შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეაბიჯე პარალერულ სამყაროში (თავი 5)


19-06-2016, 11:48
ავტორი tatia27
ნანახია 1 885

მივხვდი, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ეთქვა და ნერვიულობისგან მუხლები ამიკანკალდა. კაბინეტის კარი მორიდებით შევაღე და დაბალი ხმით ვკითხე: "შეიძლება"?
- მობრძანდით, ქალბატონო...
- ნატო... შევახსენე ჩემი სახელი და ხელი ჩამოვართვი.
- თქვენ რა საკითხზე ხართ?
- დამიბარეთ და გეახელით, - ვუპასუხე და თვალი მაგიდასთან მჯდომ სამ მამაკაცს მოვავლე.
- ააა, თქვენ ის ფსიქოლოგი ხართ, ჩვენს პატიმარს რომ ემსახურებით, არა? - მომეჩვენა, რომ სიტყვა "ემსახურებთ" სულ სხვა მნიშვნელობით წარმოთქვა. თუმცა, შესაძლოა, მხოლოდ მომეჩვენა...
- დიახ, - ვთქვი წყნარად, მაგრამ ამ რამდენიმე ასოში ისეთი ტონი ჩავაქსოვე, რომლითაც ვეუბნებოდი, არაფერი შეგეშალოთ, ბატონო ციხის უფროსო, თორემ საკადრის პასუხს მიიღებთ-მეთქი.
- ჰოოო... - გაწელა, სკამის საზურგეს ნებიერად მიაწვა და თვალმოჭუტულმა მითხრა: მინდოდა თქვენთვის რამდნიმეწუთიანი დოკუმენტური ფილმი მეჩვენებინა, მაგრამ მანამდე, რამდენიმე კითხვა მაქვს... რასა იქმს ჩვენი პატიმარი?
- იქნებ, ჯერ სკამი შემომთავაზოთ?
- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, დაბრძანდით! - წამოდგა მაგიდასთან მჯდომი ერთ-ერთი მამაკაცი და თავისი სკამი დამითმო. მაგიდას შემოვუარე და თავისუფალ სკამზე დავჯექი.
- ახლა, გისმენთ! - ვთქვი ხელები მაგიდაზე დავალაგე.

- პირდაპირ საქეზე გადავიდეთ, - ეს უკვე ის მამაკაცი გახლდათ, რომელიც ჩემ პირდაპირ იჯდა და აქამდე ხმა არ ამოუღია. - იმედია, გახსოვთ ის შეთანხმება, რომელიც მაშინ დავდეთ, როდესაც პატიმართან პირველად შეგიშვით.
- კონკრეტულად, რას გულისხმობთ? - აშკარად დავიძაბე და ეს სახეზეც შემეტყო.
- კონკრეტულად იმას, რომ თქვენ უნდა მიგეღოთ მისგან აღიარებითი ჩვენება და ეს დიქტოფონზე ჩაგეწერათ.
- მართალია, უკვე დიდი ხანია, რაც ბაჩოსთან ვმუშაობ, მაგრამ მან ჯერჯერობით, მხოლოდ წარსულზე ილაპარაკა. იმ კონკრეტულ დანაშაულზე კი, რის გამოც დააკავეთ, არაფერი უთქვამს.
- ძალიან დიდხანს ხომ არ გაგიგრძელდათ ჭუკჭუკი? - მკითხა ციხის შეფმა. - იქნებ, ცოტა დაგეჩქარებინათ?
- მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია. - ვთქვი მტკიცედ.
- ხელს ნუ დააფარებ, მაგას ისეთ საქმეს გავუხსნით, რომელიც ჩადენილი აქვს, მაგრამ მაშინ ვერ მოვიხელთეთ. ეგ არის, იმ საქმეზე პატარა "სროკი" ექნება. "პაჟიზნენი" უნდა მიიღოს იმ სასტიკი მკვლელობისთვის, რომელიც ჩაიდინა.
- მას ალიბი აქვს... - ვთქვი მტკიცედ. ჩემმა სიტყვებმა უფროსი აშკარად კარგ გუნებაზე დააყენა.
- გოგო, შენთვის ადვოკატობა არავის დაუვალებია. შენი მოვალეობაა, დაეხმარო მას ამ დეპრესიის დაძლევასა და კოშმარებისგან თავის დაღწევაში, რომელიც მკვლელობის ჩადენის შემდეგ უჩნდებათ ხოლმე ადამიანებს. ამასთან, დაწვრილებით მოაყოლო, როგორ ჩაიდინა დანაშაული... - ბოლო რამდენიმე სიტყვა გაღიზიანებული ტონით წარმოთქვა. ახლა მე დავდექი კარგ გუნებაზე.
- როგორ ზრუნავთ საკუთარ ტუსაღებზე, ბატონო ციხის უფროსო... ძალიან ჰუმანური ადამიანი ბრძანდებით...
- ჰმდ... კარგი, მაშ, გადავიდეთ ჩვენი შეხვედრის ძირითად ნაწილზე...
- ანუ მეორე განყოფილებაზე? - ვთქვი და გავიღიმე.

- ნუ იქნებით ირონიული, ქალბატონო ნატო. დოკუმენტური ფილმი, რომელიც ახლა უნდა ვნახოთ, საკმაოდ ეროტიკულია. როგორ ინებებთ ყურებას? მარტო, ჩემთან ერთად თუ დამსწრე საზოგადოებაც დავტოვოთ? - გულმა რეჩხი მიყო. მუცელში თითქოს ცივმა გველმა გაისრიალა.
- როგორც გენებოთ, - აშკარა მოტეხილი ხმით წარმოვთქვი. მან პულტი მოიმარჯვა და ტელევიზორი ჩართო. ეკრანზე ბაჩოს საკანი გამოჩნდა. მერე, ისიც დავინახე, ოთახში ბნელოდა, მაგრამ თითოეული ნივთი და ბაჩოს სახის ნაკვთებიც მკვეთრად ჩანდა. მაგიდაზე მინდვრის ყვავილების თაიგული რომ გამოჩნდა, მივხვდი, კასეტაზე ჩემი და ბაჩოს ურთიერთობის ყველა ინტიმური დეტალი იყო ჩაწერილი. სახეზე სისხლი მომაწვა, ალმური მომედო.
- გამორთეთ... - ვთქვი ჩახლეჩილი ხმით. მონიტორი ჩაქრა.
- არ გინდოდათ, ბოლმდე გეყურებინათ?
- რისთვის გინდათ ეს ჩანაწერი? შანტაჟის მოწყობა არ გამოგივათ... ვერ ვხვდები, რაში უნდა გამოიყენოთ ეს კადრები.
- იმედი მაქვს, ამის განმარტება არ დამჭირდება და თვითონ მიხვდებით. ალბათ, იმასაც მიხვდებით, რომ თქვენმა ბაჩომ ეს ნაბიჯი გამიზნულად გადადგა. მან იცის, რომ შესაძლოა, თქვენ ჩვენთან თანამშრომლობთ და იმის შემდეგ, რაც მისი საყვარელი გახდით, მის წინააღმდეგ არაფერს მოიმოქმედებთ. თქვენ მის დაგებულ მახეში გაებით და შეეგუეთ იმ აზრს, რომ გამოგიყენეს.
- ეს თქვენი საქმე არ არის. ჩემი პირადი ცხოვრება არ გეხებათ. თქვენთან თანამშრომლობაზე თანხმობა არც თავიდან მითქვამს და არც ახლა. - ვთქვი და ფეხზე წამოვდექი.
- ჩვენი საუბარი ჯერ არ დამთავრებულა. ერთ კვირას გაძლევთ, ქალბატონო ნატო, - გაღიზიანებული ხმით მითხრა უფროსმა და ჩემკენ გადმოიხარა.
- რისთვის მაძლევთ ერთ კვირას?
- იმისთვის, რომ პატიმარს დაწვრილებით მოაყოლოთ მკვლელობის დეტალები. იმედია, ხვდებით, რომ საკანში თქმული თქვენი თითოეული სიტყვა იწერება და იმდენ გონიერებას გამოიჩენთ, რომ ბაჩოს ამის შესახებ არაფერს ეტყვით.
- თუ არ დაგეზარებათ, იქნებ, ტექსტი დამიწეროთ, რომელსაც დავიზეპირებ და ბაჩოს ვეტყვი?
- თქვენი დამცინავი ტონი სრულიად უადგილოა. არასწორი რეაქცია გაქვთ ჩემს ნათქვამზე. სრულიად გაწონასწორებული ადამიანი მგონიხართ და იმედია, სწორ დასკვნებს გამოიტანთ.
- თქვენ სკოლაში ფიზიკას სწავლობდით? - სრულიად მოულოდნელი კითხვა დავსვი და მგონი, დავაბნიე ბატონი ციხის უფროსი.
- დიახ... ვსწავლობდი...
- მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ბუნებაში არსებობს 2 სახის წონასწორობა: როდესაც ბურთულა დევს ჩაღრმავებულ ზედაპირზე, ის ერთი წერტილით ეხება მას. ზედაპირის ნებისმიერი მოძრაობისას, ბურთულა ყოველთვის საწყის მდგომარეობას უბრუნდება - ამას მდგრადი წონასწორობა ჰქვია. ხოლო თუ ბურთულა დევს ამობურცულ ზედაპირზე, ამ შემთხვევაშიც, ის ერთი წერტილით ეხება მას, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მის დასაგორებლად სულის შებერვაც საკმარისია და ის საწყის მდგომარეობას არასოდეს დაუბრუნდება. ეს კი, არამდგრადი წონასწორობა გახლავთდ. ჩვენ შორის ის განსხვავებაა, ბატონო ჩემო, რომ მე, მდგრადი წონასწორობის მდგომარეობაში ვარ და ნებისმიერი "ცხოვრებისეული რყევის" შემდეგ, კვლავ საწყის პოზიციას ვუბრუნდები. თქვენთვის კი სულის შებერვაც საკმარისია, რომ სამუდამოდ გამოეთხოვოთ თანამდებობას და როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე, ვერასოდეს დაუბრუნდებით მას. ასე რომ, აწონ-დაწონეთ, გიღირთ თუ არა ჩემთან ბრძოლა.
- წონასწორობის შესახებ ლექციას რომ მიტარებთ, გასაგებია, მაგრამ მემუქრებით კიდეც? - გაოცებისგან წარბები ისე ასწია, რომ ლამის შუბლს ააშორა და მის შემხედვარეს, გამეცინა.
- მე თქვენ აუცილებლად დაგხატავთ ისეთს, როგორიც ახლა წარმოგიდგინეთ. - ვთქვი და აშკარად გაოცებული საზოგადოება ნაზი ღიმილით დავტოვე...
ფიქრი აქ გავწყვიტე და ზურას შევხედე. ძალაუნებურად, ის და ბაჩო ერთმანეთს შევადარე. მიუხედავად იმისა, რომ ბაჩოც საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი იყო, ზურას მას გარეგნობით აშკარად სჯობდა. ზურამ ჩემი დაჟინებული მზერა იგრძნო და თითქოს, ფიქრიც ამოიკითხაო:
- ნატ, ვინ არის ის ადამიანი, ვინც ცხოვრებაზე ყველაზე მეტად გყვარებია?
- სონა.
- მამაკაცებს ვგულისხმობ.
- მხოლოდ ორჯერ მიყვარდა ცხოვრებაში და ახლა სწორედ იმაზე ვფიქრობდი, რომელი გრძნობა უფრო ძლიერია. რაღაც რომ გითხრა, გეწყინება?
- გინდა მითხრა, რომ ის უფრო მეტად გიყვარდა?
- არა, მაგის გაზომვა ალბათ, შეუძლებელია. იმის თქმა მინდდა, რომ მის სიყვარულში გაცილებით მეტად ვიყავი დარწმუნებული. - ამას რომ ვამბობდი, სახეზე დაჟინგებით ვუყურებდი. არ მინდოდა, მისი რეაქცია გამომპარვოდა.
- ჩემში ეჭვი გეპარება?
- ხანდახან მჯერა, რომ ქვეყნად ყველაზე მეტად გიყვარვარ, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ მხოლოდ გატაცებული ხარ ჩემით და დღეს თუ ხვალ, მოგბეზრდები...
- ამ ჭკვიანურ დასკვნებს როდის აკეთებ ხოლმე? დილაობით?
- ასეთ დასკვნებს მაშინ ვაკეთებ, როდესაც ლიკა მახსენდება. კაცს რომ წლების განმავლობაში ასეთ ქალთან ექნება ურთიერთობა, მისთვის მე დიდი მონაპოვარი ვარ, მაგრამ შესაძლოა, ეს მხოლოდ ახალი სათამაშოთი ბავშვის გატაცებას ჰგავდეს.
- მოდი, ნუ ვიფიქრებთ მომავალზე. ბოლომდე შევიგრძნოთ ის, რაც დღეს გვაქვს. კიდევ, რაზე ფიქრობ?
- კიდევ, იმაზე ვფიქრობ, რომ შენ ჩემთვის ის წიგნი ხარ, რომლის კითხვაც ახლა დავიწყე, მაგრამ ფინალი უკვე ვიცი. ამიტომ ვერ გავრკვეულვარ, განვაგრძო კითხვა თუ წიგნი დავხურო და სუუულ ზემო თაროზე შემოვდო. - ამ სიტყვებზე გული ამიჩუყდა და ბოლოს, ლამის ტირილიც დავიწყე.

- ბოლო თაროზე შემოსადები კაცი ვარ? შენ ასე ფიქრობ? ნატა, ნანობ, რომ ჩემთან ხარ? მიყვარხარ, პატარავ... ეს დაიმახსოვრე და ამ თემაზე არასოდეს ვისაუბროთ, კარგი? ალბათ აუცილებელია, რომ ყოველთვის ვილაპარაკო ჩემს განცდებზე და იმაზე, თუ რა ხდება ჩემს გულში. შენ გგონია, მამაკაცისთვის იოლია ყველაფრის გაძლება? გინდა, დავქორწინდეთ? - მართლაც მოულოდნელი იყო მისი წინადადება.
- ამაზე არ მიფიქრია. უცებ ვერ გიპასუხებ.
- და რომ გითხრა, ან ახლა, ან არასდროს-მეთქი?
- მაშინ გამოდის, რომ არასოდეს...
- მოსაფიქრებლად რამდენი ხანი გეყოფა? ისე, შენი ოჯახის წევრებს რატომ არ მაცნობ? დას, სიძეს, დისშვილს... მიგაჩნია, რომ არა ვარ ღირსი, მათ წარვუდგე? - ამ თემაზე ზურა პირველად ალაპარაკდა. წინათ არასოდეს გამოუთქვამს სურვილი, რომ ჩემი ოჯახის წევრები გაეცნო.
- და რა ვუთხრა მათ? როგორ წარვუდგინო შენი პერსონა? ვუთხრა, რომ ჩემი საყვარელი ხარ?
- ეგ სიტყვა არ მიყვარს... ჩემთან მიმართებაში ნუ გამოიყენებ, გთხოვ.
- გიყვარს თუ არა, ეს არის სიმართლე და თუ სირაქლემასავით თავს მიწაში ჩარგავ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საყვარელი არ ხარ... ახლა დავიძინებ, დავიღალე. - ვთქვი და ავდექი. ზურაც უკან მომყვა.
დილით, ვიდრე ის ადგებოდა, საუზმე გავაწყვე, სარეცხი მანქანიდან მისი პერანგი ამოვიღე და უთოობას შევუდექი. შემდეგ, შარვალი გავუწმინდე და ორივე, სკამზე გადავკიდე. ფეხსაცმელიც გავუპრიალე და ისიც იქვე დავდე. მერე კი აბაზანაში შევედი. კარგა ხანს ვინებივრე შხაპის ქვეშ. ამასობაში, ზურას ტანსაცმელი ჩაუცვამს და უსაუზმია კიდეც. ყავა მოვუდუღე და სკამზე ჩამოვჯექი. ზურა წინ დამიჯდა.
- შენ კიდევ გიკვირს, რატომ მიყვარხარ? - გაკვირვებულმა შევხედე - 2 დღის წინ ვთქვი, რომ თაფლი მიყვარს და დღეს, მაგიდაზე დამხვდა. რაც დედა გარდაიცვალა, პირველი შემთხვევაა, როცა ჩემი ტანისამოსი გამზადებული მხვდება და ქალის მზრუნველი ხელი ატყვია. გმადლობ, ნატა, მაგრამ დაიმახსოვრე, ამის შემდეგ არასოდეს გაბედო ჩემი ფეხსაცმლის გაწმენდა. თვითონ გავაკეთებ, გესმის, პატარავ? - თავი უსიტყვოდ დავუქნიე და წამოვდექი.

კიბეზე ჩასვლის დროს მეზობელი, მარინა შეგვხვდა და ძალზე დემონსტრაციულად, თითქმის რევერანსით მიესალმა ზურას... ზურამ ჯერ მე მიმიყვანა სამსახურში. ვთხოვე, გზაზე გაეჩერებინა, მაგრამ პირდაპირ ეზოში შევიდა და მანქანა საავადმყოფოს ცენტრალურ შესასვლელთან გააჩერა. მეორე სართულის ფანჯარას თიქმის ყველა თანამშრომელი მოადგა. ვიცოდი, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა და უკვე დიდი ხანია, ამ თემაზე ჩურჩულებდნენ, მაგრამ მაინც, ძალიან მომერიდა. ამ დროს, მანქანას ვიღაც მამაკაცი მოუახლოვდა. ზურა მის დანახვაზე გადმოვიდა და გადაკოცნა. მე უსიტყვოდ შევედი შენობაში. უკან რომ მოვიხედე, დავინახე, ის კაცი ჩემს ადგილას დაჯდა და მანქანა უკუსვლით გავიდა ეზოდან. კაბინეტში შევედი თუ არა, თავი ელენემ შემოყო. ეს ის ელენე გახლდათ, მცხეთაში რომ მახლდა.
- გოგოოო... რა მაგარი ტიპი ყოფილა ეგ შენი ზურაააა, - თქვა და სკამზე ჩამოჯდა. მაგიდას იდაყვით დაეყრდნო და ჩემკენ გადმოიხარა - იცი, სალომემ რა თქვა?
- ელენე, ნუ "დამგრუზავ", რა...
- პირიქით, გოგო, პირიქით, სალომემ თქვა, ასეთ "კრასავჩიკზე" ნატალი კი არა, მეც ვერ ვიტყოდი უარს. თანაც, რა ჯიპი ჰყავს, ეტყობა, ფულს კი არ თვლის, ზომავსო...
- ვინ ჰკითხავს სალომეს, ზურა ფულს დაითვლის თუ გაზომავს? თავის საქმეს მიხედოს! - შევუღრინე ელენეს.

- იცი, კიდევ რა თქვა? მანქანის ნომერი დავიმახსოვრე, ჩემს ძმას ვეტყვი და ყველაფერს დაწვრილებით გავიგებ მაგ კაცზეოოოო... მისი ძმა კი ხომ იცი, სადაც მუშაობს? აუცილებლად გაიგებს...
- მერე, რა? გაიგოს...
- მერე ის, რომ ისედაც შენი ბოღმა კლავს და არაფერი გავნოს... - თავი გადავაქნიე, ვითომ არც მაინტერესებდა, მაგრამ გულში შიში შემეპარა. ელენე კი არ ისვენებდა:
- გახსოვს, მაშინ რა "გიპოდლა"? - ის ამბავი შემახსენა, როდესაც ჩვენს ავადმყოფთან სანახავად მოსულ ერთ ქალბატონს თავისი მდიდარი და შეუხედავი შვილისთვის საცოლედ მოვეწონე. მან ჩემ შესახებ რაღაცები სალომეს ჰკითხა. მან კი დაუფარავად მოახსენა: ციხეში საყვარელი ჰყავს და თქვენს შვილზეც არც იფიქრებსო. მაშინ არ აღვშფოთებულვარ იმის გამო, რომ სიმართლე თქვა. უბრალოდ, იმ ფაქტმა გამაოცა, რომ ეს არ დამალა. მე ხომ მის ადგილზე ასე არ მოვიქცეოდი.
- ჭორიკანა ხარ, - ვუთხარი ელენეს და უჯრიდან ამოღებულ სარკეში ჩავიხედე.
- ჰმ... სარკევ, სარკვ, მითხარი, ვინ არის ჩემზე ლამაზი? რაო, რა გითხრა სარკემ?
- რაო და თუ ელენე ენას არ გააჩერებს, მოხვდებაოოოო...
- ნატ, არც ისე ბედნიერი სახე გაქვს. რატომ?
- ვერ მოვიცალე საიმისოდ, რომ დავტკბე ბედნიერებით, სადარდებელი არ დამელია. როგორ ფიქრობ, ზურას ცოლად უნდა გავყვე? - დავინახე, როგორ გაუფართოვდა თვალები ელენეს.
- მაგას კითხვა უნდა? შენ ჩემი რჩევა რაში გჭირდება? უნდა გაჰყვე, აბა, რა... არ დაიწყო ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ სინდისი გქენჯნის მისიცოლისა და შვილის გამო, რომ სხვის უბედურებაზე შენს ბედნიერებას ვერ ააგებ: ეს არის გაცვეთილი ფრაზები, რომლეიც შეყვარებულმა ადამიანმა არ უნდა გაიმეოროს, - მომეჩვენა, რომ ელენე სიმართლეს ამბობდა. - უკვე შემოგთავაზა? - დაასრულა და კითხვაზე პასუხის მოსასმენად მოემზადა, მაგრამ კარი პაციენტმა შემოაღო... დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხანდახან, გულში ავად გამკენწლავდა ხოლმე ის ამბავი, რომ სალომე ასე დაინტერესდა ზურას პიროვნებით. ვიცოდი, რომ შეეძლო, ჩვენი ურთიერთობისთვის ზიანი მოეტანა. არა მარტო სალომე, არამედ მისი ძმაც დღემდე ვერ მპატიობდა, რომ საყვარლობაზე უარი ვუთხარი და და-ძმა ხელიდან არ უშვებდა მომენტს, რომ ჩემთვის რაიმე ევნოთ. სამსახურიდან წამოსვლის წინ ზურას დავურეკე. ვერ მოვიცლი, შენ მიდი სახლში და მეც მალე მოვალო, - მითხრა. რადგან ზურა ჯერ არ მოდიოდა, მეც დამეზარა შინ მარტო ყოფნა და გადავწყვიტე, ჩემს დასთან შემევლო. თანაც, დიდი ხანია, მასთან საჭორაოდ არ მივსულვარ, მხოლოდ წუთით თუ შევირბენდი ხოლმე და ეგ იყო. თავს ვარიდებდი, რადგან ვიცოდი, აუცილებლად ჩამოაგდებდა ზურაზე ლაპარაკს და არ მინდოდა, მის მიერ კონკრეტულად დასმულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები გამეცა. ახლა კი, როცა ზურა მისი გაცნობის სურვილს გამოთქვამდა, ამისთვის წინასწარ უნდა შემემზადებინა. ტაქსის მძღოლს მისი მისამართი ვუთხარი და გზაში ის ტექსტიც მოვამზადე, რომელიც უნდა მეთქვა.
კარი ღია დამხვდა. შევედი თუ არა, ქეთინოს შვილიშვილმა, პატარა ნინუცამ დაიყვირა - ნატო მოვიდაო! თვითონ პატარა ლეკვივით მირბენდა გარშემო და იმის საშუალებას არ მაძლევდა, რომ ხელში ამეყვანა და მეკოცნა. როგორც იქნა, დავიჭირე და გაფუებული ლოყები დავუკოცნე. ბებიამისი სამზარეულოდან გამოვიდა, გადამკოცნა და მსუბუქად მისაყვედურა კიდეც:
- კიდევ კარგი, მისამართი გახსოვს... სად დაგვეკარგე, გოგო?
- ხომ ხედავ, არ დავიკარგე და მოვედი, - ბავშვი დავსვი და ქეთინოს სამზარეულოში შევყევი. - მარტო ხართ?
- ჰო, მარტო ვართ, მაგრამ ხალა უკვე ყველანი მოვლენ. როგორ ხარ, არ იტყვი? - ამხედ-დამხედა დოინჯშემოყრილმა.
- კარგად.
- ჩვენც კარგად. გშია? - ჯერ უარის თქმას ვაპირებდი, მაგრამ შემოსვლისას შემწვარი კარტოფილის სუნი მეცა და გამახსენდა, როგორ გემრიელად წვავდა კარტოფილს ქეთინო. თავპატიჟი აღარ დავიდე და წინასწარ ნერწყვიც კი გადავყლაპე.
- კი, მშია, - ქეთინომ წინ კარტოფილი დამიდო და თვითონაც იქვე ჩამოჯდა.
- მოყევი, რა ხდება შენს თავს. სანამ დანარჩენები მოვლენ, მოვასწროთ, თორემ მერე ლაპარაკს აღარ დაგვაცდიან.
- ზურაზე მეკითხები? - მის პირდაპირ შეხედვას მოვერიდე და სადღაც, მის თავს ზემოთ გავიხედე.
- რა თქმა უნდა, ზურაზე. სხვაც თუ ვინმეა, ეგეც თქვი, არ დამიმალო... - ხმაში ბრაზი და ირონია ერთად გაურია. როგორც ჩანს, თვეების განმავლობაში დაგროვილ სიბრაზეს გზა მისცა.
- ქეთო, ნუ ბრაზობ, რააა...
- როგორ ფიქრობ, ახლა თამაშისა და გართობის ასაკი გაქვს? ჭკუა ვერ ისწავლე, მერამდენედ უშვებ შეცდომას ამხელა გოგო? მსგავსი შეცდომები 19-20 წლის ასაკში არ დაგიშვია. რა გემართება, ნატო? - როცა ქეთინო ნატოს მეძახის, ვიცი, რომ მაშინ ძალიან გაბრაზებულია. ლუკმა ყელში გამეჩხირა. მისგან მხარდაჭერას ველოდი და პირიქით მოხდა.
- მეორედ ვუშვებ შეცდომას, - ალალად ვაღიარე ჩემი დის წინაშე.
- ცოტაა, ხომ? თან იმასაც ხვდები, რომ შეცდომას უშვებ, მაგრამ მაინც არ იშლი და განგებ ვარდები უფსკრულში? სონა რას ამბობს?
- სონა არ მეჩხუბება...

- გადამრევთ მე თქვენ! - ხელები გაშალა აღშფოთების ნიშნად. ორი სულელი რომ ერთმანეთს ჭკუას დაარიგებს, უარესს უნდა ველოდეთ. ერთი, გამაცანი ის ვაჟბატონი, რომ აზრზე მოვიყვანო და 1-2 "სმეშნოი" სიტყვა ვუთხრა.
- სხვათა შორის, მასაც უნდა შენი გაცნობა.
- ნებართვა უნდა? ეტყობა, ისე ყელში არ გადასდის მშრალი ლუკმა. ის მაინც რამ მოგაფიქრა, საკუთარი სისულელის შესახებ მთელ ქვეყანას რომ მოსდე და ჟურნალში გამოჭიმე შენი "ქსელში გახვეული წყვილის სასიყვარულო თავგადასავალი, გაგრძელებებით"?
- ნახე?- მარტო მე ვნახე? ვინ აღარ დამირეკა, ეს ნატალი იქნება, მისი ბიოგრაფია ვიცანითო. სამკურნალო შენ თვითონ ხარ და სხვებს როგორ უნდა უმკურნალო? როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას? ის სონაც გამაგიჟებს. ერთი შეწვი, მეორე წაუსვი - ასე ხართ შენ და დენი დაქალი. - ამ დროს, ჩემმა მობილურმა დარეკა. ზურა იყო.
- ალო, ნეტალი ხართ?
- დიახ, ვუპასუხე გაოცებულმა, რადგან ხმა არ მეცნო.
- ზურამ მთხოვა, თქვენთვის გადმომეცა, რომ დღეს აღარ დაურეკოთ და ნურც თქვენთან დაელოდებით.
- თვითონ სად არის? ალო, ალო, ჩავძახე ყურმილში, მაგრამ იქიდან მხოლოდ წყვეტილი "ზუმერი" ისმოდა.
გაოგნებულმა დავხედე ტელეფონს და ვერაფრით მივხვდი, რას ნიშნავდა ეს ზარი. წამიერი შეყოვნების შემდეგ, სასწრაფოდ ავკრიბე ზურას ნომერი, მაგრამ ოპერატორის "უსიცოცხლო" ხმამ მაუწყა, რომ ის მომსახურების ზონიდან იყო გასული.
- უხ, შენი! - ვთქვი და ტელეფონი მაგიდაზე დავაგდე.
- რა იყო, რა მოხდა? - შეწუხებული ხმით მკითხა ქეთინომ.
- მგონი, ზურას რაღაც პრობლემა აქვს - ვუპასუხე და გონება დავძაბე, მაგრამ თავში არანაირი აზრი არ მომდიოდა. გონებაში მხოლოდ ცალკეული სიტყვები ირეოდა, მათ შეერთებას კი ვერ ვახერხებდი. ის კაცი გამახსენდა, ზურას დილით, ჩემი სამსახურის ეზოში რომ შეხვდა. მართალია, ზურამ ხელი ჩამოართვა და გადაკოცნა კიდეც, მაგრამ მაინც ის რაღაცით არ მომეწონა. ახლა ისიც გამახსენდა, რომ იმ კაცს, ხელში გასაღები ეჭირა. გამოდის, მანქანით იყო მოსული. მაშ, ზურას რატომ გაჰყვა? რგორც იქნა, რაღაც ძაფს ჩავავლე ხელი, მაგრამ აზრის განვითარება შეუძლებელი იყო, რადგან წარმოდგენა არ მქონდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის კაცი და რა კავშირი უნდა ჰქონოდა ამ უცნაურ ზართან.

- ნატა, გამაგებინე რა მოხდა? - ფიქრებიდან ჩემი დის ხმამ გამომარკვია.
- არ ვიცი, ქეთო... არ ვიცი... ვიღაცამ ზურას ნომრიდან დარეკა და მთხოვა, რომ არ დაველოდო და არც დავურეკო, - ვთქვი და სწორედ ამ დროს, მობილურმა ისევ დარეკა. იმედმოცემულმა ტელეფონს ხელი ვტაცე, მაგრამ სულ ტყუილად, პაციენტი რეკავდა. ეს ახალგაზრდა ქალი გახლდათ, რომელსაც ქმარიც ჰყავდა და საყვარელიც, მაგრამ ეს 2 კაცი რომ გადაგედნოთ, ერთსაც ვერ მიიღებდით, წესიერს. ამიტომ, არც იყო გასაკვირი, რომ ჩამოყალიბებული ნევროზი ჰქონდა, თან საკმაოდ რთულ ფორმაში. უკვე მესამე წელი იყო, ის ჩემი პაციენტი გახლდათ და სულ პატარა პრობლემაზეც კი, მე მირეკავდა ხოლმე. დღეში შეეძლო, 20-30-ჯერ დაერეკა, ეტირა, ევიშვიშა და რჩევა ეკითხა. თუმცა, ამ რჩევებს არასოდეს ითვალისწინებდა. ახლა მასთან საუბრის თავი არ მქონდა, ამიტომ არც ვუპაუხე. ისიც არ მომეშვა და იმდენჯერ დარეკა, რომ გაღიზიანებულმა ტელეფონი საერთოდ გამოვრთე. ალბათ, ყველას ჰგონია, რომ რადგან ფსიქოლოგი ვარ, მე ჩემი საკუთარი ცხოვრება, პრობლემები არ გამაჩნია და მუდმივად, დღისა თუ ღამის ნებისმიერ დროს, პაეციენტების წუწუნს უნდა ვუსმინო და რჩევები ვარიგო. აბა, მე მკითხონ!.. - სამუშაო საათების შემდეგ, ყველას მკაცრად ავუკრძალავ ჩემთან დარეკვას! - გავიფიქრე და თითქოს გულზე მომეშვა.
- ნინო! ნინოს დავურეკავ! - წამოვიძახე ხმამაღლა, მაგრამ უმალ გამახსენდა, რომ ჩემივე უყურადღებობის გამო, მაშინ მისი ნომერი არ ჩავიწერე. ვიფიქრე, რომ ნებისმიერ წუთს შემეძლო, ზურასთვის მეკითხა. ახლა კი ძალიან ვინანე, რომ ასე წინდაუხედავად მოვიქეცი. ის ფაქტი, რომ უძლური ვიყავი და გამოსავალს ვერ ვპოულობდი, უფრო მაღიზიანებდა.
- სარკეში ჩაიხედე, როგორი შეშლილი სახე გაქვს, - ისევ სცადა ქეთინომ ჩემი ფიქრებიდან გამორკვევა. – აი, ამიტომ გსაყვედურობდი 2 წუთის წინ. ახლა მიხვდი, როგორი პრობლემები შეგექმნება ყოველი ფეხის ნაბიჯზე? რა გინდოდა, რატომ აიწეწე დალაგებული ცხოვრება?
- ქეთი... - მავედრებელი თვალებით შევხედე დას - შენ მაინც ნუ "დამგრუზავ", რა!
- რას ჰქვია, "დაგგრუზავ"? თუ სიმართლეს გეტყვი, "გგრუზავ" და თუ თავზე ხელს გადაგისვამ, მაშინ საყვარელი დაიკო ვარ, არა? არ გინდა, რომ სიმართლეს თვალებში შეხედო? გახსოვს, ბაჩოზე რა ამბავი გადავიტანეთ და ახლა კიდევ, ზურა... გუშინ იცი, ვინ დამირეკა?
- ვინ? - კი ვკითხე, მაგრამ უაზრო თვალებით შევხედე. ჩემი გონება სხვაგან ქროდა.
- თინამ! - ამ სახელში რაღაც მრავალმნიშვნელოვანი ჩააქსოვა.
- ეგ ვინღაა?
- ჩემი ძველი მეზობელი, თინიკო, არ გახსოვს? შენ რომ ბებერი თინეიჯერი შეარქვი.
- ააა... თინა კი არა, თიკა... - გამეღიმა - რაო, თინამ?
- ისევ იმ ამბავთან დაკავშირებით დარეკა... - იდუმალი მზერით მიმანიშნა, რომ რაღაც მნიშვნელოვან საკითხზე დარეკა.
- რომელ საკითხზე, გოგო?
- სარძლოდ რომ მოსწონდი, გახსოვს?
- კი, მაგრამ მაგის "ბაბნიკ" ბიჭს ცოლი ხომ უკვე ჰყავს?
- არა, სადღა ჰყავს ცოლი? - გაუშვა! - ისეთი სახით მითხრა ქეთინომ, რომ ალბათ, ფიქრობდა, სიხარულისგან ჭყლოპინს დავიწყებდი.
- ოჰო! ეგ მერამდენე ცოლი იყო?
- ნუ ხარ ენამწარე, მეორე ცოლი იყო...
- მე "მესამე და სამართალი" ვიქნები? - ვთქვი და გულიანად გავიცინე.
- ნატალი, მარტო მაგით თუ იწუნებ, რომ 2 ცოლი ჰყავდა, გაგახსენებ, რომ შენც გყავდა 2 კაცი... დაფიქრდი, იქნებ, ოჯახზე გეფიქრა... არ არის დრო თუ რა?
- ქეთი, საყვარელო, ერთი კაცი მყავდა. მეორე და უკანასკნელი კი, ახლა მყავს. პირველიც სიგიჟემდე მიყვარდა და მეორეც ასევე მიყვარს. ზურას საყვარლობა მირჩევნია ვაჟას ცოლობას, თანაც, გამიმართლებს ზურასთან თუ არა, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. თუ ის წავა, გპირდები, ჩემს ცხოვრებაში აღარავის შემოვუშვებ, შენს შვილიშვილს ვიშვილებ და გავზრდი. თუ თქვენ წინააღმდეგი იქნებით, ერთ მაწანწალა ბავშვს ვიშვილებ, ან სულაც, ხელოვნური ჩასახვის გზით გავაჩენ.
- ... და რატომ? რის გამო იღებ ასეთ მსხვერპლს? ბაჩოს და ზურას გამო?
- შენ კარგად იცი, მე და ბაჩოს რომ გაგვმართლებოდა, თუნდაც ის ცხოვრების ბოლომდე ციხეში მჯდარიყო, მე მისი ერთგული ვიქნებოდი, შვილებსაც გავუჩენდი და ცოლობასაც გავუწევდი, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა ისიც კი არ ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარი...
- და ახლა ზურას მიეკედლე?
- რას ჰქვია, მივეკედლე? შენ არ იცი, ზურა როგორი კარგი ადამიანია. რა ქნას, თუ ცოლი ჰყავს?
- რა უნდა ქნას? ამას მე მეკითხები? ოჯახისა და ცოლ-შვილის ერთგული რომ უნდა იყოს, ეს მე უნდა ვასწავლო?
- ცხოვრება ყოველთვის ისე არ არის მოწყობილი, როგორც ჩვენ გვინდა, - უფრო ჩემთვის ჩავიბურტყუნე, ვიდრე ქეთინოს გასაგონად. მან კი ჩემს სიტყვებზე მხოლოდ თავი გადააქნია. - ყავა მომიდუღე, რა! - ვთხოვე ქეთინოს და იქვე, თაროზე დადებულ სიგარეტის კოლოფს მივწვდი. - ეს "კენტი" ვისია? - ისე ვკითხე, თითქოს, ნებართვას ვითხოვდი, რომ ერთი ღერი ამეღო.
- შენი საყვარელი სიძის. შენ ხომ 3 წელია, არ მოგიწევია, ისევ დაიწყე?
- არა, ახლა მოვწევ, 3 წლის განმავლობაში პირველ სიგარეტს.
- არ გინდა, ნატ! - მითხრა და კოლოფის გამოსართმევად გამოიწია.
- მინდა! - მტკიცედ ვთქვი და ხელი, რომელშიც სიგარეტის კოლოფი მეჭირა, ზურგს უკან დავმალე.
- ბავშვობაშიც ზუსტად ასე აკეთებდი ხოლმე, როცა რამის წართმევას ვაპირებდი. - გაიღიმა ქეთინომ. ის ჩემზე 15 წლით უფროსია და ფაქტობრივად, მისი გაზრდილი ვარ. ამიტომ, დედასავით კარგად ახსოვს ჩემი ბავშვობა. ქეთინო ყავის მოდუღებას შეუდგა, მე კი ერთი ღერი ამოვაძვრე კოლოფიდან, მოვუკიდე და კვამლი ღრმად შევისუნთქე.
- აი, ასე! - ვთქვი კმაყოფილმა ხმამაღლა, რადგან თითქოს, კვამლთან ერთად, შიგნიდან საწუხარიც "გამოვაბოლე". - ახლა შემიძლია, ტელეფონი ჩავრთო და კიდევ ერთხელ დავრეკო ზურასთან, - ხმამაღლა ვფიქრობდი. ჩემდა გასაოცრად, ზარი გავიდა. კარგა ხნის შემდეგ, ვიღაცამ მიპასუხა.
- რომელი ხართ? - ვკითხე დაძაბულმა.
- თქვენ ვინ ხართ? - შემიბრუნა კითხვა მამაკაცის ბოხმა ხმამ.
- ნატალი.
- ნატალი, გოჩა ვარ.
- გოჩა! - ისე შევყვირე, თითქოს მამლუქი ხვიჩა ვიყავი. გამიხარდა, ზურას მძღოლის ხმა რომ გავიგე. ის ხომ ზაფხულში გავიცანი და ასე მეგონა, ძალიან ახლობელ ადამიანს ველაპარაკებოდი. - სად არის ზურა?
- საავადმყოფოში, ნატ...
- რააა? რა დაემართა? რა უნდა საავადმყოფოში? - მივაყარე კითხვები და ფეხზე წამოვხტი. ყველაფერს ველოდი, ამის გარდა. - ავარია?
- არა, ისევ გული...
- სად წევს? - გული მეც ისე გამალებით მიცემდა, ლამის გამსკდომოდა. პასუხი მივიღე თუ არა, მაშინვე უბოდიშოდ გავთიშე ტელეფონი და ქეთინოს უმწეოდ შევხედე.
- რა ვქნა, წავიდე?
- ვაიმე, ბავშვს რა ვუყო? მეც წამოვიდოდი, დედამისი შინ რომ იყოს, - შეწუხდა ქეთი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ უნდა წავსულიყავი. ხელში შერჩენილი სიგარეტი საფერფლეში ჩავსრისე, ქურთუკი მოვიცვი და კიბეზე დავეშვი. პირველსავე ცარიელ ტაქსის ხელი ავუწიე და საავადმყოფოს მისამართი ვუთხარი. - "ისევ გული" რას ნიშნავს? - ვფიქრობდი გზაში. ნუთუ, გული აწუხებს? ჩემთვის რომ არაფერი უთქვამს? ღმერთო, დაეხმარე, ღმერთო... - "ანჩისხატთან" მძღოლს ვთხოვე, გაეჩერებინა, სირბილით მივედი ეკლესიასთან, მაგრამ კარი დაკეტილი დამხვდა, უკვე გვიანი იყო. ცუდად მენიშნა ეკლესიის დაკეტილი კარი. - ღვთის სახლი მუდამ ღია უნდა იყოს-მეთქი, გავიფიქრე და ის იყო, უკან გამობრუნებას ვაპირებდი, რომ ეზოში გამოსულმა მოძღვარმა შემნიშნა. როგორც ჩანს, საკმაოდ შეშლილი სახე მქონდა, რადგან ჩემკენ გამოემართა. ლამპიონის შუქზე კარგად ჩანდა მისი თვალები.
- რა გაგჭირვებია? - მკითხა მამაომ.
- კარი გამიღეთ, მამაო, გთხოვთ, სანთლის დანთება მინდა. - იმედი მომეცა. ტაძარში შევედი თუ არა, თვალით ღვთისმშობლის ხატი მოვძებნე და მის წინ მუხლებზე დავეშვი. ეკლესიიდან გამობრუნებული, როდესაც მანქანაში ჩავჯექი, გაცილებით მშვიდად ვგრძნობდი თავს. - შეისმენს კი ღვთისმშობელი მრუში ქალის ვედრებას? - მხოლოდ ამას ვფიქრობდი და მძღოლს ისე ვაჩქარებდი, თითქოს ზურას მხსნელი ვიყავი. ძლივს მოვძებნე კარდიოლოგიური განყოფილება და მიმღებში, როგორც იქნა, ისიც დავადგინე, სად იწვა პაციენტი. დერეფანში უამრავი ხალხი დამხვდა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. პალატის კარი შევაღე, იქ მხოლოდ ერთი ადამიანი იწვა, მაგრამ სახე ვერ დავინახე, რადგან ექიმი იდგა საწოლის თავთან და მთლიანად ფარავდა მას. კარი გამოვხურე და დალოდება გადავწყვიტე. მხოლოდ ამის შემდეგ მიმოვიხედე ირგვლივ. რამდენიმე ცნობისმოყვარე თვალი მიყურებდა და მათვალიერებდა. მათ შორის, ერთი საკმაოდ კარგად ჩაცმული მანდილოსანიც, რომელსაც პირზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა. ის გარს შემოხვეული ადამიანების შუაში იდგა და ჩანდა, რომ ყველა მოწიწებით ექცეოდა. ახლაღა გამახსენდა, რომ წინდაუხედავად მოვიქეცი და შესაძლოა, აქ ხათუნასაც წავწყდომოდი. დერეფნის ბოლოში განვმარტოვდი, მხრით კედელს მივეყრდენი და ფიქრებში ჩავიძირე.
- გამარჯობა! - ვერც კი შევნიშნე, როდის მომიახლოვდა სწორედ ის ქალბატონი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ყურადღებით მათვალიერებდა. თვალი დანარჩენებისკენ გამექცა - თითქმის, ყველა ზურგით იდგა. თითქოს არც კი აინტერესებდათ, რა ხდებოდა დერეფნის ბოლოში. უმალ მივხვდი, რომ ჩემ წინ თვით ხათუნა იდგა.
- გაგიმარჯოს! - ვუპასუხე და წელში გავიმართე.
- შენ ალბათ, ნატალი ხარ, არა? - მკითხა და ტუჩები მოპრუწა.
- დიახ, ნატალი ვარ. შენ კი, ალბათ, ხათუნა... - გულმა გამალებით დაიწყო ძგერა. არ მეგონა, ხათუნა ჩემთან ლაპარაკს თუ გადაწყვეტდა.
- სახელიც გცოდნია. აქ რას აკეთებ?
- იმას, რასაც შენ. - არ შევეპუე მის შემოტევას.
- კარგი, ახლა მაგის დრო არ არის, სხვა დროს შევხვდებით. მე და შენ ბევრი სალაპარაკო გვაქვს.
- ჰოო? რაღაც, არა მგონია, რომ ერთმანეთისთვის გულის გადაშლა გვიღირდეს.
- რატომ? იქნებ, მეგობრებიც კი გავხდეთ. მე გასწავლი, როგორ უნდა მოიქცე, რომ ზურა დიდხანს შეინარჩუნო.
- რას მეუბნები? მე მეგონა, რომ ეგ შენ თვითონაც არ იცოდი. თურმე, გცოდნია! - საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი, როცა ამ სიტყვებს ვამბობდი.
ყოველთვის, როცა ჩემი და ხათუნას შესაძლო შეხვედრაზე მიფიქრია, მეგონა, შიშით გული გამისკდებოდა და სირცხვილით ხმასაც ვერ ამოვიღებდი. მე კი, ჩემს ფრაზაში ირონიისთვისაც თავისუფლად მოვძებნე ადგილი. - ყოჩაღ, ნატალი! - გავიფიქრე და "მხარზე ხელი წამოვარტყი" ჩემს თავს, მოწონების ნიშნად. ამ დროს, პალატიდან ექიმი გამოვიდა. ხმაურზე ორივემ იქით მივიხედეთ. ხათუნა ჩქარი ნაბიჯით გაემართა და მეგონა, ექიმს დაელაპარაკებოდა. ის პირდაპირ პალატაში შევიდა, ალბათ შიშობდა, მე არ დამესწრო ზურასთან შესვლა. მე კი ექიმს დავედევნე, კაბინეტში ისე შევყევი, ვერც კი შემნიშნა და ლამის კარში მომაყოლა. კარს ხელი რომ დავახვედრე და ვერ დახურა, მხოლოდ ამის შემდეგ შემობრუნდა.

- გამარჯობა... - ვთქვი ჩუმად.
- გაგიმარჯოს! - მიპასუხა, სკამზე მოკალათდა, ავადმყოფობის ისტორია გადაშალა და მეც მანიშნა, დავმჯდარიყავი.
- მე იმ პაციენტის მდგომარეობა მაინტერესებს, ვისთანაც ახლა იყავით. - კვლავ ძლივს გასაგონად ვთქვი და სკამის კიდეზე ჩამოვჯექი.
- თქვენ ვინ ბრძანდებით? - მკითხა და სათვალის ზემოდან გადმომხედა.
- მეგობარი ვარ, - კიდევ უფრო დავუწიე ხმას.
- გა-სა-გე-ბია... - დამარცვლა ექიმმა. - თქვენს მეგობარს სტენოკარდია აქვს. როგორც ჩანს, ანერვიულებთ.
- როგორ გეკადრებათ!.. - გავწითლდი და უხერხულად შევიშმუშნე.
- ფაქტია, რომ ნერვიულობის ნიადაგზე გულმა "დაუტოკა". აქ რომ მოიყვანეს, საშინელი ტკივილი ჰქონდა მკერდის არეში. სტენოკარდიისთვის დამახასიათებელი მაღალი წნევა, ცივი ოფლი, ტუჩები მთლად ჩალურჯებული ჰქონდა. ტკივილი ნიტროგლიცერინის განმეორებითი დოზით მოვუხსენით. აღნიშნული კლინიკური სურათისა და გადაღებული ელექტროკარდიოგრამის საფუძველზე დაისვა საკითხი, კორონაროგრაფიის წარმოების შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული მომავალში მიოკარდიუმის იშემიური დაზიანება. - ჩემთვის ნახევრად გაუგებარი ფრაზებით მელაპარაკებოდა ბატონი ექიმი, მაგრამ ყურადღებით ვუსმენდი და ვცდილობდი, მისი ნათქვამიდან აზრი გამომეტანა. შემდეგი ფრაზები გაცილებით გასაგებ "ენაზე" წარმოთქვა. - პაციენტი 36 წლისაა და ეს ასაკი განსაკუთრებით საშიშია, რადგან კოლატერალური სისტემა განვითარებული არ არის. გამოკვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღებამდე, პაციენტს ეკრძალება ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, მათ შორის, სექსიც - ეს ბოლო ფრაზა ხაზგასმით წარმოთქვა. - და კიდევ, თქვენს მგეობარს სჭირდება სტრესული ფაქტორებისგან მაქსიმალური დაცვა. გასაგებია?
- დიახ, - ისე ვუპასუხე, თითქოს ყველაფერი ზუსტად გავიგე.
- თუ არ არის გასაგები და კიდევ ანერვიულებთ ან ფიზიკურად დატვირთავთ, არ არის გამორიცხული, რომ სტენოკარდია ინფარქტში გადაიზარდოს. ესეც გასაგებია? - პირველკლასელივით მტუქსავდა და ჭკუას მარიგებდა ექიმი, მაგრამ ამას ისე აკეთებდა, რომ წყენა საერთოდ არ მიგრძნია. პირიქით, დიდი სიმპათიით განვიმსჭვალე მის მიმართ.
- დიახ, გასაგებია. არ ვანერვიულოთ და არ ვამუშაოთ. ასეა, ხომ?
- დიახ, სავსებით სწორად გაიგეთ.
- როდის გაწერთ საავადმყოფოდან?
- ხვალ შუადღისთვის, შეგიძლიათ, წაიყვანოთ თქვენი მეგობარი, თუ რა თქმა უნდა, გამოკვლევის შედეგები დამაკმაყოფილებელი იქნება და არც ამაღამ გვექნება რაიმე გართულება. თფუი, თფუი, თფუი! - სამჯერ გადააფურთხა მხარს ზემოთ.
ექიმს დავემშვიდობე, მადლობა გადავუხადე და კაბინეტიდან გამოვედი. დერეფანში მოგროვილ ხალხს უხმოდ ჩავუარე და გასასვლელისკენ წავედი იმ განზრახვით, რომ სადმე, საავადმყოფოს ახლოს, კაფეში დავჯდებოდი და ყავით მოვიბრუნებდი შეწუხებულ გულს, თან დაველოდებოდი, როდის დაიშლებოდა ზურას ახლობლების "სასტავი" და მოგვიანებით მოვიდოდი მის სანახავად. ის იყო, დერეფნის ბოლოში უნდა შემეხვია, რომ ზურგს უკან ვიღაცის ხმა მომესმა:
- ნატალი! - მეგონა, ხათუნა მეძახდა და უხალისოდ შევბრუნდი.
- ნინო? - გამინათდა თვალები. ნინო შეკრებილთ გამოეყო და ჩემკენ წამოვიდა. ღიმილით მომიახლოვდა და გადამეხვია. ერთმანეთი რომ მოვიკითხეთ, მკითხა:
- ახლა სად მიდიოდი?
- კაფეში ვაპირებდი შესვლას, რომ დრო გამეყვანა, - გულახდილად ვუპასუხე.
- მეც წამოვალ, - უცებ მიიღო გადაწყვეტილება, მერე დერეფანში მყოფთ გასძახა - ნუ დამელოდებითო, ხელკავი გამომდო და ერთად დავეშვით კიბეზე. იქვე, მომცრო კაფეში შევედით და ყავა შევუკვეთეთ.
- მაგარი გული გქონია, აქ რომ მოხვედი, - მითხრა, როდესაც დავსხედით და თანამზრახველივით ჩამიკრა თვალი.
- როცა მოვდიოდი, არ მიფიქრია, რომ აქ ხათუნა დამხვდებოდა, - ვაღიარე დამნაშავესავით.
ნინომ გოჩას დაურეკა და სთხოვა, რომ როცა ხათუნას სახლში წაიყვანდა, მისთვის დაერეკა და შეეტყობინებინა.
- ისე, მიკვირს, თმით არ გითრია. ალბათ, ვერ მიხვდა, ვინ იყავი, თორემ მერე გენახა, მისი წიოკი. მაგას მარტო ჩემი ეშინია. არ დაგინდობდა, ეჭვი რომ აეღო.
- შენ ასე გგონია? მე და ხათუნამ ვილაპარაკეთ კიდეც, - ვუთხარი და მის რეაქციას დავაკვირდი.
თვალები გაუფართოვდა.
- მართლა? თვითონ მოვიდა შენთან?
- ჰო, თვითონ მოვიდა და შედმგომ შეხვედრაზეც შემითანხმდა.
- უყურე, შენ! გადარჩენილხარ, მოსალოცად გაქვს საქმე.
- ეჰ, მოსალოცად მართლა გვაქვს საქმე, ექიმმა თქვა, ინფარქტს ბეწვზე ხართ გადარჩენილიო.
- ვიცი, მეც ველაპარაკე ექიმს.
- ნინო, ეს პირველი შემთხვევა არ არის, ზურას გულის შეტევა რომ დაემართა?
- არა, პირველი შეტევა მაშინ დაემართა, როცა გაიგო, რომ დედა ძალიან ავად იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა. ჩვენ ვერ გვიმხელდა, დარდს გულში იხვევდა და ვერ გაუძლო გულმა. ახლა კი მეორედ დაემართა. ნეტავ, ახლა რაზე ინერვიულა?
- არ ვიცი. დილით კარგ ხასიათზე იყო, სამსახურში მიმიყვანა და თვითონაც სამსახურში წავიდა. მერე კი, ეს მოხდა. თუმცა...
- რა - თუმცა? მოხდა რამე?
- მე რომ მანქანიდან გადმოვედი, ზურას მანქანას ვიღაც კაცი მიუახლოვდა. ზურამ გადაკოცნა, მანქანაში ჩასვა და ერთად წავიდნენ. შესაძლოა, ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ სწორედ ის კაცია დამნაშავე.
ამასობაში, გოჩამ დარეკა და ნინოს ელაპარაკა.
- წამოდი, გზა თავისუფალია, - გამიღიმა ნინომ.
როდესაც პალატის კარი შევაღეთ, ზურას თვალები დახუჭული ჰქონდა. ხმაურზე გამოიხედა და ჩვენს დანახვაზე გაეღიმა, საწოლში წამოჯდა და ორივე გადაგვკოცნა.
- ხედავ, შენმა სიყვარულმა სადამდე მიმიყვანა? - შემომცინა ქვევიდან.
- აბა, აბა, სულ ჩემი სიყვარულის ბრალია, არა? მე ხომ ასეთი ბედი მაქვს, ყველაფერი მე უნდა დამბრალდეს! - დავიწყე წუწუნი.
- კარგი, კარგი, ახლა უკვე კარგად ვარ და ესეც შენი ბრალია. შენ რომ დაგინახე, უმალ მოვრჩი, - მითხრა და საწოლის კიდეზე ხელი დაატყაპუნა, რომ დავმჯდარიყავი. - ხომ გითხარი, ნინოს სახით კარგი მოკავშირე გეყოლება-მეთქი? მის გარეშე ხომ ვერ გაბედავდი აქ მოსვლას? - მივხვდი, ომ ხათუნას ჩემზე არაფერი ჰქონდა ნათქვამი და არც მე მითქვამს, რომ არ ენერვიულა.
- ზურ, ამაღამ რომ დავრჩე შენთან, ხომ დამრთავ ნებას?
- დარჩი, პატარავ, მაგრამ ერთი საწოლი გვაქვს მხოლოდ. ჩემ გვერდით ვერ დაგაწვენ, რადგან ჩემთვის, შენი ალერსი ჯერ არ შეიძლება. მთელ ღამეს ფეხზე ხომ ვრე გაატარებ?
- მერე, რა მოხდა, დავრჩები, რა, "გეხვერრრწები" - ყელი გამოვიგლიჯე, ისე ვთხოვე.
- დარჩეს, შენ რაღა მოგივიდა, - მხარი ამიბა ნინომ.
- კარგი, - დიდსულოვნად დამთანხმდა ზურა. - დარჩენის უფლებას გაძლევ და კიდევ იმის უფლებას, რომ 2 მეტრზე ახლოს არ მოხიდე.
- მაგარი სიტყვათა წყობაა და უფლებაც მაგარია, - დაასკვნა ნინომ. ამ დროს კარი გაიღო და გოჩამ შემოყო თავი.
- მოდი, გოჩა, მოდი, - ისე თბილად უთხრა ზურამ, რომ იოლი მისახვედრი იყო, გოჩა მისი სიყვარულითა და ნდობით სარგებლობდა.
გოჩა თითქოს დაბნეული იყო. სკამზე ჩამოჯდა და ხმას არ იღებდა. ცოტა ხნის შემდეგ კი წამოდგა და წასვლის ნებართვა ითხოვა.
- წადი და ნინოც წაიყვანე, - ნება დართო ზურამ. - ნატალი კი ჩემთან დარჩება და დილით, 8 საათზე მოაკითხე, კარგი?
- კარგი, მოვაკითხავ. აბა, გამოჯანმრთელდი, შეფ, ხვალ შინ უნდა წაგიყვანო, - ნაძალადევად გაიცინა გოჩამ.
- გავაცილებ და დავბრუნდები, - ვუთხარი ზურას და ნინოს გავყევი. ის და გოჩა დერეფანში ჩურჩულებდნენ. ჩემს დანახვაზე გაჩუმდნენ. ნინო აღელვებული ჩანდა.
- რა მოხდა? - ვკითხე მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ეს სულაც არ ყოფილიყო ჩემი საქმე. მათ ერთმანეთს გადახედეს.
- ვიღაცას ზურას მანქანა დაუწვავს, - მითხრა ნინომ.
... გაოცებულმა შევხედე გოჩას. თითქოს დამნაშავის ვინაობას, მანქანის დაწვის მიზეზსა და ყველაფერი დანარჩენის ახსნას მისგან მოველოდი.
- მეტი არაფერი ვიცი, - დამნაშავესავით თქვა გოჩამ, თითქოს ჩემი აზრი ამოიკითხაო. - მე ზურას დავალებით ფოთში ვიყავი. რომ ჩამოვედი, მაშინვე სამსახურში მივაკითხე და იქ მითხრეს, რომ საავადმყოფოში დაუწვენიათ. მაშინვე აქეთ გამოვიქეცი. მერე, ხან ხათუნა მოვიყვანე, ხან საქმეზე გამგზავნეს. მხოლოდ ერთი საათის წინ გავიგე, რომ თურმე, მისი მანქანა ვიღაცას დაუწვავს...
- ნეტავ, ზურამ იცოდა? ეს ხომ არ იყო გულის შეტევის მიზეზი? - იკითხა ნინომ.
- არ ვიცი, არ ვიცი... ზურა ისეთი ადამიანია, რომ არ მეგონა, თუ ვინმე ასე დაუნდობლად მოექცეოდა, - თავს აქნევდა გოჩა.
- ნატ, შედი ზურასთან, თორემ ინერვიულებს, ამდენი ხნით რომ დაიკარგე. იმედია, გავარკვევთ, რა მოხდა სინამდვილეში. - ნინომ გადამკოცნა და წინ წასულ გოჩას დაედევნა. ზურას უკვე მოუთმენლობა ეტყობოდა.
- სახლამდე მიაცილე?.. - მკითხა, როგორც კი პალატის კარი შევაღე.
- აბა, "მულს" მარტო ხომ არ გავუშვებდი! - ნაძალადევად ვიხუმრე მეც.
- ისე, ეგ მართლაც, შენი მული უფროა, ვიდრე...
- ვიდრე სხვების, არა? - მივეხმარე წინადადების დასრულებაში და "სხვები" განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოვთქვი.
- ეჭვის "ბუკეტი" ხარ, ნამდვილი ოტელო...
- "ილოცე, ძილის წინ დეზდემონა?" - ვკითხე და ორივეს სიცილი აგვიტყდა. ხმაურზე პალატის კარი ექიმმა შემოაღო, სათვალის ზემოდან გადმოგვხედა და ზურას ჰკითხა:
- ჯერ ვერ გაისტუმრე მნახველები?
- ნატა ამაღამ აქ რჩება, - უპასუხა ზურამ და საწოლზე წამოჯდა. ექიმი ოთახში შემოვიდა, კარი მიხურა და საწოლს მიუახლოვდა. ზურას მაჯა აიღო და კარგა ხანს მის გულისცემას უსმენდა.
- თუ ეს ქალი გიყვარს, წესით, აქ არ უნდა დაგეტოვებინა, - უთხრა ბოლოს.
- რატომ? - თითქმის ერთდროულად ვიკითხეთ მე და ზურამ.
- იმიტომ, რომ მთელი ღამე ფეხზე მოუწევს ყოფნა, სად დააწვენ?
ზურამ გამომხედა, მე კი მტკიცედ ვთქვი:
- არ გამიჭირდება, გავძლებ.

ექიმმა თავი გადააქნია და გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ, ორმა სანიტარმა "ტაფჩანი" შემოიტანა და ზურას ლოგინის გვერდით დადგა.
- ხედავ, როგორ შეეცოდე ექიმს! - მითხრა ზურამ. - ახლა უკვე დასაწოლი ადგილიც გაქვს.
- უკვე პირველი საათია, დაიძინე, შენთვის გადაღლა არ შეიძლება, - ვუთხარი და საბანი ამოვუკეცე.
- ძილის წინ არ მაკოცებ? - პატარა ბავშვივით გამომიშვირა ტუჩები. ორივე ლოყა დავუკოცნე და მისი ხელებისგან ძლივს დავიხსენი თავი.
- გინდა, ზღაპარს მოგიყვები?
- მინდა, მინდა!.. - აღფრთოვანდა ზურა. ჩემი საწოლისკენ გადმობრუნდა, ერთი ხელისგული ლოყის ქვეშ ამოიდო და მოსასმენად მოემზადა. - კომბლეს ზღაპარი მინდა! - ჭირვეული ბავშვის ხმით მითხრა.
მოყოლა დავიწყე და ვიდრე იმ ადგილამდე მივიდოდი, სადაც კომბლე დათვს ეუბნება - კბილები დაკრიჭე, ჩიჩია ხომ არ გაქვსო? - ზურა უკვე მშვიდად ფშვინავდა.
მიყვარს მისი ყურება, როდესაც სძინავს. ძალიან მშვიდი ძილი სჩვევია, უხმაურო. წელში მოხრილი, თითქოს ჩანასახის პოზას იღებს. თვითონ ჰქონდა ნათქვამი, რომ ცხოვრებაში სიზმარი არასოდეს უნახავს. სახეს ახლოს მივუტან ხოლმე და მის სუნთქვას ვუსმენ. როცა სძინავს, ის ამ დროს არც სამსახურზე ფიქრობს, არც ოჯახზე, არც საქმეზე და მეგობრებზე. ამ დროს ის მხოლოდ ჩემია და მეტი არავისი...
ახლა ვიჯექი და თვალმოუშორებლივ ვუყურებდი. ძალიან მომინდა, რომ სულ ოდნავ შევხებოდი, მაგრამ თავი შევიკავე. მის გაღვიძებას მოვერიდე. მარტო შორიდან გავუღიმე მძინარეს და თვალები დავხუჭე.
დაძინებას ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ჩემი საწოლი ისეთი ხმელი და მოუხერხებელი იყო, რომ გვერდები მეტკინა. კარგა ხანს ვიწრიალე და ფანჯარაში ცის ფონი ოდნავ რომ გაღიავდა, მერეღა ჩამეძინა.
ძალიან ცოტა ხანი მეძინა. ისე გამეღვიძა, თითქოს ვიღაცამ ხელი მკრა. თვალები ერთბაშად გავახილე. ზურას ისევ მშვიდად ეძინა. უკვე კარგად იყო გათენებული. საათს დავხედე - 9-ის ნახევარს უჩვენებდა. მოთენთილი და უღონო ვიყავი. უძილო ღამემ ცუდად იმოქმედა ჩემზე. ამ დროს ზურამაც გაახილა თვალები.

- დილა მშვიდობისა, პატარავ! შენ რა, მთელი ღამე არ გეძინა?
- ცოტა მეძინა, დანარჩენი დრო შენ გდარაჯობდი, რომ არ გაპარულიყავი, - ვუთხარი და გემრიელად დავამთქნარე.
- არ გადამყლაპო, - გაიცინა ზურამ. - გოჩა არ გამოჩენილა?
- არა, ჯერ არ ჩანს.
ზურა ტელეფონს დასწვდა და ნომერი აკრიბა.
- გოჩა, 8 საათზე რომ უნდა მოსულიყავი, დაგავიწყდა?.. კარგი, გელოდები... მალე მოვა, გაემზადე, - მომიბრუნდა მე. მივხვდი, ჩემს წასვლას ჩქარობდა. ამ დროს სარკესთან ვიდექი და კეფაზე თმის მოგროვებას ვცდილობდი. გული რაღაცნაირად ჩამწყდა: თითქოს ჩემს თავიდან მოშორებას ცდილობდა... მწარე რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ კბილებში თმის სამაგრი მქონდა გარჭობილი და ამის გამო ვერ ვუთხარი... 2 წუთში კი, უკვე გადავიფიქრე რამის თქმა და გადავწყვიტე, გოჩას არ დავლოდებოდი. ქურთუკი მოვიცვი და კიდევ ერთხელ ჩავიხედე სარკეში.
- ჯერ ნუ ჩაიცვამ ქურთუკს, გარეთ რომ გახვალ, შეგცივდება. გოჩა ჯერ არ მოსულა, - მითხრა ზურამ და თვალი ამომაყოლა.
- არა უშავს, ჩემით წავალ. ჩემ გამო ნურც თქვენ შეწუხდებით და ნურც გოჩას შეაწუხებთ, ბატონო ზურა, - ეს სიტყვები ისეთი მანჭვა-გრეხით წარმოვთქვი, როგორც ჩანს, ზურამ ხუმრობად მიიღო. თუმცა, წინააღმდეგობა არ გაუწევია ჩემთვის. ამან უფრო დამწყვიტა გული.
- შარვალი მომაწოდე...
- გაცილება არ მინდა, ჩემით გავიგნებ გზას და არც უკან მოვბრუნდები, - ისევ წავიმწარე ენა, მაგრამ სკამზე გადაკიდებული შარვალი მაინც მივაწოდე. ზურამ 2 ოცლარიანი კუპიურა გამომიწოდა.
- ტაქსით წადი.
- წუხანდელი ღამის საფასურს მიხდი? - სახეზე დამცინავმა ღიმილმა გადამიარა.
- არა, უბრალოდ, გზის ხარჯს ვიხდი.
- სხვა დროს ასე არ მოქცეულხარ, ახლა კი თავს ვალდებულად თვლი, რადგან ღამე აქ დავრჩი, სიხარულო? - მაინც დავინდე და ბოლომდე არ ვუთხარი სათქმელი. - ტაქსი 40 ლარი არ ღირს. მე კი ჯერჯერობით საკუთარი ხარჯის ანაზღაურება შემიძლია. ბოლო-ბოლო, რემონტს ხომ არ ვაკეთებ?!.
- კარგი, ნატალი, ალბათ უძილობის ბრალია, რომ ხასიათზე ვერ ხარ... დღეს ალბათ გამწერენ, მაგრამ მხოლოდ ხვალ შევძლებ შენს ნახვას.
- როცა გენებოთ, ბატონო ზურა... თქვენს სამსახურში მიგულეთ, - ვთქვი და კარის სახელურს მოვეჭიდე. გამოვაღე თუ არა, ზურას ხმა მომესმა.
- ისე წახვალ, ერთხელაც არ მაკოცებ? - მაგრამ ეს ფრაზა, ჩემ გარდა, ღია კართან მდგარმა ხათუნამაც კარგად გაიგონა. მართალია, მისი დანახვა ძალიან გამიკვირდა, მაგრამ არ დავბნეულვარ.
- მობრძანდით, - გვერდზე გავდექი და გზა დავუთმე, თან, ზურას გადავხედე. ის დაბნეული აფახულებდა თვალებს და უხერხულობისგან არ იცოდა, რა ექთვა.
- ვიცი, ჩემთან დალაპარაკება გენდომებათ, ქალბატონო ხათუნა, მაგრამ ახლა ძალიან მეჩქარება. თანაც, ჩემი მორიგეობა უკვე დამთავრდა. "სმენა" გადაიბარეთ. მე კი სამსახურში უნდა გავიქცე, რადგან პაციენტები მელოდებიან. - თან, ზურას გავხედე და დაგვიანებული პასუხი გავეცი: - ახლა ალბათ უხერხული იქნება, რომ გაკოცო. სხვა დროს იყოს, როცა მარტო დავრჩებით. - ვთქვი და უკანმოუხედავად დავტოვე ოთახი.

- "ნაგლი"! - მომესმა ხათუნას ხმა, როდესაც კარს ვხურავდი, მაგრამ უკომენტარდ დავტოვე. გული ყელში მებჯინებოდა. ცოტაც და ავღრიალდებოდი. ამიტომ, კიბე ისე სწრაფად ჩავირბინე, რომ ქვევიდან მომავალი გოჩა ვერც შევნიშნე.
- ნატალი, სად გარბიხარ? - მხოლოდ მაშინ შევჩერდი, როცა ხმა შემომესმა.
- სად ხარ, გოჩა, სად? - ვკითხე სასოწარკვეთილმა, თვალზე მომდგარ ცრემლს გზა მივეცი და კიბეზე დავეშვი. გოჩა უკან მომყვა. ეზოში წამომეწია და მკლავზე მომქაჩა. მის ნებას დავყევი და მანქანაში მის გვერდით მოვთავსდი.
- მოვიდა? - შეთქმულივით მკითხა გოჩამ, როდესაც გასაღები გადაატრიალა და ძრავა აამუშავა, თუმცა, ადგილიდან დაძვრას არ ჩქარობდა.
- კი, მოვიდა, - თავი დავუქნიე და ცრემლი ხელისგულებით მოვიწმინდე.
- დილას, უთენია დამირეკა და ბაზარში გამგზავნა. თვითონ კი აქეთ წამოსულა. ეტყობა, რაღაც იყნოსა და დილაუთენია დაგადგათ თავზე, თორემ როდის იყო, ხათუნა ასე ადრე ადგომით იწუხებდა თავს?.. ანდა, უჩემოდ ფეხსაც არ დგამს და ახლა რა ბზიკმა უკბინა?!
- ჰო, ალბათ იყნოსა... - ვთქვი ანგარიშმიუცემლად, რადგან ჩემი ფიქრი ახლა ერთ რამეს დასტრიალებდა: რას არ გავიღებდი, რომ გამეგო, რა ხდებოდა ახლა იმ ოთახში, სადაც ზურა და ხათუნა იყვნენ. მათი საუბრის მოსმენაში ახლა სიცოცხლის ნახევარსაც მივცემდი. - წავიდეთ, გოჩა... - სალონში სიჩუმე იყო. არც ერთი არ ვიღებდით ხმას.
- ზურას უყვარხარ, - დაარღვია გოჩამ სიჩუმე. გაოცებულმა შევხედე.
- ხათუნა არ უყვარს? - ვერ შევიკავე თავი და სწორედ ის კითხვა დავსვი, რომელიც დიდი ხანია, მაწვალებს.
- არა, - მოჭრილად მიპასუხა.
- შენ რა იცი?

- მე ზურას ბავშვობიდან ვიცნობ და ამიტომ კარგად ვიცი, ვისზე რას ფიქრობს, როდის რას განიცდის... მისი ქორწინება უიღბლოა.
- რატომ მეუბნები ამას? - მართლა გამიკვირდა, რადგან გოჩა ძალზე სიტყვაძუნწი ადამიანია და ახლა ასე უეცრად, ღიად ალაპარაკდა.
- შენ კარგი გოგო ხარ, ნატალი... ძალიან კარგი... ვიცი, ქალს ყოველთვის ტანჯავს ერთი ფიქრი - ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ... მე კი მინდა, არ დაიტანჯო და იცოდე, რომ ნამდვილად უყვარხარ. მენდე, ასეა.
რა თქმა უნდა, მისი სიტყვები გულზე მალამოდ მომეფინა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ დამიამა ტკივილი.
- დარწმუნებული ვარ, ახლა ხათუნასთან თავს იმართლებს და უმტკიცებს, რომ ქვეყნად ყველაზე მეტად სწორედ ის უყვარს, მე კი უბრალოდ, გულის გადასაყოლებლად ვუნდივარ...
- არ გცნობია კარგად შენი ზურა... - მხოლოდ ეს მითხრა გოჩამ და ხმა აღარ ამოუღია, ვიდრე სახლამდე არ მიმიყვანა. ყავაზე დავპატიჟე, მაგრამ თავაზიანი უარი მივიღე.
შინ შესულმა, ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. ცხელი წყლის აბაზანამ თითქოს გამომაცოცხლა, მაგრამ სამსახურში წასვლა ვერ შევძელი და გადავწყვიტე, შინ დავრჩენილიყავი და გამომეძინა. ბალიშს ზურას სუნი ჰქონდა... სახე ბალიშში ჩავრგე და ჰაერი ღრმად შევისუნთქე. მერე ბალიშს ლოყით მივეკარი და ფიქრი დავიწყე: თურმე, მე ვუყვარვარ და ხათუნა - არა... მერე რა? დღეს საავადმყოფოდან გაწერენ და მე იქ არ ვიქნები. იქიდან შინ წავა, მე კი ყოველთვის უნდა ვიმალებოდე... საკუთარი მღელვარების დასაფარავად უნდა "ვინაგლო" და უნამუსოდ, იქით უნდა შევუტიო, რომ შეურაცხყოფა არ მომაყენოს იმ ქალმა, რომელსაც "ოფიციოზი" ჰქვია და, უყვარს ქმარს თუ არ, მაინც მიღებულია მის ნათესავებში, მეგობრებსა და ახლობლებში. ყველა მოწიწებით უყურებს, რადგან ზურას ცოლია... მას აქვს უფლება, ყველგან ქმრის გვერდით იყოს. მე კი მხოლოდ სიყვარულის უფლება მაქვს და ამ სიყვარულის გამო საყვედურს ვიღებ ჩემი ახლობლებისგან. ზურას რას ვერჩი? ჩემი ბრალია. თავიდანვე მშვენივრად ვიცოდი, რა მოჰყვებოდა ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობას. ხომ დავხუჭე თვალი თავიდან! ახლა რატომღა მაქვს პრეტენზიები?.. - ვკიცხავდი საკუთარ თავს. - არც ერთი ადამიანი არ გამამართლებს. სონაც, უბრალოდ, შეეგუა ჩემს მდგომარეობას და წინააღმდეგობას არ მიწევს, თორემ, არც ის იწონებს ჩემს საქციელს. სონა... ის არის ჩემი ერთადერთი ხსნა. უნდა წავიდე მასთან! - გამახსენდა, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გადავწყვიტე, ამერიკაში წასასვლელად საბუთების შეგროვება. - ჰოდა, ახლა აღარ გადავდებ წასვლას! - ეს სიტყვები უკვე ხმამაღლა წარმოვთქვი და საწოლიდან სწრაფად წამოვდექი. ბლოკნოტი მოვძებნე და ამერიკის საელჩოს ნომერი ავკრიბე. დაწვრილებით გამოვკითხე, რა საბუთები მჭირდებოდა და საგულდაგულოდ ჩავიწერე. საწოლში აღარ დავბრუნებულვარ. ტანისამოსი გამოვიცვალე და სახლიდან იმისთვის გავედი, რომ იმ დღესვე ყველა საჭირო საბუთი გამეკეთებინა.
მთელი დღე დოღის ცხენივით ვირბინე და თითქმის ყველა საბუთი გავამზადე. მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვიყავი და ზურას ზარს ველოდი. ვფიქრობდი - დარეკავდა და შემატყობინებდა, რომ უკვე შინ იყო, მაგრამ ზურა დუმდა. ბოლოს, მოთმინების ძაფი გამიწყდა და გვიან - ასე, 11 საათზე დავუმესიჯე. "კარგად ვარ, შინ ვარ, მიყვარხარ". მოკლე პასუხი გამომიგზავნა. გაბრაზებულმა, ტელეფონი დაუდევრად მივაგდე და გულში გვარიანად შევუკურთხე კიდეც. - დიახაც, წავალ! - ვთქვი ისევ ხმამაღლა და ხასიათი უმალ გამომიკეთდა.
მეორე საღამოს უკვე უკლებლივ ყველა საბუთი მზად მქონდა. ზურას ზარს კვლავ ამაოდ ველოდი, მაგრამ ამჯერად არც მე დავეკონტაქტე. მოგვიანებით კი, კომპიუტერს მივუჯექი და სონას მივწერე. ის ხაზზე არ იყო. ამიტომ, დავურეკე.
- ნატალია, როგორ ხარ, საყვარელო? - მომესმა მისი მხიარული ხმა. გულში სითბო ვიგრძენი და ღმერთს მადლობა შევწირე იმისთვის, რომ სონა მაჩუქა...
- შენ როგორ ხარ, გოგო?
- კარგად ვარ, კარგად... ახლა ვერ გელაპარაკები. ერთ საათში შინ ვიქნები და წყნარად ვისაუბროთ, კარგი?
- კარგი, გელოდები...
სონას გამოჩენამდე, ჩემი და ზურას ძველ მესიჯებს გადავხედე.
ზურა: ძლივს არ გამოჩნდი?! სხვათა შორის, დღეს შაბათია, ვისვენებ და შენი გულისთვის ვზივარ აქ, შუაღამემდე... შენ კი ძლივს მოხვედი.
პანდორა: მე არ მითხოვია, დამელოდე-მეთქი!
ზურა: აჰა, კიდევ უმადურია!..
ეს ჩვენი ურთიერთობის მესამე დღეს ხდებოდა...
ვკითხულობდი ჩვენს ინტერნეტდიალოგს და მეღიმებოდა. მართლაც, მაგარი იყო ის დრო...
ზურა: ვააა, მოხვედი? როგორ იყავი უჩემოდ?
პანდორა: კარგად... :)))
ზურა: გოგო, სულ მცირე შებრალების უნარი მაინც არ გაქვს?.. ისე, ტყუილად მაინც მითხარი, რომ მოგენატრე...
პანდორა: ტყუილი გირჩევნია?
ზურა: სიმართლე მირჩევნია, მაგრამ გულის გასახარად, ტყუილიც შეიძლება. თანაც, ხომ გაგიგონია - შეძახილმა ხე გაახმოო, - და ხშირად რომ მეტყვი, მიყვარხარ და მომენატრეო, მართლა შეგიყვარდები...
პანდორა: რა მეოცნებე ხარ! გჭირდება მერე, ცოლშვილიან კაცს, ჩემი სიყვარული?

კარგი კითხვა დამისვამს... როგორც ჩანს, გული წინასწარ მიგრძნობდა, რაც მოხდებოდა...

პანდორა: ხვალ საღამოს გავაგრძელოთ. ახლა კი, უკვე გვიანია და დავიძინოთ...
ზურა: რა კარგად თქვი ეს - დავიძინოთ. ნეტავ, თუ დავიძინებთ ოდესმე, ერთად?..
აი, ხომ აგიხდა სურვილი, ჩემო ზურა და ერთად გვძინავს, მაგრამ რა მერე?!. - გავიფიქრე და ისევ გამეღიმა აშკარად ვგრძნობდი, რომ მაშინ გაცილებით უკეთ ვიყავი.
ზურა: ჰო, ჩემო სიხარულო, არ გიღალატებ... შენც ჭკუით იყავი მანდ, არ მანერვიულო! კარგია, ხომ, ზღვაზე? მე კი ვიხუთები თბილისში. მანდ საღამოობით თუ გრილა, არ გამიცივდე...
პანდორა: გეეე-ნააა-ცააა-ლეეეე!
ზურა: ამას რას ვეღირსე! ეს რა წამოგცდა! ახლა ისე მინდა შენი ნახვა, რომ ლამის წამოვიდე.
... ნეტავ, ახლა რატომ აღარ ვენატრები? მაშინ, ერთი საღამო რომ გასულიყო ისე, რომ არ დამლაპარაკებოდა, მართლა ჩამოვიდოდა ბათუმში. ახლა რაღა დაემართა? მაშინ ხომ ნანახიც არ ვყავდი!...
პანდორა: ვინ მოგცა იმის უფლება, რომ არჩევანის საშუალებას არ მაძლევ?!
ზურა: ჩემო გოგნავ, რაღაც, სხვანაირად ალაპარაკდი და არ მომწონს შენი ჭიკჭიკი. რაშია საქმე, რამ შეგცვალა?
პანდორა: სულაც არა! მე თავიდანვე ასეთი განწყობილებით ვიყავი. საქმე ისაა, რომ შენ მისაკუთრებდი და ახლაც ამას ცდილობ. ხომ არ ფიქრობ, რომ ცოლიანი მამაკაცისა და გასათხოვარი ქალის ურთიერთობა ძალზე რთული იქნება?.. 32 წლის როცა ხარ, ქალი გათხოვებაზე ფიქრობ და არა საყვარელზე. შენ რას მთავაზობ?
ზურა: ეგ ყველაზე რთული კითხვაა, რომელიც კი ოდესმე დაუსვამთ ჩემთვის. პასუხის გაცემა მიჭირს. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ შენი დაკარგვა არ მინდა.
პანდორა: მაშინ, ახლა მე წავალ, ცოტას გავისეირნებ და მერე დავიძინებ. შენ კი მოიფიქრე, რა გინდა და ხვალ მითხარი. თუ ერთი ღამე არ გეყოფა მოსაფიქრებლად, როცა შენ გენდომება, მაშინ მითხარი პასუხი.
ზურა: ახლა ვზივარ და გული მაქვს გახეთქვაზე. ეს რა მითხარი?! სიტყვებიც არ მყოფნის იმის გამოსახატავად, რასაც განვიცდი. ეს არის ერთმანეთში არეული: სინანული, სიყვარული, შური, აღფრთოვანება, აღშფოთება, გაოცება, სევდა და დარდი... ახლა ჩემს მეგობარს დავურეკავ, სადმე წავალ, ცოტა ტვინს "გავანიავებ", ცოტას დავლევ და მთვრალ გონებაზე უფრო კარგად გადავწყვეტ, რა გავაკეთო. დროებით, ხვალამდე!
არ უშველა არც სიმთვრალემ და არც სიფხიზლემ... დღემდე არ იცის, რა უნდა...
პანდორა: იცი, მე ძალიან ბევრს ვფიქრობ შენზე და ჩვენს ურთიერთობაზე და უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენ ილუზიით ვცხოვრობთ. ჩვენი ურთიერთობა ერთი პატარა, ლამაზი სიზმარია, რომელიც სულ მალე გაქრება. გამოღვიძებულები კი, ყოველთვის გავიხსენებთ იმას, რაც რეალობად არასოდეს იქცევა...
ზურა: არ ველოდი ასეთ სიტყვებს... ნატალი, ძალიან სასტიკი ხარ...
პანდორა: სასტიკი მე კი არა, ცხოვრებაა... შენი ნათქვამი თბილი სიტყვები გასაღებივით მოერგო ჩემს სულს და გახსნა რაღაც, დიდი ხნის წინ გადამალული. სიტყვას სიტყვა მოჰყვა... ჩემი და შენი სიტყვები... ეკრანზე მოფრინავდნენ ნაზი, ტკბილი და თბილი სიტყვები, რომლებიც საპნის ბუშტებს ჰგავდნენ. ჩვენ შორის დიდი მანძილი და ღამის მარადიულობა იდგა... ჩვენ კი ერთმანეთს ვწერდით სიტყვებს, რომლებიც გვაღელვებდა, გვაშფოთებდა და ლამაზ სურათებს ხატავდა. ვსაუბრობთ ყველაფერსა და არაფერზე... მთავარია, რომ ერთმანეთს ველაპარაკოთ. თემას მნიშვნელობას არ ვანიჭებთ... ერთმანეთთან ურთიერთობით ვტკბებით. როცა გესაუბრები, შენს სითბოს ვგრძნობ... ეს ჩვენი სამყაროა, ვირტუალური სამყარო... მხოლოდ ჩემი და შენი და აქ თავს კარგად ვგრძნობთ - თბილად, მყუდროდ, მშვიდად... რეალურ ცხოვრებაში ასე მშვიდად ვერ ვიქნებით: ყველაფერი დაინგრევა... სხვები ჩაერევიან... ჩვენ ვოცნებობთ და ვფიქრობთ ხვალეზე, მაგრამ ვერ ვხვდებით, რომ "ჩვენი ხვალე" არ მოვა... დადგება მხოლოდ "შენი ხვალე" და ჩვენ ძალიან კარგად ვიქნებით. თუ ხვდები, რომ შენ ახლა მე სიყვარულში გამომიტყდი?.. ბედნიერი ვარ, ჩემო სიცოცხლევ!.. ამ სიტყვებს ყურშიც ჩაგჩურჩულებ ძალიან ტკბილად... ნატალი, ამოიგდე თავიდან სისულელეები და მომენდე. მერწმუნე, ჩემთან კარგად იქნები.

პანდორა: მე კი ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა დავშორდეთ, თუ გვინდა, რომ ყველაფერი არ გავაფუჭოთ.
ზურა: მე კი მგონია, მაგაზე ლაპარაკი უკვე გვიანია. ჩვენი ურთიერთობის დანგრევა არც ისე ადვილია. უკურნებელი სენივით შემეყარა და ამას ვერაფერი განკურნავს. ჩემო პატარავ, ძალიან დიდი ხანია, თავი ასე კარგად არ მიგრძნია და უფლებას არ მოგცემ, რომ უბედური გამხადო. რატომ მკრავ ხელს? მხოლოდ იმიტომ, რომ მიყვარხარ და გიყვარვარ?
პანდორა: არა, იმიტომ, რომ ჩვენს ურთიერთობას მომავალი არ აქვს.
ზურა: აქვს, დამიჯერე, აქვს... მე შენ მიყვარხარ, შენ კი - მე და ამას ვერაფერს მოვუხერხებთ. ნუ ეწინააღმდეგები შენს თავს. მიუშვი გრძნობა და ვნება თავის ნებაზე. შენ მხოლოდ მომენდე - ყველა შენს პრობლემას ჩემს თავზე ავიღებ. ვიცი, შენი უკან დახევის მიზეზი - ჩემი ოჯახია.
კითხვა აქ შევწყვიტე და დავფიქრდი. თურმე, რა სწორად ვმსჯელობდი!.. ჩვენი ურთიერთობის დანგრევა არც ისე ადვილიაო? ვნახოთ... ახლავე დაგიმტკიცებ, რომ ძალზე იოლია, - გავიფიქრე, ტელეფონს დავწვდი და ზურას ნომერი ავკრიბე...

ნომერი კი ავკრიბე, მაგრამ ვიდრე ზარი გავიდოდა, ტელეფონი გავთიშე და კარგად დავფიქრდი, რომ სათქმელი დამელაგებინა. - რის გამო უნდა ვუსაყვედურო? დავიწყებ იმით, რომ საავადმყოფოდან გუშინწინ გამოვიდა და მხოლოდ ერთხელ მომწერა სამსიტყვიანი მესიჯი, ისიც მას შემდეგ, რაც მე თვითონ შევეხმიანე. ახლა ის თავის ოჯახში მშვიდად გრძნობს თავს; ალბათ, დივანზე წამოწოლილი ტელევიზორს უყურებს, გვერდით ხათუნა უზის და ვინ იცის, იქნებ, ჩემზეც კი ლაპარაკობენ. ბავშვიც იქვე ზის და მეცადინეობს... - ვფიქრობდი და თან, ნათლად წარმოვიდგინე მათი ოჯახური იდილია. გული ლამის გამისკდა. არა, არასოდეს ვყოფილვარ ბოღმიანი და არც ახლა მშურდა, მაგრამ ეს ფიქრები არ დამტანჯავდა, ზურას რომ დაერეკა ჩემთვის და მოვეკითხე; მაშინ აღარ ვიგრძნობდი თავს გამოუსადეგარ ნივთად და მშვიდად ვიქნებოდი. ამ ყველაფრის წარმოდგენამ კიდევ უფრო გამაღიზიანა და ხელახლა ავკრიბე ზურას ტელეფონის ნომერი: ზარი გავიდა, მაგრამ რამდენიმე ზუმერის შემდეგ, გაითიშა. ამან მთლად გამომიყვანა მდგმარეობიდან და სასოწარკვეთილმა აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ტელეფონი იქვე მივაგდე, ფეხები სავარძელზე ავიკეცე, თავი უკან გადავაგდე და ფიქრებში ჩავიძირე: ნუთუ, საავადმყოფოში მის თვალწინ მომხდარმა ჩემი და ხათუნას შეხვედრამ რაღაც გადაწყვეტილება მიაღებინა? ნეტავ, რას ფიქრობს? რატომ იქცევა ასე?.. ფიქრები ერთმანეთში ირეოდა და ასე მეგონა, თავი გამისკდებოდა. თვალები დავხუჭე და თავი გავაქნიე, თითქოს დაგროვილი ფიქრების გამოყრას ვლამობდი. ისე, ცოტათი მიშველა კიდეც და "დაცარიელებულ" თავში ახალი აზრი მომივიდა - ძალიან მომინდა, ზურასთვის რაღაც ცუდი გამეკეთებინა, რომ მასაც ისევე სტკენოდა გული, როგორც ახლა მე მტკიოდა. ისევ გავაქნიე თავი და ისევ ახალი აზრი მომივიდა: თუმცა, იმაზე მეტი რაღა უნდა ეტკინოს, გულის შეტევით საავადმყოფოში ხომ მოხვდა-მეთქი, - გავიფიქრე და ბრაზი სიბრალულის გრძნობამ შეცვალა.
გამახსენდა ზაფხული, ჩვენი ურთიერთობის სასიამოვნო მომენტები, ბათუმში ჩვენი პირველი შეხვედრა, ღამით არაგვზე წასვლა... ისიც გამახსენდა, ერთხელ რომ ჩამეხუტა და ყელი ყელზე გადამაჭდო, მითხრა: ასე ლეკვები ეხუტებიან ხოლმე ერთმანეთსო. მაშინ გულიანად გამეცინა. მერე, როცა ხუმრობით მეტყოდა - "ლეკვები გავაკეთოთო", - უკვე ვიცოდი, რომ კისრით კისერზე უნდა ჩავხუტებოდი. ეს ძალზე სასიამოვნო შეგრძნებაა, ვერაფერი შეედრება იმას, რასაც ასეთ დროს განიცდი. საათობით შემიძლია, მასთან ასე ჩახუტებული ყოფნა. ამაზე რომ ვფიქრობდი, გამეღიმა. თითქოს, სხვა თვალით დავინახე ზურა, წყენამ გამიარა და აღარ მქონდა სურვილი, რომ მისთვის რაიმე მევნო. სამაგიეროდ, მასთან დალაპარაკების სურვილი მომეძალა, მისი ხმის გაგონება უზომოდ მომინდა. მერე გამახსენდა, ტელეფონი რომ გამომირთო და ისევ გავბრაზდი. ხელახლა დავრეკე მასთან იმ მიზნით, რომ მაგრად ვუსაყვედურებდი, ენას წავიმწარებდი და გულს მოვიოხებდი. თუ მისგან უხეშ პასუხს მოვისმენდი, სამუდამოდ ავუკრძალავდი ჩემთან დარეკვას და მასთან ყოველგვარ ურთიერთობას გავწყვეტდი. ამჯერად, ზურამ ჩემს ზარს უპასუხა:
- ნატალი, კარი გააღე, კიბეზე ამოვდივარ. - სრულიად მოულოდნელი იყო ეს პასუხი. წინასწარ მომზადებული ტექსტი დამავიწყდა, წყენამ წამში გამიარა და კარს რომ ვაღებდი, ბედნიერებისგან უკვე თავბრუ მქონდა დახვეული. ღია კარში ზურას კისერზე ჩამოვეკიდე და სიხარულისგან ისე ვჭყლოპინებდი, როგორც პატარა ბავშვი, კანფეტის დანახვისას.
- ნელა, ნელა, არ წამაქციო, - გაღიმებული მომეხვია ზურაც. ასე კისერზე ჩამოკონწიალებული შემომიყვანა დერეფანში, კარი ხელუკუღმა მიკეტა და ჩამიხუტა. ჯერ ლოყა მომადო თავზე, მერე ცხვირი ყურის ძირში "მომიცაცუნა" და ჰაერი ღრმად შეისუნთქა. თან, მთელი ძალით მიჭერდა მკლავებს. ვიგრძენი, რომ მოვნატრებოდი. მე ხომ ამის მეტი, არც არაფერი მინდოდა. თავდავიწყებით ვკოცნიდი ზურას და მისი ტუჩებიდან ჩემში თითქოს მაცოცხლებელი ძალა გადმოდიოდა; სიცოცხლის წყურვილით ვივსებოდი და როგორც უწყლობით თავჩაქინდრული ყვავილი ცოცხლდება მორწყვის შემდეგ, სწორედ ასე ვცოცხლდებოდი მეც. კარგა ხნის შემდეგ დავიხსენი მისი მკლავებისგან თავი, ქურთუკი ჩამოვართვი, იქვე, საკიდარზე დავკიდე და ზურას ოთახში შევყევი. გვერდით მივუჯექი და ისევ მივეხუტე.
- ასე მოგენატრე? - ხელი მომხვია და თვალებში ჩამხედა. მის მზერაში სიყვარული დავინახე. არა, არ მომეჩვენა, ნამდვილად დავინახე და ამან უფრო ბედნიერი გამხადა.

- რომ იცოდე, როგორ უნდა გამელანძღე! - არ დავუმალე ჩემი განზრახვა.
- ვიცი, გულმა მიგრძნო, - გაიღიმა ზურამ. - ხომ ვიცი, შენი ამბავი. ალბათ, ბოღმისგან გაიბერე, არა? რატომ ფიქრობ ყოველთვის ცუდს?
- კარგად ვიცნობ თქვენს მოდგმას და იმიტომ... არ იყავი ჩხუბის ღირსი? ორი დღეა, არ გაგხსენებივარ.
- სიურპრიზის მოწყობა მინდოდა.
- ჰოოოო... მართლა? პირველად რომ დავრეკე, რატომ არ მიპასუხე? აი, ნამდვილი სიურპრიზი მაშინ იქნებოდა.
- რას აპირებდი?
- მაგას არ გეტყვი. სხვა დროისთვის შევინახავ ჩემს სიურპრიზს. მე შენ გეტყვი და, არ მომეცემა საშუალება თუ რა?
- მაშ კარგი, თუ გინდა, შევეჯიბროთ, ვინ უკეთეს სიურპრიზს მოიფიქრებს.
- სამსახურში იყავი? - თავი ავარიდე პირდაპირ პასუხს.
- დიახ, ვიყავი. - ზურას უხასითობა არ ეტყობოდა. არადა, თუ სამსახურში იყო, თავისი მანქანის შესახებ სიმართლე უნდა გაეგო. ნეტავ, მანქანაზე რატომ არაფერს ამბობს? - ვფიქრობდი, მაგრამ კითხვის დასმას ვერ ვბედავდი.
- რითი მოხვედი? მანქანის ხმა არ გამიგონია, - ირიბად დავსვი კითხვა.
- ჩემი მანქანით მოვედი და აქვე, ეზოში დავაყენე. - წარბი არ შეუხრია, ისე მიპასუხა. ფანჯარასთან მივედი და გადავიხედე. მისი მანქანა მართლაც იქ იდგა. რომ შემოვბრუნდი, როგორც ჩანს, ძალზე დაბნეული სახე მქონდა.
- შენც გაიგე, უბედური შემთხვევის ამბავი? - მკითხა ზურამ, მაგრამ ხმაზე ეტყობოდა, რომ "უბედური შემთხვევის" თვითონაც არ სჯეროდა.
- ჰო, გავიგე, გოჩამ მითხრა... უფრო სწორად, მე და ნინოს გვითხრა...
- გუშინ საავადმყოფოდან რომ გამოვედი და შინ მივედი, მაშინ მითხრა ხათუნამ, მანამდე არ ვიცოდი.
- მანქანას რომ არაფერი ეტყობა? - საბოლოოდ ვერ დავფარე გაოცება.
- ეს ახალია, დღეს ვიყიდე. ჩემი მანქანის "ტყუპისცალია". ზურას ყოველთვის ის მანქანა ჰყავს, რომელიც მოსწონს და უნდა. - თავმომწონედ თქვა ბოლო სიტყვები.
- და ქალებიც, არა? - ისევ დავიბოღმე.
- ნატ, გინდა, მანქანა გიყიდო?
- არ მინდა! -ვთქვი კატეგორიული ტონით.
- რატომ? - გაკვირვებისგან წარბები ასწია ზურამ.
- მანქანა რომ მინდოდეს, მეყოლებოდა. შენ ლიკაში ხომ არ გერევი? - გაღიზიანებული ტონით ვთქვი და ფეხზე ავდექი.
- მე მინდოდა, შენთვის მესიამოვნებინა, შენ კი - გეწყინა. ვერასოდეს ვიგებ, რა გინდა. სხვა ქალებისგან განსხვავებული რეაქცია გაქვს ყველაფერზე. - ქვევიდან გაოცებული მზერით ამომხედა.
- მაგალითად, რაზე მაქვს განსხვავებული რეაქცია? - ვკითხე და პასუხის მოლოდინში იქვე, სავარძელში მოვკალათდი.
- როცა გითხარი, ჯვარი დავიწეროთ-მეთქი, უარი მტკიცე, ცოლად გამომყევი-მეთქი, კვლავ უარი მივიღე. მანქანას გიყიდი-მეთქი და გეწყინა. სხვები სამივე წინადადებას სიხარულით შეხვდებოდნენ, შენ კი...
- მე კი ვბრაზობ, არა? - დავასრულე მისი წინადადება - ზურა, სიმართლეს გეტყვი, ამჯერად, როგორც ფსიქოლოგი და არა - როგორც შეყვარებული ქალი. შენ მთელი ცხოვრება არ გიმართლებდა ქალებში. მე ხათუნას არ ვიცნობ, მაგრამ შენგან ვიცი, რომ შეყვარებული იმიტომ მიატოვა და შენ გამოგყვა ცოლად, რომ სოფელში გაზრდილ გოგოს სიმდიდრემ მოსჭრა თვალი. კიდევ ვისაც ვიცნობ, ეს ლიკაა და ისიც, შენგან გამორჩენას ელოდა. დანარჩენი ქალების შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ შენ თავად კარგად ხარ ინფორმირებული და თუ დაფიქრდები, ალბათ, იმასაც მიხვდები, რომ მათი უმეტესობისთვის შენ კარგი, მსუყე "ნაჭერი" ხარ თუ იყავი, რომლის დათრევაც, დიდი ხნის განმავლობაში "მუცლის ამოყორვას" ნიშნავს. სარკეში ჩაიხედე და კარგად დააკვირდი შენს თავს. საკმაოდ ლამაზი მამაკაცი ხარ, მიმზიდველი, უნაკლო გარეგნობით, ინტელექტით, თანამდებობით, რომანტიკული ბუნებით, მაგრამ შენი დაკარგვის შემთხვევაში, არც ერთი ქალი არ მოგტირის ისე, როგორც მამაკაცს... ისინი ისე განიცდიან შენს დაკარგვას, როგორც მათხოვარი, რომელმაც შემთხვევით "მსუქანი" საფულე იპოვა და ვიდრე ფულის დახარჯვას მოასწრებდა, ისევ დაკარგა... სიმართლე ეს არის. - დავამთავრე მონოლოგი და მის რეაქციას დავაკვირდი.
- შენ? შენ რა გინდა? - მკითხა აბსოლუტურად უემოციო გამომეტყველებით.

- იმას ნუ იფიქრებ, რომ ვინმეზე უკეთესი მინდა გამოვჩნდე. კარგად ვიცი, ჩემი და შენი ურთიერთობის მანკიერი მხარე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თავიდანვე ვხვდებოდი, რა სირთულეებს წავაწყდებოდი, როცა ცოლიან მამაკაცს საყვარლობაზე ვთანხმდებოდი. ჩემი გრძნობა შენ მიმართ მანამდე წარმოიშვა, სანამ გნახავდი. მე შემიყვარდა ვიღაც ზურა, რომლის შესახებ ფაქტობრივად, არაფერი ვიცოდი. ვხედავდი მხოლოდ მის მიერ მოწერილ სიტყვებს და ხარბად ვშთანთქავდი მათ. გამიმართლა, რომ ის გარეგნულად სწორედ შენნაირი აღმოჩნდა. შეხვედრამ მხოლოდ გააღრმავა გრძნობა, მაგრამ მერწმუნე, ვიდრე გნახავდი, მე ყველაზე უარესისთვისაც კი მზად ვიყავი. რა მინდა შენგან? - სითბო, სიყვარული და ადგილი შენს გულში...
- ასე ცოტა?
- ეს ცოტაა?
პასუხად ზურამ მხოლოდ მხრები აიჩეჩა. - ზურა, რა გითხრა ხათუნამ, როცა მე პალატიდან გამოვედი?
- ეს ჩემი და მისი საქმეა. ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ნუღარ შემეკითხები, კარგი?
- კარგი, - ამოვიოხრე. - უკვე გვიანია, ხომ არ დავიძინოთ? რჩები?
- არ გინდა, რომ დავრჩე? როგორ ფიქრობ, ახლა რომ გამაგდო, წავალ? - გაიღიმა და წამოდგა.დილით მხნედ გავიღვიძე. კარგა ხანია, ასე მსუბუქად არ მიგრძნია თავი. შაბათი იყო. სამსახურში არ მივდიოდი და არსად მეჩქარებოდა. ვიფიქრე, რომ ზურა მალე წავიდოდა შინ და მთელი დღე ჩემთვის დავგეგმე. დილით მაღაზიაში უნდა გამევლო, პალტოს ყიდვა მქონდა გადაწყვეტილი; შემდეგ ქეთინოსთან უნდა წავსულიყავი, საღამოს კი... საღამოსთვის რაღაცას მოვიფიქრებდი, მაგრამ გეგმები წყალში ჩამეყარა. ზურას ჯერ კიდევ ეძინა, როდესაც სახლის ტელეფონმა დარეკა. ნინო იყო.
- დილა მშვიდობისა, ნატალი. როგორ ხარ?
- კარგად, ნინო, შენ?
- მეც... ბატონი ზურა თქვენთან ბრძანდება?
- ხათუნამ გამოგაგზავნა?
- ხათუნამ, ლიკამ, ნანამ, ლანამ, ჟანამ... - ჩამოთვალა სახელები.
- მაშინ ხათუნას, ლიკას, ნანას, ლანას და ჟანას გადაეცი, რომ ბატონ ზურას სძინავს და მისი შეწუხება არ შეიძლება. თანაც, არც ერთის ხმის გაგონება არ სურს...
- რა ბოროტი ხარ, ღმერთო ჩემო... - გაიცინა ნინომ. - ჩემი? არც ჩემი ხმის გაგონება უნდა?
- ნატ, ვინ არის? - როგორც ჩანს, ხმაურზე გაიღვიძა და გამომძახა ზურამ.
- ნინო...
- რა უნდა?
- რა გინდა? - ჩავძახე ყურმილში მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ნინომ ზურას ნათქვამიც მშვენივრად გაიგონა.
- აბრძანდეს და ტელეფონთან მობრძანდეს...
- აბრძანდი და ტელეფონთან მობრძანდი. - ახლა ზურას გავძახე. ის უკვე საძინებლიდან გამოდიოდა.
კარგა ხანს ელაპარაკა ნინოს, მაგრამ მარტო "ჰო" და "არას" ამბობდა. ბოლოს, - კარგიო, - უთხრა და ყურმილი დაკიდა.
- ნატ, რა უნდა გააკეთო დღეს? - ახლა მე მომიბრუნდა.
- ჯერ მაღაზიაში მივდივარ, მერე ქეთინოსთან, მერე არ ვიცი... - ზუსტი თანმიმდევრობით გავაცანი ჩემი გეგმა.
- მაღაზიაში რა გინდა?
- პალტო უნდა ვიყიდო...
- ოჰ, რა ერთნაირები ხართ ეს ქალები... - სულ წყალში ჩამიყარა გუშინდელი მონოლოგი.
- აშკარად პროგრესს განიცდი... ხედავ, უკვე რა მაგარ დასკვნებს აკეთებ? - გამეცინა.
- იცინე, იცინე... ახლა ნინომ სწორედ მაგაზე დამირეკა - მაღაზიაში პალტოს საყიდლად მივდივარ და წამომყევი, შენი გემოვნებით შემარჩევინეო. ხედავ? შენ კი ჩემს გემოვნებას არ ითვალისწინებ და როგორც გინდა, ისე დადიხარ და ყიდულობ ყველაფერს. ისწავლე ნინოსგან, როგორ უნდა მოიქცე...
- კარგი, მომავალში გავითვალისწინებ, მაგრამ დამოუკიდებლობას ბავშვობიდან მივეჩვიე...
- დროა, გადაეჩვიო. მოემზადე, ნინოს გავუაროთ და ბარემ, ერთად მოვილევ თქვენ საქმეებს, მერე კი, ჩემს საქმეს მივხედავ.

ერთ საათში მე და ნინო უკვე პალტოებს ვიზომებდით და ზურას წინ მოდელებივით ვტრიალებდით. ერთი პალტო ძალიან მომეწონა და კარგა ხანს ვიზომებდი სარკეში, მაგრამ საბოლოოდ, მაინც უარი ვთქვი, რადგან ვიცოდი, საფასურს ზურა გადაიხდიდა და ნინოსთან მეუხერხულებოდა... ხმამაღლა მხოლოდ ის ვთქვი: აქ ვერაფერი შევარჩიე და ყიდვა სხვა დროისთვის გადავდე-მეთქი. ნინოს პალტოს საფასური ზურამ გადაიხადა და მაღაზია დავტოვეთ. მერე, ნინოს თხოვნით, ზურამ ხინკალზე დაგვპატიჟა. კარგა ხანს ვისხედით რესტორანში და წამოსვლას არც ერთი არ ვჩქარობდით. ვუყურებდი ამ შეხმატკბილებულ და-ძმას და გულში სითბო მეღვრებოდა. მზერითაც კი ესმოდათ ერთმანეთის. ერთნაირად ხუმრობდნენ და სიცილიც ერთნაირი ჰქონდათ. ნინო ჩემთან დავპატიჟე. უარი არ უთქვამს. ზურამ ეზოში დაგვტოვა და საღამომდე დაგვემშვიდობა.
- ნინო, უჩემოდ არ წახვიდე, მოგაკითხავ! - მოგვაძახა, სადარბაზოში შესულებს.

მე და ნინომ კარგა ხანს ვიჭორავეთ. მისგან დაწვრილებით შევიტყვე, რაზე ილაპარაკეს ზურამ და ხათუნამ საავადმყოფოში, ჩემი წამოსვლის შემდეგ. თურმე, ხათუნას ეჭვიანობის სცენა მოუწყვია, ზურა კი - გაჩუმებული უსმენდა.
- არასოდეს უეჭვიანია ასე ხათუნას. მან ზურას ყოველი მორიგი რომანის შესახებ ყოველთვის იცოდა, მაგრამ თვალს ხუჭავდა და ყველაფერს უსიტყვოდ ყლაპავდა. ახლა ალბათ, რეალური საფრთხე იგრძნო. - თქვა ნინომ.
- მე მისთვის საფრთხეს არ წარმოვადგენ, ქმარს არ ვართმევ, - ვთქვი ჩუმად.
- მაგას დიდი ხანია, ქმარი არ ჰყავს. ზურა მისი სპონსორია მხოლოდ. ახლა კი ალბათ, სწორედ სპონსორის დაკარგვის ეშინია. როგორც ჩანს, ღირსეული ქალის მეტოქეობას გრძნობს და გაწიწმატდა. ისეთი ამბავი დაუწევია ზურასთვის, რომ თურმე, ექიმები ძლივს აკავებდნენ.
- ამის შესახებ ზურას ჩემთვის ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.
- ხათუნას წივილ-კივილზე ექიმი რომ შესულა, ახლა მას მისდგომია, რატომ მიეცით უცხო ქალს უფლება, ჩემს ქმართან ღამით დარჩენილიყოო?! ექიმს კი უთქვამს: მე ის ქალბატონი ცოლი მეგონა, რას წარმოვიდგენდი, თუ ცოლი შინ წავიდოდა და აქ მეგობარი დარჩებოდა? არ დავინტერესებულვარ, როგორი ნათესაური ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან თქვენს ქმარსა და იმ სიმპათიურ ქალბატონსო.
- შენ არ შემოგჩივლა?
- მე იმ დღეს დამირეკა, როდესაც შენთან ერთად წამოვედი. გახსოვს, კაფეში რომ შევედით? საღამოს, გოჩამ რომ მიმიყვანა სახლში, ხათუნამაც დარეკა. ტონს აუწია თუ არა, მაშინვე თავისი ადგილი მივუჩინე. შენ კიდევ არ იცი, როგორ მყავს გამოჭერილი. ეს ჩემი და მისი საქმეა მხოლოდ და ნუ გეწყინება, თუ არ მოგიყვები.
- არ მეწყინება, თუმცა, დაახლოებით ვხვდები, რა შეიძლება იყოს...
- ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტან, ნატალი... - მითხრა და სიგარეტის კოლოფი გამომიწოდა. უარი არ მითქვამს. ერთი ღერი ამოვაძვრე, მოვუკიდე და კვამლი ხარბად ჩავისუნთქე.
- ნეტავ, ხათუნა რომ ბრაზობდა, ზურას სულ არ ამოუღია ხმა? - ვიკითხე სასხვათაშორისოდ...
- მხოლოდ ის ვიცი, რომ ზურა უფლებას არ აძლევდა, რაიმე ეთქვა შენზე. შენს დაცვას ცდილობდა და წყნარად, მშვიდად უხსნიდა - ერთმანეთი გვიყვარსო.
- მერჩია, ასე არ ეთქვა.
- რატომ? - გაუკვირდა ნინოს.
- ახლა შესაძლოა, სულ არ გაჩერდეს და გაცილებით მეტი პრობლემა შემიქმნას.
- ეგ შორიდანაა მაგარი, თორემ რატომ შენ ვერ გაგიბედა რაიმეს თქმა? - გაიცინა ნინომ. - დარწმუნებული ვარ, მაგას შენი მისამართიც ზეპირად ეცოდინება, მაგრამ მოსვლას რატომღაც ვერ ბედავს... ის რომ მოვიდეს, რას იზამ? - სწორედ ამ დროს, კარზე ზარის ხმა გაისმა. - აი, მგონი, მოვიდა კიდეც... გავაღო? - მკითხა ნინომ და ჩემს პასუხს არც დაელოდა, ისე წავიდა კარის გასაღებად.
- ნატალი, შენ გკითხულობენ! - დამიძახა ერთ წუთის შემდეგ. კართან უხალისოდ მივედი. იქ უცხო მამაკაცი იდგა.
- ნატალი ხართ?
- დიახ, - ვუპასუხე გაკვირვებულმა.

- ეს თქვენ გამოგიგზავნეს, - მითხრა და მოზრდილი ცელოფანის პარკი გამომიწოდა.
- გმადლობ! - პარკი გამოვართვი და ვიდრე კიდევ რაიმეს ვეტყოდი, მამაკაცი კიბეზე დაეშვა.
- ვინ იყო? - მოუთმენლად მკითხა ნინომ, რომელიც იქვე იდგა. მხრები ავიჩეჩე და ოთახში შევედი. - გახსენი, რაა... - ისევ ვერ ითმენდა ნინო. ცელოფანში მოზრდილი, ლამაზად შეფუთული ყუთი იდო. სწრაფად შემოვხსენი `ჭრაჭუნა~ ქაღალდი და თავი ავხადე. ნინო მოპირდაპირე მხარეს იდგა და არანაკლები ინტერესით იჭყიტებოდა. ერთმანეთს შევხედეთ და ორივემ ერთდროულად გავიცინეთ - ყუთში ის პალტო იდო, რომელიც დილით ასე ძალიან მომეწონა მაღაზიაში. ძნელი მისახვედრი სულაც არ იყო, რომ სიურპრიზი ზურამ მომიწყო. ძალიან მესიამოვნა მისი ყურადღება.
- მეც მივხვდი, რომ პალტო მოგეწონა, მაგრამ არ იყიდე, - გამიღიმა ნინომ.
- ჰო, ძალიან მომიხდა, - ვთქვი და პალტო შემოვიცვი. სარკესთან მივედი და ჩემი თავი შევათვალიერე.
- მაგარია! - ცერა თითი ზემოთ ასწია ნინომ.
- პალტო კი არა, ზურაა მაგარი, - დავასკვენი ხმამაღლა.
- ნუუუ... მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. ჩემი ძმა ყველაზე მაგარი მამაკაცია მსოფლიოში, - თავმომწონედ თქვა `მულმა~ და რომ არ დავთანხმებოდი, ნამდვილად ეწყინებოდა. თუმცა, არც საიმისო საფუძველი მქონდა, რომ საპირისპირო აზრი დამემტკიცებინა.
ზურა საკმაოდ გვიან მოვიდა, დაღლილი ჩანდა, მაგრამ მაინც კარგ განწყობილებაზე იყო. გაბადრული სახით შემოაბიჯა სახლში. მაშინვე მოვეხვიე, ლოყაზე ვაკოცე და მადლობა გადავუხადე საჩუქრისთვის.
- არაფრის, პატარავ... ნინო სად არის? - მომიჭრა მოკლედ.
- აქ ვარ! - ოთახიდან შეეხმიანა ნინო.
- ნატ, მშია! - საცოდავი თვალებით შემომხედა ზურამ. - მაგრამ ალბათ, ჭორაობას გადაჰყევით და ვის ახსოვდა ვახშამი, არა?
- ჩვენც გვშია და შენ გელოდით. წამო, სადმე წაგვიყვანე, რა... - შეეხვეწა ნინო.
- კენჭი ვყაროთ! - იდეა მოგვაწოდა ზურამ. - აბა, ვინ არის მომხრე, რომ მაღაზიიდან გამზადებული საჭმელი მოვიტანოთ და შინ ვივახშმოთ? - იკითხა, თვითონ ასწია ხელი და გადმოგვხედა. ძალიან მეზარებოდა შინიდან გასვლა, მაგრამ ზურას არ ავუბი მხარი. - ვინ არის მომხრე, რომ მცხეთაში წავიდეთ და რესტორანში ვივახშმოთ? - იკითხა ხელახლა. მე და ნინომ ერთდროულად ავწიეთ ხელი. - კარგი, როგორც გინდათ. ხომ ვიცოდი, რომ მაინც ისე იქნებოდა, როგორც თქვენ გინდოდათ, - ჩაიბურტყუნა, მაგიდაზე დადებულ მანქანის გასაღებს ხელი წამოავლო და ორივე წინ გაგვიგდო, თვითონ ბურტყუნ-ბურტყუნით მოგვყვებოდა უკან.

მცხეთიდან საკმაოდ გვიან წამოვედით. დიღმის შესასვლელთან ვიღაც მამაკაცი იდგა და გამვლელ მანქანებს ხელს უწევდა.
- გავიყოლოთ! - თქვა ზურამ და მის ფეხებთან დაამუხრუჭა. მე და ნინო უკანა სავარძელზე ვისხედით. უცნობმა წინა კარი გამოაღო და ზურას გვერდით მოკალათდა. ის კარგად ჩაცმული, ასე, 45-50 წლის მამაკაცი იქნებოდა.
- გამარჯობა! - საერთო სალამი თქვა და უკან მსხდომებს გადმოგვხედა. - მე ნახალოვკელი ვანო ვარ, თუ რამე დაგჭირდეთ, მიკითხეთ. შვილი მომიკლეს ერთი წლის წინ, თავისსავე ძმაკაცებმა გაწირეს... - დაიწყო თავისი ამბის მოყოლა ისე, რომ არც არავის უკითხავს.
- ახლა სად იყავი? - ჰკითხა ზურამ.
- რესტორანში ვმუშაობ, მუსიკოსად. ახლა დავამთავრე სამსახური და შინ მივდივარ. რა ვქნა, ასეთია ცხოვრება. მემღერება თუ არა, მაინც უნდა ვიმღერო. - იმის ნაცვლად, რომ ამ მამაკაცის მიმართ თანაგრძნობა გამჩენოდა, პირიქით, აგრესია ვიგრძენი და გულში ზურას შევუკურთხე.
- რომელ რესტორანში? - არ ეშვებოდა ზურა.
- აი, აქ, ახლოს, - სადღაც უკან გაიშვირა ხელი.
- რა ჰქვია რესტორანს? - ახლა მე ვკითხე, რადგან ეჭვი გამიჩნდა, რომ ეს კაცი იტყუებოდა.
- ჩემი შვილი 22 წლის იყო, - პასუხს თავი აარიდა და თავისი ამბავი განაგრძო. - ანგელოზივით შვილი მყავდა, ძმაკაცებმა უღალატეს, - გაიმეორა ისევ.
- სადაური კაცი ხარ? - ახლა ზურამ ჰკითხა.
- წარმოშობით იმერელი ვარ, მაგრამ თბილისში დავიბადე და გავიზარდე. შენ რა გქვია? - ჰკითხა ზურას.
- ზურა.
- ზურა, ძმაო, შენ დიდი კაცი ჩანხარ, ალბათ, ბევრი შეგიძლია. 10 ლარი მასესხე და გეფცები, დაგიბრუნებ. ის კაცი არ ვარ, ვალის დაბრუნება რომ არ უყვარს...
ამ დროს, დიდუბიდან სანზონისკენ მიმავალ გზაზე ვიყავით. როგორც ჩანს, ზურას მისი შინ მიყვანა ჰქონდა გადაწყვეტილი. მის თხოვნაზე მანქანა გააჩერა, ჯიბიდან ორმოცდაათლარიანი კუპიურა ამოიღო და გაუწოდა. იმანაც გამოართვა და მაშინვე ჯიბეში გაიქანა. - ახლა, ზევით, დადიანზე ახვალ თუ არა, იქვე გამიჩერე, - თქვა კმაყოფილმა, როდესაც ფული საიმედო ადგილზე დაიგულა.
ზურა მანქანიდან გადავიდა, წინიდან შემოუარა, მარჯვენა კარი გააღო და თავით ანიშნა, რომ ისიც გადასულიყო. ვანო დაემორჩილა მის უსიტყვო ბრძანებას და მანქანიდან წელმოწყვეტილი გადავიდა. ზურამ კარი თვითონ დახურა, ისევ შემოუარა მანქანას, დაჯდა და გასაღები გადაატრიალა.

- მათხოვარი! - მოტორის ხმაურში ძლივს გავიგონე მისი ხმა.
- კი, მაგრამ უცხო ადამიანს რომ მანქანას უჩერებ, შეიძლება? რა იცი, ვინ არის? - ხმა ამოიღო აქამდე ჩუმად მყოფმა ნინომ.
- მე დაგვიანებული მგზავრი მეგონა. ეგ კი მათხოვარი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, შვილის სიკვდილით სპეკულანტობს და არც ისაა გამორიცხული, რომ აქ ყოველ საღამოს `აბირჟავებდეს~ და ფულს მათხოვრობდეს.
- ეგ არც მუსიკოსი იქნება, - ჩავერიე საუბარში.
- რა თქმა უნდა, - მხარი ამიბა ნინომ.
- კარგი, გოგოებო, დაწყნარდით! - სიმშვიდისკენ მოგვიწოდა ზურამ. - ნი, ამაღამ ნატასთან დავრჩეთ, კარგი?
- შენ თუ გინდა, დარჩი, მე რაღა მინდა? - გააპროტესტა ნინომ.
- დარჩი, რა მოხდა მერე? - გულით დავპატიჟე მეც.
- ხვალ დილით ბათუმში მივდივარ. თუ გინდათ, ორივეს წაგიყვანთ, გაგასეირნებთ და ზეგ უკან დავბრუნდეთ.
- აუ, რა კარგია! - ტაში შემოსცხო ნინომ. - ნატ, წავიდეთ?
- წავიდეთ... - ვთქვი და ზაფხული გამახსენდა. - სასტუმროში მე და შენ ერთ ნომერში ვიქნებით, ხოლო ზურა და თავისი ნაშა - ერთად.
- მოკლედ, ვერ დაივიწყე ეგ ამბავი, არა? - სარკეში გამომხედა ზურამ.
- მაგას რა დამავიწყებს?

- რა იყო, რა მოხდა? - დაინტერესდა ნინო. ზურამ თავად დააკმაყოფილა მისი ცნობისმოყვარეობა და მოკლედ მოუყვა იმ დღის ამბები, როცა ბათუმში ერთმანეთს მეორედ შევხვდით და მე დილაუთენია სასტუმროს მეძავთან წავასწარი.
- ნწუ... ნწუ... ნწუ... - თავი გადააქნია ნინომ... ამ თემაზე საუბარი აღარ გაგვიგრძელებია. იმ ღამით ზურა დივანზე დავაწვინეთ, ხოლო მე და ნინო საძინებელში, ჩემს ორსაწოლიან ტახტზე მოვთავსდით. გამთენიისას ზურა თავზე დაგვადგა.
- ვერ ვიძინებ დივანზე, გვერდები მეტკინა, მიიწიე, დამაწვინე, - მეჩურჩულებოდა, მაგრამ ნინოს მაინც გაეღვიძა.
- მოდი, შუაში დაწექი, - ჩურჩულითვე უპასუხა ძმას და ადგილი გაუთავისუფლა. იმანაც უბოდიშოდ გადამაბიჯა, საბნის ქვეშ შეძვრა და გატვრინდა.
დილით ყველაზე ადრე ისევ ზურამ გაიღვიძა და საწოლიდან წამოგვყარა. ისე ჩქარობდა, რომ ყავის დალევაც ვერ მოვასწარით. რამდენიმე წუთის შემდეგ, უკვე დასავლეთისკენ მიმავალ ტრასაზე მივქროდით.
იმ ღამემ ჩვეულებრივად ჩაიარა. საღამოს, როგორც ჩანს, დაღლილობისგან ცოტა მოვიწყინე. ნინო და ზურა ჩემს გამხიარულებას ცდილობდნენ, მაგრამ არ გამოსდიოდათ. მერე სონამ დამირეკა და კარგა ხანს მეჭორავა.

- როგორ ხარ, ნატ?
- კარგად, სონა, შენ?
- მეც კარგად. რატომ აღარ დამირეკე?
- გუშინწინ ხომ გელაპარაკე, გოგო?
- იმის მერე მთელი 2 დღე გავიდა, - გაბუსხული ხმით მითხრა სონამ.
- კარგი, ნუ იბერები... პატარა როგორ არის?
- ჯერ დაუბადებელ პატარას რომ კითხულობ, მამამისმა რა დაგიშავა?
- რობა? როგორ არის რობა?
- ვერ შეიყვარე ჩემი ქმარი, არა?
- მავიწყდება, რომ ქმარი გყავს.
- ბოღმიანი ხარ... ადრე არ იყავი ასეთი და ახლა რა დაგემართა?
- მე ვარ ბოღმიანი? ღმერთო ჩემო, რა უსამართლო ბრალდებაა! - აღვშფოთდი მე.
- აბა, მე ვარ? მე არასოდეს მავიწყდება, რომ ზურა მოვიკითხო. როგორ არის `სიძე~?
- სიძეობას სულ ცოტა უკლია... მშვენივრად გრძნობს თავს. - გადავხედე ზურას.
- მომიკითხე.
- აუცილებლად.
- ნატ, საელჩოდან ხომ არ შეგხმიანებია ვინმე?
- ხუთშაბათს, - მოვუჭერი მოკლედ.
- რა, ხუთშაბათს? - ვერ მიმიხვდა სონა. მე გავჩუმდი.
- ხუთშაბათს გაქვს გასაუბრება?
- ჰო!
- ზურა მანდ არის და ვერ მელაპარაკები?
- ჰო!
- კიდევ არ გითქვამს მისთვის?
- არა!
- იცი, რომ ცუდად იქცევი? - მსუბუქად დამტუქსა სონამ.
- კი, ვიცი!
- მერე?
- რა, მერე?
- მერე, რატომ არ ეუბნები სიმართლეს? როდის აპირებ თქმას?
- როცა ყველაფერი გადაწყდება, მერე.
- რა `ნამიოკებით~ ლაპარაკობ! ახლა ხომ ხარ ღირსი, რომ ზურას დავურეკო და ყველაფერი ჩავუკაკლო?
- ახლა მე, ზურას და - ნინო და ზურა ბათუმში ვართ.
- გასაგებია. კარგი, წავედი ახლა და მერე დაგირეკავ, როცა მარტო იქნები და თავისუფლად საუბარი შეგეძლება. გკოცნი.
- კარგად, სონა! - ტელეფონი რომ გავთიშე, ცოტა ხასიათი გამომიკეთდა.
- მგონი, ის დროა, სონასთან გამგზავრებაზე ვიფიქროთ. ძალიან გენატრება? - მკითხა ზურამ. მხოლოდ თავი დავაქნიე და კვლავ მომეშხამა გუნება, რადგან თავი დამნაშავედ ვიგრძენი იმის გამო, რომ ზურას არ ვეუბნებოდი, საელჩოში, ვიზის მისაღებად საბუთები რომ ჩავაბარე და ხუთშაბათს გასაუბრებაზე მივდიოდი. წამის მეათედში გავიფიქრე, გულახდილად მეთქვა ყველაფერი, მაგრამ ისევ გაჩუმება ვამჯობინე.
ბათუმში მთელი 3 დღე დავრჩით და უკან ოთხშაბათს დავბრუნდით. უკვე ღამის 11 საათი იყო, როდესაც თბილისში შემოვედით. ნინო შინ მივიყვანეთ, მერე, მე და ზურა მივედით ჩემთან, მაგრამ ზურა სულ ნახევარი საათი გაჩერდა და შინ წავიდა. ვაღიარებ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი 4 დღე ჩემ გვერდით გაატარა, მაინც დავიბოღმე, როდესაც ზურა შინ წავიდა. როცა მის გვერდით ვარ, ჩემზე ბედნიერი არავინაა, მაგრამ დავშორდები თუ არა, მაშინვე ათასი ცუდი ფიქრი მიტრიალებს თავში. ზურა რომ წავიდა, მაშინვე დავწექი და თვალები დავხუჭე. წინ მძიმე დღე მელოდა და მინდოდა, გამომეძინა.

დილით მხნედ გავიღვიძე. სადად გამოვეწყვე და 10 საათისთვის უკვე საელჩოში ვიყავი. იქიდან 4 საათზე წამოვედი. გაურკვეველი გრძნობა დამეუფლა. ამერიკაში წასასვლელად ვიზა მივიღე, მაგრამ არ ვიცოდი, უნდა გამხარებოდა თუ არა. სონასთან შეხვედრა უკვე გარანტირებული მქონდა, მაგრამ ამ სიხარულს ზურასთან განშორების დარდი სწონიდა. თითქოს, შუაზე ვიყავი გახლეჩილი.
ასეთი გაურკვეველი განწყობილებით მივედი შინ. ქურთუკი დერეფანში მდგარ სავარძელზე მივაგდე და მაშინვე სონას ტელეფონის ნომერი ავკრიბე. იქ დილის 9 საათი იქნებოდა და ალბათ, სონა უკვე საუზმობდა. ყურმილი მხრით დავიჭირე და თან ჩექმის შესაკრავს დავეჭიდე. ამიტომ, როდესაც სონამ მიპასუხა, ხვნეშით ჩავძახე:
- ალო, სონა, დილა მშვიდობისა!
- რა იყო, ირბინე?
- ჰო, ვირბინე... ვიზა, მივიღე, სონა...
- მერე, სიხარულის ყიჟინა რატომ არ მესმის?
- სონა, წარმოგიდგენია? სულ მალე გნახავ!
- როდის აპირებ წამოსვლას?
- ახალი წლის მერე. - ეს გადაწყვეტილება იმწუთას მივიღე, მანამდე ამაზე არ მიფიქრია.
- მანამდე არ გირჩევნია? ბარემ ახალ წელს ერთად შევხვდებით... იმ კვირაშივე წამოდი, რა!
- რაღა დარჩა? ახალ წლამდე 2 კვირაა დარჩენილი. კიდევ 2 კვირა და წამოვალ. ძველით ახალი წლისთვის მანდ ვიქნები.
- მანამდე კიდევ მთელი თვეა დარჩენილი. რა გაძლებს კიდევ ერთი თვე, უშენოდ?
- სულ რომ არ მიმეღო ვიზა, მაშინ რას იზამდი? - ახლაღა დავიხედე ძირს და გამახსენდა, რომ ჩექმა მხოლოდ ცალ ფეხზე მქონდა გახდილი და ხელში მქონდა შერჩენილი. იქვე დავჯექი და საუბარი გავაგრძელე.
- თუ ახლა შენ უარს გეტყოდნენ, ახალი წლის მერე მე ვაპირებდი ჩამოსვლას. არ მინდოდა, ამის თქმა, რადგან აღარ მოიწადინებდი... რობას ახალ წელს მარტო ხომ ვერ დავტოვებდი? ჰოდა, მასთან ერთად ვიზეიმებდი და მერე თბილისში შევხვდებოდი ძველით ახალ წელს. მანდ სულ სხვანაირია დღესასწაული - უფრო თბილი და კარგი.

- ხომ ხედავ, რობას ვერ ტოვებ მარტო... მეც ვერ ვტოვებ ზურას...
- ზურასა და რობას შორის დიდი სხვაობაა, - გული დამწყდა, ეს რომ მითხრა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
- ჰო, სხვაობა ნამდვილად არის, მაგრამ მეც ისევე მიყვარს ზურა, როგორც შენ - რობა.
- რა თქმა უნდა, გიყვარს და შესაძლოა, იმაზე მეტადაც ვიდრე მე, მაგრამ ხომ იცი, რომ ზურა ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდება, შენ კი მარტო იქნები, მის მლოდინში გული უნდა შეგიღონდეს და შენს უბედობაზე იტირო. ამიტომ, უმჯობესი იქნება, დამიჯერო და ჩემთან ჩამოხვიდე.
- ოჯახთან შეხვდება და შეხვდეს! წელს მერია დიდ ზეიმს აწყობს რიყეზე, გიგანტურ ხაჭაპურს, გოზინაყს, საცივს აკეთებენ და იქ წავალ. თან, გავერთობი, ფულსაც დავზოგავ და ინდაურსა და ნიგოზს არ ვიყიდი, ხაჭაპური რომ არ მიყვარს, ეს შენც იცი. - აშკარად ნირშეცვლილმა ვუპასუხე.
- რა თქმა უნდა, რიყეზე გირჩევნია. იქნებ, იქ ზურასაც გადაეყარო. ხაჭაპურის საჭმელად ეგეც იქ წავა, ალბათ...
- ჰო, აბა! მერე, საცივს შინ წავიღებთ და ქეიფს გავაგრძელებთ...
- ხუმრობა იქით იყოს და კარგად მოიფიქრე, როდის აჯობებს შენი წამოსვლა. იმედია, სულ არ გადაიფიქრებ... თუმცა, ჯერ ზურამ არაფერი იცის და რომ გაიგებს, რა იცი, რა მოხდება... გული მიგრძნობს, დიდი უსიამოვნება გელის...
- გადაიტანს! ცხელ გულზე დავიწყე საბუთების შეგროვება და გამიმართლა.
- შენ რა, ნანობ? დიდი-დიდი, 2 თვით ჩამოხვიდე... მერე, წადი ისევ იმ შენს ზურასთან, ვინ გიჭერს?
- ჰო, დარჩენით ალბათ, ვერ დავრჩები...
- არავინ დაგაძალებს. მოგისიყვარულებ, მოგეფერები და გაგიშვებ... შენ წამოსვლის ზუსტი თარიღი გამაგებინე, რომ ბილეთი აგიღო.
- კარგი, სონა, მოვილაპარაკეთ...

- კარგად!
- გკოცნი...
ახლა საჭირო იყო, შესაფერისი დრო მომეძებნა და ზურასთვის ახალი ამბავი მეცნობებინა... სონას კი არა, მეც მიგრძნობდა გული, რომ ამის გამო, ზურასთან ვიკამათებდი. იქნებ, სონა მართალია? ზურა ოჯახთან ერთად შეხვდება ახალ წელს. მე გაშლილ სუფრასთან მარტო ვიქნები და მის მოსვლას დაველოდები. მაწანწალა ძაღლივით მხოლოდ ზურას `ნარჩენები~ შემხვდება... ვცადე, ფიქრი სხვა რამეზე გადამეტანა, მაგრამ თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა, როგორ მეთქვა ზურასთვის ჩემი გამგზავრების შესახებ. ისიც არ ვიცოდი, მოვიდოდა იმ დღეს თუ არა. მთელი დღის მშიერმა, ის იყო, ერბოკვერცხი შევიწვი და სუფრას მივუჯექი, რომ ზურაც მოვიდა...
- როგორ ხარ? - ვკითხე და უხალისოდ შევუძეხი სამზარეულოში.
- ცუდად! - გაოცებულმა შევხედე - რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი, ნატ... - მითხრა და მოჭუტული თვალებით შემომხედა.
მარი ჯაფარიძე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent