შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმისფერი (1)


18-12-2016, 23:53
ავტორი Martian
ნანახია 1 864

წვიმდა. ქუჩაში ვიდექი. ქალაქში ყოველთვის ნაცრისფერია წვიმა, როდესაც მარტო ხარ. იმ დღეს ამინდს არც მე ვუღალატე. მასავით უსახური და გამოფიტული ვიდექი ქუჩაში. ქოლგა თან არ მქონდა. სველ ასფალტზე, სიჩუმეში, ჩემი სიარულის ექო მესმოდა. მოსაცმელი ჩემს ნახატს შემოვახვიე, ნაბიჯსაც ავუჩქარე. გაჩერებამდე მივასწარი და ავტობუსიც მაშინვე მოვიდა. ადგილი არ იყო და ფეხზე დავდექი. თავს ძლივს ვიმაგრებდი. ცალ ხელში დიდი ტილო მეჭირა, ოდნავ შორს გაწეული, რომ არ დასველებულიყო, მეორეს კი ძლივს ვაწვდენდი პატარა ბოძს. ფანჯრის ანარეკლში ჩემ თავს მოვკარი თვალი. თმები სახეზე და ყელზე მომკროდა, თხელი მაისური კი ტანზე შემომტმასნოდა. ამ არც ისე კარგ სანახაობას თვალი მოვარიდე და მგზავრებს გადავხედე. ჩვევად მქონდა-ყოველთვის ვაკვირდებოდი ადამიანებს, ყველგან. ვცდილობდი გამეგო რამე მათ შესახებ. ვაგებდი ვარაუდებს, ხანდახან ჩემი ფანტაზიით ვთხზავდი ისტორიებს. ზოგი ჩემი მუზაც ხდებოდა-ჩემი ნახატების მთავარი თემა ხომ ყოველთვის ადამიანია. ყველა ადამიანი მშვენიერი ქმნილებაა. ყველა ადამიანი ხელოვნების ნიმუშია-თავისი წარსულით, აწმყოთი, პიროვნებით თუ ისტორიით. ყველა საინტერესოა-უბრალო პროვინციელით დაწყებული მანიაკით, მკვლელით, შეშლილი ფსიქოპატით ან მდიდარი ბიზნესმენით დამთავრებული. ყველას თავისი ფერი აქვს. დედამიწაზე ექვსი მილიარდი განსხვავებული ადამიანია. ჭიანჭველებივით ყველა ცალ-ცალკე ვფუსფუსებთ, ყველა ჩვენს თავებზე ვრუნავთ და საბოლოოდ მაინც ყველა ერთმანეთის ცხოვრებას ვქმნით. ყველა მნიშვნელოვანია, ყველას თავისი როლი აქვს. მე მინდოდა, გამომეცნო თითოეულის როლი, მისია ჩემი, სხვისი თუ თავისი ცხოვრებისთვის.
ფიქრებიდან ვიღაცის ხმამაღალმა საუბარმა გამომარკვია. ხმა უკნიდან ისმოდა. შემობრუნება თითქმის შეუძლებელი იყო, ამიტომ უბრალოდ ყური დავუგდე.
-მე დედამ მაჩუქა ეს ტელეფონი, და ნომრის აკრება მასწავლა-ლაპარაკობდა ვიღაც შუახნის ქალი, თუ ხმის მიხედვით ვიმსჯელებდით-ახლა მესიჯი მომივიდა, წამიკითხე ერთი.. არ ვიცი მე კითხვა, მარტო ციფრები მასწავლეს..
-ეჰ.. რამდენი გაჭირვებული დადის ამ ქვეყანაში-დანანებით ჩაილაპარაკა იქვე მჯომმა ქალბატონმა.
-წამიკითხე რა დეიდა..-შეეხვეწა პირველი ხმის პატრონი.
-გაწიე შვილო ხელი-მკვახედ იუკადრისა ქალმა-ასე უპატრონოდ ვინ გამოუშვა ეს, რაიცი რას მოიწევს ან ვის რას უზამს..
-არ ვარ მე უპატრონო -თქვა აშკარად ნაწყენმა ქალმა-მე სულ მეუბნებიან სამსახურში რას ივლიო, მარტო ნუ წახვალო დაიკარგებიო მაგრამ მასწავლა დედამ გზები- ცრემლი ერეოდა ხმაში-ახლა დედასთან მივდივარ მე. ყვავილებს წავუღებ და მერე სახლში წავალ.
ავტობუსი გაჩერდა. დრო მაშინვე ვიხელთე და უკან გავიხედე. შუახნის ასაკის, ბავშვივით წითელლოყება, ძალიან პუტკუნა და მრგვალი ქალი იქვე იჯდა, მარტო. გულამოსკვნილი ტიროდა უხმოდ. ხელებს როდესაც ჩამოწევდა პატარა დაბნეული, ცისფერი თვალები უჩანდა. ცრემლებით სავსე. თხლად ეცვა:ერთი ნაქსოვი, ალაგ-ალაგ გარღვეული შინდისფერი სვიტერი, ძველი კაბა და ტალახიანი შავი ბოტები. გადატენილ ავტობუსში არავის მოსვლია აზრად მის გვერდით დამჯდარიყო, მაგრამ მაინც ხელში ეჭირა ორი სველი ტიტა, რომ გვერდითა სავარძელი არ დაესველებინა. მის წინ კი ძვირფასი შუბით შემოსილი ქერათმიანი ქალბატონი ამრეზით ავლებდა მზერას გარშემომყოფებს და წარამარა თმას ისწორებდა.
გავშეშდი და მოქმედების უნარი დავკარგე. უბრალოდ გოგოსთან მისვლა მინდოდა, მაგრამ ამ დროს ავტობუსის კარი გაიღო და ბოძი, რომელსაც ვეყრდნობოდი ხელიდან გამომეცალა. ინსტიქტურად მეორე ხელი შევაშველე, რომ არ წავქცეულიყავი, ნახატი კი კიბეებზე ჩამივარდა. აზრზე რომ მოვედი დავინახე, რომ ზედ ვიღაცას ფეხი დაედგა და გაეფუჭებინა. ჯერჯერობით გაურკვევლობისგან ყველაფერს დაბურულად ვხედავდი, მაგრამ როგორც კი გონზე მოვედი მკაფიოდ გავარჩიე რომ ამ მოქმედების ავტორს სრულიად არ აღელვებდა მომხდარი ფაქტი. ბიჭი მშვიდად დაიხარა, ტილო აიღო, ერთი დანანებით შეხედა და უაზრო ღიმილით მომაწოდა:
-არაუშავს, უკეთესსაც დახატავ.
რაა? ვიგრძენი როგორ დაიწყო ცეცხლმა მოძრაობა ჯერ ფეხებიდან, შემდეგ კი მთელი სხეულის გავლით ტვინამდეც ააღწია.
-ამხელა ნახატს ფეხი როგორ დააბიჯეთ?-ზედმეტად ხმამაღლა მომივიდა-ან რას ნიშნავს უკეთესს დავხატავ? ბოდიშის მნიშვნელობა თქვენთვის არ უსწავლებიათ?-ის ცეცხლის ნაწილი, რომელიც ჩემმა ხმამ და სიტყვებმა ვერ დაიტია, მზერით გავტყორცნე მშვიდი და აუღელვებელი ყმაწვილისკენ. სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა მასში მხოლოდ ტუჩის კუთხის მაღლა აწევა და ისეთი ღიმილი გამოიწვია, „რა გეშველებას“ რომ ნიშნავს. თავი უცებ პატარა კნუტად ვიგრძენი, დიდ ვეფხვს რომ ედიდგულება და ჩემმა უსუსურობის შეგრძნებამ უფრო ამანთო და გამაღიზიანა. ასეთი ისტერიკა კი იმან გამოიწვია, რომ ჩემი ნახატი კონკურსზე უნდა გამეტანა. მთელი ორი კვირის მანძილზე კი, ხატვის პროცესში, ჩემი თავიდან მთლიანად გამოვედი და ჩემს ქმნილებაში განვსხეულდი. ამიტომ დავდიოდი დროებით ცარიელი, სანამ ისევ აავსებდა რამე ფაქტი თუ მოვლენა ჩემს სულს. სწორედ ამიტომ მეტკინა ასე მწარედ ჩემი ნაშრომის განადგურება. ეს ჩემს პირად ტკივილად მიმაჩნდა.
-თუ ეს დაგაკმაყოფილებს, ბოდიში. თუ რამე სხვა სახის ანაზღაურებას ითხოვ, მზად ვარ-მშვიდად დამიმარცვლა ბიჭმა და სახეზე კვლავ ცინიკური გამომეტყველება დაიბრუნა.
აღშფოთებისგან პირი დავაღე როდესაც უკნიდან კვლავ გამაღიზიანებელი ხმა მომესმა
-ოხ ეს ახალგაზრდები.. სულ დაიკარგა ზრდილობა..
მკვეთრად მოვტრიალდი და დარჩენილი სიბრაზის ამ ქალზე გადმონთხევა დავაპირე, მაგრამ ამ დროს მის უკნიდან მომზირალ შეშინებულ ცისფერ თვალებს გადავაწყდი. ფართოდ დაღებულს, მრგვალს. პატარა კოტიტა ხელები ძლიერად მოეჭირა ყვავილებისთვის და ერთის ღერო გადაეტეხა. თავს შეუმჩნევლად არხევდა აქეთ-იქეთ.
-არ იჩხუბოთ რა, მეშინია-ამოისლუკუნა და მაჯით თვალი ამოიმშრალა. მთელი სიბრაზე, მთელი ცეცხლი გაიყინა, ყინულმა კი ყველა უჯრედი დამიმძიმა. აღარც ნახატი მახსოვდა, აღარც ქერა თმა, უბრალოდ წინ წავედი და გოგოს წინ გავშეშდი.
-ბ..ბოდიში-ჩავიჩურჩულე და მივხვდი, რომ თუ ახლავე არ ჩავიდოდი ავტობუსიდან გული წამივიდოდა.
ტრანსპორტი გაჩერდა. მაღალ ბიჭს, რომელსაც ჯერ კიდევ ეჭირა ჩემი გამოუსადეგარი ნახატი, ხელიდან უხეშად გამოვართვი და სწრაფად გავედი სუსხიან ქუჩაში. არაფერი მაინტერესებდა თუმცა, რამდენიმე წუთში მივხვდი რომ მარტო არ მივაბიჯებდი.
-შენი სიმაღლის გათვალისწინებით სწრაფად დადიხარ-კვლავ ეს დამცინავი ტონი. ღრმად ჩავისუნთქე და ერთიანად გავჩერდი. მოვტრიალდი და ჩემი დღის მოსიარულე კოშმარს თვალი გავუსწორე. შუქზე მისი ღირსებები ბევრად უკეთ აღიქმებოდა.ჩემზე ერთი თავით მაღალს მუქი თმა წამოზრდოდა. თეთრი კანი, მონაცრისფრო-ცისფერი, რაღაცნაირი თვალები და საფირმო ღიმილი ამშვენებდა.
-ვიცოდი რომ უსინდისო და თავხედი ადამიანები არსებობდნენ, მაგრამ შენ... შენ რაღაც სხვა ფენომენი ხარ-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოვთქვი და გამომწვევი მზერა ვესროლე.
-დიდი ბრჭყალები გქონია-ცალი წარბი აწია და მერე გულიანად გაიცინა. დავიბენი და ჩემი დაყენებული, თავდაჯერებული გამომეტყველებაც სადღაც გაქრა.
-რა გაცინებს? არ მითხრა რომ შენს საშინელ ხუმრობაზე.. ყველაფერთან ერთად საშინელი იუმორიც გქონია-ყველანაირად ვცადე უხერხულობის დამალვა. ეჭვი მქონდა რომ ამ სიცილის მიზეზი სხვა, ბევრად უფრო პატარა და დაბნეული არსება იქნებოდა. ამ ვარიანტს კი ჩემი გონება არც განიხილავდა.
-არაფერი..-მალევე დასერიოზულდა ბიჭი-შენი პროტესტის მიუხედავად, ზარალს მშვენივრად აღვიქვამ და მის გამოსწორებასაც ვეცდები..
-შენი აზრით, რა უნდა ეშველოს ამას?-მაღლა ავწიე გასაზიზღრებული ნამუშევარი და მეც პირველად დავაკვირდი საფუძვლიანად. მისი აღდგენა წარმოუდგენელი იქნებოდა. ცრემლები თავისით მომაწვა. ყველანაირად ვეცადე თავი შემეკავებინა, მაგრამ მაინც ვერ გავუძელი. ახლა მტირალა გოგოსავით მოვთქვამდი.
-კარგი მართლა.. არ ვიცოდი ამდენს თუ ნიშნავდა.. მაპატიე რა-სულ სხვანაირი გაუხდა ხმა.
-არაუშავს.. წავედი მე-მივტრიალდი და ის იყო ნაბიჯი გადავდგი, რომ მკლავზე ხელმა დამაკავა. გაოცებულმა ავხედე.
-შენი სახელი მითხარი-ხავერდოვანი ხმით მთხოვა.
-მე.. ინა
-ალექსი.. სასიამოვნოა-თბილად გამიღიმა. ნაცრისფერი თვალები ახლა სითბოს ასხივებდა.
-კარგი.. მართლა წავალ-ხელი გავითავისუფლე და სწრაფი ნაბიჯით გავუყევი ქუჩას. აღარ მომყვებოდა. ეს ვიგრძენი. შვების მაგივრად კი სიცარიელეს და იმედგაცრუებას ვგრძნობდი. ხანდახან ჩვენი თავიც გვაკვირვებს. გულში სიცარიელე დამრჩა. ემოციები ბევრი იყო.. ბევრი, ნამდვილი, მაგრამ რატომღაც გული ვერ ამივსო. ისევ წვიმას ვგავდი. ისევ წვიმიან ამინდს. ალბათ იმიტომ რომ სულის ნაწილი გამინადგურდა. მაგრამ თან სხვანაირ მოლოდინსაც ვგრძნობდი. ამდენი რამე ერთად მაშინებდა. თავი გავაქნიე და ფიქრები „გავთიშე“. სახლს ვუახლოვდებოდი.



№1  offline წევრი Qavtaradze Nino

ჩემ
სტილში წერ, მომწონს

 


№2  offline წევრი Martian

Qavtaradze Nino
ჩემ
სტილში წერ, მომწონს

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent