sms 12 თავი
ცოტა ხანს გონზე ვერ მოვდივარ, ჯერ კიდევ მიკანკალებს სხეული, არც გიორგია უკეთეს დღეში, წარბშეკრული გაქვავებული დგას და ცდილობს ნათქვამი გაიაზროს, მერე თითქოს ხვდება და თავს აქნევს. - რა მითხარი? - დადუნა ვარ. - გოგო საწყლად დგას ატუზული, თითებს აწვალებს და როგორც ხმაზე ეტყობა, ატირებამდე ცოტა უკლია. პირველი მე მოვდივარ გონზე, ღმერთო, ეს ხომ ძალიან კარგია თავად გვიპოვნა. გიორგისთან მივდივარ და მხარზე ოდნავ ვეხები, დაბნეული მიყურებს. - დამშვიდდი, გიორგი. - მერე გოგონასკენ ვტრიალდები, ხელს ვკიდებ და დივანზე ვსვამ. გაოცებული მიყურებს და უხერხულად ჯდება დივნის კიდეზე. ორივე ხელს კალთაზე იწყობს და მისი შემხედვარე სიმწრის ღიმილს ვერ ვიშორებ. დადუნას სწორედ ის კაბა აცვია. ამასობაში გიორგიც ფხიზლდება, დადუნას წინ ჯდება და ცალი ხელით ცდილობს კოლოფიდან სიგარეტის ამოღებას, არ გამოსდის, ნერვიულად ჰკრავს ხელს კოლოფს და ჩემს ფეხებთან ვარდება. ვიხრები სიგარეტის ღერს ვიღებ და ვაწვდი. მადლობის ნიშნად თვალებს ხუჭავს, მერე სიგარეტს უკიდებს და ფილტვებში ღრმად უშვებს კვამლს. - დადუნა... დადუნა... - გიორგი თვალს არ აშორებს შეშინებულ გოგოს და თავს აქნევს, ვხვდები ახლა კიდევ რამე, რომ უთხრას დადუნა ცრემლებს ვეღარ შეიკავებს, ამიტომ გიორგის გვერდით ვჯდები და ხელს შეუმჩნევლად ვუჭერ ფეხზე, გაკვირვებული მიყურებს ვანიშნებ, რომ მაცალოს. - დადუნა, მე თეკლა ვარ. - ვიცი... - ოდნავგასაგონად ამბობს, არ მიკვირს, ის უფრო გამიკვირდებოდა, რომ არ სცოდნოდა. - არ გინდა რამე გვითხრა? ირაკლიზე... - მინდა... გეტყვით, თორემ ასე ცხოვრება აღარ შემიძლია. დადუნა ნერწყვს ყლაპავს, ყელსაბამზე იკიდებს ხელს და ცდილობს მოყოლა დაიწყოს. მეც და გიორგისაც თვალი მთვარის ყელსაბამზე გვიშტერდება, გიორგის კი საგრძნობლად უხშირდება სუნთქვა. - მოგვიყევი, ჩვენ ყველაფერი გვაინტერესებს რაც ირაკლის ეხება, ირაკლის და შენ. - გამამხნევებლად ვუღიმი, ეტყობა რომ ჩემს ღიმილს არ ელოდა, თვალებში სხივი უკრთება, მერე გიორგის უყურებს თითქოს ნებართვას იღებსო. - ყველაფერი მეცხრე კლასში დაიწყო. დილით კლასში შესულს ჩემი, ყველა კლასელი გოგო, ერთ მერხთან შეგროვილი დამხვდა, რაღაცას უყურებდნენ და ხანდახან აღტაცებული შეძახილებიც ისმოდა: ”რა სიცოცხლეა”, ”რა ხმა აქვს?”, ”აუუ, რა ბიჭიაა”. - აუ, ნახე რა ბიჭიაა? - გადმომჩურჩულა ჩემ გვერდით მჯდომმა ლიკუნამ და ტელეფონზე მანიშნა. უკმაყოფილოდ შევკარი წარბი. ლიკამ მხრები აიჩეჩა და ტელეფონი მერხზე დადო, უხმო რეჟიმზე ჩართული იუთუბიდან კადრები ერთმანეთს ცვლიდა და მეც ჩემდაუნებურად გამექცა თვალი. ვიდეოში, ვიღაც ძალიან სიმპატიური ბიჭი ნახევრადჩაბნელებულ ოთახში, ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა, თან რაღაცას ლაპარაკობდა. სიტყვები არ ისმოდა, მაგრამ მაინც მივეჯაჭვე, მოვინუსხე, გაშეშებული ვიჯექი და თვალმოუშორებლად ვუყურებდი “მუნჯ” ვიდეოს. ლიკამ ტელეფონს ხელი დასტაცა და ამრეზით გადმომხედა, ქურდობაში შემჩნეულივით, დამფრთხალმა გავხედე მასწავლებელს, რომელიც დაფაზე რაღაცას სწერდა. მთელი გაკვეთილი დაგუბებული ყურებით ვიჯექი და არაფერი მესმოდა, მეც ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა, რა მოხდა, რამ გამოიწვია, მაგრამ ის ვიდეო და იმ ბიჭის მიმიკები თვალებიდან არ ამომდიოდა. - საუბარს დაბალი ხმით, თითქმის ჩურჩულით იწყებს და ნელ-ნელა აზარტში შესულივით ხმასაც უმაღლებს და ემოციების გამოც მღელვარება ემატება. სასიამოვნო, თბილი და ჟღერადი ხმა აქვს. დაზაბული ვზივარ, იმდენად დაზაბული, რომ სხეულის ყველა კუნთი მტკივდება. გიორგი თვალს არ აშორებს, დადუნა თითქოს ემალებაო არ უყურებს, სადღაც ჩვენს მიღმა სივრცესი იყურება, სახეზე დროდადრო ღიმილი, სევდა ხან კი ტკივილი ესახება. - ის მუდამ მხიარული იყო, იცინოდა, ერთობოდა, მე კი მის ღიმილზე ვდნებოდი. უამრავი გოგო ეხვია გარს, მე კუთხეში მიყუჟული ვოცნებობდი ერთხელ მაინც გამოეხედა ჩემკენ, ერთხელ მაინც შევემჩნიე, მხოლოდ ესეც საკმარისი იყო ჩემთვის, მაგრამ ის ვერასდროს მამჩნევდა. ამიტომ ბევრს არ ველოდი, თუმცა ოცნებებში სულ ჩემთან იყო, ამას მაინც ვერავინ დამიშლიდა. ბურანში ვცხოვრობდი სამი წელი, მხოლოდ მასზე ვფიქრობდი, მისი ცხოვრებით ვცხოვრობდი, კუდში დავყვებოდი. სკოლა და ირაკლი წარმოადგენდა ჩემი ინტერესის სფეროს, სკოლაშიც არ ვივლიდი, მაგრამ ვიცოდი ამის გარეშე უნივერსიტეტში სწავლას ვერ გავაგრძელებდი, მე კი მინდიოდა მასავით ექიმი გავმხდარიყავი. ესეც ირაკლის გამო. სამედიცინოზე ჩასაბარებლად ვემზადებოდი და ქიმიას და ბიოლოგიას ვაკლავდი თავს. დედაჩემი უკვე სერიოზულად ნერვიულობდა ჩემზე, მეჩხუბებოდა, რომ გავსულიყავი და მეგობრებთან ერთად მემხიარულა, მე კი ვიჯექი ოთახში და ირაკლის ხმას ვუსმენდი, ან ვმეცადინეობდი. დედამ ბევრჯერ სცადა აეხსნა, რომ ეს არანორმალური საქციელი იყო, მაგრამ მე არ მადარდებდა, ვიცოდი ირაკლიზე მხოლოდ ოცნება შემეძლო, ვიცოდი მაგრამ არ ვდარდობდი, მთავარი ჩემთვის ის იყო რომ არსებობდა, რომ წერდა და თავს უფრო მაყვარებდა. - გოგონას ხმას აღტაცებასთან ერთად შეპყრობილი, ცალმხრივად შეყვარებული ქალის ტკივილიანი ხმაც დაემატა. ირაკლის დახასიათებაზე გიორგის ჩუმად ეღიმება. გოგონას თვალებში იმხელა სიყვარული იკითხება, შეუძლებელია გიორგიმ ვერ შეამჩნიოს. თითქოს დუნდება ისე დაკვირვებით და შემფასებლური მზერით აღარ ათვალიერებს. დადუნა კი ჰყვება და ვხვები არასდროს დაიღლება ირაკლიზე საუბრით. – მერე კი შემთხვევით შევხვდეი, აქ სადარბაზოში, მასწავლებელს ველოდი და მის ლექსებს ვუსმენდი. სახლში დამპატიჟა. შემეშინდა, ვიუარე, მაგრამ მერე ამოვედი. მელოდა. ჩაიც გამიკეთა, ვერ წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერება იყო მის სიახლოვეს ყოფნა, მის სახლში. მას შემდეგ მოსვენება დავკარგე, სურვილი ისევ მენახა ირაკლი გამიასმაგდა. გულს ვერც სწავლას ვუდებდი. ქიმიაზე სიხარულით მივრბოდი, მაგრამ ფორმულების ნაცვლად, მისი ღიმილი მედგა თვალწინ. ერთ დღეს მასწავლებლისგან გამოვდიოდი, ირაკლი კი მეგობრებთან ერთად ამოდიოდა. შევდექი, ისიც გაჩერდა, მისმა მეგობრებმა გვერდი აგვიარეს და ზემოთ ავიდნენ, ჩვენ ერთმანეთის პირისპირ ვიდექით, მე ზემოთ, ირაკლი ქვემოთ და თვალს არ ვაშორებდით ერთმანეთს. ამღვრეული თვალები ქონდა, არეული იყო, ვუყურებდი და მეგონა მისი შავი თვალები სახესაც აბნელებდა. ნელ-ნელა წამოვიდა ზემოთ და ჩემსკენ გადმოიხარა. - დადუნაა? - ლოყაზე ფრთხილად შემეხო. საშინლად შემცივდა, თან საშინლად მესიამოვნა. - ირაკლი - ამოვილუღლუღე მის ყელთან და გზა გავაგრძელე, არ გაუპროტესტებია, არც მე. მაშინ ეს ასეც უნდა ყოფილიყო. არეული ვიყავი, ის ასე ახლოს ჩემთან და აბა სხვანაირად როგორ ვიქნებოდი? ჩემი სამყარო გაფერადდა მისით, მას ჩემი სახელი ახსოვდა, მან მე მაკოცა, ყველაზე ნაზად, ყველაზე ფაქიზად, როგორც კი შეიძლება მამაკაცმა ქალს აკოცოს. თავისუფლების მეტროსთან ვიდექი, ცხვირი შარფში ჩამეყო და ფეხებს მონაცვლეობით ვაბაკუნებდი, მციოდა. მეგობარს ველოდებოდი, ერთად უნდა წავსულიყავით ქართულზე. - დადუნაა - ირაკლის ხმამ ჰაერი გაკვეთა, სიხარულით ამიჩქარდა გული, მივიხედე, ირაკლი იდგა ბიჭებთან ერთად და ხელს მიქნევდა. დავიბენი, გაუბედავად გადავდგი ნაბიჯი. შემამჩნია, რომ ფეხს ვითრევდი და თავად წამოვიდა ჩემკენ. - აქ რას აკეთებ? - კოცნის შემდეგ პირდაპირ კითხვაზე გადავიდა და თავისი შავი თვალებით ჩემს სულში შეაღწია. - მეგობარს ველოდები, მასწავლებელთან მივდივართ. - ბიჭია ,თუ გოგო? - უცებ დასერიოზულდა. - ბიჭი - ენა დამება, მეჩვენება თუ ირაკლი ეჭვიანობს? ჩემს თავს ვუსმევდი კითხვებს. - ბიჭი… კარგი, რა მინდოდა მეთქვა. - თმები ნერვიულად აიჩეჩა და გააგრძელა. - დღეს საღამოს 8ზე, უნივერსიტეტის მერვე კორპუსში, დარბაზში პოეზიის საღამო მაქვს და გეპატიჟები. - ხელები გაშალა, თითქოს ჩემს ჩახუტებას აპირებდა და ისე გაიცინა, მე რომ მიყვარს. - მართლაა? არ ვიცოდი, კარგი მოვალ - გავუღიმე მეც და იმ წამს მოსული წერილი გავხსენი - კარგი ირაკლი, მე უნდა წავიდე, მეჩქარება. - საღამომდე, დადუნა, - სერიოზული სახით დამემშვიდობა - იცოდე, ერთ ლექსსაც კი არ წავიკითხავ, თუ დარბაზში არ იქნები. - უკან-უკან წავიდა და გამაფრთხილებლად დამიქნია თითი, გამეცინა. დადუნას სახეზე სიყვარული ესახება, ვხვდები რამხელა ბედნიერებას ანიჭებს ამ ყველაფრის გახსენება. - პირველად არ მივდიოდი მის საღამოზე, მაგრამ მაინც ისე ვღელავდი, თითქოს პირველი ყოფილიყოს. სულ უკან, ჩააბნელებულ ადგილას დავჯექი და სცენას გავხედე, ირაკლი და მისი მეგობრები იდგნენ და საუბრობდნენ. დარბაზი მალე გაივსო, მერე ირაკლიმ მიკროფონი აიღო და მაყურებლისკენ შემობრუნდა, ყველა გაინაბა, სიჩუმე ჩამოწვა, მაგრამ ირაკლი დაწყებას არ ჩქარობდა, ველოდი როდის დაიწყებდა ირაკლი, მაგრამ ის დუმდა, დარბაზს დაჟინებით ათვალიერებდა და მიკროფონს აწვალებდა. მივხვდი მეძებდა, გამეღიმა, თითქოს ეს უნდოდაო მანაც გაიღიმა, მერე თავი დახარა, ქვემოდან ამოიხედა და ისეთი გრძნობით დაიწყო კითხვა, გული შემეკუმშა. გიორგის ჩუმად ეცინება, სიმწრით. მე კი დაძაბული ვუსმენ და უკვე სხეული მტკივა. დადუნა ისევ შთაგონებით აგრძელებს გახსენებას. - საღამო დამთავრდა, ირაკლი მილოცვებს იღებდა, გარშემო თაყვანისმცემლები ეხვივნენ, ზოგი ავტოგრაფს სთხოვდა, ზოგი ეხუტებოდა. მე გარეთ გამოვედი, კიბის თავთან გავჩერდი და ველოდი. ვიცოდი, გული მიგრძნობდა, რომ გამოვიდოდა, მართლაც მალე გამოვიდა, ხალხში თვალიერება დაიწყო, მერე დამინახა და გაბრწყინებული სახით წამოვიდა ჩემკენ. - გილოცავ, შეუდარებელი იყავი. - არა, ეს შენ ხარ შეუდარებელი, - მკლავში ხელი გამიყარა და ქვემოთ ჩამოვედით. -გეჩქარება? - არა, რა იყო? - თვალები შევანათე. - გავიაროთ ფეხით. - გამიღიმა და თმა ამიწეწა - ბოდიში ვერსად დაგპატიჟებ, შენი კავალერი ჯიბეგაფხეკილი სტუდენტია, ღარიბი მჯღაბნელი. - ნუ სულელობ, მე ასე უკეთ ვგრძნობ თავს, მთავარია შენთან ვარ. - გამეცინა და ახლა მე გავუყარე ხელი, გაოცებულმა გადმომხედა და ცალყბად გაეცინა. -ხო, ის ასეთი იყო. თავმდაბალი და განსხვავებული. - გიორგი ხელს მუშტავს. ხელს ხელში ვუყრი და თითებს მის თითებში ვხლართავ. გიორგი ჩემკენ ბრუნდება, თვალებში ტკივილი უდგას. დადუნას ჩვენი მოქმედება შეუმჩნეველი არ რჩება, ტუჩს იკვნეტს და თავს ხრის, არც მე მეპარება მისი მზერა და გული მიჩერდება. ოღონდ ეს არა, ოღონდ დადუნა გიორგიში ირაკლის არ ეძებდეს, ოღონდ მასში ირაკლის არ ხედავდეს. მეშინია, მაგრამ არა ჩემს გამო, ან ჩემი და გიორგის ურთიერთობის გამო, არამედ დადუნას, უფრო კი ირაკლის გამო. დადუნა თავს სწევს, იღიმის და საუბარს აგრძელებს, მის ხმაში და მზერაში სიყვარული იკითხება, ირაკლის სიყვარული. იმ მძიმე თემას ეხება, რასაც ასე ვმალავდი გიორგისთან. - მასთან მივდიოდი, მივდიოდი კი არა მივფრინავდი, განსაკუთრებულად გამოწყობილი, მაშინ პირველად ჩავიცვი კაბა, მინდოდა ირაკლიზე შთაბეჭდილება მომეხდინა, მინდოდა ისე დამეტყვევებინა, როგორც მან დამატყვევა. გულამოვარდნილი შევდექი კართან, თმები გვერდზე გადავიწიე და ზარი დავრეკე, კარს არ აღებდა, მაგრამ წამოსვლას არ ვჩქარობდი, გული მიგრძნობდა, რომ სახლში იყო, ვიცოდი. ათწუთიანი ლოდინის შემდეგ, კარი მძიმედ გაიღო და კარზე მიყუდებული, თვალებდაწითლებული ირაკლი გამოჩნდა, ფეხზე ძლივს იდგა, შემეშინდა. მივასწარი, ხელი მოვკიდე, მხარს ქვეშ ამოვუდექი და დივანთან მივიყვანე, მოწყვეტილი იყო, მთელი სხეულით კანკალებდა, შუბლი ოფლით დასველებოდა. თავი საზურგეზე გადასწია და თვალები დახუჭა. შეშინებული გავვარდი და წყალი გამოვუტანე, სულ დამავიწყდა რას ვფიქრობდი მასთან მისვლამდე, რა თავის მოწონებაზე იყო საუბარი, როცა ასეთ განადგურებულს ვუყურებდი. თავი ფრთხილად წამოვუწიე და ჭიქა ტუჩებთან მივუტანე, სუსტად მოსვა, ტუჩები გაილოკა და ისევ საზურგეს მიეყრდნო. მთელი ტანით ვცახცახებდი, ვხვდებოდი რა შეიძლება სჭირებოდა და გული მიჩერდებოდა. მის წინ ვიდექი და გაფითრებულს დავყურებდი, მეჩვენებოდა, რომ არ სუნთქავდა, მეც ვატყობდი ჩემს თავს, რომ ჰაერი არ მყოფნიდა, ასეც იყო. მთელს ოთახში სიგარეტის კვამლი დაგროვილიყო და აუტანლად ცხელოდა, სასწრაფოდ გამოვაღე ფანჯრები და ოთახი გავანიავე, სუსტმა ნიავმა მეც გონებაზე მომიყვანა. მაგიდაზე უწესრიგოდ მიყრილი ფურცლებს შევხედე, მაგრამ ხელის დაკარება ვერ გავბედე, მხოლოდ საფერფლე ჩავცალე ურნაში. მერე ირაკლის გვერდით დავჯექი, მისი სხეულის სიმხურვალე მწვავდა, მასთან ყოფნის სურვილს ვერ მოვერიე და უღონოდ ჩამოშვებულ მკლავზე მივეკარი, თითები მის თითებში ავხლართე და თვალები დავხუჭე. ჩემთვის ესეც საკმარისი იყო. არ მახსოვს, როგორ ჩამეძინა, მაგრამ თვალი რომ გავახილე ირაკლი ჩემ წინ იჯდა, სიგარეტს ეწეოდა და თვალს არ მაშორებდა, უხერხულად შევიშმუშნე, მაბნევდა მისი მზერა, თვალებში წყენა და ტკივილი ედგა, ამან ერთიანად მომშალა, ის რაღაცას ფიქრობდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რას, საერთოდ რთული იყო მის თვალებში რამის წაკითხვა, ღამესავით ჩამუქებული თვალები ჰქონდა, უპეებიც ასევე გაშავებოდა, გაფითრებულ სახეზე, გალურჯებული ტუჩები საზარლად მოუჩანდა. მკვდარს ჰგავდა, რომ არა სიგარეტი, რომელსაც ეწეოდა, მართლაც მკვდარი მეგონებოდა. - თვალს გიორგისკენ სახისკენ ვაპარებ და ვდილობ არ გამომეპაროს გიორგის რეაქცია დადუნას ნათქვამზე. ამით შევძლებ გავიგო, გიორგიმ იცოდა თუ არა ირაკლის ნარკოდამოკიდებულება. თავიდან გიორგი ჩუმად ზის თავდახრილი და ჩვენს ხელებს დაჰყურებს, მერე კრთება, თავს სწევს, წარბებს კრავს და აჩქარებულად იწყებს სუნთქვას. დადუნას აშკარად უჭირს გიორგისთვის ამის თქმა, სათქმელს წელავს, სვენებ-სვენებით საუბრობს და ისიც ისევე აკვირდება გიორგის რეაქციას, როგორც მე. საბოლოოდ გიორგი მღელვარებას ვერ იკავებს, ხელს მიშვებს და თავზე იჭერს. ვხვდები ეს ამბავი მისთვის მოულოდნელი იყო. - რა გინდა მითხრა, რომ ირაკლი... - ფეხზე დგება ფანჯარასთან მიდის და მერე ისევ უკან ბრუნდება. დადუნა ხმას არ იღებს, თავდახრილი ისევ მედალიონს აწვალებს. - გიორგი, - მეც ფეხზე ვდგები, მასთან მივდივარ და ხელი ფრთხილად მიმაქვს მისი სახისკენ, თვალებში მიყურებს, ვგრძნობ რამდენად უჭირს, ვხვდები როგორ სტკივა. - მოდი ჯერ მოვუსმინოთ. - შენც იცი, არა? - ვერაფერს ვერ ვამბობ, დადუნასკენ ვაპარებ თვალს, რომელსაც თვალი ირაკლის ოთახის კარისთვის გაუშტერებია და ამ წამს ცხადად ვგრძნობ, რომ ის მოვიდა. მთელი ჩემი სხეულით და სულით ვგრძნობ, რომ ირაკლი აქ არის. გიორგი ისევ დივანზე ჯდება, ღრმად სუნთქავს და დადუნას ელის. მეც მის გვერდით ვჯდები და დადუნას ვუღიმი. თითქოს ამას ელოდაო საუბარს აგრძელებს, სადღაც შორიდან, თითქოს წარსულში დაბრუნდაო, შთაგონებული ხმითა და თვალებით აგრძელებს გახსენებას. იხსენებს პირველ ლექსს, პირველ ჩახუტებას, კოცნას, იხსენებს ირაკლის უცნაურ ქცევას. - მთელი კვირა ერთად დავდიოდით, მხოლოდ მე და ირაკლი, მინდოდა მისი მეგობრები გამეცნო, მაგრამ ის არაფერს მეუბნებოდა, შორიდან ორ მათგანს ვიცნობდი და არც ისე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, ამიტომ არ ჩავძიებივარ. სამაგიეროდ როცა მათთან იყო ყოველთვის დაძაბული ვიყავი. მათი ნახვის შემდეგ, ისევ ისე შტერდებოდა, ისევ უაზროდ იჯდა და ჭერს უყურებდა, ან ციებიანივით ცახცახებდა ჩემს კალთაში თავჩადებული. ვიცოდი,რომ თავს ინადგურებდა, ვიცოდი რომ რაღაც აწუხებდა, მაგრამ არასდროს არაფერს ამბობდა, არ იმჩნევდა ტკივილს, რომელსაც მისი ორგანიზმი მოეშხამა. გიორგი დადუნას სახეს თვალს არ აშორებს და რაღაცას ფიქრობ, ვხვდები რამდენად მტკივნეულია მისთვის ეს ყველაფერი და ვცდილობ ზედმეტად არ ჩავუძვრე სულში. მან ხომ ძმის ცხოვრების შესახებ არაფერი იცოდა. დადუნა ისევ სევდიანად აგრძელებს საუბარს, მათ ურთიერთობაზე, ირაკლის ქცევებზე, იმაზე, რომ არცერთ მის მეგობარს არ იცნობდა. - გახსოვს ის საღამო, ირაკლიმ ბარში, რომ მომიყვანა? - გიორგი თავს უქნევს, სახეზე ღიმილი ეფინება. - მაშინ პირველად შემომიშვა ირაკლიმ თავის შინაგანში, შენი გაცნობით მიმახვედრა, რომ მისთვის სულერთი არ ვყოფილვარ. - დადუნა სევდიანად იღიმის. - ირაკლის სიყვარულის ეშინოდა, ეშინოდა, რომ ბოლოს ვერ გავუძლებდი და წავიდოდი. ამიტომ ცდილობდა ახლოს არ მივეშვი, ეშინოდა, რომ ცხოვრებას დამინგრევდა, მეუბნებოდა, რომ გამეძლო მის გარეშე, აღარ მნახულობდა, აღარ მწერდა, არც მპასუხობდა. შეშლილს დავემსგავსე, მის გარეშე ვერ ვსუნთქავდი, არ შემეძლო. მერე კი თავად მომაკითხა. „ლომკაში“ იყო, ძალიან სტკიოდა. მე ყველაფერი გავაკეთე მისთვის, სულ მასთან ვიყავი, ისიც ცდილობდა, ძალიან ცდილობდა გამოსწორებას, „ლომკას“ უმკლავდებოდა და ცდილობდა ეს ყველფერი წამლის გარეშე გადაეტანა. - გიორგი ისევ იღუშება, ნერვიულობს. - ამ დროს მხეცს ემსგავსებოდა, დაუნდობელი ხდებოდა, სწორედ ამიტომ უნდოდა მისგან შორს ვყოფილიყავი, ეშინოდა, რომ რამეს დამიშავებდა. ეშინოდა, რომ დაბინდული გონებისა და სურვილის გამო გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებდა. ასეც იყო. - დადუნას ნათქვამი რაღაცას მანიშნებს, სუნთქვა მიჩერდება, გოგო თავს ხრის. - ტკივილის გამო ყველაფერს ლეწავდა, კარს მაინც არ ვუკეტავდი, ის კი იმაზე გიჟდებოდა, რომ ასე მჯეროდა მისი, ასე ვენდობოდი, ის კი თავის თავს არაფრით ენდობოდა. მწყინდა რომ ამ ყველაფერს უბრძოლველად ნებდებიოდა, არ იბრძოდა, ვუსაყვედურე კიდეც. გავბრაზდი და წამოვედი, მაგრამ გული მის გარეშე არ მიდგებოდა.ისევ გადავაბიჯე საკუთარ თავმოყვარეობას და მასთან დავბრუნდი.ქარბორბალასავით ტრიალებდა ოთახში,ყველაფერს ლეწავდა,იატაკზე ისროდა,კბილებს ახრჭიალებდა.მოულოდნელად ჩემს თვალებს გადააწყდა,ჩამუქებული ღამესავით შავი თვალები,მე რომ ასე მატყვევებდა და მოსვენებას მიკარგავდა,გასწითლებოდა,ჩემკენ წამოვიდა,არ გავნძრეულვარ. უფლება მივეცი ჩემით ჩაეხშო ტკივილი. - გიორგი დადუნას ნათქვამს ჭკუიდან გადაჰყავს, ფეხზე დგება, გაფითრებული დააბიჯებს ოთახში და ვხვდები, რომ ირაკლის საერთოდ არ იცნობდა, ვხვდები ამის გამო თავს როგორ იდანაშაულებს. - მართალია, ეს ის არ იყო რაზეც ვოცნებობდი, რაც მისგან მინდოდა, მაგრამ ჩემი სიყვარული იმდენად დიდი იყო მის გამო ყველაფერისთვის მზად ვიყავი. ნათქვამი შოკში მაგდებს, ვუყურებ ამ პატარა, სიფრიფანა გოგოს და არ მჯერა, ნუთუ ამხელა სიყვარულის ტარება შეუძლია? დადუნა იხსენებს, როგორ გადმოვიდა ირაკლისთან საცხოვრებლად, მაგრამ ირაკლიმ უკან დააბრუნა. იხსენებს იმ დღეს მედალიონი, რომ აჩუქა. გიორგის სევდიანად ეღიმება. აბა, დადუნამ რა იცის, ირაკლის ეს მედალიონი საიდან ჰქონდა. გიორგი ისევ ჩემს გვერდით ჯდება. ახლა თავად მიჭერს ხელს ხელზე და დადუნაც აღარ გვარიდებს თვალს, უფრო სწორედ ჩვენ კი არა, ჩვენს მიღმა სივრცეში იყურება. კარს უსწორებს თვალს და თხრობას აგრძელებს. - იცოდა, რომ მასთან დავიტანჯებოდი, ასე ამბობდა, ამიტომ გადაწყვიტა, ამ საშინელებას მორეოდა, თითქოს ყველაფერი დალაგდა, ირაკლიც შეიცვალა, მხიარული და ლაღი გახდა, მუშაობა დაიწყო, მეც ყოველთვის მაკითხავდა, სიხარულს მჩუქნიდა, მაგრამ ჩემ ნათქვამ ‘’მიყვარხარს“ ყოველთვის სიჩუმით პასუხობდა. მერე კი, მერე ყველაფერი თავზე დამემხო. სახლში მივაკითხე, ოთახი ჩაბნელებული დამხვდა, მაგრამ კარგად გავარჩიე ჩემი ირაკლი, როგორ იკეთებდა წამალს, ჩემთვის საყვარელი თითებით. იმ თითებით, რომლებითაც მეფერებოდა. იმ წამს შემძულდა საკუთარი თავი. შურისძიების წყურვილით დავბრმავდი, მძაგდა ასეთი ჩემი თავი, მაგრამ ამ გრძნობას ვერაფერს ვუხერხებდი. იმის მაგივრად რომ მეყვირა, მეჩხუბა, ისტერიკა მომეწყო და ტკივილი ცრემლებისთვის გამეტანებინა, გახევებული ვიდექი, ძირს დავარდნილ შპრიცს ვუყურებდი და ათასი აზრი მიელავდა თავში. იმ დროს ყველაფერი მძულდა, მთელი სამყარო.. მთელი ქალაქი… საკუთარი თავიც… მაგრამ ირაკლი არა, ვერა… ყველაზე მეტად მინდოდა მძულებოდა, მაგრამ არ გამომდიოდა, თითქოს ამ ამბავში ყველაზე ნაკლები დამნაშავე ის იყო… გიორგი აჩქარებულად სუნთქავს, ვხედავ როგორ ასხამს ოფლი შუბლზე და ახლა დადუნაზე მეტად გიორგი მებრალება. დადუნა ისევ თითებს იმტვრევს, თვალები დამრგვალებია, ცრემლებით სავსე აქვს და ცოცხალი თავით არ ხუჭავს, არ უნდა ერთი ცრემლი მაინც გამოუშვას თვალებიდან. ისევ კარებს უყურებს, მის მზერას თვალს ვაყოლებ და გული მიჩქარდება. კარებს ჩრდილი ეცემა, რომელიც ნელ-ნელა ადამიანის სილუეტს ემსგავსება, შეშინებული ვუყურებ დადუნას, ნუთუ ისიც ხედავს, მაგრამ არა. ირაკლის აჩრდილი სახეს იღებს, დადუნას უახლოვდება, უნდა თავზე შეეხოს, მაგრამ ვერ ბედავს. ჰაერი იკუმშება, იის სურნელით სავსე გარემო ბლანტ მასას ემსგავსება, აჩრდილი ადგილს სწყდება და ფანჯრებს ზრიალს აწყებინებს. ირაკლის სტკივა. დადუნასაც. - სამი დღე ოთახიდან არ გავსულვარ, საოცარია, მაგრამ დედაჩემს არ დაუძალებია არაფერი, ჩუმად შემოდიოდა ლანგრით საჭმელს მიტოვებდა საწოლთან და მანამდე შემოტანილი, პირდაუკარებელი უკან მიჰქონდა… მადლობელი ვიყავი მისი, რომ არ მაწუხებდა ზედმეტი კითხვებით, მაგრამ რა ვიცოდი რატომ… მერე კი, მერე გავიგე, რომ თავი მოიკლა. დამტოვა. ვერ ვიჯერებდი, გავგიჟდი, როგორ შეეძლო. - ირაკლი ტყდება, ისევ ადამიანის სახეს იღებს, ნაღვლიანი თვალებით უმზერს დადუნას და ხელი მისი თმებისკენ მიაქვს, ფრთხილად ეხება. გოგონას თმები იმუხტება და ჰაერში იწევა. - თეკლა. - გიორგის ხმა რეალობაში მაბრუნებს, თვალებით დადუნასკენ მანიშნებს. ადამიანს აღარ გავს. - ხო, მოვიდა. - ვჩურჩულებ, ისე რომ დადუნამ არ გაიგოს. დადუნა ისევ ჩუმდება, არც მე და გიორგი ვიღებთ ხმას. - არ მჯეროდა, რომ ასე მომექცა, ირაკლი ასე ვერ მომექცეოდა, ის არ დამტოვებდა, ამას არ იზამდა,აკი ამბობდა არასოდეს მიგატოვებო, შენ თუ არ წახვალო, მე კი წავედი და აი, მანაც მიმატოვა, აი ასე უბრალოდ… ირონიული არა? წასვლაც მისებური გამოუვიდა… სხვანაირად ვერც წავიდოდა… ხარხარისგან ძალაგამოცლილი, იატაკზე მოვიკუნტე… მაინც ვერ ვიტირე… ვხედავ, როგორ სწყდება დადუნას თვალებს ცრემლები და ირაკლის ხელი როგორ შეშდება. გიორგი სუნთქვას ვეღარ ახერხებს, აშკარაა ამ ყველაფერმა ძალიან გამოფიტა, დაღალა. - წავიდა და დამტოვა. მის საფლავზე არ მივსულვარ… არ მინდა… ირაკლის არ მოეწონებოდა, იქ რომ მენახა… - ხელის ზურგით ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლებს იმშრალებს. -“ჩემი არაფერი დაგრჩა ჩემი უჩემობის გარდა”-ო… ნეტავ იცოდეს… ნეტავ… ჩუმად ჩურჩულებს, მაგრამ მე მაინც ვიგებ, ეს რას ნიშნავს? ნუთუ? მაგრამ ახლა ამის დრო არაა, გიორგისთვის საკმარისია ის რაც გაიგო. - ერთი თვე არც ვჭამდი, არც ვსვამდი, ძლივს გადავრჩით... გადავრჩი. - დადუნა სასწრაფოდ ასწორებს ნათქვამს და თვალს მარიდებს. რაო? მისი ნათქვამი ტვინში მიტრიალებს, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. - მერე დედამ საზღვარგარეთ წამიყვანა. -აქ, მის მერე არ ყოფილხარ? - გიორგის ხმაში მოუთმენლობა იგრძნობა. - კი. ორი კვირაა რაც დავბრუნდი, ვერაფრით მოვისვენე, რომ არ მოვსულიყავი. სასაფლაოზე არ ავსულვარ, იქ ვერ წავალ. ის ჩემი არაა, რაც ჩემია და რასაც გულით ვინახავ, ყველაფერი ამ ბინას უკავშირდება. - იები შენ მოიტანე? - ხო, მე. უყვარდა ლურჯი. მის თავს მახსენებს. ეს კაბაც აქ იყო, მის მაისურებთან ერთად ეკიდა, მისი სურნელი აქვს. - კაბის კალთას დაჰყურებს, გული საშინლად მიცემს. მინდა ვკითხო, მაშინ ის მითვალთვალებდა თუ არა, მაგრამ ვერ ვბედავ. - ის ბიჭი... ვინც ნარკოტიკებით ამარაგებდა... - გიორგი საუბარს იწყებს, მაგრამ მერე ჩერდება. სათქმელს თავს ვერ აბამს. - ორჯერ ვნახე. ერთხელ აქ, ირაკლის სანახავად, რომ ვიყავი. მემუქრებოდა, რომ ირაკლის მოკლავდა. მეორედ დავინახე, როგორ კამათობდნენ, ირაკლის ფული ჰქონდა მისაცემი... - აღარ შემიძლია. - გიორგი ღმუის, ფეხზე დგება და გადის, არაფერს ვიმჩნევ, არც უკან მივყვები, ასე სჯობს, ნამდვილად სჭირდება მარტო ყოფნა. ირაკლის თვალებში ტკივილს ვხედავ. მეც არანაკლებ ცუდად ვარ, მაგრამ აბა ჩემი ცუდად ყოფნა, მათ ტკივილთან რა მოსატანია. - ისევ გიყვარს? - მიყვარს. - იღიმის, რა ლამაზია, რა ნაზი. - მასაც უყვარდი, უყვარხარ. - ირაკლი მადლიერი თვალებით მიმზერს. - არასდროს უთქვამს. როცა ვეუბნებოდი მიყვარხარ მეთქი, ყოველთვის ჩუმდებოდა. - უყვარხარ! - მტკიცედ ვამბობ და აჩრდილს თვალს არ ვაშორებ. დადუნა ჩუმდება, შეშინებული მიყურებს. - ის აქ არის, დადუნა. - სასოწარკვეთილს ტირილი უვარდება, ორივე ხელს სახეზე იფარებს. - ვიცოდი, ვგრძნობდი. მაშინვე ვიგრძენი პირველად აქ რომ შემოვედი. - სუნთქვა მეკვრის, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო, ეს ჩემი ვალია. - უთხარი შემეხოს. - მას ესმის შენი. - ირაკლი დადუნასკენ იხრება, სახე მის ყურთან მიაქვს, ვერაფერს ვიგებ, მხოლოდ შრიალის ხმა მესმის. ამას დადუნაც გრძნობს და შეშდება. - არაფერი მესმის, მაგრამ ვგრძნობ. შემეხე, გთხოვ. - სივრცეს უყვირის. ირაკლის ხელი დადუნას თმისკენ მიიწევს, ყურზე ჩამოვარდნილ კულულს ეხება და ყურს უკან უწევს. დადუნა ფითრდება, ორივე ხელს პირზე იფარებს და უხმოდ ტირის. - მიყვარხარ... მიყვარხარ... - მასაც უყვარხარ. - არ ვუყვარვარ. - დადუნას ტკივილისგან ხმა უწყდება.მისკენ მივდივარ, მის გვერდით ვჯდები და მედალიონს ვკიდებ ხელს. - შენ მისი სიყვარული ყოველთვის თან დაგქონდა, დადუნა. - ქვას ვატრიალებ და თავისით იხსნება, დადუნა გაკვირვებით მიყურებს, მეც მიკვირს, არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე. საიდუმლო სამალავიდან დაჭმუჭნული ქაღალდი ვარდება და დადუნას კალთაზე ეცემა. დადუნას სიცილი უვარდება, ქაღალდს ხელში იღებს, მაგრამ გახსნას ვერ ბედავს. - მეუბნებოდა ჩემს გულს გჩუქნიო... რა სულელი ვიყავი, ღმერთო. - ირაკლი ბედნიერია, დადუნა მას გრძნობს, სივრცეს უშტერებს თვალს, იქ საითაც ის ეგულება ხელს იშვერს, ზუსტად იქ ჩერდება სადაც ირაკლის სახე იწყება. აჩრდილი თვალებს ხუჭავს. - მიყვარხარ, სამუდამოდ. - კითხულობს დადუნა, მაგრამ ეს დადუნა კი არა ირაკლია. მეტი აღარ შემიძლია, ტირილით გამოვდივარ გარეთ და „ლურჯ მთვარეს“ თავის სიყვარულთან ერთად ვტოვებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.