შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე – ღმერთი – ნაწილი პირველი – ამონარიდი 1


7-02-2016, 04:12
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 2 126

რომელიღაცა დღე.
რომელიღაცა ქუჩა.

კარგად არ მახსოვს თენდებოდა თუ უკვე გათენებული იყო, მაგრამ არამგონია ამას რამე მნიშვნელობა ჰქონდეს. ჩავთვალოთ, რომ თენდებოდა.
ჩემს სახლამდე შორი გზა არ მქონდა დარჩენილი, ჯიუტად რომ ვფიქრობდი, უსასრულობისკენ მივდივარ მეთქი. იმ ღამეს, მბრწყინავ ვარსკვლავთა სიმრავლემ, დროებით ჩემი სულიერი სამყარო ნათელი ფერებით გააფერადა. ამას ღიმილით შევხვდი. ხო, გავიღიმებდი, აბა რა, ამდენი ხნის შემდეგ თითქოს მოვისვენე, მაგრამ ამასთან ვიცოდი, რომ სიამოვნების გახანგრძლივება არ მელოდა. ეს მე ვიცოდი, რადგან სულიერი აშლილობისთვის ვიყავი დაბადებული. მოგეხსენებათ სულიერი თუ გონებრივი აშლილობა გვეხმარება ნამდვილი ხელოვნების შესაქმნელად. ხოდა ღმერთმა ასე ინება, ხელოვანად მომავლინა ამ ქვეყნად. ალბათ იფიქრა, ეს ბიჭი კაცობრიობას სჭირდებაო. ქრისტესავით ტანჯული უნდა გავმხდარიყავი, კაენის მდგომარეობის მეშვეობით. ხოდა იმ ღამესაც ასე ვიყავი, ჩემი მწუხარებით ვტკბებოდი და გზას უსასრულობისკენ, ვინმე ნატანჯი მელანქოლიკის სულის მსგავსად, ნელა მივუყვებოდი. ჩემი სხეული სახლში დამეტოვებინა და ალბათ ამიტომ განვიცდიდი რაღაც არაამქვეყნიურს. ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია მესმოდა. მუსიკა სრულიად შეეფერებოდა ჩემს იმჟამინდელ მდგომარეობას. იმ წამს, როცა ის გამოჩნდა, წვიმის სუნი შევისუნთქე. უკვე ახლოს ვიყავი სახლთან. გამიკვირდა მის მოსვლას ქაოსი რომ არ მოჰყოლია. ჩემთან ერთად დაიწყო სეირნობა. ნაბიჯებს ზუსტად ჩემნაირად ადგამდა. უეცრად სიმყუდროვე დაირღვა, მაგრამ ეს თითქმის შეუმჩნევლად მოხდა.
ის: აბა, ყოველი შემთხვევისთვის დღესაც იმავეს გკითხავ, რაც გუშინ გკითხე, კარგი?
მე: ჯანდაბას, მკითხე.
ის: როგორ მოგმართო?
მე: ის გიპასუხო, რაც გუშინ, თუ რამე განსხვავებული გინდა?
ის: არა, ის მიპასუხე, რაც გინდა, მთავარია არ მოიტყუო.
მე: სახელით, რა თქმა უნდა.
ის: ცოტა მეუხერხულება.
მე: რა გეუხერხულება, ის რომ დამიძახო, რაც მქვია?
ის: ხო. ცოტა უხერხულია ღმერთს სახელით მიმართო. ეს თითქმის იმას უდრის, შენს ღმერთს რომ ეძახო, იესოო, კაი მეგობარივით.
მე: ხო, მერე რა? მეგობარია და მეგობარივით მივმართავდი კიდეც, ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს.
ის: საოცარია, შენ მეგობრობ ვინმე არარსებულ პიროვნებასთან.
მე: მგონი, თუ კარგად მახსოვს, რამდენიმე დღის წინ გითხარი, ირონიას ვერ ვიტან, განსაკუთრებით კი „ათეისტურს“ მეთქი.
ის: მერე ვინ გითხრა, რომ ათეისტი ვარ?
მე: რა, არა?
ის: რა თქმა უნდა არა. როგორ შეიძლება ათეისტი ვიყო, როდესაც ღმერთს შუა მავლების გარეშე ვეკონტაკტები?!
მე: შენ მემგონი გიჟი ხარ, ხო?
ის: სიგიჟე რა არის, თუ არა სამყაროს საინტერესოდ აღქმა? ვიქნებოდი გიჟი, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ასე არ არის. ის უფრო მაინტერესებს, გიჟი რატომ მიწოდე, როცა შენ მეუბნები ვიღაც არარსებულ ტიპზე, ჩემი მეგობარიაო.
მე: მეუბნები, ღმერთთან პირდაპირი კონტაკტი მაქვსო და გიჟადაც არ ჩაგთვალო?
ის: რა უცნაური ხარ.
მე: ამას ჩემზე ნამდვილად არ უნდა ამბობდე.
ის: შენ, შენი თქმით თეისტი, რას ხედავ გასაოცარს იმაში, რომ მე ღმერთს ველაპარაკები?
მე: რაო მერე, რას ამბობს ეგ შენი ღმერთი?
ის: ეს რა არის, „თეისტური“ ირონია?
მე: ჩავთვალოთ, რომ მართლა მაინტერესებს.
ის: ხან რას ამბობს, ხან რას. ხანდახან თავისი სიბრძნით მაგიჟებს, ხანდახან სიბრიყვით. აი მაგალითად რვა წამის წინ მკითხა, რაო მერე, რას ამბობს ეგ შენი ღმერთიო.
მე: დამცინი?
ის: მე კი ვფიქრობ, რომ შენ დამცინი.
მე: ანუ შენ მართლა გგონია, რომ ღმერთი ვარ?
ის: ზუსტად. შენ ღმერთი ხარ!
მე: საინტერესოა, საღად მოაზროვნე ადამიანი ასე რატომ უნდა ფიქრობდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ კარგად მიცნობს?
ის: იმიტომ, რომ ვარსებობ. სხვაგვარად ვერ ვიარსებებდი. მოდი ეს თემა გადავდოთ. ყოველდღე ამაზე ვკამათობთ და საბოლოო შედეგი ყოველთვის ერთიდაიგივეა. სხვა თემაზე სალაპარაკოთ მოვედი. ვერაფრით დავიძინე და შენს მოსაძებნად, ლამის მთელი ქალაქი შემოვიარე. ხო, მთელი ღამე გეძებდი, ხან სად, ხან სად. თავიდან, რომ ვერ გიპოვნე საღი აზროვნება დავკარგე და ვიფიქრე, ის ჩემი ჰალუცინაციაა მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს შენ ჩემს გვერდით ხარ.
მე: რამე მოხდა?
ის: მინდოდა მეთქვა ის, რაც ზუსტად თორმეტ საათსა და ოც წუთზე გავიფიქრე, თუ სწორად მახსოვს.
მე: კარგი. გისმენ.
ის: მომწონს შენი თავმდაბლობა...
მე: ღამის თორმეტ საათსა და ოც წუთზე ის გაიფიქრე, რომ ჩემი თავმდაბლობა მოგწონს და ამის სათქმელად მთელი ღამე მეძებდი?
ის: ...მაგრამ ხანდახან ის უნდა იყო, ვინც ხარ. რატომ იბრალებ ადამიანობას? შენ მათზე დიდებული ხარ! შენ შემოქმედი ხარ და არა შემოქმედება! ეს ასეა, მაგრამ შენი ვერაფერი გამიგია. ოცნებობ, მიუხედავად იმისა, რომ ყოვლისშემძლე ხარ. და ყველაზე დიდი შეუსაბამობა იცი რა არის? ადამიანები არ მოგწონს, მათ გაქრობას ნატრობ, მაგრამ შენ მათი ნაწილი ხდები შენივე ნებით... უფრო სწორად გინდა რომ გახდე, მაგრამ ისინი თავიანთ წრეში არ გიშვებენ. იცი რატომ? მათ არ მოსწონხარ. ხო, ხალხს არ მოსწონს ის, ვინც მათზე დიდებულია. ახლაც, ამ დაწყევლილ დილას ქუჩაში დასეირნობ იმიტომ, რომ ამ მომაბეზრებელ ხალხს სძინავს. გულის სიღრმეში მათთან ერთად ცხოვრება არ გინდა. აბსოლიტურად ყველაფერი იცი, მაგრამ მაინც გგონია, რომ უსასრულობისკენ მიდიხარ. უსასრულობისკენ კი არა, გამოფხიზლდი, უკვე შენს სადარბაზოსთან ვართ. მომისმინე! შენ უსასრულობასთან მისვლა არ გჭირდება, ის შენთვითონვე ხარ...
მე: კარგი რა, ეს დღეებია სრულ უაზრობაზე მელაპარაკები და თან არ იღლები.
ის: შეიძლება გავაგრძელო?
მე: რომ გითხრა, არა მეთქი, გეწყინება?
ის: რა გაეწყობა. შენთან საუბარს არასდროს ჰქონია აზრი.
ამასობაში ჩემს სადარბაზოს მივუახლოვდით. სადარბაზოს წინ ცოტა ვილაპარაკეთ ამჯერად ცოტა ნორმალურ და გასაგებ თემებზე და ბოლოს ვუთხარი, წამო ჩემთან, ჩაი დავლიოთ მეთქი. ამავდროულად აივანზე დაყუდებულმა ჩემმა უსაქმურმა მეზობელმა ირონიით მკითხა:
– ამ დილა ადრეა სადარბაზოსთან რას გაშეშებულხარ? – ჩემს თავს ვკითხე, ახლა ამას თავისი უსარგებლო თავი გავუტეხო თუ უპასუხოდ დავტოვო მეთქი?
– ხო, რა... არ შეიძლება სადარბაზოსთან ვიდგე? – მგონი იმ წამს მიხვდა, რომ სხვის საქმეში თავისი დიდი, კეხიანი ცხვირი არ უნდა ჩაეყო და ალბათ ბოდიშის მოხდის მიზნით, შემომთავაზა:
– ამოდი ჩემთან, ყავას დაგალევინებ.
– სხვა დროს იყოს, ახლა მეგობართან ერთად ვარ.
– ვინ მეგობართან? – ის იყო უნდა მეკითხა, ვერ ხედავ მეთქი, გარშემო ყველაფერი რომ შევათვალიერე. ყოველთვის ასე იცოდა, ქრებოდა, როცა ჩვენს საუბარში მესამე პირი ერეოდა. მეზობელმა, უშაქრო, მწარე ყავა დამალევინა.
ახლა კი, როცა სრულიად ჩამოვყალიბდი მოცარტის მოსმენა დავიწყე. ერთ დროს ის მე ვიყავი. დიახ, ზუსტად ასე: ვოლფგან ამადეუს მოცარტი, მოფორებით ვოლფი. მაგრამ ამაზე სხვა დროს იყოს.
როდესაც ვამბობ, ღმერთი ვარ მეთქი, მსმენელთა უმრავლესი ნაწილი მკრეხელად მთვლის, უმცირესი კი ამას იუმორის თვალით უყურებს. ხო, აბა როგორია ჩვეულებრივობით გამორჩეულმა ტიპმა თქვას ღმერთი ვარო და ეს დაუჯერონ. ხალხის მესმის, მაგრამ მე ჩემსას მაინც ვაკეთებ. ჩემთვის სიმართლის თქმაა მნიშვნელოვანი. არ შემიძლია სხვა ადამიანების მსგავსად რაღაც ნიღაბი მოვირგო და ისე ვიარო, თითქოს არაფერი ხდებოდეს. ჩემთვის ეს მიუღებელია. ვარ ის, ვინც ვარ, ესაა და ეს. აი მაგალითად თქვენსავით სიგიჟეს ვერ ვინატრებ, რამდენიმე ხელოვანზე რომ დაინახეთ და აღფრთოვანდით. მე ვერ ვინატრებ რევულუციას მიუხედავად იმისა, რომ თქვენსავით, ან უფრო მეტად მომწონს ჩე გევარა. ხო, არც ხატვა დამიწყია ლეონარდო და ვინჩით რომ აღვფრთოვანდი. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარადაა. ჯანდაბას ფრიდა კალო, მე ორი წარბი მაქვს მისგან განსხვავებით და ამის გამო რა, ხელოვანი არ ვარ? ვან გოგის დედაც... მე იმდენად არ შევშლილვარ, რომ ყური მომეჭრა მაგრამ რა, რით ვარ მასზე ნაკლები? ჯანდაბაშიც წასულა სუპერმენი, მეც შემიძლია ხალხის გადარჩენა. ყველა, ვისაც აღმერთებთ თვით ღმერთის გარდა, სამუდამო დავიწყებაში უნდა გაამგზავროთ! ჯანდაბა, ისინი დაიხოცნენ! შეეშვით! მოასვენეთ! და თუ ცდილობთ გადაიქცეთ ვინმე მოცარტად, შექსპირად, ვან გოგად, ფრიდა კალოდ, მაშინ მიწის ქვეშ დაიმკვიდრედ ადგილი, გაიხრწნებით და დაემსგავსებით მათ, სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია. ისე, ადამიანებმა ამდენ მსახიობური ნიჭის მქონე ილუზიონისტებს შეარქვეს ღმერთი და მე რა გავხდი ასეთი, ჰა? თუმცა გარწმუნებთ, არ მადარდებს ვის რა ჰგონია და ვინ რად მთვლის.
ჩემს შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, ანუ თავისუფლად შემიძლია ჩავთვალო, რომ ღმერთი ვარ. თუ ვცდები, მაშინ რა სახელი შემეფერება მე, როდესაც უსასრულო სივრცის დასრულება შემიძლია? კი, ეს პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ რეალობაა, ისევე როგორც თქვენს თავს ზემოთ ცა, ისევე როგორც ეს ასოები, ისევე როგორც ამ წინადადების დასასრულს, აი, ეს წერტილი. ასევე მე შემიძლია ცის გამყარება და გრავიტაციის გაორმაგება, თუ გნებავთ, გასსამაგებაც. მე ჩემი საკუთარი სამყარო მაქვს, რომლის განადგურებაც ნებისმიერ წამს შემიძლია. მე შემიძლია შევქმნა ადამიანები, რომლის მშობლების, ნათესავების, მეგობრების, უბრალო ნაცნობების სახელებს და მატერიალურ მდგომარეობასაც კი მე ვწყვეტ. კიდევ ღმერთებს ვქმნი, რომლებიც მოვლენების განვითარებაში ჩემი ნებართვის გარეშე ვერ ჩაერევიან. ასე რომ, თამამად შემიძლია ის სიტყვები წარმოვთქვა, რომელიც აქამდეც უნდა წარმომეთქვა: აი მეც, ღმერთი, მოკვდავი ღმერთი, რომელიც გამუდმებით ახალი სიცოცხლის, ახალი ისტორიის შექმნაზე ფიქრობს, მაგრამ ამას ხშირად ვერ ახერხებს, არა სიზარმაცის, არამედ დილეტანტობის გამო.

წმინდა სამება

ბედნიერიც ის არის, ვინც არ ფიქრობს.



1.


MOBY-WAIT FOR ME – ს სრული ვერსია ისევ მესმის, ანუ ერთ საათზე ნაკლები დრო მეძინა, სადღაც ასე ორმოცი წუთი. ყველაზე მეტად მუსიკის ეს ნაწილი მომწონს, დასასრული. დასაწყისი რაღაც არაამქვეყნიურში გადასვლას ჰგავს, დასასრული კი დაბრუნებას, ასე ავღვიქვამ. ყოველთვის მინდოდა მეპოვნა ისეთი ადამიანი, ვინც ამ მუსიკას ისე გაიგებდა, როგორც მე. შემდეგ მასთან ერთად ყოველ შუაღამეს წამოვწვებოდი აქ, ამ ლოგინზე, ამ არც ისე კომფორტულ ოთახში და ისე დავტკებოდი ლამპიონის მკრთალი სინათლის ყურებით, როგორც ახლა. ჩემი ემოციურობის გამო ეს არ იქნებოდა მოსვენება, მიუხედავად ამისა მაინც მინდა. ალბათ ეს აზრიც მარტოობის გამოვლინებაა. ხო, ვიღაცას რაღაც აუცილებლად უნდა გაუზიარო, მე ეს ვიცი, მაგრამ მაინც მარტო ცხოვრებას ვსწავლობ. ნუთუ ეს შესაძლებელია? კი, თუ ოპტიმისტ ადამიანებს დავუჯერებ, ყველაფერი შესაძლებელია. რა მაგარია, როცა შენს ოცნებებში ხარ შენ და სხვა არავინ. ეს არის სრულყოფილება. არ მინდა ვიღაცაზე დამოკიდებული ვიყო. არ მინდა ვიღაცას შევეჩვიო. ვინც გიყვარს, აუცილებლად გიღალატებს! ეს თითქოს კანონზომიერებაშია ჩაპრესილი. ეს ჩვენი ყოველდღიურობაა. ეს ჩვენი უპირველესი ინსტიქტია, არა ცხოველური, არამედ ადამიანური. ხო, აი ამით განვსხვავდებით ცხოველებისგან. შეიძლება ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ჩემს გარშემო არიან ასეთი იდიოტები, ან საკმარისად კარგი მხედველობა არ მაქვს იმისთვის, რომ კარგი ადამიანები დავინახო... კარგი ადამიანები? ეს რა არის? ამის შესახებ რამე გსმენიათ? საერთოდ ეს სიტყვები ჩემამდე ვინმეს წარმოუთქვამს? „კარგი ადამიანები“ ეს რაღაც ლიტერატურული ხრიკია, რომ დეპრესიულ ადამიანებს სირთულეების გადატანა შეუმსუბუქდეთ. ხო, კიდევ ფსიქოლოგიური ხრიკიც, რა თქმა უნდა ფსიქიკურად აშლილთათვის. მოკლედ, „კარგი ადამიანი“, ეს არის მხნეობის შემმატებელი ხმა, რომ ცხოვრება გავაგრძელოდ. და მაინც, როგორც პესიმისტი ვსვამ კითხვას, თუ ვინ არის კარგი ადამიანი, ის ვინც ყოველთვიურად ფულს გვიხდის იმისთვის, რომ მთელი თვე მაგრად გვიხმაროს? ის ვინც ყოველდღიური ქადაგების გამო უზრუნველყოფილად ცხოვრობს? ის ვინც ს და მკერდის ზომას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს? ის ვინც ციხეში ყოფნის დროს ს, როგორც კი ცოლთან ვიზიტის დრო ამოეწურება? ის ვინც მდიდრულ სახლში ზის და წუხს, ვინმე გაყინულ, მშიერ მათხოვარზე? მოკლედ, კითხვების დასმა უსასრულოდ შემიძლია, თქვენც ხომ იცით, რომ ეს შემიძლია, არა? რამდენიმეჯერ რამდენიმე ბრმას კი უთქვამს, თვალები გაახილე და კარგსაც დაინახავო. ასეც მოვიქეცი, ლამის თვალები გადმომცვივდა, მაგრამ პროგრესი არ შეიმჩნეოდა. საბედნიეროდ, სრულებით შესაძლებელია, რომ ვცდებოდე. კი, ხანდახან ამაში ვრწმუნდები როცა ვინმე ბედნიერს ვხედავ. როგორ შეიძლება ამ სამძღნერეთში ბედნიერი იყო? ან გიჟი უნდა იყო, ან.. ან ამ უკანასკნელს, სიგიჟით უნდა ჯობდე. სხვა შესაძლო ვარიანტი არ არსებობს.

..........................................

ხო, ისა, თუ ვინმეს დააინტერესებს გავაგრძელებ.




№1 სტუმარი ni

რაღაც ამოუცნობი და საოცრად საინტერესო სიახლეა. გაგრძელე ველი შემდეგ თავს :-)

 


№2  offline წევრი tekka

პირველად რაღაც ჩანახატი წავიკითხე "ერთი ღერი"ერქვა და ვსო.არ ვიცი კიდევ თუ დაწერე რამე,მაგრამ მე არ მინახავს.მოკლეთ,ბექა!ძალიან კარგი ხარ."უცენზურო" სიტყვები არ ჩანს,მაგრამ ყველაფერი მაინც გულიანად ჩავიკითხე.გემრიელად წერ რასაც ქვია.რაც სათქმელი გაქვს იძახი და ამიტომ მომწონხარ.არც შენიშვნას გიკეთებ არაფერზე და არც პრეტენზიას გამოვთქვამ რამეზე.(პრინციპში რა უფლებით)...მოკლეთ,გააგრძელე რა. გოიმური,ბანალური,ყოვლად მომაბეზრებელი და ყელში ამოსული ვითომ "რაღაც"არ არის. "მამენტ" შემშურდა კიდეც რამდენიმე მონაკვეთში,რატომ ჩემით არ მომაფიქრდათქო...
მიყვარს რეალისტურად მოაზროვნე "ხალხი".მართლა სამძღნერეთია აქაურობა,მაგრამ რას ვიზავთ "such is the life, my dear!"

იბრძოლე რევოლუციური სალმით>>>"ჩე" am

ეხლა იცი რას ვიზავ?ჩავრთავ MOBY-ს და რამდენიმე წინადადებას მოგპარავ ჩემი ფეისბუქ სტატუსისთვის,რომ "განვანათლო" იქ არსებული საზოგადოება.იმედია წინააღმდეგი არ იქნები,მაგრამ სანამ შენ მომწერ პასუხს მე უკვე "გამოქვეყნებული"მექნება ... fellow თუ რამე სალანძღავის მოწერას დააპირებ პირადში ქენი :D :DDDDD

 


№3  offline წევრი buubbuuu)))

Da isev titqos arapris mtqmeli yvelaperi. Sheidzleba es sityvebi cudad miigo an ravi ipiqro rom vigac idioti gkicxavs tumca me xom vici am sami sityvit risi tqma mindoda. Weris survili gamiqro am saitma titqos yvela ertidaigives tkepnis . Ertmanetisgan dazepirebul sityvebs weren da ase shemdeg. Tumca yovel jerze imis imedad vowyeb kitxvas rom vogacas tavshi ragac azriani mouvida da yoveltvis imedgacruebuli vrchebi. Adamianebma ver voswavlet rom racarunda bevri gvaginon da gvlandzgon mainc chveni vtqvat da ara sxvebosgan shegrovebuli sityvebi vabat ertmanetze.

Ver getyvi rom mocarts an betxovens movusmen tundac MOBY s magram weris gagrdzelebis survili namdvilad gamichnda :*
--------------------
♥♥♥♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent