შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვირტუალური მეგობარი (მეორე თავი)


31-10-2016, 16:51
ავტორი murachashvili
ნანახია 2 921

მეორე თავი
შაკო წინა დღეს ვნახე, არადა, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს საუკუნე გავიდა. ვიგრძენი როგორ გამაცია, ფეხქვეშ თითქოს საყრდენი დავკარგე, როცა ავტომობილიდან სამხედრო ფორმაში ჩაცმული გადმოვიდა, ჩემსკენ ზურგით იდგა. უხდებოდა დაფოთლილი ხაკისფერი მუნდირი, მაგრამ ამაზე ფიქრის თავი არ მქონდა. ნერვიულად მოძრაობდა წინ და უკან, დაბღვერილი უმისამართოდ იყურებოდა და სიგარეტს ეწეოდა. დამინახა თუ არა, ანთებული ღერი მოისროლა, ჩვეულებისამებრ მხოლოდ თვალებით გამიცინა და ორივე ხელით მომეხვია. ცალი თვალით ავტომობილის სალონში შევიჭყიტე. უკანა სავარძელზე, შეიძლება ითქვას, იარაღის არსენალი ელაგა. ვაზნები, მჭიდები, ავტომატების ლულები ავისმომასწავლებლად ლაპლაპებდნენ.
კითხვის დასმა ვერ გავბედე, ან რაღა უნდა მეკითხა?! ვიგრძენი ცრემლებმა როგორ გაიკვლიეს გზა. თითქოს ეხლაღა ვიგრძენი, რაოდენ სავალალო მდგომარეობაში ვიყავით. საკუთარი უსუსურობის გამოვლენის მრცხვენოდა და სახის დამალვას მის მუნდირს ჩაბღაუჭებული ვცდილობდი.
- არ მინდოდა გენერვიულა, მაგრამ... რომ არ მენახე არც ეგ შემეძლო, ისე ვერ წავიდოდი! - თითქოს ბოდიშს მიხდიდა.
ვგრძნობდი, ჩემზე ნაკლებად არც ის ღელავდა, ათრთოლებული ხელებით მხრებზე მეხვეოდა და გულში ძლიერად მიკრავდა.
- წასვლა აუცილებელია?! - საკუთარი ხმა ვეღარ ვიცანი.
- საქმე ცუდადაა... ბიჭებს დახმარება სჭირდებათ! ცხინვალიდან უნდა გამოვიყვანოთ! - პირდაპირ არ მიყურებდა, ისევ სივრცეს გაჰყურებდა, ყბაზე ძარღვი ნერვიულად უცახცახებდა.
- კი, მაგრამ... - არ ვიცი რა მჭირდა, ასე ნაკოწიწები მხნეობა დამკარგვოდა, შიშისგან მაცახცახებდა. თურმე როგორი მხდალი ვყოფილვარ, საყვარელი ადამიანი იმ საგიჟეთში წასასვლელად არ მემეტებოდა, არადა, თავი პატრიოტი მეგონა.
- სხვა გზა არ გვაქვს.... ბიჭები გუშინ დილით წავიდნენ. მე, როგორც უფროსს მათი კოორდინაცია, ბრძოლისთვის მომზადება მევალებოდა, მისია შესრულებული მაქვს. სპეცოპერაცია გუშინ დაიწყო, ოფიციალურად ჩემი მათთან ყოფნა არ შეიძლება, არც ომში გამიწვევენ და არც ბიჭებთან გამიშვებენ, სამხედრო სპეციალისტები ისედაც არ ჰყოფნით, მე რომ რამე დამემერთოს მეთაურის გარეშე რჩებიან. არადა, აშკარად საქმე გართულდა, გამოსვლას ვეღარ ახერხებენ. უკანასკნელად კავშირზე გამთენიისას გამოვიდნენ! დაუმორჩილებლობის გამო, სამხედრო ტრიბუნალსაც რომ გადამცენ, მაინც წავალ! როცა ვიცი, რომ ბიჭებს უჭირთ, აქ ვერ ვიჯდები, უქმად ვერ გავჩერდები, მეც მათთან უნდა ვიყო! არ მივატოვებ, დახმარება სჭირდებათ, მხარში უნდა ამოვუდგე, სადაც ისინი, მეც - იქ!...
ვიგრძენი როგორ ცდილობდა ჩაგუბებული ზიზღისა და რისხვის შეკავებას, მაგრამ მისი სიტყვებიდან გონებამ მხოლოდ ეს აღიქვა: -„გაწვევა არ მეხება, ჩემი იქ ყოფნა არ შეიძლება!“
- რა გამოდის? ცხინვალში უნდა შეხვიდე?! მოხალისედ მიდიხარ?! შენით მიდიხარ?! თვითნებურად?! - ისტერიკა გამერია ხმაში.
- შეიძლება ასეც ითქვას, მათი იქ ყოფნის შესახებ არავინ იცის, არც კი მოიკითხავენ, უნდა ჩავიდე, გამოსვლაში დავეხმარო! რეზერვისტები - ცინიკურად გაეცინა მას -ვერაფერს მოახერხებენ, უმეტესობამ იარაღის ჭერაც კი არ იცის, ჩემ ბიჭებთან უნდა ვიყო!
- მეც რომ წამოვიდე?! - გაუბედავად შევაპარე - გთხოვ! - მუდარით ვუმზერდი ერთი თავით მაღალ მამაკაცს. რამოდენიმე წამით გაოცებული დამყურებდა, შემდეგ ხმამაღლა გაეცინა, ისე გულიანად ხარხარებდა, რომ უნებურად მეც გამეღიმა.
- დედას გეფიცები, გიჟი ხარ! დავბრუნდები, შენ გამო დავბრუნდები! - სიცილით მაკოცა შუბლზე - მე შენი თმები დამაბრუნებენ! - საყვარელი ფრაზა ვნებიანად მიჩურჩულა ყურთან - რომ არ მენახე არ შემეძლო, რაღაც უნდა წამეღო შენგან, აუცილებლად უნდა წამეღო, შენი სითბო, შენი ჩახუტება! - სახეს მიკოცნიდა ის.
