სესილია აჰერნის "არ მჯერა. იმედი არ მაქვს. მიყვარს" (ნაწილი III - ნაწილი IV)
-ვისგან: როზი. ვის: ალექს. თემა: ჯულიას წვეულება. ჰეი, დიდი ხანია არ შევხვედრილვართ... იმედი მაქვს, არ შეეწირე მაგ შენს "ოფისში" მუშაობას, მთელი ზაფხულია თითქმის არ მინახიხარ. დღეს ჯულია წვეულებას მართავს. იქნებ ერთად წავსულიყავით? რაღაც მარტო წასვლა დიდად არ მინდა... თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ დაკავებული ხარ, ამიტომ დამირეკე, როცა შეძლებ, ან მომწერე. -ვისგან: ალექს. ვის: როზი. თემა Re: ჯულიას წვეულება. როზი, ძალიან სწრაფად გწერ, საშინლად დაკავებული ვარ. არ შემიძლია წამოსვლა, ბეთანის დავპირდი, რომ კინოში წავიდოდით. ბოდიში! შენ კი წადი, გაერთე. -როზი! გამარჯობა პორტუგალიიდან! აქ ძალიან ცხელა. მამამ მზის დარტყმა მიიღო, დედა კი მთელი დღეები ბასეინთან წევს, რაც საშინლად მოსაწყენია. აქ ცოტაა ჩემი თანატოლი. სასტუმრო ჩუმია (ამანათზე ხატია) და როგორც ხედავ, პირდაპირ სანაპიროსთან არის. მოგეწონებოდა აქ მუშაობა! აუცილებლად ჩამოვიტან პატარა შამპუნების კოლექციას, საშხაპო ქუდებს და მსგავს სისულელეებს, რაც ძალიან გიყვარს. აბაზანის ხალათი ჩემს ჩანთაში არ ჩაეტევა. გნახავ, როცა ჩამოვალ. ალექსი. -ვისგან: როზი. ვის: ალექს. თემა: აღვადგინოთ გამოტოვებული? როგორ ჩაიარა მოგზაურობამ? რაც ჩამოხვედი, შენგან არაფერი მსმენია... როგორ ფიქრობ, იქნებ, წავიდეთ დღეს სადმე, აღვადგინოთ გამოტოვებული? -ვისგან: ალექს. ვის: როზი. თემა Re: აღვადგინოთ გამოტოვებული? ბოდიში, არ მქონდა დრო მომეწერა. საჩუქარი ჩამოგიტანე. დღეს დაკავებული ვარ, მაგრამ საჩუქარს უახლოეს მომავალში აუცილებლად მიიღებ. -ვისგან: როზი. ვის: ალექს. თემა Re: აღვადგინოთ გამოტოვებული? გუშინ ეგრეც ვერ შევხვდით, მე კი ჩემი შამპუნები მინდა, ჰა-ჰა. -ვისგან: ალექს. ვის: როზი. თემა Re: აღვადგინოთ გამოტოვებული? შაბათ-კვირას დონეგოლში მივდივართ, ბეთანის მშობლებს იქ პატარა "სიყვარულის ბუდე" აქვთ. როცა დავბრუნდები, საჩუქარს მოგაწვდი. საყვარელო უგრძნობო კრეტინო, რომელიც თავს ჩემს მეგობრად თვლის! გწერ ამ წერილს, რადგან თუკი შევეცდებოდი ამ ყველაფრის პირში თქმას, რაც დამიგროვდა ამდენი ხნის მანძილე, მე, ალბათ, უბრალოდ სახეში გითავაზებდი. შენზე აღარაფერი ისმის. ვეღარ გხედავ. ერთადერთი რასაც შენგან ვიღებ, ნაჩქარევად დაწერილი წერილებია, რომლებიც რამდენიმე დღეში ერთხელ მომდის. ვიცი, რომ დაკავებული ხარ, ვიცი, რომ ახლა ბეთანი გყავს, მაგრამ მომისმინე, მე ხომ შენი საუკეთესო მეგობარი ვიყავი! წარმოდგენაც კი არ გაქვს, როგორ გავატარე ეს ზაფხული. გახსოვს, პატარაობიდანვე ერთად ვიყავით, ვაგდებით ყველას, ვისაც ჩვენთან დამეგობრება უნდოდა. ყველასგან ვიმალებოდით, სანამ მხოლოდ ჩვენ ორნი არ დავრჩით. სავარაუდოდ, არც დაფიქრებულხარ ამაზე, შენ ხომ არასდროს არ ყოფილხარ ისე, როგორც მე ვარ ახლა. არასდროს ყოფილხარ მარტო. მე ყოველთვის გვერდით გყავდი. შენც ყოველთვის გვერდით მყავდი. ახლა კი შენ ბეთანი გყავს, მე კი - არავინ. ახლა ვხვდები, რას გრძნობდნენ ისინი, ვინც უშედეგოდ ცდილობდნენ ჩვენთან დამეგობრებას. განსხვავება იმაშია, რომ მაშინ ვიცოდით რასაც ვაკეთებდით, ახლა კი, ალბათ, ვერც კი ხვდები საერთოდ რა ხდება. საქმე იმაში კი არ არის, რომ სხვა არ გვინდოდა, არამედ იმაში, რომ არც გვჭირდებოდა. ახლა კი, როგორც ჩანს, ეს მე აღარ გჭირდები. იმაზე საერთოდ არაფერს არ ვიტყვი, თუ როგორ მძულს ეგ შენი ბეთანი. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ მაკლიხარ. და კიდევ... თავს ძალიან მარტოდ ვგრძნობ. ყოველდღე უარს მეუბნები გასეირნებაზე, ამიტომაც სახლში დარჩენა და მშობლებთან ერთად ტელევიზორის ყურება მიწევს. ეს ისეთი მოსაწყენია. ზაფხული მხიარული უნდა ყოფილიყო და რა გამოვიდა? ნუთუ არ შეგიძლია ერთდროულად გვემეგობრო? მესმის, რომ ის განსაკუთრებული ადამიანია, რომ განსაკუთრებული "კავშირი" გაქვთ, თუ რაც ჰქვია. ვიცი, რომ ეს ჩვენს შორის არასდროს იქნება, მაგრამ ჩვენ სამაგიეროდ სხვა რაიმე გვაკავშირებდა: საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ნუთუ მეგობრობა მაშინ ქრება, როცა ვიღაცა მესამე ჩნდება? ალბათ, ასეც არის ან უბრალოდ ეს მე არ მესმის არაფერი, რადგან ჯერ არ შემხვედრია "განსაკუთრებული" ადამიანი. არც ვჩქარობ. ძალიან მომწონდა ის, რაც ადრე იყო. რამდენიმე წელიწადში, როცა შემთხვევით გაიგებ ჩემს სახელს, ალბათ, იტყვი: "როზი... რამდენი ხანია მასზე არაფერი მსმენია. არადა, ოდესღაც საუკეთესო მეგობრები ვიყავით. საინტერესო, ახლა რას აკეთებს? დიდი ხანია არ მინახავს, მისი არსებობაც კი დამავიწყდა!" ასე ხშირად ამბობენ ჩემი მშობლები, როცა მეგობრებთან ერთად ძველ დროს იხსენებენ. ისინი თავიანთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეებზე საუბრობენ და ჩემთვის სრულებით უცხო სახელებს ასახელებენ. სად არიან ახლა ისინი? როგორ მოხდა ისე, რომ მამაჩემი, დედაჩემი და მათი ქორწინების მოწმეები ოცი წლის წინ საუკეთესო მეგობრები იყვნენ, ახლა კი საერთოდ აღარც ლაპარაკობენ? მამამ კი საერთოდ არ იცის, სად ცხოვრობს ახლა მისი სკოლის მეგობარი. კარგი, აი, რას ვფიქრობ ამ საკითხზე (კი, კი, მეც გამაჩნია აზრები!). არ მინდა ვიყო ის, ვინც ოდესღაც ძალიან ძვირფასი იყო, ვის მეგობრობასაც ასე აფასებდნენ, რამდენიმე წელიწადში კი მხოლოდ შორეულ მოგონებად იქცეს. ალექს, მინდა, რომ ყოველთვის დავრჩეთ საუკეთესო მეგობრებად. ვხედავ, რომ ბედნიერი ხარ და ძალიან მიხარია შენი ამბავი, მართლა. მაგრამ თავს მიტოვებულად ვგრძნობ. შეიძება, ჩვენი დრო გავიდა. ალბათ ახლა ბეთანის გვერდით უნდა იყო. რადგანაც ასეა, როგორც ჩანს, არ ღირს ამ წერილს გიგზავნიდე. მაგრამ თუკი არ ვაპირებ მის გამოგზავნას, მაშინ რაღატომ ვწერ? კარგი, საკმარისია ფილოსოფოსობა. შენი დაქალი როზი. -ვისგან: ალექს. ვის: როზი. თემა: ბაია!!* ჰეი, ბაია, როგორ ხარ? (რამდენი ხანია არ დამიძახია შენთვის ასე!) რამდენი ხანია არ მინახიხარ და არ შემხმიანებიხარ. მიწევს ამ წერილის წერა, რადგან რამდენჯერაც არ უნდა დაგირეკო, ყოველ ჯერზე მპასუხობენ, რომ სააბაზანოში ხარ ან საერთოდ არ ხარ სახლში! რა ჩემი ბრალია?! მაგრამ როგორც გიცნობ, რაიმე პრეტენზია რომ გქონოდა, პირდაპირ მეტყოდი. ყოველ შემთხვევაში, ზაფხული დასრულდა და შეგვიძლია ყოველდღე ვიხილოთ ერთმანეთი. კიდევ მოვასწრებთ გული ავირიოთ ერთმანეთზე! არ მჯერა, რომ ეს ჩვენი ბოლო წელია სკოლაში! ზუსტად ერთ წელიწადში დავიწყებ მედიცინის შესწავლას, შენ კი ექსტრაორდინალური სასტუმროს ადმინისტრატორი გახდები! სამუშაოზე მთელი ამბებია. მამამ მაღალ თანამდებობაზე ამწია და ახლა, მხოლოდ ეტიკეტებს კი არ ვაწებებ და ბლანკებს კი არ ვავსებ, არამედ ზარებსაც ვპასუხობ. რა ვქნა, ფული მჭირდება, რათა ბეთანის ყოველდღე ვხედავდე. თავს როგორ გრძნობ მთავარ ჭურჭლისმრეცხავად რესტორან "დრაკონში"? არ მჯერა, რომ ამ სამუშაოს გამო, გუვერნანტკის სამუშაოზე უარი თქვი და იმის მაგვირად, რომ თბილად იჯდე და ტელევიზორის უყურებდა, გათოშილ ხელებს ვოკებიდან** შემხმარი ვერმიშელის აცლისგან იტყავებ. კარგი, როგორც კი შეძლებ, დამირეკე ან მომწერე. -ვისგან: როზი. ვის: ალექს. თემა: ბაია! იმიტომ კი არ გხვდები, რომ ბეთანის ვერ ვიტან (თუმცა, მე მას მართლა ვერ ვიტან). საქმე იმაშია, რომ მგონი, მასაც არ მოვწონვარ. შეიძლება, ეს იმასთან არის კავშირში, რომ ამბავი მიუტანეს, რაც მასზე მოგწერე პირადი მიმოწერის დროს (უფრო სწორად, არც ისე პირადი მიმოწერის), ერთი წლის წინ, კომპიუტერების ოთახში... ალბათ, არ მოეწონა, რომ კახპა ვუწოდე, არ ვიცი რატომ... ეჰ, ზოგიერთი ქალი ისეთი სასაცილოა. შენც საქმის კურსში ხარ, ალბათ, რომ ყველაფერი უამბეს. ჰო, კომპიუტერებზე გამახსენდა: იცი, რომ მისტერ სიმპსონი ამ ზაფხულს დაქორწინდა? გაოგნებული ვარ. ვეღარასდროს შევხედავ ექსელს ისე, როგორც ადრე. მალე დაბადების დღე გაქვს! როგორც იქნა, მიაღწიე გრანდიოზულ თვრამეტ წელს! გინდა სადმე წავიდეთ? სრული უფლება გვაქვს აღვნიშნოთ (ყოველ შემთხვევაში, შენ გაქვს სრული უფლება). მომწერე, გელოდები. P.S. გთხოვ, მეტჯერ აღარასდროს დამიძახო ბაია! -ვისგან: ალექს. ვის: როზი. თემა: მე-18 დაბადების დღე. მიხარია იმის გაგება, რომ ცოცხალი ხარ, თორემ უკვე ავნერვიულდი! დიდი სიამოვნებით აღვნიშნავდი შენთან ერთად ჩემს მეთვრამეტე წელს, მაგრამ ბეთანის მშობლებმა ჩემი ოჯახი "ჰეიზელში" დაპატიჟა, ვახშამზე (მაგარია, არა?). ამიტომ, როგორც იქნა, ყველა ერთმანეთს გავიცნობთ. ბოდიში, სხვა დროს აუცილებლად გავერთობით. -ჩემო საყვარელო ალექს, ვაი, როგორ მიხარია შენი ამბავი. ჯანდაბამდე გზა ჰქონია ბეთანის. ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ მშობლებს. ჯანდაბამდე გზა ჰქონია "ჰეიზელს". და შენც ჯანდაბამდე გზა გქონია. გკოცნი, შენი საუკეთესო დაქალი. როზი. -ვისგან: როზი. ვის: ალექს. თემა: გილოცავ დაბადების დღეს! კაი, სასიამოვნო ვახშამს გისურვებ. გილოცავ! -ვისგან: როზი. ვის: ალექს. თემა: კატასტროფა! ვერ ვიჯერებ! ველაპარაკე დედაშენს, ვიფიქრე, დაველაპარაკები, მოვიკითხავ-მეთქი და ყველაფერი მომიყვა! ვერ ვიჯერებ, ეს საშინელებაა! დამირეკე, როგორც კი შეძლებ. შენი ბოსი მეუბნება, რომ გაგათავისუფლებს, თუკი კიდევ ერთხელ დავრეკავ და გიკითხავ სამუშაო დროს! მახსოვს, რომ ვიღაცა ადრე ყვიროდა: "არასდროს არ ვიმუშავებ ოფისში!" დამიკავშირდი, როგორც კი შეძლებ, რა ცუდია, ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ გონზე! *** ნაწილი IV -პატივცემულო მისტერ სტიუარტ! დიდი სიხარულით გატყობინებთ, რომ თქვენ მიღებული ხართ ვიცე-პრეზიდენტის ადგილას "ჩარლზ და ჩარლზ კოს" კომპანიაში. მოხარულები ვართ, ამიერიდან ჩვენი გუნდის წევრად რომ შეგვიძლია ჩაგთვალოთ და მოუთმენლად ველით თქვენს ჩამოსვლას ბოსტონში. ვიმედოვნებთ, რომ გაკმაყოფილებთ ჩვენ მიერ გამოგზავნილი გადამზიდი. თუ ჩვენს კომპანიას კიდევ შეუძლია თქვენთვის რაიმეს გაკეთება, შეგვატყობინეთ. მარია დაგიკავშირდებათ, რათა გაგაგებინოთ სამუსაოს დაწყების თარიღი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გუნდში! პატივისცემით, რობერტ ბრასკო, "ჩარლზ და ჩარლზ კოს" პრეზიდენტი. -ვისგან: ალექს. ვის: როზი. თემა Re: კატასტროფა. როცა სახლში მივალ, დაგირეკავ. კი, ეს სიმართლეა. მამას რაღაცა სამუშაო შესთავაზეს... ზუსტად ვერ გავიგე, რა სამუშაოა, არ ვუსმენდი, როცა ყვებოდა. არ ვიცი რად უნდა ბოსტონში გამგზავრება კიდევ ერთგვარი სამსახურის თაობაზე, თითქოს აქ არ იყოს ეგეთი სამუშაოები. მე, მაგალითად, დიდი სიამოვნებით დავუთმობდი ჩემს ადგილს. ტვინი მაქვს შეჭმული. არ მინდა არსად გამგზავრება. სკოლის ბოლო წელია, სულ არ არის გადასაბარგებლად შესაფერისი დრო. არ მინდა რაღაცა ამერიკულ იდიოტურ სკოლაში სწავლა. არ მინდა შენგან წასვლა. მოგვიანებით დაგირეკავ, ვილაპარაკოთ. უნდა მოვიფიქრო რაიმე, რათა შევძლო დარჩენა. -საქმე ცუდადაა. როზი. -ვისგან: როზი. ვის: ალექს. თემა: დარჩი ჩემთან! არ წახვიდე! დედამ და მამამ თქვეს, რომ ჩვენთან შეგიძლია იცხოვრო ეს წელი! დაამთავრებ სკოლას, შემდეგ კი ერთად გადავწყვეტთ რა ვქნათ! გთხოვ, დარჩი! წარმოგიდგენია, რა მაგარი იქნება ერთად თუ ვიცხოვრებთ! როგორც პატარაობაში, გახსოვს, მთელი ღამეები რაციით ვლაპარაკობდით. გახსოვს? ხმები თითქმის არასდროს არ ისმოდა ცუდი წვდომის გამო, მაგრამ მაინც ვთვლიდით, რომ ეს ყველაფერი მაგარი იყო! ის გახსოვს, წლების წინ, შობის დღეებში სანტა-კლაუსს რომ ვუთვალთვალებდით? როგორ ვგეგმავდით ამას რამდენიმე კვირა, ჩვენი სახლების გეგმებს ვხატავდით, რათა თითოეული კუთხე გვენახა, რომ არ გაგვპარვოდა. პოსტზე შვიდიდან ათ საათამდე იყავი, მე კი - ათიდან ღამის პირველამდე. თეორიულად, შემდეგ უნდა გაგღვიძებოდა და გამოგეკითხა ამბები, შენ კი ვეღარ გაიღვიძე... მთელი ღამე არ მეძინა, რაციაში გიყვიროდი, ვცილობდი გამეღვიძებინე! კარგი, შენთვისვე უარესი, რადგან მე ვნახე სანტა, შენ კი ვერა... თუკი დარჩები, ალექს, ყოველ ღამე შევძლებთ ლაპარაკს! ეს ისეთი სახალისო იქნება! ჩვენ ხომ ყოველთვის გვინდოდა ერთად ცხოვრება, როცა პატარები ვიყავით, ახლა კი გვაქვს ასეთი შანსი... დაელაპარაკე მშობლებს. დაარწმუნე. 18 წლის ხარ და უკვე გაქვს სრული უფლება აკეთო ის, რასაც თვლი საჭიროდ! -როზი! არ მინდოდა შენი გაღვიძება და დედაშენი დამპირდა, რომ გადმოგცემდა წერილს. მძულს დამშვიდობება, მაგრამ ეს დამშვიდობება არც იქნება, რადგან აუცილებლად ჩამოხვალ ჩემთან სტუმრად. დამპირდი. მშობლები ფილთან დარჩენის უფლებასაც კი არ მომცემდნენ, შენზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ვერ შევძელი მათი დარწმუნება. უნდათ, რომ თვალი მადევნონ, სანამ სკოლას არ დავამთავრებ. წავედი... მომენატრები. დაგირეკავ, როცა იქ ვიქნებით. გკოცნი, ალექსი. P.S. რამდენჯერ უნდა გითხრა, არ ჩამძინებია, რაციას ელემენტი დაუჯდა! (და მეც ვნახე სანტა, რომ იცოდე.) -ალექს! წარმატებებს გისურვებ, ძამიკო. ნუ იდარდებ, დარწმუნებული ვარ, იქ ყოფნა მოგეწონება. აი, მე ოცდარვა წლის ვარ, დაოჯახებული, ორი შვილით, მაგრამ მაინც მსურს თქვენთან ერთად გამგზავრება. ერთი სული მაქვს, როდის გესტუმრებით. ძალიან მომენატრებით. როზიზე არ იღელვო, ის ამისგან არ მოკვდება. მაგრამ თუკი ეს გაგახარებს, გეტყვი, რომ აუცილებლად ვიზრუნებ მასზე. მაინც უმცროსი დასავით მყავს. და ჰო, თუ სენდი ვერ ისწავლის თავისი შარდის ბუშტის კონტროლს, პირველივე რეისით თქვენთან გამოვუშვებ. ფილი (+ მარგარეტი) -ვისგან: როზი. ვის: სტეფანი. თემა: სასწრაფოდ მჭირდება დაიკოს რჩევა! სტეფ, ვერ ვიჯერებ, რომ წავიდა. ვერ ვიჯერებ, რომ შენც წახვედი. რატომ მიმატოვა ყველამ? რატომ ვერ "იპოვე შენი თავი" სადმე აქ, სახლთან ახლოს? რატომ მაინცდამაინც საფრანგეთი? იცი, ალექსი ორი კვირის წინ გაემგზავრა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მოკვდა... რატომ წაიჩხუბა თავის კახპა ბეთანისთან მაინცდამაინც წასვლის წინ! ბოლო დროს, ისევ მივეჩვიე, რომ ჩემთან იყო... ყველაფერი ისე იყო, როგოც ადრე, სტეფ, ყველაფერი მშვენივრად იყო. ყოველდღე ერთად ვიყავით, ისე ვმხიარულობდით! დასამშვიდობებლად ბრაიან-კომბაინმა წვეულება მოაწყო. ვფიქრობ, უბრალოდ საბაბს ეძებდა, რომ მის მშობლებს ნება დაერთოთ მისთვის. მას ხომ არასდროს არ უყვარდა ალექსი. და არა, აქ არაფერ შუაში არ არის ისტორია ჯეისონის თმაში გახვეულ პიცაზე... მოკლედ, წვეულება სახლში მოაწყო და ყველა თავის მეგობარს დაუძახა. წარმოგიდგენია, მე და ალექსი იქ არავის არ ვიცნობდით! უფრო სწორად, ვიცნობდით ორ ადამიანს, მაგრამ ვერცერთი ვერ ვიტანთ, ამიტომ გავიქეცით და ქალაქში გავედით. გახსოვს ბარი "ო'ბრაიენსი", სადაც შენს ოცდამეერთე დაბადების დღე აღვნიშნეთ? მანდ წავედით და ალექსს ბრწყინვალე იდეა მოუვიდა თავში, კართან დადგა და ვითომ დაცვა იყო. დიდხანს ვიდექით, ვაგდებდით ხალხს და მგონი, არცერთ ადამიანს არ მისცა შესვლის უფლება. შემდეგ მოგვბეზრდა, შევედით ბარში და ცარელა სივრცეში დავიწყეთ დალევა. მართალია, ყოველ ჭიქაზე სულ უფრო სენტიმენტალურები ვხდებოდით და ლამის არ ავტირდით, მისი გამგზავრების განხილვის დროს. ამას თუ არ ჩავთვლით, ღამემ მშვენივრად ჩაიარა. სულ იმას ვიხსენებ, როგორ შეგვეძლო ადრე ყოველი დღე ერთად გაგვეტარებინა. სკოლაში საშინლად მოწყენილი ვარ. სულ ცოტაც და მუხლებზე ხვეწნას დავიწყებ, მემეგობრეთ ვინმე-მეთქი. ცუდი სანახაობაა. და ყველას მიუფურთხებია. მთელი ეს წლები ვაიგნორებდი, ახლა მათი ჯერია. ვფიქრობ, ზოგს სიამოვნებს კიდეც ამის ყურება. მასწავლებლები კი გაოგნებულები არიან. წინაზე მისტერ სიმპსონმა გაკვეთილების შემდეგ მთხოვა დარჩენა და ჩემს ქება-დიდებას მოყვა, რა კარგად დაიწყე სწავლაო. რა სირცხვილია. ალექსი რომ აქ ყოფილიყო, გაიგებდა, რასაც ვაკეთებ სკოლაში. ჰო, რადგანაც მასწავლებლების მოსმენა დავიწყე, საქმე, მართლაც რომ, ცუდადაა. სიმართლე რომ გითხრა, მასწავლებლები ერთადერთნი არიან, ვინც მელაპარაკებიან. საწყენია. ყოველდღე ისეთი შეგრძნებით ვიღვიძებ, თითქოს რაღაცა მაკლია, რაღაცა ვერ მაქვს კარგად საქმე... ვწვალობ, ვიხსენებ და უცბად მახსენდება. ჩემი საუკეთესო მეგობარი წავიდა. ჩემი ერთადერთი მეგობარი. სისულელე იყო, მხოლოდ ერთ ადამიანზე ვყოფილიყავი დამოკიდებული. ახლა ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ განეწყო. ბოდიში, რომ ვწუწუნებ, ალბათ, შენი პრობლემებიც გყოფნის. მომიყევი, როგორ ხარ? ვერ ვიჯერებ, რომ მანდ ცხოვრობ, შენ ხომ ყოველთვის გძულდა ფრანგულის გაკვეთილები. მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე თვით, არა? ხომ დაბრუნდები? მამა ვერა და ვერ წყნარდება, კოლეჯიდან რომ გამოხვედი. მე კი ეგრეც ვერ მივხვდი, რა საჭიროა სადმე გამგზავრება საკუთარი თავის საპოვნელად, როცა საკმარისია სარკეში ჩაიხედო... რა რესტორანში მუშაობ? მოასწარი თეფშების გატეხვა? დიდ ხანს აპირებ მანდ მუშაობას? სიმპათიური ბიჭები არიან? უნდა იყვნენ, ფრანგები ხომ სიმპათიურები არიან. თუ რამდენიმე ზედმეტი ბიჭი იქნება, გამოუშვი. გკოცნი, როზი. P.S. მამა კითხულობს, თუ გყოფნის ფული და კიდევ რამდენი ხანი აპირებ საკუთარი თავის ძიებას? დედა კითხულობს, კარგად თუ ჭამ. პატარა კევილი (ის უკვე ისეთი დიდია, ვერ დაიჯერებ!) გთხოვს, რაღაცა ვიდეო-თამაში გაუგზავნო. არ ვიცი რაზე ამბობს, ამიტომ ყურადღებას ნუ მიაქცევ. -ვისგან: სტეფანი. ვის: როზი. თემა Re: სასწრაფოდ მჭირდება დაიკოს რჩევა! გამარჯობა, დაიკო! ალექსზე ნუ დარდობ. ვიფიქრე ამაზე და დავასკვენი, რომ ეს კარგიც არის, ბოლო წელი აქ რომ არ იქნება: ნაკლები შანსია სკოლიდან გაგაგდონ. დაფიქრდი, როგორ იამაყებენ შენით მშობლები (გადაეცი, რომ გროშის გარეშე ვარ, ვკვდები შიმშილით და ვცდილობ საკუთარი თავი პარიზის ინტერნეტ კაფეში ვპოვო). მესმის, რასაც გრძნობ. აქ მეც მარტო ვარ. მაგრამ დაუკვირდი, ზუსტად ერთ წელიწადში სკოლას დაამთავრებ, ალექსი კი შესაძლებელია ირლანდიაში დაბრუნდეს. ან შენ ჩააბარებ ბოსტონის რომელიმე კოლეჯში! რაიმე მიზანი დაისახე. ვიცი, რომ ვერ იტან, ამას როცა გეუბნებიან, მაგრამ ეს მართალია. რაც ახლა გეჩვენება ტრაგედიად, რამდენიმე წელიწადში არც კი გაგახსენდება. ჯერ მხოლოდ 17 წლის ხარ. შენ და ალექსს წინ მთელი ცხოვრება გაქვთ. თუ ერთად ყოფნა გიწერიათ, აუცილებლად გამონახავთ საშუალებას. ყოფილები, როგორც სულელი ბეთანი, ძალიან მარტივად ავიწყდებათ. სამუდამო მეგობრები კი სამუდამოდ რჩებიან. თავს გაუფრთხილდი. დედას და მამას დიდი მოკითხვა გადაეცი, უთხარი, რომ ჯერ კიდევ საკუთარ თავს ვეძებ, მაგრამ სამაგიეროდ სხვა უკვე ვიპოვე. მაღალი და შავგვრემანი ლამაზმანი... *** ბაია* - მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახია, რომელსაც ფუნჯა ფესვები და მორიგეობით განლაგებული თათისებრ დაყოფილი ფოთლები აქვს. ხუთწვერიანი. გვირგვინის ფურცელი ყვითელია, იშვიათად თეთრი; თითოეული ფურცლის ძირში სანექტრეებია. ვოკი** - ტაფა. აზიური, კერძოდ, ჩინური წარმოშობის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.