შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხაფანგი (თავი 3)


7-12-2015, 22:18
ავტორი nicol
ნანახია 9 900

ბევრად რთული აღმოჩნდა ამ ყველაფრის ახსნა, საკუთარი ოჯახისთვს. კოსტასგან ასეთ ნაბიჯს არავინ ელოდა. იცოდნენ მისი ხასიათი, მაგრამ ეს უკვე მართლა მეტისმეტი იყო. თუმცა ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა და მთელი ოჯახი საქორწილო მზადებაზე გადაერთო. გრანდიოზულ წვეულებას გეგმავდნენ დადიანები, რაც არ უნდა ყოფილიყო მათი ერთადერთი ვაჟი ქორწინდებოდა. მხოლოდ ლიდია ხვდებოდა, რომ აქ ისე ვერ იყო საქმე. კოსტასთან დალაპარაკება სცადა. პირდაპირ სამსახურში ეწვია. ამ ბოლო დროს თითქმის არასდროს იყო სახლში კოსტა. ან სამსახურში რჩებოდა გვიანობამდე, ან საღაამოობით ბარს სტუმრობდა.
ლიდიას დანახვა არ გაჰკვირვებია, ელოდა კიდეც.
– კოსტა, – სტანდარტული მოკითხვის შემდეგ დაიწყო ლიდიამ. – მთელი ცხოვრება მეგონა, რომ მსგავსი საუბარი შენთან არასდროს მექნებოდა. მიუხედავად შენი მეამბოხე, ჯიუტი ხასიათისა, მაინც ვიცოდი, რომ ყველაფერს ჯანსაღი თვალით უყურებდი. არც ახლა მეპარება ეჭვი შენს ჭკუასა და წინდახედულობაში, ისიც ვიცი არასდროს გააკეთებ ისეთ რამეს, რაც სხვას, თუნდაც მცირედით ავნებს და მით უმეტეს შენს ოჯახს უხერხულ სიტუაციაში ჩააყენებს. უბრალოდ ამ ბოლო დღეებში ძალიან აბნეული მეჩვენები. არასდროს მინახიხარ ასეთი. – კოსტა ხმას არ იღებდა, იჯდა მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილი და მხოლოდ უსმენდა. – ვიცი ეს ნაბიჯიც არ გადაგიდგამს გაუაზრებლად, მაგრამ ვხვდები ახლა გაწუხებს. არა ის რომ ეს ნაბიჯი გადადგი, რაღაც უფრო სხვა არ გაძლევს მოსვენებას. ვხვდები ეს ყველაფერი დინას უკავშირდება. – ლიდია გაჩუმდა, რეაქციას დაელოდა. კოსტა წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა, რაფას მსუბუქად მიეყრდნო, ორივე ხელი კიდეებზე ჩამოადო, ფეხები გადააჯვარედინა და იატაკს ჩააშტერდა. ხმა არც ახლა ამოუღია. ისევ ლიდიამ განაგრძო. – დინა შენთვის სულ ერთი არ არის. კარგად გიცნობ და ვიცი რომ განიცდი მხოლოდ იმას, რაც შენთვის ძვირფას ადამიანებს უკავშირდება. საკუთარიც კი შეგიძლია ზედმეტი ირონიით შენიღბო, მაგრამ... – აქ მცირე პაუზა გააკეთა. – მახსოვხარ საავადმყოფოში მიკრო ინფარქტის ნიშნებით რომ დამაწვინეს. მახსოვს რა დღეში იყავი რეზის მამა, რომ გარდაიცვალა.. ადამიანს არ ჰგავდი. მაგრამ როცა ავტოავარიის შემდეგ საავადმყოფოში გაუნძრევლად იწექი თითქმის ერთი თვე და ექიმები იმის იმედსაც ვერ გვაძლევდნენ, რომ ოდესმე ფეხზე გავლას შეძლებდი. მაინც მხნედ იყავი და ლამის სიცილით დახოცე მთელი მედპერსონალი შენი „ზეიუმორით“. ახლა საქმე მარტო შენ არ გეხება, სხვაც გაწუხებს. რა თქმა უნდა შენგან არაფრის ახსნას არ ვითხოვ. შენ თვითონ ვერ დაგილაგებია ვერაფერი საკუთარ გონებაში. მაგრამ იცოდე, აუცილებლად ჩავერეოდი შენი იმედი რომ არ მქონდეს. ვიცი რომ, რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის იპოვი სწორ გზას. უბრალოდ ამის შესახსენებლად მოვედი... და კიდევ იმისი, რომ ყველაფერში შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს.
კსოტა მოხუცთან მივიდა და თავზე აკოცა.
– ვიცი ლიდია.
მეტი არც არაფერი უთქვამთ იმ დღეს ერთმანეთისთვის, არც იყო საჭირო ისედაც უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის.

****
საქორწინო მზადებაში საერთოდ არ ერეოდა კოსტა. სრული თავისუფლება მისცა მშობლებს. დინას კაბის საყიდლადაც ნონა და ლალი გაჰყვნენ, თაიგულიც მათ შეარჩიეს. ნონა სიტუაციიდან გამომდინარე უკვე დინას მეჯვარე იყო. ჯერ კიდევ ანანურში იპოვეს საერთო ენა გოგონებმა და მერე საქორწინო მზადებამ ხომ საერთოდ დაახლოვა. მთელი ამ ხნის მანძილზე ერთხელაც არ შეხვედრიან დინა და კოსტა, თითქოს გაურბოდნენ ერთმანეთს. ნონამ რამდენჯერმე სცადა კოსტასთვის საკუთარი მოვალეობა შეეხსენებინა, როგორც საქმროსი, მაგრამ კოსტა ჯიუტად დუმდა ამ თემაზე და აღარც ნონა ჩასძიებია. მხოლოდ რამდენჯერმე იყო ქალბატონი ნელის სანახავად, ოღონდ იმ დროს, როცა იცოდა რომ დინა სახლში არ იქნებოდა. ეცოდებოდა მოხუცი. ხვდებოდა, როგორი მძიმე იქნებოდა მისთვის დინას სახლიდან წასვლა და თავისი ვიზიტებით უნდოდა ცოტა დაემშვიდებინა. ქორწილი ორ კვირაში დანიშნეს, მართალია მცირე დრო იყო, მაგრამ ლალი და შოთა დღე და ღამეს ასწორებდნენ რომ დროში ჩატეულიყვნენ.
ქორწილამდე სამი დღე იყო დარჩენილი. კოსტა ტრადიციულად ბარში იჯდა და უკვე მესამე ჭიქას ცლიდა. დღეს მარტო იყო. რეზის არ ეცალა. დიდი ხნით არ უნდოდა გაჩერებულიყო და უკვე წასვლას აპირებდა, ბარს საკმაოდ გამომწვევად ჩაცმული ახალგაზრდა გოგონა რომ მიუახლოვდა და კოსტას გვერდით დაიკავა ადგილი. ბარმენს სასმელი შეუკვეთა და კოსტას მიუბრუნდა:
– იცით, გამოცნობის საოცარი ნიჭი მაქვს.
– ვიცოდი, დღეს რაღაც გამიხარდებოდა. – არც შეუხედავს ისე უპასუხა კოსტამ.
– არ გჯერათ? – ყურადღება არ მიუქცევია ირონიისთვის, ისე განაგრძო. – აი, მაგალითად თქვენ კარგი შემოსავალი უნდა გქონდეთ?
– კაი, რას მეუბნები? – უკვე ართობდა ეს სიტუაცია კოსტას. – ეს შენი გამოცნობის ნიჭია, თუ ძია არმანიმ გითხრა, ჩემი კოსტუმის იარლიყიდან?
– გინდა გითხრა რას სვამ ახლა? – უფრო ახლოს მიიწია გოგომ. – Chivas Regal-ს.
– მაგაზე ორი ვარიანტი მაქვს, ან ჩემმა შემოსავალმა გადაგაწყვეტინა, რომ რამე ძვირფასს ვსვამ, ან რაც უფრო სარწმუნოა, ძია ბარმენმა გითხრა, წეღან თბილად რომ ეჭუკჭუკებოდი.
– კარგი, ბარმენმა და არმანიმ შენი სახელიც იციან, კოსტა? – გამარჯვებული სახით გადახედა თანამოაუბრეს?
კოსტას გაეცინა.
– ოოოო, საქმე უფრო ვიწრო წრეში ყოფილა? ახლა ზუსტად ვიცი, მაგ გამოცნობის ნიჭს რეზი უნდა ერქვას.
– უნდა ვაღიარო, მაჯობე. შენ უფრო მცირე ინფორმაციით გამოცანი.
– რაო, რეზიმ, რა გითხრა ჩემზე, მალე ცოლი მოჰყავს მაგ უბედურს და იქნებ როგორმე თავისუფლების ბოლო დღეები გაულამაზოო?
– არა... – ჭიქიდან ბოლო ყლუპი მოსვა გოგომ, მთელი ტანით შებრუნდა კოსტასკენ და თვალებში ჩახედა. – მაგარი კოცნა იცისო. – წამოდგა და მთელი ვნებით დააცხრა ტუჩებზე.
კოსტა არ ელოდა. საკმაოდ ვნებიანი ტუჩები ჰქონდა პარტნიორს და თვითონაც აჰყვა, სხვანაირად მოქცევა უბრალოდ მის ძალებს აღემატებოდა. მის სხეულში საკმარისზე მეტი ალკოჰოლი იყო იმისთვის რომ ეს გაეკონტროლებინა.
– არც შემცდარა. – ვნებიანად გაილოკა ტუჩები გოგონამ. კოსტას ტუჩებზე შერჩენილი პომადის კვალი მოაშორა და ყურთან ძალიან ახლოს ჩასჩურჩულა. – გავაგრძელოთ?
– უნდა ვაღიარო, ზედმეტად მაცდური წინადადებაა, მაგრამ დღეისთვის საკმარისია. – ოდნავ უკან გასწია ჯერ კიდევ მის სხეულზე აკრული გოგო.
– რა გაეწყობა. – ხელები უღონოდ გაშალა, მიბრუნდა, ჩანთა აიღო და გასასვლელისკენ გაემართა.
– რა გქვია? – თვითონაც ვერ მიხვდა რატომ მიაძახა კოსტამ.
– ვანგა. – მობრუნდა, თვალი ჩაუკრა და ისევ გასასვლელისკენ გაემართა საკმაოდ გამომწვევი ნაბიჯებით.
კოსტას ჩაეცინა, ტელეფონს დსწვდა და რეზის მესიჯი მისწერა: „აუ, ბიჭო, ბარში მაგარი ნაშა მეჩალიჩება და რა ვქნა?“
ორ წუთში ტელეფონი აწკრიალდა. რა თქმა უნდა რეზი რეკავდა.
– რამდენ ხანში გაშიფრე? – სიცილით ჰკითხა კოსტას?
– სამ კითხვაში.
– ოჰო, შედეგს აუმჯობესებ. დაბადების დღის საჩუქარს დაახლოებით ნახევარი საათი ელაპარაკე.
– მაშინ თავისუფალი ვიყავი. – უნებურად წამოსცდა.
– როგორც ვხვდები სახლის გზას გაუყენე ჩემი საჩუქარი. – კოსტას არაფერი უპასუხია. – რას გიშვება ეს თითისტოლა გოგო?! – კოსტას ისევ არ ამოუღია ხმა, მხოლოდ სუნთქვა დაუმძიმდა. – კიდევ დიდხანს აპირებ მანდ ყოფნას, მოვიდე?
– არა, გამოვცლი ამ ჭიქას და წავალ მეც.
– კოსტა... ჩემი ძმა ხარ, ხომ იცი?
– რა გჭირს შე ჩ***, მე ვარ მთვრალი თუ შენ?
– ეგრე რა... ვერ გიტან „დაგრუზულს“.
– კაი წავედი, თორემ მართლა დავიღალე უკვე.
– კაი, გაკოცეეეეე. – ხმა დაიწვრილა რეზიმ და გათიშა.
კოსტას გაეცინა და წამოდგა. ნებისმიერ სიტუაციაში კარგ ხასიათზე აყენებდა რეზი. სკოლის პერიოდიდან ასე იყო. რეზის ერთ ხუმრობასაც კი შეეძლო მთელი გაკვეთილი ჩაეშალა. ახსოვს მეცხრე კლასში იყვნენ და ბიჭებმა გადაწყვიტეს საახალწლო კარნავალზე კოვბოის ფორმებით გამოცხადებულიყვნენ. რეზიმ ყველა არსებულ ვესტერნს უყურა და იმდენი ხანი აკვირდებდა მათ ქცევებს და ჟესტებს, რომ ერთხელაც ბიოლოგიის მასწავლებელს კარი ფეხით შეუღო, კლასში მხრებში ოდნავ მოხრილი და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი შევიდა და მთელი ხმით იყვირა: „ბონჯორნო“. მთელი კლასი კი დაწყდა სიცილით, მაგრამ საერთოდ არ ეცინებოდა ნათელა მასწავლებელს. მეორე დღესვე დაიბარეს რეზის მშობლები და გაგდებაზე ჰქონდა საქმე. დიდი ძალისხმევა დასჭირდათ რეზის მშობლებს და კლასის დამრიგებელს, ისტორიის მასწავლებელს, ბატონ შალვას, რომ გამოსაცდელი ვადით დაეტოვებინათ სკოლაში.
– ეს ბონჯორნო რაღა იყო, ერთი ამიხსენი. – პედსაბჭოს მერე ცალკე გაიყვანა ბატონმა შალვამ რეზი.
– რა ვიცი მას, სიტუაციას მოუხდა მაგრად. – მხრები აიჩეჩა.
ამის მერე კიდევ დიდხანს ახსოვდა ეს ამბავი მთელ სკოლას და ერთმანეთს ბონჯორნოთი ესალმებოდნენ.

****
მტკიცე ნაბიჯით მიდიოდა დინა. მრავალსართულიანი შენობის შესასვლელ კართან ორი წუთით შეჩერდა სულის მოსათქმელად, მაგრამ კარი თავისით გაიღო და ასეთივე მტკიცე ნაბიჯებით განაგრძო სვლა. ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა და სანამ კარი არ გაიღო არც აუშვია. მესამე სართულზე ავიდა და ჩქარი ნაბიჯით გაუყვა დერეფანს. კარებთან კიდევ ორი წუთით შეყოვნდა, ღრმად ჩაისუნთქა და შეაღო. კოსტას მაგიდისკენ გაემართა, ზედ მკვეთრი მოძრაობით სურათი დაუდო და ისე რომ ყურადღება არ მიუქცევია მისი გაკვირვებული თვალებისთვის, ისევ უკან გამობრუნდა.
კოსტა ერთხანს გაოცებული უყურებდა კარებს, ძლივს მოეგო გონს, მაგიდაზე დადებულ სურათს დახედა და მთელი სხეულით დაიძაბა. სურათზე დინა იყო გამოსახული, ვიღაც ახალგაზრდა ყმაწვილის ყელში ჩაერგო თავი და ორივე ხელი მის კისერზე შემოეხვია. თავის მხრივ არც ყმაწვილი იდგა უქმად, დინას თავზე კოცნიდა და მისი ხელებიც გოგოს სხეულზე ეწყო. კოსტა ხვდებოდა როგორ აწვებოდა საფეთქლებზე სისხლი, მთელი სხეულით კანკალებდა. ეს უკვე მართლა მეტისმეტი იყო. სურათი ხელში მოკუჭა და ოთახიდან გიჟივით გავარდა. ლიფტის ღილაკი კინაღამ ჩააგდო ისეთი ძალით აწვებოდა. ბოლოს მაინც არ დაელოდა და კიბეებს სირბილით ჩაუყვა. შენობიდან გიჟივით გავარდა და ქუჩის კუთხეში თვალი მოჰკრა ჩქარი ნაბიჯით მიმავალ დინას, იქითკენ გაექანა თვითონაც და მალე წამოეწია კიდეც. მკლავში ხელი წაავლო და საკმაოდ უხეშად შემოატრიალა. დინამ ჩუმად ამოიკვნესა, აშკარად ვერ მოზომა კოსტამ და მკლავი საგრძნობლად ატკინა. ბრაზისგან ხმას ვერ იღებდა კოსტა. ხელი არ გაუშვია ისე წაიყვანა იქვე მდგარი თავის მანქანისკენ და თითქმის ძალით ჩასვა. თვითონ საჭეს მიუჯდა მთელი სისწრაფით მოსწყდა ადგილს. არ ვიცი რამდენი ხანი მიდიოდნენ ასე. დინა მტკივან მკლავს იზელდა და მდუმარედ გაჰყურებდა გზას. აი, კოსტა კი, მთელი ტანით დაძაბული იჯდა და მანქანას მთელი სისწრაფით მართავდა, ხმას არც ის იღებდა. ხვდებოდა ახლა ერთ სიტყვასაც შეიძლება მდგომარეობიდან საბოლოოდ გამოეყვანა და მაქსიმალურად ცდილობდა თავი გაეკონტროლებინა. ლისის ტბის გზაზე მიჰქროდნენ უკვე. კოსტამ ნელ-ნელა შეძლო საკუთარი თავი გაეკონტროლებინა, ჯერ სვლას უკლო და ბოლოს საერთოდ გააჩერა მანქანა. ერთახნს ჩუმად ეწყო ხელები საჭეზე, ბოლოს როცა მიხვდა რომ საბოლოოდ აიყვანა თავი ხელში, დინასკენ შეტრილადა.
– ეს რა არის? – ჯერ კიდევ ხელში მოკუჭული სურათი გაუწოდა.
სურათი. – ძლივს ამოიკნავლა დინამ. ცოტა არ იყოს შეეშინდა, პირველად ხედავდა ასეთ კოსტას.
– ღმერთო, მომეცი ძალა. – ჩუმად ჩაიბუტბუტა კოსტამ და მანქანიდან გადავიდა. ხვდებოდა ისევ კარგავდა საკუთარ თავზე კონტროლს. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მანქანისკენ ზურგით გაჩერდა. ერთხანს იდგა ასე გაუნძრევლად. დინამ ვეღარ გაუძლო, მიხვდა რომ მეტისმეტი მოუვიდა და თვითონაც გადმოვიდა, თუმცა მიახლოება ვერ გაბედა. კარების ხმაზე კოსტა შემობრუნდა და დინასკენ წამოვიდა. მეტნაკლებად მშვიდი სახე ჰქონდა, თუმცა დინამ მაინც შეამჩნია მის შუბლზე ნერვიულად მფეთქავი ძარღვი.
– ვინ არის სურათზე? – ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა და წინ საკმაოდ ახლოს დაუდგა.
– ჩემი ბიძაშვილია. – თითქმის ჩურჩულით ამოთქვა. იგრძნო როგორ მოუდუნდა კოსტას დაჭიმული სხეული და განაგრძო. – ამერიკაში ცხოვრობს. ეს სურათი გაზაფხულზეა გადაღებული, ცოტა ხნით იყო ჩამოსული და მაშინ.
– მერე, რაში დაგჭირდა ეს სპექტაკლი?
– უბრალოდ მინდოდა გაგეგო, რა შეგრძნებაა, როცა საკუთარი მეუღლე ბარში ვიღაც ნაშას ვნებიანად კოცნის.
კოსტას ჩაეღიმა, ზედმეტად ესიამონა სიტყვა „მეუღლე“. მიხვდა, დინა წუხანდელ ბარის ამბავზე ლაპარაკობდა.
– მითვალთვალებდი? – ძალიან ახლოს მივიდა მასთან, ისე ახლოს რომ მანქანის კარებს მთელი ტანით აკრული დინა კოსტას სუნთქვას საფეთქელთან გრძნობდა.
– შემთხვევით დაგინახე.
– რა გინდოდა იმ შუაღამისას ბარში? – ნელ-ნელა ამცირებდა მანძილს მათ შორის.
-მე... – მეტი ვეღარაფრის თქმა შეძლო. კოსტა უკვე მის ტუჩებს ეხებოდა და ისეთი გრძნობით კოცნიდა, რომ ლამის მუხლები მოეკვეთა. მხოლოდ ტუჩებით ეხებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ დინას მთელი სხეული დაბუჟებოდა. სად წაეღო ამდენი ემოცია არ იცოდა. კოსტა აშკარად არ აპირებდა შეჩერებას. ამდენი ხნის მანძილზე პირველად მისცა გრძნობებს გასაქანი. პირველად გააკეთა ის რისი სურილიც ჯერ კიდევ ანანურიდან კლავდა. პირველად შეეხო მის ბაგეებს და ასე ეგონა არც არასდროს გაუშვებდა. ეგონა კი არა, იცოდა, დარწმუნებით იცოდა, რომ არსად გაუშვებდა. უკვე მისი ცოლი ერქვა, უკვე მისი უნდა ყოფილიყო. თუნდაც დინასგან საერთოდ არ ეგრძნო იგივე. მერე რა, მისი შეგრძნებები იმდენად ბევრი იყო, რომ ორივეს ეყოფოდა, მთელ სამყაროსაც ეყოფოდა. ცხოვრებაში პირველად გრძნობდა ამას, ცხოვრებაში პირველად დაკარგა თავი. ეს პატარა გოგო აკარგვინებდა თავს და თქვენ წარმოიდგინეთ თანახმა იყო. ამ წუთებისთვის ყველაფერზე თანახმა იყო.
ნელ-ნელა დაუბრუნდა აზროვნება. ნელ-ნელა შეძლო თავის გაკონტროლება. უჭირდა მაგრამ მოსწყდა მის ბაგეებს. ორი წუთი დასჭირდა რომ საკუთარი გულისცემა და სუნთქვა მწყობრში მოეყვანა. თვალებში ჩახედა და შეცბა, ყინულივით ცივი მზერით უყურებდა.
– ნეტავ იცოდე, როგორ მძულხარ. – ზარივით ჩაესმა კოსტას და მისი წელისკენ წაღებული ხელები ჰაერში გაუშეშდა. სუნთქვა დაუმძიმდა, მთელი სხეულით დაიძაბა და რაც მთავარია, ისე ეტკინა ეს სიტყვები, როგორც არასდროს მანამდე. მთელი ძალით დასცხო მუშტი მანქანას და მოშორდა დინას. დაახლოებით ათი წუთი იდგა გაუნძრევლად, გაშეშებული, თითქოს ქვად იქცაო. არც ერთი ნაკვთი არ შერხევია, წარმოიდგინეთ თვალიც კი არ დაუხამხამებია მთელი ამ ხნის მანძილზე. ბოლოს მკვეთრად მობრუნდა და მანქანისკენ წავიდა.
– ჩაჯექი. – ცივად მიაძახა იგივე პოზაში მდგარ დინას და კარი გამოაღო.
დინაც ჩაჯდა. ცდილობდა მაქსიმალურად გაეკონტროლებინა თავი და მშვიდი სახე შეენარჩუნებინა. არ უყურებდა კოსტა, თორემ შეამჩნევდა მთელი ამ სიმშვიდის ნიღბის ქვეშ, დინას მოცახცახე ხელებს.
გზაში არც ერთს ამოუღია ხმა. კოსტამ დინას სადარბაზოსთან გააჩერა მანქანა. უსიტყვოდ გადავიდა დინა. არც კოსტას შეუხედავს. ეშინოდა, ისევ იმ ცივი მზერის ეშინოდა. ამხელა კაცს ამ პატარა გოგოსი ეშინოდა. უყვარდა კოსტას დინა. მთელი არსებით უყვარდა. მერე რა, რომ ასეთი ტკივილიანი იყო მისთვის. დინასთან დაკავშირებული ტკივილიც კი უყვარდა.
****
იმ დღის შემდეგ პირველად ქორწილის დღეს ნახეს ერთმანეთი. შეუდარებელი იყო დინა, არა ამქვეყნიურად ლამაზი. სწორედ ამას გაურბოდა მთელი ეს ორი დღე კოსტა, ეშინოდა რომ თავის გაკონტროლება გაუჭირდებოდა. აბსოლუტურად სხვა სამყარო იყო მისთვის დინა, სხვა განზომილება.
– კოსტა, დახურე პირი და გადადგი ნაბიჯი. – რეზის ხმამ გამოაფხიზლა და ცოტა აზრზე მოვიდა.
უკვე ოფიციალურად წამოიყვანა ბებიის სახლიდან. უკვე საქორწინო კაბით მოჰყვებოდა გვერდით და აცნობიერებდა რომ ახლა უკვე მისი იყო. ისევ ხელჩაკიდებული მიჰყავდა. ისევ არ გაუშვია ხელი მანქანაშიც კი, მაშინაც კი როცა გარეშე თვალი არ უყურებდათ და აუცილებელი არ იყო ცამდე ბედნიერების თამაში. არ უნდოდა და არ უშვებდა. ამ დღეს მაინც, მანამ სანამ დინა აძლევდა ამის უფლებას.
სამარისებული სიჩუმე იყო მანქანაში. რამდენჯერმე რეზიმ სცადა საუბრის წამოწყება, მაგრამ უშედეგოდ. ასევე მდუმარედ მოაწერეს ხელი. კოსტას ბოლო წუთამდე ეგონა, რომ დინა გადაიფიქრებდა, არ მოაწერდა ხელს, მაგრამ შეცდა. ახალ კანონის წინაშეც ცოლ-ქმარნი იყვნენ.
პირველი ცეკვა...
დინას სუსტი სხეულის შეგრძნება ახსოვს. მის სიფრიფანა წელზე დადებული ხელი. თხელი თითები მის კისერზე და თმებიდან წამოსული საოცარი სურნელი. უნებურად შემცირებული მანძილი მათ შორის, ათასჯერ დავლილი ჟრუანტელი და დაუძლეველი სურვილი მისი კოცნისა. მაშინ როცა ასე ახლოს იყო დინასთან, ხვდებოდა რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ერთი შეხედვით ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული, მაგრამ კოსტასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. არასდროს სჯეროდა მსგავსი ზღაპრების და ესოდენ დიდი გრძნობების. შეუძლებელი იყო ახლაც დაეჯერებინა, მაგრამ ფაქტი იყო გრძნობდა. იმაზე ბევრად მეტს გრძნობდა, ვიდრე ადამიანის გონებას შეეძლო აღექვა. სიამოვნებით შეაჩერედა დროს რომ შეძლებოდა, მაგრამ დასრულდა მუსიკა და დაბრუნდა რეალობაში.
რეალობა კი ის იყო რომ ნელ-ნელა უფრო რთული ხდებოდა მათი ურთიერთობა. მაშინ როცა ეს ყველაფერი წამოიწყო, ამაზე არ უფიქრია. ან შეიძლება იმედი ჰქონდა რომ დინასაგანაც მიიღებდა საპასუხო გრძნობას. იმ დღეს კი ლისის ტბის გზაზე მომხდარმა ბოლომდე გამოაფხიზლა. იძულებული გახდა ეღიარებინა რომ ეს მართლაც ანგარებით ქორწინება იყო. დარწმუნდა იმაში რომ არანაირი გრძნობა არ ჰქონდა დინას მის მიმართ. შეეძლო მაშინვე ჩაეშალა ყველაფერი, შეეძლო უარი ეთქვა დინაზე, მაგრამ არ გააკეთა.
ის დღეც დასრულდა. უკვე სახლში მიდიოდნენ.
– გცივა? – მანქანისკენ მიმავალ, სიფრიფანა კაბაში გამოწყობილ, მობუზულ დინას, მე მგონი, პირველად მიმართა დღეს.
დინამ თავი გააქნია უარის ნიშნად. კოსტამ მაინც გაიხადა პიჯაკი და აკანკალებულ მხრებზე მოახვია. წინააღმდეგობა არ გაუწევია დინას, ორივე ხელი კოსტუმის კიდეებს მოკიდა და უფრო თბილად გაეხვა მასში. სახლამდე მდუმარედ მივიდნენ. არც ლიფტში ამოუღიათ ხმა. კოსტამ კარები გააღო და წინ დინა შეუშვა. პიჯაკი ისევ მხრებზე ჰქონდა მოხურული და ხელს არ უშვებდა.
– წყალს დავლევ. – უფრო უხრხულობის დასაფარად თქვა დინამ.
– სამზარეულო დერეფნის ბოლოშია.
წყალი დალია და გამოვიდა. გაუბედავი ნაბიჯებით გაუყვა დერეფანს და ერთ-ერთ ღია კართან შეჩერდა. სავარაუდოდ მათი ოთახი უნდა ყოფილიყო. სააბაზანოდან კოსტა გამოვიდა. სახეზე წყალი შეესხა და თეთრი პერანგის ღილები თითქმის ბოლომდე ჩაეხსნა. დინა ოთახში მოჩვენებითი უდარდელობით შევიდა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. კოსტამ მის წინ ჩაიმუხლა და დინას ხელები თავისაში მოიქცია. ერთხნას ასე ეჭირა, მერე ტუჩებთან მიიტანა და ძალიან ნაზად აკოცა. წამოდგა ისე, რომ ხელი არ გაუშვია, დინაც ადგა. ჯერ კიდევ მხრებზე მოხურული პიჯაკი ძირს დავარდა. კოსტამ ხელები წელზე შემოხვია და მთელი სხეულით მიიზიდა თავისკენ. თავი მის ყელში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა სასამოვნო სურნელი. მსუბუქი ოხვრა ამოაყოლა და ტუჩები მის ნაზ კანს შეახო. შეეძლო მთელი ცხოვრება ყოფილიყო ასე. წამით ისიც მოეჩვენა, რომ დინას სხეული მის მკლავებში ვნებისგან თრთოდა. ცალი ხელით შეეცადა კაბის თასმები შეეხსნა, ისე რომ ტუჩები არ მოუშორებია მისი სხეულისათვის. ნელ-ნელა ზევით გაუყვა და ტუჩებიც მოძებნა. მთელი ვნებით დაეწაფა მის ბაგეებს, მაგრამ...
ვერაფერი მიიღო საპასუხოდ კოსტამ. თევზივით ცივი იყო დინა. უგრძნობი ხესავით იდგა და ისევ ისეთი არაფრის მთქმელი თვალებით უყურებდა. თვითონაც გახევდა. ეს უკვე მართლა მეტისმეტი იყო. ისეთი ძლიერი ადამინისთვისაც კი, როგორიც კოსტა იყო, შეუძლებელი იყო ამის ატანა. მიხვდა რომ აქ დასრულდა ყველაფერი, ის იოტისოდენა იმედიც გაუქრა, აქამდე ასე გულმოდგინედ რომ ებღაუჭებოდა. ნელ-ნელა გაუშვა ხელები და მოსცილდა მის სხეულს. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ფანჯრისკენ შეტრიალდა. ორივე ხელით რაფას ჩამოეყრდნო და თავი დახარა. სულ მცირეც რომ ეგრძნო დინასგან, აიტანდა... მოითმენდა... შეძლებდა... მაგრამ ასე... აუტანელი იყო მისი აპათია. მისი ცივი მზერა. მაშინ როცა კოსტა ზედმეტად ბევრს გრძნობდა, დინა არაფერს. მაშინ როცა კოსტა მზად იყო ყველაფერი დაეთმო მის გამო, დინასთვის სულ ერთი იყო. მაშინ როცა კოსტა მზად იყო დინას გულისთვის სუნთქვაც კი შეეწყვიტა იმიტომ, რომ მისთვის მთლიანად დაეთმო ოთახში არსებული ჟანგბადი, დინას არ ანაღვლებდა. რამდენიმე წუთი იდგა ასე. ოთახში სამარისებულ სიჩუმეს, მხოლოდ მისი მძიმე სუნთქვა არღვევდა. მთელი ძალით ცდილობდა შიგნით შეეკავებინა ყველაფრი. ჩაეხშო ის ემოცია, რომელიც მთელი ძალით ცდილობდა გარეთ გამოღწევას. მთელი ძალისხმევის მოკრება დასჭირდა და ბოლოს შეძლო. გასწორდა. ჯერ ოთახის კარი გაიხურა, შემდეგ სახლისაც.
დინა ისევ ოთახში იდგა და არაფრისმთქმელი თვალებით უყურებდა სივრცეს.

****
გაუხდელს ჩასძინებოდა. დილით კოსტა არ დახვდა, წუხანდლიდან არ მობრუნებულიყო. კაბა გაიხადა და აბაზანაში შევიდა. ცოტა მოეშვა. ცხელმა შხაპმა უშველა. შიშველ სხეულზე ხალათი მოიცვა და სააბაზანოდან გამოვიდა. კინაღამ გული გადაუტრიალდა, შუა ოთახში მდგარი კოსტა რომ დაინახა. ძალიან დაღლილი სახე ჰქონდა, მთელი ღამის უძილო. უნებურად წაიღო ხელი ხალათისკენ და ქამარი მჭიდროდ შემოიჭირა. კოსტას დაჟინებულ მზერას გრძნობდა და თვალები სად წაეღო არ იცოდა.
– სამზარეულოში დაგელოდები. – პირველი კოსტა მოვიდა გონს. შებრუნდა და კარი გაიხურა.
დინამ სწრაფად გადაიცვა და სამზარეულოს მიაშურა. კოსტა მაგიდასთან იჯდა და ყავის ფინჯანი ედგა. კარებში უხერხულად აიწურა.
– დაჯექი. – თვალით ანიშნა მის წინ მდგარ სკამზე.
დინა დაჯდა.
– ალბათ დროა ყველაფერს საღი თვალით შევხედო. ის რის შეკოწიწებასაც ვცდილობდი, შეუძლებელი აღმოჩნდა... თუმცა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. – მცირე პაუზა გააკეთა და განაგრძო. – ალბათ ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო რომ... მოკლედ. ეს ჩვენი საქორწინო კონტრაქტია. – საქაღალდე დაუდო წინ.
დინას არც გადაუშლია, არც კი განძრეულა ადგილიდან.
– იურისტებს ვთხოვე შეედგინათ. – ისევ კოსტამ განაგრძო. – ორივემ ქორწინების სახლში მოვაწერეთ ხელი. შენთვის მაშინ არ მითქვამს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კონტრაქტი თავიდან ბოლომდე შენს სასარგებლოდაა შედგენილი. როგორც ვხედავ, გადაკითხვას არ აპირებ, ამიტომ გეტყვი ყველაზე მთავარს. – წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა, რაფას მიეყრდნო, ხელები გადაიჯვარედინა და განაგრძო. – თუ განქორწინებას გადაწყვეტ, შენს მფლობელობაში დარჩება უძრავი ქონება. წყნეთის აგარაკი და მშენებარე სახლი, რომელსაც ჩემი მომავალი ოჯახისთვის ვიშენებდი. ასევე მანქანა და საკმაოდ სოლიდური ყოველთვიური შემოსავალი სიცოცხლის ბოლომდე. ანუ, შენ გექნება უზრუნველი ცხოვრება ჩემს გარეშეც. – შეხედა, დინა არ უყურებდა. – არაფერს იტყვი?
– მადლობა. – ძალიან მშრალად თქვა დინამ.
– მეტს არც ველოდი. – სამზარეულო დატოვა კოსტამ და სააბაზანოში შევიდა.
თითქმის არასდროს იყო სახლში კოსტა, ღამითაც კი წყნეთში რჩებოდა. ზედმეტად მტკივნეული იყო დინას სიცივე. ცხოვრებაში პირველად აღიარა რომ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რისთვისაც არ იყო მზად. სამაგიეროდ ახლა მხოლოდ გარშემომყოფებისთვის იყვნენ ბედნიერი წყვილი.
იმ დღესაც დინას ზარმა ძალიან გააკვირვა.
– გისმენ. – მთელი ძალისხმევა დასჭირდა ხმა რომ გაეკონტროლებინა.
– კოსტა, ლიდიამ დამირეკა – მე მგონი პირველად წარმოსთქვა მისი სახელი. – დღეს საღამოს გველოდება. ნელიც იქნება.
– კარგი. ექვსისთვის გამოგივლი. – მხოლოდ ამის თქმა მოახერხა, ტელეფონი გათიშა და სავარძლის საზურგეზე გადაწვა. რთული იქნებოდა ლიდიასთვის რამის გამოპარება. ვერც კი ხვდებოდა თვითონ როგორ უნდა დაეჭირა თავი.
– კოსტა, – ოთახში რეზი შემოვარდა. – გეხვეწები მითხარი, რომ ლიდიასთან შენც ხარ ამ საღამოს მიწვეული, თორემ გამისკდა გული. ახლა ეგ თუ ჩემზე გადმოერთო და ვინმეს გაცნობას მიპირებს, აქვე ვიკლავ თავს.
კოსტას ჩაეღიმა.
– არა, დინამ დამირეკა და ჩვენც გველოდება.
– აგაშენა ღმერთმა. – სავარძელში ჩაჯდა რეზი. – ვინმე ისეთი ხომ არ ყავს მიწვეული, გასათხოვარი... რა ვიცი, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
– ალბათ ჩვენ ვიქნებით და კიდევ ნელი.
– დავიღუპე კოსტა. შვილიშვილი გაათხოვა და მე მგონი ახლა ბებიაზე გადავიდა. – შეშინებული სახე მიიღო რეზიმ.
კოსტას გულიანად გაეცინა.
– ეგრე რა... ძლივს არ გნახე გაცინებული?
კოსტა წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.
– რა გჭირს? რაღაც ფერი არ მომწონს შენი. – ხუმრობა სცადა რეზიმ.
– განორწინებას ველოდები.
– კონტრაქტი მიეცი? – მეგობრის შემხედვარე თვითონაც დასერიოზულდა.
კოსტა შემობრუნდა და ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თავი.
– მერე, არაფერი გითხრა?
– მადლობა გადამიხადა.
უხერხული დუმილი ნონას შემოსვლამ დაარღვია.
– ბიჭებო, ლიდიასთან თქვენც მოდიხართ?
კოსტას სიცილი აუტყდა:
– აჰა, კიდევ ერთი გასათხოვარი.
– დედაა, ლიდიას ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. – ტაში შემოკრა რეზიმ. – ნონაჩკა, აბა შენ იცი, დღეს საღამოს ჩვენი ბედი წყდება და არ შემარცხვინო.
– დაიწყეთ თქვენ ისევ თქვენებურად არა? – ნონამ გულზე ხელები გადაიჯვარედინა და ბიჭებს გადახედა.
– კაი, ახლა ნუ დაიწყებ თავის დაფასებას. – სავარძლიდან წამოდგა რეზი. –გადაწყვეტილი ამბავია ეგ.
– მართლა არაფერი გშველით თქვენ. – ცხვირი აიბზუა ნონამ. – სად მაქვს თქვენი ნერვები? საღამოსაც მეყოფით. – შეტრილადა და წავიდა.
– მოიცადე, გოგო, მოკლე კაბა და ეგეთები არ დამანახო იქ... – უკან გაედევნა რეზი სიცილით.

****
სამსახურიდან პირდაპირ დინასთან წავიდა. სულის შეხუთვამდე ლამაზი ეჩვენა. მონატრებოდა კიდეც. ძალიან უჭირდა იმის გაცნობიერება, რომ შეიძლება ერთხელაც მასთან უბრალოდ გვერდით ჯდომის უფლებაც აღარ ჰქონოდა.
– როგორ ხარ? – დუმილი დინამ დაარღვია.
კოსტას ნაღვლიანად ჩაეღიმა.
– ალბათ კარგად.
– კოსტა, მე...
– ვიცი, დინა. არაფერში გადანაშაულებ. თავიდანვე ვიცოდი... არაფერი დაგიმალავს.
სულ ეს იყო, ლიდიასთან მისვლამდე მეტი არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის.
დინას შეცვლილი ეჩვენა ნელი. გული მოეწურა, შეეცოდა მოხუცი.
– ბე, როგორ მომენატრე იცი?
ნელიმ ხელები დაუკოცნა შვილიშვილს და გულში ჩაიკრა. კოსტა ამდენი ხნის მერე, პირველად ხედავდა გაღიმებულ დინას. ისევ ისეთი იყო, როგორც პირველ დღეს. მაშინ, როცა პირველად დაინახა და ქვეცნობიერად გადაწყვიტა, რომ არ გაუშვებდა. ამას ახლა ხვდებოდა, რომ პირველივე წუთიდან იგრძნო რაღაც. მართალი აღმოჩნდა ლიდია, მასთან სულ სხვანაირი იყო თავიდანვე. რას არ მისცემდა, ოღონდაც მასთანაც ისეთივე მხიარული და გულღია ყოფილიყო დინა, როგორც ახლა.
– ბე, რაღაც დასუსტებული მეჩვენები. წნევა როგორ გაქვს? – დინა ძალიან წუხდა ნელის ჯანმრთელობაზე. – დარწმუნებული ვარ წამლის დალევაც გავიწყდება ხოლმე.
– არაფერი მავიწყდება, ნუ გეშინია, მშვენივრად ვგრძნობ თავს.
– დინა, შვილო, შენ ნუ გეშინია, ნელის მე ავიყვან პირად კონტროლზე. – დაამშვიდა ლიდიამ.
საკმაოდ მხიარული საღამო გამოუვიდათ. პრინციპში, იქ სადაც რეზი და კოსტა ერთად იყვნენ, სხვანაირად შეუძლებელიც იყო. ვახშმის შემდეგ სამზარეულოდან გამოსული დინა ნონას ეძებდა და აივანზე გავიდა. იქ რეზი დახვდა, სიგარეტს ეწეოდა.
– მეუღლეს ეძებ? – აივნის სახელურს ჩამოეყრდნო რეზი.
– არა, ნონას... კოსტა ვიცი სადაცაა... ახლა ნონას ვეძებდი და... – უხერხულად შეიშმუშნა დინა. ხვდებოდა, რომ რეზიმ დაწვრილებით იცოდა მათი ურთიერთობის შესახებდა თითქოს თავი დამნაშავედ იგრძნო.
– ჩემთან არაფერი გაქვს ასახსნელი, დინა. – წელში გასწორდა და წინ დაუდგა გოგოს. – მაგრამ ცოდოა, ადამიანს აღარ ჰგავს... – სევდიანად გადახედა. დინას თვალები აუცრემლიანდა. რეზიმ ხელი მხრებზე მოხვია და თავზე აკოცა. – კარგი გოგო ხარ. გეფიცები, მხოლოდ საუკეთესოს გისურვებ, მაგრამ... კოსტა ჩემი ძმაა, ხომ გესმის? ასეთს ვერ ვეგუები. არასდროს მინახავს ამ დღეში.
დინა საპასუხოდ მხოლოდ ერთი ამოისლუკუნა. არ ელოდა რეზისგან ასეთ დამოკიდებულებას. თვითონაც ხვდებოდა, როგორი გამოფიტული და სულ სხანაირი იყო კოსტა ეს ბოლო ხანი, როგორ უჭირდა. ხვდებოდა, მაგრამ არაფერს აკეთებდა.
– გეხვეწები არ იტირო რა, ახლა კოსტამ რომ გვნახოს მომკლავს. შენს ცრემლებს არ მაპატიებს. არ გეცოდები? – საწყალი სახით შეხედა რეზიმ.
დინას გაეღიმა და ცრემლი მოიწმინდა.
ლიდიასგან საკმაოდ გვიან წამოვიდნენ. ნელი იქ დარჩა. ლიდიამ დაიჟინა: –ჩემთან დარჩი, სახლში მარტომ რა უნდა აკეთოო.
ნონა რეზიმ წაიყვანა. მანქანის კარი გაუღო ზედმეტად ზრდილობიანი ჟესტით მიიპატიჟა წინა სავარძელზე.
– წამოდი, ჩემს იქით გზა მაინც არა გაქვს, ხომ ხედავ სახლში გასაცილებლადაც არავინ გაკითხავს.
– ღმერთო, როდის უწევს ამას დასერიოზულება, ეგ მაინც შემატყობინე, რა იქნება? დავიმშვიდებ გულს. – ხელები ცაში აღაპყრო ნონამ და მსუბუქი მუჯლუგუნი უთავაზა რეზის. საპასუხოდ რეზიმ ხელში აიტაცა და ისე ჩასვა მანქანაში.
– მადლობა, ღმერთო, მივიღე პასუხი. არასდროს. – ხელი ჩაიქნია ნონამ და კარები მიიხურა.
კოსტამ დინას სადარბაზოსთან გაუჩერა მანქანა. დინა არ ჩქარობდა გადასვლას.
– შენ არ ამოხვალ? – გაუბედავად გადახედა.
კოსტა დუმდა.
– კოსტა...
– მოგვიანებით მოვალ, შენ ადი. – შეეცადა ღიმილის ქვეშ მღელვარება დაეფარა.
იცოდა დინამ რომ არ მოვიდოდა და იმასაც ხვდებოდა რატომ. ხვდებოდა, მაგრამ არ უნდოდა ასე წასულიყო. თქვენ წარმოდგინეთ, ამ საღამოს დინას არ ეთმობოდა კოსტა. არ ეთმობოდა, მაგრამ მაინც გადავიდა. როგორც კი სადარბაზოში გაუჩინარდა, კოსტამ მანქანა დაძრა.

****
ბარის დახლთან იჯდა და უკვე მესამე ჭიქას ცლიდა. ამ ბოლო დროს, რაღაც მარტო სმა დასჩემდა. „მე მგონი, ნელ-ნელა ლოთდები, მეგობარო“ – გონებაში საუთარ თავს გაუღიმა კოსტამ და ჭიქა გამოცალა.
– შეიძლება დავჯდე?
კოსტა შეკრთა. ყველაზე ნაკლებად აქ დინას ელოდა.
– სახლში, რატომ არ ახვედი? – ჰკითხა, როგორც კი აზრების მოკრება შეძლო.
– შენ რატომ არ მოხვედი? – ბარის სკამზე ჩამოჯდა დინა.
– რას დალევ? – კითხვა უპასუხოდ დატოვა.
– რასაც შენ.
კოსტამ დინასთვის ფორთოხლის წვენი შეუკვეთა.
– მეეჭვება შენც ამას სვამდე. – წვენი მოსვა დინამ.
– აქ ხშირად ხარ ხოლმე? – კოსტამ ისევ არ უპასუხა კითხვაზე.
– ყოველ საღამოს.
კოსტამ გაკვირვებით შეხედა.
– რა გაგიკვირდა? უკვე დიდი გოგო ვარ, თან გათხოვილი.
ერთხანს ჩუმად ისხდნენ. ბოლოს კოსტა წამოდგა.
– წამოდი სახლში გაგიყვან.
– ფეხსაც არ მოვიცვლი თუ არ დამპირდები, რომ შენც ამოხვალ.
– მაცდური წინადადებაა. – ხუმრობის ხასიათზე დადგა კოსტაც. – მაგრამ ცოლი მყავს. – საქორწინო ბეჭედი დაანახა და თვალი ჩაუკრა.
– ეგ არაფერი, შენს ცოლს მე მოველაპარაკები.
– მერე, დამთმობს?
კოსტას დაჟინებულ მზერას ვერ გაუძლო დინამ. შეტრიალდა და წავიდა. ღრმად ამოისუნთქა კოსტამ და უკან გაჰყვა.
დღეს უკვე მეორედ გააჩერა კოსტამ მანქანა სადარბაზოსთან. დინა დაელოდა სანამ კოსტამ მანქანა არ ჩააქრო და არ გადავიდა, მერე თვითონაც გააღო კარები და უკან გაჰყვა. სახლის კარები დინამ გააღო და შევიდნენ. ახლა თითქოს კოსტა იყო სტუმარი საკუთარ სახლში.
– უნდა ვილაპარაკოთ? – დივანზე ჩამოჯდა კოსტა და კითხვით სავსე თავლები შეანათა.
დინამ თავი დაუქნია.
– რაზე? განქორწინებაზე? – თავი ჩახარა და ნერვიულად გაუსვა ხელისგულები ერთმაეთს.
ახლაღა გააცნობიერა კოსტამ რას გაურბოდა მთელი ეს პერიოდი, რატომ უჭირდა დინასთან მარტო დარჩენა? ეშინოდა, იმის ეშინოდა, რომ განქორწინებაზე მოუწევდათ საუბარი.
დინა მივიდა და მის წინ ჩაიმუხლა.
– კოსტა, საშინელი ადამიანი ვარ. – ძალიან ჩუმად დაიწყო და თავისი სუსტი თითები კოსტას ხელებისკენ წაიღო. – არ გიმსახურებ. შენს სიყვარულს კი არა, თანაგრძნობასაც არ ვიმსახურებ.
კოსტა გაუნძრევლად იჯდა. დინას ხელებიდან წამოსულმა სითბომ მთელ სხეულში დაუარა და გულთან გაჩერდა. ზედმეტად ძვირფასი იყო ეს ხელები მისთვის. რაც არ უნდა მაგარ ადამიანად მოეჩვებებინა თავი, დინას წინაშე უძლური იყო. გაუცნობიერებლად მიიტანა მისი თითები ტუჩებთან და ძალიან ფრთხილად შეახო გავარვარებული ბაგეები. დინამ წამოიკვნესა, ფრთხილად გაინთავისუფლა ერთი ხელი და სახეზე მიეფერა.
– კოსტა, გთხოვ, მითხარი რომ გიყვარვარ. – თვალებმა ვეღარ დაიტია ცრემლები და წამწამებს მოწყვეტილებმა ლოყაზე გაიკვალეს გზა.
– დინა... – ხმაჩახლეჩილმა ძლივს ამოთქვა კოსტამ. – უფრო მეტი... ბევრად მეტი... გაღმერთებ დინა.
დინამ კისერზე მოჰხვია ხელები და ცხვირი მის ყელში ჩარგო. მთელი სხეულით შეიგრძნო კოსტამ და კინაღამ გული გაუჩერდა. ძლიერი მკლავები მარწუხებივით შემოაჭდო მის სხეულს და ალბათ არც არასოდეს გაუშვებდა. ვერ იჯერებდა, რომ ახლა ასე ახლოს გრძნობდა დინას. თითოეული უჯრედით გრძნობდა, მე მგონი ისიც კი ესმოდა როგორ მოძრაობდა მის ძარღვებში სისხლი. ხმის ამოღების ეშინოდა, არ უნდოდა ეს ყველაფერი დაეკარგა, დინას შეგრძნება დაეკარგა. დინამ გათავისუფლება სცადა, მაგრამ კოსტამ უფრო ძლიერად შემოჰხვია მკლავები. იმდენად ძლიერად, რომ სუნთქვისთვისაც აღარ რჩებოდა ადგილი მათ შორის.
– კოსტა, რაღაც მინდა გაჩვენო. – ყურში ჩასჩურჩულა და კიდევ ერთხელ სცადა, თუნდაც რამდენიმე მილიმეტრით მოშორებოდა მის სხეულს.
კოსტამ მოადუნა მკლავები. ცოტა უკან დაიწია დინამ, წამოდგა, ისე რომ ხელი არ გაუშვია კოსტასთვის და ოთახიდან გაიყვანა. საძინებელში შევიდნენ, კომოდის უჯრასთან მივიდა და იქიდან ქაღალდები ამოიღო. ამ ყველაფერს კოსტა შუა ოთახში მდგარი უყურებდა. დინა მიუახლოვდა და ქაღალდები გაუწოდა. კოსტამ თვალი გადაავლო და ერთ ადგილზე გაშეშდა.
„ბატონო კოსტა, ვერ მივხვდი მაგიდაზე დატოვებული ქაღალდები უნდა გადამეყარა თუ არა და თავს უფლება მივეცი გამეშალა და წამეკითხა. ჩემი აზრით შესანიშნავი პროექტია, განსაკუთრებით ეს მონახაზი მომეწონა.
პ. ს. შემდეგისთვის, თუ რომელიმე ქაღალდი გადასაგდები იქნება, უბრალოდ ურნაში მიუჩინეთ ადგილი და მეც აღარ ჩავყოფ ცხვირს თქვენს ნივთებში.
პატივისცემით დამლაგებელი.“
ერთხანს გაოცებული დაჰყურებდა ქაღალდებს.
„ჰმ... შესანიშნავი სვლა იყო, გაინტერესებდათ რამდენად შორს წავიდოდა ჩემი ინტერესი (ან სურვილი თქვენგან ახალი შეტყობინების მიღებისა). ვაღიარებ წერილი ვეძებე, როგორც ჩანს არც ჩემთვის არის უმნიშვნელო ეს მიმოწერა. გამოგიტყდებით თითოეული მათგანის ქსეროქსიც კი მაქვს შენახული. ..“
ზუსტად ეს ქსეროქსები ეჭირა კოსტას ახლა ხელში.
– დინა, ეს... – მეტის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ჯერ თვითონაც ვერ გაერკვია. – შენ როგორ?..
– ამას რა მნიშვნელობა აქვს ახლა? – უკვე მასთან ძალიან ახლოს იდგა. – მთავარია, მე იმაზე ბევრად ადრე მიყვარდი, ვიდრე შენ მნახავდი.
ეს უკვე მართლა მეტისმეტი იყო კოსტასთვის. ამდენი რამის ერთდროულად აღქმა უჭირდა, მაგრამ ერთადერთი იმას ხვდებოდა, რომ მის წინ ახლა მისი საყვარელი ქალი იდგა და სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა.
– დინა, – ამის თქმაღა მოახერხა. ორივე ხელი შემოხვია და გულში ჩაიკრა. ბეჭბზე იგრძნო დინას სუსტი ხელები და ჟრუანტელმა დაუარა. დინა თითის წვერებზე აიწია და მის ტუჩებს შეეხო. აქ კი საბოლოოდ დაკარგა თავი კოსტამ და მთელი გრძნბით აჰყვა კოცნაში. ბაგეებიდან ყელზე გადაინაცვლა. დინას თითები უკვე კოსტას პერანგის ღილებს ხსნიდნენ. ჭკუიდან გადაჰყვდა მისი კანის თითოეულ შეხებას და ჟინს უათმაგებდა. მისი ტუჩები რომ იგრძნო შიშველ მკერდზე, თავი ვეღარ გააკონტროლა, ერთი ხელის მოსმით გადააძრო მაისური და ვნებიანდ წაეტანა მის მაცდურ მკერდს. ხელები თლილ თეძოებზე აასრიალა და თითქმის წელზე აუტანა კაბა. ორივე ხელი მოჰხვია, საწოლისკენ წაიყვანა და ძალიან ფთხილად გადააწვინა. დინა მის შარვალს წაეტანა და საბოლოოდ განთავისუფლდნენ ტანსაცმელისგან. ეს იყო ის რაც შეუძლებელია ენით აღწერო. ეს იყო წარმოუდგენელი ნეტარება. თითოეული შეხება, თითოეული უჯრედი, თითოეული ბგერა... ეს იყო ის, რისთვისაც ღირდა ყველაფრის გადაბიჯება. ეს იყო ის, რაც ასე ძალიან სჭირებოდათ. მათ ერთმანეთი სჭირდებოდათ და გარდაიქმნენ კიდეც ერთ მთლიანობად.
კოსტას მკერდზე დადებული მისი თავი და დროდადრო მისი ბაგეების შეხებისგან ენით აღუწერელი სიამოვნების პიკი. დინას მკლავზე მოსრიალე მისი ძლიერი, მამაკაცური თითები და ამ ყველაფრის დაკარგვის დაუძლეველი შიში. ეშინოდა კიდეც იმ კითხვების დასმის, რომელიც ლოგიკურია გაუჩნდა. ოღონდ ეს ყველაფერი არ დაეკარგა და მზად იყო, ცხოვრებაში პირველად სირაქლემას პოზიცია დაეკავებინა, ცოტა ხნით მაინც... დღეს მაინც... უნდოდა ყოველგვარი შეკითხვების გარეშე ჰყვარებოდა. უყვარდა კიდეც.
მეტი სიტყვაც არ უთქვამთ ერთმანეთისთვის, ან რა საჭირო იყო? უკვე ყველაფერი ნათქვამი იყო. ახლა მათ სიტყვებზე მეტად ერთმანეთი ჭირდებოდათ.
– როგორ მინდა გახსოვდე. – ჩურჩულით ნათქვამი დინას სიტყვები კოსტას არ გაუგონია, ეძინა. დინამ ძალიან ნაზად აკოცა ყელში, თავი ისევ მკერდზე დაადო და მისი სხეულის რითმების მოსმენა განაგრძო.


-----------------------------------------
ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო ასეთი თბილი გამოხმაურებებისთვის. <3

პ. ს. შემდეგ თავში დავასრულებ.



№1  offline ადმინი შამანი

პირველიი ვარრ ♥
ვიწყებ კითხვას,თბილო ♥

როგორ ველოდიიი ♥ ♥ ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline მოდერი წითური გოგონა

რა თქმა უნდა შამანმა დამსწრო ><
წავალ წავიკითხავ და შტაბეჩტილებებს გაგიზიარებ ნიკოლ love
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№3 სტუმარი სტუმარი მ

ძალიან მძიმე თავი იყო....

თავიდან იმდენად ლაღად დაიწყე, მეგონა ისე გააგრძელებდი....

მეოთხე თავს ველოდები ისევ ლაღს, კოსტას ჩვეულ ამპლუაში ....

 


№4  offline წევრი aneta

ყველაფერს მივხვდი wink

 


№5 სტუმარი სტუმარი მ

ვაუუუ, ეხლა მივხვდი...
სამი სხვადასხვა რომ მეგონა, ერთი ყოფილააა....
ნიკოლ მიყვარხარ .....

 


№6 სტუმარი teo...

Deda es raiyo ,,,,,,, ???? Umagresi xar , gtxov male dadevi bolo tavi.madloba shen aseti kargi romxar......

 


№7  offline აქტიური მკითხველი lalita

უმაგრესი თავი იყო მაგრამ მაინც ინტრიგა დატოვე ყოჩაღ.

 


№8  offline წევრი ნინი ლ

Pirvelad vkitxulob shens motxrobebs momewona es motxroba tavidanve vpiqrobdi rom swored is damlagebeli sheidzleba yopiliyo dina didi imedi maqvs kargad dasruldeba <3 warmatebebi

 


№9  offline წევრი zoi

ნუ რა ხარ რაააა»............კოსტაზე ვგიჟდები ეს სახელი ხო მომწონს და მომწონს და პერსონაჟიც უსაყვარლესიაა

 


№10  offline წევრი Dikunadiko

Ohooo zustad is iyo rasac velodi, dinas bolo sityvebi sastumroshi darchenil qals davukavshire , any is qalic Dina iyo xo? Ugonod var shenze sheyvarebuli avtoro.

 


№11  offline წევრი kaxelii

მგონი მივხვდი რასაც აპირებ. გთხოვ ესენი არ დააშორო რაა. მალე დადე მომდევნო თორე.....
.......
ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ ჩემო ტკბილო. ♡

 


№12  offline მოდერი chica sol

ოი, ოი ეს რა ვნახე და წავიკითხე....❤❤❤
დამამძიმა და დამზაფრა იმან რომ მომდევნო თავით ამთავრებ, არადა ხომ ვიცოდი?
უუმაგრესი ხარ ჩემო გოგო... აი ისეთი თავი იყო ყველაფერი რომაა მოყრილი შიგ. თან ვიცინე, თან ვიტირე...რთულია თავი მოუყარო ემოციებს როცა შენს ისტორიას კითხულოობ...
როგორ ძალიან მიყვარხარ კი იცი შენ და ჩემი ანგელოზიც რომ ხარ არ დაგავიწყდეს❤❤❤❤❤
უყვარს მარის თავისი ნიკოლიი❤❤❤❤❤

 


№13  offline წევრი ლუნა

მოკლეედ ავტოორ საცორებაა იყო რაა ეს თავიი :D დარწმუნებული ვიყავი რომ ის "იდუმალი დამლაგებელი" ტყუილად არ ჩაგირთავს მოთხრობაში. ამ თავმა ძაან ბევრი რამით მომხიბლა. თურმე როგორ შეყვარებია კოსტას და თვითონაც ვერ გაუგია winked მარა მაგის ადგილას რო ვყოფილიყავი გადავახევდი იმ ფოტოებს თავზე wink სიმართლე გითხრა ამ გოგოს ხასიათს ახლაც ვერ ჩავწვდი ბოლომდე და ვერც ის გავიგე თავისი საქციელით რის მიღწევას ცდილობდა მთელი ეს დრო. გაბრაზებული იყო უბრალოდ კოსტაზე იმ დღის გამო თუ ასე მოულოდნელად რომ მოიყვანა ცოლად იმაზე დაწყდა გული? იქნებ შენ მითხრა ავტოორ?
p.s ბოლო აბზაცი რაღაც დამაინტრიგებლად მეჩვენა. "როგორ მინდა გახსოვდე" ნეტა ამ სიტყვებში რა იგულისხმა? სადმე წასვლას და კოსტას მიტოვებას ხო არ აპირებს ეს გოგო? გადავირევი ეგრე რო მოხდეს ავტოორ და ჩემი ინფაქტი შენს სინდისზე იქნებაა wink მოუთმენად ველოდებიი შემდეგ თავს გთხოოვ დიდხანს არ გვალოდინო რაა :**

 


№14  offline აქტიური მკითხველი grafo

მდაა...ვერაფერი გავიგე ისევ. მაგრამ,იმედი მაქვს პირველად შენს ისტორიაში ნორმალური ქალი გმირი გეყოლება და თავს გაქცევვით კი არ "უშველის" და წერილობით ახსნა-განმარტებას კი არ დატოვებს,არამედ პირისპირ გაარკვევენ ყველაფერს და გარკვევის მერეც გადაწყვეტილებას ცალ-ცალკე კი არა ერთად მიიღებენ.

 


№15  offline ადმინი შამანი

დამ...დამმ ^^
მშვენიერი თავი იყო ♥
ჩემს გახსნილ გონებას მადლობა,რომ ძალიან დაინტრიგებული არ ვარ ახლა,მაგრამ მაინც დაინტრიგებული დამტოვე.
გული მწეყდება,რომ შემდეგ თავში დასრულდება. :(( ♥
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს. ♥ ♥ ♥
მიყვარხარ! ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№16  offline წევრი nestanuka13

რავიცი ვერაფერში გავეერკვიე ჯერ და ვერ გავიგე, იმედია მივხვდები ბოლოსკენ მაინც :))

 


№17  offline მოდერი ელი

საოცრებაა... თავიდანვე ხო იყო საიდუმლო და მივყვებოდი მეთქი როდის გავიგებ სიმართეს-თქო. ამ თავში უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ ყველაფერს ფარდა აეხადა.ვფიქრობდი რომ მე-4 თავში უკვე ბედნიერობებით დავტკბებოდი და სახე გაბადრული ერთი ამოსუნთქვით დავამთავრებდი,მაგრამ ჰოპ! ბოლო წინადადებებში მაინც უცებ შექმენი "კვანძი". მთელი ღამე იმას ვფიქრობიდ რა იქნება მომდევნო თავში. სწორედ ეს მომწონს,მომდევნო თავში ამთავრებ,მაგრამ მაინც ტოვებ ინტრიგას. ძალიან,ძალიან მომწონს და ველოდები არა მხოლოდ დასასრულს არამედ კიდევ ერთი საიდუმლოს ამოხსნას და მერე ჯერ ვერ წარმოდგენილ დასასრულს <3 ოხ თინი,როგორ მიყვარხარ !... <3

 


№18  offline მოდერი nicol

ჩემო ტკბილებო და თბილებო, ნეტა იცოდეთ როგორ მახარებთ და როგორ მიყვარხართ. თითოეული თგვენგანი და ყველა ერთად. love

სულ მალე ბოლო თავს ავტვირთავ და ავხდი ყველაფერს ფარდას. იმედი მაქვს დასასრულით კმაყოფილები დარჩებით.

დაუტეველი სიყვარულით ნიკოლი love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№19 სტუმარი nina

dzalian difi xnis win es istoria ido am gverdze. shen xar avtori?

 


№20  offline აქტიური მკითხველი grafo

nina
dzalian difi xnis win es istoria ido am gverdze. shen xar avtori?




ნინა,ნინა შენ ხარ ჩემი მხსნელი. მე მეგონა მეჩვენებოდა, მეც მახსოვს. ძალიან, ძალიან ადრე, აი თუკას "შენი არასდროს გავხდები" რომ პოპულარობის ზენიტში იყო, მაგ პერიოდში მაქვს ეს ისტორია წაკითხული და მე ვიფიქრე მეჩვენებოდა, ოღონდ სახელები არ მეცნობა აქ.

 


№21  offline მოდერი nicol

nina
dzalian difi xnis win es istoria ido am gverdze. shen xar avtori?

ამ ისტორის წერას ორი დღის წინ მოვრჩი და არა მგონია დიდი ხნის წინ სადმე წაგეკითხა. ♥
--------------------
თინა ნიკოლ

 


№22  offline წევრი ლუნა

ავტოორ მალე ატვირთე თორე მოვკვდიი ინტერესეიით. ყოველ ორ წუთში ერთხელ ვამოწმეებ wink

 


№23  offline ადმინი შამანი

nina
dzalian difi xnis win es istoria ido am gverdze. shen xar avtori?

ვინ იყო ავტორი?
მე ამ სახელით მხოლოდ ეს ვიპოვე.


http://4love.ge/istoria/90065-xafangi-1.html

http://4love.ge/istoria/90144-xafangi-2.html

ამ ისტორიაზეა საუბარი?
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№24  offline ახალბედა მწერალი ერკე

ყველაფერი და არაფერი.
რა იყო ახლა ეს ნიკოლ?
კი ველოდი ნამდვილად, რომ ის დინა იქნებოდა, წერილების ავტორი, ველოდი რომ იმ წერილების ავტორს ნამდვილად უყვარდა კოსტა და თავიდან მისი ფიქრების იმ იდუმალ დამლაგებელზე მიპყრობა სურდა, ანუ რომ ეფიქრა მასზე და ცნობისმოყვარეობის წყურვილს მოეკლა.
ეს გამოუვიდა, მერე გამიკვირდა მის ცივ ტუჩებს რომ ვაგემოვნებდით მე და კოსტა ერთად wink (აქ რასაკვირველია მეც ვგრძნობდი და ასეთი ფორმით ამიტომ ვთქვი), საშინლად არ მესიამოვნა. მართლა ცივი იყო და ასეთი ცივი მზერაც არავისგან მიგრძვნია. საერთოდ ვერაფრით ვერ ვიჯერებდი "ეს მე მიყურებს?" ასე გაკვირვებული ვფიქრობდი და ტანში ჟრუანტელიც მივლიდა.
აი კოსტას ტკივილი კი მეც მტკიოდა. ალაგ-ალაგ დამიარა ჟრუანტელმა და ეს სიცხიანი ერკე კიდევ უფრო გამახურა შიგნიდან. როგორი ტკივილი იყო ამ თავში ჩადებული, კოსტას ადგილას მართლა ჩემი თავი წარმოვიდგინე. ვიგრძენი მარტოობა, ვიგრძენი ის, რომ მისთვის უსაყვარლეს ადამიანს არ სჭირდებოდა და თავს როგორ გრძნობდა, ყველაფერი ვიგრძენი. მეც გამომიცდია ასეთი მომენტები და ალბათ ამიტომაც იყო ჩემთვის კოსტას მდგომარეობა ასეთი ტკივილიანი და ამაზრზენი, მაგრამ რას ვიზამთ. ცხოვრებაში ხდება ხოლმე ყველაფერი და თან არაფერი. სწორედ ამ სიტყვებით დავიწყე, სწორედ ეს არის ამ ცხოვრების დიდი ამოცანა, როცა ვერ ხვდები საით უნდა წახვიდე, მაგრამ მაინც მიდიხარ, მხოლოდ გრძნობებით მიიწევ წინ, თვალდახუჭული, ნებასდაყოლილი...
დინა კი რაღაცნაირი იყო, ნამდვილად არ ველოდი რომ ცივი იქნებოდა. ვიცოდი ზუსტად რასაც მალავდა მისგან, ამ წერილებს და ამიტომ იყო ასეთი იდუმალი ჩვენთვის, მაგრამ რატომ მალავდა სიყვარულს და ცივი რატომ იყო ეს კი ნამდვილად არ ვიცოდი.
ღმერთო, ჩემო, რაღაც უნდა მოხდეს ვიცი და ეს კი ძალიან გვეტკინება.
მე მეტკინება პირადად, ვიცი დაახლოებით როგორც განვითარდება სიტუაცია და ამიტომ.
რაღაც რომეოჯულიეტასეული იქნება, ოღონდ ცოტა სხვაგვარად... მოკლედ თუ ეს სიმართლეა, რასაც ვფიქრობ წარმომიდგენია რა შოკი იქნება მეოთხე თავი. ასეთი დიდი სიყვარული და ასე :X
აუუ...
არა. თბილი კი ხარ საოცრად, თუმცა არც ტკივილი გავიწყდება, რაც ყოველთვის ახლავს ცხოვრებას. ზღაპრები შემოგვთავაზე ხოლმე არ გინდა? love wink
გაორმაგებულად მიცემს ახლა გული და მგონია, რომ მეც ამომივარდება საგულედან. თავიდან განვიცადე ყველა ის ტკივილი, რაც ოდესღაც ამ ოხერმა სიყვარულმა განმაცდევინა და ჩემი თავი შემძულდა კიდეც კითხვის პროცესში. ამოუცნობი სარკაზმული ფარდა დაეშვა ჩემ ქვეცნობიერს, კოსტასავით გავხდი...
თუმცა ბოლო მომენტმა, ბოლო სცენამ სახლში.. ოო, ეგ მომეწონა. დინას სიტყვები კი საეჭვო იყო.
სწორედ ამან მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ დინა კიდევ რაღაცას არ ამბობს. კიდევ უტყვია მისი ბაგეები, გრძნობები, ხმას არ იღებს თავისი მდგომარეობის შესახებ და ეს კიდევ უფრო მაინტრიგებს. თუმცა რაც არ უნდა გეხვეწო ვიცი არ გამიმხელ.
რაღა დამრჩენია დაველოდო შემდეგ თავს? თუ უკვე დევს :დ <3
ვნახავ, წესით უნდა იდოს, მე დამიგვიანდა წაკითხვა თორე.... შენ არ დააგვიანებდი ოქრო ხარ love
მიყვარხარ ... ოღონდ მთლად ნუ დაგვტანჯე რა :(

ხო და კიდევ... რაღაცები უნდა მეთქვა შენთვის. თუ წინააღმდეგი არ იქნები ერთ-ორ სიტყვას შეგისწორებდი.
მინახიხარ ----- სწორი ფორმაა "მინახავხარ"
და მადლობა მომიხადა - ამბობს კოსტა. --- მადლობა გადამიხადა და ბოდიში მომიხადა. ასეა მიღებული და ეს ყველაზე გავცელებული ფორმაა მაინც ყველამ უნდა იცოდეს <3
სხვა მფრივ იდეალური ხარ ჩემო ნიკოლ!
წვრილმან შეცდომებზე არ გამიმახვილებია ყურადღება :* გამაგიჟე
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№25  offline მოდერი nicol

მოკლედ „ერკიულ“ (აწი ჩემთვის თვით პუარო ხარ შენ wink )
ცოტა მეტი დაკვირვება, კოლეგა wink რატოღაც მეგონა, რომ შენ პირველივე თავიდან მიხვდებოდი ყველაფერს, მაგრამ ეტყობა იმდენად შენეული დაინახე რაღაცეები, რომ სხვას არც დააკვირდი. არ მეგონა ამდენად თუ შეგეხებოდა. შენი მგრძნობიარე გულის ამბავი კი ვიცი, მაგრამ მაინც love
ზღაპრებზე რა გითხრა, ისედაც იმას მეუბნებიან ზედმეტად ზღაპრებს წერ და ცოტა ამ ქვეყნისკენაც გამოიხედეო და რა ვიცი wink

შენს უზარმაზარ კომენტარებზე კი რა ვთქვა, პოპკორნით ჩავუჯდები ხოლმე wink საოცარი ადამიანი ხარ და ასეთივე კომენტარები გაქვს love
იმედი მაქვს დასასრულით „განხიბლული“ არ დარჩები love ველოდები შენს კომეტარს ბოლო თავზე love

პ. ს. სიმართლე გითხრა კი წავაწყდი რამდენჯერმე რომ მინახავხარ არის სწორი ფორმა, მაგრამ ეს ცოტა ახალი დამკვიდრებული ამბავია, მე სკოლაში მინახიხარს მასწავლიდნენ და ახლა ეს მინახავხარ ძალიან მეხამუშება. ამიტომ არასდროს ვხმარობ. (თუმცა ვიცი რომ სწორი ფორმაა) მადლობა გადამიხადაზე გეთანხმები აბსოლუტურად, ეტყობა გამეპარა, გადავხედავ და ჩავასწორებ love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№26  offline ადმინი უნდა ვწერო

მომწონს შენი წერის სტილი,აღწერა,მოვლენებისა და განცდების გადმოცემის შესანიშნავი უნარი..შენს ნაწერს ეტყობა,რომ ერთი მთლიანობაა და არა ნაწყვეტ-ნაწყვეტად შეთხზული რაღაც.რაც მთავარია,ძალიან არ წერს და ყველაფერი ბუნებრივად მოგაქვს ჩვენამდე,მკითხველ შეიყვან ნებისმიერ სიტუაციაში და ეს შესანიშნავი!
დამაინტრიგებელი თავი იყო,უფრო სწორედ,ჩვენს ეჭვებს აეხადა ფარდა და კიდევ ახალი ინტრიგები გაგვიჩინა.
ბოლო აღარ ვიცი,მაგრამ მალე წავიკითხავ.

 


№27  offline აქტიური მკითხველი terooo

რატომ უთხრა.. რატომ თქვა ბოლო ფრაზა...
როგორ მინდა გახსოვდე...
რატომ . ?
კიდევ რამეს უნდა ველოდოთ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent