იისფერი მუხტი (სრულად)
*** მოგიყვებით ყველაზე ფერად გოგოზე, იისფერი სულით. იმ საღამოს უჩვეულოდ ნაღვლიანი იყო. ჩამუქებული თვალები ჰქონდა, რაღაცნაირად, უიმედო. იჯდა ხალხით სავსე ოთახში და ისეთ მარტოობას გრძნობდა, სიცივე სულამდე ატანდა, ჯერ მარჯვენა ხელი აიფარა სახეზე, მერე მარცხენა მიაყოლა და ათრთოლებულ, აკანკალებულ სუნთქვას მთელი დღის დაღლილობა ამოაყოლა. ხან ერთი დაეჯახებოდა, ხან - მეორე. ყველაზე სევდიანი, რაც კი იმ საღამოს იგრძნო, უსიამოვნოდ აეკვიატა ფიქრი, თითქოს ბრბოში ერთადერთი დატოვებული იყო. სხვანაირი გოგო იყო თაკო. ჩვეულებრივად სხვანაირი კი არა, არაბუნებრივად განსხვავებული. თვალის ასახვევად ჩვეულებრივად ცხოვრობდა. მხოლოდ ერთი, ფართოჯიბეებიან მოსაცმელში ჯიბის წიგნაკს ატარებდა, შავს და მის სულამდე მიუვალს. მზის ამოსვლას ჰგავდა მისი გამოჩენა. გულში ცეცხლის დანთებასავით თბილი გამოხედვა ჰქონდა. ღიმილი არ ავიწყდებოდა, ალბათ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ესმოდა სიყალბის. იცოდა ნაცრისფერ ქუჩაში გამოსვლის ხიბლიც, მოწყენასთან ერთად, ჩამუქებულ ქუჩებს თავის ფერებს მიამატებდა და უნებლიედ, აცოცხლებდა. ერთი სიტყვით, მის გარშემო მუდამ კაშკაშებდა ფერები, აი, თვითონ კი, წიგნაკის იმ ფურცლიდან იწყებოდა, რომელსაც ჯიბით ატარებდა. თავისი თავი არ ემეტებოდა ხალხისთვის. არა, ამპარტავანი არასდროს ყოფილა. ეს ხომ მარტივია? იყო მოსაფიქრებლად ადვილი სიტყვა, ზედმეტად ბანალურია. ასეთი გოგონები, მარტივ იდეალებს არ მიეკუთვნებიან. პირიქით, თაკო ხელოვნების ნიმუშს ჰგავდა. ქაოსურ ნამუშევარს ტილოზე, ფერების არეულ გამას, აქა-იქ სითეთრეში ჩაკარგულ წითელს. სისხლისფერი, ისეთი როგორიც სიცოცხლეა და ნათელი, ფიქრიანი, დინჯი, როგორც იისფერი. *** ერთი კაფე ჰქონდა ამოჩემებული. კარზე სიზმრის მჭერი გამოეკიდათ და შეღებისას, უცნაური, სულისშემკვრელი წკრიალის ხმა ჰქონდა. ღიმილით შეაღო კარი, ნაცნობ მიმტანს გაუღიმა და ყველაზე ფართო ფანჯარასთან, პატარა მაგიდასთან დაიკავა ადგილი. ერთხანს საკუთარ ხელებს აკვირდებოდა, შიგნიდან ეწვოდა საკუთარი არსებობა, მაგრამ ამ სურნელში, ამ გარემოში ნელ-ნელა ფერები მუქდებოდა, სიცოცხლე ბრუნდებოდა. ეს იყო სიჩუმის ადგილი, რომელსაც ყველაზე კარგად შეეძლო საუბარი. -თქვენი ჩაი -ღიმილით დაუდგა წინ კოპლებიანი ფინჯანი. თაკომ ღიმილით დააჯილდოვა, თბილი სითხით სავსე ფინჯანს გაყინული ხელები მოხვია და თავი დახარა. სიჩუმეში ჩაკარგულ არსებობას ჰგავდა ყოველი ამოსუნთქვა, რომელსაც მარტო მიაცილებდა ნაცნობ ტკივილისფერებამდე. -დღეს არაფერს წერთ? -ფიქრებიდან გამოარკვია მიმტანის ხმამ. ესიამოვნა ყურადღება, მითუმეტეს საქმის მიმართ. მერე ეტკინა, აეწვა თვალები და მოთმინებით გააქნია თავი -დღეს? დღეს.. არა. -გასაგებია. -ნაწყენივით გაიქნია თავი და საქმეს დაუბრუნდა. ერთი კი მოახერხა, თაკოს სულში ვერ დამშვიდებული ქაოსი უფრო გამოაცოცხლა. ჯიბიდან წიგნაკი ამოაძვრინა და პირველ გვერდს დანანებით დახედა. „სექტემბერი. ყველაზე ღრუბლიანი, ცისფერი თვე. ნარინჯისფერი მინდოდა საკუთარი თავი მეპოვნა და მგონი, მოვახერხე კიდეც. თავი დავაღწიე სევდას, ვიღაცის მონატრებასაც და მუდამ ჩემთან მყოფი დაბნეულობაც შორს გავუშვი. ვწერდი, ბევრს ვწერდი. ყველაზე მეტად ჩანახატები მშველოდა. იცი, წამალივით იყო, ოღონდ ტკბილი და წერისას, ყველაზე მწარე. საკუთარ თავს შევატყვე, ვიცლებოდი. სითეთრეს ვუშველე თითქოს და მერე, ერთიანად შემოაღწია ცისფერმა, გაყინულმა არსებობამ. დავწერე გოგოზე, რომელსაც ალუბლისფერი ფეხსაცმელები ეცვა. ვწერდი სიბრმავეზე, მონატრებაზე, ტკივილზე, იმედგაცრუებაზე - მინდოდა ამ ყველაფრისგან თავისუფლება მეგრძნო. დიდ დროს პატარა წამები ქმნიან, ბედნიერების წამები, ცეცხლის ნაპერწკლებივით, იმედისფერივით. არსებობს ასეთი ფერი? არ ვიცი. ადამიანებს სწრაფი მოძრაობა ახასიათებთ. აი ასე, დგახარ შუაგულში და უყურებ როგორ უერთდებიან ისინი შავ ხაზებს. ხაზებს, რომლებსაც ქმნიან წვრილმანები. ისინი იმდენად სწრაფად, იმდენად წამიერად იცვლებიან, ერთადერთი რასაც გრძნობ, გაჩენილი იმედები და მათი ჩამქვრალი კვალია. მერე ნელდებიან. დრო ხომ ყველაფერს შლის? ასე ამბობენ. არ ვიცი, თითქოს არ მჯერა, შეგუებას ვერ ვუშვებ. მერე, იმდენად ნელა იმოძრავებენ, მათ დატოვებულ ბინძურ კვალს ცხადად ხედავ. კანკალებ, გცივა, ისინი გაბნევენ, გკლავენ, გაცლიან ყველაფერს და მერე, მთავრდები. „ - თვალებში ოდნავ აკაშკაშებულ სინათლეში იგრძნო, როგორ აემღვრა და უსასრულო სივრცედ ექცა ცრემლები. ვერ ბედავდა, ხელები უკანკალებდა, სტკიოდა შემდეგი ფურცელი. რა იყო? დახედა. „ოქტომბერი. ყველაზე ნარინჯისფერი. იმედი გამიჩნდა. თითქოს, დრომ მართლაც წაშალა კვალი. თითქოს რაღაც მტკივნეული წაიღო, გაანელა, გააქვავა, გააფერმკრთალა. თავისუფლება ვიგრძენი. ცისფერს აღარ ვხედავ და ჰო, დავმშვიდდი. სიბრმავეზე ვწერ, ფერების ამოცნობაზე, მათ შეგრძნობაზე, საკუთარ არსებობაში მოქცევამდე, სულთან დაყვანამდე. ფერები მნიშვნელოვანია. ამას მივხვდი. ისინი ყოველდღიურობაზე მეტად ლამაზები არიან, სწორედ ფერებია საჭირო რომ გიყვარდეს, რომ იგრძნო, რომ ენდო. ბედნიერებამდე რამდენიმე ფერი, რამდენიმე ტკბილ-მწარე არომატია დარჩენილი.“ -არა, ეს არ იყო. თაკო არ გრძნობდა ამას. თაკო არ გრძნობდა ნარინჯისფერს და მას ეშინოდა, საკუთარი ფიქრების ეშინოდა. აბსურდი იყო, ეს ფურცელი არაფრად ვარგოდა. სითხე გრილდებოდა. ჩაი გემოს კარგავდა. არომატი უქრებოდა . თითების კანკალით გადაშალა მომდევნო ფურცელი. არა, ეს სტკიოდა. ეს აწუხებდა. „ნოემბერი, გამჭვირვალე. დრო არ არის მკურნალი, ტკივილი არასდროს გავიწყდება. ჩემში თავმოყრილი პეპლები ერთიანად ფეთქავენ, როგორც გული და ჰო, მასზე ძლიერად. მათი სუსტი ფრთები, სუსტი არსებობა, დღენაკლული ცხოვრება ჩემში იზრდებოდა, ფერებს იმატებდა, მერე იკლებდა, ისევ იმატებდა. გაუჩერებლად. დაუსვენებლად ფეთქავენ. ზოგჯერ მინდა გავაჩერო, მაგრამ არ ჩერდებიან. პეპლებს გამოსვლა უნდათ. დათვლილი დღეების თავისუფლებაში გატარება. ისინი მწვერვალზე არ ადიან, ისინი სივრცეში იშლებიან, კვდებიან, ქრებიან. „ -და მერე ყინულივით დეკემბერი დაიწყო. თაკომ იცოდა შემდეგი ფურცელი, უფრო სწორად, გრძნობდა. სულ ეს იყო. ყველა ფერის ერთად გრძნობა და მერე, დაკარგვა. პეპლებიც ტოვებდნენ, ყვავილებსაც სცვიოდათ ფურცლები. რამდენი ჰყავდა გარშემო და როგორ გრძნობდა სიცივეს , მარტოობას. მიტოვებული კი არა, დატოვებული იყო. ასე გადაწყვიტა. სხვა ახსნა აღარ ჰქონდა. უნდოდა ამოესუნთქა, სული შეებერა ფურცლებისთვის და სივრცეში გაექრო, უნდოდა პეპლებთან ერთად სივრცეში გასულიყო, ეფრინა. ზედმეტი იყო. ამას გრძნობდა. დატოვებული ფიქრებიდან, ფერებიდან, პეპლებიდან. უქრებოდა თვალები და სულისშემხუთავი სიბნელე კლავდა. ვეღარ სუნთქავდა, აქედან უნდა გასულიყო. წიგნაკი უნდა გადაეგდო, სხვა ფურცლიდან უნდა დაეწყო, ფერები უნდა ეპოვნა. არ შეიძლებოდა, ზედმეტი იყო. ყველას უყვარდა, მაგრამ ზედმეტად ფუჭი, ზედმეტად უმნიშნელო სიტყვებით. და როგორ ფიქრობთ, მხოლოდ სიტყვებია საჭირო? არა! მის გარშემო სწრაფად მოძრაობდნენ ადამიანები, რომლებიც ქუჩის ბოლოს, ჰორიზონტთან შავ ლაქებად ლაგდებოდნენ. ბინძური იყო ის ქუჩა და ის ჰაერი - უსიცოცხლო. თაკოს კი სუნთქვა სჭირდებოდა, პეპლებს - სინათლე. დათვლილ არსებობას სულ რამდენიმე წამი აკლდა. ჩაი ცივდებოდა და მერე, გაიყინა. მეხდაცემულივით მოაშორა ხელები გაყინულ ფინჯანს, წამოხტა და შეშინებულმა გახედა ფანჯარას. თოვდა. სევდისფრად თოვდა, სამყაროს დამჭკნარი ბალახისგან გაკეთებული, შეციებული ჩაის არომატი ჰქონდა. ფეთქავდნენ, ფეთქავდნენ პეპლები და თავისუფლებას ეძებდნენ. დახუჭე თვალები, თაკო, დახუჭე! ისუნთქე, მოითმინე, არ დამთავრდე. -უკაცრავად! -ისმის ხმა და მტკივნეული შეჯახება თაკოს აფხიზლებს. აქ არის, სუნთქავს, გრძელდება. გრძნობს რომ შეხებას მნიშვნელობა აქვს. რომ ახლახანს შეჯახებულ სხეულს მუხტი აქვს, მის ვენებში სისხლია, მისი გული ფეთქავს, ის ფიქრობს, განიცდის, ხედავს. უცნაურ სილაღეს გრძნობს. ხვდება, რომ სიტყვები კი არა, ქმედებებშია თავისუფლება. ადამიანების შემაწუხებელი ფიზიკურობა, სიტყვებით მოუნელებელი ბედნიერებაა. იისფრად გრძნობს სამყაროს, კაფეს, სივრცეს, ცივ ჩაის და სხეულში აქვს გამჯდარი მუხტი. სხვისი, უცხო, სხვანაირად თბილი და - მყუდრო. იისფერი სიმყუდროვეა. კაფიდან გამოსულმა, ფართო ჯიბეში ჩადებული წიგნაკი ხელით მოისინჯა. თოვდა. ლამაზად თოვდა, იისფრად. მოსაცმელი გაიხადა, წიგნაკიანად მოისროლა სანაგვეში და ამოისუნთქა. მიდიოდა და თეთრ ქუჩებში, ფერებს აცოცხლებდა. ფერები იყო თაკოს კვალი და თვითონ თაკო - იისფერი. საოცრად, საოცრად მყუდრო. __ ისტორია ეძღვნება ყველასთვის საყვარელ თაკო წულაიას - okay! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.