sms 8 თავი
კარგახანს ვდგავარ ასე გაოცებული და თავს ვაიძულებ გიორგის ნათქვამი გაანალიზოს. მისმა სიტყვებმა გული ამიჩქარა, აქამდეც კი ვგრძნობდი, რომ ჩემ მიმართ გულგრილი არ იყო, მაგრამ თუ ასე ფიქრობდა ვერ წარმოვიდგენდი. ცოტა გულიც მომდის მასზე, ძმას, თან გარდაცვლილს ეჯიბრება, თუ რა ხდება, რა ჰგონია, რადგან მაღელვებს ეს ამბავი და ვცდილობ ირაკლის დახმარებას, ჰგონია, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ირაკლის პიროვნება მხიბლავს? სიგიჟეა ეს ყველაფერი, მაგრამ როდის ყოფილა ჩემი ცხოვრება ნორმალური? თავს დაბლა ვხრი და ორივე ხელს თავზე ვიჭერ, მერე გაშლილ თმას უკან ვიყრი და ღრმად ვსუნთქავ. კიდევ დიდხანს ველოდები გიორგის გამოჩენას ღია ცის ქვეშ და უკვე, მაშინ როცა ცა მტრედისფრად იცრიცება და სიცივეც ძვალსა და რბილში მიჯდება, ჭიშკარში გიორგი შემოდის. ისევ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მოდის დაფიქრებული და ჩემ დანახვაზე უკმაყოფილო, თუ არა გაბრაზებულ-შეწუხებული სახე მაინც აქვს. მხრებს ვიჩეჩავ უდარდელად, როცა მის კითხვის ნიშნის მზერას ვაწყდები. - შენ რა, მთელი ღამე აქ გაატარე? - როგორც ხედავ. - უკვე კბილებს ვაკაწკაწებ სიცივისგან და ორივე ხელს მკლავებზე ვისვამ. - გაცივდები, შემოდი. - პასუხს არც ელოდება ისე შედის ოთახში და სიბნელის გამო სინათლეს ანთებს. უკმაყოფილოდ ვფრუტუნებ და მეც უკან მივყვები. გასაგიჟებელია, იმ ყველაფრის შემდეგ, როგორ შეუძლია ასე მშვიდად, უცერემონიოდ მელაპარაკოს. ხანდახან ძალიან მაბნევს. ამ ბიჭში აშკარად რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. ეს გასაკვირი არც არის, ის ხომ ტყუპისცალია. - რატომ იდექი გარეთ, ხომ ხედავ მთლად გაყინულხარ. - ისევ მკაცრად აგრძელებს და მკლავებზე დაყრილ, სიცივის ბუსუსებს თვალს არ აშორებს, უხერხულად ვდგავარ და მის ასეთ სახეცვლელებას გაკვირვებული ვუყურებ. ისე იქცევა თითქოს რამდენიმე საათის წინ ჩემზე არ ეჭვიანობდა. - ვერ მოვისვენებდი ოთახში, არც ძილი მომეკარებოდა. ვფიქრობდი. - გიორგის საწოლის კიდეზე ვჯდები და ორივე ხელს მუხლებს შორის ვიქცევ. - საფიქრალი რა იყო? - ვითომც არაფერი ისე აგრძელებს და წყალს ასადუღებლად აერთებს. - შენი სიტყვები, გიო... გიორგი. - ჰმ, - ჩაცინების მსგავს ბგერებს უშვებს, ჩაისთვის ამზადებს ფინჯნებს და საუბარს აგრძელებს. - ჩემი სიტყვები მნიშვნელოვანი არ არის. - მერე გამზადებულ ფინჯან ჩაის მაწვდის. ფინჯანს ვართმევ და უკან კედლისკენ ვიწევი, რომ მოხერხებულად მოვეწყო. არაფერს ვეუბნები, მის სიტყვებზე გამოკიდებას არ ვაპირებ, თუ მან გადაწყვიტა ასე, დაე ასე იყოს. მე კი მეგონა ერთმანეთს გავუგებდით, მეგონა ესმოდა ჩემი. ჩემს ფიქრებში გართულს სულ მავიწყდება გიორგის იქ ყოფნა, ჩაის ბოლომდე ვცლი, მაგრამ ფინჯანის დადება აზრად არ მომდის, თბილია, მე კი სითბოს ვესწრაფი, მცივა. ვგრძნობ, რომ დაღლილობა, უძილობა, და სითბო მთენთავს, ნელ-ნელა ვცურდები საწოლზე და გიორგის ადგილზე ვიკუნტები. „აქ არ უნდა ვიყო“, ერთი წამით ვფიქრობ, და ნახევრად თვალებმილულული ჩემგან ზურგშექცევით, ფანჯარასთან მდგარ გიორგის ვავლებ მზერას. – „რა უღმერთოდ სიმპატიურია“. ბოლო გაფიქრება და სრულიად ვითიშები. საოცარ სიზმარს ვხედავ, ისევ ის გოგო და ირაკლი, ღამით ქუჩაში, იცინიან, ირაკლის ხელი ჩაუკიდია მისთვის და თავზე კოცნის. ვიცი რომ სიზმარია, მაგრამ მაინც საოცრად მსიამოვნებს მათი ნახვა. ვხედავ მათკენ ბიჭი მოდის, რაღაცნაირი მომხიბვლელი და ლაღი სიარულის მანერა აქვს, მაგრამ მის სახეს ვერ ვარჩევ, ჩემგან ზურგით დგება და იცინის. მისი ხმა მესმის, ნაცნობი ხმა აქვს. ვცდილობ სახეზე შევხედო, მაგრამ ვერ ვახერხებ, საიდანღაც პროჟექტორის შუქს მანათებენ და მისი სინათლე თვალებს მჭრის. მზის სხივები გამო, თვალებზე რომ დამნათიან და მაფხიზლებენ, მეღვიძება და თვალს ვახელ, პირდაპირ სახეზე მეცემა მწველი მზე და თვალებზე ხელის აფარებით ვცდილობ მოვიგერიო. ვიშმუშნები და ვგრძნობ რომ რაღაც მაფარია, მხოლოდ ახლა მოვდივარ გონს, მახსენდება სად ვწევარ და დაფეთებული ვჯდები საწოლზე. ოთახს ვათვალიერებ, მარტო ვარ, გიორგი არ არის. სად წავიდა? კიდევ კარგი ჩემზე იფიქრა და საბანი მიმაფარა, თორემ გავიყინებოდი. საბანს ვწევ და იატაკზე გადმოვდივარ. თმების სწორებით გავდივარ გარეთ და ხმაურის გამო მეორე სართულზე ვიყურები. სალომეს კისკისი მთელს სოფელს სწვდება. დროდადრო გიორგის შეძახილებიც მესმის. საინტერესოა რას აკეთებენ? კიბეებზე ფრთხილად ავდივარ და მათ ხმაზე ოთახში შევდივარ. მაგიდის ჩოგბურთში ჩემპიონატი გაუმართავთ და თამაშში ისე არიან გართულნი, ვერც ერთი ვერ იგებს ჩემ გამოჩენას. რატომღაც ნერვები მეშლება და უთქმელად გამოვდივარ ჩემი და სალომეს ოთახში. ტანსაცმელს ვიცვლი, თავს ვიწესრიგებ და ის ისაა გარეთ უნდა გამოვიდე, რომ ჩემი ტელეფონის ხმა მაჩერებს. ირაკლის ნომრის დანახვაზე ისევ ის, თითქოს დავიწყებული სიცივე და ჟრუანტელი მივლის. აღელვებისგან და მოულოდნელობისგან ხელები მიკანკალებს. სუნთქვაც მიჩერდება. „იპოვე ის!“ - თავზარდაცემული კიდევ დიდხანს ვდგავარ გაუნძრევლად და ყურადღების მოკრებას ვცდილობ. უნდა მივწერო. თითებს ძლივს ვიმორჩილებ, ტელეფონის ხელში ჭერასაც ვერ ვახერხებ, მაგრამ მაინც ვწერ ტექსტს. „ ვინ? ვინ ვიპოვო ირაკლი, მინიშნება მომეცი.“ - სასოწარკვეთილი დავყურებ გაგზავნილ მესიჯს, რომელიც არ მიდის ადრესატამდე და ვგრძნობ, რომ მთელი ტანით ვცახცახებ. „ენდე სიზმრებს!“ - ჯანდაბა, ასეც ვიცოდი, პასუხი მაინც დამიბრუნდა, რასაც ვფიქრობდი, სწორედ ის. ზუსტად ვიცი მეტი მესიჯი არ მომივა, ამიტომ ტელეფონს ოთახში ვტოვებ და დაბლა ჩავდივარ. ოთახიდან გამოსვლისას მოკისკისე სალომეს და თვალებგაბრწყინებულ გიორგის ვეჩეხები, ისინიც გამოდიან. რაღაცნაირად გული მეკუმშება, მაგრამ არ ვიმჩნევ. - გაიღვიძეე? რა კარგია, შენ გელოდებოდით, ტბაზე ასვალას ვაპირებთ. - მკლავში ხელს მიყრის სალომე და კიბეებზე ერთად ჩამოვდივართ, გიორგის არ ვუყურებ, მაგრამ ვგრძნობ რომ თავად არ მაშორებს იდუმალ მზერას და ნერვები მეშლება. ვერ გადამიწყვეტია რა ვქნა, გავამხილო ჩემი სიზმარი და მორიგი კომუნიკაცია ირაკლის სულთან, თუ გავაგრძელო გიორგიზე გაბრაზება და აღარ ჩავახედო ამ ამბავში? - თეკლა, რა გჭირს? - მეჩურჩულება სალომე, როგორც კი დაბლა ჩამოვდივართ და გიორგი გვერდით გვივლის. გიორგის სილუეტს თვალს ვაყოლებ და გონებას ვძაბავ. - რა გჭირს-მეთქი, თეკლა? - ჰა? რა, არაფერი... - აზრს არ ვამთავრებ და ნაძალადევად ვუღიმი ეჭვით მომზირალ სალომეს. - მოხდა რამე? - სალომე მაჩერებს და დაკვირვებით მათვალიერებს. - სიზმარი ვნახე, ისევ... ამჯერად მათთან ერთად სხვა ბიჭიც იყო. - ბოლო სიტყვებზე მანქანასთან მდგარი გიორგისკენ ვაპარებ მზერას. - და ფიქრობ, რომ ის ბიჭი გიორგი იყო? - ახლა სალომეც დაკვირვებით ათვალიერებს გიორგის, რომელიც მანქანის მინებს წმენდს, ჩვენგან ზურგით მდგომი. - ახლა თავი ამეხდება ფიქრისგან, სალო. - სალომეს იქ ვტოვებ და ოთახში შევდივარ. - შენი აზრით, გიორგის ნანახი ჰყავს ის გოგო? - სალომეც შემოდის ოთახში და ახლა ფანჯრიდან უთვალთვალებს გიორგის. არაფერს ვპასუხობ, არც ვიცი ჯერ სიზმარში ნანახი ბიჭი მართლაც გიორგი იყო, თუ არა. მე თან ყავას ვაკეთებ და დროდადრო გიორგისკენ ვაპარებ მზერას. არ მინდა დავიჯერო, რომ გიორგიმ იცის ის გოგო ვინაა და არ ამბობს. ისეთი აღფრთოვანებით ლაპარაკობდა ძმაზე, ვერ დავიჯერებ, რომ იმ გოგოს პოვნა არ უნდა. ვინმეს თუ არ მოვუყევი გავგიჟდები. ფიქრებში გართული, ყავის ფინჯნებით სალომეს ვუახლოვდები და გიორგის თვალს არ ვაცილებ. არა, არ შემიძლია გიორგიზე ასეთი რამის გაფიქრება, არ შეიძლება ის ასეთი იყოს, გუშინდელი უბრალოდ ეჭვიანობის ბრალი იყო. ვარწმუნებ თავს და ყავას ვსვამ. - გაუტანე რა, გიორგის ყავა. - ფინჯანზე ვანიშნებ სალომეს. ჯერ ვერ ხვდება, რას ვეუბნები, მერე თვალს ჭუტავს და ისე მიყურებს. მორჩა გავები! - თქვენს შორის რამე მოხდა? - კოპებს კრავს. - არაფერი. - სიმშვიდეს როგორღაც ვინარჩუნებ. - თეკლა, ხომ იცი რომ ვერაფერს გამომაპარებ. - თავის არიდებას ვცდილობ, მაგრამ სალომეს ეჭვიან მზერას ვერ გავურბივარ და იძულებული ვარ ყველაფერი მოვუყვე. აღელვებული ხელების ქნევით ვუყვები მომხდარს და ბოლოს ორივე ვჩუმდებით. - ადექი ახლა, მოკიდე ამ ჭიქას ხელი და გაუტანე. - მკაცრად მეუბნება სალომე და ფინჯანს მაჩეჩებს. - გაარკვიე ყველაფერი, იქნებ გიორგის არ ახსოვს, და შენი ნათქვამის შემდეგ გაახსენდეს. ტყუილად ბრაზობ მაგ ბიჭზე. სალომეს ნათქვამი გულში მხვდება, მართალია, თავიდან მე ჩავითრიე ამ ყველაფერში, ამიტომ არ უნდა ვბრაზობდე მასზე. გადაწყვეტილება მიღებული ვდგები, ღრმად ვსუნთქავ და გიორგისთან გავდივარ. მანქანისთვის წინა ხუფი აუხდია და რაღაცას ამოწმებს. ფეხები არ მემორჩილება და ოთახიდან მასთან მისვლამდე თითქოს დრო იწელება. - გიო, ყავა... გიორგი ჩემკენ ბრუნდება, გაოცებული მიყურებს და ფინჯანს მართმევს. ასე უსიტყვოდ ვდგავართ და ერთმანეთს ვუყურებთ, მე თითებს ვიმტვრევ ნერვიულობისგან, გიორგი კი წარბშეკრული სვამს ყავას. მინდა ვუთხრა, დაწყების ნიშნად პირს ვაღებ, მაგრამ ვერ ვბედავ ვერაფრის თქმას და ისევ ვჩუმდები, ასე რამდენჯერმე. ბოლოს ნერვებმოშლილი ვბრუნდები და სახლში შევდივარ. სალომე დოინჯშემოყრილი მელოდება და უკმაყოფილოდ აქნევს თავს. ერთი საათის შემდეგ სამივე მანქანაში ვსხედვართ და ტბაზე მივდივართ, ამჯერად მე უკან ვზივარ, სალომე კი წინ. ვცდილობ გიორგისკენ არ გავიხედო, მაგრამ თვალები თავისით გამირბის. ის მშვიდად ზის საჭესთან და მუსიკის რიტმს თითებს აყოლებს. ვუყურებ და თვალები მიშტერდება, საოცრად მნუსხავს, თვალს ვერ ვაშორებ მის მანერებს, მის ღიმილს, ახლახანს გასწორებული სარკედან, რომ ჩანს და გული უცნაურად მიხტის. გიორგი თვალს მისწორებს სარკიდან და სუნთქვაც მიჩერდება. ვგრძნობ, რომ ვწითლდები და გარეთ ვიყურები. ტბაზე დროს კარგად ვატარებთ, ნავითაც ვსეირნობთ და პიკნიკსაც ვაწყობთ. დიდი ტირიფის ქვეშ სუფრას ვაფენთ და ჩვენს საგზალს ვალაგებთ. სანამ მე და სალომე ვსაქმიანობთ, გიორგი მოშორებით დგას, ტბის პირას და ტელეფონზე საუბრობს. თან აქეთ-იქით დადის და კენჭებს ტბაში ისვრის. მის ყურებაში გართულს რაღაც მახსენდება. მერე გიორგი იცინის და სიზმარი, თეკლა! დიახ! ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ის ბიჭი სიზმრიდან, გიორგი იყო. ჩემი აღმოჩენით აღელვებული, ერთ ადგილზე ვერ ვისვენებ. სალომე გაოცებული მიმზერს, მაგრამ ხმას არ იღებს. - გიოო, - მეც არ ვიცი რანაირად მწყდება ბაგეებიდან მისი სახელი, მაგრამ როცა ვიაზრებ უკვე გვიანია. გიორგი ჩემკენ მობრუნებულა და ღიმილით ელოდება რას ვეტყვი. ვიბნევი. ისეთი თვალები და ღიმილი აქვს ხმას ვეღარ ვიღებ. მისი ღიმილი ყველაფერს მავიწყებს. - მოდი რა, არ მოგშივდა? - ისევ სალომეს გამოვყავარ უხერხული სიტუაციიდან და მეც მადლიერი თვალებით ვუღიმი. - მოგკლავ! - მებურდღუნება სალომე. საუზმე ბუნებაში მხიარულად მიმდინარეობს. ძირითადად გიორგის და სალომეს ხმა ისმის. მე კი ფიქრებით ისევ სიზმარს და გიორგის დავტრიალებ. იქიდანაც ისე მოვდივართ, არც მე ვამბობ რამეს და არც გიორგი. ტბიდან, თელავში და იქიდან ნეკრესში ავდივართ. ნანახით და ბუნების სილამაზით აღფრთოვანებულს, სულ მავიწყდება ჩემი საფიქრალი. გიორგი ისევ არ იღებს ხმას, თუმცა ვხვდები, რომ ჩუმად მაინც მათვალიერებს, ისე როგორც მე. მეცინება, ჩემზე ჯიუტი აღმოჩნდა. უკან დაბრუნებისას, რატომღაც ყველაზე სევდიან სიმღერებს არჩევს. ამჯერად სალომეს მანქანაში ჩაჯდომისთანავე ეძინება, ჩემს მხარზე თავჩამოდებულს. გარეთ ისევ წვიმს, ისევ სიჩუმეა. ძალიან მინდა გიორგის რამე ვუთხრა, მაგრამ ვერ ვახერხებ. სარკესაც თავს ვარიდებ, რადგან იქიდან გიორგის წარბშეკრული თავლები მიყურებენ. The Blower's Daughter იწყება და გიორგიც დუმილს არღვევს. - თეკლა, რამის თქმა გინდა? - ვკრთები და სარკისკენ ვაპარებ მზერას, მაგრამ ის მე არ მიყურებს, გზას თვალს არ აშორებს. სალომეს თავს ვაღებინებ ჩემი მხრიდან და სავარძელზე ვაწვენ, მერე კი წინ გადავდივარ. გიორგი სვლას ანელებს, გაოცებული მიყურებს და ვხედავ როგორ უკრთის ღიმილი თვალებში. წინა სავარძელზე ვთავსდები და მისკენ ვბრუნდები. ისევ გაოცებული მიყურებს, ისევ ღიმილიანი თვალებით და მიკვირს როგორ უნდა უღიმოდეს თვალები, როცა სახეზე გაკვირვება აწერია. - ისევ სიზმარი ვნახე... - ვიწყებ დაბალი ხმით. გიორგის სახე ეძაბება, თითებს მაგრად უჭერს საჭეს, თუმცა ხმას არ იღებს. - სადღაც ქუჩაში, ღამით იმ გოგოსთან ერთად. იცინოდნენ და ვიღაც ბიჭიც იყო იქ... - ცოტა ხანს ვჩერდები, გიორგის ვაკვირდები, რეაქცია არ აქვს და ვაგრძელებ. - ზურგით იდგა მაგრამ ცხადად ვხედავდი, ძალიან ლაღი იყო, მხიარული, ტყავის ქურთუკში და შავ ჯინსსში. ირაკლის მხარზე დაჰკრა ხელი და რაღაცაზე იცინოდნენ. - ბოლო სიტყვაზე მომენტალურად ამუხრუჭებს მანქანას, მე კი შიშისგან კარის სახელურს ვაფრინდები - რა თქვი? შავი შარვალი და ტყავის ქურთუკი? - თვალებგაფართოებული მეკითხება გიორგი. მერე ხელს შუბლზე იჭერს. - გაგახსენდა, ხო? - შეუძლებელია, თეკლა ეს როგორ დაგესიზმრა, მეც კი აღარ მახსოვდა. - სასოწარკვეთილი მიყურებს. - კარგი დაწყნარდი. - მხარზე ხელს ვადებ და გამამხნევებლად ვუჭერ. გიორგი აღარაფერს ამბობს, წარბებშეკრული მიყურებს, მერე ისევ ქოქავს მანქანას და გზას ისევ ჩუმად ვაგრძელებთ. - გამახსენდა, გამახსენდა... ერთხელ ვნახე კი, ბარში მოიყვანა, მე ვმღეროდი, ისინი ცეკვავდნენ, არ იცოდა ტყუპისცალი თუ ჰყავდა, ღმერთო...- ხელს საჭეს არტყამს და ტუჩებს მაკრად კუმავს. - აქამდე როგორ არ მომაფიქრდა, ამის... -კარგი, დაწყნარდი. - ისევ მხარზე ვეხები, ვცდილობ გავამხნევო, გიორგი ჯერ ჩემს ხელს აკვირდება მის მხარზე, რომ მიდევს და მერე თვალებში მიყურებს, უხერხულად ვუღიმი და ხელს ვაშორებ. ჩემს თავზე მეშლება ნერვები, რომ ასე გამოვხატავ ინტერესს და აღელვების დასაფარად ისევ საქარე მინიდან ვიყურები. ხელზე კალთაში, რომ მიდევს გიორგის ცივი თითები მეხება. ისეთი უცნაური და სასიამოვნო გრძნობა მოჰყვება მის შეხებას, მინდა ხმამაღლა დავიყვირო. თავს მისკენ ვატრიალებ, გიორგი მიღიმის, ერთი ხელი საჭეზე უდევს, მეორეს კი არაფრით არ მიშვებს. სიმართლე, რომ ვთქვა ამის წინააღმდეგი არც ვარ. - წუხანდელისთვის ბოდიში, - ცოტახანს ჩერდება. - შენთვის ეს არ უნდა მეთქვა, მით უფრო ჩემს ძმაზე. - ხმას არ ვიღებ, ვფიქრობ ახლა რამის თქმა უადგილოა. - იმ გოგოს თუ არ ვცდები, დადუნა ერქვა, მაგრამ არ ვიცი ეს ნამდვილი სახელი იყო, თუ ზედმეტსახელი. სულ ერთხელ, რამდენიმე წუთით ვნახე. - მართალი იყო ირაკლი, - მეღიმება, გიორგი ვერ ხვდება რას ვგულისხმობ და გაკვირვებული მიყურებს. - ისევ მომწერა. - არც იმ ქვეყნად ავიწყდება წერა. - რაღაცნაირი, თბილი ხმით ამბობს გიორგი და ისევ თითებს მიჭერს. მისი შეხებისგან გამოწვეული ჟრუანტელი, ხელიდან მკლავში, შემდეგ მკერდში გადმოდის და გულს მიძგერებს. გარეთ ისევ წვიმს, დაღამებულა კიდეც და გზას მთვარე გვინათებს. სალონში სიჩუმეა, სიჩუმე რომელიც სიტყვებზე ბევრს ამბობს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.