დრო (თავი VI)
მადლობა კომენტარებისთვის და იმისთვის, რომ კითხულობთ, გაინტერესებთ, გულთან ახლოს მიგაქვთ ... ამ თავის შუა ნაწილში ჩემი „დღიურის“ მცირე ამონარიდები ჩავრთე, იმედია მოგეწონებათ <3 ბევრი ვიფიქრე მიმეწერა თუ არა, ბოლოს მაინც გავრისკე. სოციალური ქსელების მიმართ მისი მწყრალი დამოკიდებულება რომ მახსოვდა, გვერდი ავუარე ყველანაირ ბანალურ „რას შვრები, რა არის შენკენ ახალი?“ და მსგავს ტექსტებს, პირდაპირ ჩავუგდე ლეპტოპის დესკტოპისთვის გადაღებული ფოტო და მივწერე: – რა უნდა ამას ჩემგან? –ბიოსის სეთინგების განულება–არ დააყოვნა პასუხმაც. მივხვდი, კი, როგორ არა... –თუ მხოლოდ windows გადაყენება უშველის, გადაგიყენებ არაა პრობლემა, ოღონდ ახლა ბათუმში ვარ და რომ ჩამოვალ მერე. რაო რაოო??? მინიმუმ მისი ორჯერ ნახვის შესაძლებლობა მომეცა ახლა თუ მეჩვენება?? –კარგი, მადლობა. ძალიან დამეხმარები.–მივწერე და გიჟივით ვეცი ტელეფონს, რომ გვანცასთვის მომეყოლა ყველაფერი. –გოგო, წამო სასაფლაოზე ავიდეთ–მითხრა. –პაპაო, კი არა ვარ, მერამდენედ უნდა წავიდეთ?–აგვიტყდა ისტერიული სიცილი და როგორც დედაჩემი იტყოდა, „არასერიოზული კრეჭვა!“ დღემდე არ მესმის როგორი შეიძლება იყოს სერიოზული კრეჭვა... რაც შეეხება, პაპაოს, ვინ იყო ის და რატომ ვხუმრობდით ასე მწარედ სასაფლაოზე სიარულზე?? ალბათ გახსოვთ, ვალენტინობა რომ სწორედ მამაჩემის საფლავზე გავატარეთ ორივემ. იმის მიუხედავად, როგორ ცუდ მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, იუმორის გრძნობას ყოველთვის ვინარჩუნებთ და არც ეგ დღე იყო გამონაკლისი, ყველა სახალისო ამბავი ერთიანად გაგვახსენდა, რაც კი გადაგვხდენია და ჭიხვინი ავტეხეთ ავტობუსში, არ მავიწყდება კონტროლიორის გაფართოებული თვალები და ეჭვნარევი მზერა, მანამდე ხომ ვკითხეთ ეს ავტობუსი სასაფლაოსთან გაივლისო?? –ალბათ ჰგონია, რომ კატის დასაკლავად მივდივართ საფლავზე, თან ვალენტინობაა დღეს.–ვუთხარი გვანცას და ახალი ძალით იფეთქა ჩვენმა „არასერიოზულმა კრეჭვამ“. პაპაო მისი ერთ–ერთი ხელმოცარული თაყვანისმცემელი იყო, ასეთებს კი მრავლად პოულობს ხოლმე, მაგნიტივითაა. უიღბლო რეჟისორი (მაგის რეჟისორობა არ გაიშვა!), რომელსაც ცხოვრებაზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული და „დარდს“ ალკოჰოლში იკლავდა. უარესი ის იყო, რომ გვანცას უყვარდა, მას კი სხვა უყვარდა! რატო ღმერთი არ გაიცინებს?! ეს ბატი კი, სასწაული მონდომებით ცდილობდა ცხოვრებისკენ მოებრუნებინა თავისი სატრფო და ღამეებს ათენებდა მასთან ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ საუბრებში! ვის ახსოვდა, რომ გვანცა აბიტურიენტი იყო?! ვის ადარდებდა მისი გამოცდები? ბოლო ზარი? ბანკეტი? სადაც თვალებჩასიებული მიდიოდა ამ მართლა პაპაოს გამო! ერთხელაც აღტაცებული მიყვება, წუხელ იმიტომ გამაღვიძა, ძმაკაცის საფლავზე ავიდა და დალიაო, –მის ოჯახს თუ ეხმარება რამით, თუნდაც მორალურად?–ვკითხე. უარყოფითი პასუხი რომ გამცა, უკვე ამომასხა! მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო ყველაფერი! რომანტიკული შეხვედრის გადადების მიზეზად, ეს პასუხი რომ გასცა, მანდ უკვე გადავირიე : „ცინგლი მდის, გვანც, აბა როგორ გნახო?!“ დავაყენე ეს ჯულიეტა და დავუწყე ახსნა, ვერც კი შევნიშნე, როგორ გადავედი ყვირილზე: –აუხსენი იმ დეგენერატს, რომ არ გცალია, ვერ გავიგე მაგის ფსიქოლოგი ხარ?! მარტო მაშინ ახსენდები, როცა სჭირდები ხო? ან ეს შუაღამეზე დარეკვა რა უბედურებაა?! აბიტურიენტი რომ ხარ და დასვენება გჭირდება არ იცის?! გვანცა დაბნეული სახით შემომცქეროდა და თავს მიქნევდა. –გაიგე, რაც გითხარი? დაიმახსოვრებ? ზუსტად ეგრე მისწერე იცოდე!–ვკიოდი. –კი, კი....მიდი რა, თავიდან მითხარი, ჩავიწერ. ამოვიოხრე: –უთხარი, მე შენი არც მამაო ვარ, არც დედაო და არც პაპაო! აღსარებებს რომ მაბარებ აქ-თქო!– გაგრძელება ვეღარ შევძელი, ორივე სიცილისგან გაგუდულები ვეყარეთ ძირს! ამ ჭკვიანმა კი, არც აცია არც აცხელა, პირდაპირ მისწერა ეს ტექსტი! მას მერე პაპაო და კატები სასაფლაოებთან ასოცირდება ჩვენთვის. ******** 04.06.2016 დღეს იძულებული გავხდი ვახოსთვის მიმეწერა... დღიურს ასე არ იწყებენ ხომ? სიმართლე გითხრათ, ცოტა შეზარხოშებულ მდგომარეობაში ვარ და მეზარება იმის ახსნა ვინაა ვახო?რატომ გავხდი იძულებული მიმეწერა მისთვის ან რატომ მეპრობლემება ეს ასე? ბოლო დროს რომ ქომფლიქეითიდ ურთიერთობები მაქვს, ასეთი არ მახსოვს 25 წლის მანძილზე... ვის რატომ და რისთვის ვწერ, მწერენ, ვეღარ ვიგებ. ერთი კარგი ალბათ ისაა, რომ არ ვხვდები არავის, მაგით მაინც მაქვს დასვენებული ტვინი, და მეორეც, მთავარი მავიწყდება ამ სისულელეებში. აი თვალსა და ხელს შუა აღმოვაჩინე ორი მიზეზი, რატომაა კარგი ასეთი არეული ურთიერთობები და თანაც ბევრი... როგორ მეტყობა ნაწერზეც სიმთვრალე.... იმის ნაცვლად, რომ თავით ვიყო ჩართული იმ ნაშრომის წერაში, რომელზეც ურცხვად გავიძახი ბოლო თავის ნაწილი დამრჩაო და რეალურად ორი თავიც არ მიწერია ჯერ, ვზივარ და ამ სისულელეების წერაში ვკარგავ დროს. არ ვიცი რატომ მომინდა გამეზიარებინა დღევანდელი ამბები მაინცდამაინც. ალბათ იმიტომ, რომ მნიშვნელოვნად მომეჩვენა პირველი ტრენინგის ჩატარება შედარებით ფართო და დაინტერესებულ აუდიტორიასთან. გასაგები მიზეზების გამო ამის გამხელა ჩემი ფიქრების მთავარ ადრესატთან არ შემიძლია და ამიტომაც ვკრეფ ახლა ამ სისულელეს გამწარებული. ერთი სიტყვით, დღეს საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი (ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით) ტრენინგი ჩავუტარე სტუდენტებს საქალაქო სასამართლოში და მხრებგაშლილი და თავდაჯერებული დავბრუნდი სახლში. რატომ დავლიე? ჩემი ცხოვრების შესახებ ოდნავ მაინც რომ იცოდეთ რამე, დამერწმუნეთ ეს კითხვა არ გაგიჩნდებოდათ. დღეს ჩემი გოგოს დაბადების დღეა, ალბათ პირველად ხდება ასე უღიმღამოდ რომ ჩაივლის ეს დღე, ამ ცხოვრებას რა ვუთხარი..... მთელი ცხოვრებაა ცხოვრების დალაგებას ვცდილობ და ალბათ მაგიტომ არ გამომდის არაფერი ... საკუთარი თავის წინაშე უნდა დავდო პირობა, რომ როგორც კი ამ ნაშრომს და უნივერსიტეტს დავასრულებ ბოლოსდაბოლოს, ყველა იმ უთავბოლო, უაზრო ურთიერთობას და გაურკვევლობასაც დავუსვამ ხაზს, რაც ამ ეტაპზე ზემოაღნიშნული დადებითი მხარეების მიუხედავად, მაინც მაწუხებს და გულს მიღრღნის... რა ჩავხლართეეე... ნეტა სამაგისტროში ვაფრქვევდე ამდენ ბრძნულ იდეას... არა დადებითი რაღაცებიც ხდება ჩემ ცხოვრებაში, მაგ. სინათლის წელიწადის კონცერტი, კიდე კონცერტი იყო და კონცერტიც ჰქონდა სინათლის წელიწადს... 04.07.2016 სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ეს ჩანაწერი და კიდევ ის, რომ ზუსტად 1 თვის შემდეგ ფაქტიურად არაფერი შეცვლილა. ისევ და ისევ საკვანძო საკითხს ვგულისხმობ, ვერ ვახერხებ ჩემი ფიქრები, სურვილები და მომხდარი მოვლენები იმას გავუზიარო, ვისაც მინდა და ამიტომ ვწერ აქ, თორემ შეცვლით ბევრი რამ შეიცვალა. სამაგისტრო ნაშრომი დავწერე.. ლექტორსაც კი ჩავაბარე და მეტსაც გეტყვით, დღეს მომწერა შენიშვნები თითქმის არ მაქვსო... აი ზუსტად 1 თვის შემდეგ, ისევ ამაყად და თითქოს გაბღენძილად ვგრძნობ თავს იმის გამო, რომ რაღაც ღირებული შევქმენი.. იმის მიუხედავად, რომ ისევ არ შემიძლია მოგიყვე ამის შესახებ.. დღეს კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ დავრწმუნდი, რომ შენისთანა ღირსეული ადამიანი მარტო მე კი არა, მთელ ჩემ სანაცნობო/სამეგობრო წრესაც კი არასდროს შეგვხვედრია... მეამაყება ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ დაგკარგე, ვიცი, ვიმსახურებ იმას, რაც ახლა ხდება, ჩემი ბრალია ყველაფერი, ამიტომ ვეღარც ვერაფერს ვცდილობ, ვეღარც ვტირი, გულში სიცარიელე დამრჩა, რომელსაც ვერავინ ვერასდროს შეავსებს, თუმცა ალბათ ამასაც შევეგუე... მხოლოდ ერთი, ძალიან, ძალიან, ძალიან პატარა იმედის ნაპერწკალი დამრჩა, მბჟუტავი, საკურთხევლებთან კანდელივით მბჟუტავი, სასწაულის იმედი რომ აქვს, აი ის ნაპერწკალი.... 15.07.2016 სულ მაინტერესებდა რას ნიშნავდა ფრაზა „თავი ხელში აიყვანე“, როგორ უნდა აიყვანოს ადამიანმა საკუთარი თავი ხელში... დღეს მივხვდი.... ასე საკუთარი თავის დაწყნარებას უნდა შეეცადო და პირდაპირი მნიშვნელობით აიყვანო, ალბათ კალთაშიც ჩაისვა, თავზე ხელი გადაუსვა და დაამშვიდო, რომ ყველაფერი კარგად იქნება... ჩემ შემთხვევაში ამას მორიგი ისტერიკა მოჰყვება და უარეს შედეგს გამოიღებს, ამიტომ ვფიქრობ, არ ავიყვანო თავი ხელში და პირიქით, თავიდან ფეხებამდე ჩავეფლო ამ საშინელ ჭაობში, რასაც დეპრესია ჰქვია...... აი, მარტო ყოფნის მინუსებმაც იჩინა თავი, სადილი ტაფიან საჭმლიანად დავწვი და დავრჩი შიმშილის ან საზიზღრობის ჭამის არჩევის წინაშე, თუმცა როდის იყო მე არჩევანის საშუალება მქონდა. მინდა/არ მინდა ჭამა მაინც მომიწევს.... ხო, მე ის გოგო ვარ, რომელმაც 25 წლის ასაკში იმაზე მეტს გაუძლო, ვიდრე ერთი შეხედვით შესაძლებელია ჩვეულებრივმა ადამიანმა შეძლოს.. 15 წლის ასაკში დავკარგე მამა, რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო, სტრესმა თავისი ქნა და რამდენიმე წელიწადში დიაბეტი ავიკიდე, რის გამოცაა ზუსტად, რომ მე არ ვწყვეტ ვჭამო თუ არა, როდის ვჭამო, რა ვჭამო და ა.შ... საშინელებაა, მაგრამ ეგუება ადამიანი, მე ის გოგო ვარ, რომლის ნათელი მომავლის (უფრო მეტად კი მაღალი ხელფასის) იმედიც ყველა გარშემომყოფს ჰქონდა, თუმცა ყველა მათგანისგან განსხვავებით, ვინც წარმატებას აშკარად მიაღწია, დღემდე უმუშევარი ვზივარ სახლში და ოჯახისთვის პრობლემების მეტი არაფრის მოტანა არ შემიძლია.... ხოო, ჩემი პირადი ცხოვრება ერთი დიდი კატასტროფაა კიდე, აი აქ კი, ვერც უიღბლობას და ვერც ვარსკვლავების განლაგებას ვერ დავაბრალებ ვერაფერს, რადგან ყველაფერი ჩემი სიჯიუტის და სულელური ქცევების ბრალია, რის შედეგებსაც დღემდე ვიმკი.... რამდენიმე დღეა სიმღერა მაქვს ამოჩემებული... „მე შეიძლება ამაღამ მოვკვდე და სიკვდილის წინ შენ ვეღარ გნახო“.... what if..... არც კი ვიცი მინდა თუ არა ვინმემ წაიკითხოს ყველაფერი, რასაც ვწერ ხოლმე, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, სათქმელი კიდევ ძალიან ბევრი მაქვს და ეჭვი მეპარება, როდესმე შევძლო ყველაფრის თქმა, ამიტომ ისევ წერა სჯობია, იქნებ ასე ოდესმე მაინც მიაღწიოს ადრესატამდე.... რას გეტყოდი, რომ შემეძლოს? ალბათ, ჯერ კითხვებს დაგისვამდი, რომლებიც მჭამს ამდენი ხანია შინაგანად და მოსვენების საშუალებას არ მაძლევს..... არ მაქვს ამის ძალა, მაპატიე............. ******** თვეზე მეტი გავიდა მასთან ბოლო საუბრიდან, ნაშრომი წვალებით დავასრულე, ლექტორსაც ჩავაბარე და მაღალი შეფასებაც დავიმსახურე.. ერთ დღესაც, ცოტა ნასვამი ვიყავი, ონლაინში რომ დავინახე ცოტა არ იყოს გავბრაზდი... –ჩამოხვედი ბათუმიდან?–მივწერე. არაფერი მიპასუხა. გავბრაზდი. –არ მელაპარაკები?–კიდე მივწერე და საკუთარ ფეხქვეშ გათელილ თავმოყვარეობაზე აბეზარი ფიქრების მოშორება ვცადე. –ისე რაა, ცოტათი–როგორც ყოველთვის ორიგინალური იყო. –ეგ როგორ?–დაიბნა ჩემი მთვრალი გონება. –რავი ასე უბრალოდ.–ეს ახსნებში.ჰმმ –გაბუტული ხარ?–წამოვაყენე ერთადერთი ლოგიკური იდეა. –არა.რატომ?–ხომ ვამბობ ვერაათქო რაა –რავიცი არ მელაპარაკები და–მხრების აჩეჩვით მივწერე. –და ის მეორე ნახევარი სად მიდის?–ღმერთო ეს დარეხვილი რამ შემაყვარა, ჩავიქნიე ხელი. –უი, აქვე ყოფილა და გკითხა როგორ არისო?–მომწერა. –კარგად, შენ როგორ ხარო?–სრულმა მე–მ გიპასუხა– არც მე დამიკლია სისულელეები. –არამიშავსო და შერცხვენილი ვარ შენთანო ასე გადაეცი, უპასუხისმგებლო საქციელის გამოთქო–ეს უკვე მომეწონა. –გამოსწორებადია–ვუთხარი და მზაკვრული გეგმის მოფიქრება დავიწყე. –ანუ ვალი ვალად რჩება?–მკითხა. –ლეპტოპს მაინც არაფერი ეშველება და სხვა რამით შეგიძლია გამოსწორება. –შემოთავაზებას ველი. დიდხანს ფიქრი არ დამჭირვებია, არანორმალური იდეები ყოველთვის არიან ჩემ თავში და გამომზეურებას ელიან, არც ამჯერად დააყოვნა ერთ–ერთმა: –დავლიოთ.–ვაჯახე პირდაპირ –მე და შენ?–მესიჯშიც იგრძნობოდა მისი გაოცება და მაღლა აზიდული წარბები. –ჰო. –და რა დავლიოთ? –ლუდი. –სად? –რავიცი სადმე. –როდის? –ხუთშაბათს.–ნეტა ეს დღე საიდანღა მოვიტანე? –და რომ არ შევასრულო პირობა?–ინტრიგანი სუფთა. –ორმაგად შერცხვენილი იქნები–ვენაცვალე ჩემს ენას! –არა, აღარ მინდა შერცხვენა. იყოს ხუთშაბათი და შეგეხმიანები მერე. Conversation ends here…. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.