შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარზე (თავი1)


3-07-2016, 14:15
ავტორი tatia27
ნანახია 2 687

არ მიყვარს წარსულზე ფიქრი და ყოველთვის ვცდილობდი, გუშინდელი დღე აღარ გამეხსენებინა. სინდისის დამშვიდებას ყოველთვის საკუთარი შეცდომების გამართლებით და დანაშაულის სხვაზე გადაბრალებით ვცდილობდი. თუმცა, ესეც იშვიათად ხდებოდა, რადგან ყველასა და ყველაფრის დავიწყება შევძელი... ამასთან, ღმერთიც დავივიწყე. ის მაშინ გამახსენდა, როცა მივხვდი, რომ წარსულის გარეშე არც აწმყო არსებობს და არც მომავალი... რაც არ უნდა ქნა, ვერსად გაექცევი საკუთარ თავსა და ნებით თუ უნებლიეთ გადადგმული ნაბიჯების პასუხისმგებლობას...
ღმერთს რომ სულ ვახსოვდი, ამასაც მივხვდი, მაგრამ საკმაოდ გვიან, როცა ვეღარც თავად ვუშველიდი თავს და სხვებმაც უარი მითხრეს დახმარებაზე; თურმე ტყუილად მეგონა, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერი იყო... ეკლესიაში რომ შევედი, შაბათის შეკვეთილ წირვას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. ისიც კი არ ვიცოდი, საიდან უნდა დამეწყო და ანთებული სანთელი რომელი ხატის წინ უნდა დამემაგრებინა და უფრო მეტიც, როგორ გამესწორებინა თვალი წმინდანებისთვის და მეღიარებინა, რომ მართლა აღარავის იმედი მქონდა და არც ვინმეს შეეძლო ჩემი დახმარება, თუ ისინი არ მოახდენდნენ სასწაულს ჩემს ცხოვრებაში...
ლოცვის ნაცვლად ვიდექი და იმის გახსენებას ვცდილობდი, ბოლოს როდის ვიყავი ეკლესიაში, როდის ვილოცე ან რა ვთხოვე უფალს?
ჩემდა სამწუხაროდ, ვერ გავიხსენე... მონათვლითაც იმ დროს მომნათლეს, როცა ჩემზე ბევრი არაფერი იყო დამოკიდებული და ამიტომ, არც ის დღე შემოინახა ჩემმა მეხსიერებამ...
- კეთილი იყოს, შვილო, შენი ღვთის სახლში მობრძანება! - ფიქრი შემაწყვეტინა მოძღვრის ხმამ.
წირვა დამთავრებულიყო და შუა ხანს გადაცილებული მღვდელი იდგა ჩემ წინ. სწორედ ის, ვინც ცოტა ხნის წინ ლოცვას აღავლენდა.
- დამლოცეთ, მამაო! - ვთხოვე და მივხვდი, ვტიროდი, ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა. ესეც სიახლე იყო ჩემთვის: აღარც ის მახსოვდა, ბოლოს როდის ვიტირე...
თავზე ხელი დამადო და დამლოცა:
- არ გინდა, მელაპარაკო? - პირდაპირ სულში ჩამხედა თავისი უძირო ზღვისფერი თვალებით.
- ჯერ არა, არ შემიძლია! - ისევ გავექეცი წარსულსაც და სიმართლისთვის თვალის გასწორებასაც და გამოვიქეცი. გაოცებული დავტოვე ღვთის მსახური, რომელსაც წამიერად გავხედე და იმ დროს დავაფიქსირე, როგორ გადამსახა პირჯვარი...
მანქანაში ჩავჯექი და ისეთი სისწრაფით დავძარი, ლამის იქვე, მოსახვევში ხეს შევასკდი. კიდევ კარგი, არც ქუჩაში იყო ბევრი ხალხი, თორემ ვიღაცას გადავუვლიდი და კიდევ ერთ ცოდვას ავიკიდებდი...
ახალგაზრდა, ოცდახუთიოდე წლის მამაკაცი მომიახლოვდა:
- ცუდად ხართ?!
- სახლში მიმიყვანე და კარგად გადაგიხდი...
- გადახდა რას ნიშნავს? ფული იგულისხმეთ?! - მკითხა უემოციოდ, ამიტომ ვერ მივხვდი, ეწყინა თუ გაუხარდა, რომ მოულოდნელი შემოსავლის წყაროს მიაგნო.
- რა თქმა უნდა, აბა, რით უხდიან ასეთ შემთხვევაში? - ვერ დავფარე გაღიზიანება.
- არც არაფრით! - აიჩეჩა მხრები. - საჭესთან დამსვით და მითხარით, სად მიგიყვანოთ.
დავემორჩილე და მისამართი ვუთხარი. სახლთან რომ მიმიყვანა და მანქანა სადგომზე დავაყენეთ, საფულედან ოცლარიანი კუპიურა ამოვიღე:
- აქედან ტაქსით დაბრუნდებით...
არც შემომხედა. ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა:
- ნიკუშ, ძნელაძეზე ვარ. აი, იქ, ახალი კაფე რომ გაიხსნა. მომაკითხე და შენს საქმეზეც გავიდეთ ბარემ... ნახევარ საათში... კარგი, მაშინ იმ კაფეში შემოდი, ყავას დავლევ... - ტელეფონი გათიშა და შემომხედა. - თქვენც ხომ არ დალევთ ჩემთან ერთად ყავას?
რატომღაც დავეთანხმე:
- ოღონდ მე დაგპატიჟებთ. რაღაცით ხომ უნდა გადაგიხადოთ მადლობა...
- როგორც გინდათ! - ისევ უემოციოდ აიჩეჩა მხრები.
ვიტრინასთან მიდგმული მაგიდა არჩია:
- ჩემი მეგობარი რომ მოვა, აქედან უცებ დავინახავ! - ამიხსნა.
- ყავის გარდა, რამე შევუკვეთო?
- მე არაფერი მინდა.
- არც მე...
სანამ ყავას მოგვიტანდნენ, სიგარეტი ამოიღო და მეც გამომიწოდა კოლოფი:
- მოწევთ?
მიუხედავად იმისა, რომ აქტიური მწეველი არასოდეს ვყოფილვარ, უარი არ მითქვამს. სანთებელა მომიმარჯვა და გავაბოლე თუ არა, მივხვდი, რომ მესიამოვნა. მსგავსი რამ ადრე არასოდეს მიგრძნია, თორემ სიგარეტს ხელიდან ვერ გამაგდებინებდნენ. როგორც ჩანს, მართლა ცუდად ვიყავი...
- რა გქვია? - მკითხა ბიჭმა.
- ნია.
- ლამაზი სახელია. მე გურამი მქვია, მაგრამ გუგას მეძახიან და შეგიძლიათ, თქვენც ასე მომმართოთ.
გამეღიმა:
- გგონიათ, ოდესმე ისევ შევხვდებით?
- ვინ იცის, ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე და რადგან დღეს შეგვახვედრა განგებამ, იქნებ სხვა დროსაც შევხვდეთ...
- სხვა დრო აღარ იქნება! - შევაწყვეტინე მოუთმენლად და მის მზერაში თანაგრძნობა დავინახე:
- არ გინდათ, მითხრათ, რატომ ხართ ასე ცუდად?
- რამდენი წლის ხართ?
- ოცდაოთხის.
- მე 37 შემისრულდა ორიოდე თვის წინ...
- არ გეტყობათ! - ისევ ემოციის გარეშე მითხრა.
- უცნაური ვინმე ხართ! - ავიჩეჩე მხრები.
- რატომ? - ისევ გულგრილად შემომხედა.
- არც სიხარულს გამოხატავთ, არც სიბრაზეს, არც წყენას...
- ამის გამო სხვებსაც მოუციათ შენიშვნა, მაგრამ...
მერე წამოდგა და ვიტრინის მინას მიუკაკუნა:
- ჩემი მეგობარი მოვიდა და უნდა დაგტოვოთ, მართლა მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. ტელეფონის ნომერი მომეცით: ახლა თუ არ გინდათ ლაპარაკი, მოგვიანებით დაგირეკავთ და მეტყვით, რომ კარგად ხართ...
უარის თქმა დავაპირე, მაგრამ უცებ გადავიფიქრე და მობილური ტელეფონი გამოვართვი, ჩემი ნომერი ავკრიფე...
- წავედი. ყველაფრისთვის მადლობა, გადასახდელად აღარ გავიწევ! - ესეც ზედმეტი გაპრანჭვის გარეშე მითხრა და მივხვდი, მომწონდა კიდევაც მისი ეს ყველაფრისადმი უემოციო დამოკიდებულება...
ყავის საფასურს რომ ვიხდიდი, კონიაკის შეფუთვა ვთხოვე ბარმენს. მომეჩვენა, რომ დალევა მინდოდა და სასმელი სახლში წავიღე...
ჩემი სახლი ის საოცნებო კუნძულია, სადაც ყოველთვის მშვიდად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ახლა იმ სიჩუმემ და იდილიურმა გარემომაც გამაღიზიანა, რითაც ნაცნობი კედლები შემომეგებნენ...
ტანსაცმელი შესასვლელშივე გავიხადე და დაუდევრად მივყარე. აბაზანაში შევედი და თბილი წყლის ქვეშ ვცადე სიმშვიდისა და წონასწორობის აღდგენა, რაც თითქოს გამომივიდა...
ტელეფონმა დარეკა. შეიძლება, სამსახურიდან მეძებდნენ, ან იქნებ ლევანს უნდოდა ჩემი ნახვა, მაგრამ ახლა არც მისი თავი მქონდა და არც არავისი. როგორც არასდროს, ისე მჭირდებოდა განმარტოება, ამიტომ ჯერ მობილური ტელეფონი გამოვრთე და მერე - სახლის...
დილიდან მშიერი ვიყავი და მართალია, შიმშილის შეგრძნება არ მქონდა, მაგრამ აუცილებლად უნდა მეჭამა რამე, რომ გონება არ დამეკარგა და ძალაც მომეკრიბა, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა აზრი ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის სიცოცხლისთვის ბრძოლას...
ძალად გადავყლაპე რამდენიმე ლუკმა, მერე კონიაკის ბოთლი გავხსენი, პირდაპირ მოვიყუდე და რამდენიმე ყლუპი მოვსვი... სასმელი ცხელ ნაკადად მოედო ჩემს სისხლძარღვებს და მივხვდი, მეტი არც დალევა მინდოდა. ალბათ, უფრო ძილი მიშველიდა - უსიზმრო და უგრძნობი, გათიშული ძილი, მაგრამ ჩემი აგზნებული გონების გათიშვაც წარმოუდგენლად მეჩვენებოდა...
საწოლში ჩავწექი და წიგნის კითხვა ვცადე, რომელიც თვეზე მეტია მიდევს ტუმბოზე. მიქეს, - ამ ბოლო ხანებში უკეთესი წიგნი არ გამოსულა მსოფლიო ლიტერეტურაშიო, მაგრამ რატომღაც ვერ დავუდე გული. ვცადე, ახლა მაინც წამეკითხა, მაგრამ რამდენიმე ფურცლის მექანიკურად გადაშლის შემდეგ, მივხვდი, რომ არაფერი ეკარებოდა ჩემს გონებას, აზრი არ ჰქონდა კითხვასაც და იმ დროს გამახსენდა ალბომი - ჩემი წარსულის "სამხილებით" სავსე საოჯახო ალბომი, რომელიც საუკუნეა, არ მინახავს იმავე მიზეზის გამო - წარსული რომ არ გაეხსენებინა, მაგრამ ახლა აწმყოს დავიწყება უფრო მჭირდებოდა, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა, რაც აქამდე ერთადერთი ჭეშმარიტება მეგონა...
საწოლიდან წამოვხტი და წიგნების კარადის ის უჯრა გადმოვქექე, რომელსაც თითქმის არასოდეს ვეკარებოდი... ალბომი ძველი და გაცრეცილია, სურათებიც დაუდევრად მაქვს შიგ ჩაყრილი...
დედა ერთი წლის წინ გარდაიცვალა. ძალიან ლამაზი იყო შუა ხნის ასაკშიც კი, თორემ ახალგაზრდა - მით უფრო... მამა არ მახსოვს. ამბობენ, ისიც ლამაზი ბიჭი იყოო. მისი სურათი არ მაქვს. ის ე.წ. კანონიერი ქურდი ყოფილა, დედაზე 15 წლით უფროსი. 17 წლის გოგო ძალით დაიმორჩილა და დააორსულა, ცოლად მისი შერთვა კი არც უფიქრია, თავისი სამყაროს კანონებიდან გამომდინარე. თუმცა ისიც "გააგებინა" დედის ოჯახსა და სანათესავოს, რომ ნანი მისი საკუთრება იყო და სანამ ცოცხალი იქნებოდა, სხვა მამაკაცს სათოფეზე ვერ გაეკარებოდა. მამა ჩემს დაბადებას არ მოსწრებია. მოსკოვში მოკლეს კრიმინალური გარჩევისას, რაც დედაჩემის ოჯახს დიდად არ სწყენია. დედამ რა იგრძნო, არ ვიცი, ის ჩემთან ასეთ რამეებზე არასოდეს ლაპარაკობდა. ბებია-ბაბუამ გამზარდა და კარგა ხანს სწორედ ისინი მეგონნენ ჩემი მშობლები...
დედა მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გახდა და მერე აღარ ისურვა საქართველოში დაბრუნება. რუს მამაკაცზე - ვიაჩესლავ ხორკინზე გათხოვდა და იქ ჩემი წაყვანაც მოინდომა, მაგრამ მაშინ უკვე 10 წლის ვიყავი და არ ვინდომე თითქმის უცნობ დედასთან და მამინაცვალთან ცხოვრება, ბებია-ბაბუასთან დავრჩი... დედას ორი ქალიშვილი შეეძინა მეორე ქმართან - ანა და მარია. ახლა ორივე გათხოვილია და ყველანაირად ცდილობენ ჩემთან ურთიერთობის შენარჩუნებას, მაგრამ მე არც მათთან დაახლოება გამობამდის, ისევე, როგორც დედასთან ვერ მოვახერხე...
დედა კიბოთი გარდაიცვალა. უფრო სწორად, კიბოს დიაგნოზი რომ დაუსვეს, სანამ დაავადება ბოლოს მოუღებდა, ავარიაში დაიღუპა. თავად მართავდა მანქანას, რომელიც ბეტონის კედელს შეასკდა და ადგილზევე გარდაიცვალა. ვეჭვობ, რომ ეს ავარია განგებ მოაწყო. ექიმი იყო და კარგად იცოდა, რაც ელოდა დაავადების ბოლო ეტაპზე... დედა ამაყი იყო, ძლიერი და უმწეობას ვერ შეეგუებოდა. ჰოდა, მანამ დაასრულა სიცოცხლე, სანამ უკურნებელი სენი დააჩოქებდა...
დედა კიბოთი გარდაიცვალა. უფრო სწორად, კიბოს დიაგნოზი რომ დაუსვეს, სანამ დაავადება ბოლოს მოუღებდა, ავარიაში დაიღუპა. თავად მართავდა მანქანას, რომელიც ბეტონის კედელს შეასკდა და დედა ადგილზევე გარდაიცვალა.
ვეჭვობ, რომ ეს ავარია განგებ მოაწყო. ექიმი იყო და კარგად იცოდა, რაც ელოდებოდა დაავადების ბოლო ეტაპზე... დედა ამაყი იყო, ძლიერი და ვერ შეეგუებოდა უძლურებას. ჰოდა, მანამ დაასრულა სიცოცხლე, სანამ უკურნებელი სენი დააჩოქებდა...
კიბო რომ ჰქონდა, ამის შესახებ თვითონ მითხრა. დიახ, თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა ამის სათქმელად... დედად ვერც აღვიქვამდი, მიჭირდა მასთან ურთიერთობა და არც მესიამოვნა, როცა მითხრა, რომ ჩამოსვლას აპირებდა. მაშინ უკვე მარტო ვცხოვრობდი. აღარც ბებია იყო ცოცხალი და აღარც ბაბუა. ისინიც ამ ქვეყნიდან ახალგაზრდები წავიდნენ - ბაბუა ძილში "გაიპარა", დილით მკვდარი დახვდა ბებიას საწოლში. არადა, არასოდეს უთქვამს, რომ რაიმე აწუხებდა, მით უფრო, გული. 62 წლის იყო, რომ გარდაიცვალა. ბებია კი მართლა მის დარდს გადაჰყვა - ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. დეპრესია დაემართა - არც ჭამდა, არც სვამდა, სულ სასაფლაოზე უნდოდა ყოფნა. ერთ დღესაც, ინფარქტი დაემართა და საავადმყოფოში რომ გადაჰყავდა "სასწრაფო დახმარების" ბრიგადას, გზაში გული გაუჩერდა...
მაშინ სტუდენტი ვიყავი, მხოლოდ და მხოლოდ 19 წლის. დედამ მშობლები რომ დაასაფლავა, ისევ სცადა ჩემი მოსკოვში წაყვანა, მაგრამ ისევ სასტიკი წინააღმდეგობა გავუწიე და ვაწყენინე:
- როცა მართლა მჭირდებოდი, მაშინ არ გიდარდია ჩემზე და ახლა რა მომივა უშენოდ?! - შევაწყვეტინე უხეშად, როცა ცდილობდა, ჩემთვის დაემტკიცებინა, თუ რატომ არ შეიძლებოდა, მარტოს მეცხოვრა 19 წლის გოგოს უზარმაზარ ქალაქში...
- შენ კი არა, საკუთარ ცხოვრებას გავექეცი! - მითხრა გულდაწყვეტილმა და თითქოს დააპირა სიმართლის თქმა, მაგრამ არ მოვუსმინე:
- ის ვიცი, რომ დედა დიდი ხნის წინ დავკარგე, რადგან უარი თქვა ჩემზე და საკუთარი ცხოვრების მოწყობაზე მეტი იფიქრა. ახლა კი უცხო ხარ ჩემთვის და რატომ არ გესმის ეს?!
დედა წავიდა. დროდადრო ფულს მიგზავნიდა და მაინც ცდილობდა, მოსკოვში წასვლაზე დავეთანხმებინე, მაგრამ ბოლოს აღარც ვპასუხობდი მის წერილებს და სატელეფონო ზარებს. მერე მეც გავთხოვდი. გულწრფელად რომ ვთქვა, ესეც დედის ჯიბრზე გავაკეთე, - მინდოდა დამემტკიცებინა, რომ დიდი და დამოუკიდებელი ადამიანი ვიყავი. არადა, ჩემი ოჯახური ცხოვრებაც ხანმოკლე აღმოჩნდა. სანდრო ნარკომანი ყოფილა და ეს მაშინ გამჟღავნდა, როცა ჩვენი დღენაკლული შვილი ცერებრალური დამბლით დაიბადა და რამდენიმე თვე იცოცხლა, - ისიც საშინელ ტანჯვასა და ტკივილებში, რადგან სიცოცხლესთან შეუთავსებელი არაერთი პათოლოგია ჰქონდა...
შვილის ერთადერთი სურათი დამრჩა, რომლის ნახვაც ყოველთვის საშინელ ტკივილს მაყენებდა. რომ ეცოცხლა, ისიც უბედური იქნებოდა და მეც... ალბათ ცუდი ადამიანი ვარ, ამას რომ ვაღიარებ, მაგრამ ასეთ ბავშვებს, ექიმები, დაბადებისთანავე, მშობლების დაუკითხავად, ევთანაზიას უნდა უკეთებდნენ. მათ ხომ იციან, რომ ასეთი ადამიანების სიცოცხლეს აზრი არასოდეს მიეცემა და ტანჯვისთვის იქნებიან განწირულები?!. ჩემი შვილი გოგონა იყო. მას ნინიკო ერქვა და ის ბებია-ბაბუას საფლავებს შუა დავასაფლავებინე. მალე ჩემი ქმარყოფილი - სანდრო წილოსანიც ნარკოტიკის ზედმეტი დოზის მიღების შემდეგ დაიღუპა. მის გასვენებაშიც კი არ მივედი, რადგან ის ჩემთვის მაშინ მოკვდა, როცა მითხრეს, რომ ჩემი გოგონას უბედურება მისი ბრალი იყო...
სანდროს დედ-მამა დიდხანს ცდილობდა ჩემთან ურთიერთობის შენარჩუნებას. არ არიან ცუდი ადამიანები. მათი ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ დედისერთა შვილს უარს არაფერზე ეუბნებოდნენ, ზედმეტად გაანებივრეს და შედეგად ის უბედურება მიიღეს, რომ გატუტუცებულმა, ნარკოტიკით თავი დაიღუპა... სანდრო მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. ის ჩემი საუკეთესო თანაკურსელის, ნინო წილოსანის ბიძაშვილი იყო. მომავალმა დედამთილ-მამამთილმაც იმ დღეს მნახა პირველად და როცა დაინახეს, როგორი აღფრთოვანებული იყო სანდრო ჩემით, ჩვენს დაახლოებას ხელი შეუწყვეს. სანდროს დედა მეგობრის ხელით მიგზავნიდა საჩუქრებს, მირეკავდა და სტუმრადაც კი დადიოდა ჩემთან - მპირდებოდა, რომ შვილივით შემიყვარებდა, თუ სანდროს ცოლი გავხდებოდი... არც სანდრო პასიურობდა, მაგრამ ისიც მაგრძნობინა, რომ ჩემი მომტაცებელი არ იყო, თუ ნებით არ გავყვებოდი. ძალიან ლამაზი ბიჭი იყო, გოგონებში პოპულარობით სარგებლობდა და არც ცოლის შერთვა გაუჭირდებოდა, თუ უარით გავისტუმრებდი:
- ნიაკო, კარგი გოგო ხარ, სხვებს არ ჰგავხარ. არც ცერცეტა ხარ და ასაკთან შედარებით, ბევრად სერიოზულიც ჩანხარ, ამიტომ მომეწონე. თანაც ჩემსავით დედისერთა ხარ. უფრო მეტიც, არც მშობლები გყავს, არც ბებია-ბაბუა... შენ ოჯახი გჭირდება, ჩემს მშობლებს კი შენსავით კარგი შვილი...
- შენ ხომ ჰყავხარ?! - შევხედე გაოცებულმა.
- რამე რომ მომივიდეს, შენ შემცვლი! - მითხრა და ისეთი სევდიანი თვალებით შემომხედა, გული მომეწურა. მაგრამ, მაშინ სასაცილოდ არ მეყო მისი პესიმიზმი:
- რა უნდა მოგივიდეს, რა სისულელეა?!
აღარაფერი მითხრა, მაგრამ იმ ლაპარაკის შემდეგ თითქოს მომნუსხა და დარწმუნებული ვიყავი, ჩემი ნახევარი, ჩემი შესაფერისი, ტოლი და სწორი ვიპოვე...
როცა დავქორწინდით, 20 წლის ვიყავი, სანდრო კი ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო. წილოსნებმა გრანდიოზული ქორწილი გადაგვიხადეს. დედაც თავისი ქმარ-შვილით მოსკოვიდან ჩამოვიდა. ჩემი დები მაშინ პატარები იყვნენ, მაგრამ მაინც ყურადღების ცენტრში მოექცნენ - ცხრა-ათი წლისანებსაც ეტყობოდათ, რომ მზეთუნახავები იზრდებოდნენ. უმცროსი - მაშა რაღაცით მგავდა, ანა სხვანაირი იყო, მამის გენები მეტი გამოჰყოლოდა...
დედამ სანდროს საქორწინო საჩუქრად ახალი მანქანა მოართვა. აეროპორტში რომ გავაცილეთ, გვერდზე გაიყვანა და დიდხანს ელაპარაკებოდა.
- რას გეუბნებოდა? - ვკითხე ქმარს, მარტონი რომ დავრჩით და შინ ვბრუნდებოდით.
- ჩემს ნიაკოს გაუფრთხილდიო... ძალიან უყვარხარ, ნი, დედას... მომეჩვენა, რომ ბედნიერი არასოდეს ყოფილა და მისი ახლოს გაცნობა მომინდა.
- დედას შენ კი არა, მეც არ ვიცნობ, ფაქტობრივად! - ავიჩეჩე მხრები.
- ცუდი ძალიან! - ამოიხვნეშა სანდრომ...
სამწუხაროდ, ისე გარდაიცვალა დედაჩემი, არ მოვინდომე მისი ახლოს გაცნობა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ბევრჯერ სცადა ეს.
სანდრო რომ გარდაიცვალა, მაშინაც ჩამოვიდა და ჩემი საბრალო შვილის დაკრძალვაზეც. არც მაშინ მოგვშორებია გვერდიდან, როცა გაიგო, თუ როგორი ავადმყოფი დაიბადა ჩემი გოგონა. მოსკოვშიც გადაგვაფრინა, სადაც, სამწუხაროდ, მხოლოდ დაადასტურეს მისი უმძიმესი დიაგნოზი და დაგვარწმუნეს, რომ ერთ წლამდეც ვერ იცოცხლებდა... როცა მოსკოვიდან გვიშვებდა, დედამ შემომთავაზა, ბავშვი დამეტოვებინა:
- მას ვეღარაფერს უშველით, ნია, მხოლოდ გაწამდებით... თუ დატოვებ, პირობას გაძლევ, რომ საავადმყოფოში ბოლო წუთებამდე არაფერს მოაკლებენ და მძიმე წუთებს მაქსიმალურად შეუმსუბუქებენ... ისედაც დაბოღმილს მთლად გადამეკეტა გონება და საღად განსჯის უნარიც დავკარგე, ჯავრი დედაზე ვიყარე:
- ადვილი სათქმელია შვილის მიტოვება, მით უფრო - შენნაირი ქალისთვის, რომელმაც დაუფიქრებლად მიმაგდო მოხუც მშობლებთან და ოღონდ საკუთარი ცხოვრება აეწყო, სულ არ გიდარდია, რას ვგრძნობდი უდედოდ დარჩენილი...
- ბებიას და ბაბუას შენთვის არაფერი დაუკლიათ! - სცადა თავის მართლება.
- მაგრამ მათ დედა ვერ შემიცვალეს! - ზურგი შევაქციე და მაშინაც არ შევურიგდი, როცა ჩემი საბრალო გოგონას დაკრძალვაზე ჩამოვიდა.
მერე სანდროც დაიღუპა. რაც მისი ოჯახიდან წამოვედი, მთლად მოეღო ბოლო და გამოუფხიზლებელ კაიფში იყო. მისი მშობლები მიიჩნევდნენ, რომ მხოლოდ მე შემეძლო მისი გადარჩენა, დაბრუნებას მევედრებოდნენ, მაგრამ არც მათ მოვუსმინე:
- უკვე მომიკვდა შვილი და ეს თქვენი სანდროს გამო მოხდა... როგორ არ გესმით, რომ ის მკვლელია და იქნებ გეკითხათ მისთვის, უღირს თუ არა დამძიმებული სინდისით ცხოვრება?!
- შენ თუ ეტყვი, იმკურნალებს და იცოცხლებს! - ლამის მუხლებში ჩამივარდა ევა დეიდა, სანდროს დედა, მაგრამ გამოვექეცი სასოწარკვეთილ მშობლებს და გასაკვირია, რომ ამის შემდეგ მათ მაინც ისურვეს ჩემთან სიახლოვე, მიუხედავად იმისა, რომ სანდროს დაკრძალვაზეც არ მივედი. იმ დღეებში სახლში ჩავიკეტე და არავინ გავიკარე...
21 წლის ვიყავი და თავი 100 წლის დედაბერი მეგონა, გულმოკლული და გრძნობაგამოცლილი. ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ ტირილიც კი აღარ შემეძლო და დავიფიცე, რომ ცხოვრებაში აღარავის შევიცოდებდი, გვერდით არ დავუდგებოდი, არ შევიყვარებდი...
თავად მოვიდნენ წილოსნები ჩემთან:
- სანდროს შემდეგ ჩვენი ერთადერთი შვილი ხარ, ნია, და თუ რამე გაგვაჩნია, შენია. იმაზე ფიქრით ვიცხოვრებთ, რომ ადრე თუ გვიან, დაბრუნდები ჩვენთან და მშობლებად გვაღიარებ...
- დანახვაც არ მინდა თქვენი და როგორ გაგაგებინოთ ეს?! - ვიყვირე მოთმინებადაკარგულმა და წილოსნები სახლიდან გავყარე...
სწავლას დავუბრუნდი. შვილის გაჩენამ და ავადმყოფობამ უნივერსიტეტში 1 წელი დამაკარგვინა. თავი აღვიდგინე და ერთ წელიწადში იმდენი მოვახერხე, რომ 2 კურსი დავხურე. მერე კი, როგორც თურქული და არაბული ენების სპეციალისტი, სტაჟირებაზე უცხოეთში გავემგზავრე - ერთი წელი ეგვიპტეში ვიცხოვრე, ერთიც - თურქეთში...
თურქეთში საიდი გავიცანი. ის დღისით სწავლობდა და ღამით მამის კუთვნილ კლუბში მუშაობდა. რომ გაიგო ქართველი ვიყავი, გაუხარდა და მითხრა, რომ მასაც ქართული ფესვები ჰქონდა, რითაც მამამისი ყოველთვის ამაყობდა. სახლშიც მიმიწვია, რომ ჩემთვის თავისი ოჯახი გაეცნო. ნური-ბეი, საიდის მამა კარგად შემხვდა. მან პირდაპირ მითხრა, რომ ასაკთან შედარებით სერიოზული ვჩანდი და თუ მოვინდომებდი, მისი საქმიანი პარტნიორიც შემეძლო, გავმხდარიყავი...
გამიკვირდა და არც დამიმალავს ჩემი გაოცება:
- სერიოზული ბიზნესმენი ხართ, მე კი ერთი უფულო სტუდენტი, რომელიც თქვენს ბიზნესში კაპიტალს ვერ ჩადებს...
- ჩემს საქმეში ფულზე მეტი კაპიტალი შეგიძლია, ჩადო! - ეშმაკურად მოჭუტა თვალები და გამიღიმა. მერე კი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მითხრა, რომ მისი კლუბის ძირითადი შემოსავლები არალეგალური ბორდელის დამსახურება იყო. იმ ბორდელში კი ყოველთვის დიდი მოთხოვნილება ქართველ გოგონებზე იყო, რომლებიც ზედმეტად "ნიჭიერებიც" კი ყოფილან ასეთ რამეებში...
- შეურაცხყოფას მაყენებთ! - მეც პირდაპირ დავაპირე უარის თქმა. - რა გამოდის, საწყალი გოგონები მოტყუებით უნდა ჩამოვიყვანო, რომ გავაუბედურო და მათი ცოდვა დავიდო?!
- არც ვინმეს მოტყუებას არ გავალებ და არც ვინმეს გაუბედურებას, საქმეც ამაშია! - შემაწყვეტინა ნური-ბეიმ.
- ვერ გავიგე?! - დაინტრიგებული მივაცქერდი.
- ქართველი ქალების გარკვეული ნაწილი სულაც არ არის ისეთი პატიოსანი, როგორც საქართველოში აჩვენებენ თავს და ბევრი თანხმდება ისეთ სამსახურზე, რასაც ვთავაზობ. ჩემი ბორდელი ელიტურია, სამედიცინო მომსახურებითა და ძლიერი დაცვის სამსახურით, აქ გოგონები დაცულად გრძნობენ თავს, ფულს შოულობენ და საქართველოში დაბრუნებულები გათხოვებასაც ახერხებენ. მათი წარსული აქვე იმარხება და ვერავინ გაიგებს, როგორ მოახერხეს ღირსეული მომავლის შექმნა...
- ათასი კაცის ხელში გამოვლილ გოგოს შეიძლება ღირსეული მომავალი ჰქონდეს?! - ამრეზით გავხედე მამის ტოლ კაცს.
- დამიჯერე ასეა და ბევრი გოგო დაგრჩება მადლიერი, თუ ჩემამდე მოსასვლელ გზას გაუკაფავ. ვინც ბოზად დაიბადა, უშენოდაც დაადგება ამ გზას და არავინ იცის, ვის ხელში აღმოჩნდება. იმაში ხომ მეთანხმები, რომ ბევრი ახალგაზრდა ქალი ცდილობს, ახლა საქართველოს დატოვებას?!.
1997 წელი იდგა და მართლაც ბევრი ქალი ცდილობდა საქართველოდან გასვლას, რომ სამუშაო ეშოვნა და ოჯახი შიმშილით სიკვდილისგან ეხსნა...
- ასე უცებ ვერ დაგეთანხმებით! - მაინც შორს დავიჭირე თავი...
საიდს შევუყვარდი და თანახმა იყო, ცოლადაც შევერთე:
- განათხოვარი ვარ, შვილიც მყავდა, რომელიც მომიკვდა და ამიტომ, დავშორდი მამამისს... როგორ ფიქრობ, ასეთი წარსულის მქონე ქალს რძლად მიმიღებს აზიატი მამაშენი?! - არ დამიმალავს მისთვის სიმართლე.
- მამაჩემმა საიდან უნდა გაიგოს შენი წარსულის შესახებ, ჩვენს საძინებელში მოწმედ კი არ დავისწრებ საქორწინო ღამეს. მთავარია, მე და შენ მოვრიგდეთ! - გულწრფელად მითხრა შეყვარებულმა ბიჭმაც, მაგრამ მის ცოლობაზე მაინც უარი ვთქვი - არ მიყვარდა და ეგეც არ იყოს, ჯერ ისევ ღია იყო ჭრილობა, პირველმა ქორწინებამ რომ დამიტოვა. ვერც კი წარმომედგინა თუ ოდესმე ისევ გამიჩნდებოდა გათხოვებისა და ვინმეს ცოლობის სურვილი. მხოლოდ მეგობარი შეიძლებოდა საიდისთვის ვყოფილიყავი და როცა სწავლას მოვრჩი და საქართველოში ვბრუნდებოდი, საიდმა მამამისის დანაბარები გადმომცა:
- შენთან შეხვედრა უნდა...
უარის თქმა დავაპირე, მაგრამ მერე მაინც წავედი ნური-ბეისთან, რომელმაც თავისი სავიზიტო ბარათები გადმომცა:
- იფიქრე ჩემს წინადადებაზე და წაგებული არ დარჩები. მზად ვარ, ფული ჩავდო და თბილისში ტურისტული სააგენტო გაგიხსნა, სადაც თურქეთში სამუშაოს მსურველებსაც შეხვდები და ჩვენს კლუბში სტრიპტიზიორის ვაკანსიას შესთავაზებ. მთავარია, აქამდე კარგი გოგონები ჩამომიყვანო და მერე რაც მოხდება, ეგ უკვე აღარ არის შენი საქმე და არც შენს სინდისზე იქნება!..
იმ დღეს ისე წამოვედი ნური-ბეისგან, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო, მაგრამ მიუხედავად ჩემი მცდელობისა, ღირსეული და ჩემი განათლების შესაფერისი სამსახური მეპოვა, არაფერი გამომივიდა - საქართველოში მძიმე სიტუაცია იყო: სიცივე, სიბნელე, შიმშილი, მასობრივი უმუშევრობა და სასოწარკვეთილება... მე კი კერძო ინსტიტუტებმა პედაგოგის ვაკანსიები შემომთავაზეს, მაგრამ ისეთი დაბალი ანაზღაურება იყო, ერთი კვირაც არ მყოფნიდა და სახლიდან რომ არ გამეტანა გასაყიდად რაღაც-რაღაცები, შეიძლება შიმშილით მოვმკვდარიყავი...
მალე დავრწმუნდი, რომ ბევრი ახალგაზრდა ქალი ცდილობდა, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას, მათ შორის, ჩემი სტუდენტებიც, რომლებიც სამშობლოში სამომავლო პერსპექტივას ვერ ხედავდნენ და მეც ვითომ სხვათა შორის, ვახსენე ერთ-ერთ ლექციაზე, რომ თურქეთში გავლენიანი ნაცნობები მყავდნენ, რომლებიც თავისი ღამის კლუბისთვის ახალგაზრდა ქალებს ეძებდნენ - მოცეკვავეებს, მზარეულებს, ოფიციანტებს. რომ ვერც წარმოვიდგენდი, ისეთი დაინტერესება გამოიწვია ჩემმა ინფორმაციამ. მარტო ჩემი სტუდენტები კი არა, მათ მიერ მოყვანილი ნათესავები, მეგობრები, ოჯახის წევრებიც კი მეხვეწებოდნენ თურქეთში გადასვლაში დავხმარებოდი და ერთ დღესაც საიდს და მამამისს დავუკავშირდი...
ორიოდე თვეში აიღეს ყველანაირი ნებართვა და დოკუმენტაცია მოაწესრიგეს, ფართიც თვითონ იქირავეს და ტურისტული სააგენტო გამიხსნეს...
საუკეთესო გოგონებს ვარჩევდი და თურქეთში ვაგზავნიდი. საბოლოოდ კი "დასაქმებულებიც" კმაყოფილები დარჩნენ და "დამსაქმებლებიც", რასაც მანამდე ვერ წარმოვიდგენდი. ისევ ვცდილობდი თავის დარწმუნებას, რომ ჩემი გაგზავნილი გოგონები სინდისზე ხელს არ აიღებდნენ და ბორდელში მუშაობაზე ყველა მათგანი უარს იტყოდა, რაც საიდს როცა ვუთხარი, სასაცილოდ არ ეყო:
- ნიაკო, ყველა შენნაირი გგონია. არადა, რომც ეხვეწო, გოგონების 80% არ დათანხმდება მზარეულობას და მით უფრო, დამლაგებლობას, რაშიც იმის მეათედ თანხას ვერ აიღებენ, რასაც მეძავობით შოულობენ. ისინი ოფიციალურად მოცეკვავეები არიან და შრომის წიგნაკებსაც კი ვაძლევთ. ადრე თუ გვიან დაბრუნდებიან საქართველოში და არც ოჯახების შექმნა გაუჭირდებათ. ბევრი გოგონა, ღამით რომ ჩვენთან მუშაობს, დღისით სწავლობს და უმაღლეს განათლებას იღებს...
- მაინც იღუპავენ ცხოვრებას და ეს ცოდვა ჩემს კისერზეა! - მაწუხებდა სინდისის ქენჯნა.
- მოგცლია ერთი! - აღიზიანებდა საიდს საკითხისადმი ჩემი დამოკიდებულება და ისევ ცდილობდა, ცოლობაზე დავეთანხმებინე. მე კი ისევ ფიქრშიც არ ვუშვებდი მამაკაცთან სიახლოვეს. რაც სანდროს გავცილდი, სექსი არავისთან მქონია. არადა, რაც გავმდიდრდი, კაცები ბუზებივით მეხვეოდნენ...
მიუხედავად იმისა, რომ ბებია-ბაბუასგან მემკვიდრეობით მიღებული ბინა საკმაოდ კარგი იყო, ის დედაჩემს გადავუფორმე. ჩემს ნახევარდებს უყვარდათ საქართველო და თბილისი და როცა ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდებოდათ, შეეძლოთ, იმ ბინაში დაბინავებულიყვნენ და აღარ ვიქნებოდი ვალდებული, მათთვის მემასპინძლა და ჩემი ცხოვრების წესი (მყუდროობა და მარტოობა) დროებით მაინც შემეცვალა...
კერძო სახლი ვიყიდე, იაფად ჩამივარდა ხელში. ეზო ჰქონდა, რომელიც ბაღნარად ვაქციე და სახლიც ჩემს გემოზე გადავაკეთე, ყველანაირი კომფორტი მოვიწყვე: მაშინაც კი მქონდა დენი და სითბო, როცა მთელი ქალაქი უსინათლოდ იყო.
მანქანა ვიყიდე და დამხმარე ქალი დავიქირავე, რომელიც დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქში სამუშაოს საძებრად ჩამოსულიყო და უკეთესს ვერც ვინატრებდი: ნატო ორმოცდაათს მიახლოებული ქალი იყო, გათხოვილი არასოდეს ყოფილა. რაც დედ-მამა გარდაეცვალა, სოფელში მეურნეობის გაძღოლა მარტომ ვეღარ შეძლო და ამიტომაც გადაწყვიტა ქალაქში წამოსვლა. მამისეული სახლის კარს ბოქლომი დაადო და სააგენტოში მომადგა - თავიდან მასაც თურქეთში უნდოდა სამუშაოდ წასვლა, მაგრამ თავის თავზე ისეთი რამეები მიამბო, მომეწონა და გადავაფიქრებინე:
- დამიჯერე, თურქეთში იმაზე მეტს ვერაფერს იშოვი, რაც აქ შემიძლია შემოგთავაზო...
დამიჯერა და არც უნანია. ლამის 15 წელიწადია ერთად ვართ და ზოგჯერ დედა უფრო მგონია, მაგრამ ახლა მისი ყურადღებაც კი გამაღიზიანებდა და თავისებური ბედნიერებაა, რომ თვეზე მეტია, რაიონშია წასული. და გარდაეცვალა და მთხოვა, მის ორმოცამდე დისშვილებთან დარჩენის ნება მიმეცა...
ნატო ერთადერთია ალბათ, ვინც ჩემს მძიმე ხასიათს შეეგუა და საკმარისია, თვალებში ჩამხედოს, ხვდება, როგორ ხასიათზე ვარ. თითქმის არასოდეს ლაპარაკობს და თუ რამე არ ვკითხე, შეიძლება დღე ისე გავიდეს, მისი ხმაც ვერ გავიგონო. ზოგჯერ მგონია, რომ ადამიანზე მეტად გონიერი რობოტია, რომელიც არასოდეს უქმნის პატრონს დისკომფორტს... მისი წყალობით ჩემს სახლში ყოველთვის ყველაფერი წესრიგშია და ვერც წარმომიდგენია, როგორ უნდა მეცხოვრა მის გარეშე...
როცა დედა ჩემთან იმის სათქმელად ჩამოვიდა, რომ დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა, მხოლოდ მაშინ სცადა ჩემთვის აზრი შეეცვლევინებინა:
- ნია, დედის გამო ყველანაირი პრინციპი დათმე, თორემ მერე, როცა აღარ იქნება, მოგენატრება და ინანებ, რომ ბოლო დღეები, კვირები და თვეები მის გვერდით არ გაატარე...
- აღარ გააგრძელო! - შევაწყვეტინე უხეშად. - დაიმახსოვრე: არავინ მჭირდება ქვეყანაზე. მით უფრო, ისეთი დედა, როგორიც ნანია - ეგოისტი და უპასუხისმგებლო. მან ჩემი დამახინჯებული სულისა და ფსიქიკის ხარჯზე აიწყო პირადი ცხოვრება და ბედნიერება...
- რა იცი, რომ ბედნიერია?! - ისევ სცადა ნატომ შეწინააღმდეგება, მაგრამ ისევ უხეშად შევაწყვეტინე და მას შემდეგ ამ თემაზე აღარ დამლაპარაკებია...
ინგა ჯაყელი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent