ჭირვეული სტუმარი (9 თავი)
მეცხრე თავი როგორც იქნა საზაფხულო სესიები დავასრულე, პირველი კურსი საკმაოდ წარმატებით დავხურე და სახლში დავბრუნდი. ჩემი შინ მისვლა ოჯახისთვის დღესასწაულად ითვლებოდა, უკვე მოზრდილი, შვიდი წლის ტყუპები მხიარული ყიჟინით მხვდებოდნენ, აშკარად ზედმეტად ამაყობდნენ უფროსი ძმით. ის დღე გუშინდელივით მახსოვს. კობასთან ვიყავი გადასული, როცა კაიშაურების ეზოს შავი მოზრდილი ჯიპი მოადგა. ავტომობილიდან ასაკიანი მამაკაცი გადმოვიდა და რკინის ალაყაფის კარები გახსნა, ავტომობილიდანვე გადმოვიდა მისივე ასაკის კარგად მოვლილი და გაპრანჭული ქალბატონი ორ მცირეწლოვან, ასე შვიდი-რვა წლამდე ბავშვებთან ერთად. მაშინვე მიხვდებოდით ჩვენებურები რომ არ იყვნენ, ბავშვები საგარეო ტანისამოსში გამოწყობილნი, გამხდარნი, ზედმეტად ფერმკრთალნიც კი გაოცებულნი აქეთ-იქით იყურებდნენ და ყველაფერს ცნობისმოყვარედ აკვირდებოდნენ. - აი, ეს ადგილია.... - ბედნიერი, აშკარად კმაყოფილი ხმით უთხრა მამაკაცმა ქალს. - მოგწონთ?! - ღიმილით დახედა მანდილოსანმა ბავშვებს. - კარგია, ბევრი ხეებია, დახუჭობანას კარგად ვითამაშებთ. - მამაკაცის მსგავსად არანაკლებ კმაყოფილმა უპასუხა პატარა გოგონამ და ეშმაკურად გახედა გვერდით მგდომ ბიჭს. - ბე, აქ მგლები იქნებიან?! - ცოტა არ იყოს შეშინებულმა ჰკითხა ვაჟმა ქალს. - მგლები არა, დათვები კი... - იხუმრა მამაკაცმა. დათვების გაგონებაზე ბავშვემბა შიშისგან გადიდებული თვალებით ერთმანეთს გადახედეს. მათი რეაქციის დანახვაზე მამაკაცმა სიცილი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა ახარხარდა - ნუ გეშინიათ, თქვენთან ვერც მგელი მოვა და ვერც დათვი, რომელიმე თუ შეგაწუხებთ ჩემთან ექნებათ საქმე... მისმა ნათქვამმა შესაბამისი ეფექტი მოახდინა ბავშვებზე, პატარებმა აშკარად დაიჯერეს მისი ყოვლისშემძლეობა, კმაყოფილნი შეცვივდნენ ეზოში. - აი, ეს მესმის, კაიშაურებმა გვიკადრეს?! - ირონიულად გამეცინა მე. კარგა ხანს ვილაზღანდარე კობასთან და მის ძმებთან, ხან კარტი ვითამაშეთ, ხან ნარდი, საკმაოდ გვიან დავიშალეთ და სახლშიც წამოვედი. მიუხედავად იმისა, რომ საღამოობით ფშავში საკმაოდ გრილა, იმ დღეს მთის კვალობაზე მაინც ზაფხულის თბილი საღამო იყო. ტყუპები ეზოში თამაშობდნენ, დედა სამზარეულოში საქმიანობდა, მამა ვერ დავინახე თუმცა არც მომიკითხავს, პირდაპირ ოთახში, რომელსაც პირობითად ჩემი ოთახი დავარქვი, შევედი და რკინის, ზამბარიან ლოგინზე მოწყვეტილი დავვარდი. რატომ ჩემი?! ალბათ გემახსოვრება, სახლის მშენებლობა ბოლომდე დასრულებული არ იყო, იმ ზაფხულს მამას აღარ დაველოდე, ამოვიჩემე ამ ოთახს ჩემით გავაკეთებ მეთქი, კედლები ცემენტით საკუთარი ხელით შევფინთხე, ისეთი კმაყოფილი ვიყავი, თითქოს ერთი ოთახი კი არა მთელი სახლი ჩემი აშენებული ყოფილიყო. დიდი ზარ-ზეიმით შევიტანე ჩემი ბარგი და იმ დღიდან იქ შევსახლდი. მეორე სართულზე იატაკი დაგებული არ იყო, კოჭებზე, რომელზეც დიქტი მქონდა აკრული, გარდი-გარდმო, ალაგ - ალაგ იყო დაწყობილი ფიცრები, ძლიერი ქარის დროს ფიცრები მოძრაობდა და რახა-რუხი გაუდიოდა, თუმცა მე ეს სულაც არ მაწუხებდა, მაინც ბედნიერი ვიყავი. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ოთახში შევედი და ლოგინზე წამოვწექი. არ ვიცი ასე რამ დამღალა, ვერც კი გავიგე ისე სწრაფად ჩამეძინა. საკმაოდ ღრმა ძილში მყოფს ჩამესმა ბავშვის განწირული კივილი, დაფეთებული წამოვვარდი, ვერ მივხვდი საიდან მოდიოდა ხმა, ავიხედე და დავინახე ჩემს მიერ საგულდაგულოდ აკრული დიქტი ჩამოხეულიყო, კაიშაურების პატარა გოგონა ერთ-ერთ კოჭზე დაკიდებული ჩემს ზემოთ ფართხალებდა, წარმოდგენა არ მქონდა როგორ მოხვდა იქ, გაოცებული ვუმზერდი და იმას ვერ ვხვდებოდი, რომ ბავშვს დახმარება სჭირდებოდა. - რომ ჩამოვხტე, დამიჭერთ?! - მუდარით შემომხედა პატარამ. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, თუმცა ალბათ ბოლომდე მაინც არ მენდობოდა: - მართლა?! - ისევ ჩამეკითხა ის. - დაგიჭერ, დაგიჭერ... - სიცილს ვეღარ ვიკავებდი. - ერთი, ორი და .... - სამის ჯერი აღარც დადგა, გოგონამ კოჭს ხელი გაუშვა და მკლავებში ჩამივარდა. ბავშვი დავიჭირე თუ არა ზემოდან ბავშვების ყიჯინაც მომესმა, ჩამოხეული დიქტის ადგილიდან ტყუპები და კაიშაურების ბიჭუნა მიყურებდნენ. - მანდ რას აკეთებთ?! აბა სწრაფად დაბლა ჩამოდით!. - ღრენით ავძახე ბავშვებს. ყურადღებით შევათვალიერე ჩემს წინ მდგომი გოგონა, ხელები დაკაწრული ჰქონდა, გაწეწილ თმებში აბლაბუდები, მტვერში ამოგანგლულს არაფერი ჰქონდა საერთო დილით ნანახ გაპარანჭულ თოჯინასთან. თვალები ცრემლებით ევსებოდა როცა საკუთარ დასისხლიანებულ მკლავებს უყურებდა, ალბათ ტკიოდა, ტუჩები ისე უთრთოდა, თითქოს სატირლად ემზადებოდა, თუმცა თავის შეკავებას მაინც ახერხებდა. - შეგიძლიათ ამიხსნათ პატარა ქალბატონო იქ რას აკეთებდით?! - მკაცრი ხმით ვკითხე ბავშვს. კითხვაზე პასუხის გაცემა არ დასცალდა, ერთმანეთის მიყოლებით შემოვიდნენ ბავშვები ოთახში. - იქ რატომ დააბიჯე?! - უსაყვედურა ბიძაშვილმა. - შენ ხომ მითხარი სცადეო?! - არ ჩამორჩა გოგონა. - იქ რა გინდოდათ?! - ამჯერად ოთხივეს ვეკითხებოდი. ბავშვები თავდახრილები იდგნენ და ერთმანეთს შეშინებულები შესცქეროდნენ. ისევ დაზარალებულმა გაბედა, პასუხის გაცემა: - მე და ჩემი ბიძაშვილი სტუმრად მოვედით, ბებომ და პაპამ მოგვიყვანეს, ვიდრე უფროსები საუბრობდნენ მეორე სართულზე ავძვერით. ფიცრებზე დავდიოდით. შემთხვევით ფეხი ამიცდა და… უკვე გაიგეს?! - ნახევრად ტირილით ჰკითხა ბიჭუნას. - არა, ჩამოვედით თუ არა აქ შემოვედით… ფანჯრიდან გავიხედე და დავინახე ჩემი მშობლები მხიარულად ესაუბრებოდნენ კაიშაურებს. - კარგით ბავშვებო, თქვენ აქ იყავით, მე სტუმრებს მივესალმები… მხრებში გამართული მივუახლოვდი მოსაუბრეებს. - ესეც ჩვენი უფროსი ვაჟი!… - ღიმილით გამომხედა მამამ. - ოჰ, მოგესალმებით ვაჟკაცო!… - კარგი ნაცნობივით ხელი ჩამომართვა მამაკაცმა. - ბედნიერი ქალი ხართ ნინა, ერთამანეთზე უკეთესი ბავშვები გყავთ, თქვენი წარმატებების შესახებ ბევრი გვსმენია… - თბილად მეუბნებოდა ქალბატონი. - ნამდვილად ასეა, მოგვესწრო ვაჟი, აი უმცროსებიც წამოიზრდებიან და… - შვილი მაშინაა შენი ვიდრე პატარაა, მით უმეტეს ვაჟი… - სიცილით აღნიშნა სტუმარმა - შემდეგ გაიზრდებიან, მუშაობას დაიწყებენ, დაოჯახდებიან და თავის ბუდეს შექმნიან და სადღა იცლიან მშობლებისთვის. თუმცა არ ჩათვალოთ თითქოს ვწუწუნებთ, ორი ვაჟისგან ორი შვილიშვილი გვყავს და შვილების მონატრებას ისინი გვივსებენ… - მართალი ბრძანდებით, ქალბატონო ქეთევან. - ღიმილით დაეთანხმა მამა. - მოკლედ თავს აღარ შეგაწყენთ, როგორც შევთანხმდით ზურაბ იქით კვირიდან მშენებლობას ვიწყებთ, თქვენი დახმარები იმედი მაქვს… - რა თქმა უნდა ბატონო შალვა, თუ რამით შევძლებ დახმარებას… - ბავშვებო წასვლის დროა… - შვილიშვილებს გასძახა ქალბატონმა ქეთევანმა. ერთმანეთის მიყოლებით გამოლაგდნენ ჩემი ოთახიდან პატარები, პირველი კაიშაურების ვაჟი მოდიოდა, უკან ტრუპები მოჰყვებოდნენ, ბოლოს კი თავდახრილი გოგონა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებმა მისი იარების დაფარვა სცადეს, მაინც აშკარად ჩანდა დაზიანებული მკლავები და მტვრიანი ტანსაცმელები. - რა მოგივიდა?! - ყელიდან კივილი აღმოხდა ბებიას. - მოკლეზე ჩამოვედი!…- ხუმრობა სცადა ბავშვმა. - რას გულისმობ მოკლეზე ჩამოსვლაში? - სიცილს ვერ იკავებდა მამაჩემი. ტყუპებმაც რადგან დაინახეს რომ სტუმრის საქციელზე ზურა სულაც არ ბრაზობდა, სხაპასხუპით დაიწყეს ქეთის მარცხის შესახებ მოყოლა… გაფითრებული და განერვიულებული სახით ისმენდა მათ მონათხრობს ქალბატონი ქეთევანი. - იქნებ ლურსმნები ჟანგიანიც იყო შრატი დაგჭირდება.. - წუხდა ქალი - ადამიანს არაფერს შეარგებთ, არ გრცხვენიათ?! სულ ორი წუთის მოსულები იყავით. რას იფიქრებს ეს ხალხი… - ძალიან გთხოვთ, ბავშვებს ნუ საყვედურობთ… რა ქნან, რაღაცით ხომ უნდა გაერთონ?! - მათ გამართლებას ცდილობდა დედა. მამაკაცები კი შეჰყურებდნენ უხერხულად აწურულ ბავშვებს, ქეთის რომელმაც არ იცოდა სად დამალულიყო და სიცილს ვეღარ იკავებდნენ. თბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს და კაიშაურებიც წავიდნენ. აი, ასე ვნახე პირველად დედაშენი, ის შვიდი წლის იყო, მე კი - ჩვიდმეტის. მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს პატარა გოგონა ჩემი ცხოვრების უმტავრეს ქალბატონად იქცეოდა. ალბათ თქმაც არ უნდა, რომ ბავშვებს ჩემგან თავი შორს ეჭირათ. ან რა საერთო უნდა მქონოდა თითისტოლა ღლაპებთან, ტყუპები და პატარა კაიშაურები სწრაფად დამეგობრდნენ და მთელ თავისუფალ დროს თამაშში ატარებდნენ. უნდა აღვნიშნო, რომ ოჯახის უფროსი, ბატონი შალვა მამას გაცნობისთანავე მოეწონა, შეძლებისდაგვარად აქტიურად ეხმარებოდა სახლის მშენებლობისას, თავზე ადგა მუშებს, აკონტროლებდა, რომელიმე მათგანს სამშენებლო მასალები „შემთხვევით“ ხელს არ გაეყოლებინა. დედაც საკმაოდ დაუახლოვდა ქალბატონ ქეთევანს. თავისუფალ დროს მეც სიამოვნებით მივდიოდი კაიშაურებთან, რომლებიც ყოველვის თბილად მხვდებოდნენ, არ ვიცი რა ხიბლი ჰქონდა ამ ოჯახს, თუმცა ფაქტი იყო, ყველაზე მყუდროდ და კომფორტულად სწორედ მათთან ვგრძნობდით თავს. ასე გადიოდა დრო, სექტემბერში ისევ თბილისში დავბრუნდი, სოფლის ამბებს ძირითადად მშობლებისგან ვიგებდი, როგორც აღნიშნავდნენ შალვა და ქეთევანი საკმაოდ ხშირად ჩადიოდნენ, აი ბავშვები კი ძირითადად არდადაგების დროს მოჰყავდათ. შესაბამისად ტყუპებიც გულისფანცქალით ელოდნენ დასვენებებს მეგობრების გამოჩენის იმედით. თბილისს იოლად შევეჩვიე, ახალი სამეგობრო წრე გავიჩინე, იყო პატარ-პატარა სასიყვარულო ისტორიებიც, თუმცა სერიოზული არაფერი, დიდხანს ურთიერთობის შენარჩუნება არ შემეძლო, რაოდენ ძლიერადაც არ უნდა მომწონებოდა ქალი რამოდენიმე თვიანი ურთიერთობის შემდეგ სწრაფადვე მბეზრდებოდა, შემდეგ ურთიერთობის ახალ ობიექტს ვეძებდი, ვიყავი ასე მუდმივ სასიყვარულო დრამებში გახლართული. არ იფიქრო, თითქოს გართობას გადავყევი და სწავლას ვივიწყებდი, პირიქით, ექიმობა ჩემი მოწოდება, ცხოვრების აზრი იყო, რომლისკენაც მიზანდასახულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწებდი. ლექტორები ჩემში საკმაოდ დიდ პოტენციალს ხედავდნენ და მაქსიმალურადაც მიწყობდნენ ხელს, მესამე კურსზე გადავედი თუ არა, ყველაზე მომეტებულად საქართველოში ცნობილი ქირურგი თამაზ შიოშვილი მფარველობდა, რომელმაც მესამე კურსზე გადავედი თუ არა მისსავე კერძო კლინიკაში სტაჟირების გავლა შემომთავაზა, გუშინდელი დღესავით მახსოვს ჩემი პირველი ემოცია, როცა საოპერაციოში ბატონ თამაზთან ერთად მოვხვდი, მიუხედავად იმისა, რომ მე მხოლოდ დამსწრე ვიყავი და ოპერაციის მსვლელობისას მხოლოდ დამკვირვებლის როლი მერგო, გული გამალებით მიცემდა, ვუმზერდი დასტაქრის ძლიერ ხელებს, როგორ ფაქიზად და დაკვირვებით მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ხშირად შევსწრებივარ, როგორ კლავდნენ საკლავს და ამ პროცესში მეც არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა, ადამიანის სხეულის გაკვეთილ მდგომარეობაში დანახვა ნამდვილად ძნელი ასატანი გამოდგა, ვიგრძენი როგორ გამაცია, სახეზე ფერი დავკარგე, საოპერაციოდან ძლივს გამოვასწარი გულისრევა იქვე რომ არ დამწყებოდა, საოცრად შემრცხვა, პედაგოგს თვალს ვეღარ ვუსწორებდი, თუმცა ბატონ თამაზს სულაც არ გაჰკვირვებია ჩემი რეაქცია. - ეს ბუნებრივიცაა ყმაწვილო, შემდეგ შეეჩვევი, ოპერაციის დროს მხოლოდ იმაზე უნდა იფიქრო, რომ იმ წუთში შენზეა დამოკიდებული პაციენტის სიცოცხლე, მას შენი დახმარება სჭირდება, ეს ბევრად გაგიიოლებს და ასეთ წვრილმანებზე აღარ იფიქრებ. მიუხედავად ჩემი მრავალგზის მცდელობისა, ადამიანის სისხლთან მიჩვევა მაინც მიჭირდა. ვერ-იქნა და ვერ მოვახერხე პაციენტისთვის გულგრილად შემეხედა, მიუხედავად იმისა, რომ გულისრევა როგორც იქნა მოვიშორე, სახეზე ფერს მაინც ვკარგავდი, ვერც აჩქარებულ გულისცემას მოვუხერხე რამე, ეს განცდები სულ რაღაც რამდენიმე წუთს გრძელდებოდა, შემდეგ მეტ-ნაკლებად ვირეგულირებდი პულსაციას და ბატონ თამაზს გულმოდგინედ ვეხმარებოდი. განვიცდიდი ჩემს ემოციურობას, საბოლოოდ აზრი ისევ პედაგოგს ვკითხე, რომელსაც ჩემი ემოციები სასაცილოდაც არ ეყო: - ამ გულისფანცქალისგან განთავისუფლება არც კი იფიქრო, ეგ ნერვიულობა სიცოცხლის ბოლომდე გაგყვება... დრო გადიოდა, მე უკვე ოცდახუთი წლის ვიყავი. საკმაოდ დატვირთული გრაფიკით ვმუშაობდი ბატონ თამაზთან, უკვე დამამთავრებელ კურსზე მყოფი თავისუფალ დროს ან ვსწავლობდი ან რამოდენიმე დღით მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გავდიოდით. შესაბამისად სოფელში იშვიათად ჩავდიოდი. ერთი სული მქონდა, როდის ავიღებდი დიპლომს, რომ სახლში ერთი კვირით მაინც წავსულიყავი, თუმცა საკუთარ ოჯახზე მეტად ხევსურეთი მენატრებოდა. როგორც იქნა ოცნება ავიხდინე, უკვე დიპლომიანი ექიმი გახლდი. ამაყი და ბედნიერი შინ მივდიოდა. მინდოდა საკუთარი სიხარული პირველად მშობლებისა და ჩემი და-ძმისთვის გამეზიარებინა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მგულშემატკივრობდა, დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემი წარმატება ყველაზე მეტად სწორედ ჩემს ოჯახს გაუხარდებოდა. სამარშუტო ტაქსმა ჟინვალთან გადაუხვია, უსწორმასწორო, დანგრეულ გზაზე ფრთხილად მიიწევდა წინ. არ მისული ჩარგალთან, სოფ. წიფრანის გადასახვევთან გავაჩერებინე მძღოლს, გზიდანვე არაგვთან, ჭალაზე მოკლეზე ბილიკი ჩადიოდა, მეც სწორედ ამ ბილიკით ჩავირბინე. აქედან თამამად შემეძლო მეთქვა, უკვე სახლში ვიყავი, მდინარეზე გადებულ ბეწვის ხიდს კმაყოფილმა გავხედე, გული უჩვეულოდ მიცემდა, ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი, ვიგრძენი როგორ გაივსო ფილტვები ჟანგბადით. ის-ის იყო ხიდზე შევდექი და მოულოდნელად სროლის ხმაც გავიგონე. ერთ გასროლას რამოდენიმე მოჰყვა. იმდენად ახლოს ისროდნენ, დამწვარი დენთის სუნიც კი მომივიდა. - ხომ გეუბნებოდი, მოვარტყავ მეთქი, ხედავ რა მაგარი ვარ?! - გოგონას ხალისიანი ხმაც გავიგონე. ცნობისმოყვარეობამ მძლია და მეც იმ მიმართულებით წავედი საიდანაც საუბარი ისმოდა. -მოდი დისტანცია შევცვალოთ, ვნახოთ ამ მანძილიდან რას იზავ... - სიცილით უპასუხა მამაკაცმა. მოულოდნელობისგან ადგილზე გავშეშდი, ასე თხუტმეტი - თექვსმეტი წლის გამხდარი, საკმაოდ მაღალი გოგონა პისტოლეტით ხელში ზურგშექცევით იდგა, მოთმინებით ელოდებოდა მამაკაცს, რომელიც მისგან საკმაოდ შორს აშკარად სამიზნედ განკუთვნილ ლუდის ქილებს აწყობდა. - მზად ხარ? - აქამდე ზურგით მდგომი მამაკაცი მისი მიმართულებით შემობრუნდა, გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა, როცა ჯაბა კაიშაური შევიცანი. გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია: - ცოტა შორს დადექი, შემთხვევით არ ავაცილო... - ჯაბადან გამომდინარე ძნელი მისახვედრი აღარ იყო ვინ იყო მსროლელი. გაშლილი, ტალღოვანი, წაბლისფერი თმა ხელით გვერდზე გადაიწია, სასროლ პოზაში დადგა, ვუმზერდი როგორ დაძაბული მისჩერებოდა სამიზნეს, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მე ვიყავი მსროლელი, წამიერად სუნთქვაც კი შევწყვიტე. ქალმა სასხლეტს ხელი გამოჰკრა და ისევ რამოდენიმეჯერ გაისროლა, ერთმანეთის მიყოლებით მიფრინავდა დარტყმისგან ავარდნილი ლუდის ქილები. კმაყოფილი ყიჟინა ვერ შეიკავა ქალმა, არანაკლებ აღტაცებული მისჩერებოდა მამაკაციც. - დედაშენმა თუ გაგვიგო, მომკლავს, პირობა მივეცი სროლის უფლებას არ მოგცემდი!. - გოგოჭურები არ ჩამიშვებენ და საიდან გაიგებს?! - მხიარულად იცინოდა ქეთი. საკუთარი გვარის გაგონებაზე შევკრთი, ინსტიქტურად აქეთ-იქით გავიხედე, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქის ფაქტზე გამომიჭირეს და მიხვდნენ ჩუმად რომ ვუყურებდი. საკუთარ რეაქციაზე თვითონვე გამეცინა. - მოკლედ,საკმარისია, ამჯერად ჩემი ჯერია... - აუ, მა... გეხვეწები, კიდევ ერთხელ რა!... - იარაღს ვერ თქმობდა ქეთი. - ეს ბავშვი არ იცვლება, რა ახტაჯანაც იყო, ისევ ის დარჩენილა!... - დიაგნოზი დავუსვი და მსროლელ მამა-შვილის თვალთვალი შევწყვიტე. სახლისკენ მივდიოდი - ლამაზი კი დამდგარა! -უნებურად მეღიმებოდა, მე ხომ იარაღ მომარჯვებული გოგონას სახე მედგა თვალწინ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.