ველური ჩხვლეტა -4-
[თავი 4] რკინის კარებს ოდნავ მიაწვა და გაუკვირდა, რომ შეიღო. ცისანას კარი ღია დარჩენოდა, რაც მართლაც გასაკვირი იყო მისნაირი ადამიანისგან. პირველი შეხვედრისას ძაღლის გაჩენას პირდებოდა, დღეს კი კარის ღია დატოვებას ნამდვილად არ ელოდა ლეო. ''წარმოიდგინე, რომ გელოდა და ამიტომ.''-ღიმილით გაიფიქრა მამაკაცმა და ცხენის ფაფარივით აწეწილი ნერვები დაუმშვიდდა. სახლის შესასვლელსაც მიადგა და კვლავ ბედი სცადა. სახელური ჩამოწია, მაგრამ არ გაიღო. ცისანა სახლში არ იმყოფებოდა. სახლი კი ღია იყო. იმედია ლეოს აქ შემოსვლა ქურდობად არ ჩაეთვლებოდა. მხრები აიჩეჩა და ნელი ნაბიჯებით გაემართა სათბურისკენ. ვარდების სურნელმა ალყა შემოარტყა. გაახსენდა ბავშვობა. ბებია, რომელიც ვაზის მაკრატლით ჭრიდა ხოლმე ვარდებს, მის ღეროებს რამდენიმე ფურცელს ახვევდა და ლეოს გულზე მიხუტებულს ატანდა თბილისში, თავისი ბაღელისთვის, ნანოსთვის რომ მიერთმია. როგორ ვარდს არ ნახავდით აქ... წითელს, ყვითელს, შავს, თეთრს, ვარდისფერს, ნარინჯისფერს და ყველა იმ ფერისას, რაც კი ამ ქვეყნად არსებობდა! ნიუტონმა დაამტკიცა, რომ სიტყვა ''ფერი'' ადამიანის ილუზიაა... კარგი, ვთქვათ, ყვითელმა ვარდმა მზის სხივები აირეკლა, ნარინჯისფერმა თვით მზე, შავმა_ღამე, თეთრმა_ღრუბლები, მაგრამ წითელმა? წითელმა რა აირეკლა? ა, მიხვდა, ცისანას აღაჟღაჟებული ლოყები, რომლებიც ფერს არ იცვლიდნენ, გინდ გაბრაზებული ყოფილიყო გოგონა, გინდ ბედნიერი და გინდ მოწყენილი. ერთ-ერთი ვარდის ბუჩქის ქვეშ წამოწვა და ხელები თავის ქვეშ ამოიდო. კარგი იქნებოდ ახლა აქ წოლა და ოცნება. ოცნება წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე... ნეტავ, სანამ ლეოსიანები ვარდების ნახევარს გაკრეჭდნენ, აქაურობა უფრო ლამაზი იყო? ალბათ როგორი ბედნიერი იქნებოდა ცისანა, ისევ ისეთი რომ ენახა თავისი სათბური... მინჩხს ცისანაზე ფიქრით უკვე თავი გაბურღვოდა. ერთხელ აწყენინა, მეტჯერ ხომ არა, თანაც რა მისი ბრალი იყო, გოგონა თავისით დათანხმდა. თვალებში მზე აჭყიტებდა, ამიტომ ქუთუთოებს ამოაფარა თვალის გუგები. ჯერ ოცნებობდა, მერე ისევ ცისანაზე ფიქრობდა და ბოლოს ლოდინში ისე ჩასთვლიმა, ვერაფერი გაიგო. -ჯანდაბა! კარი ღია დამრჩენია!-გაღებული კარის დანახვაზე წაიდუდუნა ცისამ და ნავაჭრი მეორე ხელში გადაიტანა.-მაგრამ ასე ღიასაც ხომ არ დავტოვებდი... ნაბიჯს აუჩქარა და ეზოში შევიდა. ყველაფერი თავის ადგილას იყო. მერე სახლშიც შეირბინა. სრული სიწყნარე დახვდა იქაც. ''ვარდები!''-აენთო გონებაში განგაშის ღილაკი. სათბურის კარებიც ღია იყო. ანერვიულებული ჯერ ვედროს წამოედო, მერე კაბა გამოედო ეკალზე და ბოლოს ძლივს შეფორთხიალდა შიგნით. სათბურის კუთხეში საოცარ სანახაობას წააწყდა! ვარდის ფუჩქის ქვეშ ლეო მინჩხი წამოწოლილიყო. თვალები დაეხუჭა და როგორც ჩანდა, ეძინა. ვარდის ფოთლები ნარნარად ირხეოდნენ და მამაკაცსაც სახეზე ჩრდილები დასთამაშობდნენ. ცისამ ღიმილი ვერ შეიკავა ამის დანახვაზე. მინჩხი ძილში სულაც არ ჩანდა ისეთი თავხედი, როგორიც სინამდვილეში იყო. პირიქით, ძველი ეპოქის რაინდული თვისებებით დაჯილდოვებულ ჭაბუკს ჰგავდა. ცისამ ჩაიმუხლა და ხელით ბუზი მოუგერია მძინარეს. რაღაც საოცარმა სითბომ ჩაიბუდა იმ წუთებში მის გულში. ნეტავ, სულ ასეთი იყოსო, გაიფიქრა და მიხვდა, რომ ამ ასეთობას ლეოს მავნე თვისებები ჩრდილავდა რეალობაში. უცებ გამოფხიზლდა. თავისი თბილი მზერის შერცხვა და თავი გადააქნია. თვალები კვლავ ისეთი უემოციო და მკაცრი გაუხდა. ვარდების მოსარწყავი მილი ხელში აიღო და წყალი მოუშვა. მილი პირდაპირ ლეოს მიმართულებით მიატრიალა და იქიდან ამოხეთქილმა წყალმა პატარა ოკეანეში მოაქცია თავმომწონე უფლისწული. -ეს რა ამბავია? ვიხრჩობი! ვიხრჩ...-ღრიალით წამოვარდა ფეხზე ცივი წყლით გამოღვიძებული მამაკაცი და მოკისკისე ცისას დანახვაზე ღიმილი პირზე შეახმა.-გაგიჟდი? ადამიანის ასე გაღვიძება როგორ შეიძლება? ცისას ამდენი სიცილისგან მუცელი სტკიოდა და მასზე ხელები ჰქონდა შემოხვეული. გაბრაზებით დაბრმავებული ლეო რომ გამოფხიზლდა, თვალები შუბლზე აუვიდა. იცინოდა? ეს უჟმური, უგრძნობი გოგონა იცინოდა? ო-ო-ო, მაშ, მადლობა უნდა უთხრას ღმერთს, ასეთ ისტორიულ მოვლენას რომ შეასწრო! ფოტოაპარატი მაინც ჰქონდეს აქ, ცისანას ფოტოს გადაუღებდა და ხვალვე ინტერნეტში გამოაჭენებდა სათაურით ''ეკლიანი ვარდი იცინის ანუ თუ იცის ცისანა მეუნერგიამ ისეთივე სასიამოვნო ჩხვლეტა, როგორც სიცილი?''. კარგი სტატიის დაწერაც შეიძლებოდა ამ თემაზე. გოგონამ ლეოს ღიმილში ირონია რომ ვერ დაინახა, კისკისი შეწყვიტა და დასერიოზულდა. -რას მომშტერებიხარ?-შეუბღვირა მამაკაცს.-ან საერთოდ, აქ რა ქარმა გადმოგაგდო? მოგენატრე? -ღმერთმა დამიფაროს ამ უბედურებისგან!-ცხვირი შეჭმუხნა მინჩხმა.-საქმეზე მოვედი. -პირველივე შეხვედრიდან სულ საქმეზე მოდიხარ! ოდესმე გამოგელევა ეგ საქმეები?-წყალი დაკეტა ცისამ და ინანა, სისუსტე რომ გამოიჩინა და თუნდაც რამდენიმე წამით ამ თავხედს არშიყის საბაბი მისცა. -თუ ღმერთი არ დამიფარავს ამ უბედურებისგან და მე შენს მონატრებას ვიგრძნობ, თავიდან ვერასდროს მომიშორებ, რადგან ჩემს სურვილებს არასდროს ვეწინაამღდეგები შენგან განსხვავებით.-წაკბინა გოგონას. -ეს რას ნიშნავს? -იმას, რომ ჩემთვის გაღიმების გეშინია.-ნიშნი მოუგო მამაკაცმა. -ხომ ვამბობდი, ყეყეჩი ხარ_მეთქი!-არ შეიმჩნია, რომ მისმა სიტყვებმა გული გაუფხაჭნა.-რა გინდა? -ამჯერად მართლა შენ მინდიხარ...-მზერით გაბურღა ცისა და მის რეაქციაზე შინაგანი მე სიცილისგან ლამის დაიხრჩო. თავის გასამართლებლად საბუთი რომ ჰქონოდა, ჩურჩულით დაამატა.-გადაცემისთვის. ცისა გადამწიფებულ პომიდორზე უფრო წითელი გახდა. თურაშაულ ვაშლსაც კი გადაუჯოკრა. ხელები მაღლა აწია, ვითომ სახეზე მიფარება უნდოდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა. აჭარხლებულმა წარბები მაღლა აწკიპა, ვარდის ბუჩქის ტოტი ჯერ გამოსწია, შემდეგ კი ხელი გაუშვა. ეკლიანი ტოტი ისევ და ისევ ნიუტონის კანონის თანახმად, რომელიც ქმედება იწვევს უკუქმედებას სახელითაა ცნობილი, მიენარცხა ლეოს სახეს და მანაც ისეთი დაიყმუვლა, მგელმა თავი დაუკრა და თავისი ადგილი დაუთმო. -ამის შემდეგ გეცოდინება, რა უნდა ილაპარაკო და ვისთან!-ოდნავადაც არ შეცოდებია ცისას (ვის ატყუებს რომ...), შეტრიალდა და სათბურიდან გამართული ნაბიჯებით გავიდა. -შენ იცი, რა მოგელის ჩემნაირი სიმპათიური მამაკაცის დასახიჩრებისთვის? კინაღამ თვალი ამომთხარე!-უკან ყვირილით მიყვა ლეო. -ხოდა წადი და მიჩივლე!-არ შეშინებულა მეუნერგია, მაგრამ მამაკაცის დასისხლიანებული სახე რომ დაინახა, მაშინვე დაწყევლა თავი ასეთი უტვინური სიამაყის და დაუფიქრებლობის გამო. მართლა უნდა ეჩივლა ვინმეს მისთვის, თორემ ასეთი შეუბრალებლობა მალე მანიაკობაში გადაუვიდოდა. თვალებში სინანული ჩაუდგა. პირი გააღო, მაგრამ სალაპარაკოდ ენას კი ვეღარ ატრიალებდა. ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და აკანკალებული ხელით გაუწოდა ლეოს.-მაპატიე, რა... ნამდვილი ველური ვარ, მაგრამ მე კი არ მინდა ეს! მართლა არ მინდა... ცისას ლუღლუღი ტირილში გადაუვიდა. უყურებდა, როგორ მოსდიოდა სისხლი ლეოს გაჭრილი და დაფხაჭნული ადგილებიდან და სული ყელში ებჯინებოდა. მართლა როგორი მიმზდიველი ნაკვთები ჰქონდა, როცა... ეძინა. როგორი მშვიდი იყო... როგორი რაღაცნაირი და არამხოლოდ ნაკვთების გამო, მაგრამ... მაგრამ ასე მაინც როგორ მოიქცა? ასე რამ გააგიჟა? მხოლოდ იმან, რომ ის უთხრა, რაც აქამდე არავის უთქვამს? მარტო ამის გამო? თან ბოლოს რაც თქვა, ისიც ვერ გაიგო... ჩერჩეტი იყო! ჩერჩეტი! -კარგი, რა გატირებს... არ მტკენია!-ცისა ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა, თვითონაც შეცბა.-მართლა არ მტკენია. შენს შესაშინებლად ვიყვირე. -წამოდი, წამოდი... სისხლს მოგბან.-ცრემლები მოიწმინდა გოგონამ, ლეოს ხელი ჩაკიდა და გარეთ გაიყვანა.-მოდი აქ. ცისამ თავისი ცხვირსახოცი წყალში დაასველა და მამაკაცს სახეზე მოუსვა. ფრთხილად და ფაქიზად აშორებდა სისხლს და ჭრილობებს უსუფთავებდა. მთელი სხეულით კანკალებდა იმ გარემოცვაში და იმ დროს. უნდოდა ზუსტად ცოდნოდა რომელი საათის რომელი წუთი იყო, რომ მეორე დღეს ენახა, მსგავსი რამ კიდევ დაემართებოდა თუ არა. -ხომ არ გტკივა? მითხარი, თუ გეტკინება... აუცილებლად მითხარი!-აფრთხილებდა მინჩხს და მასაც რაღაც უჩვეულო ღიმილი გადაფენოდა სახეზე. ^^^ ღამეა თუ დღე, ვერ გაიგებ, ისეთი საშინელი ამინდია, ხოდა მეც არ ვიცი, როგორ მოგესალმოთ, ჩემო კარგებო! მთავარია, რომ გესალმებით! ამ ისტორიაში დასასრული მიყვარს ყველაზე, ყველაზე მეტად, მაგრამ ეს თავიც ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესოა... იმედია თქვენც მოგეწონებათ და ჯანსაღ შეფასებებს არ დაიშურებთ... დიდი მადლობები და უამრავი გული თქვენ ჩემგან! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.