sms 14 თავი
გამიგია, მკვლელი ყოველთვის ბრუნდება მკვლელობის ადგილასო. რაღაცის შეცვლის, სინანულის, ან დროის უკან დაბრუნების სურვილის გამო. ....... ქუჩაში მივაბიჯებ და ჩვენი გაცნობის ყველა დეტალს, ყველა წვრილმანს ვიხსენებ. ამ ბოლო დროს ისედაც ბევრს ფიქრობ, თეკლა, გეყოფა. თავს ვაქნევ და კორპუსთან ვჩერდები, არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ძველებურადაა. განა რას ელოდი, თეკლა? მხოლოდ ერთი თვეა რაც, არ ყოფილხარ. უკანასკნელად აქ გიორგისთან ერთად ვიყავი, ეს ყველაზე ლამაზი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. თვალები თავისით გამირბის მეექვსე სართულისკენ, ირაკლის ბინის ფანჯრები დაბურულია, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ იქ გიორგი მელოდება. ფეხები მიკანკალებს, ერთხანს ვფიქრობ, რომ უკან გავბრუნდე, არ მინდა ისევ იმედი გამიცრუვდეს. არა, ახლა უკან ვერ დავბრუნდები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავარკვვიო ყველაფერი, დღეიდან ან ყველაფერს დავივიწყებ და წინ ვივლი, ან... ან... ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და სადარბაზოში შევდივარ, ლიფტს არ ველოდები, გზას ფეხით მივუყვები, დრო გამყავს. თეთრი კარები, სუსტი კაკუნის შემდეგ მძიმედ იღება. კარს იქით, იგივე ფორმაში გამოწყობილი, დაღლილსახიანი გიორგი დგას. ჩემ დანახვაზე სევდიან თვალებში სხივი უკრთება, მიღიმის. ზღურბლზე თავდახრილი ვაბიჯებ, ვერ ვუყურებ თვალებში, არ შემიძლია. პირველად მოვდივარ ირაკლის ბინაში მხოლოდ მოსასმენად, ამჯერად არავის ვეძებ, არავის ველი. გიორგი განზე დგება და მის წინ ჩავლისას, უნებურად, ღრმად ისუნთქავს ჰაერს. არ ვიცი, ჩემი სურნელის შეგრძნება უნდა, თუ მოსალოდნელი საუბრისთვის ემზადება. თავდახრილი შევდივარ უკვე ნაცნობ მისაღებში, რომელთანაც უამრავი ემოცია მაკავშირებს და ჩემდაუნებურად მეღიმება. ეს სახლი ჩემთვის საყვარელ ადგილად გადაქცეულა. მასთან რაღაც უხილავ კავშირს ვგრძნობ. სარკმლის წინ სავარძელზე ვჯდები, სავარძელი ისე დგას, რომ იქიდან კარგად ჩანს აივანი და მთელი ქალაქი. გიორგი ერთხანს ჩუმად მაკვირდება, ვგრძნობ მისი მზერა როგორ მიწვავს ზურგს, მერე სავარძელს უვლის და გვერდით მიჯდება. რამდენ ხანს არ ვიცი, მაგრამ ჩუმად ვსხედვართ, მე სივრცეს, ის კი მე მიყურებს. ველოდები, როდის ამოიღებს ხმას, მაგრამ არა, სიჩუმეს მხოლოდ მისი თანაბარი სუნთქვა არღვევს. - პირველი შემთხვევაა, რომ აქ შენ გამო ვარ. - დუმილს ისევ მე ვარღვევ. ბიძგს ვაძლევ, რომ საუბარი დაიწყოს. - ჩემ გამო? - მის ხმას, თითქოს ჟანგი შეჰპარვია, რაღაცნაირი სხვა ჟღერადობა აქვს. - ეგ კარგია, ალბათ. - ალბათ. - ვუდასტურებ ისე, რომ მისკენ არ ვბრუნდები. სამაგიეროდ ის იწევა წინ, მარჯვენა ხელით, მარცხენა ხელზე საათს აწვალებს. - თავიდანვე გეტყვი, რომ თავს არ ვიმართლებ, შენთან მაინც, არა. - საუბარს დაბალი, სუსტი ხმით იწყებს. - აქ იმიტომ არ ვარ, რომ თავი გავიმართლო. უბრალოდ მინდა იცოდე რაც მჭირს, მერე შენ გადაწყვიტე როგორ მოიქცევი. ჰაერში დაძაბულობა იგრძნობა, ჩვენ ერთ ოთახში, გვერდიგვერდ ვსხედვართ, ერთმანეთისგან ერთი ხელის გაწვდენაზე და მე მის ყოველ ამოსუნთქვას სხეულით ვგრძნობ, მაგრამ არ ვინძრევი, ვერ. ერთ წერტილზე მიშტერებული, ვცდილობ ნაკვთიც არ შემერხეს, თითქოს ამით რაიმეს ვაშავებდე. დაძაბულობისგან ძვლები მტკივდება, ამიტომ ცოტა ვდუნდები, სავარძლის საზურგეს ვეყუდები და თითებს ვიწვალებ. არ მინდა ჩემს თავს გამოვუტყდე, რომ მისი სიახლოვე ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომ მისი ხმა, მისი ხელები, ნაკვთები, მანერები მომნატრებია. - მე ყოველთვის გეუბნებოდი, რომ არ მინდოდა ჩვენი გამამთლიანებელი ირაკლი ყოფილიყო, არ მინდოდა ჩემში ის გეპოვა, არადა თავად დამემართა ასე. - ცოტა ხნით ჩუმდება, ვხედავ როგორ ეჭიმება ყბის ძვლები, ნერწყვს ყლაპავს, მისი ყელის მოძრაობას, ხორხის ვიბრაციას თვალს ვაყოლებ და მეც უნებურად ვყლაპავ ნერწყვს. - მივხვდი, რომ შენ ყოველთვის გამახსენებ ირაკლის, გამახსენებ ჩემს უსუსურობას, ჩემს სირაქლემის პოზაში ყოფნას, გამახსენებ რომ არ ვიცნობდი ჩემს ძმას, რომ არაფერი ვიცოდი მის ტკივილზე, საერთოდ მის ცხოვრებაზე. შენ ალბათ არც გიფიქრია, მაგრამ სინდისის ქენჯნა გამიღვიძე. არა, მე არ გადანაშაულებ, პირიქით შენ რომ არა ვერასდროს ვიგემებდი იმას რასაც, ირაკლი ასე გაურბოდა. - გიორგი სახეს ჩემკენ აბრუნებს, ტუჩის კუთხით მიღიმის და კიდევ ერთხელ მიჩერებს სუნთქვას. - ამაში მაინც ვგავარ მას, მეც შემეშინდა ამ გრძნობის, შემეშინდა ხვალინდელი დღის, იმის, რომ შენთვის ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ მორჩებოდა ეს კავშირი, დავსრულდებოდი მეც. - მისი სიტყვები გულის ყველაზე მტკივნეულ წერტილს ეხებიან, თვალები თავისთავად მეცრემლება. ოღონდ ახლა არა, ოღონდ არ ამეტიროს, ვუმეორებ საკუთარ თავს და ვცდილობ ისე გავუძლო მის მზერას, რომ თავი არ გავცე. - ჩემთვის მეტისმეტად ძნელი იყო იმ ყველაფრის გაგება, ძალიან გამიჭირდა, შემეშინდა, დავიბენი. განმიახლდა ტკივილი, ძლივს მიყუჩებული ჭრილობა ისევ შემეხსნა და ესეც შენ გიკავშირდებოდა. - გიორგი ღრმად ოხრავს და თვალს მარიდებს. - დრო მჭირდებოდა, თეკლა, რომ ეს ყოველივე გამეანალიზებინა. იმ ერთმა თვემ ჩემში ურთიერთსაპირისპირო გრძნობები აღძრა, ერთი მხრივ საშინელი გულის ტკივილი, ირაკლის მკვლელობის გაგებამ გამანადგურა, მეორე მხრივ კი... – თავს ჩემკენ აბრუნებს, სახეზე ღიმილი უკრთება, თვალებში კი სევდა უდგას. - შენ. მისი ნათქვამი გულს მიჩქარებს, მაგრამ აღელვების დაფარვას არ ვცდილობ. გიორგი ერთხანს თვალებში მიყურებს, არ ვიცი იქ რისი დანახვა უნდა. ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილი ვარ, მისი ახსნა გაუჩინარებასთან დაკავშირებით, ჩემთვის არც ისე დამაკმაყოფილებელია, უფრო სწორედ ვხვდები, ეს რატომ გააკეთა და ნაწილობრივ მესმის მისი, მაგრამ თითქოს შინაგანად სხვა რამეს ველოდი. არ ვიცი რას, მაგრამ უფრო სხვა რამეს. ალბათ ირაკლისგან განსხვავებით უფრო ძლიერი მეგონა გიორგი. საშინელი იმედგაცრუება მიპყრობს. ვუყურებ გიორგის ზურგს და არ ვიცი რა ვქნა. ოთახში სიჩუმე ისადგურებს, ქალაქს ღამე ეპარება, ჩვენ კი ისევ ისე ვსხედვართ. უეცრად ძალიან მინდა აქაურობას გავეცალო, მოვშორდე, მაგრამ მაინც ერთ ადგილზე მილურსმული ვზივარ და გიორგის პროფილს თვალს არ ვაცილებ. მომნატრებია. - მე რომ გუშინ ბარში არ მოვსულიყავი, რა იქნებოდა, გიორგი? - არ ვიცი ეს ვისი ხმაა, მაგრამ აშკარად ჩემი ბაგეებიდან არის წარმოთქმული. გიორგი კრთება, ვხედავ ისევ როგორ ყლაპავს ნერწყვს. - არ ვიცი... - ჯობდა ეთქვა არაფერიო, ეს მის ინდიფერენტულ განწყობას უსვამს ხაზს. მის საქციელში, თავის გამართლების მცდელობა აღარ ჩანს. გული მტკივა. ჯობია წავიდე. - მესმის... - მის მხარს ოდნავ ვეხები ხელით, გამამხნევებლად ვუღიმი და ვდგები. ის ისაა, ნაბიჯი უნდა გადავდგა, რომ ხელს მიჭერს. - არ წახვიდე, თეკლა. - მისი შეხება გულს მიჩქარებს, მთელი სხეული მეძაბება. გულნატკენი, იმედგაცრუების დაფარვას ღიმილით ვცდილობ და ჩემს ხელს ჩაჭიდებულ მის ხელს ვუყურებ. გიორგი ტყდება, ხელს ფრთხილად მიშვებს, მე კი ღრმად ვსუნთქავ და ოთახს ვტოვებ. საოცარია, მაგრამ გამოსვლისას უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს. წინ წასვლის დროა, თეკლა. გიორგის ნახვის შემდეგ თავს გამოფიტულად ვგრძნობ. სახლში მისული საწოლზე ვიკუნტები და კედლისკენ გადაბრუნებულიო ერთ წერტილს მივშტერებივარ. სარკმლიდან მთვარის შუქი პირდაპირ მეცემა, კედელზე კი ათასგვარი ჩრდილი ისახება. თვალებს ვხუჭავ და მთელი არსებით შევიგრძნობ ნაწვიმარი მიწისა და იის სურნელს. თვალის გახელა არ მჭირდება იმის მისახვედრად, რომ ირაკლი მოვიდა. უარესად ვიკუნტები საწოლზე და დახუჭული თვალებიდან ცრემლის შეკავებას ვცდილობ. ჰაეროვანი სიმსუბუქის შეგრძნება მხარზე ძალას მაძლევს. - დაეხმარე. - ირაკლის ხმას ოთახში მოულოდნელად ამოვარდნილი ქარი ახლავს. საწოლიდან ვდგები და აკანკალებული ოთახს ვავლებ თვალს. ის არსად არ არის, ამავე დროს კი მთელი სხეულით ვგრძნობ მის სიახლოვეს. მოპირდაპირე კედელზე