შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელი წერტილი (16 თავი)


22-10-2015, 10:29
ავტორი murachashvili
ნანახია 3 556

მეთექვსმეტე თავი
ამბობენ, ცოლ-ქმრის ურთიერთობა დროთა განმავლობაში მეგობრობაში გადადისო. ის პირველი აღტაცება თანდათან ქრებაო, არ ვიცი სხვის ოჯახში როგორ ხდებოდა, მაგრამ რატომღაც ჩემი გრძნობა დღითი - დღე მატულობდა, გულიც კი მწყდებოდა, რომ ასეთი წყნარი საღამოები იშვიათად გვქონდა. რამდენი დროც არ უნდა გამეტარებინა მასთან ალერსში, არ მყოფნიდა.
ბევრჯერ მკერდზე მიხუტებულ მძინარე მაიას ვუმზერდი და ღმერთს მადლობას ვწირავდი მასთანშეხვედრის გამო. იმედი მქონდა ისიც იზიარებდა ჩემს გრძნობებს.
მის ერთგულებას და თანადგომას მუდმივად ვგრძნობდი, მავსებდა, ბრძოლის ძალას მაძლევდა. მისი წყალობით ჩემში ისეთი თვისებები აღმოვაჩინე რაზეც ადრე წარმოდგენაც არ მქონდა. ჟაკლინი მსაყვედურობდა, რომ არაფერს წინასწარ არ ვგეგმავდი, გადაწყვეტილებებს სპონტანურად ვიღებდი, არ ვიყავი მყარი პარტნიორი. მაიასთან თანაცხოვრებისას კი ფიქრი ვისწავლე. მისი და დათუნას დაკარგვის შიშმა ოჯახის დაფასება შემაძლებინა. მიზნის მისაღწევად სტრატეგიის დასახვაც კი დავიწყე.

ფერიდე და ჟანი დანიშნულ დროზე ადრე მოვიდნენ.
- შეხვედრამდე, ჯერ თქვენთვის მინდოდა გამეცნო. - გვითხრა ფერიდემ.
- სასიამოვნოა თქვენი მობრძანება! - ღიმილით შეხვდა მაიას.
ჟანი ცოტა არ იყოს სხვაგვარი წარმომედგინა. რატომღაც ასაკით უფრო ახალგაზრდა ვაჟს ველოდი. შეყვარებულს, რომლისთვისაც დატყვევებული სატრფოს განთავისუფლება რომანტიულ, საგმირო საქციელს წარმოადგენს. წინ კი საკმაოდ ზრდასრული, ალბათ ორმოცდახუთ წლამდე მამაკაცი მედგა, შავგვრემანი სახის, შავი თვალებით, ცოტა დაძაბული მეჩვენა.
- დაბრძანდით, თუ შეიძლება. – შევთავაზე მე. ჟანი და ფერიდე უხერხულად იშმუშნებოდნენ. დუმილის დარღვევას არც ერთი ჩქარობდა.
- ბატონო ჟან, ჩვენთან შეხვედრისას ასე თუ ღელავთ, წარმომიდგენია ფერიდეს ოჯახთან შეხვედრისას, როგორი რეაქცია გექნებათ! - მეგობრულად გაუღიმა მაიამ და თითქოს სტიმული მისცა დუმილი დაერღვია.
- ბატონო აბდელ, გამოგიტყდებით აქ მოსვლა ძალიან მეუხერხულებოდა. - როგორც იქნა გაბედა ჟანმა ხმის ამოღება - დაუსწრებლად თქვენ და თქვენს მეუღლეს გიცნობდით და პატივსაც გცემთ. უბრალოდ თავს მუდმივად დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ ფერიდეს...
- ბატონო, ჟან - შევაწყვეტინე მე - ფერიდე ჩემი ცოლი რომ ყოფილიყო, მერწმუნეთ აქ სტუმრის სტატუსით არასოდეს მოგიწვევდით. მე ვიცოდი მისი გრძნობების შესახებ, ჩვენ ცოლ-ქმარი არ ვყოფილვართ და არც არასოდეს ვიქნებით.
- დიახ, ვიცი.
- მე ფერიდემ მითხრა, რომ რამდენიმეჯერ შესთავაზეთ თქვენთან ერთად გაპარვა. - ჟანმა თავი დახარა.
- დიახ, შევთავაზე - ტკივილით თქვა მან - არ ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ, ძალიან ძნელია, რომ ჩემთვის საყვარელი ქალი სხვის სახლში, სხვასთან ცხოვრობდეს. მესმის ეს ფორმალურია, მაგრამ მაინც არ მინდა, რომ სახელად სხვისი ცოლი ერქვას. - თვალებში ეჭვი და ტკივილი ერთმანეთს ცვლიდა. ეს ჩემთვის იმდენად მტკივნეული იყო, რომ რამდენიმეჯერ ვცადე ამ ურთიერთობის შეწყვეტა, სამწუხაროდ ვერ შევძელი, მონატრებას ვერსად გავექეცი. გონება მეუბნებოდა, რომ არ უნდა მეძებნა. ფეხებს კი კვლავ მასთან მივყავდი. რა ვქნა, არ შემიძლია.
- ბედნიერი ქალი ხარ ფერიდე. თქვენს შემხედვარეს ნამდვილად მჯერა, რომ უბედნიერესები იქნებით. - აღტაცება ვერ დამალა მაიკომ.
- არ დაგიმალავთ ჟან, თქვენგან სწორედ ასეთი სიტყვების მოსმენა მსურდა. - გულწრფელად მიხარია მეც - მინდა დღეს ერთად შევხვდეთ ფერიდეს ოჯახს. იმედი მაქვს თუ ერთმენეთს მხარს გავუმაგრებთ მიზანს მივარწევთ.
- მადლობელი ვარ თანადგომისთვის. ვიცი ფერიდეს გამო ცდილობთ დაგვეხმაროთ, თქვენ განქორწინებას ისედაც მიიღებთ. ფერიდეს ოჯახი ჩვენს ქორწინებას რომც არ დაეთანხმოს, მაინც თქვენი მადლიერი ვიქნები.
- თქვენს ადგილზე, უფრო ოპტიმისტურად ვიქნებოდი განწყობილი, ისეთი შეგრძნება მაქვს. თითქოს წინასწარ იცით, რომ უარი უნდა მიიღოთ. - ოდნავ ცხარობს მაია -წარმატებას თქვენ თუ არ ირწმუნებთ, სხვა მით უფრო არ დაგიჯერებთ, ასეთი შეშინებული სახეებით მამაშენს ვერ დაარწმუნებთ! - ფერიდეს მიუბრუნდა ის.
- ვხედავ თქვენგან ბევრი გვაქვს სასწავლი! - ღიმილით ეუბნება ჟანი - თქვენი ოჯახის მაგალითი ჩვენთვის დიდი სტიმულია. თქვენი წყალობით მჯერა მივაღწევთ მიზანს.
- ეს უკვე სხვა სიტყვებია! - ვაქებ მე - შეხვედრის დაწყებამდე მე და მაია დაგტოვებთ, თავი ისე იგრძენით როგორც საკუთარ სახლში, ჩვენც მალე შემოგიერთდებით.

შეხვედრა ჩემს კაბინეტში შედგა. ფერიდეს მამა ჯემალთან მოვიდა. მშრალად მივესალმეთ ერთმენეთს. ფერიდე და ჟანი გვერდი-გვერდ იჯდნენ, ჯემალი და მამამისი - მოპირდაპირე მხარეს, მე და მაია მაგიდის თავსა და ბოლოში. ქალების შეხვედრაზე ყოფნა დიდად არ ესიამოვნათ, რაც არ დაუმალავთ. თუმცა როცა ავღნიშნე, რომ საკითხი მათ ეხებოდათ და უფლება ქონდათ მოესმინათ, გაჩუმდნენ.
- ნება შენია! აქ ბატონი შენ ხარ! - ოდნავ ირონიულად აღნიშნა ჯემალმა, მაგრამ როგორც კი მამამისის დაბღვერილი სახე დაინახა, გაჩუმდა.
- ალბათ, ჯემალი გეტყოდათ, მე მაინც აგიხსნით. მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო ვზარალდებით ჩვენ და ჩვენი ხალხი. სწორედ ის ფენა, რომელსაც ომი და არეულობა ყველაზე ნაკლებად ჭირდება. როგორც ინგლისის მოქალაქემ მინდა მივმართო ინგლისის საელჩოს და ვთხოვო, შუამდგომლობა გამიწიოს ამერიკის ხელისუფლებასთან ჩემი კუთვნილი ტერიტორიების ნეიტრალურ ზონად გამოცხადებასთან დაკავშირებით.
- ეგ საკმაოდ კარგი წამოწყებაა, მაგრამ რამდენადაც მითხრეს, შეკრებაზე სახალხოდ გამოგიცხადებია ფერიდეს უნდა დავშორდეო. ამით ჩვენი კავშირიც სრულდება. ვერ ვხვდები აქ რატომ მომიწვიე? - მეკითხება სიმამრი, ყურადღებით ვაკვირდები მის დაღვრემილ სახეს.
- განქორწინებაზე თანახმა ხართ? - ჩემმა კითხვამ აშკარად გააოცა.
- რატომ მეკითხებით? ცოტა უადგილოდ არ გეჩვენებათ? გაინტერესებთ რა მსურს?. თუმცა ადრე ბრძანეთ, აქ ბატონი მე ვარო, რა მეთქმის? ჩემს ქალიშვილს როგორმე ვუპატრონებ და ამ სირცხვილსაც ჩავყლაპავ!
- ჩაყლაპავთ? რომელ სირცხვილზე საუბრობთ ვერ მივხვდი?!
- იმაზე, რომ სახლში შერცხვენილი და ქმრისგან მიტოვებული შვილი მიბრუნდება!
- ვხედავ სწორად ვერ გამიგეთ. მე ფერიდეს შერცხვენილს არ ვაბრუნებ. განქორწინებით მინდა შანსი მივცე მასაც და თქვენს ოჯახსაც, რომ თქვენი ქალიშვილი ბედნიერი იყოს.
- რომელ ბედნიერებაზე ლაპარაკობთ?! - აღშფოთდა იგი.
- ერთი წუთით, თუ შეიძლება დამამთავრებინეთ. შემიძლია არ გავშორდე ფერიდეს. გამოვაცხადო, რომ კრებაზე ჩემი განცხადება ცხარე გულით წამოსროლილი სიტყვები იყო, მაგრამ ყოველთვის გეცოდინებათ, რომ რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, მისთვის ქმარი არასოდეს ვიქნები. მე ცოლიც მყავს და შვილიც. თუ თქვენ ეს სიტუაცია გაწყობთ, იყოს -ასე! თუმცა მგონია, რომ უკეთესი გამოსავალიც არსებობს, სადაც ორივე მხარე, მე და ფერიდე ბედნიერები ვიქნებით და ორივეს ჩვენი ოჯახები გვეყოლება. ბატონი ჟანი შემთხვევით არ მომიწვევია. ალბათ, იცით ვინც არის?. - ჯემალმა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია - მე როგორც თქვენი ოჯახის წევრი, თქვენი სიძე, ჩემს შუამდგომლობაში თქვენს ოჯახსაც მოვიხსენიებ, ოღონდ სანაცვლოდ თქვენგან ერთ რამეს ვითხოვ: ფერიდეს და ჟანს მიეცით უფლება დაქორწინდნენ.
ჯემალი სიბრაზისგან ადგილიდან წამოხტა: - გაგიჟდი? ფიქრობ რას ამბობ? ჩემი დით გვევაჭრები? .
მამა გაფითრებული მისჩერებოდა ფერიდეს.
- ეს სპექტაკლი ამიტომ დადგით? - ყრუდ კითხა მან.
- მამა, გემუდარები, გთხოვ! თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ, უარს ნუ იტყვი, მამა! - ცრემლები მოაწვა ფერიდეს.
- ასეთი ვაჭრობა რა საჭირო იყო? თუ გგონია, რომ გეთხოვა ამ კაცს გამაყოლეო უარს გეტყოდი?! - ხმა უკანკალებდა მას.
- ერთხელ უკვე მითხარი უარი.
- მაშინ სხვა იყო. ეხლა განათხოვარი ქალი იქნები. ბრმა და ყრუ რომც იყოს შენი მეორე ქმარი, მაინც უნდა გამიხარდეს. ვიღაც გიპატრონებს. - კაცი ნერვიულობისგან კანკალებდა, თავი ხელებში ქონდა ჩარგული, ვიფიქრე ატირდება მეთქი, მაგრამ - არა.

მისი ასეთი რეაქცია ძალიან მოულოდნელი იყო. ვერ მივხვდი ასე რატომ ცხარობდა. ისე იქცეოდა, თითქოს მართლა მისი სიძე ვიყავი და მის შვილს ბედნიერ ოჯახს ვუნგრევდი. მაიაც ყურადღებით აკვირდებოდა მომხდარს. ხმას არ იღებდა, მხოლოდ წყლიანი ჭიქა გაუწოდა, რომელიც კაცმა უხმოდ გამოართვა და მოსვა.
- ალათ, ასეა საჭირო. ამ ქორწინებას მაინც აზრი არ აქვს. რადგან ასე ჯიუტად არც ერთმანეთს ეშვებით - ამჯერად ფერიდეს და ჟანს მიმართავდა - იყოს ისე, როგორც თქვენ გსურთ. როგორც კი ამ ფარსს წერტილი დაესმება, იქორწინებთ! ოღონდ, ბატონო - მე მომმართა - თქვენი შუამდგომლობა არ მჭირდება. თქვენი განქორწინებით ჩვენ ერთმანეთს დავემშვიდობებით, მე არ ვარ ის ადამიანი, შვილს რომ ყიდის. ჯემალ, წავიდეთ! - შვილს მიმართა მან.
- ბატონო, საიდ! - ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სახელით მივმართე. მისმა რეაქციამ იმდენად შემძრა, რომ შემეცოდა. უცებ ისიც კი დამავიწყდა წინ მოსისხლე მტერი რომ მეჯდა. - ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც გაწყენინეთ, თითქოს შეურაწყოფა მოგაყენეთ. დამიჯერეთ, ეს არ მინდოდა. უბრალოდ ფერიდეს კეთილდღეობაზე ვფიქრობდი!
- თქვენგან არც მეწყინა, ალბათ, მადლობელიც უნდა ვიყო. ასე ბევრი არ მოიქცეოდა. მე სხვა რამეზე დამწყდა გული. ყველას ხარბი და უგულო მამა გგონივართ, ჩემ შვილსაც კი.
- ბატონო, საიდ თუ შეიძლება ცოტა ხანს დარჩით, ასე ნუ წახვალთ! - სთხოვა მისი მდგომარეობით შეწუხებულმა მაიამ. საიდი მას მიაშტერდა, რამდენიმე წუთს აკვირდებოდა, თითქოს ნათქვამ სიტყვებს კარგად იაზრებდა, შემდეგ დაჯდა.
- ბატონო, რაღაც მინდა გიამბოთ. არ მინდა ერთმენეთს ისე დავშორდეთ, როგორც მტრები. არც ის მინდა, რომ ხარბი ადამიანი გეგონოთ. ალბათ, ჩემზე მშიშარა უფრო ითქმის ვიდრე - ხარბი. არ შემაწყვეტინოთ! - გააჩერა ჯემალი, რომელიც მამის გაჩუმებას ცდილობდა. - წლების განმავლობაში ამ საიდუმლოს ვატარებდი, სულს მიმძიმებდა, მახრჩობდა, წელში მხრიდა. ბევრჯერ მინდოდა თქვენთვის სიმართლის თქმა, მაგრამ ვერ შევძელი. თქვენ ყოველ შემოხედვაში სიძულვილი ჩანდა, მაგრამ მე მაინც ვდუმდი. რადგან მეშინოდა, ისევ ჩემი ოჯახისა და შვილების გამო იმის მეშინოდა, რაც ამის თქმას მოყვებოდა.. არ ვიცი რამდენად მეპატიება, თუმცა თავს მაინც იმით ვიმშვიდებ, რომ ეს მძიმე ტვირთი ისევ ჩემი ოჯახის გამო ვიკისრე, მათი კეთილდღეობისთვის. შენს მშობლებს ყველა იცნობდა, მამათქვენი სამართლიანობით გამოირჩეოდა. მისი ბიზნესი ყვაოდა. არ არსებობდა გაჭირვებული ოჯახი, რომ ხელი არ გაემართა. ასეთებს შორის მეც ვიყავი. დამეხმარა, ჩემი პატარა საქმე წამოვიწყე. დიახ, ის მიწები რასაც დღეს ვფლობ მამათქვენის ნაჩუქარია. - გავფითრდი, ასეთი უმადური როგორ შეიძლება ყოფილიყო?! საიდს ნაღვლიანად გაეღიმა: - გთხოვთ, დასკვნებს წინასწარ ნუ გამოიტანთ! ჯერ მომისმინეთ. უმადური არასოდეს ვყოფილვარ. პირიქით, მამათქვენი ძმასავით მიყვარდა. მისთვის სიცოცხლესაც დავთმობდი, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი უბადრუკი სიცოცხლე არავის ჭირდებოდა. ახალგაზრდა დავოჯახდი, ოჯახის რჩენა საკმაოდ მიჭირდა. სწორედ ამ დროს დამიდგა შენი ოჯახი გვერდში. მიწა მაჩუქა და ბიზნესის წამოწყებაშიც დამეხმარა. ჭა-ბურღილებისთვის საჭირო ბურღებიც თვითონ მომცა, მართალია ძველი ბურღები იყო, მაგრამ კარგად მუშაობდნენ. საქმე კარგად მიდიოდა. ბედს არ ვემდუროდი. თანდათან ვძლიერდებოდი. მამაშენს პატარა ბავშვივით უხაროდა ჩემი წარმატება, მეც ორმაგად ბედნიერი ვიყავი. მისი ნდობა გავამართლე და ოჯახიც კმაყოფილი იყო. თქვენი დაბადების დღე ახლოვდებოდა. ვიცოდით, რომ ჩვენი მცირე საჩუქარი არაფერში გჭირდებოდათ, მაგრამ ბატონის შვილისადმი ყურადღების გამოჩენა ჩვენც გვინდოდა. ოჯახში დიდი სჯა-ბაასი იყო გამართული, როგორ გამოგვეხატა ჩვენი დიდი სიყვარული.
- მერე გამოხატეთ? ცოტა არ იყოს უცნაურად... - ირონიულად ავღნიშნე მე.
საიდმა თითქოს ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი, კვლავ განაგრძო: - საბოლოოდ აღარც კი მახსოვს რა ვიყიდეთ, ლამაზად შეფუთულ ყუთში მოთავსებული სათამაშო, რომელიც ჯამილამ შეარჩია. ვიცოდით, რომ საგანგებო ბანკეტი საღამოს იმართებოდა. ამიტომ თქვენთან მოსვლა შუადღისთვის ვარჩიე. ხალხმრავლობა არ მიყვარდა. ვიფიქრე მივულოცავ და სწრაფად წამოვალ მეთქი. ის საზიზღარი დღე არასდროს დამავიწყდება. ბევრჯერ მინატრია, ნეტავ იმ დღეს საერთოდ არ მივსულიყავი მეთქი. მამაშენი ბედნიერი იყო. ჩემი დანახვა გაუხარდა. იცინოდა, ხალისობდა.
- ცოტა ადრე ხომ არ მოხვედი? თუ ისევ ხალხს ემალები? - მეხუმრებოდა ის. სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, კარებზე ზარის ხმა გაისმა. - ალბათ, კიდევ ვინმე მოვიდა. ცოტა ხანს დამელოდე და უცებ დავბრუნდები.
კარგი იქნებოდა მეც გავყოლოდი, მაგრამ იმდენად ვერიდებოდი ხალხში გამოჩენას, კომპლექსი მქონდა, არ მინდოდა საკუთარი უცოდინრობის გამო სირცხვილი მეჭამა. ოთახიდან არ გამოვედი. ჩემს სმენას მამაშენის ხმა მოწვდა. ვიღაცას ხმამაღლა ეკამათებოდა, მისი გაბრაზება არასოდეს მენახა, დავიბენი.
- როგორ გაბედე, გგონია ამას გაპატიებ? მეორედ ჩემს ოჯახთან ახლოს არ დაგინახოთ, თორემ იცოდეთ არ დაგინდობთ, სულ სათითაოდ მოგსპობთ! - ისე გგრგვინავდა, ვიფიქრე ხმით მოსპობდა მოსულს. ოთახიდან გამოვედი და მისაღებისკენ წამოვედი.
- რა ხმაურია?! - დედაშენის ხმა შემომესმა.
- ოჰო, ქალბატონიც სახლში ყოფილა! - სანამ მე ქვემოთ ჩამოვედი, გასროლის ხმაც შემომესმა. არასოდეს დამავიწყდება ის სანახაობა, დაბლა ჩამოსულმა რომ ვიხილე. მთელი ცხოვრება კოშმარად გამყვა, მაგრამ უარესი კიდევ წინ მელოდა. მკვლელები სახეზე კარგად დავინახე და ვიცანი კიდეც. მამაშენს მტრობდნენ. მისი სიძლიერე ბევრს არ აწყობდა. ყველაზე მეტად კი ის არ მოწონდათ ჩემისთანა გაჭირვებულებს, რომ ეხმარებოდა. ჩემი იქ ყოფნა, არც მათ გამორჩათ მხედველობიდან. იმ საღამოსვე დამაკავეს და ძალიან საინტერესო ბრალდება წამიყენეს: შენი მშობლების განზრახ მკვლელობა. ცხადია უარვყოფდი, ვუმტკიცებდი რაც კი მაბადია, ყველაფერი მისი წყალობით მაქვს, ზიანს არასოდეს მივაყენებდი მეთქი, მაგრამ უშედეგოდ. ჩემმა ბრალმდებლებმა მალე მტკიცებულებებიც მოიპოვეს, მკვლელობის იარაღს რატომღაც ჩემს სახლში მიაგნეს. - საიდს მწარედ გაეღიმა - მალე შუამავალიც მოვიდა, ჩემმა კეთილის მსურველმა მეგობრულად მირჩია დანაშაული მეღიარებინა, თუ რა თქმა უნდა ჩემი ოჯახისთვის კარგი მინდოდა. მინიშნებას კარგად მივხვდი: ან მკვლელი უნდა გავმხდარიყავი, ან ჩემი სახელისათვის ოჯახი უნდა შემეწირა. მე მკვლელის სახელი ვარჩიე. - საიდს თავი ქონდა დახრილი, არც ერთს არ გვიმზერდა. - რა მექნა? შეიძლება შევცდი, ვარჩიე ყველას შევძულებოდი, მტრად ჩავეთვალე, ოღონდ ჩემს ოჯახს არავინ შეხებოდა. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ცოცხალი იყავით, მაგრამ არ გავამხილე. ომარსაც კი არ ვუთხარი. მისთვის ყოველთვის მისი ძმის მკვლელი ვიყავი. მერჩია ასე სცოდნოდა. ვიდრე სიმართლე გაეგო. თუმცა გულს იმით ვიოხებ, რომ შენი მშობლების მკვლელებზე მაინც ვიძიე შური. - მწარედ გაიღიმა მან - მკვლელები თქვენი ოჯახისგან შორს არ იყვნენ, იმაზე ახლოსაც კი იდგნენ ვიდრე შეგიძლიათ ეს წარმოიდგინოთ, მათზე ვერავინ იფიქრებდა, თუ რა ბინძურ საქმეში იყვნენ გარეულნი. ალბათ, ესეც ღვთის ნება იყო, რომ სიმართლე მე მაინც ვიცოდი. მამაშენისთვის სხვას მაინც ვერაფერს გავაკეთებდი. გაიხსენეთ ყველა ის ადამიანი, ვინც თქვენი ოჯახიდან გავწირე.
- შეუძლებელია, ის ხალხი ამ ამბავში ვერ იქნებოდნენ გარეულნი - გაოგნებული ვიყავი მე.
- მერედა როგორ იყვნენ, ომარი თავგამოდებული იცავდა, ეგონა ამას გვარებს შორის დაპირისპირების გამო ვაკეთებდი. მართალია, ჩემი ხალხიც იღუპებოდა, მაგრამ მე სხვა არაფერი შემეძლო. სიმართლე მე და შენმა გარდაცვლილმა მშობლებმა ვიცოდით. რომც მეთქვა ომარი არასოდეს დამიჯერებდა. ჩათვლიდა ოჯახში შუღლი უნდა ჩამოაგდოსო. არ ვნანობ არაფერს. მე მაინც მკვლელი ვიყავი, ხალხის თვალში მაინც ბოროტმოქმედი ვიქნებოდი. არ შემეძლო მათი ყურება, ისინი პატივცემული ბატონები იყვნენ. მე კი - მკვლელი. - საიდი ირონიულად იცინოდა, ტკივილით, ბოღმით. - მე ჩემი ძმის მკვლელი მერქვა. ამაზე მეტი სასჯელი არ არსებობდა. თვითოელი მათგანის მკვლელობა თუ განადგურება, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. ალბათ, არც ეს არის ნორმალური, მაგრამ რა ვქნა? ასე იყო, მეგონა მამაშენის წინაშე ვალს ვიხდიდი. დღესაც ასე მგონია. შემდეგ თქვენც გამოჩნდით. ამბავი: ცოცხალი რომ იყავით, სწრაფად გავრცელდა. მეც სწრაფადვე დავიწყე მოქმედება. თქვენს ჩამოსვლამდე მინდოდა იმ უკანასკნელთა მოშორება, შენი მშობლების მკვლელობაში ვინც გაისვარა ხელი. მართალია სიმართლეს ვერც შენ გაიგებდი, მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვიქნებოდი. რადგან კლანში ასეთ საზიზღარ მუწუკებს გაშორებდი. ვფიქრობდი, სიმართლე რომ გცოდნოდა, ალბათ იმავეს მოისურვებდი და ასეც გავაკეთე. უკანასკნელი შენი ჩამოსვლის დღეს მოვაკვლევინე. ვითომ ავარიაში დაიღუპა. რა მოხდა?! მე მათგან განსხვავებით კეთილი ვიყავი, ბევრად კეთილი. მე მათ ოჯახის წევრებს არ შევხებივარ, არც ცოლები მომიკლავს მათი და არც შვილები.
- მამა, გაჩუმდი! - ეხვეწებოდა ფერიდე - ამის მოსმენა აღარ შემიძლია!. - ტიროდა ის.
- რატომ? - გაცხარდა საიდი - განა რამე ისეთს ვამბობ? ნუთუ პირველად გესმის საკუთარ მამაზე მკვლელიაო? გეკითხები, პირველად გესმის? დიახ, იყოს თქვენებურად, მკვლელი ვარ, ოღონდ არა ჩემი ბატონის, არა შენი მშობლების, მე მკვლელი კი არა, ჯალათი ვარ, მამაშენის მომართული მახვილი, რომელსაც მის მკვლელებზე შურისძიება მევალებოდა. ასეც გავაკეთე, არც ვნანობ, და არც არასოდეს ვინანებ. მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული, ზიზღი, ის ზიზღი თქვენს თვალებში ყოველდღე რომ ვხედავ. ღმერთია მოწმე, საკუთარი შვილებისგან არ გარჩევდით, შეიძლება პირიქითაც კი. რომ შემძლებოდა ყველაფერსაც შემოგწირავდით. ოღონ სიმართლის თქმა შემძლებოდა, ოღონდ ეს ზიზღი არ ყოფილიყო. ვნატრობდი: მომკლას, მისი ხელით მომკლას მეთქი. ჩემთვის ესეც პატივი იქნებოდა. ბატონიშვილო, მაგრამ არა, ყველაფერი პირიქით მოხდა. უხუცესებმა თქვენი დაქორწინება გადაწყვიტეს. ეს ჩემთვის ნათელი წერტილი იყო. გულის სიღრმეში ვფიქრობდი, რომ ფერიდე შეგიყვარდებოდათ, ამაზე ვოცნებობდი, იმედი მქონდა რომ ეს სიძულვილიც გაქრებოდა, მაგრამ არც ამაში მქონია ბედი. - საიდი პატარა ბავშვივით ზლუქუნებდა, ამდენი წლების ნაგროვებდა ბოღმამ ერთბაშად ამოხეთქა. არც მახსოვს ბოლოს ცრემლი როდის გადმომვარდა. ალბათ, მაშინ ჩემი დახოცილი მშობლები რომ ვნახე, ეხლა კი ვეღარ ვჩერდებოდი, ცრემლები თავისით მოდიოდა, აღარ ჩერდებოდა. მაიას თავი ხელებში ქონდა ჩარგული და ტიროდა, ფერიდე და ჯემალი საიდის დაწყნარებას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მისი ტკივილით შეწუხებულები, თვითონ უარეს დღეში იყვნენ. მოსმენილი ამბით თავზარდაცემული ჟანი გაფითრებული მოგვჩერებოდა. არ ვიცი ამ მდგომარეობაში რამდენ ხანს ვიყავით. მე საუკუნედ მომეჩვენა, თურმე ყველაფერი ილუზია ყოფილა. ამდენი ბოღმა, ამდენი სიძულვილი. საიდს ვუმზერდი, მის ჭაღარას.
- მის ადგილზე ნეტა მე რას ვიზამდი? - ვეკითხებოდი ჩემს თავს - მოვახერხებდი ამდენს? შევძლებდი მეგობრის გამო ასეთ თავდადებას? შემეცოდა. თან მეცოდებოდა, თან მიხაროდა, რომ მამაჩემი ასე უყვარდა. მიხაროდა, რომ მამაჩემი არ დაივიწყა. იბრძოლა, ბოლომდე იბრძოლა.
- ბატონო, საიდ! - საკუთარი ხმა ვეღარ ვიცანი, ბოღმისაგან ჩამხრეწოდა - ბიძია საიდ!.
- საიდმა არეული თვალებით შემომხედა - ამ სიკეთეს არასოდეს დაგივიწყებთ! - გულწრფელად, ალალად ვუთხარი მე.
- ბატონიშვილო! - ხმა აუკანკალდა მას.
- მე თქვენთვის ბატონიშვილი არა ვარ, არც ბატონი. მე თქვენი ძმის შვილი ვარ და ეს ასე იქნება, რა თქმა უნდა თუ თქვენ ეს გსურთ.
საიდი აკანკალებული ხელებით ჩამეხუტა, ტიროდა, იცინოდა, აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო.
- არ მჯერა, ამას ვერასოდეს ვიფიქრებდი! - ამბობდა ფერიდე და ძმას ეხვეოდა. - როდესმე წარმოიდგენდი ასეთ რამეს?
- ვერასოდეს! - ბედნიერი იღიმებოდა ჯემალიც.
როგორც იქნა პირველმა ეიფორიამ გაგვიარა. ისტერიულად აღარ ვტიროდით და აღარ ვიცინოდით.
- კარგით ბატონო. - ისევ ძველი ჩვეულებისამებრ მომმართავს საიდი - რაც აქ მოხდა, ჩვენს შორის დარჩეს. არ მინდა სხვებმა გაიგონ, განსაკუთრებით ომარმა. ცოდოა, გული ეტკინება. - ნაღვლიანად ამბობს ის - ვიცი, როგორ განიცადა მამათქვენის სიკვდილი, ისინიც უყვარდა, ძმებივით იყვნენ, სიმართლეს ვერ გადაიტანს. ამ სიტუაციას შეგუებულია. ომარი კარგი კაცია, გულს ნუ ატკენთ, მათი ოჯახებიც ცოდონი არიან. ბატონი ყველას უყვარდა. ეს მათთვის დიდი დარტყმა იქნება.
გაოცებული ვუმზერდი საიდს - მერე თქვენ?
- მე მაინც მკვლელი ვარ. - ნაღვლიანად ამოიოხრა მან.
- მკვლელი არ ხართ. - საუბარში ჩაერია მაია. - თქვენ მეგობრის გამო შური იძიეთ.
- იურისტი ქალი ასე ფიქრობ? - გაუკვირდა ფერიდეს.
- ამას რა მნიშვნელობა აქვს? - ცხარობდა მაია - მამაშენმა ის შეძლო, რაც ალალმა ძმამაც კი ვერ გააკეთა. არავის აზრადაც არ მოსვლიათ სიმართლის გარკვევა. მისი სიმართლის დაჯერება, რადგან ეს უფრო იოლი იყო. მკვლელი იპოვეს, ყველას რომ აწყობდა ის მკვლელი, მამაშენი დამნაშავე არ იყო. ის სამართალს ეძებდა, როცა ვერ იპოვა თვითონ გახდა კანონი. მე თქვენს ადგილზე სიმართლეს არ დავმალავდი. რატომ უნდა გერქვათ მკვლელი, მეგობრის მკვლელი, როცა ეს არ გაგიკეთებიათ? ამბობთ მათი ოჯახებისთვის ძნელი იქნებაო, განა თქვენი ოჯახისთვის იოლია? დავიჯერო ეს წლები თქვენს შვილებს არ უჭირდათ?
- ეჰ.. ქალბატონო, ეს მხოლოდ მე და ჩემმა ოჯახმა ვიცით. მთელი ცხოვრება მათ დაცვაში გავატარე. ომარს ჩემთვის არ ეცალა. ის დაკარგულ ძმის შვილს ეძებდა. სამაგიეროდ დანარჩენები... ამის გახსენებაც არ მინდა, მაგრამ ხომ დასრულდა?!
- თქვენც ეთანხმებით, რომ სიმართლე არ თქვას? - ფერიდეს და ჯემალს მიუბრუნდა მაია. მათ არაფერი უპასუხეს. დუმდნენ - შენც? - ამჯერად მე მომიბრუნდა.
- არ ვიცი. ყველაფერი იმაზე რთულია ვიდრე მეგონა. ამდენი წლები მტრები მეგონეთ. ასეც ვიცეოდი, შეიძლება იარაღს არ ვისროდი, მაგრამ არც კარგი მემეტებოდა. აღარ მინდა ასე გაგრძელება. ჩემთვის მტერი ვეღარ იქნებით, აშკარად თუ შეფარვით მხარში ამოგიდგებით, ძალებს არ დავიშურებ რომ ბედნიერები იყოთ.
- კარგი ბატონო, იყოს თქვენებურად. - დამეთანხმა საიდი - ჩვენ ჯერ ფერიდე გვყავს დასაბინავებელი, დანარჩენს კი ცხოვრება გვიჩვენებს.
ერთმანეთს თბილად დავემშვიდობეთ, ჯემალი და საიდი წავიდნენ. დავრჩით ოთხნი: მე, მაია, ფერიდე და ჟანი. თავი ბრაზილურ სერიალში მეგონა: ქმარი, ცოლები, ცოლის მეგობარი მამაკაცი.... ვერასოდეს ვიფირებდი ანალოგიური თუ შეიძლებოდა შემმთხვეოდა. ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ქაღალდზე იყო და არა სინამდვილეში. ასეთი მძიმე შეხვედრის შემდეგ დაშლა არ გვინდოდა.
- თუ დღევანდელი ემოციებით ძალიან არ დაიღალეთ, რაღაც მინდა შემოგთავაზოთ. მიუხედავად მძიმე ისტორიისა დღეს ბევრი სასიამოვნო ამბავიც მოხდა. ორი მტრად მოკიდებული ოჯახი შერიგდა და რაც მთავარია თქვენი დაქორწინებაც გადაწყდა.
- ოღონდ გეხვეწები ქალაქში გასვლა არ გინდა! - შევაჩერე მაია.
- არა, ქალაქში არა. სახლში სასიამოვნო სადილს შემოგთავაზებდით.
- არ შეგაწუხებთ?!. - მე შემომხედა ჟანმა.
- პირიქით, ჩემთვის ძალიან მძიმე დღე იყო და თუ გვერდით მეგობრები მეყოლებით ნამდვილად არ ვიქნები წინააღმდეგი.
ჟანი გვიანობამდე დარჩა, სასიამოვნო საღამო გამოვიდა. წლების წინ დატრიალებულ ტრაგედიას არავინ ვეხებოდით, განგებ გვერდს ვუვლიდით. გამიხარდა იმ საღამოს მარტო რომ არ ვიყავი. ფიქრის არ შემეძლო. თუმცა საკუთარი თავი გამოვიჭირე, რომ ამ საზიზღარ მოვლენაში ერთი სასიამოვნო რამ მაინც აღმოვაჩინე. ამ მტრობის დასასრული ნიშნავდა, რომ დათუნა ჩვენთან ჩამოვიდოდა. მართალია, მიხაროდა, რომ ფერიდეს ოჯახს ხელები ჩემი მშობლების სისხლში არ ქონდა დასვრილი, მაგრამ გული მაინც დარდით მქონდა სავსე. არ ვიცოდი, რომელი სიმართლე ჯობდა, ჩემი მშობლები საკუთარმა გარემოცვამ, თითქმის საკუთარმა ოჯახმა გაიმეტა. გული ისე მტკიოდა თითქოს ყველა მათგანმა სათითაოდ ჭრილობა მომაყენა, დამჯიჯგნეს და ნაწილ-ნაწილ მომისროლეს. მინდოდა ხმამაღლა მეყვირა, მეღრიალა, მაგრამ ფერიდეს და მაიას შევხედავდი და ვჩერდებოდი. მაია ჩუმად მაკვირდებოდა, თითქოს ხვდებოდა რასაც ვგრძნობდი, არც შევმცდარვარ, სტუმარი წავიდა თუ არა, ფერიდეც ოთახში ავიდა.
- ძალიან გიჭირს? - მკითხა მაიამ, ხმა ვერ ამოვიღე. ბოღმა მომაწვა, გული ყელში მომებჯინა. მინდოდა მეყვირა, მეტირა, მაგრამ არ გამომდიოდა.
- მთელი დღეა ვფიქრობ და ვერ ვინელებ. - მაია ცრემლიანი თვალებით მიმზერს - ყველაზე მწარე იმის გააზრებაა, რომ ვისაც მამა ყველაზე მეტად ენდობოდა, სწორედ მათ გაიმეტეს, ვეღარ გავიგე ვის ვენდო, ვის დავუჯერო? იმ ხალხის ოჯახები ხომ ჩემთან ტრიალებენ, მათი ცოლები, შვილები. ვიცი - შევაჩერე მაია - მესმის, მათ რა დააშავესო?! მაგრამ იქნებ ყველაფერი იცოდნენ? თუ მამას მტრობდნენ, დედა რაღატომ გაიმეტეს, რატომ? ვერ ვიგებ, არ მესმის!.
- ემოციებს ნუ შეიკავებ, ბოღმა ამოუშვი - მეხვეწებოდა მაია.
- არ შემიძლია, მინდა, მაგრამ აღარ შემიძლია. გული დარდითა და სიძულვილით ამევსო, ბოღმა მაღრჩობს.
- არ გინდა ომარი ნახო? იქნებ დაგეხმაროს?
- ომარი? - ირონიულად მეღიმება - ის როგორ დამეხმარება? ამდენი წლები მისი ძმისა და რძლის მკვლელების ვინაობაც კი ვერ გაიგო.
- ასე ნუ ამბობ. ომარს უყვარდა ისინი, დღემდე დარდობს და განიცდის.
აღარ ვეკამათები, ჩემთვის მისი აზრიც უინტერესოა, უკვე აღარაფერი მინდა, აღარავინ, ყველას თავში ქვა უხლიათ! მე ჩემი მშობლები მინდა, მხოლოდ ისინი! ლოგინში ვწევარ, მეცოდებიან ჩემი მუხანათურად მოკლული მშობლები, საკუთარი თავი, საკუთარი თავი... ირონიულად მეღიმება, ამ გაჭირვებაშიც კი ისევ ჩემი თავი მეცოდება. გავბრაზდი, გავღიზიანდი, იმის ბედიც კი არ მქონია, რომ მამის მკვლელებზე შური მეძია. მათთვის ერთხელ მაინც შემეხედა, მეკითხა: რა უნდოდათ? ასე რატომ გაგვწირეს? ვიყავი მოკუნტული და უხმოდ, უცრემლოდ ვტიროდი. საკუთარი უსუსურობის გამო ტუჩებს ვიკვნეტდი, მინდოდა მტკენოდა. ისევე ძლიერად როგორც მაშინ მათ ტკიოდათ, მაგრამ არაფერი გამომდიოდა, სამწუხაროდ არაფერი. იქნებ ჯობდა მათი მკვლელი კვლავ საიდი ყოფილიყო, მაგრამ რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ვინმეზე ჩემი ზიზღი გადმომენთხია? იქნებ ჯობდა კიდეც .... ბოლო აზრები ეტყობა ხმამაღლა წარმოვთქვი.
- მართლა ასე ფიქრობ? - მომესმა მაიას ხმა, რომელსაც არ ეძინა.
- აღარ ვიცი რა ვიფიქრო, ყველაფერი ამერია. - ამოვიოხრე მე.- ალბათ უნდა მიხაროდეს, რომ ამდენ სვავებში ერთი ერთგული ადამიანი მაინც ყოფილა. მესმის უნდა მიხაროდეს, მაგრამ ვერაფერს ვერ ვგრძნობ. მიხარია, როგორ არ მიხარია, ერთგული, კარგი მეგობარი ყავდა, სიყვარულის უნარი რომ ქონდა, ეგეც მიხარია. მაგრამ დარდს მაინც ვერაფერს ვუხერხებ. - მაიასკენ გადავბრუნდი, მის თაფლისფერ თვალებს ჩავხედე და გულში ძლიერად ჩავიკარი.- ვიცი ძნელია ჩემთან ყოფნა, მაგრამ შენი მადლობელი ვარ ამ წუთებში აქ რომ ხარ. მიყვარხარ და მინდა ეს ყოველთვის გახსოვდეს.
ლოყაზე ნაზად მაკოცა: - როცა ძალიან გაგიჭირდება, თვალები დახუჭე, როცა ყველაზე მეტად გეტკინება, შენთვის ყველაზე ბედნიერი წუთები გაიხსენე. ის ვინც ყველაზე მეტად გიყვარს.
- შენ?! - გამეღიმა მე.
- არა, ყველაზე ტკბილი და კარგი. - მის რჩევას მივყვები, თვალებს ვხუჭავ, მაიას თბილი ხელები მეხება, მისი სუნთქვა მესმის და თვალწინ ის მიდგება, ხუჭუჭა, მომღიმარი, ყველაზე ტკბილი და გემრიელი, ჩემი დათუნა, მისი „მამიკო მიყვარხარ“- ყურში ჩამესმის, მართალი ყოფილა მაია, ტკივილი ოდნავ ყუჩდება.
- ჩემი ბიჭი, ჩემი პატარა!- ვლუღლუღებ და მეძინება.



№1  offline წევრი მოჟუჟუნე

მეც ამეტირა...

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

მოჟუჟუნე
მეც ამეტირა...

ცოტა არ იყოს მეშინოდა ომარის განცდები ხელოვნური არ გამოსულიყო...

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

ვაუ... ამას ნამდვილად არ ველოდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent