ვირტუალური მეგობარი (სრულად)
ვირტუალური მეგობარი (სრულად) თავი პირველი ყველაფერი მოულოდნელად, ზაფხულის ერთ ჩვეულებრივ დღეს დაიწყო, თუმცა უკვე მოგატყუეთ, სულაც არ იყო ეს დღე ჩვეულებრივი. 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში ერთბაშად შეარყია სიცხისგან გათანგული თბილისი მოულოდნელმა სიახლემ:- ომი დაიწყო!. - შეუძლებელია, სიმართლე არ იქნება, რაღაცას გვატყუებენ!.. - ვინ იცის მერამდენედ ვიმეორებდი და ნებისმიერ წუთს ველოდი, როდის გამოაცხადებდნენ, რომ ეს ყველაფერი ვიღაცის ბოროტი ხუმრობა იყო. ჩვეულებისამებრ ისევ სამსახურში წასასვლელად ვემზადებოდი. - ამბობენ, ამაღამ თბილისსაც აიღებენ-ო!.. - რატომღაც ჩურჩულით ეუბნებოდა დედაჩემს მეზობელი, თითქოს საკუთარი სიტყვების თვითონაც კი ეშინოდა, ისე აცეცებდა თვალებს - ბავშვები უნდა წავიყვანო, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავიდეთ ქალაქიდანაც და ამ დაწყევლი ქვეყნიდანაც, იქნებ თქვენც?!... - თბილისს ვერ შემოუტევენ, აღებას ვერ გაბედავენ, ასე არ მოხდება!... - მკაცრად, თვალების ბრიალით ვეუბნებოდი მოჩურჩულე ქალებს. - კი, მაგრამ... - ისევ შემეწინააღმდეგა მეზობელი, თუმცა როგორც კი ჩემს მუქარით სავსე მზერას წააწყდა, გაჩუმდა, ხელი დანანებით ჩაიქნია და წავიდა. - იქნებ სოფელში მაინც წავსულიყავით, იქნებ?!... - ფრთხილად შემაპარა დედაჩემმა. - სოფელში ვერ მოგწვდებიან?! ძალიან გთხოვ, შენ მაინც ნუ ქმნი პანიკას! - მამაშენივით ჯიუტი ხარ! - უკმაყოფილოდ მიღრენდა ის. სწრაფად, ერთი ყლუპით ვსვამდი თითქმის გაცივებულ ყავას, დედაჩემის შეგონებას ყურადღება აღარ მივაქციე, ისე გავვარდი სახლიდან. ეზოში ეულად მდგომ მცირე ზომის იტალიური წარმოების, „ფიატ უნო“-ში ჩავჯექი და სამსახურში წამოვედი. - ღორები, ვირთხები!... - გაცოფებული ვიღრინებოდი, მტრულად ვუმზერდი ქალაქის გასასვლელისკენ დაძრულ ავტომობილების კოლონას, მოხერხებულად ვუვლიდი გვერდს მანქანებს, დიღმის მასივის კორპუსებს შორის გამსვლელი ეზოებით მოკლეზე გავძვერი, საჭეს მკვეთრად შევატრიალე და ვაშლიჯვრისკენ გადავუხვიე. კარებში მდგომ დაცვას მშრალად მივესალმე და თითქმის სირბილით შევედი ოფისში. ალბათ, აზრი არ აქვს ჩვენი სამუშაო დღის აღწერას. რიგითი თანამშრომლები დავითხოვეთ, ოფისში მხოლოდ ადმინისტრაცია და იურისტები დავრჩით. დაძაბულობა ჩვენთანაც იგრძნობა, ხმის ამოღებასაც ვერ ვბედავდით, უძრავი ქონების მფლობელობის დამადასტურებელსა და განსაკუთრებით ძვირფას, ფინანსურ დოკუმენტებს ვასკანირებდით, ელექტრონულ ბაზას სწრაფი ტემპებით ვქმნიდით და ყველაფერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით დამფუძნებელთან ვაგზავნიდით: - რა იცით რა ხდება?!.. - ვინ იცის მერამდენედ გვეუბნება განყოფილების უფროსი - ხვალ ალბათ, აღსადგენი გვექნება, სადღაც ასლები ხომ უნდა დაგვრჩეს... - ხვალ ვიქნებით?! - ხმა გაბზარვოდა თაკოს. - ვიქნებით! - ჯიქურ ვუმზერ მე. თითქმის მეზობლად მყოფი სამხედრო ნაწილიდან გრუხუნით მიფრინავს ვერტმფრენი, შენობაში მინებმა ზრიალი იწყეს და ჩვენც ინსტიქტურად ზემოთ ვიყურებით. - ღმერთო, დაგვიფარე!... - ტუჩებიდან ლოცვა გვწყდებოდა. ვერტმფრენების ხმა არ წყდება, ოფისის ფანჯრებიდან ვხედავთ გზაზე გავლილ სამხედრო მანქანებს, ახალგაზრდა ბიჭები ხელის ქნევით გვემშვიდობებიან. არ მინდა გამხელა, მაგრამ მეშინია, ხელების ცახცახის დასაფარად ისტერიულად ვიწყებ კლავიატურაზე წკაპუნს და უკვე დასკანირებულ დოკუმენტებს სახელს ვარქმევ. ზოგადად მშიშარა არ ვარ, არც პანიკიორი, ყოველთვის ვცდილობ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი საღი აზრით ვეძებო, მაგრამ ამჯერად, საკუთარი უსუსურობის განცდა მკლავს, მანადგურებს. - აი, კიდევ გაფრინდა, ერთი, ორი, სამი.. - გულმოდგინედ ითვლის ვერტმფრენებს გელა. - მთელი დღე ვერტმფრენების თვლის გარდა საქმე არაფერი გაქვს?! - ვიღრინები მე. - რუსეთთანაა შეკრული და სათითაოდ უნდა გადაგვთვალოს! - ხუმრობს უფროსი. - რა გინდა, რომ ქნა? - თითქოს ჩემს ფიქრებს ხვდება გელა - წასასვლელი გვაქვს სადმე, თუ რა?! თუ აღარც სახლი დამრჩა და აღარც ოჯახი, რად მინდა ასეთი სიცოცხლე? - ამბობენ, პირველად სტრატეგიულ ობიექტებს ურტყამენო... - ხმა ებზარება თაკოს. - მერე, რომელი სტრატეგიული წერტილი ჩვენ ვართ?! - შიშის დამალვარს ირონიაში ვცდილობ. - ჩვენ არა, მაგრამ სამხედრო ნაწილი? მას რომ დაარტყან? - გელა ტყუილად ხომ არ იყურება ცაში?! როგორც კი ბომბებს დაგვიშენენ შეგვატყობინებს! - საკუთარი ბოროტი ხუმრობისგან ჟღუანტელი მეც კი მივლის. - იხუმრე, იხუმრე და არაფერია გამორიცხული! - ჩემსკენ არც კი იყურება ისე მპასუხობს ფანჯარასთან მდგომი გელა. - დედას გაფიცებ, ქვემოდან რომ უმზერ, მართლა რამე რომ გვესროლონ, გაქცევას მოასწრებ? სადმე შეეფარები?! - არ ვჩუმდები მე. - გელა ისეთი ყოჩაღია, ბუნკერიც ექნება გათხრილი... - ისევ ხუმრობს უფროსი. - ეე... კი არ მიფიქრია მაგ საკითხზე, კომუნისტები ნიჭიერი ხალხი იყო, ჩვენი ოფისი ძველი ფაბრიკის ტერიტორიაზეა აშენებული და იქნებ აქ, სადმე ბუნკერიც იყოს?! - აშკარად ჭკუაში უჯდება უფროსის სიტყვები, საკუთარი იდეა ისე ხიბლავს, მაშინვე უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან რეკავს, თუმცა ჩემს ირონიულ მზერას ხედავს თუ არა, ტელეფონს თიშავს. - ერთთად-ერთი რასაც ადამიანში ვერ ვიტან სიმხდალე და პანიკიორობაა! - კბილებში ზიზღით ვცრი. - თუ ძმა ხარ, მიხურე ფანჯარა და უარესად ნუ გვაგიჟებ! - თვალებს უბრიალებს უფროსი. - ანუ მე ვარ მხდალი და თქვენ გმირები?! - აშკარად ეწყინა ჩემი რეპლიკა გელას, თუმცა მისთვის ბოდიშის მოხდა აზრადაც არ მომსვლია. - ისედაც დაძაბულები ვართ და ერთმანეთს მაინც ნუღარ დავერევით!... - გამაფრთხილებლად გადმოგვხედა უფროსმა. - ოცდათოთხმეტი წლის ასაკში ოფისში სიკვდილი თუ არ მინდა, დანაშაულია?! - გელას აჰყვა თაკოც. - დანაშაული არა, სიმხდალე ყოფილა!... - ირონიულად გადმომხედა მე. კიდევ დიდხანს დუდუნებდნენ ორხმაში, მაგრამ ყურადღებას აღარ ვაქცევდი, ყურებში ყურსასმენებ გარჭობილი ისევ კომპიუტერის კლავიატურაზე ვაკაკუნებდი და მეილებს ვაგზავნიდი. ალბათ მცირედი წარმოდგენა მაინც უნდა შეგიქმნათ ვინ ვართ ჩვენ და რას წარმოვადგენთ. ჩვენი განყოფილება სამი ადამიანისგან შედგება, პროფესიით იურისტები, ადვოკატები, სამივენი მანდილოსნები გახლავართ. კომპანია „GEORGIAN GROUP“-ში ეს ერთად-ერთი განყოფილებაა სადაც მხოლოდ ქალები ვართ. არ იფიქროთ თითქოს ფემინისტური აზროვნებით გამოვირჩევით და ნურც კაცთმოძულეობაში დაგვდებთ ბრალს, ასე დამფუძნელის გადაწყვეტილების გამო მოხდა, რატომღაც თვლიდა, რომ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით მანდილოსნებს მოლაპარაკება უკეთესად გამოგვდიოდა. იმედია გელას ჩვენთან ყოფნამ არ დაგაბნიათ. 30 წლის, ქერა, თხელი ყმაწვილი მარკეტინგის განყოფილების უფროსია. მის კაბინეტში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ოთახს ჩვენთან ერთად იზიარებდა და მეტ ნაკლებად იურისტების ცხოვრებით უწევდა ცხოვრება. თავიდან მისი შემოსახლება საკმაოდ ხმამაღლა გავაპროტესტეთ, იმიტომ კი არა, რომ არ მოგვწონდა, უბრალოდ შეჩვეულნი ვიყავით ოთახში მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები რომ ვისხედით, მისი იქ ყოფნის დროს კი მეტ-ნაკლებად სიტყვებსაც და ქცევასაც ვაკონტროლებდით. თუმცა გელას უშუალო და თავისუფალი ხასიათიდან გამომდინარე ეს უხერხულობა საკმაოდ სწრაფად მოგვეხსნა, ზოგჯერ მისი სქესიც კი გვავიწყდებოდა. რატომღაც არც ის გრძნობდა უხერხულობას ქალური პრობლემების მოსმენისას, პოლემიკაშიც აქტიურად ერთვებოდა და რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ხშირად საკმაოდ სასარგებლო რჩევებსაც გვაძლევდა. საბოლოოდ კი, როცა მისი ოთახის რემონტი დასრულდა, კაბინეტში გადასვლაზე უარი განაცხადა და დროებით შემოსახლებული გელა დაგვრჩა მუდმივად ჩასახლებული. ზოგჯერ ვკამათობდით, ზოგჯერ ვხუმრობდით, თუმცა მთლიანობაში მაინც ერთ ჯგუფად შეკრული განყოფილება გვერქვა. გვყავდა უფროსი, რომელიც ამ სტატუსს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ატარებდა, რომ ჩვენთან შედარებით კომპანიაში მუშაობის უფრო დიდი სტაჟი ჰქონდა, თან უფროსი ხომ გვჭირდებოდა?! ლელას ჩვენთან იმდენად მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, რომ უფროსად მისი აღქმა საკმაოდ ძნელი იყო. 43 წლამდე გახლდათ. ალბათ, ასაკით დიდად მოგეჩვენებათ თუმცა სულაც არა, ტანით საშუალო სიმაღლის, გამხდარი, მოკლე ბიჭურად შეჭრილ თმაში ასე 25-26 წლის გოგოს უფრო ჩამოჰგავდა. ჩაცმითაც, თუ სასამართლოში ან რომელიმე საქმიან შეხვედრაზე არ უწევდა წასვლა, ძირითადად სპორტულ სტილს ატარებდა. ორი ვაჟის დედა თავადაც მათი ჭკუის ხდებოდა. თითქმის ჩემი ასაკის ლევანჩო (უფროსი შვილი) ფეხბურთელი ჰყავდა, ხშირად დავდიოდით მის თამაშებზე და მთელი განყოფილება ხმის ჩახლეჩამდე გვულშემატკივრობდით. უმცროსი ვაჟი გიტარაზე უკრავდა ერთ-ერთ ბენდში, მისი წყალობით კლუბებში შინაურ სტუმრებად ვითვლებოდით. ლუდი და კოქტეილები ყოველთვის უფასოდ გვქონდა, აქაც მხოლოდ ერთი რამ გვევალებოდა, ბევრი ცეკვა და კივილი, ეს უკანასკნელნი ისედაც გვიყვარდა და ვაღიარებ ზედმეტად კარგადაც გამოგვდიოდა. ასე გულშემატკივრობდა და უმაგრებდა ლელა მხარს საკუთარი შვილებს, რომელთაგანაც მხოლოდ ტანის ზომით თუ გამოარჩევდი. გულის სიღრმეში ვნატრობდი მეც ასეთი მეგობრული დედა ვყოფილიყავი. თაკო, როგორც უკვე მიხვდით 34 წლის, გასათხოვარი ან გაუთხოვარი, თქვენ როგორც გერჩივნოთ ისე უწოდეთ. მაღალი, ასე 1.75 სანტიმეტრამდე, საკმაოდ სრული, დიდი მკერდით, რომელსაც შეძლებისდაგვარად კიდევ უფრო კვეთდა მოტკეცილი სამოსით, რატომღაც გამორჩეულად უყვარდა წითელი პომადა. იდეაფიქსი: - გათხოვება! თუმცა მიუხედავად მისი მრავალგზის მცდელობისა, ეჭვი მეპარებოდა ოდესმე ღირსებოდა, არადა, არც საყვარლის ყოლის ნიჭით გამოირჩეოდა. მე?! მე ზუსტად ვერ ჩამოვყალიბდი ვინ ვარ და რა მინდა. არა, არ დაიბნეთ, საკუთარ სქესსა და სექსუალურ მიდრეკილებებში ეჭვი არ მეპარება, ვარ 23 წლის, ძალიან მაღალი არა, ასე 1.72 სანტიმეტრის, თხელი აგებულების, ხვეული გრძელი თმით, თაფლისფერი თვალებით, თუმცა ზოგჯერ ფერად ლინზებსაც ვატარებ. ზედმეტად მიყვარს მოკლე კაბები, ორონდ სხვის ტანზე, როგორც მეუბნებიან, მეც საკმაოდ მიხდება. მიუხედავად ჩემი პროფესისა უმეტესად თავისუფალი სტილით ვიცვამ, ჯინსის შარვლითა და გრძელი მაისურებით დავდივარ. - კაცმა არ იცის სად მოხვდები დღის განმავლობაში, ოფისში მაინც ჩაიცვი აკადემიურად, კლასიკურად! - მკაცრი სახით ხშირად მაფრთხილებდა ლელა. გგონიათ, ვაპროტესტებდი და არ ვეთანხებოდი? ყოველ დღე თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევდი, მაგრამ მეორე დღეს, როგორც კი ტანისამოსის არჩევას ვიწყებდი, ხელი ისევ ჯინსებისკენ გამირბოდა. რატომღაც მეუხერხულებოდა და მაღიზიანებდა მამრობითი სქესის წარმომადგენელთა მიერ ჩემსკენ მომართული დაჟინებული (უმეტესად ავხორცი) მზერა, შესაბამისად ვცდილობდი საკუთარი ჩაცმულობით შეძლებისდაგვარად მაინც არ მიმეპყრო ყურადღება. ჩემი ასეთი ქცევა სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ლელას: - მოცლილი ხარ, კაცებს შენ აუხვევ თვალებს?! დასანახს მაინც დაინახავენ, კლასიკურად ჩაიცვი!... - ისევ თითს მიქნევდა გამაფრთხილებლად, თუმცა მე მაინც ჩემსას ვაგრძელებდი, აგვისტოშიც კი ჯინსებში ვიხრუკები. სახელი: მარიამი, არც - მარი, არც - მარიკუნა, უბრალოდ მარიამი. ჩემი სახელი მომწონს და თუ ვინმე მის შემოკლებას ცდილობს მაშინვე შენიშვნას ვაძლევ. სტატუსი: - ჯერჯერობით დაუოჯახებელი, გასათხოვარი! იმედი მქონდა ახლო მომავალში.. თუმცა ამ ახლო მომავალს უკვე მესამე წელია ველოდით, მომავალი კი არადა, არ მოდიოდა. არ იფიქროთ, თითქოს ერთმანეთი არ გვიყვარს, ან შაკო აჯანჯლებდა დაქორწინებას. პირიქით, ალბათ გაგიჭირდებოდათ ჩვენისთანა შეწყობილი და შესაფერისი წყვილის ნახვა, მაგრამ ვერა და ვერ დავაყენეთ საშველი. ხან ბინის იპოთეკურ სესხს ვისტუმრებდით, ხან ფინანსებს ველოდით ქორწილისთვის. რამოდენიმეჯერ მთხოვა, იქნებ მხოლოდ ვიწრო წრეში მოგვეწერა ხელი და ერთად ცხოვრება დაგვეწყოო, მაგრამ ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე. ალბათ, ჩემშიც ჭარბობდა კონსერვატორული აზროვნება. ღრმად მწამდა, რომ ჩემი რჩეული და მამაკაცი რომელთანაც ჩემს პირველ ღამეს გავატარებდი, ჩემი მეუღლე და შვილების მამა შაკო უნდა ყოფილიყო. მაგრამ ბავშვობიდან ვოცნებობდი დიდი ქორწილი გადამეხადა, საკუთარ ქორწილში თეთრი ქათქათა კაბა მცმოდა და ეკლესიაში საკურთხეველთანაც ქალწული მივსულიყავი. ძველმოდური ვიყავი? შეიძლება, თუმცა მე ეს სულაც არ მაწუხებდა, პირიქით ამით ვამაყობდი და თუ ვინმე ჩემს გადარწმუნებას ცდილობდა, მაშინვე ჩემი რისხვის მსხვერპლიც ხდებოდა. ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, ვინ იყო მსხვერპლის როლში, ძირითადად ჩემი შეყვარებული და მისი მუდმივი გულშემატკივარი, ჩემივე თანამშრომელი გელა. დამავიწყდა მეთქვა, შაკო სწორედ გელამ გამაცნო, როცა ლელას დამსახურებით ისევ ერთ-ერთ კლუბში მის უმცროს ვაჟს ვგულშემატკივრობდით. ცოტა უცნაურად მომეჩვენა კლუბში კონსერვატულად ჩაცმული, 30 წლის, შავ შარვალ-კოსტუმში გამოწკეპილი შაკოს გამოჩენა. თაკოს მაშინვე თვალები აუციმციმდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მისი შანსები ნულს უდრიდა. ერთმანეთი სკეპტიკურად ავათვალიერეთ, დიდად ალბათ, არც მე მოვეწონე ჩემი საკმაოდ უცნაურად დაგლეჯილი მაისურითა და გახუნებული ჯისებით და საკუთარი ემოციების დამალვა არც კი უცდია. შემდეგ ამის გამო ხშირად დავცინოდი. ცოტა მოგვიანებით გავიგე, რომ გელამ სამსახურიდან წამოიყვანა და ტანისამოსის გამოცვლა ვერ მოასწრო. აი, სამსახური კი უდავოდ საინტერესო ჰქონდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში, კრიმინალური განყოფილების უფროსი გახლდათ. ამის გაგონებაზე, ჩემში ბავშვობის ოცნებამ გაიღვიძა, ყოველთვის მინდოდა გამომძიებლობა და ყაჩაღების დევნა, როცა იურიდიულზე ჩავაბარე სწორედ ამ ოცნებისკენ მივისწრაფვოდი. შემდეგ დედაჩემის ხანგრძლივი შეგონებებიდან გამომდინარე უპირატესობა სამოქალაქო სამართალს მივანიჭე და სამუშაოდ კერძო კომპანიაში წამოვედი. იმის წარმოდგენაზეც კი, რა თავგადასავლებით სავსე ცხოვრება ჰქონდა, დამავიწყდა შაკოსთან დაკავშირებით შექმნილი უარყოფითი შთაბეჭდილება, მაშინვე ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ მდგომარებაზე მოსაუბრე ბიჭების დიალოგში ჩავერთე: - თქვენი აზრით, რომელია ყველაზე რთულად გასახსელი საქმე? ერთი კი გამომხედა გვერდულად, მაგრამ ალბათ თავაზიანობის გამო მიპასუხა: - თაღლითობა! - თაღლითობა? რატომ?.. - იმიტომ რომ თაღლითურად ჩადენილ დანაშაულში საკმაოდ დიდი ჯგუფი მოქედებს, ძნელია თაღლითების და დაზარალებულების ერთმანეთისგან გამიჯვნა. დამნაშავეები ადამინების ჯგუფებს არჩევენ. დაზარალებულებს არაფერს არ აძალებენ, როგორც წესი ისინი თვითონვე, ნებაყოფლობით გადასცემენ საკუთარ ქონებას თაღლითებს, უწევენ რეკლამას და ზოგჯერ საკუთარ ახლობლებსაც კი ითრევენ. შესაბამისად არც ძალადობის ნიშნები არსებობს. დაზარალებული საკმაოდ გვიან ხვდება რომ მოატყუეს და გააბითურეს. ასეთ დროს ხშირად მტკიცებულებებიც და ფაქტებიც გადადგურებულია ან უბრალოდ არ არსებობდა... - ანუ, ეჭვქვეშ დგება საერთოდ დანაშაული მოხდა თუ არა? - ასე გამოდის. თაღლითობის ნიშნების მქონე დანაშაულებზე საკმაოდ ბევრ, გამოცდილ ადვოკატებსაც უჭირთ მუშაობა. - არა და, მე ყველაზე მძიმე დანაშაულად ფინანსური დანაშაულები მიმაჩნდა... - გულწრფელად ვაღიარე მე. - ფინანსრული დანაშაული მსუბუქ დანაშაულთა ჯგუფს ნამდვილად არ მიეკუთვნება, თუმცა მისი გახსნა ძნელი ნამდვილად არაა, თუ კარგი ფინანსისტი გყავს. საუბარში ამყვა, ამყვა და აღარც გავჩუმებულვათ. როგორც გელა ამბობს, სწორედ მაშინ გაება კიდეც მისი მეგობარი. იმ დღეს ალბათ, ვერც კი იფიქრებდა შაკოს მე თუ მოვეწონებოდი, სიყვარულზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო, მაგრამ ძალიან მალე თითქმის განუყრელნი გავხდით. თუმცა მიუხედავად ჩვენი ასეთი ახლო ურთიერთობისა, უნდა ვაღიარო შაკო საკმაოდ ხშირად ზედმეტადაც კი მაღიზიანს და მაბრაზებს. ოო, აი გაბრაზება კი ნამდვილად ცუდი ვიცი, თუ მოთმინება მღალატობს, რაც კი ენაზე მომადგება ყველაფერს ვამბობ, ზოგჯერ ისეთ რამესაც კი, რაც შემდეგ სანანებელი მიხდება, თუმცა სამწუხაროდ უკვე გვიანია. აუტანელი ვარ? ალბათ, მაგრამ ეს რატომღაც სულაც არ მაწუხებს.. სხვა რა გითხრათ? ალბათ თავი შეგაწყინეთ, ამდენი დახასიათებით, ისევ აგვისტოს ომს მივუბრუნდები. საინფორმაციო გამოშვებას შეგნებულად არ ვუყურებ, ნერვები ორმაგად რომ არ მომემშალოს, საქმეზე ფიქრი უდავოდ მშველის, რაღაც ეტაპზე მუსიკის მოსმენაში მავიწყდება კიდევაც მწარე რეალობა, თუმცა სკაიპი ყვითლად ციმციმებს. - ოჰო, მეჰმედი გამოჩნდა! - ჩემთვის ვამბობ და მის წერილს ვკითხულობ. მეჰმედი ჩემი და შაკოს საერთო, თურქი მეგობარია, რომელიც ბოდრუმში დასვენების დროს გავიცანიტ. მას თურქი ალბათ, პირობითად უნდა ვუწოდო, გვარად მამალაძეა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ერთხელაც კი არაა ნამყოფი, თავს მაინც ქართველად თვლის. - როგორ ხართ ჩემებო? - ალაგ-ალაგ არასწორად ჩაწერილი ასოებიდან ძლივს ვარჩევ მოწერილს. - არა გვიშავს, ცუდად... - დაჯღანულ სმაილს ვუგზავნი მე. - მთელი თურქი ქართველები ფეხზე ვდგავართ, საელჩოში ვიყავით, იქნებ შევძლოთ დახმარება... მისი სიტყვების წაკითხვაზე გული მიმძიმდება, თვალები ცრემლებით მევსება: - ეჰ.... - თითებს ვეღარ ვიმორჩილებ პასუხის მისაწერად, ან რა მივწერო? როგორ დავამშვიდო? ჩემი პაუზა ალბათ აფრთხობს: - მარიამ, კარგად ხარ?! ტკივილით მეღიმება: - ეგ თუ შეღავათს მოგცემს, მე კარგად ვარ! უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა, დაბნეული ვარ და შეშინებული. - პირველად ვაღიარე ხმამაღლა საკუთარი შიში. - უარესი დღეები გადაგვიტანია, თუ საჭირო იქნება მეც ჩამოვალ, გვერდში დაგიდგებით ჩვენ, თურქი ქართველები... მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ არ ჩამოვა, მაინც მსიამოვნებს მისი სიტყვები. - მადლობა თანადგომისთვის, მაგრამ შენს საქართველოში ჩამოსასვლელად მაინც და მაინც ომი იყო საჭირო? - ხუმრობას ვცდილობ მე. - ამჯერად არ ვიტყუები, მართლა ჩამოვალ! - იმედი მაქვს ყველაფერი დალაგდება და ამის აუცილებლობაც არ იქნება. მაგრამ მაინც დიდი მადლობა! - გულწრფელად ვეუბნები და ვემშვიდობები. ზუსტად ვერ გეტყვით ვინ საიდან მწერს, ნაცნობი, თუ უცნობი, ბიზნეს პარტნიორები, თუ უბრალოდ საზღვარგარეთ მყოფი მეგობრები. მეც ერთი და იგივე ტექსტს ვიმეორებ, თითები თითქმის ავტომატურად კრეფს ტექსტს. ვუხსნი, რომ მოულოდნელად თავს დაგვესხნენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა საკუთარ საცხოვრებლებს ტოვებდნენ, რომ არა და არ გვეღირსა, ამ ერთი ციდა ქვეყანაში სიმშვიდე. ვწერ, ვწერ და თითქოს საკუთარი ნაწერებიდან ვიაზრებ, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ, რომ წასასვლელიც კი არ მაქვს სადმე, თუნდაც გასაქცევი. ტელეფონზე მესიჯი მომდის. ამჯერად შაკო მწერს. - შენს სამსახურთან ვარ მოსული და იქნებ გამოხვიდე! მეხამუშა მისი მესიჯი, მით უმეტეს ასე მოულოდნელად მოსვლა, აფორიაქებული გავედი გარეთ. ოფისის ღია ალაყაფიდანვე დავინახე მისი შავი ფერის პრადო, გულმა გამალებით დამიწყო ძგერა. მეორე თავი შაკო წინა დღეს ვნახე, არადა, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს საუკუნე გავიდა. ვიგრძენი როგორ გამაცია, ფეხქვეშ თითქოს საყრდენი დავკარგე, როცა ავტომობილიდან სამხედრო ფორმაში ჩაცმული გადმოვიდა, ჩემსკენ ზურგით იდგა. უხდებოდა დაფოთლილი ხაკისფერი მუნდირი, მაგრამ ამაზე ფიქრის თავი არ მქონდა. ნერვიულად მოძრაობდა წინ და უკან, დაბღვერილი უმისამართოდ იყურებოდა და სიგარეტს ეწეოდა. დამინახა თუ არა, ანთებული ღერი მოისროლა, ჩვეულებისამებრ მხოლოდ თვალებით გამიცინა და ორივე ხელით მომეხვია. ცალი თვალით ავტომობილის სალონში შევიჭყიტე. უკანა სავარძელზე, შეიძლება ითქვას, იარაღის არსენალი ელაგა. ვაზნები, მჭიდები, ავტომატების ლულები ავისმომასწავლებლად ლაპლაპებდნენ. კითხვის დასმა ვერ გავბედე, ან რაღა უნდა მეკითხა?! ვიგრძენი ცრემლებმა როგორ გაიკვლიეს გზა. თითქოს ეხლაღა ვიგრძენი, რაოდენ სავალალო მდგომარეობაში ვიყავით. საკუთარი უსუსურობის გამოვლენის მრცხვენოდა და სახის დამალვას მის მუნდირს ჩაბღაუჭებული ვცდილობდი. - არ მინდოდა გენერვიულა, მაგრამ... რომ არ მენახე არც ეგ შემეძლო, ისე ვერ წავიდოდი! - თითქოს ბოდიშს მიხდიდა. ვგრძნობდი, ჩემზე ნაკლებად არც ის ღელავდა, ათრთოლებული ხელებით მხრებზე მეხვეოდა და გულში ძლიერად მიკრავდა. - წასვლა აუცილებელია?! - საკუთარი ხმა ვეღარ ვიცანი. - საქმე ცუდადაა... ბიჭებს დახმარება სჭირდებათ! ცხინვალიდან უნდა გამოვიყვანოთ! - პირდაპირ არ მიყურებდა, ისევ სივრცეს გაჰყურებდა, ყბაზე ძარღვი ნერვიულად უცახცახებდა. - კი, მაგრამ... - არ ვიცი რა მჭირდა, ასე ნაკოწიწები მხნეობა დამკარგვოდა, შიშისგან მაცახცახებდა. თურმე როგორი მხდალი ვყოფილვარ, საყვარელი ადამიანი იმ საგიჟეთში წასასვლელად არ მემეტებოდა, არადა, თავი პატრიოტი მეგონა. - სხვა გზა არ გვაქვს.... ბიჭები გუშინ დილით წავიდნენ. მე, როგორც უფროსს მათი კოორდინაცია, ბრძოლისთვის მომზადება მევალებოდა, მისია შესრულებული მაქვს. სპეცოპერაცია გუშინ დაიწყო, ოფიციალურად ჩემი მათთან ყოფნა არ შეიძლება, არც ომში გამიწვევენ და არც ბიჭებთან გამიშვებენ, სამხედრო სპეციალისტები ისედაც არ ჰყოფნით, მე რომ რამე დამემერთოს მეთაურის გარეშე რჩებიან. არადა, აშკარად საქმე გართულდა, გამოსვლას ვეღარ ახერხებენ. უკანასკნელად კავშირზე გამთენიისას გამოვიდნენ! დაუმორჩილებლობის გამო, სამხედრო ტრიბუნალსაც რომ გადამცენ, მაინც წავალ! როცა ვიცი, რომ ბიჭებს უჭირთ, აქ ვერ ვიჯდები, უქმად ვერ გავჩერდები, მეც მათთან უნდა ვიყო! არ მივატოვებ, დახმარება სჭირდებათ, მხარში უნდა ამოვუდგე, სადაც ისინი, მეც - იქ!... ვიგრძენი როგორ ცდილობდა ჩაგუბებული ზიზღისა და რისხვის შეკავებას, მაგრამ მისი სიტყვებიდან გონებამ მხოლოდ ეს აღიქვა: -„გაწვევა არ მეხება, ჩემი იქ ყოფნა არ შეიძლება!“ - რა გამოდის? ცხინვალში უნდა შეხვიდე?! მოხალისედ მიდიხარ?! შენით მიდიხარ?! თვითნებურად?! - ისტერიკა გამერია ხმაში. - შეიძლება ასეც ითქვას, მათი იქ ყოფნის შესახებ არავინ იცის, არც კი მოიკითხავენ, უნდა ჩავიდე, გამოსვლაში დავეხმარო! რეზერვისტები - ცინიკურად გაეცინა მას -ვერაფერს მოახერხებენ, უმეტესობამ იარაღის ჭერაც კი არ იცის, ჩემ ბიჭებთან უნდა ვიყო! - მეც რომ წამოვიდე?! - გაუბედავად შევაპარე - გთხოვ! - მუდარით ვუმზერდი ერთი თავით მაღალ მამაკაცს. რამოდენიმე წამით გაოცებული დამყურებდა, შემდეგ ხმამაღლა გაეცინა, ისე გულიანად ხარხარებდა, რომ უნებურად მეც გამეღიმა. - დედას გეფიცები, გიჟი ხარ! დავბრუნდები, შენ გამო დავბრუნდები! - სიცილით მაკოცა შუბლზე - მე შენი თმები დამაბრუნებენ! - საყვარელი ფრაზა ვნებიანად მიჩურჩულა ყურთან - რომ არ მენახე არ შემეძლო, რაღაც უნდა წამეღო შენგან, აუცილებლად უნდა წამეღო, შენი სითბო, შენი ჩახუტება! - სახეს მიკოცნიდა ის. - რაღაც? - ამ სიტყვამ თითქოს გონება გამინათა, მისი მკლავებიდან თავი გავინთავისუფლე, გულზე დაკიდებული ღვთისმშობლის ხატი მოვიხსენი და ხელისკანკალით მივაწოდე. - მამაშენის გულსაკიდი?! - ხმა გაებზარა შაკოს. კარგად იცოდა, რომ მისგან ერთად-ერთი სახსოვარი ეს ხელნაკეთი, ვერცხლის, ძოწის თვლებით გაწყობილი, წმინდა მარიამის გულსაკიდი მქონდა. - ასეთი მხოლოდ ერთია, ისიც ჩემთვის შექმნილი! - მეტიჩარა ხმით გავეპრანჭე - მაგრამ ამჯერად შენ გჭირდება, ვიცი დაგიფარავს და უვნებელს დაგაბრუებს! - დიდი მორწმუნე არ გახლდით, მაგრამ ამჯერად საკუთარი სიტყვების ნამდვილად მინდოდა მერწმუნა. ნათლობის ჯვართან ერთად ჩემივე ხელით დავკიდე გულსაკიდი. ხელები მიკანკალებდა, თითებს ვერ ვიმორჩილებდი, მაგრამ როგორც იქნა ყელსაბამის სამაგრის შეკვრა მოვახერხე. - გმადლობ! - ტუჩებით ხატს შეეხო, ისე სათუთად და ფრთხილად აკოცა, თითქოს ჩვილს ეფერებოდა. - დამირეკავ მაინც? - ისევ შევაპარე მორიგი თხოვნა. ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა: - არ ვიცი, ალბათ ვერ... ტყუილად ვერ გადაიმედებ! ტკივილი ყელში მომაწვა, თვალები ისევ ცრემლებით ამევსო, თუმცა თავის შეკავება შევძელი. - ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ გჯეროდეს!... - ხელოვნური უდარდელობით მითხრა - ადრე თუ გვიან დაგიბრუნებ, აუცილებლად დაგიბრუნებ! - ხელში შეათამაშა გულსაკიდი. - მე გულსაკიდი კი არა, შენ მჭირდები, მხოლოდ შენ! - ისევ გამებზარა ხმა. - ჩემებმა არ იციან, დედაჩემი თუ დაგირეკავს უთხარი, რომ სამსახურში ვარ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო, შენს ნახვასაც ვერ ვახერხებ! - გაგიჟდი?! როგორ თუ არ იციან?! ამხელა პასუხისმგებლობას მე როგორ მკიდებ? რამე რომ მოხდეს?! - პანიკა მერევა ხმაში. - ცუდს ისედაც ყველა იგებს, თუ არადა, ტყუილად ინერვიულებენ! - ცუდს? ცუდს შენთან რა უნდა?! - მისმა სიტყვებმა იმდენად გამაღიზიანა, რომ ბრაზი ვერ დავმალე - მე არ ვინერვიულებ? მე ყველაფრს გავუძლებ? ასეთი ტკივილისთვის როგორ მიმეტებ? - ვერ წავიდოდი, უნახავად ვერ წავიდოდი! - თითქოს ისევ ბოდიშს მიხდის, მაგრამ მისი მოსმენა არ მინდოდა. აღარც უთქვამს რამე, უბრალოდ ცრემლებით სავსე თვალებში მომჩერებოდა. ვიცი, ალბათ, ეგოისტურად ვიქცეოდი, ალბათ არაადეკვატურად, მაგრამ არ მემეტებოდა, მისი გაშვება არ შემეძლო. ნებისმიერ სისულელეზე ვიყავი წამსვლელი, ოღონდ გადაეფიქრა. - შენთან სამსახურშიც კი დავრეკავ, გავაგებინებ როგორ უგუნურად იქცევა მათი თანამშრომელი!.. - სიტყვები დაუფიქრებლად მწყდება მე. - არ გაბედო, გესმის?! არ გაბედო! - ისე მიღრიალა, თითქოს მართლა ვრეკავდი - შეგიძულებ, შენ თავს ვფიცავარ შეგიძულებ! რომ მცოდნოდა ჩემი ზარით შევაკავებდი, მართლა დავრეკავდი. მოღალატე ვიქნებოდი? თუნდაც, არ მაღელვებდა, ოღონდ არ წასულიყო. მაგრამ ზედმეტად კარგად ვიცნობდი, ვიცოდი, არ გაჩერდებოდა, უკან არ დაიხევდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა მაინც წავიდოდა. განა ვერ ვხვდებოდი, რომ ყველაზე სწორი მისი გადაწყვეტილება იყო?! ჩემი მეგობრების გამო მეც ხომ იგივეს გავაკეთებდი, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს უკანასკნელად ვხედავდი. მუნდირის საყელოში ჩავფრენოდი და გასაშვებად არ მემეტებოდა. ფრთხილად გამაშლევინა თითქმის დაკრუნჩხული თითები, არათითზე წამოცმულ ნიშნობის ბეჭედს რამოდენიმე წამით დააჩერდა. - ქორწინების ბეჭდამდე ვერც მივედით! - ტკივილით ჩაილაპარაკა, სათითაოდ დამიკოცნა არაბუნებრივად გათოშილი თითები - მაპატიე! - კიდევ ერთხელ შემეხო ცხელი ტუჩებით შუბლზე, ძლიერად ჩამიხუტა და წავიდა... ვხედავდი, საქარე მინიდან როგორ მიმზერდა ქუჩაში ეულად დარჩენილს. არ მინდოდა, დედას გეფიცებით, მისი ცრემლებით გაცილება არ მინდოდა, მაგრამ შიგნიდან ვკვდებოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი ხელით ვუშვებდი სასიკვდილოდ, სამყარო თავზე მექცეოდა, მე კი იმდენად უსუსური ვიყავი, რომ გარდაუვალი დასასრულის შეჩერებას ვერ ვახერხებდი. ოფისში ცოცხალ-მკვდარი შევბრუდი, სახეზე ფერი აღარ მედო და ვეღარც ცრემლებს ვიკავებდი. - ქალბატონო მარიამ, კარგად ხართ?! - დაცვის თანამშრომელი შეშფოთებული მეკითხებოდა. სხვა დროს ალბათ მის „ქალბატონოზე“ გამეცინებოდა, შევუსწორებდი კიდევაც, მხოლოდ სახელით მომმართე მეთქი, მაგრამ ახლა ამის თავი არ მაქვს. - ღმერთო, შენ მიშველე, ღმერთო, დამიფარე! -ვბუტბუტებ მე და როგორც იქნა ოთახში შევდივარ, სადაც გოგოები და გელა მელოდებიან. - მშვიდობაა? შაკოს რა უნდოდა? - ინტერესით მეკითხება ვაჟი. მე კი პასუხს ვერ ვცემ, უბრალოდ ვეხვევი და ცრემლებს გასაქანს ვაძლევ. როდის-როდის, ვახერხებ ამოვღერღო, რომ წავიდა. - სად წავიდა? - თვალები უფართოვდება თაკოს - მიგატოვა? ტკივილით მეღიმება: - ნეტავ ასე იყოს, ცხინვალში წავიდა! ვხედავ როგორ ფითრდება გელა. - ეს როგორ, ასე როგორ? გაგიჟდა?.. ოხ, მე მაგის!... - წამიერად ავიწყდება ჩვენი იქ ყოფნა, ზუსტად ვერც ვიგებთ ვის აგინებს, გამწარებული მუშტს მაგიდას ურტყამს, ადგილიდან სწყდება და ოთახიდან თავქუდმოგლეჯილი გარბის. - ამას რაღა ეტაკა?. სულ გაგიჟდა ეს ბიჭი! - ოთახის კარებიდანვე გვეკითხება დირექტორი, რადგან მისთვის პასუხი არ გვაქვს, კარს მხრებისჩეჩვით კეტავს. - გიჟები შენსკენ მოიკითხე! - ღრენით ვპასუხობთ უკვე გასულს. ლელა მობილურზე ისტერიულად რეკავს, მაგრამ არ პასუხობენ. - შენ რაღა გჭირს? - ამდენი ემოციებით დაღლილი ვეკითხები მე. - ლევანი კომისარიატში დაიბარეს, რეზერვში მყოფებიც უნდა შეკრიბონ. გავგიჟდი უკვე, ვრეკავ და არც ერთი არ მპასუხობს, პატარა სადღაა?!... - რეზერვისტების პირველი ნაკადი უკვე წაიყვანეს გუშინ, ამბობენ შემდეგ ნაკადს საღამოს... - ლელას გაფითრებული სახის დანახვაზე, თაკომ სათქმელი აღარ დაასრულა, თავი ისე დახარა, თითქოს მისი ბრალი იყო ეს არეულობა. - რეზერვს მხოლოდ მაშინ გამოიყენებენ, თუ გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნება, ისიც მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად, მათ საბრძოლველად არ გაუშვებენ! - სახელდახელოდ ვაცხობ ტყუილს. - დარწმუნებული ხარ?! - იმედით მიმზერს ლელა. - შაკომ მითხრა! - ურცხვად ვცრუობ და სულაც არ მაწუხებს სინდისი. თაკო აშკარად ხვდება, მაგრამ ხმას არ იღებს, იქნებ - ლელაც?! მაგრამ ზოგჯერ სასიამოვნო ტყუილიც იოლად დასაჯერებელია, ვიდრე მწარე სიმართლე. - მოდი ის გადარეულიც მოვიკითხოთ... - ამჯერად გელასთან რეკავს თაკო -კომისარიატში გავარდნილა, მოხალისედ ჩასაწერად, სადაც ყველა, მეც - იქო! - გაოგნებული მიმზერდა ქალი. - სადაც ყველა... - მის სიტყვებს ტკივილით ვიმეორებ. ერთანეთისთვის თვალებში შეხედვის გვეშინია. არ გვინდა, გავამჟღავოთ, მაგრამ სამივენი ფიქრებით მხოლოდ გორის მოვლენებს ვუტრიალებთ. - არ იფიქრო, თორემ გავგიჟდები, არ უნდა იფიქრო! - ჯიუტად ვუმეორებ საკუთარ თავს და ვცდილობ, როგორმე სამუშაოზე გადავიტანო ყურადღება. მექანიკურად ვაგრძელებ მუშაობას, ისევ ვასკანირებ, ისევ მეილს ვგზავნი. ვიღაცას სკაიპში ვპასუხობ. - თურმე რამდენი ახლობელი მყოლია, რამდენი გულშემატკივარი! - ირონიულად მეღიმება. სკაიპი ისევ ყვითლად ციმციმებდა. ამჯერად giorgi-82 ითხოვდა მეგობრებში დამატებას. - ეს ვინღაა? - გაღიზიანებული დავყურებ ეკრანს, აშკარად არ მეცნობა, თუმცა ვიდრე უარყოფის ღილაკს ხელს დავაჭერ, თაკო უმზერს მოციმციმე სკაიპს. - ვინ იქნება?! ალბათ, შენმა დეიდაშვილმა ისევ ახალი ანგარიში გახსნა... - ხომ შემჭამა მაგ ბიჭმა! - რატომღაც აღარ ვკითხულობ საიდან იცის თაკომ ჩემი ვარშავაში მყოფი დეიდაშვილის მისამართების ცვლის შესახებ. მეგობრებში giorgi-82-ს ვიმატებ. - როგორ ხარ? - მაშინვე მომდის შეტყობინება. - ცუდად. - ზედმეტი ფამილარობის გარეშე ვწერ გიორგის. - სად ხარ? - სამსახურში. - არა მაგას არ ვკითხულობ, თბილისში?! - რა კითხვებია?! - ვღიზიანდები საკუთარ დეიდაშვილზე - სხვაგან სად ვიქნები? - რა ვიცი, აბა... - სულელურად გაკრეჭილ ღიმილს მიგზავნის ის. - შენთან რა ხდება? - არაფერი, ვზივარ და ... - მისი წერის მანერა არ მომწონს, უცებ ვხვდები, რომ giorgi-82 ჩემი გიორგი სულაც არაა. - უკაცრავად შემეშალეთ! - სწრაფად ვწერ და ის-ისაა მეგობრების სიიდან უცნობი ინდა ამოვშალო, მისი გზავნილი მაჩერებს: - გთხოვთ, არ წამშალოთ! - უცებ თქვენობით ფორმაზე გადავიდა ისიც - უბრალოდ ვიღაცასთან საუბარი მჭირდებოდა, ვინმე უცნობთან... - უცნობთან რატომ?! - ინტერესით ვეკითხები. - უცნობთან მარტივია, ეუბნები რაც გაწუხებს, რისიც გეშინია და არ ფიქრობ, რომ გაგკიცხავს, დაგცინებს. თუნდაც დაგცინოს, არ იცნობ, მისი აზრი მეორეხარისხოვანია... - ანუ მსმენელი გჭირდება? მაპატიე, ისედაც მძიმე დღე მაქვს, დღეს ფსიქოთერაპევტის ფუნქციას ვერ შევითავსებ! - იქნებ მე მომესმინა? - არა, გმადლობ... - ომის გეშინია? - მოულოდნელად მეკითხება უცნობი. - ომი მძულს! - ალალად ვპასუხობ. - ომმა ყველაზე ძვირფასი ადამიანები წამართვა, ოთხმოცდაათიანებში... თითქოს ისტორია მეორდება. ამჯერად მე... - მაგრამ ფრაზას აღარ ასრულებს. არც მე ვეძიები დაუსრულებელ სამ წერტილს. ფიქრებში მეც წარსულს ვუტრიალებ. მამა ბუნდოვნად მახსოვს, მისი ღიმილი, მისი სიცილი შემოინახა ბავშვის გონებამ და იცით რა მახსოვს? მისაღებში გაშლილი საახალწლო სუფრა, მეგობრებში მჯდომი მამა, ლაღი, თავისუფალი, ამაყი... მათი „მრავალჟამიერი“, „ჩემო კარგო ქვეყანავ“... ვიღაცისგან თქმული საქართველოს სადღეგრძელო, ფეხზე წამომდგარი ათი ახმახი. დედაჩემის ცრემლებით სავსე თვალები, აცახცახებული ხელები და მამაჩემის მოცემული საჩუქარი თოვლის პაპისგან, ჩემი გულსაბნევი. მაშინ ვერ ვხვდებოდი რატომ ტიროდა დედა, რატომ არ ემეტებოდა მამა გასაშვებად. თურმე რამხელა ტკივილს ატარებდა, თურმე რის ფასად უჯდებოდა იმ დღეს უსიტყვოდ ქმართან ჩახუტება. - ღიმილის ბიჭები! - ასე ეძახდა დედა. მათგან მხოლოდ ორი დაბრუნდა, ერთი - წამალში გაიპარა, მეორე კი დღემდე ბირჟაზე მდგომ ბიჭებს ერთი ჭიქა სასმლის ფულს სთხოვდა და იმ ერთი ჭიქითაც დამოუკიდებელი საქართველოს სადღეგრძელოს სვამდა. ათიდან მხოლოდ ორი და ამ ორში არ იყო მამაჩემი. ტკივილი ისევ ახლდება, ცრემლები ისევ იკვლევენ გზას. - ისტორია არ გამეორდება, ჩემი ისტორია ბედნიერი დასასრულით იქნება! - გაღიზიანებული სწრაფად ვკრეფ ტექსტეს. უცნობი ისევ რაღაცას მწერს, მაგრამ აღარ ვპასუხობ, თუმცა აღარც მეგობრების სიიდან ვშლი. საათს ვუმზერ, უკვე საღამოს ხუთი საათია. - ნეტა შაკო სადაა? - ფიქრებით ისევ მასთან ვტრიალებ. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი არ მიპასუხებს, მაინც მის ნომერს ვკრეფ. - მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან! - დაშტამპული ხმით მპასუხობს ავტომატი. - ოხ, როგორ მაღიზიანებს, ნეტა დამაჭერინა ამის ჩამწერი და მაგრად მაცემინა! - უმაყოფილოდ ვისვრი მაგიტაზე მობილურს. - რა ქენი?! - ინსტიქტურად ფეხზე ვხტები გელას ოთახში შემოსვლისას. - ვერაფერი. არ წამიყვანეს! მოხალისეების აუცილებლობა არ არისო, თუ დაგვჭირდები ჩვენით დაგიძახებთო! - - აშკარად უკმაყოფილო, დაღლილი ხმით მეუბნება ის. - მოხალისეები თუ არ მიჰყავთ, არც ისე ცუდად ყოფილა საქმე? - მიამიტურად კითხულობს თაკო, როგორ მინდა დაეთანხმოს, როგორ მინდა რაღაც საიმედო თქვას გელამ, მაგრამ თვალს გვარიდებს, თავი ხელებში ჩაურგავს და დუმს. ტელეფონი ბზუილით მამცნობს მესიჯის მოსვლას, მიუხედავად იმისა, რომ ნომერი არ გვეცნობა, მაინც ვხვდებით, შაკოა. ოთხი თავი ტელეფონის ეკრანს ინტერესით ჩავცქერით: - გორი შეფერხების გარეშე გავიარე, ქარელიც, ცხინვალში ამაღამ შევალ! კომენტარების გაკეთებისგან თავს ვიკავებთ, თითქოს ერთმანეთის თვალებში ჩახედვისაც კი გვეშინია. ხელების ცახცახს ძლივს ვიმორჩილებ. ვცდილობ ემოციებს არ ავყვე, სამუშაოს ვასრულებ და სახლში წასასვლელად ვემზადები. მესამე თავი ლელა ისევ ვერ დაუკავშირდა შვილებს, საბოლოოდ ნერვებმა უმტყუნა და სახლში წავიდა, გელა და თაკოც აღარ გაჩერდნენ. მეც როგორც უკვე გითხარით, სახლში წასასვლელად ვემზადებოდი, არადა შინ წასვლის მეშინოდა, დედაჩემის დაძაბულ მზერას ვერ გავუძლებდი, მის დაუსმელ კითხვებს პასუხს ვერ გავცემდი. თუმცა ვხვდებოდი, რომ აქ ყოფნაც უაზრობა იყო. კომპიუტერის გამორთვამდე კიდევ ერთხელ შევამოწმე ელექტრონული ფოსტა, ყვითლად მოციმციმე სკაიპში giorgi-82-ის მოწერილი უკანასკნელი ფრაზაც წავიკითხე და ადგილზე გავშრი. - არ მეგონა ინტერნეტი თუ დაიჭერდა. გორის სამხედრო ბაზაზე ვართ, მტრის ვერტმფრენები თავზე გვივლიან, ქვემოდან შევცქერი და ვფიქრობ, რომ ეს უკანასკნელია, აი ახლა კი ნამდვილად... თითოეულ გადაფრენაზე ბიჭები ეზოში მდგომ სატვირთოებისკენ გარბიან, ავტომობილების ძარებს ეფარებიან, თითქოს საფრთხისგან დაიცავს. სასაცილოა, სატირალი თუ არა... მგონი ვგიჟდები, გგონია მეშინია?! არა, უბრალოდ, გული მწყდება. სამხედრო ბაზიდან გასვლის უფლებას არ გვაძლევენ, ბრძანებას ელოდებიან. თავი სამიზნედ განკუთვნილი კურდღელი მგონია, აქ ყოფნას ისევ გარეთ მტერთან ბრძოლა მირჩევნია! არაფერს მწერ? მაპატიე, თუ შეგაწუხე. ალბათ, საკუთარი პრობლემები თავზესაყრელად გაქვს.. - ტანში გამაჟრჟოლა, როცა მოწერის დროს დავხედე: 15.30 სთ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასე მეგონა იმ უცნობის ნაცვლად შაკო მწერდა, ისე მეტკინა, თითქოს ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იყო. იქნებ მასაც უჭირდა, იქნებ მასაც დახმარება სჭირდებოდა? წასვლის ნაცვლად ისევ კლავიატურას მივუჯექი და მიუხედავად იმისა, რომ giorgi-82 სკაიპში აღარ ანათებდა, პასუხი მაინც მივწერე: - შენი გზავნილი ახლაღა ვნახე.. არ ვიცი რა გითხრა. მეტკინა, იმაზე მეტადაც კი ვიდრე მინდოდა. - ფიქრებში ისევ შაკოს ვუტრიალებდი - მშვიდობით დაბრუნება მინდა გისურვო შენც და ყველა იმ ადამიანს ვინც ახლა მანდ იბრძვით, სადღეგრძელოს მსგავსად გამომივიდა?!.. ალბათ, მაგრამ გულწრფელი ვარ. - ტკივილით გამეღიმა - რამით თუ შემიძლია დახმარება, თუნდაც მცირედით... არ მაწუხებ, მართლა არ მაწუხებ... - ვხვდებოდი, რომ არეულად ვწერდი, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი. მიუხედავად იმისა, რომ პასუხის მიღების იმედი არ მქონდა მაინც გავგზავნე. 19.00 საათზე კომპიუტერი გამოვრთე და წავედი. - ნეტა შაკო სადაა, იქნებ ისიც? - რამოდენიმე წუთით ვუმზერდი მობილურის ეკრანს, თითქოს ის შეძლებდა დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას, შემდეგ უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი, აბეზარი ფიქრების მოსაშორებლად, ავტომობილში ჩავჯექი და ავტოსადგომიდან ფრთხილად გამოვედი. ცალი ხელით საჭეს ვატრიალებდი, ცალით კი ისევ შაკოსთან ვცდილობდი დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ, ტელეფონი ავტომატურად გამეორების რეჟიმზე მქონდა დაყენებული, რეკავდა და რეკავდა, ოპერატორიც ჯიუტად იმეორებდა: - მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან!.. - ჯანდაბა, ჯანდაბა!... - გაღიზიანებული საჭეს ვურტყამდი ხელს, ავტომობილი გავაჩერე და ცრემლებს მივეცი გასაქანი. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი გაჩერებული, მესმოდა უკნიდან როგორ ასიგნალებდნენ ავტომობილები, მოუთმენელი მძღოლები გვერდის ავლისას მაგინებდნენ, ვიღაც უსიტყვოდ, გაოცებული მიმზერდა შუა გზაზე გაჩხერილსა და ატირებულს. არავინ მეკითხებოდა რა მჭირდა, რა მატირებდა. მე კი ამდენი ემოციისგან ვღმუოდი, თითქოს მთელი დღის ნაგროვები ტკივილისგან ვიცლებოდი. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ცრემლებმა თითქოს მიშველა, ნელ-ნელა დავმშვიდდი. არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, ქალაქი თითქოს დაცლილიყო, უჩვეულოდ თავისუფლად გავიარე შინ მიმავალი გზა და შებინდებისას დანიშნულების ადგილამდე მივედი. დედაჩემის შეშფოთებული თვალებით მივხვდი, რომ ჩემზე ნაკლებად არც ის ღელავდა. ყველა სიკეთესთან ერთად ახალი სიურპრიზიც მელოდა. მისაღებში შეკრებილი ქარელის რაიონში მცხოვრები ნათესავების დანახვაზე ფეხები მომეკვეთა. რამოდენიმე წამი დამჭირდა მხნეობის მოსაკრეფად, საკუთარი ემოციები მოვთოკე და გაჭირვებით გავუღიმე, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი დედების მკერდზე მიხუტებული პატარების დანახვაზე. ჩემი ბინა ერთ დიდ სასტუმროს დამსგავსებოდა. ყველგან სახელდახელოდ შეკრული ფუთები და ჩანთები ელაგა. ბარგსაც კი ეტყობოდა სიჩქარის კვალი. მიუხედავად იმისა, რომ ხშირი შეხება არ მქონდა, მაინც მახსოვს სოფელ დირბში ყოველ წელს, აღდგომიდან მეორე კვირას, პაპაჩემთან ერთად მის დედმამიშვილებთან როგორ მივდიოდით სტუმრად. დიდად ვერ ვხვდებოდი, რას აღნიშნავდნენ ასეთი პომპეზურობით, მაგრამ წლიდან წლამდე, მოუთმენლად ველოდი გაზაფხულის დადგომას. თითოეულ მხარეს აქვს მისთვის დამახასიათებელი ნიშანი, თვისებები რაც სხვა კუთხეებისგან გამოარჩევს. დირბი ქართლის ერთი ჩვეულებრივი სოფელი გახლდათ. ალბათ, არც არაფრით გამორჩეული, ერთმანეთის გვერდი-გვერდ ჩამწკრივებული სახლებითა და ვაშლის ბაღებით. ძნელია ასეთ დასახლებას სოფელი უწოდო, ყოველ შემთხვევაში მე სოფლად აღქმა მიჭირდა. ხალხი? ხმაურიანი, მხიარული, როხროხა, ზოგჯერ ზედმეტად ხისტიც კი. არ ვიცი იქნებ მე მიყვარდნენ განსაკუთრებით, იქნებ მხოლოდ მე ვხედავდი მათ ასეთ ფერებში?!. მიუხედავად იმისა, რომ მათთან შეხება არ მქონდა, თუ არ ჩავთვლიდით წელიწადში ამ ერთ დღეს (პაპაჩემის გარდაცვალების შემდეგ კი ამ დღესაც აღარ ჩავდიოდი), მთელი გულით მიყვარდა ადგილობრივ დიალექტზე ნათქვამი „დედაი“. მათგან ვიღებდი ულევ სიყვარულს, ზღვა სითბოს და ენერგიას, რომელიც ალბათ, ნაწილობრივ მამაჩემისთვის იყო განკუთვნილი. მისი მონატრებით, მისი სიყვარულით ორმაგად მეფერებოდნენ და მანებივრებდნენ. იცით რა მახსოვს? ტკბილი ნაზუქები, აი ისეთი სურამისკენ მიმავალს გზაზე რომ გხვდება გამოფენილი, ოღონდ ამ ნაზუქებს რატომღაც სულ სხვა გემო ჰქონდათ. ნუ მკითხავთ, როგორი, არ ვიცი, ვერ ავხსნი. ნებისმიერ ნამცხვარს მერჩივნა. თავიდან ნაზუქში ჩაყოლებულ ქიშმიშებს ვჭამდი, შემდეგ - ნაზუქის კრაწუნა კანს. იმდენი ხალხი იკრიბებოდა, რომ ღამით დასაძინებლად ლოგინები არ გვყოფნიდა და იატაკზეც კი შლიდნენ მატყლის ლეიბებს, ბავშვები ერთმანეთს ფეხთით ვუწვებოდით, ერთმანეთს ვუღიტინებდით, ვიცინოდით და ვინ იცის ემოციებით დაღლილები როდის-როდის ვიძინებდით. ახლა? ვუმზერდი თითქმის ჩემს თანატოლებს, მათი მხიარულებიდან აღარაფერი დარჩენილიყო. ანცი ბავშვებიდან მზრუნველ დედებად ქცეულნი საკუთარი შვილების დასაცავად გამოქცეულნი. დავიწყებოდათ მეუღლეები, დავიწყებოდათ მამები, მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდათ, საკუთარი შვილები გადაერჩინათ, მოხუცი პაპიდა თითქოს ემოციებს მიმიხვდა, თვალი ამარიდა. - ბიჭები?! - ხმაჩამწყდარმა მოვიკითხე მამაკაცები. - დარჩნენ, სოფელი არ დატოვეს, ვერ დატოვეს... - ცრემლებით სავსე თვალებით მიპასუხა ლიკამ (ერთ-ერთმა ნათესავმა) - მთელი ღამე მოვდიოდით, მინდორ-მინდორ მოვიკვლევდით გზას... - სად ცხინვალი და სად დირბი... - გაღიზიანებას ვეღარ დავმალე. - არც ისე შორსაა შენ რომ გგონია, ერთი გზა გვყოფს... - მწარედ გაეღიმა ლიკას - დავკარგეთ მარიამ, ყველაფერი დავკარგეთ, გორიც - კი. მოვდიოდით და ფეხდაფეხ მოგვყვებოდნენ. ბიჭებმა ცოცხალი ფარი გააკეთეს, შუაში ჩაგვიყენეს ბავშვები და ქალები... - სიტყვა მობილურმა შეაწყვეტინა, მეუღლე ურეკდა, ვხედავდი ბედნიერებისგან როგორ უბრწყინავდა თვალები. - კარგად ვართ, ჩვენ რა გვიჭირს... თავს მოუფრთხილდი... მიყვარხარ! - ჩუმად ეჩურჩულებოდა და საკუთარ სიტყვებზე თვითონვე წითლდებოდა. - ღმერთი არ გაგვწირავს, ასე არ გაგვიმეტებს!.. - იქვე მჯდომი პაპიდა ვინ იცის მერამდენედ იმეორებდა და კალთაში ჩაძინებულ შვილიშვილს კოცნიდა შუბლზე. ტელევიზორის ეკრანზე სპეციალური ჩართვა გადიოდა, წამყვანი ვინ იცის მერამდენედ აღნიშნავდა: - შეშფოთებულია ევროპა, აღშფოთებულია ამერიკის შეერთებული შტატები!... - ამათი აღშფოთება გვიშველის ჩვენ?! - თითქმის კიოდა მოთმინება დაკარგული პაპიდა. ჩემი ტელეფონი მესიჯის მოსვლას მამცნობდა. გულისფანცქალით ვკითხულობდი გზავნილს: - ბიჭებთან ერთად ჯავაში ვართ! - ცოცხალია... - გული იმედით ამევსო, რადგან ბიჭებამდე მივიდა, მგონია საფრთხე აღარ ემუქრება. ვიცი, სისულელეა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს მცირედიც მეყო. ხელები მიკანკალებდა, ასე მეგონა მას ვეხებოდი, ცრემლებით თვალები დამენამა, ასოები აჭრელდა, გაიდღაბნა, მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვიყავი. ვიღაცისთვის მინდოდა ჩემი სიხარულის გაზიარება, დედას ვერ ვეტყოდი, მან ხომ ისიც არ იცოდა, შაკო რომ წავიდა. გელას ნომერი ავკრიფე და მასთან დავრეკე. აივანზე გავედი საუბარი რომ არ გაეგონათ, სიხარულით გავაგებინე მესიჯის შესახებ. - ჯავაში?! - ვაჟის ხმაში გამკრთალი ტკივილი იმდენად გადამდები იყო, რომ მეც ავცახცახდი. - გელა, რა ხდება? - ხმის კანკალით ვკითხე. - რეზერვისტები მოაბრუნეს, ლელას ეხლახანს ვესაუბრე, ლევანიც დაბრუნდა... - მაგრამ რატომღაც სიხარულს ვერ შევატყე ხმაში. - ხომ მშვიდობაა? ხომ კარგადაა? - პანიკა შემერია. - კარგადაა, მარიამ, ლევანს რა უჭირს... ჩვენები უკან იხევენ, მშვიდობიანი სოფლები იბომბება, როგორც თქვეს გორის სამხედრო ბაზა რამდენიმეჯერ დაბომბეს! - გორის ბაზა? – უცნობი giorgi-82-ის გზავნილი გამახსენდა და მეტკინა - ჩვენები გამოდიან? კი, მაგრამ შაკო? დახმარება რომ დასჭირდეთ?... - ტელეფონის მეორე მხარეს დაძაბული დუმილი იმას მიმანიშნებდა, რომ პასუხი არც მას ჰქონდა - გელა, თუ რამე გაიგო... - წინადადებას ვეღარ დავასრულე. - გაგაგებინებ, მარიამ... - მძიმედ მიპასუხა მან. ოთახში დაბრუნებული ისევ საინფორმაციო გადაცემის წამყვანის სახეს ვუმზერდი, ბედნიერი გვამცნობდა: - საფრანგეთის პრეზიდენტი ჩვენს მხარდასაჭერად საქართველოში მოდის!... თავისუფლების მოედანზე ისეთი სამზადისი იყო, თითქოს ომი მოვიგეთ. თითქოს გავიმარჯვეთ, იქნებ მოვიგეთ? იქნებ? მაშ მე რატომ ვერ ვიგრძენი? რატომ ვერ გავიგე? გულისრევას ვეღარ შევიკავე და აბაზანაში გავიქეცი, როგორც იქნა გამოვედი. კარებში გამომცდელი სახით იდგა დედაჩემი. - ასე მხოლოდ დღევანდელი მოვლენების გამო ხარ? თანხმობის ნიშნად თავს დავუქნიე. - არაფერს მეტყვი? - თითქოს გამჭვირვალე ვიყავი, თითქოს ჩემს აზრებს კითხულობდა, უთქმელად მიმიხვდა. თვალებში შიში ჩაუდგა - შაკო?! აი, ჩემი ნაკოწიწები მხნეობაც გაქრა. უბრალოდ მოვეხვიე დედას, მის მკერდს ამოფარებულს მინდოდა დამეჯერებინა, რომ ეს კოშმარი მხოლოდ სიზმარი იყო, გავიღვიძებდი და დასრულდებოდა, უკვალოდ გაქრებოდა... ისევე როგორც ბავშვობაში, ამჯერადაც ლეიბები იატაკზე გავშლეთ, პატარები დავაწვინეთ, ჩვენ კი... არ გვეძინებოდა, თითქმის გათენებამდე და ვსაუბრობდით, თითქოს ასე ტკივილიც ყუჩდებოდა, წარა-მარა მობილურების ეკრანს მივჩერებოდით, ველოდით, ველოდით და გვეშინოდა. კანკალით პასუხობდნენ შემოსულ ზარებს, შვებით სუნთქავდნენ საყვარელი ხმების გაგონებაზე, ერთმანეთის სიხარული გვიხაროდა. ყველასთან დარეკეს, მხოლოდ ერთი ტელეფონი დუმდა. ჩემი ტელეფონი დაზეპირებულ ფრაზას იმეორებდა: - მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან!.. მეოთხე თავი ყველაფერი სულ რაღაც ხუთ დღეში დასრულდა. ვინმეს რომ ეთქვა არ დავიჯერებდი. ხუთიოდე დღე საკმარისი აღმოჩნდა, ჩემი ცხოვრების ძირ-ფესვიანად შესაცვლელად... თბილისიდან გახიზნულნი, თუ საომრად წასულნი დაბრუნდნენ. დევნილები დროებით სკოლებსა და სასტუმროებში გადაანაწილეს. საქართველოს მთავრობამ გორის მიმდებარედ სწრაფი ტემპებით, გაორმაგებული ძალებით დაიწყო ბანაკების მშენებლობა, სადაც დევნილების შესახლება იგეგმებოდა. ჩემი დირბელები მეორე დღესვე დაბრუნდნენ საკუთარ მხარეში. იყო სიხარულის ცრემლი, თუმცა ასევე იყო სევდა და მოუშუშებელი იარები. იმ სამ დღეში ბევრმა ჩაიცვა ძაძი, ბევრმა მიატოვა საკუთარი ფესვები და ოცდამეერთე საუკუნეში მისივე სამშობლოში ესოდენ საძულველი დევნილის სტატუსიც შეიძინა. მე? მე არ ვიყავი არც დევნილი, არც დაზარებლი, არც ქვრივი, არც შვილმკვდარი დედა, მაგრამ ხუთ დღიანი ეპოპეა, რომელიც აგვისტოს ომის სახელით დარჩა საქართველოს ისტორიაში, ჩემთვის ერთ დიდ მოუშუშებელ იარად იქცა. შაკო არ დაბრუნდა, არც ერთი მისი ჯგუფიდან, თუმცა ვერც მათი ცხედრები ნახეს. ყველაზე რთული ლოდინი ყოფილა, მუდმივი მოლოდინი. შაკოს მშობლებთან მივდიოდი, გგონიათ ვახერხებდი ერთად-ერთი ვაჟის დამკარგავი ოჯახის ნუგეშისცემას? პირიქით, მათთან ვეძებდი შვებას, მათთან ვეძებდი იმედს. ყოველ მისვლაზე ვხედავდი დღითი - დღე, როგორ ბერდებოდა თინა დეიდა, ერთბაშად გაჭაღარავდა, ერთბაშად განადგურდა. შიში, რომელსაც მის თვალებში ვხედავდი, ნელ-ნელა დარდმა შეცვალა, თითქოს შეეგუა, თითქოს დაიჯერა. მინდოდა წინააღმდეგობა გამეწია, ხმამაღლა მეყვირა, რომ ნაადრევად გამოიტირა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. დამუნჯებული, გახევებული, უცრემლოდ მივჩერებოდი, სათქმელიც არაფერი დამრჩენოდა. ჩაგუბებული ემოციები შიგნიდან მჭამდნენ და ნელ-ნელა ვიფიტებოდი. ყველაზე მშვიდად თავს შაკოს ოთახში ვგრძნობდი. მის კუთვნილ ნივთებს ჯერ კიდევ შერჩენოდათ ვაჟის სურნელი. მონატრებული, ვეხებოდი უსულო საგნებს და თავს ვიჯერებდი, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა, ასე უბრალოდ ვერ დამტოვებდა. არ ვამბობდი, არ მინდოდა ფუჭი იმედი მიმეცა, მორიგი ტკივილის მიზეზი გავმხდარიყავი, მაგრამ დავდიოდი კარდაკარ, სხვადასხვა სამინისტროებში, ვეძებდი, დავდიოდი ამოცნობებზე საავადმყოფოებში, ფეხები მეკვეთებოდა თითოეულ უცნობ ზარზე, მორგში შესვლისას ვლოცულობდი, იქ არ დამხვედროდა. ვხვდებოდი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს. ვითხოვდი, ვემუდარებოდი როგორმე საყვარელი ადამიანის პოვნაში დამხმარებოდნენ, მათთან ერთად ვხვდებოდი დევნილებს, თითოეულს ვეკითხებოდი, სადმე ხომ არ შეხვედროდნენ მსგავსი აღწერილობის მამაკაცს, მაგრამ უშედეგოდ. თითქმის ორ თვეზე მეტი გავიდა, მე კი ხელში არაფერი მეჭირა. უკვე აღარ ვიცოდი, გამხარებოდა თუ არა შაკოს რომ ვერ ვპოულობდი. თითქოს უბრალოდ გაქრა, არ იყო არც გასაცვლელ ტყვეებში, არც დაკარგულთა სიებში, არც გარდაცვლილთა შორის. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო მის ცხინვალში ყოფნასაც კი ვერ ვამტკიცებდი. ტელეფონის ნომერი, რომლიდანაც მესიჯებს მწერდა, ვინმე ზაზა კიკნაძეზე იყო რეგისტრირებული. ოდესმე გიგძვნიათ, რომ ზედმეტი ხართ? მომაბეზრებელი? ეს შეგრძნელა ნელ-ნელა შემომეპარა. თავიდან თუ ღიმილით მხვდებოდნენ, მოთმინებით მისმენდნენ, დახმარებას მპირდებოდნენ, შემდეგ მემალებოდნენ. ჩემთან შეხვედრაზეც კი უარს ამბობდნენ. თავიდან მართლა მეგონა, რომ მოუცლელობის გამო ვეღარ მიღებდნენ, მაგრამ როცა ერთ დღეს სათადარიგო კარებიდან გაპარული შაკოს ყოფილი კოლეგა შევნიშნე, ადგილზე გავხევდი. მისი მდივანი ირონიულად მიმტკიცებდა, რომ ბატონი დავითი მივლინებაში ბრძანდებოდა და ჩემს მიღებას ვერ შეძლებდა. დაბნეული, შეურაცყოფილი ვაფახუნებდი თვალებს, ეს იმდენად უცნაური გრძნობა იყო, ცხოვრებაში პირველად მომინდა გავმქრალიყავი, დავპატარავებულიყავი და... რამე განსაკუთრებულს ვითხოვდი? ბევრს ვითხოვდი? მე არც მათი ნუგეში მჭირდებოდა, არც მათი დამშვიდება, უბრალოდ გაურკვევლობაში ყოფნას ყველაზე ცუდი სიმართლეც კი მერჩივნა, უნდა გამეგო, როგორმე უნდა გამეგო... ცოცხალ-მკვდარი წამოვედი სამსახურში, დანა პირს არ მიხსნიდა. საკუთარი თავი დავიჭირე, რომ შაკოზე წარსულში ვფიქრობდი და შემეშინდა, რომ მეც დანარჩენების მსგავსად შევეგუებოდი და ერთ დღეს დავივიწყებდი კიდევაც. ერთად - ერთი რაც იმ წუთში მინდოდა ტირილი იყო, მაგრამ ამასაც ვერ ვახერხებდი. ცრემლები აღარ მომდიოდა, მხოლოდ მაშინ გავიაზრე, რომ მისი დაკარგვის დღიდან ცრემლი არ გადმომვარდნოდა, თითქოს თავი დავიჯერე, რომ დარდისა და ტირილის უფლება არ მქონდა, უბრალოდ არ მქონდა.. უხალისოდ შევედი ოფისის ეზოში, დაღვრემილი სახით მივესალმე თბილად მომღიმარ დაცვის თანამშრომელს, თითქოს მისი ბრალი იყო ჩემი პრობლემები. დამავიწყდა მეთქვა, გელა ჩვენთან აღარ იჯდა, გადასვლის მიზეზი არ უთქვამს, მაგრამ ისედაც მივხვდი, აგვისტოს ომის შემდეგ ერთმანეთისთვის თვალის გასწორება გვიჭირდა. მდივანს ჩვენთან ამოსატანად გამზადებული დოკუმენტები გამოვართვი და ჩვენი ოთახისკენ გავემართე. ის-ის იყო უნდა შევსულიყავი, რომ თაკოს საკმაოდ გაღიზიანებული, გაკაპასებული ხმაც გავიგონე: - გადაგვიყოლა, გესმის?! ზედმეტი მოსდის, ისე იქცევა თითქოს მხოლოდ თვითონ აქვს პრობლემები, თითქმის დასრულდა სამუშაო დღე, ჯერ არ მოსულა... - ძნელი მისახვედრი არ იყო, ჩემზე საუბრობდა. - შეეგუება, ადრე თუ გვიან შეეგუება!... - მის დამშვიდებას ცდილობდა ლელა. - დავიღალე, ჩემი საქმეც მყოფნის, მისთვის ხელის დაფარებას არ ვაპირებ. ორი თვე გავიდა, რით ვერ მოინელა? რითი ვერ შეიგნო. ცოცხალი რომ იყოს ის ბიჭი აქამდე გამოჩნდებოდა, ეგ თვითონაც კარგად იცის, მაგრამ... - საკმარისია! - ოთახში შევედი მე, აშკარად არ მელოდა, დავინახე როგორ შეხტა მოულოდნელობისგან - არც კი გაბედო, შაკოს ხსენება!... - ხმაში იმხელა ზიზღი და ღვარძლი ჩავდევი, რომ ტანში მეც კი დამიარა, იმ წუთში ალბათ, დანა რომ დაგერტყათ, სისხლი არ გამომივიდოდა. - მე... - სიტყვის გაგრძელება ვეღარ მოახერხა თაკომ, არ ვიცი როგორ გამოვიყურებოდი, მაგრამ მისი გაფითრებული სახითა და დაჭყეტილი თვალებით თუ ვიმსჯელებდი, ალბათ შეურაცხადივით. - არასოდეს, გესმის?! ჩემი ცხოვრების განხილვის ნაცვლად, საკუთარს მიხედო ის გირჩევნია, ეს კორესპონდენცია ცნობისათვის შენ გეკუთვნის! - ზიზღით მივუყარე სამდივნოდან წამოღებული წერილები. გაოცებულმა გადახედა უფროსს, თითქოს მისგან ელოდა შველას, მაგრამ ქალს ჩარევა არც კი უფიქრია. უსიტყვოდ მომჩერებოდა ლელა თვალებში, თითქოს მიხვდა რასაც განვიცდიდი, ვიცი იგრძნო, თვალები ცრემლებით აევსო, მზერა სწრაფად ამარიდა და ყურადღების გადასატანად დოკუმენტებით სავსე ბაინდერს დასწვდა. ტკივილით გამეღიმა, ალბათ მისი ცრემლები უნდა გამხარებოდა, მაგრამ ისევ გავბრაზდი, ამჯერად საკუთარ თავზე გავღიზიანდი, არ მინდოდა, მის მზერაში ამოკითხული სიბრალულიც აღარ მინდოდა. ისევ მომინდა ტირილი, ისევ მომინდა ხმამაღლა ყვირილი, მაგრამ ვერ შევძელი. ისევ მე ვიგრძენი თავი დამნაშავედ. მძიმედ გადავყლაპე ყელში მოწოლილი ბოღმა და საკუთარ მაგიდას მივუჯექი, თავი ხელებში მქონდა ჩარგული, ვერც ერთს ვერ ვუყურებდი. - ახალი ხომ არ?!... - როგორც იქნა დუმილი დაარღვია ლელამ. - არა... - ვცდილობდი ნერვები მომეთოკა, მაგრამ ხმამ მაინც გამყიდა - მაპატიეთ, ვიცი, დაგღალეთ, უბრალოდ. არც კი იცი, როგორ მტკივა! - თავი მძულდა ამ სიტყვებს რომ ვამბობდი, მაგრამ მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. თუ არ ვიტყოდი, მოვკვდებოდი, უბრალოდ გავსკდებოდი, ნაწილ-ნაწილ დავიშლებოდი - ალბათ, მართალები ხართ, უნდა შევეგუო, მაგრამ... - ტკივილით შევხედე გაფითრებულ თაკოს - არც კი იცი ეს რა გრძნობაა, მისი საფლავიც არ მაქვს. მორწმუნე არ ვარ, მაგრამ ეკლესიაში მაინც შევდივარ. ვერ ვხვდები როგორ მოვიქცე, ვერც პანაშვიდს ვუხდი, ვერც პარაკლისს. ავირიე, მამაომ წმინდა იოანე მხედრის ხატი მაჩვენა... - იოანე მხედრის?! - ხმა გაებზარა თაკოს. - მას ევედრებიან დაკარგულის პოვნას! - ძლივს გასაგონას ამოვისლუკუნე. - დაკარგულის?! მარიამ მომისმინე, ძალიან გთხოვ, სწორად გამიგე... ადამიანის სახე აღარ გაქვს, იდეაფიქსად გექცა, შაკოს გარდა აღარავინ გახსოვს, დედაშენიც კი დაივიწყე... - აშკარად სიტყვებს არჩევდა ლელა. - იქნებ სასტიკად მოგეჩვენო, მაგრამ უნდა შეეგუო... - როგორც იქნა გაბედა ხმის ამოღება თაკომ. - თავს იჭამ, გართობაზე უარს ამბობ, არსად აღარ მოდიხარ, თავს იკლავ!.. - ხვალიდან ფორმაში ჩავდგები, აკადემიურად გამოვეწყობი, დავიბრუნებ ადამიანის სახეს... - ირონიულად ვუპასუხე ლელას. აღარაფერი უთქვამს, მაგრამ მისი საყვედურნარევი მზერის დანახვაზე თავი დავხარე და უსიტყვოდ გადავყლაპე ცრემლები. ჩემი მაინც არც ერთს არ ესმოდა. მაგიდაზე დალაგებული დოკუმენტები დავახარისხე, ელექტრონული წერილები შევამოწმე და სკაიპიც ჩავრთე. გულდაწყვეტილმა შევხედე მეგობრების სიაში ამომხტარ giorgi -82-ს და გაოცებისგან კინაღამ ვიკივლე, აგვისტოს ომის შემდეგ პირველად ანათებდა მწვანედ. საკუთარი რეაქციის მეც კი გამიკვირდა, განა ნორმალური იყო სრულიად უცნობი ადამიანის დანახვას ასეთი ემოცია მოჰყოლოდა?! არ ვიცი რა მჭირდა, მისმა მოციმციმე ნათებამ თითქოს ახალი იმედი გამიჩინა. ის თუ აენთო, იქნებ ერთ დღეს... ალბათ ილუზია ოყო, მაგრამ ისეთი ტკბილი, ისეთი სასურველი, რომ...მივხვდი, ისევ შეუძლებელზე ვოცნებობდი და კიდევ ერთხელ ჩამწყდა შიგნიდან. - გამარჯობა მეგობარო! - გაკრეჭილი, ბედნიერი ღიმილი ხელს მიქნევდა. - გამარჯობა.. - ხელის ცახცახით მივწერე პასუხი. - როგორ ხარ? - ალბათ, კარგად... - არ მინდოდა უცნობთან საუბარი წუწუნით დამეწყო, თან უნდა ვაღიარო კიდევაც, იმ წუთას თავს მართლაც ბედნიერად ვგრძნობდი - შენ როგორ ხარ? თუ სწორად მახსოვს ბოლოს გორის სამხედრო ბაზაზე იყავი. - ვიყავი, ახლაც გორში ვარ! - ისევ გაკრეჭილი ღიმილი გამოგზავნა მან. - ვერ მივხვდი?!...- ცოტა არ იყოს გამაღიზიანა ყველა სიტყვას შემდეგ დაჯღანულ ღიმილს რომ აყოლებდა. - გორის ჰოსპიტალში ვარ... - დაჭრილი ხარ?! - ვიგრძენი როგორ გამაკანკალა. - დიდი ამბავია, გამოკვლევებს გვიტარებენ და იმედია დღეს გამოგვიშვებენ... - მრავლობითში რატომ? რამდენი ხართ? - მე და... - ზუსტი პასუხი არ მომწერა მან. - და?!... - მისი პაუზით მივხვდი პასუხს არ გამცემდა, ამიტომ კითხვა შევცვალე - ორი თვე სად იყავი? - ცხინვალში... მოულოდნელობისგან ნერწყვი ვერ გადავყლაპე და ხველება დამაწყებინა: - იქ როგორ მოხვდი? - ჯავასთან ვიბრძოდით და ტყვედ ჩავვარდით... ძარღვებში სისხლი გამეყინა ნაცნობი ადგილის სახელის წაკითხვაზე. ინსტიქტურად მობილურს დავწვდი და შაკოს მოწერილი ბოლო მესიჯი შევამოწმე. - ჯავასთან? - მღელვარებისგან ხელებს ვეღარ ვიმორჩილებდი. ჩემი რეაქცია არ გამოჰპარვიათ გოგოებს, ინტერესით დამადგნენ თავზე, ხმას არც ერთი არ იღებდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ისინიც დაძაბულები კითხულობდნენ giorgi-82-ის მონაწერს. - ჩემთან ერთად ქართველი ბიჭები იყვნენ, სპეცნაზელები, ტყვეობიდან გამოსვლაში ისინი დამეხმარნენ. ისინი რომ არა იქ ჩავლპებოდი... - იყვნენ? რა დაემართათ? - დავიფიცებ საკუთარი გულისცემა მეც კი მესმოდა, ცოტაც და ალბათ ისტერიკა დამეწყებოდა. - ერთ-ერთი დაჭრეს. საოპერაციოში ჰყავთ... - დაჭრეს?! - ყრუ კვნესა აღმომხდა მე. - გახსოვს ადრე დამპირდი, თუ დახმარება შემიძლიაო, ჩემს მეგობარს IV ჯგუფის სისხლი აქვს, სისხლის ბანკს დაუკავშირდნენ, მაგრამ დონორს ვერ პოულობენ. იქნებ შენც გაავრცელო, იქნებ ვინმემ დახმარება შეძლოს?!... - სახელი რა ჰქვია?... - თითქოს განგებ giorgi-82 აღარ ანათებდა - გიორგი, გესმის? სახელი რა ჰქვია? - მაგრამ პასუხი აღარ მომდიოდა. გიორგი აღარ მწერდა. სამი წყვილი თვალი გაშტერებული მივჩერებოდით მოციმციმე სკაიპს. ვერ ვიჯერებდი. - ახლა რა ვქნა? - სასოწარკვეთილმა ავხედე ლელას. - რა? ამას კითხვა უნდა? დონორი უნდა ვიპოვოთ! - ლელას დაასწრო პასუხი თაკომ. -IV ჯგუფი? - დენდარტყმულივით წამოვვარდი ადგილიდან. გელასთან გავვარდი. ლიფტს აღარ დავლოდებივარ კიბეები ფეხით ავირბინე. ვეღარ ვსუნთქავდი. - შაკოს რომელი სისხლის ჯგუფი ჰქონდა? - გაგიჟდი გოგო? ამის საკითხავად თუ მორბოდი ვერ დარეკე? - გაოცებული მიმზერდა გელა. - რომელი ჯგუფი? - ძლივს ამოვღერღე მე. - IV გადარეულო, მე-ო-თხე! - დამიმარცვლა მან. - შეუძლებელია!... - გამაცახცახა მე, საკუთარი ეჭვი ხმამაღლა ვერ გავაჟღერე, თითქოს ჩემი ფიქრებისვე შემეშინდა - ბიჭია დაჭრილი, მებრძოლი, მაგ ჯგუფის სისხლი ჭირდება, გემუდარები, სისხლი გვჭირდება... - მივაძახე და ისევ უკან გავიქეცი. თაკო სისხლის ბანკში რეკავდა, ლელა ლევანს ურეკავდა, იქნებ მის მეგობრებშიც იყოს ვინმე ამ ჯგუფის სისხლის მატერებელიო. მე? მე ისევ კომპიუტერთან ვიჯექი, განცხადებებს ვდებდი სოციალურ ქსელში, დონორს ვეძებდი. - ვიპოვე! - ოთახში შემოვარდა გელა. - მართლა?! - ვაჟა ბიძია! ჩემ შვილს მაინც ვერაფრით დავეხმარე და იქნებ სხვისი მაინც გადავარჩინოო! - მისმა სიტყვებმა ერთხელ კიდევ მატკინა, ისევ ჩამწყდა, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. - გორში წამოვა? - წამოვა, სულელო წამოვა! - თვალები უციმციმებდა გელას. მეხუთე თავი როგორც წესი, გელას სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ჩემი ასანთის კოლოფის ზომის ავტომობილი, თუმცა ამჯერად ვაჟასთან ერთად დაძაბული იჯდა და ხმას არ იღებდა. დავინახე, ჩემი ტარების მანერით დამფრთხალმა, რამდენჯერმე როგორ წამოიწია, თითქოს ფეხებით ცდილობდა არ არსებული მუხრუჭებისთვის დაეჭირა, როგორც კი მანევრირებას ვასრულებდი, ისიც კმაყოფილი და ბედნიერი სახით აწვებოდა ბეჭებით სავარძელს. სპიდომეტრზე სიჩქარის მაჩვენებელი, როგორც კი ასს ასცდებოდა, მარჯვენა ხელით საკიდზე ეკიდებოდა. მისი შეშინებული სახის დანახვაზე ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან. თუმცა გელასგან განსხვავებით, საერთოდ არ იღებდა ხმას ვაჟა, დაძაბულს ტუჩები მაგრად მოეკუმა, აშკარად საკუთარ ფიქრებში ჩაძირული საქარე მინიდან იყურებოდა. სარკიდან დავინახე, რამდენჯერმე როგორ გააკანკალა, ისე ამოიოხრა თითქოს გულიც ამოაყოლა ჰაერს. შფოთვა და გაურკვევლობა არც მე მასვენებდა, იმის შიშით, რომ giorgi-82 პასუხს მომწერდა და წაკითხვას ვერ მოვახერხებდი, სკაიპი ტელეფონშიც ჩართული მქონდა, წარა - მარა გამირბოდა თვალი ეკრანისკენ. საკუთარ თავთანაც კი ვერ ვაღიარებდი, მაგრამ პანიკურად მეშინოდა იმედგაცრუების. ნერვიულად შევეხე ისევ მობილურის ეკრანს. - გაუშვი ხელი ტელეფონს! - თვალები დამიქაჩა გელამ. - რომ მომწეროს?! - ხმა გამებზარა. - იმედია გორამდე ცოცხლებს ჩაგვიყვან!... - ღრენით გამომიცხადა, როცა გვერდზე სწრაფი სიჩქარით ჩავლილმა ჯიპმა ჩემი ავტომობილი საგრძნობლად შეარყია. მინდოდა რაღაც მეპასუხა, მაგრამ ვაჟას დაღვრემილი სახის დანახვაზე, გაჩუმება ვამჯობინე. - ჩავალთ, აუცილებლად ჩავალთ! - ჩემს ნაცვლად უპასუხა მამაკაცმა. გგონიათ დიდხანს მივდიოდით, სულ რაღაც ორმოცდახუთი წუთი, მაგრამ გზა უსაშველოდ გაიწელა, ხმას არ ვიღებდით, გასუსულები გავცქეროდით ჩაჟამებულ, უფერო ბუნებას, წვიმდა და სიჩუმეს მხოლოდ საბურავების გუგუნი არღვევდა. ქალაქის შესასვლელში მდგომი ტრაფარეტის დანახვაზე შვებით ამოვისუნთქე, ტკივილით გავხედე ერთ დროს ალბათ შინდისფერ, ნახევრად დამწვარ კორპუსს. თითქოს ფიქრებს მიმიხვდაო ვაჟა ისე თქვა: - რომ გეკითხა, მხოლოდ სამხედრო ნაწილებს ურტყამდნენ!. ჭავჭავაძის ქუჩისკენ მიმავალი გზაც მანვე იცოდა, მოხერხებულად დავძვრებოდი ვიწრო ქუჩებში, ავტომობილის გაჩერება არ გამჭირვებია, თითქმის სირბილით შევედით ჰოსპიტლის ეზოში. მაშინვე რეგისტრატურისკენ მივაშურეთ: - გამარჯობათ! - ხმას ვეღარ ვიმორჩილებდი მღელვარებისგან. - გამარჯობა! - არც კი შემოუხედავს ისე მიპასუხა კომპიუტერის ეკრანს მიჩერებულმა თეთრ ხალათიანმა გოგონამ. - დონორი გინდოდათ, IV ჯგუფი... - წინადადების დასრულება ვეღარ მოვახერხე. - დონორი?! თქვენ? - როგორც იქნა ყურადღება მოგვაქცია ქალიშვილმა. - მე. - წინ უკვე მკლავებდაკაპიწებული ვაჟა ედგა. - წამობრძანდით! - წინ გაუძღვა გოგონა, თუმცა როგორც კი დაინახა, რომ მე და გელაც უკან მივყვებოდით, მკაცრი სახით გადმოგვხედა - თქვენი შემოსვლა არ შეიძლება, მიმღებში დაელოდეთ! - თავით გვანიშნა შემინულ ოთახზე. - ძალიან გთხოვთ! - ლამის ავტირდი, მაგრამ გოგონას ცივი მზერის დანახვაზე, ისევ დანებება ვარჩიე. მიმღებად მოხსენიებულ საკმაოდ ნათელ და კომფორტულად მოწყობილ ოთახში უხალისო და უკმაყოფილო სახით შევედით მე და გელა და იქვე, კუთხეში მდგომ თავისუფალ სკამებზე მოვთავსდით. მიმღებში მჯდომ ხალხში მაშინვე გამოარჩევდით ოთხ სამხედრო ფორმიან ახმახს, თითქოს არც კი სუნთქავდნენ, ქანდაკებებივით უძრავად მჯდომნი დაბღვერილი, სერიოზული სახეებით ჯიუტად ერთ აგილს მისჩერებოდნენ. რატომღაც სულაც არ გამკვირვებია, რამდენიმე წუთში კიდევ ერთი სამხედრო ფორმაში ჩაცმული ახმახის შემოსვლა, უძრავად მჯდომი ოთხეული სწრაფად წამოიშალა. - რა ხდება, გიო?! - გადავრჩით, დონორი გამოჩნდა! - ალალი, ბედნიერი ღიმილით შესცინა მეგობრებს. ოთხივენი ისე ძლიერად მოეხვიენ შემოსულს, ვიფიქრე ფერებაში გაჭ....ტდნენ. წამიერად მოეშვნენ, ახმაურდნენ ბიჭები. მაშინვე მობილური მოვიმარჯვე, თუმცა მესიჯის მოწერა გადავიფიქრე, გელას ვანიშნე წამომყოლოდა და ღიმილით მივუახლოვდი გახარებულებს. - გამარჯობათ! - უხერხულად ვიშმუშნებოდი და შეძლებისდაგვარად ვცდილობდი მღელვარება დამემალა. - გამარჯობათ! - დაბნეული მიმზერდა უცნობი მეგობარი - mariami-mariami?! - მეუცნაურა სკაიპის სახელით მომართვა. ღიმილი ვერც მე შევიკავე, თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. - დონორი თქვენ ჩამოიყვანეთ?! არც კი იცით თქვენი როგორი მადლობლები ვართ! - ძლიერად ჩამოართვა ხელი გელას და მეც ისე თბილად ჩამეხუტა თითქოს კარგახნის ნაცნობები ვიყავით - დროულად მოგვისწარით, გადასხმა უკვე დაიწყეს, ოპერაციაც დასრულდა, საფრთხემ უკვე გაიარა, უბრალოდ ბევრი სისხლი დაკარგა და... - სხაპა-სხუპით გვიხსნიდა ვაჟი. - გიო!... - მკაცრი ხმით ისე შეაწყვეტინა ოთხეულიდან ერთ-ერთმა, თითქოს სახელმწიფო საიდუმლოს გვანდობდა. - ჩვენ მტრები არ ვართ! - დაბღვერილმა, ნაწყენმა გავხედე და... ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გულისცემა, გაფითრებული ვუმზერდი მის ფორმაზე ამოტვიფრულ წარწერას, შავ ფონზე ოქროსფერი ასოებით გარკვევით ეწერა: ზაზა კიკნაძე და მხოლოდ პოლიციელის სიტყვები მახსენდებოდა: - ტელეფონის ნომერი, რომლიდანაც მესიჯი მიიღეთ ვინმე ზაზა კიკნაძეზეა რეგისტრირებული. - უკაცრავად, ცუდად მოგვივიდა, უბრალოდ ჯერ მისი ოჯახის წევრებისთვისაც კი არ დაგვირეკავს!.- მეგობრის უხეშობის გამართლება სცადა გვერდზე მდგომმა. ნერწყვი ძლივს გადავყლაპე: - დიახ, რა თქმა უნდა. ალბათ, როგორ ელიან... - ნომერი იცი? - ერთ-ერთმა ჰკითხა ზაზას. - მესიჯებს ჩემი ნომრიდან გზავნიდა... - ტელეფონს დასწვდა კიკნაძე. ვხედავდი როგორ ეძებდა ვაჟი ძველ მესიჯებს და ვგრძნობდი რომ ბედნიერებისგან გაგიჟებას აღარაფერი მაკლდა. ცალი ხელით გელას ვეყრდნობოდი, ემოციებს გული ვეღარ უძლებდა. ცრემლები, რომელიც დარდის დროს სანატრელი გამხდომოდა, უკითხავად იკვლევდნენ გზას. ამდენი ხნის ნაგროვები ემოციებისგან ერთბაშად ვიცლებოდი. შეშინებული, თვალებ გაფართოვებული მიყურებდა გელა, მე კი ხმას ვერ ვიღებდი... არ მინდოდა, დედას გეფიცებით ამ წუთებში ყველაზე ნაკლებად მინდოდა ტირილი, მაგრამ... - მარიამ, კარგად ხარ?- პასუხის გაცემა ვერ მოვახერხე, უსიტყვოდ მივაწოდე ჩემი მობილური გელას, ზაზა კიკნაძის ნომრიდან ზარი შემოდიოდა, სულელივით ბედნიერები ვიღიმებოდით და ტელეფონის აღებას არც კი ვფიქრობდით. ოდნავ თვალებ მოჭუტულმა, კმაყოფილმა იდაყვი გაჰკრა giorgi-82-მა კიკნაძეს. ვაჟმა გაოცებულმა ჯერ ჩვენ შემოგვხედა, შემდეგ ჩემს ტელეფონზე აციმციმებულ საკუთარ ნომერს დაჰხედა. მის მზერაზე მივხვდით, რომ მთლად ნორმალურებად არ ჩაგვთვალა, მაგრამ ეს სულაც არ გვაღელვებდა, ბედნიერები ერთმანეთს ვეხვეოდით მე და გელა. ხომ ვნატრობდი, ხომ ვეჭვობდი, თითქმის ვიცოდი, მაგრამ არსებული რეალობა მაინც რთულად დასაჯერებელი აღმოჩნდა. თვალები რამდენიმეჯერ დავხუჭე და გავახილე, თითქოს მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ეს ყველაფერი ცხადში ხდებოდა, წამებში დაიბრუნა ცხოვრებამ ფერები, აზრი. ბიჭების თვალებში დანახულმა მოწიწებამ და სითბომ ისევ რეალობაში დამაბრუნა. მიმღებში სახე გაბრწყინებული ვაჟა შემოვიდა. ვეღარ მოვითმინე, მთელი ძალით ჩავეხუტე. - მადლობ, ამ დღისთვის მადლობ! - ხმა უთრთოდა მამაკაცს- ადი, გელოდება... მივდიოდი. არა, თითქმის მივქროდი. ხუთი ახმახის თანხლებით მივაბიჯებდი საავადმყოფოს კოლიდორში, ყურადღებას არ ვაქცევდი გაოცებულ ექიმებს, გული გამალებით მიცემდა, თითქოს ამოვარდნას ლამობდა. იქ, ერთ-ერთ პალატაში ის მელოდა. მხრებზე თეთრი ხალათი მოვიხვიე, პირზე პირბადე დავიმაგრე და როგორც იქნა შევედი. სუნთქვა შეკრული მივჩერებოდი მოციმციმე აპარატებსა და სხვადასხვა ზომის მილებში ჩაკარგულ მონატრებულ სახეს. თვალები დაეხუჭა, თითქოს სუნთქვაც უჭირდა, მკერდი მძიმედ აუდიოდა, სახვევები თითქმის მთელ მკერდს უფარავდა. სახეზე უჩვეულოდ თეთრს ტუჩებზე სილურჯე შეჰპარვოდა. კარების ხმაზე თვალები მძიმედ გაახილა, შემდეგ ოდნავ მოეჭუტა, მიმიკურმა ორმა წვრილმა ნაოჭმა ადგილი ისევ იპოვეს საფეთქელთან, ოდნავ ჩაეჩვრიტა ლოყებთან და ისევ გამიღიმა. და, მაშინ ვიწამე, აი, იმ წუთში... ბედნიერი, მის ლოგინთან დაჩოქილი, სადენების გარეშე დარჩენილ მარჯვენას ვუკოცნიდი და ღმერთს მადლობას ვწირავდი ამხელა სიხარულისთვის. შემდეგ? შემდეგ იყო გორიდან თბილისში დაბრუნება. თვენახევრიანი რეაბილიტაცია. დავიბრუნე ღიმილი, დავიბრუნე ფერები. საკმაოდ ბევრს საკითხთან დაკავშირებით შევიცვალე შეხედულება და ვისწავლე: - წამის დაფასება. გვქონდა დაგეგმილი, ვიწრო წრეში ჩატარებული ქორწილი. მხოლოდ - მეგობრები, მხოლოდ ოჯახის წევრები. მეცვა თეთრი, სადა კაბა, თავზე მედგა მინდვრის ყვავილებისგან გაკეთებული დიადემა, მხარს მიმშვენებდა ადამიანი, რომელიც ჩემი ცხოვრების ერთად-ერთი აზრი იყო და მყავდა უცვლელი მეჯვარე: giorgi-82. სხვა? ჩვენი ოჯახი არ იყო მშვიდი, არ იყო იდეალური ურთიერთობები, იყო კამათიც, წყენაც, გაბუტვაც, მონატრებაც, იქნებ იმედგაცრუებაც, მაგრამ გვქონდა ერთად-ერთი უცვლელი გრძნობა, გვქონდა შერიგება და გვქონდა პატიება. არც ქორწინებიდან ერთ თვეში აღმომიჩენია ორსულობა და არც ჩვენი შვილი არ დაბადებულა ცხრა თვეში. შემდეგ გაგვიჩნდა ახალი ოცნება, შვილი. ექიმები გვარწმუნებდნენ, რომ ცალ-ცალკე შვილის ყოლა ორივეს შეგვეძლო, ერთად კი... ლოგიკაში არ ჯდებოდა, ახსნა არ მოეძებნებოდა, მაგრამ ფაქტი-ფაქტად რჩებოდა, ოთხი წლის შემდეგ, 2012 წლის 23 ნოემბერს, თითქმის შუაღამისას, ღამის 11.50 საათზე დაიბადა ჩემი გიორგი. ყველაზე ცელქი, ყველაზე მოუსვენარი, როგორც შაკო ამბობდა ნათლიის მსგავსი. არის მომენტები, როცა არ გჯერა, როცა ყველაფერში ეჭვი გეპარება, როცა გეშინია, როცა სუსტი ხარ და როცა გტკივა. არის მომენტები, როცა ახსნას ვერ პოულობ, როცა გრძნობებს თავს ვერ უყრი, სახელს ვერ არქმევ და მხოლოდ იღიმები. არის მომენტები, როცა ჯიუტად უმზერ კომპიუტერის ეკრანს და ელი, ერთად-ერთ მეგობარს, იქნებ - უცნობს, იქნებ - ნაცნობს, ადამიანს რომელიც მოგისმენს და უბრალოდ გაგიგებს, შენს უცნობ მეგობარს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.