შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარზე (თავი2)


4-07-2016, 18:59
ავტორი tatia27
ნანახია 2 010

ნანიმ პირველად მე გამიმხილა, რომ კიბო სჭირდა. მგონი, ქმრისა და სხვა შვილებისთვის არც არაფერი უთქვამს ამის შესახებ, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან...
რომ ჩამოვიდა, მეგონა, იმ სახლში დარჩებოდა, ბებია-ბაბუასგან რომ გვერგო, მაგრამ ჩემთან ისურვა რამდენიმე დღის გატარება და უარი ვერ ვუთხარი. მის მზერაში რაღაც ისეთი დავაფიქსირე, რაც სხვა დროს არ შემიმჩნევია. დედაჩემს მხიარული და უდარდელი გამოხედვა არც არასოდეს ჰქონია, მაგრამ მაშინ მის თვალებში მაინც სხვა ტკივილი იყო...
მთხოვა, მცხეთაში წამეყვანა. ყველა ტაძარი მოიარა, სანთლები დაანთო, შესაწირავი გაიღო და იტირა კიდეც. გაოცებულმა შევხედე:
- რამე ცუდი ხდება?!
- რესტორანში შევიდეთ, ვისადილოთ! - მითხრა პასუხად და თვითონ შეარჩია ისეთი ადგილი, რომლის ღია აივნიდან საოცარი ხედი იშლებოდა...
საჭმელს თითქმის არ გაჰკარებია და არც მე ვიყავი ჭამის ხასიათზე:
- არ მეტყვი, რა ხდება?!
თვალებში ჩამხედა და ლაპარაკი მძიმედ დაიწყო:
- ნია, ძალიან მიყვარხარ, დიახ, - იმაზე მეტად, ვიდრე შენი ნახევარდები. მათთვის არც ისე კარგი დედა ვიყავი, - არასდროს გამინებივრებია სიყვარულითა და ალერსით. შენ გვერდით რომ არ მყავდი, მეგონა, არც ისინი იყვნენ ამისი ღირსები. კიდევ კარგი, ჩინებული ადამიანია ჩემი ქმარი, იმან შეძლო ჩვენ შორის გაუცხოების კედლის დანგრევა და დაარწმუნა ისინი, რომ გრძნობების გამოხატვა არ შემიძლია, თორემ საუცხოო დედა ვარ. სინამდვილეში კი არც ასეა საქმე და არც ის ვიცი, რა დამსახურებისთვის მომცა უფალმა ამოდენა ბედნიერება, სამი შვილის სახით...
- მამაჩემი გიყვარდა?
- არა! მისი მეშინოდა და არც ის ვიცი, მას თუ ვუყვარდი... მისთვის თოჯინასავით ვიყავი, რომელსაც სიყვარულის გარდა ყველაფერს აძლევდა... მას არც შენი დაბადება უნდოდა, რადგან ქურდული ცხოვრების წესი ამის უფლებას არ აძლევდა, მაგრამ რადგან დავორსულდი, ცოდვას ვერ ვიტყვი, არც უხსენებია აბორტი და რომ ეცოცხლა, არც შენ მოგაკლებდა საჩუქრებსა და ფუფუნებაში ცხოვრებას, მაგრამ მთავარს - სიყვარულს ვერ მოგცემდა...
სანამ მამაშენი გაჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში, თანაკლასელი ბიჭი მიყვარდა. მეგონა, მასაც ისეთივე სიძლიერით ვუყვარდი, როგორი გრძნობაც მე მქონდა მის მიმართ. მამაშენი რომ მოკვდა, მნახა და რომ მეგონა, ცოლობას შემომთავაზებდა, მითხრა, რომ სახელგატეხილ ქალს ოჯახში ვერ შეიყვანდა და მხოლოდ საყვარლად თუ დამისვამდა. ეს რომ მაკადრა, საოცარი სიძულვილი ვიგრძენი მის მიმართაც და ყველაფერი ქართულის მიმართ, რადგან მხოლოდ აქ თუ დაუძახებენ ჩემს ბედში აღმოჩენილ ქალს უღირსს და ბედნიერების უფლებას წაართმევენ. ამიტომ, მოსკოვში წავედი და უკან დაბრუნებაზე აღარც მიფიქრია. მინდოდა, როგორც კი სწავლას მოვრჩებოდი და ცხოვრებას ავიწყობდი, შენც წამეყვანე, მხოლოდ შენთვის მეცხოვრა, მაგრამ სლავას შევხვდი. დავრწმუნდი, რომ ღირსეული ადამიანი იყო და სწორედ მას შეეძლო ჩემნაირი ქალის გაგება. სლავამ შენც შეგიყვარა, მაგრამ შენ არ უჩვენე გული... იცი, ნიაკო, შენც მამას ჰგავხარ და მისგან გამოგყვა მძიმე ხასიათი. როგორც მამაშენს არ შეეძლო სხვისი სიყვარული და გაგება-პატიება, შეცოდება, შენც ისეთი ხარ, მაგრამ ჩემი სისხლი და ხორცი ხარ და მაინც მიყვარხარ...
- თუ იცოდი, რა მძიმე გენებიც მერგო მამისგან, მით უფრო არ უნდა მიგეტოვებინე და ყველაფერი უნდა გაგეკეთებინა ჩემი გულისა და გრძნობების გასათბობად! - დედას ისევ ვუსაყვედურე.
- რადგან სიმართლის თქმის დრო მოვიდა, ბოლომდე გეტყვი ყველაფერს: მამაშენის ისე მეშინოდა, რომ არც შენი დაბადება გამხარებია და მეგონა, არ მიყვარდი - სამშობიაროში შენს მიტოვებას ვაპირებდი, მაგრამ მშობლებმა არ მომცეს ამის ნება...
ეს ჩემთვის სიახლე იყო - პირველად მესმოდა, რომ მშობელი დედა სამშობიაროში მიტოვებას მიპირებდა...
- ამის შემდეგ კიდევ იტყვი, რომ ჩემზე ძვირფასი არავინ გყავს მზისქვეშეთში?!
- ამას სიცოცხლის ბოლო წუთამდე გავიმეორებ და ადრე თუ გვიან, დაიჯერებ ჩემს სიყვარულს - ცხოვრება დაგანახვებს, რომ დედასავით არასოდეს ეყვარები ვინმეს... მე კი, ძუძუ მოგაწოვე თუ არა და შენი სითბო ვიგრძენი, მაშინვე ვინანე, მიტოვებას რომ გიპირებდი, მაგრამ შენსავით ჯიუტი ვარ და კარგა ხანს არ ვუმხელდი თავს. იცი, მამაშენის ახლაც მეშინია და არ მინდა, სიკვდილის შემდეგ, ჯოჯოხეთში შევხვდე მას...
- საბედნიეროდ, სიკვდილამდე ჯერ შორია! - ვცადე მისი დამშვიდება.
- არც ისე შორსაა დასასრული, კიბო მაქვს! - მითხრა ისე მშვიდად, თითქოს ბეჭზე ამოსულ ძირმაგარაზე ლაპარაკობდა...
- რა სისულელეა?! - შევხედე დამფრთხალმა.
- ექიმი ვარ და კარგად ვიცი, ეს რასაც ნიშნავს - დიდი-დიდი წელიწადი შევძლო ღირსეული ცხოვრება, მერე კი ყოველი დღე დაცემის და განადგურების იქნება... მინდა სიკვდილამდე ვიგრძნო, რომ მაპატიებ, შემიყვარებ და რომ აღარ ვიქნები, მოგენატრები...
ახლაც არ ვიცი, რა ვიგრძენი მაშინ.
ალბათ ძალიან უნდა მწყენოდა, მტკენოდა, შემშინებოდა, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, გულში ისევ სიცარიელესა და გულგრილობას ვგრძნობდი და დედა მიმიხვდა:
- მინდა, ეს ერთი წელიწადი მაინც წამოხვიდე ჩემთან მოსკოვში და ბოლოს და ბოლოს, გავიცნოთ ერთმანეთი! - ხმა გაებზარა დედას და ამის შემდეგ მაინც უნდა დამეთმო მისთვის, მაგრამ ვერ შევძელი:
- ვერ წამოვალ... გულით გისურვებ ყველაფერ საუკეთესოს და მათ შორის, გამოჯანმრთელებასაც, მაგრამ არ შემიძლია მოგატყუო და გეთამაშო, რადგან ახლა მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის და რომ ვერ წარმომიდგენია უშენობა...
- შენ მამაშენზე საშიში და სასტიკი ხარ, ნია! - მითხრა დედამ და წამოდგა. - სახლში წავიდეთ, მეტი აღარაფერი მაქვს სათქმელი...
2 დღის შემდეგ ნანი მოსკოვში გაფრინდა და ის ცოცხალი აღარ მინახავს. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ შემატყობინეს, რომ ავარიაში დაიღუპა და ანდერძად დაიბარა, თბილისში დაეკრძალათ დედ-მამის გვერდით. მისი ნება შევასრულეთ...
ჩემდა სამწუხაროდ, დედა ვერ ვიტირე და ვერც ცრემლი გავაყოლე საფლავში. უფრო მეტიც, იმასაც მივხვდი, რომ ის არ დამკლებია, რადგან ბავშვობიდან მისგან შორს ვცხოვრობდი და არასოდეს შემშინებია მის გარეშე დარჩენის...
ნახევარდებმა დედის დღიური გადმომცეს, რომელსაც თურმე ქართულ ენაზე ჩემთვის წერდა - ჩემი დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე... დღემდე არ გამჩენია ამ დღიურის წაკითხვის სურვილი და ჩაკეტილ უჯრაში მაქვს გადამალული. არ ვიცი რატომ, მაგრამ მეშინია იმ ყველაფრის, რაც შეიძლება დედის ნაწერ სტრიქონებს მიღმა ამოვიკითხო. თანაც, ეს დღიურიც ხომ იმ წარსულის ნაწილია, რომლის დავიწყებასაც ასე ვცდილობ?!
ერთი წლის წინ, ნანის დაკრძალვის დღეს ბებია-ბაბუისა და შვილის საფლავზე რომ ვიყავი, ეგ იყო, თორემ არც მანამდე და არც შემდეგ სასაფლაოზე არ გავსულვარ. ჩემთვის არც აღდგომაა, არც ხსოვნის დღეები და არც ეკლესია. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩემი სინდისის ხმას გამაგონებდა და ყველაფერ იმაზე დამაფიქრებდა, რასაც ჩემი ცხოვრება ჰქვია...
მას შემდეგ, რაც საიდისა და ნური-ბეის ბორდელის მთავარ მომმარაგებლად ვიქეცი საქართველოდან, ბევრმა წყალმა ჩაიარა. წლებმა მომიტანა ფული, სახლი, კომფორტი, მაგრამ არა სულიერი სიმშვიდე...
პატარა გოგო აღარ ვარ, 37 წლის ქალი გახლავართ და ცხოვრებაში უამრავი შეცდომა მაქვს დაშვებული, მაგრამ იმას, რაც მიკეთებია, შეცდომაზე მეტად, ცოდვა ჰქვია, რადგან ხშირად ბოროტებაც კი გააზრებულად ჩამიდენია...
რაც მეტი ფული ვიშოვე, უფრო გამეზარდა მადა და მეტი მოვინდომე. ადრე თუ სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი პატარა გოგონებისთვის გზა-კვალის არევის გამო, მოგვიანებით ისინი ჩემთვის მხოლოდ სავაჭრო საგნად და "საქონლად" იქცნენ. ჩემთვის მხოლოდ მათ ფიზიკურ "ხარისხს" ჰქონდა მნიშვნელობა...
პოლიცია ჩემს კვალზე მალე გამოვიდა და არც იმისი დადგენა გასჭირვებიათ რეალურად, როგორი ტურისტული სააგენტოც იყო ჩემი თურქულ-ქართული ფირმა, მაგრამ ქრთამი რომ ჯოჯოხეთს ანათებს, ეს ყველამ იცის და ჩვენი პოლიცია ხომ უმოკლესი გზაა, თუ ჯოჯოხეთისკენ გადაუხვევ...
ლევან ოდიშარიაც მაშინ გავიცანი, როცა "სამართალდამცავები" პირველად პრეტენზიებით მომადგნენ: ოჯახები დაკარგულ გოგონებს ეძებდნენ, რომლებიც თავად ჩამაბარეს, რომ თურქეთში სამუშაოდ გამეყვანა, მაგრამ მას შემდეგ, რაც შვილებმა მათთან კონტაქტი გაწყვიტეს და მათ აღარც ფულს უგზავნიდნენ, მიჩივლეს და ტრეფიკინგში დამდეს ბრალი. პრინციპში, მართლებიც იყვნენ და სიმართლის დადგენა რომ ყოფილიყო პოლიციის ინტერესში, თუ სამუდამოდ არა, კარგა ხნით მომიწევდა ციხის კედლების ხეხვა...
ლევანი ჩემზე 10 წლით უფროსი იყო. პოლიციაში მეტსახელად "ფარაონს" ეძახდნენ, რადგან მთავრობის ყველა ეშელონში მეგობარი ჰყავდა. მას ენდობოდნენ და მფარველობდნენ. განუსაზღვრელი უფლებებითაც სარგებლობდა...
დამინახა თუ არა, მაშინვე დამადგა თვალი და ყველა პოლიციელი ჩამომაშორა, საკუთარ თავზე აიღო გამოძიება და მომჩივნებიც გააჩუმა. თვითონ ჩავიდა თურქეთში, ინახულა "დაკარგული" გოგონები და ვიდეოჩვენებები ჩამოიტანა, სადაც ისინი უარს ამბობდნენ მშობლებთან ურთიერთობაზე იმ მოტივით, რომ მათი მხრიდან შრომით ექსპლუატაციას განიცდიდნენ და მხოლოდ ფულის გამო სურდათ მათთან ურთიერთობების აღდგენა. ლამის იქით დააჭერინა შოკირებული და გაუბედურებული მშობლები. მათზე არანაკლებად გაოგნებული ვიყავი მეც, როცა ამ ვიდეოჩანაწერებს ვუსმენდი და ლევანს ვკითხე:
- რა უქენი, რით შეაშინე ისინი, რომ ასეთი აღიარება გამოსტყუე?!
დამცინავად შემომხედა:
- მეგონა, მეტი გამოცდილება გქონდა ამ საქმეში და იცოდი, როცა ქალი სხეულით ვაჭრობას იწყებს, ის მშობლებს კი არა, სულს გაყიდის. ამიტომ ვერ ვიტან ბოზებს და ჩემი ნება რომ იყოს, სიამოვნებით დავუხვრეტდი ყველას ნამუსდაკარგულ შუბლებს...
მე კი მათ გამო სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი, მეგონა, ანგელოზებს ვუნგრევდი ცხოვრებას...
მერე ლევანმა გასაოცარი პირდაპირობით მითხრა: - ნია, შენთან დაახლოება მინდა. დაგინახე თუ არა, მომეწონე. თავიდან შენც ჩვეულებრივი მეგონე და გული დამწყდა...
- რა იცი, რომ სხვაზე უკეთესი ვარ?! - მეც უტიფრად გავუსწორე მზერა.
- ამას თუ ვერ დავადგენდი, რაღა პოლიციელი ვიქნებოდი... რომ ყოფილიყავი, ციხეშიც იოლად გაგიშვებდი და არც ამდენს ვიწვალებდი საქმის შენს სასარგებლოდ შემოსატრიალებლად. ვიცი, ვისი შვილი ხარ და და ნარკომანი წილოსნის გამო რომ დაგენგრა ოჯახი, შვილიც დაგიკარგავს... დედა რომ მოსკოვში გყავს, ისიც ვიცი... სხვათა შორის, მამაშენიც ანგარიშგასაწევი ფიგურა ყოფილა და პოლიციაშიც კი აღიარებენ მის ვაჟკაცობას და ჭკუას...
- მამა ჩემს დაბადებამდე მოკლეს!
- ეგეც ვიცი და ისიც, თურქეთში როგორ მოხვდი. სხვათა შორის, შენს "ბიზნესპარტნიორ" საიდს უყვარხარ და საოცარია, მის სიყვარულზე უარს რომ ამბობ... რომ გაიგო, პოლიციიდან ვიყავი, სოლიდური თანხა შემომთავაზა, ციხეში რომ არ გამეშვი, რაც იშვიათად ხდება, - უცხოელებს სულ ფეხებზე ჰკიდიათ შენნაირი თანამშრომლები...
- საიდი კარგი პიროვნებაა, მაგრამ აღარ მინდა, მამაკაცებთან ურთიერთობა. საკმარისია, რაც ერთხელ გათხოვებით ვიწვნიე...
- არა მგონია, მონაზვნობა გქონდეს გადაწყვეტილი! - ირონია გამოკრთა ოდიშარიას თვალებში.
- სხვათა შორის, კარგა ხანს ვცდილობდი, პატიოსანი შრომით მერჩინა თავი, მაგრამ თქვენმა კანონებმა არ მომცა ამის საშუალება, რადგან საკუთარ შპს-დ აქცია მთავრობამ ქვეყანა! - არც მე დავაკელი ირონია.
- ვიცი და მეტსაც გეტყვი, საქართველო ახლა ისეთ რელსებზეა შემდგარი, აქ პატიოსანი შრომით კარგა ხანს ვერ ირჩენენ ადამიანები თავს...
- ეგ თუ იცით, რაღა მე მომადექით! - იქით გადავედი შეტევაზე. - მთავრობას მოსთხოვეთ პასუხი, რომელსაც დასაღუპავად გაუწირავს ქვეყანაც და ხალხიც...
- მეც იმ მთავრობის ნაწილი და მამოძრავებელი ძალა არ ვარ?! - არც ეს დაუმალავს ოდიშარიას. - საქართველო სათამაშოა გარეშე ძალების ხელში და მის მთავრობას, რასაც გარედან უბრძანებენ, იმას გააკეთებს. გარეშე ძალებს კი არაფერში სჭირდებათ ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო. მით უფრო, ანგარიშგასაწევი ქართველები.

ლევანი რომ ამას ამბობდა, ჯერ კიდევ 1999 წელი იდგა და კარგად ვხედავდი, უსაშველო რომ სჭირდა საქართველოს...
ჩვენი დაახლოება უეცრად არ მომხდარა, - ლევანს მაშინ ცოლი და 3 შვილი ჰყავდა - ტყუპი გოგონა და ვაჟი, რომლებზეც დღემდე ჭკუა ეკეტება და მიკვირს, რატომ გადაწყვიტა ოჯახიდან წამოსვლა. როგორც ვიცი, თავის დროზე, ცოლიც სიყვარულით შეირთო. მეუღლეზე ლაპარაკი არ უყვარს და არც არასდროს დამიძალებია. ვხედავ, რომ მას განქორწინების შემდეგაც პატივს სცემს და შვილების აღზრდაშიც აქტიურად მონაწილეობს. გოგონები უკვე გაუთხოვდნენ და ბაბუაც გახდა, რითაც ძალიან ამაყობს... მეც კარგად ვიცნობ მის შვილებს და ისინიც პატივს მცემენ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იციან, ჩემ გამო მიატოვა ისინი მამამ. ესეც ლევანის დამსახურებაა, - შეძლო და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არც თავად დაეკარგა შვილების პატივისცემა და ჩემ მიმართაც არ გასჩენოდათ აგრესია...
მეგონა, "ბიზნესს" დამიხურავდნენ, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. პირიქით, ლევანმა საკუთარ თავზე აიღო ჩემი მფარველობა და ამისთვის წილიც კი არ მოუთხოვია, რაც მხოლოდ მე კი არა, ნური-ბეისაც აწუხებდა და სასწრაფოდ თურქეთში გამომიძახა:
- ერთი მხრივ, კარგიცაა, ასე რომ მოხდა და პოლიციელი გიცავს, მაგრამ მისი მხრიდან, ეს საკმაოდ საფრთხის შემცველი საქმიანობაა. ამიტომ, მზად ვარ, წილი მივცე, რაც სოლიდური თანხა იქნება და ყოველთვიურად მის ანგარიშზე ჩაირიცხება...
როცა ლევანს ნური-ბეის წინადადება გადავეცი, უარი არ უთქვამს:
- ეგ დამპალი გგონია, ტყუილად აპირებს ნებაყოფლობით ასეთი თანხის გაღებას? - ათჯერ და ოცჯერ მეტი რჩება იმასთან შედარებით, რასაც შენ გიხდის... გეტყვი ანგარიშის ნომერს, რომელზეც დაპირებული თანხა უნდა ჩარიცხოს ხოლმე, მერე მე და შენ ერთად დავხარჯავთ! - ისევ მიმანიშნა, რომ სერიოზულად ფიქრობდა ჩემთან დაახლოებას...
- მართლა არ მინდა, მამაკაცთან ინტიმური ურთიერთობა მქონდეს, თითქოს რაღაც დაიკარგა ჩემში, წაიშალა... ვფიქრობ, დედაც აღარასოდეს გავხდები. საკმარისია, რაც ერთხელ გადავიტანე...
- სიმართლე გითხრა, შვილი არც მე მინდა მეტი. სამი მყავს და საკმარისია, რომ კაცური ვალი სამშობლოს წინაშე მოხდილი მქონდეს. თუმცა, ეგოისტურად რომ არ გამომივიდეს, თუ ოდესმე ინდომებ შვილის გაჩენას, არ დაგიშლი და თანახმა ვიქნები, მამა კიდევ ერთხელ გავხდე... ნია, როგორც კი დაგინახე, შენ მიმართ რაღაც უცნაური ვიგრძენი... იცი, რომ ძალიან ლამაზი ხარ?! - თავზე გადამისვა ხელი და შუბლზე მაკოცა.
ჩემდა გასაოცრად, მესიამოვნა მამაკაცის მხრიდან გამოვლენილი სითბო, მაგრამ შევეცადე, არ შემტყობოდა და ლევანს არაფერი ეგრძნო. არ ვიცი, ვის და რას ვუმტკიცებდი ამით, - საკუთარი თავი მინდოდა დამერწმუნებინა, რომ არავინ მჭირდებოდა და მით უფრო, ლევან ოდიშარია, მამაკაცი, რომელიც ასე უცნაურად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში...
გარდა იმისა, რომ გოგონების ტრეფიკინგით ვიყავი დაკავებული, მალე ნური-ბეიმ კიდევ ერთი უცნაური საქმე შემომთავაზა: მიუხედავად იმისა, რომ მის ბორდელში გოგონები ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იყვნენ, ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ რომელიმე მათგანი ფეხმძიმდებოდა და რა თქმა უნდა, მათ აბორტებს უკეთებდნენ, მაგრამ ფულზე გაწუწკებულმა თურქმა გადაწყვიტა, აქედანაც სარგებელი ენახა:
- ნია, არ გინდა, საქართველოში მდიდარი უშვილო წყვილების მოძებნაში დამეხმარო, რომლებიც ჩემს ბორდელში დაბადებულ ნაბიჭვრებს იყიდიან? ხომ იცი, ფულიან ტიპებს არ უყვართ იმის გამხელა, რომ იმპოტენტები არიან და ქალის დაორსულება არ შეუძლიათ. ამიტომ, ბავშვის ყიდვა უცხოეთში ურჩევნიათ და არა საქართველოში, სადაც ახლობლები სიმართლეს აუცილებლად გაუბაზრებენ.
თავიდან უარის თქმა დავაპირე. საიდან უნდა მცოდნოდა ისეთი მდიდარი ხალხი საქართველოში, რომლებიც სოლიდური თანხის გადახდაზეც უარს არ იტყოდნენ, ოღონდ ბავშვი ეშოვათ, მაგრამ ერთხელ ლევანთან წამომცდა, რაც შემომთავაზა ნური-ბეიმ და ჭკუაში დაუჯდა:
- ამ წუთისთვის 2 კაცი მაინც ვიცი, რომლებიც ბავშვს სიამოვნებით ჩამოიყვანენ უცხოეთიდან, მაგრამ თუ გავიკითხავ, ალბათ, მეტს აღმოვაჩენ. თანაც, ეგ საქმე არც ცოდვაში ჩაგვეთვლება. ის ბავშვები, რომლებიც დაბადებამდე სიკვდილისთვის არიან განწირულები, ჩინებულ ოჯახებში მოხვდებიან...
- საშიში არ არის?
- ჩემი ჩარევის გარეშე, რა თქმა უნდა, საშიში იქნებოდა, მაგრამ ჩემთან ერთად ეგ საქმეც მომგებიან ბიზნესად იქცევა! - თქვა და ასეც მოხდა.
პირველი ბავშვი საქართველოში 2000 წელს ჩამოვიყვანეთ და მას შემდეგ მდიდარ ოჯახებში ოცზე მეტი პატარა გავაშვილეთ. მათგან მხოლოდ ერთ შემთხვევას ვერ ვაპატიებ საკუთარ თავს: ბავშვი, რომელსაც მოუთმენლად ელოდნენ საქართველოში მიმღები მშობლები, ინვალიდი დაიბადა და ბუნებრივია, მათ ამას ვერ დავუმალავდით. გოგონას კურდღლის ტუჩი და განუვითარებელი ზედა კიდურები ჰქონდა, რაც არც იყო ალბათ გასაკვირი, რადგან არავინ იცის, როგორი გენეტიკის მატარებელი მამისგან მოხდა მისი ჩასახვა ნური-ბეის ბორდელში...
პოტენციურ მშობლებს არასოდეს ვხვდებოდი. ბავშვი მათთან ლევანს და მის მეგობარს, პროფესიით გინეკოლოგს მიჰყავდათ. გამიკვირდა, რომ მიმღებმა მშობლებმა არც ინვალიდი ბავშვის ჩამოყვანაზე თქვეს უარი და ნური-ბეის იგივე თანხა ჩაუტანეს, რასაც ჯანმრთელ ახალშობილებში იხდიდნენ.
ჩემი აღფრთოვანება ლევანს გავუზიარე:
- არ მეგონა, თუ ასეთი დიდსულოვნები აღმოჩნდებოდნენ და არც ინვალიდ ბავშვზე იტყოდნენ უარს. როგორც წესი, ასეთი დეფექტით დაბადებულებს, საკუთარ შვილებსაც კი სამშობიაროშივე ტოვებენ.
- არ მინდოდა, სიმართლე გცოდნოდა, მაგრამ... - შევატყვე, რაღაც მძიმედ აწვა ლევანს სინდისზე.
ცუდმა წინათგრძნობამ ჟრუანტელად დამიარა სხეულში. არც კი ვიცი, რამ შემაშინა...
- ის ბავშვი არ უშვილებიათ. ერთ ცნობილ კაცს ავადმყოფი შვილიშვილი შეეძინა, რომელსაც წლამდე თუ არ გადაუნერგავდნენ თირკმლებს, დაიღუპებოდა! - მძიმედ თქვა კაცმა და ჩემთვის თვალის გასწორება გაუჭირდა.
- რა-ა?! - ტვინში ამასხა სისხლმა და ისეთი თავის ტკივილი ვიგრძენი, მეგონა, სისხლი ჩამექცეოდა.
ლევანი მოვიდა და ჩამეხუტა:
- მეც ცუდად ვარ, ნია. არ უნდა დავთანხმებოდი ამ საქმეს. ბოლოს და ბოლოს, 3 შვილის მამა ვარ და მათ გამო არ უნდა ჩამედგა ასეთ ცოდვაში ფეხი, მაგრამ მაიძულეს.
- ვინ?! - ვცადე მისი მკლავებიდან თავის გათავისუფლება, მაგრამ ვერ შევძელი. ლევანს ისე ვყავდი ჩაბღუჯული, თითქოს ეშინოდა ხელიდან არ გავსხლტომოდი და რაიმე ისეთი არ მომემოქმედებინა, რაც ერთმანეთს დაგვაკარგვინებდა...
- მართალია, დიდი გავლენა და კავშირები მაქვს, მაგრამ მეც მაკონტროლებენ და თუ ანგარიშს არავის გავუწევ და ჩემს ნებაზე ვიმოქმედებ, ერთი ტყვიით გამაგორებენ... გგონია, ადვილია ასეთი "ბიზნესის" წარმოება, თუ ათას ვინმეს არ უწევ ანგარიშს?!
- არ მინდა ასეთი ფული, არც საქმე და არც სამშობლო... მივატოვებ ყველაფერს და სულ წავალ საქართველოდან! - ისტერიკა დამემართა.
ლევანმა არაფერი მითხრა და მოთმინებით მაცალა ბოღმისგან დაცლა... დიდხანს ვყვიროდი, ვტიროდი... ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ისევ მომიკვდა შვილი, ისიც ხომ ინვალიდი დაიბადა. გამოდის, ჩემი პატარაც ბიოლოგიური მასალა იყო და არა სრულფასოვანი ადამიანი, რომელსაც ისევე ჰქონდა სიცოცხლის უფლება, როგორც მის ჯანმრთელ თანატოლებს და მით უფრო მდიდარი პატრონების გველის წიწილებს...
- წადი! - ვუბრძანე ლევანს. - წადი და აღარასოდეს დაბრუნდე. საერთოდ შევეშვები ამ საქმიანობას!..
იმ წუთში დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე მოვიქცეოდი, მაგრამ მალე დავრწმუნდი, რომ იმდენად "შორს მქონდა შეტოპილი", ჩემზე აღარ იყო დამოკიდებული საქმის შეჩერება. თუ უარს ვიტყოდი ნური-ბეის პარტნიორობაზე, სხვას მოძებნიდა. ქალებს კი მაინც ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებდა, რადგან დრო გადიოდა და საქართველოში უფრო გაუსაძლისი ხდებოდა ყოფა...
ლევანი ჩემს ცხოვრებაში მალე დაბრუნდა. გაზაფხული დადგა და მომინდა, აყვავებული ტყემლების სუნით გაჟღენთილ ქუჩებში ფეხით გავლა. კარგა ხანს ვიხეტიალე და ბოლოს ისე დავიღალე, ტაქსის გაჩერება გადავწყვიტე. სწორედ იმ დროს ჩემ წინ ნაცნობი მანქანა გაჩერდა და ლევანი გადმოვიდა:
- არ დამიჯერებ და შენზე ვფიქრობდი. რომ დაგინახე, მოჩვენება მეგონე და კიდევ კარგი, დროზე დავამუხრუჭე, თორემ ვინმეს ან რამეს დავეჯახებოდი... ძალიან მომენატრე! - მითხრა პატარა ბიჭივით დარცხვენილმა. მე კი თითქოს თავი ვიმართლე:
- ტაქსის ვაჩერებდი!
- დაჯექი და მიგიყვან. სად მიდიხარ?
- სახლში...
აღარ გამიწევია წინააღმდეგობა და ჩავჯექი.
ლევანი ჩემთან სახლში არ იყო ნამყოფი და არც კი ვიცი, რატომ შევთავაზე, როცა ჭიშკართან გამიჩერა:
- შემიძლია, სადილზე დაგპატიჟო. ვიცოდი, რაღაც გემრიელს ამზადებდა ნატო, ჩემი დამხმარე ქალი.
აშკარად არ ელოდა ჩემგან მიპატიჟებას, სახეზე დაბნეულობა დაეტყო:
- ზრდილობის გამო მეპატიჟები, თუ მართლა გინდა შემოვიდე?!
მხრები ავიჩეჩე:
- უბრალოდ გეპატიჟები...
ნატოს ისე გაუკვირდა ჩემ გვერდით მამაკაცის დანახვა, თითქოს კაცი კი არა, ეგზოტიკური არსება მიმეყვანა:
- ეს ჩემი ბიზნესპარტნიორია, ბატონი ლევანი, სახლამდე მომიყვანა და შენი იმედით სადილზე დავპატიჟე. ვიცი, არ შემარცხვენ...
- მობრძანდით! - როგორც იქნა, ხმის ამოღება მოახერხა ქალმა.
ლევანი მადიანად ილუკმებოდა და ნატოს ნახელავს უქებდა:
- კარგა ხანია ასე გემრიელად არ მისადილია. ალბათ მას შემდეგ, რაც ჯერ ბებია და მერე დედა გარდამეცვალნენ. ამ სადილმა მათი ნახელავი გამახსენა. მგონი, თავიდან ვეღარ მომიშორებთ, ისე ხშირად დაგაპატიჟებინებთ თავს.
- როცა ინებებთ, მობრძანდით! - უთხრა ნატომ.
სადილის შემდეგ სასტუმრო ოთახში ყავის დასალევად გავედით.
- შენს საძინებელს არ მაჩვენებ?! - მოულოდნელად ყურში ჩამჩურჩულა კაცმა და გაკვირვებულმა გავხედე. - ჰო, კარგი, კარგი... სანამ თვითონ არ შემეხვეწები, ინტიმზე სიტყვას არ დავძრავ! - უმანკო სახე მიიღო და მერე კიდევ უფრო უცნაური რამ მითხრა: - ერთ კაცს მაგარი საქმე გავუკეთე, მისი შვილი სამუდამო პატიმრობისგან ვიხსენი და ორკაციანი საგზური მაჩუქა პარიზში. ცოლთან ერთად ხომ არ წავალ და შენ გეპატიჟები...
ჩემდა გასაოცრად დავთანხმდი:
- რატომაც არა?!
ლევანი ჩემგან ასე იოლად თანხმობას არ ელოდა და მისი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებდი, მართლაც "ყბაჩამოვარდნილი" დარჩა:
- მართლა წამოხვალ?
- პარიზში ნამყოფი ვარ. თურქეთში რომ ვსწავლობდი, მაშინ უნივერსიტეტიდან სამეცნიერო კონფერენციაზე ორი დღით წაგვიყვანეს და რადგან საქმიანი ვიზიტი იყო, ფაქტობრივად, არც მინახავს იქაურობა. ავტობუსის ფანჯრიდან რაც დავინახე, ის იყო და იმის მერე სულ მინდოდა, იქ დაბრუნება. შენ რომ არ შემოგეთავაზებინა, მაინც ვაპირებდი გამგზავრებას. ფული მაქვს და რატომ უნდა ვუთხრა საკუთარ თავს უარი ასეთ სიამოვნებაზე?!
- თუ ჩემთან ერთად წამოხვალ, პირობას ვერ მოგცემ, რომ ჩვენ შორის არაფერი მოხდება. ძალიან მინდიხარ, ნი! - საოცარი პირდაპირობით მითხრა ოდიშარიამ და არც მე გავწითლებულვარ:
- ძალადობა ჩემთან არავის გასვლია და ამისი იმედი ნურც შენ გექნება. თუკი შეძლებ და სურვილს გააღვიძებ ჩემში, ვნახოთ...
- რაც შენი ქმარი დაიღუპა, კაცი არ გყოლია?! - ლევანი ჩემთვის მტკივნეულ თემას შეეხო.
- ვალდებული ვარ, ასეთ ინტიმურ წვრილმანებზე ჩაგაბარო ანგარიში?! - თავი ავარიდე პირდაპირ პასუხს.
- რა თქმა უნდა, არა. თუ გინდა, ბოდიშსაც მოგიხდი, მაგრამ... იმდენად "ჩემი" მინდა იყო, ყველასა და ყველაფერზე ვეჭვიანობ, იმ წარსულზეც კი, რომელშიც არ ვყოფილვარ და აქედან გამომდინარე, არც ჩემს ღალატში ჩაგეთვლება, რაც ჩემამდე იყო...
- ასე მგონია, იტყუები და ჩემს შებმას ცდილობ, რაც არაფერში გჭირდება! - ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე, მშვიდად ვუთხარი კაცს, რომლის მიმართაც არავითარი აგრესია არ გამჩენია, რაც მაკვირვებდა. - სხვა კაცს ამდენი არასოდეს გაუბედავს ჩემთვის და არც გავაბედვინებდი...
- რომ მიცნობდე, მიხვდები, რომ ასეთი რამ არაფერში მჭირდება. არც ქალების დეფიციტი მაქვს, რომ მიზნად შენი შებმა განვიზრახო და თუნდაც ზედმეტად შევიწუხო თავი, მაგრამ საქმე ის არის, რომ მაინცდამაინც შენ მინდიხარ და ისეთი შეგრძნება მაქვს, ახლა ვიპოვე ნამდვილი სიყვარულიც და შეიძლება მეორე ნახევარიც. შეგიძლია არ დამიჯერო, მაგრამ ასეა და წავალ ახლა! - მერე უეცრად წამოდგა - სადილისთვის დიდი მადლობა. პარიზში კი, რაც შეიძლება მალე წავიდეთ. პასპორტი ხომ წესრიგში გაქვს?!
- რა თქმა უნდა...
ამის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში არ შემხმიანებია და მეგონა, გადაიფიქრა სიყვარულის ქალაქში ჩემთან ერთად მოგზაურობა. დიდად არც დამწყვეტია გული, რადგან არ ვიცოდი, რამდენად მჭირდებოდა მამაკაცთან ამ დონეზე დაახლოება. ამიტომ, თავს არ შევახსენებდი, მის გარეშეც მოვახერხებდი პარიზში მოგზაურობას. თუ მოვინდომებდი, არც თანამგზავრის პოვნა გამიჭირდებოდა. თუნდაც საიდს ვთხოვდი, - ჩემს თურქ მეგობარს და ბიზნესპარტნიორს, რომელიც არ კარგავდა იმედს, რომ ოდესმე მაინც გავხდებოდი მისი, მიუხედავად იმისა, რომ ცოლი უკვე შეირთო, - მამამისის მეგობრის შვილზე დაქორწინდა და ქორწილშიც დამპატიჟა. გავეხუმრე:
- სულ ეგ იყო შენი სიყვარული, რომ პირველივე ლამაზ გოგოზე გამცვალე?!
- ის გოგო მართლა ძალიან ლამაზი და კარგი ადამიანია, მაგრამ მის მიმართ არასოდეს მექნება ისეთი გრძნობა, რასაც შენს მიმართ განვიცდი, ნია. ფერიდე ჩემი "საშინაო" ცოლი იქნება...
- ეგ რას ნიშნავს?! - გავხედე გაკვირვებულმა.
- იმას, რომ მომივლის, მიპატრონებს, შვილებს გამიზრდის და ისე მომემსახურება, როგორც ამას ქმრების მორჩილი ცოლები აკეთებენ, რასაც შენ ვერასოდეს შეძლებ, ეჭვიც არ მეპარება.
- რას ჰქვია ვერ შევძლებ... გამოდის, შენი აზრით, ქალად არ ვვარგივარ?! - მეწყინა, რატომღაც ასეთი წარმოდგენა რომ ჰქონდა ჩემზე საიდს.
- შენ სხვანაირი ხარ, ნია, სიყვარულისთვის გაჩენილი და საფერებელი! - კიდევ აპირებდა საიდი რაღაცის თქმას, მაგრამ ამ დროს ცოლის ნათესავებმა დაუძახეს და იძულებული გახდა, მათთან გადაენაცვლებინა...
ფერიდე კი მართლა კარგი გოგო აღმოჩნდა და მეც ძალიან მიყვარს, დავმეგობრდით კიდევაც. სიამოვნებით მმასპინძლობს, როცა თურქეთში ჩავდივარ...
ლევანი ორკვირიანი დუმილის შემდეგ პირდაპირ სახლში მომადგა და პასპორტი მომთხოვა:
- შაბათს პარიზში მივდივართ, საგზური უნდა გავაფორმო და ბილეთებიც წინასწარ უნდა დავჯავშნო.
- იქნებ გადავიფიქრე?! - წინააღმდეგობის გაწევა ვცადე. მინდოდა ეფიქრა, რომ სანამ გაუჩინარებული იყო, მასზე ფიქრით თავი არ შემიწუხებია. მიმიხვდა ფარულ საყვედურს, მისმა პასუხმა კი კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჭკვიან კაცთან მქონდა საქმე:
- ნია, უმიზეზოდ არ დავკარგულვარ. სანამ შენთან მოვიდოდი, ეკლესიაში ვიყავი, სანთლები დავანთე და უფალს მადლობა შევწირე, ცოცხალი რომ ვარ და კიდევ შემიძლია ბედნიერებასა და სიყვარულზე ფიქრი... დაწვრილებით ვერაფერს გეტყვი, მაგრამ ისეთ კრიმინალურ ბანდას დავუპირისპირდით და დავამარცხეთ, მიკვირს, ცოცხალი როგორ გადავრჩი... მათზე "ნადირობას" რომ დავთანხმდი, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენზე მოვაწერე ხელი... სხვათა შორის, უფალს იმასაც შევპირდი, რომ თუ ცოცხალი გადავრჩებოდი, აღარც თავს მოვიტყუებდი და აღარც სხვებს მოვატყუებდი...
- ამით რისი თქმა გინდა?!
- თუ საჭირო გახდება, შენი გულისთვის ოჯახსაც დავანგრევ, ცოლს გავეყრები, რადგან შემიყვარდი და მხოლოდ შენთან ერთად ვხედავ საკუთარ მომავალს...
- მგონი, უარი უნდა ვთქვა პარიზში წამოსვლაზე! - მხრები ავიჩეჩე.
- რატომ?!
- ასე ძალიან მე არ მიყვარხარ და არათუ ოჯახის შექმნა, ისიც არ ვიცი, თუნდაც ერთჯერადი სასიყვარულო ურთიერთობა მინდა თუ არა შენთან... სხვებს არ ვგავარ და გეტყვი, რომ მარტივი არ იქნება ჩემთან ურთიერთობა... არ მესმის, რატომ გიყვართ კაცებს საქმის გართულება?!
- აზრი არა აქვს ახლა რაიმის მტკიცებას და ლაპარაკს, ნია... წავიდეთ და ვნახოთ, რა გამოვა. მოძალადე არ ვარ და რაც შენ არ გენდომება, არ მოხდება! - აღარ გააგრძელა ლაპარაკი ოდიშარიამ...
პარიზში ჩასულები სასტუმროს სხვადასხვა ნომერში დავბინავდით, ასე ვისურვე და არ შემწინააღმდეგებია. პირველივე დღეს სიყვარულის ქალაქის ქუჩებში ბევრი ვიხეტიალეთ, თითქოს იმ დღეს აუცილებელი იყო ყველაფრის ნახვა მოგვესწრო. სასტუმროში ისეთი დაღლილები დავბრუნდით, საღამოს ვახშამზეც კი უარი ვთქვი:
- ახლა აბაზანის მიღებისა და ძილის მეტი არაფერი მინდა და ძალიან გთხოვ, ნურაფერს დამაძალებ!
- როგორც გენებოს! - მითხრა და ჩემს ნომრამდე მიმაცილა...
მეორე დღეს გვიან გამეღვიძა. გამიკვირდა, რომ ლევანმა ამდენ ხანს არ მომაკითხა. თავი მოვიწესრიგე თუ არა, მის ნომერთან მივედი და ფრთხილად დავაკაკუნე. კარგა ხანს არ მიპასუხა და ის-ის იყო, გამობრუნებას ვაპირებდი, რომ კარი გააღო. ძლივს ახელდა თვალებს...
- გაგაღვიძე?! - ჩემს ხმაში მობოდიშების ტონი იგრძნობოდა.
- ჰო. გამთენიისას დავბრუნდი სასტუმროში, თანაც ნასვამი და ვეღარ წავართვი ძილს თავი! - მითხრა უბრალოდ და შესასვლელი გამითავისუფლა. - შემოდი. შხაპს მივიღებ და აზრზე მოვალ. მანამდე საუზმე შეუკვეთე, რომ ნომერში ამოგვიტანონ. არ გივახშმია და ალბათ, მოშივებული იქნები...
სანამ ლევანი სააბაზანოში იყო, საუზმე მოიტანეს და შევეცადე, სუფრა ლამაზად გამეწყო...
- ზედმეტი მომივიდა დალევა, მაგარი კონიაკი აქვთ ამ ოხრებს...
- და მაგარი ქალებიც, ხომ?! - არც კი ვიცი, რატომ ვკითხე ასეთი რამ.
- არა, ქალები არ უვარგათ. ბევრი ვათვალიერე გუშინ, მაგრამ შენი შესადარი ერთიც ვერ აღმოვაჩინე. რაღაცნაირები არიან, ბოლომდე "აუწყობლები" თითქოს და სხვათა შორის, კაცები უფრო არ მოგეწონება. უმრავლესობა ლოთი და ნარკომანია და ალბათ, ამიტომ დარბიან ფრანგი ქალები აფროამერიკელებთან, ყოველ მეორეს შავკანიანი შვილი ჰყავს... მოკლედ, ქალებსაც და კაცებსაც თითქოს მარილი აკლიათ! - თქვა უემოციოდ, მაგიდას მიუჯდა და გემრიელად დაიწყო ჭამა. - მოდი, რაღას უცდი?! - მომმართა სხვათა შორის, რაზეც გამეღიმა, მაგრამ არ შეიმჩნია...
ყველაფერი გავსინჯე, მაგრამ დიდად ნასიამოვნები ვერ დავრჩი:
- ვერც საკვები ჰქონიათ მაინცდამაინც გემრიელი, პურსაც კი არა აქვს გემო...
- ქართულს ვერ შეედრება! - მითხრა და შემომხედა. - დღეს სად მივდივართ?
- რა ვიცი, სანახავი, მგონი, ბევრი დაგვრჩა...
- ნამდვილად, მაგრამ თუ გუშინდელივით სიქა უნდა გამაძრო სირულით, მირჩევნია, ექსკურსიამძღოლი გიქირავო, მე კი...
- თუ სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმე გაქვს... - ვერ დავფარე წყენა.
- რა საქმე, აქ დასასვენებლად ჩამოვედი, წამოვწვები და რომელიმე რომანტიკულ ფილმს ვნახავ, ან სულაც პორნოს... შეკამათებას აზრი არ ჰქონდა, თან, რაღაც ისეთი რამ ვიგრძენი, რაც ჩემთვის უცხო იყო... ავდექი და სანამ ლევანი კიდევ რამეს იტყოდა, მის საწოლზე წამოვწექი:
- ჩართე ეგ შენი პორნო, ერთად ვუყუროთ! - ვუთხარი გამომწვევად. მანაც არ დაახანა: წამოდგა და მაისური გადაიძრო, მერე კი, სანამ ჩემ გვერდით წამოწვებოდა, ვითომ სხვათა შორის მკითხა:
- ძალადობაში ხომ არ ჩამითვლი?!
- ხომ გითხარი, ჯერ არ დაბადებულა კაცი, ვინც ჩემზე ძალადობას შეძლებს...
ვერ ვიტყვი, რომ გავითიშე და საკუთარ ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი, მაგრამ მივხვდი, რომ მსიამოვნებდა ლევანის ალერსი და მისი ძლიერი ხელები ისეთ რაღაცას აღვიძებდნენ ჩემს სულსა და სხეულში, რაც ქმართან ყოფნისას არასოდეს მიგრძნია. მერე ისე ძალიან მომინდა ახალი შეგრძნებების ბოლომდე აღქმა, გავაქტიურდი და კაცს "სიგიჟეში" ავყევი. ხელი არ შეუშლია და მოქმედების თავისუფლება მომცა...
როცა ყველაფერი მორჩა, ლევანი მიხვდა, რომ ორგაზმი არ განმიცდია:
- ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ქალიშვილთან ვიწექი... რაღაცის გეშინოდა, ნია და ამიტომ, ვერ ისიამოვნე სექსით...
- მართალი ხარ, მართლაც იმის მეშინოდა, რომ მამაკაცთან ყოფნას ვერ შევძლებდი და ვერ "გავითიშე!" - ვაღიარე და კაცს თვალი მოვარიდე, ზურგი ვაქციე...
- ნუ გრცხვენია, ცუდი არაფერი მომხდარა! - მაკოცა ბეჭის თავზე. - მივხვდი, რომ შენი ქმრის შემდეგ მართლა არავინ გყოლია და ძალიან მიხარია. შენ არ იცი, რამდენს ნიშნავს კაცისთვის იმისი ცოდნა, რომ ერთ-ერთი მრავალთაგანი კი არა, ერთადერთია ქალის ცხოვრებაში. პირობას გაძლევ, რომ სრულყოფილ ქალად გაქცევ...
დარჩენილი დღეები მართლაც ისე გავატარეთ პარიზში, როგორც ახალდაქორწინებულმა შეყვარებულებმა. დღისით ქალაქის დათვალიერებით ვიღებდით სიამოვნებას, ღამით კი ლევანი ცდილობდა, სრულყოფილ ქალად ვექციე და გამოუვიდა კიდევაც:
- მგრძნობიარე ქალი ხარ, ნია, შენნაირებზე კაცები ოცნებობენ და მიკვირს, რომ ჩემამდე ვერავინ შეძლო ამისი აღმოჩენა... სამი შვილი გვყავს მე და ჩემს ცოლს და მასთან არასოდეს განმიცდია ის, რასაც შენთან ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, არც ჩემს ცოლსა აქვს წარმოდგენა იმაზე, რას ნიშნავს მოყვარული ადამიანების "ერთ სულ და ერთ ხორც" ქცევა... ამან უფრო გადამაწყვეტინა, რომ ოჯახიდან წამოვალ და მხოლოდ შენი ვიქნები...
- მაგრამ, მე არა ვარ ამაში დარწმუნებული, ლევან და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. არ ვიცი, ოდესმე მენდომება თუ არა შენი ცოლობა და დედობა...
- თუნდაც სიცოცხლის ბოლომდე დაგელოდები, ან მანამდე, სანამ შენს ცხოვრებაში სხვა კაცი არ გამოჩნდება, რომელსაც ჩემზე მეტად შეიყვარებ...
პარიზიდან დავბრუნდით თუ არა, ლევანმა მართლაც მალე წამოიწყო გაყრის პროცესი და არც ცოლი შესწინააღმდეგებია, მით უფრო, რომ ქონების გაყოფა და შვილებისთვის რაიმის წართმევა არც უფიქრია, ყველაფერი მათ დაუტოვა. თავად კი სამოთახიან ბინაში გადავიდა, რომელიც დაცოლშვილებამდე ჰქონია, მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული.
- ალბათ, ჩემამდე უამრავი ქალი გყოლია აქ ამოყვანილი! - ვიეჭვიანე, როცა პირველად დამპატიჟა თავის ბინაში ოდიშარიამ.
- შენ კიდევ არ მიცნობ, ნია... არ მოვყვები იმის მტკიცებას, რომ ცოლის გარდა ცხოვრებაში სხვა ქალი არ გამიჟიმავს, მაგრამ ჩემს სახლში შემოყვანის ღირსად არავინ ჩამითვლია, - ბოზებისთვის სხვა ადგილები არსებობს, სადაც არასოდეს წაგიყვან, არ გაკადრებ და იმიტომ... ეს მხოლოდ ჩვენი სახლი იქნება და არასოდეს არც ერთი ქალი არ გაათევს აქ ღამეს, მით უფრო, ჩემს საწოლში.
- და მაინც, მე მხოლოდ საყვარელი ვარ შენი და არა მგონია, ოდესმე ცოლობის სურვილი გამიჩნდეს, არც შვილს გავაჩენ აღარასოდეს...
- არასოდეს თქვა, არასოდეს! - გამახსენა ძველი სიბრძნე. - მე კი სიამოვნებით ვიყოლიებდი შენთან შვილს...
ასეთი ერთგულების გამო ალბათ მადლიერი უნდა ვყოფილიყავი ლევანის, მაგრამ თითქოს ეშმაკი შემიჩნდაო, რაც მეტად ცდილობდა ჩემთან დაახლოებას, მით მეტად მიჩნდებოდა მასთან დისტანციაზე ყოფნის სურვილი, მეშინოდა, რომ კაცზე გავხდებოდი დამოკიდებული და პასუხისმგებელიც ვიქნებოდი მის წინაშე. ამისთვის კი არ ვიყავი მზად. არავისთან შემეძლო დიდი ხნით ყოფნა. მით უფრო, როცა ურთიერთობები საყოფაცხოვრებო დონეზე დადიოდა და ყოველთვის უნდა მქონოდა პასუხები კითხვებზე: სად ვიყავი, რატომ დამაგვიანდა, ვის შევხვდი და ა.შ.
ლევანს კი სწორედ ეს სურდა - ჩემი თითოეული ნაბიჯის გაკონტროლება და იმისი ცოდნა, რას ვაკეთებდი მაშინ, როცა მასთან არ ვიყავი?! ამის საფუძველზე ზოგჯერ ისეთი ჩხუბი მოგვდიოდა, ჩემთან მოახლოებასაც კი ვუკრძალავდი და პოლიციაში ჩივილით ისე ვემუქრებოდი, ვითომ თავად არ ყოფილიყო ამ ორგანოს წარმომადგენელი; რომ მოენდომებინა, იქით დამიჭერდა და ცხოვრებასაც დამინგრევდა, მაგრამ თუ მითმობდა, ისევ და ისევ ცდილობდა, ჩემთვის ნორმალური, ადამიანური ურთიერთობები ესწავლებინა, რაც არ გამოსდიოდა, მაგრამ ვუყვარდი და ამიტომ არ ვეთმობოდი. ბევრჯერ გავუოცებივარ მის დამოკიდებულებას და ვეკითხებოდი: როგორ შეეძლო ასეთი რთული და აუტანელი ვყვარებოდი, რაზეც მხოლოდ ერთი პასუხი ჰქონდა:
- როცა ჩემსავით შეგეძლება სიყვარული, მიხვდები, რატომ შეუძლიათ ადამიანებს ხშირად მართლაც გასაოცრად ბევრის პატიება...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent