შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყვდიადის შეთქმულება -2-


30-07-2016, 12:01
ავტორი sopiko
ნანახია 1 893

[თავი 2]
რამდენიმე წუთი კართან ვდგავარ, მერე კი სრულიად მოულოდნელად ვწევ სახელურს და სახლში გიჟივით შევრბივარ.
-ცივა. გარეთ ძალიან ცივა.-ამით ვამართლებ ჩემს საქციელს და ერთ ადგილზე გაშეშებულ ლილიანას ვაწყდები. ხელში ბალიში უჭირავს. არაფერი გამომივიდა. მეგონა გამოვიჭერდი, მაგრამ რად გინდა. თურმე უბრალოდ რცხვენოდა სტუმრის და სახლს ალაგებდა.
რა ეჭვიანი ხარ, კოსტა!
ისევ ეს კოსტა...
მძულს ჩემი სახელის ეს ფორმა...
იმიტომ, რომ ვერ დავაფასე! ყოველდღე მესმოდა ეს მომართვა... კოსტა! კოსტა! კოსტა! უდიდესი სითბო და სიყვარული იდო ამ ერთ სიტყვაში, მაგრამ მე ამაში ვერაფერს ვხედავდი განსაკუთრებულს. ახლა ვხვდები, მაგრამ ეფი... ეფი ჩემთან აღარაა.
-ბოდიში არეულობისთვის.-ბალიშს ადგილზე აბრუნებს ქალი და საბოლოოდ მიცრუვდება იმედი. ახლა მხოლოდ ისღა მრჩება, რომ მესამე სართულზე ავიდე და ის ოთახი ვნახო, საიდანაც შუქი გამოდის.
-საჭმელიც არაფერი მაქვს. პურიც დამიობდა. მაპატიე. ცუდი მასპინძელი ვარ. იმედია ცოტა რამ მაინც შეჭამე, სანამ მანქანა გაგიფუჭდებოდა.-დამნაშავის ღიმილით მებოდიშება ის.
-ნუ ღელავ, არ მშია.-მოკლედ ვუჭრი და ძველებურ დივანს გავცქერი.-აქ უნდა დავიძინო?
-ხო, მოგიწევს. მეორე სართულზე არაფერია. მხოლოდ ფიცრები, ყუთები და კიდევ ათასი ნაგავი. მესამეზე კი მე მძინავს.
-მესამე სართულზე? ა, ალბათ იმ ოთახში, ეზოს რომ გადმოყურებს.-სასხვათაშორისოდ ვამბობ და ვიძაბები.
-არა, გეშლება. მაგის მოპირდაპირე ოთახში. ეგ ოთახი დაგმანულია. ეს სახლი ნაქირავები მაქვს და პატრონმა მისი ჩაკეტვა მოინდომა.-აუღელვებლად მპასუხობს ქალი და სულ არ ეტყობა, რომ ცრუობს.
კინაღამ ვეკითხები, შუქიც პატრონმა ხომ არ დატოვა_მეთქი, მაგრამ თავს ვიკავებ. ჩემი ეჭვი მძაფრდება. რა სასიამოვნოა, როცა შენი ვარაუდები მართლდება.
-გასაგებია.-თავს ვუქნევ და დიდი ძალისხმევის შედეგად ვიღიმი. საძაგელი ძუ*ნა, როგორ უსირცხვილოდ მიყურებს თვალებში და მატყუებს. თავიდანვე როგორ ვერ ამოვიცანი მისი პიროვნება, არადა ეფი მეუბნებოდა, რომ მე ამ ნიჭით ვიყავი დაჯილდოვებული.. რასაც ვვარაუდებდი, ყველაფერი სრულდებოდა. მხოლოდ მოგვიანებით ვიეჭვე ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, მანამდე კი რატომღაც ლილიანა კარგ ადამიანად მივიჩნიე. ერთი შევხედე და მაშინვე კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ესეც ნიჭია.
-უკვე ძალიან გვიანია. ღამე მშვიდობის.-ემჩნევა, რომ ჩქარობს.
-ხო, რა თქმა უნდა. ღამე მშვიდობისა.-მშვიდობიან ღამეს კი ვუსურვებ, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ჩემი ‘’სურვილი’’ ასრულდეს.
როგორც კი ვხვდები, რომ ჩემს დანახვას ვეღარ შეძლებს, დივანზე ვჯდები და ლოდინს ვიწყებ.
ისევ ისე ხდება, როგორც ყოველთვის...
ყოველთვის, როცა მარტო ვრჩები საკუთარ თავთან...
ისევ ეფი.
და ყველაფრის სურვილი მეკარგება.

ეფი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა, მე რომ გავიცანი. წვიმაში ვიდექი და ძმაკაცს ველოდებოდი. მანქანით უნდა გამოეარა ჩემთვის და მერე ერთად წავსულიყავით მის აგარაკზე. რატომღაც შეაგვიანდა. მთავრობას გაჩერებების განახლება მაინც და მაინც ახლა გადაეწყვიტა და დათის რომ დავენახე, ვერც ვერაფერს შევაფარე თავი. მთელი ტანსაცმელი გასაწური გამიხდა. გონებაში უკვე უკანასკნელი სიტყვებით ვთათხავდი მეგობარს. ჩემდა გასაკვირად უცებ წვიმა შეწყდა, მაგრამ შხაპუნის ხმა მაინც მესმოდა. გაკვირვებულმა ავწიე თავი და გოგონა დავინახე, რომელსაც ჩემთვის თავისი პატარა, წითელი ქოლგა გადაეფარებინა, თვითონ კი სველდებოდა.
-რას აკეთებ? არ მინდა. არ მცივა.-ქოლგა გავაწევინე, მაგრამ ის გამიჯიუტდა. ქოლგა ამოაბრუნა და ასფალტისკენ წაიღო.
-თუ არ გადაიფარებ, მეც შენთან ერთად დავსველდები.-გამომიცხადა მან და მაშინ მივხვდი, თუ როგორ ურჩ და თავისნათქვამა ადამიანს გადავეყარე.
-დავსველდეთ მერე ერთად... წვიმა და რომანტიკა უხდებიან ერთმანეთს!-უდარდელად გავუღიმე, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მისი აცახცახებული მხრები გულს მიკუმშავდა.
-გთხოვ, მცივა...-ჩაილუღლუღა და თვალები აუცრემლიანდა. ხელები შემოვხვიე და ქოლგა ისე დავიჭირე, რომ ორივეს გადაგვფარებოდა.
ვიდექით ჩვენ ორნი წვიმაში და ერთმანეთს ვეხუტებოდით. არ იყო ისეთი გოგო, ბიჭებთან სიახლოვეს რომ ყოფილიყო ჩვეული. ჩემს მკლავებში ცმუკავდა, მაგრამ ბოლოს დამშვიდდა და თქვენ წარმოიდგინეთ გულზეც კი მომადო თავი. რა სიცივე, რის სიცივე? სუნთქვაც კი მიჭირდა სიმხურვალისგან... მესმოდა, როგორ შეხამებულად ფეთქავდნენ ჩვენი გულები და მათი დუეტით უზომოდ ნასიამოვნები ვიყავი.
სწორედ ასეთ მდგომარეობაში გადაგვაწყდა დათი და ისეთი ორაზროვანი მზერა მტყორცნა, რომ მაშინვე მივხვდი, რაღაც შეიცვალა...
ამ ცვლილებამ კი ფესვების გადგმა იმ დღიდან დაიწყო!
ეფემია შემიყვარდა! მთელი გულით, სულით, მაგრამ მე მას ვერ ვაფასებდი! ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე დავკარგავდი, რადგან არასოდეს მოუცია საბაბი, რომ ამის შიში გამჩენოდა. მოულოდნელად თავს დატეხილი უბედურება ძალიან მძიმე აღმოჩნდა და მე მას ვერ გავუძელი... თავჩაქინდრული დავდიოდი, რადგან ჩემი თვალების მრცხვენოდა... ცოცხალი თვალების... მაშინ, როცა არ ვიცოდი, ეფის გული კვლავ ფეთქავდა თუ არა...
ვერაფერს ვგრძნობდი, მაგრამ ეჭვიც არ მეპარებოდა ჩემს გულწრფელ და ძლიერ სიყვარულში! უბრალოდ ის მტანჯავდა, რომ ჩემმა სიყვარულმა ეფი ვერ დაიცვა...
წამება იყო ეს ერთი წელი... წამება იყო ყოველი დღე, საათი, წუთი და წამი! წამება იყო ყველაფერი ეფის გარეშე...

ტახტიდან ვდგები და კიბეებს ვუყვები. საფეხურები ჭრაჭუნობს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ლილიანას უკვე უშფოთველად სძინავს და ვერაფერს გაიგებს. მეორე სართულზე მართლაც ვერაფერს ვხედავ. კიბის პირველ საფეხურს რომ ვეძებ, რაღაცას ვკრავ ფეხს, მაგრამ საბედნიეროდ, მხოლოდ მცირედი ჩხაკუნი ისმის და მერე ისევ დუმილი მეფდება.
მესამე სართულზე დერეფანში ნათურა ანთია. ისიც ოდნავ ანათებს იქაურობას, მაგრამ ორ კარს კი ნათლად ვხედავ. ეზოს მხარეს რომ ოთახია, იმ კარებს ვუახლოვდები, მაგრამ ეს რა არის? კარებს ბოქლომი უკეთია. ჩაკეტილია. უჰ, ამის... ახლაც შევცდი? მეორე კარებს ვაყურადებ, მაგრამ არაფერი მესმის. ფშვინვაც კი. შეიძლება ლილიანას არც სძინავს. ის ხომ სახლში მარტოა უცხო მამაკაცთან ერთად. ერთი ჩვეულებრივი ქალია, რა. ტყულად ვბოდიალობდი რაღაცებს. მინდოდა გასართობი მენახა და ესეც ალბათ ჩემმა ქვეცნობიერმა მოიფიქრა. უშედეგოა გარჯა, ეფის მოგონებებისგან თუნდაც წუთით დასვენებისთვის რომაა გამიზნული. ვერასდროს! ვეღარასდროს დავიბრუნებ დაკარგულს და ვერც იმას დავივიწყებ, რაც დაუვიწყარია! მინდა ვიყვირო, ყველაფერი დავამტვრიო, ხელები კედლებს ვურტყა, ფრჩხილები მაგრად ჩავისო კანში, მაგრამ რაღაც მბოჭავს... იქნებ იმედი? არა, იმედი მოკვდა! ეს ერთი წელი საკმარისი იყო ამისთვის. პოლიციელებმა ვერავითარ კვალს ვერ მიაგნეს, ვერც კერძო აგენტებმა. არ ვიმჩნევდი, რომ მას კიდევ ვეძებდი. ეს რომ ახლობლებს გაეგოთ, ფსიქოლოგთან მიმაბრძანებდნენ. ვეძებდი, ოღონდ განგებ კი არ მივდიოდი ჩამოწერილ ადგილებზე და დაკითხვებს კი არ ვუწყობდი ადამიანებს, არამედ აქ ვიყავი თუ იქ, სახლში ვიყავი თუ გარეთ, ყველგან ეფის ვეძებდი. მის თვალებს, მის ხმას, მის უსაშველოდ გრძელ და ლამაზ თითებს, გამოყვანილ თეძოებს, სპილოსძვლისფერ კანს, თხელ, გაცრეცილ ტუჩებს, რომელთა დაკოცვნაც სიცოცხლის სურვილს მმატებდა... მენატრებოდა გონებიდან გულამდე, გულიდან სულამდე და სულიდან უსასრულობამდე... უმისობაც კი საჩუქარი იყო ჩემთვის, რადგან ერთხელ მაინც რომ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, სამი წელი მაინც რომ გაატარა ჩემ გვერდით, ასეთი მწარე და ამავე დროს უტკბილესი მოგონებები რომ მისახსოვრა, ამისთვისაც მადლობელი ვიყავი.

^^^
ესეც მეორე თავი.
აი, მესამეში კი ბევრ ახალ ფაქტს გაიგებთ.
ველი თქვენს შეფასებებს.
უყვარხართ სოფიკოს!



№1  offline წევრი Ignifex

ხოო,ახლა ასე თუ ისე გასაგებია კოსტას ხასიათი და პარანოია :D
ნეტავ რა მოუვიდა ეფის...
ვერ ვხვდები,იმ ჩაკეტილ ოთახში შუქს რა უნდა.
მომწონს,გკითხულობ,გელი ❤

 


№2  offline წევრი neilo

mec veli shemdegs

 


№3 სტუმარი Black

Sopachka!dagvibrundii?!istoria momwons amitom,veli shemdeg tavs

 


№4  offline მოდერი sopiko

ქეთი!
პირველ რიგში დიდი მადლობა love
იმ ჩაკეტილ ოთახში ვინც იყო და რაც ხდებოდა, დასასრულს გაიგებთ.
ეფის ამბავს კი სულ მალე... ალბათ ორ თავში.
ნეილო!
იქნება lol
Black
Sopachka!dagvibrundii?!istoria momwons amitom,veli shemdeg tavs

კი, დაგიბრუნდით lol
მიხარია, რომ ესეც მოგწონს love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent