შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელი წერტილი (14 -15 თავები)


21-10-2015, 09:52
ავტორი murachashvili
ნანახია 3 987

მეთოთხმეტე თავი
მაია საქმეში მალე ჩაერთო, მისი ანალიტიკური გონება სწრაფად ჩაწვდა სიტუაციის არსს. საინტერესო ობექტების სანახავად მუსტაფასთან ერთად დადიოდა. ცოტა არ იყოს ვღელავდი ამ გასვლების გამო. ირგვლივ ათასი დანაღმული ადგილი იყო. მეშინოდა ხიფათი არ შემთხვეოდა.
- ხვალ პირველი და მეხუთე ტანკერების სანახავად მივდივართ. - მითხრა მან.
- რისთვის?
- დოკუმენტებში მითითებულია თითქოს ორმოცდაათი კაცი მუშაობს, რეალურად კი ასე არ ჩანს. მაინტერესებს რა ხდება. მე და მუსტაფას გვინდა დათვალიერება.
- ფრთხილად იყავი. მანდ მეზობლად ფერიდეს ოჯახის ტანკერებიცაა.
- ვიცი, მითხრა მუსტაფამ. ვეცდებით ისე მივიდეთ, რომ მათ არ შევხვდეთ.
ისინი შუადღის შემდეგ წავიდნენ, ალბათ ორი საათი იქნებოდა გასული მუსტაფამ რომ დამირეკა: - ქალაქის საავადმყოფოში მივდივართ!
გული გადამიქანდა - ხომ მშვიდობაა, მაიას ხომ არ მოუვიდა რამე?
- მშვიდობაა, გზაში დაჭრილი ბავშვი ვიპოვეთ და წამოვიყვანეთ.

მეც მაშინვე იქ მივდივარ. მაია რომ დავინახე შემეშინდა, სისხლით იყო მოსვრილი.
- ნუ გეშინია, ჩემი სისხლი არაა. - დამამშვიდა მან.
- რა მოხდა, ვინ იპოვეთ, სად? - კითხვები მივაყარე მე.
- გზაში, ტანკერების სანახავად რომ მივდიოდით, სავალი ნაწილიდან ავტომობილი იყო გადავარდნილი. მძღოლი მკვდარი იყო, ავტომობილში, უკანა სავარძელზე ბავშვი იყო დაჭრილი, იქ ვერ დავტოვებდით. სისხლად იცლებოდა და ჩვენით წამოვიყვანეთ.
- ვინ არის, საბუთები ქონდა?
- არ ვიცი, პოლიცია და სასწრაფოც გამოვიძახეთ. გვამს პოლიცია ათვალიერებდა, ჩვენ სასწრაფოს გამოვყევით.
სწორედ ამ დროს პოლიციის თანამშრომელიც მოგვიახლოვდა.
- მისტერ აბდელ, უკვე გაიგეთ? ეს-ესაა თქვენს მეუღლეს ვესაუბრეთ.
- ფერიდეს? რასთან დაკავშირებით? - გამიკვირდა მე.
- დიახ, დაჭრილი ქალბატონ ფერიდეს ძმის შვილია.
- ეგ არ ვიცოდი. ბავშვს იქ რა უნდოდა? - გამიკვირდა მე.
- არ ვიცით, მძღოლი გარდაცვლილია, ბავშვი კი მძიმედაა, ქალბატონო, თუ წინააღმდეგი არ იქნებით რამდენიმე კითხვა გვინდა დაგისვათ.
სანამ მაია კითხვებზე პასუხობდა ფერიდეს ოჯახის წევრებიც მოვიდნენ, მამა და ძმა, სახელად ჯემალი.
- აქ ხარ? - დიდად არ ესიამოვნა სიმამრს ჩემი დანახვა.
- დიახ, მაიამ და მუსტაფამ იპოვეს დაჭრილი. - ჯემალი მაიას ინტერესით უმზერდა, რომელიც პოლიციელს ესაუბრებოდა. სწორედ ამ დროს ექიმი გამოვიდა.
- ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. - გვითხრა მან. - ტყვიამ მკერდის არესი გაიარა, ჭრილობა გამჭოლი ხასიათისაა, საბედნიეროდ სასიცოცხლო ორგანოები არ დაუზიანებია. - ჯემალი და ჩემი სიმამრი ბედნიერნი არიან.
- ქალბატონო, თქვენს სიკეთეს ვერასოდეს დავივიწყებ. თქვენ შვილი გადამირჩინეთ! - მადლობას უხდის ჯემალი მაიას. ჩემს სიმამრს მადლობის გადახდა უჭის, არაფერს ამბობს, თუმცა სახეზე ეტყობა, რომ კმაყოფილია.
- კარგია, ამ ხალხისთვის რამდენიმე დღის წინ მტერი იყავი, ეხლა კი მემკვიდრის გადამრჩენი ხარ. ძნელია ერთდროულად მტერიც იყო და მოკეთეც!
- ბავშვს ვერ დავტოვებდით, სისხლად იცლებოდა. - მიხსნიდა მაია - თან არც ვიცოდი ვინ იყო.
- დარწმუნებული ვარ, რომც გცოდნოდა მაინც არაფერი შეიცვლებოდა, იგივეს გააკეთებდი.
- ბავშვს არაფერი დაუშავებია, ჩემი შვილი წარმოვიდგინე, იმედი მაქვს საჭიროების შემთხვევაში, დახმარების ხელს ყოველთვის გაუწოდებენ.
- ეს ხალხი შენი წყალობით ბედნიერია, იმედია ეს ემახსოვრებათ.
- ისინი თუ არა, ბავშვი ხომ ყოველთვის კარგად მომისხსენიებს, ის მაინც იქნება მადლიერი, თუ არადა არც ეგ მეწყინება, მე მისი დანახვა ყოველთვის გამიხარდება.
- შენ დღის გმირი ხარ, ოღონდ ასეთ ფორმაში ტერორისტ ქალს უფრო გევხარ. - ვხუმრობ მე, მაია იცინის.
- სახლში წავალ და მოვწესრიგდები.
- მეც წამოვალ, შენი მარტო დატოვება არ შეიძლება, ახალ ისტორიაში გაყოფ თავს.
- წამოდი, წამოდი, მთელი დღეა ისედაც უშენოდ ვარ! - ჩახუტება უნდა მაიას, მაგრამ ახსენდება, რომ გარშემო ხალხია და ჩერდება.
- კარგი იქნებოდა, რაც იფიქრე გაგეკეთებინა!- ჩუმად ვეუბნები მე.
- რა ვიფიქრე?
- ეტყობა სასიამოვნო რამ, ისე გაწითლდი. - მაია უფრო წითლდება.
- „საინტერესოა წლების შემდეგაც თუ გაწითლდება? - ვფიქრობ მე. - ალბათ გაწითლდება, ნამდვილად მეწყინება თუ არ გაწითლდება“- მე მისი უბრალოება მომწონს, მისი სიმორცხვე, და ზოგჯერ სიცივეც კი (ოღონდ სხვა მამაკაცების მიმართ).
მაიასთან მისულნი სკაიპით თბილისში ვრეკავთ. დათუნას ვხედავთ, ნიკას და ნინოს ვესაუბრებით და ბედნიერნი ვართ. უცნაურია ცხოვრება, საკუთარი შვილი ცხრა მთას იქით გვყავს დატოვებული, ვიდეო თვალში გვიღიმის, ეკრანს ეფერება.
- დედა, მამა მიყვარხართ. - გევუბნება და ჩვენც მზად ვართ ბოლო ხმაზე ვიტიროთ, მაგრამ ერთმანეთის გვერიდება, მონატრებას ვერ ვამჟღავნებთ.
- ეს არაფერია, მალე ერთად ვიქნებით!. - ვინუგეშებთ თავს.
- გული მწყდება, თეო ასეთი პატარა არასოდეს დამიტოვებია. ყოველდღე შეცვლილი მეჩვენება. იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რომ ჩვენს გარეშე გაიზრდება. შეიძლება ისე ძალიან აღარც ვუყვარდე.
- განა შეიძლება დაგივიწყოს? ხალხი წლობით ტოვებენ შვილებს, მაგრამ ასე არ ნერვიულობენ. ეს განშორება დიდხანს არ გაგრძელდება, აი ნახავ!
მაიას თვალები მაინც ცრემლებით ევსება - მომენატრა - სლუკუნებს ის.
- მეც მენატრება! - ვეუბნები და ვცდილობ დავამშვიდო.
- მაპატიე, არ მინდოდა, რომ დავინახე მისი მოფერება მომინდა.
- დათუნას მოფერებას ვერ ახერხებ, მაგრამ მე რომ ჩამეხუტო არ გინდა? - დამნაშავე ბავშვივით ვეკიხები. მაია მოწყენილი მიმზერს, მაგრამ მაინც მეხუტება.
- იცი დათუნასაც შენი სუნი აქვს. - მეუბნება ის და უფრო ძლიერ მეკვრის.
- მე კი, მგონია რომ - შენი! - ღიმილით ვეუბნები და უფრო ძლიერად ვიკრავ გულში.
მეორე დღეს სამსახურში მისულებს მაიას მაგიდაზე ვარდების დიდი თაიგული დაგვხვდა, რომელსაც ჯემალის სამადლობელი ბარათიც ამშვენებდა: - „კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას შვილის გადარჩენისთვის“ - წერდა ის.
მაიას ძალიან გაუხარდა: - ხედავ?! სიკეთის კეთებას აქვს აზრი. - კმაყოფილმა მითხრა მან.
- კარგი დასაწყისია, ყოჩაღ! - თაიგულს დიდ მნიშვნელობას არც მივანიჭებდი მეორე დღესაც იგივე რომ არ განმეორებულიყო. ამჯერად არ მესიამოვნა, მაგრამ ხმა არ ამომიღია, მესამე დღესაც იგივე რომ განმეორდა უკვე ავღშფოთდი.
- ვერ ვხვდები რა უნდა. - გაუკვირდა მაიას - ამდენი მადლობის გადახდაც არ მითხოვია.
- ალბათ, ერთი თაიგული ეცოტავა! - ირონიულად ავღნიშნავ მე- ბევრი საქმე გაქვს?
- არა, ფინანსურ სამსახურს ანგარიში უნდა წარმოედგინა, ისე ამ ანგარიშის განხილვა შენთან ერთად მერჩია თუ გცალია.
- რა თქმე უნდა. - ჩვენ საბუთები წამოვკრიფეთ და ჩემს კაბინეტში გადავინაცვლეთ, საკმაოდ შთამბეჭდავი ნამუშევარი იყო, ყველაზე მეტად ფინანსური ანგარიშების შემოწმებას ვერ ვიტანდი. დებეტი და კრედი ჩემთვის ჩინური ენა იყო, მაგრამ მაია იმდენად დაწვრილებით მიხსნიდა, რომ მიკვირდა: -„ასე იოლი გასაგები თუ იყო, მე რატომ ვერ ვიგებდი მეთქი“.
ასე ანა-ბანასავით ვერკვეოდი საქმებში და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებოდი, რომ მაია იდეალური პარტნიორი იყო. თითოეულ ციფრს შესაშური გულმოდგინებით უკირკიტებდა. აჯამებდა და ანგარიშობდა. უკვე საღამო იყო, როცა მუშაობას მოვრჩით. ისეთი დაღლილი ვიყავი, თვალებს ვეღარ ვახელდი. არც მაია იყო ნაკლებ დღეში.
- ასე თუ ვიმუშავეთ ყოველ დღე, იცოდე გავაპროტესტებ და გაგშორდები! - ვემუქრები მე.
- ამის შემდეგ გავითვალისწინებ. ეს ერთი კი მაპატიე. - იცინის და მკოცნის.
- თუ მუშაობის შემდეგ ასე მაკოცებ, თანახმა ვარ ვიმუშაოთ რამდენიც გინდა!.
მაია იცინის: - წავიდეთ, მეც ძალიან დავიღალე. ცოტა ხომ არ გავისეირნოთ?
- კარგი, სადმე კარგ რესტორანში ვისადილოთ და გავისეირნოთ. ღამით სახლშიც გავივლი, ფერიდე აღარ მირეკავს და მოვიკითხავ.
- კარგი, წავიდეთ.
მდივანი ღიმილით გვემშვიდობება.

ოთახიდან გამოსულებს ჯემალი შეგვხვდა ფოიეში დიდი თაიგულით ხელში.
- ქალბატონო მაია, როგორ ბრძანდებით? - უხერხულად შეიშმუშნა ის.
- გმადლობთ, კარგად, თქვენ? იმედია პატარა უკეთ არის? - მოიკითხა მაიამ.
- დიახ, საბედნიეროდ უკეთესადაა. დროულად მიუსწარით. როგორც ექიმმა გვითხრა, დაგვიანების შემთხვევაში ბავშვს ვერ გადაარჩენდნენ.
- მიხარია თუ უკეთესადაა, ნახვამდის. - დაემშვიდობა მაია.
- ქალბატონო მაია, ეს თაიგული თქვენ გეკუთვნით. - შეაჩერა ჯემალმა.
უხერხულად შევიშმუშნე.
- მესმის, რომ გაგიხარდათ შვილის გადარჩენა, მაგრამ ასე შეწუხება საჭირო არ არის.
- მე მადლობის ნიშნად არ ვაგზავნი თაიგულს, მინდოდა ამ მცირედით საკუთარი სიმპათია გამომეხატა!. - ჯემალის თავხედობა უკვე მაღიზიანებდა.
- ბატონო ჯემალ, არ მინდა უზრდელობაში ჩამომართვათ, მაგრამ გთხოვთ, თავი შეიკავოთ ასეთი ყურადღებისგან. - უხეშად უთხრა მაიკომ და ლიფტის მიმართულებით დაიძრა. მეც უკან მივყევი. ჯემალი გვიყურებდა ვიდრე თვალს არ მივეფარეთ.
- ესეც ასე, ახალი თაყვანისმცემელიც გამოგიჩნდა!.
- რაღა მიჭირს, ჯემალის ყვავილების გარეშე ნეტა რა მეშველებოდა? - ირონიულად აღნიშნა მან.
- რა ვიცი, კი აურიე თავგზა. -ხუმრობას ვცდილობ მე.
- მორჩი, მისი ყურადღება სულაც არ მოწონს!. არ მინდა ფერიდეს ოჯახთან ჩემს გამო ურთიერთობა დაგეძაბოს. ვეცდები, როგორმე მშვიდად მივუჩინო ადგილი.
- შენს ადგილზე დიდი იმედი არ მექნებოდა. ისეთი კაცების კატეგორიას ეკუთვნის ქალის უარი კეკლუცობა რომ გონია.
- გთხოვ, შენ ნუ ჩაერევი. - მეხვეწება მაია.
- ცოტა ხანს ვადროვებ, იქნებ გაჩერდეს. თუ არადა მოუწევს ჭკუის სწავლა! - მუქარის ტონით ვამბობ მე.
მაიას უარმა შედეგი ვერ გამოღო. მეორე დღეს თაიგული კვლავ მაგიდაზე იყო. მაიამ მდივანს დაუძახა.
- თუ შეიძლება ეს ყვავილები გადაყარეთ. თუ კიდევ მოიტანენ, აქ არ შემოიტანოთ და არც გამოართვათ!
- ქალბატონო მაია, ჩემი ბრალი არ არის, ბატონ ჯემალს....
- მე მგონი გასაგებად გითხარით, არ მაინტერესებს ვინ მოიტანა და რა უნდოდა. ჩემს მაგიდაზე ყვავილები აღარ დავინახო!.
- მე რომ მოგიტანო? - ხუმრობას ვცდილობ მე, მაია მეც გაბრაზებული მიმზერს.
- იმედია უკეთეს საჩუქარს მომიტან! - ჩუმად მეუბნება მე.
- კარგი, წავედი, სანამ ცოლი წამართვეს, ჯობია საქმეს მივხედო! -თვალი ჩავუკარი და ოთახიდან გამოვედი. კოლიდორში კიბეებთან მომავალი ჯემალი დავინახე.
- ვინმესთან მოხვედი? - სალამზე არ ვუპასუხე, უხეშად ვკითხე მე.
- კი, ქალბატონი მაია მინდოდა მენახა.
- ვერ ვხვდები, მაიასთან რისთვის მოხვედი, რამე საქმე გაქვს?
- არ დაგიმალავ, აბდელ, ეგ ქალი მომწონს, ამბობენ ქმარი არ ყავსო...
- მერე? - ვღიზიანდები მე.
- მერე?! უცხოელია, ლამაზია... როგორ ფიქრობ მისგან რა მსურს? - უტიფრად მეკითხება ის.
- მე მგონი გასაგებად აგიხსნა, შენი ყურადღება არ მოსწონს!. - გამიმკაცრდა მე ხმა.
- მთლად ასე ვერ დავარქმევ. ქალია და თავს იფასებს. - იცინის ის.
- ბატონო ჯემალ, არ ვიცი თქვენ როგორ ქალებთან ურთიერთობას ხართ მიჩვეული - თავზე დაგვადგა მაია - მაგრამ მე ერთხელ ვამბობ და იმედია მეორედ არ მათქმევინებთ. არც თქვენი საჩუქრების მიღებას ვაპირებ და არც თქვენთან შეხვედრას. არ მინდა თქვენი ნახვა არც ეხლა და არც არასოდეს. გასაგებად აგიხსენით?! - ჩაეკითხა მაია, როცა შეამჩნია, რომ ჯემალი კვლავ შეწინააღმდეგებას ცდილობდა.
- ეხლა მე მომისმინე. მის ახლოს არ დაგინახო, არც შენ და არც ვინმე შენიანი. ეს ქალი მარტო არ არის და ტყუილად ნუ ცდილობ მასთან საქმის დაჭერას. იცოდე, საქმე ჩემთან გექნება! - კბილებში გამოვცერი მე.
- ისე ოფოფრები, თითქოს რამეს ვაშავებ?. - ცინიკურად მეკითხება - შენი ქალია?! მე პრობლემა არ მაქვს, მოვიცდი, როცა მოგბეზრდება მე გადმომილოცე! - ეს კი ვეღარ მოვითმინე და ჯემალს ყბაში მუშტი შემოვცხე, იგი კიბეებზე მოწყვეტით გადავარდა.
- რას აკეთებ, გაგიჟდი? რამე არ მოუვიდეს. - შეშფოთდა მაია. საბედნიეროდ ჯემალს სერიოზული არაფერი დაშავებოდა. ცხვირ-პირ დასისხლიანებული მძიმედ წამოდგა და მუქარით წავიდა.
- არ გეგონოს ეს ამბავი შეგრჩეს, მოგიწევს პასუხის გაცემა. საინტერესოა ოჯახს როგორ აუხსნი! - მემუქრებოდა ის.
- ესეც შენი მადლობა. ასეთი ყეყეჩი ადამიანის მნახველი არ ვარ, ეხლა რა ვქნათ?
- ერთი მაგის.... - ქართულად ვიგინები მე, ძირითადად მე და მაია ერთმანეთში ქართულ ენაზე ვსაუბრობდით - რაც უნდა ის ქნას!.
ჩემი და მაიას ამბავი ჯემალმა ქვეყანას მოსდო. მე მრუში ვიყავი, ხოლო მაია მსუბუქი ყოფაქცევის, უცხოელი ქალი, რომელმაც გამომიჭირა და მის ჭკუაზე მატარებდა. ჩვენი ერთად გამოჩენა მითქმა-მოთქმას აძლიერებდა, თუ ჩვენთან ერთად ფერიდეც იყო, მაშინ იგი - საცოდავი, მოტყუებული ცოლი იყო, რომელსაც ქმარი თვალწინ ატყუებდა, მან კი არაფერი იცოდა. საერთოდ, როგორც წესი მარტივია სხვის ცხოვრებაზე მსჯელობა, საკუთარი წარმოდგენის შექმნა. ზოგჯერ - მცდარისაც. მთავარია საკუთარი ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილო, ფანტაზია აამუშავო და....
სამივენი თავს ვიყრუებდით, ვითომ არ გვესმოდა და ვითომ ვერაფერს ვამჩნევდით. განხილვის საგანი იყო მაიას თავსაბურავის გარეშე სიარული, მისი ჩაცმულობა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თანამედროვე, არაბი გოგონა თავსაბურავს არ ატარებდა, მაიას შიშველი თავით სიარული მაინც დიდი განსჯის საგანი იყო. იქნებ ცოტა დაწყნარდნენო და თავზეც დაიფარა, ამის შემდეგ მაია ფარისეველიც გახდა.
- ცდილობს თავი პატიოსან ქალად მოგვაჩვენოს. - ჩურჩულებდნენ გარშემო. ამიტომ მაიას მოწყონდა თავსაბურავის ტარება და მალევე მოიხსნა. ერთადერთი ვისაც მაიას დანახვა უხაროდათ, ბავშვები იყვნენ. ავტომობილიდან გადმოვიდოდა თუ არა მის გარშემო მუდმივად ბევრი ბავშვი ირეოდა. რამოდენიმე წუთში გამოპრანჭავდა, დაბანდა გაასუფთავებდა, წარმოდგენებს მართავდნენ და ერთობოდნენ.
- უცნაურია, რატომ გელოდებიან ყოველ დღე? - ვკითხე მე.
- ბავშვებმა ყველაზე კარგად იციან ვინ როგორი ადამიანია. ალბათ, ხვდებიან მათთვის ცუდი რომ არ მსურს.
- კარგია, ჩემი საყვარელი ქალი ბავშვებსაც უყვართ!
მაიას მოწონდა პერიფერიებში სიარული.
- იქ სხვა სულია. მიყვარს ბუნებრიობა, არ არის გაპრანჭული გარემო. - ამბობდა ის, მაგრამ ასეთ ბუნებრივ გარემოში ხიფათიც მეტი იყო: დამინული მინდვრები, დაპირისპირება მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის, ვითომ სამშვიდობო ძალები... ძნელი იყო ზუსტი პოზიციის ჩამოყალიბება. ვინ ვის მხარეს იბრძოდა ვერ გაიგებდი, ასეთ დროს რომანტიზმისა და ბუნებრიობის ძებნის პერიოდი არ იყო. ძირითადი სამიზნე ნავთობის ტანკერები იყო. თუმცა ზოგჯერ კოორდინატების მითითება ზუსტად არ ხდებოდა და მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდებოდა. დაძაბული მდგომარეობა იყო. დღითი-დღე ხალხი უფრო ღიზიანდებოდა, ფორმაში ჩაცმული უცხოელი ყველა ამერიკელად მოიაზრებოდა. მათ მიმართ ზიზღი და აგრესიაც მატულობდა.
- არ ვიცი ასე როდემდე გაგრძელდება. - მეუბნებოდა მუსტაფა - გუშინაც ჩვენი ტანკერები დაუზიანებიათ, მაგრამ ამას ვინ ჩივის. დღეს მითხრეს, რომ დაბომბვის ნუსხაში ჩვენი სოფლებიც შეუტანიათ. ამტკიცებენ ნავთობით სავსე რეზერვუარები და იარაღის საცავები აქვთო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს განგებ ავრცელებენ ასეთ ინფორმაციას, რომ დიდი ზიანი მოგვადგეს. მხოლოდ ჩვენი მიწები რომ იყოს, ვიფიქრებდი ჯემალი დგას ამის უკან მეთქი, მაგრამ მისი მდგომარეობა უფრო სავალალოა. ზედი-ზედ ორი ობიექტი დაუბომბეს, რამდენიმე სოფლის მოსახლეობაც მიაყოლეს. იმ ხალხის საცოდაობით აღარ ვარ. დახმარებას ითხოვენ, რამე გვიშველეთო...
- მერე? - საუბარში ჩაერთო მაია - სხვა თუ არაფერი, ხალხის ევაკუაცია მაინც ხომ შეგვიძლია?
- ძალიან ძნელია, არ ვიცით კონკრეტულად რომელ სოფლებზეა საუბარი. ბოლოს და ბოლოს საკონსულოს მივმართავდით ან სამშვიდობოებს, მაგრამ ამის დიდი იედიც არ მაქვს.
- რატომ? -ვკითხილობ მე.
- ინფორმატორს ვერ დავასახელებ და არა მგონია ჩემს სიტყვებს ვინმე დაეყრდნოს.
- გამოსავალი არ არის?
- არ ვიცი, რაღაც უნდა მოვიფიქროთ. შეუძლებელია გამოსავალი არ არსებობდეს.

სამივენი ვფიქრობდით, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი მოვიფიქრეთ. საკუთარი უსუსურობის შეგრძნება მაღიზიანებს და ნერვებს მიშლის. - სადმე გავიდეთ, თითქოს გალიაში ჩამსვეს და გამოსავალს ვეღარ ვპოულობ!.
მეთხუთმეტე თავი
ოფისიდან წამოვედით და ქალაქ-გარეთ გავედით. პატარა სოფლის მაგვარი დასახლება, ნახევრად უდაბური ადგილი იყო. მიწური სახლებით. ქარი ქროდა და ქვიშას ჰაერში ატრიალებდა. პატარა, თავსაბურავ წაკრული გოგონა ეზოში ლეკვს ეთამაშება, ავტომობილის ფანჯრიდან ბავშვს ვუმზერთ. გოგონას თითქოს არაფერი ადარდებს, თუმცა ვხედავ, რომ ჩვენს ავტომობილს ყურადღებით აკვირდება.
- მაია, უმჯობესია თავზე დაიფარო, აქაურებს შეიძლება ამერიკელი ეგონოთ! - აფრთხილებს მუსტაფა. მაიას ყოველი შემთხვევისთვის თავსაბურავი ყოველთვის თან აქვს. თავს იბურავს და ავტომობილიდან გადავდივართ.
- როგორი საყვარელი ლეკვი გყავს?!. - ძაღლს ვუწონებთ ბავშვს, რომელიც აღტაცებული ათვალიერებს მაიკოს.
- დიახ, ჩემი მეგობარია. - ამაყად ამბობს ის.
- მართლა?! ერთგული მეგობარი გყოლია. - ლეკვი ლაქუცითა და კუდის ქნევით ჩვენსკენ მორბის. პატარა და ფუმფულაა, მისი წარმომავლობის დადგენა ძნელია. - რამდენი წლის ხარ?
- ათის. - გვპასუხობს გოგონა. სახიდან შუახნის ქალი გამოდის, შორიდან გვაკვირდება და ისევ ბრუნდება. - დედაჩემია, ამერიკელებს არ დაელაპარაკოთო, მაფრთხილებს ხოლმე. - გვიხსნის ის.
- ჩვენ ხომ ამერიკელები არ ვართ?. - ვეუბნები მე.
- ამიტომაც არ დამიშალა. - გოგონას გრძელი თმები და დიდი ბრიალა შავი თვალები აქვს. ეშხიანი, საყვარელი ბავშვია.
- ასეთ დროს სახლში რატომ ხარ, სკოლაში არ დადიხარ?
- ეკითხება მაია.
- დედას ეშიანია. არეული დროაო ამბობს, ათასი ჯურის ხალხი ირევაო, სკოლაში აღარ დავდივარ. - ნაღვლიანად ამბობს ის.
- ეს მიწები თქვენია? - მეკითხება მაია. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. - არ გინდა ოჯახს ვესაუბროთ, იქნებ რამე უჭირთ? - მაიას ვეთანხმები და სამივე სახლისკენ მივემართებით.
სახლი მiწურს უფრო გავს. ეზოდან პირდაპირ შედიხარ, ბნელი კედლებითა და პატარა ფანჯრებით. ოჯახში კიდევ სამი ბავშვი, შუახნის ქალი და კაცი დაგვხვდნენ.
- ჩემი მშობლებია! - კარგი ნაცნობივით გვაცნობს გოგონა - ესენი კი ჩემი ძმები არიან. - სამი პატარა მუხლებს ქვემოთ დაგლეჯილი შარვლებითა და მტვრისგან გახამებული პერანგებით ცნობისმოყვარედ გვიყურებენ.
- გამარჯობათ! - ვესალმებით ოჯახის ოფროსს. - მე აბდელ აზიზ ას საუდი ვარ, ეს კი მუსტაფა აზიზ ას საუდია, ომარის შვილი. - უფროსები თავს გვიხრიან.
- გვაპატიეთ, ჩვენი უყურადღებობა. ბოდიშს გიხდით, ბატონო, ვერ გიცანით... მობრძანდით, დაბრძანდით.- აფუსფუსდა ქალი.
- ჩვენ უბრალო ხალხი ვართ, თან ბატონიც დიდი ხნის ჩამობრძანებული არ არის. - თითქოს მეუღლეს ამშვიდებს მამაკაცი, თან ისიც ბოდიშს იხდი.
- თქვენი შეწუხება არ გვინდოდა, უბრალოდ გვაინტერესებდა, რამე ხომ არ გიჭირთ, დახმარება ხომ არ გჭირდებათ? - მაია ბავშვებს უმზერს, სახეზე ეტყობა, რომ მათმა მდგომარეობამ შეძრა.
- არა, ქალბატონო, ნუ ღელავთ. ჩვენ კარგად ვართ, ოღონდ მშვიდობა იყოს ... ეგ არის, რომ ბავშვების შინ დატოვება გვეშინია, ვეღარც ვმუშაობთ, ასეთ მდგომარეობაშიც ამიტომ აღმოვჩნდით. - ამბობს კაცი.
- ვეღარ ტოვებთ, რატომ? - დავინტერესდი მე.
- ბატონო, ამბობენ სოფელს თავს დაესხმიანო, ბომბს წინ ვინ დაუდგება. ბოლო ერთი თვეა სახლში ვართ გამოკეტილები, სხვა თუ არაფერი, ჩემს ოჯახთან მაინც ვიქნები.
მაიას ცრემლები მოადგა - ნუ გეშიანიათ. სახიფათო რომ იყოს, ჩვენ აქ ვიქნებოდით? არ გეგონოთ, რომ მარტონი ხართ, ჩვენც გვერდით გვიგულეთ, აქ თქვენთან ერთად!
- ქალბატონო, თქვენ ხშირად გხედავთ. ვიცით, როგორ გიყვართ ჩვენი შვილები, ეფერებით, ტკბილეულს ჩუქნით, მაგრამ...- ჩუმდება ქალი.
- რა მაგრამ? - ჩავეძიე მე.
- ამბობენ კარგი ქალი არ არისო, ბატონს თავ-გზა აურიაო. - ენის ბორძიკით ამბობს ქალი და თვალს გვარიდებს.
მაია მიხუტებულ გოგოებს უმზერს მოწყენილი, ნარვლიანი სახით.
- თქვენ გჯერათ მაგის? - ვეკითხები კვლავ მე.
- ძნელია ბატონო ხალხს არ დაუჯერო - უხერხულად ამბობს ოჯახის უფროსი.
- მართალი ხართ, ძნელია. - ეთანხმება მაია - იმედი მაქვს თქვენი შვილები ბედნიერები იქნებიან, ბიჭებიც და ქალიშვილიც. - ქალიშვილს განსაკუთრებით უსვამს ხაზს.
- ჩემი გოგონა გაღმერთებთ ქალბატონო, ამბობს, როცა გავიზრდები, მეც ასეთი ვიქნებიო.
მაია ბავშვთისკენ იხრება და გულში იკრავს: - შენ ბევრად უფრო ლამაზი და უკეთესი იქნები, აი, ნახავ თუ არა! - მტკიცე ხმით ამბობს ის და სახეზე ჩამოყრილ თმას უსწორებს. - არ დაგავიწყდეს, რომ ძალიან ლამაზი ხარ.
ოჯახს რაც ფული გვქონდა დავუტოვეთ: - იმედია ცოტა დაგეხმარებით! - ვეუბნები მე. კაცი გაოგნებული უმზერს ათას დოლარიანების რამოდენიმე შეკვრას.
- ბატონო, თქვენი ვალიდან ვერასოდეს ამოვალთ. - ლუღლუღებს ის.
- თუ დაგჭირდეთ, მხოლოდ დაგვიძახეთ. მხარში ამოგიდგებით.
მასპინძლები ეზოში გვაცილებენ. სანამ ერთმანეთს ვემშვიდობებით, მეზობელი სახლებიდანაც გამოვიდა ხალხი. არც მათი მდგომარეობა იყო დიდად განსხვავებული. ბავშვები მაშინვე მაიას შემოეხვივნენ, რომელიც ავტომობილში მომარაგებულ ტკბილეულს არიგებდა. ხალხი მიღიმოდა, მესალმებოდნენ, თავს მიხრიდნენ, როგორც მათ ბატონს. მე კი გული დარდით მევსებოდა, მეცოდებოდნენ ასეთ სავალალო მდგომარეობაში, რომ ვხედავდი.
შორს მტვრის ბუღი ჩანდა, რომელიც ნელ-ნელა გვიახლოვდება.
- ნამდვილად მანქანებია, თან ბევრი! -გადაულაპარაკეს ერთმანეთს. მათ სახეზე ღიმილი დაძაბულობამ შეცვალა, ჩვენ უსიტყვოდ გადავხედეთ ერთმანეთს.
- ვინ არიან? - მუსტაფამ და მე იარაღი მოვიმარჯვეთ, რამოდენიმე მამაკაციც ასევე მოიქცა და წამში შეიარაღებული ხალხის წრეში აღმოვჩნდით.
- ქალბატონო, იქნება ბავშვებთან ერთად შენობაში შეხვიდეთ. - უთხრა ერთ-ერთმა მაიას.
- ბავშვები შეიყვანეთ, მე კი თქვენთან ვრჩები! - გამიკვირდებოდა მაია შინ რომ შესულიყო. ბავშვები და ქალები წუთში სახლში შევიდნენ.
ვიდექით ასე იარაღ მომარჯვებული მამაკაცების წრეში მე და მაია. ქალს თვალები უელავდა და გზას გაჰყურებდა. სამხედრო ავტომობილები სწრაფად გამოჩნდნენ. ტენტიან სატვირთოებში ავტომატებიანი ჯარისკაცები იჯდნენ. ჩვენს დანახვაზე ავტომობილები გაჩერდნენ, პირველიდან სამხედრო ჩამოხტა და ჩვენსკენ გამოემართა. როცა დაინახა, რომ შეიარაღებულები ვიყავით, ახლოს არ მოვიდა. მანაც იარაღი მოიმარჯვა. ვუმზერდი ჯარისკაცს, ალბათ 20-25 წლის მაღალი, კარგად ნავარჯიშები ბიჭი იქნებოდა.
- საუბრობთ ინგლისურად? - დამტვრეული ინგლისურით გვკითხა მან.
- დიახ. - ვუპასუხე მე.
- ჯიდასკენ მივემართებით. გზას ხომ ვერ მიგვასწავლით?
- ჩვენ აქაურები არ ვართ. გზები არ ვიცით. - ატყუებს მაია.
- თემო, რაო? - ჩემთვის მოულოდნელად ქართულად გამოსძახეს ავტომობილიდან.
- არაფერი. - ქართულადვე უპასუხა ბიჭმა - გვატყუებენ გზა არ ვიცითო. - ხმის ტონზე შეეტყო, რომ ტყუილმა გააღიზიანა.
- ჩვენ მტრებს არ ვეხმარებით! - კბილებში გამოსცრა ერთ-ერთმა ჩემმა მცველმა ინგლისურად.
- მტრებს? ჩვენ მტრები არ ვართ. ეს თქვენ ხართ ტერორისტები! - ცხარობს სამხედრო. ავტომობილიდან ნელ-ნელა შეიარაღებული ჯარისკაცები ჩამოდიან და მტრულად გვიმზერენ.
- რა ამბავში ხართ? - ისმის ავტომობილიდან მკაცრი ხმა, ალბათ უფროსია. - გზის გაგება ასეთი ძნელია? - ავტომობილიდან გადმოდის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ახმახი. მტვრისგან დასაცავად სახე დაფარული აქვს.
- შეუძლებელია, - მესმის მაიკო ხმა- ეს კობაა? -ქართულად ეკითხება ის ჯარისკაცს. ჯარისკაცი გაოცებული უმზერს მაიას.
- დიახ. -ენის ბორძიკით პასუხობს ის - დავიჯერო არაბებმა ქართულად ლაპარაკიც იცით? - გაოცებას ვერ მალავს, იმდენად დაიბნა, რომ შემართული იარაღიც კი დასწია.
- ორი წუთით ვერ გენდობათ კაცი!. - კვლავ ჯიჯღინებს უფროსი და იარაღს თვითონ მართავს.
- ბატონო ასმეთაურო! - დაბნეული უმზერს ჯარისკაცი.
- წრიდან გამიშვით თუ შეიძლება. - გზას იკვლევს მაია, თან თავსაბურავს იხნის.
- ქალბატონო, არ გინდათ!. - მის შეჩერებას ცდილობენ, მაგრამ მაია მაინც წინ მიდის, მუსტაფა არ ჩამორჩა, ისიც მიყვება.
- კობა! - მესმის მაიას ხმა. ვცდილობ მეც უკან მივყვე, მაგრამ ჩემი მცველები წინ კლდესავით დამიდგნენ.
- ბატონო, იქ ვერ დაგიცავთ! - მეუბნებიან ისინი, მეც იძულებული ვარ დავნებდე. თან მაიას სიცილიც მესმის და ვმშვიდდები.
- ყველას ველოდი აქ, შენ კი არა. - მესმის მეთაურის ხმაც. ვხედავ მაიას პატარა ბავშვივით იტაცებს ხელში და აბზრიალებს. - აქ საიდან? მამაშენი რომ ვნახე ქმართან არის წასულიო, აქ თუ იყავი რას წარმოვიდგენდი. - ციბრუტივით აბზრიალებდა მაიკოს.
- გიჟი ხარ და სულ ასეთი იყავი. - იცინის მაია- დამსვი, თავბრუ დამეხვა, დამსვი! - მათი შეხვედრის შემყურე ჯარისკაცებმა იარაღები დაბლა დაწიეს.
- ტერორისტებთან რა გინდა? - ხუმრობს კობა.
- ვინ არის ტერორისტი?! - იცინის მაია. - საკუთარ თავს შეხედე. ხილაბანდით შენ უფრო გევხარ ყაჩაღს.
კობა ხმამაღლა იცინის და პირ-ბადეს იხსნის. - აქაურ ჰავას ვერ ვეგუები, კანი გამომიშრა, იძულებული ვარ მზისგან თავი დავიცვა.
კობას სიცილმა ნიკა გამახსენა, ეს დევივით კაცი მას მაგონებდა. ახალგაზრდა ნიკაც ალბათ ასეთი იქნებოდა. რადგან საფრთხემ გაიარა, ჩემმა მცველებმაც დაწიეს იარაღები და მომცეს მაიასთან მისვლის საშუალება.
- დიდი ხანია აქ ხარ? - ეკითხებოდა მაია კობას.
- არა, ორი თვეა. ხელშეკრულებით ერთი ბრიგადა საქართველოში გაიწვიეს და ჩვენ შევცვალეთ.
- მერე, საშიში არ არის? - შეწუხდა მაია - ოჯახში ალბათ ნერვიულობენ.
- რა ვქნა, მე სამხედრო ვარ. - ნარვლიანად უღიმის იგი.
- კობა, კობა, რომ იცდე როგორ მომენატრე, რამდენი წელია არ მინახიხარ!.
ამ დროს მიასთან მეც მივედი. - გაიცანი, ეს ჩემი მეუღლეა, კლოდი. - გვაცნობს ერთმანეთს. - ეს კი ჩემი კლასელი კობა მახარაშვილი. მე, ოთარი და კობა ბაღშიც ერთად ვიყავით და სკოლაშიც.
- ეს ინგლისურ-ქართული ოჯახი ამ დავიწყებულ მხარეში საიდან? - კითხულობს კობა.
- გრძელი ამბავია. ოღონდ გეტყვი, რომ ეს დავიწყებული მხარე, ჩემი მეუღლის საკუთრებაა.
- თქვენი? -უკვირს კობას. - მე სხვა ინფორმაცია მქონდა. -აშკარაა, რომ არ მოეწონა მაიკოს ნათქვამი.
- ვიცით რა ინფორმაიაც გქონდა. - სერიოზული სახით უყურებს მაია. - აქ ამ თემაზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ კარგი იქნებოდა წყნარად შეხვედრას თუ შევძებდით - შეაპარა მაიამ. კობა მე მიმზერდა. ეტყობა რაღაცას ფიქრობდა.
- ბატონო კლოდ, ეს ხალხიც თქვენ გემსახურებათ? - მოსახლეობაზე მეკითხება ის.
- დიახ. გარწმუნებთ ტერორისტები ნამდვილად არ არიან!. აქ მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობაა.
- ჯანდაბა. ყველაფერი ხელახლაა გადასამოწმებელი. - ჩუმად ეუბნება გვერდით მდგომ ჯარისკაცს, რომელიც თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.
- იმედია ამ სოფლის დაბომბვას არ გეგმავდით? - ღიმილით ეკითხება მაია. კობა ხმას არ იღებს, თუმცა დუმილით მივხვდით, რომ მაიამ სიმართლე უთხრა. - აქ ბავშვები და ქალებიც არიან, ჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს... - მუდარა შეერია მაიას ხმაში.
- კარგი, მაიკო. - შეაწყვეტინა კობამ - ცხოველები არ ვართ, არ ვიცოდით.
- ასეთი სოფლები ბევრია. გონიათ იარაღის საცავებს ანადგურებენ და სინამდვილეში ხალხს წყვეტენ! - ვერევი საუბარში მეც.
- გასაგებია. - კობა ჩაფიქრდა - რამე რომ იყოს თქვენი იმედი მქონდეს? - მეკითხება მე.
- ხალხს თუ დავეხმარები, კი. - ჩვენ ერთმანეთის ნომრები ჩავიწერეთ და მეგობრულად დავშორდით.
ჯარისკაცები წავიდნენ თუ არა სახლში შეყუჟული ქალები და ბავშვები გამოიშალნენ.
- ქალბატონო, დღეს სისხლის ღვრისგან გვიხსენით. - ეუბნებოდნენ მცველები მას.
- მე არაფერი გამიკეთებია. მშვიდობიან მოსახლეობას მაინც არაფერს დაუშავებდნენ.
- სამწუხაროდ ქალებსა და ბავშვებშიც ტერორისტებსა და კამიკაძეებს ხედავენ. - აღნიშნავს ერთ-ერთი ქალბატონი - არცაა გასაკვირი, როცა ადამიანს მთელ ოჯახს მოუკლავენ, ისიც შურისძიებაზე იწყებს ფიქრს. გინდა ქალი იყოს და გინდა ბავშვი. შემდეგ სულ ერთია, ამიტომაც ამერიკელებს ყველა არაბი, ქალიც და ბავშვიც ტერორისტი გონიათ.
- ეს ბიჭები ამერიკელები არ არიან, ისინი ქართველები არიან.
- მაშინ, რა უნდა ქართველს აქ?
- ისინი სამშვიდობოები არიან, თქვენ გიცავენ.
- ქალბატონო, თქვენ გჯერათ ამის? - ნაღვლიანად ეკითხება ქალი.
- მჯერა. -მტკიცე ხმით პასუხობს მაია. - ისინი თქვენს სოფელს თავს არ დაესხმებიან, არც დაბომბავენ, ამის გარანტიას მე და აბდელი გაძლევთ, არც ერთი თქვენი სოფელი არ დაიბომბება. ვიცი, კობა იმედს არ გამიცრუებს!. - ბოლო სიტყვები მაიამ ქართულად თქვა - მისი მჯერა.
- ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, ჩვენ გვჯერა თქვენი, ამ ბავშვებსაც. იმედია არ გაგვაწბილებთ. დღეს ჩვენ გადაგვარჩინეთ, მოვა დრო და არც ჩვენ გიღალატებთ. - მეუბნებიან მე. სოფლის თავი ჩემთან მოდის. - თქვენ ჩვენი ბატონის დაკარგული შვილი იყავით, დღეიდან კი თქვენ ხართ ბატონი. - მამაკაცს თვალები ცრემლებით აქვს სავსე. უნდა ხელზე მეამბოროს, მაგრამ მეგობრობის ნიშნად ერთმანეთს ვეხვევით. ჩვენ ავტომობილში ვჯდებით, ბავშვები ყიჟინით მოგვაცილებენ, მამაკაცები ჰაერში ისვრიან. სოფლიდან კმაყოფილები წამოვედით, მაგრამ ეიფორიამ მალევე გადაგვიარა.
- ეს ყველაფერი დროებითია. - დუმილი დავარღვიე მე - სრული გარანტია არ გვაქვს, რომ ამ ხალხს მშვიდობა ექნება და არავინ შეაწუხებს.
- გარანტიას ვერავინ მოგვცემს. თუმცა დღეს შედეგი გამოიღო. საინტერესოა კობას ნდობა შეიძლება? - ეკითხება მუსტაფა.
- არ ვიცი. ბავშვობიდან ვიცნობ. კარგი ბიჭია, რაც მთავარია ბოროტი ადამიანი არ არის. ჩემის აზრით მოსახლეობას არ შეაწუხებს. ის ბუნებით მოძალადე ადამიანი არ არის.
- ეს მისი დღევანდელი ქცევიდანაც გამოჩნდა. - ჩავერიე საუბარში - სხვა მის ადგილზე ამდენი შეიარაღებული ადამიანის დანახვისთანავე ცეცხლს გახსნიდა. სიტყვის ამოღებასაც კი არ დააცდიდა. შემდეგ იტყოდა წინააღმდეგობა გაგვიწიესო. არ დაიჯერებდნენ ?! ტერორიზმთან ნაყოფიერ ბრძოლისთვის დააწინაურებდნენ კიდევაც.
- კობა დაწინაურების გამო ყველაფერს რომ იკადრებს. მე მგონია უნდა შევხვდეთ. გავიგოთ რა ფარგლებს მოიცავს მისი სამოქმედო ტერიტორია. იქნებ მოვახერხოთ და ტანკერები თუ ვერა, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაა ის ადგილები მაინც გადავარჩინოთ.
- გვთავაზობ ვითანამშრომლოთ და ტერიტორიები ჩვენით მოვუნიშნოთ?! - აღშფოთდა მუსტაფა - ამას ღალატი ქვია.
- ეგ არ მითქვამს. - შეეწინააღმდეგა მაია - გთავაზობ, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაა ის ადგილები მოვუნიშნოთ, იქ რომ არ ბომბონ.
- ეგ ხომ ერთი და იგივეა?! - არ ცხრებოდა მუსტაფა - თუ იმ ადგილებში მოსახლეობა არ არის, მაშინ შეიძლება დაარტყა და გაანადგურო?
- რამდენადაც მახსოვს, დილით საფიქრალი ის გვქონდა დასაბომბი მშვიდობიანი მოსახლეობა როგორ გადაგვერჩინა?. - გაუკვირდა მაიას.
- ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ამერიკის მოკავშირეობა არ დაგვწამონ. გამორიცხული არაა ამ ურთიერთობის გამო არაბული, რეაქციული მხარე დავიპირისპიროთ. - საუბარში ვერევი მე.
- ეჭვი შენი წარმომავლობის გამო არ ექნებათ? ნახევრად ხომ ინგლისელი ხარ? ისედაც ფიქრობენ, რომ ცხოვრების წესით და აზროვნებით ევროპელი ხარ, ამაში მაიკს ადანაშაულებენ. ასე ფიქრი ალბათ, უფრო შვებას გვრით. თუ აშკარად მოქმედებას დავიწყებთ, არ არის გამორიცხული, რომ მტერთან მოკავშირეობაც დაგვბრალდეს. - თავის პოზიციას არ თმობს მუსტაფა.
- გამოდის საშველი არ ყოფილა?
- მოდით, სანამ რამეს გადავწყვეტთ, უხუცესთა კრება მოვიწვიოთ. ვნახოთ, რას გვეტყვიან, თუ საჭირო იქნება კობას შევახვედრებ ოჯახის თავებს. დაე, თვითონ ხალხმა გადაწვიტოს როგორ იმოქმედონ. მე მათთვის მშვიდობის გარანტი ვიქნები. კობასთან მოკავშირეობა თუ გამოვა ხომ კარგი, თუ არა და ჩემს ევროპულ კავშირებს გამოვიყენებ და ოფიციალურად მოვითხოვ, რომ ამ ტერიტორიებს ვერავინ შეეხოს!
- იმედია ყველაფერი ისე ჩაივლის როგორც გსურს. სიფრთხილე გვმართებს. ფერიდეს ოჯახი ჩვენს წაბორძიკებას ელოდება. პატარა შეცდომაც კი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. არც ის მოეწონებათ, თუ ხელშეუხებლობის გარანტიას მხოლოდ შენს მიწებზე მიიღებ.
- მაგ საკითხზე ბევრი ვიფიქრე. გარანტიის სანაცვლოდ მეც საპასუხო ქმედებებს მოვითხოვ.
- რას? - გაუკვირდა მაიკოს.
- ამას შემდეგ გეტყვით. ვნახოთ ოჯახის თავები რას გვირჩევენ. თუ ჩვენს წამოწყებას მხარს დაუჭერენ, სანაცვლოდ მაიასა და ჩემი შვილის ხელშეუხებლობის გარანტიასაც მომცემენ. ყველა მიიღებს მაიას, როგორც ჩემს ცოლს. ხოლო დათუნას, როგორც ერთადერთ ოფიციალურ მემკვიდრეს.
- გგონია უკვე მოვიდა დრო? - მაიას თვალებში შიში დავინახე, შეშფოთება.
- მათ გარანტია ჭირდებათ, ფერიდესთან ქორწინებაც ამისთვის სურდათ. მე გარანტიას ქორწინების გარეშე მივცემ, სამაგიეროდ - ისინიც დამპირდებიან, რომ ჩემს ოჯახს არაფერს დაუშავებენ. მათ ინტერესშია ამ პირობის დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ფერიდეს მაინც დავშორდები და საერთოდ ვერაფერს მიიღებენ.
- ისე უნდა მოვახერხოთ, რომ ვერცერთმა მხარემ ომში ვერ ჩაგვითრიონ, როგორმე ნეიტრალურ ზონად უნდა დავრჩეთ. - დუმილი დაარღვია მაიამ - ნეიტრალიტეტი, ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება. მაშინ აღარც მტრის მოკავშირედ ჩაგთვლიან და არც მოღალატე იქნები.
- ნეიტრალიტეტი საუკეთესო გზა იქნებოდა. - დაეთანხმა მუსტაფა - მაგრამ ძნელია ამის მიღწევა. ხალხს ოჯახები ყავთ საომარ მხარეს. ისინი იბრძვიან, არამგონია, რომელიმეს დახმარება დაჭირდეს და ოჯახმა უარი უთხრას.
- გამოდის ამ ომში უკვე ჩართული ვყოფილვართ.
- კი, ასეა. - ვეთანხმები მეც - ან ომობ ან ნებდები. შუალედური რგოლი არ არსებობს.
- იქნებ მაინც გვეცადა? დროს მაინც მოვიგებთ.. - კითხულობს მუსტაფა.
- ჩვენთვის ყოველი დღე გადარჩენილი ადამიანია, ვნახოთ რა იტყვიან კრებაზე.

სახლში დაბრუნებულებმა ბიძია ომარს ვთხოვეთ, რაც შეიძლება სწრაფად უხუცესებთა კრება მოეწვია. განსაკუთრებით საომარ ტერიტორიასთან ახლოს, პერიფერიებში არსებული სოფლის თავები, თავისთავად მოწვევა ფერიდეს ოჯახსაც მიუვიდა. უხუცესებთან შეხვედრის ორგანიზებას დიდი დრო არ დაჭირდა. სამ დღეში ყველა დაეთანხმა მოსვლას. თავსაბურავ მოხვეული მოხუცები რიგ-რიგობით შემოლაგდნენ დარბაზში, მათ შემხედვარეს პირველი კრება გამახსენდა. ფერიდესთან ქორწილის გადაწყვეტილება, რომ მიიღეს. ამჯერად კრებაზე უფრო მეტი ხალხი იყო მოსული. დიდი დარბაზი ისე გაივსო ნემსსაც ვერ ჩააგდებდი.
- ამდენნი რატომ არიან? - გამიკვირდა მე.
- პირველ შეხვედრაზე საბჭო სრულად არ იყო მოსული. ამჯერად ბატონთან მობრძანება ყველამ ინება. უცებ გავრცელდა თქვენი ამბავი. მაიას ნახვაც სურთ. აინტერესებთ მისი გაცნობა. ბავშვები, როგორც მზეთუნახავს ისე აღწერენო. - გაეცინა ომარს - მათთვის მხსნელი ანგელოზიაო.

- მოგესალმებით ბატონებო! - საუბარს იწყებს ბიძია ომარი - ჩვენმა ბატონმა თქვენი შეკრება მთხოვა, მიხარია რომ დაგვაფასეთ და მობრძანდით. თქვენი გამჭრიახობისა და სიბრძნის დიდი იმედი გვაქვს.
- ეტყობა სერიოზული საკითხია რადგან ბატონმა გვიხმო. არ გვინდა დროის გაჭიმვა პირდაპირ საკითხზე გადავიდეთ. - საუბარში ჩაერია კრებაზე ასაკით ყველაზე უხუცესი.
- რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სოფელში გახლდით - დავიწყე საუბარი - სადაც პატარა უსიამოვნო ინციდენტს შევესწარით...
- პატარას? - უკვირს იმ სოფლის უხუცესს - ბატონო, თქვენ და თქვენი თანმხლები რომ არ ყოფილიყავით, მე ეხლა ამ სხდომაზე არ ვიქნებოდი.
- ასეა თუ ისე დღეს ყველანი აქ ვართ. მოგეხსენებათ, რომ ყოველდღიურად ჩვენი ქონება თუ მოსახლეობა იბომბებაიბომბება. მიზეზად ტერორიზმთან ბრძოლა სახელდება. მე მინდოდა მთავრობისთვისა და ამერიკის ჯარებისთვისაც მეცნობებინა, რომ ჩვენი ტერიტორიები ტერორისტულ ომში ჩართული არ არის და არც იქნება. მინდა ნეიტრალიტეტი მოვითხოვო, რასაც შედეგად ხელშეუხებლობის გარანტია მოყვება.
ჩემს სიტყვებს გაოცების შეძახილი მოყვა. ხალხი უცებ აზუზუნდა, თითქოს ფუტკრებით სავსე სკა იყო. ჩუმად ვუმზერდი. აზრები აშკარად გაიყო. ნაწილი მომხრე იყო, ნაწილი- წინააღმდეგი.
ფერიდეს ოჯახი დუმდა. კამათში არ ერეოდა, თითქოს ეს საკითხი მათ არ ეხებოდათ. ბოლოს დუმილი ჩემთან მოსულმა ჯემალმა დაარღვია:
- ბატონო, როგორც ვხვდები, ნეიტრალიტეტს მხოლოდ თქვენი მიწებისთვის მოითხოვთ. - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე - ჩვენი ოჯახის აქ ყოფნას აზრი არ აქვს. თქვენის ნებართვით დაგტოვებთ.
- თქვენს ადგილზე დავფიქრდებოდი, იქნებ გსურთ ნეიტრალიტეტი? - ვკითხე მე. ალბათ ასეთ წინადადებას არ ელოდა - რამდენადაც ვიცი, არც თქვენმა ოჯახმა იზარალა ნაკლებად.
- ვერაფერს გეტყვით. უხუცესთა საბჭო თუ მიიღებს თქვენს წინადადებას, შემდეგ მამასთან მოგიწევთ საუბარი.
- კრების დასრულებას დაველოდებოდი. ის მაინც მეცოდინებოდა მამისთვის რა მეთქვა, სხვისგან მოყოლილს საკუთარი ყურით მოსმენილი სჯობს. - ოდნავ ირონიულად ავღნიშნე მე.
ჯემალმა უხალისოდ დამიჯერა და ძველ ადგილს დაუბრუნდა.
- როგორც ვხედავ აზრები გაიყო. გისმენთ ბატონებო. ოღონდ თუ შეიძლება რიგ-რიგობით გამოდით სიტყვით.
- ბატონო, თქვენი იდეა ძალიან კარგია. ოღონდ არ ვიცით, რამდენად შევძლებთ მაგ პირობების დაცვას. არა მგონია ამერიკის მთავრობა თავისი პირობების გარეშე დაგვეთანხმოს, სანაცვლოდ რას მოგვთხოვენ?.
- როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მოითხოვონ და რას ვერ შევასრულებთ? - ეკითხება ბიძია ომარი.
- მინიმუმ სრულ ნეიტრალიტეტს მაინც მოგვთხოვენ!
- მერე, ვერ დავიცავთ? - გამიკვირდა მე.
- ბატონო, ჩვენს უკან ოჯახები დგანან. ყველას გვეყოლება თითო წევრი მაინც, ვინც ამ ომშია ჩართული. განა იოლია ამ მდგომარეობაში ნეიტრალიტეტის დაცვა? ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ ისევ რომელიმე ჩვენთაგანი არ დავარღვევთ პირობას? მე პირადად გამიჭირდება. ოჯახის წევრს დახმარებაზე უარს ვერ ვეტყვი. გასაჭირში ვერ მივატოვებ. ასე ორ ცეცხლს შორის აღმოვჩნდებით. ამერიკელები ჩათვლიან, რომ ზავს ვარღვევთ. ხოლო თუ ჩვენებს უარს ვეტყვით დახმარებაზე, მოღალატეები გამოვალთ.
- უცნაური ლოგიკაა! - ვერ მალავს აღშფოთებას მეორე უხუცესი - თუ ასე ვიმსჯელებთ, განა იგივე ოჯახის წევრს არ აქვს ვალდებულება, რომ მთელი კლანი შარში არ გახვიოს? მისი უგუნური საქციელის გამო შეიძლება ხალხი და სოფელი დაზარალდეს?!
- საინტერესოა, შენი ჯამილი რომ მოვიდეს დაჭრილი ან რამე უჭირდეს, სახლიდან გააგდებ? - აღშფოთდა მესამე უხუცესი.
- ბატონებო, თუ შეიძლება დამშვიდდით. მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. ოფიციალურად ომში ჩართული არ ვართ, მაგრამ ჩვენი სოფლები უკვე პოლიგონად აქციეს. კარგად უნდა დავფიქრდეთ რა გვსურს. ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენს გადაწყვეტილებაზე ხალხის სიცოცხლეა დამოკიდებული. ჩემი ევროპული კავშირები გამოვიყენოთ და ჩვენი ტერიტორიების ხელშეუხებლობის გარანტია მოვიპოვოთ, რაც გულისხმობს, რომ შორს უნდა ვიყოთ როგორც არაბებისგან, ანუ მეომრებისგან ასევე ამერიკელი სამშვიდობოებისგან. მესმის, რომ ეს რთული იქნება, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს ნებისმიერ სისუსტეს შეიძლება დიდი სისხლისღვრა მოჰყვეს. - ვამბობ მე.
- გაგიჭირდებათ ბატონო დაპირების მიცემა. ნეიტრალიტეტი ჩვენი ოჯახებისთვის გადარჩენაა, მაგრამ... - კვლავ ორჭოფობენ უხუცესები.
- როცა თქვენი უსაფრთხოებისთვის ჩემგან მოითხოვეთ მსხვერპლი, მე გავიღე... თქვენს გამო ცოლად მტრის ქალიშვილი მოვიყვანე. ძალიან გთხოვთ ამას ნუ დაივიწყებთ. ნეიტრალიტეტი ისევ თქვენი ოჯახებისა და თქვენი ახლობლების სიცოცხლეს გადაარჩენთ. ერთი ოჯახის წევრის სიყვარულს ნუ შეეწირებით მსხვერპლად.
- მსხერპლად? - ლაპარაკში ჩაერია ჯემალი - ანგელოზივით და გამოგაყოლე და მსხვერპლად შეგვეწირე? - სახე გაფითრებული აქვს, ხმა ფიცხი.
- კი, შევეწირე. - არ ვიხევ უკან მე - ეხლა იმ მდგომარეობაში არ ხარ, ჩემს წინაშე შეურაწყოფილი ცოლის ძმის როლში იყო! შენც კარგად იცი, რომ ჩვენი ურთიერთობა დღემდე არ მოწესრიგდა. მემკვიდრე ელით, ოღონდ ერთი რამ მინდა გითხრა, თუ თქვენს ოჯახსაც სურს ნეიტრალიტეტის მოპოვებაში დავეხმარო, მე და ფერიდე ერთმანეთს უნდა დავშორდეთ. თქვენი ბიზნესის უსაფრთხოების გარანტი მე ვიქნები, ოღონდ განქორწინების სანაცვლოდ.
ჩემს სიტყვებს დიდი აურზაური მოჰყვა. უხუცესები ორად გაიყვნენ, ნაწილი ჩემს აზრს იზიარებდა, ნაწილი კი კვლავ ჩვენი ქორწინების მომხრე იყო.
- შეუძლებელია, განქორწინებას განსაკუთრებული მიზეზი უნდა, ქალის უკან მიბრუნება უმიზეზოდ არ შეიძლება.
- ბატონებო, მე და ფერიდე ცოლ-ქმარი არ ვართ და არც არასოდეს ვიქნებით! - არ ვჩუმდები მე.
- უფრო ნუ აგიჟებ, დააცადე გაიაზრონ რასაც ამბობ! - ერევა ომარი.
- რატომ, ქალი არ ვარგა? - მეკითხება ვიღაც.
გამეღიმა: - ბატონებო, გერიდე არაჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ჩვენი ქორწინება მხოლოდ იმისთვის შედგა, რომ ჩვენს ოჯახებს შორის სისხლისღვრა შეჩერებულიყო. მე ამ გარანტიას ისედაც ვაძლევ, ოღონდ განქორწინების სანაცვლოდ. უფრო მეტიც, თუ დამეთანხმებიან, მათ ტერიტორიებსაც ნეიტრალურ ზონად გამოვაცხადებინებ!
- ფერიდესთან ქორწინებას მხოლოდ მშვიდობა არ უნდა მოეტანა, როგორც ჩანს ოჯახში პრინცი არ გვეყოლება.
- მე და ფერიდე ცოლ-ქმარი არ ვართ! - კიდევ ერთხელ ვამბობ მე - ჩვენ მემკვიდრე არასოდეს გვეყოლება.
- ეს სპექტაკლი იმ კახპის გამო დადგი? - საუბარში იჭრება ჯემალი.
- აქ, ეხლა მამაშენი უნდა ყოფილიყო! - გავბრაზდი მე - ჩემი გზავნილი უკვე იცი, შეგიძლია ინფორმაცია მიაწოდო. დარწმუნებული ვარ შენგან განსხვავებული პოზიცია ექნება!
- ბატონო, თუ საუბარი მართლაც ქალს ეხება, ჩვენი კანონით უფლება გაქვთ რამდენიმე ცოლი გყავდეთ. - კამათში ჩაერთო უხუცესი.
- თქვენგან დასამალი არაფერი მაქვს. საუბარი ჩვენს ოჯახებზე გვაქვს, მათ კეთილდღეობაზე. მე ყველაფერზე თანახმა ვარ. ოღონდ მინდა გთხოვოთ. თქვენც ამომიდექით მხარში. თქვენც დაიცავით ჩემი ოჯახი!
- განა ჩვენ დაგაღალატეთ, ბატონო? - ეს იმ სოფლის უხუცესი იყო მე და მაია რომ ვსტუმრობდით.
- მინდა ჩემი ნამდვილი მეუღლე, ერთადერთი მეუღლე წარმოგიდგინოთ. - მახვილით ვამბობ მე - ის ჩემი კანონიერი ცოლი და თქვენი ქალბატონია. გარდა ამისა, ჩემი შვილის, თქვენი პრინცის, ჯერჯერობით ერთად-ერთი მემკვიდრის დედაა. - მუსტაფა გარეთ გადის და დარბაზში მაიასთან ერთად ბრუნდება - მას უმეტესობა იცნობთ, ხოლო ვინც პირველად ხედავთ, ნება მიბოძეთ წაროგიდგინოთ, მაია არაბული, ჩემი მეუღლე და ჩემი ვაჟის დედა. - დარბაზს გაოცების ტალღამ გადაუარა. ჯემალი გაცოფებული მოგვჩერებოდა, რამოდენიმე წუთი გავიდა, სანამ დარბაზი დაწყნარდა.
- ყველაფერი გასაგებია, ბატონო. - დუმილი კვლავ უხუცესმა დაარღვია - ჩვენი განსასჯელი აქ არაფერია. ეს თქვენი ოჯახია. მართალი ბრძანდებით, ვერ გაიძულებთ იცხოვროთ ქალთან, თუ ეს არ გსურთ, მაგრამ თქვენ ბრძანეთ მემკვიდრე გვყავსო, ეს მართალია?
- დიახ, ჩვენი ბიჭი სამი წლისაა. - ვპასუხობ მე და ღიმილით მაიას ვუმზერ, რომელიც დაცვის მიზნით მუსტაფას და ბიჭებს წრეში ყავთ მოქცეული.
- ბავშვი დიდი ყოფილა. თუ ასაკით ვიმსჯელებთ თქვენს ფერიდესთან ქორწინებამდე დაბადებულა.
- დიახ, მე და მაიამ საქართველოში 5 წლის წინ ვიქორწინეთ, დათუნაც იქ დაიბადა.
- შეიძლება გავიგოთ, რატომ დაგვიმალეთ ოჯახი თუ გყავდათ? - ცინიკირად მეკითხება ჯემალი.
- აქ რომ მოვდიოდი არ ვიცოდი რა სიტუაცია დამხვდებოდა. ოჯახთან ერთად ვერ წამოვედი. მაია ორსულად იყო და ჩემს სიმამრს მივაბარე. აქ ჩამოსვლისას ყველა ჩემი და ფერიდეს მომავალ ქორწილსა და ახალ მემკვიდრეზე საუბრობდა. ამ პერიოდში დათუნაც გაჩნდა. ჩემს შვილს საფრთხეში ვერ ჩავაგდებდი. არ მქონდა გარანტია, რომ საკუთარი მემკვიდრის მოლოდინში, ჩემს შვილს რამეს არ დაუშავებდნენ.
- ეხლა გაქვს ეგ გარანტია?! - კვლავ ირონიით აღნიშნავს ჯემალი.
- არც ეხლა გვაქვს. - საუბარში ერთვება მაია - ჩვენ თქვენი, უხუცესებისა და მთელი ოჯახის თანადგომის იმედი გვაქვს. აქ როცა მოვდიოდი, ძალიან მეშინოდა. მეშინოდა ჩემს შვილს არ დაეკარგა მამა, ოჯახი და ობლობაში არ გაზრდილიყო. უხუცესებო ჩვენ თქვენთან ვართ, გვერდში დაგიდგებით, გვეყვარებით და გვიყვარხართ კიდეც. ოღონდ თქვენც უნდა დაგვეხმაროთ, გემუდარებით, გთხოვთ! მოგვეცით ნება ერთად ვიყოთ, ჩემს შვილს აქვს უფლება ყავდეს მამა, ცოცხალი მამა და იქნებ - დედაც! - ნაღვლიანად იღიმება მაია - მე არ მინდა ჩემი შვილიც მამამისივით მშობლების გარეშე გაიზარდოს. მინდა პრინცი ეძახოთ, გაანებივროთ, გიყვარდეთ. ჩამოვიყვანო და ვიცოდე, რომ არაფერს დაუშავებენ. ჩვენ რომც არ ვიყოთ მას დაიცავენ და ერთ დღესაც, როგორც მისი მამა მიიღეს სიყვარულით, მასაც ისე მიიღებენ. ოღონდ მინდა რომ ჩვენც მასთან ვიყოთ. ისევე როგორც თქვენ, ჩვენც გვინდა გვიყვარდეს ჩვენი შვილი. ის ჩემი და აბდელის პატარა პრინცია. როგორ ფიქრობთ, ამის უფლება არ გვაქვს?! უხუცესებო, გთხოვთ, მხარში ამოგვიდექით!
მაიას მუდარით აღსავსე სიტყვებმა შეძრა დამსწრეები. დუმილი იმ სოფლის უხუცესმა დაარღვია, ჩვენ რომ ვსტუმრობდით: - ქალბატონო, თქვენ მამაცი ქალი ბრძანდებით. ბატონთან, ალბათ სწორედ თქვენისთანა ქალი უნდა ყოფილიყო. იმ ავბედით დღეს ბოლომდე ჩვენთან დარჩით. თქვენ რომ არა დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდით არც ერთი. ეს რომ არ ვთქვა უმადური ადამიანი ვიქნები. იმ დღეს შეგიყვარეთ და დაგპირდით, თუ ჩვენზე იქნებოდა დამოკიდებული, გასაჭირში არ მიგატოვებდით. ჩვენ გვიყვარს ბატონი, მისი შვილიც ჩვენი პრინცია, შესაბამისად თქვენ ჩვენი ქალბატონი იქნებით! - მან მოწიწებისა და პატივისცემის ნიშნად თავი დახარა - ჩვენ დაპირებებს ჰაერში არ ვისვრით, ყოველთვის გვერდში დაგიდგებით!
- მე შენი მტერი არ ვარ აბდელ! - დუმილი დაარღვია ჯემალმა - ჩვენს შორის გაუგებრობას ქონდა ადგილი, მაგრამ არც მე ვარ დაუნახავი. მაიას წყალობით დღეს ჩემი შვილი ცოცხალია. ყოველთვის მეკითხება, მისი გადამრჩენი ხომ არის კარგად? მე ჩემი ვალი არ გადამიხდია. თუ ჩემს სიტყვას თქვენთვის ფასი აქვს, ეხლავე გპირდებით, რომ მაიას შვილებს ჩემგან და ჩემი ოჯახისგან საფრთხე არასოდეს დაემუქრებათ. არ ვიცი ვინ როგორ თვლის, მაგრამ თქვენ თქვენს ქმარზე მეტად გაბედული აღმოჩნდით. მას დღემდე არ ეყო გამბედაობა სიმართლე ეთქვა! - მართალია ჯემალის სიტყვები შეურაწყმყოფელი იყო, მაგრამ დავინახე, რომ მისმა მაიასადმი კეთილგანწყობამ აშკარად შედეგი გამოიღო. უხუცესები აგრესიულად აღარ იყვნენ განწყობილნი. ერთმანეთში მსჯელობდნენ, კამათობდნენ.
- ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, თუ ბატონი ჯემალიც თანახმაა ნეიტრალიტეტზე ჩვენც თანახმა ვართ, დანარჩენზე მხარეებმა ისაუბრეთ.
- თქვენი ოჯახის საწინააღმდეგო არაფერი გვექნება, მაგრამ განქორწინებას არ ვიცით რამდენად დავეთანხმებით, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. - საბოლოო პასუხისგან თავი შეიკავა ჯემალმა, თუმცა მისი ნათქვამით მაინც კმაყოფილი დავრჩი.
- ვნახოთ ბატონებო, იმედია დღევანდელი შეხვედრა ყველა ჩვენთაგანისთვის მშვიდობის მომტანი იქნება, ამის დიდი იმედი მაქვს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.
უხუცესები დამშვიდობების ნიშნად თავს გვიქნევდნენ და ნელ-ნელა დარბაზიდან გადიოდნენ. ჯემალმაც წასვლის წინ ფერიდე მოინახულა, ცოტახანს ესაუბრა და მალევე დაგვტოვა.

საღამოს მაიკსა და ნიკასთან კომპიუტერით ჩავერთეთ. წამოწყება მოგვიწონეს.
- თუ ხალხი თვითონ არ შეეჩხირება ძალით საომარ მგომარეობაში ნეიტრალიტეტი ძალიან კარგი გამოსავალიაო! -ამბობდა ნიკა.
- არ დაგავიწყდეს, რომ თუ შეთანხმებულ პირობებს ზუსტად არ დაიცავთ, მარტო ქონებას კი არ დაკარგავ თავისთავად ხალხის სიყვარულსაც, დღეს რომ ასე გიჭერენ მხარს და საქმიან რეპუტაციასაც გაიფუჭებ. ერთი პატარა შეცდომაც საკმარისი იქნება, რომ მტრად მოგეკიდონ. ამ საქმეში მხოლოდ შენი რესურსი არ გეყოფა. ჩვენ მხარში ამოგიდგებით. ინგლისის საელჩოს თხოვნით მივმართავ, როგორც მის მოქალაქეს მხარში ამოგიდგეს და მოლაპარაკების წარმოებაში დაგეხმაროს. იმედია კარგად იაზრებ, რომ ეს ჩვეულებრივი მეგობრების საუბარი არ იქნება. ყველა სიტყვა და ნაბიჯი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ. იმაზე მეტი პასუხისმგებლობა არ აიღო საკუთარ თავზე, ვიდრე გასწვდები. - მარიგებდა მაიკო.
- რაც შეეხება დათუნას წაყვანას, ვნახოთ თქვენი მოლაპარაკებები როგორ დასრულდება და თუ შეთანხმებას მიაღწევთ, მერე წაიყვანეთ.
- კარგი,მამა. იყოს შენებურად. - დაეთანხმა მაია - თუმცა მგონია დროის მოგებას უფრო ცდილობ. მემკვიდრის არსებობა ისედაც ყველამ იცის და სად იქნება მნიშვნელობა აღარ აქვს.
- რომ გეუბნებით კიდევ ცოტახანს იყოს მეთქი, ესე იგი ასე ჯობს. - არ დანებდა ნიკა. მათ შემხედვარეს მეცინებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ნიკას ძალიან გაუჭირდებოდა დათუნასთან განშორება და მიზეზი რის გამოც ბავშვს არ მოუშვებდა არასოდეს დაელეოდა.
- კარგით, ნიკა ძია. ნუ ღელავთ. ჩვენ ისედაც საკმაოდ დაძაბული რეჟიმი გვექნება. ჯერ ბავშვისთვის ვერ მოვიცლით. მისთვისაც უმჯობესი იქნება თუ თვენთან იქნება.
- ამიტომაც მიყვარხარ, კლოდ. - ბუბუნებს ნიკა, აშკარად კმაყოფილი, რომ ბავშვი კვლავ მასთან რჩება. - ისე, იქნებ თქვენთვის, ცალკე კიდევ გაგეჩინათ ერთი შვილი, ჩემი ბიჭი კი ჩემთან იქნებოდა?! - ხუმრობს ნიკა.
- შენ ისეთი ეგოისტი ხარ, იმასაც წაიყვანდი! - იცინის მაიკი.
- არა, მე თეო და დათუნაც მეყოფა, ის თქვენი იყოს! - ასე იყოფდნენ ბაბუები უკვე დაბადებულ და კერ კიდევ დაუბადებელ შვილიშვილებსაც კი.
- როდესმე ჩვენი ჯერი მოვა? - მეკითხება მაია - ამათ რომ ვუყუროთ ჩვენს შვილთან მოსაფერებლადაც არ მიგვიშვებენ!
- კიდევ კარგი, ომარი არ გისმენთ - ვახსენებ მაიკსა და ნიკას - კარგად გაგაყოფინებდათ შვილიშვილებს, თეოდან დაწყებული ყველას აქ წამოიყვანდა.
- ომარს ჯერ ჩვენთვის არ სცალია. მანდ მეტი საფუსფუსო აქვს. - ოხუნჯობს ნიკა - ჯობია თქვენ მოგხედოთ, დარწმუნებული ვარ ისე გააგიჟებთ, ორივეს აქ გამოგყრით. - ნიკას სიცილში მაიკიც ყვება და ოთხივენი ვიცინივართ.
- ღმერთო შეგვარგე ეს მხიარულება!. მამა რომ იცოდე როგორ მომენატრე, - სიცილისგან ცრემლებს იწმენდს მაია.
- მეც ჩემო სიცოცხლევ. ჩვენზე ნუ იფიქრებთ, თავებს გაუფრთხილდით, არ დაგავიწყდეთ, რომ გმირებსაც კლავენ.
- კარგი, გეყოფა! - აჯიჯღინდა მაიკი - მიდი, დათუნა გვაჩვენე, ბავშვი დაგვალაპარაკე.
ჩემი მხიარული ბიჭუნა გვიცინის: - ბაბუ, ჩემი კვიცი გაიზარდა? - მაიკს ეკითხება ის.
- კი, ბაბუ, გაიზარდა! - მამაჩემი უცებ დაპატარავდა, მისი ჭკუის გახდა, თვალებში მასაც დათუნას მსგავსი ჭანჭიკები უხტის.
- ლამაზია?
- კი ბაბუ, ლამაზია. აი, ეგოისტი ბაბუაშენი თუ ჩამოგიყვანს, შენი თვალითაც ნახავ, შეგსვავ და აჭენე რამდენიც გინდა.
- ბაბუ, მერე როცა დავბრუნდები მოვენატრები?
- კი, მოენატრები, მაგრამ ისევ რომ ჩამოხვალ და მასაც გაუხარდება.
- ბაბუ, როგორ ფიქრობ, კვიცმა ტირილი იცის?
- კი, ბაბუ, იცის.
- ცხენი რატომ ტირის? - კითხულობს დათუნა.
- არ ვიცი, ბაბუ!
- დათუნა, შვილო, შენ ტირიხარ ხოლმე? - საუბარში ერევა მაია. ბავშვი დასერიოზულდა, მაიას მიაჩერდა, შემდეგ -მე.
- ზოგჯერ. - ხმა ჩაეხშო მას. გაებზარა, თითქოს სატირლად მოემზადა.
- ნუ, ჩემო პატარავ, ჩემო სიხარულო! - მაია თან ეფერებოდა თან ბავშვს ამშვიდებდა, მაგრამ თვითონ უკვე ტიროდა - არ უნდა იტირო, სულ ბედნიერი, სულ გახარებული უნდა იყო.
- დე, შენ რატომ ტირიხარ, მე გაწყენინე? - შეწუხდა ბავშვი.
- არა, ჩემო სიამაყევ. შენი დანახვა მიხარია და ცრემლებს ვეღარ ვიკავებ. - იღიმება მაია.
- ჩემო ვაჟკაცო! - ვერთვები მეც - ზოგჯერ ადამიანი სიხარულის გამოც ტირის, ასე ვართ ჩვენც.
- მამიკო, მიყვარხარ! - ცრემლიანი თვალებით მეუბნება დათუნა და ცრემლები რომ ვერ დავინახოთ ნიკას ეკვრის გულში. მის შემხედვარეს გული მიკვდება, ყელში ბოღმა მიჭერს.
- შეხედე ამ პატარა მაიმუნს, არ აგვატირა ამდენი ხალხი? - ხუმრობას ცდილობს მაიკი, მაგრამ ხმა მასაც გაბზარული აქვს.
- კარგით, საკმარისია. ბავშვიც ნერვიულობს და თქვენც. მოაგვარეთ თქვენი პრობლემები და გელოდებით ჩვენთან! - ღიმილით გვემშვიდობება ნიკა, მაიკიც მაშინვე გაგვეთიშა. დავრჩით დათუნას ცრემლებით გულდამძიმებულები.
- ხვალ ფერიდეს მამას შეხვდი, მე კობას შევეხმიანები, იქნებ სწორი მიმართულება მოგვცეს. - მეუბნება მაიკო და მეხუტება.
- კარგი, ასე ვქნათ!
მაიას ვუმზერ, მის ნაღვლიან სახეს, გრძელ თმას და დათუნას ცრემლიანი თვალები მახსენდება. მისი სიტყვები: - მამიკო, მიყვარხარ! - ყურში მესმის.
- რაზე ფიქრობ? - დუმილს არღვევს მაია.
- დათუნა შენ გგავს. - ვეუბნები მე.
- ვითომ? არა მგონია. შენ უფრო გგავს.
- ფიზიკურად იქნებ მგავს კიდეც, მაგრამ დიპლომატიაში აშკარად შენი ნიჭი გამოყვა. ნახე ნიკას როგორ ათქმევინა სწრაფად ჩამოდითო? არადა ბავშვთან განშორების გაგონებაც კი არ სურდა.
- შვილიშვილები ბაბუის სუსტი წერტილები არიან. მისმა ცრემლებმა შეძრა. არ ელოდა, თუ ატირდებოდა. დარწმუნებული ვარ, რაიმე მიზეზს მოიფიქრებდა და არ დაგვალაპარაკებდა, თუმცა მგონია, რაც დღეს მოხდა უკეთესიცაა.
- მაინც, რა არის ამაში კარგი?
- მიჭირს კლოდ, ძალიან მიჭირს. ყოველი მის გარეშე გატარებული დღე ახალი ჭრილობაა.
- მე ვერაფერში გეხმარები? - შევწუხდი მე.
- ვიცი, რომ რასაც გეუბნები არც შენთვისაა იოლი მოსასმენი. თავს იმით ვინუგეშებ, რომ გვერდით მყევხარ. ვხედავ, ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ დათუნას ბედნიერი მომავალი ქონდეს. უბრალოდ ზოგჯერ ვეჭვიანობ, ვეგოისტობ. იმ გაჭირვებული დედისაც კი მშურს შვილები დაკონკილი რომ ყავს, ნახევრად მშიერი, მაგრამ მის გვერდით. ორი შვილიდან ჩემთან არცერთი არ არის. თეო უკვე დიდი გოგოა, საცაა თავის ოჯახსაც შექმნის. ის რომ დღეს ლონდონშია, მისი არჩევანი იყო. ვიცი, ამაში არასოდეს დამადანაშაულებს. პირიქით, ეს მისი ოცნების ასრულება უფრო იყო. თვეობით მეხვეწებოდა გამეშვა, როცა ვნახულობ, ვხედავ რომ ბედნიერია, მის ცხოვრებას იწყობს. დათუნა კი პატარაა, მეშინია ერთ დღესაც არ შემიძულოს.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

არა მჰონია ასე მარტივად დასრულდეს ყველაფერი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent