შენს მეზობლად (ნაწილი 14)
საღამოხანს მეგობრები ბულვარში გავიდნენ სასეირნოდ: საუბრობდნენ, იცინოდნენ და ნელი ნაბიჯით მიუყვებოდნენ სიბერეშეპარულ ქუჩებს. მზე თითქმის ჩასული იყო და ლოყებაწითლებული დედამიწა თითქოს უფრო სწრაფად ბრუნავდა, გრილი სიო გოგონებს გამეტებით უწეწავდა თმებს. ქუჩები სავსე იყო დამსვენებლებით და ყველა თავისებურად ირთობდა თავს: სკამებზე წყვილები ისხდნენ, რომლებიც ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდნენ, აქა-იქ მეგობრები იყვნენ შეჯგუფებული და ეტყობოდათ, რომ არც ისინი უჩიოდნენ განწყობას; ეს თითქოს პატარა სამოთხე იყო მომღიმარი სახეებითა და ლამაზი ფერებით სავსე. - ნახეთ, იქ რა კარგად ერთობიან. - თქვა გიორგიმ და თითი პატარა მოედნისკენ გაიშვირა, რომელიც სავსე იყო სხვადასხვა ტიპის ათლეტებით, სკეიტბორდერებით, ველოსიპედისტებით, ბაიკერებით. - მიყვარს მათი ყურება, მაგრამ ცოტა მეშინია, - თქვა ანამ. - რამე რომ დაიშავონ? - არაფერს დაიშავებენ. - დაამშვიდა საბამ მშიშარა შეყვარებული. - იციან რასაც აკეთებენ. - ხვალ გამოვიდეთ ჩვენი მოტოებით, რაღაცას მაინც გვასწავლიან, სულ მინდოდა ტრიუკების სწავლა. - იდეა გაუჩნდა გიორგის. - მე კი სკეიტბორდები მიყვარს, - თქვა ლიზიმ. - შეიძლება ვცადო? - თუ გათხოვეს, ჰო. - ლუკა, შეგიძლია სკეიტით სიარული? - არ ჩუმდებოდა ლიზი. - არასდროს მიცდია. - არ გინდა სცადო? - მერე სკეიტბორდერებს მიუბრუნდა. - ბიჭებო, შეიძლება ვცადო? მასწავლთ დგომას? - რა თქმა უნდა, მოდი. - გამოეხმაურა ერთ-ერთი მათგანი. - მართლა? - გაუხარდა გოგონას. - რა მაგარია, ახლავე მანდ გავჩნდები. ლუკა, წავალ ხო? - მიდი, ოღონდ ფრთხილად. - გოგონა სასწრაფოდ გაიქცა, ძალიან ბედნიერი იყო იმის წარმოდგენით, რომ სკეიტბორდზე დგომას ისწავლიდა. ცოტა პრაქტიკის შემდეგ, ლუკასთან მოირბინა. - წამოდი, შენც გასწავლით. - არა, მადლობა, ვიქნები აქ. - მშიშარა, მშიშარა. - დასცინა გოგონამ. - წამოდი რა, ძალიან გთხოვ. - კარგი, წავედით. - დანებდა ბიჭი. ლუკა ფრთხილობდა, ‘მასწავლებლის’ ყველა სიტყვას ყურადღებით უსმენდა და ცდილობდა, ყველა მოძრაობა ზუსტად გაემეორებინა, ლიზი კი პირიქით, სწრაფად დგებოდა დაფაზე და მაშინვე რთული ილეთების სწავლას ითხოვდა. - სასაცილო ხარ, როცა რაღაც არ იცი. - უთხრა ლუკას გოგონამ, როცა სკეიტბორდი დათმო და სასტუმროს გზას დაადგნენ. - მოგეწონა, შენ რომ უკეთ გამოგდიოდა, არა? - ეს ხომ მე ვარ! რა თქმა უნდა უკეთ გამომივიდა! - აი, შენ კი საყვარელი ხარ, როცა თავდაჯერებული ხარ. - სხვა დროს არა? - ყოველთვის, მაგრამ ამ დროს განსაკუთრებით. - მოეხვია ბიჭი. - ლიზი მართალია, ძალიან სასაცილო იყავი. - დაეთანხმა საბა. - შენ კი საერთოდ ვერ გაბედე! - წაუთაქა გიორგიმ. - შენ ხო რას ამბობ, დაფა ვერ გაგაგდებინეთ ხელიდან! - ბავშვებო, - ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოესმათ. - აუ, თამუნა. - ამოიკვნესა მარიმ. - ბავშვებო, როგორ ხართ? - წამოეწია მეგობრებს გოგონა. - რა კარგი რომ აქ გნახეთ, დარეკვას ვაპირებდი თქვენთან. - საქმე გქონდა თამუნა? - უსიამოვნოდ ჰკითხა მარიმ. - არა, - შეცბა გოგონა. - ანამ მიტხრა, რომ აქ იქნებოდით და თქვენი ნახვა მინდოდა. ოჰო, ეს ბიჭი ვინაა? - ლუკა. - გამარჯობა ლუკა. - გაგიმარჯოს თამუნა. - გაეცინა ბიჭს. - კარგი, ნომერში ავდივართ უკვე. ალბათ შენც. - წასვლა დააპირა მარიმ. - რა დროს ნომერში ასვლაა, წამოდით, დავსხდეთ სადმე. - მართლა, წავიდეთ, წავიხემსოთ. - თქვა ანამ და იქვე სასტუმროს კაფეში ჩავიდნენ. მარიმ გიორგი წაიყვანა და დანარჩენებს სასიამოვნო საღამო უსურვა. - მიხარია, რომ ვიღაცასთან გხედავ ლიზი, - დაიწყო თამუნამ. - ედოს მერე არავისთან ყოფილხარ. - ჰო, - ცივად გაიღიმა ლიზიმ. - ნამდვილად არ მეგონა, ჩემს მარტოობას ასე ძალიან თუ განიცდიდი. - არა, უბრალოდ დღეს ვხედავდი ედოს და გამახსენდა. ისიც აქ არის. - ვხედავ, ყველა აქ გაჩნდა, როგორც კი მე ჩამოვედი. საფრანგეთში არ იყო? - თქვა, სულ ჩამოვედიო. - კარგი, ვინ არის ედო? - იკითხა ლუკამ. - შენი გოგოს ყოფილი. - აუხსნა საბამ. - ჰო, ეგ გავიგე. - გაეპასუხა ბიჭი, მერე ლიზის მიუბრუნდა. - და ახლა ვინ არის შენთვის? - არასდროს არავინ ყოფილა! - ამას ამბობს გოგო, რომელიც „ბატონ არავინ“თან დაშორების მერე, თვეები არ გამოსულა სახლიდან. - მოკეტე საბა! - რატომ დაშორდით? - ისევ იკითხა ლუკამ. - საფრანგეთში წავიდა. - სულ ეს იყო? - გაუკვირდა ბიჭს. - არ მინდა რა მაგ ტიპზე ლაპარაკი, - შეწუხდა ლიზი. - არ შეიძლება თემა შევცვალოთ? - რა თქმა უნდა. მე მხოლოდ იმის გარკვევას ვცდილობ, უნდა ვნერვიულობდე მისი ჩამოსვლის გამო თუ არა. - არა! - დაამშვიდა გოგონამ. - მაგრამ ასეთი მომწონხარ. - ასეთი ანუ როცა ვეჭვიანობ? - ჰო. სადღაც სასიამოვნოც კია. - თვალი ჩაუკრა გოგონამ. - ისე არ ეჭვიანობს ხოლმე? - დაინტერესდა თამუნა. - საერთოდ არა. ზოგჯერ მგონია, რომ მისთვის სულერთია. - ხუმრობ? არ ხარ სულერთი. - თქვა ლუკამ. - უბრალოდ გენდობი. - რა კარგია, - წამოიძახა თამუნამ. - ზუსტად ამიტომ დავშორდი თოკოს. ყველაფერზე ეჭვიანობდა. - მოიცა, თქვენ დაშორდით? - საუბარში ჩაერთო ანა. - განუყრელები ჩანდით არადა. სამუდამოდ ერთად! - გაუთავებელმა თავის მართლებებმა დამღალა. - ჰო, ეჭვიანობა საშინელებაა. - თქვა საბამ. - ახლა მარტო ხარ? - ჰო, მაგრამ ედო დაბრუნდა და ვცდი, იქნებ რამე გამოვიდეს. ხომ იცით, სულ მომწონდა ეგ ბიჭი. ლიზი, შენ ხომ არ ხარ წინააღმდეგი? - სულ შენი იყოს თამუნა. - ისე შენც კარგი ბიჭი გიშოვნია. ჩვენთან სწავლობს? - კი, ასეა. - მაგარია. - თქვა გოგონამ, მერე უცებ ერთბაშად გაჩუმდა და მოსაუბრეებს კარებზე ანიშნა. კაფეში ედიკა შემოვიდა. - ოჰ, შენი სამიზნეც აქ არის! - ჩაიქირქილა საბამ. - მე წავედი ბავშვებო. - თქვა გოგონამ და წამებში გაქრა ადგილიდან. - ტვინის ჭია! - დაღლილი სახით თქვა ლიზიმ. - წავედით, დავიძინოთ. მე მეტი აღარ შემიძლია! მეორე დილით ლიზის ჯერ კიდევ ეძინა, როცა კარებზე დააკაკუნეს. გოგონა წამოდგა, ჩუმად გაიარა ოთახი, სადაც გოგონებს ტკბილად ეძინათ და ფრტხილად გააღო კარები. კარებში ლუკა იდგა და უცნაურად იღიმოდა. - დილა მშვიდობისა, პრინცესა! - ლუკა კარგი რა, - აბუზღუნდა გოგონა. - რომელი საათია? - მალე რვა იქნება. - მერე რატომ ხარ ფეხზე ასე ადრე? - ადრე? კარგა ხანია მღვიძავს, თან შენი ნახვა მინდოდა... ასეთის! - ბიჭმა ეშმაკურად ჩაიღიმა. - მოჩვენებას რომ ვგავარ? - მშვენიერი ხარ! - გეყოფა! - თქვა გოგონამ და კარი ცხვირწინ მიუხურა, მაგრამ ვერ მოითმინა, ცოტა ხანში ისევ გააღო. ლუკა იქ აღარ იყო. ლიზი შეშინდა. იფიქრა, იქნებ ვაწყენინე, კარი რომ მივუხურეო, სასწრაფოდ მოძებნა ტელეფონი და მისწერა, სად წახვედიო. პასუხმაც არ დააყოვნა და ანერვიულებულ გოგონას შეატყობინა, ქვემოთ გელიანო. ლიზი სწრაფად მოწესრიგდა და ჰოლში ჩავიდა. - რა ხდება? - ჰკითხა ბიჭს. - კონცხზე მივდივართ, - თქვა ბიჭმა. - დილა იქ წარმოუდგენლად ლამაზია. ამ ადგილთან მისასვლელი ვიწრო ბეტონის გზა, ულამაზეს მწვანე მცენარეებსა და მაღალ ხეებს შორის გადიოდა და მხოლოდ მისი გავლაც კი ერთი სიამოვნება იყო. კლდოვან მთაზე გაშენებული ბოტანიკური ბაღი სავსე იყო უამრავი სხვადასხვა ფორმისა და ზომის ულამაზესი მცენარეებით, იქვე ნახავდით მიტოვებულ და ბუნებასთან თითქოს ორგანულად შერწყმულ საბაგირო გზას, რომელიც ერთ დროს კონცხის ფუნქციონალური ნაწილი იყო და ერთ-ერთ ყველაზე კარგ გასართობს წარმოადგენდა. მწვანე კონცხის პლაჟებიც განსაკუთრებულად ლამაზი და მყუდრო იყო. ლუკამ მოტოციკლი გააჩერა და ლიზის ანიშნა, წამოდიო. ბიჭი უფრო და უფრო ღრმად შედიოდა ბაღში და გოგონაც უფრო გაოცებული რჩებოდა აქაური სილამაზით. ირგვლივ ყველაფერი ჯერ კიდევ სველი იყო დილის ნამით და დაცვარულ ფოთლებზე მზის ახალგაზრდა სხივები ციმციმებდნენ. თანდათან მცენარეები გამეჩხერდა და თითქმის ცარიელ სანაპიროზე აღმოჩნდნენ. ერთ მხარეს გაშლილი ზღვა ლივლივებდა, რომელსაც მთელ სიგრძეზე მიუყვებოდა ვიწრო ქვიანი სანაპირო, მეორე მხარეს კი წყალში უზარმაზარი კლდე იყო შეჭრილი და სანაპირო ზოლს ასრულებდა, სალი კლდის ულამაზესი მწვანე ქუდი პაწაწინა ყურეს მშვენიერ საჩრდილობელს უქმნიდა. იქვე იყო ხიდი სიმაღლის მოყვარულთათვის კლდეზე ასასვლელად და ბუნგალოები - სასიამოვნო დასვენებისთვის. - რა ლამაზია აქ ყველაფერი. - თქვა გოგონამ. - არადა მისი არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი. - ეს ადგილი მხოლოდ ღია ზღვიდან ჩანს და ვერც იპოვნი, თუ არ იცი მისი არსებობის შესახებ. - ალბათ ვერც ვერასდროს შევამჩნევდი. - წამოდი. - თქვა ლუკამ და გოგონა კლდეზე აიყვანა. - რა მაღალია. - წამოიძახა ლიზიმ, როცა სანაპიროს ზემოდან გადმოხედა. ლუკა კლდის ნაპირზე ჩამოჯდა, გოგონაც გვერდით მიუჯდა, ამომავალ მზეს გასცქეროდნენ და ზღვის სარკეზე არეკლილ სხივებს ადევნებდნენ თვალს. ლუკამ გოგონას ხელი მოხვია და ჰკითხა, მოსწონდა თუ არა აქაურობა. - მართალი იყავი, - თქვა გოგონამ და ღრმად ჩაისუნთქა დილის ჰაერი. - ეს ადგილი მართლაც ულამაზესია! - ჩემთვის კი შენ ხარ სილამაზე! - ჩემი ტკბილი ბიჭი, - გადაიკისკისა გოგონამ. - როგორ მიყვარხარ! - მიხარია, რომ აქ ვართ... მე და შენ... ერთად! ეს ლამაზ ზღაპარს გავს. - ჩვენ და ჩვენი მეგობრები. - მეგობრების ხსენებაზე, მათ დიდი ხანია იცნობ? - პირველივე კურსიდან. - ოთხივეს? - კი, ოთხივეს. რატომ მეკითები? - ენდობი მათ? - თვალდახუჭული. - არ ღირს! - რატომ? - საბას და ანას არ ვგულისხმობ, კარგი ბავშვები არიან. - გიო და მარი როგორები არიან? - მარი თავქარიანი გოგოა, დიდად არაფერი ადარდებს და ეგოისტია. - გიო? - ის ახლა კარგი ტიპია, მაგრამ თუ ოდესმე დასჭირდა, უყოყმანოდ გაყიდის ნებისმიერს. - ამას რის საფუძველზე ამბობ? - უბრალოდ მენდე! - მაშინ რატომ მეგობრობ მათთან? - იმიტომ, რომ შენი მეგობრები არიან. - თუ ასეა, რატომ არ მეუბნები, რომ აღარ ვიმეგობრო მათთან ან შენ რატომ არ იშორებ თავიდან? - ასე მარტივიც არ არის. ლიზი, დროთა განმავლობაში ცხოვრებაში ბევრი ისეთი ადამიანი გამოჩნდება, ვინც არ მოგვეწონება ან ჩვენთვის საფრთხის შემცველი იქნება მისი სიახლოვე, მაგრამ ასე უბრალოდ ვერ განვდევნით მათ ჩვენი სამყაროდან. - რატომ? - პირველ რიგში იმიტომ, რომ რომც გააგდო, ისინი მაინც იქ დარჩებიან, სადაც იყვნენ და ამ ფაქტზე თვალის დახუჭვით პრობლემა არ გაქრება და მეორეც, ვერ დავივიწყებთ იმ შესაძლებლობას, რომ მათში რაღაც შეიცვლება და უკეთესები გახდებიან, ვიდრე იყვნენ. - ჩვენი გავლენით? - ადამიანი ვერ შეიცვლება ისეთ გარემოში, სადაც ყველა მისნაირია. შეცვლისთვის საჭიროა უკეთესი ვარიანტი ნახოს და მოუნდეს, თვითონაც ასეთი გახდეს. - და თუ არ შეიცვლებიან? - პრობლემაც ისაა, რომ არ ვიცით რა მოხდება, ამიტომ არ შეგვიძლია ასე უბრალოდ ავიღოთ ხელი ადამიანებზე. - ძალიან კეთილი ხარ! - სიკეთე არაფერ შუაშია, უბრალოდ ყველას გვაქვს საკუთარი ნაკლოვანებები. ზოგს მეტი აქვს, ზოგს ნაკლები, მაგრამ ყველა ჩვენგანში არის რაღაც, რაც უნდა გამოსწორდეს. თუ ჩვენს მეგობრებს ასე მარტივად შევაქცევთ ზურგს ამ ნაკლოვანებების გამო, გამოდის ჩვენც იგივეს ვიმსახურებთ. - ამ ლოგიკით ყველა მარტო დარჩება. - ამიტომაც გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა. როცა ვირაცას სჯერა შენი, უფრო მარტივია შენც ირწმუნო საკუთარი თავის. - ანუ ყველას აქვს ერთი შანსი, ასეა? - უნდა ჰქონდეს, თუმცა სამწუხაროდ ეს შანსი ყველას არ ეძლევა. - შანსს აძლევ, მაგრამ მაინც მაფრთხილებ მათ შესახებ. - მისცე შანსი, გახდეს უკეთესი არ ნიშნავს დაივიწყო ვისთან გაქვს საქმე და ისე მიენდო, როგორც იმ ადამიანებს, რომლებიც ნდობას მართლა იმსახურებენ. - ლოგიკურია! სანაპიროზე აქა-იქ დამსვენებლები გამოჩნდნენ და წყვილს მყუდროება დაურღვიეს. დრო გადიოდა. უკან დაბრუნება არ სურდათ, მაგრამ სხვა გზა არ იყო, სასტუმროში მეგობრები ელოდნენ, რომლებმაც მათ პატარა გასეირნებაზე არაფერი იცოდნენ. ადგილს გულდაწყვეტით გამოემშვიდობნენ, ერთმანეთს შეჰპირდნენ, რომ ისევ მოვიდოდნენ ამ ადგილზე და სასტუმროში დაბრუნდნენ. - სად იყავით? - კარებში შეეგება ანა. - კონცხზე. მაგარი იყო. - დაბრუნდნენ? - მოისმა საბას ხმა ოთახიდან. - დავბრუნდით. - გასძახა ლუკამ. - დავიჯერო, ინერვიულე? - ვინერვიულე არა, მოტოებით გვინდა გავლა მე და გიოს და გელოდით. - მერე წადით, მე რა შუაში ვარ?! - შენ არ წამოხვალ? - არა, ახლა არ მინდა. - ამ წუთას ვისეირნეთ მოტოთი საბა, - თქვა ლიზიმ. - თქვენ წადით. - წავედით გიო, - გასძახა საბამ. - ჩვენ გარდა მაინც არავინ მოდის. - ბედნიერად. - ხელი დაუქნია ლუკამ. - ლუკა, შენ რას აპირებ? - ჰკითხა ლიზიმ. - ბულვარში გავივლი, მერე იქნებ ზღვაზეც გავიდე, ცოტას კიდევ ვიცურავებ. - კარგი, მერე ჩვენც შემოგიერთდებით. ლუკა წავიდა, ლიზი კი ოთახში დარჩა გოგონებთან, ჯერ კიდევ სავსე იყო ემოციებით და მათთან საუბარი უნდოდა. როცა საუბარი დაიწყო, ლუკას სიტყვები გაახსენდა მარის და გიორგის წყვილზე და ცოტა შეცბა, დაფიქრდა ღირდა თუ არა ყველაფრის მოყოლა, როცა მარი უსმენდა, მერე გადაიფიქრა და მხოლოდ ზოგადად უამბო დილის ამბები. - ლიზი, რა კარგია. ლუკა საოცარი ბიჭია. როგორ გაგიმართლა. - გულწრფელად უხაროდა ანას მეგობრის ბედნიერება. მარი ჩუმად იყო. - ჰო, მართლა გამიმართლა, რომ ეს ბიჭი ვიპოვნე. ის სულ სხვანაირია. - ყველა სხვანაირია, სანამ ისეთი არ გახდება, როგორიც ყველაა. - თქვა მარიმ და ოთახიდან გავიდა. ლიზის აქამდე არასდროს შეუმჩნევია გოგონას გამოხედვა, როცა ლუკას შესახებ ყვებოდა და ამბობდა, რომ ბედნიერი იყო. ალბათ იმიტომ, რომ მასთან თავისუფლად გრძნობდა თავს, ასე თუ ისე ენდობოდა და დეტალებს ყურადღებას არ აქცევდა. ლიზის ეწყინა, რომ ამას აქამდე ვერ ხვდებოდა და გულში ლუკას მადლობა გადაუხადა თვალის ახელისთვის. - კარგი, დღეს რას ვაკეთებთ? - თემა შეცვალა გოგონამ. - ლუკას ხომ დაჰპირდი, რომ მიაკითხავ. ალბათ უკვე გელოდება სანაპიროზე. - პირობა შეახსენა ანამ. - მე რაღაცეების ყიდვა მინდა, - თქვა მარიმ. - თქვენ არა? - პრინციპში მეც ვიყიდდი რამეს. ბევრი არაფერი წამომიღია, თან ახალს მაინც სხვა ხიბლი აქვს. - გამოდის, საშოპინგოდ მივდივართ. - იდეამ დიდად არ გაახარა ლიზი. - რა გაეწყობა, იყოს ასე! - შენ ხომ გოგო არ ხარ რა ლიზი, - უთხრა მარიმ. - როგორ შეიძება შოპინგი არ გიყვარდეს, ნუ გადამრიე! - ჰო, ალბათ არ ვარ. - ლუკას რას უპირებ? - იკითხა ანამ. - ისიც წამოიყვანე. - არამგონია ამ იდეამ დააინტერესოს. - თქვა ლიზიმ. - არ გინდა თავად კითხო? ლუკა შეზლონგზე წამოწოლილიყო, ხელები თავქვეშ ამოედო, თვალები დაეხუჭა და მზის სხივებს ეფიცხებოდა. სქელ წარბებზე წყლის წვეთები მოკალათებულიყვნენ, თმებიც სველი ჰქონდა, ეტყობოდა წყლიდან ახალი ამოსული იყო. გოგონები ჩუმად მიუახლოვდნენ. - ჰეი, მოვედით. - ლიზიმ მწოლიარე ბიჭს ხელი თმებზე წაავლო და წვალება დაუწყო. - ჰეი, - გაიბადრა ბიჭი. - სად დაიკარგე? - უკვე აქ ვართ, - თქვა მარიმ. - შუადღე მშვიდობისა, მწვანემოტოციკლიანო პრინცო! - თეთრი ცხენი ვერ ვიშოვე. - სანახევროდ გაახილა თვალები ლუკამ და როცა მათ შეხედა, დაამატა: - უფრო თბილად ვერ ჩაიცვით გოგოებო? - აქ დარჩენას არ ვაპირებთ გენიოსო! - გაეპასუხა მარი. - შენ წასაყვანად მოვედით. - სად მივდივართ? - შოპინგზე. - ვედრებასავით გამოუვიდა ლიზის. - ოღონდ ეს არა! - ლუკამ თვალები დახუჭა და თავი უკან გადასწია. - ნუ მიკეთებთ ამას! - ვიღაცამ ხომ უნდა მოგვხედოს?! - სერიოზული სახით იკითხა მარიმ. ლუკამ ლიზის გამომცდელად შეხედა. - გთხოვ! - თქვა გოგონამ და მიტყუპებული ხელები სახესთან მიიტანა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.