ღამის ზმანება (4 ნაწილი)
დემე ჩემკენ დაიხარა და ხელები მომხვია, თავი ჩემს კისერში ჩარგო და ღრმად ამოისუნთქა. რა დამემართა? სულ ავხურდი, გული ამიჩქარდა და ჟრუანტელმა დამიარა. მისი სუნთქვის შეგრძნებამ კიდევ კისერში საოცრად დამაბნია. რომ ვმდგარიყავი ალბათ იქვე ჩავიკეცებოდი ან წავიქცეოდი. ჩემზე ერთი თავით მაღალი ბიჭი გვერდზე მეჯდა და მთელი ძალით მეხუტებოდა... არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ასე ახლოს ბიჭთან პირველად ვიყავი. გულაფრიალებული და თვალებგაფართოებული ერთ ადგილას ვიყავი გახევებული. ცოტა ხანში ფართხალი დავიწყე, თუმცა დემეს რეაქცია არ ჰქონია. ცოტახანში მომშორდა და ღიმილიანი სახით მომაჩერდა. თავს საშინლად უხერხულად ვგრძნობდი, ოდნავ ჩავიღიმე და მის დამატყვევებელ მზერას თავი ავარიდე. ჩაცინება გავიგე... -რა ხდება? - ვკითხე გაკვირვებულმა. -ყველა რეაქციას ველოდი ამის გარდა... - მიპასუხა ბოხი ხმით. ისევ დუმილი ჩამოვარდა.- წამოდი სახლამდე მიგაცილებ... - ფეხზე წამოდგა და გამიღიმა. მეც ავდექი და ჩემი სახლის გზას დავადექი. უხერხულობა პიკს აღწევდა, მაგრამ მისი დამარცხება ჩემს შესაძლებლობებს აღემატებოდა. უბრალოდ არ ვიცოდი რაზე მელაპარაკა და როგორ გადამეტანა ყურადღება სხვა რამეზე. როდესაც ჭიშკარს მივუახლოვდით, უკან შემოვბრუნდი, რათა დავმშვიდობებოდი. -კარგად, მადლობა მოცილებისთვის - გავუღიმე და მზერა სახლისკენ გავაპარე. -ნახვამდის პრინცესა... - ჩემკენ დაიხარა, ლოყაზე მაკოცა და წავიდა... გულაჩქარებული და დაბნეული შევედი სახლში და ჩემს ოთახს მივაშურე. არა... ეს ყველაფერი უნდა გადამეხარშა. დემე ძალიან მომწონდა. მისი მზერაც კი მატყვევებდა. მთელი დღე თავიდან ვერ ვიგდებდი და სიზმრებში ვნახულობდი. მგონი ზედმეტი „დემე“ მომდიოდა... -ნიტა, ჩამოდი ჭამე - ოთახის კარი დედაჩემმა შემოაღო. -ახლავე - ზლაზვნით მივყევი უკან და სამზარეულოში ჩემი ადგილი დავიკავე... ............ შუაღამე... ისევ ჩიხი... აჩქარებული ნაბიჯებით მივიწევდი წინ რაღაც უცხოს ხილვის მოლოდინში... შიში ნელ-ნელა მიპყრობდა. -გაჩერდი! - გავიგე ნაცნობი ხმა და მეც ერთ ადგილას გავხევდი. -თიკა? - ვკითხე გაოცებულმა - შენ... შენ ხომ ცოცხალი არ ხარ... -გზა აღარ გააგრძელო - მიპასუხა და გაქრა... ნისლი ჰაერში დატრიალდა, ზემოთ აიწია და ისიც გაიფანტა... „გზა არ გავაგრძელო?!“ - გავიფიქრე გაკვირვებულმა. კი მაგრამ... რამდენი „კი მაგრამ“ იყო... -მაინც წავალ - განვაცხადე ხმამაღლა თითქოს თიკა გაიგებდა და ერთი ნაბიჯი გადავდგი -მერე ინანებ! - წინ თიკას სილუეტი ამესვეტა, რამაც ისევ ადგილზე გამახევა. -მოიცა... - ხელი წინ გავიშვირე, თითქოს მას შევაჩერებდი, თუმცა ისევ გაუჩინარდა. გაჯიუტებულმა განვაგრძე გზა იმ იმედით, რომ თიკა გამოჩნდებოდა, თუმცა უშედეგოდ... მხოლოდ მისი გაფრთხილებები ჩამესმოდა ყურში: „არ წახვიდე...“ „მერე ინანებ...“ „დაიტანჯები...“ „შენ ასეთი ცხოვრება არ შეგეფერება...“ „შენი ბედი აქ და ახლა წყდება...“ და კიდევ მრავალი ასეთი... ყოველი წინადადება მაბრკოლებდა და ძალას მაცლიდა, მაგრამ წინ სვლას არ ვწყვეტდი. ისევ მივდიოდი, თუმცა უეცრად ვიგრძენი, რომ ფეხები მომეკვეთა და ძირს ჩავიკეცე. -აააა!!! - შუაღამეს ოთახი კივილით გავაყრუე და შეშინებულმა შევამოწმე სიარული შემეძლო თუ არა. გულისცემის დარეგულირებას ვცდილობდი და თან დედაჩემის შემოსვლამდე წამებს ვითვლიდი, მაგრამ რატომღაც აყოვნებდა... ფეხის წვერებზე გამოვედი ოთახიდან და დედაჩემის ოთახისკენ გავემართე. ეძინა... ალბათ არ გაუგია... დამშვიდებული და ოდნავ გახარებული დავბრუნდი ჩემს ოთახში. -წავიდე? - ვკითხე ჩემს თავს. დიდხანს ვიორჭოფე, თუმცა გადავწყვიტე მეორე დილას წავსულიყავი. შუაღამეს მეშინოდა, თან არც ის მინდოდა დაცვას ვენახე ამ დროს სახლიდან გასული. დაძინება ვცადე, თუმცა ვერაფერი გავაწყვე. ან მეღვიძა, ან ის სიზმარი არ მასვენებდა, რომლისაც ასე მეშინოდა... დილაადრიან თვალებდასიებული და დაღლილი ავდექი, ორი ლუკმა გადავუშვი ყელში და ჩიხისკენ გავემართე. დედაჩემი გაკვირვებული მიყურებდა, როდიდან შეგიყვარდა სეირნობა ასე ძალიანო, თუმცა არაფერი მიპასუხია, ისევ თავის ეჭვებთან დავტოვე და წამოვედი... აჩქარებული ნაბიჯით მივუახლოვდი ჩიხს და მსვლელობა დავიწყე. არაფერი... სრული სიცარიელე სუფევდა. თითქოს არც იმას ველოდი, რომ იქ ვინმე დამხვდებოდა და მართალიც ვყოფილვარ - არავინ იყო... გულდაწყვეტილი მოვბრუნდი უკან და ტყეს მივაშურე. „იქნებ შუაღამეს უნდა წავსულიყავი?“ - ეს კითხვა მთელს გონებას მიღრღნიდა... ყველაფერი ისე ემთხვეოდა, როგორც მე ვხედავდი... დღის მონაკვეთიც კი იგივე იყო და რა გამორიცხულია, რომ ამჯერად შუაღამის დადგომა იყო საჭირო... სახლში უხასიათოდ დავბრუნდი დროის მალე გაყვანის მიზნით. ჩემს ოთახში ჩავიკეტე და კინოების ყურება დავიწყე. სულ საშინელებებს ვუყურებდი, არ ვიცი რატომ... მოსაღამოვდა თუ არა, პირველ სართულზე ჩავედი, დედაჩემს გამოვუცხადე, რომ არ შევეწუხებინე იმ საღამოს და ოთახში ავედი. ღამის 2 საათის დადგომას დავუცადე და იმაზე ფიქრი დავიწყე თუ როგორ გამეღწია სახლიდან ჩუმად და შეუმჩნევლად... პირველ სართულზე ჩამოვედი და სამზარეულოს ფანჯრიდან ეზოში გადავცოცდი. სამზარეულოს ფანჯარა უკანა ეზოში გადიოდა, სადაც დაცვა თითქმის არ მოდიოდა შესამოწმებლად. ბუჩქებში შევიმალე და ღობეზე აძრომა დავაპირე, თუმცა ძალიან მაღალი იყო... მასზე გადაძრომას ვერ მოვახერხებდი. უცბად გამახსენდა, რომ ეზოს მეორე კუთხეში დიდი ლოდი იყო. თუ მასზე ავძვრებოდი ღობეზე გადასვლის შანსი მექნებოდა... ჩემმა გეგმამ გაამართლა და ღობეზე ავძვერი, იქიდან კი მეზობლის ღობეს ჩამოვეკიდე, რომელიც შედარებით დაბალი იყო და ძირს მშვიდობიანად დავეშვი. ამ გაქცევამ უფრო შემაგულიანა და გამახალისა. თითქოს რაღაც შეუძლებელი მომეხერხებინოს, ამაყად გაჯგიმულმა განვაგრძე გზა. ჩემი გამბედაობა ჩიხის დანახვისთანავე გაქრა... ისევ იმ შიშმა მომიცვა, რომელსაც სიზმარში განვიცდიდი. „უკან რომ დავბრუნდე?“ - გავიფიქრე ერთ წამს და თითქმის მოვტრიალდი კიდეც, როდესაც გავაანალიზე, რომ თუ სიზმარში ნანახს არ განვახორციელებდი არასდროს არ მომასვენებდა, თანაც ამდენი ვიწვალე აქ მოსასვლელად და ახლა მიმეტოვებინა ეს ყველაფერი? თითქოს დათმობა გამიჭირდაო. ჩიხში შევუხვიე და სიღრმისკენ გავემართე. -გაჩერდი! - გავიგე ხმა და შიშისგან კინაღამ ვიკივლე. უკან მოვიხედე და დედა დავინახე, რომელიც თავის შვილს ეძახდა. - თიკა! - გავიგე ისევ იმ ქალის ხმა. „რაღა თიკა დაარქვა თავის შვილს...“ - გავიფიქრე უკმაყოფილოდ და გულაფრიალებულმა განვაგრძე გზა. შორს ვიღაცეების საუბარი გავიგე. უკვე ნაცნობ მისამალ ადგილას მოვთავსდი და ყური დავუგდე. -დღეს სად გავერთოთ? - იკითხა ვიღაცამ და ბოროტულად ჩაიცინა. -ერთი მაგარი კლუბი ვიცი, იმენა ნაშები ჩითავს... -რომელი? -არ გეცოდინებათ, ახალი გახსნილია -კაი მანდ წავიდეთ მაშინ... - მათ დიალოგს ყურს ვუგდებდი და უკვე ძალიან ვნანობდი, რომ მაინც მოვედი. ნელ-ნელა გასასვლელისკენ მოიწევდნენ და მეც მიახლოვდებოდნენ. გაქცევას აზრი არ ჰქონდა... ისევ ჩუმად ყოფნა ვამჯობინე, თუმცა ჩემდასაუბედუროდ რომელიღაცამ გზა ფარნით გაანათა. -ეე, მოიცა... - ერთ-ერთმა ჩემკენ მოიხედა და გაკვირვებული მომიახლოვდა. აკანკალებულმა შევხედე თვალებში ჭინკაათამაშებულს და აქ მოსვლის იდეა დავწყევლე. - აქ ამ დროს რას აკეთებ ლამაზო? - ჩემს წინ რამდენიმე ნაბიჯში გაჩერდა. ხმის ამოღება ვერ მოვახერხე. მხოლოდ ვდუმდი და გაფაციცებული ვაკვირდებოდი მის ყოველ მოძრაობას... -მგონი კლუბში წასვლა არ დაგვჭირდება. რას იტყვით? - გამოვიდა მეორე. -ასეთები ჩითავს იმ კლუბში? - ჰკითხა ისევ პირველმა. -ეს ბევრად ჯობია იმათ - „შემაფასა“ და კმაყოფილმა ამათვალიერა. -ნუ ხარ ასეთი მორცხვი - ხელის მოკიდება დააპირა, თუმცა მაშინვე უკან გამოვწიე და შიშისგან ვიკივლე. ჩემს ამოძახილს მათი ხარხარი მოყვა. -ეე, მეც დამელოდეთ! - მარცხენა კუთხეში კარი გაიღო და ნაცნობი ხმა გავიგე. -არსად აღარ მივდივართ, უკვე ვიპოვნეთ ვინც გვინდოდა - უპასუხა მეორემ. -ვინ?! - იკითხა გაკვირვებულმა და მოგვიახლოვდა - რაა?! - გაოცებისგან პირი დააღო როდესაც დამინახა. მეც იგივე რეაქცია მქონდა. მისი ძმაკაცები გაურკვევლობაში იყვნენ. -იცნობ? - ჰკითხა ერთ-ერთმა. -აქ რას აკეთებ?! - ჩემკენ წამოვიდა და წინ ამესვეტა. ხმა ვერ გავეცი... - მიპასუხე, ამ შუაღამეს აქ რა ჯანდაბა გინდა! - მკაცრად მომმართა და ჩემს პასუხს დაელოდა. -დემე, არ იტყვი ვინაა? - იკითხა ერთმა ცოტა გაღიზიანებულმა. -ეს არის ნიტა... - ჩემი სახელი მრავალმნიშვნელოვნად წარმოთქვა და ძმაკაცებს გადახედა. -საღოლ ნიტა! - ახარხარდა ერთ-ერთი. -ნიტა მიპასუხებ თუ არა? - ახლა მე მომიბრუნდა და წარბები კუშტად შეკრა. -მე... უნდა წავიდე... - ამოვიჩურჩულე, მზერა ავარიდე და წასვლა დავაპირე, თუმცა დემემ ხელი მაჯაში მომკიდა და თავისკენ მიმაბრუნა. -სად უნდა წახვიდე, ან სად მოდიოდი... არსადაც არ გაგიშვებ! -დემე, ჩვენ წავალთ. თქვენი საქმის თქვენ იცით... - მხარზე ხელი დაკრა ერთ-ერთმა და გაგვეცალა. დავრჩით ჩვენ ორნი. წასულებს მზერას არ ვაცილებდი, თუმცა ვგრძნობდი, რომ დემე მხეცივით მიმზერდა. ბუნებრივი იყო გაბრაზდებოდა... შუაღამეს ასეთ საშიშ ადგილებში სიარული ნამდვილად არაა მოსაწონი... .............. ძლივს თქვენამდე მოღწეული მეოთხე თავი... დარჩით ვინმე ვინც კითხულობს? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.