Sé fuerte ანუ ერთი ეპიზოდი ქალის ცხოვრებიდან (სრულად)
შემოდგომაა, ნაადრევი შემოდგომა... ბუნებამ მოულოდნელად ჩამოყარა ცრემლები და ისე სწრაფად აცივდა, ხეებმა მწვანე კაბის გახდაც ვერ მოასწრეს, დაღონებულები დგანან სუსხიანი დღეების პირისპირ. ოქროსფერი შემოგარენის ნაცვლად წელს უჟმური, დაბურული დღეები შეგვრჩა ხელში, რომელიც სულ მალე ისე სწრაფად გაიცლის ისედაც მიუღწეველ შემოდგომისფერს, რომ შემჩნევასაც ვერ მოვასწრებთ. გაზაფხული იყო ამ ქვეყანას რომ მოვევლინე და შესაბამისად, წლის ეს დრო დიდად არ მიყვარს, ამ ფაქტს უთავბოლო ამინდებიც დაერთო და მეც მეტი რაღა მინდოდა, უჩვეულოდ მოვიწყინე: დღეები ისე უმნიშვნელოდ მიიზლაზნებიან, კითხვა გიჩნდება, საერთოდ რისთვის წუხდებიანო, მუდმივი წვიმები კი თითქოს ბუნების გამოძახილია ამ უაზრო თვეების შემდეგ. როგორც ყოველთვის ჩემს ლეპტოპთან ვზივარ ცხელი ყავის ფინჯნით ხელში და დიდი ხნის წინ დაწყებული ნოველის დასრულებას ვცდილობ. მთელ ეკრანზე გადაშლილ ვირტუალურ ფურცლებს მიღმა Facebook-ზე მოსული წერილის ხმა ისმის, ფაილს ვკეცავ და სოციალურ ქსელს ვუბრუნდები. - გოგო, რას შვები? - მეკითხება მეგობარი. - აპირებ დამხატო თუ დამიკიდე? - დაგხატავ, როცა ხატვის ხასიათზე ვიქნები. - ვპასუხობ და ისევ ჩემს ნოველასთან დაბრუნებას ვგეგმავ, მაგრამ ჩატის წკარუნი არ წყდება. საბოლოოდ ვხურავ ყველა ფანჯარას და ისევ წამის წინ დაწყებულ დიალოგს ვუბრუნდები. ანიტა როგორც ყოველთვის საუბრის ხასიათზეა, ყვება ყველაფერს, რაც ახსენდება და ჩემი ჩატიც გაუჩერებლად წკარუნებს; ზოგჯერ გულწრფელად მაინტერესებს, როგორ შეუძლია ამდენი წერა. ვკითხულობ მის წერილებს და პარალელურად ჩემს ვოლს ვათვალიერებ, სადაც უამრავ უინტერესო, დამღლელ და ხშირ შემთხვევაში მოსაბეზრებელ პოსტს შორის, საინტერესო სიახლეს ვამჩნევ უფასო ტრეინინგის შესახებ. დიდი ხანი ვფიქრობდი, რომ დროა რაღაც ახალი ვცადო, რადგან უნივერსიტეტი ნამდვილად ვერ ავსებს იმ სივრცეს, რომელიც დიპლომსა და რეალურ ცოდნას შორის რჩება, ამ სიახლემ კი საკმაოდ დამაინტერესა, პირობები გადავიკითხე და იქვე მითითებული ბლანკი შევავსე. - აქ ხარ? - ისევ წკარუნობს ჩატი. - ჰო, რაღაც ტრეინინგის განაცხადი შევავსე. - უსაქმური არ ხარ?! - მომდის პასუხი. - მაგათ მარტო ფული უნდათ. - უფასოა ანიტა. - მითუმეტეს. - არ ცხრება ის. - კარგი რა, რამდენ ადგილას ვიყავი ვაკანსიაზე, ხან დრო არ მაწყობს, ხან ხელფასი ან პირობები. მაინც ვერსად მოვეწყვე, აქაც ვცდი, რა დაშავდება? სამ დღეში კომპანიიდან მიკავშირდებიან და გაცნობით ლექციაზე მთხოვენ მისვლას, მეც სიხარულით ვთანხმდები და იმდენად ადრე მივდივარ, რომ მხოლოდ ერთი სტუმარიღა მასწრებს იქ გამოჩენას. გარემო თავიდანვე მხიბლავს: თანამედროვე, გემოვნებით მოწყობილი ოფისი და საოცრად თბილი მიღება ჩემს განწყობას საკუთარ კვალს ამჩნევს; თანდათან მისაღები ხალხით ივსება და ყველანი შეხვედრის ოთახში შევყავართ. კურსის პრეზენტატორი, რომელიც ქართულად ბოლომდე გამართულად ვერ საუბრობს საოცარი მომხიბვლელობით გვიხსნის ტრეინინგის მიზანს და იმ შედეგებს, რასაც შეგვიძლია მათთან ერთად მივაღწიოთ. ნახევარსაათიანი მონოლოგის შემდეგ კითხვების დრო დგება, ოთახში უამრავი სასაცილო და ხშირად უაზრო კითხვა ისმის, რომლებსაც გამომსვლელი ისეთი სერიოზული სახით პასუხობს, მოსმენილი კითხვების სიმარტივეში ეჭვიც კი შემაქვს. მალე შეხვედრის დროც იწურება, გვემშვიდობებიან და გვაფრთხილებენ, რომ შემდეგ კვირაში უკვე ჩვენი მენეჯერები დაგვიკავშირდებიან. ორშაბათს ჩემს ნომერზე დაპირებული ზარი შემოდის. - გამარჯობა ნინი, მე ალექსი ვარ. დღეიდან შენი მენეჯერი ვიქნები. - ისმის მომაჯადოვებელი ხმა ტელეფონიდან და იმდენად მიტაცებს, მხოლოდ ბოლოს ვხვდები, რომ სინამდვილეში არაფერი მესმის სასიამოვნო ბგერების გარდა. - დიახ. - ვპასუხობ იმ იმედით, რომ რაღაც ისეთი მკითხა, რაზეც ამ პასუხის გაცემა შეიძლებოდა. - მშვენიერია. მაშინ გელოდები ხვალ, პირველზე. - აუცილებლად მოვალ. - ვამბობ სიხარულით და იმის გააზრებით, რომ საჭირო ინფორმაციაც გავიგე და პასუხიც სწორად გავეცი, გახარებული ვრჩები; ზედმეტად უცნაური იქნებოდა გამეორება რომ დასჭირვებოდა. მეორე დღეს, კომპანიაში ორმაგი ინტერესით მივდივარ: რა თქმა უნდა ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება ტრეინიგის პირველი დღე და თან მოუთმენლად ველი იმ ადამიანის გაცნობას, რომლის ხმამაც ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, რომ შეუძლებელია ეს ბგერები მიწიერი არსების ბაგიდან ისმოდეს. რამდენიმე წუთი ლოდინის შემდეგ მისღებში ალექსი გამოდის და ღიმილიანი სახით მესალმება. “ის ნამდვილად ადამიანია”, წამიერად მიელვებს თავში უცნაური ფრაზა და თავაზიანად ვუბრუნებ სალამს, მერე ტრეინინგებისთვის განკუთვნილ ოთახში გავდივართ და რამდენიმე ზოგადი კითხვის შემდეგ პირველი გაკვეთილიც იწყება. ალექსი უდაოდ მომაჯადოებელ ხმასთან ერთად, მიმზიდველი გარეგნობით გამოირჩევა: უსაზღვროდ ღრმა ნაცრისფერი თვალები, ლამაზი ღიმილი და საინტერესო ვარცხნილობა გამორჩეულ შესახედაობას აძლევს. ვუსმენ მის სიტყვებს და ვცდილობ იგივე არ მოხდეს, რაც ტელეფონზე საუბრისას, მაგრამ ნაკლებად გამომდის, რის გამოც საკუთარი თავის მრცხვენია; გრძნობების მიერ უარყოფილ საღ აზრს ხშირად ვახსენებ აქ ყოფნის მიზეზს და ვცდილობ მოვბილიზდე, თან საშინლად ვბრაზდები ჩემსავე თავზე. - დღეისთვის სულ ეს იყო. - ასრულებს თავის სათქმელს ალექსი და ჩემთვის განკუთვნილი დროის ასე სწრაფად დასრულებით იმედგაცრუებულს მტოვებს. - დამელოდე, სავიზიტო ბარათს მოგცემ და ხვალ ისევ ამ დროს გელოდები, ხო? - ისევ ამ დროს. - ვიმეორებ და თავს ვუქნევ. შემდეგი დღეები უფრო თავისუფალია, რადგან გაუცხოების ეტაპი გავიარეთ და ორივენი მოვეშვით, ახლა უფრო მარტივად ვპოულობთ სალაპარაკო თემას და თანდათან საქმის გარდა პირად თემებსაც ვეხებით. ეს ნაწილი განსაკუთრებით მომწონს, მითუმეტეს როცა ის ყვება რაღაცას - მოხერხებულად მოვკალათდები ხოლმე სკამზე და სიამოვნებით ვუსმენ მის ტიტინს, საყვარელი ხმის ჰანგები ყურში მელოდიასავით ჩამესმის და მის ულამაზეს, მეტყველ თვალებში უდრტვინველად ვიკარგები. ურთიერთობა სოციალურ ქსელებშიც გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ მიმოწერის ინიციატორი ყოველთვის მე ვარ, თითოეული მოწერილი ფრაზა მაინც უზომოდ მახარებს. ტრეინინგებისთვის განკუთვნილი პერიოდი ისე სწრაფად მთავრდება, უკან მოხედვასაც ვერ ვასწრებ. მომწონს, რომ ყველაფერი სწრაფად ვისწავლე, მაგრამ მასთან ურთიერთობის დასრულება საერთოდ არ მახარებს, ამიტომ იქ ვრჩები. მართალია, როცა ტრეინიგებზე ჩავეწერე, დარჩენას არ ვგეგმავდი, მაგრამ ეს საქმე აშკარად მომწონს, მისი იქ ყოფნა კი დამატებითი მოტივაციაა; ალექსი ჩემი მენეჯერი ხდება და ერთად ვდგამთ პირველ ნაბიჯებს. მისი დინჯი, თავდაჭერილი, მაგრამ მაინც საოცრად უშუალო ქცევა მხიბლავს, მომწონს მასთან საუბარი და მისი მოსმენა, როგორ მიხსნის საქმის დეტალებს ან უბრალოდ სხვადასხვა თემებზე მესაუბრება. - საოცარ პოზიტივს გადმოსცემ. - მწერს ერთხელ, როცა ჩვეულ რეჟიმში ვეტიტინები ათას სისულელეზე. - ალბათ ბევრს უთქვამს შენთვის. - ალბათ, რავი. - ვიმორცხვებ მე, გული კი გამალებით იწყებს ფეთქვას იმაზე ფიქრში, რომ ჩემში პოზიტიურ ადამიანს ხედავს. ეს უდიდესი კომპლიმენტია, რაც ოდესმე მომისმენია ან მინდოდა მომესმინა ვინმესგან. - კი, კი. ძალიან თბილი გოგო ხარ. - მომდის კიდევ ერთი წერილი და როგორც ყოველთვის, მომდევნო ფრაზა რადიკალურად ცვლის თემას. - როგორ მიდის ხატვის საქმე? - შენს მერე არავინ დამიხატავს. - ვწერ მე და ვხვდები, როგორი სულელური ფრაზა გამოვიდა. ის იცინის და თემა კიდევ ერთხელ იცვლება. ზოგჯერ ვზივარ ხოლმე და ჩვენზე ვფიქრობ… მაინტერესებს ოდნავ მაინც თუ მოვწონვარ ან ხედავს კი ჩემში იმაზე მეტს, ვიდრე ერთი პატარა მხიარული გოგონა? აი, მე კი შეყვარებული ვარ, სულით ხორცამდე; მის გამო ყველაფერი მიხარია. ბედნიერი ვარ, რომ გავიცანი, რომ აქ ვარ, მის გვერდით და ყოველთვის შემიძლია მივწერო ან დავურეკო, მისი არსებობა ჩემს სიახლოვეს ნებისმიერ სიცარიელეს ავსებს, მისი ხმა კი ყველანაირი მწუხარების წამალია და ასე მარტვად, მე მისი არსებობა მაბედნიერებს. სიხარულით გავრბივარ ოფისში და როცა სახლში ვარ, მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა იქ ისევ უნდა დავბრუნდე. ერთ დღესაც, როცა ჩვეულებრივ ოფისში ვარ და ჩვეული კითხვებით ვაპირებ მის შეწუხებას, ალექსი რაღაცის ახსნას იწყებს. - ესპანეთში მივდივარ, - ამბობს და სიხარულისგან თვალები უციმციმებს. - თუ ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც მინდა, ალბათ დავრჩები კიდეც. - ესპანეთი? რა მაგარია. - წყდება ჩემს ბაგეს ნაჩქარევი სიტყვები. - როგორ უნდა გითხრას ვინმემ, დაბრუნდიო თორემ… - მადლობა. - ლაღად იცინის და რაღაცის მოყოლას აგრძელებს, მაგრამ უკვე აღარაფერი მესმის. მხოლოდ ის ვიცი, რომ მტოვებს, რომ ვეღარ ვნახავ. ყველაფრის ხალისს ვკარგავ, უხერხულად ვემშვიდობები და უნივერსიტეტში გავრბივარ. მთელი დღე ჩამშხამდა. ვფიქრობ იმ მომენტზე, როცა ისეთი ღიმილიანი სახით მითხრა, ქვეყნიდან მივდივარო, რომ მისი სიხარული ბავშვურად, დაუფიქრებლად გამიხარდა; გულით გავიღიმე და მისი კმაყოფილებით გამოწვეულმა სითბომ ტანში ისე ტკბილად დამიარა, არც მიფიქრია რას მომიტანდა მე მისი ეს სიხარული - ის მიდიოდა, მე კი აქ მტოვებდა; ის ბედნიერი იყო, მე კი გამაუბედურებდა. მე ხომ ამ თვეების მანძილზე მისი ცხოვრებით დავიწყე ცხოვრება, მისი ნაბიჯების ხმაზე და ეს უეცარი გამომშვიდობება ჩემთვის ქვეყნის აღსასრულს დაემსგავსა... და მაინც მე მიხაროდა, რადგან ვიცოდი, ის იყო გახარებული, მისმა ბედნიერებამ საკუთარი ტკივილი გადამავიწყა და დროებით გამაბედნიერა კიდეც, ოღონდ მხოლოდ მანამდე, სანამ გავაცნობიერებდი, რომ მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის ლამაზი პერიოდი დასრულდა. ერთი წამით მომინდა შევვედრებოდი არ წასულიყო, რადგან აქ მჭირდებოდა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მის გვერდით გატარებული წუთები, როცა მხოლოდ საქმეზე ვსაუბრობდით, ყველაზე ლამაზი რამ იყო, რაც ცხოვრებაში გამაჩნდა. მზად ვიყავი თავმოყვარეობა დამევიწყებინა, გადამებიჯებინა ქალური სიამაყისთვის და მუხლებში ჩავვარდნოდი, მაგრამ ვერ გავბედე წაუსვლელობა მეთხოვა, რადგან ვხედავდი როგორ ახარებდა ამაზე ფიქრიც კი; ჩემთვის ჩუმადაც ვერ ვინატრე მისი გეგმები ჩაშლილიყო, არადა ზუსტად ვიცოდი, რომ ამ დღეს ჩემთვის ყველაფერი დასრულდა! - ნინი, - მკვახე ხმით მეძახის ლექტორი და ისე მაშტერდება, თითქოს ჩემთან საშვილიშვილო წყენა აკავშირებს. - აკეთებ პრეზენტაციას თუ კიდევ დიდხანს გელოდოთ? - დიახ, ახლავე. - სასწრაფოდ ვწყდები სკამს და პრეზენტაციებისთვის მოწყობილ შემაღლებულ ადგილზე ვდგები. აუდიტორია სავსეა, ას კაცზე ნაკლები ვერაფრით იქნება და ცხოვრებაში პირველად, საუბრის დაწყების მეშინია, მუხლები მიკანკალებს, თითქოს სადაცაა ჩავიკეცები და ლექტორს მუდარით ვაშტერდები. - დაიწყე! - მიბრძანებს ის. - დღეს მინდა ჩემი კომპანია გაგაცნოთ… - ვიწყებ ჩუმად, თითქოს მინდა ამ სიტყვებით უდიდესი საიდუმლო შევაპარო აუდიტორიაში შეკრებილ სტუდენტებს, რომლებიც ინტერესით მომჩერებიან. წინადადების ბოლოს ღრმად ვისუნთქავ, წელში ვიმართები, მახსენდება, რომ ეს პრეზენტაცია საუკეთესო უნდა იყოს, რადგან დავპირდი ასკაციან აუდიტორიაში უნდა გაგაპიაროთ მეთქი და ახლა ჩემს სათქმელს ისე ვყვები, თითქოს ამ კომპანიის სტაჟიანი თანამშომელი ვარ. ყველა გასუსული მისმენს, ბევრ მათგანს არც კი სმენია ჩვენზე და დაინტერესებული სახეებით მომჩერებიან, მეც ვყვები ყველაფერს, რაც კომპანიაზე ვიცი, ვყვები მთელი შემართებით, ვუკეთებ ანალიზს მათი საქმიანობის მეთოდებს და ვცდილობ ყველა იქ მყოფთან მივიტანო ის დადებითი მუხტი, რაც მე გამიჩნდა, როგორც კი იქ შევაბიჯე. ბოლოს პატარა პაუზას ვაკეთებ და სიტყვას შემდეგნაირად ვასრულებ: - თუ ერთხელ მაინც მოხვდებით ჩვენთან, ნახავთ რამდენად შეკრული და თანმიმდევრული გუნდი გვყავს, რომ აქ თითოეული თანამშრომელი მომხმარებელთან შეხების ყველა წერტილში გასცემს ერთსა და იმავე პოზიტიურ, თანამშრომლურ მესიჯებს. აქ მომუშავე თითოეული პროფესიონალი ზრუნავს იმაზე, რომ თქვენ იყოთ წარმატებული! - ნამდვილად მოტივირებული ხარ საკუთარი სამსახურით. - მეუბნება ლექტორი და მეც თავს ვუქნევ, ვამბობ, რომ საუკეთესო ადგილია მათ შორის, სადაც ოდესმე ვყოფილვარ. სტუდენტები კითხვებს მაყრიან და მეც სიხარულით ვპასუხობ ყველა მათგანს; მალე ჩემი დროც იწურება, უნივერსიტეტს მაშინვე ვტოვებ და სახლში მოვდივარ. ქუჩები, როგორც ყოველთვის, გადაჭედილია. ხალხი ავტობუსებს ისე აწყდება, როგორც ფუტკარი ყვავილის ნორჩ ყლორტებს გაზაფხულზე. ყველა სადღაც ვიღაცასთან მიიჩქარის, მე კი აღარსად მაგვიანდება, დღეიდან აღარავინ დაელოდება ჩემს გამოჩენას და აღარც მე გავქანდები სადმე, უკანმოუხედავად. ავტობუსების გაჩერებას გვერდს ვუვლი და გზას ქვეითად ვაგრძელებ; გამყინავი ქარია, მაგრამ გამოცოცხლება მჭირდება. ვიცოდი, რომ ალექსი ძალიან მომწონდა, მაგრამ თავადაც ვერ წარმოვიდგენდი, ასე თუ მატკენდა გულს მასთან განშორება, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ ახლახან გავიცანით ერთმანეთი და არასდროს არაფერი გვქონია, გარდა საქმიანი მიმოწერისა; თურმე რამდენ რამეზე ოცნებობს გული, ჩვენგან დაუკითხავად... მეტროს ვუახლოვდები, სწრაფად ჩავრბივარ კიბეებზე და თითქმის წასულ მატარებელს ვეწევი, ვაგონი თითქმის ცარიელია და მეც ერთ-ერთ კუთხეში ვპოულობ მყუდრო ადგილს; ჩანთაში ყურსასმენებს ვეძებ, რომ საყვარელმა სიმღერებმა ოდნავ მაინც გამომიკეთონ განწყობა. მომდევნო სადგურზე წყვილი ამოდის, ისე ლაღად ეთამაშებიან ერთმანეთს, შეუძლებელია არ გაგეღიმოს და მუდამ ასე ყოფნა არ უსურვო და ცხოვრებაში პირველად მშურს ვიღაცის, ყურში კი სევდიანი ესპანური სიმღერის ჰანგები მესმის ცხოვრების ერთ საშინელ შეცდომაზე. - კარგად ხარ შვილო? - მეკითხება ჩემს წინ მჯდომი ქალი და ჩემს გვერდით იკავებს ადგილს. - ხო მშვიდობა გაქვს? - დიახ, კარგად ვარ. - ვამბობ დაბნეული და მხოლოდ ახლა ვამჩნევ, რომ ვტირი. - ვინც არ უნდა იყოს შვილო, თუ ასე გატირა, არ ყოფილა შენი ღირსი. - მამშვიდებს შუახნის ქალბატონი. ამ დროს მატარებელი ჩერდება და უხერხული მომენტისგან მიხსნის. - ჩემი გაჩერებაა. - ვამბობ უცებ და კარისკენ მივდივარ. - ყურადღებისთვის მადლობელი ვარ. გზაში საგულდაგულოდ ვიწმენდ აცრემლებულ თვალებს, ღრმად ვსუნთქავ და გამალებით ვებრძვი სურვილს, საკუთარი ბედი გულიანად გამოვიტირო. სახლში მისულს დედა ჩვეული ფუსფუსით მხვდება, ჩემს დაყრილ ტანსაცმელს აგროვებს და მაგიდაზე საჭმელს მილაგებს, მეც ვჭამ, მაგრამ არ მშია; თითო ლუკმას თან თითო ცრემლი მიყვება და ისედაც უგულოდ დაღეჭილ ლუკმებს, უფრო ამლაშებს. კომპიუტერს ვრთავ და ეკრანს ვაშტერდები, გულის გადასაყოლებლად სოციალურ ქსელებს ვათვალიერებ, მაგრამ ვერაფერს ვამჩნევ. დედა ხვდება, რომ რაღაც მიჭირს და კითხვებს მაყრის, მე კი საუბარი არ მინდა, ახლა რამე მაინც რომ ვთქვა, თავს ვეღარ შევიკავებ და ბავშვივით ავქვითინდები. დედა არ მეშვება, ძალას ვიკრებ და ოდნავ გასაგებად ვამბობ: - ესპანეთში მიდის. - ვინ? - უკვირს დედას. - ალექსი. - მერე? - უფრო იბნევა ის, მაგრამ ჩემს აცრემლებულ თვალებს ხედავს და ყველაფერს ხვდება. - დედიკო, ამიტომ ტირი? ჩემი სულელი გოგო. - მცივა დედა, სულში მცივა. - საყვარელო, თქვენ ხომ უბრალოდ კარგი ნაცნობები იყავით, მეგობრებიც კი არ ყოფილხართ. - მისი წარსულ დროში ხსენება უფრო მტკენს, ვიდრე თავად ამ ფრაზის შინაარსი. თავადაც ვიცი, რომ ასეა, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის მიყვარდეს. უცნაურია, მაგრამ მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ, რამდენად მყვარებია სინამდვილეში. როცა გვერდით მყავდა, როცა ვიცოდი, რომ ნებისმიერ დროს შემეძლო მივსულიყავი და მენახა, ყველაფერი უფრო მარტივი იყო და ის მყოფნიდა, რაც მქონდა; არასდროს არაფერს ველოდი, არც არაფერზე მიოცნებია, მე უბრალოდ მისი სიახლოვე მაბედნიერებდა. ყველა მოგონება ერთდროულად მომაწვა: ნაცრისფერი თვალები, რომლებსაც მუდამ დასთამაშებთ უცნაური სხივი, მათში ჩახედვა სხვა სამყაროს კარებს მიხსნიდა, მომნუსხველი მზერა, რომელიც იმდენად მაჯადოებდა, რომ ირგვლივ ყველა და ყველაფერი წყვეტდა არსებობას და საოცარი, ლაღი ღიმილი, რომლის ნახვაც ასე მიყვარდა; მახსენდება ოდნავ ბოხი და საოცრად თბილი ხმა, რომელშიც სიკეთე იღვრება... მთელი სიმტკიცე ერთბაშად მემსხვრევა, ცრემლები ღაპა-ღუპით იწყებენ დენას ლოყებზე და მაგიდაზე პატარა გუბეს აჩენენ. მეორე ოთახში გავდივარ, რომ დედაჩემს თვალები დავუმალო, სახეს ცივი წყლით ვისველებ და ხელზე წითელ ლაქებს ვამჩნევ, ჯერ კიდევ ცრემლიანი თვალებით მიჭირს გავარჩიო რა არის, მერე ხელზე მეორე წვეთი ეცემა, მესამე… - ცხვირიდან გდის ეგ სისხლი დედი? - შეშფოთებული სახით მეკითხება ოთახში ახლახან შემოსული დედაჩემი. - ჰო. - ვამბობ გაურკვევლად და ბოლომდე ვერ ვხვდები, რა მჭირს. ასეთი რამ არასოდეს დამმართნია. - ნერვიულობამ იცის ჩემო კარგო, ასე განიცადე? - მეხვევა ის, ოთახში მაბრუნებს, ჩემს თავს კალთაში იდებს და შუბლზე ტკბილად მკოცნის. - შენ ხომ უკვე დიდი და ჭკვიანი გოგო ხარ?! მიდის და გაუშვი, ახლახან შეხვდით, შენამდეც ჰქონდა ცხოვრება და გეგმები. ხომ იცი, შენზე რომ ეფიქრა, გეტყოდა კიდეც?! მინდა მთელი ხმით ვუყვირო, რომ არაფერი ესმის, რომ შეყვარებული ვარ და არ შემიძლია ასე მარტივად შევხედო ყველაფერს, მაგრამ ისევ ჩუმად ვარ და იმაზე ვფიქრობ, რომ ეს თვითონაც ვიცი, მას არასდროს მოუცია რაიმე იმედი, მაგრამ არც მჭირდებოდა, მე ის უპირობოდ შევიყვარე. კომპიუტერთან ვბრუნდები და მის წერილს ვხედავ, მიხსნის, რომ ახალი მენეჯერი მეყოლება, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია. - შენნაირი ვერ იქნება. - ვპასუხობ მე და თვალებიდან ისევ მწყდება სიმწრის ცრემლები. - ეგრეც ნუ იტყვი, მჯობს მჯობი არ დაელევა. - იშველიებს ანდაზას, მაგრამ აშკარაა, რომ ვერ ხვდება, რას ვეუბნები. მერე მარიგებს, რა და როგორ გავაკეთო ახალ მენეჯერთან და სხვათაშორის ამატებს. - გამიხარდება დიდ წარმატებას რომ მიაღწევ. - მოკლედ რავი, ისეთი გაბრწყინებული სახით საუბრობდი წასვლაზე, დიდი ბოროტება იქნება წარმატებები რომ არ გისურვო. ყველაფერი გამახარებს, რაც შენთვის კარგი იქნება. - ვწერ გულწრფელად. ერთადერთი ტყული ამ მიმოწერაში გაგზავნილი სიცილაკებია, რადგან ახლა ნამდვილად არ მეცინება. - გაიხარე, მეც ასევე. დამამახსოვრდება შენი პოზიტივი - მპასუხობს და ვხვდები, რომ საუბარი დასრულდა. დასაძინებლად მივდივარ, მაგრამ ვერ ვწყნარდები და მთელი ღამე უაზროდ ვტირი. მართალია, ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო და ზრდასრული ქალივით მოვიქცე, მომხდარს შევეგუო ან უბრალოდ არ შევიმჩნიო, ისე განვაგრძო ცხოვრება, მაგრამ არ გამომდის; “რატომ ახლა?”, არ მასვენებს აბეზარი კითხვა და გამეორებების უწყვეტი ციკლით სულს მიწიოკებს. უძილობით და საშინელი თავის ტკივილით შეწუხებული დილაადრიან ვტოვებ თბილ ლოგინს. - გოგო აქ ხარ? - მწერს ისევ ანიტა. - კი. - ვპასუხობ მოკლედ. ლაპარაკის და მითუმეტეს წერის ხასიათზე არ ვარ, მაგრამ ხელში თუ ჩაგიგდო, უბრალოდ შეუძლებელია გაექცე. მეც ყველაფერს ვუყვები. - არ წავიდეს ნეტა, თორე გამიგიჟდები შენ. - არა, წავიდეს. - რატომ? - უკვირს ანიტას. - არ მინდა ჩაეშალოს ის, რაც მისთვის კარგი იქნება. - ვუხსნი მე. - შენ არ იქნები კარგი თუ? - ჩემზე უკეთესს იპოვნის… - გოგო ნუ გადამრიე, რას იძახი?! - წასვლა უნდა ანიტა და უნდა წავიდეს კიდეც. ვინ ვარ, რომ ჩემ გამო რამე შეცვალოს? და რომც ვიყო, ხომ მიცნობ არა?! მაინც გავუშვებდი. - მაგიტომაც ხარ დღემდე მარტო. - ბრაზობს ის. - მარტო იმიტომ ვარ, რომ არ ვუყვარვარ. - ვაზუსტებ მე და საიტიდან გავდივარ. - დალიე. - ანიტას წერილი ამჯერად ტელეფონზე მომდის. - არ მინდა. - გჭირდება. - მიმტკიცებს ის. - რო დავლიო, ალბათ დავურეკავ და ყველაფერს ვეტყვი. - რაც საჭიროა იმას იზამ. - მისი სულელური რჩევა მაბრაზებს და ტელეფონსაც ვთიშავ. რამდენიმე დღე გადის მას შემდეგ, რაც ბედს შევეგუე. საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ იმაზე ოცნება დავიწყე, რაც არასოდეს ახდებოდა; “იქნებ უკვე ჰყავს რჩეული”, ვეკითხებოდი საკუთარ თავს, “შენ ხომ მასზე თითქმის არაფერი იცი?” და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაბრუნებოდი, როცა ჩემთვის ჩუმად ვიჯექი სახლში და გულს არაფერი მიფორიაქებდა. თუმცა რაც დრო გადის უფრო ვრწმუნდები, რომ ძველი დრო აღარ დაბრუნდება, რადგან იმდენად ძლიერ მიყვარს, როგორც არასდროს არავინ მყვარებია. ისევ სახლში ვარ, მის სურათებს ვათვალიერებ, მაგრამ თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ცხადად ვუყურებ და ტელეფონის უეცარი ზარი დიდი ძალისხმევით შექმნილ მყუდროებას მირღვევს; ტელეფონს ვიღებ ეკრანზე მისი სახელი წერია. - გისმენ ალექს. - გამარჯობა ნინი, ცუდ დროს ხომ არ ვრეკავ? - არა. - მისი თავაზიანი ტონი და მუდამ მოზომილი ფრაზები დადუმებას მაიძულებს. ალექსი კიდევ ერთხელ მიხსნის, სამომავლოდ რა და როგორ გავაკეთო, მე კი სიამოვნებით ვუსმენ და ვერც ვხვდები ისე ხდება ჩემი დუმილი საუბრის სწრაფადვე დასრულების მიზეზი; ამას მხოლოდ მაშინ ვაანალიზებ, როცა ტელეფონს მაგიდაზე ვაბრუნებ და გული მწყდება, რომ არაფერი ვუთხარი. მინდა წასვლამდე კიდევ ერთხელ ვნახო, ისიც მპირდება, რომ დროს გამონახავს და ვგეგმავ რას ვიზამ, როგორ ვილაპარაკებ ან რას გავაკეთებ, როცა ვნახავ, მაგრამ მგონი სულ ტყუილა, იქ მაინც ყველაფერი თავისით მოხდება; ის კი ზუსტად ვიცი, რომ ერთი თბილი ჩახუტება უნდა მოვპარო, იმდენი უიმისობაში რომ მეყოს. თუმცა მალევე ვიგებ, რომ შეხვედრას ვერ მოვახერხებთ; მიხსნის, რომ წასვლამდე ბევრი რამის მოგვარება უწევს და დრო არ რჩება. ეს ძალიან მწყინს, მაგრამ საუბარს ვაგრძელებთ და იმის გაგებას ვახერხებ, რომ მარტოა, თურმე არავინ ჰყავს და ეს ოდნავ მაიმედებს. ბევრი ფიქრის შედეგ გადაწყვეტილებას ვღებულობ, რომ მინდა ჩემს გრძნობებში გამოვუტყდე, მინდა იცოდეს, რომ აქ ტოვებს ადამიანს, რომელსაც მუდამ საკუთარ თავზე მეტად ეყვარება. ვიცი, რომ ეს არაფერს შეცვლის, იქნებ ქარაფშუტადაც ჩამთვალოს, მაგრამ დროა ვთქვა, რას ვგრძნობ. ითვლება, რომ პირველად ბიჭი უნდა გამოტყდეს სიყვარულში, მაგრამ ამ შეხედულების არ მესმის, ქალებიც ისე ვგრძნობთ სიყვარულს, როგორც მამაკაცები, ჩვენც ისეთივე სურვილები გვაქვს და რატომ უნდა ველოდოთ დღეს, როცა სიყვარულში გამოგვიტყდებიან და რომელიც არც კი ვიცით დადგება თუ არა?! მთელს გამბედაობას ვიკრებ და ვწერ: - მე შენ მიყვარხარ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.