"16 წლის ყოფილა, როცა თვალი დაადგეს" - ძალით გათხოვილი და ქმრის ღალატით გახარებული ქალი
ელდა ეცათ, მოულოდნელი სტუმრები რომ დაადგნენ თავს "მიხარია, რომ არსებობთ. მინდა, ბებიაჩემის შესახებ გიამბოთ, რომელიც გარიგებით გაათხოვეს. მისი მონაყოლი იმდენად საინტერესო მეჩვენება, რომ მსურს, თქვენი ჟურნალის მკითხველსაც გავუზიარო. გამიხარდება, თუ მოგეწონებათ და დაბეჭდავთ", - 38 წლის ია ალასანია ბებიაზე სასაუბროდ რედაქციაში მოვიწვიე. - ჩემი ბებო 16 წლის ყოფილა, როცა თვალი დაადგეს: ქალაქში, ქორწილში წაუყვანიათ მშობლებს და იქ მოეწონათ მომავალი ქმრის ნათესავებს, ცოტა ხანში შინ მიადგნენ, თანაც - გაუფრთხილებლად. ამ დროს ბებია ბლის ხეზე მჯდარა. სტუმრები რომ მიადგნენ კარს, თურმე, მათ ზევიდან დაჰყვირა, - ვინ ბრძანდებით და რამ შეგაწუხათო? სადედამთილოს ლამის უკან გაუბრუნებია ხალხი, - ეს ახტაჯანა გოგო გინდათ ჩემი შვილისთვის? სოფლელია, გაუთლელი. ვერ ხედავთ, როგორ ტყიურივით იქცევაო? არადა, მის შვილს ისე მოსწონებია პატარა გოგო, რომ დედისთვის ჩაუჭიდია ხელი, ლამის ძვლებში გადაუმტვრევია ქალი, - მოიცადე, ადამიანო, ამის გარდა, სხვას არავის შევირთავო. გაჩერებულა ქალიც, იმ იმედით, რომ ახლოდან უფრო უშნო იქნებოდა და მისი შვილიც განიხიბლებოდა საპატარძლოთი. ბებო მიყვებოდა: თმა გიჟივით ისე მქონდა აწეწილი და თეთრი კაბა ისე გამჭუჭყიანებოდა, რომ მართლა ეშმაკს ვგავდი. მიკვირს, რომ არ გაიქცნენ ჭიშკარს მომდგარი სტუმრებიო. შეიპატიჟა თურმე, - ახლავე მშობლებს დავუძახებ, მანამდე კი თუ გინდათ, სულის მოსაბრუნებლად ჭის წყალს მოგიტანთო. თურმე, ჭის ცივი წყალი იყო უმნიშვნელოვანესი, რომ თაკარა მზეში სტუმარს გამასპინძლებოდი. აბა, მაშინ სად იყო ყავა და შოკოლადი, ხალხს წყალზე ეპატიჟებოდნენ და მერე ღვინოსა და პურმარილზეც - ასეთი მასპინძლობის გარეშე არავინ გამოგიშვებდა, თუ ძალიან არ უჭირდა ოჯახს. თურმე, ბებოს მშობლებს თავიდან ელდა ეცათ, მოულოდნელი სტუმრები რომ დაადგნენ თავს. როცა გაიგეს, რა საქმეზეც იყვნენ მოსული ქალაქიდან, გაოგდნენ თურმე, - ჯერ რა დროს ამის გათხოვებაა? ბიჭებთან ერთად, ისევ ფეხბურთს თამაშობსო, მაგრამ სტუმრებს პატივისცემის გარეშე ხომ არ გაუშვებდნენ და დაუძახეს მეზობლებს, მათი დახმარებით როგორღაც სუფრაც გააწყვეს. ბებო ამბობდა, - მაშინ მეზობლობაც სხვანაირი იცოდა ხალხმა. სტუმარი რომ მოგივიდოდა, ყველა შენს დახმარებას ცდილობდა, სოფლის და უბნის სახელი რომ არ შერცხვენილიყო და ვისაც რა გააჩნდა, ის მოჰქონდაო. იმ დღესაც ასე მომხდარა: ზოგს ხაჭაპური გადმოუტანია, ზოგს კერძი, ზოგს პური, რაღაც ალბათ, მასპინძლებმა თავად შემატეს სუფრას და ყველამ კარგად მოილხინა. კაცები ისე დამთვრალან, რომ ბოლოს თურმე, სტუმრებს აღარ ახსოვდათ, რისთვის მოადგნენ მასპინძლების სახლს. მხოლოდ სასიძო არ სვამდაო და იმასაც, ქალზე ეჭირა თვალი. როცა სუფრა აირია, დრო იხელთა და დაიმარტოხელა ბებია. გამოჰკითხა თურმე, როგორ ცხოვრობდა, რა აინტერესებდა, შეყვარებული ჰყავდა თუ არა. ბებომ თქვა, - უნებურად, ყველაფერზე ცინიკურად ვპასუხობდი და ვეხუმრებოდა, უშნოდ ვიჯღანებოდი. მეგონა, ბიჭი ამის გამო ჩემზე გულს აიცრუებდა, შემეშვებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა: ასეთმა საქციელმა და სიველურემ უფრო მეტად ააფორიაქა, გულში ჩავუვარდი. იმ დღის მერე რამდენჯერმე მომადგა სახლში, მაგრამ ყოველ ჯერზე ისე ვმაიმუნობდი, არ მეგონა, თუ კიდევ გარისკავდა ჩემთან მოსვლასო. ერთხელ თურმე, ცივი წყალიც შეასხა პირდაპირ ვედროდან: თუ შეყვარებული ხარ, აჰა, გაგრილდიო. მეორედ ტალახში აგორავა თურმე: ფეხბურთის თამაშზე დაუყოლიებია და მერე, ახტაჯანამ ტალახშიც ამოსვარა. იმ დღეს ისეთი მოთხუპნილი დაადგა ქალაქის გზას, რომ სახლში დედა მწყევლიდა, ეს რა გააკეთეო და ალბათ ქალაქში, დედამისი გაჰკიოდა ჩემს სახელსო. ჰყვებოდა ამას ბებო და თან, კისკისებდა. ასეთ დროს ეშმაკუნები უბრწყინავდა თვალებში. - ბოლოს და ბოლოს, გააყოლეს იმ ბიჭს? - სამწუხაროდ, ერთმანეთის ბედი არ ყოფილან... თურმე, ისე მოხდა, რომ ბებოს არ მოეშვა მანამ, ვიდრე თავი არ შეაყვარა, "მაგრამ მამაჩემს და დედასაც ისე არ მოსწონდათ ჩემი შეყვარებული, რომ გადაწყვიტეს, სასწრაფოდ, სულ სხვა ვინმეზე გავეთხოვებინე. არადა, საოცარი კაცი იყო. მხოლოდ ის თუ გამიგებდა ბოლომდე, თორემ ხომ იცი, ბაბუაშენმა მხოლოდ რამდენიმე წელი გამიძლო და მერე მიმატოვა... ისე შემაყვარა იმ ბიჭმა თავი, რომ უკვე თავს ვარიდებდი ჩემთვის მანამდე საყვარელ გასართობებსაც კი..." - მიყვებოდა სევდიანად ჩემი საყვარელი ბებო... მის გამო მზად იყო, ყველაფერი დაეთმო და ნაადრევად დაქალებულიყო. იხსენებდა: გვერდით რომ დამიდგებოდა, სულ ჟრუანტელი მივლიდა. ერთხელ მაკოცა კიდეც და იმ კოცნის გემო ამ სიბერემდეც მომყვება მე საცოდავს. იცოდე, არასდროს გათხოვდე უსიყვარულოდ, თორემ ბედნიერებას ვერ ეღირსებიო... დავპირდი, რომ დავუჯერებდი და უსიყვარულოდ არაფრის დიდებით არ გავთხოვდებოდი, თუმცა, პირობა ვერ შევუსრულე და ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩენილ ადამიანს გავყევი ცოლად, მშობლებზე გაბრაზებული. თუმცა, ამას სულაც არ ვნანობ, რადგან კარგი ქმარი მყავს. მან შეძლო და თავი შემაყვარა. - ბებიაშენისთვის საქმრო როგორ იპოვეს? - ბებიას მშობლებს მაჭანკალი მოუძებნიათ და კარგი სასიძოს მოძებნა დაუვალებიათ მისთვის: სოფლელი ბიჭი გვინდა, რომელსაც მუშაობა არ ეზარება, რომელიც ცოლ-შვილის რჩენას შეძლებს და ჩვენი შვილისთვის შესაფერისი იქნება. ქალაქელი ქარაფშუტა არც მას გამოადგება და არც ჩვენო. მათთვის მოსაწონი ბიჭის მოძებნა კი არ გასჭირვებია მაჭანკალს. ჯერ სასიძო-საპატარძლოს მშობლები შეახვედრა ერთმანეთს, მერე მათ ახალგაზრდები შორიდან დაანახვეს, ბოლოს კი ბიჭი და გოგო წარუდგინეს ერთიმეორეს. ბებიასთვის მზეჭაბუკიც რომ მიეყვანათ, მაინც მოუძებნიდა წუნს და რა გასაკვირია, უცნობ საქმროს რომ გამოუნახა ნაკლი? შეყვარებული იყო და მისი გული სხვას ვერ შეიყვარებდა. ქალის გულში ხომ ორი კაცის ადგილი არასდროს არის (ცხადია, თუ საქმე ნამდვილ სიყვარულს ეხება). იმ ბიჭს კი მოსწონებია გოგო და მშობლებს მოულაპარაკიათ, დაუთქვამთ ქორწილის დღე. გოგოს ვინ რას შეეკითხებოდა და ვიდრე მისი შეყვარებული ჯარში იყო, გაათხოვეს. ჯარიდან ჩამოსულ ბიჭს ეს საშინელი ამბავი რომ Uუთხრეს, თავის მოკვლაც უცდია. - არ გამოუვიდა ეს საშინელება, თორემ ასე რომ მოქცეულიყო, მეც არ ვიცოცხლებდი თავს, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მუცელში უკვე მამაშენი მყავდაო, - ამბობდა ბებო. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი მთელი ცხოვრება უყვარდათ, მალულად შეხვედრა არც უცდიათ. ამბობდა, თანამედროვე გოგო რომ ვყოფილიყავი (ახალი თაობის წარმომადგენელს გულისხმობდა), ხომ გავრისკავდი? მაგრამ მაშინ სულ სხვანაირი წარმოდგენა გვქონდა ქალების ცხოვრებაზე, ოჯახზე, უფლებებზეო. - როგორ შეეგუა ქმართან ცხოვრებას? - მიყვებოდა: ტირილით გავათენე ღამე, როცა იმ კაცს გამაყოლეს, რომელსაც ნორმალურად არც ვიცნობდი. პირველსავე ღამეს ისე დათვრა, სულ აღარ ვახსოვდი. გავსკდი ტირილით, მაგრამ პატრონი არავინ მყავდა, რომ ვენუგეშებინე. დილით რომ გაიღვიძა, ნამტირალევი თვალებიც ვერ შემამჩნია, რადგან "პახმელიაზე" იყო და ისევ, დილიდანვე დათვრა. მის მშობლებს კი ჩემთვის არ სცხელოდათ, სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ და სხვა ვინ მანუგეშებდა მე უბედურს? მეგობარი იმ სოფელში არ მყავდა და ახლობელი, ქორწილის მერე კი ჩემებიც ცხადია, სახლებში დაბრუნდნენო. "ძლიერი" ერქვა ბებიას ახალ ოჯახს. თურმე, ბევრი ძროხა ჰყავდათ, ფრინველებიც, გამუდმებით საქმიანობდნენ ოჯახის წევრები და მასაც შერცხვა უსაქმურობის: ვცდილობდი საქმის კეთებას, მაგრამ ბევრი რამ არ ვიცოდი და შესაბამისად, არც გამომდიოდა, რის გამოც დედამთილი გამუდმებით მსაყვედურობდა. თუ ჭურჭელი გამიტყდებოდა, იმ დღეს ხომ საერთოდ, წარბს არ გახსნიდა, - რა გენაღვლება, ჩემი შეძენილი ნივთები ამტვრიეო. იმის გამოც ეწუწუნებოდა, რომ მზითევში მხოლოდ რამდენიმე თეთრეული და საბანი მიუტანეს. ბებო ქმარსაც ვერაფრით შეეჩვია. 2 შვილი შეეძინათ: მამაჩემი და ბიძაჩემი. თურმე, ერთს მამამთილის სახელი დაარქვა, მეორეს - ქმრის ბაბუის - ასე აიძულეს და ამიტომ! რამდენიმე წელი იცხოვრეს სოფელში, მერე იძულებულები გახდნენ, დამოუკიდებლად დაეწყოთ ცხოვრება და ბედის საძიებლად ქალაქში წავიდნენ. - რატომ იყვნენ იძულებულები? მშობლებთან შეექმნათ პრობლემა? - ბაბუას ძმა ჰყავდა, რომელმაც ასევე, ცოლი შეირთო და ოჯახი იძულებული გახდა, გადაწყვეტილება მიეღო. აბა, ყველა ერთად ხომ ვერ იცხოვრებდა? თანაც, ბაბუას ძმის ცოლი მოსწონდათ, რადგან ძალიან საქმიანი ყოფილა. ბებო ამბობდა: რასაც ხელს მოჰკიდებდა, ყველაფერი კარგად გამოსდიოდა. ცხრა უღელ ხარს მოერეოდა. თან, ხომ იცი, ახალი ცოცხი რომ ყოველთვის კარგად გვის და თავს იკლავდა მუშაობით, ოღონდ კი შეექოთო. თანაც, ის ნაბოლარა იყო და როგორც ბებიას დედამთილ-მამამთილი ამბობდა, სახლი და მთელი მემკვიდრეობაც უმცროსს ეკუთვნოდა. ზესტაფონში ჩასულან. ბაბუას ქარხანაში დაუწყია მუშაობა. საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ და გაჰქონდათ თავი. მერე თურმე, ბებიამ გაიგო, რომ მის ქმარს საყვარელი ჰყავდა, მაგრამ სკანდალი არ მოუწყვია, რადგან მისთვის სულერთი იყო, ვერ შეძლო ბაბუას შეყვარება და სრული თავისუფლება მისცა. თვითონ კი მთელი დღე ვაჟებზე ზრუნავდა და თან სამკერვალოში მუშაობდა. მოკლედ, მხოლოდ მაშინ გამწარდა, როცა ბაბუამ საქეიფოდ მოიყვანა "სასტავი" და მათ შორის ის ქალიც, რომელთან ერთადაც დროს ატარებდა. თურმე, სტუმრები კარგად მიიღო, მაგრამ როცა სუფრასთანაც ვერ შეიკავეს თავი და ერთმანეთს ხოტბას ასხამდნენ, დიასახლისს არაფრად აგდებდნენ, ბებომ ვეღარ მოითმინა და "იფრინა" ის ქალიც და ქმარიც კარგად გამოლანძღა, მის ძმაკაცებს არ მოერიდა. იმ საღამოს სახლიდან დიდხანს ისმოდა მსხვრევის ხმაო, რასაც ბაბუას სახლიდან გაქცევა მოჰყვა. ბებო ამბობდა, როგორც კი სახლიდან გავიდა, მივხვდი, რომ შვებით ამოვისუთქე, ყოველდღე მისი ატანა რომ არ მომიხდებოდა და თან, მასთან დაშორების გამო, საყვედურს ვერავინ იტყოდა, ბევრი მოწმე მყავდა, რის გამოც მოვიშორეო. მოკლედ, ბებომ გამოზარდა თავისი ვაჟები, ისინი გზაზე დააყენა და მადლობა ღმერთს, რომ შვილებში მაინც გაუმართლა. - ქმარს შერიგება არ უცდია? - შერიგება კი არა, ბაბუა თავის ვაჟებზეც არ ზრუნავდა. იმ ქალთან წავიდა და მეორე ოჯახი შექმნა. იმანაც, ერთი ქალიშვილი გაუჩინა. მერე ბაბუას დედა თავში ირტყამდა თურმე ხელს, - ეს რა მომივიდა, ანგელოზს ვიწუნებდი და სახლში ეშმაკი შემომივიდაო. მერე მოდიოდა თურმე, ვითომ შვილიშვილების სანახავად და ეხვეწებოდა ყოფილ რძალს, ქმარს დაჰბრუნებოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე უარს იღებდა. მას მერე შვილიშვილებზეც აიყარა გული და მათ სანახავად აღარ ჩადიოდა. მამა და ბიძაჩემი დედას ხელისგულზე ატარებდნენ სიბერეში და როცა გარდაიცვალა, მაშინ ისე დაიტირეს, გეგონებოდა, ქალები იყვნენ. მოთქმით ტიროდნენ და მათი ცრემლებით ყველა გაკვირვებული იყო... ბებო მართლაც, ყველაფერი საუკეთესოს ღირსი გახლდათ. მან ხომ დედობაც გაუწია ვაჟებს და მამის როლიც წარმატებით მოირგო, როცა ეს საჭირო გახდა. ბიჭებს ძმაკაცურად დაუდგა გვერდით და არათუ უშლიდა რაიმეს, არამედ აგულიანებდა, რომ ნამდვილი ვაჟკაცები, სამშობლოს პატრიოტები ყოფილიყვნენ. დღე და ღამე მუშაობდა, თვალები ამოღამებული ჰქონდა კერვისგან, მაგრამ ხელებს მაინც არ აჩერებდა; მისი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი ფული გამოემუშავებინა, შვილები გზაზე რომ დაეყენებინა, მათთვის სახლი ეყიდა, რათა არ ეთქვათ, უპატრონოები არიანო. ბიჭების მამას კი ეს ამბავი სულაც არ ადარდებდა. წლები ისე გადიოდა, ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ და ერთმანეთს შემთხვევით თუ გადაეყრებოდნენ გზაზე, თორემ სპეციალურად შვილების ნახვა არასდროს უცდია. - მამას და ბიძას დასთან თუ ჰქონდათ ურთიერთობა? - უკვე სკოლა ჰქონდა იმ გოგოს დამთავრებული, როცა ერთმანეთს შეხვდნენ. ბიჭებმა გადაწყვიტეს, რომ და უნდა გაეცნოთ და ქუჩაში დახვდნენ. იმანაც აღიარა, რომ იცოდა ძმების შესახებ, მაგრამ არ ველოდი, ასეთი კარგები თუ იქნებოდითო. თავიდან მალულად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მერე ბიჭებმა და შინ მიიყვანეს. იმ გოგოს ეგონა, ბებია ცუდი ქალი იყო. შიშით შეაბიჯა თურმე სახლში. ბებო მას ისე შეხვდა, როგორც ახლობელ ადამიანს. უთქვამს: ჩემი შვილების და ხარ და როგორც შევძლებ, მიმსახურეო. დედამისს არ მოსწონებია, ეს ამბავი რომ გაიგო. მამასაც საყვედური უთქვამს, როგორ გაბედე და მე არ შემითანხმდი, მათთან რომ მიდიოდიო? - ბაბუას იცნობდი? - კი, მაგრამ მას ჩემი გაცნობა დიდად არ გახარებია; მას რომ ჩავეხუტე, ვერც მე ვიგრძენი, სისხლით ნათესავი თუ იყო. მივხვდი, ამ უგრძნობი კაცისთვის არაფერს წარმოვადგენდი. მისი უარყოფილი შვილების ნაშიერი ვიყავი და არ ვაინტერესებდი - ეს კარგად მაგრძნობინა. ამიტომაც, როცა ის გარდაიცვალა, სამძიმარზეც არ მივსულვარ, მიუხედავად ჩემი მშობლების დაჟინებული თხოვნისა. მხოლოდ იმის გამო ვწუხვარ, რომ ბებია მასზე ადრე გარდაიცვალა. არადა, პირიქით უნდა მომხდარიყო... უნდა გთხოვოთ, რომ ბებოს ლექსი დამიბეჭდოთ. მართალია, შედევრი არ არის, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი რამაა: "არ ვიცი, ვის რას ვუშლიდი,/ უემოციოდ გამწირეს./ და გამაყოლეს მე ცოლად,/ ჯორივით ჯიუტს, გაუთლელს,/ დედა ჰყავდა იგეთი,/ ავს არ ვუსურვებ მისნაირს,/ მამა კი ჰგავდა წურბელს,/ როს სისხლს გწოვს დილა-საღამოს./ ვერ შეეგუა ეს გული,/ ასეთ ხალხს, უსიყვარულოდ./ ჰოდა, წლებს წლები მისდევდა,/ თავს ვგრძნობდი მე უპატრონოდ./ როს ჩვენ გაგვყარეს სახლიდან,/ ამოვისუნთქე შვებითო,/ ქმარს კბილი მოვუსიჯნე და,/ ისიც გავაგდე ჩემგან შორს./ არ იმსახურებს ოხერი,/ კარგ ცოლსა და კარგ შვილსო,/ ვირი რომ ვირად დარჩება,/ ეს ხომ ვიცოდი უმწიკვლომ,/ მაგრამ მაინც მას მიმაბეს,/ მშობლებმა გამდეს განზეო,/ ჩემს ცოდვას ვერსად წაუვლენ,/ დავკარგე სამარადჟამოდ". - გამოდის, რომ მშობლებზეც აიცრუა გული? - კი, ასე იყო. მას მერე, რაც მისი ნების საწინააღმდეგოდ გაათხოვეს, დედის ნახვის სურვილიც კი აღარ ჰქონდა. და-ძმა ყოველთვის ენატრებოდა, მაგრამ მათაც ადანაშაულებდა იმაში, რომ ხელი არ შეუწყვეს და სახლიდან არ გააპარეს, როცა მისი ბედი წყდებოდა. ბებია ყველასათვის მისაბაძი ქალი იყო. მთელი ცხოვრება ისე გაატარა, რომ მასზე აუგს ვერავინ იტყვის. ბედნიერი ვარ, რომ მისნაირი წინაპარი მყავდა... P.s. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: [email protected] |
\ 16 წლის ყოფილა როცა თვალი დაადგეს\ ძალით გათხოვილი და ქმრის ღალატით გახარებული ქალი
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.