დაბრუნებული თილისმა(პირველი თავი, მესამე ნაწილი)
პირველი თავი - ალპებში გინდა? ანუ საშობაო საჩუქარი (მესამე ნაწილი) მუსიკას ვეღარ ავღვიქვამდი. მეგონა რომ ადამიანთა საუბარი, შეძახილები, ბოთლების ჭახუნი და მინიმალები ერთ მთლიანობად იქცა. ეს იყო არაფრისმთქმელი ხმაური, რომელიც დანის საუბრის მოსმენაში ხელს მიშლიდა. მინდოდა გამეგო როგორი ხმა ჰქონდა... მსურდა რაც შეიძლებოდა მივახლოებოდი ამ ადამიანს და სულში გამადიდებელი შუშით ჩამეხედა... ყველაზე პაწაწინა იარებიც კი უნდა დამენახა. ვინ იყო? რას გრძნობდა? რა გამოუცდია? რაზე ოცებობდა? ჰყვარებია ვინმე? მართლა განსხვავდებოდა სხვებისგან თუ გული შეცდა? დანისკენ ოდნავ გადავიწიე, ვითომ მაინტერესებდა მობილურში რას აკეთებდა, სინამდვილეში მისი სურნელი მინდოდა მეგრძნო, მაგრამ ვერ გავარჩიე. თამბაქოს, მარხუანას, ოფლის და ალკოჰოლის სუნით გაჯერებულიყო ჰაერი. ალოგიკურია, მაგრამ არომატით შეიძლება მიხვდეთ, რომ ის იპოვეთ, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდით... დანილმა თავი ჩემკენ მოაბრუნა. კიდევ კარგი საზურგეზე მიყუდება მოვასწარი. -რამდენი წლის ხარ? - თავში მოსული პირველივე კითხვა დავუსვი, თუმცა ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა მის ასაკს. -შენი აზრით? - გამომცდელი მზერა მომაპყრო. ნეტავ, სახეზე მეწერა რომ გრძნეული ვარ თუ როგორ უნდა გამომეცნო? -ოცდა... - ბოლო ხმოვანი პატარა ბავშვივით გავწელე, რომელმაც გაკვეთილი არ იცის და კლასელებისგან კარნახს ელოდება. - ოცდაოთხის ან ოცდასამის. - დავამთავრე ბოლოს სათქმელი. უარის ნიშნად თავი გააქნია და გაეღიმა. მეგონა ჩაბნელებულ დარბაზში შუქი ააბრდღვიალეს (არ ვაზვიადებ, მართლა!). მგონი რამდენიმე წამით სუნთქვა შემეკრა და თვალები მოვჭუტე, ნათება თვალს მჭრიდა. რაღაც მომენტში დავფიქრდი, რამე ხომ არ დამილევია ან სიზმარში ხომ არ ვარ-მეთქი. სწორად და მიჯრით ჩამწკრივებული კბილები მარგალიტის ყელსაბამს მიუგავდა. დამატყვევებელი იყო. ღმერთო, ამ ღიმილს 50 წლის შემდეგაც ვიცნობ! -ოცდაორი? - მის რეაქციას დავაკვირდი. - არა? ოცდაერთი? -ახლოს ხარ... -ოცი? -ხო, ოცი. - თვალი ამარიდა, მუშტი პირისკენ წაიღო და მოხრილ საჩვენებელს კბილი გაჰკრა. -უცნაური ჟესტი იყო... - გავიფიქრე. - არა... არ ხარ ოცის. - თავდაჯერებით გავახმოვანე. -ოცის ვარ. -აბა რა... - ჩამეცინა. როგორც ჩანს, არ ესიამოვნა. -კი-თქო. - რატო მატყუებ? -პირადობა განახო?! -მიდი! ხელი ჯიბისკენ წაიღო. -კარგი, გაჩერდი... რად მინდა შენი ID ბარათი? თუ ამბობ, რომ 20 წლის ხარ... - ჩემს ინტონაციაში ეჭვი მაინც იგრძნობოდა. -შენთვითონ რამდენი წლის ხარ?! - თითქოს იერიშზე გადმოვიდა. -ცხრამეტის. - პასუხი არ მოეწონასავით. -რა? შანსი არაა... -აბა რა ასაკისას ვგავარ? -13-14 წელზე მეტს ვერაფრით მოგცემ. -კარგი ერთი... - ალმაცერად გავხედე. -მართლა, მართლა. - არ ვიცი მე მარწმუნებდა თუ საკუთარ თავს. - 13-14 წლის გოგოსავით იქცეოდი და... ძალიან შემრცხვა. დანის ადგილას დავაყენე თავი. ალბათ რა სასაცილოდ და უცნაურად ჩადა ჩემი საქციელი. წამოვდექი. -მოიცა, სად მიდიხარ? კაი რა... რა ,,გაგიტყდა?“ -არაფერი ,,გამტყდომია.“ ნორმალურად არ მესმის შენი ხმა, დერეფანში გავიდეთ. მეგონა ჩემ გვერდით დედამიწას უზამაზარი მთა გამოეზარდა. მე კი მის ძირში ამოსული ნერგი ვიყავი. დანიელს ბეჭამდე ვწვდებოდი. საპირფარეშოს მიმდებარე ტერიტორია ხალხით იყო გადაჭედილი. ძლივს გავიკვლიეთ გზა შეზარხოშებულ და ჩაკაიფებულ ხალხში. ზოგი ფეხზე ძლივს იდგა, არ ვიცი რა ზებუნებრივი ძალით ადიჩამოდიოდნენ კიბეებზე ისე, რომ არ დაგორებულიყვნენ და დაცვის ფეხებში არ გაშხლართულიყვნენ. ზუსტად იმ საფეხურზე შევჩერდით, საიდანაც რამდენიმე საათის წინ გოგონებში ჩამდგარ დანის ვაკვირდებოდი. გულში გამეღიმა. იმწუთას როგორ მინდოდა რომ გამოეხედა მაინც ჩემკენ... ახლა კი გვერდიგვერდ ვისხედით და ერთმანეთს თვალს არ ვაშორებდით. დერეფანთან შედარებით კიბეებზე ბნელოდა. თითქოს უზარმაზარი მუხის ხშირი ფოთლების ჩრდილის ქვეშ გარესამყაროს ვემალებოდით. მე მაინც შემეძლო გამერჩია მისი დახვეწილი ნაკვთები. კედლის მხარეს (ჩვენგან მარცხნივ) სარკმელიდან ღამე მაჭანკალივით იჭყიტებოდა. თითქოს გვითვალთვალებდა და მსჯელობდა ვუხდებოდით თუ არა ერთმანეთს. ჩვენ არც ძალიან შორს ვისხედით, არც ძალია ახლოს. მიუხედავად ამისა ჩვენს შორის არსებული უმცირესი დისტანცია ხან გადაულახავ ბარიერად მეჩვენებოდა, ხან ყვავილებით მორთულ უმცირეს ბილიკად. რაც უფრო დიდხანს ვუყურებდი ამ ბიჭს, მით მეტად ვიძირებოდი მასში. ირგვლივ ყველაფერი ჯერ გაიცრიცა, შემდეგ კი სრულიად გაქრა. არ ვიცოდი სად აღმოვჩნდი, მაგრამ სრულ კომფორტს, სასიამოვნო მღელვარებასა და აჩქარებულ გულისცემას ვგრძნობდი. -შეგიძლია მობილური თვალებზე მიინათო? - დანის თოხვნამ ჯერ გამაკვირვა, შემდეგ ამაფორიაქა. ,,ჯერ თუ ვერ შენიშნა, ახლა უსათუოდ მიხვდება, რომ ნამტირალები ვარ.“ - ჩავთვალე. -არა. - მზერა მორცხვად ავარიდე. -ახლავე დამანახე! - ხმაში მოუთმენელი აგრესია დაეტყო. ჯერ ვიფიქრე, რომ ემოციურად გაუწონასწორებელი იყო, მერე - ალბათ ასეთ ტიპს თამაშობს-მეთქი. ვერ მივხვდი რით და როგორ დამიმორჩილა, მაგრამ წამში სახეზე ანდროიდის ლურჯი შუქი დამთამაშებდა. აღფრთოვანებული მომჩერებოდა. ისეთი განცდა დამეუფლა, რომ ჩემში შემოჭრას ცდილობდა, თვალების მიღმა სულს უყურებდა. იმ სულს რომელსაც საგულდაგულოდ ვმალავდი დიდი ხნის განმავლობაში. ჩემი შინაგანი სამყაროს კარი დაუკითხავად შეაღო და ის იყო ნაბიჯი უნდა შეედგა, როცა წამით თვალები დავხუჭე და ყველა საკეტი მომენტალურად ჩავრაზე. -ვერავინ შევა... ვერავინ შევა...-გონებაში რამკრა. უეცრად დანიმ მუშტი მთელი თუ არა ნახევარი ძალით მაინც კედელს მიარტყდა. შევცბი. ვიცოდი ეტკინა, მაგრამ არ შეიმჩნია. -რა მოხდა? - წავიჩურჩულე. არ ვიცი ტუჩების მოძრაობით მიხვდა თუ აღარც მას ჩაესმოდა ხალხის ღრიანცელი, მაგრამ მიპასუხა: -მწვანე თვალებზე ვგიჟდები... * * * * -არც კი ვიცი ჩემზე რა მოგიყვე... გვარად ოქროპირიძე ვარ. ბათუმში ვცხოვრობ. საზღვაო აკადემიაში ვსწავლობ... დედაჩემი უკრაინელია. რუსეთში დავიბადე, მაგრამ ექიმის რჩევით საქართველოში გადმოვედით საცხოვრებლად... -მიზეზი? -ახლავე მოგიყვები... - თითებს დახედა, შავ ბეჭედს იწვალებდა. - რუსულად ვაზროვნებ და ქართულად თარგმნა მიწევს საუბრის დაწყებამდე... ხო გესმის... -მესმის. - მინდოდა მეკითხა, ამდენი წელი მშობლიური ენა როგორ ვერ ისწავლე-მეთქი, მითუმეტეს უნივერსიტეტში ქართულად იღებდა განათლებას, მაგრამ გავჩუმდი. არ მინდოდა ეგრძნო, რომ ძალიან ჭკვიანი ვარ. თუმცა 13-14 წლის სულელი გოგოს როლიდანაც აშკარად გამოვედი. ესეც რომ არა, როცა ადამიანს კუთხეში იმწყვდევ, გარბის. -გული მარცხნივ კი არა მარჯვნივ მაქვს... ექიმმა თუ გინდათ ბავშვმა დიდხანს იცოცხლოს, ისეთ ადგილას წაიყვანეთ სადაც მთაც არის და ზღვაცო. - წინადადება დაასრულა თუ არა ბეჭდის წვალებას თავი ანება. ,, რას ,,მაბოლებს?“ ამას, როგორც ჩანს, სულ მთლად შტერი ვგონივარ.“ - ვერ გადავწყვიტე მწყენოდა თუ გამცინებოდა, შემერცხვინა თუ თამაშში ავყოლოდი. -შანსი არ არის... ანომალიაზე მელაპარაკები. - სკოლაში კარგად ვსწავლობდი და ანატომიაშიც მშვენივრად ვერკვეოდი. -კიბატონო, ექიმებც ზუსტად მაგას გაიძახოდნენ, ანომალიასთან გვაქვს საქმეო. არავის ეგონა 20 წლამდე თუ მოვაღწევდი. ,,სისულელე...“ - თქვა ტვინმა. -როგორც ჩანს, ღმერთს ძალიან უყვარხარ. ,,არა, ბუნებაში გამონაკლისები კი არსებობს, მაგრამ... რაღა მე შემხვდებოდა მარჯვენაგულიანი?!“ -ამ ბეჭედს რამე ისტორია აქვს? - თემის შეცვლა ვცადე. -დედაჩემმა მიყიდა, ერთხელ გავიკეთე და ისე შევეჩვიე, რომ ვერც მივხვდი... კიდევ ერთი ბეჭედი მქონდა ძმაკაცთან ვიზიარებდი. ერთი კვირა იმას ეკეთა, მეორე კვირა მე. ბოლოს მომბეზრდა და ვაჩუქე. -მათხოვე. დაუფიქრებლად მოიძრო და გამომიწოდა. თითზე გავიკეთე. ლამის მთელი სხეულით ჩავძვერი სამკაულში. მსხვილი თითები არ ჰქონია, პირიქით მისი გრძელი, გამოყვანილი და ლამაზი მტევანი თითქოს მიხმობდა შემეხეო. მის ხელებს მამაკაცური იერიც გადაჰკრავდა. სამაგიეროდ მე მქონდა უწვრილესი თითები და მაჯები. -შენი ზომაა. - გაცინა. კვლავ ეს ამაფორიაქებელი და ქარიზმატული სიცილი... მხოლოდ ამის გამოც კი შეუყვარდებოდა სულელ ქალს... მაგრამ მე ხომ სულელი არ ვიყავი! თუ... ვიყავი? -რა ლამაზი თითები გაქვს... - მითხრა როცა ბეჭედს ვუბრუნდებდი. მინდოდა მეპასუხა რა მახვილი თვალი გქონია-მეთქი, მაგრამ კიბეზე ჩამავალმა ბიჭმა ნებით თუ უნებლიედ ფეხი გამკრა და მისკენ გავიხედე. -ფრთხილად რა! ვერ ხედავ რომ ვსხედვართ? - შეუღრინა დანიმ. -რა საჭიროა... - ვცადე სიტუაცია გამენეიტრალებინა. - ბოდიში ძმაო, ძალით არ მიქნია. - უცნობი ბიჭი, დაახლოებით 25-26 წლის იქნებოდა. ეტყობოდა რომ გაბრუებული იყო და საუბარიც კი უჭირდა. აკეცილი შავი ქუდი ეფარა და თითქმის ,,ბომჟურად“ ეცვა. -ხომ ხედავ არ არის ფხიზელი... - მანტიაზე მოვქაჩე ფეზეწამომხტარ დანიელს და თვალებით ვანიშნე შარს ნუ ეძებ-მეთქი. ქუდიანმე კვლავ მომიბოდიშა რამდენჯერმე და პირველ სართულზე ჩაიძურწა. -ადგილები გავცვალოთ. -არა, იყოს, ვიჯები. -ჩაჩოჩდი კედლისკენ. -მართლა, მართლა. -ჩაიწევი შენით თუ მე დაგეხმარო? რომ წარმოვიდგინე დანი როგორ ამიყვანდა ხელში და გადამსვამდა მის ადგილას, სახეზე ალმური მომედო. -არა. თავად მოვახერხებ. - წავილუღლუღე და სარკმლისკენ მივიწიე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.