ფოთოლცვენა მაისსში (სრულად)
*** მოგიყვებით მაისზე, რომელმაც უჩვეულოდ მოიტანა ფოთოლცვენა. „მაშინ? რვა წლისა ვიქნებოდი. -თავდახრილს ეღიმება. -ჩვენს სახლებს ღობეები ყოფდა, სადღაც შუაში კი ორ ხეს შორის გამობმული ჰამაკი და იქვე ახლოს, თოკისგან ულამაზოდ გაკეთებული საქანელა ეკიდა. ლამაზი დღე იყო, უჩვეულოდ მზიანი. გავიქეცი და პირდაპირ საქანელაზე დავიკავე ადგილი. ვიცოდი, როგორც კი დანარჩენები გაიღვიძებდნენ, ერთი ამბავი ატყდებოდა. იმ დღეს საქანელაც ნელა მოძრაობდა. მაისის ლამაზი დილა უცნაურად შენელებულ კადრს ჰგავდა. კმაყოფილი დავყურებდი ჩემს ახალ, ზეთისხილის ფერ ფეხსაცმელს და საქანელის უხეშ თოკებს ხელებს ძლიერად ვუჭერდი. -ხელებს ძლიერად უჭერს ერთმანეთს, ღრმად ამოსუნთქვის მერე, აგრძელებს - რომ იცოდეთ როგორი... ნაკლებად „გოგო“ ვიყავი. სიტყვას არავის შევარჩენდი, რა თქმა უნდა, თანატოლებში. ერთი სიტყვით, ნაზი, სუსტი გოგონას უკან გადარეულ სახეს ვმალავდი. ეს მომწონდა კიდეც. მაშინ თავდაცვის საშუალებად მიმაჩნდა, ახლა საერთოდ აღარ ვფიქრობ ამაზე. უფრო, ბავშვურ სისულელედ ვთვლი. საქანელა ისედაც მოუხერხებელი და უხეში იყო, წამში მწარედ გამეხახუნა თოკი ხელებზე და ჩემი სუსტი, თეთრი და გაცრეცილი კანი გაწითლდა, პატარ-პატარა ნაჩხვლეტებივით გამოჩნდა კანქვეშ დაგროვებული სისხლი, თუმცა არა და არ გამოჟონა. ნაწყენმა ავხედე შემთხვევის „მომწყობს“ და წამოვხტი. საჩვენებელი თითი ცხვირწინ მივუშვირე და მთელი ხმით დავუწყე იმის ახსნა, თუ როგორი დამნაშავე და „არაჯენტლმენური“ საქციელი იყო. -ხელებს ერთმანეთს აშორებს, სკამზე სწორდება, ამღვრეულ თვალებზე ხელს იფარებს და ჩუმი ჩაცინების შემდეგ, ფანჯრიდან ხედს აკვირდება. -მოკლედ, ასე დაიწყო. მე და ანდრო მაისის ამ უჩვეულო დღეს შევხვდით. დღეს, როცა ფოთოლცვენა დაიწყო. როცა გავიზარდეთ და შეგვეძლო დამოუკიდებლად მიგვეღო გადაწყვეტილებები, თამამად ვახმაურებდით ჩვენს ამბავს. რომ გენახათ ახალგაზრდების სახეები, ყველა ერთხმად აღიარებდა, საუკეთესო წყვილიაო. დროთა განმავლობაში, ადამიანი ხვდება, რომ ყველაფერი რაც ლამაზია და რასაც მხოლოდ სარგებელი მოაქვს, სამუდამოდ არ გრძელდება. -ვიბნევით, თუმცა ის სიმტკიცეს არ კარგავს. ისევ ხედის სიდიადეშია ჩაფლული. -თქვენი აზრით, ადამიანები რომ არასდროს გვტოვებდნენ, რას ვისწავლიდით? ვერაფერს. მონატრებასაც, ლოდინსაც და ერთგულებასაც, მაშინ ვსწავლობთ, როცა გვტოვებენ. ზოგჯერ მარტოც უნდა დარჩე, რა იცი თავში რა ფიქრი აგეკვიატოს. სხვასთან ერთად ვერასდროს შეძლებ ბოლომდე გახსნას. როცა ერთი მეორეს ტოვებს, მერე ხმები დადის, ხან ვის ამტყუნებენ, ხან -ვის. უმიზეზოდ არაფერი ხდება, ან შეიძლება ხდება კიდეც და ადამიანები გამართლებას ყველაფერს ვუძებნით. ჰო, უკვე „დიდი გოგო ვარ“ და ამ საკითხში ვერ ჩამოვყალიბდი. ჩემი პირველი ფოთოლიც ესაა. ხეებზე ფოთლების თვლა მგონი არავის უცდია. მე და ანდრო ხშირად ვითვლიდით. -ეცინება. -ამდენად გიჟები არ ვიყავით, რომ დიდ ხეებს მივდგომოდით, არა, პატარა, ჯერ არც ამოსულ ყლორტებს დავითვლიდით და თავი სამყაროს ცენტრში წარმოგვედგინა. მაშინ ზუსტად არ ვიცოდით და მგონი, არც ახლა ვიცი რა ჰქვია ან რა ერქმეოდა ამ პროფესიას, თუმცა მე და ანდროს გვინდოდა ორშაბათ დილას მიწის ქვეშ რაიმე გვეძებნა, სამშაბათს კოსმოსში გავფრენილიყავით, ოთხშაბათს ფსიქოლოგები ვყოფილიყავით -ისტერიულად იცინის და ამღვრეული თვალებიდან საცოდავად ჩამოკიდებულ ცრემლს იწმენდს. არ ტყდება. -ჰო, ვიცი, სიგიჟია. მაშინ ათი წლისა ვიქნებოდით და ამიტომ გვქონდა სულელური ოცნებები, მაგრამ ნახეთ, ახლაც არ ვიცი ამის პასუხი. ჩემი მეორე ფოთოლი -ორ თითს მაღლა წევს და იღიმის. -ერთ პარასკევ საღამოს, მე და ანდრომ საქანელას მივაკითხეთ. წინა ღამის ნაწვიმარი იყო, ხის ტოტებთან ერთად საქანელის ნახევარიც ჩამოვარდნილა და ობლად ეგდო. რამდენი ვუყვირე ანდროს, მაგრამ არ დამიჯერა, ქოლგა მოისროლა, გავარდა წვიმაში და საქანელის შეკეთება დაიწყო. -ახალივით გამოიყურება? -ღიმილით ვუთხარი. წარბშეკრულმა გადმომხედა -ახალივით კი არა, ძველივით. -ხელი ჩამკიდა და სახლში დავბრუნდით. იმ დღეს ანდრომ მესამე, საოცარი და უცნაური ფოთოლი მაჩუქა. ჩემს დაბადების დღეზე, შემოდგომის წვიმიან, ცივ ღამეს, ანდრო კართან მომადგა, წითელ ვარდებს შორის ნარინჯისფერი ფოთლები ჩაეწყო. სულ მინდოდა გამეგო, ეს აზრები საიდან უჩნდებოდა, ან საიდან ახდენდა სასწაულებს. ყველა სასწაული ჩემთვის იყო, თითქოს ეგოისტურად ვიჩემებდი მის არსებობას. ეგოისტობას არ ვნანობ. იმ საღამოს ანდრომ რამდენიმე ფოთოლი მისაჩუქრა, მერე ჩაი დავლიეთ, ადგა და უხმოდ წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროს ჩვეულებრივი მცხოვრებლები ვიყავით, ანდრო წერილებს მწერდა. აი, ასე, უბრალოდ აიღებდა ფურცელს, ლამაზად დაწერდა წერილს და ფოსტით მიგზავნიდა. -მტკივნეულად აუკანკალდა ტუჩები და ცრემლები ორივე თვალიდან მოიწმინდა. -მერე, ამ წერილებს თაროზე ვინახავდი. ზოგჯერ, როცა ცუდად იყო და ლაპარაკი არ უნდოდა, წერილში იასამანს ფოთოლთან ერთად ჩადებდა და ისე მიგზავნიდა. რომ იცოდეთ, რამდენი გამხმარი, მტვრიანი და დაობლებული ყვავილი და ფოთოლი შემომრჩა. -ამჯერად, აღარ უცდია ჩამოგორებული ცრემლის მოწმენდა. -იმ დღეს, ახალი წლის ღამეს, ვიდრე ანდრო ჩემთან მოვიდოდა, ფოსტამ ლამაზად გაფორმებული წერილი მომიტანა. დაიჯერებთ?! 31 დეკემბერს, წერილში შემოდგომის ყვითელი, ნარინჯისფერი და ყავისფერი ფოთლები ეწყო. ის იყო, მეცხრე ფოთოლი. -აკანკალებულ სუნთქვას ამოაყოლა სიტყვა და შეისვენა. წყლით სავსე ჭიქას გახედა და არ დალია. ალბათ, ჰყოფნიდა ჰაერიც, მოთმინებაც. -მერე, ჩვენი ქორწილი იყო. უფრო სწორად, იქნებოდა. ტაძრიდან გამოსულებმა, მიძინებულ ქალაქს გადავხედეთ. სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ, აღვნიშნეთ მეათე ფოთოლიც და მერე, ერთიანად დაიწყო ცვენა. ყოველი მათგანი მტკივნეულად ცვიოდა ჩემი მხრებიდან. როგორც არ უნდა მეცადა მათი შენარჩუნება, შეუძლებელი იყო. არ ვიყავი დიდი, მაღალი და დახუნძლული ხე. სულ რამდენიმე ყლორტი მქონდა, რომელსაც შენარჩუნება და გაზრდა სჭირდებოდა. სიმართლე ითქვას, ისინი გაიზარდნენ კიდეც. აბა, ისე ვის გაუგია ფოთოლცვენა. ვცდილობდი თაროებზე შემოწყობილი მოგონებებისთვის თვალი ამერიდებინა. ბოლოს და ბოლოს, ჩემი ზეთისხილის ფერი ფეხაცმელიც იქ დავაწყვე, ასამდე წერილიც და დამჭკნარი, გამხმარი თაიგულებისგან შემორჩენილი, გაცრეცილი ფოთლები. ანდროს წასვლას მონატრებაც მოჰყვა, პატივისცემაც, ერთგულებაც და მოთმინებაც. შეუძლებელია ადამიანს სიყვარულს ეფიცებოდე და მერე ისე გააქრო, თითქოს არც ყოფილა. ეს კი არა, ბოლო დროს, ადამიანებს ვეღარ ვიყვარებ. რამდენ რამეს ვტოვებთ, თუნდაც ჩვენი სურნელი, როცა გაბრაზებულები კარს გავიჯახუნებთ და მის უკან მდგომ, გულნატკენ ადამიანს ვტოვებთ. მერე, რამდენ ხანს ესმის ნაბიჯების ხმა, რამდენ ხანს სუნთქავს ჩვენი ჰაერით. ისიც კი არ ვიცით, მერე ბუხართან ზის და ფოტოებს ათვალიერებს თუ საძინებელში წერილებს კითხულობს. რამდენი რამ გვაბრმავებს. მხოლოდ მაშინ ვხვდებით ყველაფერს, როცა დიდი ხნის შემდეგ დავუწყებთ ჩვენივე ბინძური ფეხებით დატოვებულ კვალს ძებნას, მაგრამ ვერ ვპოულობთ, დრო ყველაფერს შლის. -წყლით სავსე ჭიქას სწრაფად ჰკიდებს ხელს და ბოლომდე ცლის. აკანკალებულ სხეულს ვეღარ იმორჩილებს. კითხვაზე, თუ რამდენი დრო გავიდა, ღრმა ჩასუნთქვას აყოლებს, რომ ცხრა. ფეხზე დგება, გრძელ კაბას ისწორებს და დამშრალი ტბასავით თვალებით უყურებს ფანჯრიდან ხედს. გასაგებია. დღეს მაისია. უფრო სწორად, უჩვეულო მაისი. ფოთოლცვენის მაისი. საცოდავად უყურებს საკუთარ ფეხსაცმელს და ვინ იცის, მწარედ ახსენდება ათი წლის წინანდელი პატარა, რვა წლის გოგონას ზეთისხილისფერი ფეხსაცმელი. მერე ხელს გახედა, ღმერთო, ძალიან უნდა ის მცირედი ტკივილი იგრძნოს, იქნებ მერე, ანდროც მოუახლოვდეს. -რამდენი ფოთოლი... -ყველა დამცვივდა. ფოთოლცვენის მაისია. -უხეშად იწმენდს ცრემლებს და სწრაფად გადის კაბინეტიდან. ყველას ესმის მისი ნაბიჯების ხმა, ყველა გრძნობს ჩამოცვენილ ფოთლებს. არადა, მაისია. მზიანი, თითქმის დამთბარი მაისი. მარტოობა ადამიანებს ყველაფერს ასწავლის. ყველაზე ღირებული, რაც კი შეიძლება წარსულს მიუძღვნა, ერთგულებაა. ყველაფერი, რაც იდეალურია, მალე სრულდება. არაფერი აქციოთ იდეალურად, ყოველ დაცემას, ფრთების მტკივნეულად მომტვრევას მოსდევს რაღაც. ძალიან ღირებულ, ნამდვილი და სამუდამო. ___ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემს მკითხველს დაბადების დღის გაფერადებისთვის. მაპატიეთ, რომ სევდიანია, თუმცა ახლა მხოლოდ ამის მოცემა შემეძლო. პატარაა, თუმცა ვიცი, გაიგებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.