ფრეზია და კედარი(გაგრძელება 12)
ძალიან. ძააალიან. ძაააააააალიან ნელა. გავწიე თავი. ისე, რომ მამაკაცისთვის შემეხედა. –შენ? აქ საიდან გაჩნდი?–თვალებს ვერ ვუჯერებდი. შარვალ–კოსტუმში გამოწყობილი ჩემი მეუღლე– ნაძიას კანსტანწინი იდგა ჩემს მაგიდასთან და თბილად მიღიმოდა. თან ყურადღებით აკვირდებოდა ჩემს რეაქციას. –მეც მომინდა ალპებში.–მიპასუხა გულუბრყვილოდ და ჩემ წინ სკამზე მოკალათდა. –რას დაგპირდა? –რა? –რას დაგპირდა მამაშენი ისეთს, რომ ამხელა გზა გამოიარე ჩემთან ერთად ახალ წელს რომ შეხვედროდი? ან საერთოდ ვინ სთხოვა. –სულელო. იმან არც იცის, რომ აქ ვარ. –მე შენი სულელი არ ვარ. და თუ შეიძლება, ფეხზე აბრძანდი, ეგ ადგილი დაკავებულია!–უკვე ვცხარდებოდი. –ჰო? ვინმეს ელოდები?–მის დამცინავ ეშმაკურ მზერაში იყო რაღაც, რაც ძალიან არ მომეწონა. –დიახაც, ველოდები. –მაინც ვის? ბატონ კ–ს? სხვათაშორის, ყელსაბამი ძალიან მოგიხდა.–ელდის შემდეგ თავი ხელებში ჩავრგე, უცებ ძალიან შემრცხვა. არადა ეს მან მომატყუა. მან გაითამაშა ეს ყველაფერი. ვგრძნობდი სირცხვილისა და სიბრაზისგან სახე მიჭარხლდებოდა. –ნამდვილი სულელი ვარ.–ამოვიბუზღუნე გამწარებულმა. –მოდი, უბრალოდ ახალი წელი მივულოცოთ ერთმანეთს.–იპოვა იოლი გამოსავალი და ჭიქა მომაჩეჩა ხელში. –მე მიხარია, რომ აქ ვარ. ნუთუ შენ არა? გერჩივნა სრულიად მარტო ყოფილიყავი? ამდენ უცნობში. –ჰო, ჩემი გეგმა ასეთი იყო. რატომ შენ შეყვარებულთან ერთად არ ხარ?–სახე უცებ შეეცვალა. –მოდი, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. უბრალოდ დავლიოთ. დავლიეთ. კიდევ. და ერთი–ორი კიდევ. –წასვლის დროა.–ფეხზე წამოვდექი მე, როცა მივხვდი, რომ მეტი აღარ შემეძლო. აღარ შემეძლო მისი თავდაჯერებული, ეშმაკური მზერის ყურება, მისი ხმის მოსმენა. ყველაფერზე მელაპარაკებოდა, მაგრამ მე მხოლოდ ხმას ვუსმენდი. სიტყვები კი არ მესმოდა. სკამი გამომიწია და რესტორნიდან გამოვედით. გზად კინაღამ ოფიციანტს დავეჯახე– მან ხელი ჩამკიდა და სწორი მიმართულებით წამიყვანა. ლიფტში სხვებთან ერთად შევედით და ჩემ სართულამდე სამგან გავჩერდით. –როგორც იქნა, მარტონი დავრჩით.–მითხრა მან და კარის დახურვისთანავე ზურგით სარკეს ამაკრო. გარინდული ვიყავი, ვგრძნობდი როგორ მეალერსებოდა სახეზე მისი ტუჩები. ნიკაპი წამომაწევინა და ძალიან ნაზად მაკოცა ტუჩებზე. ორივე ბაგეზე ნაზად და სათუთად, აუჩქარებლად მკოცნიდა. მერე უკან გაიწია და სახეზე დამაკვირდა. –რა ხდება ჩვენს თავს?–მკითხა. თვალები უცინოდა. –არ ვიცი.–დავიჩურჩულე. მგონი გულწრფელი ვიყავი.ლიფტი გაჩერდა და კარი გაიღო. ჩავახველე და ვთქვი.–ჩემი სართულია.–ბარბაცით გავედი გარეთ. ისიც გამომყვა. ნომერში შევედი და კარებშივე მოვბრუნდი. –არ შემომიშვებ?–მტარვალივით დააყრდნო ცალი ხელი კარს, მეორე კედელს–შუაში მომიქცია. –არა!–მივუხურე კარი და ზურგით მივეყრდენი. გონებაში მისი ნაზი კოცნები მიტრიალებდა. თავბრუდახვეული ვიყავი მთელი იმ უჩვეულო ღამის გავლენით და თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ალბათ სწორედ ამიტომ გამოვაღე კარი– ვაპირებდი დავდევნებოდი– არადა ის ჯერ კიდევ იქ იდგა და კარი გაიღო თუ არა, შემოვარდა, მეცა, მკლავებში მომიქცია და ზურგით მიხურა კარი. თმაში შემიცურა ხელები და ძლიერად, მგზნებარედ მაკოცა, თან საწოლისკენ მიბიძგებდა, თან ვგრძნობდი, როგორ დაიძრა ზურგზე კაბის ელვა ქვემოთ. საწოლზე დავეშვი. ის ჩემს ზემოდან იყო. ცხელი სუნთქვა მელამუნებოდა ყელში, მე კი მის სუნამოს სურნელს ვგრძნობდი, ზურგზე გაუბედავად დასრიალებდნენ ჩემი თითები და არ მჯეროდა, რომ ეს მართლა ხდებოდა. კანსტანწინი და მე? მე და კონსტანტინე? არაა! როგორ არა! აი, პერანგის ღილები ჩავუხსენი და დადაამ! რამდენჯერ ამირიდებია თვალი ამ პრესისთვის. ხელი დავუსვი. ჩემ გამომეტყველებაზე ეცინებოდა. მისმა სიცილმა გამომარკვია. სხეულიდან მოვიშორე და წამოვდექი. ხალათი შემოვიცვი. –წადი. –რა?–გამოშტერებული სიფათით მიყურებდა. –რატომ? მეგონა შენც მოგწონდა რაც ხდებოდა. –რატომ გადაწყვიტე, რომ აქ ჩამოსვლით ყველა პრობლემა გადაიჭრა? შენ სხვა გიყვარს, დაგავიწყდა? ჩვენი ქორწინება, ცნობისთვის, ფიქტიურია. გაბრაზდა. თან ძალიან. ფეხებზე მეკიდა. –მეგონა მიხვდი. ყველაფერს თუ არა, რაღაცას მაინც. ვერაფერსაც ვერ მიმხვდარხარ!–თავის პიჯაკს დაავლო ხელი და გავარდა. კარი ბრახუნით დაიხურა. ძალიანაც კარგი. ახლა შემთხვევითი სექსუალური კავშირებისთვის არ მეცალა. სიტუაცია ისეთი აბსურდული იყო, გაანალიზებაც კი მიჭირდა. ამიტომ უბრალოდ გავიშოტე. ასე მეგონა მისი სუნი ამდიოდა. ჯანდაბა, რა ჯანდაბისთვის ჩამოვიდა?! გვერდი ვიცვალე და ფერდში რაღაცამ მიჩხვლიტა. კოლოფი. შიგნით ორი რგოლით. ორი ოქროს რგოლი. საქორწინო. ერთი დიდი. მეორე პატარა. ფიქრი არ მინდოდა. არ შემეძლო. მაკიაჟი ალბათ ისეთ დღეში მქონდა... არა, სარკეში ჩახედვაც კი შემეზარა. ხალათი გავიხადე, კაბა მოვიწესრიგე და გავვარდი „კოლოფის დასაბრუნებლად“. კოლოფი კი დამრჩა. უკან მივბრუნდი. პირდაპირ იდეალური იყო– კარის გასაღები პლასტიკური ბარათიც ოთახში განისვენებდა. ლიფტისკენ გავვარდი– ან ზევით მასთან ნომერში, ან ქვევით– რეგისტრატურაში პლასტიკურისთვის. სანამ გადავწყვეტდი– მე და ლიფტი გამოგვიძახეს. ზევით წავიდა. ჰოდა, იყოს ზევით. ზუსტად მის სართულზე ბელბოი შემოვიდა, მე კი ბოლო წამს გავსხლტი გარეთ. კარზე ფრთხილად დავაკაკუნე. საკმაო ხნის დაგვიანებით გამიღეს, უკვე გამობრუნებას რომ ვაპირებდი. პირსახოცებში დამხვდა– ერთი წელზე, ერთიც მხრებზე თმის გასამშრალებლად– როგორც ყოველთვის. –ნუცა?–ვითომ სულაც არ მელოდა! ნეტა მართლა არ მელოდა? არაფერი ვთქვი, მიპატიჟებას ველოდი, ამიტომ ისევ მან მკითხა.–რამე მოხდა? –კარები ჩამეკეტა და... –ღამის გასათევს ეძებ?–ლამის ჩაბჟირდა.–სად მიდიოდი? –შენთან. –ანუ აქ მოდიოდი, მერე მიბრუნდი რატომღაც... და დაკეტილი რომ დაგხვდა, სხვა გზა აღარ დაგრჩა და მაინც ამოხვედი. ასეა? –ფაქტიურად კი, ოღონდ „რატომღაც“ კი არა, ბეჭდების ასაღებად მივბრუნდი. –ბეჭდების?–გაიმეორა შემცბარმა. –ჰო, საწოლზე ვიპოვე და დასაბრუნებლად წამოვედი, მაგრამ დერეფანში მივხვდი, რომ ბეჭდები დამრჩა. უკან რომ მივბრუნდი, ნომერში ვეღარ შევედი. –რა საინტერესოა... ბეჭდების დასაბრუნებლად მოდიოდი, ბეჭდები კი დაგრჩა...–სიცილს ვერაფრით ვერ იკავებდა.–კარგი, რაც მთავარია აქ ხარ. მგონი, უნდა შემოხვიდე.–ბოლოს, როგორც იქნა, მოერია თავს და შემიპატიჟა.–კოლოფი ალბათ პიჯაკიდან ამომივარდა, მერე დამიბრუნებ, არაუშავს. ამით კიდევ ერთხელ მიმახვედრა, რომ იცოდა ბეჭდები მხოლოდ საბაბი იყო... საზიზღარი. თვალები დავუბრიალე. მისი ნომერიც თითქმის ზუსტად ჩემისნაირი იყო. –რას დალევ?–მკითხა და გავიდა. –ცოტა ალუბლის ლიქიორს. –ყველაფერი მანდაა. ბარს გავხედე კმაყოფილმა. რომ დაბრუნდა უკვე შარვალი და მაისური ეცვა, მე ალუბლის გრადუსში ვუყურებდი სულელურ პეიზაჟს ფანჯრიდან. ნელი, მაცდური მუსიკა დაიღვარა ჰაერში. ყურთან ისევ ვიგრძენი სუნთქვა, ბეჭებზე კი ბრტყელი მკერდის შეხება. წელიდან მუცლისკენ დაიძრა მისი ურცხვი მარცხენა, მარჯვენა ხელი კი ლოყაზე მეფერებოდა –აქედან ვეღარ წახვალ... აღარ გაგიშვებ. –ვიცი...–ვუპასუხე და მივენდე... ჯერ კაბა დაეცა, მერე მე აღმოვჩნდი ჰაერში. იქიდან კი რბილ საწოლში, თბილ მკლავებში მოქცეული. უკვე ვიცოდი, რომ ამას არასდროს ვინანებდი. რაც არ უნდა მომხდარიყო. – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – ძილში ვგრძნობდი მხრებზე როგორ მკოცნიდა. დილით ტუჩების ნაზმა შეხებამ გამაღვიძა. სველმა, საზამთროს საღეჭი რეზინის არომატიანმა კოცნამ. ძალიან ნელა, ალერსიანად და ამიტომ ულმობლად რომ მკოცნიდა. ულმობლად იმიტომ, რომ დაჯერება მიჭირდა. თვალების გახელამდევე ასეთი არგუმენტის მიღება კი მეტისმეტი იყო. თვალებს ჯიუტად არ ვახელდი, ამიტომ თვალებიც დამიკოცნა, ლოყებიც. ხელი რომ წელზე ამომხვია და თავისკენ მიმიზიდა ჩასახუტებლად, თავი ვეღარ შევიკავე. თვალები რომ გავახილე, ჩემი მარჯვენა ხელი ეჭირა ხელში და არათითზე რგოლს მიკეთებდა. –ამიერიდან ნამდვილად ცოლ–ქმარი ვიქნებით.–გამომიცხადა. * * * დილით თითქოს მადა არ მქონდა. მხოლოდ რამდენიმე ნაჭერი ვაშლი ვჭამე. მერე კი... ჯერ სადილი მივირთვი, მერე შებრაწული რაც რამ გვქონდა, ბოლოს ტკბილი, გემრიელი და მაცდური ბისკვიტები დავაყოლე. საბოლოოდ, უნიტაზთან დაძმობილებული აღმოვჩნდი. იმდენ ხანს ვარწყევდი, მგონი წინა კვირისაც ამოვიღე. ილია ისევ არ ჩანდა. უბრალოდ გაერთო ჩემთან. დრო გაიყვანა. მერე მიმაგდო. ან ვჭამდი, ან გული მერეოდა საჭმელზე. ორ უკიდურესობას შორის გავეჩხირე. დახმარება მჭირდებოდა. ვგრძნობდი, მაგრამ არავინ ჩანდა, რომ დამხმარებოდა. ამიტომ ცხოვრებას ვაგრძელებდი. ილია... საერთოდ, რისთვის გამოჩნდა თუ ასე უნდა წასულიყო? * * * ჩვენი შვებულების ვადა იწურებოდა– ლექციები და სტუდენტები მელოდა, ამიტომ ჩვენი იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. სულ რამდენიმე საერთო სურათი გადავიღეთ, დიდხანს ვუყურეთ ბეჭდებს ჩვენი გადაჭდობილ–გადახლართული ხელების არათითებზე და ნაკლებ ხანს მზის ჩასვლას გორაკებს შორის. რადგან ტერასის მოაჯირს დაყრდნობილები, საიდანაც მთის პეიზაჟს და ლამაზ სანახაობას ვუცქერდით, ერთმანეთს ვერ ვაშორებდით თვალს და ერთმანეთი მეტად გვაოცებდა, ვიდრე შვეიცარიის ულამაზესი პეიზაჟი, რომელსაც ჩვენს სიცოცხლეში პირველად და შესაძლოა უკანასკნელად ვხედავდით. შემდეგ დავბრუნდით. სახლში ერთად რომ მივედით, თან ხელჩაკიდებულები და უჩვეულოდ თვალებგაბრწყინებით მომღიმარნი, შეუმჩნეველი არავის დარჩენია. ხან ვის გაკვირვებულ მზერას ვაწყდებოდი, ხან ვისას. ბოლოს, ლიდა მოგვიახლოვდა, ორივეს სახეში ჩაგვაცქერდა და გაოცებულმა, შეძრწუნებულმა და მგონი აღშფოთებულმაც, რუსული აქცენტით გვკითხა: –ტკვენ რა, ერტად გეძინატ? შემდეგ კი გამომეღვიძა. ამ სიზმრის შემდეგ კანსტანწინის შემოთავაზება, რომ აჯობებდა ჯერ–ჯერობით არავისთვის გვეთქვა ჩვენ შესახებ, პირდაპირ მაშველი რგოლივით ჟღერდა. მეც მერჩივნა ჯერ ერთმანეთში დავრწმუნებულიყავით, ერთმანეთს გავფრთხილებოდით, საკუთარ სახლზე გვეზრუნა და მერე გაგვეხარებინა სხვები. ამიტომ აეროპორტში წასვლამდე ბოლოჯერ დავტკბით ჩვენს გადახლართულ თითებზე ოქროს რგოლების ცქერით, შემდეგ კი კოლოფში დავაბრუნეთ გაურკვეველი ვადით. * * * –...მე ჰიპერმარკეტში გავივლი და ყველაფერს ვიყიდი. თუ დამაგვიანდა არ ინერვიულო...-ტელეფონს უხსნიდა თხუთმეტიოდე წლის ბიჭი.- ჰო, ისიც აქაა. სამარშრუტო ტრანსპორტში. მე წინ ვზივარ, ის უკან ზის. მან უკან გაიხედა. –დედას შენთან ლაპარაკი უნდა.–უთხრა ვიღაცას, მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღო, საუბარი გააგრძელა. – კარგი, ვეტყვი.–ტელეფონი გათიშა და კისერი უკან მიიბრუნა. –დედამ დამირეკოსო.–ვიღაც, ვისაც მიმართავდა, აშკარად არ იმჩნევდა, რომ მას მიმართავდნენ.–არ გესმის, ბიჭო? დედამ დამირეკოსო. ილიამ ისევ არ მიაქცია ძმას ყურადღება და ფანჯარაში ყურება განაგრძო... – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – ერთმა ზარმა თავდაყირა დააყენა მისი ცხოვრება. თავის ანგელოზზე ფიქრები დაუბრუნდა. დაცემული, მიწიერი ანგელოზი კი ფიქრებიდან მიაგდო სადღაც ბნელ კუნჭულში. სამუშაოსგან თავისუფალ დროს სულ მასთან ატარებდა. ის კი არა, რამდენიმე დღე სამსახურსაც კი აცდენდა, რომ თეატრში, კინოში, მეგობრების წვეულებაზე წაყოლოდა, ახალი ჩექმის შერჩევაში დახმარებოდა. ანუკა მიივიწყა. მხოლოდ ძილის წინ, სინდისის ქენჯნასავით გაუელვებდა წინ მისი სახე, მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა, რომ არაფერს დაჰპირებია. ერთ დღეს კი, მანქანით მიმავალმა შენიშნა იმ ხიდზე, სადაც პირველად ნახა. როგორ იდგა ლამაზი, შავთმიანი, ცოტა სევდიანი გოგონა და ეწეოდა თითებშორის მოხდენილად მოქცეულ სიგარეტს. თბილი ნიავი კი მის თმას თავისკენ ექაჩებოდა. გულგრილად ვერ ჩაუარა, მასთან ერთად გატარებული დღეები გაახსენდა. * * * ყველაფერი ესმოდა. ყველაფერს ხედავდა. და ყველაფერი ახსოვდა. მათ შორის, ტურნირიც საფეხბურთო სკოლაში. მაშინ სულ რაღაც 12-ის იყო. თამაში უკვე იწყებოდა, მისი ოჯახი კი არ ჩანდა. არავინ ჩანდა, ვინც გაამხნევებდა და ეტყოდა, რომ არაუშავდა თუკი გოლს ვერ გაიტანდა. თუკი თავს ვერ ისახელებდა. არავინ უთხრა თამაშის წინ, რომ ისევ ისე ეყვარებოდათ, თუნდაც ჩაფლავებულიყო. სასტვენის ხმა და ისევ ცარიელი ადგილები ტრიბუნებზე. აი, ბურთი გაგორდა და ბავშვები მას დაედევნენ. გაყინულ ძარღვებში სისხლი ამოძრავდა და ილიას სხეულიც თითქოს მოეშვა– უჯრედებს ყველაფერი გაახსენდათ, რის გაკეთებასაც ასწავლიდნენ. აი, ბურთი წაართვა მოწინააღმდეგეს და სახეზე ღიმმა გადაურბინა. კარისკენ გარბის პატარა ილია და დიდ საქმეს აკეთებს– თავისი გუნდისთვის პირველი გოლი მოაქვს! ტრიბუნებზე ტაში და ოვაციები ატყდა. მის სახელს ყვირიან ვიღაცები. მეგობრები ულოცავენ. ოჯახის წევრები კი არ ჩანან. არ დაუნახავთ რა ქნა ილიკომ. მამა მაინც სადღა წავიდა? როგორ დაავიწყდა? თამაში გრძელდება. ეშხში შესული, გულმოსული ილია არ ჩერდება. რაღა გააჩერებს?! ისევ სასტვენის ხმა. ძლივს–ბურთ–ხელ თუ ფეხში–ჩაგდებული ილია ადგილზე ხევდება და უკან ბრუნდება. რა მოხდა? უკვე დამთავრდა პირველი ტაიმი? ილიასკენ მწვრთნელი მოდის. კი არ მოდის, მორბის. მოიცა, რა ხდება? უნდა შეცვალონ? კი, მაგრამ ჯერ ახლა დაიწყო, რა დააშავა? რამე დააშავა? –გამომყევი.–ეუბნება მწვრთნელი წყნარად. ისე წყნარად თითქოს გოლი საკუთარ კარში გაეტანოს და ვერც მიმხვდარიყოს. ნუთუ მართლა აერია კარი? მწვრთნელს პოლიციელისკენ მიყავს, მოედნის გასასვლელში რომ იცდის. ასეთი რა დააშავა? ის კეპი ხომ დააბრუნდა მარკეტში იმ დღეს თავის ადგილზე? მოიცა, ხომ ნამდვილად დააბრუნა? თორემ გააფრენს ამ სისულელის გამო მის საფეხბურთო კარიერაში გადამწყვეტ თამაშს რომ დააკლდეს. –ცუდი ამბავი უნდა შეგატყობინოთ...ვწუხვარ...–დამნაშავესავით ხრის თვალებს ფორმიანი და მხარზე ხელს ადებს. ასე ცუდადაა საქმე? აჩქარებული გულისცემა თითქოს ერთბაშად ჩერდება. ირინდება. საბოლოო განაჩენის მოლოდინში. და რასაც შემდეგ გაიგებს მართლაც ექცევა მთელი ცხოვრების განაჩენად. მასაც და მის ოჯახსაც... დედა... ავტოკატასტროფა...საავადმყოფო... გადარჩა! რაც მთავარია გადარჩა. მომდევნო კვირების განმავლობაში 12 წლის ილიას მოუწევს შეეგუოს, რომ დილაობით ბუტერბროდებსა და ჩაის აღარავინ მოუმზადებს საუზმედ. აღარც სადილი იქნება. აღარც ვახშამი. აღარც სუფთა ტანსაცმელი, აღარც ძილის წინ შუბლზე კოცნა და საბნის შეკეცვა (თუმცა ეს სისულელეები 5 წლის დაჩის უფრო სჭირდებოდა და დააკლდა. ილია უკვე დიდი იყო და გამოსული მაგეების ასაკიდან!), აღარც ლოგინში მოტანილი თაფლიანი რძე ყელი რომ ეტკინებოდათ ზამთრის მოქუფრულ დილაობით, აღარც „თბილად ჩაიცვი, არ გაცივდე“, აღარც დედისთვის ჩაბარებული გაკვეთილები... და კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი „აღარც“... დედის სახება გაქრა მისთვის. და დარჩა მხოლოდ მათი მშობლების საძინებელს შეფარებული ეტლიანი ინვალიდი ქალი. რომელიც მართალია, რაღაცით ჩამოგავდა მათ დედას, მაგრამ მხოლოდ აჩრდილიღა იყო უწინდელი „დედის“. ეს ქალი შვილებზე მზუნველობის მაგივრად იქით მოითხოვდა ზრუნვას. შვილების უწყინარი თხოვნების შესრულების ნაცვლად, იქით აყენებდა პრეტენზიებს. თვეობით არ დგებოდა ლოგინიდან. როცა დგებოდა და ძლივს ქუჩაში გასვლას გადაწყვეტდა, 12 თუ ახლადშესრულებული 13 წლის ილიას და 5–6 წლის დაჩის უჭირდათ მისი ეტლის გადაადგილება ქუჩაში. ნერვებაშლილ დედის ანარეკლს კი საერთოდ არაფერზე ყოფნიდა მოთმინება. თავიდან მამამ იტვირთა დედის ფუნქციები. დილაუთენია დგებოდა, ილიას სკოლისთვის ამზადებდა, დაჩის ბაღისთვის და მანქანით მიყავდა, შემდეგ თავის სამსახურში მიდიოდა და შინ გვიან ღამით ბრუნდებოდა. ზოგჯერ სამსახურისგან გათანგული, ბოლო დროს კი ალკოჰოლით გაჟღენთილი. სახლი საღორეს რომ დაემგვანა დამხმარის აყვანა სცადა– ხელფასი რომ ვერ გადაუხადა– გოგო წავიდა. არადა ისეთი ლამაზი იყო. ნატო ერქვა. მწვანე თვალები ჰქონდა და შველივით ტანი. ილია უკვე 14–ის იყო. დილაობით მშობლების ჩხუბი აღვიძებდათ. ღამითაც მათი ყვირილის სმენაში ჩაეძინებოდათ ხოლმე. ახსოვს დაჩი როგორ შეუძვრებოდა ხოლმე საწოლში და ზღაპრების მოყოლას სთხოვდა, რომ მშობლების ხმა არ გაეგოთ. რომ წამოიზარდა და სკოლაში დაიწყო სიარული, ახალ მოსმენილ გამოცანებს ეკითხებოდა. ან სხვა სისულელეებს იგონება, ოღონდაც მათი ხმა არ გაეგო, ოღონდაც დაჩის შეშინებული და დაფრთხალი თვალები არ დაენახა. ილიამ უკვე აღარ იცოდა რა მოეგონებინა მათი ხმების ჩასახშობად, რომ დაჩის მაინც შეძლებოდა მშვიდად ძილი. ძმაზე უნდა ეზრუნა. მამის ხელფასი არ ჰყონიდათ. არადა, დილიდან საღამომდე თავდაუზოგავად შრომობდა. იცოდა ეს ილიამ, განა არ იცოდა. მაინც არაფერში არ ჰყოფნიდათ ის ოხერი ხელფასი. დედის ძვირადღირებული წამლები, სასკოლო წიგნები თავისთვის, დაჩისთვის... ერთ დღესაც ილია ადგა. სკოლისთვის მოემზადა, დაჩიც გაამზადა. მამა არ ჩანდა. აღარ იცოდა ფეხით წასულიყო თუ კიდევ დალოდებოდა როდის გამოვიდოდა საძინებლიდან. მანქანა ადგილზე იდგა. დაგვიანების საგანგაშო ნიშნულს რომ მიუახლოვდა საათის ისარი, ილია მშობლების საძინებელში შევიდა. აქ მხოლოდ საჭმლის შესატანად ან ჭურჭლის წამოსაღებად თუ შედიოდა. რაც შეეძლო უსრულებდა მშობელს თხოვნებს. კაპრიზები კი არ ილეოდა. ილიას პატარა გულში კი ბუნტი წვეთ–წვეთად ღვივდებოდა. საძინებელში მარტო დედა დახვდა. ეტლში. ზურგით მისკენ. –დე, მამა სადაა?–ძველი ჩვეულებით, თუმცა ბოლოჯერ, უკანასკნელად მიმართა ასე. ხმა უკანკალებდა. გაშეშებული სახე, ჩამქრალი თვალები, გამყინავი ხმა: –წავიდა.–ქალმა ხელი ტუმბოსკენ გაიშვირა. ილიამ ქაღალდის ნაგლეჯი აიღო, რომელზეც აცაბაცა ეწერა: „მაპატიეთ, მეტი აღარ შემიძლია. მანქანას შენ გიტოვებ, ოჯახს მიხედე.“ წავიდა. დატოვა. მარტო დატოვა. მარტო. ამხელა ტვირთი. დარდი. პასუხისმგებლობა 14 წლის ჯერ კიდევ მოუმაგრებელ მხრებს აჰკიდა. თავში ყველაფერი ერეოდა ილიას. –როგორ გაუშვი...–აღმოხდა საყვედური სუნთქვაშეკრულს და სანამ ოთახიდან გაიქცეოდა, ჩამქრალი თვალები გაელვებას მოჰკრა თვალი: –ძალიანაც კარგი, რომ წავიდა!–ქალი სახიფათოდ დაიძრა მისკენ ეტლით. თან ბოლო ხმაზე აკივლდა.–წაეთრას იმ თავის ბოზთან! ჩვენ მაინც არ ვჭირდებით! ხედავ, რა დღეში დაგვტოვა?! არამზადა! არამზადა! ნაბიჭვრებო! ნაბიჭვრებო!–ბოლო სიტყვები უკვე სახლის კართან მისწვდათ მას და დაჩის, რომელიც ვერაფრით ხვდებოდა რატომ გააქცუნეს ასე უცებ სახლიდან. –რა ხდება, მამა სადაა? –წავიდა.–ჯინსის ჯიბეში ჩაიკუჭა ხელში შერჩერნილი წერილი და ქუჩას გაუყვა ძმასთან ერთად. –ჰო.–ცრემლებს კბილის კბილზე დაჭერით აკავებდა ილია. –სად წავიდა?–არ ეშვებოდა ძმა და თვალებში რომ შეხედა, არც კი იცის რა დაინახა მათში, მაგრამ პატარა, გულუბრყვილო, უსამართლობას ჯერაც მიუჩვეველი თვალები სიმართლისთვის ვერ გაწირა. –საზღვარგარეთ. იმუშავებს და ფულს გამოგვიგზავნის. დაჩი შეყოყმანდა. ეს არც ისე ცუდი იყო. იქნებ ისეთი ველოსიპედიც უყიდონ მათი მეზობლის ბიჭს რომ აქვს. –შორს?–იკითხა ყოველი შემთხვევისთვის. –შორს. იქ, სადაც მაღალი ხელფასებია. თვალებში ეტყობოდა, როგორ დაუმშვიდდა პატარა გული და გზა განაგრძო. –კი, მაგრამ არ შეიძლებოდა დაგვმშვიდობებოდა?–ბუზღუნებდა გზადაგზა. ილიამ თვალები ამოიწმინდა და მერე გააგრძელა გზა. –რომ დაენახა როგრო ტირიხარ, ვეღარ წავიდოდა.–უთხრა დაჩის, ნაძალადევად გაიღიმა და თმა მოუჩეჩა. –მე და ტირილი?–შეურაცხყოფილი დარჩა დაჩი.–რა სისულელეა! რამდენიმე დღეც და დაჩის მარტო მოუწევს სკოლაში სიარული. მამის დანატოვარი ფული სულ მალე გამოელიათ და პატარა დაჩი ნახევარჯერ მშიერი დადიოდა სკოლაში. ილიამ სამსახური იშოვა! მართალია მშენებლობაზე, სადაც ყველა ზრდასრული მამაკაცი მუშაობდა და 15 წლის ბიჭისთვის, რომელსაც წესით მშობლების ფულები უნდა გაეფლანგა, გოგოები პაემანზე დაეპატიჟა და პირველ სექსზე ეოცნება, ცემენტის ბლოკებს დაათრევდა აქეთ–იქით და სახლამდე ძლივს მიათრევდა დაღლილ სხეულს. სწორედ იმ მშენებლობაზე გაცნობილმა კეთილმა კაცმა ასწავლა მანქანის ტარება, რომ დაღლილს სახლში მისასვლელად ნახევარი ქალაქი ფეხით არ გაევლო შუაღამისას. მანქანის ტარება... თუნდაც დანჯღრეული ძველი პიკაპის... იყო ერთადერთი რამ, რაც თავის ახალგაზრდა ასაკს, სილაღეს ახსენებდა ილიას. პირველი ხელფასი. გადახდილი ქვითრები. მზა კერძი ხორცით და სასუსნავები დაჩისთვის. მერე და მერე ხელფასის დიდ ნაწილს დაჩის უტოვებდა, რომ პროდუქტები მოემარაგებინა, თვითონ დილიდან დაღამებამდე მუშაობდა. ზოგჯერ ღამითაც კი არ მიდიოდა სახლში. სიგარეტის მოწევაც დაიწყო თანამშრომლების გავლენით. მძიმე სამუშაომ და ნოყიერმა საკვებმა კუნთები გაუმაგრა. გამაღლდა. წვერიც მოერია თანდათან. ისე დაკაცდა, ვერც კი იგრძნო. განსხვავება მხოლოდ მაშინ შენიშნა, სხვა მუშებთან ერთად ლუდის ბარში დასალევად შესულმა თვალი მიმტან გოგოს რომ გააყოლა და პასუხად დამცინავი გამომეტყველების მაგივრად მაცდური ღიმილი რომ მიიღო. არადა ადრე დიდი გოგოების მას ვერც კი ამჩნევდნენ. და მერე პირველი სექსიც... თავის კლასელთან. მას წესიერად არც კი იცნობდა, რადგან სკოლაში არ დადიოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, იმ გოგოს შორიდან მოსწონდა, თანაც ძალიან. ისე, რომ ყველაფერზე თანახმა იყო. და მის დაბადების დღეზე შემთხვევით მოხვედრილ ბიჭს უმანკოება უყოყმანოდ ჩააბარა. ილიასთვის არავის უსწავლებია ასეთ სიტუაციაში მოქცევის წესები. იმ ღამითაც კი არ დარჩა. მაგრამ ჰორმონები როცა შეაწუხებდა, ხშირად სტუმრობდა ხოლმე პატარა, საყვარელ ხუჭუჭა სალომეს. სანამ გვანცა არ გამოჩნდა. უფრო ლამაზი, უფრო სავსე, უფრო გამოცდილი და უფრო თამამი. მერე იყო მარიკა, თაკო, 1–2 ნინო და კიდევ რამდენიმე სხვა. არა, რაოდენობით არ ამაყობდა, არც კოლექციას აგროვებდა. უბრალოდ ეს ერთადერთი იყო, რაშიც გოგოების მხრიდან ყურადღებამ თავდაჯერება გაუჩინა თანაც ეს მის ცხოვრებაში სიამოვნების ერთადერთი წყარო იყო, სანამ... სანამ მშენებლობაზე მეპატრონე შემოივლიდა ნამუშევრის დასათვალიერებლად და ილია მის მანქანაში განსხეულებულ ანგელოზს არ დაინახავდა. ლონდა... ანგელოზს ქერა, პრიალა კულულები, ნაზი კანი, თხელი თითები, ბუტია ტუჩები და ლურჯი თვალები ჰქონდა. მამას გაბრაზებული ელოდებოდა და გარშემო არაფერს იმჩნევდა. ლონდა იყო პირველი გოგონა, რომელმაც იგრძნო ილიას ყურადღება და იგი მიწაზე ჭიაყელასავით დაასრისა. ალბათ სწორედ ამიტომაც შეუყვარდა. მის ლანდად იქცა. სიურპრიზებს უწყობდა. რამდენადაც შეეძლო ანებივრებდა. არც სამსახურის დაკარგვის მუქარას უშინდებოდა. ისეთ ადგილებში ჩნდებოდა, სადაც ლონდა საერთოდ არ ელოდა. მისი გული კი მაინც ვერაფრით მოიგო. ბოლოს, გაიგონა როგორ ლანძღავდნენ და დასცინოდნენ ლონდას მეგობრები, ის კი ხმას არ იღებდა, არაფერს ეუბნებოდა თავის მეგობრებს, არ აკეტინებდა. მის გულწრფელ და უარყოფის გამო ას და ათასმაგად გამძაფრებულ გრძნობას ფეხქვეშ თელავდნენ ფულიანი ტომრები, მამიკოს გოგოები და ბიჭები დასცინოდნენ, აბუჩად იგდებდნენ. ის კი უბრალოდ უსმენდა მათ. პატივისცემასაც კი ვერ მიაღწია მასში. წავიდა. დაფიქრდა. გაუჭირდა. მაგრამ შეძლო. ლონდა დავიწყებას მისცა. მან ხომ ვერ დააფასა ილიას გრძნობები?! მერე ანუკი გამოჩნდა. მასთან ურთიერთობა ადვილი იყო. სითბოს თუ გაიღებდი, მეტს არაფერს მოგთხოვდა, გულს მოგცემდა ისეთი იყო... ყველანაირად მისი... საიმისო... და უცებ მეხივით თავსდამტყდარი ლონდას ზარი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.