ნაადრევი გაზაფხული (თავი 1)
-გათავისუფლებულიხარ.-დღე უიღბლოდ დაიწყო. როგორც ყველა უფროსმა, მანაც, მლიქვნელური სახით, ვითომ და ძალიან სწუხდა ამის გამო, შემომხედა. ავდექი, წამოვედი; უხმოდ, არაფერი მითქვამს. ქუჩებს ნაცრისფერი დასტყობოდათ. სამსახურის ნივთებით სავსე პატარა ყუთით ხელში მივაბიჯებდი ქუჩის მარცხენა მხარეს. აი, მარცხენა-მეთქი ვთქვი. როგორც ჩანს, დილითაც მარცხენა ფეხზე ავდექი. თუმცა რა სისულელეა, როდის მერე მჯერა ამ ცრურწმენების! მზე არსად ჩანდა. ცაც ნაცრისფერი იყო, დღეც და სადარბაზოც, რომლის უშველებელი ხის კარიც ჭრიალით გაიღო (როგორც ყოველთვის). ძველისძველი კიბის საფეხურები ფრთხილად ავიარე, იმის შიშით, რომ არ ჩამტყდარიყო და დღევანდელ უიღბლობას ეს მარცხიც არ დამატებოდა. ჩემი მინიატურული ბინის კარი შევაღე და მარტოობის სურნელი ვიგრძენი. მიმოვიხედე ირგვლივ, გული დამწყდა, ოღონდ რაზე არ ვიცი. ფარდა გადავწიე, ქურთუკი გავიძრე და იქვე საწოლზე მივაგდე. რამდენიმე წუთის შემდეგ ფანჯარასთან ვიჯექი ყავით ხელში და გავცქეროდი უსასრულო ჰორიზონტს... საღამომდე გაუნძრევლად ვიჯექი, სანამ ცაზე მთვარე არ გამოჩნდა. ფინჯანში დარჩენილი ყავა გაციებულიყო. ავდექი, მოვიცვი ქურთუკი და სადარბაზოში გავედი ნელი ნაბიჯებით. კარი ღია დავტოვე, როგორც ვაკეთებდი ხოლმე. წასაღები არაფერი იყო, რადგან არაფერი გამაჩნდა. მე ვიყავი მარტო... ვგრძნობდი ამას, განვიცდიდი?! -არ ვიცი. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ რეალობას გავურბოდი, ვცხოვრობდი ილუზიებით, ოცნებებში მქონდა ის, რაც რეალობაში ვიცოდი, არასდროს მექნებოდა.... ...გაყვითლებული ფოთლებით დაფენილი ხიდი გადავიარე. როგორ ხრაშუნებდნენ ფოთლები ჩემი ფეხსაცმლის ქვეშ. თავიდან ეს ხმა მსიამოვნებდა, მერე რატომღაც დავფიქრდი და მივხვდი, რომ შეიძლებოდა ფოთლებსაც სტკიოდათ და ვცდილობდი, ფეხი აღარ დამედგა მათთვის. ჯიბეში დარჩენილი ორიოდე გროში მოვსინჯე და იმედგაცრუებული სახით შევაღე მაღაზიის კარი. თაროზე ჩამწკრივებული შეფუთვებიდან მწარე შოკოლადის ერთი ფილა და საღეჭი რეზინი ავიღე, გამყიდველმა ფული გამომართვა და ისეთი სახით შემომხედა, თითქოს უცხოპლანეტელი დაენახა. შოკოლადი ჩემი ნარკოტიკი იყო. ერთადერთი რამ, რასაც უხმოდ ესმოდა ჩემი, ან მე ვთვლიდი ასე. მბჟუტავი ლამპიონებით განათებული ქუჩა ჩავიარე. გრილი სიო ქროდა, ჩემი ნაბიჯების გარდა კი არაფრის ხმა არ ისმოდა ირგვლივ. ახლა არაფერზე არ შემეძლო ფიქრი. მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში: რა გემრიელი შოკოლადია! უკვე იმდენი ხანი გავიდა რაც მარტო ვცხოვრობ, აღარც კი მახსოვს ბოლოს როდის ვნახე ლეილა. სადარბაზოს კარმა ისევ დაჭრილი ცხოველივით დაიღრჭიალა, კიბის საფეხურებს კი სულისშემხუთავი კვნესა აღმოხდათ. კარი შევაღე მარტოობის ბუდეში და სიბნელემ უშველებელი ხახა დააღო. დილით მზის სხივმა შემოიჭყიტა ფანჯარაში, დეკემბრისთვის დამახასიათებელი რომაა ისეთმა. არადა ფარდები სულ გადაწეული მაქვს, როგორც ჩანს გუშინ დამავიწყდა ჩამოფარება. საათმა 09:13 უჩვენა. ნელი მოძრაობით წამოვდექი, პირი დავიბანე და გაზქურაზე ჩაიდანი შემოვდგი. სახლს ყავის სურნელი მოედო, სასიამოვნო და გემრიელი. ღატაკური საუზმის შედეგ მალევე ლეილას სახლის კარზე ვაკაკუნებდი. -სანდრო?! - კარი გააღო თუ არა, ძალიან გაუკვირდა. - შემოდი. -ჰო - მხრები ავიჩეჩე და ზღურბლს გადავაბიჯე. -რამდენი წელი გავიდა - ცისფერი თვალები აუწყლიანდა. მისი ლამაზი, ახალგაზრდული სახე დროის ჟამთაცვლას შეეჭამა და ნაოჭებს დაესერა. მისი სახლი ისევ ისეთი იყო, როგორიც ძველად. ისევ ისე, კოხტად ჰქონდა მოვლილი და მოწესრიგებული. -აქამდე რატომ არ გამოჩნდი?! მომენატრე... - ემოციები ვეღარ შეიკავა და მოჩვარულ ღაწვებზე ცრემლი ჩამოუგორდა. -არ ვიცი... - თავი ჩავქინდრე. ახლა შევამჩნიე, როგორ გაცვეთილა ჩემი ფეხსაცმელი, დრომ მასაც მოუღო ბოლო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.