თამაში მუსიკის წესებით (მერვე თავი)
თამაში მუსიკის წესებით მერვე თავი მარიამის გვერდით იწვა ლიკა, გოგონა ძილში მშვიდად სუნთქავდა და ოდნავ იღიმებოდა, ჩაფიქრებული უმზერდა შვილს, ერთად-ერთი ვის თვალშიც სურდა იდეალური და ძლიერი ყოფილიყო მარიამი გახლდათ. ბევრი მოუთმენია ლიკას, შეურაცყოფაც, ღალატიც. სიამაყის გამო დაუკარგავს საყვარელი ადამიანებიც, დაუთმია ყველაფერი, მაგრამ შეინარჩუნა მთავარი საკუთარი ღირსება. გგონიათ ნანობდა?! არა. ალბათ, წარსული რომ დაბრუნებულიყო ისევ ანალოგიურად მოიქცეოდა, ისევ გაუშვებდა... ცხოვრებაში მისი ერთად-ერთი სტიმული მარიამი იყო, უნდოდა შვილისთვის სამაგალითო, მისაბაძი ყოფილიყო, დედა, რომელიც შვილის ბედნიერებისთვის იბრძოდა, დედა, რომელიც მისი საქმის პროფესიონალი იყო და რომელსაც სულაც არ ეშინოდა ცხოვრებისეული სირთულეების. გოგონასაც სწორედ ამას ასწავლიდა, დამოუკიდებლობის ფასს, ჰქონოდა უნარი დაეცვა თავი ყოველთვის და ყველასგან. ახლა რა მოხდა?! ვიღაც, სრულიად უცნობი უცერემონიოდ შემოიჭრა მის ცხოვრებაში. შვილისა და მისი მეგობრების თვალწინ დაამცირა. მისი ნაკოწიწები სიმხნევე თვალსა და ხელს შუა შემოაძარცვა ქალს. უნებურად ცრემლები მოაწვა, რა სჭირდა?! რატომ გრძნობდა თავს ასე უსუსურად?! არასოდეს ასე ძლიერ არ სდომებია ლიკას ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენა, ფიქრობთ გიორგის აზრი აღელვებდა? სულაც არა. მამაკაცმა ქალში მიძინებული შეგრძნებები გააღვიძა. მისი დამცინავი მზერა თითქოს ახელებდა ლიკას, დიახ, ახელებდა სხვა სიტყვით ვერც მოიხსენიებდი მის მდგომარეობას. ალბათ, თავად ამ გრძნობას აზარტს უფრო უწოდებდა, დიახ, აზარტს... მთელი გულით უნდოდა კაცს მისი უპირატესობა ეღიარებინა, პირველად არ სცნეს მისი ღირსებები, ცხოვრებაში პირველად მამაკაცი არ ცდილობდა მისი გულის მოგებას, რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, კაცმა ჩათვალა თითქოს ლიკა გაეპრანჭა, ან იქნებ არც შემცდარა გიორგი? იქნებ მართლაც შენიშნა ლიკას მზერაში ის ნაპერწკალი, რომელსაც ერთი ნახვით მოწონებას უწოდებენ?! - გამორიცხულია! - მყისვე უარყო საკუთარი ეჭვი - ქალთან როგორ უნდა მოიქცეს არც კი იცის, მაღიზიანებს, ნერვებს მიშლის, თავხედია, უზრდელი, ამპარტავანი, უგულო.... ცხოვრებაში არაფერი ღირებული არ გააჩნია, საკუთარი შვილიც კი არ ეცოდება... ბოდიშს მომიხდის, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ბოდიშს მომიხდის და გაქრება, ისევე უკვალოდ გაქრება ჩემი ცხოვრებიდან, როგორც გამოჩნდა... ხვდებოდა ლიკა, რომ გიორგისგან ბოდიშის მოხდის იმედი არ უნდა ჰქონოდა, სავარაუდოდ არც მამაკაცი აპირებდა იოლად დანებებას, წინ უდაოდ რთული ასპარეზობა ელოდა, მაგრამ თუნდაც არ მოეხადა ბოდიში, გიორგის დამცინავ, ირონიულ მზერაში სულ მცირე პატივისცემის დანახვაც კი საკმარისი იქნებოდა ქალის შელახული პატივმოყვარეობის აღსადგენად. გულში ისევ ლანძღავდა, რას არ უწოდებდა გიორგის, თუმცა ამდენი ფიქრის მიუხედავად ყველაზე მთავარს მაინც ვერ მიუხვდა ლიკა. მამაკაცმა აშკარად ჭკუაში აჯობა, მისი ირონიით, სიუხეშით და ზედმეტად ქედმაღალი დამოკიდებულებით იმაზე მეტს მიაღწია ვიდრე აქამდე ლიკას ცხოვრებაში არსებულმა ნებისმიერმა, ბევრად თავაზიანმა თაყვანისმცემლებმა. მიუხედავად საკუთარი სურვილისა, ქალი მთელი ღამე სწორედაც რომ გიორგიზე ფიქრობდა, მართალია ძირითადად ემუქრებოდა, მაგრამ ხომ მაინც ფიქრობდა?! მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, მეორე დღის ასპარეზობაზე ფიქრში როდის ჩაეძინა ლიკას ვერც გაიგო. უკვე დილის თერთმეტი საათი ხდებოდა, საძინებელში ირმამ რომ შემოაკითხა: - ბავშვები სასაუზმოდ ჩავიდნენ, ყავა უნდა დავლიოთ, არ შემოგვიერთდები?! - კი, რათქმა უნდა... - ქალის მრავლობით ფორმაში ნათქვამი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, თმებაჩეჩილმა, პიჟამოებზე სქელი პირსახოცის ხალათი შემოიცვა და მთქნარებით თავადაც მისაღებში გავიდა. - ამბობენ ქალის სილამაზე ახალგაღვიძებულზე უნდა შეაფასოო! აშკარად თქვენზე არაა ნათქვამი!... - მისაღებში მდგომ ბართან, სპორტულებში გამოწყობილი, ფეხი-ფეხზე გადადებული, ყავის ჭიქით ხელში ირონიული ღიმილით უმზერდა გიორგი. - აქ რას აკეთებთ?! - მამაკაცის იქ ნახვას აშკარად არ ელოდა ლიკა, დაბნეული ხან ირმას უმზერდა და ხან გიორგის, აჩეჩილ თმაზე ერთი კი გადაისვა ხელი, მაგრამ აშკარად უშედეგოდ. თუმცა თავი იმდენად სტკიოდა, საკუთარი ვიზუალი ნამდვილად აღარ აღელვებდა ლიკას, მოზრდილ ჩაის ჭიქაში ყავა სუფრის კოვზით ჩაიყარა, სამი კოვზი შაქარიც დაიმატა და მამაკაცის მსგავსად თავადაც ბართან დასკუპდა. - ამდენი ყავა და შაქარი მავნებელია! - თითქოს თავისთვის ჩაიბურტყუნა გვერდით მჯდომმა. - როგორმე ჩემით გადავწყვეტ! - ისევ იღრინებოდა ლიკა. - რადგან არ იშლით... შოკოლადიც მიირთვით, ყავას უხდება!... - ქალისკენ არც კი გაუხედავს თეფშზე წვრილად დამტვრეული შოკოლადის ფილები ისე მიაწოდა გიორგიმ ჯერ ირმას და შემდეგ მას - ვიდრე ბავშვები საუზმობენ, კეთილმეზობლურად გესტუმრეთ, თუ სწორად მახსოვს თორმეტ საათზე ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, შემთხვევით ხომ არ გადაიფიქრეთ?! - რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, შემთხვევით არ გადამიფიქრია! - ირონიაში არ ჩამორჩა ლიკაც. - არადა, თქვენი სახით თუ ვიმსჯელებთ, გამოძინება არ გაწყენდათ! - მიამიტი ბავშვივით გაუღიმა გიორგიმ. - ბატონო... - გიორგი... - ხელოვნური თავაზიანობით შეახსენა საკუთარი სახელი კაცმა. - ძალიან დამავალებთ, ყავის სმისას თქვენი უხამსი რეპლიკების მოსმენა თუ არ მომიწევს!... - უკაცრავად, თუ ზედმეტად შეგაწუხეთ, ქალბატონო.... - ლიკა! - ქალმა ოდნავ თავისდაკვრით წარმოსთქვა საკუთარი სახელი. - ისე თქვენი ვიზუალიდან გამომდინარე კრუელა უფრო მოგიხდებოდათ. - საკუთარ ხუმრობაზე თვითონვე გაეღიმა, მათ შემხედვარეს ირმასაც ღიმილი გაეპარა სახეზე, თუმცა ლიკას სიბრაზით აწკეპილი წარბების დანახვაზე სწრაფადვე შეიკავა თავი - თუ სწორად მახსოვს თქვენს შემოჭრამდე, მე და ქალბატონი ირმა მშვენივრად ვბაასობდით და მივირთმევდით ყავას... - გიორგიმ თვალი ჩაუკრა ამჯერად უკვე აფხუკუნებულ ირმას. - უკაცრავად „ბაასში“ ხელი თუ შეგიშალეთ, საკუთარ ნომერში ყავის სმის გამო, ბოდიშიც მქონია მოსახდელი?!... - ირონიულად გაეცინა ლიკას. - თქვენს თავმოყვარეობას მოვუფრთხილდებით და ბოდიშის მოხდას აგარიდებთ! - ქალის აპილპილებული, გაცხარებული მზერა უსაზღვროდ სიამოვნებდა მამაკაცს და ამის დამალვას არც კი ცდილობდა. - ბოდიშის მოხდას ამარიდებთ?! - რამოდენიმე წამით გაოცებული უმზერდა ლიკა გიორგის. სულელი არ იყო, კარგად ხვდებოდა, რომ გიორგი ეთამაშებოდა. ქალის სიბრაზე ამჯერად ინტერესმა შეცვალა. გადაწყვიტა თამაშში აჰყოლოდა მამაკაცს, მისი თვითდაჯერებული და ამპარტავანი ტონი აღარ შეემჩნია - ერთი რამ მაინტერესებდა და რომ არ გკითხოთ არ შემიძლია... - გისმენთ! - მაცდური ღიმილით მიაჩერდა გიორგი. - ეს მიმიკა, ირონიული გამოხედვა, პერიოდულად ჩაღიმება, გგონიათ სექსუალურია?!... - თქვენი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებ, მგონი - კი... - სიცილს ვეღარ იკავებდა გიორგი. - არ ვიცი როგორი გამომეტყველება მაქვს, მაგრამ აშკარად ცდებით... - ეშმაკურად გახედა გიორგის ლიკამ. ყურადღებით აკვირდებოდა მამაკაცის ზედმეტად სიმპატიურ სახეს, უნებურად ანის სიტყვები ამოუტივტივდა, ახალი წლის ღამეს რესტორანში ვერ ჩამოვალ, მამა არ გამომიშვებსო. შეუძლებელია ერთ დროულად ასეთი სასურველიც იყოს და ასეთი უჟმურიც. - იცით, წუხელ ბევრი ვიფიქრე... - უცებ დასერიოზულდა ქალი. - ჩემზე?! - ისევ მაცდურად უციმციმებდა თვალები გიორგის. - ნაწილობრივ თქვენზეც, უფრო კი თქვენს გოგონაზე... იმედია ზედმეტად არ გაღიზიანდებით, რაღაც მინდა შემოგთავაზოთ.... - ჩვენს ავანტიურაში ბავშვებს ნუ გავრევთ! - შვილის ხსენება აშკარად არ ესიამოვნა მას. - რატომღაც მგონია თქვენი გოგონა სულაც არ იქნებოდა წინააღმდეგი! - არ აპირებდა გაჩუმებას ლიკა - ბოდიშის მოხდაც აგცდებოდათ, თუ.. - თუ?! - კბილს-კბილზე აჭერდა გიორგი, რომ ლიკას თავხედური ტონის გამო შესაბამისი პასუხი არ დაებრუნებინა. - ახალი წლის ღამეს გოგონას სიმღერის უფლებას მისცემდით! - ისე სწრაფად მიაყარა სათქმელი თითქოს ეშინოდა არ გაეჩუმებინა მამაკაცს და გიორგის რეაქციის მოლოდინში დაძაბული გაიტრუნა. - ვერ გავიგე?!... - ინსტინქტურად ფეხზე წამოხტა გიორგი - თავხედი, უზრდელი ქალი ხარ! - უფლება რომ მიგეცათ, ალბათ, შუაზე გაგლეჯდა ლიკას, თუმცა ქალი სულაც არ აპირებდა უკან დახევას, თითქოს ელოდა კიდეც მის ასეთ რეაქციას, ჯიუტად მისჩერებოდა თვალებში, ყურადღებით აკვირდებოდა მამაკაცში მომხდარ ცვლილებებს. - როგორც ბავშვებმა მითხრეს, ანი კარგად უკრავს... - საუბარში ფრთხილად ჩაერია ირმაც. - ზედმეტად კარგადაც კი... - საკუთარი ტკივილის დასამალად თვალი აარიდა ლიკას და ყავის ჭიქას მიაშტერდა გიორგი. კარგად დაინახეს, როგორ გათეთრდა სახეზე, მაგრად მოკუმულ ყბაზე ლურჯი კაპილარი უცახცახდა მამაკაცს. მის ასეთ რეაქციას აშკარად არ ელოდნენ, ქალები ერთმანეთს მისჩერებოდნენ, თითქოს უსიტყვოდ ეკითხებოდნენ ერთმანეთს, რომელს დაერღვიათ დუმილი, ისევ ლიკამ გაბედა. - არ მინდოდა, ამ თემაზე საუბარი, მით უმეტეს ასეთი ტონით, მაგრამ ანის სიტყვების შემდეგ მოსვენება დავკარგე.... - წუთის წინანდელი ირონია გამქრალიყო მის ხმაში - ისეთი ტკივილით ახსენა მუსიკა, ახალი წლის ღამე, რომ.... - ხვდებით მაინც რამდენის უფლებას აძლევთ საკუთარ თავს?! - ტკივილისგან საკუთარი ხმის ცნობაც კი გაუჭირდა გიორგის - ვინ ხართ ამ საკითხზე რომ ლაპარაკობთ?!... - არც არავინ... - ისევ სიტყვებს არჩევდა ლიკა - მაგრამ, ზოგჯერ უცნობი უფრო მეტს გეტყვის, ვიდრე ახლობელი.. - საკუთარ თავზე ბევრს იღებთ, ქალბატონო ლიკა! - ქალის სახელი ზიზღით წარმოსთქვა გიორგიმ. - ძნელი მისახვედრი არაა, რომ გოგონას მუსიკა უყვარს... - საუბარში ისევ ირმა ჩაერია. - ანიმ კარგად იცის, რომ მუსიკა მის ცხოვრებაში აღარ იარსებებს... - ჩემს შვილს ასე ძლიერად რამე რომ ჰყვარებოდა, არ დავუშლიდი, მისი ბენდიერებისთვის... - მართალი ბრძანდებით... - სიტყვა შეაწვეტინა ლიკას გიორგიმ - მისი ბედნიერებისთვის ყველაფერს გააკეთებდით, მეც ასე ვიქცევი.... - მისთვის გიკითხავთ? იქნებ?!... - პოზიციებს არ სთმობდა ლიკა. - საკმარისია!... - ცივად გააჩუმა ქალი - თქვენთან ამ საკითხის განხილვას ნამდვილად არ ვაპირებ.... კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ლიკა, მაგრამ კამათი ანისთან ერთად ნომერში შემოსულმა ბავშვებმა შეაწყვეტინეს. - ასპარეზობა თუ გადაიფიქრეთ, პირდაპირ მითხარით, თუ არა და... - ისევ მისთვის ჩვეული ირონიული მზერა დაიბრუნა გიორგიმ. - ნახევარ საათში მზად ვიქნები... - კეთილი, მაშინ მიმღებში დაგელოდებით!...-ლიკას პასუხს აღარ დალოდებია ისე გავიდა გიორგი. - ისევ იკამათეთ?! - საძინებელში მოსამზადებლად შესულ დედას შეჰყვა მარიამი. - ასე გამოვიდა... - ამ კაცმა ისევ თუ იუხეშა... - მუქარით შეკრა მუშტები გოგონამ. - ამჯერად ჩემი ბრალია, ზედმეტი მომივიდა... - აღიარა ლიკამ. - რა ვერ გაიყავით? - მინდოდა ანისთვის ახალი წლის ღამეს დაკვრის უფლება მიეცა და ამის გამო გადაირია... - აღიარა ლიკამ. - გასაგებია. საუზმის დროს ჩვენც ამ საკითხზე ვსაუბრობდით, ანიმ გვითხრა მიზეზი რატომაც ვერ იმღერებს, ახალი წლის ღამეს დედამისი ავარიით დაიღუპა... - კი, მაგრამ მუსიკა რა შუაშია? - ქალი მომღერალი იყო და იმ ღამით კონცერტზე მიდიოდა... - სევდიანად უთხრა გოგონამ. მოულოდნელობისგან ადგილზე გაშეშდა, ზედმეტად ეტკინა შვილის სიტყვები ლიკას. ვერაფრით იფიქრებდა, თუ ეს ერთი შეხედვით ავარა და უხეში კაცი ამხელა სევდას ატარებდნენ გულით. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა შვილი ჩაეხუტა, სახე მარიამის თმებში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი, ლოყები მლაშე სითხეს დაენამა, თუმცა ცრემლების შეკავებას არ ცდილობდა, შვილს ჩახუტებული ტიროდა ქალი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.