სევდის ანარეკლი
ეძღვენება გადასასვლელ ხიდზე მყოფ მომღერალ ბიჭს ნელ - ნელა ვდგები საწოლიდან და ჩემი მარტოსული სახლის სუნს ვისუნთქავ. ძველი წიგნების სუნი ტრიალებს... აღარ მახსოვს, წიგნების კარადა სად დგას. ხელით კედელს ვეხები და ვიხსენებ რა ფერის არის. ჰო, მუქი ყვითელი, ყვავილებით. კარადასთან ფრთხილად მივდივარ და ვაღებ. ხელით ვგრძნობ, რომ კაბას შევეხე. ვიღებ და ვიცვამ. ფეხსაცმელებს ვეძებ და შეძლებისდაგვარად ვირგებ. სათვალეს კი თვალების დასაფარად ვიკეთებ. ხელჯოხს ვიმარჯვებ და სახლიდან გამოვდივარ, როგორც ყოველთვის, ღიას ვტოვებ. კიბეებზე ფრთხილად ჩავდივარ, სადარბაზოს კედელს ვკიდებ ხელს და ვხვდები, რაღაცამ როგორ გამიჭრა ხელი. ნატკენ ადგილზე თითებს ვიდებ და სულს ვუბერავ. - გამარჯობა! - ვხვდები, როგორ ჩამიარა ვიღაცამ გვერდზე. ქუჩაში გამოვდივარ, რომელიც ათასი ტკივილისა თუ ბედნიერების მომსწრეა. ყველაზე დიდ ისტორიას, ზუსტად ის ადგილები, ის ქუჩები ინახავს, სადაც ჩვენ დავაბიჯებთ... რამხელა სიმძიმე აწევს სამყაროს, ჩვენი ადამიანების, ცოდვით დამძიმებულნი... ჩემი თვალები ვერ ხედავენ ამ, სამყაროს სიავეს, თუმცა ვგრძნობ, მთელი არსებით მესმის, ჩვენი გრძნობებივით, როგორ მიჰქრიან ფოთლები... ფიქრში საკმაოდ დრო გავიდა. ერთ ადგილას ვჩერდები. სასიამოვნო სურნელი აღწევს ჩემამდე... კაბის ჯიბეში ხელს ვყოფ და ხელში რამდენიმე მონეტა მხვდება. საცხობის კარს ვაღებ და კაცის ყვირილი მაკრთობს: - გამატარე! - ყურადღებას არ ვაქცევ, ისე შევდივარ შიგნით: - ერთი ფუნთუშა და ჩაი! - ვეუბნები გამყიდველს. - აქეთ, გოგონა! - სანდომიანი ხმით მეუბნება. თავს მორცხვათ ვხრი და გამყიდველისკენ მივყავaრ. იმავეს ვეუბნები და მაგიდისკენ მივდივარ. პლასტმასის ჭიქას მაგიდაზე ვდებ და ფუნთუშას პარკიდან ვიღებ. ცხელ ჩაის ვსვამ და გაყინულ სხეულს სასიამოვნოდ ედება მისი სითბო. ხანდახან მცირეოდენიც კი გაკმაყოფილებს ადამიანს. იცით, ახლა ამ საცხობში ვგრძნობ, ადამიანები როგორ მიირთმევენ საკვებს, რომ შიმშილის გრძნობა დაიკმაყოფილონ, მაგრამ მათი სევდიანი თვალები ერთმანეთში ირეკლება. მეც რომ მოვიხსნა ეს სათვალე, რომელიც ასე მძულს, მეც ავირეკლებოდი მათ თვალებში სევდის სახით. ადამიანებს სევდა გვაერთიანებს. ამ ანარეკლში ყველაფერი ერთადაა მოქცეული და ქაოსს ქმნის: სიცივე, გაჭირვება, გულის ტკენა... ჩვენი ცხოვრება მათ გარეშე არც არსებობს... ეს ხომ გამოცდაა ღვთისგან... - ღმერთმა შეგარგოს! - ჩემკენ მოდის ერთი ქალბატონი და ცარიელ ჭიქას მაცლის. - უფალი გფარავდეთ! - ვეუბნები მე. ჩვენი ცხოვრება ერთ დიდ წიგნად დაიწერება, მაგრამ თითოეული უნდა დავფიქრდეთ, განა ღირს ჩვენი წუთისოფელი დასაწერად?! ღირს ხალხმა წაგვიკითხოს?! ფიქრებით სავსე ვდგები სკამიდან და გარეთ გამოვდივარ. მანქანების სიგნალის ხმა მესმის, როგორ მიმოქრიან წინ... მე კი გადასვლას ვერ ვბედავ... - დაგეხმარებით! - მორცხვად, მეუბნება გოგონა. თავს ვუქნევ და ხელს მკიდებს. კეთილი ადამიანებიც არსებობენ, თანაც იმაზე მეტი შეგვიძლია მოვძებნოთ, ვიდრე ძუნწი და უმადური ადამიანი... - გმადლობ! - ვუღიმი და გადასასვლელ ხიდს ვუახლოვდები. გვერდიდან გიტარის ხმა მესმის, შემდეგ კი სიმღერის ხმაც წვდება ჩემს ყურთასმენას. მის წინ ვდგები და სიმღერას ყურს ვუგდებ. სიმღერა წყდება, გიტარის ხმა აღარ ისმის, მხოლოდ ბიჭის ჩურჩული ჩამესმის: ხანდახან, სევდა მამღერებს. - შენი სულიდან, სევდის ანარეკლის გაფანტვა, გამოუვალი მდგომარეობაა, სიმღერის საშუალებით, თუმცა დამამშვიდებელი. - ვეუბნები უცნობს. - თუ ოდესმე გაქრება, ისევ ვიმღერებ, დასამშვიდებლად... - საუბარში მყვება ბიჭი. - „თუზე“ მყარ შენობას ვერ ააგებ. - ვჩურჩულებ მე. ის ჩემთან ახლოს მოდის და პირისპირ მიდგება. - სათვალეს რატომ არ იხსნი? - მკითხა მან. - არ მიყვარს, როდესაც ჩემს თვალებს სხვა ხედავს. - ვპასუხობ უცნობს და სახეზე ნიავი სასიამოვნოდ მელამუნება. - ისინი ხომ ყველაზე მართლები არიან?! - ამბობს და ვგრძნობ ჩემს სათვალეს, როგორ უყურებს. - ჩემი თვალები უსარგებლონი არიან! - სათვალეს ვიხსნი მე. - მათ არ შეუძლიათმზის სხივის დანახვა... ხანდახან მგონია რომ ამადეო მოდილიანის ნახატს ვგავარ, თვალების გარეშე... თითქოს ცოცხალ არსებაზე, ამ უკანასკნელის გარდა, ყველაფერი მეტყველებენო... - ჩაფიქრებული ვამბობ მე. - შენი ტუჩები სიმკაცრეზე მეტყველებენ, კიდევ ქარიშხალზე... თითქოს შენში ამ უკანასკნელს დაუმკვირდრებია ადგილი და გაბატონებულა... - მეუბნება მე. - ქარიშხალი... - ხმადაბლა ვამბობ და სწრაფი ნაბიჯით მივდივარ წინ. დაჟინებულ მზერას ვგრძბობ... მან ამომიცნო მე... მან გამიგო... მე მესმის მისი... მე ვერ ვხედავ მას... წვიმას აპირებს. წვეთები წკაპა-წკუპით ეცემა ძირს. ხალხის ხმაური მესმის ... წვიმამ შეაშინათ... მეღიმება და ადრე დამახსოვრებული სკვერისკენ მივდივარ. ხელჯოხით სკამს ვარჩევ და ვჯდები. წვიმის წვეთებს ტანს ვაყოლებ... მათ საოცარი რითმა აქვთ... წვიმა იგივე მუსიკაა... საოცარი, ნელი, ხმადაბალი... წვიმის ხმაზე შეგიძლია ადგე და ვალსი იცეკვო მეწყვილეს გარეშე... გიცეკვაით წვიმაში მარტო? შეგიძლიათ ბოლომდე მარტოსული გახდეთ, ადგეთ და იცეკვოთ წვიმის მუსიკაზე, ანდა შეიძლება სიცარიელე, ცოტახნით მაინც, ამ ჯადოსნურმა წვეთებმა აგივსონ... ფეხზე ვდგები, ამ დაწყევლილ სათვალეს ძირს ვაგდებ, მინდა ჩემმა უსიცოცხლო თვალებმა თავისუფლება შეიგრძნონ... ხელებს ვშლი და „ჩემს მუსიკას“ ტანს ვაყოლებ, ხან ნელა, ხანაც ჩქარა... - ცეკვა, მეწყვილეს გარეშე? - უკვე ნაცნობი ხმა მესმის. - გინდა ჩემი მეწყვილე გახდე? - ვჩერდები და ვცდილობ, მისი სახე წარმოვიდგინო. მასთან ახლოს მივდივარ და თითით მისი სახის შესწავლას ვცდილობ. - გიყვართ ცეკვა? - რაღაცნაირი ხმით მეუბნება. არ ვიცი, რა არის ეს ხმა, თითქოს წვიმის მეორე ხმა არისო... - ჩუმად, პირველ ხმას აფრთხობ! - ყურში ჩავჩურჩულებ და ხელს მკიდებს. - წინ, უკან... - ხმადაბლა ვჩურჩულებთ. - წინათ მსახიობი მეგონა თავი, უბრალო, ერთი ჩვეულებრივი მსახიობი, რომელიც სულ პრობლემებშია. - ამბობს უცნობი და ამავე დროს ნაცნობი ადამიანი. - და ახლა არ ხარ პრობლემებში? - ვეკითხები მას და ვცდილობ, წარმოვიდგინო მისი ოქროსფერი თმა, ზღვასავით თვალები... - წვიმაში, აქ გათავისუფლდი პრობლემებისგან... - მეუბნება ის. - ჩვენ ყველა ჩვენი ცხოვრების მსახიობები ვართ! - ვეუბნები და თმაზე ვკიდებ ხელს. წვიმის ხმა წყდება, მელოდია იკარგება, სინათლე ქრება, ცეკვას ვწყვეტ... ისევ მარტო ვრჩებით, მე და ის წვიმის გარეშე... - წადი! - ვამბობ მე. - რატომ? - კითხულობს ის. - სინათლე გაქრა... - ახალი სინათლე მოვა... - მე სხვა სინათლეს ვერ ვხედავ... - ვეუბნები და ძირს ვიხრები, სათვალის მოსაძებნად. - აიღე... - ხელში სათვალეს მაწოდებს. - გმადლობ! - ვამბობ და უკან მოუხედავად მივდივარ. ასე მგონია, ერთ ოთახში ვარ გამომწყვდეული და გარეთ გასვლა არ შემიძლია, მგონია, ვერსად ვერ შევუხვევ, ვერ წავალ მარჯვნივ... *** ისევ იქ ვარ, ისევ ჩემს სახლში... თაროსკენ მივდივარ და სქელყდიან წიგნს ვიღებ. ვშლი და თითებს ვუსვამ სათითაო ფურცელს... ამ წიგნში ვიღაცის ცხოვრება წერია, მაგრამ ჩემგან განსხვავებით მისი საინტერესოა... ჩემი წუთისოფელი, რატომ არ არის საინტერესო? მხოლოდ ღრუბელია და მის გარშემო თეთრი წერტილები. ასე მგონია, ხანდახან სულ თეთრი ვარ ან ლურჯი და თეთრი ერთად... რატომ? ლურჯი - ქაოსია, თეთრი - სიცარიელე... ფოთლებ გაცვენილი ხე ვარ... მინდა ჩიტი ვიყო, ლაღი, ფრთების გაშლა შემეძლოს, ღმერთთან რომ ახლოს ვიყო... კაკუნის ხმა მესმის. ფეხზე ვდგები და უკითხავად თუ ვინ შეიძლება იყოს, ისე ვაღებ კარებს... ჩემთან არავინ მოდის და დიდი გასაკვირი არც იქნება, თუ უბრალოდ კარები შეეშალათ... სახელურს ვწევ და ვგრძნობ, როგორ მაკვირდება ვიღაც... - შემოვიდე? - კითხულობს ხმადაბლა. თავს ვუქნევ ვალსის მეწყვილეს და გვერდზე ვიწევი. - დამტოვე, მაგრამ მე შენთან მოვედი... - რატომ? - ვეკითხები მას. - არ ვიცი! - მპასუხობს და ფანჯრის რაფას ეყუდება. - დაწერ? - ვეკითხები მე. - რას? - კითხვით მომმართავს. - ფურცელი და კალამი იქ არის! - ხელს ვიშვერ საწერი მაგიდისკენ. ბიჭიც იქითკენ მიდის და ვგრძნობ, როგორ მელის, რომ ვუკარნახო... - ჩვენ სევდის ანარეკლში ვართ გახვეული, ის გვახრჩობს, ჩვენ გვბოჭავს, მე მეკუთვნის, შენთან არსებობს... - უცებ ვჩუმდები და ფეხზე ვდგები. წინ ვუდგები და თვალებში დაჟინებით ვაცქერდები. მე ვიცი, სად არის მისი ანარეკლი! - ოდესმე გათავისუფლდები სევდის ანარეკლისგან? - შენ? - არ ვიცი... - მეღიმება და ვბრუნდები. - ნიღბები აღარ მაქვს, მხოლოდ, ერთი ნიღაბი მაქვს... - განვაგრძობ მე. მესმის, როგორ უვარდება კალამი... ჩემ წინ ჩნდება და ამბობს: - მარტოსულობის სუნი ასდის შენს საცხოვრებელს! - ვიცი! - თავს ვუქნევ და დივანზე ვჯდები. - განვაგრძო? - კითხულობს ის. - არა, აღარ მსურს... - ვპასუხობ მე. - დარჩი! - ნიღაბი... - ჩურჩულებს და ის. მე ყველაფერს ვხვდები... მე მისი თითოეული ქმედება ვიცი... მართალია ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ! *** მატარებელში ვზივარ. ხმები ერთმანეთში ირევა. - დამეხმარეთ...უფალი გფარავდეთ... მიჭირს... მომეცი... ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ... გმადლობ... - მესმის და თავს გვერდზე ვწევ. - თვალებში ვერ იხედები, ორსული ქალბატონი რომ შემოვიდა? - ვიღაც იდაყვს მკრავს და ჩემი მისამართით იძახის. ფეხზე ვდგები და ვხვდები, ვიღაცის სხეულს როგორ შევეჯახე. - ბოდიში! - ვამბობ და კუთხეში ვდგები. ასე მგონია, ხანდახან ცხოვრება დაგვცინის... რა იცოდა იმ მოხუცმა ქალბატონმა, რომ მართლაც ვერ ვხედავდი, მაგრამ ხომ შეიძლება ეს ყველაფერი მართალი აღმოჩნდეს! ჩემი სითეთრე მტკივა... ვფიქრობ, ჩემი ცხოვრება მათემატიკის ამოცანასავითაა... ხსნი, ხსნი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც არასწორ პასუხამდე მიდიხარ. ცოტახანში გადასასვლელ ხიდთან ვდგავარ, ისევ და ისევ მესმის ის ხმა, რომელიც ჩემთვის უკვე ასეთი მშობლიურია, ახლობელია... გქონიათ მომენტი, როდესაც ფიქრობ, რომ იპოვეთ ადამიანი, ვისაც შენი ესმის, ვინც იცის, სად გიპოვოს, გრძნობს, როგორ გიჭირს, გტკივა ან ბედნიერი ხარ ღვთის წყალობით, მაგრამ მაინც მარტო გრძნობ თავს, გგონია ტრიალ მინდორზე ამოსული ერთადერთი ყვავილი ხარ, რომელსაც ქარი გამუდმებით ლამაზ ფოთლებს პარავს... - მოხვედი? - სიმღერას ამთავრებს ის. - კარგად მღერი! - ვაქებ მე. - გმადლობ! - ვგრძნობ, როგორ იღიმის ბიჭი. - შენი დაწერილი ტექსტია? - ვეკითხები მას. - ადვილი მისახვედრია! - ამბობს ის. - ის ხომ ჩემზეა! - ვამბობ მე. - მარტოსული ყვავილი... იცი, მეც მარტოსულ ყვავილს ვადარებ ჩემს თავს! - სევდის ანარეკლი... - სიმღერიდან იმეორებს სიტყვებს. - მგრძნობიარე თვალები... - განვაგრძობ მე. *** ისევ წვიმს, ისევ ცრემლით სველდება სამაყარო... მე კი ვგრძნობ, რომ ჩემი მეწყვილე აქ არის... სათვალეს ძირს ვაგდებ და ხელს ვკიდებ. მისკენ ზურგშექცევით ვტრიალდები და წელზე ხელის შეხებას ვგრძნობ. წინ, უკან... თითქოს ცხოვრების რითმს შევიგრძნობ... რა საჭიროა ნიღაბი? რა საჭიროა უმეტყველო თვალები? რა საჭიროა ადამიანი გრძნობების გარეშე? - ღმერთო... - ხმადაბლა ვჩურჩულებ და ცეკვას ვწყვეტ. ჩუმად ვუყურებ მის სახეს... ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ მის ოქროსფერ თმებს, წვიმის წვეთები რომ უსველებენ, ლურჯ, დიდრონ თვალებს, ზღვასავით რომ ღელავს და, ამავე დროს, წყნარი ოკეანე რომ გახლავთ, მარტოსულ ბაგეებს და რომაულ, სწორ ცხვირს... უკან ვიხევ და გავრბივარ, ისე თითქოს მშველელი მომსდევდეს, თითქოს მხრებიდან ლოდი მეხსნება... წვიმა შეწყდა, სიმღერა ირთვება, რომლის მელოდიაშიც ჩემი ცხოვრებაა, ჩემი წუთებია, წამებია... საათის ისრის ხმა მესმის, ჩემი ცხოვრება საათს ჰგავს, გაფუჭებული, საათს... კაბა მიფრიალებს, შიშველ ტერფებს სველი ასფალტი მისველებს... მივრბივარ... თითქოს ციდან ფანტელები იყრება... არაფრის მშველელი, არაფრის მთქმელი... მივრბივარ... სევდის ანარეკლი თან დამყვება... მივრბივარ... ერთი, ორი, სამი... მივრბივარ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.