- რაღაც? - ამ სიტყვამ თითქოს გონება გამინათა, მისი მკლავებიდან თავი გავინთავისუფლე, გულზე დაკიდებული ღვთისმშობლის ხატი მოვიხსენი და ხელისკანკალით მივაწოდე.
- მამაშენის გულსაკიდი?! - ხმა გაებზარა შაკოს. კარგად იცოდა, რომ მისგან ერთად-ერთი სახსოვარი ეს ხელნაკეთი, ვერცხლის, ძოწის თვლებით გაწყობილი, წმინდა მარიამის გულსაკიდი მქონდა.
- ასეთი მხოლოდ ერთია, ისიც ჩემთვის შექმნილი! - მეტიჩარა ხმით გავეპრანჭე - მაგრამ ამჯერად შენ გჭირდება, ვიცი დაგიფარავს და უვნებელს დაგაბრუებს! - დიდი მორწმუნე არ გახლდით, მაგრამ ამჯერად საკუთარი სიტყვების ნამდვილად მინდოდა მერწმუნა.
ნათლობის ჯვართან ერთად ჩემივე ხელით დავკიდე გულსაკიდი. ხელები მიკანკალებდა, თითებს ვერ ვიმორჩილებდი, მაგრამ როგორც იქნა ყელსაბამის სამაგრის შეკვრა მოვახერხე.
- გმადლობ! - ტუჩებით ხატს შეეხო, ისე სათუთად და ფრთხილად აკოცა, თითქოს ჩვილს ეფერებოდა.
- დამირეკავ მაინც? - ისევ შევაპარე მორიგი თხოვნა.
ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა: - არ ვიცი, ალბათ ვერ... ტყუილად ვერ გადაიმედებ!
ტკივილი ყელში მომაწვა, თვალები ისევ ცრემლებით ამევსო, თუმცა თავის შეკავება შევძელი.
- ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ გჯეროდეს!... - ხელოვნური უდარდელობით მითხრა - ადრე თუ გვიან დაგიბრუნებ, აუცილებლად დაგიბრუნებ! - ხელში შეათამაშა გულსაკიდი.
- მე გულსაკიდი კი არა, შენ მჭირდები, მხოლოდ შენ! - ისევ გამებზარა ხმა.
- ჩემებმა არ იციან, დედაჩემი თუ დაგირეკავს უთხარი, რომ სამსახურში ვარ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო, შენს ნახვასაც ვერ ვახერხებ!
- გაგიჟდი?! როგორ თუ არ იციან?! ამხელა პასუხისმგებლობას მე როგორ მკიდებ? რამე რომ მოხდეს?! - პანიკა მერევა ხმაში.
- ცუდს ისედაც ყველა იგებს, თუ არადა, ტყუილად ინერვიულებენ!
- ცუდს? ცუდს შენთან რა უნდა?! - მისმა სიტყვებმა იმდენად გამაღიზიანა, რომ ბრაზი ვერ დავმალე - მე არ ვინერვიულებ? მე ყველაფრს გავუძლებ? ასეთი ტკივილისთვის როგორ მიმეტებ?
- ვერ წავიდოდი, უნახავად ვერ წავიდოდი! - თითქოს ისევ ბოდიშს მიხდის, მაგრამ მისი მოსმენა არ მინდოდა. აღარც უთქვამს რამე, უბრალოდ ცრემლებით სავსე თვალებში მომჩერებოდა. ვიცი, ალბათ, ეგოისტურად ვიქცეოდი, ალბათ არაადეკვატურად, მაგრამ არ მემეტებოდა, მისი გაშვება არ შემეძლო. ნებისმიერ სისულელეზე ვიყავი წამსვლელი, ოღონდ გადაეფიქრა.
- შენთან სამსახურშიც კი დავრეკავ, გავაგებინებ როგორ უგუნურად იქცევა მათი თანამშრომელი!.. - სიტყვები დაუფიქრებლად მწყდება მე.
- არ გაბედო, გესმის?! არ გაბედო! - ისე მიღრიალა, თითქოს მართლა ვრეკავდი - შეგიძულებ, შენ თავს ვფიცავარ შეგიძულებ!
რომ მცოდნოდა ჩემი ზარით შევაკავებდი, მართლა დავრეკავდი. მოღალატე ვიქნებოდი? თუნდაც, არ მაღელვებდა, ოღონდ არ წასულიყო. მაგრამ ზედმეტად კარგად ვიცნობდი, ვიცოდი, არ გაჩერდებოდა, უკან არ დაიხევდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა მაინც წავიდოდა. განა ვერ ვხვდებოდი, რომ ყველაზე სწორი მისი გადაწყვეტილება იყო?! ჩემი მეგობრების გამო მეც ხომ იგივეს გავაკეთებდი, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს უკანასკნელად ვხედავდი. მუნდირის საყელოში ჩავფრენოდი და გასაშვებად არ მემეტებოდა. ფრთხილად გამაშლევინა თითქმის დაკრუნჩხული თითები, არათითზე წამოცმულ ნიშნობის ბეჭედს რამოდენიმე წამით დააჩერდა.
- ქორწინების ბეჭდამდე ვერც მივედით! - ტკივილით ჩაილაპარაკა, სათითაოდ დამიკოცნა არაბუნებრივად გათოშილი თითები - მაპატიე! - კიდევ ერთხელ შემეხო ცხელი ტუჩებით შუბლზე, ძლიერად ჩამიხუტა და წავიდა...
ვხედავდი, საქარე მინიდან როგორ მიმზერდა ქუჩაში ეულად დარჩენილს. არ მინდოდა, დედას გეფიცებით, მისი ცრემლებით გაცილება არ მინდოდა, მაგრამ შიგნიდან ვკვდებოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი ხელით ვუშვებდი სასიკვდილოდ, სამყარო თავზე მექცეოდა, მე კი იმდენად უსუსური ვიყავი, რომ გარდაუვალი დასასრულის შეჩერებას ვერ ვახერხებდი.

ოფისში ცოცხალ-მკვდარი შევბრუდი, სახეზე ფერი აღარ მედო და ვეღარც ცრემლებს ვიკავებდი.
- ქალბატონო მარიამ, კარგად ხართ?! - დაცვის თანამშრომელი შეშფოთებული მეკითხებოდა. სხვა დროს ალბათ მის „ქალბატონოზე“ გამეცინებოდა, შევუსწორებდი კიდევაც, მხოლოდ სახელით მომმართე მეთქი, მაგრამ ახლა ამის თავი არ მაქვს.
- ღმერთო, შენ მიშველე, ღმერთო, დამიფარე! -ვბუტბუტებ მე და როგორც იქნა ოთახში შევდივარ, სადაც გოგოები და გელა მელოდებიან.
- მშვიდობაა? შაკოს რა უნდოდა? - ინტერესით მეკითხება ვაჟი.
მე კი პასუხს ვერ ვცემ, უბრალოდ ვეხვევი და ცრემლებს გასაქანს ვაძლევ. როდის-როდის, ვახერხებ ამოვღერღო, რომ წავიდა.
- სად წავიდა? - თვალები უფართოვდება თაკოს - მიგატოვა?
ტკივილით მეღიმება: - ნეტავ ასე იყოს, ცხინვალში წავიდა!
ვხედავ როგორ ფითრდება გელა.
- ეს როგორ, ასე როგორ? გაგიჟდა?.. ოხ, მე მაგის!... - წამიერად ავიწყდება ჩვენი იქ ყოფნა, ზუსტად ვერც ვიგებთ ვის აგინებს, გამწარებული მუშტს მაგიდას ურტყამს, ადგილიდან სწყდება და ოთახიდან თავქუდმოგლეჯილი გარბის.
- ამას რაღა ეტაკა?. სულ გაგიჟდა ეს ბიჭი! - ოთახის კარებიდანვე გვეკითხება დირექტორი, რადგან მისთვის პასუხი არ გვაქვს, კარს მხრებისჩეჩვით კეტავს.
- გიჟები შენსკენ მოიკითხე! - ღრენით ვპასუხობთ უკვე გასულს.
ლელა მობილურზე ისტერიულად რეკავს, მაგრამ არ პასუხობენ.
- შენ რაღა გჭირს? - ამდენი ემოციებით დაღლილი ვეკითხები მე.
- ლევანი კომისარიატში დაიბარეს, რეზერვში მყოფებიც უნდა შეკრიბონ. გავგიჟდი უკვე, ვრეკავ და არც ერთი არ მპასუხობს, პატარა სადღაა?!...
- რეზერვისტების პირველი ნაკადი უკვე წაიყვანეს გუშინ, ამბობენ შემდეგ ნაკადს საღამოს... - ლელას გაფითრებული სახის დანახვაზე, თაკომ სათქმელი აღარ დაასრულა, თავი ისე დახარა, თითქოს მისი ბრალი იყო ეს არეულობა.
- რეზერვს მხოლოდ მაშინ გამოიყენებენ, თუ გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნება, ისიც მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად, მათ საბრძოლველად არ გაუშვებენ! - სახელდახელოდ ვაცხობ ტყუილს.
- დარწმუნებული ხარ?! - იმედით მიმზერს ლელა.
- შაკომ მითხრა! - ურცხვად ვცრუობ და სულაც არ მაწუხებს სინდისი.
თაკო აშკარად ხვდება, მაგრამ ხმას არ იღებს, იქნებ - ლელაც?! მაგრამ ზოგჯერ სასიამოვნო ტყუილიც იოლად დასაჯერებელია, ვიდრე მწარე სიმართლე.
- მოდი ის გადარეულიც მოვიკითხოთ... - ამჯერად გელასთან რეკავს თაკო -კომისარიატში გავარდნილა, მოხალისედ ჩასაწერად, სადაც ყველა, მეც - იქო! - გაოგნებული მიმზერდა ქალი.
- სადაც ყველა... - მის სიტყვებს ტკივილით ვიმეორებ.
ერთანეთისთვის თვალებში შეხედვის გვეშინია. არ გვინდა, გავამჟღავოთ, მაგრამ სამივენი ფიქრებით მხოლოდ გორის მოვლენებს ვუტრიალებთ.
- არ იფიქრო, თორემ გავგიჟდები, არ უნდა იფიქრო! - ჯიუტად ვუმეორებ საკუთარ თავს და ვცდილობ, როგორმე სამუშაოზე გადავიტანო ყურადღება.
მექანიკურად ვაგრძელებ მუშაობას, ისევ ვასკანირებ, ისევ მეილს ვგზავნი. ვიღაცას სკაიპში ვპასუხობ.
- თურმე რამდენი ახლობელი მყოლია, რამდენი გულშემატკივარი! - ირონიულად მეღიმება.

სკაიპი ისევ ყვითლად ციმციმებდა. ამჯერად giorgi-82 ითხოვდა მეგობრებში დამატებას.
- ეს ვინღაა? - გაღიზიანებული დავყურებ ეკრანს, აშკარად არ მეცნობა, თუმცა ვიდრე უარყოფის ღილაკს ხელს დავაჭერ, თაკო უმზერს მოციმციმე სკაიპს.
- ვინ იქნება?! ალბათ, შენმა დეიდაშვილმა ისევ ახალი ანგარიში გახსნა...
- ხომ შემჭამა მაგ ბიჭმა! - რატომღაც აღარ ვკითხულობ საიდან იცის თაკომ ჩემი ვარშავაში მყოფი დეიდაშვილის მისამართების ცვლის შესახებ. მეგობრებში giorgi-82-ს ვიმატებ.
- როგორ ხარ? - მაშინვე მომდის შეტყობინება.
- ცუდად. - ზედმეტი ფამილარობის გარეშე ვწერ გიორგის.
- სად ხარ?
- სამსახურში.
- არა მაგას არ ვკითხულობ, თბილისში?!
- რა კითხვებია?! - ვღიზიანდები საკუთარ დეიდაშვილზე - სხვაგან სად ვიქნები?
- რა ვიცი, აბა... - სულელურად გაკრეჭილ ღიმილს მიგზავნის ის.
- შენთან რა ხდება?
- არაფერი, ვზივარ და ... - მისი წერის მანერა არ მომწონს, უცებ ვხვდები, რომ giorgi-82 ჩემი გიორგი სულაც არაა.
- უკაცრავად შემეშალეთ! - სწრაფად ვწერ და ის-ისაა მეგობრების სიიდან უცნობი ინდა ამოვშალო, მისი გზავნილი მაჩერებს:
- გთხოვთ, არ წამშალოთ! - უცებ თქვენობით ფორმაზე გადავიდა ისიც - უბრალოდ ვიღაცასთან საუბარი მჭირდებოდა, ვინმე უცნობთან...
- უცნობთან რატომ?! - ინტერესით ვეკითხები.
- უცნობთან მარტივია, ეუბნები რაც გაწუხებს, რისიც გეშინია და არ ფიქრობ, რომ გაგკიცხავს, დაგცინებს. თუნდაც დაგცინოს, არ იცნობ, მისი აზრი მეორეხარისხოვანია...
- ანუ მსმენელი გჭირდება? მაპატიე, ისედაც მძიმე დღე მაქვს, დღეს ფსიქოთერაპევტის ფუნქციას ვერ შევითავსებ!
- იქნებ მე მომესმინა?
- არა, გმადლობ...
- ომის გეშინია? - მოულოდნელად მეკითხება უცნობი.
- ომი მძულს! - ალალად ვპასუხობ.
- ომმა ყველაზე ძვირფასი ადამიანები წამართვა, ოთხმოცდაათიანებში... თითქოს ისტორია მეორდება. ამჯერად მე... - მაგრამ ფრაზას აღარ ასრულებს. არც მე ვეძიები დაუსრულებელ სამ წერტილს.
ფიქრებში მეც წარსულს ვუტრიალებ. მამა ბუნდოვნად მახსოვს, მისი ღიმილი, მისი სიცილი შემოინახა ბავშვის გონებამ და იცით რა მახსოვს? მისაღებში გაშლილი საახალწლო სუფრა, მეგობრებში მჯდომი მამა, ლაღი, თავისუფალი, ამაყი...
მათი „მრავალჟამიერი“, „ჩემო კარგო ქვეყანავ“... ვიღაცისგან თქმული საქართველოს სადღეგრძელო, ფეხზე წამომდგარი ათი ახმახი.
დედაჩემის ცრემლებით სავსე თვალები, აცახცახებული ხელები და მამაჩემის მოცემული საჩუქარი თოვლის პაპისგან, ჩემი გულსაბნევი.
მაშინ ვერ ვხვდებოდი რატომ ტიროდა დედა, რატომ არ ემეტებოდა მამა გასაშვებად. თურმე რამხელა ტკივილს ატარებდა, თურმე რის ფასად უჯდებოდა იმ დღეს უსიტყვოდ ქმართან ჩახუტება.
- ღიმილის ბიჭები! - ასე ეძახდა დედა.
მათგან მხოლოდ ორი დაბრუნდა, ერთი - წამალში გაიპარა, მეორე კი დღემდე ბირჟაზე მდგომ ბიჭებს ერთი ჭიქა სასმლის ფულს სთხოვდა და იმ ერთი ჭიქითაც დამოუკიდებელი საქართველოს სადღეგრძელოს სვამდა. ათიდან მხოლოდ ორი და ამ ორში არ იყო მამაჩემი.
ტკივილი ისევ ახლდება, ცრემლები ისევ იკვლევენ გზას.
- ისტორია არ გამეორდება, ჩემი ისტორია ბედნიერი დასასრულით იქნება! - გაღიზიანებული სწრაფად ვკრეფ ტექსტეს.
უცნობი ისევ რაღაცას მწერს, მაგრამ აღარ ვპასუხობ, თუმცა აღარც მეგობრების სიიდან ვშლი.

საათს ვუმზერ, უკვე საღამოს ხუთი საათია.
- ნეტა შაკო სადაა? - ფიქრებით ისევ მასთან ვტრიალებ. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი არ მიპასუხებს, მაინც მის ნომერს ვკრეფ.
- მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან! - დაშტამპული ხმით მპასუხობს ავტომატი. - ოხ, როგორ მაღიზიანებს, ნეტა დამაჭერინა ამის ჩამწერი და მაგრად მაცემინა! - უმაყოფილოდ ვისვრი მაგიტაზე მობილურს.
- რა ქენი?! - ინსტიქტურად ფეხზე ვხტები გელას ოთახში შემოსვლისას.
- ვერაფერი. არ წამიყვანეს! მოხალისეების აუცილებლობა არ არისო, თუ დაგვჭირდები ჩვენით დაგიძახებთო! - - აშკარად უკმაყოფილო, დაღლილი ხმით მეუბნება ის.
- მოხალისეები თუ არ მიჰყავთ, არც ისე ცუდად ყოფილა საქმე? - მიამიტურად კითხულობს თაკო, როგორ მინდა დაეთანხმოს, როგორ მინდა რაღაც საიმედო თქვას გელამ, მაგრამ თვალს გვარიდებს, თავი ხელებში ჩაურგავს და დუმს.
ტელეფონი ბზუილით მამცნობს მესიჯის მოსვლას, მიუხედავად იმისა, რომ ნომერი არ გვეცნობა, მაინც ვხვდებით, შაკოა. ოთხი თავი ტელეფონის ეკრანს ინტერესით ჩავცქერით:
- გორი შეფერხების გარეშე გავიარე, ქარელიც, ცხინვალში ამაღამ შევალ!
კომენტარების გაკეთებისგან თავს ვიკავებთ, თითქოს ერთმანეთის თვალებში ჩახედვისაც კი გვეშინია. ხელების ცახცახს ძლივს ვიმორჩილებ. ვცდილობ ემოციებს არ ავყვე, სამუშაოს ვასრულებ და სახლში წასასვლელად ვემზადები.



№1 სტუმარი ემი

აუუ, კარგი იყო, ემოციური, აცრემლებულმა წავიკითხე... მიუხედავად იმისა, რომ შენი ხელწერა ეტყობა, მაინც განსხვავებულ სტილში გაქვს დაწერილი და ძალიან, ძალიან მომწონს...

და შაკო მიყვარს უკვე... heart_eyes

პ.ს. ეს გოგო, რაღაცნაირი ხისტია და ცოტა გალღობა არ აწყენდა blush

 


№2  offline წევრი teddy))

ველოდებოდი მეორე თავს და რომ შემოვედი და ეს დამხვდა... იცი, პირველ, კარგ გმირებს ვეჩვევი და ვფიქრობ ეს ის ვირტუალური მეგობარია... შიში იგრძნობა... მაშნ, 2008 წლის ომის დროს, პატარა ვიყავი და არაფერი მახოსოვს, გარდა იმისა რომ ამ დროს ვერთობოდი... წარმოიდგინეთ, მე ვერთობოდი და სხვები... ალბათ, მაშინ ჩემშიც იყო შიში, როგორც ჩემი ნათესავი მახსენებს... ანა, ძალიან კარგად წერ და ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ! მიყვარხარ და წარმატებებს გისურვებ! ველი შემდეგ თავს! შაკო... heart_eyes kissing_heart innocent blush

 


№3 სტუმარი Guest მე♥უცნაურე

მიხარია,რომ შენს დროს გვიყოფ.
ჯერ არაფერს ვიტყვი,გარდა იმისა,რომ ამ ეტაპზე იმედგაცრუებას არ ვგრძნობ ^^ heart_eyes heart_eyes

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ემი
აუუ, კარგი იყო, ემოციური, აცრემლებულმა წავიკითხე... მიუხედავად იმისა, რომ შენი ხელწერა ეტყობა, მაინც განსხვავებულ სტილში გაქვს დაწერილი და ძალიან, ძალიან მომწონს...

და შაკო მიყვარს უკვე... heart_eyes

პ.ს. ეს გოგო, რაღაცნაირი ხისტია და ცოტა გალღობა არ აწყენდა blush

გაბადრული ვკითხულობ კომენტარს heart_eyes ალბათ თემაა განსხვავებული და სტილიც სხვაგვარი გამოვიდა. შაკო მეც მიყვარს, ვნახოთ ისტორიის ბოლომდე იქნებ ჩვენი მარიამიც გათბეს smile

teddy))
ველოდებოდი მეორე თავს და რომ შემოვედი და ეს დამხვდა... იცი, პირველ, კარგ გმირებს ვეჩვევი და ვფიქრობ ეს ის ვირტუალური მეგობარია... შიში იგრძნობა... მაშნ, 2008 წლის ომის დროს, პატარა ვიყავი და არაფერი მახოსოვს, გარდა იმისა რომ ამ დროს ვერთობოდი... წარმოიდგინეთ, მე ვერთობოდი და სხვები... ალბათ, მაშინ ჩემშიც იყო შიში, როგორც ჩემი ნათესავი მახსენებს... ანა, ძალიან კარგად წერ და ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ! მიყვარხარ და წარმატებებს გისურვებ! ველი შემდეგ თავს! შაკო... heart_eyes kissing_heart innocent blush


დიდი მადლობა ასეთი თბილი შეფასებისთვის, ბედნიერი ხარ თუ არ გახსოვს მაშინდელი დაძაბულობა, შიში ალბათ კიდევ მსუბუქი აღწერაა იმ მდგომარეობის ჩვენ რომ ვიყავით joy მართალი ხარ, ეს უცნობი სწორედაც რომ ჩვენი ვირტუალური მეგობარია laughing

Guest მე♥უცნაურე
მიხარია,რომ შენს დროს გვიყოფ.
ჯერ არაფერს ვიტყვი,გარდა იმისა,რომ ამ ეტაპზე იმედგაცრუებას არ ვგრძნობ ^^ heart_eyes heart_eyes


მე კი მიხარია, რომ კითხულობ. heart_eyes მოუთმენლად დაველოდები კომენტარს (შენიშვნებს) smile

 


№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

რა გითხრა... ასე მგონია ისევ წარსულში დავბრუნდი და ისევ განმიახლდა ის გრძნობები რასაც მაშინ ვგრძნობდი... ისევ ის ტკივილი, შიში და მოლოდინი საბოლოოდ იმედი და მაინც ტკივილი... შაკომ ცემი გული მოიგო საოცარი ადამიანია და ერთი ადამიანის ისტორიას მაგონებს ძალიან მისი საქციელი... გული მიგრძნობს წინ დიდი ტკივილი და ბევრი ცრემლი გველოდება და წინასწარ მტკივა გული... რა გითხრა მე თვითონ ვიგრძენი მარიამის ტკივილი და შიში საყვარელი ადამიანის დაკარგვის ამ თავში მე ვიყავი მარიამი და ჩემს თავზე გამოვცადე საყვარელი ადამიანის დაკარგვის საფრთხე (ეს კი ნამდვილად ნაცნობი გრძნობაა) დღეს მე ვიცხოვრე მარიამის ცხოვრებით... შენს ყოველ ისტორიაზე ვფიქრობ რომ ეს არის შენი საუკეთესო ისტორია, მაგრამ შენ სასიამოვნოდ ახერხებ ჩემს გაოცებას და ყიველთვის უფრო მეტ და მეტ ემოციებს მჩუქნი ყოველ ჯერზე განსხვავებული ტიპის ისტორიას ქმნი არც ერთი არ გავს ერთმანეთს არანაირად და ეს ნამდვილი მწრალის ნიჭია... ძალიან მაგარი ხარ...

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
რა გითხრა... ასე მგონია ისევ წარსულში დავბრუნდი და ისევ განმიახლდა ის გრძნობები რასაც მაშინ ვგრძნობდი... ისევ ის ტკივილი, შიში და მოლოდინი საბოლოოდ იმედი და მაინც ტკივილი... შაკომ ცემი გული მოიგო საოცარი ადამიანია და ერთი ადამიანის ისტორიას მაგონებს ძალიან მისი საქციელი... გული მიგრძნობს წინ დიდი ტკივილი და ბევრი ცრემლი გველოდება და წინასწარ მტკივა გული... რა გითხრა მე თვითონ ვიგრძენი მარიამის ტკივილი და შიში საყვარელი ადამიანის დაკარგვის ამ თავში მე ვიყავი მარიამი და ჩემს თავზე გამოვცადე საყვარელი ადამიანის დაკარგვის საფრთხე (ეს კი ნამდვილად ნაცნობი გრძნობაა) დღეს მე ვიცხოვრე მარიამის ცხოვრებით... შენს ყოველ ისტორიაზე ვფიქრობ რომ ეს არის შენი საუკეთესო ისტორია, მაგრამ შენ სასიამოვნოდ ახერხებ ჩემს გაოცებას და ყიველთვის უფრო მეტ და მეტ ემოციებს მჩუქნი ყოველ ჯერზე განსხვავებული ტიპის ისტორიას ქმნი არც ერთი არ გავს ერთმანეთს არანაირად და ეს ნამდვილი მწრალის ნიჭია... ძალიან მაგარი ხარ...


გავწითლდი heart_eyes kissing_heart იცი ამ ისტორიის შექმნა ჩემმა შვილმა მაიძულა, უფროსწორედ მისმა სიტყვებმა, როცა "კაი ყმის" განხილვისას სთხოვეს თანამედროვე "კაი ყმები" დაესახელებინა. ვკითხე:- 9 აპრილის, აფხაზეთის ან თუნდაც აგვისტოს ომის გმირები კაი ყმების არ იყვნენ მეთქი? და პასუხად მივიღე: - ეეე, კაი რა დე, მე თანამედროვე გმირები ჭირდება, ეგ კი იმდენი ხნის წინ იყოო... შემეშინდა, რომ ერთ დღეს ახალი თაობა დაივიწყებს, იმ შიშს იმ განცდებს უბრალოდ თეთრ ფურცლებზე გადატანილ თარიღებად ჩათვლის, არადა... 9 აპრილს ათი წლის ვიყავი, დღემდე მახსოვს ის ტკივილიც და ემოციაც. ანალოგიურად მტკივა აფხაზეთიც და სამაჩაბლოც, მიუხედავად იმისა, რომ თბილისელი ვარ და ტყვიებს ჩემს თავზე არ გადაუვლია, ამ ომებში ბევრი ჩემი ახლობელი დაიღუპა. 2008 წლის აგვისტოს შიშიც მახსოვს, როცა უბრალოდ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მეუღლე, მიუხედავად იმისა, რომ არ ეკუთვნოდა (რადგან ძალოვანში მუშაობდა და მისი გაწვევა არ შეიძლებოდა) - მოხალისედ წასული, მე კი 6 წლის შვილით ხელში. ეს იყო ჩემი განცდები და ჩემი ტკივილი. ალბათ, ამ ემოციების გადმოცემას ამ ისტორიაში ვერ შევძლებ, მაგრამ თუ ოდნავ მაინც მოვახერხებ თანამედროვე, ახალ თაობამდე იმ განცდების მოტანას, ამითაც ბედნიერი ვიქნები. შენ კი დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ამ სიტყვებისთვის, არც კი იცი რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეულ შენს სიტყვას. heart_eyes

 


№7 სტუმარი Nino lomidze

Chems tavze ki namdvilad gadaiara tyviebma.maxsovs da arc damaviwydeba arasdros 2agvistos ert sazgvrispira sofelshi viyavi, vefarebodit kedlebs romelsac fanjara at qonda, tyvia ROM at momxvedroda.sheni istoriis kitxvisas ki es kadrebi gamaxsenda.at Minda shakos sikvdili.

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Nino lomidze
Chems tavze ki namdvilad gadaiara tyviebma.maxsovs da arc damaviwydeba arasdros 2agvistos ert sazgvrispira sofelshi viyavi, vefarebodit kedlebs romelsac fanjara at qonda, tyvia ROM at momxvedroda.sheni istoriis kitxvisas ki es kadrebi gamaxsenda.at Minda shakos sikvdili.


მტკივნეულია, დღემდე ნერვები მეშლება როცა ამ მოვლენებისთვის პოლიტიკური შეფასების მიცემას ცდილობენ, ქულების დაწერას. შაკოს სიკვდილი არც მე არ მინდა, ჩემი ნება რომ იყოს ყველას, იმ ომში დაღუპულებს გავაცოცხლებდი, მაგრამ... უამრავია შაკოს მსგავსები, უსახელო გმირები, რომლებიც ვირაცის ამბიციებსა და გაუმაძღრობას შეეწირნენ

 


№9  offline აქტიური მკითხველი lalita

იცი ამ ისტორიამ დამასევდიანა, რამდენი ტკივილი ახსოვს ჩვენს პატარა ქვეყანას, რამდენი ცრემლი და დაღუპული .დაობლებული და ნაადრევად დაქვრივებული ხალხი.
მარიამის ტკივილი ძალიან განვიცადე ჩემი თავი გამახსენდა მეუღლე რომ მიდიოდა ცხინვალში. იმდენად იმოქმედა, რომ ცრემლი ვერ შევიკავე .

 


№10 სტუმარი ემი

შაკო თუ დაიღუპა, აღარ გავაგრძელებ კითხვას! ოღონდ მართლა.

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

lalita
იცი ამ ისტორიამ დამასევდიანა, რამდენი ტკივილი ახსოვს ჩვენს პატარა ქვეყანას, რამდენი ცრემლი და დაღუპული .დაობლებული და ნაადრევად დაქვრივებული ხალხი.
მარიამის ტკივილი ძალიან განვიცადე ჩემი თავი გამახსენდა მეუღლე რომ მიდიოდა ცხინვალში. იმდენად იმოქმედა, რომ ცრემლი ვერ შევიკავე .

პატარა როცა ვიყავი ხშირად მესმოდა, ძირითადად მოხუცებისგან, თქვენ ცხოვრების რა იცით, აი ჩვენ რომ ომი გადავიტანეთ!... სამწუხაროდ ზედმეტად მწარე ფორმით გვასწავლეს ცხოვრებაც და ომიც sleepy .

ემი
შაკო თუ დაიღუპა, აღარ გავაგრძელებ კითხვას! ოღონდ მართლა.

sweat_smile წინასწარ არაფერს გეტყვი, თუმცა იმედი მაქვს გააგრძელებ ისტორიის კითხვას

 


№12  offline წევრი mako-makako

ანა,ეს ისტორია ყველას ტკივილია და მითუმეტეს ახალ თაობამ კარგად უნდა დაიმახსოვროს რადგან ზოგის მამა,ძმა თუ უბრალოდ ახლობელი შეეწირა ამ პოლიტიკურ ომს.რისი თავიდან აცილებაც შეიძლებოდა.მტკივა თითოეული დღე რადგან მამაჩემიც იქ იყო და ყოველი მისი გამორთული ტელეფონი თუ ზარი საშინლად გვაშინება.ღმერთმა გაანათლოს ჩვენთვის თავგანწირული ბიჭების სულები.და იმედია აღარასოდეს გამოცდის საქართველო მათ სიკვდილს.
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

mako-makako
ანა,ეს ისტორია ყველას ტკივილია და მითუმეტეს ახალ თაობამ კარგად უნდა დაიმახსოვროს რადგან ზოგის მამა,ძმა თუ უბრალოდ ახლობელი შეეწირა ამ პოლიტიკურ ომს.რისი თავიდან აცილებაც შეიძლებოდა.მტკივა თითოეული დღე რადგან მამაჩემიც იქ იყო და ყოველი მისი გამორთული ტელეფონი თუ ზარი საშინლად გვაშინება.ღმერთმა გაანათლოს ჩვენთვის თავგანწირული ბიჭების სულები.და იმედია აღარასოდეს გამოცდის საქართველო მათ სიკვდილს.


დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მძიმე დღეების გავლა აღარასოდეს მოგვიწევს, არც ჩვენ და არც მომავალ თაობას. ისედაც საკმარისი ტრამვები და მოუშუშებელი ჭრილობები დაგვიტოვა, მინდა მჯეროდეს, რომ "საოცნებო საქართველოს" არსებობა უწერია kissing_heart heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent