შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა (თავი 10) - ნამდვილ სიყვარულს აქვს დასასრული?


12-06-2016, 02:24
ავტორი ერკე
ნანახია 1 952

მეორე დღეს ლომია მთელი დღით განადგურებული იყო. რატიმ რა აღარ სცადა, რა არ მოიმოქმედა, თავის საქმეებზეც დარბოდა, ეძებდა მთელი დღით თეას, მაგრამ ცალკე მას არაფერი, არც ლომიას გამხიარულება გამოსვლია კარგად. 29 დეკემბერი საოცრებებით არ დაწყებულა, ეს დღე მათი ცხოვრების ერთ-ერთი საშინელი დღე იყო, როდესაც ადამიანი ნებდება, ფარ-ხმალს ყრის და მის ზემოთ ძალა აღარ არის. თითქოს განგების ძალას ეგუება, იპყრობს რაღაც ბნელი, საშინელი გრძნობა, რომელიც ყოველ წამს ჩასძახის ადამიანს, რომ არაფერი გამოუვა, იმის ნაცვლად კი, რომ საპირისპიროდ ვამხნევოთ თავი და გავძლიერდეთ, რატომღაც ხელებს ვუშვებთ. მცდელობებს ვწყვეტთ და ვგრძნობთ როგორ გვხევს უკან ცხოვრება, როგორ მივყვებით ამ დაფლეთილ გზას, იმის მოლოდინში რომ მივაღწევთ მთელს, თუმცა იმას ვერ ვიაზრებთ, სანამ დაფლეთილი ფიქრებით მივაბიჯებთ სიბნელეში, ის სიბნელე სინათლედ არ იქცევა. მუდამ სიბნელედ დარჩება, რადგან ჩვენ ასე გვინდა, რადგან ჩვენ ასე ვფიქრობთ და გვჯერა, რომ ყოველი მცდელობა უშედეგოდ სრულდება. ლომიასთვის რომ გეკითხათ, თუ რატომ იყო უმოქმედოდ იმ წამს და რატომ არ ცდილობდა თავისი კრედოს, მოქმედება მაშინაც კი, როცა წინ მხოლოდ კედელია, მიყოლას, იტყოდა, რომ უმოქმედობა ბევრად მარტივია, სირთულეების გარეშე ცხოვრება, მხოლოდ საწოლზე წოლა და ბედის დედის გინება, შეუდარებელია! ლომიასნაირი მებრძოლი ადამიანებიც შეიძლება ოდესღაც ასეთ დღეში აღმოჩნდნენ, როცა მთელ ძალას ხარჯავენ, ენერგიას დებენ ინვესტიციად, მათ ფიქრებს, დახმარების ხელს უწვდიან ყველას და ყველაფერს, შედეგი კი არ არის, თავიდან გეგონება, რომ სამყარო შენს წინააღმდეგ ბრუნავს, შენ მიექანები ბნელ ჯურღმულში, საკუთარი ნებით და ამას ვერც კი ამჩნევ. რაღაც პერიოდით, ყველას აქვს ის მომენტი, როცა გამოსავალი არ ჩანს და სიტყვებიც უფერო ნახატივით, გუბეში ჩაგდებულ სველს და დათხაპნილ მოზაიკად იქცევა.
***
მიიზლაზნებოდა ყოველი წამი, მაგრამ ანთეოზისთვის სიცივე მეტად მყინვარე იყო, ვიდრე აქამდე. ის ერთი უბრალო ბიჭი არ ყოფილა, მაგრამ ოდესღაც ყველანი ერთნი ვხდებით, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი გაქვს ნაშოვნი, ან რას მიაღწიე, ბოლოს მაინც ფერფლად იქცევი და მხოლოდ სასუფევლის ნათელში შესვლაზე უნდა იზრუნო. ესეც ქსელური მარკეტინგივითაა, უნდა იზრუნო გაამრავლო ნათელი შენს ირგვლივ, თავიდანვე უნდა დაანთო ერთი სანთელი, რომ შემდეგ შენც დაგინთონ უამრავი. შენზე ილოცონ შენივე სიკეთეების სიმრავლით და რამდენ ადამიანსაც ეხმარები, იმდენად მაღლდები შენ ღვთის თვალში. ეს ყველაფერი შენთვის კეთდება, მართალია ეხმარები სხვებს, მაგრამ პირველ რიგში ეხმარები შენს სულს, მოხვდეს სასუფეველში და სამუდამო ადგილი დაიმკვიდროს დიდ სივრცეში სამარადჟამოდ.
ანთეოზი ცხოვრებას მდორედ მიჰყვებოდა. არ ფიქრობდა ასეთ დასასრულზე, არც კი ღელავდა მომავალზე, რადგანაც ფული მამის დანატოვარი საკმარისზე მეტი ჰქონდა. ყოველდღე მეგობრებს კლუბებში და რესტორნებში პატიჟებდა, ერთობოდა ქალებში და მიჩვეული იყო ყველა ყველაფერს ასრულებდა მისი ერთი ხელის განძრევისთანავე. რაც არ უნდა ეთქვა მოსამსახურეებს და მტვირთავებს უკვე შესრულებული ჰქონდათ და მისი სიცოცხლეც ოაზისს ემსგავსებოდა, როდესაც სადმე წასულს გოგონები ეკროდნენ, ყველა მასთან ლოგინში გორაობაზე ოცნებობდა, მისი ფულები უყვარდათ, მასთან დროს ტარება, ამას მხოლოდ ბოლოს მიხვდა, როცა გაღატაკებულს ერთი გროშიც არ დარჩა ანგარიშზე და სახლიდანაც გამოაგდეს.
აფრთხილებდა მამამისი: „იშრომე, ჩემს ფულზე დამოკიდებული ნუ იქნები შვილო. თავად იშრომე და დაიმკვიდრე საზოგადოებაში ადგილი. მიაღწიე იმას, რომ უზრუნველად იცხოვრო, მაგრამ ამავ დროს იფიქრო სხვებზეც, იზრუნო საკუთარ თავზეც და დაეხმარო სხვებსაც.“
ანთეოზი არ უსმენდა. ახლა კი ხვდებოდა, არც ისინი არ იყვნენ ვალდებულნი მას დახმარებოდნენ, ვინც გვერდით ჩაუვლიდა. მეტიც, ის ამის ღირსიც არ იყო, მაგრამ რაღაც გროშებს მაინც იღებდა, ამის მადლიერიც კი იყო, რადგან მიიჩნევდა რომ მხოლოდ ეს დაიმსახურა. ხურდებს აგროვებდა, წვალებით შოულობდა ფულს. შემდეგ ერთ ჭიქა ყავას და პურს, ან მზა ცხელ საკვებს ყიდულობდა, ამ სიცივეში სიცივისგან რომ არ გაყინულიყო, როგორც მარტო დარჩენილი სიყვარულივით. უმეტესად ებრალებოდათ და ერთ ცხელ ხაჭაპურს ისე გადაუგდებდნენ ხოლმე, რომ ფულს არ ართმევდნენ. მადლიერი იყო, მაგრამ ამ გრძნობას ადრე არ შეუწუხებია. მას ყველაფერი ჰქონდა, ახლა კი ისიც კი არ შეუძლია თავი მოიწესრიგოს და თითქმის ერთი წელია ერთ ტანსაცმელში, დაუბანელი და გამურული დაიარებოდა.
გონებით წარსულში გადავარდა და ახსენდებოდა ის ღამეები, როცა დასაძინებლად მარტო წვებოდა, უზარმაზარ სახლში, სადაც მის გარდა მშობლები (კატასტროფამდე) ცხოვრობდნენ. ამ დღეების დათვლა შეეძლო სიმართლე, რომ ვთქვათ, რადგან მარტო იშვიათად წვებოდა და ეს მოვლენა უფრო იშვიათი მაშინ გახდა, როცა დედ-მამა ავტოკატასტროფაში დაეღუპა. სახლი აშინებდა, მარტო ყოფნა კი საოცრად აღიზიანებდა, ამიტომ მის გულში უამრავი ქალი ბუდობდა, ყველა თავისებურად უყვარდა, ძირითადად ეს პირველი დღის მოწონებიდან იწყებოდა და შემდეგ პირდაპირ საწოლში გრძელდებოდა მთელი ისტორია, მაგრამ ანთეოზის შიგნით რაღაც წამის მეასედებში იცვლებოდა, ვერ ჰქონდა რიგზე აზრები იმ ყოფასთან, რაც ცხოვრებამ მოუტანა. ყველასგან დაუნახავად ცრემლებს ტუალეტში ღვრიდა, არავის ენახვებოდა ისეთი, როგორსაც არ ელოდნენ, რომ იყო და ყოველთვის თამამი განცხადებები უყვარდა.
დაუმთავრდა ფული, შეწყდა გართობები და თამაშები, ყველა მეგობარმა ერთბაშად აქცია ზურგი, გოგონებმა რომლებსაც მასთან გართობა სიამოვნებდათ, ზედ შეაფურთხეს და ამაზრზენი სიტყვებით შეამკეს. მისი ცხოვრებაც დასრულდა, ილუზიებში მცხოვრებმა მყისიერად რეალობის კარიბჭეში შედგა ფეხი, მხოლოდ უნებურად. როცა ყველაფერი გაიაზრა და მიხვდა, უკვე გვიან იყო, სახლიდან აგდებდნენ თითქოს ძაღლი ყოფილიყოს, და არც არაფერს ნიშნავდა. მის ტკივილით სავსე თვალებში არც არავინ ჩაიხედა, თორემ დაინახავდნენ როგორ ნანობდა ყოველივეს და შემოქმედს სთხოვდა შანსი მიეცა. ეს შანსი არ გამოჩენილა, ალბათ ყველაფერი ნოლიდან უნდა დაეწყო, რამაც ქუჩამდე მიიყვანა.
ცხელ ყავას სვამდა, იკუნტებოდა მაგრამ მაინც ვერ თბებოდა და გულში ლოცულობდა, მათთვის ლოცულობდა ვინც მცირედ დახმარებას მაინც უწევდა. რუსთაველზე უამრავი ხალხი ირეოდა, მეტროშიც კი არ შეუშვეს ასეთი ბინძური და არც არავინ ეკარებოდა. ნაძვის ხის ქვეშ იდგნენ და უკვე წამებს ითვლიდნენ. მხსნელი არ ჩანდა.
ყველა ადამიანისთვის მხსნელი ისევ საკუთარი თავი და გონებაა, როცა ამას იაზრებ და ხვდები რომ „იმედების“ იმედი არ უნდა გქონდეს, საკუთარ თავზე უნდა იყო დამოკიდებული და ყველაფერი უნდა გააკეთო წარმატებისთვის, როცა გრძნობ რომ სხვა არავინ არაფერს გააკეთებს შენ თუ არ დაეხმარე საკუთარ თავს, მაშინ იწყებ მოქმედებას. ანთეოზიც გათოშილი სულით ძლივს მიიწევდა წინ, ხალხს დახმარებას სთხოვდა, მაგრამ ყველასგან გასაკვირად ის ფულს კი არა, მობილურ ტელეფონს ითხოვდა, რომ დაერეკა.
***
თვალგახელილს მის ზემოთ ნათურა ციმციმებდა და სამად ჩანდა. საიდან მიხვდა, რომ უბრალოდ გასამება სჭირდა და არა სამი ნათურა იყო? ისინი მოძრაობდნენ, ხან ერთმანეთს უახლოვდებოდნენ და ერთდებოდა, ხანაც შორდებოდნენ და გარშემო ცეკვავდნენ, შალახოს უვლიდნენ თითქოს. ლომიამ თვალები მოიფშვნიტა და მალევე წამოენთო, როგორც ქარიშხალი და ნახევრად შიშველი ლოგინზე გაშტერებით ჩამოჯდა. ვერ გაერკვია სიზმარში იყო კვლავ თუ უკვე ეღვიძა, მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, ეგონა სადღაც სიღრმეში იძირებოდა და გონებას კარგავდა. გრძნობდა პირში არყის გემოს და თავის ტკივილს, ძილზე მეტად არაფერი უნდოდა, მაგრამ არ გამოვიდა. აქეთ-იქიდან არმატურები ეჭირებოდა და თავს უსრესდა. ნელ-ნელა იკუმშებოდა, სივრცეში პატარავდებოდა და მალე ერთ პატარა ყუთში აღმოჩნდებოდა არაფერი რომ არ ეღონა და დანებებოდა.
მისი ფეხზე დადგომის მცდელობა კრახით დასრულდა. ისევ საწოლზე დავარდა მოწყვეტით და ხელ-ფეხი გაშხლართა.
-რატიიიიიიიიი. - რა ხმაც შერჩენოდა ისე დაიძახა და მიხვდა ხმაც ჩახლეჩოდა. – „რა მოხდა გუშინ?“ - გაიფიქრა და ისევ სცადა წამოჯდომა.
-რა გინდა რამხელას ღრიალებ გასკდა თავი.
-რა მოხდა გუშინ? ჰა? - უკიდურესი პასუხისთვისაც მზად იყო.
-არ გახსოვს? ორივეს ელეთმელეთი გვჭირდა გოგოებზე. შენ ესმერალდას მისტიროდი მე თეას. მართლა რა გვჭირდა?
-მე არაფერი მახსოვს. თავი მისკდება და თავი ფილმ ჰენგოვერში მგონია, რაღაც საშინელებები ჩავიდინე თითქოს და არ მახსოვს.
-ორივემ ჩავიდინეთ. - გაუღიმა რატიანმა და საწოლს ჩაეჭიდა, რომ არ წაქცეულიყო.
-ახლა რას აპირებ? - ამის გაგონებაზე რატიმ თავი ჩაღუნა. გრძნობებს აჰყვა, შავი თვალებით ჰორიზონტს გახედა მეოთხე სართულიდან, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა, მაგრამ მისთვის არ ჩანდა ლამაზი, ეს ახსენებდა თავისივე მცდელობებს, რომლიდანაც არაფერი გამოვიდა.
-მოვძებნი! სხვა რა უნდა ვქნა. აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ფარ-ხმალი დავყარო და უკან დავბრუნდე? არა! მის გარეშე აქედან არ წავალ. აუ თავიი...
-ხომ იცი რაც გვიშველის ჩვენ?
-წავედით. - არც კი გამოუცვლიათ, როგორც ეცვათ (რადგან ტანსაცმლით ეძინათ) ისე მიაშურეს სასტუმროს ბარს და მაგიდასთან მოკალათდნენ.

გულში ხინჯი ესობოდა, როცა ვერ აღწევდა სასურველ მიზანს. ბედისწერამ საიდან სად გადმოაგდო, ისევ ნიუ-იორკში ისროლა. ახლა გაცილებით მარტივი იყო მისი მოძებნა, ასე მიიჩნევდა თეა და ამას ზეციურ ძალებს აბრალებდა. ლორა ისევ სიჯიუტეს ინარჩუნებდა და არ თმობდა პოზიციას, მაგრამ ბუზღუნ-ბუზღუნით მაინც მიჰყვებოდა დაქალს.
ჩაფიქრებული სასტუმროში დაბრუნდა, ლორა ბარში დარჩა და გამვლელებს აკვირდებოდა, იქნებ ვინმე სიმპათიური ბიჭი გამოჩნდესო. თეამ როგორც კი შეაბიჯა დერეფანში და ის იყო კარებს უნდა მიახლოებოდა, რომ დაინახა.
-თომა? აქ რას აკეთებ? - გაოგნებული ჰკითხა თეამ და გული გადაუცივდა. თომა სასტუმროს კარის წინ იწვა და ჩასძინებოდა, მაგრამ თეას ხმაზე თვალები აახილა და წამოდგა.
-მომენატრე პატარავ. ძალიან მომენატრე ციცქნა. ვეღარ გავძელი უშენოდ და გამოვფრინდი, მეც უკან დაგედევნე.
-როგორ მომაგენი? ნუთუ ლორამ...
-არა, ანბანის მიხედვით ყველა სასტუმროში დავრეკე და დავიარე, შენს საძებნელად. ეს სასტუმრო სულ ბოლო აღმოჩნდა.
-უიჰ რამდენი გიწვალია საყვარელო. - ჩაეხუტა და ხელები მაგრად მოხვია, მაგრამ იმას ფიქრობდა თუ როგორ დაძვრომოდა.
-მიყვარხარ. - უთხრა თომამ ქალს.
-მეც მიყვარხარ. - იგრძნო, როგორ მოდუნდა და უეცრად იფიქრა, რომ სწორედ თომა იყო მისი ბედი და არა რატი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ იპოვა და დასცინოდა მთელი წუთისოფელი. - ყველაფერს შენამდე მოვყავარ. - ჩაიჩურჩულა.
-რა თქვი? - ჰკითხა თომამ.
-არაფერი, მხოლოდ ის რომ მომენატრე. - თომამ ხელში აიტაცა გოგონა და მის ტუჩებს დააცხრა.
-აქ არ უნდა იყო, ამ სასტუმროში. რაღაც მინდა გაჩვენო, წამომყევი. - თეამ ინტერესით შეხედა და სასწაულებრივად გაეღიმა.
-რა?
-სიურპრიზია. თვალები უნდა აგიხვიო.
-გეყოფა იდიოტო! - უკნიდან იგრძნო მისი თბილი ხელები და ცხელი სუნთქვა ყელთან, რომელიც აღაგზნებდა და სიფხიზლეს უკარგავდა. ხელები ჩამოუშვა და მისცა უფლება, თვალები აეხვია. ჯერ ლიფტით პირველ სართულზე ჩავიდნენ, იქიდან მანქანაში გადასხდნენ და დაძვრისას ცივი ჰაერის ნაკადი შეეჯახა თეას. ლოყები აეფაკლა და აეწვა, მაგრამ ის უსაფრთხოდ იყო, არაფრის ეშინოდა, თომა ხომ მასთან ერთად იყო.
-მინდა, რომ სამყაროში ყველა შენ გიყურებდეს და შურდეს ჩემი. მინდა რომ მსოფლიო შემოგატარო და ყოველთვის იგრძნო ჩემი სიყვარული, სადაც არ უნდა იყო, სადაც არ უნდა წახვიდე. მინდა რომ სულ ჩემში იყო თეა, შენ გარეშე ჩემი ცხოვრება შეუძლებელია. - დანაშაულის გრძნობით განიმსჭვალა, როდესაც ეს სიტყვები მოისმინა და წუთის შემდეგ მანქანაც გაჩერდა. ის მას გაურბოდა და ეძებდა კაცს, რომელსაც სულ ერთი დღით შეხვდა, მაგრამ ვერ აეხსნა ის გარემოებები რასაც ნიუ-იორკამდე მოჰყავდა და რასაც უხილავი ჯაჭვები ატარებდა, რომელიც ექაჩებოდა ამოუცნობ და იდუმალებით სავსე ბიჭთან, რომელსაც არც კი იცნობდა ნორმალურად. ხვდებოდა ამით გულს ატკენდა თომას, მაგრამ დარწმუნებული არ იყო იმაში, თუ რას აკეთებდა და თუ იქცეოდა სწორად. ტუჩის კუთხე ჩატეხა და შეუმჩნევლად გაიღიმა, ახლა ყველაზე ბედნიერი იყო, რომ მის თვალებს ვერ ხედავდნენ, რადგანაც თეას თვალი აუცრემლიანდა და ნაჭერიც დასველდა.
ხელი მოჰკიდა თომამ და ბოლომდე მის უკან შემოხვეულს წინ სწევდა და ნელი ნაბიჯებით მიჰყავდა თავისი პრინცესა. უნდოდა ყველაზე ბედნიერი ყოფილიყო მის გვერდით, სჭირდებოდა მისი სიახლოვე და ყველაფრისთვის მზად იყო.
თვალებიდან მოხსნა სახვევი და გოგონას მზერა ორ სართულიან სახლზე შეჩერდა. მის წინ იდგა. - შენი ამ ქალაქისადმი მიზიდულობა ყოველთვის მაკვირვებდა, - დაიწყო თომამ. - მაგრამ მერე მივხვდი, რომ შეიძლება იტალია ის ადგილი არ იყო, სადაც შენ გჭირდებოდა ცხოვრება. მოდი აქ გადმოვიდეთ მშვენიერო. Bella...
-არა თომა. არ მჯერა... - გაიღიმა.
-ნახე, როგორ გიხდება ღიმილი. - თვალი ჩაუკრა თომამ.
-კი, მაგრამ ეს მეტისმეტია შენგან თომა.
-ყველაფერს მოგცემ რასაც მოისურვებ. ოღონდ ბედნიერი იყო და ჩემ გვერდით იყო. - მიუტრიალდა და ნაზად შეეხო მის ბაგეებს.
-უკვე ჩვენია?
-კი. შედი.

-ბოლოს ამ ადგილას მოვიყვანე. - ხელები ჩაიწყო ჯიბეში და უიმედოდ გახედა მოსრიალე წყვილებს. თვალწინ დაუდგა წარსული, თითქოს ყველაფერი ახლა ხდებოდა, ამ წამს და მის სუნთქვასაც კი გრძნობდა. მხოლოდ ამან ათბო მთლიანად და შებარბაცდა ბედნიერებისგან, მაგრამ ყველაფერი გაღიავდა, გაიდღაბნა როგორც მხატვრის ფერები და რეალობას მწარე დახეთქებით დაუბრუნდა. - როგორ მინდა ახლა აქ იყოს.
-მოიცა, ერთი იდეა მაქვს ჯერ მე, მერე თუ გინდა დაბრუნდი აქ, უმისოდაც გავიგებთ სად არის ახლა ის.... ჩშშ... უბრალოდ წამომყევი, ბევრ კითხვას ნუ სვამ.
ნახევარ საათში ერთ შენობაში ისხდნენ და რიგს ელოდნენ. თამბაქოს ბოლში იყო მთელი შენობა, მიუხედავად იმისა რომ კუთხეში დიდად იყო აბრა გამოკრული - „ნუ მოსწევთ!“ საჯარო რეესტრის შენობაში, ერთ-ერთი ოთახის წინ ისხდნენ და ფორმიანის გამოსვლას ელოდნენ. - რა ერქვა? ჯონი ჰო?
-კი კი. ასე თქვა, ჯონი იკითხეთო. გენიოსი ხარ ჩემო ძმაო რა!
-ეგ მერე.
-კარგი.
რამდენი შეუძლია ადამიანს, რამდენი რამის გაკეთება, მაგრამ იმაზე ნაკლებს აკეთებს ყოველთვის, რა შესაძლებლობებიც აქვს. მთელ პოტენციალს არ იყენებს, ბოლოს მათ მიწას აყრიან ისე, რომ არავინ გაიხსენებს და ცოცხლად გამარჯვებულები ვერ გახდნენ. ბევრმა შეიძლება გული დაგწყვიტოს, მათმა ტკივილნარევმა წარსულმა, თუმცა გვიანია როდესაც უკვე წარსულს უყურებ და მისი შეცვლა აღარ შეგიძლია. მტკივნეულია უძლურების შეგრძნება, ყველაზე მტანჯველი სწორედ ის არის, ცხოვრების ბოლომდე სინანული რომ დაგტანჯავს, ამის გაკეთება შემეძლო, მე კი არ გავაკეთეო. რატიანი ბოლთას სცემდა და სიჩუმეს იცავდა დერეფანში. ნამწვები კუთხეებში ეყარა, ერთი სიტყვით იმ ადგილს სისუფთავის ეტალონად ვერ ჩათვლიდით, თუმცა ერთ-ერთი საკმაოდ ძალაუფლების მქონე სტრუქტურა იყო. სახელი გვარი და პირადობის ნომერიც საკმარისი იყო გაეგოთ ამჟამად სად იმყოფებოდა ადამიანი, რა შეიძინა საკრედიტო ბარათით ორი წუთის წინ, რომელ სასტუმროში გაჩერდა. მაგრამ არის ერთი მაგრამ, განაცხადის შევსებისას ამ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ უახლოეს ნათესავებს და ახლობლებს აქვთ, დადასტურებული ინფორმაციით. რეგისტრაციის გავლიდან უკვე ყველაფერი გეცოდინება. ლომიას გაუმართლა ალფრედს რომ იცნობდა, შარშანდელი შეხვედრა იღბლიანად რომ დასრულდა და ახლაც გამოადგებოდა. გადაურეკა, იცოდა დახმარებაზე უარს არ ეტყოდა და ალფრედიც მათთან ერთად ელოდებოდა დიდი მოთმინებით.
