შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი დღე (სრულად)


24-10-2016, 22:18
ავტორი შამხათი
ნანახია 9 741

ნერვიულად მივაჭირე თითი ლიფტის ღილაკს და ადგილზე ავცქმუტდი. რამდენიმე წუთის წინ მომხდარმა მთლიანად შეცვალა ჩემი, ამ ეტაპზე დაგეგმილი ცხოვრება. ჩემი უფროსის გაოგნებული სახე წარმომიდგა თვალწინ, ხელშეკრულება რომ მივაფარე ცხვირზე და მივუჯახუნე კარი. ცოტა გავმხიარულდი.
სამსახურიდან წამოვედი. რატომ? ეს ცოტა ადრეც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ დღეს ერთიანად ამომასხა და ყველაფერი პირში მივახალე ჩემს უფროსს, რასაც მასზე ვფიქრობდი, მერე კი ავდექი და წამოვედი. ცოტა გულზე მომეშვა და ახლა ჩიტივით თავისუფალი ვარ.
ლიფტმა დიდხანს არ მალოდინა, 5 წუთში უკვე დაბლა ვიყავი. წუთით შევჩერდი და ახმაურებულ ქუჩას გავხედე. ოქტომბრის ბოლოა და საგრძნობლად ცივა. ტყავის ქურთუკის სახელო წამოვიწიე და ანგარიშმიუცემლად დავყევი გზას საბოდიალოდ.
მიცკევიჩიდან პეკინზე გამოსული, ზებრა გადასასვლელთან გავჩერდი და ჩავფიქრდი. ფიქრებიდან მანქანების გაბმულმა სიგნალმა გამომარკვია. რაღაც სასწაულად გაჩერებულ ვერცხლისფერ მერსედესს უსიგნალებდა ყველა. ფარებანთებული მანქანა ადგილიდან არ იძვროდა. SI -100-XA, სერიამ და ნომერმა ღიმილი მომგვარა და ნელი ნაბიჯით დავიძარი გაჩერებული მანქანისაკენ. მე ხომ მუდამ ხიფათს და თავგადასავალს ვეძებ. მანქანების კოლონამ ყურისწამღები სიგნალებით ძლივს აუქცია გვერდი გაჩერებეულ მერსედესს და გზა განაგრძო, ის კი მილიმეტრითაც არ დაძრულა. შორიდან ჩანდა, რომ მძღოლის ადგილი დაკავებული იყო.
_ აუ, რამდენის გინებას მიიღებდი, _ გავიფიქრე. უკვე მანქანის წინ ვიდექი. ცნობისმოყვარეობამ მძლია და ფანჯრიდან შევიჭყიტე. საჭესთან ახალგაზრდა ბიჭი იჯდა. თავი საჭეზე ედო, სახეს ხელები უფარავდა.
გულმა რაღაცნაირად გამკრა. იქნებ ცუდად არის... არც კი დავფიქრებულვარ, ისე გავაღე მძღოლის გვერდით კარი და ჩავჯექი.
კარის ჯახუნმა შეაკრთო და თავი ასწია. დაღლილი სახე ჰქონდა, უმეტყველო, დაბნეული მზერით მიყურებდა. რაღაცნაირად სევდიანი, თაფლისფერი თვალები, მოკლე წვერი, თავი დაბალზე ჰქონდა გადაპარსული. ვაღიარე, სიმპათიურია.
_ გამარჯობა, _ გავუღიმე.
შევატყვე, აზრზე მოვიდა. გაოცებული მიყურებს.
_ ვინ ხარ?
_ რა მნიშვნელობა აქვს.
_ ჩემს მანქანაში ზიხარ და მაინტერესებს.
_ მანქანას თუ არ გადააყენებ, კიდევ ბევრი შეგაგინებს, _ ვუთხარი და გავუცინე.
უეცრად გამოერკვა. მანქანების უწყვეტ მწკრივს მოავლო თვალი და დაქოქა.
მექანიკურად გადავიჭირე ღვედი და კარგად მოვკალათდი. გაოცებულმა გადმომხედა.
_ აქ უნდა იჯდე?
_ რა იყო, გაწუხებ? ვიჯდები რა, ცივა გარეთ, _ მოვისაწ.... თავი.
ღიმილი გაეპარა ტუჩის კუთხეში და თავი გადააქნია. მანქანა დაძრა და ქუჩის ნაპირზე გადაიყვანა.
_ რა დაგემართა, რატომ იყავი გაჩერებული შუა გზაში?
_ ახლა უნდა დავჯდე და უცხო ადამიანს ჩემი ცხოვრების ისტორია მოგიყვე?_ მობეზრებულად გადმომხედა.
_ მიდი, მე არსად მეჩქარება, ზოგჯერ უცხოს უფრო ეტყვი რა გჭირს, ვიდრე ნაცნობს.
_ რა გქვია?
_ ანკა.
_ მოკლეთ, ანკა... დღეს სასახურიდან გამომიშვეს.
ისტერიული ხარხარი ამიტყდა.
_ რა არის ამაში სასაცილო? _ წყენით გადმომხედა.
_ რა დამთხვევაა და მეც._ ვუთხარი და ისევ ამიტყდა სიცილი.
მასაც გაეცინა.
_ და შენ რა გქვია? სიხა თუ სიხარული?
_ ოჰო, მანქანის სერია დაგიმახსოვრებია, _ სიცილით გადმომხედა.
_ ნიკა მქვია.
_ სასიამოვნოა შენი გაცნობა, ნიკა, _ ხელი გავუწოდე. ჩამომართვა და წუთით გაიჩერა ხელში. რაღაცნაირად თბილი ხელი ჰქონდა.
_ სად მუშაობდი, ნიკა?
_ ბანკში.
_ ბანკის ბიჭი იყავი?
_ დამცინი? შენ სად მუშაობდი?
_ გაყიდვების მენეჯერი ვიყავი ერთერთ კომპანიაში.
_ და რატომ გამოგიშვეს?
_ მე თვითონ წამოვედი, ვთვლი, რომ უკეთესს ვიმსახურებ.
_ კარგია, ეგრე თუ ფიქრობ, _ ამოიოხრა და ფანჯარაში გაიხედა.
_ არ გკითხავ, შენ რატომ წამოხვედი, აშკარაა, რომ შენი ნებით არ წამოსულხარ.
_ არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
_ კარგი.
ცოტა ხანს ვდუმდით.
_ მანქანაში რომ ჩამიხტი, რა იფიქრე?
_ სიმართლე გითხრა, მეგონა, ცუდად იყავი.
_ ცუდად ვიყავი, კი....
საუბარი ჩემი ტელეფონის ხმამ შეგვაწყვეტინა.
_ მარიკო, _ მხიარულად ჩავძახე ტელეფონში დაქალს.
_ რას შვრები, სამსახურში ხარ?
_ არაა.
_ აბა, სად ხარ? მოიცა, რა დღეა დღეს, _ გაოცდა ის.
_ ორშაბათია, დაო, სამუშაო დღეა, _ უჩვეულოდ კარგ ხასიათზე დავდექი.
_ მერე????
_ სამსახურიდან წამოვედი.
_ რა?
_ რაც გაიგე.
_ სად ხარ, მითხარი და მოვალ.
_ არ გინდა, მარუს, მარტო არა ვარ.
_ აბა ვისთან ერთად ხარ? _ ეჭვი შეეპარა ხმაში.
_ ნიკასთან.
_ ვინაა გოგო ნიკა, _ ლამის გამოძვრა ტელეფონში.
სიცილი ამოტყდა.
_ ანკა!
_ არ ვიცი, მეც ახლა გავიცანი.
_ გაგიჟდი?
_ არ მცალია, მარო, მერე ვილაპარაკოთ, ახლა არ მცალია.
_ ანკა-მეთქი! _ თქმა აღარ ვაცადე, ისე გავთიშე ტელეფონი. საერთოდ გამოვრთე.
ნიკა მიყურებდა და იცინოდა.
_ მგონი გავაგიჟე, ეს ყველაფერი ჩემს საქციელს არ ჰგავს, _ ღიმილით ვუთხარი.
_ სიგიჟეების დღეა, არ მეთანხმები?
_ კი.
_ მოდი, რამე სიგიჟე ჩავიდინოთ.
_ მაინც რა?
_ დღევანდელი დღე ერთად გავატაროთ.
_ რატომაც არა, არსად მეჩქარება.
_ რა ადვილად დამთანხმდი, იქნებ ცოლი მყავს.
_ და რაზე დაგთანხმდი, სახლში კი არ მოგყვები. ისე მართლა, ცოლი გყავს?
_ არააა.
_ როგორ გამიმართლა, _ გავიცინე და თავი საზურგეს მივადე.
_ და შენ?
_ სრულიად თავისუფალი ვარ.
_ სად წავიდეთ?
_ შენს არჩევანს ვენდობი.
_ დიდი პატივია, _ ჩაიცინა მან, _ კარგი, მაშინ ფუნიკულიორზე ავიდეთ, არ დაგიმალავ და მშია.
_ შენა და....ორივე უმუშევრები ვართ, ფული გვაქვს? _ ვკითხე და ფეხზე ვიბწკინე, რომ არ გამცინებოდა.
სიცილი აუტყდა.
_ დღეს გვეყოფა, ნუ გეშინია, _ მითხრა და მანქანა დაქოქა.

.... ერთი დღის წინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ორშაბათს, ასეთ მძიმე სამუშაო დღეს, დღის ამ მონაკვეთში, სრულიად უცხო ბიჭთან ერთად ვიჯდებოდი ფუნიკულიორის რესტორანში, ყოველგვარი გეგმების გარეშე.
_ რა სიწყნარე და სიმშვიდეა, მიყვარს აქაურობა.
ნიკა ჩემს წინ იჯდა და ღიმილით მიყურებდა.
_ მეც ძალიან მიყვარს აქაურობა და დაუგეგმავი რაღაცეები.
_ მე მაგაზე ვფიქრობდი ახლა, _ ვუთხარი და გამეცინა.
_ კიდევ პიცა მიყვარს.
_ აუ, მეც.
_ კიდევ წითელი ღვინო, მშვიდი მუსიკა და... კიდევ ზღვა მიყვარს.
_ მოიცა, ჩვენ იმდენი საერთო გვაქვს, დღის ბოლოს და-ძმა არ აღმოვჩნდეთ, _ ლამის გადავბჟირდი.
_ ვაიმე, ამდენი კარგა ხანია, არ მიცინია, _ მითხრა მან, სული რომ მოვითქვით.
_ იმეგობრე ჩემთან და..._ გავეჯგიმე და ისევ აგვიტყდა სიცილი.
_ ძალიან პოზიტიური ადამიანი ხარ.
_ მადლობა კომპლიმენტისთვის. შენ კიდევ ძალიან სიმპათიური.
_ რა გულახდილი ხარ, _ გაოცდა ის.
_ რატომ, არასდროს უთქვამთ?
_ კი, როგორ არა, მაგრამ გამიკვირდა მაინც.
_ მე რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ ხოლმე.
_ კარგი თვისებაა.
_ შენზე რას მეტყვი?
_ არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი.
შეკვეთა მოიტანეს. უზარმაზარი პიცა შეუკვეთა.
_ მმმ, რა გემრიელად გამოიყურება.
_ კიდევ გნებავთ რამე?_ მოგვიახლოვდა მიმტანი.
_ რას დალევ?
_ რასაც შენ.
ფორთოხლის ფრეში შეუკვეთა და მომიბრუნდა.
_ ალკოჰოლი საღამოს, გაწყობს?
_ ჰოო? კარგი გეგმაა, _ თვალი ჩავუკარი._ საღამოს უნდა დამათრო? და რას მიპირებ?
_ რაც შენ არ გენდომება, არაფერს, _ მითხრა და მანაც ჩამიკრა თვალი.
_ რა გულახდილი ხარ.
_ გულახდილობის დღე გვაქვს.
_ რახან ეგრეა, მაშინ სხვა რამესაც გკითხავ: ცოლი რომ არ გყავს, გავიგე. არც შეყვარებული?
_ დაახლოებით.
_ დაახლოებით რას ნიშნავს?
_ აი, ხომ გესმის, უბრალოდ მისაღები ვარიანტი რომაა შენთვის, მაგას ვგულისხმობ.
_ ანუ არ გიყვარს.
_ ცოტათი შეიძლება მიყვარს.
_ მას ალბათ ძალიან უყვარხარ.
_ არ ვიცი, ალბათ.
_ და როგორც წესი, ეს მისაღები ვარიანტები ბოლოს ცოლები ხდებიან ხოლმე.
_ ჰო, ხშირად.
_ ანუ შენს შემთხვევაშიც არ გამორიცხავ ამას.
_ არაფერს არ გამოვრიცხავ.
_ მილიონში ერთის დანახვაზე რომ გული გიჩქარდება, მხოლოდ მას რომ ეძებენ შენი თვალები და მის დანახვაზე რომ უჩვეულო სითბო გეღვრება სხეულში, ეს გრძნობა არ გამოგიცდია?
_სიყვარულზე მეკითხები?
_ ჰო, სიყვარულზე.
_ არა. იყო ბავშვობაში რაღაც მსგავსი, მაგრამ არა იმდენად, რომ აქამდე გაეძლო. და შენ რას მეტყვი შენს თავზე ანკა?_ მითხრა და დაკვირვებით შემომხედა. საოცრად თბილი, თაფლისფერი თვალებით მიყურებდა. რაღაცნაირი ბიჭი იყო, რაღაც ისეთი, პირველი დანახვისთანავე რომ უყვარდებათ.
_ შეყვარებული მყავდა, _ თითქოს სხვისი ხმით ვთქვი.
_ გყავდა?
_ჰო.
_მერე???
_ მერე... ცხოვრების რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ ერთმანეთის საერთოდ აღარ გვესმოდა, სადღაც ავცდით ერთმანეთს, საერთო აღარაფერი გვქონდა და დავშორდით.
_ ასე უბრალოდ?
_ ეს მისთვის იყო უბრალოდ, თორემ მე ძალიან ძნელად გადავიტანე.
_ არ უყვარდი?
_ ვერ დავაბრალებ, რომ არ ვუყვარდი. ვუყვარდი თავისებურად, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი ეს გრძნობა. ორივეს არ გვეყო ეს სიყვარული და თავისთავად დამთავრდა.
_ გიჭირს ამაზე საუბარი. ისევ გიყვარს?
_ არა. ჩემი მისდამი სიყვარული მაშინ დამთავრდა, როცა მივხვდი, რომ დილით, გაღვიძებისთანავე არ მახსენდებოდა ის, როცა დღე ისე გავიდა, რომ საერთოდ არ მინატრია მისი ხმის გაგონება, როცა მივხვდი, რომ მისმა ხელებმა სითბო დაკარგეს ჩემთვის. და დავამთავრე.
_ სევდიანი იყო, _ მითხრა და ხელზე ხელი დამადო. თითქოს ელექტროდენმა დამარტყა. შევკრთი და თვალებში შევხედე. რატომღაც ძალიან მინდოდა, მის თვალებში რაღაც ახლის დასაწყისი დამენახა, მაგრამ მხოლოდ უზომო სითბოს ვხედავდი. ფრთხილად გამოვაცალე ათრთოლებული ხელი.
_ ლამაზი თვალები გაქვს.
_ მეფლირტავები, ნიკა?_ გამეცინა.
_ არა, უბრალოდ, დღეს ხომ გულახდილობის დღეა.
_ კიდევ?
_ კიდევ... ჯერ ვერ გავარკვიე, ოღონდ რა ფერია, ხან ნაცრისფერია, ხან მწვანე. როცა ღელავ, ნაცრისფერი გიხდება, მშვიდდები და მწვანეში გადადის...
მგონი სუნთქვა დამავიწყდა, ისე ვუსმენდი.
_ კიდევ პატარა, ლამაზი ცხვირი გაქვს, რომელსაც სიცილის დროს სასაცილოდ ჭმუხნი და ძალიან გიხდება, კიდევ ლამაზი თითები, თხელი, გრძელი თითები... იმის თქმა მინდა, რომ ისეთი გოგო ხარ, შენს გვერდით ნებისმიერი კაცი ბედნიერი იქნებოდა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ შენი დამშვიდება მინდა. ძალიან კარგად ვცნობ ადამიანებს. შენ ძალიან პოზიტიური, შინაგანად სუფთა და ლამაზი გოგო ხარ. ვინც ეს ვერ დაინახა შენში, მისი პრობლემაა. ბრმა უნდა იყო, ეს რომ ვერ დაინახო.
_ ნიკა... _ ძლივს ამოვისუნთქე.
_რა?
_ მადლობა.
_ რისთვის?
_ სასიამოვნო მოსასმენი იყო მართლა.
_ არაფრის, სიმართლე გითხარი.
_ მაინც მადლობა.
გაუჩერებლად რეკავდა მისი ტელეფონი. არც დაუხედავს, ისე გათიშა და ჯიბეში ჩაიდო.
_ ნამცხვარი არ მოვატანინო?
_ კი რა, ძალიან მიყვარს.
უხმოდ ვჭამდით, აღარაფერი უთქვამს. დროდადრო შემომხედავდა, უცებური მზერით შემავლებდა თვალს და მეტი არაფერი.
საათს რომ დავხედე, მივხვდი, რომ საკმაოდ გვიანი იყო უკვე. დრო ისე გაგვეპარა, ვერც კი გავიგეთ.
_ აი, ეს დღეც დამთავრდა, _ ვთქვი და ამოვიოხრე.
_ რა დროს დამთავრებაა, ჩვენი დღე აწი იწყება, _ ჩაიღიმა მან.
_ ოჰო, რა გეგმები გაქვს კიდევ?
_ მაცადე, ვფიქრობ. სადაც წავალ, წამომყვები?
_ გააჩნია სად?
_ ცუდ ადგილას არ წაგიყვან, გპირდები.
_ და მაინც?
_ მენდე.
_ კარგი.
ანგარიში მოითხოვა და გარეთ გამოვედით. ბინდდებოდა. ციოდა. ულამაზესი იყო განათებული თბილისი ზემოდან. ცოტა ხანს ვუყურებდით უხმოდ. არ ვიცი, რას ფიქრობდა, ან ვისზე. მე მასზე ვფიქრობდი, რატომღაც სხვაზე არაფერზე მეფიქრებოდა.
_ არ წავიდეთ? _ სიჩუმე დაარღვია მან.
_ წავიდეთ.
მტკიცე ნაბიჯით მივიდა მანქანასთან და კარი გამიღო.
_ ოჰ, გმადლობთ, _ შევიფერე მისი ჯენტლმენური მოპყრობა და გრაციოზულად დავჯექი.
ჩაეცინა და სწრაფად მიუჯდა საჭეს.
_ სად მიგყავარ?
_ გიტაცებ.
_ მართლა.
_ მართლა, არ გჯერა?
_ არა, გამტაცებელს არ ჰგავხარ. თან რატომ მიტაცებ, მითხარი და იქნებ მოგყვები.
ხმამაღლა გაეცინა.
_ ჩემი მეგობრის კლუბში წავიდეთ, ძალიან კარგი სიტუაციაა, თან ხომ დაგპირდი, უნდა დაგათრო.
_ რისი გაგება გინდა ჩემზე, ისედაც ყველაფერი გითხარი.
_ მაინტერესებს, როგორი სიმთვრალე გაქვს.
_ ამას, როგორც წესი, გოგოები ეუბნებიან ხოლმე ბიჭებს.
_ ჩვენს შემთხვევაში პირიქით არის, ხომ ხედავ?
_ კარგი, დღევანდელ დღეს ასეთი დასასრული მოუხდება.
_ ყველა დასასრული პირობითია, _ მითხრა და წარბაწევით გადმომხედა.
აღარაფერი ვუთხარი და ფანჯრისკენ მივაბრუნე თავი.
პიკის საათი იყო თბილისში, გადატვირთულ მოძრაობაში ძლივს მივაღწიეთ სადღაც ვაჟა-ფშაველას გამზირის ბოლომდე. აქ ნამდვილად არ ვიყავი ნამყოფი.
_ ეს ადგილი არ ვიცოდი, _ ვთქვი მანქანიდან გადმოსვლისას.
_ ბევრმა არც იცის, ახალი გახსნილია და ძირითადად სამეგობრო წრე იკრიბება ხოლმე.
_ როგორი წრე, ბანკის თანამშრომლები?
გაეცინა.
_ არააა, ჩემს მეგობრებს შორის მე ვმუშაობდი მხოლოდ ბანკში, ახლა აღარც მე ვმუშაობ. ისე რა დაგიშავეს ბანკის თანამშრომლებმა?
_ არაფერი, უბრალოდ აბეზარი თაყვანისმცემელი მყავდა და ცუდი მოგონებები მაქვს.
_ დღეს ყველაფერი ცუდი დაივიწყე.
დაცვამ უპრობლემოდ შეგვიშვა. არ იყო ბევრი ხალხი. ბართან მივედით. ნიკამ ბარმენი გადაკოცნა და ყურში რაღაც უთხრა. არ მიმიქცევია ყურადღება, იქაურობის თვალიერებით ვიყავი გართული.
_ როგორც შევთანხმდით, ვსვამთ ბოლომდე.
_ ბოლო რა იქნება? _ გამეცინა მე.
_ სადამდეც შევძლებთ.
_ კარგი. შენ მერე მთვრალი აპირებ დაჯდომას საჭესთან?
_ არა, მანქანას აქ დავტოვებ.
_ ძალიან კარგი, გაითვალისწინე, მთვრალ მძღოლებს მანქანაში არ ვუჯდები.
_ სიმთვრალეში შენი სახლის მისამართი თუ გავიწყდება ხოლმე, ახლა მითხარი.
_ არ არის საჭირო, ეგეთი რაღაცეები არ მავიწყდება.
_ როგორც გინდა. სასმელს მე ავარჩევ.
_ ნება შენია.
პირველი ჭიქა ისე გადავკარი, გემო ვერც გავიგე. ყელი ჩამწვა.
_ ეს რა იყო? _ ვკითხე ნიკას.
_ რა მნიშვნელობა აქვს.
_ იმედია, არაფერს ჩამიყრი.
_ ასე მიცნობ? _ იწყინა მან.
_ საერთოდ არ გიცნობ, _ გამეცინა მე.
_ ცოტათი მაინც ხო გამიცანი, მენდე რა.
_ კარგი, გენდობი.
_ ჩვენ გაგვიმარჯოს.
ალბათ მეხუთე ჭიქაზე ვიყავით, რომ რაღაც ვიგრძენი.
_ მგონი ვთვრები, ნიკა.
_ ჯერ ადრეა.
ვატყობდი, რომ ხმაურმა მოიმატა, მუსიკის ხმა თითქოს ტვინში მირტყამდა.
_ ვიცეკვოთ? _ თავი ყურთან მომიტანა და ჩამჩურჩულა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ავდექი.
_ მგონი ფეხი მეშლება.
_ რა? _ ხმაურში ვერ გაიგო მან.
_ დავთვერი, ფეხი მეშლება, _ თავი თავზე მივადე და ისე ვუთხარი. გამიღიმა, წელზე ხელი შემიცურა და სცენისაკენ წამიყვანა. ჩქარი მუსიკა შედარებით ნელმა შეცვალა. ფეხებში ძალას ვერ ვგრძნობდი. მისი ხელი ჩემს წელზე, სუნთქვა, სახეში რომ მეფრქვეოდა და საერთოდ მისი წარმოდგენა ასე ახლოს, ჩემს გვერდით, უჩვეულოდ მაღელვებდა. სასმელმა შეგრძნებები გამიმძაფრა და კანში ვეღარ ვეტეოდი. თავი მხარზე დავადე და შევეცადე მუსიკას ავყოლოდი. ნიკამ ფრთხილად მიმიხუტა გულზე. ვგრძნობდი, არ უნდოდა, ზედმეტად შევეწუხებინე. რატომღაც საოცრად კომფორტულად ვგრძნობდი თავს და არ ვფიქრობდი არაფერზე, ამ წუთების გარდა. თითქოს დრო გაჩერდა ჩემთვის. ის ფრთხილობდა, ისე, როგორც ფაიფურის თოჯინას უფრთხილდებიან, არ დაიმტვრეს. თუმცა, მესმოდა მისი აჩქარებული გულისცემა და დარწმუნებული ვიყავი, მისთვისაც ამაღელვებელი იყო ჩემი სიახლოვე.
უეცრად მომინდა, მისი თვალები დამენახა და ოდნავ მოვშორდი.
_ ანკა...
ის მიყურებდა ამღვრეული მზერით და არაფერს მეუბნებოდა. სიტყვები არ იყო საჭირო, კარგად ვხვდებოდი ამ მზერის შინაარსს. ყველა ქალი გრძნობს მამაკაცის მზერის აზრს და მეც მივხვდი.
_ არ გინდა, გთხოვ... არ გვინდა...
მისი ცხელი ხელი კვლავ ვიგრძენი ზურგზე და მისი სუნთქვა სახეზე. რაღაც აფეთქდა ჩემში, ვეღარ გავძელი და თვალები დავხუჭე. სახის კონტური მოხაზა თითებით და ბოლოს ტუჩებზე გადამისვა.....
ვერ გაბედა... ვერ გავბედეთ....
ორივე ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა.
_ ნიკა...
თავი გავითავისუფლე მისი მკლავებიდან და სახეში შევხედე. უხმოდ მიყურებდა. მერე ხელი ჩავჭიდე და ჩვენს ადგილს დავუბრუნდით ბართან. მან უფრო ახლოს მოიწია ჩემსკენ, დროდადრო ჩვენი ხელები ერთმანეთს ეხებოდა და ეს ძალიან მცირე კონტაქტი იმდენად ინტიმური იყო, ყველა სიამოვნებაზე მეტი იყო ჩემთვის.
მერე ვსვამდით, ვცეკვავდით და ასე გაუჩერებლად....
...
_ ჯერ შენ მიგიყვან, _ მითხრა მან და ტაქსის მძღოლს ჩემი მისამართი უთხრა.
_ აუ, მთვრალი ვარ, _ წავიწუწუნე და მივეყრდენი.
_ იმედია, ისე არა, რომ დღევანდელი დღე დაგავიწყდეს.
_ მადლობა, ნიკა.
_ რისთვის?
_ ასეთი კარგი დღისთვის.
_ საოცარი გოგო ხარ, შენს გვერდით ყველა პრობლემა დამავიწყდა.
_ ხვალიდან ახალ სამსახურს ეძებ?
_ ცოტას დავისვენებ და მერე.
_ ჰო, დასვენება არც მე მაწყენდა.
ორივე გავჩუმდით. ჩემს სახლამდე ხმა აღარ ამოგვიღია.
_ ანკა...
_ჰო...
ტაქსი გაუშვა და ორივენი ჩემს კორპუსთან ვიდექით.
ჩემი ხელები ეჭირა და თვალებში მიყურებდა.
_ არ მინდა, რომ წახვიდე...
_ ნიკა..
_ ვიცი, შენც გრძნობ რაღაცას, არ მომატყუო რა..
_ ნიკა, უნდა წავიდე. ხვალ გათენდება და ბევრი რამ დღის სინათლეზე ისე აღარ გამოჩნდება, როგორც ახლა ჩანს ღამით, არ მინდა, რამე ვინანოთ...
_ დღევანდელი დღიდან არცერთ წუთს არ ვნანობ, უბრალოდ..
_ ვიცი, მეტი გინდა.. და ეგ მაშინებს...
_ არ მინდა შენი გაშვება.
_ მოდი, ყველაფერი ასე დარჩეს, თუ ბედია, ერთმანეთს ისევ შევხვდებით.
_ თუ ბედია?
_ ჰო.
_ ანკა, მგონი...
_ აღარაფერი მითხრა, გთხოვ...
_ ჩაგეხუტები რა...
გამეღიმა. ისეთი საყვარელი იყო, გული გამითბა. ხელები კისერზე მოვხვიე და ჩავეხუტე. კარგახანს ვიდექით ასე და ერთმანეთის გულისცემას ვუსმენდით. მერე ოდნავ მომშორდა და ყურთან მაკოცა.
_ წადი ახლა, - ოდნავ ვუბიძგე.
_ მაგდებ? _ ეშმაკურად მომიჭუტა თვალები.
_ წადი, თორემ მეც გადავიფიქრე ასვლა.
_ წამოხვალ ჩემთან?
_ ახლა არა, როდისმე შეიძლება.
_ ანკა! _ დამიყვირა. უკვე გადიოდა ქუჩაში. _ ვგიჟდები შენზე!
გამეცინა.
ეს რაღაც ახლის დასაწყისი იყო ჩემს ცხოვრებაში.



№1  offline წევრი Ninuca)

patara iko magram.imdenad kargi rom sitno chamegvara gulshi<3momewona dzalian

 


№2  offline წევრი TeddyBear

ძალიან სასიამოვნო წასაკითხი ისტორია იყო, პატარა თუმცა საყვარელი kissing_heart ყურადღება ფოტომ მიიქცია სიმართლე რომ გითხრა ჩემი საყვარელი მომღერალია მაქსი heart_eyes
მოკლედ არაჩვეულებრივ ხასიათზე დამაყენა ამ ისტორიამ ერთ ასეთ თავგადასავალზე არც მე ვიტყოდი უარს joy

 


№3 სტუმარი ნინაჩკა

კარგი იქნება თუ გაგრძელებას ვიხილავთ! მომეწონა heart_eyes

 


№4  offline წევრი კიწი

აუუუ გააგრძელე რაა გთხოვ

 


№5  offline წევრი შამხათი

მადლობა, ბავშვებო. გაგრძელებით არა მგონია გავაგრძელო, ასეთი დასასრული მქონდა ჩაფიქრებული, დანარჩენი უკვე თქვენი ფანტაზიისთვის მომინდვია heart_eyes

 


№6 სტუმარი სტუმარი

ძაან მაგარი იყო მართლა ))

 


№7 სტუმარი shamnati

kissing_heart ძალიან ლამაზი წასაკითხი იყო,სასიამოვნო და კარგი იქნება თუ გააგრძელებ.

 


№8  offline წევრი შამხათი

elle...
საოცრად სასიამოვნო წასაკითხი იყო.❤️ აი, მთლიანად რომ გაგათბობს, ისეთი.
ყოჩაღ!

მადლობა

 


№9  offline წევრი ელენა ილდანი

ჩემი ფანტაზიები ებრძვიან ერთმანეთს!:)) ეს რა იყო?! ძალიან მაგარი! ბევრი ანკა და ნიკა ცხოვრებაში და უფრო საინტერესო გახდება!;)

 


№10  offline წევრი შამხათი

ელენმო
ჩემი ფანტაზიები ებრძვიან ერთმანეთს!:)) ეს რა იყო?! ძალიან მაგარი! ბევრი ანკა და ნიკა ცხოვრებაში და უფრო საინტერესო გახდება!;)

მადლობა დიიიდი.

 


№11  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ძალიან მომეწონა.პატარა, დიდი აზრის მატარებელი, მსუბუქი, ლაღი და სასიამოვნო.

 


№12  offline წევრი შამხათი

ლორელაი
ძალიან მომეწონა.პატარა, დიდი აზრის მატარებელი, მსუბუქი, ლაღი და სასიამოვნო.

მადლობა, შენი შეფასება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 


№13  offline წევრი Ana Imnadze

რა საყვარლობა იყო <3

 


№14  offline წევრი rainbowcolored

ძალიან მომეწონა სასიამოვნო წასაკითხი იყო

 


№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

შენ წერის სტილში იცი რა მომწონს ? უზომო სითბოთი და სიყვარულითაა თითოეული ნაწერი გაჟღენთილი. შენი სამყარო იმდენად ჩანს თითქოს ხელით ეხები.

 


№16  offline წევრი შამხათი

murachashvili
შენ წერის სტილში იცი რა მომწონს ? უზომო სითბოთი და სიყვარულითაა თითოეული ნაწერი გაჟღენთილი. შენი სამყარო იმდენად ჩანს თითქოს ხელით ეხები.

მადლობა, ანა, შენი შეფასება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 


№17  offline ახალბედა მწერალი MariamG

ზოგიერთი ადამიანისთვის ცხოვრება ასეა მოწყობილი : დიდ ხანს ეძებონ, ბევრი იტირონ, დეპრესია გამოსცადონ, იწუწუნონ, ბოლოს შეხვდნენ და დაკარგონ.
ზოგიერთი ურთიერთობას და სიყვარულს გადაულახავ დაბრკოლებად მიიჩნევს, არც კი უშვებენ, რომ ზოგჯერ ეს უკანასკნელი, ძალიან უბრალო, მარტივი და ლამაზია.
სწორედ, ასეთი იყო შენი "ერთი დღე".
ლამაზი - პერსონაჟებითა და მათ შორის გაჩენილი ქიმიით.
უბრალო - ადამიანური პრობლემებითა და დარდებით.
მარტივი - ბედისწერაზე პოზიტიურად მიყრდნობილი ადამიანებით.
ძალიან საინტერესო სამყარო გაქვს. თან მისაწვდომია, თან მიუწვდომელი.
რეალობაზე წერ, რომელიც კუთხეშია მიმწყვდეული.

ხშირად წერე, უფრო დიდ დაბრკოლებებს შეეჭიდე, რომანები სცადე, ადამიანები შექმენი, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაშიც ივლიან. რომლებსაც ქუჩებში დავინახავთ, კაფეებსა და რესტორნებში.

 


№18  offline წევრი შამხათი

MariamG
ზოგიერთი ადამიანისთვის ცხოვრება ასეა მოწყობილი : დიდ ხანს ეძებონ, ბევრი იტირონ, დეპრესია გამოსცადონ, იწუწუნონ, ბოლოს შეხვდნენ და დაკარგონ.
ზოგიერთი ურთიერთობას და სიყვარულს გადაულახავ დაბრკოლებად მიიჩნევს, არც კი უშვებენ, რომ ზოგჯერ ეს უკანასკნელი, ძალიან უბრალო, მარტივი და ლამაზია.
სწორედ, ასეთი იყო შენი "ერთი დღე".
ლამაზი - პერსონაჟებითა და მათ შორის გაჩენილი ქიმიით.
უბრალო - ადამიანური პრობლემებითა და დარდებით.
მარტივი - ბედისწერაზე პოზიტიურად მიყრდნობილი ადამიანებით.
ძალიან საინტერესო სამყარო გაქვს. თან მისაწვდომია, თან მიუწვდომელი.
რეალობაზე წერ, რომელიც კუთხეშია მიმწყვდეული.

ხშირად წერე, უფრო დიდ დაბრკოლებებს შეეჭიდე, რომანები სცადე, ადამიანები შექმენი, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაშიც ივლიან. რომლებსაც ქუჩებში დავინახავთ, კაფეებსა და რესტორნებში.

მადლობა, ჩემო ლამაზო, ასეთი შეფასებისთვის, ძალიან გამახარე????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent