თბილისი-სტამბული (სრულად)
„ რაც არ უნდა საწყენი იყოს, წარსულში ვერ დავბრუნდებით, როგორ ძლიერადაც არ უნდა გვინდოდეს ეს. როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება, ყველაზე კარგი განლაგების დროსაც კი არ იქნება “როგორც მაშინ”. ყველაფერი დროს მიაქვს. ყველაფერი მთავრდება. ამიტომ ვიცხოვროთ მომავლით და იშვიათად მივიხედოთ უკან, წარსულში, სადაც ვერაფერს შევცვლით. აი, მომავალი კი ჩვენს ხელშია და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. გვახსოვდეს ეს!“ პროლოგი ადამიანი ისეა მოწყობილი, როცა ბედნიერია, იმაზე არ ფიქრობს, რომ ერთ დღეს დაკარგავს ბედნიერებას, როცა ყველაფერი დაგეგმილი აქვს, ვერ წარმოუდგენია გეგმის შეცვლა. როცა მისი ცხოვრება რუტინის მდორე კალაპოტში მიედინება, ფიქრობს რომ მუდამ ასე იქნება. ყველაფერი მქონდა, რაც კი ჩემს ასაკში შეიძლება ვინმეს ენატრა. კარგი სამსახური, კარგი მეგობრები, გარეგნობა, სიმპატიური და ყურადღებიანი შეყვარებული. დაკავებული და აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი, საოცრად თვითკმაყოფლურადაც კი. ვფიქრობდი, რომ ეს, ასეც უნდა ყოფილიყო, სხვანაირად ვერც კი წარმომედგინა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღესაც ეს ყველაფერი ისე არ მომხიბლავდა, როგორც მაშინ. ვერ წარმომედგინა ცხოვრების ასე შეცვლა. თბილისის აეროპორტიდან, რომ ავფრინდით და თვითმფრინავი ჰაერში გასწორდა, მაშინვე წიგნი ამოვიღე და კითხვას შევუდექი. გული არ მიდგებოდა ერთ ადგილას, მოუსვენრობას შევეპყარი, ამიტომ ვერც წიგნს დავუდე გული. გადაშლილი წიგნი ისევ დავხურე და ილუმინატორში გავიხედე, ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიაზე ვიყავით. ფიქრებში გადავეშვი, ოცნება მისრულდებოდა. რომი მელოდა. ჩემი საოცნებო რომი. მე ხომ საერთოდ იტალიაზე ვგიჟდებოდი. არა მხოლოდ იტალიაზე, სამხრეთის ქვეყნებზე. მზე, სითბო, ზღვა, ზეთისხილის ხეებით, ულამაზესი არქიტექტურით, სიმწვანეში ჩაფლული შატოებით, ტემპერამენტიანი იტალიელებით. ფიქრებში გართულს სახეზე ღიმილი დამთამაშებდა და ერთი სული მქონდა იმ სამყაროში ამომეყო თავი, რომელზეც ამდენ ხანს ვოცნებობდი. სამსახურში, რომ მითხრეს რომში, კონფერენციას უნდა დაესწროო, ერთ წუთსაც არ დავფიქრებულვარ, ისე ჩავალაგე ბარგი ერთი კვირით ადრე და გაფრენის დღემდე სრულ ეიფორიაში ვიყავი. ისე მეჩქარებოდა წასვლა, ბილეთები რამდენიმე დღით ადრინდელ რეისზე ავიღე. ჯერ სტამბოლში უნდა ჩავფრენილიყავი და ორ დღეში სტამბოლი - რომის რეისით, მარადიულ ქალაქში ამოვყოფდი თავს. სტიუარდესამ, რომ გამოაცხადა ნახევარ საათში სტამბულის, ათათურქის სახელობის, საერთაშორისო აეროპორტში დავეშვებითო, მხოლოდ მაშინ გამახსენდა, რომ ორი დღე მომიწევდა სტამბულში გაჩერება, ჩემს თავზე გავბრაზდი, აზრზე არ ვიყავი სტამბულის და რა უნდა გამეკეთებინა, სად გავჩერდებოდი ღამით? სასტუმროში ნომერი მაინც დამეჯავშნა. როგორც კი ტრაპზე ჩამოვდგი ფეხი და სტამბოლური ჟინჟღლიანი წვიმა მომეგება, მაშინვე რაღაცნაირად გადამიარა სიბრაზემ ამ ქალაქზე, თუმცა რატომ ვბრაზობდი მანამდე ისიც ვერ გამეგო, რა სტამბულის ბრალი იყო, თუ მე ამ აღტაცებულობის დროს, რაღაცეები ვერ გავთვალე. ტერმინალზე სავიზო რეჟიმის გავლის შემდეგ, მე და ჩემმა წითელმა ჩემოდანმა, ჟურნალ-გაზეთების სტენდთან გადავინაცვლეთ და სავარაუდოდ თურქ გამყიდველს ინგლისურად ვთხოვე ქალაქის გზამკვლევი მოეცა. გამყიდველს სიტყვა არ უთქვამს, ისე გამომიწოდა გზამკვლევი და თითებით ათი მანახა, ანუ ათი ლირა უნდა გადამეხადა. საფულეში ფული მოვიძიე, ლირა არა მაგრამ რამდენიმე ასევროიანი და ერთიც ათ ლარიანი მედო. ხელები გაკვირვების ნიშნად გავასავსავე, ათლარიანი გავუწოდე, ღიმილით ჩამომართვა და თავის საქმეს მიუბრუნდა. ცალ ხელში გზამკვლევი მეჭირა და ცალი ხელით ჩემოდანს მოვაგორებდი. გარეთ უკვე გადაეღო წვიმას, ნაწვიმარზე საოცრად გამოიყურებოდა გარემო. ერთი ღრმად ჩავისუნთქე და გადავწყვიტე აეროპორტიდან ავტობუსით გავულიყავი სტამბულში. გაჩერებაზე დიდხანს არ მომიწია ლოდინმა. ავტობუსში ჩავჯექი და თავი მინას მივადე, დაღლილი კი ვიყავი მაგრამ მაინც ინტერესით ვათვალიერებდი სტამბულის ვიწრო და ფერად ქუჩებს. რამდენიმე წუთის წინანდელი წყენა და უარყოფითი განწყობა ამ ქალაქისადმი ერთ წამში შემეცვალა. ტაქსიმის მოედანზე ჩამოვედი, ერთი სული მქონდა რაიმე სასტუმრო მეპოვა და ცოტა დამესვენა. მიჭირდა უცხო ქალაქში ორიენტაცია, ვიდექი შუა მოედანზე გზამკვლევით ხელში და აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ისტაკლალს ავუყევი. ამ ხმაურიანმა ქუჩამ ძალიან მომხიბლა, თავისი კაფეებით, მაღაზიებით და ქუჩის მუსიკოსებით, მაგრამ მასზე მდებარე ვერც ერთ სასტუმროში ნომერი ვერ ვიპოვე. ყველა დაჯავშნული იყო. კიდევ ერთხელ მომეშალა ნერვები ჩემს თავზე, ასე სასტუმროს ძებნაში ერთი საათი ვიბოდიალე ქუჩებში და მერე პირდაპირ ვიწრო ტროტუარზე ჩამოვჯექი, ფეხები გავშალე და ისევ გზამკვლევს ჩავაჩერდი. მასზე კარგად იყო აღნიშნული სტამბულის იაფფასიანი ჰოსტელები და მათი მდებარეობა, მაგრამ იმდენად არეული მქონდა თავგზა, აღარ ვიცოდი საით უნდა წავსულიყავი. ბოლოს გზამკვლევი გვერდზე გადავდე, თავი ჩემოდანს ჩამოვადე და თვალები დავხუჭე. ახლა რას იზამ ჭკუისკოლოფო? შენი ფინანსებით სასტუმრო რიჩმონდს ვერ შესწვდები, არა, კი შესწვდები, მაგრამ მერე რომში მთელი კვირა ქუჩაში ხომ არ გაატარებ? დადექი ეხლა და ეძებე რომელიმე ჩაბინძურებულ ქუჩაზე, ნახევრად სარდაფის ტიპის, აქოთებული ჰოსტელი, ნესტიანი და ჩაბნელებული ოთახით. - დაგეხმაროთ, მადამ? - დამტვრეულზე უფრო დამტვრეული ინგლისურით მომიახლოვდა დაახლოებით თხუთმეტი წლის ბიჭი და გზამკვლევზე მიმითითა. - დარეკვა მინდა, - სიტყვითა და ხელების ქნევით ძლივს მივახვედრე სათქმელი. ბიჭს გაეცინა, ერთი ამათვალიერა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. გამიკვირდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამეხარდა, კიდევ ერთი პლიუსი დაეწერა ჩემს თვალში სტამბულს. საჩქაროდ ავკრიბე თბილისის კოდი და ჩემი დის პასუხს დაველოდე. - ალო, - ნაცნობი ხმის გაგონებამ ძალა შემმატა. - ნინა, მე ვარ, სტამბულში ვარ, მისმინე, ჩემს ოთახში შედი, უჯრაში, სულ ქვევით, ლურჯი ბლოკნოტი დევს, მიდი მონახე და უკანა ფურცელზე ნომრები მიწერია, გთხოვ ჯანაი ენდერ კაია და ელსა გონემი მოძებნე, ნომერი და მისამართი უნდა ეწეროს. - მივაყარე ისე რომ ერთხელ არ ამომისუნთქია. რა სუნთქვაზე იყო საუბარი თავი ხელში ძლივს ამყავდა, რომ არ მეტირა. ამხელა ქალაქში სულ მარტო ვიყავი და სასტუმროს ნომერს ვერ ვშოულობდი. ჯანაი და ელსა კი ჩემი ჯგუფელები იყვნენ უნივერსიტეტში, პირველ კურსზე საფაკულტეტო სავალდებულო საგნებს ჩვენთან ერთად გადიოდნენ ისინი და კიდევ რამდენიმე თურქი სტუდენტი. მათ გახსენებაზე ცოტა გულზე მომეშვა, მთავარი ახლა მათთან დაკავშირება იყო. - რა ბლოკნოტი, ქეთი? - ლურჯი ბლოკნოტია, პირველ კურსზე მქონდა და ჩემი ჯგუფელების ნომრები მიწერია, მანდ ჩემი თურქი მეგობრების ნომრებიც იქნება. - დავაკმაყოფილე მისი ცნობისმოყვარეობა და ჩემი თავი კიდევ ერთხელ გავკიცხე იმის გამო, რომ ის ბლოკნოტი წამოვიღე, კიდევ იმის გამო, რომ აქამდე ფეისბუქზე არ მოვძებნე. სანამ ნინა ბლოკნოტს ეძებდა, მე უხერხულობის ნიშნად ვუღიმოდი ჩემს მშველელს, რომელიც მოთმინებით ელოდა საუბრის დამთავრებას. - ქეთ, ჩაიწერე, - სასწრაფოდ კალამი მოვიძიე და პირდაპირ გზამკვლევზე მივაწერე ნინას ნაკარნახევი ნომრები. - აქ კიდევ რაღაც მისამართია, თუ არ ვცდები და სწორად ვკითხულობ, ჰოკა ალი სოკაკი - ის 6 ნომერი? - რა? ჰოკა ალი სოკაკი?- ჩავეკითხე ნინას და ჩაწერას ვაპირებდი, როცა ჩემმა მშველელმა გამაჩერა. - Hoca Ali Sokak? - ევეთ, ევეთ. -დავეთანხმე რადგან გამახსენდა რომ ჰოკა კი არა, ჰოჩა იკითხებოდა. - კარგი, ნინ. წავედი და დაგირეკავ მერე. - ბიჭმა ხელით მანიშნა საით უნდა წავსულიყავი. ჩემს მშველელს მადლობა გადავუხადე და ტელეფონი დავუბრუნე, მანაც თავი დამიკრა, „მადამ“- ო გამიღიმა და წავიდა. თვალი ღიმილით გავაყოლე და ჩემი ჩემოდანი მძიმედ გავაგორე. იქ რა იქნებოდა? ალბათ რომელიმეს სახლია-თქო გავიფიქრე და გზამკვლევს ჩავხედე, საკმაოდ დიდი გზა მქონდა გასავლელი, მაგრამ მაინც ფეხით ვარჩიე წასვლა. მივდიოდი და ქუჩებს ვათვალიერებდი, კარგი ამინდი იყო, ხალხით გადატენილ ისტაკლალის გამზირზე ( თავისუფლების გამზირი) ტელეფონის კაბინას მოვკარი თვალი, იქვე ბარათიც ვიყიდე და ჯერ ერთ ნომერზე დავრეკე, შემდეგ მეორეზე. როგორც ველოდი ჩემი ინგლისურით, ყურმილის მეორე მხარეს მყოფს, ვერაფერი გავაგებინე, ვერც სახელის ხსენებით გავხდი რამეს და ნერვებმოშლილმა დავკიდე ყურმილი. ვიდექი ნაწვიმარ ქუჩაში, შუა სტამბოლში და თავზე ხელებშემოწყობილი გავყურებდი ქუჩას. ბოსფორიდან ცივი ნიავი ჰქროდა, ირგვლივ ზღვის სურნელი ტრიალებდა და ერთ წამს თავი ბათუმში წარმოვიდგინე. გზამკვლევზე ჩაწერილი მისამართისკენ გავემართე, ვიმედოვნებდი, რომ რომელიმეს სახლის მისამართი იქნებოდა და თან ღია კაფეებისა და ყვავილების მაღაზიების ცქერით ვირთობდი თავს. მისამართზე, სადაც მივედი ჩემდა გასაკვირად ჰოსტელი დამხვდა, დაბალი, ცისფერი, ხის ღობით შემოვლებული ეზოთი და იასამნის ბუჩქებით. შენობა თეთრად იყო შეღებილი, ვარდისფერი და ცისფერი გაფორმებით და სულაც არ გახლდათ ჩემი წარმოდგენის ჩაბინძურებული ჰოსტელი. კართან ღიმილით შევდექი და გარემოს თვალიერება დავიწყე, ფოიეში დაბალი, ჩაპუტკუნებული, თავწაკრული ქალი შემომეგება. - მეარჰაბა, - მივესალმე ჩემი დამტვრეული თურქულით და სანაცვლოდ გულმოწყალე, კეთილი ღიმილიც დავიმსახურე. - ნომერი მინდა. ქალმა ისევ გამიღიმა და გამომყევიო თვალით მანიშნა, მივხვდი რომ ინგლისური არ იცოდა. შენობა ექვს სართულიანი იყო, ჩემი გამყოლიც ბოლო სართულზე შეჩერდა, წითლად შეღებილ კართან და განზე გადგა, რომ შევსულიყავი. შესვლამდე ბუკლეტი გამომიწოდა, მივხვდი ჰოსტელის შინაგანაწესი იყო. რაღაცას მელაპარაკებოდა თურქულად, მაგრამ არ მესმოდა, მერე ხელებით როგორც იქნა მანიშნა, რომ სავახშმოდ დუნდა ჩავსულიყავი. - İyi hisset. -თეშე ქიურედირუმ, - მადლობა გადავუხადე და როგორც კი კარი გაიხურა ოთახს მოვავლე თვალი. ვიწრო, მაგრამ ნათელი ოთახი იყო. ნარინჯისფრად შეღებილი კედლებით და დაბალი ფანჯრებით. ოთახში ერთი ერთადგილიანი საწოლი და ვიწრო კარადა იდგა, გვერდით ლამაზჩუქურთმიან ჩარჩოში ჩასმული სარკე ეკიდა და მარცხნივ, პატარა კარით კოხტა სააბაზანოში გადიოდი. ოთახში არსებულმა სისუფთავემ და განსაკუთრებით მისმა ხედმა ქალაქზე, ძალიან მომხიბლა. როგორც კი წყალი გადავივლე და გამოვედი, ფანჯარა გამოვაღე და სტამბულური მძიმე, ნესტიანი ჰაერი შემოვუშვი ფილტვებში. ვიდექი ღიმილიანი სახით და ჰორიჰონტზე ნაგლეჯად მომზირალ ბოსფორს გავყურებდი. პეიზაჟის ცქერით გართულს სულ გადამავიწყდა, რომ დაბლა უნდა ჩავსულიყავი. - ჰანიმ, - კარზე მსუბუქი კაკუნი გაისმა. – Bağlantılar gelmesi, senin için akşam yemeğinde bekliyor (ვახშამზე გელოდებით). - მაშინ რა თქმა უნდა ვერ გავიგე, კარი გამოვაღე და მომღიმარმა ჰანიმმა ჟესტიკულაციით ძლივს მიმახვედრა რა იგულისხმა. - ევეთ, ევეთ. - თავი დავუქნიე და სასწრაფოდ ჩავიცვი ტანსაცმელი. მაინც თურქეთში ვიყავი, თან საოჯახო ტიპის სასტუმროში, მხლებლის გარეშე და ვარჩიე გრძელი სარაფანი და ნაცრისფერი ჟაკეტი ჩამეცვა. პირველ სართულზე ფოიეში, ჩემ მსგავსად ბევრ ტურისტს მოეყარა თავი, უმეტესობა ფრანგი იყო. განაპირას, მაღალზურგიან სკამზე ჩამოვჯექი და მაგიდიდან ჟურნალი ავიღე. რომელიღაცა თურქული, ელიტარული ჟურნალი იყო. უინტერესოდ ვშლიდი ფურცლებს და ტელეფონით, ფეისბუქზე ჩემს შეყვარებულს ჩამოსვლის ამბებს ვუყვებოდი. მესიჯობაში და თვალიერებაში გართულმა ვერ გავიგე, როგორ გაჩუმდა ყველა, დარბაზში მხოლოდ ერთი მამაკაცის, აქცენტიანი ინგლისური ისმოდა და ჰოსტელის პირობებს და დღევანდელ მენიუს გვაცნობდა. ჟურნალი ისევ მაგიდაზე დავაბრუნე და წამოვდექი. ჩემ წინ რამდენიმე გოგო იდგა და მოსაუბრეს ეფარებოდა, თუმცა კარგად მესმოდა მისი აქცენტიანი ინგლისური და ჩემთვის მეღიმებოდა. როგორც აღმოჩნდა ჰოსტელის მფლობელის შვილი იყო და მენეჯერ-ადმინისტრატორობას ითავსებდა. მამაკაცმა სავახშმოდ მიგვიწვია, ყველა სასადილო ოთახისკენ დაიძრა, მე კი ცოტა ხნით შევრჩი დიმასთან მესიჯობას და თავი, რომ ავწიე ფოიეში მხოლოდ მე ვიდექი, დაბნეულმა მოვავლე თვალი გარემოს და მეც სასადილოსკენ გავწიე. - ქეთი? - ჩემი სახელის გაგონებამ, თანაც ქართულად, წამით გამაშეშა. მკვეთრად შემოვბრუნდი და გაოგნებული მივაშტერდი, ჩემ წინ მდგარ, ახოვან მამაკაცს, შავი წვერებით, მოზრდილ შავ თმაში და შავი დიდი თვალებით მომზირალს. მოზრდილი ნერწყვი ძლივს გადავუშვი, მოულოდნელობისგან შეცბუნებულმა, გამშრალ ყელში და კითხვის ნიშნის სახით გავუღიმე. - ქეთი, ვერ მიცანი? ტანში გამცრა, გული საგულედან ამომიხტა, თავბრუ დამეხვა, შევკრთი და შევცბუნდი. ის იყო... მთელი რვა წლის უნახავი... უფრო სიმპატიური, უფრო მიმზიდველი და მომნუსხველი. ვიგრძენი, როგორ დამასხა ცივმა ოფლმა და ხელებიც გამიცივდა. ვერ ვიჯერებდი, არ მესმოდა. - ომერ? ********* ერთ კურსზე ვიყავით, მე ფილოლოგიურზე, ის აღმოსავლურ ენებზე, არაბულს ეუფლებოდა. სავალდებულო, საფაკულტეტო საგნები გვქონდა ერთად. ისტორიის ლექციაზე თითქმის ასი ბავშვი ვიყავით, უმეტესობას ვიცნობდი სხვა საგნებიდან, რამდენიმე უცნობიც იყო, მათ შორის ერთი განსხვავებულად საინტერესოდ მეჩვენა. სიმპატიური იყო, რაღაცნაირი განსხვავებული, არ ჰგავდა სხვა უნივერსიტეტელ სიმპატიურ ბიჭებს, „პონტში“ მყოფებს. აუდიტორიაში შესვლისთანავე შევამჩნიე, ნაპირზე იჯდა, ფანჯარასთან, რაღაცას კითხულობდა, თან კალამს ათამაშებდა ორი თითით. თავი დავადე და პირდაპირ მასთან მივედი. მის გვერდით ორი ადგილი იყო თავისუფალი და მეც ნაპირზე ჩამოვჯექი. გადმომხედა. გავუღიმე. არაფერი შეუმჩნევია, კითხვა განაგრძო. მეც წიგნი ამოვიღე. ასე ყოველ ლექციაზე მის გვერდით ვჯდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობრები სხვაგან ისხდნენ. არც სახელი ვიცოდი, არც გვარი. არც ის იღებდა ხმას, არც მე. მანამდე, სანამ... ********* უნივერსიტეტის ცეკვის ანსამბლში ახალი აყვანილი ვიყავი. ქართულში სოლოს ვცეკვავდით და უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესთვის ვემზადებოდით. ყოველ დღე ლექციების შემდეგ ვრჩებოდით და გვიანობამდე ვმეცადინეობდით. ერთ საღამოს, ცეკვისგან დაღლილს, საშინლად მომინდა წყალი, რადგან დარბაზში არ გვქონდა წყლის აპარატი, ნულოვან სართულზე მომიწია ჩასვლა. იქ არაქართულენოვან სტუდენტებს დამატებითი ლექციები უტარდებოდათ ქართულ ენასა და ლიტერატურაში. აპარატიც ზუსტად იმ აუდიტორიის წინ იდგა, სადაც ლექცია ტარდებოდა. მე ჩიხტიკოპსა და ქართულის კაბაში გამოწყობილმა მივირბინე აპარატთან და ორი ჭიქა წყალი სულმოუთქმელად დავლიე, მესამე კი წასაღებად მოვამზადე. უკან მობრუნებას ვაპირებდი, ჩემკენ მომზირალ თვალებს, რომ გადავაწყდი. ეგოისტურად მესიამოვნა მის მზერაში ამოკითხული აღფრთოვანება. ხელოვნური ნაწნავები დემონსტრაციულად გადავიყარე ზურგს უკან და ტანის ნაზი რხევით დავტოვე დერეფანი. იმ დღის შემდეგ ყოველ რეპეტიციაზე ვგრძნობდი, რომ ვიღაც დაჟინებით მიმზერდა, მაგრამ გაწბილებული ვრჩებოდი, როცა ცარიელ დარბაზს მოვავლებდი თვალს. • კონცერტის წინა დღეს, ყველაზე ბოლოს მე დავტოვე გამოსაცვლელი ოთახი და ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში, სკამებს შორის ძლივს გავიკვლიე გზა ტელეფონის განათების ფონზე. თითქმის გამოსული ვიყავი დარბაზიდან ხმა რომ მომესმა, შევდექი მაგრამ უკან მიხედვა ვერ გავბედე. ვხვდებოდი ვიღაც მიყურებდა, მეშინოდა კიდეც, თუმცა ვიცოდი საშიში არაფერი იყო. ქვეცნობიერად ვხვდებოდი, რომ საფრთხე არ მემუქრებოდა. • კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა, ბევრი აპლოდისმენტი, თაიგული და საქებარი სიტყვა მივიღეთ. ცეკვის დროს ვგრძნობდი ისევ იმ მზერას, ვცდილობდი ამ მზერის პატრონი მომეძებნა პარტერში, რა თქმა უნდა, ვერავინ ვიპოვე. როგორც კი ფარდა დაეშვა და აღელვებულებმა სირბილით დავტოვეთ დარბაზი. ცოტა ხანში საგრიმიოროს კარი, ქალბატონმა ნელიმ, დარბაზის დამლაგებელმა შემოაღო წითელი ვარდების თაიგულითა და პატარა ყუთით ხელში. თვალმოჭუტულმა შემოგვავლო გამომცდელი მზერა და პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა, უნებურად წამოვდექი ფეხზე და დაძაბულობისგან ყელი ამტკივდა. - ბედი გქონია, საყვარელო. - არც ისე კეთილისმსურველი სახით მითხრა და საჩუქრები მომაჩეჩა. გაოცებისგან მადლობის თქმა ძლივს მოვახერხე, გარშემო გოგოები შემომეხვივნენ და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ჩემი საჩუქრების გამო. მე კი მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს და საჩუქრის გახსნა გავბედე, როცა ყველა გაიკრიფა საგრიმიოროდან და მარტო დავრჩი. ხელის კანკალით შემოვხსენი ყუთს ლამაზი ცელოფანი და ვერ წარმოიდგენთ რა დამემართა, როცა იქ, ოქროს სამაჯური დავინახე, მუსლიმური მთვარის ფორმებით გაწყობილი. საჩუქრის სიძვირფასემ მეტყველების უნარი დამიკარგა, ვერ წარმომედგინა ვინ შეიძლება ყოფილიყო გამომგზავნი, ჩემს თაყვანისმცემლებს შორის იყვნენ, რა თქმა უნდა, ისეთი ბიჭები, ვისაც ასეთი ძვირადღირებული სამკაულის ჩუქება არ გაუჭირდებოდათ, მაგრამ რატომღაც არც ერთი არ მიმაჩნდა გამომგზავნად. მაყურებლისგან საჩუქრებისა და თაიგულების გამოგზავნას მიჩვეული ვიყავი, მაგრამ ასეთი ძვირადღირებული არც ერთი ყოფილა. საჩქაროდ გამოვიცვალე კაბა და სირბილით დავტოვე უნივერსიტეტი. მხოლოდ მაშინ გავჩერდი, როცა ვარაზისხევს ფეხით დავუყევი და გრილმა ნიავმა საღად აზროვნების უნარი დამიბრუნა. მივხვდი, რომ ეს არ იყო უბრალო მაყურებლის სიყვარულისა და აღფრთოვანების გამოხატულება. სიამაყისა და ბედნიერების განცდით გაბრუებული მხოლოდ საჩუქრის ავტორზე ვფიქრობდი. მთელი კვირა ჩანთით დავატარებდი სამაჯურს, დროდადრო დავხედავდი, მაგრამ გაკეთებას ვერ ვბედავდი, თითქოს რაღაც მაკლდა, არ ვიცი ეს რა იყო, მაგრამ ვიცოდი, ეს საჩუქარი ბევრ რამეს შეცვლიდა. საჭირო მომენტს ველოდი... იმ დღეს ისტორიის ლექციაზე შესულმა, ისევ ჩემი ჩვეული ადგილისკენ გავწიე. ისიც ისევ იქ დამხვდა. არც ამჯერად არაფერი შეუმჩნევია, მხოლოდ წამით გადმომხედა და ოდნავ გაეღიმა. მე ეს მისალმებად ჩავთვალე და საპასუხოდ მთელი გულით გავუღიმე. მას შემდეგ კიდევ ორ ლექციაზე ასე უსიტყვოდ ვუღიმოდით ერთმანეთს, მესამე ლექციაზე კი მოხდა ის, რასაც ბევრი გარდამავალ წამს, მე კი ცხოვრების ნიშანს ვუწოდებ. იმ დღეს პირველად გავიგე ჩემი ასე ახლობელ- შორეული ჯგუფელის სახელი. იმ დღეს სემესტრის განმავლობაში პირველად ამოიკითხა ლექტორმა სია. ქართველი და რამდენიმე თურქი სტუდენტის შემდგომ, „ომერ სენთურქის“ ამოკითხვისას, ჩემი მეზობელი დინჯად წამოდგა ფეხზე და ვარო წარმოთქვა. ხავერდოვანმა, რაღაცნაირად დაძაბულმა, აქცენტით წარმოთქმულმა სიტყვამ და მისმა სახელმა უფრო მეტად მიიქცია ჩემი ყურადღება. ლექცია დასრულდა და სტუდენტები წამოიშალნენ, მეც ჩემს ნივთებს ვალაგებდი ჩანთაში, რომ მისმა ხმამ შემაჩერა: - ქეთი, ხო? - დიახ. - ცოტა დავიბენი, თუმცა გამეხარდა კიდეც, როგორც იქნა გაბედა გამოლაპარაკება. - ომერი. - ხელი გამომიწოდა. გავწითლდი, ხან მის გამოწვდილ ხელს დავყურებდი, ხან მის შავ თვალებს მივჩერებოდი. გაეცინა, ისე მომხიბვლელად და ისე ლაღად, სუნთქვა შემეკრა. მერე კი გაუბედავად შევაგებე მის ხელს ჩემი ხელი. ბანალურია ალბათ, მაგრამ ამ წამმა ყველაფერი შეცვალა. მტევნის ზემოთ მაჯაზე, სწორედ ისეთი სამაჯური დავუნახე, როგორიც მე გამომიგზავნეს. აღმოჩენისგან აღელვებულმა, პირი დავაღე, ღრმად რომ მესუნთქა. ახლა ცნობილი იყო საჩუქრის გამომგზავნი, მაგრამ არ ვიცოდი, უნდა შემემჩნია ეს ყოველივე, თუ არა. მერე ქალურმა სიამაყემ მძლია, მხრებში გავსწორდი, თავი მაღლა ავწიე და ვითომც არაფერი ისე გავუღიმე. - სასიამოვნოა, ომერ. გაეცინა, არა უფრო ჩაეცინა. რა თქმა უნდა, მიხვდა ჩემს ოინს, იმასაც მიხვდა, რომ მეც მივხვდი, თუ ვინ იყო. ჩემი საქციელის გამოცნობაც არ გასჭირვებია, თუმცა არაფერი შეუმჩნევია, ის ხომ ასეთი იყო. .............. ფროიდი ამბობდა, შემთხვევით არაფერი ხდებაო. ბედისწერაც ეს არ არის? ალბათ ეს ყოველივე, ჩემი სტამბულში მოხვედრაც ამას მიანიშნებდა, მაგრამ ამაზე მაშინ არ მიფიქრია. ახლა კი, როცა მის წინ ვიდექი და მისი თვალები ისევ ისე მიფორიაქებდნენ ფიქრებსა და გრძნობებს, მე ვიწამე ფროიდისა. ............. ის ისევ ისე გამოიყურებოდა, მხოლოდ უფრო მამაკაცურად, ვათვალიერებდი მის სახის ნაკვთებს და მინდოდა აღმომეჩინა ისეთი რამ, რაც დამარწმუნებდა, რომ ის ძველი ომერი არ იყო, ვერაფერი ვიპოვე გარდა იმისა, რომ წვერი ჰქონდა მოზრდილი. ერთმანეთზე დაკვირვებამ ალბათ ხუთ წუთს გასტანა. მერე ნელ-ნელა შეგვეპარა სახეზე ღიმილი, ბოლოს კი ორივემ გულიანად გავიცინეთ. ვიდექით ფოიეში, ერთმანეთს ვუყურებდით და ვიცინოდით, მე პირზე ხელს ვიფარებდი, ის თმაზე ისვამდა ხელს, სიცილს კი არ ვწყვეტდით. გიჟური მომენტი იყო. სიცილმა რომ გადაგვიარა და ომერმა ისევ წარბები შეკრა, ჩვენს შორის თითქოს უხილავი ინტიმური ძაბვა გაჩნდა. ნერვიულობამ ამიტანა, ყელზე ხელი მოვიჭირე, როგორც ნერვიულობისას მჩვევია და გაშლილი თმა ერთი ხელით უკან გადავიყარე. სტამბული რაღაცას მიპირებდა... ის ჩემს წინ დაჯდა, ზურგით სკამს მიეყრდნო და თვალებში ჩამხედა. - აბა? - იდუმალი ხმით მკითხა. - რაა? - ხელები გაკვირვების ნიშნად გავშალე. - საიდან სტამბულში? - მის ნათქვამ წინადადებაზე გამეღიმა, ისევ ამახინჯებდა ქართულს. - რომში მივფრინავდი, მაგრამ ჩარტერული რეისი სტამბულის გავლით იყო, დროები ვერ გავთვალე და... ახლა ორი დღე მომიწევს აქ ყოფნა. - მხრები ავიჩეჩე. - რომში? - მარადიულ ქალაქში... - რომში? - ისევ ჩამეკითხა, ნაწყენი ხმა ჰქონდა. - ყველა გზა რომში მიდისო, ხომ გაგიგია. - რატომღაც თავის მართლება გამომდიოდა. - სისულელეა. - გაეცინა, ისე გაეცინა, მეგონა თავსხმა წვიმამ ერთი ხელის მოსმით გადაიღო-მეთქი. -სულაც არა. - ვიწყინე. - ნახავ, თავადაც მიხვდები. - გამიღიმა. არაფერი მითქვამს, იმ წუთას მოტანილ აირანს დავწვდი და ერთი მოყუდებით დავცალე. რაღაცნაირი გემო დამიტოვა, მაშინ ვერ მივხვდი, ახლა კი ვიცი, მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი, რა იყო ეს გემო. - ანუ, საქმიანი ქალი ხარ? - გახლავარ. - ახლა მე გამეცინა. - შენ? - მე? მე აი ეს ვარ, რასაც აქ ხედავ. - ირგვლივ მიმოიხედა. დარბაზი სავსე იყო ტურისტებით, მაგიდები კი თურქული ტკბილეულით. - მერე შენი ოცნებები? - კარგი რა, ქეთი. შენ თავს შეხედე, - ხელი ჩემსკენ გამოიშვირა. სუნთქვა შემეკრა, მის მზერეში ირონია ამოვიკითხე. - განა შენ ამაზე ოცნებობდი? ნირწამხდარმა თვალი ვეღარ გავუსწორე, მზერა მოზაიკის იატაკზე გამიშტერდა. - საქმე გექნება, არ მოგაცდენ. - ესღა მოვიფიქრე და სკამიდან წამოვდექი, მაგრამ წასვლა არც მიფიქრია, მაგიდის უბრალო, ტილოს ყვავილებიან გადასაფარებელს ვუჭერდი ხელს და სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი. - მე სტამბულს დავათვალიერებ. - არ გირჩევ. - მისმა ნათქვამმა ნაბიჯი ვეღარ გადამადგმევინა. - სტამბულს ასეთი თვისება აქვს, ერთხელ თუ შეიგრძნობ ვეღარ მოშორდები, ვეღარ დაივიწყებ, აღარ გაგიშვებს. - უკან მედგა, მის არსებობას ვგრძნობდი თმის ძირებში. - ნუთუ? - გამომწვევად შევბრუნდი და იდუმალი ღიმილიც არ დამიშურებია. - რით დამაკავებს? - სურნელით, სევდით... სიყვარულით... - ხმა დაუბოდხა, დაბნეულიც კი მეჩვენა. - ვნახოთ, ორი დღე მაქვს. - საკმარისია. - ისევ გამიღიმა. - მაგრამ ამ ორ დღეს სულ ჩემს გვერდით მოგიწევს ყოფნა. - რაღას უცდი, დრო გადის. - მარცხენა მხარეს, წითელ კედელზე ჩამოკიდებულ, დიდ საათზე მივანიშნე. თორმეტი სრულდებოდა. ომერმა უკან გაიხედა, გრძელ, გაშლილ მაგიდასთან მდგარ, ხანშიშესულ მამაკაცს რაღაც ანიშნა. მამაკაცს უხეში ნაკვთები და დიდი ულვაშები ჰქონდა, თურქული ეროვნული სამოსი ეცვა და მიუხედავად ამისა, მაინც საოცრად ჰგავდა ომერს. ........................ გრძელ, მაგრამ ვიწრო ქუჩას დავუყევით, სივიწროვის მიუხედავათ ქუჩაში უამრავი ადამიანი მოძრაობდა, აქეთ-იქით კი მაღაზიები ჩამწკრივებულიყო, მაღაზიებს სწრაფი კვების ობიექტები და თურქული ეროვნული სამოსის ღია ბაზრობა ჩაენაცვლა. - სტამბულის გაცნობა, აქედან, ამ ვიწრო ქუჩებიდან და უბრალო ხალხიდან უნდა დაიწყო. - ომერი სახეგაბადრული მომყვებოდა გვერდით და ყოველი ახალი ადგილის დანახვაზე მაცნობდა აქაურობას. ხალხმრავლობა შეწყდა, ახლა ქუჩაში მხოლოდ ჩვენ მივაბიჯებდით და კატები ირეოდნენ. ომერი უეცრად დაიხარა, ხელში პატარა, ფუმფულა, თაფლისფერი კნუტი აიყვანა და გულზე მიიკრა. - აი, სტამბულის საპატიო მოქალაქეებიც, გაიცანი. - სასაცილო სანახავი იყო. - საპატიო მოქალაქეს ჩემი ტურისტული სალამი. - თათზე გავეთამაშე კნუტს. - იშვიათი კადრია, ფირზე აღბეჭდვას იმსახურებს. - ომერმა პოზა დაიკავა, კნუტი ზემოთ ასწია და დაელოდა, როდის გადავიღებდი ფოტოს. კატების უბნის გავლის შემდეგ, შედარებით პრესტიჟულ ქუჩაზე გავედით. - ხელი მომეცი, აქ იმდენი ხალხი მოძრაობს, შეიძლება დამეკარო, - პასუხს არ დალოდებია, ისე ამიწია მოსაცმელის მაჯა და ხელზე ხელი ჩამავლო. ღმერთს მადლობა გადავუხადე, რომ ეს ხელი მარჯვენა არ იყო. წარმოუდგენელია, როგორ შეცვლილა მისი დამოკიდებულება ასეთი ფამილარული რამეების მიმართ. დაბნეულობა არ შევიმჩნიე და მორჩილად გავყევი უკან. - ეს ბიძია აბდულას მაღაზიაა. - მანიშნა ოქროსფრად შეღებილ ვიტრინებზე. - სტამბული დარიჩინისა და ზეითუნის ზეთის საპნით განთქმულია. აქედან, ამის გარეშე რომ წახვიდე, საცოდაობა იქნება. მაღაზია საოცრად ლამაზი და მყუდრო იყო, არაფრით არ ჰგავდა ჩემთვის ასე ცნობილ პარფიუმერულ მაღაზიებს, კონდიციონერის სიგრილით და პარიზული დახვეწილობით, რომ იწონებენ თავს თბილისში. მაღაზია სავსე იყო ვიტრინებითა და მასზე ჩამწკრივებული ნელსაცხებლებით, საპნებითა და სხვა სააბაზანო კოსმეტიკით. ოთახის ბოლოს, ღია კარზე, მძივებასხმული ფარდა ფრიალებდა. - ბიძია, - ომერმა თავი ფარდის იქით შეყო და ვიღაცას რაღაც უთხრა თურქულად. მძივებიანი ფარდა გადაიწია და იქიდან მეტად ჩაპუტკუნებული, ულვაშიანი კაცი გამოვიდა. სანდომიანი სახე ჰქონდა. ბიძია აბდულას ძალიან გაეხარდა ჩემი დანახვა და ომერს რაღაც გადაულაპარაკა. ომერმაც ღიმილით დაუბრუნა პასუხი. მომეჩვენა, რომ აბდულა მიცნობდა. - რა გითხრა? - ბოსფორზე ამოსული მზესავით ლამაზიაო. - ხმადაბლა მითხრა და ვიტრინას მიუბრუნდა. გულში რაღაც ჩამწყდა. კეთილ მოხუცს უბრალოდ გავუღიმე და მაღაზიის თვალიერება განვაგრძე. სამი სხვადასხვა ფერისა და ფორმის საპონი გადმოიღო ომერმა, მერე ბიძამისს მიაწოდა და რაღაც უთხრა. - წავიდეთ. - მერე ჩემი საპონი? - მიამიტურად გამომივიდა. - გამოგზავნის. - მაღაზია უხმოდ დავტოვეთ. წეღანდელმა სიტყვებმა თითქოს უხერხულობა ჩამოაგდო. - ბიძია აბდულა დედაჩემის ძმაა, რაც დედა გარდაიცვალა, ის გახდა ჩემი მეგობარი და მესაიდუმლე. - თითქოს გულს მიშლიდა. ხმა ვერ ამოვიღე, არ ვიცოდი დედა თუ გარდაეცვალა. .................. ომერის გაცნობის შემდეგ ჩემში რაღაც შეიცვალა, უფრო ამაყი და თავდაჯერებული გავხდი. ქალურმა თავმოყვარეობამ იჩინა თავი. ბიჭების ყურადღებას ისედაც მიჩვეული ვიყავი, მაგრამ ომერის ყურადღება და მისი საჩუქარი სულ სხვა რაღაც იყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ საჩუქრებზე დახამებული გოგო ვიყავი, არა. აი, როგორ აგიხსნათ, აქ ომერის ჩემდამი დამოკიდებულება გამოიკვეთა. მივხვდი, რომ ისიც ისევე იყო ჩემით დაინტერესებული, როგორც მე მისით. ვაღიარებ რელიგიური და ეროვნული განსხვავებულობაც დიდ როლს თამაშობდა ამ ამბავში, მეამაყებოდა და მომწონდა ეს ყოველივე. ყოველ დღე ვხვდებოდით ერთმანეთს უნივერსიტეტის ბაღში და ათას რამეზე ვსაუბრობდით, თუმცა ეს საუბარი არასდროს წასულა სხვა მხარეს. ის ყოველთვის ღიმილით მისმენდა, როდესაც მე ცეკვაზე და ჩემს მომავალ პროფესიაზე ვსაუბრობდი. ვოცნებობდი, რომ კარგი მასწავლებელი გავმხდარიყავი და ქართული იმ ბავშვებისთვის მესწავლებინა, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, მაინც არ იცოდნენ ქართული, ისინი რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენდნენ. უნივერსიტეტს კი კურსდამთავრებულთათვის ჰქონდა ასეთი პროექტი; ის ვინც არაქართულენოვან სოფლებში წავიდოდა მასწავლებლად და ერთი წელი იცხოვრებდა მათ გვერდით, გააცნობდა ქართულ ტრადიციებს, ასწავლიდა ენას, მაგისტრატურის გადასახადს სრულად აუნაზღაურებდა. მე კი ძალიან მინდოდა ამ პროექტში ჩაბმა, რაღაც აზარტი მოჰქონდა ამ ყოველივეს. ომერი კი დიპლომატობაზე ოცნებობდა, უნდოდა მომავალში აში, ან რომელიმე არაბულ ქვეყანაში ელჩი თუ არა, კონსული მაინც ყოფილიყო. .......................... - გამოცდების შემდეგ თურქეთში წახვალ, არა? - ვკითხე ერთხელ, როდესაც ქუჩაში უმისამართოდ დავეხეტებოდით. ოდნავ გაეღიმა. - ხო, იქაა ჩემი სახლი. - თვალები აუციმციმდა. - სტამბულის გარეშე ვერ ვიცოცხლებ. - მე კი თბილისის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება, - ახლა მე მომაწვა ჩემი ქალაქის სიყვარული. - იცი, სოფელში, რომ მივდივარ, ან სადმე დასასვენებლად, პირველ ღამეს ვერაფრით ვიძინებ, მერე კი ყოველ ღამე მესიზმრება თბილისი. - ლამაზია თბილისი. - სევდიანად დამიდასტურა. - იცი, რას ამბობდა ცნობილი არაბი პოეტი რიზკალაჰ ჰასუნი: “დამასკოს აქებს, ვით სამოთხეს, ყურანის სურა, აღმოსავლეთის პოეტებიც მას უმღერიან, ჰოი აშუღნო, ალაჰის წიგნს ნუ იღებთ ყურად – “თბილისი ქვეყნად ყველაფერზე მშვენიერია". - თავხედი ყოფილა ეგ შენი ჰასუნი.- უკმაყოფილოდ შეკრა წარბი ომერმა. - ეტყობა მას სტამბული არ უნახავს. - ნუ ხარ ეგოისტი, ნახე მართლაც რა ლამაზია თბილისი. - უკვე ნარიყალაზე ვიდექით და ზემოდან გადმოვყურებდით თბილისს. - თბილისი რაღაცით ჰგავს სტამბულს, - იქვე გალავანზე ჩამოჯდა და საუბარი დაიწყო. - თბილისიც მასავით ორ სამყაროს შუაა გაჩხერილი, აქედან ევროპა ექაჩება თავისი გამაბრუებელი თავისუფების ბალადებით და იქით აზია, წარსულის ნოსტალგიით. - ომერი გატაცებით საუბრობდა, საუბრის დროს ხანდახან წარბს შეჰკრავდა, ხან კი თვალებში სხივები უციმციმებდა. ომერი არავის ჰგავდა, სრულებით არავის და მე სწორედ ეს მიზიდავდა მასში. ....................... - ქეთი, - მონაბერმა ქარმა მოიტანა მისი ნათქვამი ჩემი სახელი. მთაწმინდაზე ვიყავით. - ყველაზე ლამაზი ქალი ხარ დედამიწაზე. ყველაზე გულწრფელი იყო იმ დღეს ომერი. ჩემ წინ იდგა, ძალიან ახლოს, თვალებში მიყურებდა და ქარისგან აფრიალებული ჩემი თმები სახეზე ელამუნებოდა. მისმა თვალებმა მეტყველების უნარი წამართვა. ........ - გეძებდი, წამოდი ცოტახანს დარბაზში, რა... - უნივერსიტეტის დერეფანში, თურქ მეგობრებთან ერთად მდგარ ომერს, სირბილით მივეჭერი, ლოყაზე ვაკოცე და ხელი ჩავკიდე. - სირცხვილია, ქეთი. - ხელი გამაშვებინა და მეგობრებს გადახედა. ჯანაი და ელსა ჩუმად ფხუკუნებდნენ, სხვები კი გაკვირვებულნი მიყურებდნენ. ხო, ისინი თავშლებითა და გრძელი კაბებით დადიოდნენ, მათ განსხვავებული წესები და ტრადიციები ჰქონდათ, ქალი არ შეიძლებოდა ასეთი თამამი ყოფილიყო. მე კი ჯინსის დახეული შარვალი და ზედმეტად გულამოღებული მაისური მეცვა, არც თმას ვმალავდი და არც ფეხებს. - კარგი, როგორც გინდა. - ნირწამხდარი გავეცალე და სიბრაზისგან მთლიანად ავწითლდი. - ქეთი, - უკან გამომედევნენ ჯანაი და ელსა. - დაიცადე. ახლა მათთან საუბარი ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ უარს ვერ ვეტყოდი. - ომერი უბრალოდ ცდილობს დაგიცვას. - საუბარი წამოიწყო ელსამ, როდესაც გარეთ გამოვედით. - რისგან? - გაკვირვებისგან ხველა ამიტყდა. - ხომ იცი, ჩვენი რელიგია, წესები... - კარგით რა, რომელი საუკუნეა? ან ასეთი რა გავაკეთე? - საუკუნე არაფერ შუაშია, ჩვენი რელიგია... - სიტყვა ვეღარ გააგრძელა ჯანაიმ. - ჯანაი. - არ ვიცი როდის წამოგვადგა თავს ომერი, მაგრამ რომ შევხედე, შემეშინდა, მკაცრი მზერა ჰქონდა. - ჩვენ წავალთ. - ელსამ ჯანაის რაღაც ანიშნა, და ორივე ფეხზე წამოდგა. როგორც კი გოგოები გაგვეცალნენ, ომერი ჩემს გვერდით სკამზე ჩამოჯდა და მზერა ეზოს ბოლოს, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიას გაუსწორა. - გრძნობების სახალხო გამოხატვა არ მეხერხება, ქეთი. უფრო მეტიც, არ მომწონს. - ისევ არ მოუცილებია ეკლესიისთვის თვალი. - ასე გავიზარდე, ასე ვცხოვრობ, ეს მასწავლა გარემომ, სადაც ჩამოვყალიბდი. - და რელიგიამ... - ხო, რელიგიამ... - მეგონა გრძნობებთან რელიგია კავშირში არ იყო. - იმედგაცრუებული ვიყავი. მაშინ უკვე გვქონდა გრძნობები ერთმანეთის მიმართ, მართალია ის ყოველთვის თავშეკავებული იყო და ამაზე ასე ღიად არ გვისაუბრია, მაგრამ მისი ყურადღება და მისი ქცევა ჩემს ეჭვს ადასტურებდა. - შენც ხომ იცი, რომ ეს ჩვენს შემთხვევაში უფრო რთულადაა? - მხოლოდ ახლა მობრუნდა ჩემკენ. - მე ამას ვერ შევეგუები, ეს არაა სამარცხვინო, ეს არაა ცოდვა, მე არაფერს ისეთს არ ვაკეთებ რაც არასწორია. - აღშფოთებული წამოვხტი ფეხზე. - აი, აქ ჩანს ჩვენი მენტალური განსხვავება. სოციალური განსხვავებულობა. - უჩვეულოდ წყნარი ხმით მითხრა. კამათის სურვილიც კი დამეკარგა. - რას ითხოვ ჩემგან? - სასოწარკვეთამ მომიცვა. მობუზული მივუჯექი. - რა გინდა? ომერს ხმა არ ამოუღია, ამაოდ ველოდი პასუხს, მეშინოდა მისი პასუხის, თუმცა უთქმელადაც ვხვდებოდი რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ, რა თქმა უნდა, აღიარების და სიმართლისთვის თვალის გასწორების მეშინოდა. იმ დღეს უნივერსიტეტს პრაღის უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორები ეწვივნენ, ოფიცალური მიღების შემდეგ, სტუმრებს ქართული ნაციონალური ცეკვა გავაცანით. მე და ჩემი მეწყვილე ისევ ქართულს ვცეკვავდით. განსაკუთრებით თავგამოდებით, მთელი გრძნობით შევასრულე ჩემი პარტია. ბოლო წრეს ვათავებდი, როდესაც დარბაზში ომერს მოვკარი თვალი. მომეჩვენა, რომ არ სუნთქავდა, თვალთ დამიბნელდა, ძალიან ვეცადე, რომ სცენიდან ინციდენტის გარეშე გავსულიყავი. როგორც კი კულისებში გავედი, კედელს ავეკარი და თვალებდახუჭულმა ვცადე დაწყნარება. - ამიტომ გიჟდებოდნენ ჩემი წინაპრები ქართველ ქალებზე. - სიბრაზისგან ცხვირის ნესტოები დამებერა. - ახლა აღარ გიჟდებით? - ირონია არ დამიკლია, ზურგი ვაქციე და ხელოვნური ნაწნავების მოხსნა დავაპირე. თავისკენ წაღებული ხელი გამიკავა და მისკენ მიმაბრუნა. მკაცრი მზერა ჰქონდა, რომ მოენდომებინა, ალბათ ამ მზერით დამწვავდა. - სხვისი არ ვიცი, მე მხოლოდ საკუთარ თავზე შემიძლია საუბარი. - მაინც რა გაქვს სათქმელი? - ხელის გათავისუფლება ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. - გეტყვი, ათ წუთში თუ გასასვლელთან იქნები. - ხელი ფრთხილად შემიშვა და წავიდა. მიდიოდა ამაყად, მხრებში გაშლილი, სიარულის მანერაც კი განსხვავებული ჰქონდა, ხომ ვამბობდი არაფრით არ ჰგავდა უნივერსიტეტელ ბიჭებს. კაბა სასწრაფოდ გამოვიცვალე და მაკიაჟის მოუცილებლად გავიქეცი გასასვლელისაკენ. უკვე კართან ვიყავი, ჩემი მეწყვილე, ვახო, რომ დამეწია. - ქეთი, სად დაიკარგე? ანიმ ფეხი იტკინა და ხელმძღვანელმა ქეთიმ იცეკვოს ხევსურულიო. - სირბილისგან გულამოვარდნილი, ქოშინით ამბობდა სიტყვებს. - არ მცალია, ვახო. მელოდებიან... - არც შემიხედავს ისე ვათვალიერებდი გასასვლელს, რომელთანაც ზუსტად მაშინ ომერი დავლანდე. - უთხარი, რომ ცუდად გავხდი და ნინი ან ეკუნა აცეკვოს. - ხელი მხარზე დავკარი, ერთი გაუღიმე და ომერისკენ წავედი. - კი მაგრამ, ქეთი... - უკან დამეწია ვახოს სიტყვები, თუმცა მე მეტი არაფერი გამიგია. ომერი ცალი მხარით კედელს ეყრდნობოდა, ორივე ხელი ჯიბეში ჩაეწყო და თვალებს აბრიალებდა. კარგად შევამჩნიე შარვლის შიგნითაც მისი მომუშტული თითები. ბრაზობდა... - კიდევ დიდხანს უნდა გიყუროს? - ვინ უნდა მიყუროს? - ვერ მივხვდი რას ამბობდა. - ისიც საკმარისია მისთვის შენთან ცეკვა, რომ შეუძლია. - თვალების ბრიალს არ წყვეტდა. გამეცინა, ეჭვიანობდა. - შენ ვინ წაგართვა ჩემთან ცეკვის უფლება?- გამომწვევად ვკითხე. - მე შენთან მხოლოდ Zeybek Harmandalı ს ვიცეკვებ.- ვერ მივხვდი რას ამბობდა, მაგრამ იმას მივხვდი, რომ თურქულ ცეკვას გულისხმობდა. - მეგონა რელიგია ჩემთან ცეკვასაც დაგიშლიდა. - არ გიხდება სარკაზმი, ქეთი. - შუბლი შეკრა. - მე არაფერს მიკრძალავს რელიგია. - რა თქმა უნდა, მხოლოდ ქალს უკრძალავს. საინტერესოა სხვა რელიგიის ადამიანთან ურთიერთობასაც არ გიკრძალავს? - არ ვცხრებოდი ისევ. - არა, თუ ის ისლამს მიიღებს. - თვალებში ჩამაშტერდა. - იმედია ამას სერიოზულად არ მთხოვ. - ერთიანად გავფითრდი, ფეხებში სისუსტე ვიგრძენი. - ომერ, ხმა გამეცი! ის ხმას არ იღებდა. - შენი სარწმუნოება ჩემზე გათხოვების უფლებას გაძლევს? - თვალებგაშტერებული იდგა, სადღაც სივრცეში იყურებოდა. - მეხუმრები არა, თქვი, ომერ... - ბოლო იმედს ვებღაუჭებოდი. - არა, ქეთი. მიპასუხე, გაძლევს? - არა, ეკლესია ასეთ ქორწინებას არ ცნობს. - რწმენას შეიცვლი? - რას ამბობ, ომერ... - თვალებზე ხელი ავიფარე, არ მჯეროდა, რომ ამას ომერი მეუბნებოდა. - ქეთი, გთხოვ, მიპასუხე, გამაგებინე რამდენად ახლოს შემიძლია შენთან მოსვლა. შეგიძლია ჩემ გამო რწმენა შეიცვალო? - თავს არ მანებებდა ომერი. - შენ შეგიძლია? - ახლა მე შევუბრუნე კითხვა, გაფითრდა, ხელები მომუშტა. - არ მიპასუხებ? - არა, არ შემიძლია, ეს ჩემი სამყაროა, ჩემი ოჯახია, ტრადიცია, მაშინ ყველაფერს ზურგი უნდა ვაქციო. - მის ხმაში შიში იგრძნობოდა, მივხვდი მე იმას მთხოვდა, რაც მან მხოლოდ ახლა გაიაზრა. - შენს კითხვას პასუხი თავად გაეცი... - არაფერი უთქვამს. მე მოვბრუნდი და წამოვედი. მაინც არ მჯეროდა, რომ ეს მან მითხრა, არ მჯეროდა, რომ ასეთი არჩევანის წინაშე დამაყენა. სიბრაზისგან გული შემეკუმშა. .................... იმ დღის შემდეგ ომერი არ მინახავს, ყველგან ვეძებე, თუმცა ჩუმად, არავისთვის მიკითხავს მისი ამბავი. თითქოს ჯიბრით არც მისი მეგობრები იღებდნენ ხმას. ჯანაი და ელსა კი ჩემს დანახვაზე თავს ჩაღუნავდნენ და უკან ბრუნდებოდნენ. ვერაფერს ვხვდებოდი, თუმცა იმდენად ამაყი ვიყავი არც კი მიფიქრია მათთან მისვლა. ომერთან ბოლო საუბრის შემდგომ უნივერსიტეტიდან პრაღაში წავედით. ქართული დღეები მიმდინარეობდა ჩეხეთში და ჩვენი ანსამბლი ფოლკლორს წარმოადგენდა. პრაღადან ორი კვირის შემდეგ ჩამოვედი. სემესტრი მთავრდებოდა და გამოცდების ციებ-ცხელება გვიახლოვდებოდა. იმედი მქონდა ახლა მაინც მოვკრავდი თვალს ომერს. ისტორიის გამოცდაზე საგანგებოდ გამოპრანჭული მივედი, მაგრამ იმედი გამიცრუვდა, გამოცდა ისე დამთავრდა ომერი არ გამოჩენილა. იმ დღეს ყველაზე მეტად მეტკინა გული, მივხვდი, რომ მენატრებოდა. მარტო დარჩენილმა მისი ნომერი ავკრიბე და ზუმერის გასვლას დაველოდე. ნომერი გამორთული იყო. არც ამჯერად მიცდია ელსასა და ჯანაისთვის მეკითხა რამე. ვბრაზობდი მასზე, ვბრაზობდი ჩემს თავზე და პირობა დავდე მასზე აღარ ვიფიქრებდი. თავიდან გამიჭირდე, მაგრამ მერე შევეგუე. ჩემს თავს ვარწმუნებდი, რომ ასე უკეთესი იყო. ის რწმენას არ შეიცვლიდა, არც მე. ასე, რომ ყველაფერი ლოგიკურად დამთავრდა. ................... ისევ ხელჩაკიდებულები ვაგრძელებდით გზას, ომერი ქუჩებს მაცნობდა, დროდადრო კი გამვლელებს ესალმებოდა, ზოგს თავის დაკვრით, ზოგს სიტყვით. ვიწრო ქუჩიდან ღია მოედანზე გავედით, ისევ ათასი ჯურისა და რწმენის ხალხი ირეოდა, ზოგი ჩადრით, ზოგი შორტითა და ტურისტული ჩანთით ზურგზე. სადღაც შორიდან მეგრული ნანა მომესმა, ვიგრძენი როგორ დამიარა ჟრუანტელმა ტანში და გავჩერდი. - ეს კაზიმ კოიუნჯია, ცნობილი ლაზი მომღერალი, თურქულ, ლაზურ, მეგრულ და ქართულ ენებზე მღერის. - იღიმოდა ომერი. - წამოდი, ვიყიდოთ. - ომერი წინ წავიდა, მე კი უკან მივყევი, ხალხის ნაკადს ვაპობდით, მერე ომერი დახლზე გამართულ ფირფიტების წყებასთან მივიდა და გამყიდველს ათი ლირა მიაწოდა. - ეს ჩემგან და სტამბულისგან, - ფირფიტა გამომიწოდა და ჩაეღიმა. - მადლობა. - მეც უბრალოდ გავუღიმე. მივაბიჯებდით ხალხმრავალ გამზირზე და შენობების თვალიერებაში გართულმა ვერც შევამჩნიე ისე ამოვყავი თავი ტრამვაიში. ტრამვაი სტამბულის ერთგვარი სიმბოლოა. - შეხედე, ეს ისტაკლალია, თავისუფლების გამზირი, - მე ვიჯექი, ომერი კი ჩემ წინ იდგა და ქუჩაზე მიმითითებდა. - აი, დაახლოებით რუსთაველის მსგავსი, - ღიმილით გადმომხედა და ისევ საუბარი განაგრძო. - ეს სტამბულის პატარა ევროპაა. - ლამაზია - მართლაც საოცრად ლამაზი იყო ეს ქუჩა. გამზირი ნამდვილად ამსხვრევდა ჩემ წარმოდგენას სტამბულზე, ქუჩის ორივე მხარეს და ჩიხებშიც ღია კაფეები და ევროპული რესტორნები ჩამწკრივებულიყვნენ. ამ ქუჩაზე მშვიდობიანად ცხოვრობდა მუსლიმური და ქრისტიანული სამყარო. - და საინტერესო. - ჩავიდეთ. - ომერმა ისევ ხელი ჩამკიდა. - ეს რესპუბლიკის მონუმენტია, რომელიც მუსტაფა ქემალ ათათურქის პატივსაცემად აიგო. ისტორიული ღირებულების გარდა, მას რომანტიული დატვირთვაც აქვს. - თავზე ხელი გადაისვა, ისე როგორც მხოლოდ მას სჩვევია. - ეს პაემნების ადგილია. - ანუ ჩვენც პაემანზე ვართ? - ძნელი იყო ასეთ სიტუაციაში ფლირტისგან თავის შეკავება. ომერმა ჰაერი ღრმად შეისუნთქა და ჩაიცინა. - შენ გინდა რომ ეს პაემანი იყოს? - პასუხი იმდენად დამაბნეველი იყო არ მინდოდა, მაგრამ მაინც გავწითლდი. - კარგი, არ ვართ პაემანზე, ნუ წითლდები. - ომერის სიცილმა ირგვლივ ყოველგვარი ხმაური გააქრო, წარსულში დამაბრუნა და მოგონებებისგან მეც გამეცინა. - შეცვლილხარ. - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე. - შეიძლება, მაგრამ ხასიათი არ შემცვლია. - მოედანზე მივდიოდით. მხოლოდ ახლა შევამჩნიე, წყვილებად მდგარი, ან პირდაპირ ასფალტზე მსხდომი ახალგაზრდები. სტამბულმა ისევ თბილისი გამახსენა. ვიდექით მოედანზე და ღიმილით ვათვალიერებდით, სხვადასხვა ეროვნებისა და რწმენის ახლაგაზრდებს, ტურისტებსა თუ ადგილობრივებს. - რა კონტრასტულია სტამბული, - ომერის გვერდით რესპუბლიკის მონუმენტთან ჩამოვჯექი და მოედანზე მიმოფანტულ ახალგაზრდებს გადავავლე თვალი. - აქეთ ჩადრითა და გრძელი კაბით ჩაგივლის დარბაისელი, მუსლიმი ქალი, იქით კი მწვანე თმითა და ცხვირზე პირსინგით, გოგონები სიგარეტს ეწევიან. - ხო, სტამბული კონტრასტების ქალაქია. მერე ისევ ვისხედით ჩუმად და მე ქალაქის ხმაურს ვაყურადებდი, ომერი კი მე. ვხვდებოდი, ვგრძნობდი, მაგრამ არ ვიმჩნევდი. - ქეთი, - ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა. - ხოო... - დარჩები სტამბულში? - არ ველოდი, გული ამიჩქარდა, შემეშინდა, გამიხარდა... - ეს თხოვნაა? - თვალი ავარიდე. - თუ... - კარგი, დაივიწყე, წამო ვჭამოთ რამე, არ მოგშივდა? - ნირწამხდარი იყო, ეტყობოდა, როგორ უჭირდა პასუხის მოსმენა. ბოსფორზე წავედით, ფინდიკლიში, ზღვის პირას, სახელდახელოდ მოწყობილ ღია ბარში დავსხედით და უკვე შებინდებულ სტამბულის ცასა და ხიდს გავხედე. ზღიდან ისევ ნიავი ჰქროდა, ისევ კიოდნენ თოლიები და ისევ ჩურჩულებდა სტამბული. - უსმინე... თვალები დახუჭე და გულით უსმინე. სტამბული უნდა შეიგრძნო, უნდა ნახო, მაგრამ არასდროს გაპატიებს ქალაქი, რომ არ მოუსმინო. - თვალები მართლაც დამეხუჭა, ომერის სიტყვები ჰიპნოზივით მოქმედებდა ჩემზე. ვიჯექი თვალებდახუჭული და მთელი სხეულით ვცდილობდი მეგრძნო და მომესმინა სტამბულის ჩურჩული. - რას გრძნობ? - ომერი ჩემს ყურთან ჩურჩულებდა. კანკალმა ამიტანა. მის გვერდით თავს საოცრად მშვიდად და ამავდროულად დაძაბულად ვგრძნობდი, მომწონდა მისი ქცევა და ამავდროულად მაფორიაქებდა. - მგონია, რომ მეძახის. - ძლივს ამოვთქვი, მის სუნთქვას ყელთან ვგრძნობდი. - კარგი, კარგი, მოდი ვჭამოთ. - თავი გავაქნიე და უკან დავიწიე, შემეშინდა იმის გაკეთების რაც ომერის დანახვის წუთიდან მინდოდა და ვიცოდი მასაც უნდოდა. - ეს რა არის? - გეშინია? - ომერი სკამს მიეყრდნო, ხელი საზურგეს გადაადო და თვალი ამარიდა, ზღვას გახედა. - რა? რის? - საჭმლისკენ გაწვდენილი ხელები ისევ კალთაზე დავილაგე და ნერვიულობისგან დაწყებული კანკალის შეკავება ვცადე. - გეშინია, რომ ვერ გაუძლებ, ამ ყველაფერს, ამ გარემოს, სტამბულს და ჩემს სიახლოვეს. - მთელი ტანით გადმოიხარა მაგიდაზე და კალთაში დაწყობილ ჩემს ხელებს დასწვდა. - ხო, გეშინია. - რა სისულელეა. - ვცადე ხელები გამომერთმია, მაგრამ ეს არც ისე ადვილი იყო. ომერი უფრო მაგრად ჩამეჭიდა, წარბები შეკრა და მივხვდი, ამაო იყო მისგან თავის დახსნის მცდელობა. - ასეა. გეშინია ჩემი, მაგრამ რატომ დამთანხმდი იმ გამოწვევაზე? ხომ იცი, რომ... - როგორც ხდება ხოლმე რომანტიულ ფილმებში, აქაც სიტყვა ჩემი ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა. გონს მოვეგე, ხელები გავითავისუფლე და ტელეფონს დავწვდი. დიმას ზარი იყო საქართველოდან. არა, ქეთი ოღონდ ეს არა, ვფიქრობდი და არ ვიცოდი რა მექნა. ომერი თითქოს გამორკვა, ისევ შუბლი შეკრა და ელოდა როდის ვუპასუხებდი ტელეფონს. მე კი ეკრანზე გამოსახულ წარწერას დავყურებდი და პასუხის გაცემას ვერ ვბედავდი. - უპასუხე, ქეთი. - ხო, რა თქმა უნდა. - თავი გავაქნიე და სენსორს ხელი გადავუსვი. რა თქმა უნდა, დიმასთან საუბარი დიდხანს გამიგრძელდა, პირველად ვიგრძენი, რომ მის საუბარზე და ყურადღებაზე ნერვები მეშლებოდა, ვცდილობდი, მოკლე პასუხები გამეცა. ომერი პირველივე სიტყვაზე მიხვდა ვინ შეიძლება ყოფილიყო. სახეზე ეტყობოდა, რომ არ მოსწონდა, მე კი არ ვიცი რატომ, მაგრამ დიმას ნათქვამ მიყვარხარს დუმილით ვუპასუხე. - ბოდიში. - ტელეფონი ჩანთაში დავაბრუნე და ომერს მივუბრუნდი. - დიდი ხანია ერთად ხართ? - აირანით სავსე ჭიქას დასწვდა და ვითომც არაფერი ისე მოსვა სითხე. - სამი წელია. ის პირველია, ვინც... - ვინც ჩემ შემდეგ შეგიყვარდა? - საოცრად დამცინავი ტონით წარმოსთქვა. - არა... კი... მოიცა ეს რა... ომერ, რა გინდა? - მე? - გაკვირვებისგან წარბები მაღლა აზიდა და გულზე ხელი მიიბჯინა. - არაფერი. - კარგი, მაშინ ვჭამოთ, თორემ მართლაც არაფერი მიჭამია მთელი დღეა. - მე ვჭამდი, ომერი კი აირანის ჭიქას ხელში აწვალებდა და ვხვდებოდი, რომ რაღაცის თქმა სურდა. - ეს გალათას კოშკია, იგივე ქრისტეს კოშკი და ჯერ კიდევ ძველ კონსტანტინოპოლში იყო მნიშვნელოვანი ნაგებობა. - გალათას ხიდიდანვე დაიწყო ომერმა საუბარი. უკვე ღამის სტამბულის, ამ ლამაზ უბანში, ყველაფერი საოცრად ლამაზი იყო. ქუჩაზე რომელსაც კოშკთან მივყავდით, უამრავი ადამიანი ირეოდა, ძირითადად ახალგაზრდები. ბარებიდან თურქული მუსიკის ჰანგები ისმოდა. სტამბული დუღდა... - შესვლა შეიძლება? - რა თქმა უნდა, შიგნით კლუბები და რესტორანია, ულამაზესია კოშკიდან დანახული სტამბული. - ხმაურის გადასაფარად ყურთან მომიტანა ტუჩები და ხმამაღლა მითხრა. - გინდა ავიდეთ და გათენებას იქ შევხდვდეთ? - რა თქმა უნდა, მინდა. - მაშინ ჩემს გვერდით იყავი და ზედმეტად არავის გაუღიმო. - ჩემი გაკვირვებული სახე, რომ დაინახა, უცებ დაამატა. - ნუ, თუ არ გინდა ვინმე აიკიდო. - ასე მიცნობ? - მის საქციელზე გამეღიმა. ძალიან ცდილობდა ჩემს მიმართ გულგრილი ყოფილიყო. გალათას კოშკში ლიფტით ავედით. ლიფტი მეათე სართულზე კლუბში გაჩერდა და სიმშვიდიდან უეცრად გიჟურ სამყაროში ამოვყავით თავი. ომერმა ღიმილით გადმომხედა. - დალევ?- ისევ ყურში ჩამძახა. - დავლევ. - ორი ჭიქა ვისკის შემდეგ მე სიგიჟეების ჩადენის ხასიათზე მოვედი, ომერი კი ჩემი დამშვიდების ხასიათზე. ირონიულია მაგრამ საერთოდ არ ვფიქრობდი რას ვაკეთებდი, ვცეკვავდი დაღლამდე და ომერსაც ვაიძულებდი ამ სიგიჟეში მიეღო მონაწილეობა. - გეყოფა. - შუა ცეკვისას ხელი ჩამჭიდა და გასასვლელისკენ წამიყვანა. - ისევ ის კომპლექსებიანი ბიჭი ხარ, რაც რვა წლის წინ იყავი, ომერ. - სიცილს ძლივს ვიკავებდი. - ამაზე უკეთესი ადგილებიც არსებობს სტამბულში. - ლიფტში შემიყვანა და ბოლო სართულის ღილაკს მიაჭირა თითი. მე ლიფტის კედელს ავეკარი, თავი მივადე და ვცადე ლივტის დაძვრით გამოწვეული თავბრუსხვევა შემეჩერებინა. - ახლა ცუდად გავხდები. - თვალები დავხუჭე და ტუჩებს კბილები დავაჭირე. - არც გაბედო იცოდე! - ომერმა ხელი დამავლო და ლიფტის გაღებული კარში გამატარა. - არ ვაპირებ ჯარიმების გადახდა. ღია სივრცემ და ცივმა ნიავმა აზრზე მომიყვანა. კოშკის სახურავზე ვიდექით, სტამბული კი ხელის გულზე გადაშლილივით მოჩანდა. მარმარილოს ზღვიდან მარილიანი ქარი ჰქროდა. - რა ლამაზია. - მოაჯირს ხელები ჩავჭიდე და ომერს ავხედე, ჩემს გვერდით იდგა და ქალაქს გაჰყურებდა. - ეს ლურჯი მეჩეთია. - ომერმა ხელი მარჯვნივ გაიშვირა და მისი აწეული სახელოდან ჩემნაირ სამაჯურს მოვკარი თვალი. „ომერს ისევ უკეთია ის სამაჯური. ღმერთო! და მეც ხომ მიკეთია. არა, არა! ომერი ამას ვერ შეამჩნევდა.“ ვფიქრობდი შეშინებული და სახელოებს დაბლა ვიწევდი, ომერმა სამაჯური არ უნდა ნახოს. - ეს კი აია სოფია, იქით თოფქაფის სასახლე, ხვალ წაგიყვან და დაგათვალიერებინებ. მერე ორივე გავჩუმდით, მე ქალაქს ვსწავლობდი. ომერი მე. მისი მზერა სახეს მიწვავდა, თუმცა მაინც მომწონდა და მაღელვებდა. ცოტა ხანს ასე ჩუმად ვიდექი, მე სტამბულის ცქერით ვერთობოდი, ის ჩემით. აუტანელი იყო სიმშვიდე, მით უფრო ახლა, როცა ამდენი წლის მერე ყველაფერი ბრუნდებოდა, არ შემეძლო ისევ მშვიდად შემომეშვა ომერი ჩემს ცხოვრებაში და წარსულზე არ მეკითხა. - რა მოხდა მაშინ? სად წახვედი, ომერ? რატომ? - დარჩენას აზრი ჰქონდა? - ომერი ჩემკენ შემობრუნდა ქარისგან აფრიალებული თმა ყურს უკან გადამიწია და მივხვდი, რომ არაფერიც არ იყო კარგად, რომ მთელი ეს წლები მე ისევ მას ველოდი. - განა შენ დარჩებოდი ჩემს ადგილას? - არ ვიცი. - გიყვარდი? - ომერი თვალებში მიყურებდა. - მიყვარდი. - არც მე ამირიდებია მზერა. არ ვიცი ეს სასმლის ბრალი იყო, თუ შექმნილი სიტუაციის მაგრამ ვხვდებოდი, რომ ამ წუთას ყველაფერი სულერთი იყო, დიმაც, ოჯახიც და რწმენაც. ახლა რომ ეთხოვა დარჩენა მე ყველაფერს ხაზს გადავუსვამდი და დავრჩებოდი. ომერი კი უბრალოდ იდგა და თვალს არ მაშორებდა. ჯანდაბას, ქეთი. გააკეთე ის რაც გინდა, ასეთი რამ არასდროს აღარ მოხდება. მიდი ქეთი, მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრე. - გიყვარდი, მაგრამ არა იმდენად რომ ჩემ გამო ყველაფერხე უარი გეთქვა. - ორივე ხელი მკლავებზე მომკიდა და თავისკენ მიმიზიდა. ჩვენს შორის მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრიღა იყო დარჩენილი. - ეს მხოლოდ შენი ბრალი არ არის, მე შემეძლო შენი აზრის შეცვლა, მაგრამ არ მოვინდომე. თითები მკლავებიდან მაჯებისკენ ჩამოაცურა და სამაჯურს თითები გადაუსვა. ჩაეცინა. - ვიცოდი, რომ მელოდი, მე მიყურებდი, რას გავაკეთებდი ამ სიყვარულისთვის, მე კი არაფერი გავაკეთე. - რატომ? - ძლივს ამოვიჩურჩულე და თვალის გასწორება ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. მისი თვალები მაბნევდა. მომინდა მეტირა, მეტირა იმდენი და ისე, რომ მის გარეშე გატარებული წლები ჩამოერეცხა. - არ ვიყავით მზად იმისთვის, რომ ამ ყველაფერს დავპირისპირებოდით. ჩვენი მაშინდელი შეხედულებები სამყაროზე და რელიგიაზე სულ სხვაგვარი იყო. - სამაჯურს თითებით ეთამაშებოდა და საუბარს აგრძელებდა. - გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ დათმობდი ყველაფერს. მინდოდა ისე გყვარებოდი, რომ ჩემ გამო რწმენაც შეგეცვალა. გეფიცები მაშინ რომ გეთქვა მზად ვარ ისლამი მივიღოვო, ჩემს სიტყვას უკან წავიღებდი, არ მოგცემდი უფლებას მხოლოდ ჩემ გამო გეწამა ის, რისიც არ გწამს. - ხმაში ტკივილი შეეპარა და თვალებიც აუწყლიანდა. თავბრუ დამეხვა, ერთიანად ავკანკალდი. - ქეთი, ნანობდი, რომ გამიშვი? გენატრებოდი? - ზემოდან დამყურებდა. ისე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, ერთი ფეხის წვერებზე აწევა და მის ტუჩებთან აღმოვჩნდებოდი. მაგრამ… მაგრამ… მიუხედავად იმისა, რომ მაბნევდა, მომწონდა, მინდოდა და სასმლისგან მიღებული სითამამეც ომერის მხარეს იყო, მაინც ვერ შევძელი. ჩემ უკან დიმა იდგა, ადამიანი რომელიც მენდობოდა, რომელსაც ვუყვარდი, მიყვარდა, ან უბრალოდ მის მიმართ პასუხისმგებლობას ვგრძნობი… ღრმად ამოვისუნთქე, ხელები გავშალე და უკან დავიხიე. - სენტიმენტალური არასდროს ყოფილხარ, ნუთუ ასაკი მოქმედებს? - კითხვებზე თავის არიდება გისწავლია. - ომერმა თავი გვერდზე გადახარა და წარბი აწია. - ხო, ბევრი რამ ვისწავლე შენს მერე. - ჩემს მერე… თუ რაც მე დავმთავრდი შენს ცხოვრებაში, ალბათ ასე უნდა გეთქვა, ხო? - ასეთ კითხვებს არ ვიმსახურებ შენგან. - მეწყინა, მართლაც მეწყინა მისგან ეს სიტყვები. საერთოდ ვატყობდი რომ ომერის საქციელებს და სიტყვებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი და მწყინდა. - არ იმსახურებ? კარგი, მაშინ ასე გკითხავ; რას ნიშნავს შენთვის ეგ სამაჯური? - მკაცრი ხმით მკითხა და ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ. - უბრალოდ მომწონს… - ტყუი, ქეთი… თავს იტყუებ… მითხარი რას ნიშნავს? - არ მეშვებოდა, ვატყობდი მალე გავტყდებოდი, არ მინდოდა. არ მინდოდა სისუსტე გამომეჩინა. არ ღირდა უკან დაბრუნება, რაც ერთხელ არ გამოვიდა იმას ვერ მივუბრუნდებოდი. მეშინოდა, რომ ისე არ იქნებოდა როგორც იყო. - რატომ გიკეთია ამდენი წლის შემდეგაც? - თქვი, ქეთი. - ეს სამაჯური კონცერტის შემდეგ მივიღე საჩუქრად უცნობი თაყვანისმცემლისგან. - მაინც არ ტყდები. - ომერს ხმა დაუთბა, ხელები ხელებზე ჩამკიდა და თავისკენ მიმიზიდა. - ისევ ისეთი ჯიუტი ხარ. - ომერ… - გეყოფა, ქეთი. მაცადე… - არ შეიძლება… არ შემიძლია… - მის სხეულზე ვიყავი მიხუტებული და საპირისპიროს ვამბობდი. შემეძლო მოვშორებოდი, რადგან ის არ მიჭერდა, უბრალოდ ჩვენი მკერდი ეხებოდა ერთმანეთს, მე მის გულის ფეთქვას ვუსმენდი, მის სუნთქვას ვგრძნობდი თმის ძირებში, შემეძლო მოვშორებოდი, მაგრამ ვერ მოვშორდი. - გამიშვი, ომერ. ასე არ შეიძლება. ახალა გვიანია... - სულელი ვიყავი, მას ვეუბნებოდი გამიშვი-მეთქი, როცა მე ორივე ხელი მისი წელისთვის შემომეხვია და თავი მის მკერდზე მედო. ომერი თმაზე მისვამდა ხელს და ნაზად მკოცნიდა ლოყაზე. - თავიდან დავიწყოთ... თანახმა ვიყავი, იმ საღამოს ყველაფერზე ვიყავი თანახმა. მიყვარდა, რა თქმა უნდა, მიყვარდა. სხვა შემთხვევაში მართლაც არ ვატარებდი იმ სამაჯურს. სასმელმა, მისმა სიახლოვემ და იმ გარემომ, სტამბულმა, მისმა მომხიბვლელობამ და ქარიზმამ მე უკან დამახევინა. მთელი ღამე ვიდექით კოშკზე, ერთმანეთს ჩახუტებული და ჩუმად ვადევენებდით თვალს ბოსფორზე მზის ამოსვლას. მზე კარგად ამოსულიყო უკან, რომ დავბრუნდით. საშინლად მეძინებოდა, არც ომერი იყო უკეთეს დღეში. სანაპიროზე გამოსულებმა, იქვე ქვიშაში ადუღებული, თურქული ყავა ვიყიდეთ და ხის ძელსკამზე ჩამოვჯექით. ჩვენთვის ჩუმად ვისხედით ყავას ვსვამდით და ზღვას გავყურებდით. ომერმა ხელი ჩემი მხრისკენ წამოიღო და თავისკენ მიმიზიდა, არ გამიპროტესტებია. ქაფქაფა ყავის არომატმა და უფრო კი ომერის თავბრუდამხვევმა სურნელმა სულ გადამავიწყა ჩემი ქართული ცხოვრება, დიმა, სამსახური და კონფერენცია რომში. კონფერენცია... ღმერთო... - უნდა წავიდე, ასე არ შეიძლება. - ომერის პასუხს არ დავლოდებივარ ისე ჩავაგდე ყავის ერთჯერადი ჭიქა ურნაში და წამოვედი. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ გამახსენდა, რომ გზა არ ვიცოდი, გამახსენდა, რომ ომერს უხეშად მოვექეცი და უკან მივბრუნდი. ის ისევ სკამზე იჯდა, მოღუშული და თვალს არ აშორებდა ზღვას. - ომერ. - ხმადაბლა დავუძახე. ის ისევ ჩუმად იჯდა. - ომერ, გესმის. - რა თქმა უნდა, მესმის, ქეთი. - ჩემკენ მობრუნდა და უემოციოდ ჩაილაპარაკა. - ყველაფერი მესმის. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, შენ შენი. თბილისში ქრისტიანი შეყვარებული გელოდება, რომი გელოდება. - ომერ, მისმინე... - ნუ ამიხსნი, გთხოვ. ვიცი, რომ ეს ყველაფერი თვითფრინავის ტრაპთან დასრულდება, არაფერს გთხოვ, არ გაძალებ. - ჩემ წინ იდგა, ორივე ხელი ჩემს მხრებზე ეწყო და აღელვებისგან ქართული სიტყვებიც კი ავიწყდებოდა. - ვიცი, რომ დასრულდება, მაგრამ მაინც... - მე პასუხისმგებოლბა მაქვს, ომერ. არ შემიძლია ჩემს მოვალეობას გავექცე, არ შემიძლია, ყველაფერი მივატოვო, დიმას ასე ვერ მოვექცევი. - მე არაფერს გთხოვ, გესმის, არ გთხოვ! - თითქმის ყვიროდა. - არასდროს არაფერს გთხოვ, ისე როგორც ადრე. ეს შენ უნდა გინდოდეს, უნდა გსურდეს, სიცოცხლეზე მეტად უნდა გინდოდეს, მხოლოდ მაშინ გამიგებ, მხოლოდ მაშინ გააკეთებ, იმას რისი შიშიც გაქვს. შენ იმის გეშინია, რისიც რვა წლის წინ, გეშინია რწმენის შეცვლის. მე ამას არ გთხოვ, აღარ გთხოვ. გაჩუმდა, მერე გვერდი ამიარა და ქუჩას გაუყვა, უკან ავედევნე, ვიწრო ქუჩების გავლის შემდეგ ისევ მოედანზე გავედით, მერე ისევ ვიწრო ქუჩებს გავუყევით და მხოლოდ იასამნის ბუჩქების გამოჩენის მერე მივხვდი, რომ ჰოსტელთან ვიყავით. ფოიეში შესვლის შემდეგ ომერმა გზა სამზარეულოსკენ გააგრძელა, მე კი კიბეებს ავუყევი და ჩემს ოთახში შევედი. თვითმრინავის გაფრენამდე კიდევ ცხრა საათი მქონდა, მხოლოდ ცხრა საათი და ყველაფერი ისევ ძველებურად იქნებოდა. საწოლზე გაუხდელად მივწექი და თეთრად შეღებილ ჭერს გავუშტერე თვალი. „იქნებ არასწორად ვიქცევი? იქნებ უნდა მივენდო მოვლენებს, ერთხელ მაინც მივენდო გრძნობებს. - ფიქრების მოსაშორებლად თავი გავაქნიე და წამოვდექი, ახლა აბაზანა მჭირდებოდა, ემოციებისგან მხოლოდ წყალი თუ გამათავისუფლებდა. ვიდექი წყლის ქვეშ და ფიქრები ისევ არ მასვენებდა. - რას აკეთებ, ქეთი? ასე როგორ შეიძლება, როგორ უნდა დაანგრიო ყველაფერი წარსულის გამო? მაგრამ იქნებ ეს წარსული არაა? იქნებ აწმყოცაა და მომავალიც? იქნებ ის გრძნობები სასმლისგან არ იყო გამოწვეული? მიყვარს? ქეთი, ომერი გიყვარს? არა, არა ეს უბრალოდ მოგონებების ბრალია. დიმა? დიმა... მე და დიმა ერთად კარგად ვართ, ის მე მენდობა, ჩვენ საერთო სოციალური წრე გვყავს, საერთო ინტერესები, გარემო, მეგობრები, მასთან თავს კარგად ვგრძნობ და ის ქრისტიანია, ქეთი... მე და დიმა ჯვარს სამებაში დავიწერთ, ჩვენ ღმერთის წინაშე ვიქნებით ცოლ-ქმარი, თეთრი კაბით მივალ საკურთხეველთან და...“ და ეს არის ის რაზეც ვოცნებობ? ეს არის სიყვარული? აბაზანიდან გამოვედი და ხალათში გამოწყობილმა თმის ვარცხნით გამოვაღე სარკმელი. ნელმა სიომ სტამბულის ხმაური და ბაქლავას სურნელი შემოიტანა. ჰაერი ღრმად შევისუნთქე, თვალები დავხუჭე და საწოლზე გულაღმა დავწექი. მთელი ღამის უძინარს და სტამბოლშემოვლილს ძილმა უცბად წამართვა თავი. არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ სასიამოვნო სიზმრიდან რაღაც გემრიელის სუნმა გამომაღვიძა. თვალებს არ ვუჯერებდი, როცა გვერდით გადმობრუნებულმა პატარა ტუმბოზე ლურჯ მოზაიკურ სინზე ბურექი, ბაქლავა და ფორთოხლის წვენი დავინახე, რომელშიც ერთი ტოტი იასამანი ჩაედო ვიღაცას. ომერი, რა თქმა უნდა, აბა სხვა ვინ გააკეთებდა ამ სიგიჟეს. საწოლში წამოვჯექი და სინი მუხლებზე დავიდე. ბურექის ბოლო ლუკმის გადაყლაპვის შემდეგ თეფშის ძირში შედებულ წერილსაც მოვკარი თვალი. „ გემრიელ საუზმობას გისურვებ, მადლობა არაა საჭირო, უბრალოდ დაბლა ჩამოდი და უკანა კარით გამოდი გარეთ.“ ომერის ნაჯღაბნმა ქართულმა ღიმილი მომგვარა. ფორთოხლის წვენი სულმოთქმელად გამოვცალე და ფეხზე წამოვდექი. რა ჩავიცვა, რა ჩავიცვა, საწოლზე გაშლილ ტანსაცმელს ვუყურებდი და ვერ გადამეწყვიტა კაბა ჩამეცვა, თუ შარვალი. რას აკეთებ, ქეთი, შენ რა ომერს ეპრანჭები? კარგი ერთი, მერე რა, ხელს ვუქნევდი ჩემს ქვეცნობიერს, ეს მხოლოდ გართობაა, მხოლოდ დღეს, სულ მალე დავტოვებ სტამბულს და ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება. საბოლოოდ ჩემში მაინც ქალურმა სიკეკლუცემ გაიმარჯვა, თხელ, მუხლამდე კაბაში გამოვეწყე და კიბეებზე დავეში. ქვეცნობიერად ალბათ მინდოდა ომერის აღტაცებაში მოყვანა. ფოიეში გამოსულს უყურადღებოდ არ დამრჩენია სტუმართა და მომსახურე პერსონალის აღტაცებული მზერა, თავდაჯერებულმა ღიმილით მოვავლე ხალხს თვალი და უკანა კარისკენ გავწიე. ომერი დიდი კაკლის ძირში მაგიდასთან იჯდა და ტელეფონს ჩასჩერებოდა. - დილა მშვიდობისა. - შუადღე მშვიდობისა, ქეთი. - ღიმილით ამომხედა. მივხვდი დილანდელის გამო აღარ ბრაზობდა. - აბა, მივიყვანოთ დაწყებული ბოლომდე? - აბა რაა... ომერს თხელი, ნაცრისფერი მაისური და ლურჯი ჯინსი ეცვა, უსაზღვროდ სიმპატიური იყო. - ძალიან ლამაზი ხარ. - გვერდულად გამომხედა და ხელით მანიშნა, კარში გავსულიყავი. გული საშინლად ამიჩქარდა. ნახევარი სტამბული გავიარეთ ფეხით მე და ომერმა, ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. ვგრძნობდი, როგორ მომწონდა მასთან ერთად ყოფნა, თავს მშვიდად, დაცულად და კომფორტულად ვგრძნობდი. ომერი ჩემგან ოდნავ მოშორებით მოაბიჯებდა, დაფიქრებული და წარბშეკრული. მან ხომ იცოდა, რომ სულ რამდენიმე საათი გვქონდა დარჩენილი. - ეს გულჰანეს პარკია, ადრე თოფქაფის სასახლის ბაღი იყო, ახლა კი ბაღი, ისევე როგორც სასახლე დამთვარიელებლისთვის ღიაა. - პარკში ათასგვარი ყვავილი, ხე და არხი იწონებდა თავს. - ლამაზია, ძალიან ლამაზია აქაურობა. ბაღში გამავალ ბილიკებს გავდიოდით და ირგვლივ დეკორატიულად მოწყობილ სამოთხეს თვალს ვერ ვწყვეტდი. გამაბრუებლად ლამაზი იყო გულჰანეს პარკი. ომერმა მწვანე მოლი გადაჭრა და არხის პირას, პირდაპირ ბალახზე ჩამოჯდა. ჩემგან ზურგშექცევით იჯდა, ბალახებს წიწკნიდა და თურქულად რაღაცას ღიღინებდა. - რას მღერი? - გვერდით მივუჯექი და მეც მასავით მოვირთხი ფეხი, პირველად მაშინ ვინანე რომ შარვალი არ მეცვა, ომერმა ჩემს შიშველ მუხლისთავებს გაუსწორა მზერა, მერე გაეღიმა და სიმღერა განაგრძო. სირცხვილისგან მთლიანად ავხურდი, თუმცა გულის სიღრმეში მესიამოვნა კიდეც მისი ანთებული თვალების დანახვა. ჩემი ქალური სიკეკლუცე დამღუპავდა ვიცოდი, მაგრამ მაინც არ მიფიქრია პოზის შეცვლა. ომერი კვლავ განაგრძობდა ღიღინს, გაბმულად, გულამოსკვნით მღეროდა. - გადამითარგმნი? - ქართულად არ გამოვა ისე ლამაზი, როგორც თურქულად. - რა გინდა თქვა, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაბამისად ლამაზი სიტყვები და მდიდარი ენა? - რატომღაც ძალიან მეწყინა. - მე ეგ არ მითქვამს, ქეთი. რა უცებ გწყინს ყველაფერი, ვერ გაიზარდე, კიდევ ის პატარა გოგო ხარ... - გაბრაზებულ გულზე მოწყვეტილი ბალახის ღერო, პირისკენ გავიქანე და წიწკვნა დავუწყე. ომერმა ძალიან ნელა წამოიღო ხელი ჩემი ტუჩებისკენ, გაშეშებული ხელიდან და ტუჩებიდან ბალახის ღერო გამომაცალა, ერთხანს ხელში ეჭირა, მერე გადააგდო და ჩემი ხელები ხელებში მოიქცია. - ერთი ასეთი ლეგენდა არსებობს, სულთნების პერიოდში ერთ დიდგვაროვან ბიჭს, სულთნის ქალიშვილი შეჰყვარებია, ქალიც სიყვარულით პასუხობდა, მაგრამ სულთანი ყოფილა წინააღმდეგი. წყვილი ერთმანეთისთვის დაუშორებია და ბიჭი, ისევე როგორც ბევრი დასჯილი დიდგვაროვანი და პრინცი, „პრინცის კუნძულებზე“ გადაუსახლებია. თურმე ყოველ ღამით, ლოცვის დამთავრების შემდეგ, ის ბიჭი კუნძულზე, ქალი კი სასახლეში ფანჯარასთან იწყებდნენ სიმღერას. „ჩემო გაუშლელო ვარდო, ჩემო მთვარეო... ბოსფორის მზეო, სამუდამოდ შენად მიგულე. შენია ჩემი სული, გული და შენია ჩემი თვალები, რომლებსაც შენს გარდა ყველა სულიერი საშინელ ურჩხულად ეჩვენება. ამ თვალებს მხოლოდ შენი სახე ახსოვთ, ამ ყურებს შენი ხმა, გულს კი შენი სიყვარული.“ - მერე რა მოხდა? - მოსმენილმა ამბავმა და ომერის ხელების სითბომ საშინლად ამაფორიაქა. - მერე, არაფერი... თითქოს სასიამოვნო სიზმრიდან გამოიღვიძაო, თვალები რამდენჯერმე დავახამხამე და მეც ომერს მივბაძე, ფეხზე წამოვდექი. ვიცოდი ასე იმიტომ იქცეოდა, რომ არ უნდოდა რამე დაეძალებინა, არ უნდოდა ჩემს გადაწყვეტილებაზე ემოქმედა. ვხვდებოდი, როგორ უჭირდა თვის შეკავება, მეც მიჭირდა, მისი ქცევების, მისი შემოხედვის, სიყვარულით ანთებული მზერის შეუმჩნევლობა. არც ის შემეძლო ჩვენი „ორდღიანი თავგადასავლის“, „სიზმრის“ შეწყვეტა იმაზე ფიქრით, მერე რა იქნებოდა. პარკიდან გამოსვლის შემდეგ პირდაპირ სულთან აჰმედის მოედნისკენ ავიღეთ გეზი. რაც უფრო ვუახლოვდებოდით ორ გიგანტს, ორ საოცრებას, „ლურჯ მეჩეთსა“ და „აია სოფიას“, მით მეტად მეუფლებოდა სიმშვიდე. ზღვიდან წამოსულ ნიავს ისევ მარილის სუნი და თოლიების კივილი მოჰქონდა. მოედანზე ჩადგმულ ფუნდუკებსა და მოძრავ დახლებზე იწვებოდა წაბლი და მისი სურნელი სასიამოვნოდ მოსდებოდა არე-მარეს. სადღაც შორიდან, მეიძუნის აზანი-ლოცვისკენ მოწოდება ისმოდა, სტამბული ლოცვისთვის ემზადებოდა. მორწმუნე თურქები, პირით მექისკენ დგებოდნენ და ლოცვას იწყებდნენ. მოედანზე ჩამწკრივებულ სკამებიდან ერთ-ერთზე ჩამოვჯექი, ომერმა ფუნდუკიიდან ორი ქაღალდის შეკვრა, შემწვარი წაბლი მოიტანა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. - თავი ფილმში მგონია, ომერ... - ფილმში, რომელსაც ტიტრები მალე დაეწერება... - წაბლს ორი თითით შემოაცალა კანი და ჩემი ტუჩებისკენ წამოიღო. - გასინჯე, მოგეწონება. - უარი არ მითქვამს, ტუჩები ოდნავ დავაშორე ერთმანეთს და ცხელი წაბლის ბურთულა თითებიდან ავაცალე. ომერმა წაბლის კანი ურნაში ჩააგდო, თითები ერთმანეთს გაუსვა და ღრმად ამოისუნთქა. - გუშინ დაგპირდი, რომ აია სოფიას და „ლურჯ მეჩეთს“ გაჩვენებდი, მაგრამ ეს იმიტომ არ მინდოდა, რომ შენ ტურისტი ხარ. მე ამისთვის ჩემი მიზეზი მაქვს. აი, ჩვენ ახლა მათ შორის ვართ, ჩვენ ორ სამყაროს შუა ვართ, ორი რელიგიის გზაგასაყარზე. მეჩეთის აია სოფიას პირისპირ აგება თავიდანვე იყო დაგეგმილი, ეს სულთნის სურვილი იყო, ეჩვენებინა სამყაროსთვის, რომ ისლამურ სამყაროსაც შეეძლო შეექმნა დიდებული ძეგლი. მის აშენებასაც უამრავი ადამიანი ეწირებოდა, ისევე როგორ სხვა დიდებულ არქიტექტურულ ძეგლებს. რატომღაც ყველა ასეთი დიდებული ნაგებობის ამშენებელს ავიწყდებოდა მთავარი, რწმენა. ავიწყდებოდათ, რომ გარეგნული მშვენიერება არაფერია შინაგან მშვენიერებასთან - რწმენასთან, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად ილოცებ; ეკლესიაში, თუ მეჩეთში, არ აქვს მნიშვნლობა ღმერთს ალაჰს უწოდებ, თუ იესოს, მთავარია სიყვარული. ყველაფერ დიდებულს ეკარგება ელფერი, როცა სიყვარული არ ტრიალებს მის ირგვლივ. მნიშვნელობა არ აქვს რელიგიას, მნიშვბნელობა არ აქვს სად ილოცებ, ყველა ადამიანი თანასწორია ღმერთის წინაშე, თანასწორია სიყვარულის წინაშე. მე ვიცი, რომ ჩვენსავით კიდევ ბევრი ადამიანი იტანჯება რელიგიური განსხვავებულობის გამო. როგორც აია სოფია და „ლურჯი მეჩეთი“ ეჯიბრებოდნენ ოდითგანვე დიდებულების გამო ერთმანეთს, ისე ეჯიბრებიან ერთმანეთს ადამიანები რწმენაში, ბრმად მისდევენ წესებსა და ტრადიციებს, ჩარჩოში აქცევენ მთავარს- სიყვარულს, ამას კი რწმენით ამართლებენ. რწმენა არ განისაზღვრება რელიგიით, ეს ჩვენ გვგონია ასე, ჩვენს თავს თავად ვუწესებთ საზღვრებს, თავად ვბოჭავთ, ვართმევთ მთავარს, არჩევანის უფლებას. მე ეს საზღვარი რვა წლის წინ დავუდე ჩემს თავს და მთელი ეს დრო დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ ყველაზე დიდი შეცდომა იყო რელიგიის გამო სიყვარულზე უარის თქმა. - თითქოს ჰაერი გათბა, სტამბულურმა ნესტიანმა ჰაერმა სიყვარულის გემო მიიღო, გარემო ცისფერ ნისლში გაეხვა. ჩემი გონება სხეულს გამოეყო, ავფარფატდი, ელვის უსწრაფესად მოვშორდი ჩემს სხეულსა და მის წინ მჯდომ ომერს. ახლა შორიდან მხოლოდ ორ რამეს ვხედავდი, აია სოფიასა და „ლურჯი მეჩეთის“ შუა, ზღვის ჰორიზონტის ფონზე, სკამზე მჯდომ წყვილს, რომელსაც ერთმანეთისთვის ხელი ჩაეჭიდათ. სტამბული გუგუნებდა, ხმაურობდა, მღეროდა, ისმოდა ლოცვა, ისმოდა თოლიების კივილი, კატები კნაოდნენ, მტრედები პირდაპირ მხრებზე ასხდებოდნენ ადამიანებს. ქუჩები სავსე იყო ადგილობრივი მოქალაქეებითა და ტურისტებით. ბოსფორზე იალქნები გაეშალათ ნავებს, მეთევზეებს ანკესი ჩაეშვათ წყალში და გამართლების მოლოდინში, სახეზე ქუდჩამოფხატებულებს ჩასძინებოდათ, სადღაც ქუჩის კუთხეში, მოხუცი თურქი ქალი სულ რაღაც ხუთ ლირად რამდენიმე ცალი ვაშლითა და ბროწეულით ფრეშს უწურავდა პატარა ხუჭუჭთმიან გოგონას. მე და ჩემმა წითელმა ჩემოდანმა ჰოსტელის ეზო დავტოვეთ, მივდიოდი და სუნთქვა მეკვროდა, ფეხები უკან მრჩებოდა, რამდენჯერაც უკან მიხედვა დავაპირე იმდენჯერ გონებამ იმარჯვა. მივდიოდი ვიწრო ქუჩაზე, გვერდს ვუვლიდი ადამიანებს და ვხვდებოდი, რომ ომერი მართალი იყო. არც ისე ადვილი აღმოჩნდა სტამბულთან შელევა. ვგრძნობდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვაქცევდი ზურგს. ომერზე ფიქრებში გართულმა გავიარე გზა ისტაკლალიდან აეროპორტამდე. ამჯერად უჩვეულოდ მზიანი და ნათელი იყო ცა, ბოსფორსაც ოქროსფერი სხივები დასთამაშებდა. „ამ თვალებს მხოლოდ შენი სახე ახსოვთ, ამ ყურებს შენი ხმა, გულს კი შენი სიყვარული.“- გონებიდან არ ამომდიოდა ომერის სიტყვები. ტერმინალზე ისე გავიარე ჯერ კიდევ არ მჯეროდა, რომ ეს გავაკეთე, არ მჯეროდა, რომ სტამბული დავტოვე, ომერს ხელი ვკარი. თვითფრინავში ასვლამდე ბოლოჯერ მოვიხედე უკან. უზარმაზარ, მინის შენობაში ლურჯ ჯინსსა და ნაცრისფერ მაისურში გამოწყობილ მამაკაცს მოვკარი თვალი. „ომერი“, გონებამ ჩურჩული დაიწყო, გული ამიჩქარდა. ერთ ხანს ვიფიქრე ტრაპიდან უკან გავბრუნებულიყავი, რომ ბორტგამცილებლის ინგლისურად ნათქვამმა - „იჩქარეთ, მის. აფრენის დროა.“- გამომაფხიზლა. ისევ ილუმინატორს მივუჯექი, მანამდე არ მომიცილებია თვალი, სანამდეც სტამბული ჩანდა. ვუყურებდი, როგორ ვშორდებოდი ჩემს ოცნებას და არ მჯეროდა, რომ ეს გავაკეთე. თავი საზურგეზე გადავწიე, თვალები დავხუჭე და ვცადე დავმშვიდებულიყავი. ‘‘ასე აჯობებს, ქეთი. აი, ნახავ ყველაფერი დალაგდება, ხვალ ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც სტამბულში ჩამოსვლამდე იყო“. რომ გეკითხათ ასე რატომ მინდოდა ამ ორი დღის დავიწყება, ვერც გიპასუხებდით, მაგრამ ის ზუსტად ვიცოდი, რომ ამას დიმას სიყვარული არ მაკეთებინებდა. „ხვალაც“ გათენდა, მე საოცნებო რომში, ულამაზესი სასტუმროს ნომერში გამეღვიძა და მისი სარკმლიდან ჯერ ისევ საწოლში მყოფმა კოლიზეუმსაც მოვკარი თვალი, მაგრამ არც კმაყოფილება მიგვრძნია და არც ბედნიერება. არ მოხდა ისე, როგორც ვფიქრობდი, არაფერი დაბრუნებია თავის ადგილს. მთელი კვირა გავატარე საკონფერენციო დარბაზსა და სასტუმროს ნომერში. სურვილი არ გამჩენია აქამდე ასე საოცნებო რომის დათვალიერების. „გაივლის...“ „გაივლის...“ „ყველაფერი გაივლის...“ - თავზე ხელებმოჭერილი ვცემდი ბოლთას ნომერში და თავს ვაიძულებდი ომერი არ გაეხსენებინა. როგორც იქნა კონფერენცია დასრულდა, როგორც იქნა რომი დავტოვე, რომი, რომელიც ახლა სულს მიხუთავდა. თბილისის ჰაერი, რომ ჩავისუნთქე, უკვე ღამის პირველი საათი იყო. არ ვიცი რატომ, მაგრამ შვებით ამოვისუნთქე, მეგონა იმ გრძნობისგან თბილისი დამიცავდა. აეროპორტის შენობას თავჩაღუნული ვტოვებდი, როცა ზურგს უკან დიმას ხმა მომესმა. - დაბრუნებას გილოცავ, ქეთი. - ჩემოდანს მომენტალურად გავუშვი ხელი. ძალიან არ მინდოდა დიმას ნახვა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. დიმა ზურგიდან მომეხვია, თავი ჩემს კისერში ჩარგო და ნაზად მაკოცა. პირველად მაშინ მივხვდი, რომ დავიღუპე. საშინლად არ მესიამოვნა მისი შეხება, მთელ სხეულზე ეკალმა დამაყარა. რა თქმა უნდა, მოვალეობის მოხდის გამო, მეც მოვეხვიე, მაგრამ მაინც მოვახერხე კოცნის არიდება. აეროპორტიდან სახლამდე ხმა არ ამომიღია, თავი მინაზე მედო, ქალაქს ვუყურებდი და მინდოდა დიმა ერთ წუთს მაინც გაჩერებულიყო. ჩემი ფიქრები ომერს დასტრიალებდა, ყურებში მისი სიტყვები მედგა, თვალწინ მისი სახე მიტრიალებდა. - რა გჭირს, ცუდად ხარ? - როგორც იქნა დიმაც მიხვდა, რომ გაჩუმებულიყო. - უბრალოდ, ძალიან დავიღალე. - გაჩერებული მანქანიდან გადმოსვლას ვაპირებდი, როცა დიმამ მკლავზე მომკიდა ხელი, თავისკენ შემაბრუნა და დიდხან მიყურა დაჟინებით. - ქეთი, რა მოხდა? - დასვენება მინდა. მის პასუხს არ დავლოდებივარ, ხელი გავაშვებინე და მანქანიდან გადავედი. სიზმრად სტამბული ვნახე... არამარტო ვნახე, არამედ ვიგრძენი, თითქოს სანაპიროზე ვისხედით ისევ, მე და ომერი, ქაფქაფა, თურქულ ყავას ვსვამდით და ზღვას გავყურებდით. - დარჩი, რაა. - ისვე ყურებში მედგა ომერის ნათქვამი სიტყვები. დაფეთებული წამოვჯექი საწოლში. თავი ხელებში ჩავრგე, ჩემს თავსაც არ ვუმხელდი, რომ მენატრებოდა. მთელი კვირა გარეთ არ გავსულვარ, გრძელ ნაქსოვ ზედატანში და მაღალყელიან წინდებში ვატარებდი დღეებს და ტელეფონში გადაღებულ ომერისა და კნუტების სურათს დავყურებდი. რატომღაც ვერ გავბედე წითელ ჩემოდანს მივკარებოდი. არც სურნელოვანი საპნები ამომილაგებია, არც ომერის ნაჩუქარი მუსიკალური დისკი ამომიღია. დროდადრო დიმა მირეკავდა და მეც იძულებული ვიყავი დავლაპარაკებოდი. ერთ საღამოსაც, როცა გულზე წიგნმიხუტებულს ჩამძინებოდა, კარზე ზარის ხმამ გამომაღვიძა. თვალები მოვიფშვნიტე და წიგნი გვერდით გადავდე. კარს იქით დიმა იდგა. ოდნავ უკან დავიხიე, ღრმად ჩავისუნთქე, თითქოს ჩასაყვინთად ვემზადებოდი და კარი გამოვაღე. - შემოდი. - მის სევდიან თვალებს, რომ შევხდე თავი დამნაშავედ ვიგრძენი და ვცადე გამეღიმა. ჩემკენ გადმოიხარა, ლოყაზე ოდნავ შემეხო და ოთახში შევიდა. ნაკოცნი ადგილი ხელით მოვისინჯე, თვალები დავხუჭე და მეც უკან მივყევი. - მგონი სალაპარაკო გვაქვს. - ისევ ზურგით იდგა ფანჯარასთან. გარეთ ქარი ჰქროდა, მაგრამ ის ქარი ჩემს გულში ამოვარდნილ ქარიშხალთან ახლოსაც ვერ მოვიდოდა. - რაზე? - ჩემი ხმა თავად ძლივს გავიგე, ხელები ამიკანკალდა. დიმა დუმდა, ჩემგან ელოდა საუბრის დაწყებას. განიერი მხრები თითქოს დაუპატარავდა, ყელთან მფეთქავი ძარღვიც შევამჩნიე. ის ღელავდა. - ქეთი, გისმენ. - გაუსაძლისი სიჩუმე ისევ მისმა გამჭოლმა ხმამ დაარღვია. - დიმა, ახლა არაფრის თქმა არ შემიძლია. ცოტა ხანს მაცადე... - რამდენ ხანს, ქეთი... კიდევ რამდენ ხანს გაცადო? - მისმა ხმამ ჰაერი გაჰკვეთა, შევხტი. - ჯერ კიდევ სტამბულიდან არ მელაპარაკები, სიტყვებს ძალით გგლეჯ. მთელი კვირაა ჩამოხვედი და ერთხელაც არ მნახე. არც აეროპორტში გამოგიხატავს სიხარული ჩემს დანახვაზე და არც ახლა. რა ხდება? - ჩემკენ შემობრუნებული თითქმის ყვირილით მელაპარაკებოდა. ასეთი დიმა არასდროს მენახა. - დიმა, გთხოვ... დრო მჭირდება... ძალიან დავიბენი. - ორივე ხელი ერთმანეთზე შემეტყუპებინა, ვცდილობდი კანკალი დამემალა. - ცოტა დრო მომეცი. - რისთვის? დრო რისთვის გჭირდება? - გთხოვ, ახლა ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. სულ ცოტა დრო და ყველაფერი დალაგდება. - არაფერი დალაგდება, თუ არ მეტყვი რა ხდება, აღარ გიყვარვარ? - ხმა გაბზარვოდა, ჩვეული სიმტკიცეც დაჰკარგვოდა. გული შემეკუმშა. დიმა მართალი იყო. არაფერი აღარ დალაგდებოდა. ტყუილად ვცდილობდი ომერის ხატება წამეშალა ჩემი ცხოვრებიდან, ისე როგორც რვა წლის წინ. - დიმა, მომისმინე... ჩვენ უკვე სამი წელია ერთად ვართ... ცოტა ხნით შესვენება გვჭირდება, ერთმანეთისგან დასვენება. - ქეთი, გიყვარვარ? მითხარი კი, ან არა! - წარმოუდგენლად მშვიდი იყო. - ახლა და ახლავე, მიპასუხე. - ღმერთო ჩემო, არ ვიცი, აღარაფერი ვიცი, გესმის? დავიბენი. - ოღონდ ახლა არ იტირო, ქეთი. არ იტირო! ვუმეორებდი გულში ჩემს თავს და საშინლად ვბრაზობდი დიმას ასე რომ ვტკენდი, თუმცა, ეს გაუგებრობაში ყოფნა უარესი იყო. - სხვა გამოჩნდა? - ხო... მაპატიე, დიმა. - ერთიანად გაფითრდა, თვალები დახუჭა, მერე გაახილა და ისე შემომხედა, ჯობდა მოვმკვდარიყავი. - დიდი ხანია? - არა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. - აქვს, ამის დედაც... აქვს. უნდა ვიცოდე რამდენ ხანს მაბოლებდი. - ჟურნალების დაბალ მაგიდას ფეხი ამოარტყა. არ გავნძრეულვარ. არაფერი მითქვამს. - ნუ ხარ ჩუმად! გიყვარს? - არ ვიცი... - არ იცის! - დამცინავად ჩაილაპარაკა. მის თვალებში სიძულვილს ვხედავდი და ვერაფერს ვაკეთებდი. ამოყირავებულ მაგიდას გვერდი აუარა და გავიდა. მინდოდა მეყვირა, მინდოდა უკან დამებრუნებინა, მაგრამ არ დავაბრუნე. ამას გული არ მთხოვდა, ეს უბრალოდ სინდისის ხმა იყო. საღამოს ფეისბუქზე ომერი მოვძებნე. ხელები მიკანკალებდა, ერთიანად ვცახცახებდი. მის პროფილს ჩამოვყევი და თვალთ დამიბნელდა. ომერს ორი საათით ადრე სურათი დაემატებინა, გოგონა კოშკზე, გაშლილი თმით, წინ კი სტამბულის ხედი გადაშლილიყო. ეს მე ვიყავი. კი მაგრამ, როდის მოასწრო სურათის გადაღება? სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა მექნა. სახეზე ხელები ავიფარე და სიცილის შეკავება ვცადე. - ქეთი, - ოთახში ჩემმა დამ შემოყო თავი. - ყავა გავაკეთე, გამოდი. - კარგი მეთქი, თანხმობის ნიშნად გავუღიმე და ღრმად ამოვისუნთქე. - რა გემრიელი სუნია. - მართალია სტამბოლურ ყავას არ ჰგავს, თუმცა ვეცადე. - გული ამიჩქარდა. რა იცოდა ნინამ მე და სტამბულს, ყავის გარდა კიდევ რამდენი მოგონება გვაკავშირებდა. - აბა, როგორ იყავი აქ უჩემოდ. - სამზარეულოს მაგიდას მივუჯექი, ფეხები სკამზე შემოვაწყე და ცხელ ფინჯანს ორივე ხელი შემოვხვიე. - უჰ, ძალიან კარგად. ნერვებს არავინ მიშლიდა. - სიცილით ჩამიკრა თვალი და ყავა მოსვა. ნინას ბავშვურობაზე მეც გამეღიმა. სიჩუმე ჩამოწვა, გარეთ ჟინჟღლიანად წვიმდა. ისევ სტამბული გამხსენდა. - ნინა, თუ იცი თბილისიდან სტამბულამდე რამდენი კილომეტრია? - რაა? მეღადავები? - არა, მართლა. - სარკმელს თვალი ავარიდე და ნინას კოპებშეყრილ სახეზე გამეღიმა. - ქეთი, რა მოხდა, იქ? - ორივე ხელით მაგიდას დაეყრდნო და შეთქმულივით დაიჩურჩულა. ერთხანს მის შავ თვალებს თვალს არ ვაშორებდი, არ ვიცოდი უნდა მეთქვა, თუ არა. რა მოხდა სტამბულში? რა მოხდა? - ომერი... ომერი ვნახე. - რაა? არა? - ნინას რეაქციამ მეც კი შემაშინა, სკამიდან წამოხტა და ბოლთის ცემა დაიწყო. - არ არსებობს! კი მაგრამ, როგორ? - შემთხვევით. - შემთხვევით? შემთხვევით არაფერი ხდება, ქეთი! საერთოდ არაფერი! - ნინას სიტყვებმა თითქოს გონება გამინათა, თითქოს პასუხი მივიღე, ახლა ყველაფერი თავის ადგილას დადგა. გადაწყვეტილების მიღება გაადვილდა. - უნდა წავიდე! ახლავე უნდა წავიდე! - ფეხზე წამოვხტი და ოთახში შევვარდი, ნინაც უკან მომყვა. - რა? სად მიდიხარ? - სტამბულში უნდა დავბრუნდე, ნინა. ომერი მელოდება. მომისმინე, ნინა, ერთ დღესაც, როცა სიყვარულს იპოვი, ხელი მაგრად ჩასჭიდე და არასოდეს გაუშვა. - ორივე ხელი მხრებში ჩავავლე და თვალებში ჩავხედე. - არაფერს მისცე უფლება ხელი შეგიშალოს მის გვერდით ყოფნაში. - გაგიჟდი? - ნინამ ცოტა შეშინებულმა უკან დაიხია. - შეიძლება... - ქეთი, მომისმინე, ასე ნაჩქარევად ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას, დაფიქრდი მერე რა მოხდება, დიმას რას უპირებ? რომ მიდიხარ, სად მიდიხარ?როგორ უნდა იცხოვრო, რა სტატუსით? - ჩემსა და დიმას შორის ჯერ კიდევ მაშინ დამთავრდა ყველაფერი სანამ წავიდოდი, ასე რომ არ იყოს, ომერის დანახვა არ იმოქმედებდა ჩემზე. - ნინას ხელები ჩავკიდე ჩემს საწოლზე ჩამოვსვი და მეც მის წინ მოვირთხი ფეხი. - მგონი არც არასდროს მყვარებია, ახლა ვხვდები, რომ ომერი არასდროს გამქრალა ჩემი ცხოვრებიდან. - ასე არ შეიძლება, ის მუსლიმანია, შენ ქრისტიანი, ერთად ვერ იქნებით, ან შენ უნდა დათმო რელიგია, ან მან. - ნეტავ შენ მოგესმინა ომერის სიტყვები, ნინა. მიყვარს, ყოველთვის მიყვარდა და როცა გიყვარს, როცა გიყვარს... მაშინ ყველაფერი სულერთია. აი, მთელი რვა წელია უარვყოფ და ახლა პირველად შენ გიმხელ; მიყვარს, სულ მიყვარდა. მის გარეშე არაფერი მინდა. - პირველად მომეშვა გულზე, ამდენი წელი საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი, რომ ომერი მიყვარდა, ახლა ვაღიარე და თითქოს გულზე მომეშვა. ნინა ერთხანს ჩუმად იჯდა, თვალებში მიყურებდა და რაღაცას ფიქრობდა. მერე ნელა წამოდგა, ჩემს ნოუთბუქს მიუჯდა და კლავიატურა აახმაურა. გაოცებული ვუყურებდი, თუმცა ხმა არ ამომიღია. რამდენიმე წუთის შემდეგ გაბრწყინებული სახით ამომხედა. - 1320.12 - რააა? - თბილისიდან სტამბულამდე 1320.12 კილომეტრია. ჩემს ბედად, არცერთ ავიაკომპანიას, სტამბულის რეისზე უახლოესი ორი დღე ბილეთები აღარ ჰქონდა დარჩენილი. ბოლო უარის მერე, ტელეფონი გავთიშე, თავი მუხლებს ჩამოვადე და დავფიქრდი. იქნება ეს მინიშნებაა? ორი დღე... ამ ბოლო დროს ზუსტად ეს ორი დღე განსაზღვრავს ჩემს ცხოვრებას... დავიცადო? რას ვუცადო? - ვფიქრობდი და უკვე მესამე ფინჯან ყავას ვსვამდი. ნინა მოშორებით იჯდა და ნოუთბუქს ჩასჩერებოდა. - რა სულელი ვარ. - უკვე მეათასედ ვიმეორებდი და ფანჯრიდან თბილისს გავყურებდი. - დამშვიდდი, რა. - უკვე მერამდენედ მეუბნებოდა ნინა. - ქეთი, თურქულ ცეკვებს ცეკვავ? - რატომ მეკითხები? - ისე... რა ვიცი... მსოფლიო ხალხთა ცეკვებს ცეკვავ და... - მხრები აიჩეჩა. ვიცოდი, თუ არა თურქული ცეკვა? რა თქმა უნდა, ვიცოდი. ჯერ კიდევ მაშინ ვისწავლე, როცა მე და ომერი ერთად ვიყავით. საჭირო მომენტს ველოდი, რომ გამეოცებინა, თუმცა ეს მომენტი ვერასდროს დადგა. იმ ღამით არ მეძინა. არც მეორე დღეს და მესამე ღამესაც გავათენებდი, თუმცა დაღლილობამ, ემოციებმა და უძილობამ მძლია და მისაღებშივე ჩამეძინა. - Happy Birthday to You Happy Birthday to You Happy Birthday Dear ქეთი Happy Birthday to You. - ნინას ხმამ ძილშივე გამაღიმა. საშინლად მესიამოვნა, როცა თვალები გავახილე და შოკოლადის ტორტით ხელში მოღიმარი ნინა დავინახე. სანთლები ჩავაქრე, თან სურვილად ომერის ნახვა ჩავუთქვი და დივანზე მოვირთხი ფეხი. - დროა! - როგორც კი ტორტის ბოლო ლუკმა გადავყლაპე, ნინა ფეხზე წამოდგა. - მიდი, გაემზადე. - რისთვის? - უნდა ავღნიშნოთ, შენი დაბადების დღე და შენი გამგზავრება. - თვალი ჩამიკრა და ოთახში შემაგდო. ნინას სურვილს ვერასდროს ვეწინააღმდეგებოდი, თანაც საკმაოდ რთული იყო, ასეთ მიმზიდველ წინადადებას არ მოეხიბლე. რესტორანში გამზადებულ მაგიდას ყველა ჩემი მეგობარი შემოსხდომოდა. საშინლად გამიხარდა მათი დანახვა, საკმაო ხანი იყო ისინი არ მენახა და ბოლომდე გავიხსენი სამხიარულოდ. არც ერთი ცეკვა და სიმღერა არ გამომიტოვია, თან სულ საათზე ვიყურებდი, ერთი სული მქონდა ჩემი გაფრენის დრო მალე მოსულიყო. შინაგანად ვდუღდი. დაღლილი სკამზე ჩამოვჯექი, წითელი ღვინის ჭიქას ხელი შემოვხვიე და ფიქრებში გადავეშვი, დილით უკვე სტამბულში ვიქნებოდი. სტამბულზე და ომერზე ფიქრი, ვახომ გამაწყვეტინა, საცეკვაოდ მიწვევდა. ამდენი წლის შემდეგ, მე და ვახო ისევ ვიცეკვებდით, ამაყად წამოვდექი ფეხზე და გავყევი. თურმე ძალიან მომნატრებოდა ცეკვა... მეგონა მთელი სამყარო მე ვიყავი, არავინ და არაფერი მახსოვდა, ვერავის ვერ ვხედავდი, ბოლო წრე ჩავათავეთ და მაყურებელსაც თავი დავუკარით, როცა აპლოდისმენტებისა და შეძახილების ხმა, საოცრად ნაცნობმა, მონატრებულმა ჰანგებმა დაარღვია. Zeybek ის მელოდიამ დარბაზი დაფარა, სუნთქვა შემეკრა, მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. თურქული ცეკვა, ჩემს დაბადების დღეზე, ზუსტად იმ დროს, როცა მე სცენაზე ვიდექი, ნუთუ ეს მხოლოდ დამთხვევა იყო. მერე თვალები დავხუჭე და ცეკვა დავიწყე, ამ ცეკვას ხომ პირველად ქალი იწყებს. შემთხვევით არაფერი ხდებაო, ნინას გავხედე, ბედნიერებისგან ბრწყინავდა. იმ წუთას ვიგრძენი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც დიდი და გრანდოზული ხდებოდა. დარბაზი ჩამობნელდა, მხოლოდ სცენაზე ანათებდა შუქი, მე ვცეკვავდი, გულისა და სხეულის კანკალით, ისევ თვალებდახუჭული და მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ ის აქ იყო. ღმერთო, ეს სიზმარია? - დასარწმუნებლად ნელ-ნელა გავახილე თვალი. ეს სიზმარი არ ყოფილა. მე და ომერი ვცეკვავდით, ის ჩემს წინ მოძრაობდა, მიღიმოდა და ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდა. მუხტი, რომელიც ჩვენს შორის გაჩნდა, გაძლიერდა, აფეთქდა და მთელი დარბაზი აიყოლია. ერთმანეთს თვალს არ ვაშორებდით. ის ჩემთან ჩამოვიდა. ის ორი დღე... ყველაფერს აქვს თავისი ახსნა, ყველაფერს აქვს თავისი დრო, შემთხვევით არაფერი ხდება. - „ მე შენთან მხოლოდ Zeybek Harmandalı ს ვიცეკვებ.“ - რვა წლის წინ ნათქვამი სიტყვა შეასრულა. მერე ყველაფერი გაჩერდა, ჩვენ უბრალოდ ვიდექით და ერთმანეთს ვუყურებდით. - მე ჩამოსვლას ვაპირებდი. - ცეკვისგან დაღლილმა და ემოციებს ატანილმა სიტყვები ძლივს ამოვთქვი. - ვიცი. - ხელები ხელებზე მომიჭირა. - მაშინაც ვიცოდი, ტრაპზე რომ ადიოდი და უკან მოიხედე. - იქ იყავი?! - მე ყოველთვის იქ ვიყავი, სადაც საჭირო იყო, აი, ხომ ხედავ? მე სტამბული მელოდა... ........... პ.ს. დავბრუნდი, სამი თვის პაუზის შემდეგ. დავბრუნდი ახალი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხრობით. 8 თვეა ვწერ,ზუსტად ამდენი ხანია ვცდილობ, ყველა ინფორმაცია მოვიძიო სტამბულზე. შევისწავლე ისტორია, კულტურა, ქუჩებშიც კი ვიმოგზაურე... სტამბული ჩემი ოცნების ქალაქია... სადაც არასდროს ვყოფილვარ. იმედს ვიტოვებ მოგეწონათ და ჩემსავით იმოგზაურებთ ასე ონლაინ. მადლობა, რომ წაიკითხეთ და ველი შეფასებებს. გკოცნით, თქვენი ლორე! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.