შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვილი (დასასრული)


21-05-2016, 21:46
ავტორი tatia27
ნანახია 2 960

დაუვიწყარი ღამე იყო. მართალია, «გატაცება» მხოლოდ მთავარი ექიმის კაბინეტში ჩაკეტვით შემოიფარგლა, მაგრამ რას დავეძებდი. გამაფრთხილა, ორ საათზე შემოდიო… ერთი სული მქონდა, როდის გახდებოდა ორი საათი…

როგორ ხარბად მეფერებოდა, თითქოს წლებია, ამ ღამეს ელოდაო. თითქოს ჩქარობდა, კოცნას არ მაცლიდა. ვითომ მართლა ასე მოვენატრე? თუ უბრალოდ, ქალი შემოაკლდა? ან იქნებ ცდილობს მე გამიხალისოს ცხოვრება? არ მაინტერესებს. მთავარი ის არის, რომ ეს მოხდა. თანაც პირველად განვიცადე ორგაზმი. ეს ნამდვილი საოცრება იყო. როგორ მინდოდა სიამოვნებისაგან მეყვირა, მაგრამ ვიცოდი, სადაც ვიყავი და ბოლომდე შევიკავე თავი. აფსუს, რომ ნიკას ბინაში არ მოხდა ეს შეხვედრა. მაშინ კი გავიჯეჯილებდი.


26 ივლისი

წუხელ თავისთან წამიყვანა. როგორ მინდა აღვწერო, როგორი სექსი გვქონდა, მაგრამ მრცხვენია, ვაითუ ვინმემ წაიკითხოს ოდესმე შემთხვევით ეს დღიური. თავი მომეჭრება. მაგრამ რა ვქნა, საშინლად მსიამოვნებს ეს სექსი და მომკალი, თუ გინდა. რომ შეიძლებოდეს, დღეღამეში ათჯერაც არ ვიტყოდი უარს. ნეტავ სხვა ქალებიც ასე არიან ხოლმე, კაცს გემოს რომ გაუგებენ? თუ მარტო მე ერთი ვარ ეგეთი დეგენერატი და მხოლოდ მე ვფიქრობ ასე? ისე, ჩემი დაქალებისგან ბევრჯერ გამიგია, ღამეებს ვათენებთ მე და ჩემი ქმარიო. ასე რომ, არანორმალური და ანომალიური მგონი არაფერი მითქვამს.

ფეხის წვერიდან თმის ძირამდე მკოცნა. ნელ-ნელა რაღაც-რაღაცებს მეც ვსწავლობ. არ უნდა ვიყო მთლად ურიგო ინტიმის ხელოვნებაში. ნიკა მოკლედ სულ ჩემი სხეულის ქებაშია. მთელი ორი საათი ჩემი მკერდისთვის ხელები და ტუჩები არ მოუშორებია. მომწონხარ, ვაფრენ შენზე, მიყვარხარ კიდევაცო, ქადაგად დავარდა, სულ სიყვარულს მეფიცებოდა. შენც შემიწყვე ხელი, ერთად მოვერიოთ შენს დაავადებას, მიხედე საკუთარ თავს და მერე ყველაფერი კარგად იქნება, მე შენ გვერდით ვარ, ეს არასდროს დაივიწყოო.



2 აგვისტო

ამ ბიჭს რა ემართება, ვერ გამიგია. ქამელეონივით იქცევა. ექვსი თვეა ვიცნობ და ბოლომდე მაინც ვერ შევიცანი. სუფთა გამოცანაა, რა. ისევ არ მეკარება. არადა, ერთ თვეში გერმანიაში გამამგზავრებენ. საბოლოოდ გადაწყდა. სულ ხუთნი მივდივართ. ჩემ გარდა ორი პატარა ბავშვია, ორიც _ გოგო და ბიჭი, 22-25 წლისანი. არ ვიცი, უნდა მიხაროდეს თუ უნდა მწყინდეს. ყველაზე მეტად ის მაღელვებს, ნიკასთან განშორებას რა გადაიტანს. ერთით კი მიხარია, იქნებ მეშველოს რამე, გადარჩენის შანსი მეძლევა, მაგრამ ამ საძაგელთან რომ მირჩევნია?

ის კი… ეს დღეებია, ზედაც არ მიყურებს.


10 აგვისტო

გული გადამელია ნიკას მოლოდინში. რამდენჯერაც პალატის კარი გაიღება, იმდენჯერ ის მგონია და სულ ვცდები. ერთი კვირაა, თვალით არ მინახავს. იმისიც მეშინია, ვინმეს ვკითხო, რამე საშინელება არ მითხრან, არადა, შარშანდელი თოვლივით აორთქლდა.

დღეს დილით ისე, ვითომ შემთხვევით ვახსენე დედაჩემთან, ნეტავ სად დაიკარგა ჩემი ექიმი-მეთქი. ხმა არ ამოუღია. მეც აღარ გამიმეორებია და ცოტა ხანში მიმავიწყდა კიდეც. ის კი გასულა, მთელი გამოკითხვა ჩაუტარებია და შუადღე იყო, პალატაში შემოსულმა სხვათა შორის რომ თქვა, ჩვენი ექიმი შვებულებაში გასულაო.

მეგონა დამბლა დამეცა. გავშავდი. ჩემდა უნებურად წამოვიწიე საწოლიდან და ამ დროს… დედაჩემის გამომცდელ მზერას წავაწყდი. მივხვდი, რომ გავიყიდე. იგი თურმე ყველაფერს ხვდებოდა. ისევ მივდე თავი ბალიშზე და ჭერს მივაშტერდი. დედას ერთი სიტყვაც არ დასცდენია. რა კარგი დედიკო მყავს. იცის, რამდენად მტკივნეული იქნება ჩემთვის ამ თემაზე საუბარი.

მეზიზღება ნიკა. ეს რა გააკეთა! ისე როგორ გაიპარა, ერთი სიტყვა რომ არ მითხრა, არც დამემშვიდობა?

უსინდისო, უნამუსო. ამას არასდროს ვაპატიებ!



15 აგვისტო

ჩემი საბუთები უკვე გაამზადეს. თვის ბოლოს ყველა ვარიანტში გამამგზავრებენ. მარტო მივდივარ, ჩემების გარეშე. როგორ არ მინდა. რა მოხდება, უარი ვთქვა? არ მირჩევნია, აქ მოვკვდე? ჩემთვის ხომ ცხოვრება უკვე დამთავრდა? ერთხელ არ შემეხმიანა. თან იცის, რომ გერმანიაში მივდივარ. როგორ გამიმეტა ასე? ნუთუ იმდენი არ ესმის, რომ ჩემთვის ნერვიულობა არ შეიძლება? ამან შეიძლება გააუარესოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თანაც ამ ბოლო დღეებში სულ ცუდად ვარ. სიცხე გამუდმებით ოცდაჩვიდმეტი მაქვს, თითქოს გული მერევა. ჭამის მადა საერთოდ დამიქვეითდა. სულ ძალით მატენის დედაჩემი საჭმელს. რა ოხრობად მინდა რამე! ნიკას გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არა აქვს. მის გარეშე ისედაც მკვდარი ვარ. ისეთ ხასიათზე ვარ, შეიძლება თავი მოვიწამლო და ყველაფერს წერტილი დავუსვა, მაგრამ დედაც მეცოდება და მამაც, თორემ აქამდე თავს ნამდვილად არ ვიცოცხლებდი.



22 აგვისტო

რაღაც ძალიან გაჯანჯლდა ჩემი საბუთების მოგვარების საკითხი. სულ არ მადარდებს. ისემც უქნიათ, საერთოდ ვერ გაუკეთებიათ ვერაფერი. არ მინდა წასვლა. აქ ყოფნა მინდა. ხომ ვიცი, იქაც ქიმიოთერაპიას ჩამიტარებენ. რა, აქ ვერ მოახერხებენ, თუ? რა საჭიროა ზედმეტი წოწიალი, არ მესმის.

ნიკასი არაფერი ისმის. დღეს დილით ელისო მოვიკითხე, რაღაც ისიც დამაკლდა თვალში. ექთანმა მითხრა, შვებულებაში გავიდაო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავვარდებოდი? მგონი წნევამ ამიწია. დარწმუნებული ვარ, ერთად არიან და მშვენივრად ატარებენ დროს. საზიზღრები! როგორ მძულს ორივე! მასთან თუ რომანი ჰქონდა, ჩემგან რაღა უნდოდა? ისედაც გაუბედურებული ვიყავი, კიდევ ეს მინდოდა? რატომ შემაყვარა თავი, რატომ, რატომ! ჩემი ცოდვა არ გაახერებს ერთსაც და მეორესაც. აგერ ვნახავ!

დღითიდღე უარესად ვხდები, მაგრამ არ ვიძახი. მეშინია, დროზე ადრე არ გამამწესონ გერმანიაში. ისე ვიქცევი, თითქოს ყველაფერი რიგზეა. წუხელ ორჯერ ამერია გული. მთლად მოშლილი ვარ. თავბრუს ხვევებმაც მიმატა. ფეხზე დიდხანს დგომა მიჭირს, სულ დაწოლა მინდა. ალბათ უკვე ბოლო სტადიაში გადამივიდა ავადმყოფობა, ეგენი კი ვერ ხვდებიან.

აი დარდი, თუ ვერ ხვდებიან.



29 აგვისტო

ერთ კვირაში მივფრინავ. ჩემი გული აქ რჩება. მართალია, ნიკაზე მაგრად ვარ გაბრაზებული, მაგრამ ისე მიყვარს, ჩემს თავს ვერაფერს ვუხერხებ. ყოველ წუთს მასზე ვფიქრობ. დედაჩემი არაფერს მეუბნება, მაგრამ სახეზე ვატყობ, რომ ყველაფერს ხვდება. ვერავისგან ვერ გავიგე ნიკას მობილურის ნომერი, თორემ აუცილებლად დავურეკავდი. ვნახავდი ერთი, რით იმართლებდა თავს. ასეთ მომენტში შეიძლებოდა ჩემი მიტოვება? სულ რომ ვძულდე, არ უნდა მოქცეულიყო ასე. თავს მაინც მოვაჩვენებდი ადამიანს, რომ ვზრუნავ მასზე, გავუადვილებდი ცხოვრებას. მან კი… ჩემი გრძნობები არაფრად ჩააგდო, ფეხზე დამიკიდა. არა უშავს, ჩემი დროც მოვა. თუ ცოცხალი ჩამოვედი იქიდან, სპეციალურად მოვალ მის სანახავად და ჩემს სათქმელს ბოლომდე ვეტყვი. არაკაცი ყოფილა!



1 სექტემბერი

სამ დღეში მივფრინავ. ჩემი გული მკვდარია, თუმცა ერთი გამონათება მაინც მოხდა. გუშინ დილით ელისო შემოვარდა პალატაში ხმაურით, დიდი ამბით მომიკითხა, გადამკოცნა, მომეფერა. როგორც ჩანს, ჩვენ შესახებ არაფერი იცის, თორემ წარმომიდგენია, რას მოიმოქმედებდა. რახან ეს გადაპრანჭული ქალი დავინახე, ვიფიქრე, ნიკაც ჩამოვიდოდა-მეთქი, მაგრამ მოვტყუვდი. მთელი შვებულება ჩამიშხამდა, მამაჩემს წნევამ დაარტყა და დასვენების დღეები ქუთაისის საავადმყოფოში გავატარეო. ნიკა საერთოდ არ უხსენებია. მეც ავდექი და ჩემი ექიმის ადგილსამყოფელის გარკვევას შევეცადე. ექთანმა გადასხმა რომ გამიკეთა, ვკითხე, ნიკა ექიმი როდის გამოვა სამსახურში-მეთქი. ბათუმში ისვენებს, ხუთ სექტემბერს უმთავრდება შვებულებაო, დამიზუსტა. კინაღამ ვიტირე. მე ოთხში მივფრინავ, ის კი ხუთში ჩამოვა.

რა ცუდია. არაფერში ბედი არა მაქვს.



3 სექტემბერი

ხვალ გავფრინდები. დედაჩემი ჭკუაზე არ არის, ისე უხარია, მე კი… საკუთარ თავზე ასე გაბოროტებული ადამიანი ჯერ არ მინახავს. რა ვქნა, მძულს ჩემი თავი. მორჩა! დღეს ბოლო სიტყვებს ვწერ და ამით დავამთავრებ. აწი აღარასოდეს მივუბრუნდები დღიურს. თუ დავბრუნდი იქიდან, ალბათ დავხევ კიდეც. რა საჭიროა!



15 სექტემბერი

ვიფიქრე, დღიურს მეტად აღარ ვაწარმოებ-მეთქი, მაგრამ, გულმა არ მომითმინა. ჯობია, ქაღალდზე მაინც გადავიტანო ჩემი ემოციები.

თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა აქ ჩამოსვლის პირველ დღეებში. სუნთქვა გამიადვილდა, შევმსუბუქდი, ჭამის მადაც მომემატა, მაგრამ აგერ, სამი დღეა, კვლავ ცუდად გავხდი. გული მერევა, ვითენთები, სულ ძილი მინდება…

გაგიჟებულია ჰერ კლაუსი _ ასე ჰქვია ჩემს ექიმს _ ბატონი კლაუსი, ვერაფერი გამიგიაო. ყველა-ყველა და, ჰემოგლობინი რატომღა დაეცაო ასე მკვეთრად და ასე სწრაფად? ხვალ ხელახალი ანალიზები მჭირდება. დავიღალე. ახლა მართლა ძალიან მინდა სიკვდილი. ალბათ აქამდე ნიკას გვერდით ყოფნა მასულდგმულებდა და როგორც კი მან მიმატოვა, ჩემმა სხეულმაც შეწყვიტა ბრძოლა გადარჩენისათვის. რამდენჯერ ვცადე, დავლაპარაკებოდი ჩემს მეორე მე-ს, რაღაც მაინც მერჩია მისთვის, მაგრამ არა, ახლოსაც არ გამიკარა. სარკეში რომ ვიხედები, ისეთი ზიზღით შემომხედავს, მეშინია ხოლმე. მინდა, პანდორას ყუთის ამბავი მოვუყვე… მინდა, ვუთხრა, რომ ის, რაც მაშინ იმ საშინელ ყუთში დარჩა, იმედი იყო და რომ ეს იმედი დღემდე აიმედებს ადამიანებს, რომ მაშინ ყველა საძაგლობისგან არ დაცლილა ის ყუთი… ამის გაგონებაზე ჩემი ურჩი ორეული ხარხარს იწყებს, ოღონდ ეგ იმედია თუ რაღაც ჯანდაბა, მეტჯერ აღარ მიხსენოო. ნუთუ ადამიანებს ეგეთი სასაცილო რამეების კიდევ გწამთო? ვეკითხები, განა შენ ადამიანი არა ხარ-მეთქი? შენ ხომ ჩემი ნაწილი ხარ, ნუთუ დაგავიწყდა-თქო… არაო, შენი ნაწილი კი ვარ, მაგრამ მხოლოდ სულის და არა სხეულისო… მე სხვა განზომილებაში ვცხოვრობ და აქ ყველაფერი სხვაგვარადაა, ისე კი არა, როგორც თქვენთან, დედამიწაზეო…

მოდი და ელაპარაკე ახლა!



17 სექტემბერი

ესეც ბედის ირონია! აი, სიურპრიზი! დღეს ჩემს პალატაში ნამდვილი სიმპოზიუმი მოაწყვეს კლინიკის ექიმებმა. ერთი ასი თეთრხალათიანი მაინც შემოვიდა! ისე მათვალიერებდნენ, თითქოს საექსპერიმენტო პაციენტი ვყოფილიყავი! ხელებს შლიდნენ, თათბირობდნენ, შეშფოთებული მისჩერებოდნენ ერთმანეთს და ჩემკენ დამფრთხალ მზერას აპარებდნენ.

რა ხდება-მეთქი, ჰერ კლაუსს ვკითხე, რომელიც ჩემს საწოლთან სკამზე ჩამოჯდა, ჩემი ხელი ხელში აიღო, გამომცდელად მომაჩერდა და გამოკითხვა დამიწყო.

_ ნათან! _ ასე მომმართავს იგი ყოველთვის, _ როგორც ვიცი, თქვენ გათხოვილი არ ხართ, ხომ?

გამიკვირდა, რატომ ჩამომიგდო ამ თემაზე საუბარი. გამიხარდა, მეგონა, ნიკამ დარეკა და რაღაც მსგავსი უთხრა ალბათ, ჩემი ჯანმრთელობის ამბავი რომ გაეგო.

იგი ინგლისურად მელაპარაკება ხოლმე, რადგან ინგლისურს კარგად ვფლობ, გერმანულის კი ინჩი-ბინჩი არ გამეგება. აქ დიდად არ უყვართ ეს «ევროპულ-ამერიკული» ენა, მაგრამ მაინც იციან, განსაკუთრებით ექიმებმა და იურისტებმა.

_ არა, არ ვარ და არც ვყოფილვარ, _ თავი გავაქნიე და რატომღაც, გავწითლდი.

_ ბოიფრენდი გყავთ, არა?

უარესად გავწითლდი. ვერ მივხვდი, საით მიჰყავდა ექიმს საუბარი.

_ მყავდა, _ დავაკონკრეტე, _ რა ხდება? რატომ მეკითხებით? _ ცოტა არ იყოს, შიშმა ამიტანა, ნიკას რამე ხომ არ დაემართა-მეთქი.

_ იცით?.. _ ჰერ კლაუსმა ჩაახველა, მარჯვენა ხელით სათვალე გაისწორა ცხვირზე, მეორე ხელი კი უფრო მომიჭირა თითებზე, _ თქვენ ორსულად ხართ.

არაააააააა! ოღონდ ეგ არა! დამბლა დამეცა! ეს იყო შოკი! სიზმარში მეგონა ჩემი თავი. ერთადერთი, რაც იმ წუთას საზარლად ჩამესმა, ჩემი ორეულის დემონური ხარხარი იყო. ღმერთო! საკუთარი ისტერიკული სიცილის ხმა მესმოდა სადღაც შორიდან, სხვა არაფერი. ერთი სიტყვაც არ გამიგია, რაც ექიმმა მითხრა.

როცა გონს მოვეგე, პირველი აზრი, რამაც გამიელვა, ჩემი დედ-მამა იყო.

_ ოღონდ ჩემს მშობლებს არ გააგებინოთ, გთხოვთ! _ თავი წამოვწიე და საწყალობლად მივაჩერდი კლაუსს.

_ უკვე შევატყობინეთ! _ ჩემს თხოვნას ცივი წყალი გადაასხა მან.

სასოწარკვეთილი ბალიშზე მივესვენე და ერთბაშად მოვეშვი…

ახლა ჩემთვის ყველაფერი სულერთი იყო!..



28 სექტემბერი

დედა ჩამოვიდა. დაიწყო ნოტაციების კითხვა. არ მინდა მათი გამეორება. ყველას აზრი ერთია _ აბორტი!

არ ვიცი, რა შედეგი მოჰყვება ამას, შეიცვლება თუ არა სიტუაცია, მაგრამ ერთი რამ მტკიცედ ვიცი _ ამ ბავშვს მაინც გავაჩენ. მე მოვკვდები და ამას არ მოვკლავ! _ უკვე მესამე დღეა, დედას ვუმტკიცებ. ის კი, თავის მხრივ…

_ მაგრამ…

_ არავითარი მაგრამ! ვიცი, ახლა რასაც მეტყვით ყველანი _ ამით ხომ შენც სიკვდილი გემუქრებაო, არა? აბორტით მას ისედაც მოვუსპობ სიცოცხლეს, გამოდის, რომ ჩემივე ხელით უნდა მოვკლა საკუთარი შვილი, ამიტომ, თუ მაინცდამაინც სიკვდილი გვიწერია, ბარემ ერთად მოვკვდებით და ეგ იქნება. მთელმა ნათესაობამ რომ მომიძულოს, ბავშვს არაფრის დიდებით არ მოვიცილებ. ტყუილად დგას მთელი კლინიკა ფეხზე! წამიყვანე შინ, რაც შეიძლება სწრაფად, გესმის? _ ვყვიროდი, ვყვიროდი, ვყვიროდი…

და ორ დღეში წამომიყვანა!



1 ოქტომბერი

თბილისში ვარ. მშვიდად ვარ. მსუბუქი ტოქსიკოზი მაქვს. გადასხმებს შინ მიკეთებენ. ჩემი მონახულება ყველას ავუკრძალე. ერთადერთი, ნინი მოდის, ჩემი ბავშვობის მეგობარი. ის საბერძნეთში იყო, იქ მუშაობდა და ეს ამბავი რომ გაიგო, ჩემ გამო ჩამოვიდა. ნამდვილი მეგობარი ამას ჰქვია! ამიტომაც აქვს უფლება, ყოველდღე მნახოს.

ერთ დღესაც, შემაპარა.

_ იქნებ დავურეკოთ ნიკას, ნათი? არ გიცდია?

_ არა, არ მიცდია. მე რატომ უნდა მეცადა? არ ვეკუთვნი ქალთა იმ კატეგორიას, კაცის დათრევის მიზნით თავს რომ აცოდებენ, ორსულად ვარ, მომაკვდავი ვარ, იქნებ ერთხელ მაინც შემხვდე, იქნება ასე და იქნებ ისეო… რომ ჩამოვედი, დავურეკე, მოვიკითხე, ცოტა ხანს ვილაპარაკეთ და მორჩა.

_ ხომ იცის შენი ორსულობის ამბავი?

_ იცის, მაგრამ სიტყვა არ დასცდენია ამაზე. რა ვიცი, ალბათ ჩემგან ელოდა მონოლოგს. მე კი ჩემი მდგომარეობით მასთან შვილით ვაჭრობას ვერ დავიწყებდი. არ მჩვევია ეგეთები. ძალით მოპოვებული არც სიყვარული მინდა და არც ქმარი. რა ვქნა, ასეთი ვარ. ან კი რას ვერჩი მას, მე ხომ იმთავითვე ვიცოდი, რომ არ ვუყვარდი. იგი არაფერს შემპირებია. რა უნდა მოვთხოვო? რატომ შემაცდინე-მეთქი? ეს არ იყო შეცდენა. მე ჩემი სურვილით გადავდგი ის ნაბიჯი. ასე რომ, არანაირი უფლება არ მაქვს, ნიკაზე განაწყენებული ვიყო.

_ მერე? ნუთუ მისმა საქციელმა შენს გრძნობებზე არ იმოქმედა?

_ არა! მაინც მიყვარს და ისევე მიყვარს, როგორც აქამდე… ის კი არა, განშორებამ კიდევ უფრო გამიმძაფრა ლტოლვა. საშინლად მენატრება მისი ხმა, სუნთქვა, შემოხედვა, ღიმილი, შეხება… და არ მრცხვენია ამას რომ გეუბნები, ნინი!. ან კი რა აზრის აქვს დამალვას, ჩემთვის სულერთია. არ მაინტერესებს, რას იტყვის ხალხი. ასეა თუ ისე, ის ჩემი შვილის მამაა.

_ იქნებ ერთხელ კიდევ დაურეკო?

_ არა, მეორედ არ დავრეკავ! არ მიმაჩნია საჭიროდ. სურვილი რომ ჰქონოდა, თვითონ დამირეკავდა.

_ იცი, რა მგონია? ნიკა ალბათ ფიქრობს, რომ ბავშვის გაჩენით შენ მას ცხოვრებას უმრუდებ… იქნებ შეუცნობლად მართლა შურისძიება გამოგდის? _ ნინი ფრთხილობდა, ეშინოდა, მის შეკითხვებს ჩემი გაღიზიანება არ გამოეწვია. თან მეფერებოდა, თან მეჩურჩულებოდა.

_ არა, ეგ რა შუაშია. მის ჯინაზე ნამდვილად არ ვაპირებ ამ ბავშვის გაჩენას. ერთი წამით არ იფიქროთ ეს არავინ. ცხოვრებას რატომ ვუმრუდებ? არ ვაპირებ, ოდესმე თავი შევახსენო, ეგ გამორიცხულია. გვარს არ ვითხოვ და ხელის მოწერას, არც ქონებას ვედავები და არც ბრალს ვდებ არაფერში. თავისუფლად შეუძლია იცხოვროს იმასთან, ვინც უყვარს, დაოჯახდეს, ვისთანაც სურს, ასი წელი ხელს არ შევუშლი და არც ჩემი შვილი გაებლანდება ფეხებში არასდროს, მიუხედავად იმისა, რომ მის გარეშე ჩემი ცხოვრება არარაობაა. ჩემში სერიოზული სიყვარული მისით დაიწყო და მისით დამთავრდება. სულ რომ ღრმა სიბერემდე ვიცხოვრო, არასდროს ვიფიქრებ სხვა მამაკაცზე. მას კი სიკვდილამდე დაველოდები. თუკი ცოცხალი დავრჩი და ოდესმე გამოჩნდა, აუცილებლად მივიღებ. თუმცა მგონია, რომ სიკვდილი უფრო ადრე მომაკითხავს, ვიდრე ნიკა…



პ.ს.

უცნობი გოგონას დღიური აქ მთავრდებოდა… როცა მისი გამოქვეყნება დავამთავრე, მოთმინებით დაველოდე, რა შედეგს გამოიღებდა… ვიჯექი და ველოდებოდი…

ერთი კვირა…

ერთი თვე…

ორი… სამი…

იმედი ლამის გადამეწურა… არავითარი რეაქცია… არსაიდან… არავისგან… ბოლოს ხელი ჩავიქნიე. ვიფიქრე, ალბათ ვიღაცის მოგონილი ამბავია-მეთქი. შეიძლება რომანის დაწერა მოუნდა ვინმეს და შუა გზაზე გაწყვიტა, ან ვეღარ მოიფიქრა, როგორ გაეგრძელებინა…

ასე ვიმშვიდებდი თავს…

ერთხელაც, ერთ მშვენიერ დღეს, როცა გარეთ გაგანია ზაფხული იდგა და ჩემს ფანჯარასთან ჩიტები ჟღურტულებდნენ, ჩანთიდან ჩემმა მობილურმა ატეხა განგაში. ვიღაც დაფარული ნომრით მირეკავდა.

უცხო ნომრები არ მიკვირს. ხშირად მირეკავენ უცნობები, რომელთაც თავიანთი ცხოვრების დრამისა თუ ტრაგედიის ჩემთვის გაზიარება, შემდეგ ამბად ქცევა და გამოქვეყნება სურთ. მეც ვისმენ ამ ადამიანების ტკივილიან ისტორიებს და, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ნოველადაც ვაქციო. თავად აუწყობელი ცხოვრების პატრონი, სიყვარულის ხელმოცარული მაძიებელი ჟურნალისტი, სხვის ოცნებებს ვასხამ ფრთებს. :)) რას ვიზამთ, როგორც ფრანგები იტყვიან _ სე ლა ვი _ ასეთია ცხოვრება!

_ გისმენთ!

_ თქვენთან მსურს შეხვედრა! _ ცივად გაისმა მამაკაცის ხმა.

_ ვინ ბრძანდებით? _ ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, ყოველგვარი შესავლის გარეშე რომ ითხოვდა ვიღაც პიროვნება ჩემთან შეხვედრას, თანაც ასეთი ოფიციალური ტონით.

_ ნიკა ვარ.

წამით სუნთქვა შემეკრა, მაგრამ მსწრაფლ მოვეგე გონს, რათა გადამემოწმებინა, ეს ის ნიკა იყო, თუ ვინმე მორიგი ინკოგნიტო რესპონდენტი, რომელსაც შეიძლებოდა, სრულიად სხვა თხოვნა თუ მოთხოვნა ჰქონოდა ჩემთან.

_ ნიკა? ვინ ნიკა? _ თავი გავისულელე.

_ ის ნიკა, რომელმაც ლეიკემიით დაავადებული ორსული ქალი მიატოვა და მიიმალა.

მეგონა, მისი ზარი გამიხარდებოდა. მეგონა, სიხარულით ცას ვეწეოდი… მე კი შემეშინდა. შემეშინდა, რადგან სრულიად უცხო ადამიანის პირად ცხოვრებაში სრულიად დაუკითხავად შევიჭერი, ქვეყანას მოვდე მისი ამბავი და მას სრული უფლება ჰქონდა, პასუხი მოეთხოვა… მოეთხოვა და დავესაჯე კიდეც!

ამაზე აქამდე არ მიფიქრია… მიუხედავად იმისა, რომ ამ წყვილზე გამუდმებით ვფიქრობდი. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ ნათიას მხრიდან ვინმე სხვა გამომეხმაურებოდა _ დედა, მეგობარი, ნაცნობი, მეზობელი… ნიკა სათვალავში არც მყოლია.







8 8 8

ის დღეც ისეთივე ჩვეულებრივი იყო, როგორც ყველა სხვა, სამაგიეროდ, მე არ ვიყავი ჩვეულებრივი. დილიდან ვფორიაქობდი, ვნერვიულობდი, თითები მიცახცახებდა. არ ვიცოდი, რისი მოლოდინი უნდა მქონოდა, ვინ დამადგებოდა თავს ან როგორი _ გიჟი, გადარეული, დანით შეიარაღებული, თუ მშვიდი, გაწონასწორებული პიროვნება. თუ ნათიას დღიურს დავუჯერებდით, ნიკა ერთი თავში ავარდნილი, საკუთარი მდგომარეობით გაბღენძილი მამაკაცი უნდა ყოფილიყო, ერთ-ერთი იმათთაგანი, რომლებიც არასდროს კმაყოფილდებიან დღევანდელი დღით და ცხოვრებაში გამუდმებით სიახლის შეტანით არიან გატაცებულნი. ვაითუ, კარის გაღებისთანავე მუშტი მთხლიშოს სახეში და მთელი კორპუსის გასაგონად მაგინოს, სად წავიდე მერე? შიშის მომგვრელი აზრები მაწუხებდა. იქნებ რომელიმე დაქალს დავურეკო და მოვიყვანო? მთლად მარტო როგორ დავხვდე უცნობს? თანაც არ ვიცი, რა ზნისაა. მით უმეტეს, როცა მისი ცხოვრება ასე სახალხოდ გამოვაჭენე!

დიდხანს ვორჭოფობდი, დიდხანს ვებრძოდი ჩემს ფიქრებს. ბოლოს მაინც მარტო დახვედრა ვამჯობინე. რაც იქნება, იქნება. თუ გამარტყამს და მაგინებს, ღირსიც ვიქნები. მთავარია, გავიგო, რა ბედი ეწია ნათიას. იმედია, ამას მაინც მეტყვის…

ასე არასდროს დავუზაფრივარ ზარის დარეკვას… ფეხები უკან მრჩებოდა გასასვლელისკენ მიმავალს… 96 წლის დედაბერივით მივჩანჩალებდი:)

სხეული დამეჭიმა, კარი რომ გავაღე. პირველი, ვინც თვალში მომხვდა, პატარა, ქერაკულულებიანი გოგონა იყო, დიდრონი გვიმრისფერი თვალებით, რომელსაც პუტკუნა თითებით მოკლე ფუშფუშა კაბის ბოლოები დაეთრია და ანგარიშმიუცემლად აწვალებდა. დიდი ხანია, ასეთი ლამაზი ბავშვი არ მინახავს, თუმცა ამის ხმამაღლა თქმისგან თავი შევიკავე.

მის გვერდით მაღალი, წარმოსადეგი მამაკაცი იდგა, გაცილებით სიმპათიური, ვიდრე ნათიას ჰქონდა აღწერილი თავის დღიურში. მის დანახვაზე წამიერად ფრანგული ფილმი გამახსენდა: «ქალი და მამაკაცი», რადგან ჩემი სტუმარი გარეგნობით აშკარად ჰგავდა ჟან-ლუი ტრენტინიანს.

ეჭვი არ იყო, რომ ნიკა ქალიშვილთან ერთად მესტუმრა.

_ სწორად მოვედით? გამარჯობა! _ ცივად მომმართა უცნობმა, რომელსაც გაღიმების მცდელობაც კი არ ჰქონია.

_ დიახ, მობრძანდით!.. გაგიმარჯოს! _ გაბზარული ხმით მივუგე და ტუჩები უშნოდ გავარხიე, რადგან მივხვდი, ღიმილის გამოსახვას აზრი არ ჰქონდა, რადგან ეს ყველაზე უნიჭო გაღიმება იქნებოდა დედამიწის ზურგზე.

იმდენად დავიძაბე, საერთოდ ვერ მივაქციე ბავშვს ყურადღება, ვერც კი მოვეფერე.

_ შემობრძანდით! _ გავუმეორე ნიკას და განზე გავდექი, თან კარის ძგიდეს განწირულივით ჩავებღაუჭე, თითქოს ყველაზე «გავლენიანი» მშველელი ყოფილიყო ჩემი.

ნიკა, ნიკა, ნიკა… უაზროდ მხოლოდ ამ სახელს ვიმეორებდი გულში, იმ წუთას სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი. არც ის ვიცოდი, საიდან უნდა დამეწყო საუბარი და პირველ წინადადებად რა უნდა მეთქვა, თუმცა შედარებით დავმშვიდდი. სამტროდ მოსული ადამიანი მცირეწლოვანი ბავშვით ნამდვილად არ მომადგებოდა.

_ შემიძლია ყავა შემოგთავაზოთ ან ჩაი, _ მასპინძლური დავიკავე.

_ ნუ შეწუხდებით, არაფერი არ არის საჭირო, მალე წავალთ, _ ტონშეუცვლელად მიპასუხა მამაკაცმა, რომელიც მოქუფრულ მზერას არ მაშორებდა და გოგონას გადახედა.

პატარაც ცნობისმოყვარედ მომჩერებოდა.

_ მაშინ პრინცესას კოკა-კოლა და კამფეტები მოვუტანოთ, _ მხიარული ნოტი გავურიე ხმაში და სამზარეულოში გავედი.

როცა უკან მოვბრუნდი, ნიკა უკვე სავარძელში ჩამჯდარიყო და ქერაკულულებიანი საოცრება მუხლებზე დაესვა.

უეცრად გოგონამ თავი ასწია, ხელები ტუჩებთან მიიტანა და მამას ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.

_ არ ვიცი, მამიკო, მაგრამ მგონი, ეს სხვისი დედაა, _ რატომღაც, ხმამაღლა მიუგო ნიკამ, _ შენი დედიკო განა შორს არაა აქედან?

ღიმილი ვერ შევიკავე. არც ისე საგანგაშოდ გაისმა ნიკას ხმა. როგორც ჩანს, მთლად სამტროდ არ უნდა ყოფილიყო მოსული, თანაც, ბავშვთან ერთად.

_ მე ჯერ არავის დედიკო არ ვარ, _ ენამოჩლექით ვუთხარი პატარას, _ მაგრამ ძალიან მინდა, შენნაირი პრინცესა მეც მყავდეს.

გოგონა გაიპრანჭა, მხრებში მოიხარა და დამორცხვებული მამის მკერდს საიმედოდ მიეყრდნო.

ჟურნალების მაგიდა სტუმრებისკენ მივაჩოჩე და კამფეტებიანი ვაზა და კოკა-კოლას ბოთლი დავდგი. შემდეგ ხელმეორედ გავედი სამზარეულოში და ჭიქები შემოვიტანე.

ნიკა არ გარხეულა. იძულებული გავხდი, სასმელი მე გამეხსნა. ფრთხილად მოვხსენი სახურავი კოკა-კოლას, რომელმაც მაშინვე შიშინი დაიწყო. გოგონა ბოთლს თვალს არ აშორებდა. მისმა მზერამ მიმახვედრა, რომ ძალიან უყვარდა კოკა-კოლა.

_ იქნებ მიირთვათ რამე? _ დუმილის ორთაბრძოლა მე დავარღვიე.

_ მადლობა, არ მინდა! _ არც ტონი შეუცვლია ნიკას და არც სახის გამომეტყველება.

ნერვიულობისგან პირი გამიშრა. სასმელი ჩამოვასხი და მოწყურებულივით მოვიყუდე. გაზიანმა წყალმა ბჟუილით «ჩაიხრიგინა» ყელში.

_ რატომ გააკეთეთ ეს? _ განაჩენის გამოცხადებასავით გაისმა მისი ხმა, თუმცა ეს ის შეკითხვა იყო, რომელსაც ველოდი და რომლისთვისაც პასუხი მზად მქონდა.

_ ალბათ იმას გულისხმობთ, რომ გამოვაქვეყნე, არა? _ მარცხენა ხელის თითები მარჯვენაში მოვიქციე და ცერა თითი ხელის ზურგს გავუს-გამოვუსვი, _ არ ვიცი, როგორ აგიხსნათ… იმდენად დამაინტერესა ამ დღიურმა, რომ ძალიან მომინდა, ნათიას ამბავი ბოლომდე გამეგო. ვიმედოვნებდი, რომ ვინმე მაინც გამომეხმაურებოდა. თქვენზე არც მიფიქრია… დედას უფრო ველოდი ან რომელიმე მეგობარს… _ დავიწყე ახსნა-განმარტება, _ დამიჯერეთ, სხვა მიზეზი არ მქონია. ვინმესთვის ტკივილის მიყენება ნამდვილად არ მინდოდა.

_ დედამისი გარდაიცვალა.

თითქოს ლურსმანს დავადგი შიშველი ფეხი. ლამის შევხტი.

_ რას მეუბნებით! როდის?

_ ჩემი მეუღლის გარდაცვალებიდან სამი თვის თავზე.

ნიკამ ხაზგასმით წარმოთქვა ეს სიტყვები. სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ მან, ბოლოს და ბოლოს, ნათია ცოლად შეირთო, მაგრამ სამაგიეროდ, იმის მოსმენა იყო საშინელება, რომ ნათია გარდაიცვალა.

თვალები ცრემლით ამევსო. თითქოს კრიჭა შემეკრა, კრინტი ვერ დავძარი, ენა აღარ მემორჩილებოდა.

ნუკამ ჯიბეები მოიქექა, მივხვდი, სიგარეტს ეძებდა. უეცრად ჩაიცინა, თავი გადააქნია და შერბილებული ხმით მომმართა:

_ დამავიწყდა, რომ მოწევა მივატოვე. მან მაიძულა, მე, ექიმს, მარწმუნებდა, რომ მოწევა კიბოს იწვევს.

_ რაც თავადაც მშვენივრად იცოდით, _ მხოლოდ იმიტომ დავილაპარაკე, რომ რაღაც მეთქვა, მაგრამ ხმა ჩამიწყდა.

_ ჰო, რა თქმა უნდა, მე თავად ვურჩევ ხილმე ჩემს პაციენტებს ამას.

_ მესმის,! _ შვებამოგვრილი ხმით დავეთანხმე, აშკარად ჩანდა, მტრობას არ მიპირებდა.

_ მე ვისწავლე და ისე კარგად შევისწავლე უბედურება, რომ დარდი ჩემთვის მეორეხარისხოვანი ნატურა გახდა, _ სრულიად მოულოდნელად ალაპარაკდა ნიკა, _ იგი ჩაენაცვლა ჩემი ცხოვრების აზრს. მე მან შვილი მაჩუქა და ამით _ ასი წლის სიცოცხლე. ბოლო წამებში იგი ჩემ გვერდით ბედნიერი იყო. სამაგიეროდ, უბედურება მერე მე მომიტრიალდა, ბედისწერამ სამაგიერო გადამიხადა ჩემი სიმხდალისთვის და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. თუმცა, ახლა ვიცი, რისთვისაც ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე: რათა გავზარდო ჩემი გოგონა და დავამტკიცო ჩემი შეუპოვრობა. შესანიშნავია. დიდი წარმატება მარგუნა განგებამ, ასე არ არის? მას წაართვა სიცოცხლე, სანაცვლოდ კი მე შვილი დამიბრუნა. არის სამყაროში სამართლიანობა. მე ჩემი პატარა გოგონა მივიღე ჯილდოდ, მან კი დაკარგა. როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო დასაჯა ბედისწერამ?

_ თქვენ! _ იყო ჩემი პასუხი.

_ სრული სიმართლეა! მართალია, პატარა ანას სახით ამნისტია შემეხო, მაგრამ იმ დანაშაულს მაინც ვერასდროს გამოვისყიდი. მე ერთადერთი ვიყავი, ვისაც მისი სიცოცხლის გახანგრძლივება შეეძლო. მე კი არ მივეცი მას საშუალება, ეს შანსი გამოეყენებინა… ვნანობ… და რაც მეტს ვნანობ, მით უფრო ვმძიმდები, რადგან მრცხვენია, რომ შიშმა მაჯობა, დამჯაბნა და დამაჩოქა, შიშმა, რომელმაც გაქცევისკენ მიბიძგა და ნათიას თავი სწორედ იმ დროს დამაკარგვინა, როცა ჰაერის ნაკადივით ვჭირდებოდი მას!

გატრუნული ვუსმენდი. ოთახში დასადგურებულ სიჩუმეს მხოლოდ პატარა გოგონა არღვევდა, რომელიც კი არ სვამდა კოკა-კოლას, არამედ ხვრეპდა.

_ ანა! რას აკეთებ? ვინ გასწავლა ასე დალევა? წესიერად მოიქეცი, თორემ დეიდა პრინცესას აღარ დაგიძახებს! _ მამამ შვილს შენიშვნა მისცა და ირიბად ჩემკენ გამოიხედა.

