შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღიური N08.08.08


29-11-2016, 21:01
ავტორი dreamhacker
ნანახია 1 400

ღამე უმთვარო, უკუნეთი. საზიზღარი ღამეა, რაღაც ცუდის მოლოდინით მიძგერს გული, რაღაც დეჟავიუს მსგავსია. კარგი რა გეყოს, გაჩერდი გულო, ნუ როშავ რაღაცებს, გგონია წინასწარმეტყველების ნიჭი გაქვს თუ რა გინდა?! სულ ასე არ ვიყავი?! ან ახლა რა ვნახე გასაოცარი ჩემს ღელვაში, ბავშვობაშიც კი როცა სადმე მივდიოდი ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს ვერასდროს ვერ დავბრუნდებოდი უკან, როცა რამე მნიშვნელოვანს ველოდი, ძილი არ მეკარებოდა და დილასაც რაღაც უცნაური გრძნობით ვიღვიძებდი, სწორედ ამას ვგრძნობ ახლა, ბავშვობაში მივიწყებულს და უცნაურ შეგრძნებას. არც მაშინ მქონდა ღელვის მიზეზი და არც ახლა მაქვს, ამაში ბოლომდე დარწმუნებული ვარ, მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ. ჩემს მისიაზე ვფიქრობდი, თბილისიდან კონფლიქტურ ტერიტორიაზე ხალხის უფლებების დასაცავად გამგზავნეს და სწორედ ამიტომ ვღელავდი ასე ძალიან.
წავალ დავიძინებთქო ვიფიქრე იქნებ დაღლილობისგან მაინც ჩამეძინოს, სამი დღეა გადაბმულად ვმუშაობთ, იქნებ ახლა როცა ყველაფერი მოგვარდა მაინც შევძლო დაძინება, თუმცა არა, სწორედ ახლა როცა თითქოს ყველაფერი რიგზეა, ახლა დააწვა დიდი სევდა და წუხილი ჩემს გულს. ვიფიქრე რა სისულელეებზე ვფიქრობ, რელობას შეხედე იდიოტო, რატომღა პანიკიორობ. შუქი ჩავაქრე და დაძინება ვცადე. ხან ერთ გვერდზე გადავბრუნდებოდი, ხან მეორეზე, ხანაც საწოლის სიგანეზე გავწვებოდი, აგვისტო იყო, ცხელოდა, მაგრამ არა იმდენად, რომ ასე დაეფრთხო სიმშვიდე ჩემთვის. ვერ ვიტყვი რომ ღრმა ძილი ვიცი, ყოველთვის ფხიზლად მძინავს, განსაკუთრებით ფხიზლად ამ ღამეს ვიყავი. ძილბურანში ჯერ კიდევ ვერ მივხვდი სიზმარი იყო თუ ცხადი, ის ხმები, რომელიც უწყვეტად, შეუსვენებლად მესმოდა, ვერ გამერჩია რა იყო. უცებ ფანჯარას მივვარდი გამოვაღე და ცხადი გახდა რომ არც ისე უსაფუძვლო იყო ჩემი წუხანდელი შიში. ირგვლივ არაფერი ჩანდა, ქალაქი კვამლში გახვეულიყო, ხალხი კივილით გარბოდა, ზოგი დაუძლურებული კი სიკვდილის მოლოდინში ვერსად ახერხებდა წასვლას, შეიძლება გაქცევის სურვილიც არ ჰქონდათ. ხალხის ბრბოსგან განცალკევებით ერთი მოხუცი შევნიშნე, რომელიც არ იყო ჩემთვის უცნობი, გუშინ დილით შემხვდათქო გავიფიქრე და ჩვენმა დიალოგმაც წამებში გამირბინა თვალწინ:
- ყველაფერი მოგვარდება ბაბუ? რას ამბობენ შეთანხმდნენ პრეზიდენტებიო?
- ბატონო ზუსტად ვერ იტყვის ვერავინ რა მოხდება, პრეზიდენტები შეთანხმდნენ კი.
- ომი დამთავრდება ბაბუ?
- დამთავრდებაო ბატონო
- შვილო ამდენიხნის ომმა დაგვტანჯა, დაგვღალა, ოთხმოც წელს მივატან კაცი და აწი სადღა გამქცევი და დამმალავი ვარ, კიდე თუ ომი იქნება აღარსად აღარ დავიმალები ერთი ტყვია მადლია ჩემთვის
- რას ამბობ ბატონო, აღარ მოგიწევთ გაქცევა
- სადღა გავიქცევი შვილო მე... ისე კი ამ ბერიკაცს ვერ მოატყუებ, ხმაში და თვალებში გეტყობა რომ თვითონაც არ გაქვს ომის დამთავრების იმედი...
ასე არ არისთქო როგორ მეთქვა, თავი დავუკარი და ოფისში შევბრუნდი.
ახლა კი უკვე იმ მომენტიდან, რამდენიმე საათის შემდეგ მოხუცის ყველა იმედი გაქრა. გრძნობა რომ აგერევა გრძნობებში, ყველაზე ცუდი შეგრძნებებისთვისაც მზად უნდა იყო, როცა ცდილობ ადამიანს გული გადაუშალო და მალავ შენ გრძნობებსა და ეჭვებს. გგონია, რომ ვისაც რამე წვრილმანსაც უმალავ ის უკან მოგდევს და შენს საუბარს ისმენს, შენ კი მერე ზიხარ დეპრესიული გამომეტყველებით და ფიქრობ, მისმენდა, ალბათ გაიგო. კი მართალია სიარულისას გამუდმებით უკან იხედებოდი და ის არ შეგხვედრია, არ დაგინახავს, არც კი მოგჩვენებია, მაგრამ ყველა შემთხვევითობას თუ „დამთხვევითობა“ შენ საუბარს უკავშირებ. რთულია ადამიანი როცა რაღაცას მალავ, მაგრამ თუ ასე ფიქრობ ხო აუცილებელია ფიქრიც გაუზიარო ვინმეს, ყველაფერს გულში და ფიქრებში ხომ ვერ დაატევ, ხომ ვერ ააფეთქებ გულს და ვერ დაიტანჯები უსუსურობით. სწორედ ამ დროს ვარდები დეპრესიაში მაგრამ არა ისეთში, რომელიც დღეები და კვირები გრძელდება , ეს დეპრესია კი არაა, უფრო დეპრესიული აზროვნებაა, გეშინია შედეგის, რომელიც შეიძლება შენ ფიქრს მოყვეს. ძალიან რთულია ყველაფერი, ვერც ამ დეპრესიაჩავარდნილ მდგომარეობაზე უყვები ვინმეს, ესეც რომ გაიგონ?!
რამდენ სისულელეზე და შეუქმნელ პრობლემაზე ფიქრობ ადამიანო.
მაგრამ მაინც საოცარი სიმსუბუქეა როცა დასამალი არაფერი გაქვს და ყველაფერს ხმამაღლა ამბობ.
თითქოს ამ ჩემმა ფიქრებმა წამიერად გადამაგდო სხვა სამყაროში და ვერც კი მივხვდი, როდის ჩამოვედი ბინიდან, ფეხშიშველი, ხალათის ამარა. თავს ვაიძულე გამოფხიზლება. ირგვლივ მივიხედ-მოვიხედე, მივხვდი, რომ ჭურვები ძირითადად ქუჩებში ჩამოეყარათ და მსხვერპლი დიდი არ იქნებოდა, როცა ეს გავიფიქრე შემრცხვა ჩემი ფიქრის და გულცივობის, მე ხომ ცივსისხლიანებს ვეძახი სხვებს, რომლებიც ჩემ თანამემამულეებს ხოცავს, მე კიდე ვფიქრობ იმაზე თუ რა კარგია რომ მსხვერპლი ბევრი არ არის, რაც არის ისიც ხომ დიდი ტკივილის მომტანია მათი ოჯახებისათვის, ნებისმიერი მათგანი ჩემი დედა, მამა, ძმა ან მეგობარი რომ ყოფილიყო ხომ მეც განვიცდიდი იმავე ტკივილს, მაგრამ ადამიანი ხომ ყველაზე დიდი და სასტიკი ცხოველია დედამიწაზე, ჩემი არც ერთი ახლობელი არ შეიძლებოდა ყოფილიყო დაღუპულთა შორის, ამიტომაც ვინარჩუნებდი ჩვეულ სიმშვიდეს. სასწრაფო დახმარების სირენის ხმები თანდათან სულ უფროდაუფრო გვიახლოვდებოდა, როცა საბოლოოდ ავტომობილები მოვიდნენ, ყველა მხრიდან ისმოდა ხვეწა მუდარა, თუ რომელ დაჭრილს გაუწევდნენ პირველად დახმარებას. ადგილზე გაშეშებულმა ძლივს მოვიფიქრე, რომ დაჭრილები საკაცეებზე დამეწვინა და როგორმე მანქანაში შეგვესვა, ალბათ 3 საათი იქნებოდა გასული რაც ქუჩაში გავატარე. რადგან ჭურვი ჩვენს სასტუმროს არ დასცემია უსახლკაროდ დარჩენილთა ნაწილი ჩვენთან გადმოიყვანეს. ადმინისტრატორს ვთხოვე კიდეც, რომ შემეძლო უფრო პატარა აპარტამენტში გადავსულიყავი და ადგილი სხვისთვის დამეთმო, თუმცა საპასუხოდ უარი მივიღე. ოთახში ასულმა საუბედუროდ მისაღებში მდგარ უზარმაზარ სარკეს შევეფეთე, სადაც ჩემი სილუეტის დანახვამ დამაფრთხო, სასტუმროს თეთრი ხალათი სულ მთლად სისხლით გაღებილიყო, ეგ კი არა სახეც მთლიანად სისხლით მოთხუპნულა, დაჭრილების დახმარებისას მთლიანად დავსვრილვარ. ჩემი თავი ვერ აღვიქვი, ვერ დაუკავშირე სარკეში არეკლილ ადამიანს. მერე უცებ უაზრო ფიქრები დამიტრიალდა წამით, ისიც კი შემრცხვა როგორ გავედი ხალათით ქუჩაში, მაგრამ გავიფიქრე ომია რა მნიშვნელობა აქვს რითი გახვალთქო, მერე იმ სისხლების წარმომავლობამ და წარმავალობამ გამიტაცა, ვფიქრობდი ზოგი შეიძლება ვერც გადარჩესთქო. ტანსაცმელი გავამზადე და აბაზანაში შევედი, საგულდაგულოდ ვირეცხდი სისხლებს სხეულიდან, ვფიქრობდი ნეტა ყველა დაჭრილი გადარჩეს, ნეტა ყველა გადარჩესთქო.
ცხოვრებაში არ შეიძლება იმაზე დიდი საშინელება განიცადო და ისეთი დიდი ტვირთი გეკისროს, როგორიცაა, იყო ვინმეს იმედი, ეს მაშინაა ტვირთი, როცა ვერ ამართლებ ამ იმედს, როცა გელიან და ვერ მიდიხარ, როცა შველას ითხოვენ და ვერ შველი, როცა ხელს გიწვდიან და ვერ წვდები. იმედი ადამიანის საჩუქარიცაა და წყევლაც. სწორედ ეს ტვირთი მეკისრა მე, ტვირთი და პასუხისმგებლობა, იმ ხალხის წინაშე , რომელსაც მშვიდობას დავპირდი, თუნდაც იმ მოხუცის მიმართ, რომელიც ურცხვად მოვატყუილე.
უკვე ვნებათა ღელვას გადაევლო, ხალხიც დამშვიდდა, სახლებში და საავადმყოფოებში გაიკრიფა, ქუჩა ისევ დაცარიელდა და მხოლოდ ხეების შრიალის ხმა ისმოდა მდუმარე ტყიდან. დიდი დრო გასულა მომხდარი შემთხვევიდან. მინისტრთა კაბინეტიც შეიკრიბა და კვლავაც განიხილეს პრობლემა, მაგრამ იგივე დასასრული ჰქონდა ამ დისკუსიას, როგორც დანარჩენ შეხვედრებზე. ვერც მოლაპარაკება და ვერც დათმობა ოკუპანტს ვერ დააოკებს. როცა ომია ადამიანი ვერ იფიქრებს ვერაფერზე, ვერც სიყვარულზე, ვერც სიძულვილზე, ვერც მონატრებაზე. თუმცა შეიძლება გძულდეს მტერი ვინც ასე დაგირღვია სიმშვიდე, და გენატრებოდეს ის სიმშვიდე რომლისთვისაც იბრძვი. ომში სუსტები იბრძვიან რომ ძლიერები კიდევ უფრო გაძლიერდნენ, სუსტებში კი უმრავლესობას ცოტა პატრიოტიზმი და უფრო მეტი სიმშვიდის მოპოვება აქვს მოტივაციად. მე არ ვიცი სუსტი ვარ თუ ძლიერი, მე ხომ ჩემი ხელებით არ დამიცავს სამშობლო, არც ვინმეზე ნაკლებად მიყვარს იგი. ამას მე ვფიქრობ, თორე ვინმეს თვალში შეიძლება ერთი უმაქნისი და ლაჩარი ადამიანი ვარ, ვინც ვითომ რამეს აკეთებს, სინამდვილეში კი არაფერი გამოსდის, იმედებს იძლევა და აცრუებს მათ. დღეები მიდიან, ჩვენ კი ვერაფერს ვცვლით. ხალხი მუდმივ შიშში და პანიკაშია, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. ქვეყნის საზღვრებიც ეჭვქვეშ დადგა, მართალია საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღიარეს ოკუპაცია, თუმცა ეს რეალობას არ ცვლის. ადამიანებს ლოდინი გვტანჯავს ყველაზე მეტად და არა ის თუ რა იქნება გვირაბის ბოლოს. გაჟეჟილ გრძნობებს ისევ მოტეხილი სჯობს, სიკვდილისთვის მაინც ნუ ჩაგვაყენებთ რიგში, ურიგოდ გაგვიშვით “მოწყალე ოკუპანტო” სიკვდილს ხომ მაინც ვიმსახურებთ ადამიანურს?!. მაგრამ ამათ დანახვაზე ადამიანთა მოდგმა მძულდება, ნუთუ ერთი და იგივე წინაპარი გვყავს, ნუთუ რაიმე მსგავსება გვაქვს ამათთან, ნუთუ ამათაც ადამიანები ქვიათ და ჩვენც?! და ბოლოს
ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული რომ თუ ესენიც ადამიანები არინ მეც იმათნაირი რატომ არ ვარ, რომ მეც ხელის აუკანკალებლად რატომ არ შემიძლია სულიერის მოკვლა, თუ ჩვენ შორის სხვაობა არაფერია, მაშინ მეც მინდა რამე გავაკეთო ჩემი თანამემამულეების სისხლის საფასურად, მეც მინდა ოკუპანტს ვალი დავუბრუნო, ვალი რომელიც ბოღმად და ტკივილად გვექცა. ოღონდ ეს ვალი მათი სისხლი იქნება ჩვენი ბიჭების ამოხოცვით რომ დაიდეს. დღეეები მიდიან, უკვე მერამდენეჯერ ათევს ვიღაცის ქვრივი, ვიღაცის და, ვიღაცის დედა ღამეს, ტკივილი არ აძინებთ, ქვითინებენ, საყვარელი ადამიანის დაკარგვა ატირებთ და ის უსამართლობაც,რომელიც გაბატონებულია მათ ირგვლივ.
თითქოს რაღაც სამშვიდობო ხელშეკრულება გავაფორმეთ. მაგრამ ორივე მხარემ კარგად იცოდა, რომ ეს ომი ჯერ არ დასრულებულა, ომი პირდაპირიც და გადატანითი მნიშვნელობით. მაგრამ ხალხი ამ ხელშკრულებამ დაამშვიდა, თითქოს ეს სიფრიფანა ფურცელი დააკავებდა ამხელა გოლიათს და ქართველის გულში მცხოვრებ სიამაყესა და ბრძოლის წყურვილს ჩააცხრობდა. მაგრამ ამ გარიგებამ თავისი როლი ითამაშა, ის სწორედ ხალხის დასამშვიდებლად და დაძაბულობის მოსახსნელად დაიდო.
მე თბილისში მომიწია დაბრუნება, მიუხედავად იმისა რომ გული ძალიან მტკიოდა ამ მდგომარეობისა და ჩემი უძლურების გამო კიდევ უფრო მეტად, მაინც დავბრუნდი. ბევრი მსოფლიო ლიდერი ჩამოვიდა საქართველოში, დახმარებაც მივიღეთ ასე თუ ისე, და მაინც გაგვიჭირდა. დავკარგეთ ტერიტორიები და დავკარგეთ ქართველები.
დრო ყველაფრის მკურნალიაო ამბობენ, მაგრამ უფრო დრო მასწავლებელია, რომელიც გასწავლის თუ როგორ უნდა იცხოვრო ტკივილთან ერთად. შეიძლება დრომ დაგავიწყოს თუ რა გტკიოდა, მაგრამ ის არასდროს დაგავიწყდება თუ როგორ გტკიოდა.
ომიდან ერთი... სამი... ხუთი... და რვა წელიც გავიდა უკვე, მაგრამ, არც არაფერი იცვლება და ვერც ვერაფერს ვცვლით. ერთი რაც არის განსხვავება ისაა, რომ სიმსივნის მეტასტაზებივით ედება მთელ ქვეყანას მავთულხლართები, ნელნელა და მტკივნეულად.
საზღვრის პირა მოსახლეობამ ვერ დატოვა საკუთარი კერა, ზოგი საზღვრის იქეთ მოექცა ზოგი საზღვრის აქეთ, ზოგის ნაწილი ოჯახის ერთი საზღვრის მიღმა დარჩა ნაწილი კი მეორე მხარეს. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც გამბედაობა ეყოთ და შეელია სამკვიდროს, ახლა კი სოფელში და ქალაქში დევნილის სტატუსი აქვთ. საკუთარ ქვეყანაში დევნილობა საშინელი სასჯელია ადამიანისთვის, როცა არ შეგიძლია იქ დაბრუნება საიდანაც იძულებით გამოგაძევეს, საიდანაც წამოსვლა არ გინდოდა და ამ დროებამ გაგხადა იძულებული ეს ტვირთი გეტარებინა.
სახელმწიფო სამსახურში მყოფ ადამიანებს, მხოლოდ ერთი რამ შეუძლიათ თქვან, რომ საქართველოს ტერიტორია ანექსირებულია, ან შეიტანონ სარჩელი ევროპულ სასამართლოში ადამიანის უფლებების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით. იგებენ კიდეც, თუმცა რეალური შედეგი არ დგება, ვინ აიძულებს „დიდ კაცს“ „პატარა კაცის“ მოთხოვნები შეასრულოს? რა თქმა უნდა ვერავინ.
დაუოკებელი სურვილი მიჩნდება ავასრულო ამ ნატანჯ-ნაწვალები ხალხის ოცნებები, დავაბრუნო იქ საიდანაც წამოსვლა მოუწია და მონატრებულ მხარეს ჩავახუტო. მარტო უახლესი ომის შედეგებს კი არ ვიმკით, არამედ ძველიც კარგად გვახსოვს. რამდენჯერ დამსიზმრებია სოხუმის მატარებლით, როგორ მივუყვებოდი გზას, დაფეთებული და გაუმაძღრობის სურვილით შეპყრობილი, როგორ ვათვალიერებდი ირგვლივ სამოთხეს, ყველგან სილამაზე იღვრობდა, ვუყურებდი და ვერ ვძღებოდი ამ სანახაობით, თუმცა არც ერთ სიზმარში არ მინახავს ადამიანი, ალბათ იმიტომ, რომ ადამიანებზე არავინ საუბრობს, ძირითადად სულ ლამაზ ზღვაზე და ლამაზ ბუნებაზე საუბრობენ სოხუმთან მიმართებაში და სწორედ ამიტომ ვნახულობ სამოთხეს სიზმრებში მისი ბინადრების გარეშე. სწორედ ეს არის ჩვენი შეცდომა, რომ მატერიალური ხიბლი უკეთესად გვახსოვს ვიდრე ადამიანური. დანგრეული ურთიერთობების აღდგენა კი ჩვენი შეცდომების გამოსწორებით უნდა დავიწყოთ, ჩვენ გვინდა საქართველო იყოს მთლიანი ტერიტორიულად და გვინდა ამ ტერიტორიების ყველა მკვიდრი ერთსულოვანი იყოს. იმედია ოდესმე რეალობაშიც ჩავსხდებით სოხუმის მატარებელში და შემოვივლით მონატრებულ მხარეს, იმედია სიზმრისგან განსხვავებით, მაშინ მაინც ვნახავთ ხალხს და თავიდან დავიწყებთ იმ კედლის ნანგრევებზე აგურების დაწყობას, რომელიც მტრის დიდი ძალისხმევის მიუხედავად ბოლომდე არ ჩამოიშალა. შეიძლება ქართველებს ერთმანეთის გვშურდეს, ლხინში ერთმანეთს მწარე გესლით მოვუწამლოთ გუნება, მაგრამ ჭირში ერთობა გვჩვევია, რაც არ უნდა ნაწყენი, გულნატკენი და გამწარებული ვიყოთ, მაინც ერთმანეთის გვერდით ვიდგებით, ბევრჯერ თანადგომაც დაგვიყვედრებია ერთმანეთისთვის, მაგრამ მაინც არ შეგვიძლია ერთმანეთის მიტოვება. სწორედ ჭირია, ის რაც გვაერთიანებს. ბევრ ტრაგედიაზე უთქვამთ: „ მხოლოდ იმად ღირდა ეს მსხვერპლი, რომ ქართველების ერთსულოვნებისთვის შეგვეხედაო“ და სწორედ ჭირში თანადგომა და ერთიანობაა მთავარი.
გაერთიანდა მთელი ნაცია
უთხარი არა ოკუპაციას...
მიყვარხართ ქართველებო და ჩემს ფიქრებში მაინც ვართ ერთიანი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent