გარდამავალი წუთი (3)
ერთ კვირამდე კიდევ მოუწია საავადმყოფოში დარჩენა. უბრალოდ, ასეთი ადვილი არ იყო ამდენი სტრესის გადატანა ერთდროულად და ვერაფრით წერდნენ ექიმები სახლში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ალექსანდრე არ მოშორებია თავიდან, ყველაფერს აკეთებდა, ყველა მის ხასიათსა თუ კაპრიზს უხვდებოდა მედგრად და ღიმილით ასრულებდა. აი, რაც შეეხება ნიკოლოზს, წავიდა, იმ საღამოსვე და აღარ დაბრუნებულა. არ დაბრუნებულა ლილესთან, თორე თავის შვილს ყოველდღე სტუმრობდა და ესიყვარულებოდა. ყოველთვის იმ დროს, როცა ბავშვი დედასთან არ იყო. ბევრი დააბარა ალექსანდრეს, რომ შეეგნო ნიკოლოზს არ იყო ბავშვი მისი, მაგრამ ვერაფრით დააჯერეს. ანალიზს ითხოვდა, რაზეც უარი განაცხადა ლილემ და დანებდა, შეხვედრებით არაფერს უშლიდა. უბრალოდ, ტირილისთვის ამზადებდა, თუმცა ვერ ტიროდა და ყელში გაჩხერილ ბურთს ძლივს უშვებდა უკან, რადგან ალექსანდრეს არ დაენახა და მასაც არ სტკენოდა. ეს ერთი შეხედვით ძლიერი მამაკაციც კი ძალიან სუსტი იყო საიმისოდ, რომ საყვარელი ქალის ტირილისთვის უგულოდ ეცქირა. ალექსანდრე იყო, მაგრამ ნიკოლოზს არასდროს გამოუჩენია ამდენი შეგნება. არასდროს მთელ წელიწად–ნახევრიანი თანაცხოვრების მანძილზე. და, როცა ლილეს ამოუტივტივდებოდა წარსული გონებაში, ალექსანდრეს პალატიდან გასასვლელად ახალ–ახალ მიზეზებს ადგენდა და, როგორც გასულს დაიგულებდა, მწარე ცრემლებით იხრჩობდა თავს. რთული იყო ეს ცხოვრება, რთული იყო ის, რომ მთელი ცხრა თვის მანძილზე თავს სთხოვდა, რომ სტრესი არ გადაეცა ბავშვისთვის, ახლა კი ერთიანად, ვულკანივით გამსკდარიყო მასში და ახლაც, როცა თავისუფლად შეეძლო სიბნელესა და სიმარტოვეში ამოეშვა, გრძნობები გაეთავისუფლებინა, უარს ამბობდა და დარდს გულშივე იკლავდა. მეცხრე დღეს გამოწერეს. ამ დროის მანძილზე, იმის ნაცვლად, რომ გასუქებულიყო, დასუსტდა და თავის თავს მოსწყდა. ერთი შეხედვით ვერ მიხვდებოდით, რომ ეს ის ლილე აბაშიძე იყო, რომელიც შვილიანიც კი ნახევარ ქალაქს უნდოდა ცოლად. დაჟინებით მოითხოვა ალექსანდრემ, რომ თავისთან გადავიდოდნენ ლილე და ნიკოლოზი, მაგრამ მკაცრი უარი მიიღო. – სწორად გამიგე, ჯერ არ მინდა... ვიცი, შენც გატკენ და მეც მეტკინება... – უთხრა და ჩაეხუტა. ეს ის ჩახუტება არ იყო, როგორიც ნიკოლოზთან. ეს ჩახუტება მოვალეობის მოხდა უფრო იყო, ვიდრე გრძნობის გამოხატვა. თუმცა რა ექნა? ასე უცებ ყველა მის გრძნობას, სევდას თუ ფიქრებს ვერ გადააბიჯებდა. საბოლოოდ დათანხმდა მამაკაცი, მაგრამ გააფრთხილა, რომ გვერდიდან არ მოშორდებოდათ. მისთვის მეორე (ოფიციალურად) და პირველი (არა–ტრადიციულად) იქნებოდა ლილეს თბილი სახლი. ამის წინააღმდეგი ნამდვილად არ იყო აბაშიძე. *** იმ საღამოს, როცა ალექსანდრე გააცილა სახლში და პატარა ნიკოლოზს დასაძინებლად ასეირნებდა ოთახში, ფანჯრიდან თითქოს ლანდივით გაიქროლა ეზოში სხეულმა, რომელიც ძალიან მიამსგავსა ოდესღაც საყვარელ სხეულს. გული აუჩქროლდა. აქამდე თუ დღეები ისე მისდევდნენ ერთმანეთს, მხოლოდ პატარა ნიკოლოზზე ფიქრობდა, ახლა ისიც კი დაივიწყა. – ნუთუ ისაა? რა უნდა? – გაიფიქრა თავისთვის და ბავშვი საწოლში დააწვინა, რათა აკანკალებულს ხელიდან არ დასხლტომოდა ეს პაწია, სათუთი სხეული. დივნის კიდეზე ჩამოჯდა და აკანკალებულ ხელებში ჩარგო სახე. უნებურად აეტირა. როგორ მოასწრო ოცდაოთხი წლის გოგომ ამდენი? როგორ მოასწრო საძირკველი გამოეცალა თავისი ცხოვრებისთვის? ცხოვრებისთვის, რომელსაც მუდამ აშენებდა? ყოველთვის ოცნებობდა ფერად მომავალზე. წვიმაზე, რომლის შემდეგაც ცისარტყელი ჩნდება ცაზე. ახლა კი, მის ცხოვრების ურთულეს პერიოდში, თავსხმაა, სეტყვა და შუაგულში დგას, გაყინული სითხისთვის სახე მიუშვერია და არ შესწევს ძალა ტკივილს დაუსხლტეს ხელიდან. დარწმუნებულიც კია, რომ ცისარტყელა ბოლოს არ გამოჩნდება... მაგრამ შემდეგ ნიკოლოზი ახსენდება პატარა, რომელიც ყველაზე დიდი იმედია მისი. სახიდან სითხე მოიშორა და პატარა ამოიყვანა საწოლიდან. ისე ჩაეხუტა, თითქოს ეს საბოლოო უნდა ყოფილიყოსო. კარზე დააკაკუნეს. უცბად თითქოს გაიელვა გარედან და წვიმამ დასცხო. წვეთები აწკაპუნდნენ და მათმა ხმამ სახლის მყუდროება დაარღვია. ნაკლები ამინდი არც უნდა ყოფილიყო იმ წამს... გარდამავალ, ანდა, შესაძლოა, ყველაზე გარდაუვალ წუთსაც კი. ნიკოლოზი იდგა. ზღურბლი გამოჰყოფდათ მხოლოდ და მხოლოდ ლილესა და ბავშვს და მამაკაცს. ნასვამი ჩანდა. ირხეოდა და იღიმოდა. უჩვეულოდ თბილად, ლილეს ცხოვრებაში პირველად. – რა გინდა, ნიკოლოზ? – ჰკითხა რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ, მთელი ძალდატანებით. – ჩემი ოჯახი მინდა დავიბრუნო... – ღიმილს არ იშორებდა მამაკაცი და ქანაობდა. ლილეს გაეცინა. სიმწრით. – მეტჯერ აღარ მოგცემ იმის უფლებას, რომ ყველაფერი, რაც სიწმინდეა ჩემთვის, წაბილწო! მეორედ აღარ შევცდები და ბრმად აღარ ვენდობი სინანულს, რომელიც არ არსებობს! – ტუჩები აუკანკალდა და ხმა წაერთვა, მაგრამ მაინც დაასრულა სათქმელი. თუმცა ეს სიტყვები როდის იტევდა იმ სიძულვილს, იმ მტრობას, რომელიც ნიკოლოზმა გაუჩინა ლილეს. – ჩვენ შვილს... – დაიწყო არანაკლებ განერვიულებულმა მამაკაცმა, – რატომ დაარქვი ჩემი სახელი? აღარ გიყვარვარ? – არა, ნიკოლოზ, აღარ მიყვარხარ! – ჩურჩულით წარმოსთქვა, თითქოს არ უნდოდა, რომ ეთქვა. – მითხარი, რატომ ქვია მას ჩემი სახელი? – არ ნებდებოდა. – იმიტომ, რომ მომწონს! – ძლიერად იკრავდა თოთო ბავშვს გულში ლილე. – მხოლოდ მაგიტომ? – მხოლოდ ამიტომ. – დაიფიცე... ის გრძნობა დაიფიცე, რომელიც ოდესღაც მაინც გქონდა! თავბრუდასხმული ლილე კედელს მიეყრდნო ცალი მხრით და საცოდავად ამოიკვნესა. – ნიკოლოზ, წადი... შეგვეშვი! კარის დახურვას შეეცადა, მაგრამ ძლიერმა ხელებმა არ მისცეს ნება. – ნუ გამიკეთებ ამას... შემიცოდე, – ძლივს გასაგონად ამოუშვა ხმა მამაკაცმა. – შენ შეგვიცოდე, როცა ეს გაგვიკეთე? როცა მთელი ცხოვრება თავზე დაგვამხე? – ხმას აუწია ლილემ, რომლის მთელი სხეული ცახცახებდა უკვე. – ლილე... ცხოვრებაში პირველად იგრძნო ნიკოლოზმა ის, რასაც ლილე ამდენი ხნის მანძილზე გრძნობდა. მარტოობის მძაფრი შეგრძნება, ტკივილი, რომელიც მთელ შინაგან სამყაროს უწვავდა. ცრემლით დაენამა ჯერ მარჯვენა, შემდეგ კი მარცხენა მხარე. გატრიალდა და ბარბაცით გაბრუნდა. ერთ ხანს უყურა ქალმა და, როცა თვალს მიეფარა, თავისთვის ამოიჩურჩულა: –მარჯვენას გულწრფელი ცრემლი ასველებს პირველად, მუდამ... კარი გადაკეტა და ატირებული ნიკოლოზის დაწყნარებას შეეცადა. სიმშვიდე, რომელიც იმ რამდენიმე წუთში, მათი უხილავი კავშირიდან გამომდინარეობდა, რომლის აღიარებაც ჯერ მამაკაცს, შემდეგ ქალს აღარ სურდა. როგორი ძნელია იპოვნო და როგორი ადვილია დაკარგო... უყურებდე მიმავალს და ცრემლები, განცდები გახრჩობდნენ. ეს ბოლო იყო. ორივემ იცოდა. *** ალექსანდრე მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი იყო. ფულის ტომრები არ ელაგა, თუმცა არც მათი სიმცირით ოხვრიდა. ამიტომ, ნიკოლოზსა და ლილეს არასდროს აკლდათ საჭირო და ძვირფასი პროდუქტები, ტანსაცმლები და ზოგადი ნივთები. ცოტა რომ წამოჩიტდა პატარა, ძიძა აუყვანეს, რაც დიდად არ სურდა ლილეს, მაგრამ არც ის უნდოდა, რომ მთლიანად დაწოლოდა ალექსანრეს კისერზე. არ უყვარდა ყოფა, სადაც არ შეეძლო თავისი მიღწევით დაეკვეხნა. აუყვანეს და ისიც აქტიურად შეუდგა საქმეს, რომელიც ოდესღაც დიდი სიყვარულით აირჩია. უკვე ექვსი თვე გასულიყო, რაც ნიკოლოზი არ ჩანდა, ლილე კი ჯერაც არ ჩქარობდა მეორედ დაქორწინებას. რაღაც გრძნობა უჩნდებოდა, უღვივდებოდა ალექსანდრეს მიმართ, რომელსაც ვერაფრით უწოდებდა სიყვარულს. იმ მომენტში მაინც, ყოველშემთხვევაში. საღამოს, როცა სახლში გადაღლილი დაბრუნდა, კიდევ ერთი პროცესიდან, ძიძამ ამბავი დაახვედრა. – ვიღაც მამაკაცი იყო მოსული, ამოიჩემა მამა ვარ, ცოტა ხნით მომეცი უფლება მოვეალერსოვო, მაგრამ ვერაფრით ვენდე და ბავშვს ვერ მივაკარე... დაიბარა ხვალაც მოვალო, – მხრები აიჩეჩა პუტკუნა ქალმა. – ხვალ რომ მოვა, შემოუშვი, ლელა, – ხმა ისევ აუკანკალდა ლილეს. ვერ ხვდებოდა ასე მოულოდნელად რატომ ჩნდებოდა ყოველთვის და რატომ ურევდა კალაპოტში ჩამდგარ ცხოვრებას? რატომ უმღვრევდა დაწმინდავებულ წყალს? – ლილე, კარგად ხარ? – შეატყო ფერისცვალება ქალმა. – გადავიღალე... სააბაზანოში შევალ და ჩემი ბუსუნა დამახვედრე რა, – თბილი ღიმილით, სევდიანით, თუმცა მაინც თბილით, უთხრა ქალს და სააბაზანოსკენ გაემართა. შეეშინდა, რომ კიდევ შეხვდებოდა. კიდევ ერთი საშინელი წუთის ან წუთების ატანა მოუწევდა. შეეშინდა, რომ ისევ ცეცხლს მოუკიდებდა და გააწამებდა მის სიყვარულს, ყველა მამაკაცი, თუმცა არც ის უნდოდა, მამის სითბოს გარეშე აღეზარდა ბავშვი. ნიკოლოზისთვის წარსულის შერქმევას ლამობდა და ვერც კი ხვდებოდა იმდენად ახლო მომავალი იყო. თუნდაც ის შეხვედრები, ელემენტარული, ხელახლა რომ ტანჯავდა ორივეს და აშიშვლებდა მათ გრძნობებს. რის გამო ვერ დაიფიცა ლილემ? რის გამო ვერ გადაუშვა ჯანდაბაში მათი ძველი სიყვარული? იქნებ და ასე რომ არ მოქცეულიყო, ახლა ბედნიერიც ყოფილიყო... ფიქრები და ეს „იქნებ“ მუდმივად სტანჯავდა. შხაპი ერთადერთი იყო, რაც ამ სამყაროდან ალტერნატიულში ისროდა და ერთადერთი, რაზეც მაშინ ფიქრობდა, გარდამავალი წუთი იყო, რომელიც გარდაუვალიც კი ეჩვენებოდა... *** ვიცი, რომ ზედმეტადაც კი სევდიანი და ჩემ სტილს ცოტა აცელილი ისტორიაა, მაგრამ ასეც ხდება და ის ემოციები მინდა მოვიტანო თქვენამდე, რასაც ის ადამიანები განიცდიან... სინამდვილეშიც და აქაც. გმადლობთ, რომ კითხულობთ და ჩემი თხოვნა იქნება, ნუ იქნებით პასიურები და მომეცით მეტი მოტივაციის წყარო. მიყვარხართ! პ.ს რაც შეეხება პირველი თავის კომენტარებს, გვიან ვნახე და ვერ ვუპასუხე, რამოდენიმე მწერდა ამას ადრეც წერდიო? – არა, არ ვწერდი ადრე, ყოველ შემთხვევაში, ძველ ფაილებში მხოლოდ დაწყება დამხვდა და, რადგან ახალი იდეები არ მაწუხებდნენ, გაგრძელება განვიზრახე. რამდენადაც მახსოვს და ფაქტებიც ამავეს ამტკიცებენ, ეს მხოლოდ ფაილში ჩარჩენილი დაუსრულებელი ისტორიის გაგრძელებაა <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.