ნიღაბჩამორეცხილი
დღევანდელი დღეც დადგა. დილა მშვიდი იყო, ამინდი ცივი და ნესტიანი. ერთი საათით ადრე გავიღვიძე, ვიდრე სახლიდან გავიდოდი, რომ ლექციაზე წავსულიყავი. მოვწესრიგდი... ამ ბოლო დროს, საკუთარ გარეგნობას დიდ ყურადღებას ვაქცევ (მითუმეტეს, რაც ჯგუფი შევიცვალე უნიში), რადგან მივხვდი, რომ ერთი მიწიერი სიცოცხლე მეტისმეტად პატარაა იმისთვის, რომ საკუთარ თავს ვერ ვიტანდე სარკეში ჩახედვისას. სარკე კარგად იცნობს ჩემს ორმაგ ბუნებას: მხედავს ბედნიერს, მხედავს დაღრეჯილს. ის ხედავს ჩემს ემოციებს, მხედავს, როგორი ვარ სინამდვილეში. (ამის დაწერა კი სწორედ მან მაიძულა. ავდექი შიშით, კომპლექსებით, სინდისის ქენჯნით, სასოწარკვეთით გულამოვსებული და სარკეში ჩავიხედე. ცრემლები წამსკდა სიმწრისგან. ჩემს ანარეკლს ვუთხარი, რომ საცოდავი ვარ და ისეთი ხმამაღალი და ხანგრძლივი ხარხარი ამიტყდა, ერთი წამით ვიფიქრე, შეპყრობილი ხომ არ ვარ-მეთქი, ეს ფიქრი კუთხეში მივიმწყვდიე. უმალვე ხარხარი ტირილში გადამივიდა, მერე უცბადვე დავმშვიდდი და კომპიუტერს მივუჯექი, რომ ჩემი სულის მაწამებელი აქ გადმომენთხია). რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ადრე ავმდგარიყავი, ჩემი ბოლო მაინც დაგვიანებაა ხოლმე. ამჯერად, სტრესი ჩავიმარხე და მშვიდად გავედი სახლიდან, ასევე მშვიდად დაველოდე ავტობუსს, მშვიდად ველოდე საცობიდან გაღწევას, მშვიდად ჩავედი მეტროში და, კვლავამც, მშვიდად გავუყევი გზას უნივერსიტეტისკენ. ჩემს სიმშვიდესა და "თავს ლამაზად ვგრძნობ" გარეგნობას თან როგორი ნიღაბი შევურჩიე? -თავდაჭერილი, "არცერთი არ ხართ ჩემი ღირსი" სახე და მკაცრი, ჭკვიანური გამოხედვა დავიჭირე. ამ გამომეტყველების გაცნობიერების მომენტშივე გამიელვა თავში აზრმა, რომ ღმერთი ზემოდან მიყურებს და აუცილებლად დამამდაბლებს-მეთქი, მაგრამ ამ უსიამოვნო აზრს შევუძახე: -დაიკარგე აქედან! და მშვიდად განვაგრძე სხვა რაღაცებზე ფიქრი. ნახევარი საათის დაგვიანებით შევბრძანდი აუდიტორიაში. მეგონა, ისე კარგად გამოვიყურებოდი, რომ ყველას ჩემთვის უნდა შემოეხედა, მხოლოდ წამიერად და მაქსიმუმ ოთხჯერ (მეტჯერ ან გაწელილად შემოხედვა გამაღიზიანებდა), რომ თავდაჯერებულობა შემენარჩუნებინა. არც შევმცდარვარ, ყველას ყურადღება ვერ, მაგრამ იმდენის კი დავიმსახურე, რომ კვლავ მყარად ვმდგარიყავი ჩემს დონეზე. შემდეგ ლექციაზე კი, ალბათ, უფალმა გადაწყვიტა, ახლა გიჩვენებ სეირსო და დაიწყო! ჯერ მოთელვა იყო... ჩემი ერთ-ერთი ჯგუფელი "შემობლატავდა" აუდიტორიაში. ჩემ უკან მოკალათდა სკამზე თავის ძმაკაცთან ერთად და დაიწყეს უაზროდ ხუმრობა. ყველაფერზე "ღადაობდნენ" აბსოლუტურად. ლექტორის თითოეულ სიტყვას გამოეკიდებოდნენ და თავიანთი უსაშველოდ საყვარელი ფანტაზიებით აჯერებდნენ და აგრძელებდნენ სასრულ წინადადებებამდე მის სიტყვებს. ლექტორი, გარეგნობიდან თუ ვიმსჯელებ, ოცდაათ წელს გადაცილებული ქალია, პუტკუნა, თვალები ინდურ სტილში აქვს შეღებილი და გათხოვილია. არ მეგონა, თუ ამ ასაკში ვერ გაარჩევდა სტუდენტისგან ამოთქმულ "ღადაობასა" და აზრიან ლაპარაკს. სამწუხაროდ, რასაც ჩემი დაქნეული ჯგუფელი "ღადაობით" ჰკითხავდა, ლექტორი რაციონალურ პასუხებს უბრუნებდა, რასაც მე მის ადგილას არ ვიზამდი, რადგან ვფიქრობ, რომ უზრდელი ადამიანი თავისმა უზრდელობამ თავადვე უნდა დაღალოს. როცა პიროვნება მის როშვებს დააიგნორებს, სწორედ მაშინ მოხდება ეს. მას დაქნეულს ვუწოდებ. ლექტორთან ბოდიალით როცა დაეღლებოდა ენა, ახლა თავისი გახელებული პატარა, არაფრისმთქმელი შავი გუგებით ეძებდა რაიმე სახეიროს და ეტყობა თვალში მე მოვუვედი. ჯერ მისი ძმაკაცი მიკაკუნებდა ზურგზე, აქეთ მომხედეო, მეც მივტრიალდებოდი და ის მეკითხებოდა, ხომ კარგად ხარ, რაღაც ფერი არ მოგვწონს შენიო. მეც თვალების ატრიალებით, ნაძალადევი ღიმილითა და თავის ქნევით ვანიშნებდი, რომ არ ეღელვათ. მეორეჯერაც დაიღალნენ ლექტორთან ბოდიალით და კვლავ შემომაბრუნეს, მკითხეს, ისევ კარგად ვიყავი, თუ არა. მე წარბებაქაჩული ღიმილნარევად უპასუხოდ შემოვტრიალდი. გავიდა რამდენიმე წუთი, ამასობაში დაქნეულის ძმაკაცი გარეთ გავიდა და დაქნეულმა უცბათ კეფაზე მომარტყა ხელი, მაგრამ სუსტად. მივიხედე, ამჯერად დაღლილ-გაბრაზებული სახით, ვუთხარი:-ზედმეტები მოგდის-მეთქი და შემოვტრიალდი ისევ. იმ დაქნეულს ხმა აღარ გაუცია ამის შემდეგ ჩემთვის. ჯგუფის დანარჩენი წევრები ამ ბიჭების თავხედურ გამოხტომებს აიგნორებდნენ. გოგოები კიდევ ქერა სულელი "გოგოშკებივით" უღიმოდნენ მას უსაქციელობის ყოველ გამოხატულებაზე. აი, ეს!!! ეს მძულს "გოგოშკების" ხასიათში ყველაზე მეტად! რატომ უღიმი ჩაგვრას, უმსგავსობას, თავხედობას?! ესე იგი, მხარს უჭერ?! არ მესმის! თუ ასეთი ბიჭები "ევასებათ" და ცდილობენ ამგვარი ჟესტით მოაწონონ თავი, თავი საყვარელ არსებებად მოაჩვენონ?! ვაი, ვააი!!! დასრულდა ეს მტანჯველი და დისკომფორტული სალექციო საათი და ჩემს თავდაჯერებულობის ნიღაბს ნიღბისფრადვე შეფერილი ოფლის წვეთები უკვე ზოლებად შემოეძარცვა. პირველი გამოვედი აუდიტორიიდან და მომდევნო აუდიტორიისკენ გავემართე საჩქაროდ, რომ ჯგუფის წევრებისგან თავი განმედეგა. საკუთარ თავს ვებრძოდი, ისევ ჩამარხვის ხერხი გამოვიყენე და დავმშვიდდი. აუდიტორიასთან ვიდექი, რამდენიმე ჯგუფელიც დამეწია. ლექტორის მოსვლას ველოდით და აი, დაქნეულის ძმაკაციც შემოგვიერთდა. არ ვიცი, ნამდვილად ჭკვიანი იყო, თუ ისიც ჩემსავით ნიღაბს ამოფარებული, კომპლექსების დაფარვის მიზნით, მაგრამ იმას კი მივხვდი, რომ უფალმა გამომიგზავნა სასჯელის სახით. წინადადებით შემოვიდა ჩვენთან, სააზროვნო კითხვებს დავსვამ და მიპასუხეთო. შემდეგ მომიტრიალდა და მკითხა: -შენ ხომ ხარ ჭკვიანი გოგო? პასუხად ჩემგან დაინტრიგებული თვალები და ეჭვნარევ-ღიმილიანი სახე მიიღო. ჩემ ნაცვლად, თავად უპასუხა: -კარგი, ვთქვათ ხარ! (ამით, ალბათ, სურდა, ჩემი ჭკვიანური და თავშეკავებული გამოხედვისთვის, უხეშად რომ ვთქვა, შეეფურთხებინა.) და დამიწყო უმარტივესი შეკითხვების მოყრა, რასაც ჩემნაირი ნელი აზროვნების, შინაგანად კომპლექსებით დატვირთული და ერთი სიტყვითა და ბევრი გაგებით, დაბნეული გოგო, პასუხს უცბადვე ვერ გასცემდა. კითხვები უნარებიდან დამისვა. თავისუფლად, წამებში გავცემდი პასუხს, ამდენი ზემოქმედი ფაქტორებით რომ არ შეზღუდულიყო ჩემი გონება. პირდაპირ თვალებში მიყურებდა, ახლოს მედგა, პასუხს მაჩქარებდა, ჩემი ზარმაცი ტვინი არ ცდილობდა კითხვის გააზრებას, ის იმაზე ფიქრობდა, პასუხის მოლოდინით არ დავღალო ეს ბიჭიო. და აი, ჰოიი საოცრებავ, ისეთი ბანალური, დაუფიქრებელი, სულელური პასუხები დავუბრეხვე, რომ მთელ ჩემს თავდაჯერებულობის ნიღაბს თითქოს წყლის ჭავლი მიუშვირეს და ერთიანად ჩამორეცხესო. ავფორიაქდი, თავის გასამართლებლად, რა თქმა უნდა, ვთქვი, ძალიან ნელა ვაზროვნებ-მეთქი. მინდოდა იმ წუთასვე გავმქრალიყავი ადგილიდან, ან საერთოდ არ მოვვლენილიყავი ამ ქვეყნიერებას. ჩემს სირცხვილსა და თავის მოჭრას კვლავ თავდაჯერებულობის ნიღაბი ავაფარე, მეორე, რომელიც სულ თან დამაქვს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის, მაგრამ მთლად კარგად არ მომერგო, შიგნიდან დისკომფორტს მაინც ვგრძნობდი. კვლავ ავწიე თავი მაღლა და აუდიტორიისაკეენ გავსწიე. დაქნეულის ძმაკაცმა ისევ შემაყოვნა. მითხრა, ახლა თვალები დახუჭე, ერთიდან ორმოცამდე დაითვალე და არ გაჩერდეო. მეც ასე მოვიქეცი. მივედი შვიდამდე და გამაწყვეტინა, გაჩერდიო. გავახილე თვალები და - თავიდან დაიწყეო. მეც დავიწყე და ისევ შემაწყვეტინა. გავახილე თვალები და - ისევ თავიდან დაიწყე, რატომ ჩერდებიო. ჩემი ზოზინა ტვინი, რასაკვირველია, მაშინვე ვერ ჩასწვდა თამაშის იდეას. ისევ დავიწყე თვლა და ის ისევ ეცადა გავეჩერებინე, მაგრამ გავაგრძელე და შემდეგ ისე დამაჯერებლად მითხრა, გაჩერდი შევდივართ აუდიტორიაშიო, რომ მეც გავჩერდი და რომ მითხრა კიდევ, ხომ გითხარი, არ გაჩერდეო. მე შეწუხებულმა და მოცინარმა ქიმუნჯები მოვუქნიე, რა თქმა უნდა, "ჯიგრული" გაგებით. ის კი ჩამეხუტა, დაწყნარდიო. მისმა ამ ჟესტმა მაგრძნობინა, რომ ის ადვილად შევიდა ჩემს მდგომარეობაში და არ შეიმჩნია ის ფაქტი, რომ მე სულელური პასუხები დავუბრეხვე დასმულ კითხვებზე და ამით ხაზი გადავუსვი მის კარგ წარმოდგენას ჩემ შესახებ. ეტყობა, ეს ბიჭი ადამიანის ფსიქოლოგიას კარგად ფლობს. იცის, როგორ უნდა აღაგზნოს და არ უნდა აღაგზნოს ადამიანის გონება. მან თქვა, ამას ჰქვია, მაიმუნების თამაშიო, თუ რაღაც მსგავსი. ფსიქოლოგიური თამაშია, ჩემმა ფსიქოლოგმა გამიკეთა და გამაგიჟაო (ვფიქრობ, ეს ჩემს დასაწყნარებლად თქვა, რადგან გააზრებული ჰქონდა, თუ რა საშინელებაა ფსევდოჭკვიანის შლეგად გამოჭერა გამოჭერილისთვის). ეს სიტყვები გულს მალამოდ მომეფინა. ფანტაზიებში განვავრცე, ალბათ, ყველა ეს თამაში ფსიქოლოგმა ასწავლა და იმედია, თვითონაც ჩემს დღეში იყო-მეთქი თავიდან. შევედით აუდიტორიაში და ჩემმა საყვარელმა ტვინმა მოიფიქრა, მოდი მეც ჩავუტარებ ერთ თამაშსო. ის თამაში იგულისხმა, რაც ამ ზაფხულს ბანაკში გვასწავლეს ლიდერებმა: "აზროვნება ჩარჩოებს გარეთ". მინდოდა, კვლავ მომცემოდა მასთან დალაპარაკების საშუალება, მაგრამ თან ის ნათელი აზრებიც გამიელვებდნენ ხოლმე თავში, რომ ჩემი ასეთი ქმედებისთვის საცოდაობის სტატუსს მომანიჭებდა მისი ტვინი; რომ, თუ მართლა ჭკვიანი იყო ის ბიჭი, ასეთ მარტივ ტესტს ადვილად გაართმევდა თავს. ამიტომ, ისევ და ისევ, ჩამარხვის ხერხს მივმართე და როდესაც ლექტორმა გაგვიშვა, ჯგუფი უნის ეზოში გავიფანტეთ, ხოლო ის ბიჭი და რამდენიმე წავიდა. მე გულს მომეშვა, რადგან მას აღარ დავინახავდი და ჩემი სულელური საქციელები თავს ნაკლებად შემახსენებდნენ. უნის ეზოში მე და ორი ბიჭი დავრჩით. ორივე ძალიან თბილი, ზრდილი და მეგობრული აღმოჩნდა. მათ მითხრეს, ეს ძმაკაცები გვყავს ჯგუფში გზას აცდენილები, აზრი არ აქვს მათთან ლაპარაკს, ამიტომაც არ ამოვიღეთ ხმა მაშინ, როცა შეგაწუხეს ლექციაზეო. ამან სტრესი შემიმსუბუქა. დავრწმუნდი, რომ ახალ ჯგუფში ყველა ერთნაირი ნამდვილად არ ყოფილა. მე ისევ მშვიდი და თავდაჭერილი ვიყავი. ცოტახანს ვისაუბრეთ, ჯერ არგახმაურებულ, იდეის დონეზე არსებულ ექსკურსიაზეც დამპატიჟეს. ასეთი ხალხი მსიამოვნებს. მინდა გავიხსნა, მაგრამ არ ვიცი როგორ... ჩემი შინაგანი მე საკმაოდ განსხვავდება გარეგნულისაგან. შინაგანს უყვარს ემოციების ამოღება და დადება, გაზიარება. უყვარს მეგობრული, ზრდილობიანი, თბილი, კეთილი, ჭკვიანი და ზომიერად კომუნიკაბელური ხალხი. უყვარს საინტერესო თემებზე საუბარი, თუნდაც წიგნებზე, აზრიან ფილმებზე, მისტიურ თუ ისტორიულ ამბებზე. ვერ იტანს თავხედებს, შესაბამისად უზრდელებს, ცინიკოსებს, არამოტივირებულებს, ჰიპერაქტიურებს, ეშმაკუნებს, სულელებს. მეგობრებთან უხეშიც ვარ, ზედმეტად პირდაპირიც, ცივი, ეგოისტი, შურსაც ვიღებ და ვუდებ სააშკარაოზე, ბოღმასაც, სიმართლესაც, ტყუილსაც, სიყვარულსაც. მე მათთან ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტით მე ვარ, ხოლო ასი პროცენტით მე მე ვარ მხოლოდ საკუთარ ანარეკლთან. სამწუხაროდ, დღეს ვირტუალურმა ცხოვრებამ იმდენად გაგვაცია ადამიანები რეალურ ურთიერთობებში, რომ არ შეგვიძლია, ასე უბრალოდ ავიღოთ და დავანახოთ ჩვენი ავთენტურობა მასას. ყველა საკუთარ ვაკუუმში შევიკეტეთ, აღარ ვენდობით ერთმანეთს, გვიჭირს ახალგაცნობილთან კონტაქტში შესვლა და ემოციების გადმოლაგება, მისგან მოულოდნელად უსიამოვნო საპასუხო რეაქციის მიღების შიშით. დღეს იშვიათად ვხვდებით ისეთ პიროვნებებს, რომელთაც ძალუძთ, იყვნენ ნამდვილები და თუ ბუნებამ ასეთი ორი შეახვედრა ერთმანეთს, მაშინ ისინი გაიგებენ ჭეშმარიტი ურთიერთობის გემოს და ეს კიდევ ერთი წვეთია სულში ჩაღვრილი ბედნიერებისა. როგორ მინდა, დავძლიო ახალი ურთიერთობების შიში, კომპლექსები. ვცდილობ, ყოველი უარყოფითი შემთხვევა მივიღო გამოწვევად, მინდა, ვისწავლო შეცდომებზე და ვცდილობ, ასეც მოვიქცე. ისევ ვცდილობ, პირველ რიგში, შევიყვარო საკუთარი თავი. ეს თავდაჯერებულობის და სიმშვიდის ნიღაბიც სწორედ ამ მიზნით შევარჩიე. სკოლის პერიოდში, კლასელების თვალში გაუწონასწორებელი გოგოს შთაბეჭდილებას ვტოვებდი, რაც ზოგიერთის თვალში მამცირებდა. ჭკუაში ჩავარდნილ ადამიანს ხომ თავდაჭერილობა და გონებრიობა შეშვენის, როგორც საყოველთაოდაა აღიარებული. ასეა, ასაკის მატებასთან ერთად, ჭკუაც უნდა მოვაბეროთ. სკოლის დამთავრების შემდეგ ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც უფროსებს შეშვენით. ეს ტრანსფორმირება სულისთვის ტანჯვაა, თუმცა მართალია. ქაოსიდან კოსმოსის შესაქმნელად აუცილებელია, დავიცვათ გარკვეული წესები. უცილობელია, ბედს უნდა დავემორჩილოთ და ვიზუალურ გარდაქმნებს გონებაც ავუწყოთ, თორემ ამხელა წესრიგი (ვგულისხმობ, ადამიანური ცხოვრების ეტაპებს; ბავშვობა-უდარდელი, ჭკუამხიარული; სკოლის დამთავრება-დასერიოზულება, თავდაჭერილობა; კარიერული პერიოდი-სიმკაცრე, გამჭრიახობა; ასაკოვანი პერიოდი-მედიტაცია, სიბრძნე.) პატარა ქაოსს გაანადგურებს (ანუ ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება უდარდელი და ჭკუამხიარული დარჩება). ამ ყველაფერს ასაკის მატებასთან ერთად ვსწავლობთ. თუნდაც, ამ ჩემი ერთი დღის გაკვეთილით ბევრი რამ ავწონ-დავწონე და ახალი გამოწვევაც მივიღე. ვისწავლე, რომ ასეთ კრიტიკულ სიტუაციებში, როცა გაბნევენ და წამი-წამზე გთხოვენ პასუხს, არ უნდა მისცე საკუთარ თავს უფლება, ვინმემ გაგანადგუროს, წაგშალოს. არსებობს იმ მომენტიდან თავდასაღწევი უამრავი გზა. მაგალითად, თუ დარწმუნებული არ ვარ, რომ თავს გავართმევ, მკაცრი უარი უნდა განვუცხადო მას თამაშში აყოლაზე და იქაურობას გავეცალო, ან მოვიმიზეზო, რომ რაღაც საქმე მაქვს და უნდა გავიდე. ან, თუ მაინც დავთანხმდი, დამაბნეველ კითხვებზე პასუხის გასაცემად გარკვეული დრო უნდა ვითხოვო, იმის გათვალისწინებით, რომ ჩქარა აზროვნება არ ძალმიძს და ამ დროს უნდა ვკონცენტრირდე მხოლოდ დასმულ შეკითხვაზე პასუხის მოფიქრებაზე. არაუშავს, სწავლა სიბერემდეო. მეც უფლის მიერ გამოგზავნილ სასჯელს ყოველთვის მივიღებ, როგორც გამოწვევას და ვისწავლი დაშვებულ შეცდომებზე. ვისწავლი ოქროს შუალედის დაჭერას და ისე ცხოვრებას, რომ არც უფალი განვარისხო, არც ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები და ვისწავლო საკუთარი თავის ფასი: მიყვარდეს თავი იმ დონეზე, რომ არც სხვას გავაბედინო ჩემი დაცინვა და არც მე დავიმცირო თავი, უნებლიეთ. როდესაც სახლში დავბრუნდი, უარყოფითი ემოციებისგან დარეტიანებული დავჯექი და ჩემი საყვარელი სერიალის ფრაგმენტების ყურება დავიწყე. საოცარია,მაგრამ ეს ერთადერთი სერიალია, რომელითაც ფაქტობრივად ვცხოვრობ. ალბათ, ფსიქიკურად შევიშალე. ეს სერიალი გახდა ჩემი გაჭირვების ტალკვესი, მეგობარი, ოჯახი. მთავარი მოქმედი პირების პროტოტიპები თითქოს მე და ჩემი "ტრფობის ობიექტი" ვართ. არ ვიცი, ეს რა სინდრომია, მაგრამ ჩემს სულს ამხიარულებს და რატომაც არა, რა სჯობს დადებით ემოციებს, თუნდაც ეს შიზოფრენიის ერთ-ერთი გამოვლინება იყოს... ინგლისურად წარწერა დავინახე, იმ დღეს: if there are no ups and downs in your life, it means you are dead! -ჭეშმარიტებაა! მაშასადამე, მე ვცხოვრობ და არა, ვარსებობ! ერთხელ დავინახე, თუ როგორ ცდილობდნენ ასვლას ბავშვები სასრიალო ატრაქციონზე. ისინი კი არ სრიალებდნენ, როგორც ჩვეულებრივ, არამედ მასზე ასვლას ცდილობდნენ ახლა, რადგან ერთფეროვნებით დაიღალნენ. ასეა ადამიანის ტვინი მოწყობილი. თუ პრობლემა არ არსებობს მის გარშემო, თუ მის ცხოვრებას მოტივი ან მიზანი არ ამოძრავებს, მაშინ მისი ქვეცნობიერი იწყებს პრობლემის შექმნაზე ფიქრს, მოტივისა და მიზნის დასახვას, რომ თავის ცხოვრება საინტერესო გახადოს. მე კი მადლიერი ვარ, რომ ვცხოვრობ და მაშასადამე, ვსწავლობ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.