-ალფრედ, არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო.
-შენ შენი რომანებით მიხდი მადლობას, რომლებიც უბრალოდ უნიკალური და ტკივილით, ცრემლითა და სიყვარულითაა სავსე. თან რა მორალი? იიფ. - გაიკრიჭა და თვალი ჩაუკრა გარსევანიძეს. - ძალიან მორიდებული ბიჭი ხარ, არ შეიძლება ასე, ცხოვრებაში მგელი უნდა იყო და ყველაფერი უნდა გაიტანო, რის გატანასაც შეძლებ. მე რომ რაღაც არ გამეკეთებინა და ქმედება დამეკლო ჩემ მიზნამდე მისასვლელად, რეალურად ამ მწვერვალამდე ვერც ავიდოდი. ვერ გადმოვიხედებოდი ჩემი ცათამბრჯენიდან, რომელიც ნელ-ნელა, დაუღალავი შრომის და მონდომების წყალობით ავაგე.
მათი ჯერიც დადგა. ალფრედმა ყურადღება მიაქცია გამოსულს და გასაცოდავებულს, რომელსაც არაფერი ეტყობოდა სიხარულის. შემდეგ ჟურნალი “Times” გაკეცა და ფეხზე წამოდგა. შევერცხლილ თმაზე საკუთარი უძლური ხელები გადაისვა და როგორც შეძლო ისე გაიღიმა. გრძნობდა ბედისწერის ძალას, რომ ისიც დაკავშირებული იყო ამ ბიჭებთან და გული ჰკარნახობდა, რაღაც დიდის ნაწილი ხდებოდა ამით.
-გისმენთ. - კაბინეტში მამაკაცი იჯდა, კომპიუტერთან. რაღაცას წერდა და ზედაც არ შეუხედავს მათთვის ისე ჩაილაპარაკა.
-ერთი გოგონას მოძებნა გვინდა ბატონო. - დაიწყო ალფრედმა, რადგანაც სიტყვა მხოლოდ მას ეთქმოდა ამ მხრივ.
-ოიჰ, ალფრედ. ბატონო ალფრედ, - უეცრად წამოვარდა ყმაწვილი და დასაჯდომად სკამი გაუწოდა. ისე მოწიწებით შეხედა, თითქოს თვალებში მის უფროსს შეჰყურებდა, რომელიც ისეთ ხასიათზეა, რაიმე არასწორი ნაბიჯი ან მოქმედება და ვიღაცას გარეთ გაუშვებს, სამსახურს გარეთ! - რამ შეგაწუხათ, ბატონო ალფრედ? - როცა დარწმუნდა, რომ მამაკაცი კარგად მოკალათდა, თვითონაც მშვიდად ჩაეშვა ტყავის სავარძელში და კომპიუტერს მიუჯდა. ალფრედის უკან მდგარ ბიჭებს ყურადღებას არც აქცევდა, სანამ თავად მოხუცმა არ შეაჩერა მათზე მზერა.
-ერთ გოგონას ვეძებთ. გვაინტერესებს რომელ სასტუმროში გაჩერდა, ან ბოლოს სად გამოიყენა თავისი საკრედიტო ბარათი. მოკლედ მისი ადგილ-სამყოფელის დადგენა გვინდა და იმედი გვქონდა დაგვეხმარებოდი. ის ამ ქალაქშია.
-ასეთ ინფორმაციას საჭირო დოკუმენტიც უნდა ბატონო, ეს გესმით ხომ?
-კი, თუმცა ეს საჩქაროა. თუ გადავრეკო ახლა დამიანესთან, რომ გითხრას რაც უნდა გააკეთო? – „ნაცნობობით სარგებლობს! - დაიბღვირა მამაკაცი. - საერთოდ არ დავეხმარებოდი ამ იდიოტს, ჩემ უფროსთან ახლო ურთიერთობა, რომ არ ჰქონდეს... სრული იდიოტია, კრეტინი, გამოჩერჩეტებული და სულელი. როგორ მძულს.“
-კარგით ახლავე ვნახავ რის გაკეთებას შევძლებ ბატონო ალფრედ, - გაუღიმა წინ მჯდომს და თავი დაუკრა. ფეხზე წამოდგა და ოთახი დატოვა. ოთხ კედელს შუა ისეთი სიჩუმე დადგა, როგორც სასაფლაოზე, თუ დაკვირვებიხართ, რომ არც ერთი ჩიტი არ გადაფრინდება ამ ტერიტორიაზე, არც ცხოველი რჩება დიდ ხანს, ან თუ დაძრწის მხოლოდ დარდის გამო, რომ პატრონი მიაბარა მიწას, თვითონ კი მაინც ჩუმად წევს, ხმას არ იღებს. მსგავს სიჩუმეში დარჩნენ რატი, ლომია და ალფრედი, მაგრამ რამდენიმე წუთში უცნობი მამაკაცი, საკუთარ კაბინეტში ვიღაცასთან ერთად დაბრუნდა.
-ოო, დამიანე! - წამოიჭრა მოხუცი და ტკივილმა მთელ ტანს დაუარა. ის დამიანეს ჩაეხუტა, გადაკოცნა ძველი ძმაკაცივით, ისე რომ ღიმილიც არ მოშორებია სახიდან, მაგრამ ეს მხიარული კაცის ღიმილს არ ჰგავდა, არც ბედნიერი და უდარდელი ადამიანის, მის ღიმილს ტკივილიც შერეოდა. რა თქმა უნდა, ის კატასტროფულად მოხუცი ნამდვილად არ იყო, რომელზეც იტყოდით, ცალი ფეხი სამარეში აქვსო, არც ფული აკლდა, რომ უბედური გეთქვათ მისთვის, მაგრამ განა ფულშია ბედნიერება? ის ყველაფერს აკეთებდა, სხვას დახმარებოდა და ამით მოეპოვებინა სულიერი სიმშვიდე, სიმშვიდე იმისა, რომ მის სულში არავინ ჩაძვრებოდა უხეშად და არ აფათურებდა ხელებს. - როგორ ხარ მეგობარო.
-კარგად, ალფრედ, შენ როგორ ხარ? აბა, რაღაც საქმე აქვსო მითხრა როჯერმა. გისმენ.
-გოგონას ვეძებთ, გვჭირდება შენი დახმარება იმისთვის, რომ ორი ადამიანის ბედი ერთმანეთს შევაკავშიროთ და გავაბედნიეროთ წყვილი. უდიდეს საქმეს გააკეთებ დამიჯერე. - ისევ ჩამოჯდა ალფრედი. დამიანემ უცნობ ბიჭებს გადახედა და მიესალმა. ხელი ჩამოართვა ორივეს და ისევ დამიანეს მიუტრიალდა.
-აბა, დაწვრილებით მიამბეთ რა ხდება. - მოითხოვა დაჟინებით დამიანემ.
-მოყევი, შვილო. - ალფრედმა რატის შეხედა. რატის თვალები გაუბრწყინდა, რომ ამ ამბის მოყოლის შესაძლებლობა მიეცა და მასაც გადასცეს სიტყვის თქმის უფლება, მან დაიწყო.
-შარშან ზამთარში, მე და ჩემი მეგობრები ახალი წლის აღსანიშნავად დასასვენებლად ნიუ-იორკში ჩამოვფრინდით. - თავი ლომიასკენ მიატრიალა. სულ თავიდან დაიწყო და ჰყვებოდა ემოციებით, გრძნობით. მოყოლის ჟამს ის თავად გრძნობდა, ახლიდან გადიოდა ყველაფერს, რაც გადახდა, ყოველ ემოციას იხსენებდა და ტკივილს, რაც ერთი წლის განმავლობაში ტანჯავდა. უძლური მდგომარეობა გაიხსენა მისი, ყველაფერი რაც თეასთან იყო დაკავშირებული უეცრად ამოუტივტივდა თავში და სამსჯავროზე წინ, დიდ და თეთრ, ქათქათა მაგიდაზე დააწყო, ნახატი ნელ-ნელა ფერადდებოდა, ივსებოდა პატარა დეტალებით და სრული ხდებოდა. აქამდე რაც ბუნდოვანი შეიძლებოდა მოგჩვენებოდათ, უფრო იკვეთებოდა დეტალები და იწყობოდა. დამიანე ყურადღებით უსმენდა, კარგად აკვირდებოდა მის გამომეტყველებებს მოყოლისას, როგორ განიცდიდა მის დაკარგვას, თუნდაც ეს წარსულში ყოფილიყოს, ტუჩებს იკვნეტდა საუბრისას, გრძნობებს ჰყვებოდა რატიანი, ისე რომ თავად ვერც ხვდებოდა ამას. თვითონ თვალდახუჭული იდგა, კედელს მიყრდნობოდა და ამას კი არ ჰყვებოდა, რეალურად, თავიდან გადიოდა იმ გზას, მისი პოვნიდან დაკარგვამდე და ახლიდან პოვნის მცდელობამდე. ლომიასა და ალფრედის შესახებაც თქვა, როგორ დაახლოვდნენ, რა გააკეთა ალფრედმა ლომიასთვის და როგორ უმადლოდნენ მას. როცა მოყოლა დაასრულა და თვალებზე ცრემლები იგრძნო, შეტრიალდა და კარებში გავიდა. მას ლომია გაჰყვა.
-ასე ნერვიულობაც არ იყო საჭირო, ყველა ვარიანტში დაგვთანხმდებოდა ამ ისტორიის მოყოლის შემდეგ. მეც კი ამიჩუყდა გული. - ხელი გულზე დაიდო ლომიამ.
-შენ არ გესმის. ამის გახსენება ალბათ ფიქრობ, რომ კარგი უნდა ყოფილიყო ჩემთვის, მაგრამ ყოველი ამ ამბის გახსენება პირიქით, მე მანადგურებს და მკლავს, ახლიდან მკლავს ყოველ ჯერზე!
-მაპატიე. არ უნდა მეხუმრა ასე.
-არაუშავს. - უთხრა რატიმ და ხელი გადახვია. - ერთად ყველაფერს შევძლებთ არა?
-აბა რა! - მტკიცედ შეხედა ლომიამ. - სადაც ჩვენ ვართ, იქ ყველა ქედს უნდა ხრიდეს, თავად ბედისწერაც კი...
-ლომია, ადამიანები ხანდახან რა იდიოტები არიან, ვართ. ყველაფერს დავინახავთ, ყოველ წვრილმანს თუნდაც, ყველა სხვა რამეს, გარდა იმისა, რაც ნამდვილად უნდა დავინახოთ. ბრმად ყოფნას, ყოველთვის ბედნიერება როდი მოაქვს, ყოველთვის როდის გვაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ჩვენ რაღაც გამოვტოვეთ ამ ცხოვრებაში, რაღაც მნიშვნელოვანი, მომენტი რომელიც უკან აღარ დაბრუნდება. საცოდავები ვართ, უმწეოები, არაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ იმ მოვლენების წინააღმდეგ, რაც ჩვენ თვალწინ ხდება. რამდენჯერ მიფიქრია, რა იქნებოდა რომ თავიდანვე მივხმვდარიყავი ჩემ ბედისწერას, რა იქნებოდა მცოდნოდა სად მივყავდი მას და როგორ მომიბრუნდებოდა ეს ყველაფერი. შანსი გვეძლევა ყოველთვის, რაღაცის შეცვლის შანსი ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ პოტენციალს ბოლომდე არავინ ვიყენებთ. ამას ახლა ვხვდები, რამდენი რამ შეუძლია ადამიანს, შეიძლება მეც კი არ ვიცი იმის ნახევარი, რაც მე შემიძლია, მაგრამ ამას უბრალოდ ვხვდები და არ ვიყენებ ჩემდა სასიკეთოდ, ვერ ვიყენებ მის მოსაძებნად, ვერ ვხდი საკუთარ თავს ბედნიერს, რადგან საკუთარ თავსვე არ შემიძლია აღვუდგე წინ. ეს არის ყველაზე დიდი დაბრკოლება, რომელიც ამჟამად ჩემს თავს ხდება. ხანდახან რა ცოტა რამ გვჭირდება ბედნიერებისთვის, ხანდახან კი ეს ცოტაც არ გვაკმაყოფილებს და ვეძებთ გზას, ახალი ხედვისკენ, ახალი შესაძლებლობებისკენ, რომ გავხდეთ ისინი, ვინც ყოველთვის უნდა ვყოფილიყავით. ვამბობთ, რომ გვიყვარს ჩვენი ახლობლები, გვიყვარს ეს ქვეყანა, ან ცხოვრება, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ რამე. ჩვენ უკვე, სხვის დადგენილ და დაწერილ კანონებს მივსდევთ, სტერეოტიპებით გამოხრულ კანონებს და ჩვენი არაფერი გვცხია, ვკარგავთ ინდივიდუალურობის შეგრძნებას და ისევ ჩვენს შიგნით ვიკარგებით, საკუთარ ლაბირინთში, საიდანაც გამოსვლა ნაკლებადაა შესაძლებელი, უმეტესობა სამუდამოდ იქ რჩება, კვდება და ისე ქრება, რომ ვერც კი აანალიზებს ამას. ვერც ასწრებს ის აკეთოს, რაც მას რეალურად უნდა. ვგრძნობ, ლომია, ბედნიერება ახლოსაა, მაგრამ მას ისევ ხელიდან ვუშვებ. ვერა და ვერ მოვექეცი საჭირო დროს, საჭირო ადგილას, რათა მივიღო კუთვნილი.
-ადამიანები იმისთვის არიან დაბადებულები, რომ იყვნენ მდიდრები, ბედნიერები და წარმატებულები, მაგრამ მართალი ხარ, ყველას ერთი რამ აბრკოლებს, ისევ საკუთარი თავი. შეებრძოლე! - გააწყვეტინა გრძელი მონოლოგი ლომიამ, როცა დაინახა რას უკეთებდა ეს რატის. თვითგვემა მისთვის ყველაზე მეტად მოქმედებდა, უარესობისკენ უბიძგებდა და ძალიან არ მოსწონდა, მეგობარს რომ ამ დღეში ხედავდა. გაახსენდა თავისი მდგომარეობა. ახსენდებოდა რა დღეში იყო თვითონ და როგორ ცდილობდნენ დახმარებას, მაგრამ ამაოდ. „რატიმაც საკუთარ თავს თავად უნდა უშველოს - გაიფიქრა მან და ოთახისკენ უბიძგა. - თვითონ თუ არა, მე მას ვერ დავეხმარები.“
-ის ვალდორფ-ასტორიაში იმყოფებოდა ცოტა ხნის წინ, მაგრამ კამერებმა დააფიქსირეს, როგორ დატოვა ბარგით სასტუმრო, ვიღაც უცხო მამაკაცთან ერთად. გავარკვიეთ და მისი სახელია თომა შაშვიაშვილი, ის საქართველოში დაიბადა და იტა...
-მისი საქმრო... - გააწყვეტინა რატიმ.
-კი, მისი საქმრო.
-ჰეი, ყველაფერი კარგად იქნება. თავი ხელში აიყვანე მეგობარო. არ მისცე უფლება ზედ გადაგიაროს შენმა გრძნობებმა. - დაამშვიდა ლომიამ.
-მოკლედ, ისინი სასტუმროდან არც ისე შორს არიან, თომამ აქვე იყიდა სახლი, ამიტომ სავარაუდოდ იქ უნდა იყვნენ.
-მისამართი! - მტკიცედ და აჩქარებით თქვა რატიმ. გული გამალებით უცემდა, არ უნდა დაეგვიანა.
-წავედით. - როცა ფურცელზე დაწერილი გაუწოდეს ხელში. მაშინვე ჩაირბინა რამდენიმე სართული, ლომიაც მას მიჰყვა. ჭიშკარში გავიდნენ და მაშინვე ტაქსი გააჩერეს. - მოდიხარ?
-იასნა. - ჩასხდნენ ყვითელ მანქანაში, მძღოლს მისამართი გაუწოდეს და სთხოვეს სწრაფად წასულიყო. უნდა მოესწროთ მისვლა, უნდა ენახა თეა, საკუთარი თვალით უნდა დაენახა და ეჩვენებინა, რომ ის იქ იყო, ეძებდა და არ დანებებულა. ყველა ის კარგი მომენტი გაახსენდა, რაც ერთი წლის წინ გადახდათ. ერთად შეჯახება, ამოუტივტივდა თავში ის სავაჭრო ცენტრი, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ, ხელთათმანები, რომელიც ერთად შეარჩიეს, მხოლოდ ერთი წყვილი რომ იყო და გაყოფა მოუწიათ. მან იცრუა, რომ ხელთათმანი საცოლისთვის უნდოდა, როცა საერთოდ სათვალავშიც არ ჰყავდა არავინ. მერიკო წარსული იყო, გულმოკლული ამ სამყაროსგან გაცლას ლამობდა, გაქცევა სურდა თუნდაც აქედან შორს, ცაში, სიცოცხლესაც დათმობდა, რადგანაც მის ცხოვრებას აზრს არაფერი აძლევდა, არავინ ჰყავდა, ვის გამოც იბრძოლებდა. უცნობმა გოგონამ ეს გრძნობა, დარჩენის სურვილი გაუღვიძა, გადასწია მისი გეგმები რამდენიმე წლით და ახლა ის, იბრძვის, საკუთარი ბედნიერების დასაბრუნებლად და არა აქედან გასაცლელად. მისი ღიმილი ჩარჩენილი ქვეცნობიერში არასდროს ავიწყდებოდა, ერთი სული ჰქონდა ეს ღიმილი კიდევ ენახა, ახლოდან და ისე რეალურად, როგორც მას ეხებოდა. კაფე „ბედისწერა“, ციგურებით სრიალი, ღამის გასეირნება, ბოლოს კი ქაღალდის ფულზე წაწერილი მისი ნომერი და ლომია გარსევანიძის წიგნი „ესმერალდა“... ეს ყველაფერი ერთმანეთში ისე გადაიხლართა მის გონებაში, რომ ვეღარ არჩევდა თანმიმდევრობას, ერთად მიეყარა ყველაფერი და დახვავებულად გონების ღრმა კუნჭულებში დალექილი უეცრად ამოუტივტივა. ლომიას შეხედა, იქნება ჩემზე და თეაზეც დაწეროს ერთი წიგნი, გაიფიქრა თუმცა ხმამაღლა აღარ უთქვამს. მწერალს ვერ დააძალებ გინდა თუ არა ეს და ამაზე დაწერეო, მან თავად უნდა აირჩიოს ისტორია, მისი განვითარებაც და დასასრულიც, მკითხველი კი მხოლოდ უნდა მიჰყვეს მას, როგორც ლიდერს. უსიტყვოდ. ზედმეტი წუწუნისა გარეშე. მიჰყვეს, როგორც აზვირთებულ მდინარეს, კალაპოტიდან რომ გადმოედინება.
-ესეც ასე, მოვედით ძმებო. - შავკანიანმა ახალგაზრდამ თეთრი კბილები გამოაჩინა. პირველი ლომია გადავიდა, მძღოლს გადაუხადა და რატიმაც სასწრაფოდ გააღო მანქანის კარი.
-ჯერ მე მივალ. - თქვა ლომიამ. - მოვამზადებ ნიადაგს, იქნებ როგორ დროს მივედით.
-კარგი რა, ძმაო. გამიშვი. - სახლს ბუჩქები ეფარებოდა და მათ თვალს არ ჩანდა რა ხდებოდა შიგნით, თუმცა რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ყველაფერს ნათლად დაინახავდი. ლომია წინ წავიდა და მაშინვე გაშეშდა. ნაბიჯი ვეღარ გადადგა, უყურებდა სახლს შორიდან და სახეზე ხელს იფარებდა.
-არ მიუახლოვდე. არა სახარბიელო მდგომარეობაშია. არ გირჩევ. წავედით გავიაროთ და მერე მოვიდეთ, მომზადებული დაგვხვდება.
-ლომო! რაებს მიედ-მოედები, ამდენი იმისთვის გამოვიარე, რომ ახლა გავისეირნო და მერე დავბრუნდე უკან? გამატარე.
-არ არის მზად-თქო! მენდე. მოგვიანებით მოვიდეთ.
-ახლავე ვნახავ და ვეტყვი, რომ ის იმ წყეულ თომასთან კი არა ჩემთან უნდა იყოს. ვერ გამამტყუნებ, მე ის სიგიჟემდე მიყვარს და მინდა, რომ ვნახო. როგორ მოახერხა ერთი ნახვით თავის შეყვარება არ ვიცი, მაგრამ მე მართლა მიყვარს, მის გარეშე კი სუნთქვასაც ვერ შევძლებ. გამატარე. - ლომია მაგრად იჭერდა, მკლავებში, შემდეგ მთელ ტანზე შემოეხვია და საშუალებას არ აძლევდა წინ წაწეულიყო. ბუჩქნარი სადაცაა თავდებოდა. ძლიერად გაიწია წინ რატიანმა, თავი ვეღარ შეიკავეს და დაეცნენ, რატი მაინც არ გაჩერებულა, ფეხებში ჰკიდა ლომიამ, ევედრებოდა არ გინდა, არ შეხედოო, მაგრამ ის მაინც ბობღავდა წინ, რათა დაენახა რას უმალავდა ლომია ასე მონდომებით.
დაინახა.
ინანა.
გული მოეწურა. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ცოცხლად დამარხეს. მის გულში შეაღწია მოწამლულმა ისარმა და სუნთქვა მეტად აღარ შეეძლო. სამყარო თავზე დაენგრა, არსებობა შეწყვიტა ყველაფერმა, რაც უყვარდა, დედამიწაც კი გაჩერდა და ვარსკვლავებიც გაქრა იმ უღრუბლო ღამეს ციდან. შეშლილი ეხიდებოდა ყველაფერს, შოკირებული ადგილიდან ვერ იძროდა და ნანობდა, რომ ლომიას არ მოუსმინა.
რატის თვალები შიშვლად აღიქვამდა თეას, პირდაპირ ჩამოუფარებელი ფანჯრის წინ, რომელიც სიამოვნების ზღვარზე იყო, თომასთან ერთად და ხელში ალკოჰოლის ჭიქით, ნელა და მონდომებით წრუპავდა მას.
-გითხარი. - უთხრა ლომიამ რატის, მაგრამ არაფერი გაუგონია. ახლა აღარაფერი იცოდა, რა უნდა მოემოქმედებინა და მის სამყაროს დიდი ხვრელი გაუჩნდა, რომელიც ნადგურდებოდა.



№1  offline მოდერი Marry Amm

კარგია, მალე დადე <3

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

marimayishvili
კარგია, მალე დადე <3

დიდი დიდი მადლობა, მარიამ <3
აუცილებლად დავდებ ამ დღეებში. love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent