Stockholm syndrome #3
თავი მესამე ქალს ჭურჭელიც არ გაურეცხავს, სასწრაფოდ ჩაიცვა პირველივე კაბა, რომელიც ხელთ მოხვდა. გოგონასაც დაეხმარა ჩაცმაში და გოგონა დერეფანში გამოაგორა. სასეირნოდ წავიდნენ. -შეიძლება ბამბის ნაყინი შევჭამოთ?-იკითხა გოგონამ,-ადრე მიყვარდა… -რა თქმა უნდა ძვირფასო…-დაუყვავა ბებიამ,- რა ფერის გინდა? -მწვანე… შენ? -მეც მწვანეს შევჭამ, ვენდობი შენს გემოვნებას… ქუჩაში საკმაოდ ცხელოდა. ბამბის ნაყინმა დნობა დაიწყო. -ბებია, ცოტა სწრაფად შეჭამე, თორემ დაგიდნება… ქალიც შვილიშვილის გამხიარულების მიზნით, უზარმაზარ ნაგლეჯებს იტენიდა პირში. გოგონამ ისევ გაიღიმა. თუმცა, ეს ისევ არ ყოფილა ძველებური ღიმილი… მისგან ბევრად განსხვავებული, მოკრძალებული იყო… ისეირნეს. დასასვენებლად ერთ სკვერს მიაშურეს, ბებია სკამზე ჩამოჯდა და თამბაქოს ღერს ამაყად გაუკიდა. იმედი , რომელიც დიდი ხნის მკვდარი ეგონა, მკვდრეთით აღსდგომას ლამობდა… ლილის თანატოლი გოგო-ბიჭები წყვილწყვილად სეირნობდნენ. თითოეული მათგანის ჩავლისას გოგონას სახეზე სევდისფერი მუქდებოდა. ქალმა შეამჩნია, რომ ოთახიდან გამოყოლილი არასასიამოვნო ფერი ნელ-ნელა ისევ ლიცლიცდებოდა შვილიშვილის მკრთალ სახეზე, ამიტომ საუბრის წამოწყება სცადა: -დღეს რაღაც ძალიან ცხელა არა?-თან ორი თითით წელავდა კაბის საყელოს… -ბებია, არ მინდა შენთან ამინდზე საუბარი… – ისე უპასუხა, რომ არცკი მოუშორებია თვალი ჩახუტებული, მოსეირნე წყვილისთვის,-ეს სასაცილოა… -მაშინ რატომ არ იცინი, ძვირფასო?-ჰკითხა ბებიამ,-სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს…-გაღიმება სცადა. -ნაოჭებს რომ აჩენს? -ნაოჭებს ეშველება…-გაიცინა ქალმა,- მაინც რაზე გინდოდა ჩემთან ლაპარაკი… -ბიჭებზე…-“ოღონდ ეს არა…” გაიფიქრა ქალმა და რაღავ სევდით გაჟღენთილი ბურთულა გადაყლაპა…-შენ ხომ ქალი ხარ? -კი, ქალი ნამდვილად ვარ, მაგრამ ბიჭებში, თანაც ახლანდელ ბიჭებში კარგად ვერ ვერკვევი… -ბაბუა როგორ გაიცანი?-ეს უდაოდ ის კითხვა იყო, რომელიც შვებით ამოსუნთქვის უფლებას აძლევდა. ამაზე შეეძლო ბევრი ესაუბრა. შეეძლო ეცადა, თემა ნელ-ნელა, შეუმჩნევლად შეეცვალა. -მაშინ სხვანაირად ხდებოდა… -როგორ? -გარიგებით… -ჰო, მსმენია ამის შესახებ, ბაბუა გაგირიგეს?-იკითხა ინტერესით სავსე თვალებით გოგონამ. -არა, ბაბუას სკოლიდან ვიცნობდი, ერთ მერხთან ვისხედით. სტუდენტობისას ვიღაც გამირიგეს, მე ავტირდი და ბაბუაშენს მოვუყევი, იმან მითხრა, არ ინერვიულო, დღესვე მოგიტაცებო… -მოგიტაცა?-გაოცებით ჩაეძია გოგონა… -მოტაცებას ვერ დავარქმევდი, ალბათ, უფრო გავიპარეთ, ჩემი ნებით ჩავუხტი მანქანაში, ძალა არ დაუტანებიათ… -ვინც გაგირიგეს ის არ გაბრაზდა? -ალბათ, გაბრაზდებოდა, მაგრამ მაშინ ხშირი იყო ასეთი შემთხვევები… -ახლა არ იტაცებენ? -არ ვიცი, სადმე ნაკლებად ცივილიზებულ სოფლებში შესაძლოა, მაგრამ ჩვენთან არა… ეს ჩვეულებრივი დანაშაულია, ციხეში სვამენ ამის გამო… -თუ გოგო შენსავით თავისით ჩაუხტა მანქანაში მაინც?-გაეცინა გოგონას… -ამდენი არ ვიცი, იურისტი ხომ არ ვარ?-გაეცინა ქალსაც,-ალბათ არა… -რატომ იჭერენ სიყვარულის გამო? -ეს სიყვარული არ არის, კანონის მიხედვით, თავისუფლების შეზღუდვაა. არ აქვს მნიშვნელობა რისთვის იტაცებენ, ცოლად უნდათ თუ გამოსასყიდის მოსათხოვად, ორივე დანაშაულია. ორივე ისჯება. -ბებია, იცი ადრე შეყვარებული მყავდა… – გოგონას თვალები ოთახისფრად დასევდიანდა,-იმ შემთხვევამდე… -მართლა? არ ვიცოდი… კარგი ბიჭია? -იყო… -დაშორდით? -არა, მიმატოვა. ინვალიდი შეყვარებული რად უნდა?-ატირდა გოგონა. ისეთი წრფელი და წმინდა იყო მისი ცრემლები, წყაროს წყალზე ანკარა. წვიმის წვეთებივით ცვიოდა, ასფალტზე, ეტლის ბორბლებზე, გოგონას უძრავ მუხლებზე, ოდნავ გამობურცულ მკერდზე… ეცემოდა გახურებულ ასფალტზე და თვალსა და ხელს შუა ქრებოდა. შრებოდა. ის იწოვდა წმინდა ცრემლებს. ალბათ, სიცხის ბრალი იყო. დედამიწის მიერ უმალ შესრუტული ცრემლები თოვლის ფანტელებს ჰგავდა, გახურებულ ხელის გულს რომ ეცემა და უმალ დნება. ქრება. -არ იტირო, საყვარელო… -მის წინ ჩაიმუხლა ბებია და ახლა დედამიწის მსგავსად ისიც ცდილობდა შეეწოვა ეს წმინდა სითხე საკუთარი კაბის ბოლოთი. -ინვალიდი არ უნდოდა… -ასე გითხრა? -არა, მაგრამ მიმატოვა… -იქნებ სხვა მიზეზი ჰქონდა? -გოგონებმა მითხრეს, იცის რომ ოთახში ხარ ჩაკეტილი და შენი შეწუხება არ უნდა, ფიქრობს რომ მომჯობინდება მერე ვნახავო… -აბა რაღატომ დარდობ, მან ხომ არ იცის რომ მომჯობინდი? – დავინახე… -ვინ დაინახე, ჩემო თოჯინა?-ბებია ძლივს იკავებდა ცრემლებს. -ცოტახნის წინ დავინახე… -წყვეტილ-წყვეტილ ლაპარაკობდა და ჰაერს ხარბად ისრუტავდა,-იმ ძროხასთან ერთად დავინახე, იმ ძროხაში გამცვალა… -არ გრცხვენია ლილი? იმის გამო ტირი ვინც ძროხაში გაგცვალა? ჩემი პატარა სულელი თოჯინა… -ასე ნუ მეძახი, პატარა აღარ ვარ! -დამშვიდდი, გენაცვალე… -ამშვიდებდა ბებია და ხელის გულს გულმკერდზე უსვამდა, სულ ასე იქცეოდა, როდესაც გოგონა ანერვიულდებოდა ხოლმე. თითქოს, მისი უარყოფითი ენერგიის განდევნას ცდილობდა ამ მაგიური ხელის მოძრაობით. გოგონას მთელი ბავშვობა სწამდა, რომ ბებიას ეს ქმედება იწვევდა ხოლმე მის დაწყნარებას როცა ტიროდა. ბევრჯერ მიურბენია პატარას, მუხლგადაყვლეფილ, ატირებულ გოგონას ბებიასთან, გულამომჯდარი რომ სლუკუნებდა გაურკვეველ სიტყვებს, თან გულზე ხელს იდებდა და ქალს ანიშნებდა, “გააგდე ტირილიო”. ბებიაც უმალვე იშიშვლებდა ხელის მტევნებს და რაღაც მაგიური მოძრაობით განდევნიდა ხოლმე გოგონას ტირილს. ახლაც განდევნა. -ძვირფასო, ბიჭი, რომელსაც ძროხა მოსწონს შენ არ შეგეფერება, ამაზე არც უნდა იდარდო… -მართალი ხარ ბებია,-გაიღიმა გოგონამ და უკანასკნელი, თვალის უპეებში ჩარჩენილი ბოლო წვეთი წმინდა სითხეც დააქცია. მერე ბებიას მიეკრა გულზე. სიმშვიდე. *** -შეიძლება ხვალაც რომ გავისეირნოთ?-იკითხა გოგონამ. -რა თქმა უნდა საყვარელო, ამინდები ხელს გვიწყობს… -ისევ ამინდზე ალაპარაკდი…-გადაიკისკისა გოგონამ. ბებიას სახეზე მხოლოდ გაოცების ფერი იყო. გაოცების, რომლისგანაც გონება დაბინდულს , არ შეეძლო სიხარულის გამოხატვა შვილიშვილის სახეზე დაბრუნებული “ნამდვილი ღიმილისაგან” რომ იყო გამოწვეული და მთელს სხეულს აცეკვებდა შიგნიდან. ბედნიერება ყოველთვის წამიერია. მას კი უბედურება ახლავს ხოლმე. ბედნიერების საფასური ხანგრძლივი ტანჯვაა. წამიერი ბედნიერებისთვის უნდა გადაიხადო! ხმაური. ყვირილი. კივილი. თვალებში ბნელეთ ჩაგუბებული ბებია. მანქანები. პოლიცია. სასწრაფო. ბრბო. და ლილის ცარიელი ეტლი. გამძვინვარებული ბრბო ჩურჩულებდა. უამრავ რამეს ამბობდა. თითქმის სიცოცხლე გამოცლილმა ქალის სხეულმა მხოლოდ ერთი სიტყვა შეიწოვა: “მოიტაცეს!” ეს სიტყვა გონებამ ალბათ მილიონნაირად შეატრიალა და მთელი გონება მისი სახესწვაობებით გადაჭედა. “მოიტაცეს!” “გაიტაცეს!” “მოიპარეს!” ……. გაგრძელება იქნება… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.