გმირის აჩრდილი (ნაწილი 2)
- როგორც იქნა, კოშმარი დასრულდა. - თქვა თაკომ, როცა ალეკოს სახლის კარები ცხვირწინ მიუხურა. - მოვაღწიეთ! - რამდენჯერ გთხოვე ასე ნუ ექცევი-თქო. - ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც მე აგიხსენი, რომ სხვაგვარად უბრალოდ არ შემიძლია. - მომაგება სიტყვა თაკომ და სხვათაშორის დაამატა: - ისე ხომ არ გადაიფიქრე? - გაგიჟდი? რა დროს გადაფიქრებაა? - გავიკვირვე მე და არათითზე მორგებული ბეჭდი თვალებთან მივუტანე. - ნუ აკეთებ მაგას, ნერვებზე თამაშობ! - კარგი რა, არ არის ალეკო ისეთი ცუდი, როგორადაც ახასიათებ. - ისეთი ცუდი, არა?! - სიტყვაზე დამიჭირა. - ხედავ? გულის სიღრმეში შენც მეთანხმები, უბრალოდ აღიარება არ გინდა! - იდეალური არავინაა თაკო, შენ ეს უნდა იცოდე! არც ალეკოა იდეალური, მაგრამ ერთად გავიზარდეთ და ვიცი, რომ კეთილი გული აქვს. - კეთილ გულზე არ თხოვდებიან, ჩემო კარგო! - კეთილი გული მირჩევნია, ლამაზ თვალებს, რომელიც მერე თავ-ბედს მაწყევლინებს. - ბიჭი ვერა, მაგრამ პროფესია კი ნამდვილად სწორად გაქვს არჩეული მარიამ. შენი საოცარი ნიჭი, შავი თეთრად წარმოაჩინო, იურისტის დიპლომს უდაოდ იმსახურებდა! - დამგესლა მან და ოთახში შეიკეტა. სასწრაფოდ გავიძრე ტანსაცმელი, მოვიხსენი რამდენიმე საათის წინ საგულდაგულოდ მორგებული ნიშნობის ბეჭედი და ცხელი შხაპის ქვეშ გავირინდე, თითქოს გაყინული გულის გალღვობას ვცდილობდი. წყლის ცხელი წვეთები სხეულზე იშლებოდნენ და ორთქლად ქცეულნი ჰაერში იფანტებოდნენ, ზუსტად ისე, როგორც ჩემი სურვილები ქრებოდნენ უგზო-უკვლოდ და გაუვალ ბურუსს ქმნიდნენ ჩემ გარშემო; გრძნობა, რომ საკუთარ სასიკვდილო განაჩენს თავად ვაწერდი ხელს, სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა და მიუვალ კუნძულზე ყოფნას ვნატრობდი, სადაც სულელურ ყოველდღიურობას არ შეეძლებოდა ჩემამდე მოღწევა, სადაც თავისუფალი ვიქნებოდი. ვხვდებოდი, რომ აქ, ამ სამყაროს ქაოსში გავიჭედე და იმ დროში მსურდა დაბრუნება, სადაც თავისუფალი ვიყავი, სადაც შემეძლო საკუთარი თავის ფლობა, მაგრამ რაღაც მაკავებდა; ალბათ, ეს ჩემი საშინელი სიჯიუტე იყო. თაკოს ‘ძილინებისა’ გავძახე და ლოგინზე ისე მივედგე, თითქოს ძილს მოწყურებული ვამპირი ვყოფილიყავი, ეს კი ერთადერთი ღამე, როცა დაძინება შემეძლო. კვირა ჩვენი ერთადერთი თავისუფალი დღე იყო და ის ყოველთვის მხიარული განწყობით იწყებოდა, მაგრამ ამჯერად ასე არ მოხდა: თაკო არ მელაპარაკებოდა, მე კი ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ჩემი რაღაც ნაწილი გავაჩუქე, მის ადგილას კი სიცარიელე დამრჩა, რომელსაც ვერაფრით შევავსებდი. უსიტყვოდ ვისაუზმეთ, ერთმანეთს თვალს ვარიდებდით და ვცდილობდით ის მშვიდობაც არ დაგვეკარგა, რომელიც ჯერ ისევ გვქონდა შერჩენილი. ოთახში ისეთი სიჩუმე იდგა, იფიქრებდით, რომ სადღაც შორიახლოს მიცვალებულის სხეულს ეძინა და ამ შეუვალი დუმილით მისთვის პატივის მიგებას ვცდილობდით. - თაკო, რა მოხდა ასეთი? - საბოლოოდ გავბედე საუბრის წამოწყება. - არაფერი. - ზერელედ გამეპასუხა. - მაშინ რატომ მიბრაზდები? - არ გიბრაზდები მარიამ, უბრალოდ ჩუმად ვარ. რა აზრი აქვს ლაპარაკს, შენ ხომ მაინც არასდროს მისმენ. - ყავის ჭიქას დასწვდა და ოთახიდან გავიდა. - მე კი არ მესმის, რას ელოდი. გუშინ ნიშნობა მქონდა და შენთვის ეს ამბავი ახალი არ არის. რა შეიცვალა? - მართალია, გუშინ არ გამიგია, მაგრამ ნამდვილად მქონდა იმედი, რომ გუშინ დასრულდებოდა. - ეს ისეთი დანანებით მითხრა, წამით საკუთარი თავი შემეცოდა. - ამიტომ მაქცევ ზურგს? - ზურგს არ გაქცევ მარიამ, მაგრამ თავს ვეღარ მოგაჩვენებ, რომ ყველაფერი კარგად გაქვს, რადგან ასე არ არის და ამას ჩემს გარდა არავინ გეტყვის! - რა გინდა, რომ გავაკეთო? - ვედრებით ვკითხე და იმ იმედით, რომ ჩემს ხმაში დახმარების თხოვნას იგრძნობდა, კარისკენ შევბრუნდი. - თვალები გაახილე, სულელო! - ოთახში შემობრუნდა თაკო. - ალეკო თავს დაგტრიალებს და ერთადერთი, რასაც აღწევს ისაა, რომ მისი ყურადღება გბეზრდება, ის ბიჭი კი მხოლოდ ერთი გამოხედვით გაკარგვინებს გონებას. - ბიჭი პარკიდან? - გამეცინა. - იცი რა?! - თვალებში სხივი აუთამაშდა. - დროა გაიგო მისი სახელი და სხვა რაღაცეებიც მასზე. - თაკო, კარგი რა. - მაშინ ნუღარ მელაპარაკები! - ჯიუტი ბავშვივით გაიბუტა და ზურგი მაქცია. - მის გაცნობას ვერ მაიძულებ. ასე არ შეიძლება! - მე არაფერს გაიძულებ მარიამ, შენ გაქვს არჩევანი. - საზიზღარი არსება ხარ! - ჰმ. - თვალები შეათამაშა, მერე ყურადღებით შემათვალიერა და კმაყოფილი სახით მითხრა: - ერთ დღესაც მადლობას მეტყვი! - აი, ეგ კი საეჭვოა. - ნუ იბღვირები. - დამეჭყანა. - აბა, წავედით სავარჯიშოდ? გადაჭედილი გზატკეცილი სწრაფად გავიარეთ და ნაცნობ პარკში აღმოვჩნდით, რომელიც როგორც ყოველთვის, სავსე იყო სხვადასხვა სტილისა და ინტერესების მქონე ხალხით. უამრავი განსხვავებული სახე, მიზანი და სურვილი ირეოდა ირგვლივ და მათთვის თვალყურის დევნება იმდენად საინტერესო იყო, რომ ყოველთვის მიკვირდა რატომ არასდროს დადიოდნენ ამ ადგილას მწერლები ან პოეტები, რომლებსაც ამოუწურავი მასალა ელოდათ აქ თავიანთი შემოქმედებითი ინტერესებისთვის. გარემოს ყურადღებით მოვავლე თვალი, ვეძებდი ბიჭს, ვისი სახელიც კი არ ვიცოდი და არც იმაზე მქონდა წარმოდგენა, საერთოდ რაში მჭირდებოდა მისი პოვნა ან რა უნდა გამეკეთებინა, თუ ვნახავდი. - და სად არის? - იკითხა იმედგაცრუებულმა თაკომ. - როგორც ჩანს, ბედი არ ყოფილა. - კმაყოფილმა გავიღიმე. - არა! ასე არ შეიძლება! - ამჯერად რა გინდა, რომ გავაკეთო? - არაფერი, რაღა უნდა ქნა. - მის ხმაში ისეთი სევდა იგრძნობოდა, თითქოს საკურთხეველთან მიატოვესო. - კარგი, აბა გამხიარულდი და წავედით. - მოვეხვიე. - არ გინდა, სამსახურს ნუღარ მახსენებ. - მოიღუშა თაკო. - დღეს არ მოვდივარ. - რა? რატომ? - უთხარი, რომ მოვკვდი! - მკვდრეთითაღმდგარს რა გეშველება მერე? ხომ იცი, ხალხს სასწაულების არ სჯერა?! - ვცადე მისი გამხიარულება. - არ მოვდივარ მარიამ. რაც გინდა ის უთხარი! - ასეთ დროს თაკოსთან კამათი არ ღირდა, ამიტომ გავჩუმდი და უფლება მივეცი დაუგეგმავი შვებულება აეღო. სამსახურში მარტო წავედი. ჯერ უფროსს ვებოდიშე თაკოს ნაცვლად, შემდეგ მისი საქმეებიც მე ავიღე საკუთარ თავზე და იმაზე უარეს ხასიათზე დავდექი, ვიდრე უკვე ვიყავი. კოშმარული სამუშაო დღის მიუხედავად, იყო ორი რამ, რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა: რატომ არ გამოჩნდა პარკში ბიჭი, რომლის საძებნელადაც წავედი და სად იყო ნუგო - ჩემი კლიენტი, რომელმაც დღევანდელი შეხვედრა გამოტოვა. პირველი მარცხის გრძნობას მიტოვებდა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი გამოვტოვე და უკან ვეღარ დავაბრუნებდი, მეორე კი მეტ-ნაკლებად ბრაზს მგვრიდა, ვერაფრით გამეგო რატომ არ უნდა მოვიდეს დათქმულ შეხვედრაზე ადამიანი, რომელიც სულ რაღაც ორიოდე დღის წინ სასოწარკვეთილი ითხოვდა დახმარებას. პასუხი არცერთ მათგანზე მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე უბრალოდ დამევიწყებინა და სამუშაო დღის დასრულებას მოუთმენლად ველოდი, როცა ტელეფონმა დარეკა. - მარიამ, სად ხარ? - იქ, სადაც ახლა შენც უნდა იყო თაკო. - მოიცა რა, შენთვის ახალი ამბავი მაქვს. - მის ტონში დაუფარავი მოუსვენრობა იგრძნობოდა. - რა ამბავი? - შენი ბიჭი აქ არის! - რა? სად? მოიცა, ვინ? - ზუსტად ვიცოდი, რომ ალეკოზე ასეთი ტონით არასდროს დამელაპარაკებოდა და თავში ყველაფერი ამერია. - შენი ბიჭი, პარკიდან. - თაკომ ისე ჩაჰყვირა ტელეფონში, რომ წამიერად სმენა დავკარგე. - პარკში რა გინდა? - შენ რა, ამ წინადადებიდან მარტო ის გაიგე, რომ მე პარკში ვარ? - გამიწყრა თაკო. - სასწრაფოდ აქ მოდი! - გოგო, სამსახურში ვარ! - კარგი რა, სამუშაო დღის დამთავრებამდე ნახევარი საათიღა დარჩა. ახლავე გამოდი! - მიბრძანა მან და ტელეფონი გათიშა. ბრძანებას ინსტიქტურად დავემორჩილე, ფეხები ჩემგან დამოუკიდებლად მიიკვლევდნენ გზას პარკამდე, მოუთმენლობისგან სუნთქვა მეკროდა. თაკოს არაფერი უთქვამს გარდა იმისა, რომ იქ იყო, არ ვიცოდი რატომ მეძახდა ან რა ჰქონდა დაგეგმილი, არც ის ვიცოდი, მე რას ვაკეთებდი ახლა ქუჩაში; გონება გამუდმებით მეკითხებოდა, რას ველოდი ამ შეხვედრიდან, მაგრამ პასუხი არ მქონდა. გზა სწრაფად გავიარე და უკვე შესასვლელთან ვიყავი, როცა ტელეფონმა ისევ დარეკა. - ჰო, თაკო. - ჯანდაბა, სწრაფად ჩამოდი. - მითხრა ნერვიული ხმით. - რა მოხდა? - სწრაფად! - იმეორებდა ის. - სწრაფად მეთქი! სად ხარ? - მოვდივარ თაკო, რა ხდება ასეთი? - სწრაფად, სწრაფად! - ჯანდაბა, სხვა სიტყვები დაგავიწყდა? - ვუყვირე მე. - ფეხი გამოადგი! - არ მეშვებოდა თაკო. მეც რაც ძალი და ღონე მქონდა ვცდილობდი ადგილზე სწრაფად მივსულიყავი, მომაკვდავი ძაღლივით ვქოშინებდი. ჩემს წინ მიმავალ წყვილს გვერდი სწრაფად ავუარე და მოსახვევში ვიღაცას შევასკდი. - ადგილზე ხარ! - მომესმა ხმა ტელეფონიდან. ჩემს მსხვერპლს საცოდავად გავხედე და უცებ მივხვდი, რას ნიშნავდა ‘ადგილზე ყოფნა’. ჩემს წინ ის იდგა, ბიჭი პარკიდან. - კარგად ხართ? - დამნაშავესავით შემომხედა და წამოდგომაში დამეხმარა. ქალაქის მტვერში ამოგანგლული შარვალი ჩამოვიფერთხე და როგორც შემეძლო მშვიდად გავეპასუხე. - დიახ, ბოდიში... ჩემი ბრალი იყო. - ბრაზისგან საუბარი მიჭირდა. - ნამდვილად. - გაიღიმა მან. - ალბათ პაემანზე მიგეჩქარებათ. - ჰო, პაემანზე დაქალთან, რომელსაც ნამდვილად მოვკლავ! - სიტყვები თავისთავად მოსწყდა ბაგეს და მუქარასავით გაიჟღერა. - არ გირჩევდით. - უკაცრავად, რა? - მის მოკვლას. - გამიმეორა და ისე უცნაურად შემომხედა, თავი საცეცებიანი უცხოპლანეტელი მეგონა. - ღმერთო ჩემო, მარიამ, რა მოხდა? - ნაცნობმა ხმამ ამჯერად ნამდვილად მიხსნა განსაცდელისგან. - გადასარევად, დიდი მადლობა. - დამალული ბრაზით განვუცხადე. გაეღიმა. - მე კი ვინერვიულე. ბოდიში, ჩემი ბრალი იყო. - მიუბრუნდა ახლა ბიჭს. - მე რო არ დამერეკა, ახლა აქ არც იქნებოდა. - არაფერია. - თავაზიანად გაუღიმა მან. - მართლა, მე თაკო ვარ, ეს კი მარი. - გაუღიმა და ხელი გაუწოდა. - გიორგი. - აშკარა იყო, რომ პასუხი ზრდილობისთვის გასცა. ამ ბიჭს აშკარად არ ვაინტერესებდით. - ე, ბიჭო, რას შვები, არ მოდიხარ? - დაუძახეს მეგობრებმა, რომლებიც ახლახანს გამოჩნდნენ მიწისქვეშა გადასასვლელის გვირაბში. - ახლავე. - გასძახა ბიჭებს გიორგიმ, მერე ჩვენ მოგვიბრუნდა. - ღამე მშვიდობის და ფრთხილად იარეთ. - ვინ არიან ეს მშვენიერი არსებები? - მოგვიახლოვდნენ ბიჭები. - გატრიალდი! - შეუბღვირა გიორგიმ მეგობარს. - არა, არაფერია. - ისევ ალაპარაკდა თაკო. - სიმართლე გითხრათ, კარგია აქ რომ ხართ. ერთი ტიპი ამედევნა და ვერაფრით მოვიშორე, ახლა კი არსად ჩანს. ფაქტიურად მიხსენით. მარიც ამიტომ გამორბოდა. - ეს იმიტომ, რომ მამრები არ გახლავთ თან. სად დატოვეთ ისინი? - ისევ იკითხა დაუპატიჟებელმა სტუმარმა. - სამწუხაროდ, მამრები არსად ჩანან. - გაიცინა თაკომ. - თოკო, წავედით. - ისევ სცადა მისი ჩვენგან გარიდება გიორგიმ. - სად გაქრა ჯენლტმენობა მამო? არ გესმის ქალბატონი რას ამბობს? - უსაყვედურა მეგობარს თორნიკემ და ისევ თაკოს მიუბრუნდა. - სად დაკარგეს თვალები კაცებმა? - ამ შემთხვევაში, პრობლემა ჩვენი თვალებია და არა მათი. - სიხარულით გაეპასუხა თაკოც. გიორგის ჩუმად გაეცინა. - თაკო წავედით. - ღიმილიანი სახით ვთქვი და თაკოს იდაყვში წავავლე ხელი. - გაგაცილებთ. - შემოგვთავაზა თორნიკემ. - მშვენიერია, მადლობა. - დასთანხმდა თაკო, სანამ რამის თქმას მოვასწრებდი. გიორგი თავაზიანად დაგვემშვიდობა, საიმედო ხელში გტოვებთო და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა იქურობას, თორნიკე კი სახლამდე გამოგვყვა. მე წინ მივდიოდი და წინდაწინ ვამზადებდი თაკოს გასალანძღ ფრაზებს, ისინი უკან მომყვებოდნენ და ისე მეგობრულად საუბრობდნენ, გეგონებოდა ბავშვობის მეგობრები არიანო; მიუხედავად იმისა, რომ სახლამდე სულ რაღაც 30 მეტრი გვაშორებდა, რამდენიმე თემაზე საუბარიც მოასწრეს და ტელეფონის ნომრებიც გაცვალეს, მე კი ჯერ კიდევ მეწვოდა გადაფხეკილი მუხლები და შელახული თავმოყვარეობა. სახლში შესვლისთანავე მოვაღე პირი და თაკო საშინელი სიტყვებით გავლანძღე, ყველაფერი ვუთხარი, რაც თავში მომივიდა - დამსახურებულიც და დაუმსახურებელიც. ის იდგა მომღიმარი და ჩუმად მისმენდა. - იქნებ ამიხსნა რა გაცინებს? - ვკითხე ბოლოს, როცა ყვირილისგან ყბები მომერყა და მისი ღიმილიანი სახის შემყურემ, თავი სულელად ვიგრძენი. - დიდებული დღე იყო! - დიდებული? - კიდევ უფრო გავბრაზდი მე. - იქნებ მეც მითხრა, დღის რომელი ნაწილი იყო დიდებული? - ბოლო ნაწილი. - უფრო მეტი კმაყოფილებით გაიღიმა მან. - არა, მეტი აღარ შემიძლია. ასე აღარ მოიქცე, გასაგებია? არასდროს! - კარგი, მაგრამ აღიარე! - რა უნდა ვაღიარო? - ისე ვიკითხე, თითქოს ვერაფრით ვხვდებოდი, რას ელოდა ჩემგან ეს უცნაურად მომღიმარი გოგო. - რომ ეგ ბიჭი ჭკუას გაკარგვინებს. - გიჟი ხარ! - თავი ვერ შევიკავე და საბოლოოდ რომ არ გამოვეაშკარავებინე, ოთახიდან გავედი. თაკო უკან გამომყვა. - იცი? სპორტდარბაზი ჰქონია, სადაც ახალგაზრდებს ჩხუბს ასწავლის. - ისე განაგრძო საუბარი, თითქოს აქ არაფერიო. - რას ნიშნავს, ჩხუბს ასწავლის? - დავინტერესდი. - ჰო რა, კრივში ავარჯიშებსო თუ რაღაც მსგავსი, თუ რამე მოხდა და დასჭირდათ, თავის დაცვა რო შეეძლოთ. - გამოდის, ერთი რიგითი კუნთიანი ტიპია, რომელსაც თავში არაფერი აქვს. თავიდანვე როგორ ვერ მივხვდი? - ეგ რაღა შუაშია? - თაკოს ხმაში სიბრაზე შეეპარა. - რაიყო რო?! ყველა ერთნაირია, მხოლოდ კუნთების ზომაზე ფიქრობენ და კაცობადაც მხოლოდ ამას თვლიან. - უკან არ დავიხიე მე. - შენ კი ყველას ლანძღავ შენი დებილი საქმროს გარდა, რომელიც ვერც კუნთების ზომით იკვეხნის და ვერც ტვინის. - ასე რამ გაგაბრაზა, ეგ ბიჭი შენ ხომ არ მოგწონს? - იცი რა, შენც დებილი ხარ მარიამ! - მკვახედ მომახალა და კარი გაიჯახუნა. მეგობართან მინი სკანდალის შემდეგ ალეკოს გავუარე, მთელი დღე მეხვეწებოდა, მნახეო. როგორც აღმოჩნდა, გვიანი ვახშმის მოწყობა გადაეწყვიტა; როცა მივედი, ყველაფერი მზად ჰქონდა, მაგიდასთან მიმიპატიჟა და ისეთი გახარებული თვალებით შემომცინა, ვიფიქრე არ მოსვლა დიდი სისასტიკე იქნებოდა მეთქი. ვივახშმეთ, ვისაუბრეთ ჩვენს მომავალზე და დროც სწრაფად გავიდა. ალეკო შეპყრობილი იყო ჩვენი ქორწინებით, ვეღარ იცდიდა, მე კი მისი ასეთი დამოკიდებულება მაღიზიანებდა; მეტის გაძლება აღარ შემეძლო და მისგან თავის დასაღწევად საქმე მოვიმიზეზე. სახლში მისულს თაკო ოთახში შეკეტილი დამხვდა. კარგა ხანი ვეხვეწე, შემომიშვი მეთქი, მაგრამ ხმაც კი არ გამცა; ბოლოს მეც დავნებდი და ჩემს ოთახში გავედი. დღემ ძალიან დამღალა და ერთი სული მქონდა ძილის საბანი მომეხურა, მაგრამ ვერ დავიძინე. თითქოს ყველაფერი მქონდა - პროფესია, სამსახური, საქმრო, სამომავლო გეგმები, მაგრამ რაღაც არ მყოფნიდა, სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა; საწოლზე ჩამოვჯექი და იმაზე დავფიქრდი, რა მაწუხებდა ასე ძალიან. - კარგად ხარ? - მომესმა უცებ თაკოს ხმა. - იკადრე დამლაპარაკებოდი? - ვუკბინე. - მარიამ, მარიამ... - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა, მერე გვერდით მომიჯდა და ჩუმად მითხრა: - მე მხოლოდ ის მინდა, რომ ბედნიერი იყო. - ვიცი, ჰო. მაგრამ ასე ნუღარ იქცევი, კარგი? - მაშინ ნურც შენ იქცევი ასე. - ისევ თავიდან იწყებ? - მოვიშორე მისი ხელი მხრებიდან. - არა! - ადგა, მერე რაღაც ფურცელი მომცა და დაამატა: - ეს ბოლოა. - ნუთუ?! - მივაძახე მიმავალს. თაკო უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან, მე კი მისი დატოვებული ფურცელი ავიღე, რომელზეც გაკრული ხელით იყო მიწერილი: „ვარდისუბნის ქუჩა, #13“; ზედმეტი კითხვების გარეშეც ცხადი იყო ვისი მისამართი ეწერა ფურცელზე. თავიდან საშინლად გვაბრაზდი, ფურცელი დავხიე და მეგობარს გავედევნე, მაგრამ კარებთან გავჩერდი, იატაკზე მიმოყრილ ნაგლეჯებს გადავხედე, მერე სასწრაფოდ შევაგროვე გაფანტული ნაწილები, მისამართი ამოვწერე და უჩვეულო შვებით ამოვისუნთქე. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ნეტა რა იყო ამ ბიჭში ისეთი, რომ ჩემს სანაქებოდ გაწონასრორებულ გონებაში მსგავსი ქაოსი დატოვა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.