ორი ბილეთი წალკოტამდე (თავი I)
ფიქრი ელვასავით გაკრთა გონებაში, წამით გაანათა და გაქრა. რატომღაც, დილიდანვე ამეკვიატა ფრაზა: `შენით გარუჯული ჩემი ოცნება შოკოლადივით ყავისფერია~. მახსოვს, ბავშვობაში დავწერე ეს ლექსი, როცა პაატა მიყვარდა. გაგრძელება დამავიწყდა, მაგრამ ეს ორი სტროფი რატომღაც, უცებ ამომიტივტივდა გონებაში... არა, მთლად ბავშვიც არ ვიყავი, მეცხრე კლასში ვსწავლობდი, მაგრამ ბავშვურად კი ვიქცეოდი. სიყვარულზე ისეთი გულუბრყვილო წარმოდგენა მქონდა, ახლა, როცა მახსენდება, მწარედ მეცინება. ასე მეგონა, ჩემი და პაატას ურთიერთობა სიკვდილის კარამდე გაგრძელდებოდა და ერთმანეთს შევაბერდებოდით. მიამიტობის პიკი! სულ რაღაც სამ თვეში დაიმსხვრა ჩემი ოცნება. პაატას მამა სამხედრო პირი იყო და აჭარაში გადაიყვანეს სამუშაოდ. რა თქმა უნდა, ოჯახიც თან გაიყოლა. ერთი პერიოდი წერილებს აქტიურად მწერდა, მეც ვპასუხობდი. მირეკავდა, ვურეკავდი, ვმესიჯობდით... მერე და მერე მისი მხრიდან აქტიურობამ იკლო და ამან ძალიან დამძაბა. ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ მესიჯებზე კი არა, სატელეფონო ზარებზეც აღარ მპასუხობდა. ლამის გავგიჟდი. საშინლად ვგრძნობდი თავს, ისეთი დეპრესია დამეწყო, დედაჩემს ეშინოდა, ფსიქიატრის პაციენტი არ გავმხდარიყავი. ვერაფერს ვჭამდი, არავის ნახვა არ მინდოდა, ჩემთვის ვიჯექი და ვლაპარაკობდი. გავხდი, დავდნი, დავილიე... ექვსი თვე ვიწვალე ასე, კალაპოტიდან ამოვვარდი, სწავლას ჩამოვრჩი. კიდევ კარგი, ჩემი დაქალები არ მომეშვნენ, დროის უმეტეს ნაწილს ჩემთან ატარებდნენ, რომ იტყვიან, მორიგეობით ათენებდნენ და აღამებდნენ ჩემს საწოლთან და, როგორც იქნა, მომაბრუნეს ამ ქვეყნისკენ. დრო ყველაფრის მკურნალიაო, იტყვიან და მართალიც ყოფილა. თანდათან შევეგუე იმ აზრს, რომ ღმერთმა ასე ინება, ალბათ ასე იყო საჭირო... ჰოდა, განშორებიდან ცხრა თვის შემდეგ პაატა სამუდამოდ მიეცა დავიწყებას. ისევ მეცინება. მიკვირს, საერთოდ რატომ დამიახლოვდა, ჩემს თანატოლ გოგონებს შორის რატომ ამომარჩია მაინცდამაინც მე. ის ისეთი ლამაზი იყო, ისეთი მოხდენილი, გოგოებს თვალი ზედ რჩებოდათ. თვითონაც იცოდა ეს და ყველას ზემოდან დაჰყურებდა. თავის შესაფერისად არავინ მიაჩნდა. შეფარვით მეც ვეტრფოდი, მაგრამ იმედი არ მქონდა, რომ შემამჩნევდა. მან კი შემამჩნია და მერე როგორ! როცა პირველად ვისაუბრეთ, იმდენი საერთო ინტერესი და თვისება აღმოგვაჩნდა, ორივეს გაგვიკვირდა. სკოლის პერიოდში დიდი მზეთუნახავი არ ვიყავი, თუმცა უნაკლო სხეული მქონდა, მაგრამ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი და ბავშვური. ის კი სპორტზე დადიოდა და ისე გამოიყურებოდა, თითქოს სკოლის მოსწავლე კი არა, ზრდასრული ბიჭი ყოფილიყო. როცა ჩვენი შეყვარებულობის ამბავი გაიგეს, ყველას გაუკვირდა. პაატასგან არ ელოდნენ, მაინცდამაინც ჩემზე თუ შეაჩერებდა არჩევანს. მერე იფიქრეს, მალე მოჰბეზრდება და, როგორც სხვებს, ამასაც მიაგდებსო. ჭორიკანების პროგნოზი გამართლდა, მან მართლა მიმაგდო, მაგრამ არა იმ აზრით, როგორც ისინი ვარაუდობდნენ. ჩვენ შორის ინტიმური სიახლოვე არ ყოფილა. უბრალოდ, რამდენჯერმე მაკოცა, ეგ იყო და ეგ. მაინცდამაინც ახლა რატომ გამახსენდა პაატა? იმიტომ, რომ ორი დღის წინ შემხვდა და ისეთი აღფრთოვანებული მომვარდა, თითქოს სულ რაღაც სამი კვირის უნახავი ვყავდი. ზედმეტად ცივად შევხვდი. ცამეტი წელი გავიდა მას შემდეგ, ოცდაცხრის ვხდები, შენი ჭირიმე, რა დროს პაატაა? იგრძნო, რომ რაღაც ისე ვერ იყო, მაგრამ გული არ გაიტეხა, არც უკან დაიხია და ტელეფონის ნომერი გამომართვა. მეც უდარდელად მივეცი. ორ საათში დამირეკა, დამიწყო შეხვევა, ესაო, ისაო, შენ რომ გგონია, ისე არ იყოო, შენ სულ მახსოვდიო, შემხვდი და ყველაფერს მოგიყვებიო. მეც, სულელმა, კარგი-მეთქი, ვუთხარი და გუშინ საღამოს შევხვდი. ახლა, ამ ასაკში, როცა უკვე ყველაფერი მაქვს, სიყვარულის გარდა, მეუბნებიან, იშვიათად ჭკვიანი ქალი ხარო. არ დაიჯეროთ! ჭკვიანი ქალი არ არსებობს. შეიძლება ჭკვიანი ადამიანი ვარ, მაგრამ როგორც ქალი - ისევ ისე სულელად დავრჩი. ისევ ისე ვუშვებ შეცდომებს და ისევ ისე ვცდილობ მერე გაფუჭებულის გამოსწორებას. დავუშვებთ ქალები ამ შეცდომებს, ერთს, მეორეს, მეცხრეს... ოთხმოცდამეთექვსმეტეს და ბოლოს გავიძახით, გამოცდილება დავაგროვეო. გამოცდილება არა იხვი! გამოცდილება კი არა, შეცდომების კოლექცია დავაგროვეთ. ამის აღიარება კი არ გვინდა. ჰოდა, შევცდი, შეხვედრაზე რომ დავთანხმდი. შუა ყავის სმისას, როცა რაღაც აბდაუბდას მიყვებოდა ჩვენი განშორების შემდეგ მის თავს დატეხილ პრობლემებზე, მაგრამ თურმე წამითაც არ დავვიწყებივარ, მოულოდნელად მივახალე, შენ გარდა სხვაც მიყვარდა, თან შენზე ძლიერად და ამ წლების განმავლობაში გავთხოვდი და გამოვთხოვდი კიდეც-მეთქი. ისე გაუკვირდა, სახეზე აშკარად დაეწერა: რამდენი რამე მოგისწრიაო, თუმცა ეს ხმამაღლა არ უთქვამს. აი, ამის შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო. `პლასტინკა შეატრიალაო~, ხომ გაგიგონიათ გამოთქმა? ჰოდა, შეატრიალა, მაგრამ რა შეატრიალა. ერთად ვიყოთო, ერთმანეთი გვიყვარდესო, დაქორწინება რა აუცილებელიაო, ახლა ეგ მოდაში არ არისო და რადგან ცოლ-ქმარი არ ვიქნებით, არც მოგვბეზრდება ერთმანეთიო. ხა-ხა-ხა! აბა, ახლა მანდ გაჩერდი-მეთქი! დავუბრიალე თვალები, ნაჭრის ხელსაწმენდი სახეში ვაფეთე და გაოგნებული დავტოვე თავის ნახევრად შესმულ `ესპრესოსთან~. მას მერე ცამეტი საათი გავიდა და არ დაურეკავს. ალბათ ამიტომაც ამეკვიატა ეს სტროფებიც და მასზე ფიქრიც. კი არ მინდა, რომ დამირეკოს, სულ არ მაინტერესებს, მაგრამ მაინც, ჩემი ქვეცნობიერი ვერ ისვენებს. ქალი ხომ ოხერი არსებაა, ცოტათი მიტყდება კიდეც, რომ ისიც ამაყი აღმოჩნდა და იმ ადგილას გაჩერდა, სადაც გაჩერება ვუბრძანე. სხვა რომ ყოფილიყო, ალბათ ბოლომდე ეცდებოდა თავისი გაეტანა. ამიტომაც ვიყავი მთელი ღამე და მერე მთელი დილა უხასიათოდ. მითხარით ახლა, არ ვარ სულელი? ჩემი მდგომარეობის ადამიანი ასეთ რამეებზე უნდა იწყენდეს? ცხოვრება ისე მაქვს აწყობილი, ჩემ გარშემო ქალები შურით სკდებიან. ჩემი ყოფილი კაცების ჯინაზე, ყველაფერს მივაღწიე, რისთვისაც შეიძლებოდა მიმეღწია. ბევრი მითი დავამსხვრიე ცხოვრებაში. თურმე ტყუილი ყოფილა, სიყვარული ერთხელ მოდის და მის მერე სხვა სიყვარული მხოლოდ გამოგონილი და თავის მოსატყუებელი ამბავიაო. როცა იმ ერთს შეხვდები, იქ იწყება ან მთავრდება ყველაფერიო. მე მეორედაც შემიყვარდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, პაატაზე ძლიერადაც. მაშინ თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორედ ის იყო ჩემი მეორე ნახევარი, ჩემი სულის ის გაყოფილი ნაწილი, რომელსაც თვალებგაფაციცებით დავეძებთ ხოლმე დღის სინათლეზე თუ მთვარის შუქზე, რომ შევაერთოთ და ერთი მთლიანი გამოვიყვანოთ. ჩემი ცხოვრება მშვიდი და მოწესრიგებულია. მასში თავზარდაცემებისა და ზაფრებისთვის ადგილი არ არის. მაქვს კარგი სამსახური, მშვენიერი ბინა, არაჩვეულებრივი მეგობრები და მზრუნველი ნათესავები... მეტი რა არის საჭირო ბედნიერებისთვის? ალბათ მხოლოდ სიყვარული, რომელიც ასე მაკლია და რომლისაც გამოსროლილ ტყვიასავით მეშინია... - ბაბი, კლიენტია მოსული, - ფიქრის ძაფი კარში თავშემოყოფილმა ფიქრიამ, ჩემმა მდივანმა ამ შეძახილით გადამიკვნიტა. - ვინ არის? - უკმაყოფილება ვერ დავფარე. - ვინ არის და... - ფიქრია შეყოვნდა, გულზე მიხუტებულ საკანცელარიო ჟურნალში ჩაიხედა და დამარცვლით მაუწყა, - კოკი ლაცაბიძე. ათ საათზე იყო ჩაწერილი, - ჩემს მდივანს რატომღაც, ოდნავ აღელვებული გაუხდა ხმა. ამ სახელისა და გვარის გაგონებაზე ლამის შევხტი ჩემს რბილ სავარძელში. ამწუთას როგორ მესმოდა ფიქრიასი. სწორედ მისნაირად დამემართა ორი კვირის წინ, როცა პირველად ვნახე ეს კაცი ერთ წვეულებაზე. ბოლო დროს უცნაური ამბები ხდება ჩემს თავს. ეს მამაკაცები, თითქოს მეორედ მოსვლა ყოფილიყო, ზომბებივით ამოძვრნენ მიწიდან და ჩემ ირგვლივ დაიწყეს ფუთფუთი. აქამდე მათი არსებობა არ მაღელვებდა, ყოველ შემთხვევაში, ბოლო ცხრა წელიწადი მაინც. ახლა კიდევ ერთ სიურპრიზს მეორე ცვლის. ჩემს გულს კიდევ ვინმე თუ შეაქანებდა, ნამდვილად არ მეგონა. არადა, როგორც ვატყობ, შეაქანა, თანაც ძალიან თავხედურადაც. კედლის საათს ირიბად ავხედე. ჯერ ათი არ გამხდარიყო. დღეს მიღების დღე მქონდა და ამიტომ საღამომდე ფეხის გაუნძრევლად უნდა მეყურყუტა ოფისში. ღრმად ამოვიოხრე, ხელისგულები ერთმანეთში გადავხლართე, ზედ ნიკაპი დავაბჯინე და წარმოვთქვი: - სთხოვე ბატონ კოკის, რამდენიმე წუთი მოიცადოს. - გასაგებია. ზარი მომეცი, მზად რომ იქნები, - თვალი ჩამიკრა ფიქრიამ. სავარძელზე გადავწექი და გავიზმორე. ვგრძნობდი, როგორ ძალუმად მიცემდა ჩემი ობოლი გული. რა ჯანდაბა მემართება? ორი კვირის წინ, როცა პირველად შევხვდით ერთმანეთს და გაიგო, რომ ადვოკატი ვარ, სავიზიტო ბარათი გამომართვა, დამჭირდებით და შეგეხმიანებითო. ამას ჰქვია შეხმიანება? წინასწარ ჩაეწერა თურმე და სრულიად მოულოდნელად მომადგა. მე კიდევ ეს ორი კვირა სულ თვალწინ მედგა, წარამარა მახსენდებოდა. არ დავმალავ და, დიდი ხანია, ჩემზე მამაკაცს ასეთი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ნეტავ, რატომ არ ამომდის თავიდან? სიბრიყვეა ეს ყველაფერი. ფიქრში სულ გავურბოდი ამ კაცის ხელმეორედ ნახვას, პაატასაც იმიტომ შევხვდი, იქნებ ძველმა გრძნობამ ხელახლა წამოყოს თავი-მეთქი. იმან კიდევ ისეთი ტრიუკები ჩაატარა, თუ სადმე ერთი წერტილი მაინც იყო დარჩენილი მისადმი ჩემი სიმპათიის, ისიც დაასამარა. როგორ მინდოდა თავიდან ამეცილებინა კოკის ნახვა. ვიფიქრე, თუ დავჭირდი და დამირეკა, ჩემს რომელიმე სხვა კოლეგასთან გადავამისამართებ-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს, უკვე გვიანაა. რაღა მე მომადგა? ასეთ ცნობილ კაცს, დავიჯერო, ნაცნობი ადვოკატები არ ჰყავს? ნელის მოვკლავ, მან თუ გამიწია რეკომენდაცია! ნელი ჩემი მეგობარია, სწორედ ის, ვის დაბადების დღეზეც კოკი გავიცანი. და აი, აგერაა, ა! ერთი ხელის გაწვდენაზე, ამ კედლის იქით დგას და ელოდება, როდის დავუძახებ. ნერვიულად მიმოვიხედე გარშემო. ნათელი, სივრცით სავსე ოფისი, ფაქტობრივად, ჩემი მეორე სახლი იყო, იმდენ დროს ვატარებდი აქ. რამდენჯერ ამ დივანზე დამიძინია, კაბინეტის კუთხეში რომ დგას. სწრაფად მოვშორდი სავარძელს და სარკეს მივაშურე, რომ მის შემოსვლამდე ჩემი თავი შემეთვალიერებინა. წლებმა შემცვალა. ჩემგან ისეთი კარიგ ქალი დადგა, გულგრილად რომ ვერ ჩაუვლის კაცი გვერდზე. ტან-ფეხი ისედაც არ მაკლდა, ასხლეტილი სხეული მაქვს, მერე სახეც ჩამომიყალიბდა, `ჰორმონალური შემოტევის~ დროს მოჭარბებული ფერისმჭამელები ცხრამეტი წლის ასაკში შეუმჩნევლად გაქრა ჩემი კანიდან, ტუჩები და მკერდი დამებურცა და იფ! ჩემს შეხედვას არაფერი სჯობს ახლაც კი, ოცდაცხრა წლის ასაკში. წარმოსადეგი, მომხიბვლელი, ეშხიანი - მე ასე დავახასიათებდი ჩემს თავს, მოკრძალებულად. სხვებს რომ ჰკითხოთ, სექსუალურიაო, გეტყვიან, ვნებიანიო, ტემპერამენტიანიო. ენას ძვალი არა აქვს, რას არ მოიგონებს ერთი ადამიანი მეორის დასახასიათებლად. რაც შეეხება შინაგან ბუნებას, აქ მთლად კარგად ვერ მაქვს საქმე. უკვე აღარ ვარ ისეთი თავზე ხელაღებული რომანტიკოსი, ღრმა ახალგაზრდობაში რომ ვიყავი. იმდენი რამ გადავიტანე ცხოვრებაში, გულცივი, ჩაკეტილი და უკარება გავხდი. ხანდახან უხეშიც კი ვარ. ახალი ნაცნობობის გაბმას გავურბივარ, რადგან ზოგადად, ცვლილებების მეშინია. მირჩევნია, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის. მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესებას ისევ ძველი მდგომარეობა მირჩევნია, რადგან ძალიან ძნელად ვეგუები ყოველგვარ ცვლილებას. ეს არ ნიშნავს, რომ კონსერვატორი ვარ. არა, სრულიადაც არა. საკმაოდ თანამედროვე შეხედულებების ქალი ვარ, უბრალოდ, არ მიყვარს, როცა რაღაც იცვლება ჩემში, თუნდაც უკეთესობისკენ. მშიშარა ვარ და ალბათ ამის ბრალია. მშიშარა კი იმიტომ ვარ, რომ ცხოვრებამ დამაშინა, ადამიანებმა დამაშინეს, თანაც ჩემთვის ყველაზე ახლობელმა ადამიანებმა... სარკეს, როგორც იქნა, მოვწყდი და ფანჯარასთან გადავინაცვლე. წვიმა თავს დასხმოდა ტუჩებდამსკდარ მიწას. ფანჯრის რაფას უსიამოვნო წკაპაწკუპი გაუდიოდა. გეგონებოდათ, წვიმა მღერის, ქარი კი ბანს აძლევსო. ცა ისე იყო ჩამობურული, ერთ მეტრში არაფერი ჩანდა. ფიქრი მდინარესავით ადიდდა. ის საღამო გამახსენდა, კოკი რომ გავიცანი... შევედი თუ არა პომპეზურ სასტუმრო ოთახში, ზარმაცი ადამიანის მზერით შევათვალიერე გარემო და მოულოდნელად ადგილზე გავხევდი შეუძლებლად ლურჯი თვალების დანახვაზე. ასეთი თვალები აქამდე არასდროს მენახა. დათო შემომეგება, რაღაც მითხრა, მაგრამ ერთი სიტყვაც არ გამიგია. უცებ უცნობი შებრუნდა და მეც გამოვერკვიე. ის მახსოვს, რომ მწარედ ამოვიოხრე. - კარგად ხარ, ბაბი? - მზრუნველად შემეხო დათო იდაყვზე. - ყველაფერი რიგზეა, კი, - ძლივს მოვახერხე გაღიმება, - შენ როგორ ხარ? დათო ჩემი უნივერსიტეტელი მეგობარია, რომელიც ახლახან გაეყარა ცოლს, რომელმაც შვილები ქმარს დაუყარა და თვითონ სხვასთან ერთად გაიქცა. კაცი გააგიჟა ამ ამბავმა, კარგა ხანს ცხვირს გარეთ არ ყოფდა, ეგონა, ყველა მას დასცინოდა. მერე ნელ-ნელა შეეგუა მდგომარეობას და მთელი არსებით ბავშვებზე გადაერთო. სხვათა შორის, ძალიან კარგი ადვოკატია. მასაც ჩემსავით მძიმე დეპრესია ჰქონდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, ორი თვის წინ რომ გამოეცხადა ეს თავისი მარინა და განქორწინება მოსთხოვა. - მეც არა მიშავს, ვუძლებ, - საწყლად გამიღიმა დათომ, - მაგრამ ხომ იცი, რომ ასეთი საღამოები არ მიყვარს. ეს მარინას მოწოდება იყო, იმას უყვარდა გართობა და დროს ტარება, სულ ყურადღების ცენტრში სურდა ყოფნა, - დანანებით დააყოლა. - და არის კიდევაც, მთელი თბილისი მასზე ლაპარაკობს, - მხარზე ხელი ჩამოვუსვი კურსელს თანაგრძნობისა და გამხნევების ნიშნად, - შენ კიდევ აღარ დამანახვო მჭვუნვარე სახე, თავი მაღლა ასწიე და ისე იარე. შენნაირ კაცზე ოცნებობენ ქალები. ვინც ვერ გაიგო შენი ფასი, ის საერთოდ ვერაფრის ფასს ვერ გაიგებს ცხოვრებაში. დაივიწყე მარინა, რად გინდა ისეთი ქალი, ღვიძლი შვილები რომ არ ეცოდება? ნიჭიერი ბიჭი ხარ, ჯერ ყველაფერი წინ გაქვს, - ბანალურად დავმოძღვრე, - გაიღიმე, მიდექი, მოდექი, სტუმრები გაიცანი, საუბარში ჩაები და გაერთე. რა იცი, იქნებ კიდევ გამოკრა ერთ ქალს ხელი, - გავეხუმრე, - თან არ იცი, როგორი ტორტი გველოდება საღამოს ბოლოს, ნელის ეგეთები არ ეშლება, ხომ იცი. ორას ორმოცდაათი ლარი დაუჯდა, - ტუჩები ყურთან ახლოს მივუტანე და ჩურჩულით ვაუწყე. - რას ამბობ, ბაბი, მართლა? - წამოიძახა განცვიფრებულმა და თვალებგაფართოებულმა შემომხედა. - ბაბი... ცოტა უჩვეულო სახელია... სადაური წარმოშობისაა? ძირი როგორ ჟღერს? ბარბარე თუ ბაბილინა? იმდენად მოულოდნელი იყო ჩვენს საუბარში ვინმეს ჩაჩხერა, მკვეთრად შევტრიალდი. მაღალი უცნობი დაჟინებით მომჩერებოდა. მოკლედ შეკრეჭილი შავი თმა ჰქონდა, ხშირი, აპრეხილი წამწამები, საოცრად ლურჯი თვალები და მგრძნობელობის ძლიერი აურა - აი, ასეთი კაცი იდგა ჩემ წინ, სასწაულად მომნუსხველი, პრიალა ჟურნალიდან თუ ამერიკული ფილმის ეკრანიდან გადმომხტარი. ტანზე ელეგანტურად მომდგარი პიჯაკი განსაკუთრებულად უსვამდა ხაზს მის თავბრუდამხვევ ფიგურას. იმწუთას პატარა გოგონად ვიგრძენი თავი, რომელიც აღფრთოვანებას ვერ მალავს თავისი სათაყვანებელი კერპის დანახვისას. წამში ავიფარე სახეზე გულგრილობის ნიღაბი და კიდევ ერთხელ შევახსენე ჩემს თავს, რომ უკვე ოცდაცხრა წლის ვარ და ასე აცუნდრუკება არ მომიხდება. - ბარბარე მქვია, დედამ დამარქვა! - ამაყად თავაწეულმა მივუგე, მაგრამ მაშინვე გავიაზრე, რომ ზედმეტად ბავშვურად გამომივიდა. - ო, მაშინ სრულიად გასაგებია, რატომ არის ასე ერთმანეთში შერწყმული თქვენი გარეგნული ბრწყინვალება და ელეგანტურობა. იშვიათად შემხვედრია სულისა და ხასიათის მსგავსი ჰარმონია. აი, ახლა კი დამეუფლა იმედგაცრუება. ამქვეყნად ყველაზე მეტად მლიქვნელები მეჯავრება. ასეთი კაცისგან კი ამას არ მოველოდი. როგორც ჩანს, სახეზე აშკარად შემეტყო, რაც გავიფიქრე, იმიტომ, რომ უცნობმა ღიმილი უმალ მოისხიპა ტუჩებიდან და ცივად წარმოთქვა: - ალბათ საუბარი შეგაწყვეტინეთ, უდროო დროს შემოგეჭერით, ბოდიშს გიხდით, - თქვა და გაგვერიდა. ცოტა არ იყოს, საკუთარი საქციელის შემრცხვა. ამ ყველაფერს კი ის დაემატა, რომ, როცა სუფრას მივუსხედით, დათოსა და იმ უცნობს შუა აღმოვჩნდი, რომელიც კოკი ლაცაბიძედ გამეცნო. იგი მთელი საღამოს განმავლობაში გამუდმებით ხუმრობდა, ენამახვილობდა, ირგვლივ მყოფი ქალების მისამართით კომპლიმენტებით სავსე რეპლიკებს არ იშურებდა და ყველას აჯადოებდა. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. მისი ყოველი მანერა უზადო გახლდათ. ერთხელ არ გაუხუმრია უშნოდ, იუმორიც ისეთივე დახვეწილი აღმოაჩნდა, როგორიც გარეგნობა. რაც შემეხება მე, ძალზე თავაზიანად მეპყრობოდა, მაგრამ ოდნავ ცივად. მერე საუბარს მოჰყვა და გაიგო, რომ ადვოკატი ვარ. თითქოს ამას ელოდაო, თვალები გაუბრწყინდა. მითხრა, თუ არ დამზარდებით, სავიზიტო ბარათი მომეცით, ცოტა ხანში აუცილებლად დამჭირდება თქვენი კონსულტაციაო. მეც სიამოვნებით მოვიძიე ჩანთაში ჩემი სავიზიტო ბარათი და ასეთივე სიამოვნებით გადავეცი. იმ საღამოდან მოყოლებული, მოსვენება დავკარგე. გონებიდან არ ამომდიოდა მისი თვალები და ღიმილი. როგორც იქნა, ფიქრები გავფანტე და ჩემს მაგიდას დავუბრუნდი. მოხერხებულად მოვკალათდი სავარძელში, საქმიანი იერი მივიღე და მისაღების ზარის კნოპს დავაჭირე ჩემი გრძელი საჩვენებელი თითი. - ფიქრია, ბატონ კოკის შეუძლია მობრძანდეს! რამდენიმე წამის შემდეგ კარი გაიღო და შემოვიდა... ის. სხეული უცნაურად დამეჭიმა, როცა თავისი ეგეოსის ზღვასავით ლურჯი თვალები შემომანათა. როგორი გამჭოლი მზერა ჰქონდა, თითქოს სადღაც სიღრმეში, გულის გულში სურს ჩაძრომა და ყველა შენი საიდუმლოს ერთბაშად გაგებაო. გულმა ცოფიანივით ატეხა ბაგაბუგი. ჩემდა უნებურად მკერდზე ავიფარე ხელი, მკერდის მოძრაობის მიხედვით არ მიხვდეს, რაც მემართება-მეთქი. სამაგიეროდ, სახე მქონდა სალი კლდესავით, ემოცია საერთოდ არ გამომიხატავს. ადვოკატის ნიღბის მორგება არ მიჭირდა, წლების განმავლობაში შევეჩვიე. ამწუთას ძველებურად საქმიანი, მშვიდი, გაწონასწორებული და თავდაჯერებული ქალი ვიყავი, რომელსაც სიტუაციას გაკონტროლება არ უჭირს. - დილა მშვიდობისა, ბატონო კოკი... დაბრძანდით. მინდოდა, ტრადიციული ხელის ჩამორთმევის რიტუალი გამომეტოვებინა, მაგრამ ლაცაბიძეს ამ საკითხზე სრულიად განსხვავებული შეხედულება გააჩნდა. იგი დინჯი, ძლიერი ნაბიჯებით მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა: - დილა მშვიდობისა, ბაბი. შემიძლია ასე მოგმართოთ? ოფიციალურობა ჩემგან ცოტა შორს დგას, ამიტომ უნდა მაპატიოთ. მეც თქვენთვის, უბრალოდ, კოკი ვიქნები ან კოკა, რომელიც უფრო მოგწონთ, ის დამიძახეთ. ეს ყველაფერი ერთობ ნეიტრალური ტონით წარმოთქვა, მაგრამ მზად ვიყავი, დამეფიცა, რომ მის თვალებში დამცინავი ნაპერწკლები გაკრთა. ასეთი რამ ჩემს მახვილ მზერას თითქმის არასდროს გამოჰპარვია. ჩემი თითები ჩაიძირა მის უშველებელ ხელისგულში. - რით შეუძლია ჩემს კომპანიას თქვენი დახმარება? - როგორც შემეძლო, საქმიანი ტონი დავიჭირე, თუმცა მზესავით შიგნიდან ვიყავი გავარვარებული. - დღესაც ისეთივე ცივი და მოზომილად თავაზიანი ხართ, როგორიც იმ მოსაწყენ საღამოს, - მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა. - მოსაწყენი რატომ იყო? - იმიტომ, რომ არ მომეცა საშუალება, თქვენისთანა ქალთან ერთხელ მაინც მეცეკვა. აბა, ის სუფრა რა სუფრაა, მუსიკა თუ არ უკრავს? მართალი იყო, ვერაფერი ვუთხარი. - განსხვავება ისაა, რომ დღეს, ელეგანტური კოქტეილის კაბის ნაცვლად, საქმიანი პიჯაკი გაცვიათ, თუმცა ამ ფორმაშიც არაჩვეულებრივად გამოიყურებით, - გააგრძელა ჩემით `ტკბობა~. ერთი ამას დამიხედეთ! კოქტეილის კაბაც რომ სცოდნია! როგორც ჩანს, საკმაოდ გათქვეფილია ქალებში.... სვეტა კვარაცხლია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.