ირმის ნახტომი -4-
[თავი 4] მაცივარში შავი შოკოლადი მეგულება. მგონი ეს ცოტათი მაინც დამამშვიდებს. ყავასაც ვიდუღებ და ორივეს ერთად მივირთმევ. ჩემი სევდიანი ფიქრები მწარე შოკოლადს ძალიან უხდება. აჩეჩილ თმას ხელით ვისწორებ და ცალწარბას ოთახის მოხატულობაზე ვერთვები ფიქრებით. ნეტავ, ეს რაღა საიდუმლოს ინახავს? ეჰ, ძალიან ამრია იმ სასტუმროში, თუ რაც ჰქვია, მოხვედრამ. არადა ყველაფერი როგორ ჩვეულებრივად მოდიოდა. დიდხანს კი გამიგრძელდა ფათერაკების გარეშე ცხოვრება, მაგრამ ოცდათხუთმეტი წლის ქალი ასეთ რაღაცებზე ისედაც არ უნდა ფიქრობდეს. სადარბაზოდან ყვირილის ხმა მესმის, მას ნინოს ქვითინი ყვება. დარწმუნებული ვარ, ისინი არიან. იმედია იმ კაცს არაფერს დაუშავებენ, თორემ უკვე ორ ცეცხლს შუა ვარ. შეიძლება ასეთი ამბავი არც ამეტეხა, შეუმჩნეველი რომ არ დამრჩენოდა, რომ საყვარელს ნინო არ უყვარდა. უბრალოდ სჭირდებოდა. ჩემი კარის მეზობელი ლამაზი ქალია. ისეთ ადგილას, სადაც მე ვიყავი, ამგვარ ქალებს საშინელ სიბინძურეში სვრიან და სავარაუდოდ ნინოც საყვარლის დამსახურებით აღმოჩნდა იქ. გაბო მართალი იყო. ქალები იმისთვის დავიბადეთ, რომ მამაკაცები შევიყვაროთ და მისი ყველა სისულელე სიბრძნედ შევრაცხოთ. ამიტომაც ვართ ჩერჩეტები. ჩემს წარსუყლშიც ყოფილან თაყვანისმცემლები, მოფლირტავეები, მექალთანეები, სერიოზული ურთიერთობის მსურველები და რამდენჯერმე დავრწმუნდი კიდეც, რომ ქალს ისე არაფერი ასულელებს, როგორც საყვარელი მამაკაცი. არადა არშეყვარებაც რომ რთულია? რთულია კი არა, შეუძლებელია... მხოლოდ მაშინ ღირს ეს სისულელე სიყვარულის გამო, როცა ზოგჯერ იმ ერთადერთსაც ასულელებს ეს გრძნობა... ხო, მსგავსი რამ კი ჩემ გვერდით მყოფებისთვის არასდროს შემიმჩნევია. ამიტომაც ვარ დღემდე გაუთხოვარი. ამ დღეებში ტატუირებასაც მივხედავ. ირმის ნახტომის ჩემს მხარზე წარმოდგენა წამიერ ღიმილს მგვრის. რატომღაც ძალიან მომხიბლა იმ მოხატულობამ. ხელოვნების მოტრფიალე არ ვარ და გამიკვირდა კიდეც... თითქოს რაღაც აზრი დავინახე მასში და უცნაური აკვიატებაც მაშინ დამებადა თავში. შესაძლებელია ვერავინ მიხვდეს, თუ რა სვირინგი დავიხატე, რადგან გალაკტიკის ამოცნობა ძალიან რთული იქნება, მაგრამ ისიც გასაკვირია, რომ მე მივხვდი, რა ეხატა იქ, იმ ოთახის ჭერზე. ახლა შეპყრობილი ვარ ამ იდეით და მანამდე ვერ ამოვიშლი გონებიდან ირმის ნახტომს, ვიდრე ყველაფერს თავიდან ბოლომდე არ გავიგებ მასთან დაკავშირებით. ამაში გაბო დამეხმარება, თუმცა ჯერ ისიც არ ვიცი, როგორ დავუბრუნო ფული. მობილურის განათებული ეკრანის დანახვაზე მახსენდება, რომ ხმა გამორთული მაქვს. დედა მირეკავს. აღების ღილაკს ვაჭერ თითს და ხელში დაჭერილი ნივთი ყურთან მიმაქვს. -როგორ ხარ, დედა?-ჩვეულებრისამებრ იწყება ჩვენი საუბარი. -რა დროს ჩემი მოკითხვაა, ლეა. რამდენჯერ დაგირეკე და არ აგიღია. სახლშიც კი მოგაკითხე და არ იყავი. სად დადიხარ, გოგო?-ანერვიულებული კითხვაზე კითხვით მპასუხობს ხათუნა. -კაი, რა, დედა, რა განერვიულებს? გასული ვიყავი მაღაზიებში, ხმა კიდევ გამორთული დამრჩენია... რამ გამოგაქცია ჩემთან?-ვცდილობ მის დამშვიდებას, მაგრამ მეც არანაკლებ ვარ დასამშვიდებელი. -რამ გამომაქცია და შენზე ნერვიულობამ, შვილო. აღარ შემიძლია უკვე. დააყენე გათხოვებას საშველი, რა... პატრონი მაინც გეყოლება და მეც დამშვიდებული ვიქნები.-ჩემ მიერ მოძულებულ თემას უბრუნდება ის. -დედა! ძაღლი კი არ ვარ, პატრონი რომ მჭირდებოდეს და თუ ოდესმე გათხოვებას გადავწყვეტ ეს იმიტომ, რომ ქმრის გვერდით დგომა დამჭირდება...-მერამდენედ ვუმეორებ ამას და ვხვნეში.-კარგი ახლა. ახალი მოსული ვარ და დავისვენებ ცოტას. შენც დამშვიდდი და ნუ პანიკიორდები ასეთ სისულელეებზე. მამა როგორაა? -როგორ იქნება... ზის და გაზეთს კითხულობს... გაზეთს წაიკითხავს, ტელევიზორს უყურებს... რა თქმა უნდა, არ მითქვამს, რომ ვერ გპოულობდი, თორემ აუწევდა წნევა. წადი და დაისვენე. აბა, შვილი და ქმარი შენ არ გყავს, მაგათ რომ მიხედო და...-უკმაყოფილებას ვერაფრით მალავს ის. ვემშვიდობები და მობილურს ადგილზე ვაბრუნებ. დასვენება არაფრით შემიძლია. ფიქრები ისევ ფუთფუთებენ და მე მათი მოსმენა მიწევს. თვალს ერთ წერტილს ვუსწორებ. ჩემს თავში სრული ქაოსია. ლეპტოპს ვხურავ და მაგიდას იდაყვებით ვეყრდნობი. თუ რამე არ მოვიფიქრე, ვეღარაფერს დავუდებ გულს. მინდა ყველაფერი ბედისწერას დავაბრალო, მაგრამ რა ქნას იმ ბედის საცოდავმა მწერალმა, როცა ყველა თავისი შეცდომების შედეგს მას აბრალებს? ჩვენი აზროვნება ასეა მოწყობილი. რაც გამოგვდის და რაც კარგია, ჩვენს სახელს უნდა მიეწეროს და რაც არ მოგვეწონება, ბედის ბრალია. უკვე სამი დღე გავიდა იმის შემდეგ, რაც გაბოს და ცალწარბას შევხვდი. ფული ჯერ კიდევ ჩემს განკარგულებაშია. კომოდის უჯრაში დევს, გაზეთის ქვეშ. რა თქმა უნდა, ჩემთვის დატოვება აზრადაც არ გამივლია, მიუხედავად იმისა, რომ ამის საშუალება მაქვს. იმიტომ კი არა, რომ ანგელოზი ვარ და ცოდვების ჩადენის მეშინია, ვაითუ სამოთხეში აღარ შემიშვან_მეთქი, უბრალოდ ვიცი, რომ ეს ფული პატიოსანი გზით არ იქნება მოპოვებული. ვინ იცის, მის გამო ვიღაც მოკლეს ანდაც მომაკვდავს წაართვეს და ამით გადარჩენის იმედიც გაუქრეს. იმ საწყობში რომ შევედით, სუნთქვა გამიძნელდა. სიკვდილის სუნს ვგრძნობდი. ყველაფერს, რაც იმ ოთახში იყო, სიკვდილის სუნი გამოჰყოლოდათ. იცით, რატომ არ იღებენ უსულო ნივთები ხმას? იმიტომ, რომ სულიერების ცოდვებით არიან გაჟღენთილნი და მეტყველების უნარი დაუკარგავთ. ალბათ ისინი რომ არ არსებობდნენ, ჩვენ ვერ შევძლებდით საუბარს. შეიძლება ვთქვათ, რომ ისინი მაშველი რგოლები არიან, რომლებიც გვეხმარებიან. ბავშვობაში რაღაც რომ მეწყინებოდა, სარკესთან ვდგებოდი და ყველაფერს ვუყვებოდი. თან ვმშვიდდებოდი და ამავე დროს დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს საიდუმლოს ვერავინ გაიგებდა. დავაშავებდი თუ არა რაიმეს, ჩემს საყვარელ სათამაშოს, დათუნია ბამბოს ვუამბობდი. მხოლოდ მან იცოდა, რა დანაშაული მქონდა ჩადენილი და რით ვიყავი გასვრილი. რომ წამოვიზარდე, დავიწყე ფიქრი იმაზე, რასაც ადამიანები ვერასდროს გაიგებდნენ ანდაც მე ვერ მოვესწრებოდი გაგებას. მერე მივხვდი, რომ ასე მხოლოდ თავს ვიტანჯავდი და გავჩერდი, თუმცა ყოველთვის ბარიერს რომ დავინახავდი წინ, ბავშვობის შიშები და ჩემი ეჭვები მახსენდებოდა და ისევ ღრმა ორმოში ვვარდებოდი, საიდან ამოსვლაც ძალიან რთული იყო. ახლაც არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო ან როგორ. რა იქნება ყველაზე სწორი. ისევ იმ ადგილას ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივალ, მაგრამ აბა, სად ვიპოვო გაბო. ერთადერთი გამოსავალი ნინოსთან საუბარია, მაგრამ ალბათ კარსაც არ გამიღებს. ისე, შანსი მაინც არსებობს, რომ თავის დანაშაულს მიმხვდარიყო. ყოველ შემთხვევაში გარისკვა ღირს. ხალათს ვიხდი და ხელში მოხვედრილ ტანსაცმელს ზედაც არ ვუყურებ, ისე ვიცმევ. ვგონებ, ყველაფერი გაბოსთან შეხვედრით და ფულის მოცილებით არ დასრულდება, რადგან რჩება ყველაზე მნიშვნელოვანი_ირმის ნახტომი, თუმცაღა იმის თქმა, რომ ამას თუ მოვაგვარებ, ის მოუგვარებელი დამრჩება, ხოლო თუ იმას, ეს_მეთქი, ასე უმოქმედოდ ყოფნა უფრო ამომიღრუტნის გონებას და გულს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი ხანია აღქმული მაქვს, მაინც ვიმშვიდებ თავს, რომ მარტო ჩემზე არაა დამოკიდებული ზღაპრული დასასრული. უბრალოდ უნდა ეცადო, რომ ზოგჯერ ფიფქია იყო ან წითელქუდა, რომელსაც ჰგონია, რომ რეალობა ზღაპარი არ არის და უცებ ის, როგორ თუ არა, რას კადრულობო, ზღაპრად იქცევა ხოლმე. ისევ ნინოს სახლის ზღურბლთან ვდგავარ. ტუჩებს ვილოკავ და მხრებში ვიმართები. გარეგნულად მაინც ვგავდე შემართებით, სიმამაცით აღვსილს მოსულს. ახლა სახლში ის კაცი რომ დამხვდეს, შიგნით შემაგდოს და ჭკუა მასწავლოს, კი ვიქნები ღირსი, მაგრამ რა ვქნა, რომ ეს ვიცი, მაგრამ მაინც არ ვიცვლი ფეხს. რამდენჯერმე ვაკაკუნებ და კარებსაც ვიღაც ზუსტად ისე გაუბედავად აღებს, როგორც მაშინ ნინო. ახლაც ისა. სახეზე ნაღვლიანი ღიმილი ურბენს, მერე კი უკან იხევს და შემოდიო, მანიშნებს. რას ნიშნავს ასეთი დახვედრა? იქნებ ხაფანგს მიგებენ ის და მისი საყვარელი? მე უკვე აქ ვარ. ახლა ფიქრს და შიშთან ჭიდილს აზრი არ აქვს. უნდა შევიდე. თუ ვინმეს ჩემთვის რამის დაშავება უნდა, მისამართი ეცოდინება და სახლშიც მომაკითხავს. ხელები მიცახცახებს, ამიტომ ჯიბეებში ვიწყობ და ბინაში ისე შევდივარ. ნინოსკენ ვბრუნდები, უკნიდან რომ არ ჩამარტყას რამე, თუმცა ის არაფერ მსგავსს არ აპირებს. მისაღებში მიპატიჟებს და დაბრძანდიო, სავარძელზე მიმითითებს. თვითონაც ჩემ წინ, სკამზე ჯდება და ოხვრას გულს აყოლებს. -ჩემთან ყავის დასალავად არ მოხვიდოდი, ხო?-სიჩუმეს ისევ ის არღვევს ბოლოს. -კარგია, რომ ხვდები.-ნაძალადევი ღიმილით ვეთანხმები. -არ მინდოდა ასე გამოსულიყო, ლეა.-ალალად მეუბნება. ამ წუთას მე მჯერა მისი. საძინებლისკენ ვიხედები. ჩემს მზერას ამჩნევს და თავს აქნევს. -მარტო ვარ. დავშორდით. -რამ გაიძულა ასეთ კაცთან ყოფნა? მან დაგაახლოვა ხომ ცალწარბასთან?-მეგობრულად ვეკითხები. აღარც ისეთი ზიზღი მიდევს გულში. -ასეა, თუმცა თაზო ცუდი ადამიანი არაა. უბრალოდ ცუდ დროს ცუდ ადგილას მოხვდა.-მაინც ამართლებს კაცს. -აჰა, თაზო? ნინო, რატომ ვერ ხვდები, რომ გიყენებს? ისევე, როგორც იმ დღეს მე გამომიყენე.-წყენას მაინც ვერ ვივიწყებ. -ვერ ვხვდები? დებილი გგონივარ, ლეა? უბრალოდ სხვანაირად არ შემიძლია. მე ის მიყვარს და თანაც... შენ არაფერი იცი, არაფერი გინახავს და არაფერი მოგისმენია.-საშინელ ტკივილს აყოლებს ამ სიტყვებს. -რა არ ვიცი, ნინო? ის, რომ შენც ცუდ დროს დარჩი მარტო ორი წლის ლიკოსთან ერთად? რომ ქმარი თურმე მანამდე ყოველდღე გცემდა? მერე სხვას რომ აეტორღიალა, სახლიდან წავიდა და შენ ყოველნაირი სახსრების გარეშე დაგტოვა? ძალიან ახალგაზრდა რომ იყავი მაშინ? ეს როგორ არ ვიცი, ნინო. ჩემი რა საქმეა. ვისთან ერთადაც გინდა, იმასთან იყავი, მაგრამ გულით მებრალები. იმას რომ უყვარდე, გაითვალისწინებდა, ბავშვი რომ გყავს და ჯერ საყვარლობას არ შემოგთავაზებდა და მერე ფული მიშოვეო, თანაც ამდენი ფული და თანაც ასეთი ადამიანებისგან, არ დაგავალებდა.-ვცდილობ ისე ავუხსნა, რომ გავაგებინო. -მე ის მიყვარს, ლეა. აი, მთავარი მიზეზი, თუ რატომ ვარ მასთან. ლიკოს არც ერთხელ არ უნახავს ის. არ დავუშვებ, რომ ჩემ გამო ოდესმე შერცხვეს.-მტკიცედ მიცხადებს ის. არ არის იდეალური დედა, მაგრამ უნდა, რომ იყოს. მთავარი სურვილია, ასრულდება თუ არა ის, არაა მნიშვნელოვანი. -რაც არ უნდა გითხრა, მას ვერ გადაიყვარებ, ვიცი. როგორი უვარგისია, ეს არც შენ გეშლება. არ ვიცნობ, მაგრამ სულ ცოტათი დავფიქრდი ცივი გონებით, უსიყვარულოდ და ყველაფერს მივხდი, შენ კი ხელს ის გიშლის, რომ გიყვარს.-მხარზე ხელს ვადებ. მშვიდად ვარ. მეც და ისიც. ^^^ დილა მშვიდობისა! მიუხედავად იმისა, რომ ასე თუ ისე განაწყენებული ვიყავი, თქვენს აზრს რომ არ აფიქსირებდით, რადგან რამდენიმემ მთხოვეთ, გადავწყვიტე, რომ გამეგრძელებინა, თუმცაღა რამდენიმე დღით ქალაქგარეთ გავედი და იქიდან კი დადება ვერ შევძელი. დიდი მადლობა ჩემს ერთგულ მკითხველებს, რომლებიც არასდროს ივიწყებენ იმას, თუ როგორ მახარებს მე როგორც დადებითი, ისევე უარყოფითი კომენტარების კითხვა, რადგან ეს მკითხველის აზრია. უყვარხართ სოფიკოს! პ.ს. შემდეგი არ ვიცი, როდის იქნება... გააჩნია, რამდენად იაქტიურებთ და გამიზიარებთ თუ არა შეფასებებს :დ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.