შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თათა (სრულად)


9-03-2016, 08:38
ავტორი nicol
ნანახია 25 044

****
როცა საფრთხეს გრძნობ ლოცვას იწყებ. ღმერთს ევედრები შველას, ყველაზე მძაფრად მაშინ გწამს. სწორედ ის დრო იყო, ლოცვა დაეწყო, გულმხურვალედ, ყველას გასაგონად. მაგრამ ნაცვლად ამისა უბრალოდ ფიქრობდა. იმ მომენტებს იხსენებდა, რისი გულისთვისაც ღირდა ცხოვრება.

****
მაშინ 17 წლის იყო თათა, პირველი კურსის სტუდენტი. დეიდასთან იყო სტუმრად და სწავლისგან გადაღლილი განსატვირთად ხანდახან საკუთარი დეიდაშვილისა და მისი მეგობრის კინკლაობის მოსმენით ირთობდა თავს.
– რაღაც ძალიან გიბრწყინავს თვალები, რაო იმ „სამხედრომ“ მალე ჩამოვალ და დამელოდეო? – უკვე მერამდენედ იწყებდა თათას დეიდაშვილი ამ საუბარს. ამით ცდილობდა ნერვები მოეშალა მეგობრისთვის.
– მწარე ხარ ნინო, შეგიყვარდება და გნახავ მერე როგორ იჭიკჭიკებ. – ღიმილით პასუხობდა ლიკა. კარგად იცოდა მეგობრის ხასიათი.
– ზუსტად ვიცი, ჯარისკაცის გოგო არასდროს ვიქნები. სად შემიძლია უსასრულოდ ველოდო? რომ მომენატროს რა ვქნა, ვიტირო თუ ელვა დეპეშა გავუგზავნო?
– ნუ ამლაშებ ახლა. – გაეღიმა თათას. – მეც ბევრად უფრო მშვიდად ვიქნებოდი თუ ჩემს მეორე ნახევარს უსაფრთხო სამსახური ექნებოდა და მეცოდინებოდა, რომ საღამოს რვაზე სახლში იქნებოდა, მაგრამ თუ უყვარს იტირებს კიდეც, ელვა დეპეშასაც გაუგზავნის და თუ დასჭირდა გაგანია ომშიც კი ჩააკითხავს.
– მე უფრო მეტი კომფორტი მიყვარს. – უკან არ დაიხია ნინომ.
– გოგო, შენ რა საქმეც გაქვს იმას მიხედე. - სამზარეულოდან ნათელამ გამოსძახა შვილს. – ქმარს და კომფორტს ყოველთვის მოესწრები. ნეტავ ვიცოდე რა გეჩქარებათ ასე?! – ეს სიტყვები უკვე თავისთვის ჩაილაპარაკა და ისევ თავის ქვაბებს მიუბრუნდა.
იმ დღეს შეეძინა ახალი ქვაბი, რომლითაც აღფრთოვანებული იყო.
– გოგოებო, გამყიდველმა მითხრა გარანტიას გაძლევ, ორი მეტრიდანაც რომ ჩამოგივარდეს, მინის თავსახურიც კი არ გატყდებაო. – ბედნიერი უყვებოდა გოგოებს. – აი ნახეთ. – წმოდგა ხელი მაღლა ასწია და საკმაო სიმაღლიდან ჩამოაგდო. თავსახური ზრიალით დაეცა სამზარეულოს იატაკის ფილებს, რამდენიმე ბრუნი გააკეთა და გაჩერდა. – აი, ხომ ნახეთ? არაფერი მოუვიდა. – აღფრთოვანებული იყო ნათელა. ახლა უფრო მაღლა ასწია ხელი და კიდევ ერთხელ დაასკდა ქვაბის თავსახური იატაკს.
– ნინო, მამა. – მისაღები ოთახიდან ჯემალიმ გამოსძახა შვილს, ისე რომ გაზეთი არ მოუშორებია სახიდან. – რემონტი რომ გავაკეთეთ ის ყუთები გადავყარეთ?
– კი მამა. – გაკვირვებული ხმით გასძახა ნინომ.
– აბა, ისე ხომ არ გახსოვს, მაგ „მეტლახს“ გარანტიაში ეწერა, ორი მეტრის სიმაღლიდან გულმოდგინედ გადმოგდებულ ქვაბის თავსახურებს თუ უძლებსო?!
გოგოები სიცილისგან ჩაბჟირდნენ.
– უყურე ახლა ამას შენ. – ნათელამაც ვერ შეიკავა თავი და გაიღიმა. – მითხარით არ ჯობია იშვიათად მოდიოდეს სახლში, ვიდრე ყოველდღე ასე გიშლიდეს ნერვებს? – ვითომ ხმა გაიმკაცრა ქალმა.

****
უნებურად გაეღიმა თათას. როგორი სხვანაირად ეჩვენებოდათ მაშინ ყველაფერი. გვერდზე მჯდომ მოხუცს გადახედა, რომელსაც ლოცვების ბუტბუტი შეეწყვიტა და თათას უყურებდა. ალბათ ვერ გაეგო ამ სიტუაციაში რა აცინებდა.
თათას კი ის აცინებდა, რომ ნინო სწორედ ჯარისკაცის მეუღლე გახდა. კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო ხომ გაგიგიათ? სწორედ ასე დაემართა. როგორ კარგად ახსოვს ტელეფონში მისი ჩამდნარი ხმა და მისი დაწერილი გაუგზავნელი წერილიც წაუკითხავს ჩუმად. მისი მონატრებისგან აცრემლებული თვალებიც უნახავს და არაერთხელ ჩასულა შუაღამისას ეზოში ნინოსთან ერთად, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გიგას სწორედ ამ დროს ეპოვნა თავისუფალი დრო და მაშინვე ნინოს სანახავად წამოსულიყო. რამდენჯერ მდგარა სადარბაზოსთან ატუზული და გაყინულა, სანამ გვრიტები ერთმანეთს მოისიყვარულებდნენ.
მოხუცმა თათას შიშველ წვივებს გადახედა, ტანსაცმელზე ზევიდან მოცმული ბამბაზიის ხალათი გაიხადა და გოგონას მიაწოდა.
– ჩაიცვი შვილო, ასე სჯობს. ღმერთმა დაგიფაროს ამ ურჯულოებისგან. – მოშორებით მდგარ ჯარისკაცებს გახედა და ჩუმად დაუწყევლა გამჩენი.
თათამ გამოართვა, ჩაიცვა და ფეხები თითქმის ბოლომდე შემალა ხალათის განიერ კალთებში.


****
გუშინდელი დღესავით ახსოვს მისი პირველი ზარი.
– ალო. – რამდენიმე ზარის მერე უპასუხა უცხო ნომერს.
– გამარჯობა თათა, მე ლექსო ვარ, გიგას ძმაკაცი.
– დიახ, გისმენთ. – დაიძაბა, რატომღაც ცუდ ამბავს ელოდა.
– შენი გაცნობა მინდა, მაგრამ ახლა არ მცალია და მერე დაგირეკავ. – სწრაფად მიაყარა და გათიშა.
დიდხანს ეჭირა მობილური ყურთან დ გაოგნებულს არ იცოდა რა ექნა. ბოლოს გამოერკვა, თავხედიო, ჩაილაპარაკა და ტელეფონი ჯიბეში შეინახა. კიდევ დიდხანს ფიქრობდა ამ ზარზე. ელოდა კიდეც ხელმეორედ დარეკვას, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ არ ეპასუხა, ამით თითქოს სამაგიეროს გადახდა უნდოდა ასეთი წარმოუდგენელი სითავხედისთვის. თან უკვე ჰყავდა ობიექტი, რომელსაც ეპრანჭებოდა სხვაზე ფიქრი ნაკლებად აინტერესებდა.
საღამოს ისევ შემოვიდა ზარი იგივე ნომრდან. დიდხანს უყურებდა ნიშნისმოგებით აციმციმებულ ეკრანს. მანამ სანამ თვითონვე არ გათიშა. 1:1 – გაივლო გუნებაში და კმაყოფილი წავიდა დასაძინებლად.
მეორე დღესაც დარეკა, ისევ არ უპასუხა და ისევ საკუთარი თავით კმაყოფილი იყო თათა. თან გადაწყვიტა გიგასთან გაერკვია ვინ ბრძანდებოდა ესოდენ თავხედი ჯარისკაცი.
– ხო, თათა გისმენ. – მაშინვე უპასუხა მის ზარს.
– როგორ ხარ? გცალია რომ დამელაპარაკო?
– კი, ცოტა ხნით მცალია.
– თავხედ ლექსოს იცნობ?
– ვიის? – ხმამაღლა გაიცინა გიგამ.
– ვის და შენს ძმაკაცს. – შეეცადა მაქსიმალურად სერიოზული ყოფილიყო თათა.
– ვიცნობ, ვიცნობ. – ისვ სიცილით განაგრძო გიგამ.
– მერე მანდ იარაღის ტრიალს და სამშობლოს დაცვას რომ გასწავლიან, ცოტა ზრდილობის ლექციებიც რომ წაგიკითხონ, იქნებ კი დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები.
– რა იყო თათა, ახლა ეგ? – უცებ დასერიოზულდა გიგა. – გადასარევი ბიჭია ლექსო და არ იმსახურებს მაგ სიტყვებს.
– გუშინდელი ზარის შესახებ გეცოდინება ალბათ. – შეეცადა საკუთარი სიტყვები გაემყარებინა.
– კი, ვიცი და მართლა არ ეცალა მაგ დროს, თორემ ლექსოს არც ზრდილობა ეშლება და არც სიტყვა-პასუხი.
– მერე, თუ მართლა სერიოზულად უნდოდა ჩემი გაცნობა ვერ შეარჩია ისეთი დრო როცა ეცლებოდა?
– თათა, აქ ჯარია, არ იცი რა დროს რა მოგიწევს. – მცირე პაუზის შემდეგ დაამატა. – შენ რომ საწოლის თავთან „ბულგაკოვი“ გიდევს, ამას „კალაშნიკოვი“ უდევს და თან ცალი ხელი უკიდია და ისე სძინავს.
გაჩუმდა თათა, მიხვდა რომ ცოტა ზედმეტი მოუვიდა.
– ნინო როგორ არის? – უხერხული სიჩუმე გიგამ დაარღვია და სალაპარაკო თემა შეცვალა.
– ენატრები. – ხმა დაუსევდიანდა თათასაც.
– აკოცე. – უსაზღვრო მონატრება იგრძნო თათამ სიძის ხმაში.
– აუცილებლად.
– კარგად იყავი თათა.
– კარგად.
ტელეფონი გათიშა და ყველაფრის გაანალიზებას ცდილობდა.
იმ საღამოს შემოსულ ზარს ისევ არ უპაუხა, ოღონდ ამჯრად პროტესტის გამო კი არა, უბრალდ მასთან სალაპარაკოდ მზად არ იყო. ახლა რაღაცნაირი გულისფანცქალით შეყურებდა აციმციმებულ ეკრანს და თითქოს გულიც დაწყდა, ზარი რომ შეწყდა. ისიც კი იფიქრა, ალბათ აღარც დარეკავსო.
შეცდა თათა, ისევ დარეკა. დიდი ხანი ფიქრობდა თათა და ბოლოს უპასუხა.
– თათა... – საერთოდ არ ჰქონდა „თავხედი“ ხმა.
– გისმენ, – აღარც თათას ხმას ეტყობოდა წყენა.
– თავიდან დავიწყოთ?
– დავიწყოთ, – დაეთანხმა და უნებურად გახსნა შეკრული შუბლი.
იმ ზარის მერე დაიწყო ყველაფერი. უამრავი უძილო ღამე, უამრავჯერ აფართხალებული გული. იმ ღამით თათამ „ბულგაკოვი“ დაიდო ბალიშის ქვეშ და ისე დაიძინა.
მეოთხე დღეს უთხრა მიყვარხარო. არც ისე ადვილია სიყვარული დაუმტკიცო ადამანს, როცა ნანახიც კი არ გყავს. არც თათამ დაუჯერა. ორი კვირის მერე ჩააკითხა. სადარბაზოსთან ელოდებოდა. თათამ გვერდით ისე ჩაუარა არც კი შეუხედავს. რთულია ადამიანი იცნო, როცა მხოლოდ სურათით გყავს ნანახი.
– თათა, – მოესმა ზურგსუკან.
მის ხმას ათასში გამოარჩევდა. შემობრუნდა.
– შენ ხარ თათა? – ღმერთო რა სიმპატიური ჯარისკაცი უყურებდა.
თათამ გაიღიმა, ხელები გაშალა და დატრიალდა. ლექსოსაც გაეღიმა მის ბავშვურ საქციელზე. იყო კიდეც ბავშვი, 17 წლის საოცარი გოგო. იმედით და სიყვარულით სავსე. ყველაზე განსაკუთრებული ეჩვენა ლექსოს მაშინ თათა. პატარა გოგონა, რომლისთვისაც სიცოცხლე ღირდა.
დიდი ხანი იარეს ფეხით, თათამ უარი განაცხადა მანქანაში ჩაჯდომაზე. ამანაც ღიმილი მოგვარა ლექსოს. ჯერ კიდევ მაშინ უნდოდა ეკოცნა, მაგრამ თავი შეიკავა. იმდენად სხვა სამყარო იყო თათა, რომ მისი დაფრთხობის შეეშინდა.


****
ვერც კი შენიშნა თათამ რომ ისევ იღიმებოდა. თვალი მოავლო იქაურობას. მის გარშემო მჯდომი ადამიანების სახეებს დააკვირდა. მხოლოდ შიში და სასოწარკვეთა ეხატა ყველას. საკუთარი თავის უკვირდა. ახლა ისიც მათსავით უნდა მჯდარიყო, მოხრილი, შიშისგან დაპატარავებული და სასწაულს დალოდებოდა, მაგრამ თათას არ ეშინოდა. იმიტომ რომ ის ჯარისკაცის გოგო იყო.

****
იმ დღეს იმდენი ემოცია ჰქონდა თათას, ვეღარ იტევდა. ახსოვს, როგორ ძლივს აირბინა კიბეები და როგორი ბედნიერი შევარდა სხლში. ყურადღება არ მიუქცევია გოგონების მომლოდინე სახეებისთვის და საწოლზე გულაღმა გადაწვა.
– ჰა ახლა ამოიღებ ხმას, თუ ჩვენით მივხვდეთ? – თავზე წამოადგა ნინო და თვალები მოჭუტა.
თათა საწოლზე წამოჯდა და გულგრილი სახით უპასუხა:
– ჩვეულებრივი ბიჭია.
– ჩვეულებრივი არა?! – ახლა წინ დაუდგა ნინო და გამომცდელად ჩახედა თვალებში. – აბა, შუბლზე რატომ გაწერია, ღმერთო, რატომ ცოლობა არ მთხოვაო?
– სულელი ხარ, – თათამ ბალიში ესროლა დეიდაშვილს.
– შენ კიდევ შეყვარებული. – ენა გამოუყო ნინომ.
– რაო თათა, შემოდიხარ შენც ჯარისკაცთა ცოლების კლუბში? – გვერდით მიუჯდა ლიკა და მხარზე ხელი მოხვია.
– მიმიღებთ? – საყვარლად გაუღიმა გოგონებს.
იმ საღამოს დიდხანს უყვებოდა თათა გოგონებს, თითოეულ დეტალს იხსენებდა, უნდოდა ყველაფერი თავიდან დანეცადა.
– ვაი, მობილურის ჩართვა დამავიწყდა. – წამოიძახა უცებ და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. – ღმერთო, 122 გამოტოვებული ზარი. – გაოგნებული ხან ეკრანს უყურებდა, ხან გოგოებს.
– ეუჰ, რა ჰქენი თათა ეს? – ნინო ისევ ხუმრობის ხასიათზე იყო. – 122-ჯერ უარყავი. ასეთი რამ ქრისტესთვისაც კი არ გაუკეთებიათ. ამას იმ სამ უპასუხო ზარსაც თუ დავუმატებთ, რაც თქვენს ნაცნობობას უძღვოდა წინ, საშინელი დარტყმაა ქართული არმიისათვის. – თქვა და გვერდზე გაიწია, თათას ნასროლი ბალიში რომ აეცილებინა.
17 წლის იყო მაშინ თათა, 22-ის ლექსო. ლექსოსთვის თათა ყველაფერი იყო, ყველაზე სუფთა, ყველაზე ძვირფასი, მისი ნათელი წერტილი. თათასთვის სიამაყე იყო ლექსო, ადამიანი, რომლისაც სჯეროდა, რომელიც უყვარდა, თავისი უმანკო, ბავშვური გრძნობით უყვარდა.
უყვარდა, მაგრამ არაფრით აღიარებდა ლექსოსთან. უზარმაზარ სითბოს გრძნობდა მისგან და მაინც არ აღიარებდა.
– ლექსო, იცი... მიყვარხარ. – უცბად მიახლიდა ხოლმე.
– თათა... – ამხელა კაცს ხმაც კი შეეცვლებოდა.
– დაიჯერე, სულელო? – კისკისით იკლებდა იქაურობას თათა. – მე მეძახი მიამიტს და შენ კიდევ აქამდე გჯერა ზღაპრების?
თათა ეთამაშებოდა, ერთობოდა, ეკეკლუცებოდა კიდეც, მაგრამ ვერც კი ხვდებოდა, როგორი რთული მოსასმენი იყო ეს ყველაფერი ლექსოსთვის. ადამიანს, რომელსაც ტყვიისაც კი არ ეშინოდა, ბოლოს უღებდა თათას თითოეული სიტყვა. ვინ იცის ეს ყველაფერი რამდენ ხანს გაგრძელდებოდა.
მწარედ ახსოვს ის დღე თათას. ბედნიერი დასწვდა ტელეფონს და მის ზარს ჩვეული სიხარულით უპასუხა.
– თათა, – გაისმა ლექსოს სერიოზული ხმა. – მომისმინე, ალბათ ჯობია ახლა გითხრა... პირველად რომ დაგირეკე, არ მქონია სერიოზული განზრახვა, უბრალოდ დროის გაყვანა და სხვა რამეზე ფიქრი მინდოდა, ხომ გესმის არა?.. მაგრამ მერე მივხვდი რომ კარგი გოგო ხარ და არ იმსახურებ ასეთ მოქცევას... მოკლედ, მაპატიე თათა ყველაფერი, თუ ოდნავ მაინც როდისმე გული გატკინე, იცოდე რომ არ მინდოდა. აუცილებლად უნდა მეთქვა ეს შენთვის, არ იმსახურებ სიცრუეს. – ორი წუთი სიჩეუმე ჩამოწვა. თათას საკუთარი გულისცემა ესმოდა. – მშვიდობით თათა... – და გათიშა.
გიგრძვნიათ როდისმე როგორ გემხობათ თავზე ცა? როგორ ჩამოდის ნელ-ნელა დაბლა და შენს ფეხებთან ათას წვრილ ნამსხვრევებად ეცემა? როგორ ბნელდება გარშემო და როგორ გგონია, რომ შენი ცხოვრების ყველაზე მტკივნეულ ეპიზოდთან მიხვედი? სწორედ ეს იგრძნო მაშინ თათამ. დასასრული იგრძნო. ძალიან დიდხანს იდგა გაუნძრევლად.
„ყველაფერი მორჩა! აღარ დარეკავს.“ – ვინ იცის რამდენჯერ გაიმეორა გონებაში ეს ფრაზა.
სამ საათში დარეკა ისევ ლექსომ. ხელისკანკალით უპასუხა თათამ, უფრო უარესს ელოდა...
– თათა. – ჩახლეჩილი ხმა თითქმის ჩურჩულად ჟღერდა.
გაურკვეველი ბგერები ამოუშვა თათამ, ხვდებოდა ხმა რომ ამოეღო იტირებდა.
– დღეს პირველი აპრილია, თათა. – ისევ ჩურჩულით ამოთქვა ლექსომ.
თათამ გაიგო, იგრძნო და გულზეც მოეშვა, მაგრამ იმდენად მტკივნეული იყო ის რასაც მთელი სამი საათის განმავლობაში გრძნობდა, რომ ერთი სიტყვაც ვერ თქვა.
– მოგატყუე თათა, მიყვარხარ... ყველაზე მეტად მიყვარხარ ამქვეყნად. იმაზე მეტად მიყვარხარ, ვიდრე შეგიძლია წარმოიდგინო. იმაზე მეტად მიყვარხარ, ვიდრე თვითონ სიყვარულს შეუძლია იყოს. – თათას არაფერი უთქვამს, მხოლოდ სუნთქვა დაუმძიმდა. – თათა... – ჩაახველა, ხმის დამორჩილება რომ შეძლებოდა. – ძალიან გატკინე? გძულვარ? ვერ მიტან? – ნელ-ნელა სასოწარკვეთა ეპარებოდა ხმაში.
თათამ მხოლოდ ამოისლუკუნა.
– თათა... ტირიხარ? – სულ ჩაუწყდა ხმა. – ყველაფერს გაფიცებ, ოღონდ არ იტირო.
თათამ თავი ვეღარ შეიკავა და ახლა ხმამაღლა ატირდა.
– გთხოვ დაწყნარდი, იცოდე წამოვალ და ფეხით მოვალ მაქამდე, თათა.
– არ წამოხვიდე. – წამოიყვირა და ტირილი შეწყვიტა.
– რატომ, არ გინდა ჩემი ნახვა? – ხმა დაუსევდიანდა.
– კი, მაგრამ გეჩხუბებიან.
ხმამაღლა გაეცინა ლექსოს. სწორედ ასეთი უყვარდა თათა, ყველაზე გულუბრყვილო, ყველაზე მიამიტი, ყველაზე საყვარელი არსება დედამიწის ზურგზე.
ამ ამბის მერე, პირველივე შეხვედრისას იგრძნო ლექსომ, ის ყველაფერი, რასაც ასე ელოდა ბიჭი. არასდროს დაავაიწყდება მისი გამომეტველება თათას. სწორედ ასეთი ლექსო წარმოუდგებოდა ხოლმე თვალწინ, როცა მასზე ფიქრს იწყებდა. მაშინ მის თვალებში მთელი სამყარო დაინახა თათამ, ლექსოს სამყარო, რომელიც მას ეკუთვნოდა.


****
ისევ იღიმოდა.
რა საოცარია, ყველაზე საზარელსაც კი შეიძლება მოერიოს სიყვარული, შიშსაც კი შეგიძლია მოგონებებით ებრძოლო. მაშინ როცა წესით გული უნდა გისკდებოდეს, შენ ფიქრობ მასზე და ტირილის ნაცვლად იღიმები. ამ შიშის დასაძლევად თათა ლექსოს სამყაროში გადაბარგდა. სწორედ იმ სამყაროში, რომელიც იმ დღეს მის თვალებში დაინახა და ყოველთვის იცოდა, რომ მას ეკუთვნოდა.
რამდენი ჰქონდა გასახსენებელი, რამდენი ჰქონდა მოსაგონარი, თითოეული მისი მიმიკა ახსოვს, თითოეული ნაკვთის ცხადად წარმოდგენა შეეძლო. თითოეული მისი ფრაზა ახსოვს, თითოეული გრძნობა, თითოეული შეხება, თითოეული მზერა. მისი არსებობა ახსოვდა და იმიტომ სუნთქავდა ჯერ კიდევ ისიც.
მათი ბოლო შეხვედრა გაახსენდა. უკვე იცოდნენ საფრთხის შესახებ, ლექსო უფრო მძაფრად გრძნობდა გარდაუვალს. იცით რა არის ყველაზე მძიმე ჯარისკაცისთვის? როცა ომში ორნი ხართ, როცა საფრთხე შენს გადა შენთვის ყველაზე ძვირფასსაც შეიძლება დაემუქროს, მაშინ იძულებული ხარ იბრძოლო ორისთვის, იფიქრო ორისთვის, ისუნთქო ორისთვის, არ დანებდე ორისთვის, მოიგო ორისთვის.

****
2008 წლის ზაფხული იყო. თათა სოფელში მშობლებთან ერთად ატარებდა არდადეგებს. როგორ უყვარდა აქ ყოფნა?! მშობლიური სურნელი ჰქონდა ყველაფერს. თან იცოდა ლექსოც იქვე იყო, მათი ბატალიონი ცხინვალთან ახლოს დაბანაკებულიყო. თათა გორთან ახლოს ცხოვრობდა, იცოდა ნახვით რომ ვერ ნახავდა, მაგრამ ახლოს რომ გრძნობდა ესეც უხაროდა.
2008 წლის ზაფხული იდგა, 2008 წლის აგვისტო...
ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდნენ სიტუაციის სიმძაფრეს, ვერავინ იჯერებდა ყველაზე საშინელს, ჯერ კიდევ ილუზიით იმშვიდებდა ხალხი თავს. ჯერ კიდევ ვერავინ ბედავდა ხმამაღლა ეთქვა – ომი დაიწყო!
არც თათას უნდოდა დაეჯერებინა და სწორედ იმ დროს, როცა ქალაქი ცარიელდებოდა, ის უბრალოდ ცხოვრობდა ამ ქალაქში.
იმ დღესაც ბებიას მიყვებოდა ექიმთან.
– თათა! – მოესმა და ერთ ადგილზე გაშეშდა.
ნელ-ნელა შემობრუნდა და დაინახა, მისკენ მორბოდა. საშინლად ცხელოდა, მტვრის ბუღი იდგა, თავიდან მირაჟიც კი ეგონა, მაგრამ ისე ნათლად გაიგო მისი ხმა, რომ გულმა გამალებით დაუწყო ცემა. მაშინვე გაუშვა ბებიას ხელი, რომელიც გაკვირვებული უყურებდა მათკენ მომავალ ჯარისკაცს.
– აქ რა გინდა? – მეტი ვერაფერი თქვა თათამ.
ახლა, როცა ასე ახლოს ჰყავდა, როცა შეეძლო შეხებოდა, მოფერებოდა ვერ იჯერებდა ამას.
– თათა, უნდა წახვიდეთ... აქ საშიშია. – ნაწყვეტ-ნაწყვეტ ბუტბუტებდა და ოდნავ ეხებოდა მისი კაბის კალთას.
ვერ ბედავდა შეხებას. ერიებოდა მოხუცის, რომელიც შორიახლოს იდგა და თვალს არ აშორებდათ.
– შენ ლექსო? შენ... მე არაფერი მიჭირს... შენ? – ხვდებოდა, რომ ლექსო აქ დარჩებოდა, ბოლომდე იქნებოდა ამ ომში. ლექსოს უნდა ებრძოლა. პირველად მაშინ იგრძნო ომი თათამ. პირველად მაშინ შეეშინდა. პირველად მაშინ გააცნობიერა ნინოს სიტყვები – ძნელია ჯარისკაცის ცოლობაო. პირველად მაშინ მიხვდა ამ სირთულეს... აუტანელ, ყველაზე მტკივნეულ ტვირთს. – ლექსო, – ხმა უთრთოდა. – დამპირდი... დამპირდი, რომ... – ვეღარ გააგრძელა და თავი გვერდზე მიაბრუნა, მისი სისუსტე რომ არ ეგრძნო ლექსოს.
ლექსო ოდნავ დაიხარა მის ათრთოლებულ თითებს მისწვდა თავის ხელში მოიქცია. გაბედა...
– დაწყნარდი სულელო, ხომ იცი როგორ არ მიყვარს შენი ცრემლები. – თავი მოაბრუნებინა და თვალებში ჩახედა. – გპირდები თათა, ასე ადვილად ვერ დაიხსნი თავს ჩემგან. ხომ გახსოვს, შენს იქით გზა არ მაქვს, ყველა გზა შენთან მომიყვანს მაინც. – დაიხარა და ძალიან ნაზად შეახო ტუჩები ღაწვებზე, იქ სადაც ჯერ კიდევ მოგორავდა თვალიდან წამოსული ერთადერთი ცრემლი. მეტის უფლება ვერ მისცა თავს. – თათა, ახლა უნდა წავიდე, ბიჭები მელოდებიან. დამპირდი, რომ წახვალ აქედან, უსაფრთხო ადგილზე წადით, დეიდაშენთან ჩადით თბილისში.
თათამ ღრმად ამოისუნთქა და თავი დაუქნია. ლექსომ ჯიბიდან ბენდენა ამოიღო და ხელში ჩაუდო. თათამ დახედა.
– სისხლიანია... შენი სისხლია? – ჩუმად ამოიჩურჩულა და ისევ აუწყლიანდა თვალები.
ლექსომ არაფერი უპასუხა. კიდევ ერთხელ შეხედა სიყვარულით სავსე თვალებით და წავიდა.

****
2008 წლის აგვისტო იყო... აგვისტოს 9 ღამდებოდა. უკვე ყველამ იცოდა რომ ომი დაიწყო... იცოდნენ, მაგრამ ხმამაღლა თქმას მაინც ვერ ბედავდნენ. უკვე დაიმბობა გორი. უკვე...
თათა ჯერ კიდევ სოფელში იყო. მის ოჯახს არ ემეტებოდა წინაპართა დანატოვარი მტრისთვის. სული ეხუთებოდა თათას, არაფერი იცოდა ლექსოზე, სატელეფონო კავშირი რამდენი ხანია უკვე გაწყდა. გვიანი იყო, წესით უნდა ძინებოდა, მაგრამ ადგილს ვერ პოულობდა. წამოდგა და კარი გამოაღო.
– სად მიდიხარ? – წამით შეაჩერა ბებიამ.
– სუფთა ჰაერზე გავალ, თორემ ცოტა ხანში გავგიჟდები. – პასუხს არ დალოდებია ისე გაიხურა კარი.
ეზოს სიღრმისკენ წავიდა. ჯიბიდან ტელეფონი ამოღო და კიდევ ერთხელ აკრიფა ნაცნობი ნომერი. ქსელი არ იყო. ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩაიდო და ის იყო სახლში შებრუნებას აპირებდა, რომ მკლავზე ვიღაცის შეხება იგრძნო და წამში ძლიერმა ხელებმა ეზოში მდგარ ხეზე ააკრა ზურგით. თავიდან შეეშინდა, დაკივლებასაც აპირებდა, რომ ნაცნობი და სასიამოვნო სურნელი იგრძნო.
– ლექსო, – ჩაიჩურჩულა და თვალების გახელას ვერ ბედავდა. არ უნდოდა შემცდარიყო, ეშინოდა რომ ეს ყველაფერი ესიზმრებოდა. მაგრამ ზედმეტად ცხადად გრძნობდა ვაჟის თითოეულ შეხებას სახეზე.
– თათა. – მისი ხმაც გაიგონა და ახლა უკვე თამამად გაახილა თვალები, ორივე მკლავი კისერზე შემოჰხვია და მთელი ტანით აეკრო. – დაბადების დღეს გილოცავ თათა. – ყურთან ძალიან ახლოს ეჩურჩულებოდა და ცდილობდა რაც შეიძლება ღრმად ჩაესუნთქა მისი თმების სურნელი.
არ ახსოვს რამდენი ხანი იყვნენ ასე. ბოლოს მოშრდნენ ერთმანეთს. ლექსომ მისი თითები მოიქცია ხელებში და დროდადრო კოცნიდა.
– თათა, რატომ არ წახვედით? საშიშია აქ. შეიძლება ყოველწამს დაიწყონ დაბომბვა.
– შენ გელოდებოდი, რომ მოსულიყავი და არ დაგხვედროდი? – სწორედ ისე გაუღიმა თათამ, ლექსო ჭკუას რომ ჰკარგაბდა.
სასიამოვნო ტალღამ გადაურბინა ლექსოს სახეზე.
– რა იცოდი რომ არ წავედით? – ისევ თათამ განაგრძო.
– არ ვიცოდი, გადავამოწმე და შუქი რომ დავინახე მივხვდი, აქ იყავით.
– როდემდე აპირებდი ეზოში დგომას? რომ არ გამოვსულიყავი?
– სანამ არ გამოხვიდოდი, ფეხსაც არ მოვიცვლიდი. – ისევ შემოხვია მკლავები. რამდენიმე წამის მერე დაამატა. – უნდა წახვიდეთ თათა, სხვა გზა არ არის. გთხოვ, შენ მაინც იყავი უსაფრთხოდ, შენ მაინც მომეცი თავისუფლად სუნთქვის საშუალება.
– მე როგორ ვისუნთქო თავისუფლად? ლამისაა გავგიჟდე. როდის დამთავრდება ეს ყველაფერი, ლექსო? – თვალები ცრემლებით აევსო.
– რა გატირებს სულელო? – ხელით მოწმინდა ცრემლი და ნაზად დაუკოცნა ორივე თვალი. – მე არაფერი მომივა. მკითხავმა მითხრა ერთხელ, ასი წელი იცოცხლებ და სულ ცოტა ათი შვილი გეყოლებაო. ასე რომ ომი ვერაფერს დამაკლებს.
– გიჟი ხარ. – მკერდში მსუბუქად მიარტყა მუშტი და თავი მხარზე ჩამოადო. – მპირდები?
– რას?
– ათ შვილს.
ლექსოს გაეცინა და ყელზე მიადო ტუჩები.
– შენ მპირდები, რომ წახვალთ?
– მამას არ უნდა, ამბობს ჩემს სახლს არ დავტოვებო.
ორწუთიანი დუმილი ლექსომ დაარღვია.
– დაველაპარაკები.
– ვის? – თავი წამოსწია მისი მხრიდან თათამ.
– მამაშენს. – საკმაოდ მტკიცედ თქვა ეს სიტყვები ლექსომ.
ერთხანს უყურა თათამ თვალებში, ბოლოს თავი გაინთავისუფლა ვაჟის მკლავებისგან, ხელი მოკიდა და სახლისკენ წაიყვანა. მტკიცე ნაბიჯით მიდიოდა თათა და ასევე მიყვებოდა ლექსო. ორი წამთ შეყოვნდა კარებთან და ბოლოს შეაღო.
– მამა, სტუმარი გვყავს. – თვითონაც უკვიდრა საკუთარი სითამამე.
ბატონი თამაზი სკამიდან წამოდგა და კარებში შემოსულ ჯარისკაცს ათვალიერებდა. რა თქმა უნდა მიხვდა ვინც იყო ლექსო. ბოლოს მისკენ წავიდა და ხელი გაუწოდა.
– ბატონო თამაზ, – ფორმალური მხარის მერე დაიწყო ლექსომ. – საშიშია აქ დარჩენა, უნდა წაიყვანოთ თქვენი ოჯახი და წახვიდეთ.
– სად წავიდე შვილო? აქაურობა ვის დავუტოვო? – ხელები უმწეოდ გაშალა კაცმა.
– მესმის, ყველაფერი კარგად მესმის. რამდენიმე წლის წინ ჩემს ოჯახსაც მოუწია სახლის დატოვება... – მცირე პაუზა გააკეთა და განაგრძო. – მაგრამ დამიჯერეთ, აქ თუ დარჩებით მაინც ვერაფერს გააწყობთ, რა თქმა უნდა ჩვენ უკეთესის იმედი გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს არ მოუწევს ტერიტორიების და მითუმეტეს დასახლებული სოფლების დათმობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამანების სიცოცხლეა. წაიყვანეთ ოჯახი და პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აქამდე არავინ მოვუშვათ.
კაცი უმწეოდ დაეშვა სკამზე და თავი ხელებში ჩარგო. თათა მიუახლოვდა მამას და მხრებზე მოეხვია.

****
წავიდნენ...
ბატონმა თამაზმა იმავე საღამოს მიიღო ეს გადაწყვეტილება. გულის სიღრმეში ყოველთვის იცოდა, რომ მოუწევდათ წასვლა. ვერც თვითონ შეძლებდა საფრთხეში ჩაეგდო ოჯახი, მაგრამ რთული იყო საკუთარი ხელით ნაშენები კერა მოეშალა. ბოლოჯერ შემოუარა ეზოს. ბოსტანში შეწითლებულ პომიდორს წაქცეული სარი გაუსწორა და გარშემო ამოსული ბალახები მოუთხარა.
საგულდაგულოდ გადაკეტეს სახლის კარი და დარწმუნებულები იყვნენ რომ დაბრუნდებოდნენ.
საკმაოდ ბევრი ხალხი ირეოდა ქალაქში. ყველა მიდიოდა... ყველა ტოვებდა საკუთარ სახლს. არავის ეთმობოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ. მიდიოდა თათას ოჯახიც. ის იყო ავტობუსში უნდა ასულიყვნენ, რომ თათას ტელეფონმა დარეკა, ნინო იყო.
– თათა, ძლივს დაგიკავშირდი... სად ხართ? = ზედმეტად აღელვებული, ცოტა პანიკაშერეული ეჩვენა თათას მისი ხმა.
– ალბათ მალე გამოვალთ ქალაქიდან.
– თათა... – უკვე ტირილიც შეურია ხმაში ნინომ.
– რა გჭირს, გოგო? – აღელდა თათაც.
– არაფერი გაგიგია?
ხმა ვერ ამოიღო თათამ. რამდენიმე წამით მეტყველების უნარი წაერთვა, ქვეცნობიერად რაღაც საშინელს გრძნობდა.
– ის ტერიტორია დაბომბეს სადაც მათი ბატალიონი იყო. – ჩურჩულით ამოთქვა ნინომ, თითქოს საკუთარი სიტყვების გაგონების ეშინოდა. მეტად დაკონკრეტება აღარ იყო საჭირო, ისედაც მიხვდა რომელ ბატალიონს ეხებოდა საქმე.
უკვე მეორედ იგრძნო თათამ საკუთარ ფეხებთან ზეცის ათასი ნამსხვრევი, უკვე მეორედ ეტკინა გაუსაძლისად, ვინ იცის მერამდენედ შეწყვიტა სუნთქვა. უკვე საკუთარი გულისცემის ექო სმენას უხშობდა.
– ნუ გეშინია ნინო, წუხელ ვნახე ლექსო, – როგორც იქნა ხმის ამოღება შეძლო და უკანასკნელ იმედს ჩაებღაუჭა. – არაფერი უთქვამს, ესე იგი ცრუინფორმაციაა.
– გამთენიისას დაბომბეს. – კვნესანარევი სიტყვებით ამოთქვა ნინომ. – არ მინდა, თათა, დაჯერება... ვერაფრით ვიჯერებ, მითხარი რომ ტყუილია და... – სლუკუნს უმატა.
– ტყუილია, ნინო, არ დაიჯერო... გეფიცები ტყუილია. – იმდენად მტკიცედ და დამაჯერებლად წარმოთქვა, რომ ნინომ ტირილიც კი შეწყვიტა.
თათამ ტელეფონი გათიშა და ოჯახის წევებისკენ გაემართა. არაფერი უთქვამს, ხმაც არ ამოუღია ნინოს ზარზე. ბოლოს ერთ-ერთი ჩანთიდან პატარა ფურცელი ამოიღო და ზედ რაღაც დაწერა, ოთხად გაკეცა და შეუმჩნევლად ჩაუდო უმცროს დას ხელში.
– დაახლოებით ნახევარ საათში მიეცი მამას. – ჩასჩურჩულა ყურში და ლოყაზე აკოცა.
გაოგნებული უყურებდა ბავშვი, როგორ შეტრიალდა თათა და ხალხს შეერია.
მტკიცე ნაბიჯით მიდიოდა. იქით, საიდანაც ხალხი მოდიოდა. იქით, საითაც აღარავინ მიდიოდა. იქით, სადაც ის ეგულებოდა. იქით, სადაც იცოდა რომ აუცილებლად იპოვიდა. მდინარის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა თათა, მაგრამ ახლა უბრალოდ არ შეეძლო სხვანაირად. უნდა სცოდნოდა, უნდა დარწმუნებულიყო, რომ საერთოდ ამ მდინარეში ცურვა ღირდა. საკუთარი ფარფლები უნდა ეპოვა ცურვის გასაგრძელებლად.
უკვე რამდენიმე საათი იყო ასე ფეხით მიდიოდა. წესით უკვე ძალა აღარ უნდა ყოფნოდა, წესით საშინელი დაღლილობა უნდა ეგრძნო. წესით უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ ვერაფერს გრძნობდა თათა. უბრალოდ მიდიოდა. იქ მიდიოდა სადაც ის ეგულებოდა. იქ მიდიოდა სადაც იცოდა, რომ აუცილებლად დახვდებოდა. სხვანაირად შეუძლებელი იყო. სხვანაირად უბრალოდ თათაც ვერ შეძლებდა არსებობას. რადგან თათას ჯერ კიდევ შეეძლო სუნთქვა, ესე იგი ისიც არსებობდა ამ სამყაროში, ესე იგი ლექსოც სუნთქავდა.


****
მერე...
მერე ბევრი რამ აღარ ახსოვს. უფრო სწორედ ეს ის მოგონებებია, რომელიც არ უნდა ახსოვდეს. ეს ის მოგონებებია, რომელიც შიშს ვერ დაგაძლევინებს. ეს მოგონებები თვითონაა შიში.
სიძულვილი...
მხოლოდ ამას გრძნობდა თათა. სძულდა ის ვითომდა ადამიანები, რომლებსაც სხვისი შიში სიამოვნებდა, ის ვისაც სხვისი ჩაგვრა თავისი მოვალეობად მიაჩნდა. ადამიანები, რომლებსაც უმწეო ადამიანებზე ბატონობა შეეძლოთ. ახლა მის გარშემო დაუცველი ადამიანები იყვნენ, ძირითადად მოხუცები, ქალები... ისინი ვისი დაჩაგვრაც ადვილია. ნუთუ თათაც იმიტომ იყო მათ გვერდით რომ მისი დაჩაგვრაც ადვილი იყო?
ტყვე...
ტყვე იყო თათა. რამდენიმე ბინძური სულის ადამიანის ხელში იყო მისი ბედი. მხოლოდ ფიზიკურად. მხოლოდ იმიტომ იყო ტყვე, რომ არ შეეძლო ამდგარიყო და წასულიყო. თორემ სხვა მხრივ ებრძოდა თათა. ვერ მოერივნენ, ვერ შეაშინეს. არ ეშინოდა თათას. მოიგო თათამ. მათთან ბრძოლა მოიგო.
სიკვდილი...
ყველაზე ადვილი სიკვდილი იყო. ერთი წამის საქმე... უბრალოდ ბახ და მორჩა...
ღირსება...
ყველაზე რთული ღირსების დაკარგვის შიში იყო... ერთადერთი რამ რასაც შიში ერეოდა... ამ შემთხვევაში გამოსვალი სიკვდილი იყო... ბახ და მორჩა...
ფიქრებიდან ხმაურმა გამოიყვანა. გვერდზე მჯდომ მოხუცს გადახედა, რომელიც პირჯვარს იწერდა.
– რა ხდება? – თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა თათამ.
მოხუცის პასუხი ვერ გაიგო. ავტომატის ჯერმა გააყრუა იქაურობა. ჩოჩქოლი ატყდა, ხალხი ადგილიდან წამოიშალა. თათა არ განძრეულა... რას ელოდებოდა? უბრალოდ არ იცოდა... მომხდარი ვერ აღიქვა, სანამ ერთ-ერთმა ქალმა არ წამოავლო მაჯაში ხელი და არ წამოაყენა, ისე რომ სირბილიც არ შეუწყვეტია.
– გაიქეცი... – თითქოს სადღაც შორიდან ჩაესმა მისი სიტყვები თათას.
„გაიქეცი... გაიქეცი...“ – განუწყვეტლივ იმეორებდა გონებაში და ვერც კი ხვდებოდა, რომ უკვე გარბოდა... მთელი სისწრაფით, უკანმოუხედავად. არაფერი ესმოდა, ყურები დაგუბებოდა, მხოლოდ საკუთარი ხმა უგუგუნებდა ყურებში: – „გაიქეცი... გაიქეცი...“
არაფერი ესმოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ უკან მოსდევდნენ. გრძნობდა... არ მიუხედავს, ამის დრო არ იყო. მთელი სისწრაფით მიქროდა. დაღლას გრძნობდა, ხვდებოდა რომ მეტი აღარ შეეძლო. ხვდებოდა, რომ ეს უკვე დასასრული იყო, მაგრამ არ ჩერდებოდა, არ შეეძლო, ვეღარ ჩაუვარდებოდა ხელში... სიკვდილი ერჩივნა...
„მესროლე... მესროლე...“ – ვერც კი მიხვდა, როდის დაიწყო ამ სიტყვების გამეორება გონებაში. სიკვდილი ჯობდა... ერთი წამის საქმე იყო... ბახ და მორჩა.
ის კი უბრალოდ მოსდევდა...
„ალბათ იარაღი არ აქვს, თორემ მესროდა, აქამდე მომკლავდა... ამდენს არ დაიღლებოდა ჩემი გულისთვის.“
უზარმაზარი ხევის პირას მირბოდა.
„როდემდე? ღმერთო როდემდე ვირბინო?.. სანამ ძალა მეყოფა... აღარ მაქვს ძალა... გავჩერდე? არ გაბედო! თათა, არ გაბედო! არ გაჩერდე! ჯობია უბრალოდ გადახტე... ჰო, აი ამ ხევში, მდინარეში გადახტე... არც მაშინ მესვრის ნეტავ? ვნახოთ...“
სულ რამდენიმე გრადუსით შებრუნდა, სულ რამდენიმე სეკუნდით შეცვალა გეზი... ის იყო, კიდეზე დადგა ფეხი, რომ ვიღაცის ძლიერმა მკლავმა, თითქმის ჰაერში აიტაცა. თვალები დახუჭა. მთელი ძალით დაენარცხა მიწას ზურგით. ეტკინა... ნეტავ ადამიანი ასეთი დაცემისგან, თუ კვდება?
იქნებ თათაც მოკვდა?
ეს სურნელი... უკვე თავბრუ ეხვეოდა... ალბათ ესაა სამოთხე, სხვანაირად შეუძლებელია, შეუძლებელია სხვას ჰქონდეს ეს სურნელი.
ნელ-ნელა აზრზე მოდიოდა, ნელ-ნელა აღიქვამდა სამყაროს ბგერებს, ახლა საკუთარი ხმის გარდა სხვა ხმებიც ესმოდა.
– თათა... გეხვეწები თვალები გაახილე... – შეუძლებელი იყო, ყველაზე დაუჯერებელი უნდა დაეჯერებინა.
ნელა გაახილა თვალები და დაინახა, სწორედ ის დაინახა, რაც სულ რამდენიმე წამის წინ ესმოდა. იმას გრძნობდა მთელ სხეულზე, რაზეც ამ ბოლო პერიოდში მხოლოდ ოცნებოდა. ხელები წაიღო მისი სახისკენ და სათითაოდ შეეხო ყველა ნაკვთს, უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ ისევ ოცნებაში არ იყო, ისევ მოგონებებში არ იკარგებოდა. იქნებ მართლა მოკვდა და ასე უკანმოუხედავად მისი სული გარბოდა? იქნებ ბევრად ადრე მოკვდა? სწორედ მაშინ, როცა სირბილი დაიწყო? იქნებ სწორედ ასე კვდებიან ადამიანები და გარბიან სამოთხისკენ? ან იქნებ მართლა დაცემისას მოკვდა. ზურგი ეტკინა, ანუ დაცემისას ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მკვდარი რომ ყოფილიყო, ვერ იგრძნობდა.
– ზურგზე დაცემისას შეიძლება ადამიანი მოკვდეს? – მხოლოდ ამის თქმა მოახერხა.
– ღმერთო, თათა რა სულელი ხარ? – მთელი სხეული მოუდუნდა ლექსოს. ორივე ხელი გაშალა და მთელი ძალით ჩაიხუტა გულში. – სად გარბოდი? არ გესმოდა, რომ გეძახდი?
თათამ მხოლოდ თავი გააქნია და კიდევ უფრო ძლიერად ჩაეკრა გულში. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო და არა მისი ფანტაზიის ნაყოფი. მაგრამ ამაზეც თანახმა იყო. იმდენად სიამოვნებდა ეს ყველაფერი, რომ თანახმა იყო დარჩენილიყო ილუზიაში.
– კიდევ კარგი გიპოვე... თათა, რაზე ფიქრობდი? – ზედმეტად რეალურად ჩაესმოდა ლექსოს საყვედურნარევი ჩურჩული თათას. მისი შეხებაც რეალური იყო. – რატომ არ წახვედი? მამაშენი ლამის გაგიჟდეს. კინაღამ ცოცხლად მოკალი კაცი. თათა, კინაღამ მეც... – ვეღარ გააგრძელა ლექსომ. – გიჟი ხარ, გეფიცები, ცხოვრებაში არავის შევხვედრივარ შენნაირ თავზეხელაღებულს... ხვდები მაინც რა გააკეთე? როგორ წამოხვედი? რას ფიქრობდი ამ არაკაცებს ხახაში რომ უვარდებოდი? მამაშენი ძლივს დავარწმუნე, კაცს სახლ-კარი დავატოვებინე შენი გულისთვის, რომ უსაფრთხოდ ყოფილიყავი და შენ კიდევ?!
– ასე თქვეს... ბატალიონი დაბომბესო...
– ეგრეც რომ ყოფილიყო, რას მიშველიდი შენ? გამაცოცხლებდი?
– არც დამიჯერებია... – მხრები ოდნავ შეარხია თათამ და თვალებში ჩახედა ლექსოს.
– ეჰ, თათა... თათა, კინაღამ მოვკვდი, რომ გავიგე... – სიტყვა ვერ დაამთავრა ლექსომ და ჰორიზონტს გახედა.
– საიდან გაიგე?
– თქვენები ვნახე... ვიცოდი, რომ დაბომბვის ამბავს გაიგებდით და მინდოდა გამგზავრებამდე მენახე, მეთქვა რომ კარგად ვიყავი, მაგრამ... თურმე ჩემი „ჟანა დარკი“ უკვე გაგანია ომში იყო და მტრებს მუსრავდა.
ღიმილა გადაურბინა სახეზე თათას.
– მამაშენის სახე რომ ვნახე, კინაღამ გადავირიე, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც სასწაული ჩაიდინე. თათა, იმ წუთას მეგონა რომ ომი წავაგე, გესმის?
– მიყვარხარ, ლექსო... – გაუცნობიერებლად მოწყდა თათას ბაგეებს ეს სიტყვები. პირველი იყო... მანამდე არასდროს უთქვამს. რა თქმა უნდა იცოდა ლექსომ, ყოველთვის გრძნობდა, მაგრამ ნათქვამი სულ სხვა იყო. – ყველაზე მეტად ამის მეშინოდა...
– რისი? – ძლივს შეძლო ხმის დამორჩილება ლექსომ.
– ისე დამეკარგე, რომ ამის თქმა ვერ მომესწრო. უნდა გცოდნოდა, გესმის? უნდა მეთქვა...
– ვიცოდი თათა, ვიცოდი... მაგრამ ძალიან დიდი მადლობა რომ მითხარი... მჭირდებოდა. – ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა.
– დაბომბვის ამბავი, რომ გავიგე... – ხმა აუთრთოლდა თათას. – მე სიცოცხლე დავკარგე მაშინ... მაგრამ არ დავიჯერე. იცი რატომ? უბრალოდ შენ რომ რამე მოგსვლოდა, მე სუნთქვა გამიჭირდებოდა, მეც მოვკვდებოდი გესმის? რახან ფეხზე დგომა შემეძლო, ესე იგი შენც შეგეძლო, რახან სუნთქვა შემეძლო, ესე იგი შენც სუნთქავდი, რახან არსებობა შემეძლო, ესე იგი შენც არსებობდი. – ბოლო სიტყვები უკვე ლექსოს მკლავებში ჩაიკარგა.
კიდევ დიდხანს იყვნენ ასე. მეტი აღარაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის. არც იყო საჭირო. ყველაზე ბევრი დუმილს შეეძლო ეთქვა. სიტყვები სავსებით ზედმეტია იქ, სადაც გრძნობ.
– აქედან უნდა წავიდეთ. – სიჩუმე ლექსომ დაარღვია.
– ჩემები? წავიდნენ?
– მამაშენი დარჩა... საცოდავი დედაშენი ძალით გაუშვა, არ უნდოდა წასვლა, მაგრამ... თათა, ხვდები მაინც, რამდენად გარისკე?
– შენ ყოველდღე რისკავ. – წამოდგა და ხალათი დაიფერთხა. – ერთხელ გარისკვის უფლება მეც მქონდა.
ლექსომ არაფერი უპასუხა. წამოდგა, ხელი მოკიდა და ტყეში გაუჩინარდნენ.

****
უკვე ღამდებოდა, სოფელში რომ ჩამოაღწიეს. ეზოს კარებთან შეჩერდა თათა და მობრუნდა.
– შენ უნდა დაბრუნდე? – ისეთი კითხვა დასვა, რომელზე პასუხიც ისედაც იცოდა.
არც ლექსოს უპასუხია, თვალებში უყურებდა და იღიმოდა.
– გიხდება ეგ ხალათი.
თათამ ტანზე დაიხედა, თითქოს ახლა გაახსენდა ყველაფერი, რაც გადაიტანა. ის მოხუციც გაახსენდა, მისი ბუტბუტიც, თითქოს ახლაც ყურში ჩაესმოდა მისი ლოცვა. ყველა ის შეგრძნება გაახსენდა, თითოეული წამი იგრძნო. მთელს ორგანიზმში ტალღებად უვლიდა ყველა ემოცია... შიში... სიძულვილი.. სიკვდილი... ღირსება... რაც მაშინ დაბლოკა, რასაც ეგონა, რომ მოერია... რაც თითქოს გადაიტანა და აღარ უნდა ეგრძნო... ყველაფერი იგრძნო, თან გაასკეცებულად.
ვერც კი მიხვდა როდის აუკანკალდა ნიკაპი, როდის მოებრიცა ტუჩები სატირლად. უკვე მთელი ემოციით ტიროდა, ყველა ჩატოვებული ემოცია ამოუშვა ორგანიზმიდან, თითქოს თავისუფლდებოდა, თითქოს იტირებდა და მორჩა!
იტირა, მთელი სითხის მარაგი გამოდევნა ორგანიზმიდან და სასიამოვნოდ დაუნესტიანა გულ-მკერდი ლექსოს. არ უცდია ლექსოს მისი შეჩერება, არც დაუმშვიდებია. იმიტომ რომ თითოეულ მის ემოციას ხვდებოდა, სათითაოდ ყველა შეგრძნება გადაიტანა მასთან ერთად.
მანამ იდგნენ ეზოს ჭიშკართან, სანამ თამაზი არ გამოვიდა სახლიდან.
– ბატონო თამაზ, გაბარებთ თქვენს ქალიშვილს. – მისკენ გაემართა ლექსო და ხელი გაუწოდა. – გიტოვებთ, ოღონდ იმ პირობით, რომ ერთ თვეში ისევ წავიყვან.
ოდნავშესამჩნევმა ღიმილმა გადაურბინა კაცს სახეზე და ჯარისკაცის გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება.

****
როგორ დამთავრდა ეს ამბავი?
ვინ თქვა რომ დამთავრდა?
არც დამთავრდება, სანამ ისინი არსებობენ. ვერ დამთავრდება სანამ ის ორი პატარა ანგელოზი ივლის დედამიწის ზურგზე... ზუსტად ის ორი – ათიდან. სანამ ეს ორი ანგელოზი მერე კიდევ უამრავ ანგელოზ მოავლენს ამქვეყნად...
ეს ამბავი უსასრულოა...
დანარჩენი რვა?
ვნახოთ... ვნახოთ...




---------------------------------------------------------------
როგორც მოკლე აღწერაში აღვნიშნე, ეს ისტორია ლორელაის სიყვარულის ისტორიაა. რაღაცეები დავამატე. (მადლობა ღმერთს, თათა არასდროს ყოფილა ტყვე). თუმცა მათ მართლა ერთად გამოიარეს ომის საშინელება და ახლა ულამაზესი ოჯახი აქვთ. პირველად დავწერე რეალური ისტორია, ცოტა მეშინოდა კიდეც, მაგრამ იმდენად მინდოდა დამეწერა, რომ გავრისკე.

მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო, უბრალოდ უზარმაზარ მადლობას ვუხდი ლორეს, რომ მანდო მისი ისტორიის დაწერა. love love love love



№1  offline მოდერი tsn

შესანიშნავი იყო.. იმხელა ემოცია, რომ შეუძლებელია ვერ იგრძნო.. ძალიან, ძალიან კარგია ♥♥♥

 


№2 სტუმარი Elene

ძალიან მაგარი იყოოო ^^

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

თინა,არც კი იცი როგორ ვნერვიულობ ახლა ამას რომ ვწერ, მადლობა შენ ამ ულამაზესი ისტორიისთვის,მადლობა ასეთი ფანტაზიისთვის და სითბოსთვის...ხომ გეუბნებოდი მე ვერ დავწერთქო,ამის წაკითხვის შემდეგ მივხვდი,რომ მართლაც ვერ დავწერდი,მიუხედავად იმისა,რომ სურვილი მქონდა.მიყვარხარ ძალიან ჩემო თბილო გოგოვ. (კომენტარებს გულის ფანცქალით ველი)

 


№4  offline წევრი თამუნა

ძალიან მომეწონა, სიტყვები არ მყოფნის...
წარმატებები... love love
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№5 სტუმარი Teo..

Arahveulebrivi iyo.martla dzalian ganvicade es yvelaferi.ufalma daglocos shenc da tatas lamazi ojaxi da siyvaruli.

 


№6 სტუმარი nino

Dzaan nagari iyooo. Mogonebebs ixsenebso ro werdi shishit vkitxulobdi albat leqso mokvdrbametqi. Dzaan nagari iyo. Mainteresebs pirvel aptilze xUmtoba martla utxra tatas tu sheni fantaziis nayofia?

 


№7  offline წევრი rebe123

მეც თათასთან და ლექსოსთან ერთად განვიცდიდი ამ ყველაფერს ^_^ რაღაც საოცრებაა <3 ძალიან მომეწონაა ისტორია love მიხარია ასე ძალიან რომ გიყვართ ერთმანეთი ^_^ love მადლობა ასეთი შესანიშნავი ისტორიისთვის <3 <3 და გისურვებ ბედნიერებას შენს (ჯერ) პატარა ოჯახთან ერთად <3 <3 love love love ეჰჰ მეც მინდა ვინმეს ასე ვუყვარდე :( :დ :დ <3

 


რაღაც ამოუცნობი ემოცია დამეუფლა განსაკუთრრებული იყო ასეთი შთაბეჭდილება არცერთს ისტორიას არ მოუხდენია ძალიან მაგარი იყო
--------------------
romantikosi mwerali

 


№9  offline წევრი natia-natia

Ai dzaan magari iyo

 


№10  offline მოდერი chica sol

ვაიმე... მე უსიტყვობა მკლავს. არც კი ვიცი რომელს მოგმარათოთ შენ, ჩემო ტკბილო ნიკოლ, თუ შენ, უსაყვარლესო ლორე...
მოკლედ, ნოკოლ შენ ხომ იცი მე როგორი მტირალა ვარ... ხომ იცი სულ პატარა მიზი მინდა და მაშინვე ცუნამებს ვუშვებ თვალებიდან. ხოდა, არ ვიცი ჩემდა გასაკვირად ეს ისტორია ისე ჩავიკითხე, ცრემლი არ გადმომვარდნია. ისე ვიყავი და დაძაბული კითხვის დროს, ახლა კისრის ძარღვები მტკივა... ყველა კუნთი მითრთის...დავიწყე კითხვა და ჩაიკეტა დანარჩენი ყველაფერი ჩემთვის...
ასე უცებ დავამთავრე ისტორიის კითხვა და რომ დავიწყე ტირილი, სამსახურში აატრიალეს თვალები. "აპიაც?" მეკითხება ჩემი ადმინისტრატორი... მაგრამ რა იცის მან რა მატირებს? ეს ისეთი შვების ცრემლებია აქამდე რომ არ მქონია კითხვის დრო. თათა რომ ლექსოსთან არ დარჩენილიყო, რომელიმეს რომ რამე მოსვლოდა... არ ვიცი... მოვკვდებოდი ალბათ.
და ის ორი ანგელოზი ათიდან? დედიკოსა და მამიკოს პირველი ორი ბედნიერება და მე მიხარია, რომ კიდევ ასეთი რვა ბედნიერება გაქვთ წინ❤❤❤
სამწუხაროა, რომ ყველას ასე არ გაუმართლა... სამწუხაროა, რომ ბევრმა დაკარგა საყვარელი ადამიანი, ქმარი, შვილი , მეგობარი...
მიხარიხარ თათა, რომ არსებობ ასეთი ნაზი, კარგი და დარწმუნებული ვარ უსაზღვროდ ბედნიერიც... აქამდე ხომ მიყვარდი და ახლა ორმაგად, სამმაგად და ოთხმაგად მიყვარხარ, რომ ხარ ასეთი გაბედული და ასეთი საყვარელი...
ჩემო ნიკოლ, შეუდარებელი მყავხარ შენ მე... ვინ დაწერდა ამ ისტორიას შენზე უკეთ? მიხარია რომ ლორემ შენ მოგანდო თავისი ისტორიის დაწერა.
მიყვარხართ ორივე მთელი გულით...❤❤❤

 


№11  offline წევრი qetiqetiA3

ვაიმე არაჩვეულებრივი ისტორიაა ყოჩაღ შენ ასე კარგად რომ დაწერე..დარწმუნებული ვარ ეს საუკეთესო ისტორიაა მართლა ძალიან კარგია აიიროგორ გამოვხატო არ ვიცი... უბრალოდ მე ამ ისტორიით თავიდან განვიცადე 2008 წლის ჩვენი საერთო ტკივილი..მახსოვს მახსოვს რგორ მეშინოდა იმ პერიოდში საბენდნიეროდ არ ვყოფილვარ ეპიცეტრში მაგრამ არც ძალიან შორს ვიყავი ახლაც ჩანს ჩემი სახლის ფანჯრიდან მთა რომელიც ჩვენი "აღარ არის" მტკივა რომ ვერასდროს მივალ იმ თთის ძირში.არ ვიცი უბრალოდ საშინელება იყო ეს ომი ჩემთვი რვა წელი გავიდა მეც გავიზარდე მაგრამ ეს ჩემს სიცოცხლეში ყველაზე არ ვიცი როგორ ვთქვა ყველაზე გამანადგურებელი პერიოდია...ვერ წარმოვიდგენდი ამ საშინელების დროს ასეთ არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია რომ ხდებოდა..მთელი გულით გისურვებთ ბედნიერებას ნამდვილად იმსახურებთ ..ძალიან კარგი და სასიამოვნო იყო დიდი მადლობა მწერალსაც და მთავარ გმირსაც <3 love

 


№12 სტუმარი Mariami

Shemtxvevit es is lorelai xom ar aris jurnal "gzis" furclebze aqtiurad rom qveyndeboda misi gzavnilebi??

 


№13  offline წევრი nucikela

ძალიან კარგი იყო love love love უკარგესი

 


№14  offline წევრი Gerko

სიტყვები არ მყოფნის,ნამდვილი მწერალი ხარ Aრ ვიცი რა ვთქვა.არაჩვეულებრივია...

 


№15  offline წევრი Lana Tomlinson

ხან მეღიმებოდა,ხან ჟრუანტელი მივლიდა...ისე ჩავიკითხე,რომ დრო როგორ გავიდა ვერ გავიგე...ძალიან თბილი ისტორია იყო.უფრო მეტად იმან გამახარა რომ ეს ისტორია რეალურია. love ნიკოლ შენს ისტორიას პირველად ვკითხულობ და უკვე ძალიან მომეწონე.ახლავე გადავხედავ შენს ისტორიებს და წავიკითხავ რომელიმეს... wink love

 


№16  offline წევრი elene tiko payne 1DFAN (165616)

აუ ძალიან მაგარიბიყო რააა ძალიან მინდოდა გაგრძელება ქონოდა მაგრამ არაუშავს. მოკლედ უმაგრესია

 


№17  offline მოდერი nicol

ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო სათითაოდ ყველას. love
საოცრებები და უკარგესები ხართ love
მეც ძალიან ვნერვიულობდი ამ ისტორიაზე და თათაც... მიხარია რომ ისეთი გამოვიდა, როგორიც ორივეს გვინდოდა.
ის საღამო მახსენდება თათა რომ მიყვებოდა, იმდენი ემოცია ვიგრძენი მაშინ, რომ მინდოდა იმწამსვე დამეწყო წერა, მეშინოდა ის განცდა და ემოცია არ დამეკარგა. მერე წერის პროცესშიც რამდენჯერმე მივუბრუნდი ჩვენს მიმოწერას და ვკითხულობდი და ვკითხულობდი...
მოკლედ, მადლობა თათას ამ ისტორიისთვის და მადლობა თქვენ ასეთი სიტყვებისთვის.

nino
Dzaan nagari iyooo. Mogonebebs ixsenebso ro werdi shishit vkitxulobdi albat leqso mokvdrbametqi. Dzaan nagari iyo. Mainteresebs pirvel aptilze xUmtoba martla utxra tatas tu sheni fantaziis nayofia?

ნინო, საპირველაპრილო ხუმრობა მართლა რეალურად მოხდა. მათ ურთიერთობაში თითქმის არაფერი დამიმატებია, გარდა თათას ტყვეობისა.
თქვენ წარმოიდგინეთ თათას მამასთანაც მართლა ისაუბრა ლექსომ და დაარწმუნა ოჯახი უსაფრთხო ადგილას წაეყვანა.
მე პირადად აღფრთოვანებული ვარ ამ წყვილით love

თამუნა
ძალიან მომეწონა, სიტყვები არ მყოფნის...
წარმატებები... love love

ჩემი თამუნია love
შენი შეფასება ძალიან ძვირფასია ჩემთვის love

Mariami
Shemtxvevit es is lorelai xom ar aris jurnal "gzis" furclebze aqtiurad rom qveyndeboda misi gzavnilebi??

კი, მე მგონი სწორედ ის ლორელაია love

მარიამ ზაქარაშვილი
ვაიმე... მე უსიტყვობა მკლავს. არც კი ვიცი რომელს მოგმარათოთ შენ, ჩემო ტკბილო ნიკოლ, თუ შენ, უსაყვარლესო ლორე...
მოკლედ, ნოკოლ შენ ხომ იცი მე როგორი მტირალა ვარ... ხომ იცი სულ პატარა მიზი მინდა და მაშინვე ცუნამებს ვუშვებ თვალებიდან. ხოდა, არ ვიცი ჩემდა გასაკვირად ეს ისტორია ისე ჩავიკითხე, ცრემლი არ გადმომვარდნია. ისე ვიყავი და დაძაბული კითხვის დროს, ახლა კისრის ძარღვები მტკივა... ყველა კუნთი მითრთის...დავიწყე კითხვა და ჩაიკეტა დანარჩენი ყველაფერი ჩემთვის...
ასე უცებ დავამთავრე ისტორიის კითხვა და რომ დავიწყე ტირილი, სამსახურში აატრიალეს თვალები. "აპიაც?" მეკითხება ჩემი ადმინისტრატორი... მაგრამ რა იცის მან რა მატირებს? ეს ისეთი შვების ცრემლებია აქამდე რომ არ მქონია კითხვის დრო. თათა რომ ლექსოსთან არ დარჩენილიყო, რომელიმეს რომ რამე მოსვლოდა... არ ვიცი... მოვკვდებოდი ალბათ.
და ის ორი ანგელოზი ათიდან? დედიკოსა და მამიკოს პირველი ორი ბედნიერება და მე მიხარია, რომ კიდევ ასეთი რვა ბედნიერება გაქვთ წინ❤❤❤
სამწუხაროა, რომ ყველას ასე არ გაუმართლა... სამწუხაროა, რომ ბევრმა დაკარგა საყვარელი ადამიანი, ქმარი, შვილი , მეგობარი...
მიხარიხარ თათა, რომ არსებობ ასეთი ნაზი, კარგი და დარწმუნებული ვარ უსაზღვროდ ბედნიერიც... აქამდე ხომ მიყვარდი და ახლა ორმაგად, სამმაგად და ოთხმაგად მიყვარხარ, რომ ხარ ასეთი გაბედული და ასეთი საყვარელი...
ჩემო ნიკოლ, შეუდარებელი მყავხარ შენ მე... ვინ დაწერდა ამ ისტორიას შენზე უკეთ? მიხარია რომ ლორემ შენ მოგანდო თავისი ისტორიის დაწერა.
მიყვარხართ ორივე მთელი გულით...❤❤❤

მარიკუნა, ჩემო გოგო, შენ ხომ საერთოდ ემოციების ზღვა ხარ, ჩემი მარიკუნა ხარ და ვგიჟდები შენზე love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№18 სტუმარი nini

აიი ძაააან მაგარიი იყყოოო<3 კარგებიი ხართთ:**<3

 


№19 სტუმარი მარო

დიდი მადლობა ამ ისტორიისთვის. თითქოს მეც იმათთან ერთად ვიყავი. მე დღესაც ემოციების გარეშე ვერ ვიხსენებ აგვისტოს დღეებს და ზიზღით თბილისში გადავსებულ რესტორნებს. წერა რომ მეხერხებოდეს მეც დავწერდი, როგორ მეტრაბახა ,,მეგობარი,, სიტუაცია რომ დაიძაბა ანტალიაში გავუშვი ჩემი შვილიო. ჩემთვის მაინც არ უნდა ეთქვა, ჩემი ბიჭი ხომ ცხინვალში იბრძოდა! ბოლოს მაინც ,,ზღვას გადაურჩა და წვეთმა დაახრჩო,,

 


№20  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

Mariami
Shemtxvevit es is lorelai xom ar aris jurnal "gzis" furclebze aqtiurad rom qveyndeboda misi gzavnilebi??

კი ის ვარ მარიამ

 


№21  offline ადმინი უნდა ვწერო

ლავ,ლავ,ლავ...

მოკლედ, არ ვიცი,რა გითხრა....
უდიდესი ემოცია მომგვარა შენმა ისტორიამ..
ყოჩაღ,შესანიშნავად გამოგივიდა......რეალური რომაა უფრო დამაინტერესა და თან თათასი...არ მეგონა,ასეთი რთული გზა თუ გამოიარეს..
ორივე თბილები ხართ და ძალიან საყვარლები...

 


№22  offline აქტიური მკითხველი lalita

უმაგრესი იყო სიყვარულით და დიდი სიმამაცით სავსე ყოჩაღ . ლორეს უდიდეს ბედნიერებას ვუსურვებ.

 


№23  offline წევრი s.g

ნინოს მეუღლე ხომ კარგადაა?

 


№24  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

s.g
ნინოს მეუღლე ხომ კარგადაა?

ნინოს მეუღლეც კარგადაა და 4 წლის თათიაც ყავთ love

lalita
უმაგრესი იყო სიყვარულით და დიდი სიმამაცით სავსე ყოჩაღ . ლორეს უდიდეს ბედნიერებას ვუსურვებ.

მადლობააა ჩემო კარგო

უნდა ვწერო
ლავ,ლავ,ლავ...

მოკლედ, არ ვიცი,რა გითხრა....
უდიდესი ემოცია მომგვარა შენმა ისტორიამ..
ყოჩაღ,შესანიშნავად გამოგივიდა......რეალური რომაა უფრო დამაინტერესა და თან თათასი...არ მეგონა,ასეთი რთული გზა თუ გამოიარეს..
ორივე თბილები ხართ და ძალიან საყვარლები...

მადლობა მარიამ love

 


№25  offline წევრი teddy))

Dzalian momeownaa! Sasiamovno da omis perodhi amagelvebeli istoria iko :* pirvel aprilze martalia? Gamecina im momentze :D dzalian momeownaa da tan kargia namdvili istoria rom iyo

Dzalian momeownaa! Sasiamovno da omis perodhi amagelvebeli istoria iko :* pirvel aprilze martalia? Gamecina im momentze :D dzalian momeownaa da tan kargia namdvili istoria rom iyo

 


№26  offline ადმინი ano23

rom gitxra kargiatqo mogatyueb..kargi ki araa saocrebaa. saocrad emociuri istoriaa,kitxvisas cremlebic ki wamomivida.. ai ar viici ra gitxra.. amas rcheulebshi vamateb da chemi usayvarlesi istoriebis siashi mowinave adgils daikavebs.

 


№27  offline წევრი BuuBiii

აი არ ვიცი რავთქვა აი ვერ ავღწერ უბრალოდ ვერ გადმოვცემ ჩემს სიტყვებს winked
ვკითხულობდი თან ვტიროდი თან მეღიმებოდა , და საოცარი გრძნობა დამეუფლა ყველაზე მაგარი გოგო ხარ შეენ ამ ისტოორიის შემდეგ love , და ყველაზე მაგარი აი უმაგრესი გოგოა თათა <3 შემიყვარდა love , ჟრუანტელები არ ჩერდებიან wink .... ბედნიერებას გისურვებთ შენ და ლექსოს უფალი იყოს თქვენი მფარველი და უფალს ვთხოვ რო ის განსაცდელი ის შიში რაც ლორემ გადაიტანა არცერ ქალს არ ხვდეს წილად , ბევრი ამას მართლა ვერ გაუძლებდა recourse . ნამდვილი სიყვარული ესარის რაც მე წავიკითხე <3 გული სული გამითბეეთ love ლოორეეეეეეე :* ბედნიერებას გისურვებთ შენ და ლექსოოს love ...... NიcOL შენ კიდე განაგრძე ჩემი ფავორიტი ხაარრრ love love love (ვიბოდიალე მაგრამ აი უბრალოდ სიტყვები არ მყოფნიიისს )

 


№28  offline წევრი mako-makako

ორიოდე სიტყვა მინდა თათაზე დავწერო რადგან ამ ისტორიის წაკითხვის მერე დავრწმუნდი თუ საიდან აქვს თათას ისტორიებს ამხელა ემოცია და გრძნობები რომელიც ყოველთვის ჩემში აღფრთოვანბას იწვევს.ძალიან მაგარი სიყვარულის ისტორიაა,მე ვიცი რა არის ოჯახში ჯარისკაცის ყოფნა და მისი ცხოვრება,მე ვიცი რა არის მისი გასვლა და მუდამ იმის შიშში ყოფნა რომ ცოცხალი დაბრუნდეს.მე ეს ყველაფერი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და ყველას ვუსურვებ რომ მათი ჯარისკაცები მუდამ ცოცხლები და ჯანმრთლბი დაბრუნებულიყვნენ.
აი რაც შეგეხება ნიკოლ შენ არ ვიცი მართლა რა დავწერო,ძალიან მაგარი ავტორი ხარ და მსიამოვნებს მუდამ შენი ისტორიების წაკითხვა,ემოციებს და განცდებს იმდენად რეალურად გადმოსცემ რომ ძნელია თავის შეკავება.ეს არის ნამდვილი წერის ნიჭი და შენ ეს უხვად გაქვს. არცერთს არ გიცნობთ პირადად მაგრამთქვენი ისტორიები თქვნზეც ძალიან ბევრს მეტყველებენდა ასეთი ისტორიის დამწერი და თვითონ ამ ისტორიის გმირი აუცილებლად არაჩვეულებრივები იქნებით.წარმატებები ცხოვრებაში...ბევრი ვიბოდიალე მაგრამ რომარ დამეწერა ესეც არ შემეძლო.
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№29  offline აქტიური მკითხველი uchveulo

auu dzaan dzaaan dzaan magari iyoo saocrebaa vaime ra sayvarlebi ariaan <3

 


№30  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

magarizarr udaottt velodebi axall istoriass

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent