შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვდარი ისტორია - თავი II


5-01-2017, 20:03
ნანახია 1 680

ჯეკპოტი

* * *

სამსახურში ზუსტად 17 წუთით და 49 წამით დავაგვიანე. ვიცოდი მაკა, ჩემი უფროსი, უკვე თავის ოფისში ცოფებს ყრიდა და პირდაპირ იქეთ გავემართე. ფეხები უკან მრჩებოდა… რა გაუძლებდა კიდევ ერთ ვულკანის ამოხეთქვას? რით ვერ გაიგო რომ ასეთი ტიპი ვარ?! სულ მაგვიანდება… სამაგიეროდ კარგ მასალას ვდებ.
_შეიძლება?_კარი ფრთხილად შევაღე.
_მობრძანდი!_მკაცრად მითხრა და ლეპტოპი ხელის ერთი მოძრაობით დახურა._დღეს რა გამართლება გაქვს?_ფეხზე წამოდგა და ოთახში წინ და უკან დაიწყო სიარული._თუმცა, არ მაინტერესებს! მომბეზრდა უკვე ამ გაუთავებელი ტყუილების მოსმენა: მაღვიძარამ არ დარეკა, მეზობელს კატა გაექცა და დავუჭირე, მარშრუტის მძღოლი ცუდად გახდა, ახალმა დაცვამ არ შემომიშვა… კმარა!_დაიყვირა და მაგიდაზე დაარტყა ხელი._ახლა იქნებ ის მითხრა, ყაჩაღი შემომივარდა სახლში, ყელზე დანა მომადო და მაგიტომ დამაგვიანდაო?!
_იცი, ზუსტ…
_ხმა!_დაიბღავლა ისევ და არაფრის თქმა არ დამაცადა._დღესვე ჩაალაგე შენი ნივთეიბი და მიბრძანდი. გაგდებ სამსახურიდან!_მშვიდი, მაგრამ მკაცრი ტონით მითრა და ჰაეროვნად დაეშვე თავის სავარძელში.
_არა მაკა, გთხოვ!_მაგიდაზე ხელები დავაწყვე და საწყალი თვალებით შევხედე. მამაჩემი ამბობდა ხოლმე, მაგ მწვანე თვალებს, ასე საწყლად რომ შემომანათებ მერე უარს ვერაფერზე გეუბნებიო. ჰოდა იმედი მქონდა ეს მაკასთანაც გაჭრიდა.
_მორჩა, ტყუილად მთხოვ. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა!
_ამ ერთხელ მაპატიე, გთხოვ… უკანასკნელი შანსი მომეცი!_ლამის ყელი გამოვიღე მუდარით.
_არა, არა და არა! მიბრძანდი აქედან!_კარისკენ გაიშვირა ხელი და ლეპტოპი გახსნა.
იმედგაცრუებული წამოვდექი ფეხზე და ნელი ნაბიჯებით წავედი კარისკენ. თან ფიქრებით ჩემს ბედს ვწყევლიდი. ბინის ქირა როგორღა უნდა გადამეხადა? მამაჩემის გამოგზავნილი ფული ქირის ნახევარზეც არ მეყოფოდა. თან სხვა ხარჯებიც ხომ იყო? მომიწევდა ალბათ სოფელში დაბრუნება და ღორების მოვლა.
_მეგი…_თითქმის ოფისიდან გასულს მომაძახა მაკამ._შემოდი…_ხელით მანიშნა მასთან მივსულიყავი._შემოდი, შემოდი, რას მომშტერებიხარ?!_ტონს ოდნავ აუწია._გინდა უკანასკნელი შანსი მოგცე?_ზედმეტად კმაყოფილი სახით მკითხა და ხელის თითები სინქრონულად აათამაშა მაგიდაზე.
_რა? მართლა? კი, მინდა… რა თქმა უნდა!_სიტყვები ამებურდა ერთმანეთში და მაკას მაგიდასთან მივირბინე.
_ერთ საქმეს მოგცემ…_თვალებში ეშმაკები აუთამაშდნენ._მკვდარი ისტორიაა! წლებია ვერცერთმა ჟურნალისტმა ვერ გაარკვია რა ხდება ერთი ქართველ-ბერძენი ბიზნესმენის თავს. საიდან იშოვა ფული, ან სად მიდის ეგ ფული, ოჯახი თუ ყავს… მოკლედ საერთოდ ვერაფერი… ახლა კიდე მეილი მომივიდა, სანდო წყაროსგან, წვეულებას მართავსო და მთელი თბილისის ელიტა იქ იქნება ამ საღამოს…
_მერე?_მოზრდილი ნერწყვი გადავყლაპე, თუმცა ყელში გაჩხერილ ბურთს ვერაფერი მოვუხერხე.
_მერე ის რომ ძალიან რთული საქმეა… ამიტომ გულკეთილობას გამოვიჩენ და ერთ კვირას მოგცემ… სტატია იქნება? - სამსახურშიც დაგტოვებ. თუ არადა, მშვიდობით სამუდამოდ! ახლა შეგიძლია მიბრძანდე. მეილი ხშირად შეამოწმე, მართალია მცირე, მაგრამ რაღაც ინფორმაცია მაქვს, მოვძებნი და გადმოგიგზავნი.
მხოლოდ თავი დავუქნიე… უფრო დამძმებული გამოვედი ოფისიდან ვიდრე შევედი და ჩემს მაგიდას მივუჯექი. მკვდარ ისტორიას ერთ კვირაში როგორ გავაცოცხლებდი? მგონი ჯობდა ახალი სამსახური მეძებნა.
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე მეცადა მაინც. რამდენიმე დღეში შევატყობდი რა პირი უჩანდა ამ საქმეს. თუ მივხვდებოდი რომ აზრი არ აქვს, მაშინ სადმე კაფეში, დამლაგებლად მაინც მიმიღებდნენ…
არადა 23 წლის გოგოს რომ ჟურნალში შენი სტატიის გვერდი გექნება მგონი ცოტა მიღწევა არაა. მხოლოდ ჩემსავით სულელი და თავქარიანი გოგო თუ დააყენებს ამ პოსტს კითხვის ნიშნის ქვეშ ძილის სიყვარულის გამო.
ოცი წუთიც არ გასულა რომ ლეპტოპში მეილის მოსვლის ხმა გაისმა და მარჯვენა, ზედა კუთხეში მუქი შრიფტით მაკა მჟავია დაეწერა. მისი სახელის ქვემოთ კი, შედარებით მკრთალი შრიფტით ეწერა: “მკვდარი ისტორია”.
_ჩემი აღსასრულის დროც მოვიდა…_უკმაყოფილოდა ჩავილაპარაკე და მეილი გავხსენი.
მოკლედ, საქმე ვინმე სოსე გიორგიოღლს, ქართველ-ბერძენ ბიზნესმენს ეხებოდა. ინტერნეტში მასზე ინფორმაცია კი არა, ერთი სურათიც არ მოიპოვებოდა. მოკლედ, ბატონი სოსე 70 წელს გადაშორებული, უცნობი საქმით დაკავებული, საიდუმლოებებით მოცული მილიონერი იყო. ბინა თბილისის გარეუბანში დაედო და სასახლე წამოეჭიმა. არავინ იცოდა თუ საიდან მოდიოდა უცოლო, უშვილო, მარტოხელა მოხუცის მილიონები და სად მიდიოდა. ან იცოდა და ამაზე კატეგორიულად არ ძრავდა კრინტს. ერთი რამ კი დაზუსტებით იყო ცნობილი, მას არანაირი შეხება არ ჰქონდა მთავრობასთან. იმ საღამოს, 13 დეკემბერს კი პირველად იმართებოდა წვეულება მის სახლში, რაღაც განსაკუთრებული უნდა ემცნო თბილისის ელიტისთვის, რომელიც სავარაუდოდ გიორგიოღლის სასახლეშივე საიდუმლოდ დარჩებოდა.
ერთი შეხედვით, მართლაც რომ მკვდარი ისტორია იყო, თუმცა ცდა ბედის მონახევრეაო და მეც გადავწყვიტე მთელი ჩემი პროფესიონალიზმისთვის მომეხმო. პირველ რიგში წვეულებაზე უნდა შემეღწია. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ტელეფონი მოვიმარჯვე და თბილისის საუკეთესო მზარეულს დავურეკე.
_მეგუშკიიიი?_გაწელილად და ზედმეტად მხიარულად მიპასუხა გუკა გვალიამ.
_გუუუ!_არ დავაკელი მეც გაწელვა მის სახელს._როგორ ხარ სიხარულო? ძალიან მომენატრე.
_რა გნებავს ქალბატონო?_ხმაში მაშინვე ეჭვი გაუკრთა და სავარაუდოდ თავის დავარცხნილ და ზედმეტად მოვლილ ულვაშებში ირონიულად ჩაეცინა კიდეც.
_გიორგიოღლის წვეულებაზე შენ მიდიხარ დღეს?
_შენც სურათების გადაღება უნდა მთხოვო? დღეს უკვე მეასე ჟურნალისტი რეკავს…
_არა… სხვა რაღაც უნდა გთხოვო…_ვედრებასავით წარმოვთქვი სიტყვები._ოფიციანტად წამიყვანე. გპირდები არანაირ შარში არ გაგხვევ!_დავამშვიდე წინასწარ.
_მეგ, ხომ იცი რომ ვგიჟდები შენზე…
_უარი არ მიიღება გუკა… მაგ წვეულებაზე რომ ვერ მოვხვდე სამსახურიდან გამომიშვებენ. გპირდები რომ სურათებს არ გადავიღებ, მხოლოდ პატარა მასალა მჭირდება… გიორგიოღლის საქმე იმდენად გასაიდუმლოებულია რომ სულ პატარა დეტალი და ორმაგი ტირაჟით გამოვცემთ გაზეთს და სამსახურსაც შევინარჩუნებ…
_ოხ…_უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა._მპირდები რომ ფოტოებს არ გადაიღებ?
_გეფიცები!
_ერთ საათში მოდი ჩემთან და ფორმას მოგარგებ.
_ვგიჟდები შენზე გუუუ!_სიხარულით ჩავყვირე და ტელეფონი გავუთიშე.


საღამოს 6 საათი სრულდებოდა. მე უკვე ბატონი სოსეს სამზარეულოში “ვფუსფუსებდი” და შეძლებისდაგვარად ვცდილობდი მომსახურე პერსონალს ფეხებში არ მოვდებოდი. სახლი სადა, თუმცა ძვირადღირებული გაფორმებებით იყო მორთული. სამზარეულო ნებისმიერი შეფმზარეულის ოცნებას წარმოადგენდა, თვით გუკა გვალიაც კი შოკირებული აცეცებდა თვალებს და გაიძახდა - ასეთი სამოთხე პარიზშიც კი არ მიხილავსო.
მოუსვენრობამ შემიპყრო, ერთი სული მქონდა სამზარეულოს კულისებს გავცდენოდი და იმ დარბაზში შემეღწია სადაც გიორგიოღლი დიდებულ წვეულებას გეგმავდა.
_გივი!_ყვირილით შემოვარდა ვიღაც სამზარეულოში და მაშინვე ყველას ყურადღება მიიპყრო._გივი! სად არის გივი?!_იმეორებდა უცნობი._გივი არ გინახავს?_გუკასთან მივიდა უცნობი და ნაცნობი ღიმილიანი თვალები შეანათა.
საიდან მეცნობოდა? სადღაც უკვე მენახა ეს თაფლისფერი თვალები, ზედმეტად თეთრი კბილები, მუქი, შავი, მკაცრი გამომეტყველების წარბები, თხელი, გახუნებული ტუჩები და მოკლედ შეჭრილი თმა…
ეს ხომ ის ყაჩაღი იყო დილით რომ ჩემი აივნიდან თოვლში ამოყო თავი?!
_არა… ვინ არის გივი?_მხრები აიჩეჩა გვალიამ.
_ერთი უნამუსო ტიპია. არ შემოსულა აქ? დაახლობით ჩემი სიმაღლის, შავგვრემანი, ახალგაზრდა ბიჭია…
_არ მინახავს გენაცვალე!_ტონს აუწია გუკამ._და საერთოდ, ხელს გვიშლით მომზადებაში. მიბრძანდით სამზარეულოდან.
_მე ბოდიში!_ჩვეულებრისამებრ გაიკრიჭა უცნობი ყაჩაღი. მერე მთელ სამზარეულოსა და მომსახურე პერსონალს მოავლო თვალი და მზერა საბოლოოდ ჩემზე შეაჩერა._მეგი?_გაიკვირვა ისე თითქოს წლების უნახავი ბავშვობის მეგობარი ვყოფილიყავი._შენ ხარ?_თვალები აუციმციმდა.
_სამწუხაროდ, კი…_წარბები ავქაჩე და ზურგი ვაქციე.
_ვაა!_ისეთი სიხარულით წარმოთქვა რომ ინსტიქტურად უკან მოვიხედე და ირონიულად შევათვალიერე._რა სასიამოვნო შეხვედრაა…_ნელნელა მომიახლოვდა იგი.
_საღამომშვიდობის!_საბედნიეროდ ვიღაც შემოემატა სამზარეულოს.
_გივი!_უცნობი ყაჩაღის მზერა ახლა მან მიიპყრო._როგორც იქნა!_სახე გაებადრა და ორივენი სწრაფი ნაბიჯებით გავიდნენ სამზარეულოდან.
თვალები გადავატრიალე და გუკასთან მივედი.
_მალე გავალთ?_ჩემი საფირმო საწყალი თვალებით შევხედე.
_ზუსტად ცხრა წუთი დარჩა!_საათს დახედა მან.
სიხარულისგან ხელები ერთმანეთს გავუსვი და დარბაზში გასასვლელ კარს გავხედე. საკუთარი თავი გავამხნევე. გავახსენე რომ ეს სამსახურის შენარჩნების უკანასკნელი შანსი იყო და ბოლო ძალებით უნდა მებრძოლა.


დარბაზი საკმაოდ დიდი იყო, იმდენად დიდი რომ თბილისის მთელი ელიტა ირეოდა ერთმანეთში. ყველა ნაცნობი სახე აქ იყო. ავტორიტეტებიდან დაწყებული, მომღერლებით და მსახიიობებით დამთავრებული. გამონაკლისს მხოლოდ პოლიტიკოსები წარმოადგენდნენ. თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებდი და ყოველი მეორე ხანში შესული უცნობი გიორგიოღლი მეგონა. მგონი დრო იყო გეგმის მეორე ნაწილზე გადავსულიყავი. მართალია გუკა გვალია საშინლად განრისხდებოდა, მაგრამ ჟურნალისტები ხომ ასეთი სასტიკები და დაუნდობლები ვხდებოდით როდესაც საქმე მასალის მოპოვებას ეხებოდა.
ერთ-ერთ საპირფარეშოში შევედი და საგანგებოდ წამოღებული ზურგჩანთიდან საღამოს კაბა ამოვიღე. მუხლამდე, შავი, კლასიკური კაბა, არც ზედმეტად გადატვირთული იყო, თუმცა არც ისეთი რომ შეუმჩნეველი ყოფილიყო. შესაბამისად შავი, გამოსასვლელი ფეხსაცმელიც ჩავიცვი, მიმტანის ფორმა ზურგჩანთაში ჩავტენე და ჩანთა კი ნიჟარის კარადაში დავმალე, იმ იმედით რომ ჩემს წამოსვლამდე ვერავინ იპოვნიდა. თმა გავიშალე, ხელით რამდენჯერმე შევისწორე და უკანალის ნაზი რხევით გავემართე გასასვლელისკენ.
ჰოლში დაბალი სინათლე ბჟუტავდა. ის იყო დარბაზში უნდა შევსულიყავი რომ იქედან ჩქარი ნაბიჯებით მომავალი უცნობი შემეჯახა.
_უკაცრავად!_თქვა მან და მისმა თეთრმა კბილებმა ჰოლი გაანათა.
_ისევ შენ!_უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე.
_მოიცა…_ღიმილი არ შორდებოდა სახიდან._შენ წეღან ოფიციანტის ფორმა არ გეცვა?
_შემეშვი._ხელი ავიქნიე და ჰოლს გავუყევი.
_მოიცა, მოიცა!_დამეწია და ძველებურად მკლავში მწვდა._მგონი ბედისწერა აღარ ხუმრობს, არა?
_ჩემი ბედისწერა თუ შენ ხარ, მაშინ ტყულად მაქვს იმედი რომ რამეში გამიმართლებს! გამიშვი!
_აქ რა გინდა? თან ამ ფორმაში?
_შენ ვინ გკითხავს ერთი? თავად შენ რა გინდა აქ? თუ ჩვენი პირველი შეხვედრიდან ვიმსჯელებთ აბათ დასაყაჩაღებლად მოხვედი, არა?
_შენ წარმოიდგინე რომ - არა!_წარბაწევით მიპასუხა და ამჯიერად წინ გადამიდგა._მე გივის მძღოლი ვარ. გივი კიდე გიორგიოღლის დაკარგული შვილიშვილია…
_რა?_მაშინვე დავცქვიტე ყურები.
_ჰო, ამის სათქმელად შეყარა დღეს მთელი თბილისი. შენ არ მეტყვი რა გინდა აქ?
_რა შენი საქმეა! გამიშვებ თუ მთელი საღამო აქ ვიდგეთ?
_საღამომშვიდობის!_გაისმა დარბაზიდან ომახიანი ხმა._დიდი მადლობა აქ მობრძანებისთვის ჩემო მეგობრებო!
მე და უცნობი ყაჩაღი ნელი ნაბიჯებით შევუერთდით ელიტის ნაკადს და მზერა სცენასავით ამაღლებულ ადგილზე მდგომ, ხანში შესულ, საკმაოდ სიმპათიურ მამაკაცზე გადავიტანეთ. ეს სავარაუდოდ თავად სოსე გიორგიოღლი გახლდათ.
ბევრი ილაპარაკა, ყველას მადლობა გადაუხადა, გადაკრულად ისიც თქვა რომ ამ სახლში რაც ითქმის აქვე უნდა დარჩესო, საბოლოოდ კი დაიწყო საუბარი მის დაკარგულ შვილიშვილზე, რომელიც ახლახანს ჩამოვიდა საბერძნეთიდან.
_მე მინდა ჩემი მემკვიდრე და ჩემი საქმის გამრძელებელი გაგაცნოთ!_ხელი აღმართა ჰაერში მან._პატარა სოსე გიორგიოღლი!
_აბა გივიო?_ეჭვის თვალით გადავხედე ყაჩაღს.
_ყველაფერი კი არ დამეჯერება, მე ხომ ყაჩაღი ვარ!_გამეკრიჭა იგი და ნელი ნაბიჯებით ადგილს მოწყდა.
თვალები შუბლზე ამივიდა როდესაც სცენაზე ვიღაც გივის ნაცვლად ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ყაჩაღი ავიდა და მოხუცს გადაეხვია.
_მოგესალმებით!_წარმოთქვა მან. მერე თვალებით მე მომნახა, ეშმაკურად ჩამიკრა მარჯვენა თვალი და შეუმჩნეველი ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა.
“მგონი ჯეკპოტი მოვიგე!” - გავიფიქრე გულში და მაგიდიდად შამპანურის ბოკალი ავიღე.



№1  offline წევრი sally7

Kargia ;-) gaagrdzele

 


№2 სტუმარი Guest Lia

Shokshi var
Arahveulebria
Magari tavia. Damaintrigebeli.❤❤❤

Ratom agar gaqvs gagrzelebuli
Nu sheherdi
Zalian momwons
Velodebi shemdeg tavs.

 


№3 სტუმარი მანანა

ამის შეწყვეტა შეიძლება ? ასეთი განსხვავებული და სასიამოვნო მოთხრობის?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent