ჩანახატი (39 თავი)
ოცდამეცხრამეტე თავი ერთი კი გახედა გვერდულად თეკლემ საჭესთან დაძაბული სახით მჯდომ აკას, რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა ისევ გაჩუმება არჩია, უმზერდა ვაჟს და აშკარად ებრძოდა საკუთარ თავს, ათასი სალანძღავი სიტყვა მოსდიოდა, უამრავი საყვედური, მაგრამ ხმას ვერ იღებდა. ემოციებით დაღლილს აღარც კამათის თავი ჰქონდა და არც წინააღმდეგობის გაწევის სურვილი შერჩენოდა. ისეთი დაჭიმული სახე ჰქონდა აკას, აშკარად გრძნობდა ქალის განწყობას, ყოველ წამლს ელოდა როდის გადავიდოდა შეტევაზე. თეკლე კი სულაც არ ჩქარობდა დუმილის დარღვევას. ცდილობდა მოვლენები ცივი გონებით გაეანალიზებინა. აშკარად ხვდებოდა, რომ ყველაზე მეტად მათი ჩხუბი ვიკას გაუხარდებოდა, მისი გამარჯვებული, ირონიული ღიმილის წარმოდგენაზე ორმაგად ბრაზდებოდა. იმასაც კარგად იაზრებდა, რომ ამას სიყვარულის გამო არ აკეთებდა, მის ქცევაში უცნაურ სპორტულ ინტერესს ამჩნევდა, თითქოს ერთობოდა, ეგოისტურად ცდილობდა ადრე მისად დაგულებულის დაბრუნებას. ავტომობილი თანდათან თბილისს შორდებოდა, მცხეთის მიმართულებით მიმავალ გზასაც გასცდნენ და გეზი მთიულეთისკენ აიღეს. არც ამჯერად დაურღვევიათ დუმილი, თეკლე მოგონებებს უკირკიტებდა, გაახსენდა მათი გაცნობის დღე, ერთად განცდილი ბედნიერებითა, თუ ტკივილით სავსე წუთები. ნიკას სიტყვებიც ახსენდებოდა: - „ყველაფერს მივცემდი წარსულის დაბრუნება რომ შემეძლოს“.... უცებ თვალი სპიდომეტრისკენ გაექცა, ისარი სიჩქარის უმაღლეს მაჩვენებელს უახლოვდებოდა. მოულოდნელობისგან თვალები გაუფართოვდა, პანიკურად შეეშინდა, არ იფიქროთ თითქოს საკუთარ თავზე ფიქრობდა, არა. თავის და უნებურად, წარმოიდგინა, თითქოს უკანასკნელად ხედავდა ვაჟს, ტანში უსიამოვნოდ გასცრა, ამ სისულელს გაფიქრებისგანაც კი იმდენად ეტკინა თვალები ცრემლებით კი აევსო. აღარც ჩხუბი სურდა, აღარც გაბუტვა. - ცოტა ნელა იარე, გთხოვ!... - ხმაგაბზარულმა, მუდარით შეხედა ვაჟს. გაოცებულმა შეხედა აკამ, კარგად იცოდა, რომ სისწრაფე არ აშინებდა. მაშ რამ გამოიწვია მისი დაფრთხობა?! მზერა აარიდა თეკლემ და ისევ ფანჯრიდან გააგრძელა ულამაზესი ხედებით ტკბობა. ნელ-ნელა დააგდო სიჩქარე. პერიოდულად გამოხედავდა ხოლმე ქალს, რომელიც ისევ ჯიუტად არიდებდა სახეს და მალულად ცდილობდა ცრემლების მოწმენდას. - თეკლე გთხოვ, ჩუმად ნუ ხარ... მითხარი რამე. გამლანძღე, მეჩხუბე, რაც გინდა ის ჰქენი, ოღონდ ხმა ამოიღე!... - ნერვებმა უმტყუნა აკას. როგორც იქნა ვაჟისკენ მიბრუნდა, ცრემლებითა და საყვედურით სავსე, ცისფერი თვალებით უმზერდა. - არც ჩხუბი მინდა და არც ისტერიკის მოწყობა!. - მტკიცე ხმით გამოუცხადა მან. - აბა, რა გსურს?! - მისგან ასეთ სიტყვების გაგებას აშკარად არ ელოდა ვაჟი. - არაფერი, საერთოდ არაფერი... - გამებუტე? ხომ იცი, რომ არ შემძლია.... ბუტიაობას ისევ ჩხუბი და კამათი მირჩევნია. სიჩუმით გინდა მატკინო?! - არა... უბრალოდ... - სიტყვებს თავი ვერ მოუყარა, ისევ ცრემლებმა ჩაუხშო ხმა. - ვიცი, რომ გაწყენინე, მაგრამ.... მიყვარხარ, შენც ხომ იცი, რომ მიყვარხარ?! არ მიმატოვო, გთხოვ!... - მუდარით ეუბნებოდა აკა. მისი „მიყვარხარ“ გულს მალამოდ მოედო. ტანში სასიამოვნოდ დაუარა. - არ მინდა იფიქრო, თითქოს შენს დასჯას ვცდილობ, უბრალოდ, მტკივა და მინდა ემოციებისგან დავიცალო!... - საკუთარ თავზე ღიზიანდებოდა, როცა სურდა ტირილი ცრემლი ვერ გადმოაგდო, ეხლა კი თავს ვერ იკავებდა. სახეზე ოდნავ შეეხო ვაჟი, იგრძნო როგორ შეკრთა, თითებით ფრთხილად მოწმინდა ობლად ჩამოგორებული ცრემლები, მისი ხელის მოცილება არ უცდია თეკლეს. პირიქით, ლოყით მიეფერა ხელის გულზე. ეხლაღა მიხვდა რა აკლდა აკას, მთელი დღეა ელოდა მისგან სულ მცირე სითბოს გამოვლინებას, როგორც იქნა ოდნავ შესამჩნევად დაძრა მათ შორის არსებული ყინულიც. ქალის საქციელზე ღიმილი ვერ შეიკავა. საჭესთან რომ არ მჯდარიყო, ალბათ გულშიც ჩაიკრავდა და ცრემლიან თვალებს სათითაოდ დაუკოცნიდა. მისი ათრთოლებული, პატარა თითები მარჯვენა ხელის მტევანში მოიქცია, ერთი კი სცადა ქალმა მისი მოშორება, მაგრამ ვაჟმა ამის საშუალება არ მისცა, უფრო ძლიერად მოუჭირა თითებზე ხელი და გულში ჩაიკრა. ესმოდა როგორ გამალებით უცემდა გული, დამფრთხალი ჩიტივით საგულედან ამოხტომას ლამობდა. რამოდენიმეჯერ ისევ გაიფართხალა თეკლემ, მაგრამ თითები ვერ გაინთავსუფლა, მარწუხებივით უჭერდა ვაჟი მტევანს. - ასეთი ძლიერიც არ ვარ, მეტკინა.... - ტირილით ამოიკვნესა მან. - მაპატიე... ვერ მოვზომე... - ღიმილ შეპარული ხმით სწრაფად გაუშვა ხელი აკამ. აწითლებულ თითებს ისრესდა თეკლე. - ალბათ მართალი ხარ, გავბრაზდი, მეწყინა, მეტკინა კიდეც, მაგრამ შენგან წასვლა რომც მინდოდეს, მაინც ვერ შევძლებ... ზედმეტად მიყვარხარ, იმისთვის რომ მიგატოვო!.... - თითქოს თავის თავს გამოუტყდაო, მისთვის არც შეუხედავს, ჩურჩულით წარმოსთქვა გოგონამ. უცნაურია, მიუხედავად იმისა, რომ მის ჩანახატებში ყოველი მეორე სიტყვა სიყვარულზე გახლდათ, ხმამაღლა საკუთარ გრძნობებზე არ საუბრობდა. ამის გამო ხშირად საყვედურობდა ვაჟი. თუმცა ის პოზიციებს არ თმობდა და დამაჯერებლად აცხადებდა: - სიყვარულს საუბარი კი არა საქმით უნდა დამტკიცებაო... ალბათ, მართალიც იყო, მაგრამ ამჯერად საკუთარ პრინციპებს უღალატა. მიხვდა ვაჟი რამხელა ძალისხმევა დასჭირდა ბოლო წინადადების ხმამაღლა წარმოსათქმელად. - ეს დღე კალენდარზე უნდა მოვნიშნო, აშკარად მადლობა მაქვს ვიკასთვის სათქმელი... როგორც იქნა ერთხელ მაინც მითხარი, რომ გიყვარვარ!... - ბედნიერების ღიმილმა ერთბაშად გაუნათა სახე ვაჟს. - ჩემი მოთმინებით ბოროტად ნუ სარგებლობ. წუხანდელი ღამე არ დამვიწყებია. ერთხელ კიდევ ახსენებ მაგ ქალს და გპირდები ჩემი წერა გახდები!... - სიცილით დაემუქრა და სიწითლის დასამალად ისევ მზერა აარიდა ქალმა. ქვემოდან გახედა პატარა ბავშვივით სახე აჭარხლებულ თეკლეს. - სად მივდივართ? - საუბრის თემის შეცვლა სცადა გოგონამ. - სიურპრიზია... - იმედია ... - საკუთარ ჩაცმულობას დახედა ქალმა. - ბანკეტზე ნამდვილად არ გეპატიჟები, თუმცა.... - უნებურად თვალი მარცხენა ფეხზე არსებული კაბის ღრმა ჭრილისკენ გაექცა ვაჟს, რომელიც ხიდზე განვითარებული მოვლენების დროს კიდევ უფრო ღრმად გაჰხეოდა და თეკლეს გრძელი, სრულყოფილი ფეხები მთელი მისი დიდებულებით საკმაოდ მაცდურად გამოიყურებოდნენ. ქალმა ხელით სცადა გარღვეული ნაწილის დაჭერა, თუმცა სრიალა ატლასის ნაჭერს ბევრი ვერაფერი მოუხერხა, ჯიუტად ისევ გვერდზე იხსნებოდა. - მაგ კაბას ასეთი ღრმა ჭრილი ჰქონდა, თუ?! .... - ხუმრობა ნარევი ტონით კითხვა არ დაასრულა ვაჟმა. - ჩემი ორთაბრძოლის ილეთები ვერ გადაიტანა... - უხერხულად შეიშმუშნა თეკლე. - უდაოდ მაგარი სანახაობა გამოვტოვეთ!... - თვალი ისევ ჭრილისკენ გაექცა ვაჟს. თუმცა ქალმა ჭკუა იხმარა, ნეხევრად გვერდულად შებრუნდა, მარჯვენა ფეხი მარცხენაზე გადაიდო და მოხერხებულად დამალა შიშველი ნაწილი. - ბოროტი ხარ... დიდი რამე ოდნავ თუ დავტკბები შენი ცქერით... - უკმაყოფილოდ ამოიღრინა აკამ. - მხოლოდ ქორწილის შემდეგ, ძვირფასო!... - ეშმაკურად ჩაუკრა თვალი და გამარჯვებული, კმაყოფილი მზერით მიაჩერდა ნირ წამხდარ ვაჟს. წინა ღამის ემოციებმა და დაღლილობამ ერთბაშად იჩინა თავი, მართალია არ უნდოდა, მაგრამ მაინც ჩაეძინა თეკლეს. პატარა ბავშვივით ძილში ეღიმებოდა ქალს. ფასანაურს გასცდა თუ არა, მარჯვენა მხარეს მთებისკენ გადაუხვის აკამ. ხეობაში ვიწრო გზა შედიოდა. ერთ დროს ალბათ მჭიდროდ დასახლებული სოფელიდან, ამ ჯერად ამოღამებული ნასახლარებიღა დარჩენილიყო. ნელ-ნელა ზემოთ, მთებისკენ მიიწევდა ავტომობილით. ოღრო-ჩოღრო გზაზე მოძრაობა საკმაოდ ჭირდა, მაგრამ მიუხედავად სირთულისა მაინც წინ მიიწევდა ყმაწვილი. როგორც იქნა მივიდა სასურველ ადგილზე. მთის წვერზე, თითქმის უღრან ტყეში, თითქოს არსაიდან მოულოდნელად ჩნდებოდა უზარმაზარ ეზოში ობლად მდგომი, ერთ დროს ალბათ საკმაოდ ლამაზი, შუშა-ბანდიანი სახლი. გული მოგონებებითა და სიხარულით აევსო აკას, რამოდემეჯერ დაასიგნალა, მასპინძლის გამოჩენას არ დალოდებია, ალაყაფის რკინის კარები სწრაფად გახსნა და ავტომობილი ეზოში შეაყენა. ხმაურზე თეკლესაც გაეღვიძა, დაბნეული აქეთ-იქით იყურებოდა. - სად ვართ? - თავისდა უნებურად, რატომღაც ჩურჩულით ჰკითხა ვაჟს. - მთიულეთში... ერთი ადამიანი უნდა გაგაცნო... - ღიმილით თვითონაც ჩურჩულით უპასუხა აკამ. სწორედ ამ დროს სახლიდან შავოსანი, მოხუცი ქალი გამოვიდა, შუბლზე ხელს იფარებდა და ცდილობდა დაუპატიჟებლად მისული სტუმრები შორიდანვე ამოეცნო. - აი, ჩვენი მარიამიც! .... მოხუცის დანახვაზე მყისვე გადახდა ვაჟი მანქანიდან. სხარტი, სწრაფი ნაბიჯით მირბოდა ქალისკენ. შორიდანვე დაინახა თეკლემ, როგორ აიტაცა მოხუცი ხელში, პატარა ბავშვივით სახეს უკოცნიდა და ეფერებოდა ქალიც. როგორც იქნა დასვა მოხუცი ვაჟმა. - ჩემი გადარეული ბიჭი, როგორც იქნა გაგახსენდი, ასე უნდა?!... - საყვედურობდა მოხუცი. - გახსოვს დაგპირდი, შემდეგ ჩამოსვლაზე ცოლთან ერთად გესტუმრებითქო, პირობას ვასრულებ, მარიამ!... - მხიარულად შესცინა ვაჟმა. - რას მეუბნები ბიჭო?! სახლში პატარძალი ასე გაუფრთხილებლად უნდა მოგეყენებინა?! - შეიცხადა ქალმა. - ასე ხმამაღლა ნუ ყვირიხარ, პატარძლობის ამბავი ჯერ-ჯერობით თვითონაც არ იცის... - მხიარულად იცინოდა ბიჭი. - მოიტაცე ბიჭო?! - გაოცებულს აღმოხდა მოხუცს. - მოვიპარე! - თბილად, სიყვარულით გახედა ავტომობილიდან გადმოსულ, მათკენ გაუბედავი ნაბიჯით მიმავალ თეკლეს, რომელსაც აშკარად უჭირდა ოღრო-ჩოღრო, უსწორ-მასწორო ეზოში ქუსლებით სიარული. - მიდი დაეხმარე, მშვიდობით მოყვანილი, აქ არ წაგვექცეს ბალღი!... - ხელით გოგონასკენ უბიძგა ქალმა. თითქოს მის სიტყვებს ელოდაო, თითქმის სირბილით მივიდა თეკლესთან აკა, ხელში პატარა ბავშვივით აიტაცა და მარიამისკენ სირბილ-სირბილით წაიყვანა. - დამსვი, სირცხვილია... - აფართხალდა თეკლე. - მოისვენე, დამივარდები იცოდე!... - სიცილს ვეღარ იკავებდა აკა. - აქ რატომ ვართ? - ჩუმად ჩაეკითხა თეკლე. - წლების წინ დავპირდი მარიამს, რომ ჩემს ერთადერთს, ჩემს მეუღლეს პირველად მას გავაცნობდი. პირობას ვასრულებ!... - რა თქვი, ჩემს ვისო?! - თვალები ჭყიტა გაოცებისგან გოგონამ. - მეუღლეს... - მეხუმრები?! - თუ გინდა ხუმრობად ჩათვალე, ოღონდ მარიამთან არ შემარცხვინო იცოდე!... - თვალი ჩაუკრა აკამ და მყისვე ქალის წინ დასვა. - გაიცანი ჩემი ერთად-ერთი, ჩემი ფერია, თეკლე... ეს კი ჩემი მამიდაშვილების ალალი ბებია, მარიამია, ბავშვობაში ბრონხების პრობლემა მქონდა, ასთმური ნიშნებით... აქაური ჰაერი მიხდებოდა და მამიდაშვილებთან ერთად ხშირად ჩამოვდიოდით. ასე რომ მარიამი ჩემი ბებიაცააა... - თბილად წარუდგინა ერთმანეთს ქალბატონები. - ღმერთმა ტკბილად შეგაბეროთ, შვილო! - შუბლზე აკოცა მოხუცმა. - წამოდით, წამოდით... გარეთ გრილა, არ გამიცივდეთ, ასე თხლად ჩაცმულები... - უცებ დაფაცურდა ქალი. - არა გრცხვენია, ასე რომ ატყუებ?! - აკას მკლავზე დაყრდნობილი, ჩუმად ედუდუნებოდა თეკლე. - კი, ოღონდ არ მეტყობა... - აშკარად ხუმრობის ხასიათზე იყო ვაჟი. ორ სართულიანი სახლის პირველ სართულზე სავარაუდოდ იქაური წესისამებრ შინაური ცხოველებისთვის „გომური“ იყო მოწყობილი. მეორე სართულზე კი საცხოვრებელი აპარტამენტები. ალბათ, სიტყვა აპარტამენტი ცოტა არ იყოს ზედმეტად ხმამაღალ ნათქვამად ჩაითვლება. დიდი მისაღები ოთახი, ორ შედარებით მცირე ზომის საძინებელში გადიოდა. იქვე გვერდით იყო მოშენებული პატარა საკუჭნაო, სადაც მოხუცს სამზარეულო ჰქონდა მოწყობილი, დიდი ხის, ძველებური ბუფეტის გვერდზე მცირე ზომის ტახტი, იგივე „კუშეტკა“ იდგა, შუა ოთახში - პატარა შეშის ფეჩი. ზამთარში სავარაუდოდ საკუჭნაო მოხუცისთვის საძინებლის ფუნქციასაც ითავსებდა. მთელი მისი ცხოვრება, მისი სამყარო თითქოს ამ ერთ ოთახში იყო მოთავსებული. სახლში შევიდნენ თუ არა მოხუცი მაშინვე დაფაცურდა, ხის დიდი კასრიდან ფქვილი ამოიღო: - ისეთ ხაბიძგინებს დაგიცხობთ, ისეთ მხლოვანებს... თითები ჩაიკვნიტოთ... - ჩვენს გამო არ შეწუხდეთ... - უხერხულად იშმუშებოდა თეკლე. - თქვენზე უკეთესს ვის მოვემსახურები... - უკვე ფქვილს სცრიდა ქალი. - მოგეხმარებით მაინც. ასე სულელივით უნდა ვიყო გამოწყობილი?! -ჩუმად დუდუნებდა თეკლე, აშკარად არ შეეფერებოდა იქაურ სიტუაციას მისი საღამოს კაბა. - აკა, შვილო.. ოთახში შეიყვანე თეკლე, კარადაში თქვენი დატოვებული ტანსაცმელები მაქვს დარეცხილი, რამეს შეარჩევს ჩასაცმელად... თბილად ჩაიცვი შვილო, საღამოს აცივდება! - აშკარად არ ელოდა მოხუცი მის წუწუნს თუ გაიგონებდა, ღიმილით გახედა აკამ თავდახრილ, აწითლებულ თეკლეს და მოხუცს თვალი ჩაუკრა. ოთახში შეუძღვა ვაჟი, კარადაში კოხტად დალაგებული ტანსაცმელი აჩვენა: - აკა, ქორწინებაზე იხუმრე ხომ?! - ვაჟისკენ არც გაუხედავს, კარადაში თავჩარგულმა ჰკითხა ქალმა. - წინასწარ არასოდეს ვგეგმავთ აქ ჩამოსვლას, ვისაც როდის მოგვეხასიათება მაშინ მოვდივართ, ამიტომ გამოსაცვლელად რამოდენიმე წყვილი სამოსი ყოველთვის გვაქვს დატოვებული... - პასუხს თავი აარიდა ვაჟმა. - კითხვაზე პასუხს რატომ არ მცემ?! - ხმა ათრთოლებული შემობრუნდა თეკლე. ზედმეტად ახლოს მდგომ ვაჟს თვალებში უმზერდა. აშკარად ესმოდა საკუთარი გულისცემა. მღელვარების დასამალად გულში ძლიერად იკრავდა კარადიდან გამოღებულ სპორტულებს. - არ მიხუმრია... არც ტყუილი მითქვამს... - იგრძნო მღელვარებისგან როგორ დაეძაბა ხმა ბიჭსაც. - კარგად იცი, უაზროდ მიყვარხარ. ავადმყოფურად, ჩემთვის ჰაერივით ხარ... გუშინდელმა მოვლენებმა კი შიში გამიჩინა. იმ სისულელის გამო რომ დამეკარგე, თავს ვერ ვაპატიებდი... ვიცი ბევრს ვერაფერს გთავაზობ და ალბათ ვერც შემოგთავაზებ, რაც ვარ ეს ვარ... შენი სიყვარულის მეტი არც არაფერი მაქვს, შენ ხარ ჩემი სიმდიდრეც და ჩემი ცხოვრებაც... გთხოვ, უარს ნუ მეტყვი... - მუდარით, იმხელა ტკივილით უმზერდა, რომ ქალმა თავი ვეღარ შეიკავა, ბედნიერების ცრემლები წამოსცვივდა. - ჩუ... ნუ სტირი... - გულში ძლიერად იკრავდა ვაჟი. - დედას გეფიცები გავიგებ, თუ არ გინდა ჩემთან ყოფნა გაგიგებ, ძალს არ დაგატან, ოღონდ არ იტირო, ოღონდ შენს ცრელებს ნუ ... - ღმერთო ჩემო, როგორი სულელი ხარ!... - წინადადების დასრულება არ აცალა თეკლემ, თითის წვერებზე აიწია და ვაჟს სულ ოდნავ, ფრთხილად შეეხო ტუჩებზე. უცნაური რეაქცია ჰქონდა აკას. მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. თითქოს ყურებს არ უჯერებდა. გაოგნებული, დაბნეული დაჰყურებდა. - ისეთი სახე გაქვს, მე მგონი გსურდა უარი მეთქვა?! - სიცილით, მეტიჩრულად მოწკუპული თვალებით უმზერდა ქალი. - არც კი იოცნებო! - ბედნიერმა, უფრო ძლიერად ჩაიხუტა საყვარელი არსება ვაჟმა და ვნებიანად დაეწაფა მონატრებულ ბაგეებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.