ადამიანის ჩრდილი იკვეთება. ჩრდილი ფორმას იღებს და კედლიდან ჩამოდის, ირაკლის აჩრდილი მიახლოვდება და მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობ. დაჟინებული მზერისგან სახე მეწვის, მისი თვალები ჩემს სულში აღწევენ. თვალებს ვხუჭავ და მუშტებს ვკრავ, ყურებში ჩემი გულის ფეთქვა მესმის. მერე თითქოს ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება, ვგრძნობ რომ წავიდა. თვალებს ფრთხილად ვახელ და ფანჯრისკენ მივდივარ, ფარდას ვწევ და შემოსულ ჰაერს ფილტვებში ვუშვებ. ღამეა, თბილი და მშვიდი ღამე. შემობრუნებას ვაპირებ, როცა ეზოში გიორგის მანქანას ვხედავ, მგონია თვალი მატყუებს, მაგრამ ნამდვილად ისაა. ერთ ხანს ვფიქრობ, რომ დავურეკო, მაგრამ იმავე წამს ამ აზრს უკუვაგდებ, ფეხსაცმელს ვიცვამ და ოთახიდან გავდივარ. ლიფტის ლოდინში ნერვები მაწყდება, ამიტომ გზას კიბეებზე სირბილით ვაგრძელებ. სადარბაზოდან გავდივარ და მანქანაც ადგილს სწყდება, თუმცა მძღოლისთვის თვალის შევლებას მაინც ვახერხებ, ის კი გიორგი ნამდვილად არაა. გული ამოვარდნას მაქვს, გიორგი არ იყო, აბა ვინაა? ფიქრები თავს მატკიებს. ხელებს თავზე ვიჭერ და აზრების დალაგებას ვცდილობ. ლამის ერთ საათს ვატარებ ეზოში, ბოლთის ცემაში. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ყველაფერი საოცრად მანერვიულებს. გონს ზარის ხმას მოვყავარ. - ალო. - ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო. - თეკლა, დადუნა ვარ. - მეორე ბოლოდან გოგოს აღელვებული ხმა მესმის და გული მიჩერდება. - დადუნა? - ბევრი დრო არ მაქვს, თეკლა. - დადუნა სიტყვებს ერთმანეთს აყრის, ვხვდები რომ ნერვიულობს. - შენი დახმარება მჭირდება. - რა მოხდა? კარგად ხარ? - ტელეფონში ხრიალი ისმის, მერე კი კავშირი წყდება, ახლა მე ვრეკავ შემოსულ ნომერზე, მაგრამ ზარი არ გადის. ნერვიულობისგან ტელეფონს ვეღარ ვიმაგრებ ხელში. სასწრაფოდ ავრბივარ სახლში, ჩანთას ვიღებ და საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას ირინას ჩხუბს. ტაქსის ვაჩერებ და ირაკლის ბინის მისამართს ვკარნახობ, დარწმუნებული არ ვარ, რომ გიორგი ისევ იქაა, მაგრამ გული მეუბნება, რომ იქ უნდა მივიდე. მთელი გზა ვცდილობ დადუნასთან დაკავშირებას, მაგრამ ვერ ვახერხებ. ჯერ კიდევ გაუჩერებელი მანქანიდან ვხტები და გაოგნებულ მძღოლს ფულს სავარძელზე ვუგდებ. ახლა არც თავაზიანობის დრო მაქვს და არც ზრდილობის. ექვს სართულს გულამოვარდნილი ვათავებ და კარებთან ვჩერდები. ამჯერად მთელი ძალით ვაბრახუნებ კარებზე, თუმცა შიგნიდან ჩამი-ჩუმი არ ისმის, სასოწარკვეთა მიპყრობს, ახლა რა უნდა ვქნა, რა გავაკეთო? თვალებს ვხუჭავ, უნდა მოიფიქრო თეკლა, უნდა მიხვდე სად შეიძლება იყოს დადუნა? რა მოხდა? - სად ხარ, ირაკლი, სად? - ორივე ხელით კარს ვეყრდნობი და თვალებს ვხუჭავ. თავს ძალას ვატან, რომ როგორმე დავინახო, ან ვიგრძნო, სადაა დადუნა, ან რატომ სჭირდება დახმარება? ოღონდ ახლა გამოჩნდი ირაკლი, გთხოვ... ამაოდ ვცდილობ ჩემი ხილვების და უნარის გამოყენებას, მერე კი არაქათგამოცლილი, კართან, კიბეზე ვჯდები და ტელეფონს ვიღებ. მხოლოდ ახლა მახსენდება გიორგისთან დარეკვა. ზარი გადის, მაგრამ არ მპასუხობს. მესიჯს ვწერ და მოვდივარ. ქუჩაში გასულს, სასიამოვნო სიგრილე მეგებება. რა ლამაზია ამ დროს ქალაქი, საუკნოვან ჭადრებს გვერდს ვუვლი და გზას ფეხით ვაგრძელებ. მერე რატომღაც ტაქსის ვაჩერებ და გონს რომ მოვდივარ სასაფლაოსთან გაჩერებული ტაქსიდან გადმოვდივარ. - დარწმუნებული ხარ, რომ აქ მარტო დარჩენა გინდა? - გონს მძღოლის ხმას მოვყავარ. მე გაოცებული ვათვალიერებ გარემოს და სუნთქვაშეკრული რატომღაც თავს უხმოდ ვუქნევ მძღოლს. ფრთხილად მივაბიჯებ მაღალი ხეებით დაბურულ საფლავებს შორის, რომლებიდანაც მთვარის შუქი მკრთალად იჭრება და ოდნავ ანათებს ბილიკს, რომელზეც წვრილი კენჭები ყრია და სიარულის დროს რაღაცნაირ ხრიალს გამოსცემს. გარშემო ყველგან საფლავებია, ყველგან ჩრდილები, სულები, თვალები. მეჩვენება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ვგრძნობ დაჟინებულ მზერას, მკლავებზე ეკალი მაყრის, სუნთქვაც მიჩერდება. მგონია, ან ახლა გამოხტება ვიღაც, ან ახლა. ირგვლივ დამაყრუებელი სიჩუმეა, ალაგ-ალაგ ნიავის დაბერვისგან ფოთლები შრიალებს. ნერვიულობისგან ყელი მიშრება, ხელისგულები მიოფლიანდება, მაგრამ მაინც არ ვჩერდები. ვგრძნობ, როგორ ვკანკალებ, მეშინია, ხანდახან უკანაც ვიყურები შეშინებული, მაგრამ გზას მაინც ვაგრძელებ. რა მინდა ამ ღამით, აქ? ვკითხულობ გულში, თუმცა უკვე ვიცი, რა თქმა უნდა ირაკლის საფლავზე უბრალოდ არ ამოვიდოდი. ირაკლის საფლავის შორიახლოს ვჩერდები და კარგად ვხედავ საფლავის ქვასთან დახრილ მაღალ სილუეტს, ხელი ქვაზე ჩამოუდვია და ზედ თავი უდევს. გული საშინლად მიფართხალებს, ერთიანად ვიძაბები, ვგრძნობ როგორ დამდიან ჭიანჭველები თავში. გიორგი არაა, ნეტავ ვინ უნდა იყოს? სადღაც მინახავს. ფიქრებში გართულს ფეხებს შორის რაღაც მიძვრება, ღია სანდლების გამო, ცხადად ვგრძნობ მის ხორკლებს და შეშინებული ხმამაღლა ვკივი. ეს უბრალოდ ხვლიკია, თეკლა, დაწყნარდი, ვამშვიდებ ჩემს თავს ხვლიკის დანახვის შემდეგ და ისევ საფლავისკენ ვიხედები, მაგრამ იქ არავინ აღარაა, სად გაქრა? ასე უცებ სად გაქრა? თავგზაარეული, აკანკალებული ვუახლოვდები საფლავს და აწურული ვდგები ცივი, პირქუში ქვის პირდაპირ. - აქ რა მინდა, ირაკლი? პასუხი გამეცი... რა გინდა? დადუნას რამე სჭირს? სად ვეძებო? - ვჩურჩულებ ისე ჩუმად, რომ მეც კი ძლივს მესმის საკუთარი ხმა. დასამშვიდებლად, საფლავის გვერდით ვჯდები და თვალებს ვხუჭავ, უცნაურია, მაგრამ აქ საერთოდ არ ვგრძნობ შიშს. მხოლოდ ის მაინტერესებს აქ რატომ ვარ და ის ბიჭი ვინ იყო. ამ გარემოს საოცარი სიმშვიდე მოაქვს, მეც დაწყნარებული თვალებს ვხუჭავ და გარინდებული ვზივარ. ფიქრებგათიშულს, მოულოდნელად ვიღაცის ცივი თითები მეხებიან შიშველ მხარზე და შიშისგან ცახცახს ვიწყებ. ვინ არის ღმერთო? ოღონდ ახლა გადამარჩინე... უკან ფრთხილად ვტრიალდები და პირზე ხელს ვიფარებ... - ღმერთო, დადუნა... როგორ შემაშინე. - გოგო ერთიანდ გაფითრებული დგას ჩემ წინ და გაფართოებული, შუშის თვალებით ჩემ მიღმა სივრცეში იყურება. - რა გჭირს? სულ კანკალებ, დადუნა. გესმის? - ორივე ხელს მკლავებზე ვკიდებ და ფრთხილად ვანჯღრევ. - გამოფხიზლდი! - რა? - გაოგნებულლი, ხმას ძლივს იღებს და თვალები ცრემლით ევსება. - თეკლა, აქედან უნდა წავიდეთ, სწრაფად. თეკლა. - შეშინებული, თითქოს გონს მოვიდაო სასწრაფოდ იწმენს ცრემლებს და ხელს მკიდებს. - წავიდეთ, თეკლა. - რა ხდება გამაგებინე? - მალე, უნდა წავიდეთ. - იმეორებ აღტკინებით და მალ-მალე უკან იყურება. - რა გჭირს? დადუნა რა ხდება?- ახლა მეც უკან ვიყურები და სიბნელეში ოდნავ შესამჩნევად ადამიანის კონტურს ვხედავ. გული ყელში მებჯინება. შიშისგან ერთიანად ვეშვები და ნაბიჯის გადადგმას ვერ ვახერხებ. - არ გაგვიშვებს, არ გაგვიშვებს... - დაწყნარდი, ნუ ღელავ! - დადუნას ტირილს გონს მოვყავარ. ჯიბეში შეუმჩნევლად ვიდევ ხელს, ტელეფონს ვძებნი და ასევე შეუმჩნევლად დარეკვის ღილაკს ორჯერ ვაწვები, ბოლო ზარი ხომ გიორგისთან განვახორციელე, იმედი მაქვს ახლაც დაირეკება. ზუმერის მოგუდულ ხმაზე ცოტა ვმშვიდდები და დადუნას ჩემზე ჩაჭიდებულ ხელს ვაშვებინებ. - დაწყნარდი, დადუნა. ყველაფერი კარგად იქნება. ეს უბრალოდ სასაფლაოა, ბუნებრივია, რომ ღამე სასაფლაოზე შეგეშინდა. არ უნდა მოსულიყავი ღამით. - ვცდილობ, ხმამაღლა ვისაუბრო, რომ გიორგიმ, თუ რა თქმა უნდა აიღო ტელეფონი, ჩემი ხმა გაიგოს. - შენ არ გესმის? ის აქ არის? - დადუნას სასოწარკვეთილი ხმა აქვს, ორივე ხელით მექაჩება მკლავზე და ცდილობს წამიყვანოს. - მომისმინე დადუ, ჩვენ ახლა ირაკლის საფლავზე ვართ, როგორ გგონია, ირაკლი ვინმეს მისცემს უფლებას ჩვენ რამე დაგვიშაოს? - ვეკითხები ორაზროვნად, იმედი მაქვს დადუნას, ოდნავ მაინც შერჩენია აზროვნების უნარი. - აქ ვინ უნდა იყოს, უბრალოდ სასაფლაოა. ნუ გეშინია, მოდი ახლოს მივიდეთ გინდა? - არა, არა... მომკლავს. - დადუნა კივილს იწყებს. სილუეტი მოძრაობას და მთვარის ანარეკლზე ცხადად ვხედავ მის ხელში დანას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.