სიყალბის თეორია (11, დასასრული)
XI. ისეთი გამოფიტული იყო, კინაღამ დაეცა, სანამ აეროპორტის შენობაში შემოვიდოდა. ძლივს მოათრევდა გორგოლაჭებიან, სავსე ჩანთას. თავბრუ ესხმოდა, ალბათ, ნაბახუსევის ბრალიც იყო. რეგისტრაცია ხომ საუკუნოდ გაიწელა, როგორც ყოველთვის. ფერდაკარგულს რამდენიმე შეწუხებულმა ადამიანმა გამოჰკითხა მდგომარეობა, უმეტესად არანაკლებ გამოფიტულმა ქართველმა, ხანშიშესულმა ქალებმა. ერთ–ერთს წყალი სთხოვა, ცივი ესიამოვნა, ეს იყო და ეს. ბოლოს, როგორც იყო, ჩემოდანი აიღო და გამოვიდა. უამრავი ხალხი შემოხვეოდა გამოსასვლელს და იმედიანი, ბედნიერებისგან წყალჩამდგარი თვალებით ელოდნენ ჩამომსვლელებს. უნდოდა გაეღიმა, ჩახუტებული წყვილის დანახვისას, მაგრამ ამის თავიც აღარ ჰქონდა უკვე. ის იყო შემოსაზღვრულს გამოცდა, ადგილზე გახევდა. ისედაც ცუდად მყოფს, ცუდმა შეგრძნებებმა დაუარეს. დაჩი მოდიოდა მისკენ, ღიმილიანი, ტკივილიანი სახით. ღმერთო, როგორ უნდოდა იქვე და იმ წამს თავი დაემარხა. როგორ შერხვა მამაკაცის, რომელსაც ჯერაც ქმარი ერქვა მისი. იდგა, უბრალოდ, და უემოციო სახით მიშტერებოდა მისკენ მომავალ მამაკაცს. ყელში ბოღმა აწვებოდა, საკუთარი თავის მიმართ აღუწერელ ზიზღს გრძნობდა. წინ დაუდგა კაცი და სახეზე გაყინული თითები ჩამოუტარა. დენმა დაუარა სხეულში. თვალები დახუჭა და ოდნავ გადახარა თავი იქით, სადაც თითები ეხებოდნენ. მერე შეატრიალა და ცხელი ტუჩები შეახო ყინულივით ცივ თითებს. გაეღიმა. ჩაეხუტა. ვეღარ შეიკავა თავი და კისერზე შემოხვია ხელები. ლამის დაახრჩო ისედაც დაუძლურებული ქალი, რომლის სახესაც ნიაღვარივით მოარღვევდნენ ცხელი ცრემლები. – მაპატიე... – ამოიჩურჩულა ძალიან, ძალიან დაბალ ხმაზე. ხმასთან ერთად, მთელი სხეული უთრთოდა. უკვე ვეღარ აკონტროლებდა თავს. *** ტაქსი ნელა მიდიოდა. ნაცნობ ქუჩებს შეჰყურებდა ლინა, თვალზე ცრემლმომდგარი. მხრებზე მამაკაცის ხელი ამძიმებდა. უნდა ეთქვა, ვალდებული იყო, რომ აეხსნა ყველაფერი, რაც მოხდა და რატომაც მოხდა. მაგრამ ორჭოფობდა... უნდოდა მის გვერდზე ყოფილიყო, თან სიყვარულის გარდა ყველაფერს გრძნობდა უკვე. – რაზე ფიქრობ? – მის ყურთან დაიჩურჩულა მამაკაცმა მოულოდნელად. გაეღიმა. – ჩვენზე, – არ დაუმალავს, ბოლომდე არა. – რას ფიქრობ? – ძალიან, ძალიან შეცვლილი ხმა ჰქონდა. დაბოხებული, აჭრილი. უფრო ხრიალებდა, ვიდრე საუბრობდა. – რა იქნება ამის შემდეგ. – და მაინც, რა იქნება? – არ ვიცი. – გიყვარვარ? ისევ? დაიბნა. არ ელოდა ამ შეკითხვას. არც იცოდა რა ეპასუხა, ჯერ ხომ ვერ ჩამოყალიბებულიყო, რა უნდოდა?! – არ ვიცი, – უპასუხა საბოლოოდ, გულწრფელად. – გაშორებაზე ვისაუბრეთ... არ მეგონა, ასე მალე თუ დაბრუნდებოდი. რა შეიცვალა? – ბევრი რამ, დაჩი. – მაინც? – ხომ არის მომენტები, ადამიანის არსებას რომ აფორიაქებს? – უნდოდა შეეხედა, თვალებში ჩაეხედა და ისე ეთქვა. უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა, ვერაფრით მიატრიალა მამაკაცისკენ თვალები. არადა, რამდენის ამოკითხვაა შესაძლებელი, როცა მზად ხარ ამოიკითხო, შეიცნო. – მეც ავფორიაქდი. მთელი ჩემი არსება შეიცვალა, შემოტრიალდა. – ახლა რა იქნება? – ან ძალიან დიდის დასასრული, ან ძალიან დიდის დასაწყისი, – მხრები აიჩეჩა და თითებით ცრემლები მოიწმინდა. – რაც არ უნდა იყოს, გაგიგებ, ლინ... – თავზე აკოცა. – შეიძლება მთელმა სამყარომ შენკენ გამოიშვიროს ხელი, მე არ შევუერთდები მათ. სიყვარული შეჩვევაა, იცი, რომ სკეპტიკურად ვარ ამ თემის მიმართ განწყობილი. ამ შეჩვევაში კი არსებით როლს ურთიერთგაგება თამაშობს. ლინ, შეიძლება არ გესმის ჩემი, არ გამტყუნებ ამის გამო, მაგრამ წამით არ იფიქრო, არ დაიხიო უკან, ოღონდ გააზრებულად იმოქმედე და მე შენს გვერდით ვიქნები, იქნება ეს ფიზიკური თანადგომა თუ მორალური – ყველა შემთხვევაში. ყველაფერი, რაც იმ მომენტში იგრძნო, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის სიძულვილის ფესვების გადგმა იყო, უფრო და უფრო. ახლა ყველაფერი უნდა ეთქვა, მოეწესრიგებინა, დაელაგებინა და საბოლოოდ გადაეწყვიტა იყო ეს ძალიან დიდის დასასრული თუ ძალიან დიდის დასაწყისი. – დაჩი... – იოგებს ამოაყოლა ხმა, რომელიც ასე უთრთოდა, ასე შეცვლოდა, – იქ, გერმანიაში, ერთი ნაბიჯი და გიღალატებდი... თავი შეიკავა, თორემ მეც იმ ქალების რიცხვს შევუერთდებოდი, ქმარს რომ ღალატობენ და გულს მირევენ, – აღსარებასავით ამოიჩურჩულა. იგრძნო მასზე მოწებებული სხეული შეკრთა, მოულოდნელობისგან, მაგრამ არ მოუშორებია, უფრო მიიხუტა. თავზე დარჩენილი ტუჩები არ მოუშორებია, იქვე ამოთქვა: – არ აქვს მნიშვნელობა... მთავარია, რომ ის ერთი ნაბიჯი არ გადადგი. რომც გადაგედგა, მაშინაც არ გაგამტყუნებდი... გახსოვს, რომ მითხარი „ორი ადამიანის დავაში მხოლოდ ერთი არასდროსაა სრულიად სუფთაო“? დავიმსახურე. ჰო, მე დავიმსახურე ტყვია მთელი ჩემი მორალის თითოეულ წერტილში, – იღიმოდა და იმდენად თბილი ხმა ჰქონდა, შეუძლებელი იყო გეფიქრა, რომ ეს ის მამაკაცი იყო, ოდეს რომ ირიბად, მაგრამ მაინც ხელს ჰკრავდა ოჯახს. – ახლა შენ გადაწყვიტე, დაჩი, რა იქნება მომავალში? – ნელ–ნელა გასწია თავი მარცხნივ და კაცის სახეს შეხვდა. უფრო მორიდებით ააცოცა ტირილისგან ჩაწითლებული თვალები ზემოთ და მამაკაცის ცისფერ თვალებს შეაგება თავისი. – მე, ალბათ, ისევ ქალი ვიქნები, რომელიც ვერ გაიგებს, რატომ ხარ ქუჩაში იმაზე მეტხანს, ვიდრე სახლში, ოჯახთან; მე ისევ ის ქალი ვიქნები, რომელიც ნაჩხუბარსა და ჩასისხლიანებულს, ვიღაც ცინგლიანების გამო, დაგიმატებს და დაგტუქსავს; მე ისევ ის ქალი ვიქნები, შენ რომ ვერ გიგებს. აქამდე მეგონა, ჩემთვის იყო რთული შენი ატანა... – გაეცინა. ტკივილიანმა სიცილმა გაუნათა სახე. სიშავით გაუნათა. – შენსა და ლილუს გარეშე დღე დღე არ არის, ყველგან წყვდიადია. ნუ გამწირავ, თორემ შთამინთქავს... ყოველღამ, ცარიელ კედლებში დამალული წყვდიადი გამოდის, პირს ხსნის და მოდის ჩემკენ. ვერ ვუძალიანდები, თქვენს გარეშე არ გამაჩნია ძალა საამისოდ, – გაქვავებული მისჩერებოდა, მხოლოდ ტუჩებს ამოძრავებდა და თითქოს ესეც აღარ იყო საჭირო, რადგან მისი თვალები ისედაც ყველაფერს ამტკიცებდა. *** – დეე! – სიხარულით შემოჰხვია ხელები პატარამ ფეხებზე დედას. – ლილუ, წამაქცევ, – სიცილით გაუბრაზდა და შეეცადა ხელები გაეშვებინა. რომ ვერ შეძლო, ხმას აუწია. – დედიკო, რა ჩამომიტანე? – კისკისით ამოხედა. – მე რომ ჩამოვედი, ეგ საკმარისი არაა, ლილუ? – მდგომარეობით ისარგებლა და ხელში აიტაცა პატარა სხეული. ღმერთო, რა სულელი ქალია! გერმანიაში იყო და იქ დაავიწყდა შვილისთვის საჩუქრის ყიდვა, აეროპორტში გაახსენდა მხოლოდ და პატარა, ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი გერმანული თოჯინა უყიდა, იაფფასიანი. – დე! – პატარა თვალები დააბრიალა. – ხო დე? – გაუცინა და პატარა ცხვირზე შეუმჩნევლად ჩაასო კბილები. – მეტკინა! – წამოიყვირა და გაუძალიანდა, ჩამომსვიო. – მოენატრე დედიკოს და შენსავით ‘კუკლა’ ჩამოგიყვანა, ოღონდ გერმანელი! – უთხრა თუ არა, მაშინვე შეწყვიტა ლილემ ფართხალი და თვალების ხამხამით მიაჩერდა დედას, სწორედ ახლა რომ უნდა ამოეღო დანაპირები. *** – ჯერ ხელები დაიბანე! – თვალები დაუბრიალა სკოლიდან მოსულ ლილეს ლინამ და ისედაც უამრავ გემრიელობას, კიდევ მიუმატა რაღაცები. – მშიაა! – ამოიხვნეშა, ჩანთა იატაკზე მიაგდო და უკმაყოფილო სახით შევიდა სააბაზანოში. მის ამ საქციელზე გაეცინა, ჩანთა აიღო და მისაღებში გაიტანა. – წამოდი, დაჩი, – გაუღიმა დივანზე კომფორტულად მოთავსებულ მამაკაცს. – მოვიდა, ლილუ? – წამოდგა, ქალთან მივიდა და შუბლზე აკოცა. – მოვიდა. სუფრასთან ისხდნენ. ჯერაც შუა დღე იყო, მაგრამ განსაკუთრებული დღე. სხვანაირად იღიმოდა ლინა, ბევრად ბედნიერად. – სხვა ხარ... – ალმაცერად შეხედა წითელ ღვინოს დაჩიმ. – ხო, მართალი ხარ, – ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და გაუღიმა. ცდილობდა ისტერიული სიცილი არ ასტყდომოდა. – და მაინც,რა ხდება? – გაოცებულ მზერას ვერ სწყვეტდა ცოლს. ლილე დედ–მამის საქციელით გაოგნებული უყურებდა ხან ერთს, ხან მეორეს. – ძალიან გაინტერესებს? – კისკისით ჰკითხა. – ლინა! – გაეცინა კაცსაც და ღვინო მოსვა. – შენ კიდევ ერთი გოგო გეყოლება, ამ ცანცარა ბავშვს კი პირველი დაიკო! – გახარებულმა წაიწია წინ და მამაკაცის გაშეშებულ სახეს თითები ჩამოსვა. – თქვენზე ძვირფასი არავინ მყავს. მაპატიე, ყველაფერი! – გაპატიე, ლინ, იცი შენ ეს. *** მდინარესთან სეირნობა ისევ ჩვევად ჰქონდა, მხოლოდ სიგარეტს აღარ ეწეოდა. ძლივს შეეშვა. ბავშვის გამო ისიც. უკვე მეშვიდე თვეში იყო და ძალიან გაბერვოდა მუცელი. ყავა მოუნდა და თითქოს ბედზე, ისევ იმ კაფესთან აღმოჩნდა. დიდხანს იორჭოფა, შესულიყო თუ არა, და ბოლოს შევიდა. ცუდი განცდები, ცუდი მოგონებები წარსულში მოიტოვა, დღეს თავისი და გარშემომყოფების ბედნიერებისთვის უნდა გაეღიმა. ტირილის მიზეზი აღარ ჰქონდა, თავს აჯობა. ისევ ცარიელი იყო ის ადგილი, შუშაბანდთან. დაჯდა და ოფიციანტს ყავა შეუკვეთა. ერიდებოდა, მაგრამ ახლა არ შეეძლო, სუნთქვა უჭირდა, იმდენად სურდა ნალექის შეგრძნება. შუშიდან უყურებდა სიცივისგან ათრთოლებულ გარემოს და სურვილი ჰქონდა მოეწია. – უნდა მენახე, – ხმა ეცნო თუ არა, მაშინვე გააკანკალა. „ოღონდ ეს არა!“ – გაიფიქრა, მაგრამ ვეღარ აუვლიდა გვერდს რეალობას. – მომილოცავს, ბედნიერების ნაპერწკლები გყვანან თვალებში. – გმადლობ, – უთხრა სასხვათაშორისოდ, თვალს კი არ აშორებდა გარემოს. უფრო სწორად, ვერ. – უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, ყველაფერი გაპატიე... შეუძლებელი შესაძლებელი გავხადე, – თითქოს იოგებს ჩირქი მოსდებოდათ, ისე საუბრობდა. – გმადლობ, რომ არ გამომიყენე, – სერიოზულად უთხრა, არ დაუმალავს. – მე ჩემი თავი არ გამოვიყენე მხოლოდ! – ამისთვისაც გმადლობ. – უნდა წავიდე, – გაუნძრევლად თქვა. – მშვიდობით გევლოს, – ღიმილი შეეპარა ბაგეებზე ქალს. – არა, მშვიდობიანი გზა არ მელის, – ნერვიულად გაეცინა. – მაინც გისურვებ, ამას რა სჯობს?! – მასაც ეცინებოდა. – კარგად იყავი... და გმადლობ, რომ მომისმინე. სანამ რამეს თქმას მოასწრებდა ქალი, მანამ გაუჩინარდა ისე, როგორც მოვიდა. ანუ თითქოს არც მოსულა. ყავა სიცივეს აეკანკალებინა, ქალი კი კოსტას, ასე ნაცნობს და მაინც ასე შორეულს. გვიან დაბრუნდა სახლში, როცა სიბნელემ გადაყლაპა ქალაქი. ტელევიზორში საინფორმაციო გადიოდა და სამსახურის ფორმით მისჯდომოდა მამაკაცი. – საღამო მშვიდობის, – ღიმილით მიუჯდა გვერდზე. – როგორი დღე გქონდა? თითქოს არც გაუგიაო კითხვა, ხელში გაასწორა სამართავი პულტი ტელევიზორის და უკან გადაახვია. – ეს იყო? – აჭრილი ხმით ჰკითხა. ლინამ გაოცებულმა შეხედა ტელევიზორს. კოსტა უღიმოდა სურათიდან. – რა მოხდა? – ხმა აუკანკალდა. – თავი მოიკლა... ხიდიდან გადახტა, – კბილებში გამოსცრა. – ღმერთო! – ამოიჩურჩულა და სახეზე ხელი აიფარა. ტკივილი მეტასტაზებივით მოედო მთელს სხეულში. იყვირა. ძალიან, ძალიან დიდ ხმაზე იყვირა. გაპატიეო, მივდივარო... გმადლობ, მაგრამ აპატიებს კი საკუთარ თავს? და მაინც. გყავს ოჯახი. შვილები, ქმარი, დედა, მეგობრები... ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ იყო ბედნიერი. შენ კი დაუფიქრებელი გადაწყვეტილებებით საძირკველს აცლი ძლივს აშენებულ სახლს. მაშინაც კი, როდესაც არ გინდა ასე მოხდეს, მაშინაც კი ხდება. ბედნიერების უკან კი დიდი სიყალბე იმალება. ყალბი გრძნობები, ყალბი ქმედებები, ყალბი აზროვნება – ანუ ყველაფერი, რაც ბოლოს გიღებს, განადგურებს. ჰო, სიყალბეა სწორედ, მეორე შვილი სკოლაში მიგყავდეს და შუალედში უცხო მამაკაცის საფლავზე ცრემლების დაშრობამდე ტიროდე. *** უღრმესი მადლობა მათ, ვინც კითხულობდით, ვინც გვერდში მედექით ან ვერ მედექით. ყველას გაფასებთ და ყველა მიყვარხართ საოცრად! ამაზე ვერც მეტი იქნებოდა და ვერც ნაკლები. ცუდად ვერ დავასრულე, მაგრამ არც კარგი დასასრული იყო, შეიძლება. ყოველ შემთხვევაში,იმედი მაქვს ისიამოვნეთ. საოცრად მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.