თვალები (8 თავი)
[center][/center]მერვე თავი ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე კლინიკაში იშვიათად მივდიოდი, ძირითადად ავადმყოფს კახა ნახულობდა. ექიმების თქმით: მან ძლიერი დეპრესიის ფონზე, ილუზიური სამყარო შექმნა, რომლის დატოვებაც არ სურდა. მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი გამოდგა. აკვირდებოდნენ, როგორც ამბობდნენ, უიმედო მდგომარეობა არ იყო. ავადმყოფი ნელ-ნელა ექვემდებარებოდა მკურნალობის კურსს. ვიმშობიარე. გოგონა შემეძინა. ბავშვი ჯანმრთელი და ძლიერი იყო. მთლიანად მასზე ზრუნვით ვიყავი დაკავებული. გიორგის საავადმყოფოში დაწვენიდან ორიოდე თვეში თიკამ განქორწინება მოახერხა. ბავშვი გიორგის დედას დაუტოვა და თვითონ საზღვარგარეთ წავიდა, „სამუშაოდ“. სადაც მისი „დაუღალავი შრომა“ საბოლოოდ მეორე ქორწინებით დასრულდა. ვერც ვამტყუნებდი, ცდილობდა მისი ცხოვრება მოეწყო, თუმცა ბავშვი მეცოდებოდა, ფაქტიურად არც დედა ყავდა და არც მამა. ვცდილობდი შეძლებისდაგვარად დავხმარებოდი და ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა მისი მდგომარეობა. ზოგჯერ ვფიქრობდი ვინ ვიყავი ამ ბავშვისთვის? დედინაცვალი? ვერ ვიტანდი ამ სიტყვას, გული მერეოდა. მაგრამ მის ბედნიერ სახეს როცა ვხედავდი, ეჭვები მიქრებოდა და ვხვდებოდი, რომ თავი არ უნდა დამეზოგა და მისთვის ის სითბო უნდა მიმეცა რასაც მშობლები, განსაკუთრებით კი მამა ვერ აძლევდა. თითქმის წელიწად ნახევარი გავიდა, გიორგის ფსიქიატრიულში დაწვენიდან. როგორც ავღნიშნე თავიდან ორსულობის გამო იშვიათად მივდიოდი კლინიკაში, შემდეგ კი როცა გიორგის ცნობიერება დაუბრუნდა, თვითონვე თქვა უარი, ჩემს სტუმრობაზე, მიზეზად კი ის თქვა: - თითქოს არ უნდოდა იმ მდგომარეობაში მენახა. თუმცა მე ამას მხოლოდ მიზეზად ვთვლიდი, ეჭვი მქონდა, რომ დიდად ჩემი ნახვაც არ უნდოდა.. ყველაფერი მისი გადასაწყვეტი იყო. ისედაც ვატყობდი, რომ ჩვენს შორის რაღაც მოკვდა, თითქოს სხვა ადამიანი მედგა წინ. აქ ფიზიკური ცვლილება არაფერ შუაში იყო, თუ არ ჩავთვლიდით ჭაღარას, მკურნალობის შედეგად სახე დაუწყნარდა და თითქმის იგივე გიორგი იყო, იმდენად ბევრი წყენა დაგვიგროვდა ერთმანეთის მიმართ, ყველა გრძნობა გადაფარა. ალბათ პატიებასაც თავისი დრო უნდოდა. თავს ბოღმიან ადამინად არ ვთვლიდი, ვერც ავადმყოფს ჩავუდგებოდი ჯიბრში, მაგრამ მაინც მიჭირდა, შიგნიდან მიშლიდა ღარაც ხელს, რომ პირველი ნაბიჯი გადამედგა. დავყევი მის სურვილს, ჩემი საზოგადოებით აღარ ვაწუხებდი. როგორც იქნა კლინიკიდან გამოწერეს, ეს ამბავი ისევ კახასგან გავიგე, თვითონ გიორგი არ გამოჩენილა. კიდევ ერთხელ ჩამწყდა გულში, კიდევ ერთხელ ვიტირე, ეტყობა დასასრულიც მოვიდა. ამდენი ტანჯვისა და წამების დასასრული მაინც ჩვენი დაშორება გამოდგა. მამაჩემიც კი რომელიც აქამდე ჩვენს ერთად ყოფნას ქადაგებდა, გაჩუმდა. აღარაფერს მეუბნებოდა. კლინიკიდან გამოსვლიდან ალბათ 2-3 თვე იქნებოდა გასული, როცა გიორგიმ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, ბავშვი დედაჩემს დავუტოვე და ვერის პარკში შევხვდით. ერთმანეთს დიდხანს ვუმზედით, ალბათ, თბილ შეხვედრას ველოდი, ის კი მხოლოდ მიმზერდა და მაკვირდებოდა, თითქოს ჩემს სახეს იმახსოვრებდა. - მოგხდენია დედობა. - კარგა ხნის დუმილის შემდეგ მხოლოდ ეს სიტყვები მითხრა. გულში კიდევ ერთხელ მეტკინა, გაოცებულმა შევხედე. - მხოლოდ ამას მეტყვი? - თავი დახარა, ხმა არ ამოუღია - ბავშვის ნახვა არ გინდა? არ გაინტერესებს როგორია? - ხმა გამებზარა და მივხვდი ცოტაც და ავტირდებოდი. თვალებში მიმზერდა, ტკივილით, წყენით. მაგრამ ამ წუთში მე მეტად მტკიოდა და ვიცი ამას თვითონაც ხვდებოდა. - მაინტერესებს. - ყრუდ მითხრა მან - ბავშვს გვარი უნდა მივცე, არ მინდა მარტოხელა დედა გერქვას!. - მოწყალებასავით ჟღერს. - შეიძლება. მაგრამ ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს შემოგთავაზებ, იმედია ოდესმე... - ოდესმე?! - გამიკვირდა მე - ფიქრობ მთელი ცხოვრება დაგელოდები? - ირონია გავურიე ხმაში. - ვერ დაგავალდებულებ, თუმცა იმედი მაქვს... - ისე მითხრა თითქოს სხვას ელაპარაკებოდა, სივრცეში. - საზღვარგარეთ მინდა წასვლა, ცოტახანს აქაურობას უნდა მოვშორდე, დავივიწყო... - როგორც გინდა. - ყრუდ დავეთანხმე, თუმცა მინდოდა მეყვირა, მეთხოვა არ წასულიყო, არ დავეტოვე, მაგრამ ვერ შევძელი, სათქმელი სიტყვები ყელში გამეჩხირა. ცხემლებმა და მოწოლილმა ბოღმამ ჩემი ხმა ჩაახშო. თავი დავხარე, არ მინდოდა ჩემი ტკივილი გამემჟღავნებინა, ყველაფერს მივცემდი ოღონდ მარტო ვყოფილიყავი და საშუალება მქონოდა ჩუმად მეტირა, მაგრამ... იქნებ უკეთესიც იყო, თავმოყვარეობა და სიამაყე უფლებას არ მაძლევდა ჩემი ტკივილი მეჩვენებინა. - თამრო! - მისი შეხება ვიგრძენი ხელზე - მაპატიე გთხოვ, შენც დაგტანჯე და თავიც დავიტანჯე. მაგრამ ასე ჯობია. წავალ, სხვა გამოსავალი არ მაქვს. ყველაფერი ნოლიდან უნდა დავიწყო. აქ ერთი ლოთისა და შეშლილის იარლიყით ვერ ვიცხოვრებ. არც შენ გჭირდები ასეთი. იმედია ოდესმე... უკვე მერამდენედ ამბობდა „ოდესმეს“, უკვე მერამდენედ... ვხვდებოდი, რომ გადაწყვეტილებას მაინც არ შეიცვლიდა და მეც ისევ და ისევ ვეთანხმებოდი: - როგორც გინდა! - თუმცა თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ ოდესმე არასოდეს დადგებოდა. უცებ თავი საოცრად სასოწარკვეთილად ვიგრძენი - არ წახვიდე, გთხოვ! - ვემუდარებოდი მას - არ დამტოვო! არ დაგვტოვო! - ვტიროდი და მას აღარ ვუმზერდი, ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი, გულში ჩამიკრა. მთხოვდა დავწყნარებულიყავი, მაგრამ ვერ ვჩერდებოდი, პატარა ბავშვივით ვსლუკუნებდი, ვეღარ ვჩერდებოდი, რაც უფრო მეფერებოდა გული უფრო მიჩუყდებოდა. საკუთარ თავზე ბრაზი მომდიოდა, ყველასთან ძლიერი ვიყავი, გიორგისთან კი უსუსური და სუსტი ვჩანდი. სახეს მიკოცნიდა, ხელებს, მე კი მასთან ჩახუტების გარდა აღარაფერი მინდოდა. მტკიოდა და ვიცოდი, რომ ჩემი ტკივილის შველა მხოლოდ მას შეეძლო, მხოლოდ მას. და თუ წავიდოდა?! მაშინ რა მეშველებოდა?! ვინ მომეფერებოდა?! ის რაღაცას მელაპარაკებოდა, მაგრამ არ ვუსმენდი, არ მინდოდა გამეგო. თავს ვიტყუებდი?! მერედა როგორ. გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ მაინც წავიდოდა, ვეუბნებოდი საკუთარ თავს, რომ ხმა არ უნდა ამომეღო, მაგრამ ვერ შევძელი. ისე მტკიოდა როგორც მაშინ როცა მიღალატა და თიკას ორსულობის შესახებ გავიგე. დიდხანს ვიყავით ასე ჩახუტებულები. ხმას აღარ ვიღებდით, უბრალოდ ვიჯექით. მოსაღამოვდა და შემცივდა, მაგრამ წასვლა მაინც არ მინდოდა, მას ვერ ვთმობდი, პანიკურად მეშინოდა განშორების. გიორგი მიხვდა და მისი ქურთუკი მომახურა, მისი სურნელი ღრმად შევისუნთქვე და ისე ამოვიოხრე, თითქოს გულიც ამოვაყოლე. ამით დასრულდა ყველაფერი, აზრი აღარ ქონდა წინააღმდეგობას. ზუსტად ვიცოდი, რომ წავიდოდა, აღარ ვტიროდი, თითქოს ისტერიკამ გამიარა, უკვე თავმოყვარეობაც შემახსენა თავი, აღარ უნდა მეხვეწნა. აზრი არ ქონდა. - არ მინდა იფიქრო, რომ ჩემთვის იოლია, მეც მიჭირს, მაგრამ ასე უნდა მოვიქცე. ცხოვრებაში რაღაცას უნდა მივაღწიო. - აღარ გინდა ამდენი ახსნა!. - გავაჩუმე მე. - თამარ, წასვლამდე მინდა ოფიციალურად ხელი მოვაწეროთ და ბავშვს მამობა მივცე! გამეღიმა: - დანაშაულის შემსუბუქება გსურს? ასეთი ქორწინება არ მჭირდება! - არ მინდა რამე მოგაკლდეთ! - მეუბნება ის და სახეში არ მიყურებს. - მამობის მიცემა თუ გინდა, მიეცი... ამ სიტყვებით დავშორდით. შემდეგი შეხვედრა საპასპორტოში გვქონდა, აღარ ვდაობდით, არც ვლაპარაკობდით, აზრი აღარ ქონდა, ბავშვი მოინახულა და დაგვემშვიდობა. ძალიან მალე, ალბათ ერთ თვეში საზღვარგარეთ წავიდა, თავიდან ხშირად რეკავდა, ვიგებდი რომ საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდა, არალეგალი იყო და მუდმივად მალვა უწევდა. თანდათან ზარები შეამცირა. ბოლოს როგორც გავიგე გერმანიიდან საფრანგეთში გადავიდა, ეგ იყო და ეგ. მის შესახებ სხვა ინფორმაცია არ მქონდა, ერთად - ერთი რაც მის არსებობას მახსენებდა ყოველი თვის ბოლოს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხა იყო, სავარაუდოდ მისი ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდა, რადგან ჩარიცხული თანხის რაოდენობამაც ნელ-ნელა საგრძნობლად მოიმატა. ალბათ მოიწყო ცხოვრება, თავიდან მტკივნეულად განვიცდიდი მის ასეთ ქცევას, შემდეგ შევეჩვიე და თანდათან იმ ქალების კატეგორიას დავემსგავსე, კაცი მხოლოდ ფინანსური დახმარებისთვის რომ ჭირდებათ. ამ საკითხზე როგორც კი დავფიქრდებოდი, გული დარდით მევსებოდა, ამიტომ თითქოს თავდაცვაზე გადავედი, ტკივილი რომ არ მოეყენებინა, გიორგიზე ფიქრი საერთოდ შევწყვიტე. - ანუ, წავიდა და წავიდა?! აღარ შერიგდით? - გამიკვირდა მე. - გიორგის წასვლით ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა. მივხვდი, რომ თავი ჩემით უნდა გამეტანა. ჩემი გოგონა მყავდა გასაზრდელი, მამა ვირტუალურად არსებობდა, იცნობდა „სკაიპით“. - ცუდად ნუ ჩამომართმევთ, არ მინდა იმის თქმა, რომ ბავშვზე არ ზრუნავდა, დაპირებისამებ იმდენ თანხას აგზავნიდა, რომ არაფერი გვაკლდა, მაგრამ... სამწუხაროდ, მე ეს არ მყოფნიდა. სოფელში ჩასულმა გიორგის დედა და თიკასთან შეძენილი ვაჟი ვნახე. ლამაზი ბავშვი იყო, ჩემს გოგონაზე რამდენიმე თვით დიდი. დამფრთხალი თვალებით მიყურებდა. ძალიან შემეცოდა. ბებიას არ შორდებოდა. გიორგის ფსიქიატრიულში დაწვენის შემდეგ ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო. დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა. ბავშვს სათამაშოები მივაწოდე. - მოდი, ჩემთან! ნუ გეშინია! - უნდობლად მიმზერდა, ვერ გადაეწყვიტა მოსულიყო თუ არა. - ეს მამიკომ გამოგიგზავნა! - ვეუბნებოდი მე. თვალებში სიხარული შევამჩნიე, ბებიას შეხედა, შემდეგ მე. მაგრამ მოსვლა მაინც ვერ გაბედა. - ჩემს მამას იცნობ?! - უნდობლად მეკითხებოდა გიგა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ჩემთან მოსვლა აღარ დამიძალებია. სათამაშოები სკამზე დავალაგე. - მიდი, დეიდა თამართან! - ხელით ჩემსკენ უბიძგა ბებიამ, თუმცა ბავშვი უფრო ძლიერად ჩაებღაუჭა კალთაზე. - ყველაფერს დრო უნდა, ნუ დააძალებთ! - ვთხოვე მე, როცა მისი შიში დავინახე. ქალს თვალები ცრემლებით აევსო. - მთელ დღეს ჩემთან ატარებს. მისთვის დედაც მე ვარ და მამაც. ამიტომაცაა ასე გაველურებული. უჭირს უცხო ხალხთან კონტაქტი. - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა მან. - გიორგი რეკავს ხოლმე? - გიორგი?! - მისთვის მტკივნეული იყო ამ საკითხზე საუბარი - არ რეკავს. არც მეხმიანება. წავიდა და წავიდა. გულიდან მეც ამომირეცხა და ეს საცოდავი ბავშვიც. - ფინანსურადაც არ გეხმარებათ?! - გამიკვირდა მე. - არა! წასვლისას გამომიცხადა, ამის გამო ცხოვრება დამენგრაო. - ბავშვს დახედა მან - მასთან არაფერი მაკავშირებსო. და ჩემი იმედი ნურც გექნებათო. თითქოს მეც არ ვარსებობ. ჩემზეც კი გაბრაზდა. თიკას დედასთან გაგზავნე და იმათ მიხედონო. ვერ ვქენი. არ შემეძლო. - მხრები უკანკალებდა ქალს. - თიკას ოჯახი ნახულობს მაინც? - არა, რა მონახულება! - მწარედ გაეცინა მას. - ეს საცოდავი მათთვისაც სირცხვილისა და შეცდომის ნაყოფია. თითქოს ყველასთვის ზედმეტი გამოდგა. ჩავიმუხლე, ბავშვისკენ დავიხარე. შიში ცნობისმოყვარეობამ შეცვალა. დიდი თაფლისფერი თვალებით მიმზერდა. რაც უფრო დიდხანს მიყურებდა, ნელ-ნელა გამომეტყველებაც ეცვლებოდა. ცრემლებით აევსო თვალები, მოულოდნელად ბებიას ხელი გაუშვა და ძლიერად ჩამეხუტა. მისი პატარა ხელებით კისერზე მეხვეოდა. ბავშვი გულამოსკვნილი ტიროდა. თითქოს სითბოს ეძებდა. გულში ჩავიკარი. ვამშვიდებდი. ვეფერებოდი. ძნელია იმის თქმა ასე რამდენ ხანს ვიყავით. - არ წახვიდე, არ დამტოვო! - სლუკუნებდა გიგა. უცნაური შეგრძნება გამიჩნდა. საკუთარი თავი გამახსენდა, როცა გიორგის ვეხვეწებოდი არ წასულიყო. ბავშვი შემეცოდა. მეც ასე გამოვიყურებოდი ალბათ... რა უნდა მექნა? ან თქვენ რას იზავდით ჩემს ადგილზე? - მკითხა ქალბატონმა თამარმა. - დედა ვიყავი. ჩემი შვილი ქვეყანას მერჩივნა. რას ვიზავდი ჩემი შვილი ასეთ დღეში რომ აღმოჩენილიყო? პირველი რაც თავში მომივიდა, ის იყო, რომ გიგა უნდა წამომეყვანა. გიორგის გამოგზავნილი დახმარება მეყოფოდა იმისთვის, რომ ორი კი არა ათი ბავშვი გამეზარდა. მეც ვმუშაობდი. ბოლოსდაბოლოს ჩემი შვილი მარტო არ იქნებოდა, მას მხარს ძმა გაუმაგრებდა. ეს აზრი სწრაფად მომივიდა თავში და დღემდე ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ არ გადავიფიქრე. დოლიძის ბინის გასაღები წასვლისას გიორგიმ მე დამიტოვა. - ბავშვთან ერთად იქ თუ იცხოვრებ გამიხარდებაო! - თავიდან მისი სიტყვები სერიოზულად არ აღმიქვამს, მაგრამ ამ ჯერად თავს უფლება მივეცი მიუხედავად ჩემი მშობლების წინააღმდეგობისა, ამ ბინაში გადავსულიყავი, გიორგის დედაც ჩამოვიდა და გიგასთან და ჩემს გოგონასთან ერთად ვცხოვრობდით. თავიდან გიორგიმ გააპროტესტა, გაბრაზდა: - გიგა რატომ წაიყვანე, შენთვის არავინ არააო... მაგრამ მისი აზრი არ მაინტერესებდა. ამ ბავშვში ჩემ თავს ვხედავდი, მანაც თითქოს ჩემში ხსნა დაინახა, გვერდიდან არ მშორდებოდა, თვალებში შემომყურებდა, თუ რაღაცას სწორად ვერ აკეთებდა, ძალიან მტკივნეულად განიცდიდა, ვხედავდი როგორ ცდილობდა ჩემთვის სიამოვნება მოენიჭებინა. მეც ნელ-ნელა შეცოდება სიყვარულში გადამეზარდა. ვერ ვიტანდი ვინმე საყვედურს თუ ეუბნებოდა, შენიშვნაც კი არ უნდა მიეცათ. - ზედმეტად ანებივრებ! საკუთარ შვილსაც კი არ ექცევი ასე! - ზოგჯერ მსუბუქად მსაყვედურობდა დედა. მეცინებოდა, განა შეიძლებოდა რომ სიყვარული ზედმეტი ყოფილიყო?! მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პატარა იყო, მისთვის სიმართლე არ დამიმალავს, გიგამ ყოველთვის იცოდა მისი დედა თიკა რომ იყო, თუმცა ბავშვი ხედავდა ჩემს დამოკიდებულებას, თვითონაც სიყვარულით და სითბოთი მპასუხობდა. ჩემი გოგონა განსაკუთრებულად უყვარდა, ჩემთვის ესეც საკმარისი იყო. დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ ჩემი შვილისთვის ყველაზე სასარგებლო გადაწყვეტილება სწორედ იმ დღეს მივიღე, როცა ძმა არ დავუკარგე. გიგა ყოველვის მხარში ედგა, ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ ნაწილობრივ მამის ფუნქციასაც ასრულებდა, ის იყო მისი მეგობარი, ძმაკაცი, ყველაზე ერთგული და ყველაზე შემწყნარებელი... ანალოგიური დამოკიდებულება ქონდა ჩემს გოგონასაც. მეც კმაყოფილი ვიყავი, მათი ერთობა ყველაფრის კომპენსაციას გულისხმობდა. გიორგის აღიზიანებდა როცა გიგას მის შვილად მოვიხსენიებდი, არ სიამოვნებდა მისი ხსენება, თუმცა ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. ჩემს თავთან ვიყავი მართალი, სხვა არავინ და არაფერი მაინტერესებდა. დღეს დღეობით გიგა ცნობილი პლასტიკური ქირურგია. მისი წარმატებები მსიამოვნებს და მიხარია. როგორც კი სახელი გაითქვა ყველა სიამაყით აღნიშნავდა, რამხელა წვლილი ქონდათ შეტანილი მის აღზრდაში. უცებ გამოჩნდა თიკაც, როგორც „გულშემატკივარი„ და „მრავალნატანჯი დედა“. - ირონიით აღნიშნა ქალბატონმა თამარმა - წინააღმდეგი არ ვიყავი მისი გამოჩენის, ან რა უფლება მქონდა რამე მეთქვა?! თუმცა გულის სიღრმეში მაინც მეწყინა. რატომღაც როცა მისი შვილი ქუჩის ჩხუბში დაჭრილი საავადმყოფოში სიცოცხლისთვის იბრძოდა, დედას არ მოუკითხავს. როცა ხულიგნობისა და რესტორანში დებოშისთვის დააკავეს, არც მაშინ გახსენებია დედა რომ იყო და შვილს მისი თანადგომა ჭირდებოდა. სამაგიეროდ როგორც კი პირველი სტატია დაიბეჭდა გიგას მიღწევებთან დაკავშირებით მაშინვე ეკრანებზე გამოჩნდა თიკაც და ინტერვიუებს აძლევდა, შვილის გადასარჩენას და აღსაზრდელად როგორ მოუწია საბერძნეთში წასვლა, რათა მისთვის საარსებო წყარო გამოენახა. ჩემი გრძნობების შესახებ არასოდეს მითქვამს ხმამაღლა. რაც მთავარია სიმართლე გიგამ იცოდა, რა აუცილებელი იყო მთელი იმ სიბინძურის ამოფრქვევა რაც მის გარშემო ტრიალებდა?! მარტივად აღსაზრდელი ბავშვი ნამდვილად არ იყო, თუმცა ღმერთის წყალობით ეგეც გადავლახეთ, ალბათ ის ქუჩის ეტაპიც უნდა გაევლო, რომ საბოლოოდ სწორი მიმართულებით წავსულიყავით. გიორგისთან განშორებამ დიდი დაღი დაასვა ჩემს ცხოვრებას. ადამიანების ნდობა დავკარგე. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ცხოვრებაში არავინ იყო, თაყვანისმცემლების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდიდი, მაგრამ მათთვის უარის სათქმელ მიზეზს ყოველთვის ვპოულობდი. მათ ქცევაში ან ანგარებას ვხედავდი, ან გართობის სურვილს. მიჭირდა მათი გრძნობების სერიოზულობის დაჯერება. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ჯიუტად რომ ცდილობდნენ თავისი პოზიციების დაცვას. ერთ-ერთი იყო ჩემი მეგობრის მამიდაშვილი. ურთიერთობები მარტივად გამომდიოდა, ერთმანეთთან მეგობრულად ვიყავით. ყოველ შემთხვევაში მე ლევანში მხოლოდ მეგობარს ვხედავდი. ეს იყო ადამიანი, რომელიც მუდამ ხუმრობდა, ზედმეტად გამხდარი და მაღალი, დიდი ღია თაფლიფერ-მოცისფერო თვალებით. მასთან სერიოზულად ყოფნა შეუძლებელი იყო, მხიარულად ვსაუბრობდით ნებისმიერ თემებზე, მათთან ოჯახის წევრივით ვიყავი, ხან ჩემი მეგობარი რჩებოდა ჩემთან, ხან მე... მარიამთან სტუმრობა თავისთავად ლევანთან შეხვედრასაც გულისხმობდა. აზრადაც არ გამივლია, რომ შეიძლება ჩემთან მიმართებაში რამე გრძნობები ქონოდა გარდა მეგობრობისა. ჩემს თაყვანისმცემლებს ერთად განვიხილავდით, ვაფასებდით, ვიწუნებდით... შეიძლება პატარა კომპლიმენტი ხუმრობით ეთქვა, ან ვინმესთან საუბარში ვეხსენებინე, მე ამას მეგობრულ ჟესტად ვთვლიდი და მეცინებოდა. ერთხელ საკმაოდ შეშფოთებული მიყვებოდა: - ჩემმა მეგობრებმა შენი სურათი ნახეს, ერთად რომ გვაქვს გადაღებული, მარიამის დაბადების დღეზე. - მერე? - ვეკითხები მე. - ისე მოეწონე, გამოაცხადა ეს გოგო ცოლად უნდა მოვიყვანოო... - იცინის ის. - რაღა მიჭირს! - ვიცინივარ მეც. - ამ საუბარში მამუკა ჩაერთო! – (ლევანის მეორე მეგობარია) - რა ცოლად უნდა მოიყვანო, ეგ გოგო მე მომწონს და მე გამომყვებაო! ძლივს დავაშოშმინე! - ხარხარებდა ლევანი - ბოლოს გამოვაცხადე თქვენ ვერ დაგითხმობთ, ცოლად მე მომყავსთქო! მისი სიტყვები მე და მარიამმა როგორც ყოველთვის ხუმრობად ჩავთვალეთ, სერიოზულად არ აღგვიქვამს. წლების შემდეგ გავიგე, რომ თურმე ეს მისი მხრიდან სიყვარულის ახსნა ყოფილა. ჩემი და ლევანის განსხვავებული, ზედმეტად მეგობრული ურთიერთობის თაობაზე შემთხვევით ვინმე თუ გაიხუმრებდა, სიცილით ეტყოდა: - თამარი მიყვარსო! -თუმცა ამ სიტყვებს ისევ მოსწრებულ ხუმრობად ვთვლიდი. ზოგჯერ გჭირდება გვერდში მდგომი ერთგული ადამიანი, რომელიც ნებისმიერ დროს მხარში ამოგიდგება, გაგიგებს, დაგეხმარება. ლევანმა იცოდა ჩემი და გიორგის ისტორია, იცოდა ჩემი განცდების შესახებ. მე მისთვის არასოდეს დამიმალავს, რომ ჩემთვის მხოლოდ მეგობარი იყო. გიორგისგან ბავშვს ველოდებოდი, როცა მარიამმა გახარებულმა მითხრა: - ლევანმა კახეთში ღვინის ქარხნის დირექტორად დაიწყო მუშაობაო. გამიხარდა მისი წინსვლა. ობლობაში გაზრდილი ბიჭისთვის ეს კარგი შანსი იყო. თვითონაც კმაყოფილი და ბედნიერი გახლდათ. ამას მოყვა ბაკურიანში სასტუმროების ქსელის ხელმძღვანელობაც. ასე რეგიონიდან-რეგიონში გადადიოდა, მის ამბებს მარიამისგან ვიგებდი. ერთად-ერთი ვინც ლევანის მეგობრობაში განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ხედავდა დედაჩამი იყო. ან იქნებ მარიამიც ხვდებოდა და დარწმუნებული ჩემს გულგრილობაში, არაფერს ამბობდა. ასე იყო თუ ისე, თითქმის 4 წელი ისე გავიდა, რომ ლევანი ნანახი არ მყავდა. ჩვენი შეხვედრა მარიამის ქორწილში შედგა. სამსახურიდან თითქმის ორი თვით საზღვარგარეთ ვიყავი მივლინებით წასული. ამიტომ მარიამი ბოლო პერიოდში ნანახი არ მყავდა, სწორედ ამ ორ თვეში მოასწრო მისი „ოცნების პრინცის“ პოვნა და ისე მხურვალედ შეყვარება, რომ გათხოვებაზეც დათანხმდა. სასიძოს მხოლოდ ფოტოებით ვიცნობდი და ძალიან მაინტერესებდა მისი გაცნობა. სუფთა ტრადიციული ქართული ქორწილი ტარდებოდა. ვეებერთელა სუფრითა და უამრავი ნათესავებით, რომლის ნახევარსაც კი შეიძლება არ იცნობდე. მაგრამ მაინც უნდა დაპატიჟო, რადგან როცა გაიგებენ, რომ ქალიშვილი გაათხოვე, აუცილებლად ეწყინებათ. ამას ვერასოდეს ვიგებდი, რა არის ამაში საწყენი?! ამიტომაც მე ვითვლებოდი ადამიანად რომელიც ტრადიციებს „პატივს არ ვცემდი“. ქორწილში ჩვენს საერთო მეგობართან ერთად მივედი. მარიამს ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა, მილოცვისა და ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ ჩვენთვის ადგილის ძებნაც დაიწყეს. უცხოდ რომ არ გვეგრძნო თავი მარიამის ბიძაშვილ - მამიდაშვილებთან დაგვსვეს, გამიხარდა მისი გადაწყვეტილება. ყველას ვიცნობდი და ერთმანეთთან ვმეგობრობდით. მათ შორის რა თქმა უნდა ლევანიც იყო. ფაქტიურად არ ვჩუმდებოდით. გოგონების ნაწილი ადრე გათხოვდნენ, მეუღლეებითა და ბავშვებით იყვნენ მოსული. წარმოიდგინეთ ჩვენი ემოციები. სალაპარაკო თემა ბავშვობაშიც არ გველეოდა, მით უმეტეს ამდენი წლების შემდეგ. მამაკაცები მორიდებით გადმოგვხედავდნენ და „ცოტა წყნარადო“ გვთხოვდნენ. მათ შენიშვნას სულ რაღაც ორი წუთით ვითვალისწინებდით. შემდეგ ისევ ჩვენს სტიქიაში ვიყავით. - სანამ შენ მოხვიდოდი, სრული წესრიგი გვქონდა, შემოხვედი და ქალები აგვიბუნტე! - მსუბუქად მისაყვედურა ლევანმა. - არ გრცხვენია? მამაკაცები ერთობოდით და მანდილოსნებს ჩაგრავდით?! - იხტიბარი არ გავიტეხე მე. - ყურადღებას ნუ აქცევ! - იცინის ნინო, მარიამის და - ბოღმით კვდება მას რომ არ უთმობ დროს. აღარ იცის რა თქვას. - რადგან შენ იტყვი! - ვითომ იბუტება ლევანი. - ეს გოგონა ვინ არის? - ვინტერესდები ჩემთვის უცნობი ქალიშვილით. ლევანს რომ უზის გვერდით. - ლევანის საცოლეა! ყოველ შემთხვევაში ჩვენს ასე გაგვაცნო! - ეშმაკურად იღიმება ნინო- თუ რა თქმა უნდა შენი ნახვის შემდეგ არ გადაიფიქრებს! მის ირონიულ კომენტარს ყურადღებას არ ვაქცევ და სტუმარს ყურადღებით ვაკვირდები. - „ლევანის საცოლე? საინტერესოა...“ - ვფიქრობ და მიკვირს, რით მოხიბლა ამ ერთი შეხედვით საკმაოდ უბრალო და ცოტა არ იყოს ვულგარულმა ქალმა. ქერად შეღებილი, საღებავით დამწვარი თმითა და ტუჩებს ზემოთ წასმული წითელი პომადით. ალბათ სქელი ტუჩები უნდოდა გამოსჩენოდა. თუმცა ჩემი აზრით ამით პირიქით, იმას უფრო უსვამდა ხაზს ზედა ტუჩი ქვედასთან შედარებით აშკარად წვრილი რომ ქონდა. საკმაოდ კარგად ვიყავი აღზრდილი იმითვის რომ ჩემი ემოციები მომეთოკა და არ გამომეჩინა იმედგაცრუება, რაც ამ გოგონას ნახვით გამიჩნდა. არ იფიქროთ, რომ ვეჭვიანობდი და ამიტომ არ მომეწონა. არა, მე ასეთი განცდა არ მქონდა. ადრეც ავღნიშნე, რომ ლევანში ძმას ვხედავდი, ვიდრე თაყვანისმცემელს. ამ შემთხვევაშიც ალბათ უფრო „ავი მულის“ პოზიციაში აღმოვჩნდი. თუმცა დღემდე იმ აზრზე ვარ, რომ ის გოგონა მისი შესაფერისი არ იყო. იმ პერიოდში რაც ლევანი არ მენახა, წონაში მოემატა. ავადმყოფურად გამხდარი აღარ იყო. რომ შეხედავდი გესიამოვნებოდა. შუა ხნის სიმპატიური მამაკაცი იყო. - ეტყობა გემოვნებაში უჭირს! - გავიფიქრე ჩემთვის. - რაზე ფიქრობ? - მკითხა უცებ მან. - არაფერზე, მოსალოცად გქონიათ საქმე. ნინომ მითხრა და ძალიან გამიხარდა თქვენი ამბავი! - ხელოვნური მხიარულებით ვულოცავ - ესე იგი შემდეგი თქვენი ქორწილია? - ამაზე საუბარი ნაადრევია! - რატომღაც იაზვა ტონით მპასუხობს გოგონა. - მე თამარი ვარ! - მის უხეშობას არ ვიმჩნევ, კვლავ ღიმილით ვუმზერ. - არ დამღუპოთ! ეხლა თქვენ არ დაიწყოთ საუბარი, თორემ გავიქცევი! შენ და ნინო ხომ ვერ გაგაჩუმეთ, ეხლა იაც რომ შემოგემატოთ! - ვითომ შეშფოთდა ლევანი. - ნუ ღელავ ძვირფასო, მე არ ჩავერთვები! - დამჯერი ბავშვივით პასუხობს ის. ისეთი ტონით თქვა ეს სიტყვები, რომ დაკონტაქტების სურვილი აღარც გამჩენია. - რატომ გეუხეშება?! - გაუკვირდა ნინოს- რამე ეწყინა? მხრები ავიჩეჩე: - ცხოვრებაში პირველად ვხედავ, რა უნდა წყენოდა? მისკენ აღარც გამიხედავს, ნინოს ვესაუბრებოდი და ვიცინოდით. ცოტა ხანში თორნიკე (მარიამის ძმა) მოვიდა. - რომ არ მეცეკვო, მარიამი მომკლავს, ყურადღებას არ აქცევო... - თვალი ჩამიკრა მან - არ გამაბანძო, უარი არ მითხრა იცოდე. - შეიძლება შენისთანა კავალრისთვის უარის თქმა? - ღიმილით ვდგები და საცეკვაო მოედნისკენ მივდივართ. თორნიკე ასე ათი წლის იქნებოდა როცა პირველად ვნახე, ახლა კი უკვე 25 წლის, მაღალი, ახოვანი ვაჟკაცი იყო. თითქმის ერთი თავით ჩემზე მაღალი. სახე ყოველვის უღიმოდა. ჩემთვის ისევ ის პატარა თორნიკე იყო. - ერთი გოგონა უნდა განახო! - ჩუმად მეუბნება ის - შენი აზრი მაინტერესებს. ოღონდ იცოდე ისეთი სახე არ მიიღო ლევანს რომ ულოცავდი. სიმართლე მითხარი! - ლევანს მოვატყუე? - მეღიმება მე. - გეყოფა, კარგად გიცნობ, მშვენივრად მივხვდი, ია რომ არ მოგეწონა. - რა მნიშვნელობა აქვს? რაც მთავარია ლევანს მოსწონს. პატარა ბიჭი არ არის რომ ვერ ხვდებოდეს, ვის გვერდში უნდა ყოფნა. თორნიკემ წარბი აწია, თითქოს რაღაც უნდა ეთქვა. მაგრამ გადაიფიქრა. - კარგი, რაც არის, არის. იცოდე მე სიმართლეს მეტყვი! - კარგი, აბა რას ვიზავ. იმედია შენი მამიდაშვილისგან განსხვავებით უკეთესი გემოვნება გექნება. - მაინც გავკენწლე ლევანს. - წარმომიდგენია როგორი ცუდი სიდედრი იქნები! - იცინის თორნიკე. - სიდედრობამდე კიდევ დიდი დროა! - ვითომ? - თვალებმოწკუტული მიმზერს ის - როგორც გავიგე ძალიან ლამაზი გოგონა გყავს. - ეგეთები არ იყოს! - ვკაპასდები მე, მართალია ჩემი გოგონა ჯერ-ჯერობით პატარაა, მაგრამ მისი გათხოვების თემა უკვე მტკივნეულია, თორნიკე ატყობს ჩემს გაცხარებას და სიცილის ბჟირდება. - წარმომიდგენია წინ რა მელოდება! - ამოიოხრა მან და ჩვენთან ახლოს მოცეკვავე ცისფერ მოკლე კაბაში გაპრანჭულ საკმაოდ ლამაზ გოგონას გახედა. რომელმაც შეამჩნია მისი ყურადღება, თავი მორცხვად დახარა და ოდნავ გაწითლდა. ისეთი ლამაზი და საყვარელი იყო, რომ ღიმილი ვერ შევიკავე. - ეგ ბავშვია? - ბავშვი?! - შეიცხადა მან - ოცი წლისაა. გამეღიმა: - ოცის თუ არის ძალიან დიდი ყოფილა - ვცდილობ მის სიბრაზეზე არ გამეცინოს, მაგრამ არ გამომდის. - მე სერიოზულად გეკითხები, შენ კი... - წყენას ვერ მალავს ის. - დედას გეფიცები, მომეწონა, მართლა მაგარი „ბავშვია“. - აი, ისევ! - კიდევ ცხარობს ის. გამეცინა. როცა მივხვდი, რომ ჩემი ნათქვამი „ბავშვი“ აღიზიანებდა. - მაპატიე! - ვსერიოზულდები - არ მინდოდა შენი გაბრაზება, ჩემთვის შენც ხომ „ბავშვი“ ხარ! - კარგი, რა! - საბოლოოდ წაუხდა განწყობა. უკვე აღარ ვცეკვავდით, შევამჩნიე გარშემო მყოფებმა, როგორ შემოგვხედეს წყვილებში გაჩხერილებს. - ნუ ბრაზდები! - ჩუმად ვეუბნები - ჩემს შვილებზე მივეჩვიე, სულ სიტყვა „ბავშვებს“ ვხმარობ. წარბი აწია და ეჭვით შემომხედა: - მართლა ასე ფიქრობ, თუ შენც ჩემებივით, პატარები ხართო მეტყვი? - მაგას როგორ გეტყვი, როცა შენზე ბევრად პატარას უკვე შვილი მყავდა? - თმებს ვუჩეჩავ, ისე როგორც ბავშვობაში - კარგი ხარ და მიხარია ასეთი გოგონა რომ გიყვარს. - ჯიგარი ხარ! - გახარებული მაბზრიალებს თორნიკე. - დამსვი, სირცხვილია! - ვიცინივარ მე - მიდი ეხლა იმ ბავშვთან, ნუ ანერვიულებ. მაგრად ჩასჭიდე ხელი და არასოდეს გაუშვა! - თვალი ჩავუკარი და დასაჯდომად გავემართე. - მეგონა ორ წუთს მეც დამითმობდი! - მომესმა ლევანის ხმა. შევბრუნდი. ღიმილით ჩემი მიმართულებით მოემართებოდა - ყველასთან ხუმრობ, ერთობი. ჩემთვის კი ორი წუთიც გენანება?! - მსუბუქად მსაყვედურობს ის. - ვინმემ რომ მოისმინოს, მართალი ეგონება! - ღიმილით ვეხუტები მეგობარს. ვალსს უკრავენ და ჩვენც ნელი მოძრაობით ვყვებით მელოდიას. - რომ იცოდე როგორ მომენატრე! - ჩურჩულით მეუბნება ის. ხმაში ჩუმი ვნება ვიგრძენი. რაც ცოტა არ იყოს მეხამუშა. ვიგრძენი როგორ ძლიერად ჩამიკრა მკერდში, დავიძაბე. მისი სიახლოვე არ მესიამოვნა. სახეში შევხედე, საკმაოდ ნასვამი ჩანდა, თვალები უციმციმებდა. - რატომ მიყურებ? - ჩემი მზერა არ ესიამოვნა - ამდენი ხანია არ მინახიხარ. გამიხარდა! - თითქოს ბოდიში მოიხადა - შენთან ცეკვა მინდოდა! ბედისწერაა, რომ დღეს ჩემთან დაგსვეს! მხიარულად გამეცინა: - ბედისწერა? - გაოცება ვერ დავმალე - თქვენ გარდა არავის ვიცნობ და შენი აზრით სხვაგან დავჯდებოდი? - არა, ეს ბედისწერაა. ჩემი და შენი შეხვედრა შემთხვევით არ მომხდარა, ეს დღესაც გამოჩნდა... მისი ხმა მაღიზიანებდა, არც საუბრის მანერა მომწონდა და არც ზედმეტი მიხუტება. - ასეთ სიტყვებს არ უნდა მეუბნებოდე და არც ასე უნდა ცეკვავდე! - გეხვეწები თამრო! - საკოცნელად დაიხარა ის. ჟინიანი, ვნებიანი თვალებით მიმზერდა. უკან გაწევას ვცდილობდი, მაგრამ ის ხელს არ მიშვებდა. ცოტაც და ჩვენს შორის დაძაბულობას სხვებიც შეამჩნევდნენ. - გაჩერდი! - სიბრაზით ვცახცახებდი - ზედმეტი მოგდის. ხელი გამიშვი! - ვითომ? რით ვარ შენთვის მიუღებელი? - გაღიზიანდა ისიც - ამდენი წლები ვითმენ, ამდენი წლები გითმენ! სიბღაზემ ტვინში ამასხა, ვცახცახებდი: - რას ქვია მითმენ, მაგიდასთან საცოლე გელოდება და შენ ამ დროს მე მეტორღიალები?! - გემუდარები! თამრო, მაგიჟებ, მახელებ, რომ იცოდე როგორ ძლიერ მინდა.... - გაჩერდი, ზედმეტი მოგდის! - კბილებში გამოვცარი მე - მშველელს დავუწყე ძებნა, რადგან მივხვდი, რომ მთვრალი ლევანის დაშოშმინება გამიჭირდებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.