დაბნეულმა ღიმილით გავამყარე ნიკას «განაჩენი», მაგრამ გოგონას თვალი ჩავუკარი. ისე საყვარლად ახითხითდა, მისი მოფერება და გულში ჩახუტება მომინდა.

_ ალბათ არ გიყვარდათ, არა? _ ფრთხილად მოვუსინჯე ნიადაგი ჩემს «რესპონდენტს», _ შესაძლოა, ამან უფრო გაგიადვილათ მისი მიტოვება.

_ მინდა მართალი ვიყო და ამიტომ ხშირად ვეკითხები ჩემს თავს, იქნებ მართლა არ მიყვარდა? საშინელება ისაა, მიატოვო ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ ის ავადაა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენია. მაგრამ მე თავის გასამართლებელი მქონდა _ შეიძლება არა წინასწარგანზრახულად, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რომ ჩემი გაუჩინარებით მას თავს დავავიწყებდი. მისთვის იმ ეტაპზე სიყვარული ყველაზე ხელის შემშლელი ფაქტორი იყო, მას უნდა ემკურნალა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, უნდა ებრძოლა. ამ მიზეზმაც გამიადვილა, მიმეტოვებინა იგი.

_ და გგონიათ, ამაში დაეხმარეთ?

_ უკვე აღარ. კი არ დავეხმარე, პირიქით, დავაჩქარე მისი სიკვდილი. მან ერთხელაც არ სცადა გაბრძოლება, ისე დანებდა სიკვდილს, თითქოს არომათერაპიის სეანსს იტარებდა.

_ თქვენ ჩემს შეკითხვას არ უპასუხეთ… არ გიყვარდათ? _ აღარ მოვეშვი.

_ არა, არ მიყვარდა, მაგრამ მსიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა. მოგვიანებით შევეცადე, თავი გადამედო ადამიანისთვის, რომელიც არ მიყვარდა, მაგრამ თვითონ არ დამთანხმდა ამაზე, არაფრის დიდებით, თუმცა, მაინც გავიტანე ჩემი. მას საათობით ეჭირა ჩემი ხელი და გაუგებარ ენაზე მიხსნიდა სიყვარულს. ეს მომაბეზრებელი იყო. რაც უფრო მეტად ვბრაზდებოდი მასზე, მით უფრო ძლიერად ვცდილობდი, შემყვარებოდა. არ ვიცი, როგორ მოხდა… ნუთუ მაინცდამაინც მომაკვდავი უნდა ყოფილიყო, შემყვარებოდა? ძალიან მეცოდებოდა, თან ვნანობდი, კრიტიკულ მომენტში რომ ვაქციე ზურგი და ბოლოს ეს ორი გრძნობა ერთ დიდ სიყვარულად იქცა.

_ დედამისს რა მოუვიდა? _ არეულად ვსვამდი შეკითხვებს, ყველაფრის გაგება მაინტერესებდა, რადგან ყოველ წუთს ველოდი, რომ იგი უცაბედად შეწყვეტდა მოყოლას და საბოლოოდ დაუსვამდა წერტილს ამ შეხვედრას.

_ დედამისი… შესანიშნავი ქალბატონი, რომელიც ორმოცდათხუთმეტი წელი მხოლოდ ერთი და იმავე ხასიათით ცხოვრობდა. ვერასდროს იტყოდით, ეს ქალი რამ შეცვალაო. ვერ მიხვდებოდით, რა უხაროდა ან უხაროდა კი, ტკიოდა თუ შიოდა, ბრაზობდა თუ ჯავრობდა. ყოველთვის მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ქვისგან გამოთლილი ქალი იყო. მას ნამდვილად ვერ შევედრებოდი. მიაჩნდა, რომ ნათიას გარეშე ვერ გაძლებდა, ეს მის ცხოვრებისეულ კანონს წარმოადგენდა. მის გარეშე ვერ იქნებოდა ბედნიერი, არც ღირდა, ეცადა _ ასეთი გახლდათ მისი თვალით დანახული სამყაროსეული წესრიგი. ჩემი აზრით, ჰუმანურობაში სიგიჟისთვისაც არის ადგილი და ეს ადგილი მხოლოდ ადამიანს ეკუთვნის. აი ასე. მან დაამტკიცა ეს. სამ თვეში უკან მიჰყვა თავის ქალიშვილს…

_ თქვენ როდის… როგორ დაბრუნდით მასთან?

_ შემატყობინეს, მშობიარობსო და მაშინვე მის გვერდით გავჩნდი. იქამდეც მინდოდა მივსულიყავი, მაგრამ ვერ ვბედავდი. ერთი დაძახება მინდოდა, ერთი თითის აქნევა, მაგრამ არავინ გააკეთა ეს ბოლო წამებამდე.

მინდა, ყველაფერი გიამბოთ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ძალიან მინდა. ასეთი გულახდილი არავისთან ვყოფილვარ აქამდე. რამდენჯერმე დათრობაც კი ვცადე, მეგონა, ეს გულის გადაშლაში დამეხმარებოდა, მაგრამ შევცდი. რაც მეტს ვსვამდი, მით უფრო გულჩათხრობილი ვხდებოდი. თქვენ პირველი ხართ, ვისთანაც გულწრფელობა გამოვიჩინე. თითქოს აღსარებაზე ვარ, თითქოს თქვენშია ჩემი ხსნა.

ღიმილი ვერ შევიკავე. ისე მელაპარებოდა, გეგონებოდათ მოძღვართანაა აღსარებაზეო. ვისარგებლე მისი გულახდილობით და ჩემს საქმეს შევუდექი.

_ იქნებ თავიდან დავიწყოთ? ანუ რა მოხდა მას შემდეგ, ნათია გერმანიიდან რომ ჩამოვიდა.

_ ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვილაპარაკეთ. მითხრა, ორსულად ვარო, მაგრამ შენგან არაფერს ვითხოვო. არ ვიცოდი, რა მეპასუხა. ვიცოდი, დამნაშავე ვიყავი, ამიტომ თავის მართლება არ დამიწყია. მერე კარგა ხანს არ შემხმიანებია. რამდენჯერმე თავს ძალა დავატანე, მივალ, ვინახულებ-მეთქი, მაგრამ გამბედაობა არ მეყო. რა უნდა მეთქვა? რაზე მელაპარაკა მასთან? ცოლად უკვე აღარ გამომყვებოდა. სიმართლე რომ გითხრათ, ამის სურვილი არც არასდროს მქონია.

ამასობაში გავიდა თვეები. ერთხელაც მისმა დაქალმა დამირეკა, მშობიარობს და იქნებ მოხვიდეო. რა გამაჩერებდა, მაშინვე გავიქეცი. დედამისი მტრულად შემხვდა და ვერც გავამტყუნებდი. ვითხოვე, დამასწარით-მეთქი მშობიარობას. უარი არ უთქვამთ. მით უმეტეს, ექიმი ვარ და ისედაც შემეძლო ამის გაკეთება. ვერ აგიწერთ, რა დაემართა, მე რომ დამინახა. გგონიათ, ისტერიკაში ჩავარდა? კივილი მორთო? არა, პირიქით. საერთოდ ჩაუვარდა ხმა, ძალა წაერთვა, მოდუნდა და თვალები დახუჭა. მეგონა, გული წაუვიდა. მეანი გაგიჟდა. უყვირა, ახლავე გაიჭინთე, თორემ მიგტყეპავო… მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და, ფაქტობრივად, ერთად ვიმშობიარეთ, _ ნიკამ უხერხულად გაიღიმა, ანას გადახედა და თავზე ალერსიანად გადაუსვა ხელი, _ აი, შედეგი. იმ დღეს ისეთი საშინელება გამოვიარე, არასდროს დამავიწყდება და სწორედ იმ დღემ შეცვალა ჩემი ცხოვრებაც და ჩემი პიროვნებაც. მას შემდეგ სულ სხვა ადამიანი ვარ.

_ გაუჭირდა, არა?

_ გაუჭირდა ეს ის სიტყვა არ არის. გაწამდა. მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის მშობიარობა კი არა, 100 მეტრის გარბენაა დამღუპველი. და ასეც მოხდა. მას მერე ფეხზე ვეღარ წამოდგა, ლოგინად ჩავარდა და დარჩა ასე.

_ მამიკო, მამიკო, _ სახელოზე ჩამოქაჩა ამ დროს ანამ, _ ვიზე ყვები?

_ ერთ ქალზე, მამიკო, შენ არ იცნობ, _ დაყვავებით მიუგო ნიკამ და გოგონას მკლავი მოხვია.

_ არაჩვეულებრივი პრინცესაა, _ შევნიშნე, _ თვალს ვერ ვაშორებ!

ანამ შეიფერა ქათინაური და კვლავ გაიპრანჭა, თან მამას შეხედა, ხომ გესმის, ეს დეიდა ჩემზე რას ლაპარაკობსო.

ნიკას გაეცინა.

_ საათობით შეუძლია სარკის წინ დადგეს და თავის თავს უყუროს. გონზე არ არის. ყველა ეუბნება, ლამაზი ხარო და ამას მეტი რა უნდა?

_ მართლაც თვალისმომჭრელად ლამაზია და რა ქნას? _ გავამყარე სხვების მოსაზრება და ანას ისევ ჩავუკარი თვალი.

ამ დროს ანა მუხლებზე დადგა, კვლავ მიუტანა ტუჩები მამას ყურთან, ხელი მიიფარა და ისევ ჩასჩურჩულა რაღაც. ნიკას სიცილი ოთახში თითქოს ექოდ გაისმა. ასეთი სასიამოვნო მამაკაცური სიცილი არასდროს მომესმინა. რაღაც უცნაურად მეამა. აი, თურმე, როგორ ხიბლავს ქალებს, არამარტო გარეგნობით, _ გავიფიქრე ჩემთვის და კიდევ ერთხელ, ახლა უფრო დაკვირვებით შევათვალიერე, _ ასეთ მამაკაცს მეც არ ვეტყოდი უარს.

_ იცით, რას მეუბნება? _ გამხიარულებული მამიკო მე მომიბრუნდა.

_ რას?

_ ვუთხრა? _ ნიკამ შვილს შეხედა.

ბავშვმა მორცხვად დააქნია თავი.

_ შენ თვითონ უთხარი, მიდი.

გოგონამ თავი გადააქნია.

_ მიდი, თქვი, რისი გრცხვენია? ყოველთვის უნდა თქვა ის, რასაც ფიქრობ, _ დაარიგა მამამ შვილი.

ანამ წარბებს ქვემოდან გამომხედა, ენა გამოყო, ტუჩები მოილოკა და რაღაც წაიჩურჩულა.

_ ეგ რა არის? ვერ გავიგეთ, რას ამბობ, ცოტა ხმამაღლა, შენ ხომ თამამი გოგონა ხარ, _ შეაგულიანა ნიკამ.

პატარამ საჩვენებელი თითი გაფშიკა, ჩემკენ გამოიშვირა და თითქოს ლექსს ამბობსო, ხმამაღლა იყვირა:

_ ეს ჩემი დედიკოა!

მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა. ალმურმა ამკრა სახეზე. ისე დავიბენი, გაღიმებაც კი ვერ შევძელი.

_ იცით, ამას რატომ ამბობს? _ ღიმილით განმარტა ნიკამ, _ სულ მეკითხებოდა ხოლმე, ჩემი დედა სად არისო. მეც ვპასუხობდი, დედაშენი აქედან შორსაა და დიდხანს ვერ დაბრუნდება-მეთქი. ბოლოს იმდენად აუტანელი გახდა წარამარა ამ შეკითხვის მოსმენა, ერთხელ ვუთხარი, შენი დედიკო აქ არის, მაგრამ მე არ გეტყვი, რომელია, შენ თვითონ უნდა გამოიცნო-მეთქი. უცნობ დეიდებს რომ გაგაცნობ, უნდა მიხვდე, რომელია შენი დედა-მეთქი და აი, პირველი შემთხვევაა, როცა ამბობს, რომ მისი დედა თქვენ ხართ.

ხომ წარმოგიდგენიათ, როცა ამას მეტყოდა, რა დამემართებოდა? გავარვარებულ ღუმელს არ ექნებოდა ისეთი სიმხურვალე, როგორიც ჩემს სახეს. სიცხიანივით ვხურდი. ვერაფერი ვთქვი, უბრალოდ, დაბნეულად გავიღიმე.

_ ამდენი ხანია, ვსაუბრობთ და სახელიც არ მიკითხავს თქვენთვის. მართლა სოფი გქვიათ, თუ ეს თქვენი ლიტერატურული ფსევდონიმია? _ ნიკამ ალმაცერად შემათვალიერა, თითქოს კმაყოფილი იყო, რომ დამაბნია.

_ სოფია… სოფია მქვია, _ წავილუღლუღე, _ მაგრამ სოფრომაძე არ ვარ, ფსევდონიმით ვაქვეყნებდი ამ დღიურს.

_ ეგრეც ვიფიქრე, _ ორაზროვნად გაიღიმა მამაკაცმა, _ იცით? რატომღაც, აღარ ვბრაზობ თქვენზე, ოღონდ, არ ვიცი, რატომ… თქვენ ხომ არ იცით?

მისი ორაზროვანი შეკითხვები მაბნევდა და მძაბავდა. თითქოს ფლირტს ჰგავდა ეს ყველაფერი. იქნებ ცდილობს, თავი მომაწონოს, მეც ნათიას დღეში ჩამაგდოს და ამით სამაგიერო გადამიხადოს? ეჭვები მღრღნიდა. რა მეპასუხა, რომ არც აგრესიულად გამომსვლოდა და არც კეკლუცად?

_ ალბათ იმიტომ, რომ დღიურის გამოქვეყნებისას ბოროტი განზრახვა არ მქონია, _ ნეიტრალური პასუხი გამოვნახე.

ნიკამ ეშმაკურად ჩაიღიმა.

_ შეიძლება ასეც იყოს, პასუხი მიღებულია, _ თქვა მან და შვილს მიუბრუნდა, _ არა, ანა?

_ ხო! _ ისეთი ტონით დაუდასტურა გოგონამ მამას, თითქოს ყველაფერი გაიგო და მორცხვად გამომხედა.

უხერხულობის გასაფანტავად ჩავახველე.

_ მაინტერესებს, მერე რა იყო, _ შევეცადე, ნათიას ისტორიას დავბრუნებოდით, შექმნილი სიტუაცია ძალებს მაცლიდა.

_ ჰო, რა თქმა უნდა… _ ნიკა მიმიხვდა, რამაც შემაწუხა და ამბის მოყოლა გააგრძელა, _ როგორც ვთქვი, ის ლოგინად ჩავარდა. გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა. მას შემდეგ გვერდიდან არ მოვცილებივარ. სამსახურიდან პირდაპირ მასთან გავრბოდი. ერთხელ ც სცადა, სულზე მივუსწარი, მაგრამ არ ვიცი, სწორად მოვიქეცი კი? იქნებ ჯობდა, მიმეცა მისთვის უფლება, დროზე გათავისუფლებულიყო ტანჯვისგან. რომელ მომენტში უფრო უმოწყალონი ვართ? მაშინ ხომ არა, როცა საკუთარ პრინციპებს ვიცავთ? და რას ნიშნავს _ «ცხოვრება წმიდათაწმიდაა», როცა თვით ცხოვრებაში არავინ და არაფერია წმინდა? მე არ მქონდა უფლება, გადამეწყვიტა… იმიტომ, რომ უკვე აღარ ვიცოდი: თუკი ში დავეხმარებოდი, ამას მისთვის გავაკეთებდი თუ ჩემთვის.

სასწრაფოდ ამოვურეცხე კუჭი და გადარჩა. გადარჩა, მაგრამ არ მაპატია, რომ გადავარჩინე. ერთ დღეს მანიშნა, გვერდით დამიჯექიო და მითხრა:

_ მზარავს იმაზე ფიქრი, რომ უნდა მოვკვდე და თან წავიყოლო ჩემი ცხოვრების აზრი. დამპირდი, რომ არ დაიწყებ თავის მართლებას ჩემი გარდაცვალების გამო, არ ამოეფარები საკუთარ ნაღველს. არ მინდა, ჩემმა სიკვდილმა იმაზე მეტი გაატანოს ხელს, რამდენის წაღებაც შეუძლია. არ ჩაიკეტო მოგონებების წყვდიადში. მე შენთან ბედნიერი ვიყავი. ახლა კი ვალში ვარ ბედნიერების წინაშე.

რა უნდა მეთქვა… მართალია, ძალიან დაგვიანებით, მაგრამ მე მას ყველაფერი მივეცი, საბოლოოდ კი ეს ყველაფერი მევე დამრჩა. სიყვარული ერთადერთი სიმდიდრეა, რომელიც უფრო ძლიერდება, როცა მას ანიავებ, რაც მეტს გასცემ, მით მეტი გრჩება. მე ამ ქალმა სიყვარულით ცხოვრება მასწავლა და ახლა უკვე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ვიცხოვრო სხვანაირად. თუ შეიძლება, რაღაცას გავიხსენებ და მოგიყვებით: ის იწვა. მაშინ უკვე ძალიან იტანჯებოდა. მისკენ დავიხარე. მამაკაცის გვერდით არსებობა, ძლიერი ხელი, თანადგომა მინდოდა ეგრძნო, «მე შენთან ვარ» _ მინდოდა გამომეხატა. მან თითები ლოყაზე შემახო და მითხრა: «ახლა მე შენ აღარ მჭირდები. ანას მიხედე. გახსოვდეს, დღეიდან შენ ხარ მისთვის ყოველი ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა».

მინდოდა, გარდაცვალებამდე ჯვარი დაგვეწერა. მინდოდა, სუფთად წარმდგარიყო ზეციური სამსჯავროს წინაშე, მაგრამ სასტიკად იუარა, არ მომცა ამის უფლება. ის კი არა, კვდებოდა და მთხოვდა, დროზე მეპოვა სხვა ქალი და ის შემეყვარებინა. ხელის მოწერაზე დამთანხმდა მხოლოდ, ისიც იმიტომ, რომ ბავშვს ოფიციალური მამამ ჰყოლოდა. «მოვა დრო და სხვა ქალი დაიკავებს ჩემს ადგილს და ის სხვაც მე ვიქნები _ ყველა ქალი ერთნაირია, მერწმუნე, _ დღეში ათჯერ მიმეორებდა, _ წადი, იპოვე იგი, აჩუქე მას ის, რაც მე წამართვი. ქალის გარეშე შენ ვერ შეძლებ დაძლიო ის წლები, საათები, ის სიგიჟე, რასაც მაღალფარდოვნად ბედისწერა ჰქვია. გისურვებ, ისევე ძლიერად, როგორც მიყვარხარ, მას ყვარებოდე და რაც შეიძლება მალე გეპოვოს იგი. ვიმედოვნებ, ის გადაარჩენს იმას, რაც ჩვენ გვაკავშირებდა და ვერ შევინარჩუნეთ. არის რაღაც, რაც არ შეიძლება მოკვდეს. ნუ გეშინია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ მე დამივიწყებ, რომ ამით «ჩემს ხსოვნას უღალატებ», როგორც ჩვეულებრივ მოკვდავებს ჩვევიათ თქმა. არა! პირიქით _ ეს იქნება ბრძოლა ერთგულებისთვის ან შეიძლება გამოწვევა იმ ყველაფრის მიმართ, რამაც ჩვენი ურთიერთობის განადგურება გამოიწვია. უაზრობად მეჩვენება, თავი მსხვერპლად შესწირო მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარ მოვალეობებს არ უღალატო. წადი მასთან, იმ უცნობ ქალთან და უთხარი, მეც როგორ მჭირდება მისი არსებობა… მან ჩვენი შვილი ღვიძლი შვილივით უნდა გაზარდოს! სწორედ ამას დააკისრებს მას ბედისწერა. იმედია, იპოვი ასეთს… რა თქმა უნდა, რომ შემეძლოს, არ წავიდოდი შენგან, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვა ცხოვრებამ. მიუხედავად ამისა, მინდა ქალად დავრჩე… ჩვენ ზედმეტად ვართ დამოკიდებული ბიოლოგიაზე, ხოლო ჩვენი ცხოვრება ჰგავს იმ ფლაკონს, რომლის ეტიკეტსაც აწერია: «ხმარების წინ შეანჯღრიეთ». მინდა ჩემ მერეც გიყვარდეს ვინმე, მე მხოლოდ მაშინ ვიქნები ბედნიერი, მხოლოდ მაშინ ვიგრძნობ თავს ქალად. მართალია, ამქვეყნად არ ვიქნები, მაგრამ მაინც. იქ ხომ გრძელდება სიცოცხლე! ამით მე ვეცდები წარმოვიდგინო, რამდენი წლის ვიქნები ხვალ, როგორი ვიქნები, რა მეცმევა, რა ფერის თვალები მექნება… მხოლოდ ასე შეიძლება ჩემი ცხონება.» _ ასეთი სიტყვებით დამემშვიდობა ჩემი საყვარელი ქალი.

ვუსმენდი ნიკას და გული უცნაური გრძნობით მევსებოდა. რაღაც მომენტში შიშიც კი დამეუფლა, არ შემიყვარდეს-მეთქი, ისე ემოციურად მიყვებოდა ამ ყველაფერს. სულგანაბული ვუსმენდი, სუნთქვაშეკრული, გარხევის მეშინოდა.

მოულოდნელად ანა გვერდზე გადაგორდა. ნიკა ფეხზე წამოიჭრა. ღიმილი ვერ შევიკავე, ბავშვს ჩასძინებოდა.

_ ლოგინში ჩავაწვენ, _ ჩურჩულით ვთქვი, _ სანამ გაიღვიძებს, ვისაუბროთ, იმედია, არ გეჩქარებათ, _ მორიდებით მივმართე აფორიქებულ მამაკაცს.

პასუხი არ გაუცია, მხოლოდ თავი დამიქნია. პატარა ანა ფრთხილად ავიყვანე და საძინებელში გავედი, ჩემს საწოლზე მივაწვინე… ფეხზე გავხადე, რომ უფრო თავისუფლად გაეგრძელებინა ძილი. ძალიან ლამაზი იყო და მე უკვე მიყვარდა იგი. მიყვარდა განსაკუთრებულად, გამორჩეულად, ისე, როგორც არასდროს მყვარებია აქამდე სხვა ბავშვი. რატომ მაინცდამაინც ის? არ ვიცი… ალბათ გული მკარნახობდა ამას…

როცა ნიკასთან დავბრუნდი, უარესად დავიძაბე. ახლა მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით _ ქალი და მამაკაცი. მამაკაცი, რომელმაც სიყვარულში მარცხი იწვნია და ქალი, რომელიც მზად ვიყავი სიყვარულისთვის…

საუბარი ვერა და ვერ აეწყო. მეჩვენებოდა, რომ ამწუთას ნათიაზე არ სურდა საუბრის გაგრძელება, სულ სხვა თემაზე უნდოდა გადართვა და ვერ ბედავდა…

_ თქვენ მე მომისმინეთ. ძალიან სასიამოვნოა თქვენი მხრიდან, _ თქვა მან და ამით მიმახვედრა, აღარ მინდა წარსულზე ლაპარაკიო.

_ ვფიქრობ, ცოტათი მაინც შევძელი თქვენი დახმარება, შეგემსუბუქებინათ დარდი.

_ რა თქმა უნდა. ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ ამას, ბოლოს ყოველთვის მოდის ვიღაც ჩვენს დასახმარებლად, _ მომიგო და თავისი საფირმო ღიმილით გამიღიმა.

_ ახლა რას აპირებთ? მარტო როგორ უნდა გაზარდოთ ბავშვი? მით უმეტეს, თუ ბებიაც აღარ არის ცოცხალი? _ ძალაუნებურად ვუბიძგე ყველაზე მგრძნობიარე თემაზე სალაპარაკოდ.

_ ჯერჯერობით ვართმევ თავს, ავად თუ კარგად. დედაჩემიც მეხმარება. ამასობაში გამოჩნდება ალბათ ვინმე, ვინც სწორად გაიგებს ჩემს მდგომარეობას და ვინც მის თავს მომაგონებს. ამით ნათია დამიბ­რუნ­დე­ბა, მაგ­რამ, რა თქმა უნ­და, ისე­თი აღარ იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც იყო. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი­ა, მე მზად ვარ ამისთვის. და­ე, გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს სხვა­ნა­ი­რად, იყოს თუნ­დაც ჭა­ღა­რაშერეული, ჰქონ­დეს სხვა ცხოვ­რე­ბა, სხვა პრობ­ლე­მე­ბი, ოღონდ დაბ­რუნ­დეს. დაბრუნდეს სხვა ქალის სახით. მე შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ «ვგო­დებ» ასე, რომ გა­ვამ­ხნე­ვო სა­კუ­თა­რი თა­ვი, იმიტომ, რომ დავამარცხო ჩემი მარტოობა… არ ვი­ცი, არ ვი­ცი… შე­იძ­ლე­ბა თავ­ში რა­ღაც ვე­რა მაქვს წეს­რიგ­ში, არ ვარ სრულ ჭკუ­ა­ზე. თქვენ იმი­ტომ გე­ლა­პა­რა­კე­ბით, რომ ფიქ­რი არ შე­მიძ­ლი­ა, სიტყ­ვე­ბი კი ამ დროს მა­ლა­მო­სა­ვი­თა­ა, მათ ჩვე­ნი გან­კურ­ნე­ბა შე­უძ­ლი­ათ. გიყვებით იმი­ტომ, რომ წყალ­წა­ღე­ბუ­ლი­ვით ხავსს ვე­ჭი­დე­ბი. ის უკ­ვე აღარ არის და ირ­გვლივ ყვე­ლა­ფე­რი ქა­ლით გა­ივ­სო. მისი გარდაცვალება ხომ არაა და­სას­რუ­ლი, მე ვარსებობ, მე ვცოცხლობ. ბე­დის­წე­რის როკ­ვა არ წყდე­ბა, იგი ბედ­ნი­ე­რე­ბის ტყავ­შია გახ­ვე­უ­ლი, რო­გორც მგე­ლი და ელო­დე­ბა ნე­ბის­მი­ერ ბნელ შემ­თხვე­ვას. იქ­ნებ მი­სი მო­ცი­ქუ­ლე­ბი ყო­ველ ღა­მით იკ­რი­ბე­ბი­ან იქ, მაღ­ლა და იყუ­რე­ბი­ან ძირს, რა­თა შე­ა­ფა­სონ ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მა. მათ უნ­დათ, დაგ­ვცი­ნონ, რად­გან სიყ­ვა­რუ­ლი არ შე­უძ­ლი­ათ. მაგ­რამ ჩვენ? ჩვენ ხომ შეგვიძლია?.. ეს კი იმა­ში გვეხ­მა­რე­ბა, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ უბე­დუ­რე­ბა. სწო­რედ ამ ბრძო­ლა­ზე გე­ლა­პა­რა­კე­ბით, იმა­ზე, რომ უკან და­სა­ხე­ვი გზა არ მაქვს. ამ­წუ­თას გა­მახ­სენ­და, რო­გორ მის­მენ­და ნათია, რო­ცა ველა­პა­რა­კე­ბო­დი ყვე­ლა იმ სენ­ზე, რო­მე­ლიც მე­დი­ცი­ნამ ჯერაც ვერ და­ა­მარ­ცხა. ეს მხოლოდ მას არ ეხე­ბო­და, ეს გვე­ხე­ბო­და ჩვენ ყველას… ჩვენ­ზე იყო სა­უ­ბა­რი. არ ვი­ცი, გეს­მით თუ არა ჩე­მი, იგებთ თუ არა იმას, რა­ზეც გე­ლა­პა­რა­კე­ბით, მაგ­რამ მინ­დო­და გუ­ლი გა­და­მე­შა­ლა.

_ ლამაზად საუბრობთ, _ თავი ვერ შევიკავე, _ დიდი ხანია, ასეთი სიტყვები არ მომისმენია.

_ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი მოხიბვლა შევძელი?

მისმა შეკითხვამ გამაწითლა.

_ გქონდათ კი ამის მცდელობა? _ კითხვა უნებურად გამექცა.

_ არ დაგიმალავთ და, როგორც კი დაგინახეთ, იმ წუთიდანვე, _ შემომღიმა, _ არადა, საჩხუბრად მოვედი, რომ იცოდეთ. პასუხი უნდა მომეთხოვა თქვენთვის დღიურის უნებართვოდ გამოქვეყნების გამო. საბოლოოდ რა გამოვიდა? მოვინუსხე თქვენით. შეგიძლიათ არ დამიჯეროთ, ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ ახლა ისეთი გულწრფელი ვარ, როგორც არასდროს.

_ არა მგონია, ამ კუთხით საუბრის გაგრძელება ღირდეს, ნიკა, _ უფრო და უფრო მიპყრობდა რაღაც გამოუცნობის შიში, _ არა მგონია, მე ვიყო ის ქალი, რომელიც მას მოგაგონებთ, _ ვეღარ გავბედე, მეთქვა, რომელიც მას შეგიცვლის-მეთქი.

_ ის თქვენ არ გგავდათ, სოფია, თქვენ სულ სხვა ხართ. ამასთან, საქმე არც თქვენშია და არც ჩემში, არც იმაში, რა გვაერთიანებს მე და თქვენ… მისი არარსებობა… მთავარია, მიხვდე, დროზე მიხვდე, რომ ის ის არის, გულმა უნდა გიკარნახოს ეს და არ შეგეშინდეს. ახლა თქვენს პირისპირ ვზივარ და ვგრძნობ, რომ არ მეშინია. სწორედ ასე იწყება სიყვარული. სიყვარული კი ბედნიერებასთან ასოცირდება. ბედნიერება არსებობს მანამ, სანამ სიყვარული შეგიძლია… მე ღრმა სიბერემდე ვიცოცხლებ, რათა შევინარჩუნო მისი ხსოვნა. მე მექნება სახლი, მიწა, წყარო, ბაღი და მეყოლება სხვა ქალი, ქალი, რომელიც მას მომაგონებს. მე მუდამ მექნება სამყარო ზოგადად ქალის სახით. და თუკი მარტოობაში მომიწევს წლების განვლა, მაინც მოლოდინი მექნება, როგორც საპატიო ყარაულს შემცვლელის გამოჩენაში. რაც დავკარგე, სწორედ ის შთამინერგავს ცხოვრების… ქალის წრფელი სიყვარული, მისი თავდადება და თავგანწირვა. მე გულზე მაწვა პასუხისმგებლობის ეს უზარმაზარი ტვირთი და ვგრძნობდი, რომ შევძელი ჩემი დანაშაულის გამოსყიდვა, მან მაპატია ჩემი სისუსტე. «მე მივდივარ შენგან, მაგრამ მინდა კვლავ ქალად დავრჩე». აი, ეს ვერ გავიგე. ვერ გავიგე, რა იგულისხმა ამ ფრაზაში, ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება მისი ეს სიტყვები. იქნებ თქვენ მიხვდეთ? ქალი ხართ და ქალის ლოგიკას უკეთ ჩახვდებით…

_ ქალად დარჩენაში ის იგულისხმა, რომ როცა სხვას შეიყვარებთ, აუცილებლად შეადარებთ მას, ყოველთვის, ყოველი ფეხის ნაბიჯზე, _ პირი გამიშრა, როცა ამას ვამბობდი, _ ფაქტობრივად, ნათია დარჩება თქვენთვის ქალის ეტალონად და ის სხვა არაფრით უნდა იყოს მასზე ნაკლები, სხვა შემთხვევაში თქვენს თვალში ქალურ ხიბლს აუცილებლად დაკარგავს და განიხიბლებით.

_ სოფია! თქვენ გენიოსი ხართ! მხოლოდ ჟურნალისტი თუ მიხვდებოდა ამას! როგორც ჩანს, გულმა მიგრძნო, რომ თქვენ გამორჩეული იყავით. ვინ იცის, იქნებ იქ, მაღლა, ზეცაში გადაწყდა, რომ ის დღიური აუცილებლად თქვენ გეპოვათ და გამოგექვეყნებინათ, რათა შემდეგ მე მოვსულიყავი აქ? რათა ანას თქვენს დანახვაზე ეთქვა, ეს არის ჩემი დედაო? რას იტყვით? გული მკარნახობს, რომ თქვენ ჩემთვის მწვერვალი ხართ.

თითქოს დავმუნჯდი. ის ურთიერთობას მთავაზობდა, არადა, რაღაც ერთი თუ ორი საათის წინ გავიცანით ერთმანეთი. რა სიგიჟეა! იმდენად ავნერვიულდი, ისტერიკული სიცილი ამივარდა.

_ იცინეთ, იცინეთ, ასე უფრო გემატებათ სისადავე. ოღონდ არ მითხრათ, რომ ცუდად მიცნობთ, ან კიდევ უკეთესი: მეშინია, არ შევცდეო. ან კიდევ, სისულელეა ეს ყველაფერიო. ხომ არ დამიწყებთ ხვეწნას, თავი არ დაკარგოო? ვფიქრობ, ორივეს ერთად მეტი შანსი გვაქვს გაუგებრობის წინააღმდეგ. დახუჭეთ თვალები და შემომხედეთ. ყოველთვის კი არ არის ჭეშმარიტება _ «სტუმრად კარგია, მაგრამ საკუთარ სახლში უკეთესია». ხანდახან იქ არ არის გათბობა და სიცივით ითოშები. არარაობა არ მაინტერესებს და სწორედ იმიტომ, რომ იგი არ არსებობს. შექსპირმა შეცდომით შეადარა იგი დედაკაცს.

_ თქვენ რომანტიკოსი ხართ? _ ეჭვნარევი ხმით ვკითხე.

_ მხოლოდ მაშინ, როცა საქმე ყოველგვარ სიბინძურეს ეხება. სულაც არ არის აუცილებელი, უარყო რეალობა. საკმარისია, ურთიერთობა არ იქონიო მასთან. ადამიანები ბედნიერები რომ არ ვყოფილიყავით, არ დაგვავიწყდებოდა მტრის არსებობა და ყველანი დროზე აღმოვაჩენდით, რომ ნათია მძიმე სენით იყო დაავადებული. მაშინ შეიძლება კიდეც გადაგვერჩინა იგი. არ შეიძლება შემჩნეული არ გქონდეთ, რომ სიტყვა «სული» დიდი ხანია ჩვენი ცნობიერებიდან შეუმჩნევლად გაქრა. ჩვენ ვამჯობინებთ, ახლოს არ გავეკაროთ მაღალ მატერიებს, რადგან მაშინვე შევამჩნევთ საკუთარ არარაობას. მე არ მინდა თქვენ ერთი წამით მაინც შეგეპაროთ ეჭვი ჩემს ერთგულებაში იმის მიმართ, ვინც უკვე აღარ არსებობს. ის, რაც იყო, აღარ მოკვდება, ახლა ჯერი თქვენზეა, სოფია.

ის კვლავ ალაპარაკდა. მის ხმაში უიარაღო აგრესია იგრძნობოდა, შიში, პანიკა იმისა, რომ ჯერ კიდევ შეგიძლია გჯეროდეს სხვისი.

_ ვერ ვხვდები, რას მიპირებთ… _ მინდოდა, დაეკონკრეტებინა, რას გულისხმობდა.

_ მინდა, შეგიყვაროთ. არ ვიცი, ასე უეცრად რა მოხდა ჩემში, მაგრამ რომ მოხდა, ფაქტია და უნდა დამეხმაროთ, _ ხელები გაშალა, თითქოს რჩევას მთხოვდა.

_ არ ვიცი, გიფიქრიათ თუ არა იმაზე, როგორი გულგრილობით და სიმკაცრით ჩქარობთ ჩემს შეყვარებას, _ ურწმუნოდ გავაქნიე თავი.

_ მერე რა?

_ მერე ის, რომ… საწყენია, გიტარაზე რომ არ ვუკრავ, ჩვენ საუკეთესო ნომერი გამოგვივიდოდა. მუსკომედიის დირექტორს ვიცნობ, დაგვეხმარებოდა, _ ჩავიცინე.

_ ირონიის გამოყენება თქვენ უფლებაა. ახლა კი, ვატყობ, დროა, წავიდე, _ ცივად თქვა და წამოდგა, _ დროა, ანა გავაღვიძოთ!

_ მაპატიეთ… თქვენი წყენინება არ მინდოდა, _ მივხვდი, რომ ძალიან ცუდად გამომივიდა, რომ მის ჯერ დაუბადებელ გრძნობებს ჩანასახშივე ლახვარი ჩავეცი.

_ არც მწყენია… მე მესმის თქვენი… ეს ასეც უნდა ყოფილიყო, სხვა მოლოდინი არც მქონია, _ გამამხნევებელი მზერა მესროლა და თვალებით გამიღიმა. ამით მიმახვედრა, რომ არ მატყუებდა.

ვერაფერი მოვიფიქრე, რომ შემეკავებინა. რაოდენ უცნაური იყო, მაგრამ არ მინდოდა, წასულიყო. სულ ორიოდე საათის განმავლობაში ისე შევეჩვიე და იმდენად ახლობელი გახდა ჩემთვის, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად გაგვეტარებინოს.

საძინებელში შესულებს სასაცილო სურათი გადაგვეშალა _ პატარა ანა საწოლზე წამომჯდარიყო და ფეხსაცმლის თასმის შეკვრას ცდილობდა. წვალობდა და ვერ ახერხებდა. რთული ამოცანა იყო, სხვისი დახმარების გარეშე არ გამოუვიდოდა. ნიკას გადავხედე. მან მხრები აიჩეჩა.

_ მეც ვერ ვკრავ, რატომღაც ცუდად გამომდის, თასმების შეკვრა არ მეხერხება… შეეცდები? _ ორაზროვნად გაისმა მისი შეკითხვა.

შევხედე. შემომხედა… ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა… მრავლისმთქმელი… ყველაფრისმთქმელი…

_ შევეცდები, _ მივუგე, მუხლებზე დავეშვი და მშვენივრად გავართვი ამ რთულ ამოცანას თავი. ნიკაც ჩემ გვერდით დაეშვა მუხლებზე. მისკენ რომ მივიხედე, თმით მის ღაწვებს შევეხე… შევეხე და ისეთი ნაზი, მსუბუქი ქროლვა ვიგრძენი, რომ თვალები დავხუჭე.

_ გმადლობ, შენ კარგი ხარ, _ მან ყურადღებით შემომხედა და მაგრძნობინა, რომ გამოვდგებოდი დედობისთვის…

ხელი ხელზე წამავლო.

_ წამოდი ჩვენთან, _ მითხრა მან, _ ცხოვრების გაგრძელებაში დაგვეხმარე.

იმ წუთას თანხმობა არ მითქვამს, მაგრამ მივხვდი, რომ დავეხმარებოდი… რომ ამის გაუსაძლისი სურვილი მქონდა… რომ არაფერს წავაგებდი… უფრო მეტიც, მე კი არა, ისინი დამეხმარებოდნენ ცხოვრების გაგრძელებაში, რადგან ჩემს სიმარტოვეს მარტოობა ემუქრებოდა, მე კი _ ყველაზე ფერადი ბედნიერება…

ნუთუ ფორტუნამ ყურებამდე გამიღიმა?.. «ნუთუ-ს» გარეშე…



№1  offline წევრი Elle025

ყველაფრისდა მიუხედავად როგორი სასიამოვნო წასაკითხი იყო ბოლო თავი...კარგი გოგო ხარ <3 ისე ვფიქრობ კარგი იქნებოდა ამის გაგრძელება..გამეხარდებოდა..მაგრამ ეს შენი გადასწყვეტია..წარმატებები... :* :* <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დასასრულიან ისტორიებს სულ გავურბივარ, მაინც კარგი ისტორია იყო წასაკითხად. გამართული, "დიდური", გააზრებული. რა უნდა გკითხო? ადრეც ხომ არ წერდი ამ საიტზე? ერთი თათია იყო, ისიც ასე გემრიელად წერდა, მაგრამ მერე გადაიკარგა:)).

 


№3  offline წევრი tatia27

grafo
მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დასასრულიან ისტორიებს სულ გავურბივარ, მაინც კარგი ისტორია იყო წასაკითხად. გამართული, "დიდური", გააზრებული. რა უნდა გკითხო? ადრეც ხომ არ წერდი ამ საიტზე? ერთი თათია იყო, ისიც ასე გემრიელად წერდა, მაგრამ მერე გადაიკარგა:)).

არა მე მწერალი არ ვარ, ძალიან ახლობლისაა და მისი ნებართვით გამოვაქვეყნე მადლობა შეფასებისთვის გპირდები კიდევ ავტვირთავ საინტერესო ისტორიებს :-)

 


№4 სტუმარი nina..

Dzalian kargi iyo momewona yvelanairad magram ragac ver gavige...tvidan dawere rom dgiuri shemtxvevit ipove da gamoaqveyne iseve rogorc es nawarnoebshi iyo...magram ratom wer komebtarebshi rom megobrisaa exla axloblisaa da ra ganovida es ar iyo namdvili istoria??

 


№5 სტუმარი მატილდა

grafo
მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დასასრულიან ისტორიებს სულ გავურბივარ, მაინც კარგი ისტორია იყო წასაკითხად. გამართული, "დიდური", გააზრებული. რა უნდა გკითხო? ადრეც ხომ არ წერდი ამ საიტზე? ერთი თათია იყო, ისიც ასე გემრიელად წერდა, მაგრამ მერე გადაიკარგა:)).

ავტორი სვეტა კვარაცხელიაა :))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent