს მსგავსად, ახალ მოტანილ ყავას დასწვდა.
–პირს დაიფუფქავ, – მივუთითე ყავაზე.
–შენ ხო დაიფუფქე? – მკითხა ისე, თითქოს არ სცოდნოდა პასუხი.
–მერე?
–მერე არაფერი, მეც რომ დავიფუფქო სამყარო არ გადაიწვება, – გაიცინა და მოსვა.
აშკარა იყო, რომ მაჯავრებდა და მე გაღიზიანების ნაცვლად, ვიღიმოდი და ვხვდებოდი, რომ ვკაიფდებოდი. ლოყები მტკივდებოდა უკვე.
–იანვარში გადმოვედი, – წამოიწყო რამოდენიმე წუთის შემდეგ. – ამბობდნენ მაგ სადარბაზოში ერთი გიჟი გოგო ცხოვრობსო, – მარცხენა კუთხე ჩაეტეხა. ყოველთვის მომწონდა ასეთ ღიმილიანი მამაკაცები. – არ დავუჯერე...
–და მერე მოკარი თვალი გოგოს, რომელიც გამყინვარებაში იდგა ნახევრად შიშველი და თავს ირთობდა... – დავასრულე მისი ფრაზა.
გაგვეცინა.
–კარგად ხატავ... – შემაქო მოულოდნელად.
–მად... – პირი დავაღე მადლობის სათქმელად, მაგრამ არ დამამთავრებინა.
–მოიცა... – დაიჩურჩულა, თითქოს ვინმე გაიგებსო და საიდუმლოს ფარდა აეხდებაო, ისე თქვა: – არანორმალურად კარგად ხატავ... შენია, შენშია...
–შენ? – მომბეზრდა ჩემზე საუბარი.
–მე? – გაეცინა.
–ხო, შენ, – დებილივით მეცინებოდა მეც.
–მე შენსავით საინტერესო არ ვარ... – ეტყობა, ანერვიულდა.
–თუ ცოტა ხანს კიდევ გაჩერდები ჩემთან, მეზობლებს ხახაში ჩაუვარდები და ისეთი საინტერესო გახდები, ვერასდროს რომ წარმოიდგენ... – გავაფრთხილე.
–შენ იცი, რომ ჭორები ჰაერიდან არ ჩნდება? – სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა და ყავის დაცლილი ფინჯანი მაგიდაზე დადო.
მეწყინა. მგონი, მართლა მეწყინა.
ფეხზე წამოდგა და გამოსამშვიდობებლად მითხრა:
–ნუ მისცემ მიზეზს, აჯობებსო.
მე არაფერი მითქვამს. იქამდე მივაყოლე თვალები მის ლამაზ სხეულს, სანამ თვალს არ მიეფარა.
რაფაზე ფეხები შემოვდე და სიგარეტს მოვუკიდე, ისევ.
***
პირველად, ჩემს ცხოვრებაში, იმ დღიდან გადაბმულად ერთი კვირა იმ ბიჭზე ვფიქრობდი მხოლოდ და სხვა არავიზე/არაფერზე. რაღაცნაირად, ძალიან მარტივად, ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა და კარი ისე დაკეტა, გახსნა შეუძლებელი გამიხდა.
***
იმ საღამოს გული მიგრძნობდა, რომ რაღაც მოხდებოდა და მე მაინც წავედი.
ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ ინტუიცია არასდროს მღალატობდა, მაგრამ ფაქტია, იმ საღამოს არ უღალატია.
ბარში მინდოდა ჩასვლა, მაგრამ სავსე იყო და გვერდი ვაქციე. ცოტა ციოდა, მაინც მარტი იყო და გავლენა ქონდა. ჟაკეტი უფრო მივიკარი სხეულზე და ოდნავ მობუზულმა გავაგრძელე გზა. რაღაცნაირ ხასიათზე ვიყავი და უნებურად დავიწყე ღიღინი. ახლა რომ წარმოვიდგენ იმ სცენას, მე რომ მივდიოდი, მეცინება:)
მოსახვევში, მარცხნივ გავუხვიე და რომ მივხვდი რაღაცას ვეჯახებოდი, წამწამები ერთმანეთს დავაჭირე და ფეხები ვაიძულე აღარ ემოძრავათ. მაინც დავეჯახე. კინაღამ ჩავიკეცე და ტკივილისგან ამოკვნესება მოვასწარი.
მერე გავახილე თვალები და ცუდ ადგილზე გაჩერებულ დიდსა და შავ ჯიპს შევუბღვირე.
კარი გაიღო და ის გადმოვიდა, ვისაც ყველაზე ნაკლებად ველოდი. ჩანდა, არც ის მელოდა.
–კარგად ხარ? – ოდნავ შეშინებული მომიახლოვდა.
მაშინ ვიფიქრე, რომ შეეშინდა არ მეჩივლა, რამოდენიმე წუთში კი რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი.
–მუხლები... – ამოვიჩურჩულე და ტკივილისგან სახე დავმანჭე.
ვერ დავინახე, მაგრამ ვიგრძენი, რომ მისი ხელი მომენტალურად აღმოჩნდა ჩემს წელზე, მეორე ფეხზე და წამის მეასედში მასზე ვიყავი ჩამოკიდებული.
გავიყინე, არ ველოდი.
ცოტა შემცბარმა შევხედე. გამიღიმა და მანქანაში ჩამსვა.
–ძალიან გტკივა? – თბილად და ნერვიულად იღიმოდა.
–მგონი მანქანა გაგიფუჭე... – უხერხულად ავზიდე მხრები ზემოთ.
–იცი რა? ამ მანქანამ გატკინა ფეხები... ამიტომ, იდარდოს კომპესაციებზე! – თვალი ჩამიკრა და მანქანა დაძრა.
გამეღიმა. როგორი საყვარელი იყო:)
მინდოდა მეკითხა რა ერქვა, ვინ იყო, მაგრამ ამ სიტუაციაში მაინცდამაინც ხელსაყრელ მომენტს ვერ ვიჭერდი და ცხელი სუნთქვით ვნამავდი მინას.
ვცდილობდი ფეხები არ გამემოძრავებინა, რადგან საშინლად მტკიოდა.
***
საავადმყოფოსთან, რეანიმაციასთან ისე გააჩერა, თითქოს ინფაქტი მქონოდა და გადადებული ვყოფილიყავი:)
არც უკითხავს, ისე ამაფრიალა და მოხერხებული მოძრაობით, რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ რეანიმაციაში ვიყავით.
–რა ხდება? – იკითხა ჩვენმა შემხედვარე დაბნეულმა ექთანმა.
–მუხლები იტკინა... – არანაკლებ დაბნეული ჩანდა „ის“.
–აქეთ წამოიყვანეთ... თქვენდა საბედნიეროდ ტრამვატოლოგი აქ არის...
–დავითია სმენაში?
კითხვით გაკვირვებულმა ავხედე.
იგრძნო, რომ შევხედე, მაგრამ თავად არ შემოუხედავს.
მარტივად რომ ვთქვათ, ჩემი წიკებისთვის (რომლებიც აქამდე არ მახასიათებდა), არ სცხელოდა.
კაბინეტში შემიყვანა და დამაწვინა იქვე.
მამაკაცმა, შუა ხნის, გაკვირვებულმა შემომხედა ჯერ მე და შემდეგ „მას“. მისკენ მიმავალი მზერა ბევრად მკაცრი და მომთხოვნი იყო.
–საბა, მშვიდობაა? – ეცადა ჩემთვის გაუგებრად ეკითხა, მაგრამ არ გამოუვიდა.
–არა... – ხმა წართმეოდა.
ცოტა შემეცოდა.
ფაქტი იყო, ჩემ გამო შარში ებმეოდა.
–რა გჭირთ, გოგონა? – ახლა მე მომიტრიალდა.
–რენტგენი გადაუღე, ეჭვი მაქვს მუხლებზე აქვს პრობლემა... – მითითებები მისცა „ჩემმა პრინცმა“, საბამ, რომლის სახელიც ამგვარ ექსტრემალურ სიტუაციაში გავიგე.
***
კაბინეტში საწყის პოზაში ვიწექი და მუხლები მტკიოდა, თითქოს ვერც ვგრძნობდი. ჩემი ყურადღება ახლა საბასა და ბატონი დავითის საუბარზე იყო კონცენტრირებული, რომლებიც კაბინეტის კართან დაობდნენ. მაინც ვერაფერი გავიგე.
შემოვიდნენ და მახარეს, რომ სახლში შემეძლო წასვლა. ვერ გეტყვით, რომ გამიხარდა. ეს, ალბათ, საბას ხშირად ნახვის ერთადერთი შანსი იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მეგონა.
წამოვჯექი. მუხლები ისევ მტკიოდა, მაგრამ ვცდილობდი არ დამტყობოდა.
–მცირედი დაბეჟილობაა.. – მომმართა დავითმა და სამედიცინო ტერმინებით განაგრძო საუბარი, რომლისთვისაც ყური აღარ მიგდია.
ჩემი გაჭირვებაც კმაროდა. ფეხზე ძლივს ვდგებოდი. ავდექი და ის იყო მარცხნივ გადავიხარე, საბამ მომაშველა ძლიერი ხელები და ვაი–ვაგლახით გავსწორდი.
თანხა არ გადამახდევინა საბამ, არაფერია გადასახადიო – მითხრა, მაგრამ მე ხომ ვიცოდი იყო. მანამდე მაინც, სანამ თვითონ გადაიხდიდა.
მასზე ჩამოკიდებული ძლივს მივდიოდი გასასვლელისკენ. რამდენჯერმე ხელში ატაცებაც შემომთავაზა, მაგრამ მტკიცე უართან ერთად კუშტად შეკრული წარბებიც რომ დაინახა, უკან დაიხია.
ორივემ ვიცოდით, რომ უარს მის სიახლოვეზე ვამბობდი ისევ თავისთვის, თორე ჩემთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობდა. თუ შემიყვარდებოდა, სიმპათიები გამიჩნდებოდა, სამყაროს გავთიშავდი და თუნდაც შიშველი ვირბენდი ჩემთვის ცარიელ, სხვებისთვის სავსე ქუჩებში.
ჩემთვის სიყვარული იყო და არის სიგიჟე, ნებისმიერი, რომელზეც მისთვის აუცილებლად ხარ წამსვლელი.
***
სახლში მიმიყვანა, საწოლამდე მიმაცილა და წავიდა.
არ მეგონა ისე თუ რამე გამაკვირვებდა, როგორც მისმა დაბრუნებამ გამაკვირვა რამდენიმე წუთში. ხელები პარკებით ჰქონდა დაკავებული და როგორც ჩანდა, კიბეებზე სირბილით ამოვიდა, ამიტომ ღრმად სუნთქავდა და დაღლილი მიღიმოდა.
მისაღებიდან, წამოწოლილი და განცვიფრებული შევყურებდი და გულში ვზეიმობდი კიდეც. რას? – ზუსტად ვერ გეტყვით. ალბათ, ყველაფერს, პირველ რიგში – სიყვარულის მოგებას.
–არ ვიცი რა გიყვარს, მაგრამ ცოტა საჭმელი, ცოტა ტკბილეული და ბევრი სასმელი ამოვიტანე ჩვენთვის, – ადგილიდანვე მეუბნებოდა.
განცვიფრება ღიმილში გადამეზარდა. საწოლში წამოვჯექი და ხელი დავუქნიე, მოდი–მეთქი.
არ უყოყმანია, იქვე დატოვა პარკები და ჩემთან გაჩნდა. ახლოს ჩამოჯდა ჩემთან. გამიღიმა და სახეზე ჩამოყრილი კულულები გადამიწია.
–გშია? – ვკითხე სასხვათაშორისოდ.
–არა, შენ?
უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე მე და ვუთხარი:
–აივანზე გასვლაში დამეხმარე, კომფორტული სკამები მაქვს, – თვალი ჩავუკარი და ტუჩის მარჯვენა კუთხე ჩამეტეხა.
გაიცინა.
აივანზე გავედით.
ცალ სკამზე მე ჩამოვჯექი, მეორე ახლოს მოაცურა მან და დაჯდომა დააპირა.
–საბა, – შემომხედა. – ჩემი ოთახის კარადაში, მარჯვნივ, კართან პირველივე სექციის კარი გამოაღე და პლედები დევს, წამოიღე რა... – ყელთან კანი გავწელე თხოვნის ნიშნად.
უხმოდ შებრუნდა შიგნით და რამდენიმე წუთში დაბრუნდა პლედებითა და სასმელით.
დიდის ამბით გავეხვიე პლედში, თითქოს სასმელს რომ გადავუშვებდი მუცელში გრადუსი არ იქონიებდა გავლენას.
არყის ბოთლი გამომიწოდა.
–ცხოვრებაში არაყი არ დამილევია, – ისე, სასხვათაშორისოდ ვუთხარი.
–არც მე, – გამეკრიჭა.
–ყველაზე მეტად გიხდება სიცილი, – თვალმოუშორებლად ვუთხარი.
–შენზე მეტად ვერა! – თვალი ჩამიკრა. – შენს სასწაულ ღიმილს გაუმარჯოს! – ბოთლი ასწია.
–და შენსას! – დავამატე მე და მოვსვი.
პირველი იყო რაღაც კატასტროფა, სიტყვებით რომ ვერ აღვწერ. ერთდროულად დავიჭყანეთ. მე ხველება ამიტყდა, ის სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
შემდეგი სადღეგრძელოები „ჩვენ“ საზღვრებს არ გასცელილა.
დავთვერით. თან როგორ...
ბოლო სადღეგრძელო მახსოვს, ბუნდოვნად... ჩვენს რაღაცნაირ ურთიერთობას გაუმარჯოსო – თქვა საბამ, დალია და მაკოცა.
ეს უკანასკნელი შემომრჩა იმ საღამოს მოგონებებიდან ყველაზე მკრთალად და ამავდროულად ყველაზე სასიამოვნოდ...
***
თავის საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა. თვალები მონაცვლეობით გავახილე. ყურებს მიგუბებდა საშინელი ხმა. თითქოს ზღვა ღელავდა ჩემ თავთან, ახლოს. თვალების გახელამ მიმახვედრა, რომ ცისფერსა და უზარმაზარ სივრცეს მივშტერებოდი და ვერ ვიაზრებდი ბოლომდე რა ხდებოდა. მარცხნივ გავაპარე მზერა. საბა იყო. აშკარად ქვიშაზე ვიწექით და აშკარად ზღვა ღელავდა.
არ შემშინებია, არც მინანია წუხანდელი საღამო.
ჩემწინ, უფრო სწორად ჩვენწინ ზღვა იყო... ცივი ნიავი მოქონდა მარტის ისეც სუსხიან დილას, მაგრამ ერთმანეთს ვათბობდით.
–საბა, აქ რა გვინდა? – ცოტა დაბნეულმა ვკითხე რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ.
–ელენე... – ხმა წართმეოდა. – წამო, გავიქცეთ...
მეტად დავიბენი, მეტად შემიყვარდა.
ხელი ჩავკიდე და გავიქეცით.
უსიტყვოდ მესმოდა მისი.
გავურბოდით უსიყვარულო სამყაროს... უფერადოს.
და ჩვენი გულები უდიდეს სიყვარულს იტევდა...
ჩვენი მუცლები კი მილიონობით პეპელას...



№1  offline წევრი ნენე

ar vici,ratom aravin dagikomentara magram...
yvelaze magari iyo,rac ki am kvirashi wamikitxavs.
swored,chemeburi.

siyvarulit,fsiqo.13:)
--------------------
დარაბებს მიღმა,გაზაფხულია... გამოიდარებს,მე მჯერა.

 


№2  offline წევრი სანდრა

ნენე, უღრმესი მადლობა.. გამიხარდი love

 


№3 სტუმარი მთვარო სვანი

ცოტა სხვანაირ დასასრულს ველოდი.ანუ უფრო განვრცობილს.მაინც ძალიან მომეწონა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent