ერკე მიდასი... ბრძოლა სიყვარულისთვის (6)
-სულ ეს იყო? - დიდი ხნის მოსმენისგან ცოტა დაღლილმა მეფემ ძლივს დააღო პირი. მონაყოლმა ინტერესის მიუხედავად მაინც მოჰგვარა ძილი და ხმალზე დაყრდნობილს ლამის ჩაეძინა კიდეც. მხოლოდ ორთავას შემზარავმა ხმამ გამოაფხიზლა ბოლოს და უფრო მეტად დაინტერესდა. -ნამდვილად. - დარწმუნებით უთხრა ტექტოკონუსმა და ორივე თავი ჩაქინდრა. -და ეს ყველაფერი ვინ მოგიყვათ? როგორც ვხვდები ის გადარჩენილები თქვენ უნდა იყოთ არა? -ჩვენ? ჩვენ ერთი ვართ. მე და ჩემი გოგო ვიყავით, ზუსტად ათასი წლის წინ. როცა გათენდა და ჩვენს ბანაკში მივედით, უკვე ყველა მკვდარი იყო. -სად არის ახლა თქვენი გოგო? - გაღიზიანდა მეფე და ისიც ჩამოჯდა. უკვე იმდენად ენდობოდა ხმალი აღარ ეჭირა ხელში თავის დასაცავად. -შავ ჯადოქარს ჰყავს. ეს ამბავიც მან მოგვიყვა. -ხო, მაგრამ... - ჩაფიქრდა მეფე. - ერთი რაღაც მაეჭვებს. -რა? - ჰკითხეს ერთხმად და თავები წაიგრძელეს. ის იყო მეფეს ხმა უნდა ამოეღო, რომ მახლობლად ბუჩქები დაირხა და ხმა გაისმა. მეფე გაჩუმდა, მათაც ხელით ანიშნა ჩუმად იყავითო და ნელა წამოდგა. ხმალი მიწიდან ამოაძრო და ბუჩქებისკენ გაემართა, რომლის უკან ვიღაც უჩუმრად უყურებდათ. ვიღაც ისეთი, ვინც მათ საუბარს აყურადებდა. მეფემ განძრევა აუკრძალა ორთავას, ზედმეტად ხმაურიანი იქნებაო და თვითონ წაიწია კიდევ წინ. გული სწრაფად უცემდა, ამ ტყეში პირველად იყო და უკვე რამდენ უსიამოვნებას გადააწყდა. ჯერ ცოლის ლანდი ეჩვენებოდა, შემდეგ ეს ორთავა გოლიათი, ახლა კიდევ რა უნდა ყოფილიყო და რა ელოდა არ იცოდა. აფორიაქება არ შეიმჩნია, უკან მიატრიალა თავი და დაინახა, როგორი თვალებით უყურებდნენ ტექტოკონუსის ორივე თავი. მათში შიში კი არა, მხიარულება უფრო ჩანდა. თითქოს ამ ყველაფრით მხოლოდ ხალისობდნენ, მათთვის არაფერი იყო საშიში, ერთი ფეხის დაბიჯება და ნებისმიერ სულიერს გაჭ....ტდნენ. თუმცა ადამიანმა მათ აჯობა, კარგად გაწვრთნილმა, ფარიკაობაში და საბრძოლო მოძრაობებში გამოცდილმა მეფემ დასხლტომა მოახერხა და მიუხედავად რამდენიმე ნაკაწრისა, მუცელში მწარე დარტყმის შემდეგ დალურჯებისა და თავში რაღაც უცნაური ტკივილის მეტს ვერაფერს გრძნობდა, ცოტაც კოჭლობდა, მაგრამ შესამჩნევად არა. ფეხში ტკივილს იტანდა, არ უნდოდა სხვას შეენიშნა, მაგრამ გრძნობდა თითქოს რაღაც შერჭობოდა და სანამ თავს მარტო არ დაიგულებდა მანამდე მის ნახვას არ აპირებდა. საჭირო ადგილს მიუახლოვდა. საკმაოდ დიდი ბუჩქი იყო, მსხვილი ფოთლებითა და ღეროებით, ადამიანსაც თავისუფლად შეეძლო შიგნით ჩამალვა. მეფე ყველანაირი მოულოდნელობისთვის წინასწარ მოემზადა, მზად იყო შემართული ხმლით იქამდე ებრძოლა, სანამ მოწინააღმდეგეს ქვემოდან არ მოაქცევდა და ხმალს დასაშინებლად არ მოუღერებდა, თუ დასჭირდებოდა ყელსაც გამოღადრავდა. ხელები უფრო მაგრად მოუჭირა იარაღს და ბუჩქის გადაწევა ფრთხილად დაიწყო. წარმოიდგინეთ, მისი გაოცებული და გახალისებული სახე, როცა მთლიანად გადასწია ბუჩქი და სრული დაძაბულობა მოეხსნა. პატარა, თეთრი კურდღელი ყურებს სწრაფად ამოძრავებდა და სტაფილოს მიირთმევდა თავისთვის განმარტოებულად. მეფეს პატარა ბიჭი გაახსენდა, რომელმაც სამეფოში აჟიოტაჟი გამოიწვია. გონებაში ამოუტივტივდა მისი პატარა და ჭუჭყიანი ხელები, დახეული ტანსაცმელი, ღარიბული ფეხსაცმელი და მისი აქოთებული სურნელიც. „ვახშამიც თავისი ფეხით მოსულა“ - გაიფიქრა და პირდაპირ, სწრაფად მოუქნია ხმალი. კურდღელი წამში, გრძელ, სწორ და საშინლად ალესილ რკინის ნაჭერზე წამოეგო. მას გაახსენდა ბიჭუნა, ვინც რამდენიმე წლის წინ ერთმა ვაჭარმა ყურით მიათრია სასახლის კარზე და მეფეს წინ დააგდო. ბიჭს ეტყობოდა, რომ ღარიბი იყო და არაფერი ებადა, ტანსაცმელიც კი შემოხეული ჰქონდა და საშინლად გამოიყურებოდა მისი გამურული სახე. -რა მოხდა, რა აურზაურია? - იკითხა მაშინვე მეფემ და გაკვირვებული თვალები შეანათა ვაჭარს. -მეფეო... მეფეო... ქურდი დავიჭირე... ეს ქურდბაცაცა - თავს აქნევდა, ყმაწვილისთვის ყურში ჰქონდა ჩავლებული ხელი და მისკენ ექაჩებოდა. ბავშვი ცდილობდა მისგან დასხლტომას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა და მხოლოდ ტკივილისგან თუ წამოიყვირებდა. - ერთხელ ვერ დავიჭირე, როცა რამდენიმე ცალი ვაშლი მომპარა, მეორედაც ვერ დავიჭირე, შემდეგ კიდევ, მაგრამ ახლა ვერსად წამივიდა. ის კი არა, თავხედობა ეყო და უფრო მეტს და მეტს იღებდა. -მშიოდა. - წამოიკნავლა ბიჭმა, მაგრამ სათქმელი არ დაამთავრებინა ვაჭარმა. თმა მხარზე ჩამოშლოდა გოგოს მსგავსად, თუმცა რომ შეხედავდით მაშინვე დაიზაფრებოდით. მისი გაბურძგნული და აშლილი თმა, მოუვლელი და დაუბანელი ჩანდა, წვერიც მოშვებული, ცხვირთან რამდენიმე დიდი მეჭეჭი და შავად მოთხუპნული შუბლი, რომელიც მისი სახის ნაწილს ნამდვილად არ ჰგავდა. -ხმა ჩაიწყვიტე ლაწირაკო. - გაწყრა და მისმა ყვირილმა მთელი სასახლე შეაზანზარა. მერე მეფეს მიუტრიალდა და საუბრის ტონი შეარბილა, უფრო მორჩილი გახდა და თხოვნით უფრო მიმართავდა მას. - მეფეო, ის სათანადოდ უნდა დაისაჯოს... დილეგში უნდა გამოამწყვდიოთ! - ხმა აიმაღლა და დარბაზში ექოსავით გაისმა. ტახტზე მჯდარი მეფე უხერხულად შეიშმუშნა, გაუკვირდა. -შენ იმას მიბრძანებ, რა გავაკეთო და როგორ მოვიქცე? - სრულიად მშვიდი ჩანდა, მაგრამ ერთი სული ჰქონდა ვაჭარისთვის ხელი ჩაევლო, იმდენი ერტყა, რომ გვერდები ასტკიებოდა, სახე დასიებოდა და საკუთარ მშობელსაც ვერ ეცნო, ისე გაეგდო პანჩურით სასახლიდან, მაგრამ დიდი ნებისყოფის მოკრება დასჭირდა მასში დაგროვილ ბრაზს, გამოვლენის საშუალება რომ არ მისცა და მშვიდი გამომეტყველებაც კი შეინარჩუნა. -მე... მე... მეფეო, მე უბრალოდ, სამართლიანობას ვითხოვ.. თქვენო ბრწყინვალებავ. - თავი დახარა მორჩილად, შიშიც შეეპარა როცა ისევ მისი მშვიდი ხმა გაიგონა. -გსურს, რომ ეს ბავშვი დავსაჯო. - კაცმა თავი დაუქნია. ბავშვისთვის ყურებში კიდევ წაევლო ხელი და მეფე კარგად ამჩნევდა შიშს ბავშვის სახეზე. - იმის ნაცვლად, რომ უპოვარს და უქონელს, თვითონ მიგეცა რამდენიმე ვაშლი, ან უბრალოდ შეგეპატიჟებინა სახლში და დაგეპურებინა, შენ დასჯას მთხოვ? - დაინტერესდა უგვარდი. -დიახ მეფეო. - ვაჭარიც დამშვიდდა, მაგრამ სამართლიანობას ძველებურად ითხოვდა და არ დრკებოდა მეფის წინაშე. -არ გრცხვენია?. - ჰკითხა და ფეხზე წამოდგა. -მან... დანაშაული ჩაიდინა. -კეთილად, რომ მოპყრობოდით ამას, ხომ არ იზამდა? - ჩაფიქრდა ვაჭარი და დაეტყო მის გამომეტყველებას, რომ რაღაცა დაუდგა თვალწინ. - გიფიქრიათ ამაზე? მეფე ვაჭარს მიუახლოვდა. ბავშვი თავისკენ მოქაჩა და თვალების სიმკაცრით ანიშნა პატარა ჩია კაცს, ხელი გაეშვა. გაბრაზების ცეცხლმა გადაურბინა მეფეს და მასში ვერ გაარჩევდით, მცირე სიბრალულსაც კი ვაჭრის მიმართ. ხანდახან მეფესაც ეპარებოდა გაბრაზება, როცა ამდენ ერთმანეთზე გაბოროტებულ ხალხს ხედავდა. - თავისუფალი ხარ! დაცვა! - უკნიდან ორი აბჯარასხმული ზორბა კაცი ამოუდგა და ძალით გაიყვანეს დარბაზიდან. ბიჭს მიუბრუნდა და თავისთან მიიხმო. მეფე დაიჩოქა მის წინაშე, უსამართლობა სწორედ ის იყო მისთვის, რასაც ვაჭარი ამბობდა. ნამდვილად ვერ დასჯიდა პატარა ბავშვს რამდენიმე ვაშლის მოპარვის გამო. როგორ გაბოროტდა ეს ხალხიო, გაიფიქრა, თავი გადააქნია და ბავშვს გაუღიმა. მეფეს ბავშვი ედარდებოდა. დაინახა თუ არა, მის ბინძურ და ჭუჭყიან ხელებს ყურადღებაც კი არ მიაქცია, არც მის ჩამოხეულ ტანსაცმელს და არც მის სურნელს, რომელიც მთელ დარბაზში დამდგარიყო უკვე. ბიჭი ტახტზე დასვა და გაუღიმა, შეშინებული ჩანდა. ერთ წერტილს მიშტერებოდა და ხმას ვერ იღებდა. -გშია? - ჰკითხა უგვარდმა ბიჭს. მან თავი დაუქნია, ხმის ამოღება მაინც ვერ შეძლო და ისევ კარებისკენ მიაპყრო შეშინებული მზერა. - ვეღარაფერს დაგიშავებს, ამაზე მე ვიზრუნებ. გპირდები. - უთხრა და თავზე ხელი გადაუსვა, მის მიმართ სითბო გამოიჩინა. -ვიფიქრე... ვიფიქრე, რომ მოკვლას მიპირებდა. მე მხოლოდ მშიოდა და ფულიც კი არ მქონდა საამისოდ. - დაღვრემილმა განაცხადა. - მაპატიეთ, მეტს არ მოვიპარავ. დაცვას უბრძანა გარეთ გასულიყო და მარტო დაეტოვებინათ იგი, ამასთანავე დააბარა, რომ მსახურები მოეხმოთ და სუფრა გაეწყოთ. მთელი სასახლე ფეხზე დადგა, ერთი ბიჭის გამო, ზოგი უკმაყოფილოდ აქნევდა თავს, იმ ცინგლიანს როგორ უნდა მოვემსახუროო, ზოგიც ჩუმად, მაგრამ აშკარა ზიზღით შეჰყურებდა პატარა ბიჭს, მეფე ხვდებოდა, მაგრამ არ იმჩნევდა. მას სიყვარული და სითბო აკლდა, მოუნდა ბიჭს დახმარებოდა, კარგად გამოეწყო და მისთვის არაფერი დაეშურებინა. სჯეროდა გაცემული სიკეთე, უკან დაუბრუნდებოდა, ადრე თუ გვიან იმ ბოროტ ძალას გაანადგურებდა, რაც არ აძლევდა ხალხს გაღიმების უფლებას. რამდენიმე წუთში მსახურებმა სუფრა გააწყვეს. ხილიც საკმაოდ იყო ლანგარზე დაწყობილი, ცალკე ფუნთუშები და თევზის ულუფები. კიდევ შემოჰქონდათ ხორცისგან გაკეთებული წვნიანი, ღვეზელები და წვენი, რომელსაც სამეფოში საუკეთესოდ ცნობდნენ. მისთვის არაფერი ემეტებოდა, ერთი გაღიმების ფასად. ბიჭს არ გაღიმებია, მაგიდას მიუჯდა და ისე დააცხრა ლანგრებს თქვლეფა-თქვლეფით, ხმაურიანად სანსლავდა დიდ ულუფებს და სულაც არ ერიდებოდა. მეფე უყურებდა როგორ იტენიდა ხარბად ღვეზელებს, როგორ აყოლებდა მას წვენს და თევზს შეექცეოდა, მისი გამობერილი ლოყებიც არა და არ იჩუტებოდა, რაც მეფეს ღიმილს ჰგვრიდა და ახალისებდა. როგორ მონატრებოდა ღიმილი. როდესაც დაასრულა და მკლავები ზედ გაისვა პირის მოსაწმენდად ბიჭმა, მეფეს შეხედა. მეფემ გაიფიქრა, ახლა გამიღიმებს, მადლობას მეტყვისო, ამის დიდი იმედი ჰქონდა და იმ უსიყვარულო სამყაროში, იმედი იყო მხოლოდ რაც დარჩენოდა. ბიჭი ხმას არ იღებდა, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა შეშინებული და სიტყვებს ალაგებდა. ბოლოს ძალა მოიკრიბა და... - თქვენ მსახურებს ვერ ეტყვით, ასე ნუ მიყურებენ? - წარმოთქვა უხეშად, სრულიად გაოგნებულმა მეფემ კი იმედის მცირედიც კი დაკარგა, თითქოს იმ წამს ფეხები მოკვეთეს და მის სიკვდილს თავად უყურებსო. ბუნდოვნად ხედავდა უკვე ყველაფერს, ცრემლები ჩაუდგა თვალებში და ისე აკვირდებოდა ბიჭს, ფიქრებით კი სხვაგან იყო, იტანჯებოდა, როგორც არასდროს და ეს მისთვის იმხელა ტკივილი იყო, რომ არ შეეძლო მთელი ცხოვრება ეზიდა. - ამ ყველაფერმა კი დამანაყრა, მაგრამ ვფიქრობ უფრო გემრიელის მოტანაც შეეძლოთ. მეტი გემრიელი დაგენანათ ხო ჩემთვის? - არ იცოდა სად წასულიყო მეფე და ცხოვრებაში ალბათ პირველად, დამალვა მოუნდა. ბავშვი მეფის ბრძანებით დაბანეს, გაასუფთავეს, ახალი ტანსაცმელიც ჩააცვეს, რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი, რომელიც მას მოერგებოდა ჩანთაში ჩაულაგეს, იმავე ჩანთაში სუფთა ტანსაცმელიც კი ჩაუდეს და საგზალიც გაატანეს, თითქოს შორეულ მოგზაურობაში უშვებდნენ. ერთი დღე გააჩერა მხოლოდ სასახლეში, მისი ღიმილი კი ვერა და ვერ ნახა მან. მეტის გაჩერება არ შეეძლო, სახლი ჰქონდა, მამა ჰყავდა და ელოდებოდა, უნდა დაბრუნებულიყო, ეძნელებოდა თუმცა მოუწია გაეშვა. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა მეფე ნადირობიდან ბრუნდებოდა და სასახლისკენ მიემართებოდა თავისი შვილის სანახავად, გზაზე სწორედ ის ყმაწვილი შეამჩნია კვლავ. ყმაწვილი, რომლის სახელიც კი არ იცოდა, გადაავიწყდა ეკითხა, იმდენად დაზაფრული და შეშინებული იყო, ხმასაც არ იღებდა და შესაფერისი დრო ვერ იპოვა ამისთვის. თავიდან ვერ იცნო. ეცვა ძვირფასი ტანსაცმელი, რაც კი აჩუქა, მაგრამ სულ დახეული და ბინძური, ზურგზე შოლტის კვალი ეტყობოდა, მაგრამ ისე ჩანდა რომ დიდ ურჩხულს ფრჩხილებით დაეგლიჯა ტანსაცმელი და ბავშვი ეცემა. ატირებული საცოდავად იჯდა გარეთ და ზუსტად ისე შეექცეოდა ხელში მაგრად მოჭერილ პურს, როგორც ცოტა ხნის წინ კურდღელი - სტაფილოს. მაშინვე ჩამოქვეითდა ცხენიდან და ბიჭთან მიიჭრა. დაიხარა და ამბავი გამოჰკითხა. მისთვის ჩვეული ტონით, რომელიც მეფეს არ სიამოვნებდა, თუმცა არც ბიჭის ბრალი იყო, ყველაფერი მოუყვა. უსაქმურ მამას, ამ შემთხვევაში მისთვის ქურდობა დაუბრალებია, ამდენი ძვირფასი ტანსაცმელი რომ დაინახა, თვითონ გაროზგა, ტანსაცმელი წაართვა და ყველაფრიანად მისი გაყიდვა გადაწყვიტა. მაშინ გაიგო მეფემ როგორი მამაც ჰყავდა ბიჭს. არაფერს აკეთებდა სახლში და ყოველთვის შვილს აიძულებდა ემუშავა, სახლი გაეპრიალებინა და საჭმელი ეშოვნა. თვითონ საწოლში კოტრიალებდა და უკანალს დღითიდღე ისქელებდა. ბავშვს გარეთ დაძინებაც უწევდა, რამდენიიმე დღით მშიერიც დარჩენილა მამამისის გამო, რომელიც რასაც იშოვიდა ყველაფერს, რომ გამოჰგლეჯდა და თვითონ შეექცეოდა. მეფე გაწყრა. იმ ქოხმახში, სადაც ცხოვრობდა მამამისი თავისი მებრძოლები გააგზავნა, უბრძანა მასთან მიეგვარათ და ციხეში ჩაეგდოთ. ბიჭს კი პატარა სახლი მიუჩინა, სასახლის გვერდით, სადაც არც სასმელი აკლდა და არც საჭმელი. მეფე პირადად ზრუნავდა მასზე. ვერ გარკვეულიყო რა სიმი გაება ურთიერთობის მათ შორის და რატომ შეეჩვია ასე, რატომ განიცდიდა მის გასაჭირს და ყველაფერში რატომ ეხმარებოდა მას, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, მას ბიჭი შეუყვარდა და საკუთარი შვილივით მიიღო. ბიჭი კიდევ შეიპატიჟა სახლში. არ იცოდა ამას რატომ აკეთებდა, უბრალოდ არ სურდა სხვების მსგავსად უხეში, გაბოროტებული და ბოღმიანი გამხდარიყო, არ უნდოდა ყველაფრისთვის ხაზი გადაესვა და ცდილობდა ყველას დახმარებოდა, მაგრამ მათგან მადლობასაც კი ვერ იმსახურებდა. თუმცა დიალოგი, რომელიც მათ შორის შედგა, ნორმალური დიალოგი, რამდენიმე წუთისგან შემდგარი მშვიდი დიალოგი, არასდროს ავიწყდებოდა. „-თქვენ ყველასგან განსხვავებული ხართ. - უთხრა ბიჭმა და თავისი სიმორცხვე მთლიანად გამოავლინა. თავი დახარა და გაწითლდა. - სხვებისთვის მე არ ვარსებობ, ისე მიყურებენ თითქოს ცარიელი ადგილი ვიყო, უჩინარი, მხოლოდ მაშინ, რომ მხედავენ, როცა ფეხებში ვედები და ხალხის წინ, რომც ვკვდებოდე ზედაც არ შემომხედავენ მაინც ისე გაივლიან... ეეეჰ. - ამოიოხრა და მთელი სიმწარე ამოაყოლა თან. მეფემ იგრძნო ტკივილი, სევდა, რომელსაც ის ატარებდა განუზომლად დიდი იყო და საშინელი. თვალები აუცრემლიანდა ბიჭს და მეფესაც აუჩუყდა გული. - არავის ვჭირდები. მამაჩემსაც კი არ ვუყვარვარ. მეფეს გაუკვირდა, რომ სიყვარულზე დაიწყო საუბარი ბიჭმა, რომელსაც წესით არც ის უნდა სცოდნოდა რა იყო სიყვარული და არ უნდა ხსომებოდა მისი ფასი. იმ წამში კი თავში გაუელვა აზრმა, რომ მოღუშული იმ ჯადოქრობის გამო კი არ იყო ბიჭი, არამედ საკუთარი პრობლემების გამო. დარდობდა და ბედს უჩიოდა, მამამისიც ცუდად ექცეოდა და ყველა გამვლელი, ვაჭრებიც კი არ აძლევდნენ რაიმეს, არავისთვის არ არსებობდა. სახე გაუნათდა, როცა იგრძნო რომ ბიჭზე მთელ ქალაქში გადატალღილ მოწყენილობას და საოცარ შფოთს მასზე არ უმოქმედია, უნდოდა რომ ასე ყოფილიყო. მთელი გულით სჯეროდა, რომ ბედმა სწორედ ამიტომ შეახვედრა ისინი ერთმანეთს. -ყველანი საჭირონი ვართ. - გაამხნევა მან. - ყველას რაღაც მისია გვაკისრია ამ სამყაროში და ამას მაშინ გაიგებ, როცა საჭირო იქნება. ვინ იცის? იქნებ ჩვენი შეხვედრაც წინასწარ იყო დაგეგმილი... დაფიქრდი ამაზე. შენი მისია უნდა იპოვო. როგორც ატყობ, სიყვარულით არც მე მეპყრობა არავინ. - ჩაიცინა. მისი სიცილი ჩვეულებრივ სიცილს არ ჰგავდა, მაგრამ მის ნათქვამზე გამხნევებულმა პატარა ბიჭმაც ტუჩის კუთხეები გაწელა და გაიღიმა. მეფეს სასიამოვნოდ გაჰკრა გულში რაღაცამ, მის ცხოვრებას თითქოს მაშინ მიეცა აზრი, უფრო განათდა და სიყვარულის ნაპერწკალმა რაღაც იმედი ჩაუსახა. მიხვდა, სწორედ თავის სიტყვებში იპოვა მანაც ადგილი. დიდი ხნის წინ დავიწყებოდა ის, რაც ახლა ამ ბავშვს უთხრა. მისი გამოჩენა კი ნამდვილად ბედი იყო. საკუთარ თავს გამოუტყდა შემდეგ, რომ თვითონაც გრძნობდა მარტოსულობას, თითქოს ირგვლივ ვერავინ ვერ უგებდა, ყველა მწარე და დაღვრემილი, სამყაროზე გაბოროტებული სახით დადიოდა, ყველაფრისადმი უკმაყოფილებას იჩენდნენ, თუმცა არა მეფის მიმართ. მათაც კი, მოჯადოებულებს, ჰქონდათ იმის შეგნება, რომ მისთვის ემსახურათ, მოღალატე კი ყველაზე ძლიერ სამეფოშიც კი მოიძებნება. -სიყვარული... ეს ის არის, ალბათ რაც ძალიან მაკლია და მჭირდება. მამაჩემსაც კი არ ვუყვარვარ და ხშირად მგონია, რომ არანაირი მიზეზი არ აქვს ჩემს აქ ყოფნას. -ბიჭუნი... -ლამში მქვია, თქვენო ბრწყინვალებავ. - კიდევ მომაჯადოებლად გაიღიმა ბიჭმა და მისი ღიმილი მთელ სასახლეს მოეფინა. დიდმა ყვითელმა დისკომ, რომელიც მაინცდამაინც არ ანათებდა დარბაზს, უცებ იფეთქა და შემოიჭრა, ყველაფერმა გაიბრწყინა. -ლამში, გახსოვდეს, ყველა ადამიანი იბადება იმისთვის, რომ სამყაროს ნათელი მოჰფინოს. ადამიანებს ერთმანეთი გვჭირდება, სითბო რომელსაც გავუზიარებთ სხვას, სიყვარული რომელსაც უანგაროდ გავცემთ, ზიზღი რომელსაც საერთოდ უკუვაგდებთ და ერთგულებითა და პატივისცემით განვიმსჭვალებით ყველა ადამიანის მიმართ. სულ დასაბამიდან, სამყაროში ბოროტება არ არსებობდა ლამში... - შეისვენა. ბიჭის თვალებს დააკვირდა, უნდოდა გაეგო ესმოდა ეს ყველაფერი თუ ფუჭი სიტყვები იყო, მაგრამ ბავშვის თვალებში იმხელა სიბრძნე ჩანდა, ისე იყო ჩაფიქრებული ამ ყველაფერზე, თითქოს მოხუცი კაცის თვალებით უყურებდა სამყაროს, თვითონ კი სინამდვილეში თხუთმეტი წლის თუ იქნებოდა. - ადამიანები ყოველთვის უღიმოდნენ ერთმანეთს და სიყვარულით ეპყრობოდნენ, მაგრამ იმ სამყარომაც კი ვერ გაუძლო ამდენ ერთფეროვნებას, ამიტომ იმ სამყაროშიც, ანგელოზებს შორისაც გაჩნდა უთანხმოება, შუღლი, ჩამოვარდა საშინელი სიძულვილი, რომელიც მათ გულებს ნელ-ნელა ეპარებოდა. იმ დღიდან ისინი ანგელოზებად აღარ იწოდებოდნენ, ისინი ჩამოაგდეს და ჩვეულებრივი ცხოვრება განაგრძეს. შენ არ უნდა იფიქრო, რომ ამ სამყაროში უმიზეზოდ ხარ, უნდა იფიქრო იმაზე, თუ რისთვის ხარ აქ, აუცილელად უნდა იპოვო შენი დანიშნულება და მას მისდიო მთლიანად. იპოვე შენი სამყარო, შენი ადგილი და არასდროს დაკარგო, არაფრის ფასად. გახსოვდეს, ბრძოლა საკუთარი თავისთვის და ბრძოლა სიყვარულისთვის არასდროს არ უნდა შეწყვიტო. შეიძლება იფიქრო, რომ შენი ადგილი ამ სამყაროში არ არის, ან ყველამ დაგტოვა და სულ მარტო დარჩი, შეიძლება იმედი გადაგეწუროს და ბრძოლის გაგრძელება აღარ მოისურვო, მაგრამ ეს დროებითია. იმ ძალების აღდგენას, რასაც ბრძოლაში ხარჯავ, ყოველთვის დრო სჭირდება, აღიდგენ თუ არა შემართება კვლავ დაგიბრუნდება, დანებება კაცის ხვედრი არ არის, მეგობარო. - მონოლოგი დაასრულა და სახეზე ღიმილი მოეფინა. როგორი ბედიც არ უნდა შეგხვდეს, თუ რწმენა გექნება ყველაფერი კარგად იქნება და გვერდში აუცილებლად ამოგიდგებიან. სიყვარული... აი რა გვჭირდება ჩვენ! -ვაა. - გულწრფელად გაუკვირდა ბიჭს და სახე მოღრიცა. - თქვენ საიდან იცით? -მამაჩემი მეუბნებოდა ხოლმე. - დანანებით ამოთქვა. - ის კიდევ სხვა ბევრ რამეს მეუბნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მკაცრი იყო თავის ხალხთან, მებრძოლებთან და უბრალო ხალხთან და სიყვარულს სულ არ ამჟღავნებდა, ამას მე ვგრძნობდი, მარიგებდა და ყოველთვის ვუყვარდი, ვიცოდი ვუყვარდი... -რა მოუვიდა? - ინტერესით იკითხა და თვალები მიაპყრო. -გადამწყვეტ ბრძოლაში დაიღუპა. მას უღალატეს, ეს კი წინასწარ იცოდა. არ არსებობს სრულყოფილი ადამიანი, იდეალური არავინაა, ყველას აქვს რაღაც, რასაც ყოველთვის ფარავს და არ ამჟღავნებს. -შენც გაქვს ის, რაღაც? - ბიჭი ფეხზე წამოდგა. მეფეს შემოუტრიალდა, თვალებში უყურა, შემდეგ კი გულწრფელად გადაეხვია და უგვარდმა იგრძნო სითბო, ამდენი ხნის განმავლობაში პირველად იგრძნო სიყვარულის გემო, თუნდაც უცხოსგან, მას ეს არ აინტერესებდა. ის ყველაზე მეტად უგებდა, ბავშვი იყო, მაგრამ სიყვარული არ დავიწყებია, მხოლოდ არავის უსწავლებია თავაზიანი საუბარი, ამიტომ იყო ისეთი, როგორიც იყო. „ადამიანს სამოსი არ აქცევს ადამიანად, არამედ სული“ - გაიფიქრა და უფრო მაგრად გადაეხვია ბიჭუნას. იმხელა ემოცია იგრძნო, ისე უნდოდა ეს დიდხანს გაგრძელებულიყო, რომ მთელი ძალით იკრავდა გულში და არ უშვებდა ხელს. უცებ ბიჭუნა გამოერკვა. უცნაურად შეიშმუშნა, თავის გათავისუფლებას შეეცადა, მეფემ კი ვერ გაიგო რატომ. ძლივს გამოსტაცა თავისი თავი უგვარდის ხელებს ლამშიმ და მეფეს მკაცრი და უგრძნობი მზერა მიაპყრო. ეს წუთიერი გაელვება იყო, რომელმაც ასე ასიამოვნა იგი, წუთიერი ამოუცნობი ძალა, რამაც ბიჭი გააღიმა, მაგრამ მას მეტად აღარ გაუღიმია.“ უგვარდი კვლავ გოლიათს მიუახლოვდა, უკვე ნადავლით ხელში. უხმოდ მოაგროვა ფიჩხები, უხმოდ ჩაიცუცქა და ცეცხლის დანთებას შეუდგა. როცა კარგად გაჩაღდა ხმალზე წამოგებული კურდღელი ცეცხლს მიუშვირა... -არ შეჭამთ? - შესთავაზა, მაგრამ გულში გაიფიქრა, ამათ რომ ვაჭამო ალბათ მე არაფერი დამრჩებაო. მისდა ბედად თავი გადააქნია ორივემ. -რაზე გავჩერდით შემახსენეთ? -რაღაცამ დაგაეჭვა. - თქვა მარცხენა თავმა. გასაკვირი იყო, რომ ამაზეც ჩხუბი არ ატეხეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მეფემ უთხრა, გასაკვირი არც იყო... ეშინოდათ, თან ვალში იყვნენ მასთან, ალბათ არც ისე ბოროტები და საშიშები იყვნენ, რომ ზურგიდან დასხმოდნენ თავს. -ხო... შენც კი ამბობდი, რომ ერკე მიდასის ჩადენილი არ იქნებოდაო. - მიუტრიალდა მარცხენა თავს. -ნამდვილად. ამ ხეპრეს არ სჯერა თორემ... -ვის ეძახი ხეპრეს. - თქმა იყო და ბოლომდე არ დაასრულებინა, როცა ისევ მარჯვენა ჩაერია საქმეში. გაბრაზებულიყო, მუშტი შეეკრა, მხოლოდ ის, რომელსაც აკონტროლებდა და ისეთი ჩაფიქრიანებული სახე ჰქონდა, იფიქრებდი მისგან ნამდვილი მწერალი დადგებაო, მაგრამ სიტუაცია მალევე განიმუხტა. მეფეს ერთი შებღვირება იყო, რომ ისევ გაჩერდნენ. -ჩხუბის გარეშე ვერ ისვენებთ არა? -ვერა. - სწრაფადვე მიუგეს ერთხმად. -არადა შეთანხმებულად, უფრო კარგად როგორ იმუშავებდით. ეჰ. - თავი გადააქნია დანანებით. -რა? ეგ როგორ? - მარცხენა თავი დაინტერესდა, მარჯვენას ნაწყენი გამომეტყველება მიეღო, თან რაღაცაზე ფიქრობდა ისევ, თითქოს სხვა სამყაროში იყო, თითქოს მათი ხმა არც კი ესმოდა. მეფის ნათქვამზე მხოლოდ თვალი გააპარა, მაგრამ გამომეტყველება არ შესცვლია. მის თვალებში ცეცხლი ბრდღვიალებდა, თითქოს სადაცაა გაცოფდებოდა და დაიღრიალებდა. -როგორ და... ერთი თავი კარგად მუშაობს, მაგრამ ორი უკეთესად. - ყველაფერი გარკვევით აუხსნა, ლექციასავით გამოუვიდა, ისინი უსმენდნენ და ფიქრობდნენ, ჭკუაში უჯდებოდათ მეფის სიტყვები, მისი გაფრთხილება. - ძალა, მეგობრებო, ერთობაშია... -გაიგე? - მარცხენამ გადახედა მეორე თავს. -ხო, მაგრამ ჩვენ ყველაფრით განვსხვავდებით. - თავი გადააქნია მარჯვენა თავმა. - ჩვენ შეყვარებულზეც კი ვჩხუბობდით, ვის უფრო მეტად უყვარდა... კამათი ყოველთვის ცხარე იყო. -თქვენ ერთნი ხართ. ერთი სხეული გაქვთ, ორი ხელი, როგორც მე და ორი ფეხი. ვერ გაიყოფით, უბრალოდ შეთანხმებულად მუშაობა უნდა ისწავლოთ, უნდა აჰყვეთ ერთმანეთს და ეცადოთ პატივი სცეთ ერთმანეთის გრძნობებს, სურვილებს, რაც სხვადასხვა გაქვთ, მაგრამ უნდა გააერთიანოთ, ერთი მიზნისკენ, მაშინ მიიღებთ შედეგს. მანამდე არაფერი გამოგივათ. ერკე მიდასი თუ სიყვარულის ჯადოქარია, ის არ მომართავდა ხალხს საბრძოლველად. -აბა სხვა ვინ? - მარჯვენა თავი კვლავ აბურტყუნდა, რამაც მარცხენის განაწყენება გამოიწვია, მაგრამ ხმა არ ამოუღია. -ეს შავმა ჯადოქარმა მოგიყვათ არა? - ჰკითხა. მათაც თავი დაუქნიეს. - თქვენ გგონიათ სიმართლე გითხრათ? მას ხომ შეეძლო ტყუილიც, სინდისის ქენჯნის გარეშე ეთქვა. აი, რა განასხვავებს კეთილსა და ბოროტს ერთმანეთისგან. კეთილი ადამიანი, თუნდაც ჯადოქარი, თავის თავთან მართალია და ყოველთვის გულწრფელი, სიყვარულით სავსე და სხვასაც არ უქადის ბოროტებას, ბოროტი კი პირიქით, ცდილობს კეთილის დაჩაგვრას და მისთვის ნაცნობ გულისხმიერებას და სიყვარულის უნარს იყენებს. სარგებლობს კეთილი ადამიანის უუნარობით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ის არასდროს აღმართავს ხელს ბოროტზე, არასდროს უსურვებს მას ბოროტებას, ალბათ უკიდურეს შემთხვევაში, მაგრამ სანამ იქამდე მივა საქმე, მანამდე ბოროტება სიკეთის გაგდებას ცდილობს. საბოლოოდ კი არაფერი გამოსდის. -მართლა ასე გგონია? - აშკარა ინტერესით შეხედეს ორივემ. მოეწონათ მეფე, მისი ენამახვილობა და ჭკუა. -კი. ეს მან ჩაგინერგათ, ადამიანების სიძულვილი, ის გაიძულებდათ ადამიანებს ცუდად მოქცეოდით, შემდეგ ადამიანებთან მივიდა და თქვენ აგიმხედრათ, მაგრამ ვერ ვხვდები ეს რაში დასჭირდა? თქვენი ამოწყვეტა, გაჟლეტა... -არ ვიცი, არაფერი ვიცი... - ამოიგმინა მარჯვენამ. -არც მე ვიცი, მე რას მიყურებ. - ეჭვის თვალით შეხედა მარცხენა თავმა მეფეს. -თქვენ დას, რა დაემართა? - იცოდა მტკივნეულ თემას, რომ შეეხო, მაგრამ ამის გაგება სურდა, ყველაფერი უნდა სცოდნოდა... და როგორმე ისიც უნდა ეკითხა, როგორ მიეკვლია გზას, ერკე მიდასთან მიმავალს. ახლაღა დარწმუნდა, რომ არაფერი ეჩვენებოდა, ისინი რეალურები იყვნენ და მთელი ამ ისტორიის ლოგიკურობას ვერ ხვდებოდა... „ნუთუ მაქსიმსაც, შეხვდნენ ეს არსებები და მისი მოკვლაც სცადეს?“ - უნებურად დაიწყო ისევ მეჯინიბეზე ფიქრი, მაგრამ ხმაურმა გამოაფხიზლა. ხეების შრიალი ისევ ისმოდა, ქარი ამოვარდა. საშინელი ქარიშხალი, როგორიც არასდროს უნახავს. კლდის საპირისპირო მიმართულებიდან შავი ღრუბლები დაიძრნენ და ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ მათ. მეფე ვერაფერს მიხვდა. მზეც კი დაეფარა სიშავეს და უეცრად ჩამობნელებულიყო. ეს კი ისე სწრაფად მოხდა, უგვარდმა გააზრებაც ვერ მოასწრო. იდგა გაუნძრევლად და არაფერი ესმოდა, ვერაფერს ხედავდა, გარდა მოახლოებული სიშავისა, რომელიც ნელ-ნელა იზრდებოდა და მალე მთელ ტყეს მოიცავდა და სულ დააბნელებდა. ცოტა ხნის შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდა. მათ წინ შავკაპიუშონიანი და თითქმის ჩვეულებრივი, ადამიანის მსგავსი უცხო ვიღაც იდგა. შეშინებული ტექტოკონუსი ფეხზე წამოხტა და ძლივს გასაგონად დაიყვირა. -შავი ჯადოქარი!... - ირგვლივ ყველაფერი წყვდიადს მოეცვა, მეფეს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, გაქცევა სცადა, მაგრამ ისე ჩამობნელდა, თითქოს სრულ სიცარიელეში დაფრინავდა. ვეღარაფერს ხედავდა. „შავი ჯადოქარი...“ ________ ვინც კითხულობს ყველას მოგწონთ? დუმილი თანხმობის ნიშანია ^_^ ერთი კრიტიკაც გამოუშვით ხალხნო :დდ მადლობელი ვარ ყველასი, ვინც კითხულობთ!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.